Friday, February 29, 2008

კარლო კაჭარავა

შოთა იათაშვილი

ღარიბთა გვერდით

კარლო კაჭარავა. ორტომეული. I ტომი: პოეზია. II ტომი: ესეისტიკა. გაფორმებულია ავტორის ნახატებით. რედაქტორი თინანო თევზაძე.

თბ. “ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობა”. 2006.

ცხოვრობდა ასეთი ადამიანი XX საუკუნის ბოლოს საქართველოში: მსოფლიო კულტურის გენეზისი და აწმყოს ძირითადი ტენდენციები ათვისებული ჰქონდა და არცთუ იშვიათად მისი მომავლის განჭვრეტასაც კი ცდილობდა საახლობლო წრეებში მის მიერვე გაჩაღებულ იმ მგზნებარე საუბრებში, ხშირად მონოლოგებშიც რომ გადაიზრდებოდა ხოლმე და ნაცნობ-მეგობრებიც, ბოლომდე მინდობილნი მისი მჭევრმეტყველების წამლეკავ ენერგიას, მონუსხულნი ორატორის სათქმელთა უკიდეგანობით, წვდომის სტილით, მახვილგონივრულობით, საჭიროების შემთხვევაში მწარე ირონიითაც კი, მისი ტალანტის თაყვანისმცემელთა რიგებში ეწერებოდნენ სასწრაფოდ, თუმც ხდებოდა ისეც, რომ ზოგიერთში, ყოველივე ამის შემხედვარე, ბოღმა და შური იძალებდა ხოლმე და აღარ ეპიტნავებოდათ ეს სიმართლის პირში მთქმელი ადამიანი.

გარდა მრავლისმომცველი და მრავლისმომცემი დაუღალავი საუბრებისა, ეს ადამიანი უსაშველოდ ბევრს ხატავდა და ძალიან ბევრს წერდა. წერდა როგორც თანამედროვე ხელოვნებასა თუ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე, ასევე საკუთარ, გამორჩეულ, ძნელად მოსახელთებელ პოეზიას... ეს ადამიანი, ამდენის მქმნელი და ცხოვრებისაგან უკვე შემელოტებული - და ამ შემელოტებული სურათ-ხატის თავადვე უთვალავჯერ გადამყვანი საკუთარ ფერწერულ და გრაფიკულ წამუშევრებსა თუ პოეტურ სტრიქონებში (მაგ: "ქალაქში მელოტი თავით დავეშვი მისი ბავშვური სხეულისაკენ.") - იყო არა ვინმე 50-60-70 წლის ბრძენკაცი, არამედ 27-28-29 წლის ბიჭი, სახელად კარლო კაჭარავა, რომელიც 30 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. დაიღუპა უაზრო და სასტიკი სიკვდილით, სწორედ ისეთით, როგორიც ეს წლები, ეს ეპოქა იყო და სისასტიკის გამოვლინებებში სამწუხაროდ იგი კვლავაც გრძელდება:

"ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა -

მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან -

(ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.

არბატზე მოდიოდა სველი თოვლი და

სამი მილიციონერი.

მე ვფიქრობდი: აჰა, შენი მემარცხენეთა ხელოვნების ოქრო,

რომლის შესახებ ლაპარაკობდი თბილისის ტელევიზიაში.

აჰა, არალეგალური ცხოვრების ჩრდილოური ხიბლი.

აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს.

და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს

სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს."

ასე აქვს მას თავად აღწერილი ის სცენა, რის შემდეგადაც თბილისში ჩამოსულს თავის ტვინის ორი ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მაინც არაფერმა უშველა...

მაშინ, 1994 წელს, მისი ეს ასაკი ტრაგიკულად კი ჟღერდა, მაგრამ არცთუ დაუჯერებლად. მერე და მერე, მისი შემოქმედების რაც უფრო მეტი ნაწილი ნახულობდა მზის შუქს, ავტორსა და მის ასაკს შორის ადეკვატურობის აღმოჩენა სულ უფრო ძნელი ხდებოდა. შარშან გამოცემულმა ორტომეულმა კი ეს ზრდადი ნაპრალი პირდაბჩენილ უფსკრულად აქცია. კარლო კაჭარავას შემოქმედების ლიტერატურული ნაწილი (განსაკუთრებით პოეზია) მხატვრობასთან შედარებით საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი... მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ იყო ცალკეული მნიშვნელოვანი პუბლიკაციები ("მესამე გზის" სპეციალური გამოშვება 1994 წელს, საარქივო მასალების ბეჭდვა 2002-2004 წლებში "ალტერნატივაში”), ამ ორტომეულში უკვე რელიეფურად გამოიკვეთა კარლო კაჭარავას, როგორც პოეტის, მოაზროვნისა და კულტურტრეგერის ფენომენი. მისი პიროვნების ის მასშტაბი, რაციონალური გონებით ვერანაირად რომ ვერ მოდის თანხვედრაში მის ასაკთან. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორტომეულში შესული ტესტები მცირე ნაწილია იმ საარქივო მასალისა, რომელიც ჯერაც ელის გამოქვეყნებას.

კარლო კაჭარავას პოეზიის გაშიფრვა, მისი ესთეტიკურ-ეთიკური ვექტორების ზუსტად ფიქსირება იოლი და მოკლევადიანი სამუშაო არაა. ამჯერადაც მე მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლები, რაც წლების განმავლობაში მის პოეზიაზე ფიქრისას თან მდევს. ჩემი აზრით ის პირველი ქართველი ჭეშმარიტი დოკუმენტალისტი პოეტია, ეს დოკუმენტალიზმი კი მასთან უკვე არაა აღწერის სწორხაზოვანი მეთოდი და იყენებს მომხდარის მოყოლის სრულიად პოლარულ საშუალებებს, ახდენს რეალურისა და ირეალურის, მიწიერისა და ზეციურის დამაჯერებელ სინთეზს, რის შედეგადაც მოვლენის (თუ მოვლენათა) სურათ-ხატი თავისი სისათუთითა თუ შემზარაობით წლის, დღისა თუ წამის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ეპოქის დოკუმენტად ფორმდება. თავად ავტორი საკუთარ დოკუმენტალისტობას, ვფიქრობ, მშვენივრად აცნობიერებდა, ამის ნიმუშია თუნდაც მისი პოემა სახელწოდებით "დოკუმენტური ფილმი". მსგავსად ძიგა ვერტოვის "კინოთვალისა", კაჭარავასეული უნიკალური "პოეტური თვალით" დანახული ყოველდღიურობა, შეიძლება ითქვას, რომ, რაც დრო გავა, სულ უფრო და უფრო იქცევა პოეტური დოკუმენტალისტიკის კლასიკად.

მისი ლექსები გადავსებულია მისი მეგობრებით, შემთხვევითი ნაცნობებით, იმ წიგნებით, რომლებიც მის მიერ ლექსის წერის ჟამს იკითხებოდა, იმ თანამედროვე ხელოვანებით, ვისთანაც მას მუდმივი სულიერი დიალოგი ჰქონდა გაბმული. ანუ, ჭეშმარიტი დოკუმენტალიზმისათვის თითქოსდა მისი ლექსები მეტისმეტად სუბიექტურია, ავტობიოგრაფიულია, მაგრამ არა, სწორედაც რომ პირიქით: ლექსი "სიყვარული კომენდანტის საათის დროს” კომენდანტის საათების თბილისური პერიოდის ამაღელვებელ დოკუმენტად ვერ დარჩებოდა გრძელლაბადიანი, ღიპიანი შალვას გარეშე, რომელიც "მღეროდა ორ ბოთლ არაყზე”, და ვერც "პურის ქარხანასთან საათობით მომლოდინეთა დიდი, დაოსებული რაზმი" აღიწერებოდა ასე გულშიჩამწვდომად ეგნატე ნინოშვილის აჩრდილის გარეშე, რომელიც "ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს".

თუმცა კი ეგნატე ნინოშვილი, რომელიც ლექსიდან ლექსში მოძრაობს XX საუკუნის დასასრულის გასაცოდავებული მშობლიური პროლეტარიატის დასახმარებლად, საუბრის სულ სხვა თემაა და კაჭარავას შემოქმედების განმსაზღვრელ ორიენტირთაგან ერთ-ერთის სიმბოლოდაც შეიძლება მივიჩნიოთ. ეს ორიენტირი კი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ენდი უორჰოლით, იოზეფ ბოისით, ანსელმ კიფერით, ალენ გინზბერგით, პაულ ცელანით, სიუზან სონტაგითა და მსგავსი კონტემპორარული არტ-სახელებით დაძეძგილი ტექტების ავტორისაგან, არის წარსული და ის ეროვნული სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც მისთვის თანამედროვეობის განუყრელი ნაწილია და რომლის გარეშეც ვერანაირად ვერ შედგება იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც "დაიბადა ფოთის ელევატორთან".

კარლო კაჭარავას იმ წარსულიდან "თავისიანები" ჰყავს დაგულებული და ვინაიდან მასში სოციალური ნერვი უკიდურესად მძაფრია, არაა გასაკვირი, რომ ისინი უმეტესწილად "ხალხოსნები", პროლეტმწერლები, ბეჩავი ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენლები იყონ. ფორმაციათა ცვლილებების, ომისა და გაპარტახების წლებში ეგნატე ნინოშვილისა თუ ჭოლა ლომთათიძის აჩრდილების გამოხმობა მისი, როგორც დოკუმენტალისტის მაგიური რიტუალია, მათი შემწეობით იგი თავადაც "ხალხოსანი" ხდება, ხდება პროლეტმწერალი, თუმც საკმაოდ უცნაური, არცთუ ყველასათვის გასაგები ენით მოლაპარაკე, თითქოსდა ელიტარული ცნობიერებიდან გამოსული, მუშებზე, ჯარისკაცებზე და ონკოლოგიურის ავადმყოფებზე რომ წერს, რომ წერს ბოლოს და ბოლოს, არც მეტი არც ნაკლები, "ღარიბი სიზმრების" მთელ ციკლს. კარლო კაჭარავა წინაპარ პროლეტმწერლებზე უფრო შორს მიდის: თუ ისინი ღარიბი რეალობის აღწერას ცდილობდნენ, ის საკუთარი პოეზიისათვის სიზმრებსაც კი ღარიბს არჩევს!.. ის წერს პროლეტარ ფერიაზე ლენინგრადიდან, წერს მშვენიერ ქართველ ქალზე, "რომელიც ჰგავდა პურს ღარიბ სამზარეულოში", წერს იმაზე, რომ "სამხრეთ აფრიკის მაღაროებში თეთრი და შავი მემაღაროები ერთი ფერისანი არიან", ან სულაც იმას, რომ "ჩემი სატრფოა მაღაროს ჯორი" მღეროდნენ ამერიკელი მემაღაროები." ციტირება აქ თითქმის დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ამ ფენომენის ბუნებას ყველაზე იოლად ისევ მისივე ციტატით შევაჯამებთ და ამოვხსნით: "მუშათა არმია უყვართ თავისებურ იდეალისტებს" - ამბობს ერთგან კარლო კაჭარავა და ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი. სწორედაც რომ მას უყვარს ეს არმია და მათ ბედის ანაბარა არ ტოვებს: ხან მათი გასაჭირის ანაბანასავით მცოდნე ეგნატე ნინოშვილს მოუვლენს მხსნელად, ხანაც კიდევ ციურ არსებებს, ნიმფებს, ანგელოზებს:

"მაშ ასე, ღამდებოდა და ისინი მიდიოდნენ ჭუჭყიანი პარკისაკენ,

საიდანაც მათ შესახვედრად გამოვიდა ვიღაც

შადრევანში დასველებული ფრთებით."

როგორც ზემოთმოყვანილი ციტატებიდან ჩანს, კარლო კაჭარავა არაა რეალისტი პოეტი, მაგრამ დოკუმენტალისტი კი არის, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა დოკუმენტალიზმი რეალიზმის მეტი კონკრეტიზაციაა და ასეთი რამ შეუძლებელი უნდა იყოს. ისე, როგორც არსებობს მიმდინარეობა ჰიპერრეალიზმი, იქნებ ჯობდეს, კაჭარავას პოეზიაც ამის მსგავსად მოვნათლოთ - ჰიპერდოკუმენტალიზმად, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დოკუმენტალიზმი თავისებური იდეალისტის მიერაა შექმნილი. ამ ყველაფერში მთავარი კი მაინც ისაა, რომ ეს გარეგნული ფორმალური მახასიათებლებით ერთგვარი პოსტმოდერნისტული "პროლეტმწერლობა" მისთვის არანაირად არ იყო სტილური თამაში, მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალური ხელწერის მოძებნის მცდელობა, ეს იყო მისი გაუნელებელი ტკივილი, რომელსაც ისტორიის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სულიერი ყოფის ხედვის გამორჩეული უნარი და მათდამი წრფელი თანაგრძნობა ბადებდა.

საერთოდ, კარლო კაჭარავას პოეზიაში საოცრად ბუნებრივად თანაარსებობს ძველი, ახალი და იმდენად ახალი, რომ ქართულ რეალობას ფაქტობრივად მის შესახებ ჯერ წარმოდგენაც კი არა აქვს, თანაარსებობს ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებული კულტურული სივრცეები: ქართული (მემკვიდრეობითი მეხსიერებით), რუსული (თავისი საბჭოური ესთეტიკით და მასთან დაპირისპირებული ანდერგრაუნდით) და დასავლური (ხშირად გერმანული, რასთანაც მას ხშირად ჰქონდა შეხება და დიდი გავლენა იქონია მასზე, როგორც მხატვრისა და მოაზროვნის ჩამოყალიბებაში). ისინი "ატრაქციონის მონტაჟის" სისხარტით ენაცვლებიან ხშირად ერთმანეთს და ურთიერთზონდირებას ახდენენ, უფრო ნათლად კვეთენ თითოეული ამ კულტურის ეგზისტენციალურ ნიშნებს. ეს ჯერ არაა ის პოსტმოდერნული "დიდი სოფელი", რომელიც მარშალ მაკლუენმა იწინასწარმეტყველა, ეს უბრალოდ ის "დიდი სოფელია", რომელიც 27-28-29 წლის დაბრძებენული ბიჭის, კარლო კაჭარავას ცნობიერებაში არსებობდა იმდენად შთამბეჭდავი სახით, რომ მომავალი თაობებისთვის იგი ეპოქის დოკუმენტად დაიდო.

© “ცხელი შოკოლადი”

Thursday, February 28, 2008

ზვი­ად რა­ტი­ა­ნი

მოძრავი სამიზნე

I

1)

მე მინდოდა გავქცეულიყავი სადმე,

თუნდაც შორს.

2)

მე ამ ქალაქში არ მოვკვდები. არაფრის მძებნელი,

მე ჩავყოლივარ მის ღამეს ფსკერამდე,

სადაც ყოველი შუქი გარყვნილია

და ყოველი ჩრდილი ავაზაკი;

სადაც მოსამართი იადონის ცივი სირენა

აღვიძებს და ერეკება სამუშაოზე

ადამიანებს, რომელთა ხელობა - დავიწყებაა,

დავიწყება მათი, ვინც უყვართ.

მე ამ ქალაქში არ მოვკვდები. ღაღაცით აღძრული,

მე გავსულვარ მისი ღამის მეორე მხარეს,

აივნისა და ფანჯრის მიღმა - აკრძალულ ზონაში,

სადაც ადამიანები ცვლიან სიყვარულებს,

წარსულებს, სხეულის ნაწილებს, ყველაფერს.

მე მიცეკვია მისი ღამის უძრავი ცეკვა.

მე მიწოვია მისი ღამე -

ის კი არა, უნაზესი,

მთვარეებს რომ ვუყრი ხოლმე საგუნდაოდ მოწყენილ გრძნობებს,

მე მიწოვია მისი ღამის აკრული ძუძუ,

შხამიანი, შეჩვენებული.

მიგრძვნია, როგორ ვიბზარები, როგორც ნაჭუჭი, და როგორ გადმოდის ჩემგან

ახალშობილი ურჩხული, რომელსაც არ დაყვა სიფრთხილის ნიჭი,

რომელიც ითხოვს თავის სამსხვერპლოზე

ყველას, ვინც მიყვარს.

მე ამ ქალაქში არ მოვკვდები. ბრმასავით მორჩილი,

მე მივძრწოდი მის ღამეში და ჩემი ტანი

შიშხინებდა, როგორც ლავა მდინარეში, და არ მრცხვენოდა

მათი, ვინც მიყვარს, და არც მათი, ვიტრინების, რომლებშიც ვჩანდი

აგზნებული, და უმწეო, და თითქოს ვიღაც

მიმათრევდა, მაგრამ

ვინ? ვიღაც -

3)

იქნებ ის,

ვინც რახანია უკვე ვიცი, რომ ღმერთი არაა,

მაგრამ ვეღარ დამიხსნია ჩემი სული მისი ეშვიდან,

რადგან ბავშვობაში ღმერთად შევიყვარე -

ღმერთად, რომელსაც ჩემს ოჯახში არ ახსენებდნენ

და მე როგორღაც უმეგზუროდ მივედი მასთან -

არაღმერთთან, როგორც შემდგომ გამოირკვა, მაგრამ მაშინ კი

ის მასწავლიდა შავისა და შავის გარჩევას,

მანვე მაჩუქა სულ პირველი სათამაშო სიკვდილი სიცხიანს,

ის მაჩოქებდა თამაშისას გადატყაულ მტკივან მუხლებზე,

ვეჭიდებოდი პლასტელინით სავსე ფრჩხილებით -

4)

ის არის, ის, მისი ზურგი

მიირწევა ღამეში, ქალაქში, რომელშიც მე

არ მოვკვდები, და მისი

კეფა. ვიცანი, ის არის -

მე მინდა ვკლა და ვიყო მოკლული რომ მასწავლა, როგორც ლოცვა,

რომლის აზრი არ მესმოდა (ახლა მესმის), მაგრამ მაინც ვიმეორებდი

ნაზად, წამღერებით. ის არის, მაშინდელი

ღმერთი, თურმე რომ

არ იყო ღმერთი, არც ეშმაკი. მისი ზურგი მიირწევა ჩემს წინ და არც კი

გამომხედავს, რომ დარწმუნდეს - თუ მივყვები, იცის -

მივყვები. ღამე კი მისვამს

უფრო და უფრო ურთულეს პასუხებს,

მე ვერცერთ მათგანზე ვერ გავცემ შეკითხვას,

პირზე ხელს ვაფარებ, პირზეც და საშოზეც, ის მაინც ანთხევს

გათახსირებულ ქალებსა და უბოროტეს მამაკაცებს. თუ

ყველაფერი სიზმარია? ხოლო ის, ღმერთი

(თუ არც არის, არაღმერთი) სად და ჰაერში

ჰკიდია უკვე და მის თავზეც, ტანზეც, და ყველგან

ფერად-ფერადი ნათურები ჩახჩახებენ. და აი,

მკოცნიან,

უკვე

დაუნდობლად მკოცნიან, ასეც

ვიცოდი. ლექსი,

რომელიც შარშან ვერ დავწერე, ვერც

დღეს, ვერც

დავწერ,

ამაზე იყო

ალბათ, ალბათ

წინათგრძნობა იყო (უკანათგრძნობა, ზენა-

გრძნობა, ქვენაგრძნობა) და რა ერქვა? - მკითხველისადმი,

შეძლებისდაგვარად მაღალფარდოვანი

მიძღვნა, ასე ერქვა, ასე

იწყებოდა:

ეს სხვადასხვა სიყვარულში ჩასახული სიტყვები, ო,

რომელთაც ახლა შენთან მოაქვთ მონანიე უაზრობა ჩემი სიცოცხლის -

რაც გადაურჩა ენას და ფურცელს, და სიარაფრე

ჩემი სიკვდილის -

ისიც ალბათ მონანიე თავის დროზე; ო ეს სიტყვები

და შენ, ვინც მათგან გამოწუწნე რბილ-მლაშე ხორცი

და შემოყარე ასოები, როგორც ფხები, ჩემს ღია გულში - ვეღარ

დავამთავრე, ვერ

გავქაჩე. ის კი, ვინც მათბობდა

მთელი ბავშვობა, ვინც მიცავდა

დროზე ადრე დამსხვრევისგან, ვინც მაშინ ღმერთი

მეგონა და არ გამოდგა, - ის აკრიახდა

და მიყუჩდა, უკვე წიწილა

მოამწიფა ჩემს ნაჭუჭში, გველის

წიწილა - ეს ურჩხული, მე რომ

გამამსხვრია, ახლა რომ

კოცნიან, და რომ

ხორკლებს ულოშნიან შავ-წითელი საშოსბაგენი. და

ეს ურჩხული მე არა ვარ, ეს

მან, მე არა, ამ ურჩხულმა შეუკვეთა ცივ ასფალტზე დასაგებად

წითელი პარკეტი,

რომ კარგად მოკაწროს ბრჭყალებით

ორგაზმისას. და ეს

მე არა ვარ, მე საერთოდ

აღარა ვარ. ანუ ვგდივარ ტროტუარზე, არც ვგდივარ, ვყრივარ

მე - ნაჭუჭი, და მინდა

საწოლში

სახლის ან პალატის, ან

ლოცვა მინდა ვიცოდე, მინდა

სადღაც, აქ არა, თუნდაც

შ ო რ ს, ანდა -

სად,

სად არის ის,

მარადიული ავადმყოფი,

რომელიც ერთდროულად წევს ქალაქის ყველა საავადმყოფოს ყველა პალატაში,

რომლის მოსანახულებლად ყოველდღე ყველანი ვაპირებთ წასვლას

და ვეღარ მივაღწიეთ: მერამდენედ დაგვიობდა

მისთვის მისართმევი ხილი და სიტყვები.

სად არის ის, მარადიული ავადმყოფი,

რომელსაც შეცდომით ამოკვეთეს ყველაზე ჯანმრთელი სახელი - ღმერთი,

და საკუთარი უვიცობის დასაფარად მიწაში ჩამარხეს;

ის ვეღარ გათვალეს, რომ მიწაც ცა იყო.

სად არის ის, მარადიული ავადმყოფი,

რომელიც არ მოკვდება, არც

განიკურნება?

5)

მერე იქ ხე იდგა. დღეს უკვე არ ვიცი,

ისევ ის ხე დგას თუ ფუნა ძევს ძროხის.

მახსოვს, არ მიშვებდნენ, მეხვეწნენ, მაფიცეს,

დიდხანს მომძახოედნენ მიმავალს, მოხრილს,

და მაინც წავედი. დღეს უკვე არ ვიცი,

მართლა წავედი თუ დავეცი იქვე.

რატომღაც მგონია, რომ უფრო დავეცი;

დავუშვათ - გულაღმა; უფრო კი - პირქვე.

მე იქ ხე იდგა...

ხანგრძლივი და აღარც მახსოვს მერამდენე დაკარგვის შემდეგ

გალეშილი მოათრიეს ბავშვობიდან

როგორც ყოველთვის ამჯერადაც ბავშვობიდან

იქაურმა წმინდა შიშებმა

აჩქარებული გულისცემის ხვეულ კიბეზე

ძლივს ამობობღდა

არც უცდია გაეხადა გულუბრყვილობა

ბინძური და დაფლეთილი

ისევ მიეგდო

ბნელში წყვილად გახელილი ფანჯრების ქვემოთ

პირდაფჩენილი კედლის გვერდით

ენის ლეიბზე

აი

ეს არის ჩემი სული

ბავშვობიდან მობრუნებლს

კიდევ დიდხანს

ალბათ დიდხანს ეძინება

და რა არის შენი მზერა

მირიადი მზის სხივი რომ ერთად მიუდგეს

ვერ გააღვიძებს

შენი ხმა რაა

ქვეყნის ყველა მგალობელი ერთდროულად აჭიკჭიკდეს

არ შეწყვეტს ხვრინვას

დაიხარე

დააკვირდი

ჩემმა სულმა ბავშვობაში გაყიდა ფრთები

თუ მგონი რქებზე გადაცვალა

ზუსტად არ მახსოვს.

II

1)

როცა ოთახის ყვავილებისთვის ყოველდღიური წყლისდასხმა საქმეა,

ხოლო სავარძლიდან იატაკზე ჩაცურება (და ისეთი აბსოლუტური გამოთიშვა,

როცა ღიად დარჩენილი სარკმლიდან შემოფრენილი არცერთი ბუზი

არ დაგრჩება შეუგინებელი) არის დასვენება,

გამართლებულია, იყო ტრაგიკული.

იყო ტრაგიკული და გქონდეს ჩვევები:

სერიოზულად მოსაწყენი წიგნების კითხვა,

ნათესავების ჯანმრთელობით რეგულარული დაინტერესება,

წვერის პარსვისას სარკის წინ გათიშვა -

როცა საკუთარ თავს კი არ აფასებ, არამედ ირჩევ,

როცა კი არ აკვირდები საკუთარ ნაკვთებს, არამედ სწავლობ -

სწავლობ, როგორც საზეპიროებს.

რადგან გახასიათებს უსიამოვნო შეგრძნებები,

ხოლო რაც შეეხება ცხოვრებას, ცხოვრება ხომ საერთოდ, ერთი დიდი უსიამოვნებაა,

ოღონდ ის კარგი აქვს, გათენებები,

როცა მზის ყველაზე სულელი სხივები ემსხვრევიან დედამიწას,

ვიდრე უფრო დინჯები და ჭკვიანები ჩამოდნებიან, მანამდე კარგია;

როცა ეს-ესაა გაიღვიძე და ჯერ მხოლოდ გიხარია,

რომ ცუდი სიზმარი სიზმარი ყოფილა, კარგია.

მაგრამ განთიადებზე, ალიონებზე, ცისკრებზე და აისებზე

უკვე იმდენი დაწერილა, გაუმართლებელიცაა, შენც იყო ბედნიერი.

და რაღას უცდი, გადი ქუჩაში, გამარჯობათ, მე ვარ ამბავი,

თქვენი ახლობლები როგორ ბრძანდებიან?

გადი, რაღას უცდი? მთელი ცხოვრება უნდა იარო

და უნდა თავი მოიახალგამოღვიძებულო

ან რაღაც ამდაგვარი უნდა მოიფიქრო -

მგონი, გამოგივა.

გაიხსენე, გაიხსენე,

ბიოლოგიის მასწავლებელი, ქალბატონი ესმა,

ყოვლად მგზნებარე და გულმეცნიერი მასწ,

რომელიც გმოძღვრავდა, რომ, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის გარდაცვალება

განუზომელი ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის, ახლობლებისათვის,

მაგრამ, მეორეს მხრივ, სიკვდილიანობა აუცილებელი პირობაა

კაცობრიობის სრულფასოვანი განვითარებისთვის,

მოსავლისთვის, ნიადაგისათვის...

...გოგო იყო, ეს კი გახსოვს, რომელი - არც აქვს მნიშვნელობა,

წინა მერხიდან მოგიბრუნდა, გიჩურჩულა, "გუშინ რა ჭამე?"

შენ, დაბნეულმა, "კართოფილი",

მან კი, ჩურჩულითვე, "გუშინ შენ ბაბუაშენის ბაბუა ჭამე!"

და აირია ყველაფერი, გაიხსენე, ყველაფერი დატრიალდა,

ყიჟინით, როგორც ველურები ნანადირევის გარშემო, შენს ირგვლივ ბრუნავდნენ

მერხები და კლასელები, და კედლები პორტრეტებით - დარვინის, ბრეჟნევის,

შავი ფარდები, ფიტულები, ემბრიონის ფერადი სქემა...

...და რაღას უცდი, გაიკითხე, მისამართი ექნება ვინმეს

ან ტელეფონი, - დალიე და მიადექი ქალბატონ ესმას,

თუ, რა თქმა უნდა, ჯერ თვითონვე არ შეწირვია

კაცობრიობის სრულფასოვან განვითარებას, უხვ მოსავალს და ნოყიერ ნიადაგს,

მიადექი და ამაყად განუცხადე, რომ მან ბავშვობაში ტრავმა მოგაყენა,

რომ მისი ბრალია, რაც გჭირს, ყველაფერი,

უძილობაც, უმეგობრობაც...

. . . .

გაიხსენე, როგორ გინდოდა გაქცეულიყავი სადმე, თუნდაც შორს.

თუნდაც იმდენად შორს, სადაც ვერაფერი მიგყვებოდა სხეულის გარდა,

ვერც წარსული, ვერც იმედი, ვერც პოეზია,

- მხოლოდ სხეული, რომელსაც ყოველთვის აკლდი,

მაშინაც კი, როცა გეძინა.

სხეულიც ადამიანია. მასაც უნდა სიხარული, სინათლე, რაღაც -

თუნდაც ოდნავ უფრო მეტი, ვიდრე სითბო; ოღონდ არა

პ ო ე ზ ი ა - ცეცხლი და პური

ერთად; ცეცხლი ცალკე და ცალკე

პური, აი, რა უნდა.

. . . . . . . . . .

იძინეთ, შვილებო! ახლა ადგება მამათქვენი და წავა ღამეში.

იქ მას იცნობენ ძაღლები და ვარსკვლავები - და წავა ღამეში,

სადაც გაცდუნებს ყოველი შუქი, სადაც ყოველი ჩრდილი გემუქრება

და უმცირესი შიშიც კი - ღმერთია, ტანჯული ღმერთი,

რომელიც ყველგან, საითაც კი გაიხედავ, თავაზიანად იღება შენს წინ

ს ი კ ვ დ ი ლ ი ს ა კ ე ნ -

რას აკეთებდი, გკითხავენ იქ. და მოგინდება

გაიქცე, დაიმალო, ხელები მაინც

აიფარო სახეზე. მაგრამ სადღა გექნება

სახე, ან ხელები. რას, რას აკეთებდი,

გკითხავენ იქ. და არც იფიქრო მოტყუება,

არ გაგივა. არ თქვა, რომ მხოლოდ

ქურდობდი და ამის მეტი არაფერი. ვერაფრით

შეიმსუბუქებ სასჯელს. არ თქვა, რომ მხოლოდ

მრუშობდი და ამის მეტი არაფერი. რომ მხოლოდ კლავდი

და ამის მეტი არაფერი. აღიარე, რომ წერდი ლექსებს,

რომლებშიც შერცხვენილებს ბანდი და ათბობდი,

რომლებშიც ღატაკებს უკანასკნელ ლუკმას უყოფდი,

რომლებშიც მკვდრები ცოცხლდებოდნენ. აღიარე,

მ ა ს თ ა ნ მაინც აღიარე, რომ წერდი ლექსებს,

ოღონდ მეტი არაფერი.

2)

შენ იცი, შენ გამიგებ, მერცხლები ირეოდნენ ცაში,

ქვემოთ კი ქუჩა იყო, ალბათ ერთ-ერთი უმახინჯესი ქუჩა

ამ ქალაქში, სადაც მე მარტო ვარ ახლა, მარტო, როგორც მკვდარი,

როგორც მკვდარი - დამარხვამდე. მარცხნივ - ბოძები

მაღალი ძაბვის ელსადგურის, აბრაზე კი - თავისქალა, ხოლო მერცხლები

მავთულებს შორის დაფრინავდნენ. მარჯვნივ - ყაყანი

და საშენი მასალების ბაზრობა. მე კი

უნდა მდომოდა სიხარული, ეს ვიცოდი, და როგორც გიჟი

ვიღიმებოდი მერცხლებისკენ, და ვცილობდი პოეზიას, არადა გულში

ჯიუტად თოვდა სიმარტოვე, უძლურება, ყველაფერი, რაც ძნელია და რაც ყოველთვის

თავს შემახსენებს ამ ქალაქში, და სხვაგანაც, - თოვდა და თითქმის

მარწმუნებდა, რომ ყველა ლექსს, რომელიც კი შემითხზავს,

ვძულდი.

3)

ვერ გამოვზარდე ჩემი თვალები.

არცერთი მზერა, მათგან მრუდედ ამოყრილი, მე არ გამისხლავს

და ფესვებმაც, რახანია, გულში ჩააღწიეს.

ვერ გამოვზარდე ჩემი თვალები. ისინი აგრძელებენ შეწყვეტილ სურათებს,

რაც ფარდის ან მოსახვევის მიღმა დარჩა, რაც

მიწას ან კაბის კალთას მიეფარა, რაც

ღამემ ან ხსოვნამ გააქრო.

მე მაშინაც მინდოდა წერა,

როცა სააბაზანოში შევიკეტე

და ორივე ონკანი ბოლომდე მოვუშვი,

რათა წყლის ხმას დაეფარა სამგლოვიარო მუსიკის და ქვითინის ხმები,

და ცოტა მერეც, როცა ბოლო ჭირისუფალი მოწყვიტეს ცხედარს

და ხელკავით წაიყვანეს სასაფლაოს გასასვლელისკენ -

არ შემეძლო, თორემ მაშინ მინდოდა წერა!

და ვიდრე კუბოს დახუფავდნენ მესაფლავენი,

შევნიშნე, როგორ აფარფატდა მიცვალებულის სახიდან რაღაც...

- ნიღაბი, რომელსაც დროდადრო მოვირგებ.

III

1)

ფინჯანი ყავა დილის 5 საათზე

სადღეღამისო სანაყინეს სიმყუდროვე

სიცარიელე ცუდი სიტყვაა - ჯობია სიმყუდროვე

რულმორეული მენაყინეს უნდობლობით სავსე თვალები

ყავა და სიჩუმე - ორი ნაბიჯი სიფხიზლისკენ

მესამე და მთავარი ფიქრია

მაგრამ ჯერ გიჭირს

იფიქრე

არ იფიქრო

იფიქრე იმაზე რაც ფიქრად არ ღირს

იფიქრე ზღვებზე

არგო ქვია სანაყინეს - იფიქრე ზღვებზე

არგონავტი მენაყინეს უნდობლობით სავსე თვალებზე

და ქარით დაბერილ აფრებზე იფიქრე

ქარი ხრის ხეებს ტროტუარის ჩაყოლბით

ქარი ხრის ანტენებს სახურავებზე

მანქანა ჩერდება გადმოდის კაცი

და მთელი ძალით მთელი სიმწრით მუშტს ურტყამს ჰაერს

ქარმა დაიტაცა მისი ძალა მისი სიმწარე

და წაიღო წაიღო

ნახევარი ფინჯანი ყავა დილის 6-ის ნახევარზე

და სალამი საყვედურებით აღსავსე სამყაროს

იფიქრე არ იფიქრო იფიქრე იმაზე რაც ფიქრად არ ღირს

სრულიად მარტო სრულიად ცოცხალი

ბალტიისპირა სოფლის ღამეში

მთვრალი ცივ ზღვაში წელამდე მდგარი

შენ რაღაცას მღეროდი და თურმე მღეროდი

წამით მოლანდებულ

სიკვდილს

იფიქრე არ იფიქრო

ამაზე იფიქრე

მასმერეც ბევრჯერ გასტეხია დედაშენს ძილი

დიდხანს

ცრემლების საცეცებით

დაგეძებდნენ სიბნელეში მისი თვალები

სამყარო კი დიდი იყო ღამეც დიდი ხოლო შენ მთვრალი

სადგურის ხიდის მოაჯირზე შემომდგარი ქარს უმტკიცებდი

არარსებულ გამოგონილ სევდიან

სიკვდილს

იფიქრე

არ იფიქრო

ამაზე იფიქრე

იყო ტუჩები და კოცნიდი

არც შხამი და არც ბადაგი არც არაფერი

არ გადმოღვრილა მათგან შენში

ამაზე იფიქრე

სად არ ბრწყინავდნენ სამყაროში დედაშენის მწარე ცრემლები

და სიკვდილს თვალებს უჭრელებდნენ

იფიქრე იფიქრე

1999

იფიქრე დროზე და

თბილისი

იფიქრე სივრცეზე

თბილისი რომ გიყვარდა და აღარ გიყვარს

ახალ წელს რომ ათასცხრაას-2000 წელს დაარქმევ

სიკვდილი რომ ან ახლოა ან შორია ან საერთოდ არ არსებობს

ამაზე იფიქრე - ამაზე ფიქრი არ ღირს და იფიქრე

იფიქრე

როგორ გეზიზღება შენი თავი

და შენი თანდაყოლილი ახირება -

ძალიან სერიოზულად მოეკიდო ცხოვრებას

რის გამოც ისჯები

ალბათ

ცარიელი ფინჯანი ყავა დილის 6 საათზე

და ფიქრი იმაზე რაც ფიქრად არ ღირს

ქარი კი ხრის

ტროტუარის ჩაყოლებით

და სახურავებზე

ხეებს და ანტენებს

ხრის

და შენ

აგზნებული

დილის იაფფასიანი რომანტიკით

ჩიტების ჭიკჭიკით კატის ლეშით ცოცხების ბალეტით

მიდიხარ მირბიხარ მიფრინავ

მ შ ვ ი დ დ ე ბ ი

ასე მკვდარი არ ბრუნდება საიქიოდან

ასე გული არ გადადის სიზმრიდან ცხადში

ასე ბრტყელი ქვა გადარბის წყალზე

2)

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში,

და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა

ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს;

ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე

ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა

და ვინც

მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,

ისე აჰყურებს.

ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც

თუნდაც ერთ წარსულს, უმახინჯესს.

ჰოდა მიმღერე

შენი ხმამწარე იავნანა მათთვის, ვინც ღმერთზე

მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს

მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.

მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი

კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა

ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით

სახლისაკენ თუ რაღაცისკენ, რასაც ჯერ სახლად

ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,

რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც,

სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,

მით უფრო ტკბილად ჩაიძინებ. რატომღაც სჯერა.

(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი

და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში;

სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,

მან კი ვერაფრით მოიშორა სიკვდილის შიში.)

მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს

და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება

ლიფტის კარი და ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ

სახეში ტყვიას...

ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს

და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,

როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს

და გაუხდელად მიეგდება,

და რათა იკლოს

ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით

ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,

ან თავზე საბანს წაიფარებს ან კიდევ ითვლის,

ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს

და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება,

აღარც ცრემლები,

მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.

მიმღერე შენი უკუღმერთი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც მოხლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში...

. . . .

წინათგრძნობაც საქმეა მაგრამ

რამ მიგახვედროს ზუსტად

საიდან მოდის საფრთხე:

გრძნობები ვერ ფლობენ ფორმებს მეტყველების

საათის ცნობა არ იციან

ვერც მარჯვენას და მარცხენას არჩევენ

დასამალი კი იმდენია

მთელი ცხოვრება სულ რომ წერო

ვერ ამყოფინებ.

. . . .

ბუნებაში არსებობს რაღაც, რაც არ არსებობს.

ამიტომ სრული უფლება აქვს პოეზიას, იყოს მშვენიერი.

ვისთვის - როგორ; ჩვენთვის - მშვენიერი!

3)

მე ამ ქალაქში არ მოვკვდები. მაპატიე,

მე ყოველთვის მიზიდავდა ცუდი სიზმრები,

საშიში სიზმრები, სისხლიანი, ველური სიზმრები,

ვთქვათ, როცა ჩემები კვდებოდნენ ჩემთვალწინ...

მიზიდავდა, მიყვარდა, რათა მეგრძნო სიხარული

გაღვიძებისას, მიხვედრისას, რომ ეს ყველაფერი

მხოლოდ სიზმარია. და რომ ყველაფერი

კარგად არის. უფრო კარგადაც,

ვიდრე არის.

მაპატიე, ლექსებიც კი,

ეს უწყინარი, მექანიკური არსებები,

შეხედე, ჩემს ხელში როგორ გაბოროტდნენ.

ხოლო სული და ყველაფერი,

რასაც დაუსწრებლად ვიცნობთ და პატივს ვცემთ,

სიტყვებით არა, არც დუმილით, შიშით ითქმება.

1999





© ”არილი”