Monday, December 20, 2010

ლელა სამნიაშვილი - ლექსები


ტბა - ხელისგულით

ხელის გაშვებაც, ჩაჭიდებაც - რიტუალია -
წმინდა. და რადგან ეს თითები - ჟონავს თითებში -
ისე - არასდროს რომ არ ხდება - ვირტუალური
სივრცეებისკენ (სიტყვები რომ ითოშებიან
ეკრანზე - ვითომ კოცონები, სულის შებერვით -
ლოლუებად რომ იქცევიან) - ტბა - ხელისგულით
დამაქვს. შიგ ბევრი ურჩხულია. შიგ - ცერბერია
და ათასგვარი საფრთხობელა მექანიკური -
გრენდელი - ფსკერზე გაწოლილი - კუდი - სამხრეთით -
როგორც კომპასი უმიზნობის და უდროობის.
ღრმად სძინავს, მაგრამ ოხშივარი ასდის სახეზე,
კენჭების სროლით როცა ვარღვევ მის მყუდროებას.
უნდა იცოდე. ზედაპირი - ასე კრიალა -
რასაც ირეკლავს - ტყის პროფილი და წყვილი გედი -
ზედაპირია. სიღრმეში კი - სიღრმე წრიალებს.
უნდა იცოდე. და თუ შეძლებ, ასეთსაც ენდო.

ალბომის დაწყება

როგორც ტორნადო - არათითზე - შენი ბეჭედი -
ჯერ კვლავ ტრიალებს, არ შეკრულა, ჯერ კვლავ სისინებს
ყურთან - სამოთხის მეგობარი.
და ეს "შეჩერდი" -
შეჩერებული კადრია და ალბათ მისივე
ფოტო - პირველი ჩაწებდება ხსოვნის ალბომში -
ახალ ალბომში - ქათქათაში - თითს რომ დავადებ
და დრო დაიწყებს მერე ფრიალს, როგორც მაქმანი -
მანქანის ღია სარკმელიდან.
და დანარჩენი -
საინტერესო აღარც არის.
ფოტოს დავარდნა.
აღება.
ხოლო ეს ხელები - ცალკე ხალხია
და ისე უყვართ ერთმანეთი, ვერც კი ამჩნევენ
ერთმანეთისკენ რა გაკვეთეს, რა გადახიეს.

მიდიები

შავი ფრჩხილები - ქალღმერთების,
მათ შორის - ხორცი -
უფორმო, როგორც ენის ნამცეცი.

თუმცა არა გვაქვს ბრალი ჩვენ მათ ამოხოცვაში
და თუმცა ნაზად ვაცლით საცეცებს -
კრიჭაში გაჩრილს,

მეჩვენება - იწყევლებიან,
თუ - მოთუხთუხე ქვაბის პირიდან -
როგორც ტუჩები - გახსნილები - ლოცვას იწყებენ,

რომ დანაყრება ვერასოდეს შეძლონ წყვილებმა.

არის აშკარა - არ არიან პირანიები
სისხლს ვერ მოსვამენ თითებიდან,
ვერც ტკივილებში
გაზავდებიან.

უფრო მეტიც - მშვიდად ითმენენ,
ვიდრე ჩვენ - მათგან -
საქორწინო კერძებს ვამზადებთ.

თითოეული ნიჟარიდან,
როგორც ხორხიდან -
ენის ნამცეცის ამოძრობას სულ უფრო სწრაფად
ვახერხებთ

და ეს სამზადისი თითებს გვიშავებს -
ღამდება. მალე ახალ დღესაც დავეწაფებით.

ეს უცნაური და ძვირფასი კულინარია -
გულის წასვლამდე გემრიელი -
ჩვენ რომ ვარგუნეთ
ერთმანეთს -

პირის ნიჟარებით -
სუნთქვის გარნირით -
ენა - მოლუსკი - სულ მთლიანად ამოგანგლული -
სინათლის ფქვილში -
მზის ტაფაზეც განიერია.

მიდიები კი ლოცულობენ, იწყევლებიან,
რომ დანაყრება ვერასოდეს შეძლონ წყვილებმა.

გერგეთი. სიყვარულის დღე

ეს ნისლი თითქოს სპეც-ეფექტია -
ჩვენს სივრცეში შემოაცურეს,
როგორც კვამლი - ცეცხლის გარეშე -
ზეციური წარმომავლობის -
წმინდაა და არ აალდება.

ზემოთ - სქელდება, ყველაფერს აქრობს.
რძედაც რომ იქცეს, დაგინახავ, ისე ახლოს ხარ.

ზურგსუკან - მთები და შენ - გვერდით -
ეს სიმყარე გამორიცხავს ვარდნას, დაცემას.

თვალები და ხელები - მაინც აირია,
თითქოს ბალახის ღერებია, შენ კი - ჰაერი
და ჟანგბადი მკერდის მიღმა იწყებს ნათებას.

ნელ-ნელა ვარჩევთ: ხალხი, ხალხი -
თავშლები და ორნამენტები -
კაბების, თაფლის კელაპტრები, ბიჭების გუნდი -
მრავალხმიანი საგალობლები - ისე გვეხვევა -
დალოცვაზე უფრო მეტია.

აგურს და ბალახს ერთად ვაწყობთ ნისლის კიდეზე.
ქვემოთ - სოფელი - სწორედ ასე აშენებული.
ტაძარი კი - მწვერვალის ასლი.

ქვები - მხრებით ამოტანილი
და ურმებით - სხვადასხვა გზით -
ხევის პირჯვარი.

ნამდვილია ნისლიცა და დღესასწაულიც.
ცა გვისრუტავს. ხელი ჩამჭიდე.

გაგრძელება მთის. ვერტიკალი.
ეს - ჯვრისწერაა -
შენთან ერთად - ჰორიზონტის აქ ამოტანა.

მყინვარის სახე - ლოყის გასწვრივ,
დანისლული - დღევანდელი დღის საიდუმლო.
უზარმაზარი. ის აქვეა და ჩვენ გვეხება.

Ah Istanbul Istanbul

ჩვენი მარტივი, ტურისტული ახირებებით -
სილამაზის თუ სულის ძიებით -
\"მივედით, ვნახეთ, გადავიღეთ\" - სალხინებელის
კუთხე-კუნჭული -
წინასწარი შურისძიება - მტვერზე.

რაც ერთად - ხალისია და რაც სევდაა
ამ მოედნებზე, ამ ქუჩებზე, ამ ნაპირებზე -
შემოვიხვიოთ ჭრელა-ჭრულა განსაწმენდელად
ძვალი და ტყავი გადავიკრათ კიდევ ცხრაპირი.
შიგ ქვები ჩავსვათ -
ზურმუხტები. და დავიმუხტოთ
ცრუ სურვილებით - სულთანების - სიბრძნის ძებნაში
სილამაზეს რომ შეატოვეს გულიც და ტვინიც
და სასულეთში თავბრუსხვევით გაყვნენ დერვიშებს.

მთელი ქალაქი - ჩილიმია -
მარწყვის გემოთი.
კონსტანტინოპოლს შეგიძლია კვამლით გახვიდე,
ბოსფორის ქარებს გაატანო თვალების გემი
და გრანდ ბაზარში - თუ მოგბეზრდა, თავი გაყიდო,
ევროპისაკენ მიქცეული დაიწვა სახე
და ჩალმასავით დაიხურო თავზე აზია.

ოხრავს ჰაგია სოფიასთან - სულთან ახმედი.
ხომ შეიძლება - დროის მიღმაც სულ თან რომ გახლდე,
თუნდ ყველა სიბრძნე დახურდავდეს სილამაზეზე.

მინდიას


სვანეთის მთები - ზარებია.
ქვას დანებდა რკინა და დასკდა -
მირონისგან გაიჩინა ნაპრალებში ნაკადულები,
ზედ ტყეები აბიბინდნენ - ზარების ხავსი.

ვიღაცისთვის - ტურისტული აზარტია - ზედ აცოცება -
თოკით და კიბით, ან - ბორბლებით - უფრო მარტივად -
სითეთრემდე ვერ ატანა მუხლის რკალების.

მათ სჭირდებათ - მასპინძელი ეგულებოდეთ.
მასპინძელი, ვისი სოფლის მდებარეობაც - ზარის კიდეა -
ქედი - სინათლით წათლილი თუ გადახეხილი
დარიშხანის მომაკვდინებელ საბადოებს,
ალპურ ყვავილებს, დაცლილ სახლებში მოფარფატე
პეპლებს და ნათელს ვინც ინახავს მკლავის სარტყელზე.

ჩვენც ხომ მათ ვგავდით -
თაფლობისთვის თავბრუსხვევას ამოვყევით იმ სიმაღლეზე.
მთები, ტყეები - უფსკრულებზე დავაქორწინეთ -
თვალებს ავხადეთ ფსკერიც და ჭერიც,
შენს სოფლამდე რაც ჩრდილი იყო - სინათლისკენ ამოვიტანეთ.

სოფლის კარიბჭე სულ ამაოდ ავაჭრიალეთ.
მასპინძელო, არსად იყავი.
ლულებივით - ღრუბელს ხვრეტდნენ საკვამურები.
ჭირისუფლად ქცეულიყო ყველა მათგანი.
უფსკრულის კიდეც უკეთესი იქნებოდა - ღამისთევისთვის.

თითქოს - გვიან გამოგვეგებე. დაგვეწიე.
აილამას მთით, მთვარის გავლით -
ცანადან შიგ - უშგულამდე გზას გვინათებდი.

ჯიხვებს თვლიდაო - ჭიუხებზე.
ბარში სიკვდილს სიმამაცეც არ ეყოფოდა.

სვანეთის მთები - ზარებია -
ზესკნელიდან ჩამოკიდული -
თოკი ჩაწყდა. ჩამოპირქვავდნენ.
გაუნძრევლად გუგუნებენ.
შენ ხარ პატრონი.

ასეთი საშობაო სიმღერა

როგორც მოშლილი ზანზალაკი -
ზედ შობის პირას -
ყურთან რომ მიაქვთ და თავს აქნევენ -
ვარ უსიტყვებოდ. არაფერი არ მაქვს სათქმელი.

პანორამებად გაფენილი შარმი პარიზის -
სულ რომ შორსაა და სულ აქვეა -
აღარ მეწევა. არაფერი არ მაქვს სათქმელი.

თოვაც, რომელსაც ველოდები, ისე უხმოა,
დღესასწაულის მეტისმეტად გრძელი საბანი -
ჭრელი ფიფქებით წვივებზე რომ შემოვიხვიე -
მგონი იმისთვის ტომარაა -
სულ არ უხდება.

როგორც ლარნაკმა - საკუთარი თავის სარქველი -
არ ვიცი - ძველი კალენდარი როგორ მოვირგო.
ახლა ქსოვა და ლექსის წერა - ზუსტი საქმეა,
მაგრამ მე ისევ -
არაფერი არ მაქვს სათქმელი.

ვერც მშივრები ვერ დავაპურე და ვერც ობლები
ვიშვილე - გრძელი ნაკადებით ჩემი ლექსების
და გოლფსტრიმიდან ყველა წყალი უკან მობრუნდა,
მტკვრის კალაპოტიც -
ლამისაა ვეღარ ამივსოს.

ენის გაჭრაა - საკუთარი ტუჩის კიდეზე -
ახლა სიტყვები - ჭის დანამვა, ქარის დაგვაა,
თითქოს ნაძვებზე მოოქროვილ ყულფებს კიდებდე.

გაცერი - ბგერაგაუმტარი შუქის გარსი და
ძველი ეჭვებიც გადაღვარე - სიტყვების მსგავსად,
ვიდრე კრიალა ვარსკვლავი არ დაიბადება.

წაიღე ჩემი ყველა ბგერა, ყველა საგანი
ახალ სინათლედ გადაადნე - ახალი ათვლის
წერტილად, ახალ გალაქტიკად, რომლის მაგვარიც -
ამ სამყაროში ჯერ არ ანთია.

ვილანელა შენთვის

ასეც ხომ ვამბობდი - ამ ორომტრიალს რომ გადარჩე -
ამ მტვრიან წარსულებს, საშიშად მოლიპულ მომავლებს,
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

ცხრაპირი ქარია - სიგრძივი, განივი. დანარჩენს
მიხვდები, როდესაც თვალსაც და გრძნობასაც მოავლებ
სამყაროს, რომელშიც ძნელია დარჩე და გადარჩე.

ვამბობდი - უარი - სულყველა ჯილდოს და განაჩენს,
რომელსაც ლითონით ჭრიან და წუთებით ზომავენ.
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

ზოგჯერ მეჩვენება - თვითონვე მპოულობ, ამარჩევ,
რომ ფეხსაცმელებზე ბაფთებად შეგიკრა ზონარი -
სიცოცხლის, ასე რომ გეწევა - დარჩე და გადარჩე.

შენც მოგზაური ხარ და შენთან ხეტიალს დამაჩვევ.
ალბათ ამ სიტყვებსაც ხშირად დამაყვედრი ონავრად:
დაგტოვებ ზღაპარში და აქეთ არასდროს გაგაჩენ.

რას აღარ ვამბობდი - გულზეც გიამბობდი, მორევზეც -
მომავლის, რომელიც დაიწყო, რომელშიც ორნი ვართ,
სამნი ვართ, და უნდა ყველა ორომტრიალს გადავრჩეთ.
დაგტოვებ ზღაპარში, რომელშიც უბრალოდ, გაგაჩენ.

საკეისრო კვეთა

ეს ცის გახსნას გავს.
სკალპელი - ელვა.
და ღმერთის თვალი - მაგიდისკენ - ფარნად ინთება -
თვალყურს ადევნებს ექიმის ხელებს
და შენს სახეს, გადაფითრებულს -
ნაკვთებს რომ ცქერით ვერ დაულაგებს
ქმარი - შენს თავთან -
გარანტია, რომ თუ ჩაქრები, ახალ ვარსკვლავს პეშვით წაიღებს.

ცის გახსნას გავს -
უცაბედი, როგორც სიკვდილი კატასტროფაში -
ყოველგვარი პრელუდიის, სამშობიარო ტკივილების გარეშე -
მიღმა შავი ხვრელის - ბნელი დერეფნის -
სულები რომ მიმოდიან ამ სამყაროში.

ცის გახსნას გავს -
უფრო ძნელია, ვიდრე წერდე სიმფონიას - ტაშზე მქუხარეს,
ან აწყობდე რევოლუციებს - მათთვის, ვინც უკვე მოსულია,
ან გზადაგზა კოლონიებს აარსებდე გალაქტიკებში.
ის ერთი ჩხვლეტა ხერხემალში -
საიმედო ანესთეზია -
მაინც გართმევს ამ უფლებას იყო ჯვარცმული -
თუნდაც ერთისთვის, თუნდაც ასე ხელფეხგაკრული.

ცის გახსნას გავს -
ეს გაბედვა - ჩაეჭიდო ახალ სიცოცხლეს -
ყველანაირი მშვიდობისგან აუშენო ატრაქციონი,
ომებს ზურგით გადაეფარო, რომ მუდამ მისკენ გქონდეს სახე,
რომ უცინოდე. აი, ასე,
შეაბიჯე ძველ ნაკადში, ასე დაწექი
ერთადერთი ქალიშვილივით - კეისრის -
პირმშოს გადასარჩენად რომ გაფატრეს. ორივე ჩაქრა.
შენ კი ფეთქავ და სარკმელში - ღამის ქალაქი -
ციმციმებს, როგორც უხმაურო დღესასწაული.
ცხრა მაისის უცნაური ფეიერვერკი:

კადრებს ხმები ჩამოეცალათ. უხმაუროდ - პულსი - ას ოცი.
შენი სისხლის - პირველი რეზუს დადებითის
საზეიმოდ გადასხმა ახალ ვენებში, მამის თვალის ფერის,
როგორც ბევრად უფრო ნათელის.
ცის გახსნას გავს -
ტირილის ხმა - დასაწყისის მაუწყებელი.

ახლა ჭრილობებს შეუძლიათ, პირი შეიკრან -
ეს ცა აღარ დაიხურება.
არასოდეს არ ყოფილა შენი ღამე ასე კაშკაშა.
თოთო სინათლე შენს თვალებთან
ასე ახლოს არასოდეს მოუტანიათ.
ის იზრდება - ყველა ჩრდილის გადაფარვამდე.

დილისპირული

ხელი - მარტივად - სათამაშოს - ბავშვის საწოლთან
ქოქავს. სხვა ხელი - სულ უბრალოდ -
ცის თაღს ასწორებს.
ასე თანდათან გართულდება სასწაულები.
მე და შენ ერთად გაოცება უნდა ვისწავლოთ.

გათენებები - ეს რძიანი საწოვარები -
ივსებიან და იცლებიან თვალების გასწვრივ.
დღე - თვალებისთვის - მობიბინე საძოვარია,
ხელი - ჯოხია - ჯადოსნური - დამწყემსავს, გაწრთვნის -
შეგრძნებებს, საგნებს.

გაიწოდე, თუ გსურს მოხარე -
მიწისკენ, თუ გსურს - თითის წვეტი დაადე მწვერვალს -
წინ! ამოქოლე წლები - თაგვის გამოხრულები -
ცერით და - ძვლები - შენს ტერფებზე დაგეშილ მწევრებს -
გადაუყარე - მოგონებებს.

სანთებელაა -
ყველა ლითონით ადნებიან ზედ საათები.
ხელი ჯოხია - ჯადოსნური - გათენებებიც -
მისი ნებაა - ტკაც! და თვალში მზე აინთება.

ჯერ შენი ხელი პატარაა -
ჩემს ხელს დაყვება
და ეგ თითებიც ჩემი გულის ძაფებს მართავენ;
ხელში - მახვილი, ხელში - ვაშლი, ხელში - სართავი -
მისთვის უცხოა და ყველასთან არის მართალი.

რეზინის კურდღელს თუ მიწვდება,
რკალს თუ მოხაზავს,
პაწია ნაკაწრს თუ გაგიჩენს ბამბის ლოყაზე.

მიწვდეს, გახადოს თვინიერი ყველა კედელი,
იყოს ეგ ხელიც ჯადოქარი,
მხოლოდ - კეთილი.

ასე, ჩურჩულად დაყვებიან ხმები მკერდიდან -
იყოს ეგ ხელიც ჯადოქარი,
მხოლოდ კეთილი.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: