Showing posts with label = პროზა =. Show all posts
Showing posts with label = პროზა =. Show all posts

Sunday, June 26, 2011

ბექა ქურხული - აჭარელი


მეოცე საუკუნის ოციან წლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, ხევსურები და ფშაველები არღუნის ხეობაში იყვნენ გადასულები მითხოველებთან შესარიგებლად.

ლაპარაკის დროს, ჯარეგის თემში, სოფელ ჭანეთის ზემოთ მინდორზე, ერთ მითხოველს თავისის შინშის-ბიძაშვილის ნაქონი, ნაქისტარი კარაბინი დაუნახავს სულხანაურთ გიგიას ხელში. ის მითხოველი ხევსურების ხელით იყო მოკლული. ქისტს უცვნია თავისი მკვდარი ბიძაშვილის ნაქონი კარაბინი.Dდა გაგიჟებულა.

ამტყდარა სროლა, ნაგანების ბაგა-ბუგი და ხანჯლის ტრიალი, ისე რომ ჩვენს მხარეს ოთხმოცამდე კაცი დასისხლულა, იქითაც დაღვრილა სისხლი. ქისტები ბევრნი იყვნენ. მთელი თემი იყო შეყრილი, თან თავის მიწაზე და ალბათ, ბოლო კაცამდე ამოწყვეტდნენ ჩვენებს, ქისტის მოლა რომ არ გადაჰფარებოდათ.

მაღალ, წითელ ინით წვერშეღებილ, ნაზამთრალი მგელივით გამხდარ და ავ ბებერს მუჭით მიწა მოუხვეტავს, მაღლა აუყრია და უყვირია - ”აი ამ მიწის ცოდვა ეზიდნოს, ვინც კიდევ სისხლი დაღვაროსო”.

გაჩერებულან.

ძალიან ცოდვიანი მიწაა ჩვენში.


წინუბნიდან წამოსულმა ალაუდინას კამეჩებმა ხალაწანს ქვემოთ გამოიარეს, ალაზანი გამოცურეს და დუისისკენ წამოვიდნენ.

პანკისის მთებიდან და ბაწარას ხევიდან წამოსულ ნიავს ალაზნის რბილი სიო მოსდევდა. აქ სუსხიანი სიცივე არ იცის. ჩაკეტილი, მთებით შემოზღუდული ხეობაა.

მზე ნელ-ნელა მიიწევდა დასავლეთისაკენ, აწითლებდა ჩეჩნეთისაკენ გადასასვლელ მთებს და ამ მთებზე მიკიდებულ ღრუბლებს. უცნაურად, ალისფრად ანათებდა ალაზნისპირას მიყოლებულ სოფელს.

ორღობეში ქისტის კერკეტა ბავშვები თამაშობდნენ. ორად იყვნენ გაყოფილები და ერთმანეთს ქვებს ესროდნენ. უფროსები, ცოტა მოშორებით, ჭიშკართან ვიყავით ჩამსხდრები და ვლაპარაკობდით.

წითური მუსა 1994 წლის დეკემბრის ბოლოს გროზნოს ცენტრში რუსული ტანკების ჩაწვის ამბავს ჰყვებოდა. რუსები მაშინ დაზვერვის გარეშე შეგრიხინდნენ ტანკებით ქალაქში, სადაც გემრიელად მოწყობილი ხაფანგი დაახვედრეს და მაგარი დროებაც გაატარებინეს.

მუსა დუისის მტვრიან ორღობეში ჯოხით ხაზავდა გროზნოს ცენტრს და ქართულად, დაწვრილებით ჰყვებოდა, როგორ დასცხეს მოულოდნელად მთავარ მოედანზე შეგროვილ, ერთად თავმოყრილ რუსულ ტანკებს, “ერ პე გე”-ს სისტემის “ყუმბარმტყორცნები”, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით და ბენზინით სავსე ბოთლებით. რომელი შენობის სარდაფებიდან და სახურავებიდან დაუშინეს ერთდროულად და რა მაგრად დააფათახეს რუსები. M მაგ საქმის შემდეგ შვიდი წელი იყო გასული, მაგრამ ქისტები ახლაც ისეთი ყურადღებითა და გაფაციცებით ადევნებდნენ ჯოხს თვალს, თითქოს, დღეს გეგმავდნენ ამ ოპერაციას.Uუცებ ერთმა მუსას მუხლზე ხელი გაჰკრა და მიახედა: მუსას ბავშვებში მოთამაშე, მამასავით წითური შვილისათვის თავი გაეტეხათ. ბიჭს თავზე ხელი წაევლო და თითებიდან სისხლი მოჟონავდა. ბიჭი თამაშიდან გამოვიდა და გასისხლიანებულ ხელის გულზე დაიხედა, ისევ გატეხილ ადგილზე დაიდო, რომ სისხლი ცოტათი მაინც შეეჩერებინა და სახლისაკენ წავიდა. თავზე შემოდებული ხელიდან სისხლი მაჯაში ჩასდიოდა და ჭრელ, ფშაურ ყაიდაზე მოქსოვილ ჯემპრის სახელოში ქრებოდა.

- აი, მარჯაიოთ, აი ბიორძ, აი ჯიგით,- დაცინვით გასძახა მუსამ თავის ბიჭს. ბიჭმა წყლისფერი ღია ცივი თვალებით გაავებულმა გამოჰხედა მამამისს, კბილებში ცუდად გამოსცრა რაღაცა და ფეხაუჩქარებლად გააგრძელა გზა. მუსას გვერდით მჯდომმა ცალთვალა ვისარგიმ რაღაც უთხრა და კბილები ააკრიალა.Yყველას გაეცინა.Mმუსა მტვრიანი ჯოხით დაემუქრა სახლისკენ მიმავალი შვილის ზურგს.

- რაც იმ დღეს ცენტრში ტანკები გადარჩნენ, ისე გაიქცნენ, რომ ჩვენები ჟიგულებით გამოეკდინენ, “ძევიატკებით” და “შესტებით” მისდევდნენ და ვეღარ ეწეოდნენ. ინშალაჰ, წინა პარპრიზები ჩაამტვრიეს და ისე ესროდნენ...

ვუსმენდი და ჩემთვის ჩუმად ვიბოღმებოდი. Mმაგრად ვღიზიანდებოდი. ხმას არ ვიღებდი. მშურდა, ამათ უფრო მაგრად რომ ჩაჩეხეს რუსები ვიდრე ჩვენ და მათი ვაინახური გმირობებისა და გამარჯვების ამბის მოსმენისას უჟმურივით ვდუმდი.

მზე ჩადიოდა. უკვე კარგად იყო შემგლისფერებული. ბავშვები ისევ ქვებს ესროდნენ ერთმანეთს.Uუცებ, ქართული გინება გაისმა. რომელიღაცას ნერვებმა უმტყუნა და გინება წამოსცდა. ჩეჩნებს, ჩვენი სვანებისა არ იყოს, გინება არა აქვთ და როცა ძალიან გაუჭირდებათ, ქისტები ქართული გინებით გადიან იოლას, ჩეჩნები რუსულით,Mმაგრამ საერთოდ ვერ ეწყობიან და ერიდებიან მაგ საქმეს.

გინება განმეორდა. ისევ ქართულად. ეტყობა, ვისაც შეაგინეს, იმან უპასუხა.

- ეე ჰაიეეთ! - ერთი დაბალი ქისტი ფეხზე წამოხტა და ბავშვებს უყვირა. დანარჩენებმაც ბავშვებისაკენ გაიხედეს. უხმოდ, მაგრამ, ძალიან მკაცრად შეხედეს აჩოჩქოლებულ ბიჭებს. - ჰაიეთ დაღუეელ, დავაქხ აიეთ!... - იყვირა ისევ იმან, ვინც პირველი წამოხტა და ალაზნისკენ აუქნიათ ხელი.

ბავშვები სიტყვისუთქმელად მიბრუნდნენ და მდინარის ნაპირისაკენ წავიდნენ საჩხუბრად.

ალაუდინას უფროსი ძმა ეელა კატანკა მავთულსა გრეხდა-საჩხრეკს აკეთებდა ღუმელისთვის.

“...პირველი ომი რომ დაიწყო, ჯოჰარასთან ხალხი მივიდა - ეხლა რაღა ვქნათ ჯოჰარ როგორ მოვიქცეთო. - არ იცით როგორც უნდა მოიქცეთ?Uუნდა იომოთო! - უთხრა ჯოჰარამ - იარაღი მაინც მოგვეცი, რო ვიომოთ, იარაღი დაგვირიგეთ და ვიომებთო - ხალხმა; აბა ბევრი ხალხი მივიდა მთავრობის სასახლესთან, მთელი მიტინგი, ხო უნდა იკითხონ ამბავი რო რა ქნან, უთხრან ჯოჰარას: -- ჯოჰარ, იარაღი მოგვეცი, იარაღი თუ არ გვექნება, რითი ვიომებთ, აბა როგორ ვიომოთო?! - რითიც გინდათ იმით იომეთო - ჯოჰარა ეჩხუბა ხალხს, გაბრაზდა - მე რა იარაღი უნდა მოგცეთო, რატომ თქვენ თითონ არა გაქვთ იარაღი, რატომ თვითონ არ იშოვეთ, მე რას შემომყურებთ, მე რა ვიცი თქვენ რითი უნდა იომოთ, გინდა თოფით იომეთ, გინდა ხანჯლით, ფიწლით, ცელით, კეტით, ეგ ჩემი საქმე არ არის, თუ არა და იშოვეთ, ვერ იშოვით და ცარიელი ხელით იომეთო. ერთი ახალგაზრდა ბიჭი მდგარა იქა ხალხში, მიტინგში წინა მდგარა, ჯოჰარასთან ახლოს და ახლა ის გაბრაზებულა ძალიან მაგრად: - ჰეე, ჯოჰარ, აბა რეებსა ლაპარაკობ, რა სიტყვაა ეგა, ხელით იომეთო, შენ აგე ოციათასიანი დუბლიონკა გაცვია და მე ცარიელი ხელით ვეომო რუსულ ტანკებსო?... გაიხადა მაშინ ჯოჰარამ თავისი დუბლიონკა იმ ბიჭს გადაუგდო და უთხრა: - აჰა, ჩაიცვი შენი იყოს და ნაგანი კიდევ ჯიბეში დევს, აბა შენ თუ მეომარი ხარო. იმ ბიჭმა ნაგანი იქვე მიტინგზე, ხალხში დაცალა, ჰაერში გაისროლა და ომში წავიდა იარაღის საშოვნელად. ხალხიც თან გაჰყვა”...

- ეე, გადაგვაგდო შენმა ემირმა, მოგვატყუა, არ არის ეგ მომსვლელი. - ეელა ეშმაკურად ირიმებოდა, ფაფახიან თავს გაურკვევლად მიქნევდა და ისევ კატანკა მავთულს ეწვალებოდა საჩხრეკისთვის.

პანკისის ხეობის ვაჰაბიტების ემირი დილით იყო ჩამოსული, თავის ვაჰაბიტებთან ერთად. თეთრი ნივით. სამი კაცი ახლდა. გრძელი ქერა თმა მხრებზე სცემდათ, წითური წვერი, ოქროს კბილები და უცნაურად თვინიერი სახეები ჰქონდათ. ხელში ახალთახალი “ა კა ეს უ”-ები ეჭირათ, ორმოცდახუთიანი მჭიდით. სამი უკან იჯდა და არც ერთი ხმას არ იღებდა. გადაღმელი ჩეჩნები ჩანდნენ, ოცი-ოცდაორი წლის ბიჭები. პანკისელ ემირს გვერდით თავისი ოთხი წლის თავგადახოტრილი ბიჭი მოესვა. ილაპარაკეს. საღამოს ჩამოვალ და აჭარელსაც ჩამოგიყვან, ან შენ აგიყვან, ზემოთ სახლი აქვს დაქირავებულიო.

დამშვიდობებისას ემირმა მანქანა დაქოქა და თავის პატარა ბიჭს რაღაცა უთხრა ქისტურად. ბიჭმა ხოტორა თავი გამოყო მანქანის ფანჯრიდან და სრულიად მოულოდნელად დასცხო”

“მე პატარა ქართველი ვარ

კავკასიის მთების შვილი,

და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი..."

მერე სასწრაფოდ უკან შერგო თავიდა და ფანჯარას აუწია. ემირმა მანქანა დაძრა, წავიდა და დაიკარგა. აღარ გამოჩენილა. მზე ჩადიოდა.

ეელა კატანკა მავთულსა გრეხდა და ეშმაკურად იღიმებოდა. აქ, ყველა ეშმაკურად იღიმება, თან სულ დადარაჯებულები გიყურებენ. გიღიმის, აკრიალებს წითური წვერიდან კბილებს და დაძაბული გათვალიერებს, ჭროღა მგელივით მოყვითალო, მოჭუტული გამუდმებული საფრთხის მოლოდინით გადაღლილი, გადათიშული თვალებით. თუ რამეა, ისე მოგკლავს, როგორც დაგიბარებია, თან სანამ სული ამოგივა მანამდე დაავიწყდები და აღარც გაახსენდები. თუ მოგკლა. თუ ვერა და იქით დაასწარი, არც თავის ამომავალ სულს არ გააყოლებს უფრო დიდხანს თვალს. კავკასია იმთავიდან ეგეთი ხიფათიანი ადგილია. ომი და ომი.

აქ ნებისმიერი ლაპარაკი ომით იწყება და ომით მთავრდება. ოდინდელი, უკვე ანდრეზებად ქცეული შეტაკებები ქისტებსა და ჩვენს ქართველ მთიელებს შორის, რომლებსაც ჩეჩნები დღემდე “ფხიას”, “ფხიეს”-ფხოველს ეძახიან. მე-19 საუკუნის რუსეთი, კავკასიის ომები, იმამ შამილი, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, საქართველოს სამოქალაქო ომები, ცხინვალი, აფხაზეთი... აფხაზეთის ხსენებაზე უხერხულად გრძნობენ თავს. - ძალიან ცუდი საქმე მოგვივიდაო. - ამბობენ. ზოგი ფულს აბრალებს, ზოგი რუსეთის უშიშროებას. - ტყუილა ჩაიხოცნენ ჩვენი ბიჭები, ჯერ ქართველები გადაგვკიდეს მტრად და მერე ჩვენც მოგვდგნენო. ჰყვებიან შატოიში ერთმა მოხუცმა ჩეჩენმა როგორ არ დამარხა აფხაზეთში მოკლული საკუთარი შვილი: - “არ წახვიდე ქართველებთან საომრად, თორემ, იცოდე, მოგკლავენ და არც დაგმარხავო”. მართლა მოკლეს ქართველებმა. რომ ჩამოსვენეს, მამამისი სახლიდან წავიდა, “მე მაგას ვუთხარი და ჩემი სიტყვა არ გაიგონა. ახლა ვინც გინდათ, იმან აუგეთ წესი. მე არც დავიტირებ, არც დავმარხავო”. - უფრო თავს იმართლებენ, “- შამილი ქართველმა ორბელიანმა დაიჭირა, სტალინმა ოცდაოთხ საათში საქონლის ვაგონებში შეგვრეკა და შუა აზიაში გადაგვასახლა, აგე ახლაც თქვენი ვაზიანიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავები ჩვენს სახლ-კარს აფეთქებენ, მაგრამ თქვენ ხომ არ გედავებითო...". თუმცა, ეგ მაინც თავის მართლება იყო. აფხაზეთის ომში ჩეჩნების ჩვენს წინააღდეგ გამოსვლამ დიდი ხნით ჩამოაგდო უნდობლობა და მტრობა. კავკასიაში სისხლს არ ივიწყებენ და არც პატიობენ. წელიწადნახევრით ადრე, 1999 წლის ბოლოს ქართველი პარტიზანების მეთაური რუხის ხიდთან ამბობდა “- მაგ ოხერ ჩეჩნებს ქართველების სისხლში რომ არ გაესვარათ ხელი, მივეშველებოდი მაგათ. აღარ გაიძლება ამათ ხელში. წავიდოდი, რუსების ჯავრს მაინც ამოვიყრიდი ბოლომდე, ტრაკიანი ხალხია მაგ გოთვერნები, ღირს მაგათთან ერთად ომიო..." შევარდნაძეზე და მის პოლიციაზე იყო გამწარებული, არც გვეხმარებიან და ხელსაც აქეთ გვიშლიან, 1998 წლის მაისის ამბებზე, გალის ბრძოლების მერე, იმ სროლაში და ცეცხლით წვაში, მთელი ღამე ზურგით ვზიდეთ ტყვია-წამალი მტერს რომ არ დარჩენოდა, დილით კი მოგვადგნენ და დაგვიჭირეს, იარაღი რატომ გადმოიტანეთ, აქ რა დესტაბილიზაციის კერას ქმნითო. იდგა ახლა რუხის ხიდთან ედიკასა და რუსების გინებით დაღლილი და დაბოღმილი გაჰყურებდა ენგურს იქით აფხაზეთს. თვენახევარში, 25 იანვარს, მაინც მიაცხრილა ზედ მაგ რუხის ხიდის ქვეშ გენადა აშხაცავა, ვანაჩა, მალიშა, ეს მალიშა დვაჟდი გეროი აფხაზიი იყო ქართველების ხოცვაში, და კიდევ ვიღაც მეოთხე, სახელი აღარ მახსოვს. ხიდის ქვეშ შეხვდნენ სალაპარაკოდ, ამან უცებ თავისი შავი “გრანდ ჩეროკის” უკანა კარი გამოაღო, კალაშნიკოვი გადმოიღო და “აი ეხლა დაითვალე შენგან დახოცილი ქართველები, შენი ბოზი დედაო..." მალიშას და მიუშვა ჯერი. მერე ოთხივე გადმოღმა გადმოიტანა, გამოასწრო. ქართველი პარტიზანები ქარდავა, ლაშხია და ანთია ტყვედ ჰყავდათ, დრანდის ციხეში ისხდნენ და მათ გამოსახსნელად სჭირდებოდა.Gგენადი აშხაცავა სასწაულად გადარჩა, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს, მოუარეს - ახლაც მახსოვს მის საწოლზე წარწერა, ცალკე ოთახში ჰყავთ რეანიმაციაში - ”გენადი აშხაცავა ბაგრატის ძე, დაბადებული 1973 წელს, მცხოვრები გაგრაში, აკაკი წერეთლის 11...”.

მაინც არაფერი გამოვიდა, მარტო ქარდავაში და ლაშხიაში გადააცვლევინეს. ანთია მერეო. არ გამოვა მასე, ყველა ყველაზე უნდა გაიცვალოს, დაიტოვეთ აშხაცავა, ახლა მაგათი ნდობა არ შეიძლებაო. არა, “კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ”, “ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობასო” და დაღუპულთა ცხედრებთან ერთად ახლად გამოჯანმრთელებული აშხაცავაც გაუშვეს. აშხაცავამ აფხაზეთში გადასვლისთანავე პირველი რაც გააკეთა, დრანდის ციხეში მივიდა და ანთია მოკლა. თვითონ ის პარტიზანების მეთაური ახლა ციხეში ზის თბილისში.

იმავე წლის აგვისტოში ძველი მტრები ჰამზათ გილაევი და ემზარ კვიციანიც დაეშვნენ კოდორის ხეობიდან და წებელდელ სომხებს მისცეს ცეცხლი. მაგრამ მეტი ვერ მოასწრეს, შევარდნაძემ ისევ თავისი განთქმული ყოვნი გააკეთა და უკან მობრუნებამ მოუწიათ. სვანებთან ერთად მაგ რეიდის მონაწილე ქისტი ბიჭები მერე ხუმრობით ჰყვებოდნენ : “ისეთი მშივრები ვიყავით ხის ფოთლებს ვჭამდით, სულ ზეპირად ვისწავლეთ, რომელ ფოთოლს როგორი გემო აქვსო”. ამ ემირის ძმაც მაგ რეიდის დროს მოკლეს. არც მაგ საქმიდან გამოვიდა არაფერი. ჰაზმათ გილაევმა საქართველო-დაღესტნის საზღვარზე სიმურის ხეობის სათავეში თოვლის ზვავებში დაასრულა სიცოცხლე თავის რაზმის ნარჩენებთან ერთად, მეგზურმა ლეკმა გაყიდა. ემზარ კვიციანი, სამშობლოს მოღალატედ არის გამოცხადებული და გაქცეულია.

- გადაგვაგდო ემირმა. - გავიმეორე ისევ და სიგარეტს მოვუკიდე. - არა ჩანს ეგ აქ ჩამომსვლელი.

ორღობეში საქონელი გამოჩნდა. ძროხები თავ-თავის ეზოებისკენ უხვევდნენ და თავაღერილები შეზმუოდნენ ჭიშკარს. ქისტები ნელ-ნელა წამოიშალნენ და სახლებისაკენ დაიძრნენ. მხოლოდ ეელას ორი ბიძაშვილი და წითური მუსა დარჩა.

ეელა ადგა. ჭიშკრის კარი ჭრიალით შეაღო და - “ეი!” ცოლს დაუძახა. ეელას ცოლი ესმა სახლიდან გამოვიდა, ეელამ ღუმელის საჩხრეკი მიაწოდა და გამობრუნდა.

- წავიდეთ.

- სად?

- აჭარელთან. რაკი თვითონ არ ჩამოვიდა, ჩვენ ავიდეთ და ვნახოთ.

- იცი სად ცხოვრობს?

- როგორ არ ვიცი - თქვა ეელამ და თავის ორ ბიძაშვილს რაღაცა გადაულაპარაკა ჩეჩნურად. ის ორნი წინ წავიდნენ.

პანკისის ხეობაში დენთის სუნი ტრიალებდა. ამ ორი წლის განმავლობაში უკვე მეხუთედ შემოვედი ხეობაში. პანკისი ყოველთვის პანკისი იყო, მით უფრო ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, რაც ომები და არეულობა დაიწყო. მაგრამ, ასეთ ნაღმზე აქაურობა ჯერ არ ყოფილა. ჰამზათ გილაევი ახალი გადმოსული იყო საქართველოში და ახლა თავისი ცეცხლსა და წვაში გამოვლილი ათასხუთას კაციანი რაზმით პანკისში იყო დაბანაკებული. ხეობა მაგრად დაიძაბა. ქისტური სოფლები უცებ გადაიძეძგა შეიარაღებული ხალხით. ჩეჩნების გარდა არაბები, თურქები, ზანგები, ერთი იაპონელიცა ჰყავდათ და ერთი ქართველი. აჭარელი. სწორედ მაგ აჭარელის ნახვა მინდოდა. პანკისის ვაჰაბიტების ემირი შემპირდა, იმ დილას, შეგახვედრებო, მაგრამ ლექსი მითხრეს, წავიდნენ და გაქრნენ. არც გაემტყუნებოდათ. არ იმჩნევდნენ, მაგრამ ადგილობრივებიც მაგარ წკიპზე იყვნენ. ამდენი შეიარაღებული სტუმარი, ადგილობრივი კლანები-თაიპები, აუარებელი შემოყრილი ნარკოტიკი, ზედ თავისი პოლიციითა და უშიშროებით. მაგარი ორომტრიალი იდგა. ძალიან უცებ და ადვილად შეიძლებოდა თავი წაგეგო და თან ისე, რომ ვერასოდეს გაიგებდი საიდან, ვისგან, როდის და რატომ. შეიძლებოდა სულ შემთხვევითაც, როგორც სენტ ეგზიუპერის ხვრეტდნენ ბარსელონელი ანარქისტები, რკინიგზის ვაგზალზე. აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ომების მერე კიდევ უფრო იმატა არეულობამ და დაპირისპირებამ. თვითონ ჩეჩნეთშიც მაგრად აირია ყველაფერი, განსაკუთრებით ჯოჰარ დუდაევის სიკვდილის შემდეგ. ხო მოიგეს პირველი ომი, მაგრამ ეს გამარჯვება ძალიან ძვირი დაუჯდათ.Gგენერალ ტროშევის ინფორმაციით, რომელიც ომის შემდეგ რუსეთში, ვერტმფრენის ავიაკატასტროფის დროს ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მარტო 1994 წლის ბოლოდან, 1995 წლის აპრილის დასაწყისამდე, ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის რაზმებმა თორმეტი ათასი მებრძოლი დაკარგეს. ამას გარდა, ჯოჰარ დუდაევიც მოკლეს. ჩეჩნებისთვის, რომლებიც ძალიან ძნელად, ან უფრო სწორად, საერთოდ ვერ ეგუებიან ლიდერებს, დუდაევი უდავო ავტორიტეტი იყო, რომელიც მტკიცე ხელით მართავდა ქვეყანას და ადვილად ახერხებდა წესრიგის შენარჩუნებას, როგორც საველე მეთაურებს, ისე სხვადასხვა თაიპებს, გვარებს და უბრალოდ, მშვიდობიან მოსახლეობას შორის.Dდუდაევს ეგრე ადვილად, როგორც მოგვიანებით ზელიმხან იანდრბიევსა და ასლან მასხადოვს ვერ აუხტებოდი, განზე ვერ გაიწევდი და შენს ნებაზე ვერ გაუტევდი. შორს ვერ წახვიდოდი. მასზე დღემდე უამრავ ლეგენდას ჰყვებიან. კავკასიაში, როგორც ჩვენსკენ, ისე ჩრდილოეთში ძალიან უყვართ მახვილგონივრული, ჰეროიკული და გამორჩეული ამბები და ლეგენდები. მაგრამ დუდაევი თვითონაც უწყობდა ხელს ასეთი ლეგენდების წარმოშობას. 1994 წლის დეკემბერში, ომის პირველივე დღეს, როდესაც რუსულმა ავიაციამ გროზნო მიწასთან გაასწორა, რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს ტელეგრამა მისწერა: “ვულოცავ რუსულ ავიაციას კიდევ ერთ დიდ წარმატებას და გამარჯვებას გროზნოს ცაში. რუსეთის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორი ჯოჰარ დუდაევი”.Dდა იქვე “უახლოეს შეხვედრამდე ჩეჩნეთის მიწაზე. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი”.

მისი სიკვდილის მერე და მით უმეტეს პირველ ომში გამრჯვების შემდეგ, საველე მეთაურები ეგრევე ერთმანეთს დაერივნენ. ბასაევი და სალმან რადუევი, გილაევი და არბი ბარაევი, ცალკე კადიროვები, სამკვდროდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. გუდერმესში თითქმის ერთკვირიანი გახურებული ომი იყო ცალკე რადუევსა და ცალკე იამადაევებსა და კადიროვებს შორის. უამრავი ხალხი დაიხოცა, სისხლი ჩამოვარდა. ძალიან ჩვენებური და კავკასიური ამბავია ეგა. ჩვენთანაც ეგრე იყო... ამასობაში ვაჰაბიტური მოძრაობაც დაიწყო, რომელთაც პირველად დაღესტანში საზღვრისპირა რაიონებში ბოთლიხსა და ანწუხში მოიკიდეს ფეხი. მათ მოძლიერებაში აქტიურად მონაწიეობდა, როგორც რუსული “გრუ”, ისე ბრიტანული, არაბული, თურქული უშიშროება, ბერეზოვსკი, ფული და ნავთობი. ახლომახლო ქვეყნების ყველა სპეცსამსახურს თავისი საქმე და ამოცანა ჰქონდა ჩრდილო კავკასიაში, საქართველოს უშიშროების გარდა.

დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოში, არხოტის, ასას ხეობის გავლით, პანკისში გილაევის რაზმის გადმოსვლის შემდეგ. შეფარული, შეუმჩნეველი დაპირისპირება შეიმჩნეოდა ქისტებსა და ჩეჩნებს შორისაც. ჩეჩნები ქისტებს გაქართველებულად მიიჩნევდნენ და “გურჯიიე”-ქართველებს ეძახდნენ. მართლაც, პანკისელი ქისტები, იგივე ჩეჩნები ასორმოცდაათი წლის განმავლობაში ქართულ სკოლებში სწავლობდნენ, ქართულ გვარებს ატარებდნენ, ქართულად ლაპარაკობდნენ, ქართულ გარემოში იზრდებოდნენ. რამდენიმე ჯოყოლოელი ბიჭი აფხაზეთშიც იბრძოდა.Aახლა კიAარაბ და თურქ ემისრების გამოჩენასთან ერთად ახალგაზრდობა მკვეთრად შემობრუნდა შარიათისკენ. ვაჰაბიზმსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, რასაც კავკასიურ ადათებზე გაზრდილი უფროსი თაობა მაინცადამაინც ვერ ეგუებოდა და არც საკუთარ სოფელში გამოჩენილი არაბები და თურქები მოსდიოდათ თვალში. თავის მხრივ გილაევი ჩეჩნეთის წინააღმდეგობის, თითქმის, ყველა ლიდერს დაუპირისპირდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ბამუტსა და კომსომოლსკოეში ალყაშემორტყმული თვეზე მეტ ხანს იგერიებდა რუსების შემოტევას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამაოდ სთხოვდა დახმარებას სხვა საველე მეთაურებს. არ მიეშველნენ, რატომ, არ ვიცი.Dდახმარების იმედი რომ გადაეწურა, ერთ მშვენიერ და ბნელ ღამეს, ბრძოლით გამოარღვია ალყა, რომლის დროსაც უამრავი ხალხი ჩაეხოცა და ჯარიახის ხეობით მდინარე ასას გამოჰყვა და საქართველოში გადმოაღწია. ამბობენ, რომ რუსებმა სპეციალურად გამოატარესო. არც ეგ ვიცი. ერთი ნაღდია, რომ ამის შემდეგ, თითქმის წელიწადნახევარი, საქართველოში იყო. აფხაზეთის ცნობილ რეიდშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჩეჩნეთში აღარ ბრუნდებოდა საბრძოლველად. მისი ათასხუთას კაციანი რაზმის უმოქმედობა ჩეჩნეთის პარტიზანულ ომში დიდი დანაკლისი იყო, რასაც ასლან მასხადოვთან დაპირისპირება მოჰყვა. მასხადოვმა მას ემირისა და ბრიგადის გენერლის წოდებაც ჩამოართვა. ბოლოს, როცა დაბრუნდა და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ინგუშეთში, სოფელ გალაშკთან დააყარა რუსებს, წოდება უკან დაუბრუნა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. საველე მეთაურები საბოლოოდ გადაემტერნენ ერთმანეთს. გილაევსა და არბი ბარაევს ერთმანეთის სისხლი მართებდათ. უკვე ნათლად ჩანდა, რომ ჩეჩნები მეორე ომს ვეღარ მოიგებდნენ. შეუძლებლის გაკეთება მხოლოდ ერთხელ შეიძლება, ორჯერ არა. ორჯერ ვეღარ გაუძლებ, ფიზიკურად ვერ გადარჩები.

სწორედ ჰამზათ გილაევის რაზმში იყო ქართველი, რომლესაც აჭარელს ეძახდნენ და ვის სანახავადაც მივდიოდით. ეელას წინ წასულ ორ ბიძაშვილს კიდევ რამდენიმე კაცი შეუერთდა. ჯვარედინაზე გველოდნენ. მარტის დასაწყისი იყო, კურტკების ქვეშ იარაღი უჩანდათ.Eეელა, როგორც უფროსი, წინ მიგვიძღვოდა კოჭლობით, ჩვენ უკან და გვერდით მოვყვებოდით. ყოველ ათ-ოც მეტრში თხუთმეტკაციანი შეიარაღებული ჯგუფები იდგა. მაღალ, გამხდარ, ფესკიან და უნდოდ მოჭუტულთვალებიან ჩეჩნებს შორის მკვეთრად გამოირჩეოდნენ დაბალი, ჩასუქებული, შოკოლადისფერი და მრგვალშავთვალებიანი არაბები. სხვა რამითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან - რამდენადაც ჩეჩნებს დაძაბული, გაფაციცებული იერი და გამოხედვა ჰქონდათ, იმდენად მშვიდი და, ლამის, ნეტარი სახეები ჰქონდთ არაბებს. მაგაზე ამბობდა ჰატაბი: “- არაბებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ბრძოლა, როცა მათ “იმან”-რწმენა აქვთ. ჩეჩნებს კი საომრად “იმან”-რწმენა არ სჭირდებათო”. დაძაბულობა ეელასაც ემჩნეოდა და ეელას ხალხსაც, მაგრამ არ იმჩნევდნენ. ყველა ჯგუფთან ვჩერდებოდით, სათითაოდ ვართმევდით ერთმანეთს ხელს. ახლობლები და ნათესავ-მეგობრები მხრით ეხებოდნენ ერთმანეთს, ჩვენი გადაკოცნის პონტში. არაბები გაკვირვებით და ალმაცერად აჰყურებდნენ ჩემს გულზე დაკიდებულ ჯვარს და ვერცხლის წმინდა გიორგის ხატს. ეელა ხუთი-ათი წუთით ილაპარაკებდა და ისევ გზას ვაგრძელებდით. რამდენჯერმე, საუბრისას ჩემსკენ გადმოიქნია თავი, შემომხედა და მოკლედ მოჭრა - “ვოშ” -ძმა არისო. თუ რომელიმე ქისტი თავის სახლთან იდგა, აუცილებლად გვპატიჟებდა, მაგრამ ეელა ისევ მოკლედ პასუხობდა - “ააჰა დოქხ ბარქლ” - არა, დიდი მადლობაო და ისევ წინ მიგვიძღვოდა.

აჭარელზე მაგარ ამბებს ყვებოდნენ ხეობაში.Mმაგარი გიჟი ჩანდა, ვიღაცა იყო. ჩამოვიდა თუ არა პანკისში, მაგარი ცხენი იყიდა, გრძელი ლეკური ხანჯლით დადის და არც ომში, ჩეჩნეთში და არც აქ ერთი წამით არ იშორებსო, ხანჯლით მაგრად იბრძვისო. სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკას კი არა, სარკესაც არ აჩერებს, ძალიან ლამაზი ქისტის გოგო მოიყვანა, რომელიც დამწყვდეული ჰყავს, იმ გოგოს ოჯახი უკვე ბრაზობდა, ბავშვი გადაგვირიაო. საწოლიც კი არ ჰქონდა, ხალიჩები აქვს სახლში გაფენილიო.

ასე ისლამური რწმენის სიწმინდისა და შარიათის ზედმიწევნით დაცვის გამო იქცეოდა, მაგრამ თავად ქისტები და ჩეჩნებიც კი ზოგი იუმორით, ზოგი გაკვირვებით და აღშფოთებით უყურებდა. თან, თითქოს, ერიდებოდათ კიდევაც მისი. ყოველშემთხვევაში, აშკარად უფრთხოდნენ. მით უფრო, რომ აჭარელმა თავისი მიმდევრები გაიჩინა ხეობაში. ოცი-ოცდახუთი მოსწავლე-მიურიდი, რომელთაც რჯულს, ისლამს, ყურანს და შარიათს ასწავლიდა. ასწავლიდა ალლაჰისათვის თავდაუზოგავად ბრძოლას და სიკვდილს. Mმისი მიურიდებიც ერთგულად და გულდასმით უსმენდნენ, ხოლო საფრთხის შემთხვევაში მზად იყვნენ თავი გადაედოთ მისთვის და ბოლო წუთამდე დაეცვათ.

აჭარელის ბინას რომ მივადექით, უკვე კარგად ბნელოდა. კარი თვრამეტი-ოცი წლის კეხიანცხვირიანმა ბიჭმა გაგვიღო. ბავშვური სახე ჰქონდა, ბავშვური ეჭვით და გულდმოდგინებით შეგვათვალიერა. ეელამ რაღაცა უთხრა ქისტურად. ბიჭმა უფროსისადმი პატივისცემის ნიშნად, თავი ოდნავ დახარა, ეზოში შეგვატარა და ჭიშკარი ისევ ჩაკეტა. წითური მუსა და ერთი ბიძაშვილი კართან დარჩა. ეელა, მე და ეელას სამი ბიძაშვილი ეზოში შევედით. სიბნელეში, სახლის ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ნავთის ლამპის ათინათზე ათი-თხუტმეტი კაცი ილანდებოდა. უცებ, ეზოს სიღრმეში, უზარმაზარი თეთრი ფრინველივივით დატრიალდა რაღაც და წრეზე დაიწყო ფრიალი.

- მუერიდე პაწა მაგას თვარა მაგან რაფერი წიხლი იცის, იცი?... - გაისმა ეზოს შუაგულიდან ქართულად.

ეზოს ცენტრში მაღალი, ბრგე, თხელ ქისტებში მკვეთრად გამორჩეული, აჭარულად ჩაბალახწაკრული, გრძელხანჯლიანი ქართველი იდგა. ხელში თოკი ეჭირა და ულამაზეს, თეთრ, ქათქათა ღამის სიბნელეში უცნაურად მანათობელ კისერმოღერებულ ცხენს წრეზე არბენინებდა. ჩვენ მოშორებით ვიდექით და ველოდებოდით. ეელამ ღრმად ამოისუნთქა და მივხვდი, რომ ძალიან მაგარ შარში გავხვიე.

ცოტა ხანში აჭარელმა თოკი ერთ-ერთ ქისტს მიაწოდა და ჩვენსკენ წამოვიდა. ახლოდან კიდევ უფრო ბეხლეწი ჩანდა, მოხეული, უზარმაზარი, თან რაღაცნაირად შეკრული, დიდი ნადირივით. ეელას და მის ქისტებს რიგრიგობით მუსლიმურად მიესალმა: “სალამ ალეიქუმ” და მხრით შეეხო. ეს უფრო სტუმრებისადმი პატივისცემის გამოხატვა იყო, ვიდრე ახლობლობის ნიშანი.

- გამარჯვება შენი - მითხრა და ხელი ჩამომართვა. ჩემზე ცოტა მაღალი იყო და ოთხი ჩემხელა. ხელჩართული ბრძოლისას, თუ მართლა ხანჯლით ჩხუბობდა, აუარებელ საქმეს გააჩენდა, შორიდან უნდა გესროლა.

- გაგიმარჯოს - ვუპასუხე და უცებ წარმოვიდგინე, რომ ესროლო, ტყვიაგანარტყამი როგორ შეტორტმანდებოდა, ნელ-ნელა როგორ მოზვავდებოდა სპილოსავით, როგორ ჩაიკირფებოდა და როგორ მოკვდებოდა, როგორ გაიშლებოდა ამხელა.

- ლაპარაკი გდომებია ჩემთან. ნახვა გინდა თურმე, მითხრეს. მაგრამ არ მეცალა. ახლა შენით მომაკითხე. ერთს გეტყვი აპა მაშინ, თუ მოგზავნილი ხარ, იარაღით ხარ ან მიკროფონი თუ გიდევს, ახლავე მითხრა ჯობს და ინშალლაჰ ჩემს ეზოში ხელს არ გახლებ...

პირი გამიშრა. რა მიგზავნილი და მიკროფონი, იარაღზეც სუფთა ვიყავი, მაგრამ მაინც. “ჩემს ეზოში ხელს არ გახლებ” იმას ნიშნავდა, რომ ჭიშკარს გავცდებოდი თუ არა, ულაპარაკოდ გამაცხებინებდა სულს. მისი ქისტებიც ნელ-ნელა დაიძრნენ, ნახევარწრედ წამოვიდნენ, იმ ერთის გარდა, რომელსაც ცხენი თავლაში შეჰყავდა. მაგრამ, იმასაც ჩვენსკენ ეჭირა თვალი. ჩემებისკენ აღარ გამიხედავს, ვიცოდი, იქ იყვნენ. ბოლომდე იქ იქნებოდნენ.

- მისმინე - ვუთხარი მე რაც შემეძლო წყნარად, თან საკუთარ ხმას ვაყურადებდი, რომ არ ეღალატა. ხმა იყო ახლა ჩემი მთავარი იარაღი. - მისმინე - არც მოგზავნილი ვარ და არც მიკროფონი მიდევს. შენი ნახვა მაინტერესებდა და მოგძებნე.Mმე აქ პირველად არა ვარ, ხალხი მიცნობს, გაკითხვას მოასწრებდი. თუ გინდა ვილაპარაკოთ და თუ არა და როგორც მოვედი, ისე წავალ...

ეგ წასვლა იყო საქმე, აღარც აჭარელი მინდოდა, აღარც ლეჩხუმელი. ღობის იქით ორჯერ ზედიზედ ავტომატის “ზატვორის” ხმა გაისმა. უკან მოვიხედე, წითური მუსა და მეორე ღობეზე ამოიმართნენ და ლულები ამოაჩინეს. ეტყობა, ღობის წინ სკამზე შედგნენ.

-კაი აპა, მჯერა შენი ლაპარაკის, მარა ლოცვის დრო გვაქვს ჩვენ ახლა, ვილოცებთ და მერე ვისაუბროთ. - თქვა აჭარელმა, ღობისაკენ არც გაუხედავს.

სახლის კართან შეგროვდნენ და ფეხზე გახდა დაიწყეს. აჭარელი ბოლოს შევიდა, უცებ კარიდან შემობრუნდა.

- თუ გაინტერესებს რაფრათ ვლოცულობთ, შემოი შენც მარა ფეხზე უნდა დეიხადო... მითხრა და კარში შევიდა.

“მცდის”... გავიფიქრე და თითქოს ვინმემ ხელი მომკიდა და წამიყვანაო, ისე დავიძარი კარისკენ, “მცდის ეს თათარი, მოდი აბა ჰა ”... ყველაზე ძალიან ფეხსაცმელების გახდა ტეხავდა. რომ არ გადამეფიქრებინა, სასწრაფოდ ჩავჯექი და ბათინკის თასმების გახსნა დავიწყე. თან მახსოვს, მაგრად ავვარდი, დაძაბულობისა და რისკის შეგრძნებისაგან სული მიკაწკაწებდა - “წამო ჰა აბა ერთი რა გინდა, შაჰიდ ნა პუწი ალლაჰა, შენი მოგზავნილის... მოდი ტო, მოდი აბა ერთი, მოდი და ვილოცოთ რამდენიც გინდა..."

პატარა, ბნელ ოთახს მხოლოდ მხრჩოლავი ჭრაქი და ანთებული ღუმელის კარიდან გამოსული ათინათი ანათებდა. ავეჯი მართლა არ იდგა, მთელს იატაკზე მარტო ხალიჩა იყო გაფენილი. კუთხეში ბლომად ბალიშები და მუთაქები იყო აღმოსავლურად გაშლილი. იმ მუთაქებზე მოვირთხი ფეხი. აჭარელი და მისი ქისტები ოთახში შემოლაგდნენ.Pპატარა ოთახი უცებ გაივსო. აჭარელი წინ ჩაუდგათ. უცებ მივხვდი, რომ კარისაკენ გასასვლელი მოჭრილი მქონდა. ფანჯრისკენ გავიხედე. ეზოში ჩემი ხალხი ილანდებოდა, მაგრამ ფანჯარას მაჯისსიმსხო გისოსები ჰქონდა.

აჭარელმა ქარქაშიდან ხანჯალი ამოიღო და წინ დაიდო.Bბუნდმა ფოლადმა ჭრაქის შუქზე გამოანათა და ჩაქრა.Aარც მანამდე, არც მერე არ მინახავს, მუსულმანები ხანჯლით ლოცულობდნენ. მაგრად დავფეთდი. ისე ჩავჯექი ზამბარასავით შეკუმშული, რომ თუ რამეა კარისაკენ გავვარდნილიყავი. ჩემ ფეხებს გავასწრებდი, მაგრამ მაინც უნდა მეცადა. ჩემებიც შემოცვივდებოდნენ და აქ ხათქა-ხუთქი ატყდებოდა დიდი და საფუძვლიანი. ეს ნასკებში სიკვდილი რაღა უბედურება იყო, მაგრად არ მინდოდა.Mმახსოვს, წვივის კუნთები ისე დამეჭიმა დაძაბულობისაგან, თბილისში დაბუნების შემდეგაც კი ორი-სამი დღე ვკოჭლობდი.

სანამ მე მეშინოდა, ისლამის მეომრებმა ნამაზის შესრულება დაიწყეს. ფესკიანმა მოჯაჰედებმა ხელები ჯვარედინად დაიკრიფეს და აჩურჩულდნენ. სულ უკან მარჯვნივ მდგომს თვალები დაეხუჭა და ცერა და საჩვენებელი თითებით ყურანის სურებს ითვლიდა. წინ მდგომმა აჭარულად თავწაკრულმა ბრგე ქართველმა მოგუდულად დაიწყო “ალლაჰ ილლა ლა ალლაჰუ ა მუჰამედ ას რასულ!!! ალლაჰუ აქბარ! ალლაჰუ აქბარ! ალლაჰუ აქბარ!" ლოცვა გლოვას ჰგავდა. თითქოს, გოდებდნენ. წელში მოიხარნენ. მერე ყველა ერთად დაემხო ხალიჩაზე და ჩურჩულით განაგრძეს არაბულად ლოცვა. ლოცულობდნენ. ძალიან გულიანად ლოცულობდნენ. ფანჯარასთან ჩემების ხმა მესმოდა. “ფეხზე არ უნდა გამეხადა მეთქი”, იმას ვფიქრობდი. კიდევ კარგი ბნელოდა და ვერავინ მხედავდა, მიტკალივით რომ ვიყავი გათეთრებული.

არაფერი. ლოცვის მერე რომ გამოვედით, პირველი ბათინკებს ვეცი და თასმები რომ შევიკარი, უცნაური თვისუფლება ვიგრძენი. მივხვდი, რომ მშვიდად შემეძლო სიკვდილიც და სიცოცხლეც. უცებ მომეხსნა დაძაბულობა და ისეთი თავისუფლება ვიგრძენი, რომელიც მხოლოდ ჩავლილი საფრთხის შემდეგ დგება.

ახლაც შეიძლებოდა ყველაფერი მომხდარიყო, მაგრამ უკვე ფორმაში ვიყავი. არაფერი შიშს ისე ნაღდად და უეჭველად არ ანეიტრალებს, როგორც სულ ახლახანს გადავლილი კიდევ უფრო დიდი შიში.

არაფერი...

ლოცვის მერე რამდენიმე საათი ვილაპარაკეთ. იმას თავისი ჩეჩნები ჰყავდა გვერდით, მე - ჩემი. შუაღამემ გადაიარა. ჩვენს თავზე პანკისის ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თავის დილას ელოდებოდა. ცაზე ხელით გასროლილივით ეკიდა ნამგალა მთვარე. ვარსკვლავებს შორის წითლად მოციმციმე ოთხკუთხა რუსული ფოტო-რობოტი ჩანდა და გარსშემოხვეულ ქისტებში ორი ქართველი ვერაფრით ვრიგდებოდით. ის მუსულმანი იყო, მე-ქრისტიანი, მე ჩეჩნეთის ომისა და რუსეთთან ბრძოლის ამბები მაინტერესებდა, ბამუტის ალყა და ინგუშეთის რეიდი, ის ისლამზე და ალლაჰზე მელაპარაკებოდა. მაგარი კი იყო, ბევრი იცოდა, ზეპირად ახსოვდა და როგორც დასჭირდებოდა, ეგრევე მოჰყავდა ციტატები, ძველი აღთქმიდან, ყურანიდან, სახარებიდან. ყოველ არგუმენტზე მისი მიურიდები მოწონებით იქნევდნენ თავს. ჩემების საქმე კი ვერ იყო კარგად. აშკარად ვმარცხდებოდით. მაგრად მჭედავდა, მე მისი ნახევარიც არ ვიცოდი თეოლოგიაში. რაღაცეებს მივედ-მოვედებოდი, მით უფრო, რომ იმ დროს და იმ სიტუაციაში, ყველაზე ნაკლებად, ჭეშმარიტების, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის ძიება და მის არსში გარკვევა მაინტერესებდა. “ერთადერთი რისთვისაც ომი და ბრძოლა შეიძლება, ღმერთიზა ბრძოლაა, თვარა, აბა ისე რუსს რას ერჩი, ყველაი ადამის შვილები და ძმები ვართ ჩვენ”. “ღმერთიზა ბრძოლის გარდა ყველა ომი ადამიანის ამპარტავნებიზა და სიამაყიზა მოდის და პირდაპირ ჯოჯოხეთის გზაა მაი. ა, ამგენის ენაზეც მასეა. ჯოჯოხეთს აგენიც მასე ეძახიან, - “ჯუოჯოხეთ”-!.. საშინელი სამყოფელია ის...”

"არავიზე ნაკლები ქართველი არ ვარ მე. არავიზე ნაკლებ არ მიყვარს ჩემი ქვეყანა. ბევრი წიგნი წავიკითხე ბაღნობაში, და რო მეგონა, ქართველები ყველაზე კარგები და მაგრები, არ გამოვიდა მასთე. ბევრი გლახა დევნახე, ბევრი სილაჩრე და სიგლახე და დამწყდა გული, ვეღარ გევგე, რა მექნა და ისევ წიგნებს მივხედე. კითხვა ბაღნობიდან მიყვარდა და წმინდა წიგნების კითხვა დევიწყე. ჯერ იესო ქრისტეს სიტყვა ვნახე, ალლაჰის სალამი და მშვიდობა მას, გამიხარდა, კარგი ეწერა ყველაფერი იქ. მარა მერე დევნახე, რომ არ ასრულებენ ქრისტიანები იმას, კარგი ქრისტიანი ვერ ვნახე, კარგს იტყოდნენ, გლახას შობოდნენ, იტყუებოდნენ სულ. ისთევლე ბევრი სიგლახე დევნახე. მერე მუჰამედის, ალლაჰის სალამი და მშვიდობა მას, სიტყვა ვნახე, ყურანი წევიკითხე და მივიღე რჯული. გათათრდაო, ჩემზე ლაპარიკი დაიწყეს.Aახლაც ბევრჯერ გამაგონეს, აჭარელი თათარიაო. უმეცრებით და უცოდინრობით მოსდით მაგი და არ მომდის გულიMმე. თუ არი დროი, ვუსხნი, რომ არ ვარ თათარი მე, ქართველი აჭარელი ვარ და მუსლიმი. ბევრი კიცხვა გევგე და ვიცი მე, მარა ახლა ერთს გეტყვი და გლახათ არ მეისმინო, მაი ჯვარიც ტყვილა გკიდია შენც და ქრისტიანი ქართველების უმეტესობასაც, ყველაზე მაინც არ ვარგა ლაპარაკი. არც მაგ ჯვრისა და იესოს, ალლაჰის მშვიდობა და სალამი მას, არ გჯერათ, არც მის სიტყვას არ ასრულებთ თქვენ, ურწმუნოებაში და უღმერთობაში ხართ, იცოდე, ნამდვილად ქრისტეს სიტყვას ჩვენ, მუსლიმები უფრო ვასრულებთ, იესოს მიმდევრები ჩვენ უფრო ვართ. უფრო წმინდად ვინახავთ, რასაც ის იტყოდა. ქრისტეს მოციქულებიც კიდო ბევრს ცდებოდნენ, ასხვაფერებდნენ იესო ქრისტეს სიტყვებს, მის საქმეს ისლამი უფრო სწორედ ინახავს და კიდო იქით თათრებს გვეძახით..."

“- ეგ შენი მუსულმანები არ იყვნენ, მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველოს თავს რომ ესხმოდნენ, მაგათ არ დაგვაქციეს?... მუსულმანებისაგან თავდასახსნელად ვთხოვეთ რუსებსაც დახმარება, იმათ უარესი დაგვმართეს და ახლა ვეღარ მოგვიშორებია თავიდან”.

“- მაგენიც უღმერთოები იყვნენ და მიტო, ისინიც არღვევდნენ და გმობდნენ უფლის სიტყვას, თვარა ის ყურანში პირდაპირ წერია, რო ააფრით ძალის მიტანება გამუსულმანებაზე და სხვისი მიწისკენ და ქონებისკენ კი არა სხვის ხეხილზე გლახა თავლით გახედვა არ შეიძლება, თვარა ჯოჯოხეთი და ალაჰის რისხვაა შენი ბოლოო... მუჰამედი ამბობს, ალაჰის სალამი და მშიდობა მას. რწმენით და წესით მასთეა, თვარა დუნიაზე გლახა მუსულმანების მეტი რა იყო და რაა ეხლაც. დასაჯა მაგიზა ღმერთმა, მოუწიათ ცოდვამ ოსმალოსაც და ირანელსაც, მოუყვანა ე რუსი და ამერიკელი და თურქეთი სულ თლათ უღმერთოთ შეიქნა...".

“- ჩეჩნეთში შენ მუსულმან ძმებს ეშველები და აფხაზეთში რატო არ ომობდი, ქართველები შენი ძმები არ ვართ, რატო არ მოგვეხმარე?”

“- მიტო, რო გლახა ომი, უღმერთო ომი იყო ის, გლახა ხალხი ომობდა, ზურგში უშენდნენ ერთმანეთს ტყვიას”.

“- ეე, არ იყო ეგრე, მთლად ეგრე ადვილად არ იყო საქმე, ძალიან იოლად ამბობ..."

“- ადვილი ომი კი არა, არაფერი არაა ამ ქვეყანაზე, მაი მასეა...”

"- კიდევ რომ დაიწყოს ომი, შემოგვეშველები?”

“- ყველაფერი ღვთის ნებაა, რწმენის გარეშე ბრძოლაში გამარჯვება არ იქნება, მუსულმანებს თუ დაგვიძახებენ და გაგვიშობენ, რაფრათ არ წავალ. მაგრამ, კიდო გეტყვი, ომი რწმენით და ღმერთით უნდა, თვარა, ისე არ გამოვა ააფერი ისევლე დამარცხების, სირცხვილისა და უბედურობის მეტი და შენ გეტყვი ეგერ, საშიშ და სახიფათო გზაზე დადიხარ ძალიან ნამეტანი და დაანებე ამ გზაზე სიარულს თავი, თვარა ურწმუნოდ დადიხარ და ურწმუნო სიკვდილს რომ შეეყარო, ცოდვა ხარ. ჯოჯოხეთი გელის იცოდე და ჰოი, რა საშინელი სამყოფელია, ერთი დღე ორმოცდაათი ათასი წელი გრძელდება იქ..."

არაფერი. როგორც ჩანს, ამ ქვეყნად, მართლა არაფერი არ იცვლება. არც დრო. ვიდექით შუაღამისას სადღაც დუისში ჟღალწვერიანი ჩეჩნებით გარშემორტყმული ორი ქართველი, ერთმანეთში ვდაობდით და ერთ-ერთი ჩვენთაგანი აშკარად ცდებოდა.

ეზოდან გამოვედით. მაგრად ბნელოდა. აჭარელი ჭიშკართან იდგა და გვაცილებდა. ქვევით დავუყევით ორღობეს. ეელა წინ აღარ მიგვიძღვოდა, არეულად მოვდიოდით. ყველანი მაგარი დაღლილები ვიყავით.Dდა უცებ, არ ვიცი რა მეცა; მივბრუნდი, აჭარელი ისევ ჭიშკართან იდგა, არ ჩანდა, მარტო დიდად ილანდებოდა.

- შენა, თუ მოგზავნილი ვარ, ხო მაგარი მოგზავნილი ვარ, ჰა, ე?...

ახლაც არ ვიცი, რამ დამარტყა. მართლა არ ვიცი. ახლა ვეღარც ვიხსენებ. ალბათ, იმ ჭრაქიან ოთახში გამოვლილი შიშის აბაროტი ავიღე, მე არ ვიცი, რაცხა ბოღმა ვარ?... ადგილზე გაშეშდნენ. არაფერი. რეაქცია არ დამინახავს, რას დავინახავი იმ უკუნ სიბნელეში. ისევ ისე იდგა გაუნძრევლად და ჭიშკართან ილანდებოდა.

- არა, არა ვარ მოგზავნილი, მართლა სუფთა ვარ, ნუ გეშინია.

- ღმერთის გარდა, არავისი არ მეშინია მე - თქვა სიბნელეში აჭარელმა - აჭარაში თუ იცნობ ვინმეს? - მკითხა მერე.

-არა, მაგრამ თუ რამე გინდა და გჭირდება მითხარი, რაც შემეძლება, დაგეხმარები.

- თუ რამე გამიჭირდა, ღმერთი მიშველის.

- ღმერთი თითონ არ ჩამოვა ციდან, კაცს კაცის ხელით ეხმარება.

შეყოყმანდა. ვიდექით სიბნელეში და ერთმანეთს ვერ ვხედავდით. ცოტა ხანს იყოყმანა, მაგრამ არაფერი აღარ მითხრა. მაინც ვერ მენდო. ეგეთ დროს უცხო კაცის ნდობა ძნელია.

- ასე უპატივცემულოთ რაფრათ გიშვებთ...

- აქეთ მხარეს იზაბელა მაინც არ მოდის და ჩაის არ ვსვამ.

აჭარელმა ხმამაღლა გულიანად გაიცინა. ეზოში შებრუნდა და ჭიშკარი ჩაკეტა. თავლიდან მისი თეთრი ცხენის ფრთხვინვა გაისმა. მახსოვს მოვდიოდი და უცებ ვიგრძენი, როგორც მეცოდებოდა აჭარელი. არ ვიცი რატომ. არაფერი ჩემი შესაცოდი არ სჭირდა, მაგრამ, მაინც მაგრად შემეცოდა. ძალიან ახლო ნათესავს, შენ სისხლსა და ხორცს სადღაც უცხო მხარეში რომ ჩატოვებ ისე. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენსავით - ქრისტიანი ქართველებივით - ჯოჯოხეთი არ ელოდა, სადაც ერთი დღე ორმოცდაათი ათასი წელი გრძელდება.

მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა. არ ვიცი, ახლა სად არის ის აჭარელი, ცოცხალია თუ არა. სულ სამი წლით იყო ჩემზე უფროსი.

შევხვდები ოდესმე და იქ უკვე საბოლოოდ გავარკვევთ, ვინ იყო ჩვენს შორის მართალი, მაშინ, 2001 წლის მარტში, დუისის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, რომელზეც ოთხკუთხა წითელი ფოტო-რობოტი ციმციმებდა და ხელით გასროლილივით ეკიდა თეთრი ნამგალა მთვარე.

მანამდე ვინ რას გეტყვის.

© „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

Tuesday, March 1, 2011

თეონა დოლენჯაშვილი - ოთხი წერილი

* * * *
პირველთაგან იყო სიტყვა. და სიტყვა იყო ღვთისა თანა.
და ღმერთი იყო სიტყვა იგი.
(იოანე. თავი I. მუხლი I.)

მივიღე შენი წერილი. მივიღე, მაგრამ არ წამიკითხავს. მეხუთე თვეა ჩემში ვინახავ. ვგრძნობ როგორ ისხამს სულსა და ხორცს, როგორ ეკვრება ოკრო-ბოკრო ასოებისგან ჩვილი სხეული, ებმება აზრის ხელ-ფეხი და სუსტად უცემს სიტყვების გული.
ეს უკვე შენი მეოთხეა. მეოთხე და ალბათ ბოლო. უკანასკნელი...
პირველად დიდი ხნის წინ მომწერე, გახსოვს? ის ღამე გახსოვს? გზაზე შემომხვდი. მე აღარ ვიცი სად მივდიოდი, რატომ და რისთვის. მხოლოდ ის მახსოვს, შენც მიყურებდი. მრავლისმთქმელი თვალები გქონდა. მრავლისმნახველი. ნაღვლიანი. თბილი და მშვიდი... ფეხზე აგკვროდა უსასრულო უდაბნოს მტვერი. არსად არასდროს ჩერდებოდი, ალბათ არც გქონდა საკუთარი სახლი და კარი. მგზავრი იყავი. უპოვარი. ყარიბი მგზავრი. და მე კი ერთი ქარაფშუტა, სულელი გოგო. რადგან ვიფიქრე, რომ თუ სხეულს გაჩუქებდი, თუ დაგრთავდი ალერსის ნებას, უსათუოდ და უგონოდ შემიყვარებდი. დარჩებოდი ყოველთვის ჩემთან.
მომებმებოდი...
ბნელი, უმთვარო ღამე იყო. და ჩაგკიდე უსიტყვოდ ხელი. გზის განაპირას, დიდი ხის ქვეშ გავიხადე წითელი კაბა. თავქვეშ სასთუმლად ამოგიდე. შენ დამიკოცნე ხერხემალის ყოველი მალა... ნელა შემოდი... თვალი დავხუჭე. და მივხვდი, რომ პირიქით მოხდა.
ჩუმად წახვედი. პირველი მამლის ყივილამდე დამტოვე მარტო. მხოლოდ წერილი შემომიგდე. მეც შევინახე. ცხრა თვე ჩემს შიგნით, ჩემს მუცელში, წიაღში ვზარდე. ცხრა თვე ვეფერე. და მეცხრე თვეს ტკივილებით გავხსენი ყელი.
ბიჭი გაგვიჩნდა. რბილი თმით და ლურჯი თვალებით. ასე უჩუმრად ჩასახულმა ტირილით გვამცნო რომ დაიბადა და აიკლო მთელი ქვეყანა. სახეზე თბილი, უმარილო ცრემლი სდიოდა, მაგრამ თვალები უცინოდა. ანგელოზს ჰგავდა.
მთელი ის წელი გაბმით ტიროდა. სახურავს ხდიდა ჩემს პატარა ღარიბულ ბინას. სწორედ ამიტომ ხეზე დავკიდე მისი აკვანი. ძაღლები რომ ვერ შეწვდენოდნენ, მაღლა და ზემოთ. ფეხიც იმ ხეზე აიდგა და სულ იქ იჯდა. გზას გაჰყურებდა თვალმცინარი. თვალებმტირალი... არასდროს უთქვამს, მაგრამ ვიცი, რომ შენ გელოდა. ერთხელ მაინც რომ დაენახე, ვიდრე იმ ხიდან ჩამოვიდოდა და თავის გზას გაუყვებოდა...
მებაჟე გახდა. გადასახადის ამკრეფი და ცოდვილი მონა.
ცუდად გავზარდე? აბა რა გითხრა... პირველი შვილი ცოტა ძნელია. თან შენს წერილში სხვა რამ ეწერა. და მეც ვფიქრობდი მობრუნდებოდა.. ანდა ვინ იცის? იქნებ მწერლებიც დაფარულ ცოდვებს ბაჟივით კრეფენ. ანგარიშობენ, აგროვებენ, წერენ და ხევენ..
დრო გავიდა და მართლა მობრუნდა. და მერვე წელს მოგვცა პასუხი.
პირველი იყო და პირველმა დაიწყო წერა...
* * *
მეორედ ბედმა ინება და შემთხვევით გნახე. შევხვდით ქალაქის შუაგულში, პორტის მახლობლად. დღესასწაულის ბოლო იყო. ზეიმობდნენ. ცეკვავდნენ. სვამდნენ. ქუჩებს ფერები მოსდებოდა და ოჩოფეხზე შემდგარ ჯამბაზებს ცეცხლის ბურთები გასჩროდათ ყელში.

იქვე კაფეში ჩამოვსხედით. დავლიეთ ყავა. ყავას ჰქონდა ზღვის მლაშე გემო და მე მივხვდი, რომ ამჯერად გემით იმგზავრე. აღარ მითქვამს, რომ წერილი შენს შვილად იქცა, ახლა ხეზე ზის და შიშებს ითვლის.
არ მინდოდა, რამით დამეფრთხე...
გვერდით ქუჩაზე, იაფფასიან სასტუმროში ვნახეთ ოთახი. ცივი, უშუქო, მაგრამ დიდი, ფართე ფანჯრებით. ცას ანათებდა შუშხუნები. და მათ სხივზე ვხედავდი კარგად როგორ სწავლობდი და გულდასმით იმახსოვრებდი ჩემს შიშველ სხეულს. ყველა ბორცვსა თუ ჩაღრმავებას, ნაკვთს და ნაწიბურს... მერე თვალებში გიყურებდი. მსურდა სიღრმეში ჩამეხედა, მსურდა მენახა, როგორ გამარცხებ სიყვარულის დროს!
ძილშივე გაქრი. პირველ სიზმრამდე გაიხურე ის სხვისი კარი. გაღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ სულზე მქონდა სამი ნაჭდევი და ჩემს სხეულსაც ანკესივით გამოსდებოდა შენი წერილი.
ისიც მივიღე. როგორ შემეძლო შენს სიტყვებზე უარი მეთქვა. არ გამეხსნა. არ წამეკითხა. არ შემომეშვა.
მეორეც ბიჭი დაიბადა. დიდი და სავსე. მასაც ძმასავით სვირინგივით ერტყა ბეჭედი. ეწერა ბედი. თვალს ვარიდებდი... უკვე ვიცოდი, ისიც შენს გზას დაადგებოდა. ახალგაზრდა მოკვდებოდა. უცხო მხარეში...
ფეხი აიდგა, ძებნა დაგიწყო. აიჩემა, რომ აფრიკის ცხელ მიწაზე ელოდა მამა. მართლა წავიდა. იქ დაიწყო იმ წიგნის წერა. დაწერა კიდეც. გადაურჩა ხოშრაკ ქარებს, ცხელ სიზმრებს და სასტიკ უდაბნოს. საბერძნეთში დაიჭირეს. ციხეში ჩასვეს. თქვეს, წერილები გაჰქონდაო აქედან იქით. კონტრაბანდისტებს სასტიკად სჯიდნენ, განსაკუთრებით – ოქროს და სიტყვის.
წამებით მოკლეს.
* * *
ახლა უკვე მეც გეძებდი. და მეც თან გდევდი. დავყვებოდი შენს სუნს და სიზმრებს. შენი სიტყვის კვალს ვპოულობდი ყველა ქალაქში. ვიცოდი ისევ შეგხვდებოდი და მართლაც შეგხვდი. აეროპორტში შეგეჩეხე. საცდელ დარბაზში.
ჩემს დანახვაზე აღელდი და სანთელივით აგენთო სახე. ისევ გახსოვდი!
როგორც ყოველთვის ახლაც ჩქარობდი. სადღაც გარბოდი და გზადაგზა წავილუკმეთ პურით და თევზით. თევზის სენდვიჩით.
მზე ანათებდა. ბაღისკიდეს ბიჭუნათა გუნდი გალობდა: “ავე მარიაა..” თეთრი სტიქრებით, თმით მიმოზებით. რა კარგი იყო... ჩემს პატარა წერილებს ჰგავდნენ.
ხმას არ იღებდი. მხოლოდ მიცქერდი. ხარბად და ვნებით. და ყველაფერი ისევ ჩუმად, უსიტყვოდ მოხდა. განა არ ვიცი, რომ სიყვარულის დროს და შემდეგ ყველაზე მეტად გიჭირთ სიტყვები...
ჰო... ალბათ უკვე მეჩვეოდი. იქნებ გიყვარდი? დილით ჩემს მხარზე ჩაგეძინა, მძინარეც გნახე. გულზე დამაჩნდა ანაბეჭდი შენი პროფილის.
მესამეც გაჩნდა. გაუსაძლისი სამშობიარო ტკივილებით. ვაით და ვიშით გამოჰყავდათ ჩრდილიდან მზეში. მაგრამ როდესაც გალორწკილი ახალშობილი მკერდზე დამაწვა, შენი თვალებით ამომხედა და ცხელ ლოყაზე ამაფინა თეთრი ხელები, ყველა ტკივილი უკვალოდ გაქრა. უკვე განცდილიც, განსაცდელიც, ძველით ახალიც.
წამით მოვტყუვდი. მეგონა რომ ეს სხვა იყო. Dდასახლდებოდა, ცოლს ითხოვდა. შვილებს დაზრდიდა. ისე უვლიდა ფრთებდამტვრეულ ჩიტებს. ცხოველებს. დარდსა და შიშებს უყუჩებდა ადამიანებს – ექიმი ჩანდა. და თან მხატვარიც. საათობით იჯდა ქვიშაში და ხატავდა უცნაურ თევზებს. დიდებს. პატარებს. მანვე დახატა უცნობი ქალი ჩვილი ყრმით ხელში. დედასაც, შვილსაც ვარსკვლავები ებნიათ თმაში.
დრო გადიოდა. სამყაროს უკვე მეგაპოლისთა ხმაური კვეთდა. თოვლი ცვიოდა. წვიმა რწყავდა ყველა ნაკვალევს... ის კი წიგნს წერდა. მისი ძმებივით ნამდვილს და მძიმეს. და სულ გეძებდა. და ძმათაგან პირველმა გნახა! მაგრამ ვერ გიცნო. ვერც გიცნობდა იმდენად გგავდა.
და გთხოვ, გახსოვდეს. იქნებ კვლავ შეხვდე. ეგვიპტეში, სუდანში, რომში... იქნებ გინახავს კიდეც მისი ნაფეხურები შენს უკეც გზებზე. მისი ტერფების ნაკვალევი – თევზის ჩონჩხსა ჰგავს.
* * *
მეოთხედ უკვე თავად მოხვედი. და სახლის კარზე დამიკაკუნე. დევნილს და დაღლილს, მშიერს, ნაწამებს სულისმოთქმა და ძილი მოგინდა. ანდა უბრალოდ ჩემს ქალაქში გადმოგისროლა მგზავრობის ღმერთმა და გაგახსენდა რომ აქაც გყავდა მომლოდინე მარადი ცოლი.
ბავშვებს ეძინათ. კედლებზე მათი სუნთქვა ეკიდა. შენ მგონი გსურდა რაღაც გეთქვა. რამე გეკითხა, მაგრამ მე მათი გაღვიძების და ახალი სიტყვების შიშით ენა დავიბი, სმენა დავიხშე... არც ამჯერად გკითხე სახელი...
და ასე ჩუმად, დიდხანს ვიწექით. ჩვენ – ორი ქურდი. იქ, ზეწრების ქვეშ. და ვცვლიდით გულებს – სათამაშოებს. ვიწექით ერთად, ზურგით და სახით, სახით და ზურგით. და მანამ სანამ დავიძინებდი, ვგრძნობდი შენს სითბოს, ვგრძნობდი შენს სუნთქვას, არტერიასთან, ფუძის ძვალთან, როგორც ზურგის ქარს...
მეოთხე წერილს უკვე ვიცი რასაც დავარქმევ. და ვიცი, ისიც ბიჭი იქნება. ყველაზე მეტად ეყვარები. ისიც წიგნს დაწერს. დაწერს მეოთხე დიდ წიგნსა და “გამოცხადებას”. იცოცხლებს დიდხანს. ძალიან დიდხანს. იქამდე ვიდრე კუნძულ პატმოსზე, მაღალ კლდეზე, ასი წლისა მიწას არ გათხრის, ცოცხლად დამარხვას არ მოისურვებს.
შიგ ჩაწვება და ვიდრე მიწას დააყრიან, ზეცას ახედავს. ზეცას გადაკვეთს თვითმფრინავი. მასში შენ ზიხარ. ზიხარ და ბრაზობ. ბრაზობ იმაზე, რომ ვინახავ ყველა შენს წერილს. რატომ ვინახავ, რატომ ვაჩენ, ვაქცევ შვილებად. რატომ გაღმერთებ. რატომ ვმკრეხელობ. და რად ვარქმევ ამ შენს მალულ, დალუქულ სიტყვებს – ჩვენს უკანონო პატარა ბიჭებს _ ასეთ სახელებს:
მათე
მარკოზი
ლუკა... ლუკა...
და იოანე.
© kalmasoba.com

შოთა იათაშვილი - მამები, დედები და შვილები (3)

შოთა იათაშვილი
III თავი
პიერი
ერთ-ერთ შეკრებაზე ალენმა პისტოლეტი მოიტანა. მარტა სიხარულისგან აკივლდა. ფილმა და სოფიმ ერთმანეთისკენ გააპარეს მზერა, მერე ალენს შეაცქერდნენ. მე გამაცია და თავი ჩავქინდრე, ფეხსაცმლის ჭვინტით კენჭი ავაგორავე.
- მოგწონთ? - გვკითხა ალენმა.
- უუუუუ! - დაიღმუვლა მარტამ და გულზე ხელები დაიბაგუნა.
- კაია... - მშვიდად თქვა ფილმა.
- რად გვინდა? - იკითხა სოფიმ.
მე ჩუმად ვიდექი. ალენმა გამომხედა, რამდენიმე წამი მიყურა, მერე ხელი ჩაიქნია და დანარჩენებს მიუბრუნდა:
- სროლა უნდა ვისწავლოთ.
სიჩუმე ჩამოწვა.
ხან ერთმანეთს ვუყურებდით, ხან ალენს და ხან მის ხელში მოთამაშე პისტოლეტს.
- რად გვინდა? - განმეორებით იკითხა სოფიმ.
- ყველაფერი გვინდა! - იყო ალენის პასუხი - არავინ იცის, როდის რა დაგვჭირდება.
- საშიშია... - თქვა სოფიმ - არ მინდა მე პისტოლეტი.
ალენმა გაიცინა. მერე პისტოლეტი აწია და სოფის შუბლში დაუმიზნა. სოფიმ შუბლზე ხელი აიფარა, “კარგი, რა...” - წაიბუტბუტა.
- გეყო! - ხმამაღლა უთხრა ფილმა ალენს და სოფის გადაეფარა.
მან უფრო ხმამაღლა გაიცინა და იარაღი ახლა მე მომიშვირა. დამბურძგლა, თუმც უმალ გადამიარა, ალენს თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი:
- არ მეშინია.
- ყოჩაღ! - შემაქო ალენმა - ყველანი პიერივით უშიშრები უნდა იყოთ.
- უშიშარი ვარ! - იყვირა მარტამ.
ფილი და სოფი ჩუმად იდგნენ. ალენმა რამდენიმე წამი აცადა მათ, მერე ისევ მიუშვირა პისტოლეტის ლულა და ჰკითხა:
- თქვენ?
- ჩვენც - ეს ფილი იყო. მაგრამ სოფიმ ფილის ზურგში თავი ჩარგო და გავიგონეთ:
- არა, მე არა... მე მეშინია... ალენ, ძალიან გთხოვ, არ გვინდა რა პისტოლეტი...
- გვინდა! - ალენი შეუვალი იყო - ხარ ჩვენიანი?
სოფი ხმას არ იღებდა.
- ჰა, თქვი, ხარ თუ არა ჩვენიანი! - გამოსცრა კბილებში ალენმა და სასხლეტი მოსინჯა.
- კაი რა, ბიჭო, ჩვენიანია, აბა ვინაა! - მარტა ალენისკენ დაიძრა - არცერთს არ გვიცნობდი, სოფი რომ შენი ერთადერთი მეგობარი იყო. პირველად ხედავს იარაღს და ცოტათი დაფრთხა. აცადე, გადაუვლის... - მარტა ალენთან მივიდა - მანახე ერთი რა პისტოლეტია.
- აჰა! - ალენმა იარაღი გაუწოდა. მარტამ ჩამოართვა, ხელში შეათამაშა, დააკვირდა...
- რა არის ეს, ბიჭო?
- რა უნდა იყოს?
- ნაღდია, ვითომ?
ალენმა გადაიხარხარა. მერე თავში წაუთაქა მარტას:
- მიხვდი?
- მივხვდი, აბა რა, მაგის მეტი რა ვიცი, მაშ რისთვისა მყავს პოლიციელი მამიკოები!
მარტა ჩვენსკენ შემობრუნდა, იარაღი დააქნია და გვახარა:
- ეი, არაა ეს ნაღდი პისტოლეტი, გატყუებდათ ალენი!
- მომე, მომე, რას იქნევ შტერივით! - ალენი მარტას ხელში სწვდა და პისტოლეტი წაართვა. - არაა ჯერ საჭირო და იმიტომ არ არის. საჭირო რომ იქნება, ნამდვილიც გაჩნდება. მანამდე კი სპორტულითაც კარგად ვივარჯიშებთ! - ალენმა იარაღი ქამარში გაირჭო, მერე დაიხარა, ჩვენს მიერ დაყლურწული “კოკა-კოლას” სამი ბოთლი და მარტას ერთი “ბუდვაიზერის” ქილა მიწიდან აკრიფა, მარცხნისაკენ წავიდა, ბოთლები შემაღლებულზე დაალაგა და უკან, ჩვენსკენ გამოეშურა.
- მაშ ასე, ვიწყებთ პირველ მეცადინეობას! - ქვაზე ჩამოჯდა, იარაღი გვერდით ჩამოიდო, ჯიბეში ხელი ჩაიყო და მაყუჩი და ტყვიები ამოალაგა. - აბა, ჩემს ირგვლივ მოგროვდით!.. გოგო, გადმოადგი ფეხი, კიდევ გეშინია?
სოფიმ არაფერი უპასუხა, ისე მიუახლოვდა ალენს და მის წინ ჩაცუცქდა. ყველანი მოვიკრიბეთ. ალენმა აგვიხსნა, როგორ უნდა ჩაგველაგებინა ტყვიები, როგორ უნდა გაგვეკეთებინა ლულაზე მაყუჩი და მერე რიგრიგობით ყველას შეგვასრულებინა ეს პროცედურა.
- დავიწყებ, რა! - ითხოვა მარტამ, როცა კი საქმე სროლაზე მიდგა.
- შენ დაიწყებ კი არა, დაასრულებ! - შეუბღვირა ალენმა და იარაღი სოფის მიაჩეჩა. სოფიმ დაუმიზნა, ისროლა და “ბუდვაიზერის” ქილა გახვრიტა. გაოცებისაგან ყველამ, თვით ალენმაც კი, პირი დააღო. გათამამებულმა სოფიმ მეორედაც გაისროლა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ სექვოიას ფოთლები გახვრიტა.
- გუშინ მარკიზ დე სადს ვკითხულობდი - რატომღაც თქვა ფილმა.
- ეგ ვინღაა - იკითხა მარტამ.
- საფრანგეთის პრეზიდენტი, - ფილმა სოფის პისტოლეტი გამოართვა და შეათვალიერა, მერე ალენს ახედა _ გინდა, მეც ვისროლო?
- ჰო... - ალენი ჩაფიქრდა, ფილმა პისტოლეტი ხელში შეათამაშა და ცარიელი ქილებისაკენ გაიშვირა. ყველანი ვიდექით და გასროლის ხმას ველოდით. თვალმოჭუტული ფილი იდგა და წინგაშვერილ ხელს მილიმეტრებში ამოძრავებდა. ველოდით. ფილი იდგა და წინგაშვერილ ხელს დიდი ხანი მილიმეტრებში ამოძრავებდა. მერე გააჩერა. “ახლა გაისვრის” - გავიფიქრე. მაგრამ ფილმა არ გაისროლა. ის სკულპტურასავით იდგა. დავიძაბე. ვუყურებდით და ველოდით. ველოდით... ფილი არა და არ ისროდა. ბოლოს ალენმა თქვა:
- მარკიზ დე სადი?
- ჰო... რა იყო?
- არ მახსენდება.
- რა?
- მგონი არ ყოფილა ეგეთი საფრანგეთის პრეზიდენტი..
- კარგად იცი საფრანგეთის ისტორია?
- კი...
- იმდენი შენ რა გითხარი? - ფილი შებრუნდა და ალენს დაუმიზნა შუბლში იარაღი.
- ვერ მომკლავ - მიუგო ალენმა და შუბლზე ხელები აიფარა.
- ძალიანაც კარგი - უპასუხა ფილმა და იარაღი დაუშვა - ბოლო-ბოლო რა გინდა, ალენ?
შუბლზე ხელებაფარებული ალენი იდგა, თითქოსდა ფიქრობდა, რა პასუხი გაეცა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უცებ წამომცდა:
- მე ვიცი. წაკითხული მაქვს..
ფილმა პისტოლეტი ახლა მე მომიშვირა:
- მერე?
- რა მერე?
- კარგი პრეზიდენტია?
- პრეზიდენტი არ არის.
- რა? - ფილი უცებ გაშმაგდა, ჩემსკენ გამოემართა და იარაღი ზედ შუბლზე დამადო. - აბა ვინაა?
მივხვდი, რომ სწორი პასუხი არ უნდა გამეცა. ვიდექი და მარკიზ დე სადისთვის პროფესიას ვარჩევდი.
- ჰა, ბრძანე! - დამაჩქარა ფილმა.
- მაფიოზია - ვუთხარი.
- ალ კაპონეს პონტში? - იკითხა ალენმა.
- ჰო - დავუდასტურე. ფილმა გაიცინა და ალენს უთხრა:
- ჯერ მარკიზ დე სადი წაიკითხე და მერე მოინდომე ლიდერობა, ბრიყვო!
ალენმა ფეხი აიქნია და ფილს მკლავში სთხლიშა. ფილს იარაღი ხელიდან გაუვარდა და ალენი მას გაშმაგებული ეცა. ორივენი ძირს დაეცნენ და გაჯსა და ცემენტში აკოტრიალდნენ. ბუღი დადგა. გოგოები აწივლნენ.
“დამანებეთ რა თავი...” _ გავივლე გულში, დავიხარე და აგური ავიღე.
- რას აპირებ? - მეცა ხელში მარტა - უარესი არ ქნა...
მტვრის მიღმა, როგორც ნისლს მიღმა, ისე ჩანდა, თუ როგორ უბაგუნებდნენ ძირს დაცემული ალენი და ფილი ერთმანეთს მუშტებს. სოფი მათკენ გადახრილიყო და ხელებით, ფეხებით, ცრემლებით თუ ხვეწნა-მუდარით ცდილობდა მათ გაშველებას.
“დამანებეთ რა თავი!” - კიდევ ერთხელ გამიელვა ამ ფრაზამ თავში და უცებ საშინელი ბრაზი მომაწვა. აგური ძირს დავახეთქე და
- აააააააააააააააააააააააააა!......... - გულ-მუცლიდან შემზარავი უწყვეტი ბგერა აღმომხდა.
- პიერ, პიერ! - ჩამძახოდა ვიღაც ყურში და ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, მაგრამ მე უკვე ვერაფერს ვემორჩილებოდი. მუხლებზე დავეცი, ვიკლაკნებოდი და გაუჩერებლად ვყმუოდი. თვალწინ ჩემი ბავშვობის, ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე სურათები საშინელი სისწრაფით მიტრიალებდა... მერე აღარაფერი მახსოვს, რაღაც მომენტში ალბათ ხმაც ჩამიწყდა და გონებაც დამებინდა, ხოლო როცა თვალი კვლავ გავახილე, ალენი, ფილი, სოფი და მარტა ერთად დავინახე. თავზე მადგნენ. სოფი ცხვირსახოცით შუბლს მიწმენდდა, ალენი და ფილი რაღაც უცნაურ მასაჟებს მიკეთებდნენ, მარტა ბოთლიდან წყალს მაწუწავდა...
- მოვიდა აზრზე! - ჩაილაპარაკა ალენმა და შემეშვა. ფილიც ქვაზე ჩამოჯდა და მტვრიანი შარვლის ფერთხვას შეუდგა. მარტო გოგოები აგრძელებდნენ ჩემს მკურნალობას. ამოვიოხრე და ოდნავ წამოვიწიე. სოფიმ ისევ მომატყეპა სახეზე სველი ცხვირსახოცი და ტუჩებიდან სისხლი მომაწმინდა.
- დაანებე თავი, აღარ მოკვდება, - უთხრა ალენმა სოფის და თავისი დაჭმული თითების თვალიერება განაგრძო.
- რა მოხდა? - ვიკითხე დაბნეულმა და გაბრუებულმა.
- რა მოხდა და ბნედა გქონდა... ეპილეფტიკი გვაკლდა კიდევ ამ დამთხვეულთა კომპანიაში... გამომიხვედი რა შენც, ისა... ვინა?.. - ალენმა სისხლიანი ხელი ჩაიქნია და ფილს გახედა.
- დოსტოევსკი.
- ჰო, დოსტოევსკი... იცი მაინც, ვინ არის?
- როგორ არ ვიცი... ახლა ვკითხულობ მაგის რომანს: “დანაშაული და სასჯელი”... ძალიან მაგარია...
- “დანაშაული და სასჯელი”? ვა, საინტერესო სათაური აქვს. დედაჩემს ვეტყვი. ექნება სახლში ალბათ ეგ წიგნი. ჩავხედავ ერთი, რას ჯღაპნის მაგისი რუსი...
- სროლის გაკვეთილი არ გავაგრძელოთ? - ეს მარტა იყო.
- შენც მაგრად გიქრის რა... - ალენი წამოდგა, მარტას თავში წამოუთაქა და მანაც დაიწყო ტანსაცმლის ფერთხვა, - დღევანდელი გაკვეთილი დასრულებულია, საშინაო დავალება გექნებათ ნერვების დამშვიდება და ბნედებისა და ისტერიკების გარეშე შემდეგ გაკვეთილზე გამოცხადება... რას შვრები ბნედიანო, უკეთა ხარ? - მომიბრუნდა მე.
- მგონი.
- ადე აბა!
წამოვიწიე და ნელ-ნელა წელში გავიმართე. სოფი წამომეშველა.
- არაფერი გიჭირს, მშვენივრად გამოიყურები. თუმცა მარტა, შენ მაინც მიაცილე პიერი სახლამდე, დანარჩენებიც დავიშალოთ... ჩემი იარაღი სად არის?
ფილმა თავით მიანიშნა. სპორტული რევოლვერი გაჯის პარკთან ეგდო. ალენი მივიდა, იარაღი აიღო, ჯიბეში ჩაიდო და გამოგვხედა.
- აბა, გაუყევით თქვენ-თქვენ გზას... შემდგომი შეხვედრა სად იქნება, შეგატყობინებთ.
დავიშალეთ. მარტა მომყვებოდა და თავისი სისულელეებით ტვინს მიბურღავდა. მოთენთილი
ვიყავი, მაგრამ მეორეს მხრივ, თითქოს მთელ ორგანიზმში რაღაც მშვიდი იდუმალება ჩამდგომოდა.
- მარტა, გეხვეწები, ცოტა ხანი გაჩუმდი... სიწყნარე მინდა...
ეტყობა დაფრთხა, ეპილეფსიამ თავიდან არ წამოუაროსო და ენას კბილი დააჭირა. მხოლოდ ხელკავი გამომდო და ისე მომყვებოდა. მივდიოდი, სახლებს, ხეებს, ცას, ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს ვუყურებდი და რაღაც გასხივოსნებისმაგვარი მემართებოდა. ყველაფერი სასიამოვნოდ ბლანტი იყო, ფერები, ხმები, მოძრაობები _ ყველაფერი საოცრად ატკბობდა ჩემს სულს, ჩემს თითქოსდა ასე მოქანცულ სხეულს. არადა, სწორედ ეს დაღლილობა იყო ჩემთვის აქამდე უცნობი ის განცდა, ასე რომ მომწონდა.
მარტა მომყვებოდა... მე მშვიდად მივსრიალებდი ქუჩაში და ვნეტარებდი... სახლამდე ასე ვიარეთ... “როგორა ხარ?” - ხანდახან მეკითხებოდა მარტა. “კარგად” - ვპასუხობდი და ტკბობას ვაგრძელებდი. სადარბაზოსთან დავემშვიდობე და სახლში ავედი. კარი სუზიმ გამიღო.
- მიყვარხარ... - ვუთხარი, ვაკოცე და კისერზე ჩამოვეკიდე.
- პიერ, რა იყო, პიერ, რა დაგემართა?.. - გაკვირვებული და ცოტა არ იყოს შეშფოთებული მეკითხებოდა სუზი და თავზე ხელს მისვამდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა.
- შემო, შემო სახლში... რა გჭირს, პირი რატომ გაქვს სისხლიანი?
- ბნედა მქონდა... დე, მე ბნედიანი ვარ და იცი, რა სასიამოვნოა ეს?.. - ხელისგულებით მისი სახე დავიჭირე და სისხლშემხმარი ტუჩებით ცისფერი თვალები ამოვუკოცნე. სუზი განცვიფრებული მიყურებდა... სასტუმრო ოთახიდან რიტამ გამოიხედა.
- მოხვედი, პიერ? - ჰო, დე!.. - სუზის შევეშვი, რიტასაკენ წავედი, ახლა მისი ხელები ჩავბღუჯე და ტუჩებთან მივიტანე.
- რაო პიერ?
თბილ თითებს ვუკოცნიდი. მეჩვენებოდა, რომ მის თითებში გამავალ თითოეულ ნერვს ვგრძნობდი. ვგრძნობდი, როგორ იცვლებოდა რიტას მზერის მიმართულებაც: ჩემგან სუზისაკენ, მერე სუზისგან კვლავ ჩემსკენ. ბავშვობის ერთ-ერთი პირველი მოგონება დამიდგა თვალწინ. ოთხი თუ ხუთი წლის ვიყავი. რიტა და სუზი საპარიკმახეროში წავიდნენ და თან წამიყოლიეს. წარმოუდგენლად გადაჩახჩახებულ, ნელსურნელოვან ოთახში აღმოვჩნდი უცებ. ყველაფერი, თითქმის ადამიანების ჩათვლით, ერთიმეორეს ირეკლავდა, ყველაფერი კრიალებდა და ბრწყინავდა. თეთრხალათიანი ქალები ნარნარებდნენ ფერიებივით. საავადმყოფოშიც მყავდა თეთრხალათიანი ქალები ნანახი, მაგრამ ისინი ცუდი თეთრხალათიანები იყვნენ, ესენი კი დაუჯერებლად კარგნი.
რიტა და სუზი ერთმანეთისადმი ზურგშექცევით დასვეს და მათ გალამაზებას მიჰყვეს ხელი. მე კედელთან, სკამზე ჩამომსვეს, ორივესაგან თანაბარი დაშორებით. ირგვლივ ათასნაირი ნივთი ელაგა, ზოგი ნაცნობი, ზოგი უცნობი, მაგრამ ყველაფერი, თვით უბრალო მაკრატელიც კი, ამ ფერიების ხელში სულ სხვანაირი ჩანდა. მაკრატლები სულ სხვა ხმაზე კრაჭუნობდნენ, ფერიები ხანდახან რაღაც ნივთებს დენში აერთებდნენ და ისინიც გულშიჩამწვდომ ზუზუნს იწყებდნენ. და ამ მოზუზუნე ნივთებით ისინი რიტასა და სუზის თავებს დასტრიალებდნენ. რიტა და სუზი მიბნედილი მზერით ერთმანეთის გამოსახულებებს აკვირდებოდნენ, უღიმოდნენ, ელაპარაკებოდნენ... ვხედავდი, როგორ ხვდებოდა მათი სიტყვები სარკეებს, ირეკლებოდა და მეორე მხარეს მიექანებოდა. ხანდახან გინზბურგისა და ბირკინის ხმებში იბლანდებოდა და ქრებოდა, ხანდახან ტყვიასავით გაკვეთდა ხოლმე ნოტებითა და პარფიუმერიით გაჟღენთილ ჰაერს... ფერიები საკუთარ ჯადოქრობებს სჩადიოდნენ: ქერა სუზი წითელთმიან სუზიდ გარდაქმნეს, შავგვრემანი რიტა კი ქერა რიტად... ვიჯექი გაბრუებული ვუყურებდი, ჩემი ლამაზი დედები თვალსა და ხელს შუა როგორ ხდებოდნენ კიდევ უფრო ლამაზი ჩემი დედები და თვალსა ხელს შუა როგორ მიყვარდებოდა ისინი უფრო მეტად...
- პიერ, პიერ! - ჩამესმა.
თავი ავწიე და რიტას შევხედე.
- ჰო...
- რა გჭირს, პიერ?
- დე, წავიდეთ საპარიკმახეროში...
- სად?
- საპარიკმახეროში... მე, შენ და სუზი წავიდეთ ახლა საპარიკმახეროში. თქვენ თმა შეიჭერით, შეიღებეთ ან დაივარცხნეთ, მე კი გიყურებთ...
რიტამ საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიდო და დაატრიალა. სუზის შევხედე. მანაც მიიდო თითი საფეთქელთან და დაატრიალა, თუმცა თბილად გამიღიმა და დაამატა:
- კარგი, წავიდეთ!
© kalmasoba.com

Wednesday, February 16, 2011

დათო ქარდავა – ტუალეტში საკითხავი


დათო ქარდავამ ამ ტექსტის შექმნა თავისი მეგობრების თვალწინ დაიწყო facebook-ში। ნაწილ-ნაწილ, "ნოუთებად" ბეჭდავდა და გვთაგავდა (ღმერთმა მაპატიოს ეს ამდენი ქსელური ნეოლოგიზმი) ყველას, ვისაც ამ ტექსტის წამკითხველად მიიჩნევდა। სულ 6 ნაწილი დაბეჭდა। უკვე მესამე ნაწილის გამოგზავნისას (დათაგვისას) დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემთანაც, აქ, "ლიტერატურა - ცხელ შოკოლადშიც" დავბეჭდავდი ამ "კვლევის" შევსებულ ვერსიას. რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც დათო ქარდავას (ჯიმშერ რეხვიაშვილს) დამეგრობრებული არ ჰყავს facebook-ში?... მოკლედ, წაიკითხეთ, იხალისეთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ცოტა ხანში წრე კიდევ უფრო გაფართოვდება, რადგან "ტუალეტის საკითხავს" "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" წიგნადაც დაბეჭდავს. შედარებით სრულ ვერსიას.
რედაქტორი

ნაწილი 1
წაკითხვისთანავე ჩარეცხე!
კარცერ-ლუქსი იმ ფორმით, როგორზედაც უფროსი ძმა კეჟერაძე ოცნებობდა, ალბათ, უტოპიად დარჩება, თუმცა 21-ე საუკუნემ და მრეწველობის მიღწევათა ხელმისაწვდომობამ, ერთგვარ კარცერ-ლუქსს დაამსგავსა საშუალო შეძლების ადამიანის საპირფარეშო, ანუ ფეხსალაგი, რომელიც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ოთახი ან ნაგებობაა ბუნებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყიფილებლად. და მართლაც, საიმედოდ მყარი, ადამიანის უნდივიდუალურ ჯგუფთა ანთროპოლოგიურ მონაცემებზე გათვლილი უნიტაზი, წყლისა და აკუსტიკის დამჭერი კაფელ-მეტლახი და განიავების ეფექტიანი სისტემა - ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად განმარტოებული ადამიანი, პარალულურად კითხვითაც დაკავდეს. თუმცა, ეს არც ისეთი საპირფარეშოა, როგორიც ლაშა ბუღაძის მოთხრობაში „ბრჭყალებში“-ა აღწერილი:
„წიგნებით სავსე ფეხსალაგში ყველაზე პატარა ადგილს უნიტაზი და ონკანი იკავებდა. აქ სარკეც კი არ იყო, რომ არაფერი ვთქვათ ტუალეტის ქაღალდზე, რადგან მას ღირსეულად ცვლიდა ახალბედა ავტორთა წიგნებიდან ამოხეული არაერთი უინტერესო “თავი”. “ბიბლიოთეკაში მივდივარ”, – იტყოდა ხოლმე ოსტატი და ფეხსალაგში შედიოდა, კედელი, ჭერიც კი – წიგნებით იყო სავსე. ჭერზე მიწებებულ წიგნებს (კერძოდ: პლუტარქეს ორტომეულს, ფლობერის “მადამ ბოვარის”, ნემიროვიჩ-დანჩენკოს “თეატრის დაბადებას”, უცხო სიტყვათა ლექსიკონსა და თეოფილ გოტიეს ლექსების კრებულს) სპეციალური წებო ამაგრებდა, რომელიც მათ მფლობელს ჯერ კიდევ თეირანში ყოფნის დროს ეყიდა.“
ამგვარი უტრირების მიუხედავად, საპირფარეშოში კითხვა ადამიანის ყოფის ნაწილია და, ცხადია ის არაა ლოკალური მოვლენა. ჩინელი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე უიან სიუ (1007-1072) ამტკიცებდა, რომ ყველაზე უკეთ ნაწარმოებებს ცხენზე ჯდომისას, მხართეძოზე წამოწოლილი და საპირფარეშოში ქმნიდა. საერთოდაც, ჩინეთში მიღებული იყო ტუალეტში კითხვა, მათ შორის ხმამაღლა კითხვაც. ძველ რომში კი საპირფარეშოები შეხვედრების, საქმეთა გარჩევებისა და ჭორების განხილვის ადგილი იყო. რომაელი მოქალაქისათვის წარმოუდგენელი იყო ერთადგილიან „კაბინაში“ ჯდომა. რიჩარდ ვუდი წიგნში, რომელიც ტუალეტების ისტორიას ეძღვნება, აღნიშნავს, რომ რომში 315 წელს 144 საზოგადოებრივი ტუალეტი იყო და ზოგიერთი მათგანი 50 კაცზე იყო გათვლილი.
საპირფარეშოში კითხვისკენ თანამედროვე ადამიანს (რომელიც რომის მოქალაქისგან განსხვავებით, მარტოა გამოკეტილი) თვალსაწიერის გაფართოების წყურვილზე მეტად, უალტერნატივობა უბიძგებს. გარეთ დიდი არჩევანია, ათასი რამით შეიძლება დაკავდე, მაშინ როცა საპირფარეშოში, სადაც სივრცე და, შესაბამისად, არჩევანი შეზღუდულია, კითხვა დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა. კითხულობენ როგორც გაზეთს, ჟურნალსა და წიგნს, ასევე ახალ ამბებსა და ელექტრონულ წიგნებს, რომლებიც ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონით შეიძლება ჩამოტვირთო, თუმცა მობილური ტელეფონით საპირფარეშოში შესვლით იზრდება ძვირფასი ნივთის დაკარგვის რისკი, რომელიც ერთიათად მაღალია სოფლად გავრცელებულ ფეხსალაგებში, სადაც სხვა მნიშვნელოვან საგნებსაც (სათვალეს, საფულეს, გასაღებსა და ა.შ.) შეიძლება გამოეთხოვოთ. ბესიკ ხარანაულის „სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდის“ პირველ სიმღერაში არის ასეთი თავი, „ფეხსალაგის ორმოების ჟამი“, რომელშიც „მთვრალ ინტენდანტს ფართო ჩასაჯმელ ხვრელში ნაგანი ჩაუვარდება, მაგრამ დაათრობს არყით სალდათს და იმას ამოაღებინებს“. თუმცა, ისეც ხდება, რომ ფეხსალაგის ორმოებში სულიერი არსებანიც ცვივა. ქათმები და სხვა წვრილფეხობა იქით იყოს. ლაპარაკია, თვით ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანზე. ცნობილია, რომ შუასაუკუნეების ევროპაში ფეხსალაგის ორმოებს სახლების ქვეშაც თხრიდნენ. სწორედ ასეთ ორმოში აღმოჩნდნენ 1183 წელს ერფურტის ციხე-სიმაგრეში მყოფი იმპერატორი ფრიდრიხი და მისი რაინდები, რომლებსაც იატაკი ჩაენგრათ და მძღნერით სავსე ორმში 12 მეტრი სიმაღლიდან ჩაცვივდნენ. ნუ იტყვით და თურმე ბევრი მათგანი დამხვრჩალა.

ფასიანიც და უფასოც

თუ ცნობილი ისტორიული თხზულების „12 კეისრის ცხოვრების“ ავტორს ვერწმუნებით, ფასიანი საზოგადოებრივი ტუალეტების ისტორია სათავეს იღებს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან: Pecunia non olet - ფული არ ყარსო, უთქვამს იმპერატორ ვესპასიანეს უკმაყოფილო ვაჟისათვის, როცა რომის საზოგადოებრივი საპირფარეშოებიდან პირველი შემოსავალი მიუღია.
ორგანიზების თვალსაზრისით, ასხვავებენ სამი ტიპის ტუალეტს: სტიქიურს, საზოგადოებრივსა და კერძოს. კერძოსთან მიმართებით ყველაფერი ცხადია. ის შეიძლება ფასიანიც იყოს და უფასოც.
სტიქიურია და, შესაბამისად, უფასო ნებისმიერი თვალსმოფარებული ადგილი (სკვერები, თაღები, სადარბაზოები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ა.შ.).
რაც შეეხება საზოგადოებრივს, ის, როგორც წესი, ფასიანია და შეიძლება იყოს როგორც სტაციონარული, ასევე - მობილური, გადასატანი. ლაპარაკია, ეგრთეთწოდებულ ტუალეტ-კაბინაზე, რომლის პირველი ეგზემპლარი ნიუ-იორკში გამოსცადეს (კაბინის ფასი 350 დოლარი, შესვლის ღირებულება 25 ცენტი. 20 წუთის შემდეგ კარი ავტომატურად იღებოდა), თუმცა მარჯვე ადამიანების ძალისხმევით ტუალეტი-კაბინა იოლად შეიძლება იქცეს სტიქიურ ტუალეტად, რისი ნახვაც შეიძლებოდა ერთ-ერთი უკანასკნელი სამხედრო აღლუმის დროს, როცა „ელბაქიძის დაღმართზე“ (მ. ჯავახიშვილის ქუჩა) შეკრებილი ქართველი ჯარისკაცები კაბინებში შესვლის ნაცვლად, კაბინებს აფსამდნენ.

"ქარი წუოდა ჩეჩმის ნაფოტებში“

საპირფარეშოებს ტექნიკური აღჭურვითაც ასხვავებენ: იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქალაქად უნიტაზიანი, ხოლო სოფლად ნახვრეტიანი საპირფარეშოები გვხვდება. პირველი მეტად კომფორტულია, მეორე - ნაკლებად. სოფლად ბევრისთვის დღემდე მიუღებელია „ჩეჩმის“ სახლში შეტანა.
რეზო გაბრიაძის რომანში „ქუთაისი ქალაქია!“ წამოჭრილ ჩეჩმების რეორგანიზების ამ პრობლემას (რასაც კინაღამ შეეწირა გერმანელი ტყვე ოტო შულცი) დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. გაბრიაძესთან მცდელობა წარუმატებლად დასრულდა: „სროლით გამოეკიდა გერმანელს. ვის გაუბედე!? პორფირია ბრეგვაძისა და მატა ბალანჩივაძის დანატოვარს?! ომი წააგეს და ახლა ძღრენით უნდათ აგვივსონ ოჯახი! - ვერ წყნარდებოდა ბაბუა.“ ამ დროს კი „ქარი წუოდა ჩეჩმის ნაფოტებში, დროშასავით ფრიალებდა გეოლოგის პლაშის ნაგლეჯები, რაც ჩეჩმას სიდიადეს მატებდა.“
აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ორმოიანი ფეხსალაგები ყოფილა გავრცელებული, მაშინ როცა „იმერთში ფეხსალაგებს ზეზეულ დგამდნენ და „ჩეჩმას“ ეძახდნენ და, რომ, როგორც კი კაცი ჩეჩმისკენ გაემართებოდა, ღორებიც შორიდან მორბოდნენ წინასწარულად კმაყოფილ ღრუტუნით, და, რომ იქაც ყოფილა უსიამნოსავით შემთხვევა, როცა ვიღაცას ლამის მიწამდე ჩაკიდვია ყვერები და ღორებს პირი უტაციათ.“ (ბესიკ ხარანაული. „სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა“)
ფეხსალაგს ღრმად აქვს ფესვი გადმული საქართველოს ყოფით კულტურაში და მის მოშლას კანალიზაციის ქსელის სიმწირე აფერხებს. 21-ე საუკუნეშიც კი საქართველოს მოსახლეობის, სულ ცოტა ნახევარს, ხელი არ მიუწვდება ცენტრალიზებულ კანალიზაციაზე...

ნაწილი 2

სამყარო კანალიზაციის გარეშე

ჩვ. წ. აღრიცხვის 5-ე საუკუნეში, როცა არსებობა შეწყვიტა რომის იმპერიამ, ლათინების სხვა ღმერთებთან ერთად დაეცნენ Crepitus და Cloacina-ს, საპირფარეშოებისა და მიწისქვეშა წყლების მფარველი ღვთაებები. რომის დაცემას დაემთხვა ყოფითი კულტურის, მათ შორის კანალიზაციის, როგორც სისტემის რღვევის ხანა. შუასაუკუნეების ევროპაში აღარც საზოგადოებრივი საპირფარეშოები არსებობდა და, შესაბამისად, ვერც ჰერაკლიტესავით იტყოდა ვინმე, Panta rei! ანუ ყოველივე მიედინება, წარმავალიაო!
სამყარომ კანალიზაციის გამართული (თანამედროვე) სისტემის გარეშე ლამის ჩვენი წელთაღრიცხვის 19-ე საუკუნის მეორე ნახევრამდე გაძლო. შუასაუკუნეების ევროპაში ციხე-სიმაგრეებში, როგორც წესი, გამოყოფილი ჰქონდათ სპეციალური ადგილები (გარეკედლებში დატანებული გარდერობები), რომლებიც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებოდა. ექსკრემენტები ცვიოდა პირდაპირ წყლით სავსე თხრილში ან თუ გარდერობს ჰქონდა დახრილი იატაკი, მას წყლით ჩარეცხდნენ ხოლმე...
მიღებული იყო ღამის განმავლობაში ნაგროვები ექსკრემენტების პირდაპირ ფანჯრიდან გადაღვრაც, რის გამოც ქუჩები აუტანლად ყარდა. 1270 წელს პარიზში გამოსცეს ბრძანება, რომელიც უკრძალავდა მოქალაქეებს ფანჯრებიდან სიბინძურეების გადაღვრას, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრძანება არ სრულდებოდა, რადგანაც 100 წლის შემდეგ ისევ გამოსცეს კანონი, რომელმაც აკრძალა გაფრთხილების გარეშე ზედასართულებიდან ექსკრემენტების გადაყრა: ვიდრე ღამის ქოთანს დაცლიდა, მოქალაქეს სამჯერ უნდა უნდა დაეძახა: „Gare L'eau!“ - “ფრთხილად წყალია!“.
1364 წელს ვინმე ტომას დიბიუსონმა მიიღო დავალება დაეხატა ჭყეტელა-მკვეთრ ფერებში ჯვრები ბაღსა და ლუვრის დერეფნებში, რათა თავი შეეკავებინათ „წმინდა ადგილების“ წაბილწვისგან, მაგრამ მდგომარეობა 300 წლის შემდეგაც უცვლელი იყო...
ინგლისში ტუალეტები შენდებოდა მდინარეებზე, თუმცა მდიდარი ინგლისელები ექსკრემენტებით სავსე ჭურჭელს ბუხარშიც ცლიდნენ ანდა პირდაპირ აგიზგიზებულ ბუხარში მოისაქმებდნენ.
იაპონიაში ტუალეტი-ქოხი იდგმებოდა ხიდზე. მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის განავალი ხელს უწყობდა თევზის ზრდას. ასეთი ქოხები მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა. ძველ კიოტოში არისტოკრატები იყენებდნენ ღამის ქოთანს - ხის ოთკუთხედ მორს, რომელსაც ბატონისათვის მოსამსახურეები დაათრევდნენ. იმის გამო, რომ იაპონელ დიდგვაროვნებს არაერთი კიმონო, ხალათი და მოსასხამი ეცვათ (მათი რაოდენობა 12-მდე აღწევდა) ფეხსალაგში მოსამსახურეების გარეშე ვერ შედიოდნენ: ერთი მოსამსახურე სპეციალურად ამ საქმისათვის დამზადებული ორკაპით უკავებდა ტანსაცმლის კალთებს, მეორე კი შეუცურებდა ღამის ქოთანს. სტაციონარული ტუალეტი მხოლოდ 13 საუკუნეში გამოჩნდა. იმერული ჩეჩმის მსგავსად, ტუალეტის იატაკში ამოჭრილი იყო ოთხკუთხედის ფორმის ღრმული, სადაც იდგა ხის ყუთი, რომელსაც გავსების შემდეგ ცლიდნენ („ყუთში კეთება“ დეფეკაციის სინონიმადაც მიიჩნეოდა). იაპონელები არ ხმარობდნენ ჩამოსაჯდომ სავარძელს (დაცუცქულები მოისაქმებდნენ). სავარძლიანი (უნიტაზიანი) საპირფარეშოები მოგვიანებით გაჩნდა, თუმცა უნიტაზს ძირითადად შინ, სახლებში იყენებენ. თავს იჩენს იაპონელთა თვისება თავი აარიდონ სხვასთან ფიზიკურ კონტაქტს. აკი ხელის ჩამორთმევის ნაცვლადაც ერთმანეთს კვერს უკრავენ, მითუმეტეს ვერ ჩამოსხდებიან უნიტაზზე, რომელიც ჯერ კიდევ სხვის სითბოს ინახავს.
1699 წელს პეტრე პირველმა გამოსცა უკაზი „о соблудении чистоты в Москве и о наказании за выбрасывание сору и всякого помету на улицы и переулки“.
1871 წელს გაზეთი „Русская летопись“ აღწერს წითელ მოედანს, სადაც „настояшая зараза от текуших по сторонам вонючих потоков. Около памятника (Минину и Пожарскому) будки на манер парижских писуаров, к ним и подойти противно. Ручьи текут вниз по горе около самых лавок с фруктами (П.С. Гуревич „Цивилизация начинается с канализации“).
19-ე სუკუნის მიწურულს უკეთესი ვითარება არ იყო ტფილისში, რომელსაც არც წყალსადენი ჰქონდა და არც - კანალიზაცია. ქალაქის ვიწრო, ტალახიანი ქუჩებისათვის დამახასიათებული იყო ასეთი სახელები: „Вонючая балка“, „Грязный проход“, „Собачья деревня“.
კანალიზაციის გაყვანა პირველ რიგში არისტოკრატიულსა და ბურჟუაზიულ კვარტალებში დაიწყო. 20-ე საუკუნის დამდეგისათვის თბილისის კანალიზაციის საერთო სიგრძე მხოლოდ 25 ვერსს (ვერსი - 1,06 კმ) შეადგენდა, მაშინ როცა ტფილისის ქუჩების საერთო სიგრძე 109 ვერსი იყო.
კანალიზაციის მშენებლობას პირველი ბიძგი მისცა წყალსადენმა, რომელიც ყორღანოვმა 1861 წელს ააშენა: მტკვრის ნაპირას მოწყობილი წყლის საქაჩი ორთქლის მანქანა მდინარის წყალს 15 საჟენზე (საჟენი 2,13 სმ) სწევდა და ხის რეზერვუარებში აგროვებდა, იქედან კი წყალი თვითდინებით მიდიოდა ქალაქის მაღალი ფენის ბინებში - გოლოვინისა და სოლოლაკის უბნებში. თუმცა ეს წყალსადენი ტფილისის მოთხოვნილებას ოდანვაც ვერ აკმაყოფილებდა. 1875 წელს ქალაქს დღე-ღამეში 1,5 მლიონი ვედრო წყალი ესაჭირეობოდა („თბილისი ისტორია“, შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე. 1958 წ).
სიბინუძურითა და სიმყრალით 19-ე საუკუნის საქართველო ახლოსაც კი ვერ მივიდოდა მრავალასეულმილიონიან ინდოეთთან, სადაც მოსახლეობის 2/3 ღია ცის ქვეშ მოისაქმებდა. ინგლისელი კოლონიზატორები ინდურ ქალაქებს ირონიულად „მასიურ საპირფარეშოებს“ უწოდებდნენ. ინდოეთში სანიტარულ-ჰიგიენური რევოლუცია უკავშირდება Dr. Bindeshwar Pathak-ის სახელს. ამ ადამიანმა 1970 წელს დააფუძნა მოძრაობა ხელმისაწვდომი სანიტარიისათვის (Sulabh Sanitation Movement), რომლის დევიზია: ტუალეტი ყველა ოჯახს! ცნობილია Mahatma Gandhi-ს ფორმულაც: “Tatti par mitti” (cover human excreta with soil), ანუ ექსკრემენტების მიწით დაფარვა.

უნიტაზი - ცივილიზაციის მნიშვნელოვანი მონაპოვარი

ირკვევა, რომ საპირფარეშოების კეთილმოწყობაზე უზრუნვია ლეონარდო დავინჩისაც, რომელმაც ფრანცისკ პირველისათვის დააპროექტა საპირფარეშო წყლის მომარაგებით, ჩასარეცხითა და კანალიზაციის გაყვანილობით, მაგრამ ყოველივე ეს, როგორც ფლორენციელი გენიოსის ბევრი სხვა ნააზრევი, ქაღალდზე დარჩა.
პირველი ჩასარეცხი მოწყობილობის მქონე უნიტაზი ბუკინგემის სასახლეში (Buckingham Palace) 1842 წელს დაუდგამთ, უფრო ადრე დედოფალ ვიქტორიასათვის დაუმზადებიათ ფაიფურის ჭურჭელი. თანამდროვე ფორმის უნიტაზიც დაუმზადებიათ ბრიტანელ პლამბერებს 1865 წელს, უნიტაზის მილისათვის V-ს ფორმის მიცემის გენიალური იდეა კი ალექსანდერ კამინგსს მოსვლია. შედეგად, ზიარჭურჭელში წყლის დონეების თნაბრობის პრინციპით, შესაძლებელი გამხდარა წყლის საცობით მილის იზოლირება და უსიამოვნო სუნისგან თავის დაღწევა,
ტომას კრეპერმა (Thomas Crapper) სამყაროს აჩუქა გენიალური გამოგონება პირობითი სახელწოდებით „მოქაჩე ზონარს“, რომლის მიხედვითაც მოწყობილ სისტემაში წყლის ავზი მდებარეობს უნიტაზს ზემოთ (დაახლოებით 2 მ სიმაღლეზე), საიდანაც დაშვებულ წყალს ადამიანის სკორე კანალიზაციის ქსელში გადააქვს. ეს სისტემა ფართოდ იყო გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მათ შორის საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, კრეპერის ზონარისთვის ჩვენც არაერთხელ მოგვიქაჩავს.
ტომას კრეპერი სანტექნიკა-კანალიზაციის სფეროს აინშტაინია. ერთ-ერთი ვერსიით ინგლისური სიტყვა "crap“ (ადამიანის სკორე) მისი გვარის მიხედვითაა ნაწარმოები, თუმცა ენეათმეცნიერები ამ ვერსიას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ...

ნაწილი 3

ბატიდან Selpak-ის სათნოებამდე

„სასკორავი, ვითა სტვირი,
ბუნების ხმას ავაყოლე,
არემარე ავაყროლე.
სულ არ მებას ნეტა ცხვირი“. – ეს ფრანსუა რაბლეს გარგანტუაა, რომელიც ყიამყრალობასთან ერთად იშვიათი სიბრძნითაც გამოირჩეოდა:
„გამოწმენდა მოსკორვისა მერე ეგების, თუ არ მოსკორე და სასკორავი სკორითა არ გამოგეგლისა, არცა გამოწმენდა გმართებს... ჟამ-ჟამად დედალიცა გამომისვამს და მამალიცა, ვარიაცა, ხბოს ტყავიცა, კურდღელიცა, მტრედიცა, თევზიყლაპიაცა, ვექილისა გუდა-ნაბადიცა, ყაბალახიცა, ჩაჩიცა, ჩიტისა თავრიელიცა. ბოლოში კი ერთი რამ უცილოდ უნდა ვთქვა: გამოსაწმენდად ბატისთანა, ტყუილია, ქვეყნიერებაზედ არა არის რა, ოღონდ გამოსმის ჟამსა ლაჯთა შუა თავით უნდა გეჭიროს, დახუჭულ თვალსა იმჟამად დია ეამება, რაკი, ჯერ ერთი, ბატისა გერმა ნაზი რამ არის და მეორეცა, თვითონ ბატია თბილი და უკანტანითა თუ კუჭ-ნაწლავითა სითბო პირდაპირ გულსა და ტვინში გარბის.“
გარგანტუსთან მიმართებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ იქცეოდნენ ჩვეულებრივი, მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ვიდრე ჯეიმს ოკლოკი 1857 წელს ტუალეტისთვის გამოსადეგ პირველ ქაღალდს დაამზადებდა?
ითვლება, რომ ტუალეტის ქაღალდით მასიური ვაჭრობა 1928 წლიდან იღებს სათავეს. რა ხდებოდა მანამდე?
ქაღალდის ნაცვლად რომაელი ჯარისკაცები იყენებდნენ ხმელთაშუაზღვის ღრუბელს (porifera), რომელიც წამოცმული იყო ჯოხზე. ხმარების შემდეგ ღრუბელს რეცხავდნენ გამავალ წყალში, რისთვისაც იყენებდნენ მარილიანი და ძმრიანი წყლის რეზერვუარს.
„მწყურია!“ - თქვა იესომ. იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი დაადეს უსუპზე და პირთან მიუტანეს. (იოანე 19.29)“
ვინ იცის, იქნებ, რომაელმა ჯარისკაცმა, დაცინვისა და დამცირების მიზნით, ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს სწორედაც რომ ეს ბინძური ნივთი მიუტანა სახესთან?
იაპონიაში იყენებდნენ ხის ფირფიტებს, პალიმფსესტებს, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისა და გადაფხეკვის გამო ინფორმაციის გადასატანად აღარ ვარგოდა,
შემონახულია ძენ-ბუდიზმის ერთ-ერთი პატრიარქის დოგენის (1201-1253) ინსტრუქცია, რომლის ადრესატები მისი მიმდევარი ბერები არიან: „არ იცინო და არ იმღერო! არ იფურთხო, კედლებზო არ წერო! კუჭში გასვლის შემდეგ გამოისვი ან ქაღალდი ან ბამბუკის ფირფიტა. შემდეგ აიღე ჯამი მარჯვენა ხელში და დაისხი მარცხენაზე... ამის შემდეგ დატოვე საპირფარეშო და დაიბანე ხელები შვიდ წყალში. სამჯერ ნაცრით, სამჯერ მიწით და სულ ბოლოს გლედიჩიის (Gleditsia japonica) კვირტებით, რომელიც ანტიბაქტერიული თვისებებით წარმატებით ცვლის საპონს.
საქმე უფრო რთულად იყო მუსლიმებში. შარიათის მიხედვით, მოსაქმების შემდეგ ანუსი უნდა გასუფთავებულიყო სამი (ან მეტი, კენტი რაოდენობის) ქვით. მოციქული ამასთან დაკავშირებით ამბობს: „ვინც იყენებს ქვებს, დაე, მან კენტი რაოდენობით დაასრულოს“. ამასთან ქვა უნდა ეჭიროს მარცხენა ხელში. შემდეგ იცვლიან ადგილს და გადადიან გამობანვის პროცედურებზე. წყალს ისხამენ მარცხენა ხელზე... აფთაბა - დოქი, რომელსაც ტუალეტში ხმარობენ. ყურანის მიხედვით, ალაჰი წყალობს განბანილებს.
ექსტრემალურ პირობებში წყალი შეიძლება ჩაანაცვლოს ქვიშამ:
„მორწმუნენო! ნუ ილოცავთ, როცა წმინდად არ იყვნეთ; მოიცადეთ ვიდრე განიბანებოდეთ... თუ ბუნებრივი საჭიროება აგესრულებინოთ, ან თუ ქალს მიჰკარებოდით, გაიწმინდეთ სახე და ხელები წმინდა მტვრით, თუ წყალი არ გეშოებოდესთ. ღმერთი სულგრძელი და შემბრალებელია“. (ყურანი მუჰამმადისა. ფრანგულიდან თარგმნილი. თბილისი. 1906 წ)
შარიათის თანახმად ათ რამეს შეუძლია წაბილწოს მორწმუნე მაჰმადიანის რიტუალური სისუფთავე:
1. შარდი 2. განავალი 3. სპერმა 4. გვამი 5. სისხლი 6. ძაღლი 7. ღორი 8. არამართლმორწმუნე (ყაფარი) 9. ღვინო 10. ოფლი აქლემისა და იმ ცხოველებისა, რომლებიც უწმინდურებად მიიჩნევიან.

როგორ წყვეტდნენ დეფეკაციის შემდეგ ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქართველები?
ქართულ ისტორიულ, ეთნოგრაფიულ და ლიტერატურულ წყაროებში ყოფითი კულტურის ამ დეტალზე ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება. საქართველოს ისტორია ძირითადად შემოიფარგლება მეფეებისა და წმინდანების ცხოვრებით, რომელიც სავსეა გმირობით, ღალატით თუ სხვა სახის საქმეებით ძირითადად საზოგადოებრივ, სასულიერო და პოლიტიკურ ასპარეზზე. მოვლენები ვითარდება ციხე-დარბაზებში, სუფრასთან, ბრძოლის ველზე, მონასტრებსა და სენაკებში ისე, რომ საპირფარეშოზე სიტყვა არაა დაძრული. უცნაურია, მაგრამ ამ კუთხით სცოდავენ უცხოელი მოგზაურები და მისიონერები (ალექსანდ დიუმა, ჟან შარდენი, არქანჯელო ლამბერტი). ამ თემას არ ეხება იოანე ბატონოშვილი კალმასობაში, სადაც მედიცინასა და ფიზილოგიას ცალკე თავი ეთმობა. ჩეჩმასა და ფეხსალაგს ვერ ხედავს თედო სახოკია „მოგზაურობანში“, რომელიც 19-ე და 20-ე საუკუნეების მიჯნაზე გაკეთებული ეთნოგრაფიული ჩანაწერებისგან შედგება. წიგნში დეტალურადაა აღწერილი გურიის, აჭარის, სამეგერლოსა და აფხაზეთის ყოფა... „ოდა გურიაში ხისაა, საძირკველი სახლისა ნიადაგს ადლნახევარზე აქვს მოშორებული, სარკმლები უეჭველად უნდა გასცქეროდეს ეზოს. ეზოში ბალახია და ხეები, შიგადაშიგ ხილიცაა, ოდას გვერდით 20-30 მხარის სიგრძეზე, სამზადი უდგას. იმის უკან თავლა, ბოსელი, სასიმინდე... ეზოს უკან მოდებული აქვს სიმინდის ყანა...“ - ასეთია ბახველი აზნაურის კარ-მიდამო 19-ე საუკუნის მიწურულს. მსგავსადაა აღწერილი ყოფა აჭარაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში...
იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს კულტურაში არ ყოფილა შემოქმედი, რომელიც თვალს გაუსწორებდა ადამიანს როგორც ერთიან ფიზიოლოგიურ არსებას. დეფეკაციის პროცესი და ადგილი (შესაბამისი ინვენტარითა და ქცევით) თვალსაწიერს მიღმა დარჩა, განსხვავებით საკვებისა და სასმელის მიღებასა, სიყვარულისა, ძილისა და სხვა საქმიანობისა... როგორც ჩანს, ეს პრობლემა (მსკორავი ადამიანის ვერ შემჩნევისა) ლოკალური არაა. ყოველშემთხვევაში, მასზე ნაფიქრი აქვს თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს რომანისტს, მილან კუნდერას, რომელიც „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის“ მეექვსე თავში („დიდი ლაშქრობა“) დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს:
„...შესაქმის პირველი თავიდან გამომდინარეობს, რომ სამყარო შეიქმნა სამართლიანად და ყოფიერებაც მშვენიერია. ამ ძირითად რწმენას ვუწოდოთ ყოფიერებასთან კატეგორიული თანხმობა... დეფეკაციის წუთები - ესაა ყოველდღიური მტკიცება შესაქმის მიუღებლობისა. ირიდან ერთია: ან სკორეა მისაღები (და ჩვენ არ ვიკეტებით საპირფარეშოში) ან ჩვენ გავჩნდით (შევიქმენით) მიუღებელი სახით. აქედან გამომდინარე, ყოფიერებასთან კატეგორიული თანხმობის ესთეტიკური იდეალია სამყარო, რომელშიც სკორე უარყოფილია და ყველა იქცევა ისე, თითქოს ის (სკორე) საერთოდ არ ასებობს. ამგვარი ესთეტიური იდეალი იწოდება კიტჩად.“
ოდნავ ქვემოთ, კუნდერა განმარტავს: კიტჩი არის სკორეს აბსოლუტური უარყოფა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. კიტჩი გამორიცხავს თვალსაწიერიდან ყველაფერ იმას, რაც ადამიანური არსებობისათვისთავისი არსით მიუღებელია.
თუ მილან კუნდერას დავუჯერებთ, გამოდის, კიტჩში გვიცხოვრია ჩვენ და ჩვენ წინაპრებსაც. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ კიტჩმა (კუნდერასეული გაგებით) დაღუპა იაკობ ჯუღაშვილი, სტალინის უფროსი ვაჟი. კვლავ მილან კუნდერას „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“:
„Лишь в 1980 году мы смогли прочесть в "Санди тайме", как умер сын Сталина, Яков. Взятый в плен во время второй мировой войны, он был помещен в немецкий лагерь вместе с английскими офицерами. У них был общий сортир. Сын Сталина обычно оставлял его после себя загаженным. Англичанам не по нутру было видеть сортир, измазанный говном, хотя это и было говно сына самого могущественного тогда человека в мире. Они попрекнули его. Он оскорбился. Они продолжали попрекать его и принуждали чистить сортир. Яков возмутился, рассорился с ними, затеял драку. В конце концов попросил у начальника лагеря выслушать его. Хотел, чтобы тот рассудил их. Но спесивый немец не пожелал говорить о говне. Сын Сталина не смог снести унижения. Исторгая в небо страшную русскую брань, он бросился к заряженной электрическим током колючей проволоке, ограждавшей лагерь. И угодил прямо в цель. Его тело, которому уже никогда больше не суждено было загадить англичанам сортир, так и осталось висеть на проволочном заграждении.“
ცხადია, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა!

ნაწილი 4

ადგილი, სადაც შეიძლება შერცხვე

ალექსანდრე ნეიმანის „ქართულ სინონიმთა ლექსიკონის“ მიხედვით, ტუალეტის სინონიმებია: საპირფარეშო, საჭიროების ადგილი, ფეხსადგილი, სეირანი, ზარული, ადაბხანა, ჩეჩმა, სათავნაპირო. ასევე იტყვიან სარტირს (ფრანგული ევფემიზმიდან je dois sortir- „უნდა გავიდე“)) და “ნოლ-ნოლს“. ამ სიტყვების აბსოლუტური უმეტესობა ევფემიზმია.
კორეაში ტუალეტსა და დეფეკაციაზე საუბარი არ ითვლება საჩოთირო ამბად. ხშირ შემთხვევაში, ქალები და კაცები საერთო სივრცითაც სარგებლობენ: ქალები ისე შედიან კაბინებში, რომ იქვე პისუარებთან მდგომ მამაკაცებს ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენთან ასეთი რამ წარმოუდგენელია. ქალს (კაცს) მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება შეცდომა, რომლის წყალობითაც მამაკაცთა (ქალთა) ტუალეტში აღმოჩნდა. ჩვენთვის ტუალეტი ესაა ადგილი, სადაც ყველაზე იოლად შეიძლება შერცხვე!
საბჭოთა კავშირში (მათ შორის საქართველოშიც) ადამიანები ისე იქცეოდნენ, თითქოს ტუალეტი საერთოდ არ სჭირებოდათ. ეს ქცევა, პირველ რიგში, გამოიხატებოდა საზოგადოებრივი ტუალეტების სიმცირესა და მოუწყობლობაში. უცნაურია, მაგრამ დედამიწის მეექვსედზე გადაჭიმულ ქვეყანაში, რომელმაც გახლიჩა ატომი და გაიყვანა ადამიანი კოსმოში, გამართულად მომუშავე საზოგადოებრივ საპირფარეშოს ვერ ნახავდით. საბჭოეთში მოხვედრილი ყველა ადამიანი, ვისაც ანოსმია არ სტანჯავდა, სხვის დაუხმარებლად, იოლად მიაგნებდა საპირფარეშოს ქუჩაში, თეატრში, სასტუმროში, რკინიგზის სადგურში, აეროპორტში, უმაღლეს სასწავლებლებელში, სკოლაში, საავადმყოფოში და სხვა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში.
საბჭოთა საქართველო იყო კიტჩის კლასიკური ქვეყანა, სადაც ადამიანები საკუთარ სკორეს ან ვერ ამჩნევდნენ ან ისე უყურებდნენ, როგორც სხვისას (იაკობ ჯუღაშვილის დაღუპვის ინგლისური ვერსიაც ამის დასტურია). შესაბამისად, საპირფარეშოში სისუფთავის დაცვა არ იყო ჩვეულებრივი სამუშაო ან მხოლოდ ჰიგიენაზე ზრუნვა. ტუალეტს ჰქონდა ერთგვარი სიმბოლური, სადამსჯელო და დამთრგუნველი ფუნქციაც. წითელ არმიაში ქართველები (მეტნაკლებად კავკასიის სხვა ხალხების წარმომადგენლებიც) თაკილობდნენ საპირფარეშოების დალაგებას. ამჯობინებდნენ გაცილებით მძიმე ფიზიკურ და, მათი აზრით, ღირსეულ სამუშაოს. ვინც, სხვა ჯარისკაცების მსგავსად, ტუალეტს დაალაგებდა, თანატომელთა თვალში ავტორიტეტთან ერთად დაჰკარგავდა იმუნიტეტს, წინააღმდეგობის გაწევის უნარს: ის ვეღარასოდეს იტყოდა უარს „ბინძური სამუშაოს“ შესრულებაზე. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ „გატეხილ ჯარისკაცს“ სხვა გაუტეხავები და მათ შორის თანატომელებიც ეპყრობოდნენ ისე, როგორც მონას!
საბჭოთა საპყრობილეში კი ადამიანობა სულაც ექსკრემენტების რეზერვუარიდან (პარაშიდან) მანძილით იზომებოდა. პარაშა იყო ღირსების ბარომეტის ერთგვარი შკალა: პარაშის გვერდით ყველაზე უუფლობო პატიმარი ცხოვრობდა, პარაშიდან ყველაზე შორის, ფანჯარასთან კი - ყველაზე პრივილეგირებული. საერთო რეზერვუარის გატანასაც ერთსადაიმავე, ფაქტობრივად უუფლებო პატიმრებს აიძულებდნენ.
უკიდურეს დამცირებად მიიჩნევა სკორეს წაცხება ან წაცხების ვერბალური მუქარა. ივ. ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია“-ში (ტომი პირველი. ქართველების წარმართობა.“) გვხვდება არსენ ონიანის მიერ 1917 წელს გაკეთებული "ადრეკილაა"-ს დღესასწაულის აღწერა, რომლის მიხედვითაც „მეფერხულენი რვა კაცი ერთი მხრით დადგებიან, რვა კიდევ მეორე მხრით და სიმღერას დასძახებენ, რომელიც ასე იწყება: "ადრეკილაა წაგვივიდა და მოგვივიდა". ამ სიმღერის მეორე წინადადებად მეფერხულენი ამბობენ ხოლმე: "ა თქვენისთანა ვაჟებს (ე. ი. მამაკაცებს) თხემებზე ძაღლის სკორემც მოგვიცხია, მოგვიცხია"-ო. ამ მეორე წარსათქმელს მესამე და შემდეგი წარსათქმელი მისდევს, რომლებშიაც "ამისთანა ვაჟებს" მათი სხეულის ყოველ ასოს ასეთსავე უკადრისობას ემუქრებიან.“
დასჯის განსაკუთრებით სასტიკ და სამარცხვინო ფორმად ითვლება მკვლელობა საპირფარეშოში, სადაც არათუ რიტუალური სისუფათვეა დარღვეული, არამედ ჰიგიენის ელემენტარული ნორმებიც არაა დაცული. შემთხვევით არ იყო, რომ 1999 წელს პრემიერ-მინისტრად დანიშნული ვლადიმირ პუტინი არ დასჯერდა ბანალურ მუქარას და სარტირში მკვლელობით („в сортире замочим“) დაემუქრა მეამბოხე ჩეჩნებს:
„…Мы будем преследовать террористов везде. В аэропорту — в аэропорту. Значит, вы уж меня извините, в туалете поймаем, мы и в сортире их замочим, в конце концов.“
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე ამტკიცებს, რომ ვლადიმირ პუტინმა ეს მუქარა შეასრულა. ჟურნალ თბილისელებისათვის 2009 წლის 16 ივლისს მიცემულ ინტერვიუში თარგამაძე ლაპარაკობს 2001 წელს მართვადი ნაღმით საკურად ფეხსალაგში მოკლულ ვეფხია მარგოშვილზე, რომელსაც, გარცელებული ინფორმაციით, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩეჩენ მეამბოხეებთან. ინტერვიუს ფრაგმენტი:
კახა თარგამაძე: „...მარგოშვილის ჯგუფის განადგურება არ დაიბრალოს არცერთმა ქართველმა, ეს გააკეთეს რუსებმა (იცინის).“
“თბილისელები“: „მკითხველს გავახსენებ, მარგოშვილი ააფეთქეს, ტუალეტში.“
კახა თარგამაძე: „რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა „ბოევიკებზე“, „იხ ბუდუ მოჩიტ ვ სარტირეო“ და შემდეგ ერთ-ერთი შეხვედრისას მითხრა, „ია ნე ტებე პორუჩალ ვ სარტირე მოჩიტ ბოევიკოვ, სვოიმ პორუჩალო“. შაყირობდა...“
სარტირში მოკლული მსხვერპლი უკიდურესად დამცირებულია, ფაქტობრივად ის გათანაბრებულია ტუალეტის ხვრელში მობინადრე ვირთხასთან, რომლის გასრესვასაც არ სჭირდება სამართლებრივი პროცედურების (გამოძიებისა და სასამართლოს) გავლა. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ქუთაისის გარნიზონის ჰაუპტვახტის ეზოში ყოველ ღამე შეიძლეობდა იმის ნახვა, თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანის ფეხის ხმაზე დამფრთხალი ვირთხები იქვე, უკარო სარტირის ხვრელში დაბრუნებას. ვირთხების სიმრავლე და ხვრელის სივიწროვე ქმნიდა დუღილის მსგავს ეფექტს. დაახლოებით ისეთს, როგორსაც ადგილი აქვს ვიწროყელიან ძაბრში წყლის მსხვილი ჭავლის მიშვებისას: ვირთხების ნაწილი ვიდრე ხვრელში მოხვდებოდა, ზევით ხტოდა!
ჰარი პოტერის მეორე წიგნშიც (ჯ. კ.როულინგი. "ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი") "ბნელეთის ბატონი", გველ-ურჩხული ბასილისკო ბინადრობს ქვესნელში, სადაც მოხვედრა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, საპირფარეშოში მდებარე უხილავი კარიდან.
სარტირში (ტუალეტში) მკვლელობა მკვლელის სისასტიკეზეც მეტყველებს. დეფეკაციის დროს ადამიანი დაუცველი და იოლად მოწყვლადია, რის გამოც პოტენციურ მოძალადეში სიბრალულს იწვევს. დიდი ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი იხსენებს ამბავს (Orwell G. Homage to Catalonia and Looking back on the Spanish war. — L.: Secker & Warburg, 1968), რომელიც თავს გადახდა ესპანეთში, სამოქალაქო ომის დროს:
„გამოჩნდნენ ჩვენი თვითმფრინავები. ამ დროს სანგრიდან ამოხტა ჯარისკაცი.., რომელიც გარბოდა ბრუსტვერის გასწვრივ და ორივე ხელით შარვალს იჭერდა. ვერ მოასწრო შარვლის ამოწევა და გაქცეულზე იკრავდა ღილებს. არ ვესროლე... მართალია უხეირო მსროლელი ვარ და 100 იარდიდან ალბათ ვერც მოვარტყამდი, მაგრამ არ ვესროლე ძირითადად იმის გამო, რომ შარვალი ჰქონდა ჩამძვრალი. მე ხომ აქ „ფაშისტების“ დასახოცად მოვედი და ეს შარვალჩახდილი რა „ფაშისტი“ იყო?! ჩემსავით უბრალო ბიჭისთვის როგორ მესროლა?!“.
ცხადია, ვლადიმირ პუტინს ჩეჩენ მეამბოხეებთან ანგარიშის გასწორება ვერბალური მუქარის გარეშეც შეეძლო, უბრალოდ ბრუტალური ტიპის მმართველის იმიჯის ფორმირების პროცესში პუტინმა მიზანშეწონილად ჩათვალა კრიმინალური სამყაროს არგოს (мочить - მკვლელობა ) გამოყენება, თუმცა ტუალეტში სიკვდილი საჩოთირო საქმედ მხოლოდ კრიმინალურ სამყაროში როდი მიიჩნევა. ცნობილი ბელორუსი მწერლის ვასილ ბიკოვის თხზულებაში „Сотников“ პარტიზანი (გვარად რიბაკ), რომელიც გარემოებათა გამო მოღალატედ იქცევა, სიცოცხლის დასრულებას ფეხსალაგში აპირებს... „მოღალატე იმსახურებს ყველაზე სამარცხვინო სიკვდილს“ - ასეთი დასასრული მისაღები იქნებოდა როგორც ლიტერატურის საბჭოთა ფუნქციონერებისათვის, ასევე მაშინდელი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, თუმცა მწერალმა სხვაგვარი დასასრული არჩია:
„Рыбак высморкался, рассеянно нащупав пуговицу, застегнул полушубок. Наверно, ничего уже не поделаешь - такова судьба. Коварная судьба заплутавшего на войне человека. Не в состоянии что-либо придумать сейчас, он отбросил крючок и, стараясь совладать с рассеянностью, вышел из уборной. На пороге, нетерпеливо выглядывая его, стоял начальник полиции.“
ვასილ ბიკოვის ამ ნაწარმოების მიხედვით 1976 წელს გადაიღეს ფილმი „Восхождение “, რომელიც ასევე დაიწუნა საბჭოთა ცენზურამ.
ცხადია, საპირფარეშო, როგორც გარესამყაროსგან იზოლირებული სივრცე, სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა. ვიღაცა ფულს მალავდა, ვიღაცა საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა, ვიღაცა კი პირველ სექსუალურ გამოცდილებას იღებდა. ოთარ ჭილაძის რომანში „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ აღწერილია ვითარება მაკაბელების ოჯახში, სადაც ბიჭები წამოიზარდნენ და, ბუბუის გულისგასახეთქად, ფეხსადგილში სიარულს უმატეს. ქაიხოსრო ცუღლუტობის აღსაკვეთად ზომებს იღებს: „ბუზიკა“ ქაიხოსრომ ბიჭებისთვის იყიდა და ფეხსადგილის კარზე დაჰკიდა. უბუზიკოდ ვერც ერთი ბიჭი ვერ შევიდოდა ფეხსადგილში, რათა იქ „რამერუმეებზე“ არ ეფიქრათ და „რამე არ ემამაძაღლათ“. ბიჭები იძულებული იყვნენ, შეესრულებინათ პაპის მოთხოვნა, რადგან განუწყვეტლივ გრძნობდნენ მის მკაცრსა და ფხიზელ თვალს. „ბუზიკა“ ფეხსადგილის კარზე ეკიდა, როგორც მუხლუხო ჭია ფოთოლზე.“

ნაწილი 5

ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება
ცხადია, არა დოჩანაშვილის მიხედვით

სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“: სკორე - ზოგადი სახელი არს განავალთა. ფრინველთასა სკორეს ეწოდებიან სკინტლი, მტრედისასა ნაედომი, თევზთასა - ტურტლი, მძრომთასა ცურცლი, ცხოვართასა დენგრა, თხათა და მისთანათა კურკლი, ზროხათა და კაბეშთასა - ნეხვი და კელი, ღორთასა ჩხრინკელი, ცხენთა და ვირთასა ჩონჩორიკი, ძაღლთა და მხეცთა - მჩორე, კაცთასა მძღნერი. ხმელსა ნეხვსა წივა და ფუნე, თხელსა სკორესა - ტრაწი.
საქონლის სკორე - ნეხვისა და წივის სახით - გამოსადეგია როგორც ნიადაგის გასამდიდრებლად, ასევე საწვავად. აღმოსავლეთი საქართველოს მთიანეთის სოფლებში საწვავად გამზადებული წივისაგან ნაშენებ ყორეებს დღესაც შეხვდებით. ბოლო დროს, ბიომეურნეობებმა ნეხვისგან მეთანის მაღალი შემცველობის (50-75%) ბიოგაზის მიღებაც დაიწყეს, სარგებლის მოტანა შეუძლია ფირინველის სკორეს, რომელიც წლების განმავლობაში ფოსფორიტად ფორმირდება. სწორედ სკინტლით ირჩენდა თავს წყნარ ოკეანეში მდებარე ჯუჯა-სახელმწიფო ნაურუ, რომელმაც სამყაროს თავი შეახსენა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობით. სხვათაშორის ნაურუს ეკონომიკის უმთავრესი რესურსი (რომლისგანაც სამწუხაროდ აღარაფერი დარჩა) თავის დროზე შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს პირველ პოსტსაბჭოთა ხელისუფლებას. გამომცემლობა „დიოგენეს“ მთავარი რედაქტორი, ფილოლოგი ანა ჭაბაშვილი იხსენებს:
„ზვიადის მმართველობის დროს ერთ-ერთი მორიგი თავყრილობა იყო ფილარმონიაში. პრეზიდიუმში იჯდა გურამ პეტრიაშვილიც. განიხილებოდა საკითხი, რით უნდა ირჩინოს თავი დამოუკიდებელმა საქართველომ. ვიღაცამ წამოჭრა იდეა ფერმებში დაგროვილი სკინტლის საზღვარგარეთ გაყიდვისა (აი, ახლა ნაურუს რომ გაუთავდა, იმის). იყო დიდი მსჯელობა და, რა თქმა უნდა, დიდი მხიარულებაც. მერე ვიღაცამ ისროლა ლოზუნგი: "არც ერთი კოვზი მძღნერი საზღვარგარეთ!".
საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს მიესადაგება მეგრული სკაბრეზული გამონათქვამი: კუნდიშ მაჭკომალს კიზი ორტყაფუშა ოკო ალუჩანდასო (მძღნერის მჭამელს კოვზი ქამარში უნდა ჰქონდეს გაჩრილიო). ბევრს ეჭირა მაშინ კოვზი... ზოგიერთს სულაც ორი!
საქონლისა და ფრინველის სკორესაგან განსხვავებით, ადამიანის ექსკრემენტები, როგორც სასუქი, სრულად უსარგებლოა. არადა, იაპონიაში 20-ე საუკუნის 60-იან წლებამდე ადამიანის სკორეთი ანოყიერებდნენ ნიადაგს ბოსტნებში. შესაბამისად, მიღებული იყო ვაჭრობა ექსკრემენტებით. ის იყიდებოდა ფულზე, იცვლებოდა ბრინჯსა და სხვა პროდუქტებზე. ალბათ, ამის გამოა, რომ ტრადიციულ იაპონურ სამზარეულოში, რომელიც მდიდარია უმი თევზისა და მოლუსკებისგან მომზადებული კერძებით, ვერ შეხვდებით თერმულად დაუმუშავებელ ბოსტნეულს.
იაპონელი გლეხივით ამაოდ დაშვრა ჩემი ერთი მეგობრის ჭარმაგი ნათესავი, ურბანულ გარემოში აღზრდილი კაცი, რომელიც ახალმიღებულ აგარაკზე პირდაპირ პომიდვრის ჩითილებს ასკორავდა იმ იმედით, რომ ნიადაგს გაანოყიერებდა და არნახულ მოსავალს მოიწევდა.
სკორეს უკავშირდება არაერთი ცრურწმენა. ფული იცისო, გაამხნევებენ ადამიანს, რომელსაც ჩიტი დაასკინტლავს. სიზმარში სკორეს ხილვაც დიდი შემოსავლის მიღების წინაპირობად მიიჩნევა. თუ სიზმარში უნიტაზზე ზიხართ და გაზეთს კითხულობთ, ჩათვალეთ, რომ სულ სხვა სამყაროში გაიღვიძებთ: დაიწყება სიმშვიდისა და კეთილდღეობის ხანგრძლვი პერიოდი!
ცრურწმენა იქით იყოს და კატალონიელებისთვს შობა წარმოუდგენელია კაგანერის (caganer) - თაბაშირის მინიატურის (დეფეკაციის პროცესში მყოფი გლეხის) გარეშე. ეს ტრადიცია, ცხადია, შეიცავს სატირის ელემენტებს, თუმცა ითვლება, რომ კაგანერს (ნიადაგის განოყიერებით) მოაქვს ხვავი და ბარაქა. მსგავსი ტრადიცია აქვთ ესპანელებს (cagones), იტალიელებს (cacone ან pastore che caca), პორტუგალიელებს (cagöes), ფრანგებს (Père la Colique), ფლამანდრიელებს (Kakkers), გერმანელებს (Hinterlader)...
თუმცა, არიან ადამიანები, რომლებმაც სკორესაგან მართლა მიიღეს სარგებელი. აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ ჩვენი თანამემამულე, ცნობილი ბოლშევიკი და ტერორისტი სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი, იგივე „კამო“, რომელმაც, ბერლინის ციხეში სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მოლოდინში თავი მოიგიჟიანა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის მართლაც გიჟივით იქცეოდა: ყეფდა, ტანსაცმელს იხევდა, ღამეებს ფეხზე მდგომი ათენებდა, იგლეჯდა თმებს, იჭრიდა ვენებს და უარს ამბობდა საკვების მიღებაზე. საცვლების ამარა მყოფმა ნულ გრადუს ტემპერატურაზე მთელი კვირა გაძლო, ვენები გადაიჭრა წვნიანი კერძიდან ამოღებული ძვლით, გაუძლო დაშანთვას, ფრჩხილების ქვეშ ნემსის შერჭობას... ამ საყოველთაოდ ცნობილი სიმულაციის დეტალები აღწერილი აქვს საბჭოთა მწერალ გეორგი შილინს, 1930 წელს გამოცემულ თხზულებაში „Камо“. „სიგიჟის პერიოდს“ იხსენებს თავად ტერ-პეტროსიანიც მაქსიმ გორკის ნარკვევში, რომელიც პერიოდიკაში დაიბეჭდა სათაურით „Камо“, თუმცა არ შევიდა მწერლის თხზულებათა სრულ კრებულში:
„Очень много думал: выдержу или действительно сойду с ума? Вот это было нехорошо. Сам себе не верил, понимаешь? Как над обрывом висел. А за что держусь — не вижу. Они, конечно, своё дело знают, науку свою. А кавказцев не знают. Может, для них всякий кавказец — сумасшедший? А тут ещё большевик. Это я тоже подумал тогда. Ну, как же? Давайте продолжать: кто кого скорей с ума сведёт? Ничего не вышло. Они остались при своём, я — тоже при своём. В Тифлисе меня уже не так пытали. Видно, думали, что немцы не могут ошибиться.“
საბჭოთა წყაროებში არსაადა ნათქვამი, რომ სიგიჟის სიმულირებისას კამომ საკუთარი ექსკრემენტები შეჭამა და, ამით გადაირჩინა თავი, თუმცა „საბჭოთა ანდრეზებში“ „კამოს გმირობა“ და კოპროფაგია (κόπρος ბერძ. სკორე, φάγειν ბერძ. ჭამა) ლამის სინონიმებად იქცნენ. ამ ამბავს ეხმიანება არაერთი საბჭოთა პერიოდის ანეკდოტი. ცნობილ ქართველ პოეტს ტარიელ ჭანტურიას მიეწერება შემდეგი ეპიგრამა:
„ლენინმა უთხრა კაამოს:
გაამოს, გაამოს...“
სიგიჟის სიმულირებისას კოპროფაგიას მართლაც აქვს ლოგიკური გამართლება. სამედიცინო-ლექსიკონის მიხედვით კოპროფაგია, ანუ საკუთარი ექსკრემენტების საკვებად მიღება დამახასიათებულია შიზოფრენიის კატატომური ფორმისა და პროგრესირებადი დამბლისათვის. კოპრფაგიით იტანჯებოდა იენის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 1889 წლის 18 იანვარს მოთავსებული ფრიდრიხ ნიცშე, რომელიც, მაღალი ალბათობით, დემენციის ერთ-ერთი ფორმით იყო დაავადებული და არა ნეიროსიფილისით, როგორც ეს დიდი მოაზროვნის თანამედროვეებს ეგონათ (M. Orth, M.R. Trimble, Acta Psychiatrica Scandinavica, 2006: 439-445). ამონარიდი ფ. ნიცშეს ავადმყოფობის ისტორიიდან:
„ავადმყოფს მაიჩნია, რომ ფრიდრიხ-ვილჰელმ მეორე ან კაიზერია, სანიტარს ბისმარკს ეძახის. ხანდახან საკუთარ ფეხსაცმელებში შარდავს, დრო და დრო ამტკიცებს, რომ მისი მოწამვლა უნდათ, სხვა დროს ამტვრევს ფანჯრის მინას იმ მიზეზით, თითქოს მის მიღმა ქვემეხი დაინახა. ხშირად ამტვრევს წყლიან ჭიქას, რათა, მისი თქმით, ნამსხვრევებით თავი დაიცვას. დრო და დრო მალავს ქაღალდსა და სხვა უმნიშვნელო ნივთებს, იტანჯება კოპროფაგიით“.
დავრჩეთ მედიცინაში და ვთქვათ, რომ ექსკრემენტებს გარკვეულ სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ. პლინიუს უფროსის "ბუნების ისტორიაში" (Naturalis Historia) ვკითხულობთ:
„კატარაქტს შველის თვალებზე მგლის ექსკრემენტების დადება. ჭლექიანისთვის სასარგებლოა ხარის გამხმარი ნაკელის კვამლის შესუნთქვა. კუნთების დაავადებას უხდება ძმარსა და თაფლში მოხარშული თხის კურკლი. ყურის ტკივილის შესამსუბუქებლად კარგია გარეული ღორის ფსელი. ცოფს შველის ნაკბენზე შემთბარი ცხენის ჩონჩორიკისა და ძმრის მიდება.“
კატონ უფროსს კი ურინოთერაპიის (შარდით მკურნალობისა) სჯეროდა, თუმცა, როგორც დიდი რომაელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნაშრომში „მიწათმოქმედება“ („De agricultura“) შენიშნავს, მკურნალობისას გადამწყვეტია კომბოსტო, რომლითაც ლამის ყველა დაავადებისგან განკურნება შეიძლება. აი, როგორია პანაცეა კატონის რეცეპტის მიხედვით: „შეაგროვე იმ ადამიანის ურინა, რომელსაც კომბოსტო აქვს ნაჭამი. აბაზანის მიღების შემდეგ ავადმყოფი განიკურნება. თუ ურინაში განბანთ სუსტი აღნაგობის ბავშვებს, ისინი გაკაჟდებიან სამუდამოდ. სუსტი მხედველობის ადამიანები უკეთ დაინახავენ, თუკი თვალებს ამ სითხით დაიზელენ. თავის ტკივილი და ტვინის დაავადება გაგივლით, თუკი მტკივან ადგილს ურინათი ჩამოიბანთ.“
ცხოველთა სამყაროში კოპროფაგია გავრცელებულია ძაღლებში, ღორებსა და მღრღნელებში. კოფროფაგიას ასევე ადგილი აქვს ბალახისჭამია ძუძუმწოვრებში დედის რძიდან ბუნებრივ კვებაზე გადასვლის პერიოდში (პატარა სპილოები დედა-სპილოებს ანუსში ხორთუმს უყოფენ და ამ გზით იმდიდრებენ ნაწლავურ ფლორას, რომელმაც მცენარეული საკვების ათვისება უნდა გაადვილოს. საკვების უკეთ ათვისების მიზნით მღრღნელებში (მათ შორის კურდღლებში) ადგილი აქვს ავტოკოპროფაგიასაც.
კოპროფაგია მიღებულია კულინარიაშიც. საქმე ისაა, რომ კუნძულ სუმატრაზე ყავის პლანტაციებში ბინადრობს კატა, რომლის განავლისგან საუკუთესო ხარისხის ყავა მიიღება. ცხოველი იკვებება მცენარის ნაყოფით, რომლის გადამუშავებისას ნაყოფს სცილდება რბილი ქსოვილი და განავალში მხოლოდ მარცვლების მკვრივი სუბსტანცია რჩება, სწორედ მათგან მზადდება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა kopi luwak-ი.
კოპროფაგია, კოპროფილიასთან (სექსუალური დევიაცია, რომლის დროსაც ფეტიშის როლს ასრულებს ადამიანის ექსკრემენტები) ერთად, ადამიანებში ფისიქიკური აშლილობის ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევა. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობაში ფიზიკური კონტაქტი სკორესთან იწვევს ზიზღსა და გულისრევას, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არაა გადაულახავი ზიზღი. კოპროლოგია (განავლის ლაბორატორიული კვლევა) იქით იყოს. ფიზიკური კონტაქტის გარეშე (ჰიგიენის საშუალებათა დახვეწის მიუხედავად) შეუძლებელია უმწეოთა - ახალშობლი ბავშვებისა და ლოგინად ჩავარდნილი მოხუცების მოვლა. დიდი ამერიკელი მწერლის, ფილიპ როტის ავტობიოგრაფიულ რომანში „მემკვიდრეობით“ (Patrimony) გვხვდება ეპიზოდი, რომელშიც ავტორი სასიკვდილოდ განწირული მამის (90-ს მიტანებული მოხუცის) ექსკრემენტებისგან წმენდს იატაკს, ხალიჩას, აბაზანას...
„საკმარისია გადალახო ზიზღი, უგულებელყო გულისრევა, თავიდან მოიშორო ფობიები, რომლებიც ტაბუს მსგავსად გვაქვს გამჯდარი და ცხოვრება თვალს აგვიხელს ბევრ ისეთ რამეზე, რისი გაფრთხილებაც გვმართებს“ - ამბობს მწერალი.
როგორც წესი, მხატვრულ ტექსტებში კოპროფაგია (კოპროფილია, კოპროლოგია) ეპატაჟის მიზნით ან მეტაფორად გამოიყენება.
კოპროფილია ყველაზე უხვადაა დოზირებული მარკიზ დე სადის „სოდომის 120 დღეში“, სადაც ადამიანის სკორე გვხვდება თითქმის ყველგან: ანალურ, ვაგინალურ და ორალურ ღრუებში.

„მხატვრული (მეტაფორული) კოპროფაგიის“ ნიმუშია ვლადიმირ სოროკინის რომანი „Норма“, რომლის პერსონაჟები (საბჭოთა მოქალაქეები) რეგულარულად მიირთმევენ საბავშვო ბაღებში დაფასოებული განავლის 150-150 გრამიან ულუფებს ანუ „ნორმას“. ფრაგმენტი რომანიდან:
„Cвеклушин вытащил упакованную в целофан ноpму.
- Уx ты,- Тpофименко потянулcя к аккуpатному пакетику. Cмотpи, какие у ваc... А у наc пpоcто в бумажныx упаковкаx такиx. И бумага гpубая. И надпиcь такая оттиcнутая плоxо, кpиво. Cиняя такая. А у ваc cмотpи-ка, во как аккуpатненько. Шpифт такой кpаcивый...
- Cтолица, чего ж ты xочешь, - Cвеклушин pазоpвал пакет, вытpяxнул ноpму на ладонь, отщипнул куcок и cунул в pот.
Тpофименко потpогал ноpму:
- И cвежая... во, мягкая какая. А у наc заcоxшая. Кpошитcя вcя... оpганизатоpы, бля. Не могут оpганизовать...“
კოპროლოგის შრომის აღწერას დასჯერდა ლაშა ბუღაძე, რომლის მოთხრობა „ბრჭყალებში“ (2002 წ.) ფაქტობრივად ერთი გაბმული ნეკროლოგია დაწერილი ცნობილი ექსკრემენტოლოგისა და სხვა ურიცხვი „ღირსების“ მქონე მონუმენტური ფიგურის - ომარ-უფლისწულის პირადი ექიმის უკვდავსაყოფად. ვინც მოთხრობის ტექსტსა და საქართველოს უახლეს ისტორიას იცნობს, არ გაუჭირდება მთავარი პერსონაჟის პროტოტიპის ამოცნობაც, თუმცა დავუბრუნდეთ ტექსტს:
„აგერ უკვე ექვსი ათეული წელიწადი სამეფო გვარის განავალს ყნოსავდა და მისი ხელობაც სწორედ ეს იყო. მეფის განავალს ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში ყნოსავდნენ ოსტატის დიდი წინაპრები და მონარქის ექსკრემენტის ფერის, სუნისა და მოცულობის მიხედვით იკვლევდნენ ღვთისაგან ხელდასხმულის სხეულში ჩაბუდებული, ამა თუ იმ სენის გაჩენის მიზეზს... ოსტატის წინაპრების – “შავი ზღვის ბრწყინვალე ექსკრემენტოლოგების” ცოდნა თაობიდან თაობაში გადადიოდა. ოსტატს პირველად სწორედ მამამისმა დააყნოსინა განავალი და “ექსკრემენტოლოგთა ლეგენდარული ოთხი მუხლიც” გააცნო: “არ შეჭამო, მხოლოდ დაყნოსე”; “თითი არ ტუცო”; “ქუსლი არ დაჰკრა”; “არ შეინახო”.“
უნდა ითქვას, რომ ლაშა ბუღაძის მიერ ჩამოყალიბებული „ექსკრემენტოლოგთა ლეგენდარული ოთხი მუხლიდან“ არცერთი დაურღვევია იტალიელ კონცეპტუალისტ მხატვარს პიერო მანძონის, რომელმაც სახელი გაითქვა სკორესგან ხელოვნების ნიმუშის შექმნითა და მისი სარფიანად გაყიდვით.
„Merda d'artista“ („არტისტის სკორე“) - ასე ჰქვია 1961 წელს შექმნილ ხელოვნების ნიმუშს, 90 კონსერვის ქილას, რომლებშიც მანძონიმ საკუთარი ექსკრემენტები გაანაწილა და თითოეულს შესაბამისი მასის ოქროს ფასი დაადო. მხატვარი ამტკიცებდა, რომ ამ პროექტით ხელოვნების ნაწარმოებთა მიმნდობი მყიდველების ყურადღების მიპყრობა სცადა.
„მილანელ ბურჟუა-ღორებს მხოლოდ სკორე მოსწონთ“ - განაცხადა მან ნამუშევრის წარდგენისას.
ვის და პიერო მანძონის კი ნამდვილად შეეძლო ეთქვა, ფული მაქვს ნეხვივითო, როცა 2007 წელს „სოტბის“ აუქციონზე ერთი ქილა „Merda d'artista“ 124 ათას ევროდ გაიყიდა, მაგრამ სამწუხაროდ მხატვარი ამ ღირშესანიშნავ ამბავს ვერ მოესწრო: გარდაიცვალა 1963 წელს... ინფარქტით!

ნაწილი 6

ორი თავი, თუ ორი ბოლო?!

ექსკრემენტებისა და დეფეკაციის აღმწერი სიტყვების გარეშე ღარიბი იქნებოდა არანორმატული ლექსიკა, რომელსაც საქართველოში, სპეციფიკური პოლიტიკური კულტურისა თუ ეროვნული ხასიათის გამო, ხშირად საჯარო გამოსვლების დროსაც იყენებენ. როგორც წესი, ეს გამონათქვამები საზოგადოების მეხსიერებაში ღრმა და უსიამოვნო კვალს ტოვებს.
„ჩასარეცხები არიან!“ - საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოპონენტების მისამართით ნათქვამმა ამ ფრაზამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი განარისხა. როგორც წესი, მარტივი მექანიკური მოქმედებით - ჩარეცხვით სრულდება დეფეკაციის პროცესი, შესაბამისად სიტყვა „ჩასარეცხი“ ადამიანის სკორეს ერთგვარ ევფემიზმად შეიძლება მივიჩნიოთ. მოგვიანებით მ. სააკაშვილმა განმარტა: ეს ალე¬გო¬რი¬უ¬ლად ნათ¬ქ¬ვა¬მი სიტყ¬ვა იყო და არა¬ვის ფი¬ზი¬კუ¬რად ჩა¬რეცხ¬ვას არ ვა¬პირებდი, მან¬კი¬ე¬რი საბ¬ჭო¬თა მენ¬ტა¬ლო¬ბის ჩა¬რეცხ¬ვას ვგუ¬ლის¬ხ¬მობ¬დიო.
„ჩასარეცხი“ - ამ შემთხვევაში - უსარგებლოს, დრომოჭმულსა და, შესაბამისად, სკორესავით დაუნანებლად მოსაშორებელს ნიშნავს. თავის მხრივ, ოპოზიციის ლიდერებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ომის დროს (გორში რუსეთის ავიაციის გამოჩენისას) ქვეშაფსიასავით მოიქცა. ქვეშაფსიას (ქვეშაჯვიას, ტრაწიანს) კი იტყვიან მშიშარა და უკანდამხევ კაცზე.
საკითხთან შესაბამისია სკაბრეზულ თქმათა და იდიომათა სხვა ნიმუშები:
მძღნერა, ქაქიოზა - უხასიათო, ყიამყრალი კაცი
გააჯმევინა - უხეში ფორმით თავიდან მოიშორა
მძღნერშია - ძალიან ცუდ დღეშია, გამოუვალ მდგომარეობაშია
ტრაკშია - მიყრუებულ ადგილსაა, საქმის კურსში არაა
თავზე გადაიჯვა - ზედმეტი მოუვიდა, ზედმეტი იკადრა
თავზე დააჯვა - შეურაცხყოფა მიაყენა, უკადრებელი აკადრა
ჩაიჯვა, ჩაიფსა - შეეშინდა, წახდა
საქმეში ჩააჯვა - საქმე გააფუჭა
მძღნერი მომჯმელსა ჰგავსო - იტყვიან ცუდი მშობლის ცუდ შვილზე (ჩამოჰგავს ლათინურ სენტენციას Mala gallina - malum ovum – „ცუდი ქათამი, ცუდი კვერცხი“)
დედიმისისას მიირთმევს - მაგრად მიჰქარავს
გაქცეულს არ მოუჯვია - გაჭირვება არ უნახავს
ტრაკის ტვინი წაიღო (შეჭამა) - თავი მოაბეზრა, უზომოდ შეაწუხა
საინტერესოა ბოლო იდიომა, რომელსაც იაკოვ კროტოვი (პუბლიცისტი, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი) თავისა და საჯდომის სიმეტრიის (თუ ერთგვარი ზიარობის) მორიგ არგუმენტად გამოიყენებდა. საჯდომი და თავი ხშირად ჩაანცვლებენ ხოლმე ერთმანეთს. ჭკვიან ადამიანზე იტყვიან, რა თავიაო, უჭკუოზე - ტრაკით ფიქრობსო. ერთგან ბესიკ ხარანაულიც შენიშნავს („სამოცი ჯორზე ამხედრებული რაიონდი…“): აკი თქმულა, კაცს, რომელიც ბუთქავს, თავში ადგილი გაუთავისუფლდებაო.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ძალაუფლების ატრიბუტებია გვირგვინი (თავი) და ტახტი (საჯდომი). ასევე შემთხვევით არაა, რომ ერთი და იმავე გაგებით იტყვიან: „შენს თავს მიხედე“ ან „შენს ტრაკს მიხედე“; „თავი არ აქვს“ ან „ტრაკი არ აქვს“; "ე(პირ)ფერება ან ტრაკში უძვრება" და ა.შ.
თავის (პირის) და საჯდომის (ანუსის) შეპირისპირებას აქვს ადგილი სახარების ტექსტში: „ვერ გაიგეთ, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ფეხისალაგში გადაიყრება? პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის, რომ ბილწავს ადამიანს. რადგან გულიდან ამოდიან ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი... სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს (მათე 15.17-15.20)“
კროტოვის მიხედვით, ხელისუფლება (თავი), რომელიც ადეკვატურად არ ურთიერთობს ხალხთან, საჯდომად ტრანსფორმირდება. რაც უფრო მეტად დესპოტურია ხელისუფლება, მით უფრო საჯდომია. შესაბამისად რასაც ის ამბობს. ჰგავს არა მეტყველებას, არამედ ქარების გაშვებას.
„თავი ტრაკში აქვს“ - ასე იტყვიან OUT-Si myof adamianze, romelic mowyvetilia movlenebs: verafers xedavs (sajdomiviT), araferi esmis (sajdomiviT) da Sesabamisad, arafers ambobs (sajdomiviT)!

ტუალეტის კედლები, როგორც პალიმფსესტები

„...მოვრჩი ტექსტს,
ვაწერ ხელს,
მივაწექი წამკითხველს!“
ასე სრულდება ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ტუალეტის კედელზე გაკეთებული წარწერა, რომლის დანარჩენი ნაწილიც უკიდურესად სკაბრეზულია.
კედლებზე წარწერები სამყაროსავით ძველია. წარწერები კეთდებოდა 2 ათასი წლის წინ და კეთდება დღესაც, როცა ადამიანს კომუნიკაციისა და აზრის გამოხატვის გაცილებით მეტი საშუალება აქვს. ჰარი პოტერის მეორე წიგნში („ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“. 1998 წ) მნიშვნელოვანი ამბები საპირფარეშოში (მტირალა მირტლის ტუალეტში) ხდება, ხოლო მთავარ ინტრიგას - საიდუმლო ოთახის გაღების ამბავს - წიგნის მთავარი პერსონაჟები კედელზე გაკეთებული წარწერიდან შეიტყობენ: „საიდუმლო ოთახი გაიღო! ძრწოდეთ, მემკვიდრის მტრებო!“
ცხადია, ტუალეტის კედლები იზოლაციის გარდა, ინფორმაციის გადაცემის ფუნქციასაც ითავსებენ. ამასთან (უცნაური ლოგიკით) აქ გაკეთებული წარწერები არ ითვლება ვანდალიზმად. როგორ შეიძლება მელნით წაბილწო ადგილი, სადაც შეუზღუდავი რაოდენობის ადამიანი მოისაქმებს? ამასთან, ტუალეტის „კაბინაში“ გამოკეტილ ადამიანს აქვს შეუზღუდავი თავისუფლების განცდა. როგორც გერმანელი მწერლის ჰაინც გ. კონზალიკის (Heinz Günther Konsalik) რომანის ("Begegnung in Tiflis"- „შეხვედრა თბილისში“) მთავრი პერსონაჟი ამბობს, ტუალეტი რჩება ერთგვარ თავისუფალ სივრცედ: „სხვაგან არსად გაცხადდება ადამიანი ისე მკაფიოდ და ნათლად, როგორც ტუალეტში. იქ იგი თავისუფალია ყოველგვარი საზოგადოებრივი ფორმებისგან, იქ გენერალური დირექტორი საწყობის მუშის გვერდით დგას, ორივე ასველებს მოპირკეთებულ კედელს და კმაყოფილია (თარგმ. ნ. ხუციშვილი).“
თავისუფლების ამგვარი შეგრძნება, რასაკვირველია, ილუზორული და სწრაფადწარმავალია. ალბათ ამის გამოა, რომ საპირფარეშოში შესული ადამიანი კალამსაც შეავლებს ხელს და თავისუფლების მატერიალიზებას ცდილობს. ირკვევა, რომ წარწერების შინაარსსა და რაოდენობაზე გავლენას ახდენს დრო და სივრცე, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოხატულებას ჰპოვებს სოციალურ უსამართლობაში, ტაბუირებული თემების სიმრავლეში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და ა.შ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ წარწერათა აბსოლუტური უმეტესობა უხამსობაა და დაცლილია ინტელექტუალური შემადგენლისგან. ამას შენიშნავს იაროსლავ ჰაშეკიც, როცა „შვეიკის“ („ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომში“) პირველი ნაწილის ბოლოთქმაში „მკვეთრი გამონათქვამების“ მოწაანღმდეგეთა კრიტიკისას ასეთ შედარებას იყენებს: „ეს ტიპები ხალხში ყოფნისას აღშფოთებას გამოთქვამენ, მაგრამ უდიდესი სიამოვნებით დაიარებიან საზოგადოებრივ საპირფარეშოებში და კითხულობენ კედლებზე გაკეთებულ უხამს წარწერებს“.
უხამსი წარწერებითაა დაფარული სკოლის ტუალეტების კედლები. მათი ავტორები (როგორც წესი, თინეიჯერი უფროსკლასელები) მოითხოვენ ბრუტალურ სექსს კონკრეტულ ადამიანთან ან ადამიანების ჯგუფთან და ხელის ერთი მოსმით ხატავენ ფალოსსა და ვაგინას, რომელსაც, რატომღაც ხატვის გაკვეთილზე ნასწავლი ცხრათვალა მზის ფორმა აქვს. სექსი ტუალეტის კედლებს განდობილი სტუდენტების საყვარებლი თემაცაა.
''ვარკეთელი დიდია, გლდანი Yლეზე ჰკიდია" - ეს წარწერა ერთ-ერთმა ჩვენმა თანამემამულემ ვენის აეროპორტის ტუალეტში დატოვა.
უხამსობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ცხადია, კედლების შეთეთრებაა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სხვა ზომებსაც მიმართავენ ხოლმე. ცნობლია, რომ რომის საზოგადოებრივ ტუალეტებში, ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, გამოკრული იყო წარწერა: Deus vidit omnia (ღმერთი ყველაფერს ხედავს). უნდა ითქვას, რომ მსგავს გაფრთხილება-ინსტრუქციებს (გაჯერებულს სპეციფიუცრი ლექსიკითა და იუმორით) მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტუალეტის კედლების გაფორმებაში.
ტუალეტში გაკეთებული წარწერები ინტერნეტ-ფორუმების ერთგვარ წინაპრადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რადგანაც. ხშირია შემთხვევა, როცა წარწერას რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურება და ამგვარი ურთიერთობა რამდენიმე კვირასა და თვეს გასტანს ხოლმე. კომუნიკაციის ასეთი ფორმა ყველაზე მეტად ჩაკეტილ, არათავისუფალ საზოგადოებებშია გავრცელებული. ავსტრიელი ფსიქოლოგი, ნორბერტ ზიგელი (Norbert Siegel) ამტკიცებს, რომ ტუალეტის გრაფიტის პიკი გასული საუკუნის 80-იან წლებზე მოდის და, რომ 21-ე საუკუნეში ტუალეტის კედლებს სულ უფრო იშვიათად იყენებენ ინფორმაციის გადასაცემად.
ვიღაცისთვის კედელზე წარწერა უკვდავებასთან ზიარების საშუალებაცაა. მათთვის საკმარისი არაა არც კულტურული (ან სხვა სახის მემკვიდრეობა) და არც წარწერა საფლავის ქვაზე. პარიზში პერ ლაშეზის (Pere Lachaise) სასაფლაოს საპირფარეშოში ასეთ წარწერებს შეხვდებით: “Jim Morrison”, “Oscar Wild forever”, “Viva Nestor Makhno!”.
„მოვXნავდი ელექტრო ქიმიის მასწავლებელს, მაგრამ რეაქციის მეშინია!“ - ასეთი წარწერა ამშვენებდა თბ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ტუალეტის კედელს ამ ორი ათეული წლის წინ. იქვე ფიზიკის ფაკულტეტის ტუალეტში, ტენზორული აღრიცხვისა და მათანალიზის ფორმულების გვერდით, ამოიკითხავდით წარწერას: „ვაშლი მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენის კორექტული ვერსიაა! კაკას ვშვეობოდიო, ხომ არ იტყოდა?“
ფილოლოგი ბიძინა რამიშვილი იხსენებს: „70-იანებში ლიტვაში ვისვენებდით ხოლმე. ერთ-ერთი საკურორტო ქალაქის ტუალეტს ზეთის საღებავით, მსხვილი ასოებით შესრულებული წარწერა ამშვენებდა: Здесь русский дух, здесь Русью пахнет... (А.С.Пушкин).
როცა 80-იანი წლების ბოლოს გეტინგენში ჩავედი, ცხადია, კულტურული შოკი მქონდა, განსაკუთრებით, უნივერსიტეტთან დაკავშირებით. ყველაფერი საინტერესო იყო, მათ შორის, ტუალეტებიც. მაგალითად, კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის ტუალეტში წარწერების დიდი ნაწილი ბერძნულად და ლათინურად იყო. თანაც გარდა ანტიკური ტექსტებიდან ციტატებისა, დიდი ადგილი ეკავა ტუალეტის სტუმართა შორის მიმოწერას კლასიკურ ენებზე. ფილოსოფიის ფაკულტეტის ტუალეტიდან კი ასეთი წარწერა დამამახსოვრდა: "Immanuel Can't. He never could." (სიტყვათამაში „იმანუელს არ შეუძლია. მას არასოდეს შეეძლო“, „"Immanuel Cant - იმანუელ კანტი“).
ცხადია, პროფესია გავლენას ახდენს წარწერების შინაარსზე. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) თანამშრომელი სევა ნოვგოროდცევი ამბობს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის საპირფარეშოში შემდეგი წარწერები ნახა: "God is dead. Nietzsche“ („RmerTi mokvda. nicSe“). odnav qvemoT ki : "Nietzsche is dead. God.“ (“ნიცშე მოკვდა. ღმერთი“).
ნიცშე მართლაც მოკვდა, მაგრამ ცოცხალია რიგითი ადამიანი, რომლის დიდებულ კვალსაც ყველაგან შეხვდებით, მათ შორის საპირფარეშოებშიც! შეხვდებით რა, ნანახი გექნებათ უთუოდ...
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“