Monday, December 20, 2010

დათო ბარბაქაძე – ერთგვარი წინასიტყვა


წინამდებარე წერილი, უმნიშვნელო შემოკლებით, ამოღებულია დათო ბარბაქაძის წიგნიდან “მცირე პროზა 1990-2010”, რომელიც სულ ახლახანს გამოიცა 2 ეგზემპლარად (მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ ერთი ეგზემპლარი გამოიცემა).

1.


თვალს თუ გადაავლებთ ქართულ ლიტერატურულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუების იმ მონაკვეთებს, რომლებშიც პოეტებს და პროზაიკოსებს მათი გავლენის წყაროებზე და უშუალო ლიტერატურულ იმპულსებზე ეკითხებიან, არ გამოგეპარებათ ერთი უსიამოვნო გარემოება: რა სახელებს და კონტინენტებს არ შეხვდებით რესპოდენტთა პასუხებში, ჰომეროსით დაწყებულს და თანამედროვე საზღვარგარეთული ბესტსელერების ავტორებით და მათი ქვეყნებით დამთავრებულს, ოღონდ კი გულწრფელ პასუხს თავი აარიდონ. ერთნაირად იქცევა პოპულარობის ჟინით ატანილი და ბევრ უხეშობაზე წამსვლელი ოცდახუთი წლის ტიტანიც და სამოცდაათი წლის ლოკალური კლასიკოსიც. უფრო საინტერესო ის არის, რომ ამ დროს, როგორც წესი, ჟურნალისტმა კარგად იცის მსგავსი შეკითხვის მიმართ რესპოდენტის წინასწარი მზაობა და პასუხის შესაძლო ვექტორები, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გულისამრევს ხდის.
საერთოდ, ფარულ ტერიტორიებზე გატანილი კონკურენციის მთელ მზაკვრობას თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, ძალიან სახალისოდ და სასაცილოდაც კი გამოსჩანს ქართული მწერლობისთვის დამახასიათებელი აგრესიული ინფანტილიზმი. რაღაც ისეთი ხდება, გაქექილ ხელოსანს ხელობის ფასს რომ ეკითხები, ის კი სანაცვლოდ ჯიქურ საქმის დაწყებას ცდილობს და დამაიმედებლად შთაგაგონებს, მოვრიგდებით, მოვრიგდებითო, თანაც ამას ისე აკეთებს, რომ კლიენტის ინტელექტს ანგარიშს არ უწევს და მაშინვე, როცა წინააღმდეგობას აწყდება, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ჩვენს სამწერლო ცხოვრებაში, ვფიქრობ, გარკვეული და გამჭვირვალე კომუნიკაციები არავის აწყობს, ყველას არაზუსტი და ლიტერატურულად გაურკვეველი ატმოსფერო სჭირდება. ფონი კი ერთმანეთის ისტერიული და სასოწარკვეთილი ქება-დიდება ან ანგარიშსწორებებია ანუ – ისეთი კეთილშობილება, რომლისაც მე არ მჯერა და ამას, უბრალოდ, ჩარჩობის ხელოვნებას ვუწოდებ. ვაჭრობისაც კი – არა, უბრალოდ – ჩარჩობის. გასაგებია, რომ ყველა ისე ჩალიჩობს, როგორც შეუძლია.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მაგალითად ფიზიკაში, ისეთივე ვითარების შექმნა რომ შეიძლებოდეს, როგორიც ქართულ მწერლობაშია გაბატონებული. ვთქვათ, რომელიღაც ფიზიკოსი წლობით მუშაობს რაღაც პრობლემაზე, მიღებულ შედეგებს და ფორმულებს სტატიაში აყალიბებს, მერე ამ სტატიას სამეცნიერო ჟურნალში გზავნის, ჟურნალი კი სამეცნიერო საზოგადოებას მის მიერ მიღებულ შედეგებს აცნობს. თუ ეს ფიზიკოსიც ფიქრობს და სამეცნიერო საზოგადოებაც აღიარებს, რომ მის მიერ მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია, რას მოელის ფიზიკოსი სამეცნიერო საზოგადოებისგან? ქართული ლოგიკა, რომელიც კონტექსტის გრძნობასაც და ცოდნასაც მოკლებულია, ასე უნდა ჟღერდეს: “ჰქმენ სიკეთე, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება”, ან – ასე: “სანთელ-საკმეველი გზას არ დაჰკარგავს”. ანუ, მოცემულ შემთხვევაში, ქართული ლოგიკა ფიზიკოსის ფიქრების ნებისმიერ გადახრას გასაგები ადამიანური ოცნებისკენ, რომ მისი უძილო ღამეების ნაყოფი დაფასდეს, მაშინვე ამპარტავნებად და ქედმაღლობად გამოაცხადებს და ასეთ მეოცნებეს ყველა არსებული თუ არარსებული მორალური და რელიგიური მცნების დაცვისკენ მოუწოდებს. რაც ფიზიკის შემთხვევაში ანომალიად გამოიყურება, ქართულ მწერლობაში ნორმაა. არადა, ტექნიკურ მეცნიერებაშიც, ჰუმანიტარულ მეცნიერებაშიც და ხელოვნებაშიც შედეგი შედეგია და როცა ასეთი შედეგის ანალიზი არ ხდება, საათის ისრები მიმართულებას იცვლიან.
ლიტერატურის ისტორია შედეგების ისტორიაა. შედეგების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ან მათი იგნორირება მწერლობაში უფრო იოლიც არის და სულიერ ცხოვრებაში უფრო მეტ ქაოსსაც წარმოშობს, ვიდრე – ფიზიკაში ან მათემატიკაში (მითუმეტეს – საქართველოში, სადაც უკიდურესად პოლიტიზებულ სახელოვნებო ცხოვრებაში განუსაზღვრელობებისა და გაურკვევლობების გახანგრძლივების მოსურვე მოკალმეთა ხმაურიანი უმრავლესობა ყოველთვის არის სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერის იმედად). სალიტერატურო კრიტიკის ერთი მთავარი ფუნქცია კი სხვა არაფერია, თუ არა – ახალი შედეგების დაფიქსირება და შეფასება, განურჩევლად იმისა, შენთვის სასურველი მწერალი ღებულობს ამ შედეგებს თუ – შენთვის არასასურველი მწერალი (შოთა ჩანტლაძის მიერ მიღებული შედეგები რომ თავის დროზე შეფასებულიყო და დაფასებულიყო, გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების პოეზიაში იმ კლოუნადას არ მივიღებდით, რომელიც დღემდე გრძელდება. ეს კი, ერთი მხრივ, სწორედ კრიტიკის არარსებობის გამო მოხდა, ხოლო მეორე მხრივ – “ვერლიბრისტების” კოგნიტურ ძალებში და პიროვნულ კულტურაში არსებული სერიოზული ხარვეზების გამო, რასაც ასეთი დაბეჯითებით ვერ ვიტყოდი თხუთმეტი თუ ოცი წლის წინ, ახლა კი ამაში ეჭვი არ მეპარება. ხოლო საღი აზრის არარსებობის გამო ის მოხდა, რომ არავის გაუანალიზებია, თუ რას იწონის ის დანაკარგი, რომელიც ამ და ბევრი ხვა კლოუნადის, არაფრისმომცემი დისკუსიის, ურთიერთობებში მოზეიმე ფარისევლობის, საკუთარი წიგნების გამოცემისა და გაპიარებისთვის, ბინებისა და ბევრი სხვა სარგებლის მისაღებად დახარჯული სამათხოვრო ფუსფუსის შედეგად, მორიგ თაობებს უსაჩუქრეს ჩვენმა მეტად თუ ნაკლებად სახელოვანმა მოკალმეებმა).

2.

ჩვენში კრიტიკოსის ამბიციით გამოსულ მოკალმეთა სიმპათია-ანტიპატიები რიგითი მკითხველის ან ლიტერატურის ჟურნალისტის ინტენციებს არ სცილდება. მაშინ, როცა რიგითი მკითხველი თავისი ემოციებით და კოგნიტური შესაძლებლობებით საკუთარ სულიერ სამყაროში რჩება, მოკალმეები თავიანთი უკუღმართობით, ან არცოდნით, ან ემოციებს აყოლით და პირადი ინტერესების კარნახით და შეგნებული მანიპულაციებით, უბრალოდ, მავნებლობენ. და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ყველას ერთად გვტოვებს ყოვლად უკულტურო გარემოში. რეალობა, რომელიც ქართულ მწერლობაშია შექმნილი, მარტო კრიტიკის არარსებობაზე კი არ მეტყველებს, საერთოდ ჩვენი არარსებობის ტოლფასია. თვითკასტრაციაც ასეთი უნდა: ფიზიკურად აწმყოში არსებობდე და ცნობიერების დონით ქვის ხანაში იმყოფებოდე. დღესდღეობით ანგაჟირებულ, პოპულარულ ან სცენაზე აქტიურად მოძრავ მწერლებს შორის ერთი მაინც რომ ფიქრობდეს, ხოლო ამ აქტიური ნაკადიდან მეტ-ნაკლებად განზე მდგომ ინტელექტუალთა შორის მხოლოდ უმცირესობა რომ არ ხედავდეს ამ მიმართულებით მოქმედების აუცილებლობას, მაშინ ჩვენს მწერლობაში სულიერი ატმოსფეროც დადებითად შეიცვლებოდა და სააზროვნო სივრცესა და ლიტერატურული ურთიერთობების კულტურასაც ბევრად უკეთესი სახე ექნებოდა.
სხვათაშორის, ეს რეალობა იმათთვისაც სიკვდილის განაჩენია, ვინც ამ საკითხებში ჩახედულია, მაგრამ დუმს (ან ორაზროვნებს) იმიტომ, რომ მასზე უარესებს შორის ოდნავ უკეთესის სტატუსის შენარჩუნება სურს.

3.

ლიტერატურული კულტურის დაბალი ხარისხის ერთ-ერთ უტყუარ მაჩვენებლად ყოველთვის ითვლებოდა, ითვლება და ჩაითვლება გაბატონებულ ღირებულებებთან ხელოვნების დაახლოება, ხშირ შემთხვევაში კი – გავლენის დომინანტური ცენტრების წინაშე სრული კაპიტულაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, კლასიკური წყობის შემოქმედიც და თანამედროვე პოეტი-არტისტიც ყოველთვის საკუთარ თამაშს თამაშობს და თუ რამეს სერიოზულად უწევს ანგარიშს, რათა კონტექსტიდან არ ამოვარდეს, ეს ხელოვნების ტრადიცია და თანამედროვეობაა და არა – პოლიტიკა ან მასობრივი ცნობიერება და პატიოსან რიგით მოქალაქეთა ერთობა, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკური მანიპულაციების ცოცხალი ასპარეზი. პოეტი თავის თავს ასეთ საზოგადოებაზე მაღლა კი არ აყენებს, მხოლოდ მის მიღმა აღმოჩნდება; მისი თამაში, უბრალოდ, სხვა თამაშია, მისი ცხოვრება სხვა ცხოვრებაა და ამის დანახვა განსაკუთრებულ კულტურას მოითხოვს.
სალიტერატურო კრიტიკა საზოგადოებას სწორედ ასეთი კულტურის გამომუშავებაში ეხმარება. სიტყვასიტყვით რომ გავიმეორო ელიოტის აზრი, კრიტიკა პერმანენტულად არეგულირებს მკითხველის გემოვნებას და მის აღზრდაზე ზრუნავს. ოღონდ ეს ლიტერატურაში მორალური ინსტრუმენტარის შემოტანას არ გულისხმობს, პირიქით, ეს არის მორალური ცნობიერების აგრესიისგან ლიტერატურის საიმედოდ დაცვა.
ახალმა კრიტიკამ სწორედ გასული საუკუნის დიდი ავანგარდული მოძრაობის პარალელურად დააკანონა, რომ კრიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მკითხველის გემოვნების აღზრდაა, ეს კი მართლაც ბევრისმთქმელია. ელიოტთან “გემოვნების აღზრდა” პედაგოგიური ან მორალისტური კი არა, ფილოსოფიური ტერმინოლოგიის არსენალიდან მკვიდრდება. მაშინ, როცა გემოვნების აღზრდის კონცეპტი თითქოს კარგი და ცუდი კრიტიკის დიხოტომიას უნდა გვკარნახობდეს, ახალ კრიტიკაში ის სასარგებლო და უსარგებლო, ნაყოფიერი და უნაყოფო კრიტიკების დიხოტომიად შემოიქცა. საერთოდ, მორალურიდან პრაქტიკულისკენ და ფუნქციონალურისკენ ეს შემობრუნება განმსაზღვრელი აღმოჩნდა მთელი შემდგომი სალიტერატურო ცხოვრებისთვის, ვიდრე პოსტმოდერნულ-ხალხოსნურ მოძრაობამდე (თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ხელოვნების ფილოსოფიაში ჩემი ბიბლია, შილერის “წერილები ადამიანის ესთეტიკური აღზრდის შესახებ”, უღრმეს დონეზე ამ თემის დამუშავების ისეთ ფილოსოფიურ გამოცდილებას შეიცავს, რომლის მასშტაბებს ატომის საუკუნეში შექმნილი ესთეტიკური თეორიებიც კი მოკლებულია).

4.

მხატვრული ნაწარმოების შექმნის პროცესი, ცხადია, ლიტერატურა არ გახლავთ. ლიტერატურულ ფაქტად მას ლიტერატურულ სისტემაში მონაწილეობის პროცესი აქცევს, რაც ტექსტის არსებობის სხვა ეტაპია. მაგრამ ტექსტმა რომ ლიტერატურულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, ლიტერატურული პროცესი უნდა არსებობდეს. ასეთი პროცესი საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს, არის მხოლოდ გარკვეული ჩანასახი, ერთგვარი წინარე-ლიტერატურული მდგომარეობა.
ნეგატიური დეფინიციის პრინციპს თუ მოვუხმობთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სამწერლო ცხოვრება ჯერჯერობით ლიტერატურული პროცესების აღსაწერად მიღებულ საბაზისო ნიშანთა ინდექსაციასაც კი არ ექვემდებარება, რაც მწერლებისა და მკითხველების ქცევის წესზე, თაობებს შორის ან ერთი თაობის შიგნით მიმდინარე ფსიქოლოგიურ პროცესებზე და მორალზე მკაფიოდ აისახება. სხვა საკითხია, ხდება თუ არა ამ ფსიქოლოგიური მაჩვენებლების თემატიზება (მე ვფიქრობ, რომ არ ხდება).
პირადი გამოცდილება: როცა 2007 წლიდან ჩემი შემოქმედება ქართული საპრეზენტაციო სივრციდან ამოვრთე, ამით, ბევრ სხვა უკეთურობასთან ერთად, ჩვენს ლიტერატურულ ურთიერთობებში გაბატონებული დაბალი კულტურის სიჭარბესაც დავუპირისპირდი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩემგან უზნეობა იქნებოდა ქართულ კონტექსტში ისე მონაწილეობის გაგრძელება, თითქოს არაფერი მომხდარა იმით, რომ საჯარო პრესაში არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ჩემს შემოქმედებას, ჩემი პოეზია უაზრობად გამოაცხადეს, მერე ჩემი შემოქმედების დაკნინებისთვის მთელი მოძრაობა გააჩაღეს, და ამაზე არც ერთ იმ ადამიანს, რომელსაც ხმის ამოსაღებად საკმარისი საფუძველი ჰქონდა, ხმა არ ამოუღია (მე ვგულისხმობ შეურაცხყოფაზე რელევანტურ პასუხს და არა საქართველოში ტრადიციულად გავრცელებულ ფოლკლორულ ამოძახილებს ან ჩემდამი კერძო საუბრებში დაფიქსირებულ თანადგომებს). უფრო მეტიც, ჩემი შემოქმედების შეურაცხმყოფლებთან ჰარმონიული ურთიერთობა გააგრძელეს და საკუთარი სინდისის გასათეთრებლად მსგავსი კოლიზიების ჩაფარცხვის საბჭოურ ილეთებს მიმართეს. მე თანადგომა არავისგან არასდროს მითხოვია. ხმის ამოღება ჩემთვის კი არა, იმათთვისვე იყო საჭირო, ვინც განზე გადგა ან დაიმალა, მერე კი ჩემი შეურაცხმყოფლების მხრიდან მათ მიმართ აღვლენილი ოდები ან პატარ-პატარა საჩუქრები შეიფერა ანუ მათ ეშმაკურ მოსყიდვებს დათანხმდა და გაიტრუნა (ამ ფონზე განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის ჩემი შემოქმედებისა და პიროვნების მიმართ ყველა იმ ავტორისა და მკითხველის სიყვარული, რომელიც ჩემი დისკრედიტაციისთვის გაჩაღებულმა მდაბიოთა მოძრაობამ ვერ გააცურა).
მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანია (და არც მე ვარ ერთადერთი, ვისაც შეურაცხყოფენ). არსებითი ის არის, რომ ქართულ სამწერლო გარემოში ურთიერთობების, ქცევების, წარმატებისთვის ბრძოლის, მკითხველის ყურადღების ველში მოხვედრის საბჭოური წესებია შენარჩუნებული და გადამწყვეტი უმრავლესობა ამ ყალიბში თავს კომფორტულად გრძნობს.

5.

ძვირფასო ბატონო ***, გუშინ ერთმა ჩემმა მეგობარმა მაცნობა თქვენი ბლოგის შესახებ, სადაც სხვა ქართველ მწერლებთან ერთად ჩემი პოეტური ტექსტებიც არის თავმოყრილი. ბლოგი არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ საერთოდ პოეტური საწყისის მიმართ იმდენად დიდი სიყვარულით არის გაკეთებული, რომ როგორღაც მერიდება თქვენთვის ჩემი სათხოვრის გაზიარება, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ უმადურობაში არ ჩამომერთმევა ეს ჩემი თხოვნა. საქმე ის გახლავთ, რომ მე უკვე დიდი ხანია უარი ვთქვი ქართულ სივრცეში ჩემი ტექსტების პრეზენტაციაზე და ეს თანაბრად ეხება როგორც ბეჭდურ გამოცემებს, ისე - ინტერნეტს. გარდა ამისა, ინტერნეტში ხელოვნების პრეზენტაციასთან დაკავშირებით ჩემი ურყევი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციის თანმიმდევრული დაცვა მოითხოვს, ჩემს ტექსტებზეც ვრცელდებოდეს ჩემი პოზიცია. სწორედ ამიტომ არ ვაქვეყნებ არაფერს ინტერნეტში. მეორე მხრივ, მე არც ქართულ და არც უცხოურ ინტერნეტფორუმებს არასდროს ვსტუმრობ, საერთოდაც, ინტერნეტშეხვედრებისთვის დრო არ მრჩება და ამიტომ მხოლოდ შემთხვევით თუ ვგებულობ, რომ ჩემი ესა თუ ის ტექსტი მოხვედრილა რომელიმე ფორუმში ან ბლოგზე. ცხადია, უაზრობა იქნებოდა, ჩემს დაუკითხავად ჩემი ტექსტების გამოქვეყნების მოყვარულებს ვდიო, მაგრამ როცა ეს შესაძლებელია, აუცილებლად ვუკავშირდები და თხოვნით მივმართავ, რომ მოხსნან ჩემი ტექსტები. თქვენც ამავე თხოვნით მინდა მოგმართოთ, მითუმეტეს, რომ როგორც ჩემთვის უკვე ცნობილია, თქვენ საავტორო უფლებების უგულებელმყოფელთა ლაშქარს არ განეკუთვნებით და ცდილობთ, ყველა ავტორს თავად დაუკავშირდეთ მათი ტექსტების გამოსაქვეყნებლად უფლების მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ჩემს შესახებ ინფორმაციებს, არამედ მხოლოდ ჩემს შემოქმედებას. რომ არა ჩემი სუბიექტური კულტურული პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) შემადგენელი ნაწილიც არის ინტერნეტის თანამედროვე სუპერდემოკრატიულ სივრცეში ჩემი ნაწარმოებების გამოქვეყნებაზე უარის თქმა, ამ თხოვნით არ შეგაწუხებდით და მხოლოდ მადლობას გადაგიხდიდით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბლოგიდან ჩემი ტექსტების გაქრობა უხერხულობას გამოიწვევს, შეგიძლიათ ჩემი ეს სათხოვარი გამოაქვეყნოთ იმ ადგილას, სადაც ჩემი ლექსები გაქრება. ბოდიშს მოგიხდით, რომ ჩემი პოზიციის შინაარსი არ გაგიზიარეთ. ერთ დეტალს კი აღვნიშნავ: ჩემი საყვარელი მოჭადრაკე ბობი ფიშერი, ყველაფერთან ერთად, იმიტომ არის უდიდესი მოჭადრაკე, რომ მისი კეთილშობილება გამორიცხავდა იმ სამყაროსთვის კოჭის გორებას, რომელშიც მას მოუხდა ცხოვრება. სწორედ ამიტომ უთხრა მან საზოგადოებას, - მე თქვენ გიჩვენებთ, კრივი უფრო მნიშვნელოვანია თუ ჭადრაკიო, და გაიტანა კიდეც თავისი (სპასკი მას ჭადრაკის პროფკავშირს ეძახდა). მაგრამ ეს ეხებოდა ამერიკულ და არა ჩვენს ქართულ "საზოგადოებას", სადაც თუნდაც ჩემი ეს მაგალითი კარგი საბაბი იქნება ნებისმიერი ჯურის ყეყეჩისთვის, რომ რეალურ პრობლემებს თვალი კიდევ ერთხელ დაუხუჭონ და თემა ფიშერთან გატოლების სურვილში ჩემი დადანაშაულებით ამოწურონ. პოეტური სუპერდემოკრატია საქართველოში სწორედ იმან გამოიწვია, რომ აქ კრივი პოეზიაზე (და, საერთოდაც, ყველაფერზე) მნიშვნელოვანია. და ეს, პირველ რიგში, მოლექსეების და ავანტიურისტების წისქვილზე ასხამს წყალს და არა იმათ წისქვილზე, ვინც პოეტურ საწყისს პატივს სცემს და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მის მნიშვნელობას კარგად ხედავს.
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,
თქვენი დათო ბარბაქაძე
24.06.2009

6.

იქ, სადაც მაღალი ლიტერატურული კულტურა არსებობს, მწერლები თავიანთი ტექსტებით ბევრი მკითხველის დაინტერესებაზე კი არა, მკითხველებში წერის, შემოქმედებითი იმპულსის გაღვივებაზე ზრუნავენ. სხვა ყველაფერი, პირადად ჩემთვის, სპორტია და მეტი არაფერი, სპორტი კი იმის სპორტია, რომ მაყურებელი უნდა გყავდეს, რომლის თვალწინაც მეორე სპორტსმენს აჯობებ ან დამარცხდები.
საერთოდ, პოეზიაც და ფილოსოფიაც ფუფუნებაა; შეიძლება, პოეზია ფილოსოფიაზე დიდი ფუფუნებაც კი იყოს. მიუხედავად ურთულესი შრომისა, რომელიც თან ახლავს ლექსის წერას და რომელშიც ფსიქოპროდუქციების მართვის კულტურა და კოგნიტური გამოცდილებების გადამუშავების კულტურა თითქმის თანაბარ ღირებულებას იძენს, მხოლოდ ლექსის წერა, მხოლოდ ლექსებზე მუშაობა, მხოლოდ პოეზიაში მუშაობა დიახაც ფუფუნებაა.
მე ვიცი, რომ ბევრი პოეტი ოცნებობს ისეთი მდგომარეობის მოპოვებაზე, როცა მას მხოლოდ პოეზიაში მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა (მე ვიცნობ რამდენიმე ასეთ ძლიერ ევროპელ ავტორს). პირადად ჩემთვის ეს უმაღლესი ნეტარება იქნებოდა. მითუმეტეს, რომ, დიდი ხანია, ჩემთვის სამყარო პოეზიად და პოეზიის ნაკლებობად არის გაყოფილი. მაგრამ მხოლოდ ლექსის წერა მართლაც არის ისეთი ფუფუნება, როგორიც, სულ მცირე, ფინანსურად უზრუნველყოფილ ცხოვრებას მოითხოვს.
ამასწინათ ერთი ფილოსოფოსის ბოლოდროინდელ ესსეს ვკითხულობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორე გულში ის, რაშიც დიდი ხანია ეჭვი არ მეპარება: ყველა დიდი ტექსტი, პირველ რიგში კი პოეტური ტექსტი (მათ შორის თუნდაც პოსტსტრუქტურალისტების ესსეისტიკის ერთი ნაწილი, ეპიკური ლირიკის ეს დღემდე არნახული სახეობა, ფილოსოფიური კონცეპტებით და სამეცნიერო ტერმინოლოგიებს შორის ინტიმური ურთიერთობების დამყარების გენიალური უნარით შექმნილი ლირიკა), გარკვეული აზრით, ბოლოვადი, ამოწურული ტექსტია, რომლის უმაღლესი მორალიც მასზე წერისა და მასზე სამეცნიერო რეფლექსიებისკენ კი არა, საკუთარი პოეტური ხმის გაძლიერებისკენ უნდა გიბიძგებდეს. მე ვფიქრობ, ასეთია ყველა დიდი ტექსტი, რომელსაც დღესდღეობით – პოსტ-პოსტმოდერნულ ეპოქაში – ქმნის კულტურა. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია (მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი რეალობა ჯერ კიდევ საპირისპიროს მეტყველებს) ფილოსოფიაში თავისუფალი სინდისით, ყოფითი თუ აკადემიური გეგმებისგან დამოუკიდებელი, შინაგანი ხმის ძახილით დაწერილი სადოქტორო შრომები უკვე თუნდაც შელინგზე და პლატონზე. აღარაფერს ვამბობ თანამედროვე პოეზიაზე ან, ვთქვათ, თანამედროვე ფილოსოფიურ ესსეისტიკაზე და ისეთ ფილოსოფიურ რომანებზე, როგორებიც ჰაიდეგერის “ყოფიერება და დრო”, გადამერის “ჭეშმარიტება და მეთოდი”, ბაშლარის პენტალოგია და ურიცხვი სხვა ფილოსოფოსის ტექსტებია. ამ ყველაფერზე მთელი სერიოზულობით ტრადიციული ყაიდის დისერტაციების წერა ხომ, სულ მცირე, საშინლად მოსაწყენია (თუ ის წერითი კულტურის გამომუშავების მიზნით წარმოებული ახალგაზრდული ვარჯიში ან ბიოგრაფიული პროზა არ არის, რაც, ესეც უნდა ითქვას, ზოგჯერ ემთხვევა აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ჩატარებულ სამუშაოს).
არასდროს დამავიწყდება, როგორი ირონიული მიმტევებლობით ლაპარაკობდა ექვსი-შვიდი წლის წინ ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, რომელზე ფილოსოფოსების და კულტურის თეორეტიკოსების მიერ დაწერილი დისერტაციებიც ასობით კილოგრამს იწონის (და რომელიც თავად არის მშვენიერი სადოქტორო დისერტაციის ავტორი!), - თუ კარგი ლექსი რამეს არ უნდა აღძრავდეს მკითხველში, პირველ რიგში – პოეტზე დისერტაციის წერის მოთხოვნილებას, მაგრამ მეცნიერებსაც უნდა გავუგოთ, ისინი ხომ პურს ამით ჭამენო.

7.

უნდა ვაღიარო, რომ ბოლო ათწლეულის საქართველოს პუბლიცისტურ (ასევე – მხატვრულ) აზრს ცუდად ვიცნობ, მაგრამ შემთხვევიდან შემთხვევამდე ჩემს ხელთ მოხვედრილი ტექსტების გადამწყვეტი უმრავლესობა, რომელშიც ქართული ყოფის, ეკლესიის, სახელმწიფოს, ჩვენი შორეული თუ უახლესი ისტორიის და სხვა ნათესაური საკითხები “ახლებურად” არის პრობლემატიზებული, სტანდარტული ლიბერალური სააზროვნო ტრადიციის სახესხვაობებია და მეტიც არაფერი. ამ მიმართულების ქართული მასალა, როგორც ჩანს, მსგავსი სტანდარტული კლიშეებით ქართული კონტექსტის „გადაწერას“ ემსახურება და აუცილებლად დემოკრატიულ ფასეულობებზე სწორების სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. ასეთი ტექსტების ავტორებს ნაივურობაში ბრალს ნამდვილად ვერ დავდებ, რასაც მათი ეშმაკობაც მიდასტურებს: მათი იდეოლოგიური ბაზის სიღარიბე ყოველთვის პოსტმოდერნული რიტორიკით და მაგიურ-კონცეპტუალური სიტყვათშეთანხმებებით არის გასაიდუმლოებული. მოკლედ, მათ ხელში ყველაფერი მომხმარებლური და გამომყენებლური ფილოსოფიის ნაწილად გადაქცეულა.
არის უფრო უსიამოვნო საერთო ნიშანიც: თითქოს, ყველა ეს ტექსტი ინსტიტუციონალური ან სამოხელეო პოზიციებიდან არის დაწერილი და საშინლად უსიცოცხლოა; თითქოს, ამ ტექსტებიდან სახელმწიფო აპარატის მომავალი იდეოლოგი ან ვინმე ასეთი გელაპარაკება. მე მსგავსი ანალიტიკა საბჭოთა მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის მეორე მხარედ წარმომიდგენია. დღეს მთელი მონდომებით ცდილობენ, ძველი იდეოლოგიის ადგილი ახალი, ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიით ამოავსონ. მიჩნდება განცდა, რომ დღეს სახელმწიფო ასე მუშაობს, ლიბერალიზმის სოფისტიკით გამართლებულ თავის კონფორმიზმს კარიერის მკეთებელი და თბილი მომავლის მისაღებად მოფუსფუსე პუბლიცისტების ხელით შენიღბულს გვაწვდის (ამაში არც ახალი და არც მხოლოდ ჩვენი ღარიბი ქვეყნისთვის დამახასიათებელი არაფერია). სამწუხარო ის არის, რომ მსგავსი წყობის ანალიტიკოსები, როგორც წესი, ან უკვე არიან ან მომავალში აუცილებლად ხდებიან ხოლმე უსახო სახელმწიფო მანქანის ადეპტები და თავისუფალ, არანორმირებულ აზრს და შემოქმედებით ენერგიას, ნონკონფორმისტულ დინებებს მერე ყველა ხელმისაწვდომი იარაღით ბლოკავენ, თავიანთ საქციელს კი სახელმწიფო აზროვნების აუცილებლობის მითოლოგიით ამართლებენ (საბჭოთა კავშირში „ანალიტიკურ“ აქტივისტებს ანალოგიური ფუნქციებით კომპარტიის ცეკა და კომკავშირის ცეკა ანაწილებდნენ). ჩემი ღრმა რწმენით, კულტურის გაძლიერებისთვის საკვანძო სტრატეგიულ ადგილებზე გამაგრებულ არაპროფესიონალებთან და წერა-კითხვის უცოდინარ არსებებთან ერთად, ასეთ მოხელეთა მავნებლობის ლომის წილია იმაში, რომ საქართველოში ადამიანები, რომლებიც თავიანთი ინდივიდუალური აქტივობით ძლიერ, გენერაციული ფუნქციებით აღჭურვილ კულტურულ კოდებს ქმნიან, სახელმწიფოს მიერ გლადიატორებად აღიქმებიან, რომელთა ბრძოლასაც ეს სახელმწიფო დემორალიზებული ხალისით ადევნებს თვალს, მეორე მხრივ კი, მათი გამოცდილების გამოყენებას (უკეთ, მითვისებას და ამ ინდივიდუალურ ძალისხმევათა განიარაღებას) მხოლოდ მათი ანალოგების შექმნით ცდილობს, რაც სახელმწიფოს იძულებულს ხდის, დაუფარავად დაუჭიროს მხარი მეორეულს და არა პირველადს, თაღლითს და არა პატიოსან მშრომელს, დილეტანტს და არა პროფესიონალს.
ეს ცნობილი კანონის ერთ-ერთი გავრცელებული გამოვლინებაა: ადამიანს, რომელიც არაფერს ქმნის და შემოქმედებითი ძალისხმევის ველს გარეთ არის დარჩენილი, ყოველთვის უჩნდება აგრესია იმის მიმართ, ვინც ქმნის და იმისთვის შრომობს, რომ მისი ფიზიკური არსებობა მის მიერ შექმნილმა სამყარომ გააგრძელოს. ასეთი აგრესია შეიძლება იყოს ფარული ან “დაბმული” და უწყინარი ქცევებით გამოხატული, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ უხეში და მეთოდურად დამანგრეველიც კი, ადამიანის და საზოგადოების სოციალურ და ფსიქოლოგიურ პორტრეტს გააჩნია.

8.

და ბოლოს: ჩემი - როგორც პოეტის - მხატვრული და თეორიული პროზა ყოველთვის ჩემი სისტემური პოეტური ძიებების თანამდევი არასისტემური რეფლექსიების ხასიათს ატარებდა, და ეს კარგად “შემოინახა” თუნდაც სხვადასხვა მიმართულებით დასახსრული ამ ტექსტების თემატიკამ და ლოგიკამ: მიუხედავად ერთიანი შინაგანი ესთეტიკური და ეთიკური ხაზისა, ეს მაინც ერთგვარი კონცეპტუალური ინიციატივებია, თითქოს საგულდაგულოდ დაწყებული, განვითარების რაღაც ეტაპამდე მიყვანილი და მერე ყოველთვის მოულოდნელად შეწყვეტილი სამუშაოები (როგორც, მაგალითად, ორიოდე რეცენზია ცალკეულ პოეტებზე, რომელთა რიცხვი, წინასწარი ჩანაფიქრით, ოცდაათამდეც კი უნდა გაზრდილიყო).
ასეთი სურათის ერთ მიზეზად ჩემს მიერ ლოკალური კონტექსტის ცვალებადობის პერმანენტულ გათვალისწინებას დავასახელებდი, მეორე მიზეზი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემი სარედაქციო-საგამომცემლო ლიტერატურული აქციონიზმი იქნებოდა, მესამე – ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობა, მეოთხე და უპირველესი კი - ჩემს პოეტურ შემოქმედებაზე ინტენსიური კონცენტრაცია და ჩემი ცხოვრების მთავარი საქმიდან სახიფათოდ დაშორების წინაშე თუ ჩემგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო ჩემი პოეტური ძიებების შესაძლო დაბრკოლებაზე ფიქრებით გამოწვეული შიში. ამ უკანასკნელს ყოველთვის განსაკუთრებული კორექტივები შეჰქონდა და შეაქვს ჩემს საკონტექსტო აქტივობაში (უკანასკნელი რვა-ათი წლის განმავლობაში ახალგაზრდული ენთუზიაზმის გაქრობამ და კურტნის მუშად ყოფნის სახალისო როლზე უარის თქმამ, ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისა და სულიერი არსებობისთვის განუწყვეტელმა ბრძოლამ და, აქედან გამომდინარე, მთლიანად ჩემს საკუთარ შემოქმედებაზე და რამდენიმე საგამომცემლო პროექტზე კონცენტრირებამ ავტომატურად შეამცირა ჩემი ცხოვრების მთავარი საქმის თანამდევი ეს პარალელური აქტივობები, მაგრამ არა – მკაფიო პოზიციები). ისევ კეთილ ელიოტს თუ მივმართავ და მის ერთ გამონათქვამში მცირეოდენ ცვლილებას შევიტან, ასეთი თავხედობით ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, აი, როგორი მაქსიმა მიიღება: კონტექსტის გრძნობა აუცილებელია ნებისმიერისთვის, ვისაც გადაუწყვეტია – პოეტად დარჩეს მას მერეც, როცა თავის სიცოცხლის პირველ ოცდახუთ წელს უკან მოიტოვებს.
თავს უფლებას ვაძლევ, აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემს წარმოდგენაში მკითხველი მხოლოდ იმ ადამიანს გულისხმობს, რომელიც თავად წერს ანუ აქვს მოთხოვნილება – წარმავლობის წინაშე ხმა აღიმაღლოს, როგორც ავტორმა.

თბილისი
მარტი-აპრილი, 2010

მაკა ლდოკონენი – ომები გასახსენებლად


"მე, ვინც ისტორიის მონად ვიქეცი ნებსით თუ უნებლიეთ"
სლავომირ მროჟეკი

ვითვლით - დათვლას ვერ ავუდივართ

ვითვლიდით მუდამ! ბავშვობიდან ვცხრილავდით ერთმანეთს, მერე დარჩენილს რომ დაეჭირა ყველა ჩვენგანი. ვითვლიდით მიწით ავსებულ, პირქვე დამხობილ რკინის ვედროებს – მერე მათგან გამოსულ პასკებს გადამოწმებით. ფრჩხილებზე თეთრად აყვავებული წერტილები საჩუქრების ტოლი რიცხვი იყო რატომღაც. არდადეგებამდე მისაღწევ დღეებს რუდუნებით, დარჩენილს კი უხალისოდ ვითვლიდით ყველა. ბიჭები მუშტად შეკრული ხელის მაჯაზე ცერა თითის დაჭერით ამობერილ თეთრ ბორცვებს თვლიდნენ - სჯეროდათ, ეს რიცხვი ჩვენი მომავალი შვილების ოდენობაზე მიგვანიშნებსო, თვალს აპარებდნენ, რომელ გოგონას ჰქონდა ამდენივე თეთრი ბორცვი მაჯაზე. გოგოებიდან თითოეული საკუთარ შუალედს ანგარიშობდა - თვიდან თვემდე თადარიგი რომ დაეჭირა.
გამოცდის მერე ქულებს ვითვლიდით, ვთვლიდით შედეგებს – მოსალოდნელს, ვვარაუდობდით. ადამიანებს ვიმატებდით გულებში და არაფრად ვთვლიდით ღალატის მიზეზით გამოკლებულებს. დაუთვლელ სანთელს ვანთებდით თხოვნით, იმედით, მადლიერებით.
ყურადღებით და მრავალჯერ გადამოწმებით ვაზუსტებდით კალენდარზე მესამე და მეორმოცე დღეებს მშობლების თუ მეგობრების გარდაცვალებიდან. ვითვლიდით საფლავის ქვაზე დასაწერ ციფრებს, ასოებს - დაჯამებულ რიცხვს სათითაო სიმბოლოს ფასზე ვამრავლებდით. მიღებულ თანხას ვამატებდით საფლავზე მოსაფრქვევი, გაცრილი შავი მიწის ღირებულებას.
ბზობაზე მაწანწალა თათრის ბიჭი საფლავებიდან მოპარულ ბზის ბუჩქებს თვლიდა, ანგარიშობდა მხოლოდ გაყიდულს, დანარჩენს კი - ჩვენს არჩეულს, დარგულს, მონარწყამს არაფრად თვლიდა. სააღდგომოდ კი ახალი საქმე უჩნდებოდა – წითელ კვერცხებს აგროვებდა პოლიეთილენის პარკებში ჩასაყრელად.
ვითვლიდით ყვავილებს – ხან ლუწი, ხან კი უსათუოდ კენტი უნდა გვეყიდა. სტუმრებს ვარჩევდით შვილების ქორწილზე დასაპატიჟებლად – სასურველს თუ სავალდებულოს. მოსაწვევების რაოდენობას ვაზუსტებდით მათთვის, შინაურულად რომ ვერ ვეტყოდით ჩვენს სიხარულზე! იყო დღეები დასათვლელად სულ რომ არ ღირდა, მაგრამ ოდესღაც მოგონება აღმოაჩენდა.
ჩვენი თაობა ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ითვლის ომებს - ცდილობს, გათვალოს საფრთხე და მომავალი.

ალუჩების ქუჩა

ალუჩების ქუჩაა ჩვენი ქუჩა. ალუჩების ქუჩა გაზაფხულზე ისეთი თეთრია, ზამთარს შეშურდება! აქ მოგვისწრო ცვლილებების ხანამ, თუმცა, მუდამ აქ ვცხოვრობდით: უწინ – როდესაც გვეგონა, ისტორია აღარ იწერებაო და მერეც – ისტორია წვეთოვანად რომ გვექცა და ყველა სისხლის ჯგუფს მოერგო დონორივით.
შანსკი მოდიოდა, ჩამოჯდებოდა იტალიურ აივანზე კუთხეში, ბუზღუნებდა: დაგვწყევლესო! ჩვენ ვიცინოდით. ჩინელები იწყევლებიან: ცვლილებების ხანაში იცხოვრეთო და ჩვენ გვიწიაო! ისევ ვიცინოდით. რიჟას მეზობელი ვარ და მაგის ბრალია, ბავშვობიდან მოყოლებული, როცა შევხვდებოდი, ყოველთვის სამჯერ ვხტებოდი ჰაერში და მაინც არ მიშველაო!Aამაზეც ვიცინოდით, რიჟაც გულიანად ხარხარებდა.
ცვლილებები ჩვენში გამუდმებულ ომებს გულისხმობდა და გავეჩვიეთ კიდეც ომებს – სხვადასხვა დასახელების მიუხედავად ხშირ-ხშირად იწყებოდა, მაგრამ მალევე მოთავდებოდა. ალბათ მაგიტომაც გავთამამდით მაშინ, ფრონტის ხაზმა ჩვენი უბანი რომ გადაკვეთა და ალუჩების ქუჩა არ მივატოვეთ - არ გადავსახლდით მეზობელ უბნებში მცხოვრებ ნათესავებთან. უსაფრთხოების წესებს ვიცავდით: ფანჯრებს არ ვეკარებოდით, სწრაფად გავრბოდით როდესაც ალუჩების ქუჩაზე სამ დღეში ერთხელ პურს მოგვიტანდნენ და ასევე სწრაფად მივარბენინებდით ნაგავს კვირაში ერთხელ მოსული მანქანისკენ. Gჩვენი და მოპირდაპირე სახლის სახურავებს შორის მოქცეულ ღამის ცაზე გაელვებულ ტყვიებს ვაკვირდებოდით. დილით კი აქანდაზზე ვაგროვებდით აივანზე მოგვილ მასრებს და კვლავ ვიცინოდით, ვინაიდან სიცილის ძალა შემოგვრჩენოდა.
ახალმა წელმაც ცვლილებებში მოგვისწრო. შევხვდით: დედებმა და ბებიებმა მურაბები და კონსერვები დახსნეს, პურები ტაფაზე დააცხვეს, სარდაფებიდან ამოტანილი ღვინით ვადღეგრძელეთ "მტერი" თუ "მოყვარე". ვინაიდან ორივე მხარეს ჩვენები იდგნენ და დღემდე ბრჭყალებში ვსვამ ამ სიტყვებს - კვლავ ვერ გამირკვევია, ვინ რომელი იყო მაშინდელ ომში.
მეკვლეც გვესტუმრა - მოხარშული კვერცხებით გამოტენილი კვერები მოგვართვა გუგაბაბუმ. "ალესაზე" გვიამბო. თითქოს ტელევიზორი იყოო, ისე შემოვუსხედით გარშემო. მაშინ ხომ საახალწლო გადაცემები არ მომზადებულა და არავის მოულოცავს ჩვენთვის ახალი წლის დადგომა ცისფერი ეკრანებიდან. იმჟამად, მსოფლიოს ყველაზე მსხვილმასშტაბიან რუქაზეც არ მოვიაზრებოდით – არსად ვიყავით გამოთვლილი და გათვლილი.
სამყარო წლის მიწურულს შედეგებს აფასებდა: არჩევდნენ სახეებსა თუ სახელებს, ფილმს, არომატს, ჩაცმის სტილსა თუ ვარცხნილობას, წიგნს, მუსიკალურ ალბომს და აქციას. ჩვენ არაფერი გვქონდა დასათვლელი დანგრეული შენობების გარდა. ვისმენდით მონათხრობს "ალესაზე," ძველ გურიაზე, როდესაც ტვირთს ჯერ ურმითაც არ ზიდავდნენ და ისეთი განცდა გვეუფლებოდა, თითქოს უკან, ურმების ხანაში, ან სულაც უფრო უკან მივექანებოდით და გზადაგზა ურმებს ვაბრუნებდით თავდაყირა.
- გამიგეთ, რა, ახალგაზრდებო, კარგად გამიგეთ, აი, ახლა რასაც გეტყვით, ეგ გამიგეთ, დააკვირდიიით: "ალესა" რომ გემღერა კავშირი და ერთიანობა იყო საჭირო, ხომ გესმით. ა-აა? ხომ გესმიიით - კააავშირი და ერთიანობააა!.. "ალესას" თუ არ შემოსძახებდნენ, ტვირთს როგორ დაძრავდნენ. ტვირთის გადატანის დროს კიდევ, მთავარი იყო ყველას თავის წილი ტვირთი პატიოსნად, გამიგეთ? პატიოსნააად ეზიდა! აი, რისი თქმა მინდა - მეზობელს არ უნდა დასწოლოდა მკლავზე, მაჯაზე ან მხარზე სხვისი საზიდი. ერთი არასწორი ნაბიჯი, მიხრა-მოხრა და საქმე ფუჭდებოდა. მერე, ჩემო კარგებო, როგორც ყველა კარგ საქმეს, ტვირთის გადატანასაც ბელადი სჭიდებოდა და "ალესას" მთავარი მთქმელიც ის იყო - დაიწყებდა სიმღერას, ტვირთი ამსუბუქდებოდა. ხან ხმას უწევდა, ხან ჩქარ "ალესას" ამბობდა, აქეთურებს გაამხნევებდა, ზოგს შეუტევდა. მოკლედ, მთელი ამბავი და დავიდარაბა იყო ატეხილი! ახლა თუ სახიფათო ადგილი შეხვდებოდათ და მაგის მერე იოლას გამოვიდოდნენ, მხიარულ "ალესას" შესძახებდნენ, თან ყველა ერთად: ააალესააა და ვიოოო-იო!
ვისხედით საახალწლო სუფრასთან, გავცქეროდით დაცარიელებულ იტალიურ აივნებს და ვფიქრობდით, რამ გაახსენა "ალესა" გუგაბაბუს? რატომ - "ალესა?" ალბათ ღამე, ტყვიების ზუზუნში წარმოიდგინა რა უსასრულოდ გაგრძელდა ომი, პურიც აღარ მოაქვს მანქანებს, ალუჩების ქუჩის ბინადრებს ტვირთის გადატანა დასჭირდათ და "ალესას" მთქმელის ძებნაში სწორედ მას მიადგნენ და იქვე, ოცნებებშივე ეცინება - რომელ ტვირთზეა საუბარი, თავქუდმოგლეჯით გასაქცევად თუ გაქვს კაცს საქმე?! ჩვენც ზუსტად ვიცით, ჩვენმა თაობამ, რომ ომი სათვალავში არ აგდებს ნივთებს, არც ერთ შენაძენს არად დაგიდევს; და როდესაც წამებში გიწევს ამაოსა და სასურველის გადაფასება, თანწასაღები მუჭში გეტევა, ანდა უბეში, ჰა-ჰა ბოხჩად გამოკრა და გაიყოლო. ყველამ, ვინც ალუჩების ქუჩაზე ვცხოვრობთ, ვიცოდით, რომ ასეთ წამებში გუგაბაბუ შვილიშვილებს აიტაცებდა, თავად იქნებოდა "ალესას" ბელადიც და მუშახელიც, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილ "ალესას" არ მოსწრებია და ყოველივე წინაპრების მონათხრობიდან შეეტყო მხოლოდ.
გუგაბაბუს ახალგაზრობაში "ალესას" სუფრის ბოლოს თუ იმღერებდნენ, როგორც ერთ-ერთ რიგით სიმღერას - ისეთებიც ტვირთი რომ არ აუწევიათ არასდროს. არც ჩვენ გაგვისვრია იარღი, მაგრამ როდესაც საშობაოდ ომი დასრულდა და ალუჩების ქუჩის შემოგარენის ნანგრევებში ვიხეტიალეთ, ნაფრონტალი გვერქვა თითოეულს.

ჩიტის ამბავი

გახსოვს, ტყეებს რომ მოედო ალი? ჩიტის გულებად გვექცა სხეული! მივქროდით, უკან გვრჩებოდა ბუდეA- რა რუდუნებით, რა ძალისხმევით, რა მონდომებით მომთავრებული. ვაგებდით ადრე გაზაფხულიდან. ფრთებით, ნისკარტით, სუსტი ფეხებით მოგვქონდა თიხა, გამხმარი წიწვი, კენჭები, წკირი, ბურბუშელა, ფოთლის ნაკუწი. ტყისპირა სახლის ეზოდან, მახსოვს, ფანქრის ნათალიც გამოვაყოლეთ. ვზელდით, ვადებდით, ვქსოვდით, ვლამბავდით... მალე კვერცხები მოვათავსეთ ბუდეში ფრთხილად – თითქოს ფოსოში თვალის გუგები. მერე ბარტყებზე ზრუნვა დავიწყეთ - ტყე-ტყე დავქროდით მწერების კვალში. საღამოობით ბუდის კიდეზე ვსხდებოდით მშვიდად. იმ საღამოსაც ასე ვიყავით, ერთმანეთზე თავმიდებულნი. ტყისპირა სახლში მღეროდა ქალი, მძინარე ჩვილზე მიხუტებული. ვუსმენდით. გულში გალობით დედის სიმღერას ხმას ვაყოლებდით:

მანანოებიიი მოდიანოოო,
ძილი მოაქვთ გუდითაოოო...

სითბომ იმატა, ერთმანეთსაც კი გავერიდეთ ისე ჩამოცხა, გაგვავარვარა ტყის სიღრმიდან მოტანილმა... ცეცხლის ალებმა! დედის სიმღერას ყალბი ბგერა გამოერია, ბოლოს კივილით შეწყვიტა ნანა - ჩვენ სათანადოდ რომ ვერ ვუმღერეთ იმ ზაფხულს ბარტყებს. ბევრს ბუდეშივე მოეხარშა ციცქნა კვერცხები. ტყეებს უეცრად მოედო ცეცხლი, სწრაფად მივქროდით, აკი გითხარი, ჩიტის გულებად გვექცა სხეული.
ვინ ჩაიდინა? ასე უგულოდ ვინ მოგვექცა და ხელაღებით ვინ გაგვიმეტა? ვერც იმას ვამბობ - იმათ ტყეებს უწიოს ჩვენმა ცოდვამ-თქო, იქაც რამდენი ჩიტი უვლის ბუდეებს, ბარტყებს... ვიცოდე მაინც, ადამიანებს რატომ უნდებათ ერთმანეთისთვის გულის ტკენა! ან სიტყვა "ომი" რას აღნიშნავს, როგორ საქციელს? ტყეს რომ წვავ ეგეც "ომს" ნიშნავს ნეტავ?
მას მერე იქით არ გაგვიხედავს - წინაპრების გაკვალული საფრენი გზები დღესაც გვაშინებს, ვეღარ ვბრუნდებით. სხვა თბილ ქვეყნებში დავფრინავთ დღემდე, აგერ... მეორე გაზაფხულია!

გაგდებ-გამოგდებია

თამაშებთან ერთად დაიწყო და ცოტაარიყოს გაგვიჭირდა დაჯერება: ყვავილებს ვრწყავდით, ბავშვები შემოცვივდნენ ეზოში და შეგვატყობინეს, ისევ ომიაო! პირველ რიგში ოჯახის წევრებს გადასწვდა ფიქრი, ზაფხულის გამო მიმოფანტულებს - მათი მოგროვება დადგა დღის წესრიგში. იმ დღეს კი, ხმა რომ დაირხა დედაქალალქს დაბომბავენო და მაღაზიები დაცარიელდა, შაქარის, მაკარონის ან ფქვილის რიგში არ გვედგომებოდა, ვინაიდან ჯერაც არ შეგვეკრიბა გარშემო ყველა, ვინც გულში მიგვეთვალა წლების მანძილზე!
მერე... მერე რა მოხდა! რა იყო ამ ომში გამორჩეულად შენი ან ჩემი? რა სატკივარი, საფიქრალი არ გვასვენებდა? რას ვთვლიდით ახლა, ან ამჯერად რას გავურბოდით? როდესაც ყველა თამაშობდა – მთელი მსოფლიო, ყველა ითვლიდა ოლიმპიურ შეჯიბრებებში მიღწეულ შედეგს, ჩვენ ნანგრევებად გადაქცევის საფრთხის წინაშე დავდექით ისევ. თუმცა, ახლა ყველამ კარგად უწყოდა ჩვენი ქვეყნის მისამართი დედამიწაზე.
ეგების სულაც თამაში იყო, ომი კი არა! გაგდებ-გამოგდებია - ბავშვები რომ თამაშობენ ეზოებში თავგამოდებით: ბურთს არა თმობენ, ხელიდან გლეჯენ ერთმანეთს, ხან ერთ გუნდს რჩება, ხან მეორეს წარმატება. ბიჭო, ბურთი არ გააციო! – ყვირიან რიხით. ხანჭკად არ ვიქცეთ! დაგვცინებენ! - იმუქრებიან. გამარჯვებული მედიდურდება, ქედმაღლურად მიმართავს სუსტებს: ცოტაც მოიცათ! ნუ ტირით! გშიათ? აგერ ბურთს გაჭმევთ! და იცინიან. გუნდის წევრები თავისიანს ვერ ცნობენ ზოგჯერ, ბურთს მოპაექრეს უგდებენ და უფრო მეტად დასაცინი ხდებიან მაშინ. დამარცხებული გუნდის წევრი ისე მწარდება, ზოგჯერ ღლეტაზე გადადის და ბურთს ანაწევრებს, ნაკუწებად ფლეთს. გამარჯვებული მაინც ის არის, ვის ხელშიც ბურთი ხანგრძლივად რჩება – მიდი და ღლიტე, თუნდაც გააქრე, წარმატება სხვისია!
და კვლავ არკვიე: მერამდენეა ოლიმპიადა? ომი? შემდეგი რომელ წელსაა?

ბაკურიანი, 2010, ზაფხული

ახალი წიგნები – სექტემბერი – 2010

აკა მორჩილაძე, მადათოვი, ტრილოგია. თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009.

1998 წელს აკა მორჩილაძის რომანი "გადაფრენა მადათოვზე და უკან" გამოვიდა. იმ პერიოდისთვის ძალზე პოპულარული "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებისა" და "მოგზაურობა ყარაბაღში"-ს შემდეგ ეს იყო ახალი კუთხით წარმოჩენილი მწერალი, რომელიც XIX საუკუნის თბილისზე, მადათოვის კუნძულზე, ხაფო მხატვარზე, ფინდღა ფირუზაზე, თათალაანთ გვარზე და ბევრ ნაცნობ თუ უცნობ პერსონაჟსა და ამბავზე ყვებოდა. ყვებოდა ისეთი ენით, თითქოს თავადაც იმ ეპოქის მკვიდრი იყო და ყველა მის მიერ აღწერილ ამბავში მონაწილეობდა. წიგნმა ლიტერატურული საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. 2001 წელს ავტორმა ახალი რომანი - "გაქრები მადათოვზე" გამოაქვეყნა, 2004-ში კი - "ვეშაპი მადათოვზე". შეიკრა ტრილოგია, რომელიც კრიტიკოსებმა და გემოვნებიანმა მკითხველმა საეტაპო წიგნად და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ რომანად აღიარა. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" სამივე მათგანი ერთ წიგნად აკინძა და სოლიდურად გამოცემული შესთავაზა ლიტერატურულ გურმანებს.

ვალერიან გაფრინდაშვილი, 100 ლექსი, შემდგენელი თამაზ ვასაძე, თბ. ინტელექტი, 2010

სერიით "100 ლექსი" გამომცემლობა "ინტელექტი" ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზიას გვთავაზობს. "ცისფერყანწელების" ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის შემოქმედებიდან 100 საუკეთესო ლექსი ლიტერატურათმცოდნე თამაზ ვასაძემ შეარჩია და შესავალი წერილიც თავად დაურთო. "ვალერიან გაფრინდაშვილის მრავალ ლექსშია წარმოსახული რეალობისგან გამიჯნული სულის "ინტერიერი," მასში დადგმული ფეერიული წარმოდგენები, რომელთა პერსონაჟები, პოეტთან და მის ორეულთან ერთად, მითოლოგიური და ლიტერატურული გმირების აჩრდილები არიან" - წერს თამაზ ვასაძე და რეალობისგან გამიჯნული პოეტის მდიდარ შემოქმედებით სამყაროში გვეპატიჟება.

ეკა ქევანიშვილი, "აქ ნუ დადგებით", თბ. დიოგენე, 2010

ვინც რადიო "თავისუფლებას" უსმენს, უთუოდ ემახსოვრება ეკა ქევანიშვილის საინტერესო ლიტერატურული რეპორტაჟები. მათი ავტორი, გარდა იმისა, რომ კარგი ჟურნალისტია, მშვენიერი პოეტიცაა. ახლახან მეორე კრებული გამოსცა, სადაც ბოლო წლებში დაწერილი ლექსები შევიდა. პირველი წიგნი სახელით - "ჭორია," 2006 წელს ლიტერატუტული პრემია "საბას" ნომინანტი გახდა საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. ეკა ქევანიშვილი რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის პრიზიორიცაა. მისი პოეზია არ არის მხოლოდ რითმების დევნა და ლამაზი სიტყვების თამაში, მის ლექსებში პოზიციაა, პოზიცია პოეტისა, რომელსაც აწუხებს ის, რაზეც წერს; გრძნობს, რაზეც წერს და უყვარს, რასაც წერს. წიგნს თან ახლავს ორიგინალური პლაკატი, რომელზეც მწერალ მაკა ლდოკონენის თვალით დანახული ეკა ქევანიშვილის ლექსებია დასურათებული.

დათო ქებაძე, ყველა ქალი ჩემია, რომანი, თბ. სიესტა, 2010

დათო ქებაძის ეს რომანი მსუბუქი, სალაღობო წიგნების რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც გონების ზედმეტი დაძაბვის გარეშე წაიკითხავ. იგი ერთი ჩვეულებრივი თბილისელი მექალთანე ბიჭის, ნიკა კედიას სასიყვარულო ისტორიებს მოგვითხრობს, ისტორიებს ბავშვური გატაცებებიდან - ნამდვილ სიყვარულამდე. "მიუხედავად ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიუჟეტისა, რომანი თხრობის სტილითა და პერსონაჟებით სხვა თქვენთვის ნაცნობი წიგნებისგან ბევრად განსხვავდება" - ვკითხულობთ ამ გამოცემის გარეკანზე. ისღა დაგრჩენიათ, როგორც ამას წიგნის გამომცემლები გთავაზობენ, რბილად მოკალათდეთ და ქართველი დონ ჟუანის არაორდინარული ისტორიებით "დატკბეთ".

ამირან სვიმონიშვილი, სამკვიდრო, თბ. სიესტა, 2010

"ცა დაიფერფლა მოლხენილი

ღრუბლის აუზთან

და შემოდგომას

ნეკერჩხალზე ფეხი დაუცდა".

ამირან სვიმონიშვილმა პოეზიის მოყვარულთ ახალი პოეტური კრებული შესთავაზა. "სამკვიდრო" - ასე ეწოდება წიგნს, რომელიც მისი შემოქმედების ერთგვარი რეზიუმეა. კრებულში პოეტის ძველი და ახალი ლექსები შევიდა, ბავშვობისდროინდელიც და სიმწიფის ასაკში დაწერილიც, ყველაფერი, რაც ავტორს უყვარს და მკითხველისთვის გაზიარების ღირსად მიაჩნია. აქ ვერ შეხვდებით თარიღებს, რადგან ამირან სვიმონიშვილისთვის ლექსი ლექსია, იმის მიუხედავად, როდის დაიწერა იგი. "სამკვიდრო - მამული და საცხოვრებელი ადგილი" - ვკითხულობთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, და მართლაც, ავტორის ლექსები მისი სამკვიდროს სურნელითაა გაჟღენთილი, მისი მამულის ფერებით შეფერადებული. ეს მისი სამყაროა, პოეტური სამყარო, რომელშიც თავად ცხოვრობს და რომლის წიაღშიც გამძაფრებული წარმოსახვისა და მუსიკალური სმენის მკითხველს ეპატიჟება.

სტეფანი მეიერი, ბინდი, მთარგმნელები ნიკა სამუშია და ლადო გაჩეჩილაძე, რედაქტორები: თ. გავაშელიშვილი, ნ. გოგალაძე, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010

თქვენს წინაშეა ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ბესტსელერი, რომელმაც გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა. XIX საუკუნიდან გადმოსული ვამპირისა და XXI საუკუნეში მცხოვრები გოგონას ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიამ განსაკუთრებით ახალგაზრდების გული მოინადირა. წიგნი მსოფლიოს არაერთ ენაზე ითარგმნა და გაყიდვების ლიდერად იქცა. ოთხი სრული და ერთი დაუმთავრებელი ნაწილისგან შემდგარი საგის წარმატება კიდევ უფრო გაზარდა ამავე სახელწოდების ფილმმა, რომელიც 2008 წელს გადაიღეს ჰოლივუდში. ამჯერად ამ გულისშემძვრელი სიყვარულის ისტორიას ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნობა.

კორნელია ფუნკე, "ქურდების მბრძანებელი," მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი, რედაქტორები: ლ. ქადაგიშვილი, თ. გავაშელიშვილი, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009

კორნელია ფუნკე თანამედროვე გერმანელი საბავშვო მწერალია. მისი თხზულებები არაერთი ლიტერატურული პრემიით აღინიშნა, "ქურდების მბრძანებელი" კი 2001 წლის საუკეთესო საყმაწვილო წიგნად აღიარეს და ყველაზე პრესტიჟული საბავშვო პრემია - Der Deutsche Jugendliteraturpreis (გერმანული საყმაწვილო ლიტერატურული პრემია) მიანიჭეს.

წიგნში ორი ობოლი ძმის, პროსპერისა და ბოს ისტორიაა მოთხრობილი. მათ არავინ ჰყავთ დეიდის გარდა, რომელსაც უმცროსი ძმის შვილად აყვანა სურს, უფროსს კი ბავშვთა სახლში ჩაბარებას უპირებს. ერთმანეთის დაკარგვის შიშით ბავშვები სახლიდან იპარებიან და ბევრი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ვენეციაში ჩადიან - ფრთიანი ლომების, შადრევნებისა და საოცრებების ქალაქში. სწორედ აქ გადაეყრებიან ქურდების მბრძანებელს, რომელიც თორმეტიოდე წლის ბიჭია და როგორც ბოლოს ირკვევა, სულაც არ არის ქურდი. მასთან თავშეფარებულ ძმებს არაერთი უცნაური და სანტერესო ამბავი გადახდებათ თავს, რომელთა თანამონაწილე თქვენც გახდებით, თუ ამ მშვენიერ წიგნს წაიკითხავთ.

ჰაინრიხ ბიოლი, "უკაცო სახლი", მთარგმნელი თენგიზ პატარაია, თბ. ინტელექტი, 2009

ჰაინრიხ ბიოლი ის მწერალია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა ომისა და გერმანული მილიტარიზმის მხილებას მიუძღვნა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, გიმნაზიის მოსწავლემ უარი განაცხადა საკმაოდ ძლიერ ორგანიზაციაში, ჰიტლერიუგენდში შესვლაზე, რაც იმ პერიოდისთვის დიდ სიმტკიცესა და გამბედაობას მოითხოვდა. შემდგომში, ვერმახტში სავალდებულო სამსახურის დროს საკუთარი თვალით იხილა ყველა ის უბედურება, რაც ამ საშინელმა რეჟიმმა სხვადასხვა ეროვნების ხალხს მოუტანა. მოგვიანებით ეს ყველაფერი მის წიგნებშიც აისახა. განსაკუთრებით მის პირველ მოთხრობებსა და რომანში "სად იყავი, ადამ?" ამ თემას გვიანი პერიოდის ნაწარმოებებშიც ეხებოდა, თუმცა გარკვეული სახეცვლილებით. 50-იან წლებში დაწერილ რომანებში უკვე თანამედროვე დასავლეთ გერმანიაა ასახული. მათი გმირები ომის შემდეგ მიღებულ ჭრილობებს იშუშებენ. "უკაცო სახლი" ერთ-ერთი მათგანია. რომანი ბიოლმა 1954 წელს დაწერა. იგი დასავლეთ გერმანიის ომისშემდგომ პერიოდზე მოგვითხრობს, იმ დროზე, როდესაც შიმშილის, შავი ბაზრის, სასურსათო ბარათების პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ქვეყანამ "ეკონომიკური საოცრების" გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.E"უკაცო სახლი" ბიოლის პირველი რომანია, რომლის გმირებად ბავშვები გვევლინებიან. წიგნში მოზარდების თვალით დანახული მოზრდილთა სამყაროა აღწერილი, პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტებიც მათი გადმოსახედიდან იხატება. ნაწარმოებში ერთი შეხედვით არაფერი ხდება ისეთი, რაც მრავლისმნახველ მკითხველს გააოცებს, თუმცა ბრილახების ოთახივით გაშიშვლებული "ჩვეულებრივი ყოფა" მკითხველს ამ ყოფის უსამართლობით ზარავს და რომანის გმირებისადმი თანაგრძნობით აღავსებს.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ლელა სამნიაშვილი - ლექსები


ტბა - ხელისგულით

ხელის გაშვებაც, ჩაჭიდებაც - რიტუალია -
წმინდა. და რადგან ეს თითები - ჟონავს თითებში -
ისე - არასდროს რომ არ ხდება - ვირტუალური
სივრცეებისკენ (სიტყვები რომ ითოშებიან
ეკრანზე - ვითომ კოცონები, სულის შებერვით -
ლოლუებად რომ იქცევიან) - ტბა - ხელისგულით
დამაქვს. შიგ ბევრი ურჩხულია. შიგ - ცერბერია
და ათასგვარი საფრთხობელა მექანიკური -
გრენდელი - ფსკერზე გაწოლილი - კუდი - სამხრეთით -
როგორც კომპასი უმიზნობის და უდროობის.
ღრმად სძინავს, მაგრამ ოხშივარი ასდის სახეზე,
კენჭების სროლით როცა ვარღვევ მის მყუდროებას.
უნდა იცოდე. ზედაპირი - ასე კრიალა -
რასაც ირეკლავს - ტყის პროფილი და წყვილი გედი -
ზედაპირია. სიღრმეში კი - სიღრმე წრიალებს.
უნდა იცოდე. და თუ შეძლებ, ასეთსაც ენდო.

ალბომის დაწყება

როგორც ტორნადო - არათითზე - შენი ბეჭედი -
ჯერ კვლავ ტრიალებს, არ შეკრულა, ჯერ კვლავ სისინებს
ყურთან - სამოთხის მეგობარი.
და ეს "შეჩერდი" -
შეჩერებული კადრია და ალბათ მისივე
ფოტო - პირველი ჩაწებდება ხსოვნის ალბომში -
ახალ ალბომში - ქათქათაში - თითს რომ დავადებ
და დრო დაიწყებს მერე ფრიალს, როგორც მაქმანი -
მანქანის ღია სარკმელიდან.
და დანარჩენი -
საინტერესო აღარც არის.
ფოტოს დავარდნა.
აღება.
ხოლო ეს ხელები - ცალკე ხალხია
და ისე უყვართ ერთმანეთი, ვერც კი ამჩნევენ
ერთმანეთისკენ რა გაკვეთეს, რა გადახიეს.

მიდიები

შავი ფრჩხილები - ქალღმერთების,
მათ შორის - ხორცი -
უფორმო, როგორც ენის ნამცეცი.

თუმცა არა გვაქვს ბრალი ჩვენ მათ ამოხოცვაში
და თუმცა ნაზად ვაცლით საცეცებს -
კრიჭაში გაჩრილს,

მეჩვენება - იწყევლებიან,
თუ - მოთუხთუხე ქვაბის პირიდან -
როგორც ტუჩები - გახსნილები - ლოცვას იწყებენ,

რომ დანაყრება ვერასოდეს შეძლონ წყვილებმა.

არის აშკარა - არ არიან პირანიები
სისხლს ვერ მოსვამენ თითებიდან,
ვერც ტკივილებში
გაზავდებიან.

უფრო მეტიც - მშვიდად ითმენენ,
ვიდრე ჩვენ - მათგან -
საქორწინო კერძებს ვამზადებთ.

თითოეული ნიჟარიდან,
როგორც ხორხიდან -
ენის ნამცეცის ამოძრობას სულ უფრო სწრაფად
ვახერხებთ

და ეს სამზადისი თითებს გვიშავებს -
ღამდება. მალე ახალ დღესაც დავეწაფებით.

ეს უცნაური და ძვირფასი კულინარია -
გულის წასვლამდე გემრიელი -
ჩვენ რომ ვარგუნეთ
ერთმანეთს -

პირის ნიჟარებით -
სუნთქვის გარნირით -
ენა - მოლუსკი - სულ მთლიანად ამოგანგლული -
სინათლის ფქვილში -
მზის ტაფაზეც განიერია.

მიდიები კი ლოცულობენ, იწყევლებიან,
რომ დანაყრება ვერასოდეს შეძლონ წყვილებმა.

გერგეთი. სიყვარულის დღე

ეს ნისლი თითქოს სპეც-ეფექტია -
ჩვენს სივრცეში შემოაცურეს,
როგორც კვამლი - ცეცხლის გარეშე -
ზეციური წარმომავლობის -
წმინდაა და არ აალდება.

ზემოთ - სქელდება, ყველაფერს აქრობს.
რძედაც რომ იქცეს, დაგინახავ, ისე ახლოს ხარ.

ზურგსუკან - მთები და შენ - გვერდით -
ეს სიმყარე გამორიცხავს ვარდნას, დაცემას.

თვალები და ხელები - მაინც აირია,
თითქოს ბალახის ღერებია, შენ კი - ჰაერი
და ჟანგბადი მკერდის მიღმა იწყებს ნათებას.

ნელ-ნელა ვარჩევთ: ხალხი, ხალხი -
თავშლები და ორნამენტები -
კაბების, თაფლის კელაპტრები, ბიჭების გუნდი -
მრავალხმიანი საგალობლები - ისე გვეხვევა -
დალოცვაზე უფრო მეტია.

აგურს და ბალახს ერთად ვაწყობთ ნისლის კიდეზე.
ქვემოთ - სოფელი - სწორედ ასე აშენებული.
ტაძარი კი - მწვერვალის ასლი.

ქვები - მხრებით ამოტანილი
და ურმებით - სხვადასხვა გზით -
ხევის პირჯვარი.

ნამდვილია ნისლიცა და დღესასწაულიც.
ცა გვისრუტავს. ხელი ჩამჭიდე.

გაგრძელება მთის. ვერტიკალი.
ეს - ჯვრისწერაა -
შენთან ერთად - ჰორიზონტის აქ ამოტანა.

მყინვარის სახე - ლოყის გასწვრივ,
დანისლული - დღევანდელი დღის საიდუმლო.
უზარმაზარი. ის აქვეა და ჩვენ გვეხება.

Ah Istanbul Istanbul

ჩვენი მარტივი, ტურისტული ახირებებით -
სილამაზის თუ სულის ძიებით -
\"მივედით, ვნახეთ, გადავიღეთ\" - სალხინებელის
კუთხე-კუნჭული -
წინასწარი შურისძიება - მტვერზე.

რაც ერთად - ხალისია და რაც სევდაა
ამ მოედნებზე, ამ ქუჩებზე, ამ ნაპირებზე -
შემოვიხვიოთ ჭრელა-ჭრულა განსაწმენდელად
ძვალი და ტყავი გადავიკრათ კიდევ ცხრაპირი.
შიგ ქვები ჩავსვათ -
ზურმუხტები. და დავიმუხტოთ
ცრუ სურვილებით - სულთანების - სიბრძნის ძებნაში
სილამაზეს რომ შეატოვეს გულიც და ტვინიც
და სასულეთში თავბრუსხვევით გაყვნენ დერვიშებს.

მთელი ქალაქი - ჩილიმია -
მარწყვის გემოთი.
კონსტანტინოპოლს შეგიძლია კვამლით გახვიდე,
ბოსფორის ქარებს გაატანო თვალების გემი
და გრანდ ბაზარში - თუ მოგბეზრდა, თავი გაყიდო,
ევროპისაკენ მიქცეული დაიწვა სახე
და ჩალმასავით დაიხურო თავზე აზია.

ოხრავს ჰაგია სოფიასთან - სულთან ახმედი.
ხომ შეიძლება - დროის მიღმაც სულ თან რომ გახლდე,
თუნდ ყველა სიბრძნე დახურდავდეს სილამაზეზე.

მინდიას


სვანეთის მთები - ზარებია.
ქვას დანებდა რკინა და დასკდა -
მირონისგან გაიჩინა ნაპრალებში ნაკადულები,
ზედ ტყეები აბიბინდნენ - ზარების ხავსი.

ვიღაცისთვის - ტურისტული აზარტია - ზედ აცოცება -
თოკით და კიბით, ან - ბორბლებით - უფრო მარტივად -
სითეთრემდე ვერ ატანა მუხლის რკალების.

მათ სჭირდებათ - მასპინძელი ეგულებოდეთ.
მასპინძელი, ვისი სოფლის მდებარეობაც - ზარის კიდეა -
ქედი - სინათლით წათლილი თუ გადახეხილი
დარიშხანის მომაკვდინებელ საბადოებს,
ალპურ ყვავილებს, დაცლილ სახლებში მოფარფატე
პეპლებს და ნათელს ვინც ინახავს მკლავის სარტყელზე.

ჩვენც ხომ მათ ვგავდით -
თაფლობისთვის თავბრუსხვევას ამოვყევით იმ სიმაღლეზე.
მთები, ტყეები - უფსკრულებზე დავაქორწინეთ -
თვალებს ავხადეთ ფსკერიც და ჭერიც,
შენს სოფლამდე რაც ჩრდილი იყო - სინათლისკენ ამოვიტანეთ.

სოფლის კარიბჭე სულ ამაოდ ავაჭრიალეთ.
მასპინძელო, არსად იყავი.
ლულებივით - ღრუბელს ხვრეტდნენ საკვამურები.
ჭირისუფლად ქცეულიყო ყველა მათგანი.
უფსკრულის კიდეც უკეთესი იქნებოდა - ღამისთევისთვის.

თითქოს - გვიან გამოგვეგებე. დაგვეწიე.
აილამას მთით, მთვარის გავლით -
ცანადან შიგ - უშგულამდე გზას გვინათებდი.

ჯიხვებს თვლიდაო - ჭიუხებზე.
ბარში სიკვდილს სიმამაცეც არ ეყოფოდა.

სვანეთის მთები - ზარებია -
ზესკნელიდან ჩამოკიდული -
თოკი ჩაწყდა. ჩამოპირქვავდნენ.
გაუნძრევლად გუგუნებენ.
შენ ხარ პატრონი.

ასეთი საშობაო სიმღერა

როგორც მოშლილი ზანზალაკი -
ზედ შობის პირას -
ყურთან რომ მიაქვთ და თავს აქნევენ -
ვარ უსიტყვებოდ. არაფერი არ მაქვს სათქმელი.

პანორამებად გაფენილი შარმი პარიზის -
სულ რომ შორსაა და სულ აქვეა -
აღარ მეწევა. არაფერი არ მაქვს სათქმელი.

თოვაც, რომელსაც ველოდები, ისე უხმოა,
დღესასწაულის მეტისმეტად გრძელი საბანი -
ჭრელი ფიფქებით წვივებზე რომ შემოვიხვიე -
მგონი იმისთვის ტომარაა -
სულ არ უხდება.

როგორც ლარნაკმა - საკუთარი თავის სარქველი -
არ ვიცი - ძველი კალენდარი როგორ მოვირგო.
ახლა ქსოვა და ლექსის წერა - ზუსტი საქმეა,
მაგრამ მე ისევ -
არაფერი არ მაქვს სათქმელი.

ვერც მშივრები ვერ დავაპურე და ვერც ობლები
ვიშვილე - გრძელი ნაკადებით ჩემი ლექსების
და გოლფსტრიმიდან ყველა წყალი უკან მობრუნდა,
მტკვრის კალაპოტიც -
ლამისაა ვეღარ ამივსოს.

ენის გაჭრაა - საკუთარი ტუჩის კიდეზე -
ახლა სიტყვები - ჭის დანამვა, ქარის დაგვაა,
თითქოს ნაძვებზე მოოქროვილ ყულფებს კიდებდე.

გაცერი - ბგერაგაუმტარი შუქის გარსი და
ძველი ეჭვებიც გადაღვარე - სიტყვების მსგავსად,
ვიდრე კრიალა ვარსკვლავი არ დაიბადება.

წაიღე ჩემი ყველა ბგერა, ყველა საგანი
ახალ სინათლედ გადაადნე - ახალი ათვლის
წერტილად, ახალ გალაქტიკად, რომლის მაგვარიც -
ამ სამყაროში ჯერ არ ანთია.

ვილანელა შენთვის

ასეც ხომ ვამბობდი - ამ ორომტრიალს რომ გადარჩე -
ამ მტვრიან წარსულებს, საშიშად მოლიპულ მომავლებს,
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

ცხრაპირი ქარია - სიგრძივი, განივი. დანარჩენს
მიხვდები, როდესაც თვალსაც და გრძნობასაც მოავლებ
სამყაროს, რომელშიც ძნელია დარჩე და გადარჩე.

ვამბობდი - უარი - სულყველა ჯილდოს და განაჩენს,
რომელსაც ლითონით ჭრიან და წუთებით ზომავენ.
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

ზოგჯერ მეჩვენება - თვითონვე მპოულობ, ამარჩევ,
რომ ფეხსაცმელებზე ბაფთებად შეგიკრა ზონარი -
სიცოცხლის, ასე რომ გეწევა - დარჩე და გადარჩე.

შენც მოგზაური ხარ და შენთან ხეტიალს დამაჩვევ.
ალბათ ამ სიტყვებსაც ხშირად დამაყვედრი ონავრად:
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

რას აღარ ვამბობდი - გულზეც გიამბობდი, მორევზეც -
მომავლის, რომელიც დაიწყო, რომელშიც ორნი ვართ,
სამნი ვართ, და უნდა ყველა ორომტრიალს გადავრჩეთ.
დაგტოვებ ზღაპარში, რომელშიც უბრალოდ, გაგაჩენ.

საკეისრო კვეთა

ეს ცის გახსნას გავს.
სკალპელი - ელვა.
და ღმერთის თვალი - მაგიდისკენ - ფარნად ინთება -
თვალყურს ადევნებს ექიმის ხელებს
და შენს სახეს, გადაფითრებულს -
ნაკვთებს რომ ცქერით ვერ დაულაგებს
ქმარი - შენს თავთან -
გარანტია, რომ თუ ჩაქრები, ახალ ვარსკვლავს პეშვით წაიღებს.

ცის გახსნას გავს -
უცაბედი, როგორც სიკვდილი კატასტროფაში -
ყოველგვარი პრელუდიის, სამშობიარო ტკივილების გარეშე -
მიღმა შავი ხვრელის - ბნელი დერეფნის -
სულები რომ მიმოდიან ამ სამყაროში.

ცის გახსნას გავს -
უფრო ძნელია, ვიდრე წერდე სიმფონიას - ტაშზე მქუხარეს,
ან აწყობდე რევოლუციებს - მათთვის, ვინც უკვე მოსულია,
ან გზადაგზა კოლონიებს აარსებდე გალაქტიკებში.
ის ერთი ჩხვლეტა ხერხემალში -
საიმედო ანესთეზია -
მაინც გართმევს ამ უფლებას იყო ჯვარცმული -
თუნდაც ერთისთვის, თუნდაც ასე ხელფეხგაკრული.

ცის გახსნას გავს -
ეს გაბედვა - ჩაეჭიდო ახალ სიცოცხლეს -
ყველანაირი მშვიდობისგან აუშენო ატრაქციონი,
ომებს ზურგით გადაეფარო, რომ მუდამ მისკენ გქონდეს სახე,
რომ უცინოდე. აი, ასე,
შეაბიჯე ძველ ნაკადში, ასე დაწექი
ერთადერთი ქალიშვილივით - კეისრის -
პირმშოს გადასარჩენად რომ გაფატრეს. ორივე ჩაქრა.
შენ კი ფეთქავ და სარკმელში - ღამის ქალაქი -
ციმციმებს, როგორც უხმაურო დღესასწაული.
ცხრა მაისის უცნაური ფეიერვერკი:

კადრებს ხმები ჩამოეცალათ. უხმაუროდ - პულსი - ას ოცი.
შენი სისხლის - პირველი რეზუს დადებითის
საზეიმოდ გადასხმა ახალ ვენებში, მამის თვალის ფერის,
როგორც ბევრად უფრო ნათელის.
ცის გახსნას გავს -
ტირილის ხმა - დასაწყისის მაუწყებელი.

ახლა ჭრილობებს შეუძლიათ, პირი შეიკრან -
ეს ცა აღარ დაიხურება.
არასოდეს არ ყოფილა შენი ღამე ასე კაშკაშა.
თოთო სინათლე შენს თვალებთან
ასე ახლოს არასოდეს მოუტანიათ.
ის იზრდება - ყველა ჩრდილის გადაფარვამდე.

დილისპირული

ხელი - მარტივად - სათამაშოს - ბავშვის საწოლთან
ქოქავს. სხვა ხელი - სულ უბრალოდ -
ცის თაღს ასწორებს.
ასე თანდათან გართულდება სასწაულები.
მე და შენ ერთად გაოცება უნდა ვისწავლოთ.

გათენებები - ეს რძიანი საწოვარები -
ივსებიან და იცლებიან თვალების გასწვრივ.
დღე - თვალებისთვის - მობიბინე საძოვარია,
ხელი - ჯოხია - ჯადოსნური - დამწყემსავს, გაწრთვნის -
შეგრძნებებს, საგნებს.

გაიწოდე, თუ გსურს მოხარე -
მიწისკენ, თუ გსურს - თითის წვეტი დაადე მწვერვალს -
წინ! ამოქოლე წლები - თაგვის გამოხრულები -
ცერით და - ძვლები - შენს ტერფებზე დაგეშილ მწევრებს -
გადაუყარე - მოგონებებს.

სანთებელაა -
ყველა ლითონით ადნებიან ზედ საათები.
ხელი ჯოხია - ჯადოსნური - გათენებებიც -
მისი ნებაა - ტკაც! და თვალში მზე აინთება.

ჯერ შენი ხელი პატარაა -
ჩემს ხელს დაყვება
და ეგ თითებიც ჩემი გულის ძაფებს მართავენ;
ხელში - მახვილი, ხელში - ვაშლი, ხელში - სართავი -
მისთვის უცხოა და ყველასთან არის მართალი.

რეზინის კურდღელს თუ მიწვდება,
რკალს თუ მოხაზავს,
პაწია ნაკაწრს თუ გაგიჩენს ბამბის ლოყაზე.

მიწვდეს, გახადოს თვინიერი ყველა კედელი,
იყოს ეგ ხელიც ჯადოქარი,
მხოლოდ - კეთილი.

ასე, ჩურჩულად დაყვებიან ხმები მკერდიდან -
იყოს ეგ ხელიც ჯადოქარი,
მხოლოდ კეთილი.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Thursday, December 16, 2010

ზურაბ ლეჟავა – უხურდავებელი მონეტა


კუხიანიძე ჯმუხი კაცი იყო, ქართველისთვის მეტად მუქი კანით და მძლავრი, ბანჯგვლიანი მკერდით, მას უკვე აღარ ეთქმოდა ახალგაზრდა, მაგრამ სტაბილური სამუშაო მაინც არ ჰქონდა. იგი ოჯახს შემთხვევითი შემოსავლებით ინახავდა, თუმცა, უნდა ითქვას, ინახავდა არცთუ ცუდად, გარდა ამისა, ის მომავალზეც ფიქრობდა და შესაბამისად ზრუნავდა კიდეც. თავის მრავალრიცხოვან ცოლშვილთან გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის თოთხმეტსართულიანი სახლის ერთოთახიან ბინაში იყო დაბინავებული და იმავე მიკრორაიონის მიმდებარე უკაცრიელ მინდორში იშენებდა სახლს. ერთი სიტყვით, მინდორი იყო საერთო, ანუ ყველასი, ხოლო ლითონის ბადით უკანონოდ შემორაგვული პატარა ტერიტორია, მასში ჩადგმული პატარა სახლით, იყო კუხიანიძისა.
ეს სახლი იყო ამ კაცის ოცნება და იმედი, იქ აპირებდა იგი ცხოვრებას: ხეების დარგვას და დენის შეყვანას, ქათმებისა და იხვების მოშენებას...
ადრე, მაშინ, როცა სხვანაირად ფუნქციონირებდა ქალაქის დასუფთავების სამსახური, კუხიანიძეს ჰქონდა სამსახური ზემოთხსენებულ სამსახურში. მას ცოტა ღიმილისმომგვრელადჟღერადი თანამდებობა ეკავა. ნაგვის ოპერატორი ერქვა თანამდებობას. კუხიანიძეს ნაგვმზიდავი მოტოროლებით გადაჰქონდა ნაგავი. ჰქონდა პატარა, მაგრამ სტაბილური ხელფასი და ცოტაოდენი შემოსავალი ნაგვიდანაც, ნაგავში ნაპოვნი ფერადი და შავი ლითონები, მაგალითად...
შემდეგ დროება შეიცვალა - დასუფთავების სამსახურში ჩატარდა რეორგანიზაცია: ნაგვმზიდავი მოტოროლები შეცვალეს ასევე ნაგვმზიდავი მძლავრი ავტომობილებით, სწორედ იმ ეგზომ ავტომატიზირებული ავტომობილებით, რომლებსაც თითოს შეეძლო ოცი მოტოროლერის მაგივრობის გაწევა. ქალაქის დასუფთავების საქმეს ამ მოტოროლებმა, რასაკვირველია, დიდად უშველეს, მაგრამ კუხიანიძეს და მისნაირ მოტოროლერისტ ნაგვის ოპერატორებს არ გაუმართლათ – ისინი სამსახურიდან დათხოვილნი და უფუნქციონი შეიქნენ. თუმცაღა, ნაგავტრესტის გულკეთილმა ხელმძღვანელობამ გულისხმიერება გამოიჩინა და შტატების შემცირების საფუძველზე დათხოვნილ თანამშრომლებს ჩამოწერილი მოტოროლები უფეშქაშა.
კუხიანიძესაც ერგი ერთი ასეთი სტაფილოსფერი, დანჯღრეული, ნაგვის სუნით აქოთებული მოტოროლერი. ამ მოტოროლერმა, რომელსაც კუხიანიძემ მაშინვე გადაუკეთა ნაგვმზიდი კამერა სატვირთო ძარად, ხოლო სტაფილოსფრიდან ხაკისფრად გადაღება, მალე უნივერსალური თვისებები შეიძინა. იმიტომ, რომ ის ახლა უკვე აღარ იყო მხოლოდ მოტოროლერი, არამედ იყო მოტოროლერი, მოტოციკლეტი, კვადროციკლი, ავტომობილი, კატერი და ალბათ, შვეულმფრენიც. დიახ, დაუჯერებელია, მაგრას ეს მანქანა დაფრინავდა კიდეც, ყველაფერი კი კუხიანიძის გამომგონებლური ნიჭისა და ყოფილი პარტკომის, საბრალო დათო ბიძიას სარდაფიდან მოპარული მოტოციკლეტის ნაწილების წყალობით...
საბრალო დათო ბიძია მეზობელ სადარბაზოში ცხოვრობდა, ამ მეზობელ სადარბაზოშივე იყო მისი სარდაფიც. სწორედ ამ სადრაფში ეყენა საბრალო დათო ბიძიას ძველი კალიასკიანი მოტოციკლეტი, რომლის არსებობაც აღარავის და შესაძლოა, თვით დათო ბიძიასაც აღარ ახსოვდა. თუმცა, ეს მთლად ასე არ იყო. კუხიანიძის სარდაფს და საბრალო დათო ბიძიას ბნელ სარდაფებს ერთი სქელი კედელი ჰყოფდათ. ამ კედელში კუხიანიძეს რამდენიმე აგური ამოეღო და საიდუმლო ხვრელი გაეკეთებინა. ამ ხვრელიდან შეძვრებოდა ხოლმე ის დათო ბიძიას ბნელ სარდაფში და იქ შენახულ ძველ მოტოციკლეტს თავისი მოტოროლისთვის საჭირო ნაწილებს აცლიდა. შემდეგ კი მოპარული ნაწილებით ახდენდა ერთ დროს ნაგვმზიდი მოტოროლერის, ხოლო აწ უკვე უნიკალური სატრანპორტო საშუალების შემდგომ სრულყოფილებასა და მოდერნიზებას. კედელში აგურებს ისე ოსტატურად აწყობდა, რომ საბრალო დათო ბიძიას აზრადაც არ მოსდიოდა მის სარდაფს თუ ვინმე სტუმრობდა საავკაცოდ და სამამაძაღლოდ. სტუმრობდა კი არადა კუხიანიძეს სულ დაეშალა ყოფილი პარტკომის კალიასკიანი მოტოციკლეტი და ნაწილ-ნაწილ გამოეტანა უჩუმრად.
ახალი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობდა და “ტაქსაობდა” კუხიანიძე, გადაჰყადა ხალხი და შინაური ცხოველები, გადაჰქონდა ბარგი, საშენი მასალა და ათასი სხვა რამ. ასე ცხოვრობდა ოცნებით იმაზე, რომ გლდანის მეშვიდე მიკრო რაიონის მიმდებარე უკაცრიელ მინდორში ააშენებდა ოდესმე სახლს, უკანონოდ რასაკვირველია, გაიყვანდა დენსა და გაზს, მოაშენებდა ქათმებს და იხვებს... მშენებარე სახლი კუხიანიძის გულის გასახარად ჩანდა მისი ბინის ფანჯრიდან... და ასეთი იყო ერთი სიტყვით ამ კაცის ცოდო-მადლი

* * *
კიდევ იყო ვასო - ახალგაზრდა კაცი. არ იყო იგი ხელმოკლე ოჯახის შვილი: სურვილისა და სიბეჯითის გამოვლენის შემთხვევაში ვასოს სავსებით შეეძლო კარგი ესვა, კარგი ეჭამა, მიეღო კარგი განათლება, ეშოვნა სათანადო სამსახური და ცხოვრებაც შესაბამისად მოეწყო. ეს ყველაფერი, პრინციპში, ასეც იყო: ვასოს ჰყავდა მშობლები, და-ძმა, განათლებაც ჰქონდა, კაი სამსახური, ნათესავები, სითბო-სიმყუდროვე, მაგრამ... ერთი ჰქონდა ვასოს, მაინც თავის შეგრძნებაში დიდი და მოუგვარებელი დისკომფორტი: ის თავის ქვეცნობიერში თავს (უიმე-უიმე–უიმე) ქალად გრძნობდა. ჰქონდა - შენ ხარ ჩემი ბატონი - კაი დიდი, მამაპაპური ცხვირი, კაი ფანჩულა წარბები, თითქმის ვაჯკაცურად განიერი მხრები, თითქმის დაძარღვული და მსხვილი მაჯები, მაგრამ ქალად გრძნობდა თავს და რა გინდათ მითხარით... თანაც, ეს შემპარავი შეგრძნება ქალურობისა, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო შეგრძნებადი ხდებოდა, მყისიერი და აქტუალურიც.
თავიდან ყველაფერი წვრილმანებით დაიწყო, ვასომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, და თავისი დიდი, მთაგორიანი ცხვირი, პატარა, ნაზ, ოდნავაპრეხილ, ქალის ცხვირისებურ, სექსუალურ, მიმზიდველ, აღმგზნებ ცხვირად გადაიკეთა. შემდგომ, ეტაპობრივად, ჭარბთმიანობის პრობლემასაც შეეჭიდა ეპილაციებისა და ჰორმონალური საშუალებების მეშვეობით. მერე თეძოების გასაგანიერებელი რთული ოპერაცია გაიკეთა, ბოლოს კი მთლიანად მიენდო თავისი საქმის ნამდვილ ჯადოქარ პროფესორ კუზანოვს, ჩაიტარა რამდენიმე ურთულესი, მრავალსაათიანი ოპერაცია, რის შემდეგაც საბოლოოდ გარდაიქმნა ნამდვილ ქალად, სახელად ამ ახალმა ქმნილებამ, რადგან ადრე ვასო ერქვა, ტასო დაირქვა. ამ ოპერაციამდე და წინამდებარე ოპერაციებებამდე ვასო იყო ზორბა მამაკაცი, რომელიც იწონიდა ას კილოგრამზე მეტს, ტასოდ გარდაქმნის შემდეგ ის ორმოცდაათკილოანი ტანწერწეწეტა ქალი შეიქნა
სადღა უნდა წაეღო გამოჩენილ პროფესორს ვასოს სხეულის მორჩენილი ფრაგმენტები, თითქმის სამოც კილოგრამამდე მეტი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ხომ არ გადაყრიდა? არა, ძვირფასი მასალის გადაყრა არ შეიძლებოდა. ამიტომ კუზანოვმა ვასოსგან (პარდონ, ტასოსგან) ნებართვა აიღო და სხეულში მორჩენილი ფრაგმენტები მეცნიერული მიზნებისათვის გამოიყენა. ეს მიზნები კი, ან უკეთ ითქვას, მიზანი იყო: სხეულის მორჩენილი ფრაგმენტებიდან ახალი ადამიანის შექმნა. თუკი ყველასთვის უცნობმა, ვიღაც კუხიანიძემ ერთი დანჯღრეული მოტოროლერისა და ძველისძველი კალიასკიანი ნაწილებისგან შესძლო უნიკალური სატრანსპორტო საშუალების აწყობა, განა გაუჭირდებოდა საქვეყნოდ ცნობილ კუზანოვს სამოცი-სამოცდაათი კილოგრამი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლებისგან ერთი კარგი ვაჟკაცის, “კაი ყმის” დამზადება? არა, არ გაუჭირდებოდა. და არც გაუჭირდა – პირიქით, გაუადვილდა. ეს მორჩენილი ფრაგმენტები ხომ თითქმის მთლიანად მამაკაცური იყო. ტასომ ხომ მხოლოდ ქალური ან თითქმის ქალური შეინარჩუნა საკუთარ თავში. შესაბამისად, მორჩენილი ფრაგმენტებიდან პროფესორს ადვილად გამოუვიდა ხელიდან ერთი კარგი “კაი ყმა” კავკასოიდური გარეგნობისა. ამ კავკასოიდური გარეგნობის “კაი ყმას” დაარქვეს, ანუ გნებავთ, დაუტოვეს, სახელი ვასო. პრინციპში ვასო, სინამდვილეში იყო ტასო, რომელიც ახლო წარსულში ვასოდყოფილი გადაკეთდა ტასოდ, ხოლო ახალი ქმნილება, ანუ ფრაგმენტებისგან შეკოწიწებული, აწ უკვე ვასოდ წოდებული, მხოლოდ და მხოლოდ, ნუ, ალბათ, კლონი ან კლონისმსგავსი რამ, იყო ტასოდ გადაკეთებული ვასოსი. ასე იყო ერთი სიტყვით ეს ყველაფერი და რომ არ აირიოს ერთმანეთში რაღაცეები, ვიხმაროთ ამიერიდან არა ის სახელები, რომლებიც ოდესღაც ვიღაცეებს ერქვათ, არამედ რაც ჰქვიათ აღწერილ დროში. ახალი ტასო ნაზი და ერთი შეხედვით გაცილებით სუსტი არსება იყო ბრგე და ერთობ კავკასოიდურ ვასოზე, მაგრამ ტასო სახელ და სქეს შეცვლილ, მაინც პირველწყარო-მატრიცა იყო გაორებული არსებისა. მან, ტასომ, რომლის პირველობასაც არ უარყოფდა ახალი ვასოც, რაღაც თავისი, მშობლიური იგრძნო ახალ ვასოში და შეუყვარდა საკუთარი კლონი. ვასოსაც შეუყვარდა ტასო ანალოგიური მიზეზებით.
მალე მათი სიყვარული იმდენად გაღრმავდა, რამდენადაც შეიძლება გაღრმავდეს ორი თავისუფალი აზროვნების ადამიანის სიყვარული, თანაც ისეთი სექსუალურად თავისუფალი აზროვნებისა, როგორი აზროვნებისანიც იყვნენ ტასო და ვასო. ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, მაგრამ ამ ოჯახს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნდა. მაშინ, ისევე როგორც ახლა, აკრძალული იყო ჩვენში საკუთარი სხეულის ნაწილებზე და კლონებზე დაქორწინება. ამიტომ ამ უცნაურ წყვილს ძალიან სჭირდებოდა, როგორმე ბენილუქსში გამგზავრება, ბენილუქსის მოქალაქეობის მიღება და შემდეგ იქ დაქორწინება. ამისთვის კი საჭირო იყო ფული – დიდძალი ფული სჭირდებოდა ყველაფერ ამას.
ტასო და ვასო დიდხანს იმტვრევდნენ თავს იმაზე ფიქრში, თუ როგორ ეშოვნათ ბენილუქსში გასამგზავრებელი თანხა, მაგრამ ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ მოეფიქრებინათ, სანამ ვიღაცამ არ ურჩია მათ შავ-ბნელ ძალებთან დაკავშირება. მოკლედ, ტასოს და ვასოს უნდა შეესწავლათ შავი მაგია, გამხდარიყვნენ ამ მაგიის მაგისტრები, ქვესკნელიდან გამოეძახებინათ მაჯლაჯუნა და ერთ უხურდავებელ მონეტად მიეყიდათ მისთვის შავი კატა თეთრის მაგიერ. ეს მოკლედ, ახლა კი ვრცლად: იმისთვის, რომ გახდეთ შავი მაგიის ნადვილი მაგისტრი და უხურდავებელ მონეტად მიჰყიდოთ მაჯლაჯუნას შავი კატა თეთრის მაგიერ, საჭიროა ყურადღებით წაიკითხოთ შავი მაგიის სახელმძღვანელოს ის ნაწილი, რომელიც ასწავლის უხურდავებელ მონეტის მოპოვების წესს. ამ წესის თანახმად, ასეთი მონეტის მოპოვების მსურველმა უნდა დაიჭიროს ორი კატა – მწითური და შავი. შავი კატა უნდა ჩასვას ძალიან მკვრივ შავ ტომარაში და რაც შეიძლება მაგრა მოუკრას ამ ტომარას პირი. ნასკვი რაც უფრო რთული იქნება და ბევრი – უკეთესია. რაც შეეხება მწითურ კატას, ის შეიძლება ჩასმულ იქნას ნებისმიერი ფერის მკვრივ ტომარაში, რომელსაც ისეთნაირად ექნება მოკრული პირი, რომ კატა ვერ ამოხტეს. შემდეგ, როცა ჩავა მზე და დაღამდება, ფეხით უნდა გაუდგეს გზას უხურდავებელი მონეტის მსურველი ნებისმიერი მიმართულებით, გასცდება ქალაქს და როცა შეამჩნევს პირველივე არაასფალტირებულ გზას, გადაუხვევს მასზე და ივლის ამ გზით. როგორც კი დაინახავს პირველ ბილიკს, მაშინვე გადაუხვევს და ივლის ახლა უკვე ამ ბილიკით, მანამ, სანამ ბილიკი ესე არ გადაიკვეთება სხვა კიდევ უფრო პატარა და საცალფეხო ბილიკით. ასე მოუწევს სიარული შავი მაგიის ახალბედა მაგისტრს ცოტახანს თუ დიდხანს, სანამ არ წააწყდება განცალკავებით მდგომ დაუმთავრებელ, უცხოვრებელ სახლს, რომელიც აუცილებლად გადახურული უნდა იყოს. შემდეგ შედის მაგისტრი ამ სახლში, ამოიყვანს მწითურ კატას ტომრიდან, მოკლავს მას და მის სისხლს აპკურებს უცხოვრებელი სახლის კედლებს. შემდეგ შუა ოთახში, პირდაპირ იატაკზე, სახელდახელოდ, აანთებს ცეცხლს და წინასწარ მომზადებულ ქვაბში მოხარშავს საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილ კატას თავისი ბეწვითა და შიგნეულით. მაგისტრმა უნდა იქონიოს თან მარილი, დაფნის ფოთოლი და ყველაფერი ის, რაც უხდება წვნიანს; და რასაც დაუმატებს გემოვნების მიხედვით. ამ პროცესისას პროზელიტი მაგისტრი გამუდმებით იძახებს მაჯლაჯუნებს და უწმაწური სიტყვების გამოყენებით ეპატიჟება მას წვნიანზე და არაყზე. როდესაც ხორცი მოიხარშება, უნდა ჩაიყაროს ქვაბში ოხრახუში და ცოტაოდენი დუღილის შემდეგ გადმოიდგას ქვაბი ცეცხლიდან. შემდეგ ხუთი-ათი წუთი კიდეც უნდა იპატიჟოს მაჯლაჯუნა სიტყვებით და თუ მაინც არ მოვიდა, უნდა მიუჯდეს მაგისტრი სუფრას, მიირთვას კატის გემრიელი წვნიანი, დააყოლოს არაყი, აქოს ეს ყველაფერი, იწმინდოს სახელოთი ქონიანი ტუჩები, თამამად აბოყინოს, გამოსცრას გაზები, აგინოს მაჯლაჯუნას გულთბილად იმის გამო, რომ არ მოდის, და დარწმუნებული ბრძანდებოდეს, რომ ის აუცილებლად მოვა. პროზელიტ მაგისტრს არ უნდა დაავიწყდეს, რომ პროდუქტები, ჭურჭელი და სხვა საჭირო ნივთები უნდა ჰქონდეს წინასწარ მომზადებული. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, უხურდავებელი მონეტის მომპოვებელი უნდა იყოს მარტო.
შემდეგ, როცა მაჯლაჯუნა მოვა, უნდა უნდა მიიპატიჟოს იგი სუფრასთან, მიართვას მას არაყი, და კატის წვნიანი. სასმელი, რაც შეიძლება მეტი უნდა დაალევინოს და როცა ის შეთვრება, ვითომ შემთხვევით უნდა მიარტყას მაგისტრმა ფეხი კატიან ტომარას, რომელშიც ეყოლება შავი კატა თეთრის მაგიერ. გაიგონებს თუ არა მთვრალი მაჯლაჯუნა კატის ჩხავილს, იგი მაშინვე დაინტერესდება ტომრის შიგთავსით. მაგისტრმა უნდა უპასუხოს, რომ ტომარაში უზის თეთრი კატა, რომელსაც ყიდის. როცა მაჯლაჯუნა ფასით დაინტერესდება, მაგისტრმა უნდა უპასუხოს, რომ ერთი უხურდავებელი მონეტაა ფასი თეთრი კატისა. მაჯლაჯუნა შეიცხადებს და იძვირებს ფასს, შეეცდება პროზელიტის გაცილებით დაბალ ფასზე დაყოლიებას: ის დაუწყებს მაგისტრს მოთაფვლასა და შეხუჭუჭებას, შეიძლება პირდაპირ მუქარაზეც გადავიდეს, მოითხოვს ტომრის გახსნას და კატის ჩვენებას, რაზეც არამც და არამც არ შეიძლება დათანხმება, რადგან თუ მაჯლაჯუნამ ნახა, რომ კატა შავია, ის მას აღარ იყიდის. შავი და მწითური კატები ქვეყნისაა ჯოჯოხეთში და იქ მხოლოდდამხოლოდ თეთრი კატებია დეფიციტი. მაჯლაჯუნა ნებისმიერ თანხას გაიღებს თეთრ კატაში - უხურდავებელ მონეტასაც კი. მაჯლაჯუნებს ძალიან უყვართ თეთრი კატები და ვისაც ასეთი კატა ჰყავს, ის პირველი ბიჭია საბობოქროში. დიდძალი ფული, აურაცხელი ძვირფასეულობა, ზღაპრული ქონება, უძრავი და მოძრავი, ვერ შეედრება უხურდავებელ მონეტას, რომელსაც ერთხელ იდებს ძეხორციელი ჯიბეში, შემდეგ კი რამდენჯერარ უნდა ამოიღოს და დახარჯოს იგი, მონეტა მაინც მისი მფლობელის ჯიბეში დარჩება: ჩაიყოფს ჯიბეში ხელს, ამოიღებს მონეტას, იყიდის ამ მონეტით რამეს და დადებს მონეტას მაგიდაზე და როდესაც ჯიბეში ჩაიყოფს ხელს თავისი მონეტა ისევ ჯიბეში დახვდება. დღეში ათასი მონეტაც რომ ამოიღოს და ამ მონეტებით სკივრები აავსოს, ერთი უხურდავებელი მონეტა მაინც ყოველთვის ჯიბეში ექნება. რომ გაჩხრიკონ ან გაძარცვონ და მონეტა მფლობელს ძალით წაართვან, ის გასხლტება და მაინც მფლობელს დაუბრუნდება, რადგან არაფერი არსებობს მისი დამკავებელი, არც სკივრი, არც ქისა, არც ყულაბა და არც სეიფი. მხოლოდ მფლობელის ჯიბეა მისი მუდმივი ნავსაყუდელი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამრავლებული მონეტები აღარ მრავლდებიან, რადგან მხოლოდ დედანია უხურდავებელი. ის, რომელსაც მფლობელის ჯიბეში დაუდევს ბინა.
ისმის ლოგიკური კითხვა: რა საჭიროა ეშმაკის მოტყუება და თეთრი კატის შავით შეცვლა, როცა ამდენი თეთრი კატაა დედამიწაზე - განა უფრო ადვილი არ იქნებოდა ნამდვილი თეთრი კატის გაყიდვა? ნურას უკაცრავად, ასეთ შემთხვევაში მაჯლაჯუნა თავად მოგატყუებთ და უხურდავებელი მონეტის ნაცვლად უბრალო მონეტას შემოგაჩეჩებს. ის მონეტა თავიდან გამრავლებას დაიწყებს, მაგრამ როცა მაჯლაჯუნა წავა და კატას წაიყვანს, აღარ გამრავლდება. უხურდავებელ მონეტას მხოლოდ მაშინ აქვს ყადრი, როცა იგი მოტყუებითაა მოპოვებული. თეთრკატიანი ტომარა მრავალი რთული ნასკვით, რაც შეიძლება მაგრად უნდა იყოს პირმოკრული და აი რატომ: როგორც კი მაჯლაჯუნა უხურდავებელ მონეტით კატიან ტომარას იყიდის, ის მაშინვე გამალებით შეუდგება რთული ნასკვებით მაგრად პირმოკრული ტომრის გახსნას, ამ დროს პროზელიტმა მაგისტრმა სწრაფად უნდა გაიქანოს ჯიბეში უხურდავებელი მონეტა და რაც შეიძლება სწრაფად გაეცალოს იქაურობას. ამ დროს მან უნდა მოასწროს და შევარდეს სადმე ეკლესიაში და და იქ მოიცადოს, სანამ პირველი მამლები არ დაიყივლებენ. მხოლოდ იქ იქნება უსაფრთხოდ მაჯლაჯუნას მომტყუებელი. ეკლესია ეს ის ადგილია, სადაც მაჯლაჯუნას შესვლა ეშინია. პირველი მამლების პირველ დაყივლებისთანავე შეცბება მაჯლაჯუნა და უკუიქცევა; უკუიქცევა იმიტომ, რომ პირველი მამლების მესამედ დაყივლებამდე მან უნდა მოასწროს ჯოჯოხეთში დაბრუნება. პირველივე დაყივლებისთანავე შეცბება, ის ადგილზე დაიწყებს ბუქნას, მოჰყვება ლანძღვა-მუქარას, მაგრამ პრაქტიკულად აღარ იქნება საშიში, მას თქვენთვის თითქმის აღარ ეცლება. მამლების მეორედ დაყივლებისთანავე თავქუდმოგლეჯილი უკუიქცევა, რადგან ის პირველი მამლების მესამედ დაყივლებამდე ჯოჯოხეთის დარაბებს იქით მხარეს არ აღმოჩნდება, მას სამზეოზე მოუწევს მთელი დღე ყოფნა, ხოლო ღამის თორმეტ საათზე, როცა ჯოჯოხეთის დარაბები კვლავ გაიღება, გამოუცვივდებიან მას მაჯლაჯუნები, ალქაჯები, ბოროტუნები, ჯოჯოხეთის სხვა ბინადარნი და სულ ცემა-ჯიჯგნით წარიტაცებენ თან; ხოლო როცა გაიგებენ, რომ მან ყველაფერთან ერთად უხურდავებელი მონეტაც დაკარგა თავისი უჭკუობით და ამ ფასდაუდებელი ფულით შავი კატა შეიძინა თეთრის სანაცვლოდ, მაშინ ხომ მართლაცდა საშინელ დღეს აყრიან.
* * *
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ტასომ და ვასომ ჩასხეს ტომრებში საგანგებოდ დაჭერილი კატები – მწითური და შავი, მოამზადეს წინასწარმომარაგებული პროდუქტები, სხვადასხვა ნივთები და ღამის თორმეტი საათის შესრულებისთანავე გაუდგნენ გზას. გასცდნენ ქალაქს, გასცდნენ მის გარეუბან გლდანს და ნება-ნება სიარულში მიადგნენ კუხიანიძის მშენებარე სახლს. მათ მხოლოდ ერთადერთი, წესით დაწესებული პირობა დაარღვიეს. ისინი ორნი წავიდნენ უხურდავებელი მონეტის მოსაპოვებლად. ერთად წასვლა კი საჭიროდ იმიტომ მიიჩნიეს, რომ თავს ჯერაც ერთ არსებად თვლიდნენ და აღიქვამდნენ – და ეს ფაქტიურად ასეც იყო: ტასო და ვასო წარმოადგენდნენ ორად გაყოფილ, ორ პიროვნებად ჩამოყალიბებულ ერთ ადამიანს, რომელიც, სხვათა შორის, დროდადრო, უნდა ითქვას - ერთობ არაიშვიათად ერთიანდებოდა, ყველა არასაბავშვო ასაკის ადამიანისათვის მისახვედრი საშუალებით.
მოკლედ, ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს – ტასო და ვასო მიადგნენ კუხიანიძის სახლს. ამ სახლს ჯერ ბევრი აკლდა დასრულებამდე, მაგრამ ის გადახურული იყო და მაშასადამე აკმაყოფილებდა მაგიური პირობების მოთხოვნებს. ტასო და ვასო გადაძვრნენ ლითონის ბადეზე, შევიდნენ სახლში და შეუდგნენ საქმეს: პროდუქტები და ნივთები მიალაგ-მოალაგეს. ვასომ ეზოში დაწყობილი შეშის გროვიდან ათიოდე ნაჭერი სახლში შეიტანა; მერე გახსნა ტომარა, რომელშიც მწითური კატა ჰყავდა დამწყვდეული, სტაცა ამ უკანასკნელს ქეჩოში ხელი, კნავილ-ჩხავილ-ფაფხურით ამოათრია ტომრიდან, აარჩია მოზრდილი, ხელში დასაჭერად და თავში ჩასარტყმელად ყველაზე მოსახერხებელი შეშის ნაჭერი და ბევრი ფიქრის და ცერემონიალის გარეშე, ჩასცხო საბრალო და უმწეო ცხოველს კეფაში. კატა მაშინვე მოკვდა. ამის შემდეგ ტასომ იქვე ნაპოვნ ხიჭვიან ფიცრის ჩამონაჭერზე დიდი და კარგად გალესილი დასაკეცი დანით მარდად დაჭრა კატა, მწვანილი და ხახვი. ვასომ კი პირდაპირ იატაკზე, რომელზედაც ჯერ პარკეტიც არ დაეგოთ, გააჩაღა ცეცხლი და კატიან-მწვანილიან-ხახვიან-დაფნისფოთლიანი ქვაბი ზედ შემოდგა. კატის სისხლი კი ტასომ აპკურა კედლებს წესისამებრ. შემდეგ ცოტათი მიალაგ-მოალაგეს ოთახი, ან უკეთ რომ ითქვას, უფრო მცდელობა გამოავლინეს ამისა, რადგან იქ ისეთი არეულობა იყო, როგორიც მშენებლობებზეა ხოლმე. აგურები, ცარიელი და სავსე ცემენტის ტომრები, ლურსმნები, რკინისა და ხის ჩამონაჭრები ეყარა ყველგან. ალბათ არ ღირს ახლა იმის დაწვრილებით ჩამოთვლა თუ რამდენი აგური ან ბლოკის ნატეხი მოისროლა ვასომ კუთხეებისკენ ან რამდენი ცალი რკინის მილი და კუთხოვანა გასწია ტასომ პრანჭიაობითი წუწკუნით; მამაკაცის ამღგზნები, გამომწვევი, ვითომ შემთხვევითი, სინამდვილეში კი კარგად გათვლილი პოზების გამიზნულად მიღებითა და “პურ-ფუნთუშეულის” გრაციოზულ-ნარნარი თაფთაფით.
ერთი რამ კი უნდა აღინიშნოს მხოლოდ – მაინც ისე, სხვათაშორის: ამ მომენტებში ანუ ოთახის მილაგებ-მოლაგების, კერძის მომზადების, ღობეზე თუ ფანჯარაში აძრომა-ჩამოძრომის დროს ტასო და ვასო სათუთად ეფერებოდნენ ერთმანეთს. უფრო აქტიურობდა ვასო, ხოლო ტასო გაპრანჭვითა და მორცხვად “იგერიებდა” მიჯნურის მოზღვავებული მამაკაცური ჟინით გამოწვეულ “კურვატულობას”. ასე მაგალითად: მავთულის ბ??????? აცოცებისას ვასომ, - რომ უფრო ცოტათი მეტ ხანს შეეგრძნო სატრფოს სურნელი, - შეაყოვნა ბავშვივით ხელში ატატებული ტასო, რის გამოც კინაღამ ჟანგიან მავთულზე ჩამოახევინა საბრალო გოგონას ჭიპი, ხოლო ბინაში ფანჯრიდან გადაძრომისას, აი სწორედ მაშინ, როცა ფეხსაცმელგახდილი ტასიკო ფანჯრის რაფაზე იყო საცოდავად ჩამოკიდებული, ხოლო ვასოს მისი შიშველი ბარძაყები ეპყრა ხელთ, კი არ შეუშვირა დროულად თავი, რათა გოგონა დასდგომოდა ან დასჯდომოდა მაინც თავზე, არამედ სწორედ თავით, დიახ, დიახ თავისი ბოლივერა კავკასოიდური თავით დაუწყო კაბის კალთის აწევა, რათა ამ კაბის კალთის ქვეშ მიმალული სიფრიფანა საზაფხულო საცვალი ეხილა. ვითომც ჯერაც არ ენახა, რა... ფხაკურსა და ფაფხურში კავალერს გოგონა ხელიდან გაუვარდა, რის შედეგადაც ტასიკომ ცოტათი გადაიყვლიფა მუხლი. ეჰჰ, კაცები მაინც სულ ეგეები როგორ არიან – ოღონდ თავისი ხუშტური აისრულონ და... ჰოდა ხო მოხვდა სამაგიეროდ ხელში და ბეჭშიც და ამ დარტყმების დროს სიტყვიერადაც: - დებილო! შტერო! დიგინირატო! – თუმცა ვასოს ანცობით გამოწვეული ტასოს გაბუტულობანი დიდ ხანს არ სტანდა. ისინი თითქმის წაჩხუბებისთანავე რიგდებოდნენ, ხოლო ამ შერიგებების დასტურად ხანგრძლივად ლოშნიდნენ და წუწნიდნენ ერთ-ურთს.
ადუღდა წყალი. მოიხარშა კატა. ტასომ ცოტა მწვანილი კიდევ ჩაამატა და ოთახში შიგნეულთან ერთად მოხარშული ხორცის სპეციფიური სუნიც დადგა, ხოლო სანთლის, მთვარისა და ცეცხლის შუქზე გაიშალა პატარა სუფრა: სახელდახელოდ გაშლილ გაზეთებზე – პური, ნიორი, ტასოს მიერ კოხტად დაჭრილი ზაფხულის და არასათბურის მკვრივი, ცოტათი ხაოიანი პომიდორი, მარილი ასანთის კოლოფში, კაი მაგარი ჭაჭის არაყი, პატარა ჭიქები, კატის ცხელ-ცხელი, სანელებლებით ზომიერად შეზავებული წვნიანი და გაზეთის ხელსახოცები. იყო ზაფხული, თბილი, მთვარიანი ღამე, სადღაც ახლოს, არაგამაღიზიანებლად ჭრიჭინებდა ჭრიჭინობელა და მიუხედავად იმისა, რომ მაჯლაჯუნას მეტად უჩვეულო და საკმაოდ სახიფათო ვიზიტი იყო მოსალოდნელი, აღარ, ან თითქმის მაინც აღარ ეშინოდა ტასოს. იმიტომ, რომ მის გვერდით იყო ვასო – ძლიერი და ბანჯგვლიანი. ტასომ იცოდა, რომ ეს უცნაური, მისივე ხორცის ნაჭრებისგან აკოწიწებული არსება დაიცავდა, ყოველ შემთხვევაში ცდას არ დააკლებდა საამისოდ.
* * *
კუხიანიძემ კორპუსის ბინის ფანჯრიდან შენიშნა შუქი თავისი უკანონოდ მშენებარე სახლის ფანჯრებში, თანაც შუქი არა ელექტრული, არამედ შუქი საშიში, ავის მომასწავებელი, ლიცლიცა – ისეთი, როგორიც აქვს ცეცხლს.
აფორიაქებული და ლამის თავზარდაცემული კუხიანიძე სწრაფად ჩამოვიდა ლიფტით ძირს. მოახტა თავის მოტოროლერს და დიდი სიჩქარითა და მოტოტრანსპორტისთვის დამახასიათებელი თუხთუხ-ტრახტრახით გაეშურა მშენებარე სახლისკენ.
ტასომ და ვასომ ამასობაში ცოტა წაიხემსეს. შეავსეს არყით ჭიქები, დააგემოვნეს კატის წვნიანი, მიუჭახუნეს ერთ-ურთს ჭიქები და მიუხედავად იმისა, რომ შავი მაგიის მაგისტრობას აპირებდნენ და საერთოდაც არ იყვნენ “კარგ საქმეზედ” მოსულნი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირველი სადღეგრძელო, მაინც, სიყვარულისა შესვეს. იმიტომ ალბათ, რომ სიყვარული მართლაც ყველგან სუფევს.
თამადობდა და ენამზეობდა, რა თქმა უნდა, ვასო. შემთვრალი ტასო კი თავის გაქალურებულ შემთვრალ მზერას მომხიბვლელი “ჩერჩეტულობით” ალივლივებდა და ვასოს “სიბრძნით” გაამაყებული, მოსიყვარულე, მთვრალი თვალებით მომზირალი, მხოლოდ დროდადრო ჩაურთავდა ხოლმე რაიმე, მისი აზრით, საჭირო შენიშვნას. ის ბევრს არ ჭამდა და მხოლოდ დროდადრო, გრაციოზულად წიწკნიდა წიწმატს.
ვასო და ტასო – ვასიკო და ტასიკო, - რამეთუ სწორედ ასე მოიხსენიებდნენ ისინი უმეტესწილად ერთურთს, საგრძნობლად შეზარხოშდნენ. და თუ აქამდე გამოძახების მიზნით, ხუმრობანარევი ღიმილით, ხმადაბლა თათხავდნენ მაჯლაჯუნას, ახლა შემთვრალ-შეთამამებულნი უკვე მთელი ხმით გაჰყვიროდნენ: - მაჯლაჯუნა ხარ თუ რაღაცა ხარ მოდი შენი... მოდი წვნიანი მაინც ცეცხლე... მოდი თორემ გაცივდა შენი... ამისთანა კატა დაგიკალით, შენ კი არ მოდიხარ შენი...
ავტორს საღერღელი აეშალა და, როგორც თვითონ იტყვის ხოლმე, სულ კალმის წვერი ექავება, ისე უნდა მოვლენების იმ თანმიმდევრობითა და სიმძაფრით აღწერა, როგორადაც მაშინ ისინი იქ ვითარდებოდნენ. მაგრამ, ვაგლახ, როგორც თევზს უთქვამს: - “ბევრსაც ვიტყოდი, თქვენმა მზემ, მაგრამ პირი წყლითა მაქვს სავსეო”, - დაწერ რამეს და არ დაგიბეჭდავენ, თუ დაგიბეჭდეს და მოგივარდებიან ხალხის სულიერებისა და ზნეობრიობაზე მზრუნველი “მორალისტები”, რომლებიც სულ შავ დღეს გაყრიან. ამიტომ მხოლოდ მოკლედ, ზედაპირულად ხერხდება აკრძალულზე ლაპარაკი:
მუხლებს, რომლებიც სხვათაშორის, ერთობ ამოგანგვლოდა ტასოს ცემენტში, უკვე აღარ უკოცნიდა ვასო, არამედ წამდაუწუმი ფურთხებით ლოშნიდა და კბენდა. წამდაუწუმ იფურთხებოდა იმიტომ, რომ მშრალი, პუდრისებრი ცემენტი ვასოს ვნებიან, ნოტიო ხახაში გარდიქმნებოდა ცემენტის ხსნარად, ცოტა ქვიშა და ასეთი ცემენტით სახლებს ააშენებდა კაცი. არადა ტასო მთლად განაცრისფერებულიყო. ოდნავი თავშეკავებით, და რაოდენ უცნაურია, ცოტა კეკლუცობითაც, მაგრამ ისიც იფურთხებოდა საპასუხო კოცნებისას, რადგან მთვრალი ვასოც კარგა გვარიანად იყო ცემენტში ამოგანგლული. ისინი მთვარის, ცეცხლისა და სანთლის აღმგზნებ, ლიცლიცა შუქზე მთვრალები გორაობდნენ ცემენტის ტომრებზე, ქონიან-ცემენტიანი ტუჩებით კოცნაობდნენ, ღლაბუცობდნენ, ჯიკაობდნენ და ყოველივე ამასთან ერთად ლანძღვა-გინებით იხმობდნენ მაჯლაჯუნას: - მოდი წვნიანი ჭამე შენი...
ქვესკნელიდან გამოძახებული მაჯლაჯუნა ერთხანს გარს უვლიდა მშენებარე სახლს. მას ძალიან უნდოდა სახლში შესვლა; კატის წვნიანის ჟრუანტელის მომგვრელი სუნი და უცერემონიო, ბილწსიტყვაობანარევი საალერსო შეძახილები შეზარხოშებული წყვილისა ანდამატივით იზიდავდა ჯოჯოხეთის ბინადარს. მაგრამ “ბინადარმა” იცოდა ისიც, რომ ადამიანებთან საქმის დაჭერა არ იყო ადვილი. ეს ყველაფერი შეიძლებოდა უსიამოვნებით ან მეტიც – დიდი უბედურებითაც დასრულებულიყო. თუმცა მაჯლაჯუნამ ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო და კარზე დააკაკუნა.
ვასომ და ტასომ კარზე დაკაკუნება გაიგონეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაკუნი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, შეცბნენ, ქონიან-ცემენტიანი ცხვირ-პირი სახელდახელოდ შეიწმინდეს. ტასომ მიისწორ-მოისწორა მტვრიანი კაბა, ხოლო ვასომ დაუდევრად შეიბერტყა შარვალი, რის შემდეგაც ფრთხილად მივიდა კართან და იკითხა: - ვინ არის? – მაჯლაჯუნა ვარ, მაჯლაჯო, - უპასუხა მაჯლაჯუნამ, - წვნიანზე მოვედი! რა არ მელოდით თქვენი...
ვასომ კარი გააღო და მაჯლაჯუნა შინ შეიპატიჟა:
- მოდი, შემოდი შენი...
ოთახში შესვლისას ვასომ, როგორც თავისი მეორე ნახევარი ისე წარუდგინა ტასო მაჯლაჯუნას. მაჯლაჯომ ალმაცერად აჰხედ-დაჰხედა ცემენტის ტომარაზე დასკუპებულ მთვრალ ტასიკოს და ცოტათი უსაყვედურა წყვილს იმის გამო, რომ ისინი ორნი იყვნენ მოსულნი, თუმცა საყვედურის მიუხედავად მაინც დასწვდა ტასოს გამოწვდილ ხელს და მოხდენილი ჯენტლმენურობით ეამბორა მტევანზე. შემდეგ ქუსლები ერთმანეთს მიარტყა ოფიცერივით, ასოთხმოცი გრადუსით შეტრიალდა ქვაბისკენ და მოხერხებულად მიუჯდა მას. ვასომ და ტასომ თავი იმართლეს და აუხსნეს მაჯლაჯუნას, რომ ისინი ფაქტიურად მართლაც ორი ნახევარი იყვნენ ერთი მთლიანი არსებისა. მაჯლაჯუნა ახსნა-განმარტებით დაკმაყოფილდა და ტასიკოს მიერ მზრუნველობით გამოწვდილ, კარგა გავსებულ, სურნელოვანოხშივარიან ჯამში ჩაყო დინგი. ვასო და ტასოც მიუსხდნენ სუფრას. მათაც გადაიღეს კატის წვნიანი და მიუხედავად იმისა, რომ უკვე წაეხემსათ, მაჯლაჯუნას მადისა და ჭამის “დახვეწილ” მანერების შემყურეთ მათაც სიამოვნებით მიირთვეს დამატებითი ულუფა. მაჯლაჯუნა არ ჭამდა კოვზით. ის მხოლოდ დროდადრო იშველიებდა მას – ისე კი უფრო დინგითა და თათებით – ღრუტუნის, ბოყინის, სლოკინის, ტუჩების ლოკვისა და გინების თანხლებით.
ახუხეს სტუმარს, რათქმაუნდა, რამდენიმე ჭიქა არაყიც და როგორც შავი მაგიის სახელმძღვანელოში იყო მითითებული, სწორედ ისე გაჰკრეს ფეხი ტომარას, რომელშიც შავი კატა ჰყავდათ დამწყვდეული. კატამ, რათქმაუნდა, დაიჩხავლა და შემდგომ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც შავი მაგიის წესებითაა გათვალისწინებული.
მაჯლაჯუნამ ყურები ცქვიტა.
სინამდვილეში, თუმცა დაბალი რანგის, მაგრამ მაჯლაჯუნა მაინც ერთ-ერთი ნაირსახეობაა ეშმაკისა და მისი მოტყუება, როგორც წესი, არ ხელეწიფება ჩვეულებრივ მოკვდავს, თუმცა არსებობს ზოგიერთი ჯადოები, რომელთა გაკეთებაც შეუძლიათ ადამიანებს და რომელთა წინაშეც უძლურნი არიან ზოგიერთი სახეობის ეშმაკები. და აი სწორედ ასეთი ჯადოს განხორციელება ხდებოდა მაშინაც. მაჯლაჯუნამ შეთავაზებულ სატყუარაზე მოახდინა სათანადო რეაგირება და მისი ანკესზე წამოგების პროცესიც ნელ-ნელა დაიწყო.
ტასომ და ვასომ მოახსენეს მაჯლაჯუნას, რომ შავ, მკვრივ ტომარაში მათ თეთრი კატა ჰყავდათ დამწყვდეული, რომლის გაყიდვაც სურდათ. მაჯლაჯუნამ თვალები ჭყიტა, შემდეგ ეშმაკურად მოჭუტა, რათა თავისი დაინტერესება მიეჩქმალა და ვაჭრობას მოჰყვა: ის ხან რას სთავაზობდა წეევილს და ხან რას. წვრილმანებიდან დაიწყო და ოქროს მთებამდე მივიდა; მაგრამ ტასო და ვასო შეუვალები იყვნენ, მათ მხოლოდ ერთი საფასური აწყობდათ – უხურდავებელი მონეტა.
უზომოდ ბევრი ვაჭრობის, წუწუნის, თითქოსდა მოლაპარაკებების შეწყვეტის, წასვლის იმიტაციისა და ნიადაგ მუქარის შემდეგ, მაჯლაჯუნა მაინც ბრუნდებოდა, მაინც იწყებდა თავიდან და ამით ტასოს და ვასოსაც აძლევდა იმის საბაბს, რომ ამ უკნასკნელთ ჰქონებოდათ იმედი იმისა, რომ, ასე თუ ისე, ადრე თუ გვიან, მაინც აყიდინებდნენ მაჯლაჯუნას შავ კატას თეთრის მაგიერ: მაჯლაჯუნა ითხოვდა ტომარის გახსნას და კატის ჩვენებას, მაგრამ ამაზე ტასო და ვასო, რა თქმა უნდა, არ თანხმდებოდნენ. ეს არ შეიძლებოდა. ბოლოს მოსახდენი მოხდა: იმედგადაწურულმა მაჯლაჯუნამ ვასოს შავი ტომარა გამოართვა, ტომარაში მრავალჯერ მოსინჯული კატა ხელით კიდევ ერთხელ მოსინჯა და როცა კატამ ისევ დაიჩხავლა, - ჩაიყო ძალიან ღრმად ჯიბეში ხელი და ამოიღო ის, რისი ამოღებაც ასე არ სურდა – უხურდავებელი მონეტა.
უხურდავებელი მონეტა იყო ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ვერცხლისფერი საბჭოთა რუბლი, რომელზედაც ვლადიმერ ილიას ძე ლენინის თავი იყო გამოსახული.
ტასომ ელვისუსწრაფესად გამოსტაცა მაჯლაჯუნას მონეტა ხელიდან, მეორე ხელი ვასოს გაუწოდა სწრაფად და როცა ეს უკანასკნელი სატრფოს ხელს ხელით დასწვდა, ისინი გაიქცნენ. მაჯლაჯუნა კი ამასობაში ცემენტის ტომრებთან ჩაცუცქდა და აკანკალებული თათებით შეუდგა ტომრის ნასკვების გახსნას.
* * *
კუხიანიძე ამასობაში გამხეცებული მიჰქროდა ყველგანმავალი მოტოროლერით თავისი მშენებარე სახლისკენ. უნივერსალური მანქანა თითქმის მთელი დატვირთვით მუშაობდა და აღარც კი ეხებოდა დედამიწას ბორბლებით, არამედ მიფრინავდა. აი ჩაფრინდა კიდევ თავის ეზოში კუხიანიძე, მოტოროლერიდან გადმოხტა, კარს მიაწყდა და მისაღებ ოთახში შეიჭრა. მაჯლაჯუნამ კი სწორედ ამ დროს გახსნა ბოლო კვანძი. შავ ტომარაში ხელი ჩაყო და იქიდან შეშინებულ-გაავებული, ნახევრად ველური, შავი კატა ამოათრია. მაჯლაჯოს საშინელი, განწირული ყვირილი აღმოხდა. ტასოს და ვასოს მწარე ტყუილით გაწბილებულსა და გაოგნებულს, შავმა კატამ მწარედ დაჰკაწრა და დაუკბინა ხელი. მაჯლაჯომ ავად აჰხედა ოთახში შემოჭრილ კუხიანიძეს, რომელიც ტასოს და ვასოს თანამზრახველად მიიჩნია და შავი კატა შიგ სახეში ესროლა. კუხიანიძემ კი, რომელიც თავის მხრივ, არანაკლებ იყო გაცეცხლებული, ხელი სტაცა მუგუზალს კოცონში, სწორედ იმას, რომლითაც ვასომ ცოტა ხნის წინ მწითური კატა მოკლა და მთელი ძალით ჩასცხო მაჯლაჯუნას გოგრაში. ეს ყველაფერი როგორღაც უცებ, ერთ წამში კი მოხდა, მაგრამ შედეგი სერიოზული შეიქნა: კუხიანიძემ ძლივს მოიშორა გულგახეთქილი კატა, რომელმაც სულ დაუკაწრა ცხვირ-პირი, ხოლო მაჯლაჯუნას ლამის ნაპერწკლები დასცვივდა თვალებიდან, როცა მუგუზალი მოხვდა თავში. ამის შემდეგ ისინი შეიბნენ და იბრძოდნენ დიდხანს.
* * *
ვასომ და ტასომ კი ამასობაში მიაღწიეს ქალაქამდე და ახალ უსაფრთხო ადგილს ეძებდნენ, რათა მამლების პირველ დაყივლებამდე და მაშდამე, ფაქტიურად გათენებამდე, როგორმე გაეძლოთ და მეტად საშიში მდევარისგან თავი დაეღწიათ. ასეთი ადგილიც გამოჩნდა.
* * *
თბილისის გარეუბანში იყო ერთი ეკლესია, რომელიც თავის დროზე ეკუთვნოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას, თუმცა აღწერილ დროში, ანუ, მაშინ, როცა ეს ამბები ხდებოდა, ამ ეკლესიის მოძღვარი მამა ოლიმპიოზი, მისი მომხრე რამდენიმე მღვდელმსახური და მრევლი დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ ქართულ საპატრიარქოს. მიზეზი ამისა იყო ის, რომ მათი აზრით ეკლესიის ხელმძღვანელობა არასათანადოდ მკაცრად ებრძოდა ბოლო დროს მომრავლებულ სხვადასხვა ჯურის სექტებს და ყველა იმ “უზნეობასა” და “უსულგულობას”, რომელიც ვიღაცეების მიერ იყო სადღაც გამოგონილ-მოჩმახული, ხოლო ეს გამოგონილ-მოჩმახული ემსახურებოდა ორად-ორ მიზანს – ქართული ზნეობის დაკნინებას და ქართული სულიერების წარწყმედას.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელები, შექმნილი სიტუაციის გამო, ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ. მამა ოლიმპიოზი ხომ, ერთის მხრივ კარგს ქადაგებდა: ებრძოდა ქრისტიანულ სარწმუნეობის დამახინჯებას, ეწინააღმდეგებოდა გარყვნილებას, მიესალმებოდა ძველი კარგი ტრადიციების აღდგენას. მაგრამ ის არღვევდა დაწესებულ კანონს, რითაც არცხვენდა ეკლესიას და სახელს უტეხდა სახელმწიფოს. მამა ოლიმპიოზის მიმდევრობით, ეგრეთწოდებული “ოლიმპიელები”, თავს ესხმოდნენ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი, იაღოვას მოწმეების სამლოცველოებსა თუ თავშეყრის ადგილებს; არბევდნენ ტელევიზიებსა და გამომცემლობებს, საიდანაც და სადაც მათი აზრით სიბილწეები გადაიცემოდა და იბეჭდებოდა. ისინი იყვნენ უკიდურესად შეუვალნი და არადამთმობნი, ხოლო საბრძოლო იარაღად იყენებდნენ თითქმის ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ – საეკლესიო ნივთებსა და წიგნებსაც კი.
ისე კი, საერთოდ, მამა ოლიმპიოზი არ იყო ცუდი კაცი – ხარბი, მომხვეჭელი, კარიერისტი, შურიანი და ბოროტი. ის ბევრს კიდევაც უყვარდა საზოგადოებაში სწორედ მისი შეუვალობისა და პირდაპირობის გამო. ერთი სიტყვით, ეს კაცი, იყო კიდეც მართალი და არც იყო მართალი. ისევე როგორც, პრინციპში, ყველანი ჩვენ...
“ოლიმპიელებთან” ანგარიშის გასწორება არ იყო ადვილი საქმე. ისინი ყველასთვის მოულოდნელად ანხორციელებდნენ თავიანთ თავდასხმებს, რის შემდეგაც თავიანთ სავანეში იმალებოდნენ. ამ დროს ისინი იყვნენ მრავალრიცხოვანნი და მათი ლიდერების დაპატიმრება გამოიწვევდა დიდ აყალმაყალს. სახელმწიფო ერიდებოდა ასეთ აყალმაყალს ეკლესიის ტერიტორიაზე, და მითუმეტეს, შიგ ეკლესიში. დაჭერა კაცისა და მისთვის ხელების გადაგრეხვა, კაცისა, რომელსაც ანაფორა აცვია და დიდი ვერცხლის ჯვარი ჰკიდია ჯაჭვით კისერზე, არ არის ადვილი საქმე ქრისტიანულ სახელმწიფოში.
ამჯერად კიდევ უფრო გართულდა ყველაფერი და საკითხიც უფრო მწვავედ დადგა: “ოლიმპიელთა” მიერ განხორცილებელი მორიგი დარბევის სერიის შემდეგ, მოთმინების ფიალაავსებულმა სამართალდამცავებმა ალყაში მოაქციეს რკინის მაღალი მესერით გარშემორტყმული ეკლესიის ტერიტორია და მეგაფონების მეშვეობით მოსთხოვეს იქ გამაგრებულთ დანებება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივი იერიშითა და ეკლესიაში შეჭრით დაიმუქრნენ. პასუხად ოლიმპიელები შეიარაღდნენ ხის ჯვრებით. მამა ოლიმპიოზმა, მისმა ერთგულმა, ათლეტური აღნაგობის გიგანტურმა დიაკვანმა ბიკენტიმ და რამდენიმე მიკედლებულმა, მათი ჭკუის სასულიერო პირმა, ასევე თავის მხრივ მოითხოვეს პოლიციელების მიერ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დაუყოვნებლივი დატოვება: წინააღმდეგ შემთხვევაში თავად დაემუქრნენ პოლიციელებს იერიშით. წამოყენებული პირობის შეუვალობის დასტურად კი მძევლებად აიყვანეს რამდენიმე პოლიციელი. ყოველივე ამას დაერთო ისიც, რომ ეკლესიაში გამაგრებულები მობილური ტელეფონებით დაუკავშირდნენ თავიანთ ახლობლებსა და მომხრეებს ქალაქში და ქალაქის მიმდებარე რაიონებში, რომელთაც, რათქმაუნდა, არ დააყოვნეს და გამოენთნენ თანამოძმეთა საშველად. ამ ახალმა ხალხმა ალყაში მოაქცია, ამჯერად უკვე, პოლიცია. ისინი ცდილობდნენ პოლიციელთა რიგების გარღვევას და ეკლესიაში გამაგრებულებთან შეღწევას. რა თქმა უნდა, მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. რადიკალური ოპოზიციონერები: ძმები გაჩეჩილაძეები, ძიძიგური, ზურაბიშვილი, სანიკიძე (ცხენით), ბესელია, მამუკა კაციტაძე, გუგავა, კუკავა და სხვები განლაგდნენ ეკლესიასთან ძალიან ახლოს და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ლანძღავდნენ ხელისუფლებას. ცოტა მოშორებით არარადიკალური ოპოზიციაც თარგამაძისა და ალასანიას სახით, ლანძღავდა ხელისუფლებას, ოღონდ უფრო მოზომილად და თავშეკავებით. სრულიად განცალკევებით იდგა კეთილ-გოროზი შალვა ნათელაშვილი, რომელიც ლაპარაკობდა დამარცვლით და ამტკიცებდა პოპულარულად, რომ ეს ყველაფერი მოიგონა მან და მხოლოდ მან, ჯერ კიდევ, თვრამეტი წლის წინ, ხოლო დანარჩენმა ვითომოპოზიციონერებმა მხოლოდ მიბაძეს და იდეები მოპარეს მას. – “რატომ მომპარე-ე-ეს?” – კითხულობდა ის ნიშნისმოგებით. იყვნენ ისეთებიც – აქა იქ, წვრილწვრილები, მაგალითად: პენსიონერთა პარტიის ლიდერები, რომლებიც დამარცვლითა თუ დაუმარცვლავად, ჩიფჩიფითა თუ კუსკუსით გაიძახოდნენ: - “დენი ოჩი თეთრი! გაჟი ათი თეთრი! ჭყალი უფასოდ!” და იყო პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურიაც, რომელმაც საერთოთ არ იცოდა რა უნდოდა იქ.
ორომტრიალი ძალას იკრებდა.
ტასო და ვასო თავის შესაფარებლად ეკლესიისკენ გაიქცნენ. ისინი გასცდნენ პოლიტიკოსებს, გასცდნენ “ოლიმპიელთა” დასაცავად მოსულ ხალხს და რეზინის ჯოხებითა და გამჭვირვალე ცელულოიდის ფარებით აღჭურვილ, ლითონის მუზარადებით თავდაბურულ ნიღბოსან საპოლიციო სპეცრაზმელების მწკრივს მიაწყდნენ. პოლიციელებმა ისინი “ოლიმპიელთა” აქტიურ მხარდამჭერებად აღიქვეს და, რათქმაუნდა, უკუაგდეს. თუმცა ტასო და ვასო გაავებული მაჯლაჯუნას შიშით არ შეეპუენ და პოლიციელთა მწკრივს ისევ მიაწყდნენ. პოლიციელებმა ისინი კვლავ უკუაგდეს, თანაც მეტად უხეშად. ამ უკუგდებისას ტასო დაეცა და მტკვინეულად გადაიყვლიფა მუხლი. ამის დანახვაზე ატყდა ორომტრიალი – ხანძარი, რომელსაც ფაქტიურად ერთი პატარა ნაპერწკალიღა უკლდათ.
“ოლიმპიელთა” მხარდამჭერები, რადიკალური და ლიბერალური ოპოზიცია, საზოგადოების წარმომადგნელები და უბრალო გამვლელები – ყველანი ერთად გამოესარჩლენ “საბრალო” გოგონას და შხუილით მიაწყდნენ პოლიციის სპეცჯგუფელთა რიგებს. სპეცჯგუფელებმა აიფარეს ცელულოიდის ფარები და გამეტებით დასცხეს მოიერიშეებს რეზინის ჯოხები. ეკლესიის ტერიტორიაზე გამაგრებულები შიგნიდან მიაწყდნენ რკინის მესერს. განსაკუთრებით აგრესიულებმა დაიწყეს მესერზე გადაძრომა, ხოლო დანარჩენები იქნევდნენ დიდი ზომის ხის ჯვრებს და ხიშტებივით ჩხვლეტდნენ ამ ჯვრებით მესერთან მდგომ პოლიციელებს. ამ დროს პოპულარული ოპოზიციონერი მომღერალი “უცნობი” იგივე უმცროსი ძმა გაჩეჩილაძე სახელდახელოდ აწყობილ სცენაზე მღეროდა მის მიერვე შექმნილ პოლიტიკურ სიმღერა “დოუნანას”, რომლის გაგონებისას პირდაპირ სისხლი ეყინებოდათ ძარღვებში ხალხს. სცენა მოქცეული იყო ბაგირებით დაწნულ გალიაში, ხოლო უცნობს კატორღელის სიმბოლური სამოსი ეცვა. ფეხზე ჯაჭვით მიბმული ჰქონდა ორფუთიანი გირი, რომელსაც ისე სწრაფად დაარბენინებდა “უცნობი”, რომ მაშინვე მიხვდებოდით – ის არ იყო ნამდვილი, არამედ პენოპლასტისგან გამოთლილი უნდა ყოფილიყო. სიმღერის შესრულებისას “უცნობი” დახტოდა “საკანში”, წვებოდა ნარაზე, კითხულობდა გაზეთს, ეჯაჯგურებოდა “გისოსებს”, “ისაქმებდა” პატარა “გარშოკში” და იქექებოდა. ამ დროს მას სახეზე ეკეთა დიდი ოსტატობით დამზადებული ნიღაბი, რომელსაც ტუჩები ჰქონდა მოჭმული. თითქოსდა პატიმარს თაგვებმა ტუჩები მოაჭამესო.
* * *
კუხიანიძე ორთაბრძოლაში ერთხანს შეეძალიანა მაჯლაჯუნას, ისკიარადა თავიდან ცოტათი დაჯაბნა კიდეც. მაგრამ უბრალო ადამიანი განრისხებულ მაჯლაჯუნასთან აბა რას გახდებოდა. მაჯლაჯომ ის დაამარცხა, კისერზე მოახტა და ჯორივით გააჭენა ეზოში, თან კუდს ურტყამდა მხრებში, მათრახივით, მწარედ. მოტყუებულ მაჯლაჯუნას უნდოდა კუხიანიძეზე ამხედრებული დასწეოდა ტასოს და ვასოს. თავიდან ის ასეც მოიქცა და კუხიანიძე მინდორში გაიგდო, თუმცა როცა ეზოში გაჩერებული ყველგანმავალი მოტოროლერი დაინახა, მან ჰკითხა კუხიანიძეს: თუ რა “ეშმაკის მანქანა” იყო ეს და როცა გაიგო, რომ ეს კუხიანიძის მიერ შექმნილი უნივერსალური მოტოროლერი იყო, აიძულა საწყალ კუხიანიძეს დამჯდარიყო საჭესთან და სასწრაფოდ დასწეოდა ტასოს და ვასოს.
კუხიანიძემ თავისი ყველგანმავალი მოტოროლერი მთელი დატვირთვით აამუშავა და მალე უნივერსალური მანქანა მიწას მოსწყდა და თბილისის მიმართულებით გაფრინდა. მაჯლაჯუნა და კუხიანიძე მიფრინავდნენ და ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან თბილისის შემოგარენის უნიკალური სილამაზით სტკბებოდნენ. დამარცხებული კუხიანიძე ბრაზით აკრაჭუნებდა კბილებს, ხოლო გამარჯვებული მაჯლაჯუნა, რისხვით აღღჭიალებდა ეშვებს.
* * *
ამასობაში პოლიციელებს საკმაოდ გაუჭირდათ. მათმა უფროსმა მობილური ტელეფონით დაურეკა თავის უფროსებს, ვითარება მოახსენა და დამატებითი ძალების მოშველიება ითხოვა; ამის შემდეგ თავის ხელქვეითებს აირწინაღების გაკეთება უბრძანა, თავადაც აირწინაღი გაიკეთა და ცრემლსადენი გაზის გაშვება ბრძანა.
მალე სამართალდამცავთა დასახმარებლად გამოგზავნილი ძალები გამოჩნდნენ. ეს იყო ორი საპოლიციო ვერტმფრენი “იროკეზი”, რომლებიც პრეზიდენტმა ობამამ აჩუქა პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს ვერტმფრენები მძლავრი გუგუნით დაეკიდნენ ჰაერში, ხოლო იქიდან პარაშუტისტებმა იწყეს გადმოხტომა. პარაშუტისტებს ნიღბები და აირწინაღები ეკეთათ და პატარა ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი. ისინი რეზინის ტყვიებს უშენდნენ ხალხს.
ცოტა ხანში ჰაერში გამოჩნდა კიდევ ერთი მეტად უჩვეულო მფრინავი ობიექტი, კიდევ უფრო უჩვეულო ეკიპაჟით: თვალცრემლიანი პილოტი კუხიანიძეთი საჭესთან და მის კისერზე ამხედრებული ასევე თვალცრემლიანი ხომალდის უფროსი მაჯლაჯუნათი. მათზე ცრემლსადენ გაზს ემოქმედნა და ამიტომაც ტიროდნენ ასე გულამოსკვნით.
პარაშუტისტმა მეავტომატეებმა უცნობ ობიექტს რეზინის ტყვიებით გაუხსნეს ცეცხლი. ასეთივე ტყვიებს ვერტმფრენებიდან ისროდნენ მეტყვიამფრქვევეებიც. – აბა, ჩემო მოკვდავო შვილებო, მოდით ჩემთან! – მსწრაფლ შეუძახა მაჯლაჯუნამ მაშინ ვერტმფრენების ეკიპაჟებს და ჰაერში ჩამოკიდებულ პარაშუტისტებს და ტაში შემოჰკრა. ტაშის შემოკვრა იყო და ორი ახალთახალი “იროკეზი” ჰაერში ერთმანეთს შეასკდა, შემდეგ კი ძირს ჩამოვარდა; პარაშუტები და პარაშუტისტები კი ერთმანეთში აიხლართნენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სიხარულის ყიჟინა დასცხეს: - ბრძოლა დღესვე!!! – ხოლო აღტაცებულმა შალვა ნათელაშვილმა შამპანიურის ბოთლი ბათქანით გახსნა. ხევსურულ სამოსში გამოწყობილმა გუბაზ სანიკიძემ ცხენი გამოაჭენა.
რეზინის ტყვიებით დაზიანებული მოტოროლერი ერთხანს ფარფატებდა ჰაერში. თვალცრემლიანი კუხიანიძე უკვე ვეღარ იმორჩილებდა საჭეს. რეზინის ტყვიანაკრავი მაჯლაჯო კი მხოლოდ ხელს უშლიდა მას მოტოროლერის მართვაში. ბოლოს ისინიც ჩამოცვივდნენ ძირს თავიანთი მოტოროლერიანად.
ციდან მოვლენილ დაუპატიჟებელ სტუმრებს – პარაშუტისტ პოლიციელებს მიწაზე ელოდნენ ხის მძიმე ჯვრებით შეიარაღებული ქართული სულიერების დამცველები და “უცნობის” “დოუნანათი” და მამა ოლიმპიოზის ლოცვა-კურთხევით გამხნევებულნი, მამაცურად ჰკაფავდნენ მტერს, სახიდან გლეჯდნენ ნიღბებს და აირწინაღებს – ტარტაროზებო, დაცემულო ანგელოზებო, ეშმაკის მოციქულებო, მასონებო, ადვენტისტებო მეშვიდე დღისა!!! აი, თქვენ!!! აი, თქვენ!!! – გაჰყვიროდნენ “ოლიმპიელები” და გამეტებით ურტყამდნენ პარაშუტით დაშვებულ პოლიციელებს მუშტებს, წიხლებს, და ჯვრებს, რათა ამ უკანასკნელთ ვერ მოესწროთ რეზინის ტყვიების გასროლა ან, რაც შეიძლება, ნაკლები რაოდენობით გაესროლათ ეს “დაწყევლილი” ტყვიები.
ცრემლსადენი გაზითა და საკუთარი უძლურებით ატირებული კუხიანიძე პირდაპირ დიაკვანი ბიკენტის ფეხებთან დაენარცხა მიწაზე. მას კისერზე კვლავაც მაჯლაჯუნა აჯდა. ამ უკანასკნელს ფეხები და ხელები წაეჭირა კუხიანიძისთვის კისერში, ბანჯგვლიან კუდს ბეჭებში ურტყამდა და გაჰყვიროდა – აჩუ, აჩუ შე სამგლევ შენა, აჩუ შენი... - ბინდ-ბუნდი იყო და დიაკვანმა ბიკენტიმ მაჯლაჯუნა პოლიციელად მიიღო უცებ, ხოლო დაბეჩავებული კუხიანიძე თავისიანად, მაჯლაჯოს მოჯღანული სიფათი კი სპეცრაზმელის ნიღბად, აირწინაღად ან რაღა ასეთად. ამიტომ ბიკენტიმ ბევრი ლოლიავის გარეშე ქეჩოში სტაცა მაჯლაჯუნას მარცხენა მჯიღი ზიზღით, აიტაცა მაღლა, გიგანტური საჩვენებელი და ცერა თითები საშინელი ძალით, გირაგივით მოუჭირა კისერში; მეორე ხელის უზარმაზარი ფოლადის თითები კი ცხვირდინგზე წაატანა, ნიღბისა თუ აირწინაღის ჩამოსაგლეჯად. თუმცა, როგორც უკვე ითქვა ეს არც ნიღაბი იყო და არც აირწინაღი. ეს იყო მაჯლაჯუნას ბეწვიან-დინგიანი სიფათი, დაბოლოებული თხისებრი წვერით. ბიკენტი ერთხანს ეჯაჯგურა მაჯლაჯუნას თხისებრ სიფათს, მაგრამ ნიღაბი მაინც ვერ აჰხადა მას. მხოლოდ წვერი ააგლიჯა ნიკაპზე. მერე მაჯლაჯუნა მარცხენა ხელით მაღლა შეაგდო, იმავდროულად მარჯვენა ხელი სწრაფად მომუშტა, წამში დაიფურთხა ამ მუშტზე და მთელი ძალით ჰგლიჯა ჰაერში აგდებულ მაჯლაჯუნას ყბაში მუშტი. შემდეგ კუხიანიძეს შეაშველა ხელი, წამოდგომაში მიეხმარა და ცოტათი შეაბერტყა მტვერი. კუხიანიძემ რამდენჯერმე ჩააზილა წიხლი მიწაზე გართხმულ მაჯლაჯუნას, ზედ დააფურთხა და შეეშვა, რადგან წაქცეულის ცემა წესად არ ჰქონდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პოლიციის მაღალი ხელმძღვანელობა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო დიდმა დანაკრგმა. ორი ვერტმფრენის ჩამოგდება ხუმრობა საქმე არ იყო. ამას გარდა, იყვნენ სერიოზულად დაშავებულნიც. ამიტომ ცბიერმა მინისტრმა სასწრაფოდ ყველაფერი ეშმაკურად დაგეგმა და შეცვალა. იქ უკვე იყო ფარული კამერით შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ოსტატურად იღებდა ყველაფერს. მერაბიშვილმა დაავალა ამ ჯგუფის უფროსს ისე გადაეღოთ ყველაფერი თითქოს ეს კლიპის გადაღება ყოფილიყოს და არა ნადვილი ამბავი. შემდეგ გამოიძახა შემოქმედებითი ჯგუფი: მომღერლები, მოცეკვავეები, კომპოზიტორი კეჭაყმაძე და პოეტი ბერსენაძე. ამ ხალხს ვანო მერაბიშვილმა პირადად სთხოვა მონაწილეობა მიეღოთ კლიპის მომზადებაში და მათაც სასწრაფოდ შექმნეს დაუვიწყარი საპოლიციო კლიპი სახელწოდებით “აბაულა”.
კლიპში ნაჩვენები იყო ქართველ პოლიციელთა მამაცობისა და დისციპლინირებულობის დამადასტურებელი სცენები, როცა ისინი სამწყობრო ყაიდაზე მარშირებდნენ, გამოძახებისთანავე გარბოდნენ დაზარალებელების გადასარჩენად, ცხენდაცხენ პატრულირებდნენ ქალაქში და პარაშუტებით ხტებოდნენ ვერტმფრენებიდან. კლიპში დიდი ადგილი ჰქონდათ დათმობილი მოხდენილ, მანდილოსან პოლიციელებსაც: ისინი ჰაეროვან საპოლიცო სამოსელში გამოწყობილნი პოლიციის სამმართველოს ახალ, კაშკაშა და ბრდღვიალა შენობაში ლამაზად დაფარფატებდნენ და საქაღალდეებს იქნევდნენ. შეძახილზე “აბ-ა-უ-ლ-ა-ა!” – ისინი მსწრაფლ მობილიზირდებოდნენ, დგებოდნენ მწყობრში და სირინოზისებრი, უმანკო ხმებით ნაზად ასრულებდნენ მისამღერს სიმღერისას, რომელიც ჟღერდა, დაახლოებით, ასე:
-“ჩვენი შრომა რთული –ა,
ზა-არი შემოსული –ა!
მო-ქა-ლაქის საა-შველად,
ჯგუ – უფი გამოსული-ა!
ერთ-ერთი ძუძუ-მკერდითა და სხვა ქალური, ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული პოლიციელი მანდილოსანი, რეზინის ხელჯოხით ხელში ცეკვავდა რაღაცას სტრიპტიზის მაგვარს და ნელნელა რიტმულად იხდიდა ტანთ. გახდისას, უნიფორმის ცალკეულ ნაწილებს, მაგალითად: სამხრეებსა და სხვადასხვა ღვედებს, პირდაპირ იგლეჯდა და ძირს ყრიდა. მას ამ დროს ჰქონდა მკაცრზე მკაცრი სახე და ცეცხლოვანი თვალები, რომლებიც ბურღავდნენ და ნუსხავდნენ ყველას, განსაკუთრებით კი დარბაზის შუაგულში მჯდომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც ამ დროს სკამზე იყო მიბმული თოკებითა და ხელბორკილებით. ის მხოლოდ დროდადრო აჰხედავდა ხოლმე ნასიამოვნები და ცოტათი შიშნარევი მზერით გაგულისებით მოცეკვავე რეზინის ჯოხიან თეატრონის ქალს და თავჩაქინდრული იკრიჭებოდა უდიპლომო სასიძოსავით. – ა-ბა-უ-ლ-ა!
* * *
არეულობამ დიდხანს გასტანა – თითქმის დილამდე. თუმცა მერე და მერე სამართალდამცავებმა მაინც მოახერხეს წესრიგის დამყარება და სიმშვიდის აღდგენა. მათ უკუაგდეს ბრბო, უკუაგდეს ბრბოს წამქეზებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ზოგიერთი მათგანი დააპატიმრეს კიდეც; პოლიციელებმა ასევე უკუაგდეს “ოლიმპიელები”. ისინი შეიჭრნენ მათ ეკლესიაში და პირდაპირ შიგნით დააპატიმრეს მათი ლიდერი მამა ოლიმპიოზი, თავის ათიოდე განსაკუთრებით აქტიურ თანამზრახველთან ერთად.
დაჭრილები და დაშავებულები იქნენ მოვლილნი და საჭიროების შემთხვევაში გოსპიტალიზირებულნი. მათი მკურნალობის ხარჯები მთლიანად სახელმწიფომ აიღო თავის თავზე.
ტასო და ვასო მშრალად გამოვიდნენ წყლიდან. მათ გაქცევა მოახერხეს და უხურდავებელი მონეტაც თან წაიყოლეს.
მაჯლაჯუნა რესპუბლიკური საავადმყოფოს სარეანიმაციო განყოფილებაში მოეგო გონს. ის ტვინის მძიმე შერყევითა და რამდენიმე მოტეხილობით მიიყვანეს იქ, გარდა ამისა აღენიშნებოდა შიდა ორგანოების დაზიანებები და უამრავი დაჟეჟილობა თუ სისხლჩაქცევები სხეულზე. აღენიშნებოდა ამასთან ნიკაპზე წვერისაგლეჯილობაც.
გონს მოსვლის შემდეგ მაჯლაჯოს გაახსენდა, რომ ჯოჯოხეთში დასაბრუნებლად მას მამლების მესამედ დაყივლებამდე უნდა მოესწრო. მერე კი კარიბჭე ირაზებოდა, ხოლო დაგვიანებულს მეტად მკაცრი სასჯელი ელოდა: ჯოჯოხეთში დაგვიანებისთვის, საბობოქროს მეთაურის ბრძანებით, ეშმაკები მას კარცერში გადაიყვანდნენ, საჯდომში გრძელ, ცხელ შამფურს გაუყრიდნენ გულის სიღრმემდე და ორი კვირით აცეკვებდნენ ცოდვილთათვის განკუთვნილ აშიშხინებულ, გავარვარებულ ტაფაზე. ეს რომ არ მომხდარიყო, მაჯლაჯუნამ გონსმოსვლისთანავე სცადა ადგომა, მაგრამ ვერ შეძლო, როგორც უკვე ითქვა, დამტვრეული ძვლები და დაჟეჟილი კუნთები ამის საშუალებას არ იძლეოდნენ. გარდა ამისა, ის თითქმის მთლიანად იყო თაბაშირში. მაინც სცადა ნახვევებისა და არტახებისგან განთავისუფლება, მოიძრო და შორს მოისროლა ილიზაროვის აპარატი, რის გამოც მედიკოსებმა კიდევ უფრო მაგრად დააბეს აღგზნებული ავადმყოფი, ხოლო რადგან ამ აღგზნებულმა ავადმყოფმა უცენზურო სიტყვებით მორალური შეურაცყოფაც მიაყენა მათ არაერთგზის და რადგან ეს ავადმყოფი გამუდმებით ბოდავდა და იმეორებდა, რომ ის ადამიანი სულაც არ იყო, არამედ იყო მაჯლაჯუნა სახელად მაჯლაჯო, რომელსაც სასწრაფოდ უნდა მოესწრო ჯოჯოხეთში მამლების დაყივლებამდე მისვლა... მედიკოსებმა ბევრი არც აციეს და არც აცხელეს, მათ მორიგე ექიმის მითითებით დამამშვიდებელი, ძილის მომგვრელი პრეპარატი შეუშხაპუნეს აღგზნებულ ავადმყოფს და მიაძინეს. დილით კი მოიწვიეს ფსიქიატრი, რომელმაც კიდევ რამდენიმე ახალი დიაგნოზი დაუსვა: რეაქტიული ფსიქოზი, დაბნეული სკლეროზი, თეთრი ცხელება და ლესბიური მიდრეკილებები ახალ მთვარეზე. ქირურგიული და თერაპიული მკურნალობის შემდეგ ის გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მისი პიროვნების დადგენა ერთხანს ვერ ხერხდებოდა, რადგან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მისი სახე დაემსგავსებოდა სიფათს – ცხვირი უგავდა დინგს, ყბები უგავდა ღრანჭებს, ხოლო ბეწვიანი ყურები მიუგავდა ნამწვებითა და ფერფლით სავსე საფერფლეებს. თავად კი შიზოფრენიითა და დაბნეული სკლეროზით დაავადებულს გავდა, ვისაც საკუთარი ვინაობა საერთოდ არ ახსოვდა. თავის თავს მაჯლაჯოს ეძახდა და მიაჩნდა, რომ ჯოჯოხეთის მკვიდრი იყო, თუმცა შემდეგ კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობითა და ინტერპოლის დახმარებით, სამართალდამცავებმა მოიძიეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა სია და დიდის წვალებითა და ძალისხმევით დაადგინეს, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ექვსი თვის წინ დაკარგული, ასევე შიზოფრენიით და დაბნეული სკლეროზით დაავადებული არშაკ კარაპეტოვიჩ კირაკოსიანი. მაჯლაჯუნას სიმაღლე, წონა და სისხლის ჯგუფი ემთხვეოდა კირაკოსიანისას. ამოიცნეს ის ოჯახის წევრებმაც – მეუღლე ვართუშამ და ქალიშვილმა კარინემ. კარინემ აღნიშნა ისიც, რომ მამიკო, სხვათაშორის, გალამაზებულიყო კიდეც ადრინდელთან შედარებით.
* * *
კუხიანიძეს ჩამოართვეს გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მიმდებარე მინდორში მითვისებული მიწა. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. თუმცა, სამაგიეროდ, ამ შემთხვევის წყალობით მისი გამოგონების შესახებ, მთელმა მსოფლიომ შეიტყო. და თუ მას ყურადღებას არავინ აქცევდა და თავისი გამოგონება არც კი ჰქონდა დაპატენტებული, ახლა მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო და საავიაციო კომპანიები სთავაზობდნენ ერთიმეორეზე მომგებიან და ხელსაყრელ კონტრაქტებს. საბოლოოდ კუხიანიძის არჩევანი შეჩერდა კომპანია “მერსედეს-ბენცზე”. გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზედაც მერსედესმა, ბენცმა და კუხიანიძემ სამ თანაბარ ნაწილად, ძმურად გაიყვეს კომპანიის აქციები, ხოლო კომპანიას ამიერიდან დაერქვა “მერსედეს-კუხიანიძე-ბენსი”. მათ დანერგეს კუხიანიძის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები და ზღაპრული მოგებაც ნახეს. ავტომობილები მერსედესის საფირმო ნიშნითა და წარწერით “MERSEDES-KUHIANIDZE-BENZ” ამიერიდან არა მარტო დაგორავდნენ ბორბლებზე, არამედ სერავდნენ ზღვებს და დაფრინავდნენ ცაში. ეს იყო წინგადადგმული გიგანტური ნაბიჯი საავტომობილო წარმოებაში და ნახტომი ოცდამეორე საუკუნეში. ახლა კუხიანიძე წარმატებით ნერგავდა ახალ ტექნოლოგიებს ავტომობილთმშენებლობაში და პარალელურად თანამშრომლობდა საერთაშორისო კოსმოსურ სააგენტოსთანაც.
ჯენტლმენური ხასიათის კუხიანიძემ არ დაივიწყა ყოფილი პარტკომი საბრალო დათო ბიძია, რომელმაც ამდენი წლების შემდეგ ჯერაც არ იცოდა, რომ მისი კალიასკიანი მოტოციკლეტი, თავის დროზე, ნაწილ-ნაწილ დაეშალა კუხიანიძეს და სწორედ ამ ნაწილებისა და საკუთარი ნიჭის წყალობით შეექმნა უნივერსალური მანქანა. კუხიანიძემ არაფერი დაუმალა დათო ბიძიას. ცოდვა გაუმხილა, ბოდიში მოუხადა, მიყენებული ზარალი ათასმაგად აუნაზღაურა და კომპანია “მერსედეს-კუხიანიძე-ბენსში” შესთავაზა მუშაობა პარტკომად. დათო ბიძიამ შეთავაზება მადლიერებით მიიღო და მუშაობას შეუდგა, ის დღესაც “მერსედეს-კუხიანიძე-ბენსის” უცვლელი პარტკომია. აი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი არის ძველი, გამოცდილი კადრი – იდეურად საიმედოდ შეჭედილი და პოლიტიკურად მდგრადი.
* * *
პროფესორი კუზანოვი, გაწეული ღვაწლისთვის, დააჯილდოვეს ღირსების ორდენით და სამართლიანადაც; თუ ადამიანი კაცია და თავს ქალად გრძნობს, ანუ თუ პირიქით, - ქალია და თავი კაცი ჰგონია, განა უპრიანი არ არის თუკი ღვთისნიერი ვინმე გადააკეთებს მას და მიანიჭებს ისეთ თვისებებს, როგორიც საშუალებას მისცემს უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ჩამოყალიბდეს ისეთ პიროვნებად, როგორადაც წარმოუდგენია მას საკუთარი თავი.
ადამიანის სქესის შეცვლა დიდი და რთული საქმეა, მაგრამ პროფესორმა კუზანოვმა შესძლო უფრო მეტი. მან ერთ სხეულში გამომწყვდეული ორი ადამიანი გამოათავისუფლა და ორივეს დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება მისცა. და თუ ერთ სხეულში გამომწყვდეული ეს ორი არსება – ტასო და ვასო – ვერ ეტეოდა და საკუთარ სხეულში ადგილს ვერ პოულობდა – ახლა, ოპერატიული ჩარევის წყალობით ორ სხეულად ჩამოყალიბების შედეგად – ეს ორი არსება, მოსიყვარულე წყვილი შეიქნა. ისეთი მოსიყვარულე, რომ თავისი სიყვარულის განსამტკიცებლად და ურთიერთობის დასაკანონებლად შავი მაგიის მაგისტრობას და ბენილუქსში წასვლასაც კი არ მოერიდნენ.
ტასომ და ვასომაც, რომ იტყვიან, იპოვნეს თავიანთი გზა. მათ, მართალია, ვერ შეძლეს ბენილუქში გამგზავრება, რადგან უხურდავებელი მონეტის გამოყენება არ დასცალდათ. მათ ერთხანს თითქოს იხეირეს, მაგრამ მალე მოხდა “ვარდების რევოლუცია” საქართველოში – მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ქვეყანაზე და საბჭოთა ხელისუფლებაც კი. ლენინისთავიანი რუბლი ამიერიდან აღარ ფულობდა და მხოლოდ ერთგვარ ნუმიზმატურ ფასეულობას წარმოადგენდა მხოლოდ. ტასო და ვასოც ისხდნენ დედაენის ძეგლთან – იქ სადაც ნუმიზმატები იკრიბებიან და ყიდდნენ ლენინისთავინ საბჭოთა რუბლებს. ასეთი რუბლები ძვირად არ ფასობდა, რადგან, რომ იტყვიან, ქვეყნისა იყო ქვეყანაზე. თუმცა ტასოს და ვასოს ამგვარი შემოსავალი პურის ფულად არ ყოფნიდათ. მათ დაქორწინების უფლება არ მისცეს, თუმცა არც ერთად ცხოვრება დაუშლიათ. და ალბათ ასეც სჯობს. იქ, სადღაც, ქორწინდებიან კაცები კაცებზე, ქალები ქალებზე, საკუთარ კლონებზე და ასე შემდეგ. და ეს განა ვარგა? ეგეთი ხარ და ეგეთი იყავი, ვინ გიშლის, მაგრამ ქორწინებას შეურაცხყოფას რაღადღა აყენებ?
* * *
მამა ოლიმპიოზის დადებითი თვისებები გაითვალისწინა სასამართლომ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც დამნაშავედ სცნეს. დამნაშავედ ცნობილს კი მიუსაჯეს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. გაასამართლეს და სხვადასხვა სახის სასჯელი დაუწესეს მის ზოგიერთ აქტიურ მომხრესაც. ეკლესიის შენობა კი, რომელსაც ისინი თავისად თვლიდნენ, დაუბრუნეს კანონიერ მფლობელს – საქართველოს საპატრიარქოს.
* * *
ერთი სიტყვით, თითქმის ყველა დააკმაყოფილეს და დააწყნარეს თუმცა...
ცნობილია, რომ ეშმაკი უკმაყოფილოა ხოლმე, როცა ყველაფერი კარგად ან თითქმის კარგად მთავრდება. ეს ამბავიც თითქმის კარგად დასრულდა. გარდა ამბის კარგად დასრულებისა, ეშმაკს სხვა საბაბებიც კი ჰქონდა უკმაყოფილებისთვის. ჯერ ერთი – მან ვერ დასაჯა მაჯლაჯუნა ჯოჯოხეთში დროულად არგამოცხადებისათვის, რადგან ეს უკანასკნელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავდათ ადამიანებს გამომწყვდეული. და მეორე – მისი უხურდავებელი რუბლიც ადამიანებს დარჩათ სამზეოზე.
თუმცა, მეორე მხრივ, რა არის სადარდებელი? განა მაჯლაჯუნა ადრე თუ გვიან ისევ ჯოჯოხეთში არ მივა? უხურდავებელი მონეტები კი, რუბლები, დოლარები, გირვანქები, ტუგრიკები, იენები და რუპიები, ეშმაკს იცით რამდენი აქვს...
და კიდევ: თქვენი ცრურწმენებისა გამო, ცოდვას ნუ დაიდებთ და ტყუილა-უბრალოდ ნუ დახოცავთ საბრალო კატებს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“