Monday, April 28, 2008

ბელა ჩეკურიშვილი


მამას

ტრიპტიქი

I.

ჩემთან ეძებდი,

რაც ვერ გითხრეს სატრფომ და ცოლმა,

რაც დაგიმალა დედაშენმა

და მეზობლის ქალს არ გაემეტა,

ჩემთან ეძებდი,

რაც ვერ მოგცა ვერც რძემ, ვერც ღვინომ,

ვერ მიუხვდი წყალსა და მიწას,

ჩემთან ეძებდი,

გჯეროდა რომ მე გაგიმხელდი,

ან უნებლიედ წამომცდებოდა

და იმედით შემომყურებდი,

როგორც მდინარეებში ჩაფენილ ტყავებს შეჰყურებდნენ

ძველი კოლხები

და ზედ დალექილ ქვიშის ნამცეცებს

მისხალ-მისხალ ართმევდნენ ოქროს,

გჯეროდა,

მამის სიყვარული ის ძალაა,

ნათელისგან ბნელს რომ გამიჯნავს,

რაც ქალიშვილებს აქეზებს, რომ

აკრძალული ხილი მოწყვიტონ,

რაც წარღვნის მერე კიდობნიდან გაშვებულ მტრედებს

ზეთისხილის რტოს აპოვნინებს,

გჯეროდა,

რომ საკუთარი სისხლი გეტყოდა იმ საიდუმლოს,

სამოთხიდან განდევნის დღეს რომ დაუმალეს

ქალებმა კაცებს

და მელოდი,

ღამეს მითევდი,

მხრებზე მისვამდი

და ნაძვის ხეების დახატვაშიც მეხმარებოდი,

ნებას მაძლევდი, შენს ძვლებზე მევლო

და საქანელად

შენი გული გადამერწია,

არ იშურებდი,

რაც დააკელ სატრფოს და დედას,

რაც დაგავიწყდა ცოლისთვის და

არ არგუნე მეზობლის კახპას,

ფრთებს მისწორებდი აფრენის წინ და

ნუგბარი რომ მომაკლდებოდა,

საკუთარი ხორცით მკვებავდი,

იცდიდი.

მაგრამ დაგავიწყდა,

რომ შვილები

პირველ რიგში მშობლებისგან გარბიან ხოლმე,

გარბიან, რადგან მათი სიყვარული

ნელ-ნელა ყელზე გამობმული ქვასავით მძიმდება და

ცურვისას ფსკერისკენ მიათრევს,

რომ ქალიშვილებს

მისჯილი აქვთ უცხო მამრების კვალზე წანწალი,

რომ ეშინიათ,

სიყვარული მამებსაც რომ გაუნაწილონ,

სამსხვერპლო კოცონს მხურვალება დაეკარგება,

რომ ისინი

არასოდეს არ ამხელენ იმ საიდუმლოს,

სამოთხიდან განდევნის დღეს რომ დაუმალეს

ქალებმა კაცებს.

II.

მისხნიდი, რომ ეს ყინულის ლოლოები,

გველეშაპის კბილებია,

ზამთრობით რომ ჩვენს ეზოში სახლობს.

მიხსნიდი, რომ თუ დავხატავ

ნაძვებს, ფერადმძივებიანს,

თოვლის კაციც მივუხატო ახლოს.

რომ პატარა ქალბატონი,

თუ იქნება ხუთოსანი,

მამის გულში მას ვერავინ შეცვლის,

რომ ხოჭოებს სიბნელეში

ზურგები აქვთ უთოსავით

და ძალიან ეშინიათ ცეცხლის.

მიხსნიდი, რომ თუ იადონს

გამოვუშვებთ გალიიდან,

ბევრი ფრენით ეტკინება ფრთები,

რომ ზღაპრული დევის გვერდით

მუდამ დევის ქალი იდგა,

დევგმირებს კი ზოგჯერ დღესაც ვხვდებით.

მიხსნიდი, რომ სადედოფლო კოშკს და მიწას,

უცხო მოყმე მოადგება ბევრჯერ,

რომ ათასგზის დამიდებენ

ზავს და ნიძლავს

და თუ მინდა გამარჯვება შევძლო,

ნუ გავყვები ლაბირინთში

ძაფის გორგალს,

ნუ გავამხელ მამისეულ ანდერძს.

მიხსნიდი, რომ

ქმარი ხეებს ასხამს ფოთლად,

მაგრამ მამას ღმერთი ერთხელ გვაძლევს.

III.

როცა მითხარი,

აყვავებულ ალუბალზე მშვენიერი იქნები და

ბაობაბის ხეზე ძლიერიო,

დაგიჯერე.

წყალში რა გინდა,

თევზზე უფრო ელასტიურ სხეულს მოგცემ და

ის სახლი, შენ რომ აგიშენებენ,

მარჯნებზე მტკიცე იქნებაო,

დაგიჯერე.

ცას რას შესცქერი,

შენი თვალები ფრინველის ფრთებზე სწრაფი იქნება და

მზეც თვითონ მოვა შენთანო,

რომ მეუბნებოდი,

დაგიჯერე.

წამოდი,

ფუტკრებს ან ისეთი ერთგულება სად შეუძლიათ,

ან იმგვარი თავისგანწირვა,

როგორც იმ თიხას,

კაცის ფორმა რომ მივეცი და

წყვილს რომ ნატრობსო,

დაგიჯერე

და წამოგყევი.

შენ კი ის თიხა ჩემზე მეტად გიყვარდა მაინც,

რადგან პირველქმნილებას

სხვა ხიბლი და სიხარული ახლავს ყოველთვის,

ამიტომ აღარ გამიმხილე,

რომ ერთხელაც შემრცხვებოდა და

ტანს ფოთლებით დავიფარავდი,

არ გამიმხილე,

რომ ცოლობის გარდა,

ჩემგან დედობასაც მოითხოვდნენ,

ვიღაცის შვილი მეც ვიქნებოდი

და ყველა მამრი,

ვისაც კი სისხლით ვაზიარებდი ფეხადგმულ მზეს და

აყვავებულ ალუბლის ხეებს,

მოისურვებდა,

რომ მხოლოდ მისი ყოფილიყო

ეს ვარდისფერი ნათებაც და

ეს ოქროსფერი მხურვალებაც,

მოისურვებდა,

გამემხილა ის საიდულო,

სამოთხიდან განდევნის დღეს რომ ყურში მითხარი,

რომ მამა, ქმარი,

ძმა, შვილი და მისი ბადიშიც,

ერთმანეთის ქიშპით და ბოღმით,

ნაწილ-ნაწილ ისე დამშლიდნენ,

ჩემი პირველი საწყისიდან

მხოლოდ სახელის ასოები გადარჩებოდა...

გზავნილი წარსულში

ბესოს, რომელმაც წასვლა მირჩია

და

შორენას, რომელსაც უდაბნოს ნახვა უნდოდა

დაივიწყე და წამოდი-მეთქი.

ერთად დავთვალოთ უდაბნოს ქვიშა,

ერთად ვუთიოთ ქარავანს ღამე,

ერთად ავუგოთ ბავშვობას წესი,

უნდა მოვძებნოთ სემი და ქამი,

გამოვაღვიძოთ დაღლილი ნოე,

უცხო მიწაზე ვისწავლოთ თესვა,

აქ სხვა სურნელი ასდის ღვინოებს

და სულ სხვაგვარი ჩრდილი აქვს მზესაც,…

თმა შეიკარ და წამოდი-მეთქი.

ისე დაბერდნენ ძველი ღმერთები,

სიტყვის უთქმელად გარდაიცვალნენ.

როგორც თოვლისგან მიწა თეთრდება,

როგორც გაზაფხულს უხმობს მერცხალი,

ისე ცხადია ჩემი ეჭვები,

აღარ სჭირდება ნიშნებს შესწავლა,

ცის თაღს შევუდგეთ სუსტი ბეჭებით,

ქორონიკონიც უნდა შევცვალოთ,

გზას გახედე და წამოდი-მეთქი.

ცეცხლი ანთია მაყვლის ბუჩქებზე,

შეძახილისგან ლეღვის ხეც გახმა,

მომწყვდეულია სული მუჭებში

და მალე ვიღაც გამოჰკრავს ჩახმახს,

ცას შეასკდება პირველი ლოცვა

და სინანული - ლოცვას რომ ახლავს.

პასუხი ყველა კითხვაზე მოგვცეს,

სასანთლეებში ზეთს უნდა ჩასხმა,

დრო აღნიშნე და წამოდი-მეთქი.

* * *

"წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი"

ჩენდლერი

მთელ დღეს ქალაქში უნდა გეძებო და მერე ბოღმად გადმოვიღვარო

და განწირული უიმედობით მოვაპირკეთო სულის წიაღი

და დამავიწყდეს აკაციების გადარეული სუნის სიმწიფე,

გაშიშვლებული ჩემი მკლავების საგაზაფხულო მზის დაწაფება

და გადავყლაპო შენი დუმილი, როგორც სიცხის დროს ხსნადი აბები

და შევაფასო ჩვენი შეხვედრა დამთავრება და როგორც წაგება,

ჩემი ჯიუტი ექსპრესცოდვები მომავალიდან გამოვითხოვო

და შემოდგომას ვუთხრა უარი ვიდრე თანხმობას თვითონ მკითხავდეს

და მარტოობის მთელი სიმართლე ვერცხლისფერ ზიზღად ამოვარწიო,

და გადავმალო შენი პერანგი მწარე ტუჩებით ვიდრე დაგწყევლი

და შემეცოდოს ჩემი ბავშვობა, ავსლუკუნდე და ისევ მომინდე,

გამოვამტვრიო ცხრაკლიტურები, დავიჩოქო და უფალს მივენდო

და მეამბოხე კაბის კალთები ლოცვების განრიგს დავუმორჩილო,

და შემიწუხდეს ფრთხილი სინდისი, განსაზღვრული და ასე ნარჩევი

და ვიბარბაცო ხელის ცეცებით და დავივიწყო რომ ვერ მიშველე

და გაპატიო როგორ შემკრავენ და ნაწილ-ნაწილ როგორ დამშლიან

და გაგიხსენო, როცა იწვიმებს, საწვეთურები ჩამოვიარო,

შუაღამისას დავბრუნდე სახლში გალუმპული და თითქმის მტირალი,

ვერ მოვინელო შენი ხელები, ჟამიდან ჟამზე ისევ ამტკივდე

გამოგიგონო და უსახელოდ ჩემს დღიურებში ჩუმად ჩაგკეტო

და ვიმეორო მარადისობის და ერთგულების უშნო სიმღერა,

მთელ დღეს ქალაქში ისევ გეძებო და მერე ბოღმად გადმოვიღვარო. . .

© “ცხელი შოკოლადი”

Sunday, April 27, 2008

ალექსანდრ სტეფანოვიჩი

ნობელის პრემია


თავი ალექსანდრ სტეფანოვიჩისა და ედუარდ ტოპოლის წიგნიდან “მე მინდა შენი გოგონა”


1987 წლის დეკემბერში, როცა ბროდსკისთვის ნობელის პრემია უნდა გადაეცათ, პირველად მივიღე საზღვარგარეთ გასვლის უფლება. არ ვიცი, რა მიზეზით, შესაძლოა იმიტომ, რომ დასავლეთისადმი ლტოლვა საგვარეულო სენი იყო, მაგრამ ჩვენი ოჯახის ბედი ისე აეწყო, რომ ჩემი დები უცხოელებზე გათხოვდნენ: ერთი შვედს გაჰყვა, მეორე - ფრანგს. სტოკჰოლმში და პარიზში ცხოვრების ოცი წლის მანძილზე ისინი ყოველ ექვს თვეში ერთხელ, რეგულარულად მიგზავნიდნენ მოწვევას, რომელიც “ოვირ”-ში მიმქონდა, მაგრამ თხოვნაზე, მოეცათ დების მონახულების უფლება, სტანდარტულად მპასუხობდნენ: “ თქვენი გამგზავრება მიზანშეწონილი არ არის”. რატომ არ იყო მიზანშეწონილი ძმის მიერ დების მონახულება, არ მიხსნიდნენ. ვიცდიდი ნახევარ წელს და კვლავ მიმქონდა ახალი მიწვევა, ვიღებდი ახალ უარს და ასე, - ორმოცჯერ. მაგრამ საბოლოოდ, როცა “პერესტროიკა” დადგა, წერილი მივწერე ბობკოვს, კგბ-ს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილეს. წერილში შევახსენე, ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ მარწმუნებდით, კგბ-ს შენს მიმართ არავითარი პრეტენზიები არა აქვსო და, მიუხედავად ამისა, არსად არ მიშვებდნენ, მაგრამ აი, დადგა “პერესტროიკა” და ახალი აზროვნება, გამიშვით ოცი წლის უნახავი დების მოსანახულებლად-მეთქი.

უჩვეულოდ სწრაფად მიმიწვიეს უშიშროების კომიტეტში და მითხრეს: ფილიპ დენისოვიჩ ბობკოვის დავალებით გხვდებით, მართლაც არავითარი პრეტენზია არა გვაქვს თქვენს მიმართ, შეგიძლიათ მიხვიდეთ “ოვირ”-ში და აიღოთ ერთ-ერთ დასთან გამგზავრების ნებართვაო. დავიწყე ფიქრი - რომელ დას ვწვეოდი, მაგრამ სწორედ ამ დროს მოვიდა შეტყობინება ბროდსკისათვის ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ჩავსულიყავი სტოკჰოლმში, მოვხვედრილიყავი ბროდსკისათვის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე და ყველაფერი ფირზე გადამეღო, თუ არა და, როგორც რეჟისორი, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავდი. ამიტომ “ოვირ”-ში მივედი, ავიღე საზღვარგარეთის პასპორტი და სრულიად გათავხედებულმა მოვითხოვე, ნება დაერთოთ შვედეთში ჩემი “ჟიგულით” წავსულიყავი. ამის უფლებას მაშინ არავის აძლევდნენ. “ოვირ”-ის უფროსად არკადი ვაინერის ნაცნობი მუშაობდა, სწორედ მისი დახმარებით მივიღე ნებართვა და როცა უკვე გაფორმდა ყველაფერი, ამის შესახებ ჩემს მეგობარს, ჟენია რეინს ვუამბე - ხუთ დეკემბერს სკტოკჰოლმში მივემგზავრები, ათში კი ბროდსკის “ნობელს” გადასცემენ-მეთქი.

ჟენია აღფრთოვანდა, დაჯდა და იოსიფისთვის წერილის წერა დაიწყო. მთხოვა, წამეღო ბროდსკის პირადი ნივთების მთელი გროვა, ფოტოები და რაც მთავარია, გადმომცა ჰალსტუხი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ეკეთა პასტერნაკს იმ დღეს, როცა მოსკოვში, შვედეთის საელჩოში მიიწვიეს ნობელის პრემიის აღსანიშნავ ბანკეტზე. როგორც ცნობილია, კომუნისტებმა აიძულეს პასტერნაკი, უარი ეთქვა პრემიაზე, მაგრამ შვედებმა მაინც მიაგეს პატივი. და აი, ჰალსტუხი, რომელიც იმ დღეს პასტერნაკს ეკეთა, ოჯახურ გარემოებათა წყალობით, ჟენია რეინს ხვდა წილად და მან მე გადმომცა, რათა ამჯერად უკვე მეორე დიდ რუს პოეტს ჰკეთებოდა ნობელის პრემიის გადაცემისას სტოკჰოლმში. ანუ მე დამეკისრა ისტორიული მისია, რომ ეს ჰალსტუხი ქცეულიყო რუსული პოეზიის დიდების სიმბოლოდ. გარდა ამისა, ჟენიამ მითხრა:

- ბროდსკის ცხოვრებაში იყო ქალი, რომელიც მისთვის დღემდე ძვირფასია. მაგრამ მათ უთანხმოება მოუვიდათ. ახლა კი, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როცა შეიძლება მათი ურთიერთობის მოგვარება. შენ შეგიძლია დაეხმარო იოსიფს.

ვერ გავიგე:

- მე რით უნდა დავეხმარო?

- იცი, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბროდსკის პრემიას მისცემენ, ჩვენ საათობით ვლაპარაკობთ ტელეფონით, ვიხსენებთ განვლილ ცხოვრებას, ჩვენს შეცდომებს. და იცი, ბროდსკი ყველას პატიობს. მათ შორის იმ ქალსაც. იქნებ შეიარო მასთან, განმუხტო სიტუაცია.

- მაპატიე, - ვპასუხობ, - ჟენია, ძნელად წარმომიდგენია ეს მისია. როგორც ვხვდები, ეს ღრმად პირადული და ინტიმური საქმეა. ჩემთვის უხერხულია ამაში ჩარევა. მითუმეტეს, რომ ეს არის არა ვიღაც შემთხვევითი ნაცნობის პირადი სფერო, არამედ დღევანდელობის უდიდესი რუსი პოეტისა. მაქვს უფლება, შევიჭრა პუშკინის ან პასტერნაკის პირად ცხოვრებაში?

ის მეუბნება:

- არა, საშა, ვფიქრობ, იოსიფი მადლიერიც კი დაგრჩება, თუკი შენ რაღაც ხიდებს ააგებ, მოსინჯე.

- რატომ თავად არ მოსინჯავ?

- იცი, სიტუაცია ასეთია: იოსიფი ახლა ეიფორიაშია, ყველას ყველაფერს პატიობს, მე კი ამ ქალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. არ შემიძლია დავურეკო და არც მასთან შეხვედრა მინდა. შენ კი, როგორც გარეშე ადამიანს, შეგიძლია შეიარო და ჰკითხო, რამეს ხომ არ დაგაბარებს იოსიფთან. ერთობ ტაქტიანი ქცევა იქნება. აი, მისამართი, აი, ტელეფონის ნომერი.

ვეუბნები:

- ჟენია, თუკი მიგაჩნია, რომ ეს ტაქტიანი ქცევაა, მოვსინჯავ.

ლენინგრადში რომ ჩავედი, რეინის მოცემულ ნომერზე დავრეკე, მაგრამ მიპასუხეს, ამ ქალმა ნომერი შეიცვალა და ახალი ნომერი არ იციანო. მხოლოდ მისამართი მომცეს. მივედი აღნიშნულ მისამართზე. ავდივარ ბინძური კიბით ზემო სართულზე, ვჩერდები დერმატინგადაკრულ გაცვეთილ კართან, ბამბის ნაკუწები რომ გამოსჩრია და ზარს ვრეკავ. ისმის ქალის ხმა:

- ვინა არის?

ვპასუხობ:

- ბოდიშს გიხდით, ესა და ეს ვარ, გარემოებათა გამო მივემგზავრები სტოკჰოლმს, შემიძლია რამე გადავცე თქვენგან იოსიფს?

პასუხი არ არის. შიგნით, ამ ყრუ კარს მიღმა სიჩუმეა.

ვდგვარ ჭუჭყიანი კიბის ბაქანზე, კატების, ნაგვის ყუთებისა და კარტოფილის ნაფცქვენების სურნელებაში. ვამბობ:

- უკაცრავად, ხომ არ წასულხართ?

- არა, - მპასუხობს, - არ წავსულვარ.

- ყველაფერი გაიგეთ?

- დიახ, ყველაფერი გავიგე.

- და რა?.. - შეკითხვას არ ვასრულებ, რადგან ვხვდები, თუ კონკრეტულად ვკითხავ, იძულებული გახდება თვითონაც კონკრეტულად მიპასუხოს - მაგალითად უარით. ჟენიამ კი სიტუაციის დელიკატურობა ამიხსნა.

მპასუხობს:

- ვფიქრობ...

დავიწყე ლოდინი - ხუთი წუთი, ათი. შემდეგ ვკითხე:

- უკაცრავად, ხომ არ წასულხართ?

- არა, არ წავსულვარ.

ოცი წუთი ვიცადე დერმატინიან ჩარაზულ კართან. ბოლოს ვთქვი:

- დიდი ბოდიში, გესმით ჩემი?

- დიახ.

- მაპატიეთ, რა თქმა უნდა, მესმის, რომ თქვენ სერიოზულად ჩაფიქრდით და წყვეტთ თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვან საკითხს, მაგრამ მე, სამწუხაროდ ვჩქარობ, წინ გრძელი გზა მიძევს - დღეს ფინეთის საზღვარი უნდა გადავკვეთო, ჰელსინკში ჩავიდე, რათა საღამოს ექვს საათზე ბორანს მივუსწრო. ძალიან ცოტა დრო მაქვს. გადასცემთ რამეს ბროდსკის?

- არა...

- რატომ?

- იმიტომ, რომ არაფერი მაქვს მისთვის სათქმელი.

მეტი აღარაფერი გამიგია, არც “ნახვამდის”.

ჩავედი ქვემოთ, ჩავჯექი მანქანაში, გავეშურე საზღვრისკენ და დროებით დავივიწყე ეს ამბავი, მით უმეტეს, რომ განცდები მომეძალა - ეს ხომ ჩემი პირველი მოგზაურობა იყო დასავლეთში.

სტოკჰოლმში რომ ჩავედი და მივიხედ-მოვიხედე, ვიფიქრე: რას წარმოვადგენ ბოლოსდაბოლოს მე აქ, შვედეთის დედაქალაქში, სიცოცხლის ამ ზეიმზე? ეს მოსკოვში ვარ რეჟისორი, შვიდი სურათი გადამიღია “მოსფილმში” და ოცი ტელევიზიაში, იქ მიცნობენ, იქ შემიძლია მივიდე უფროსობასთან, მოვითხოვო გეგმაში ფილმის ჩასმა, გავუშვა ფილმი წარმოებაში. შვედეთში კი, სადაც ორი თვე სამასი დოლარი უნდა ვიკმარო, რას წარმოვადგენ? ადამიანი აღმოსავლეთ ევროპიდან, მორიგი მათხოვარი. მე კი კინოკამერები მჭირდება, ფირი, ოპერატორი, ასისტენტები...

და ვიგრძენი, რომ ჩემი ოცნება, გადამეღო ფილმი ბროდსკიზე, იმსხვრევა...

მაგრამ იმ მომენტისთვის ისეთი შეეუპოვრობა დამეუფლა, რომ სტოკჰოლმში ხუთ რიცხვში ჩასულს, 7-ში უკვე ნაშოვნი მყავდა პროდიუსერი, 8-ში კი ჩემს განკარგულებაში იყო ორი კამერა, ორი ავტომანქანა, ტექნიკოსთა ბრიგადა და უკვე ვიღებდი შვედურ ფილმს დიდი პოეტის შესახებ. და მე გავხდი ერთადერთი კინემატოგრაფისტი, რომელიც დაუშვეს შვედეთის აკადემიაში, სადაც იოსიფ ბროდსკიმ წარმოთქვა თავისი ცნობილი სანობელე სიტყვა.

როგორ მოვახერხე?

მივედი ბროდსკისთან “გრანდ-ოტელში”, ჰოლიდან დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩამოვუტანე საჩუქრები ჟენია რეინისგან. ჩვენი ძველი ლენინგრადული ნაცნობობაც შევახსენე. დარწმუნებული არა ვარ, რომ გაიხსენა ის ბიჭი, ოდესღაც თავის სილაბურ ლექსებს რომ უჩვენებდა ხოლმე, მაგრამ ძალიან გახარდა რეინის საჩუქრები, განსაკუთრებით - პასტერნაკის ჰალსტუხი, და თქვა, რომ აუცილებლად გაიკეთებდა ცერემონიაზე. თუმცა, როგორც გაირკვა, პრემიის გადაცემის ცერემონიაზე ის ფრაკით და ყელზე ბაფთით უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ შემდეგ მიამბო:

- ეს ჰალსტუხი გულის ჯიბეში ჩავიდე, გულთან მქონდა, როცა სცენაზე გავედი.

მე კი, როცა რეინის საჩუქრები და კონფიდენციალური ინფორმაცია გადავეცი, ვუთხარი იოსიფს, რომ ვამზადებ ფილმს მის შესახებ და ვკითხე, შეუძლია თუ არა დამეხმაროს მთავარ ღონისძიებაზე მოხვედრაში.

მან მიპასუხა:

- საშა, ცხადია შევეცდები, ყველგან შეგიშვან. ერთადერთი, რასაც ვერ ვიზამ - კამერით ვერ შეგიყვანთ ცერემონიაზე, რადგან იქ შვედეთის ტელევიზიის მონოპოლიაა. მაგრამ ლექციაზე გპატიჟებთ და, რაც უმთავრესია, პრემიის გადმოცემის შემდეგ, მაშინვე მექნება შემოქმედებითი საღამო, ლექსებს წავიკითხავ. მოდით და თქვენი კინოკამერები გინდ პირველ რიგში დააყენთ.

და მე, ბროდსკის პროტექციით, სრული კარტ-ბლანში მომენიჭა, მწვანე გზა, რაც შვედებისთვის გასაოცარი იყო, რადგან უბრალოდ არ სჯეროდათ, რომ მოვახერხებდი ყოველივე ამის გადაღებას. შვედი პროდიუსერი, რომელსაც თავიდან მაინცდამაინც არ სჯეროდა ჩემი შესაძლებლობებისა, სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ მე მართლაც შემიძლია რაღაც და ჩემს წინაშე, სრულიად უცნობი ადამიანის წინაშე, იღება კარი, რომელსაც ის, შვედი, ასე ადვილად ვერ შეაღებდა. ცხადია, კარი ჩემთვის კი არა, ბროდსკისთვის იღებოდა, ამას ვხვდები, - ის ლაურეატი იყო, საკუთარი დღესასწაულის მასპინძელი. მაგრამ მე მისი ერთადერთი სტუმარი ვიყავი სსრკ-დან, მისი უახლოესი მეგობრის დესპანი, რამაც შესაძლებლობა მომცა, მის გვერდით ვყოფილიყავი.

იქვე, აკადემიაში ნობელის ლექციის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს მარმარილოს კიბეზე. მე პუბლიკასთან ერთად ქვევით ვეშვებოდი, იოსიფი კი რომელიღაც კარიდან გამოიყვანეს. აგზნებული ჩანდა. რომ დამინახა, თავებს ზემოდან გადმომძახა:

- საშა! როგორ წავიკითხე?

მე ორივე ცერი მაღლა ავწიე. იოსიფმა გამიღიმა, ხელი ჩაიქნია. იგი ქვევით გააქანეს მორიგ ღონისძიებაზე.

მეორე დღეს, ცხრა დეკემბერს, ბროდსკი არ მინახავს.

მე კი თავისთან მიმიწვია ჩვენმა ელჩმა, ბორის პანკინმა და მითხრა:

- ალექსანდრ, არ შეგიძლიათ გადასცეთ ბროდსკის: რატომ იქცევა ასე? თავს ასე რატომ ისულელებს?

- რითი ისულელებს თავს?

აქ რამდენიმე სიტყვით გიამბობთ, როგორ გავიცანი საბჭოთა ელჩი.

სტოკჰომში რომ ჩავედი, მივედი საბჭოთა საელჩოში და კონსულს ვკითხე, როგორ უნდა გადამეცა შვედეთის მეფისთვის საჩუქარი. ამის შემდეგ მიმიწვიეს პანკინთან, რომელმაც ძალზე თავაზიანად მიმიღო, დამათვალიერებინა საელჩო და ალექსანდრ კოლონტაის კაბინეტი, შემდეგ კი მკითხა:

- ალექსანდრ ბორისოვიჩ, რა თანხის გადმოტანის უფლება მოგცეს?

- სამასი დოლარისა, მაგრამ ახლა ასოციღა დამრჩა, რადგან დანარჩენი ბენზინსა და ბორანის ბილეთზე დამეხარჯა.

- აი, ხედავთ, - მეუბნება ის, - მე, კეთილგანწყობის ფარგლებში, შემიძლია ნება დაგრთოთ, ისარგებლოთ საელჩოს მაღაზიით, სადაც საგრძნობი დიპლომატიური შეღავათებია, შეგიძლიათ შეიძინოთ, რასაც მოისურვებთ.

- გმადლობთ, ბორის დიმიტრიევიჩ. მე რით უნდა გადაგიხადოთ სამაგიერო?

- აი, სწორედ ესაა ჩვენი საუბრის მთავარი თემა. მითხრეს, რომ შვედეთის მეფისთვის საჩუქარი გაქვთ გადასაცემი..

- დიახ, ასეა. ილია გლაზუნოვმა მთხოვა, გადავცე მის უდიდებულესობა კარლ გუსტავს ნახატების ალბომი. თუმცა არ ვიცი, როგორ მოვახერხებ ამას.

და უცებ პანკინი, საბჭოთა ელჩი, რომელსაც პირველად ვხედავ ჩემს ცხოვრებაში, მეუბნება:

- იცით, ალექსანდრ ბორისოვიჩ, ჩემთვის სრულიად აუცილებელია მეფესთან პრივატული შეხვედრა. ისეთი კი არა, როცა მოთხოვნას ვაგზავნი შვედეთის საგარეო საქმეთაKსამინისტროში და ვალდებული ვარ, ვაცნობო მათ საუბრის თემა. მე მჭირდება პროტოკოლის გარე შეხვედრა. ილია გლაზუნოვის საჩუქარი დამეხმარება მასთან კერძო შეხვედრაში. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი პირადი საქმე, ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინეტერესები. ამიტომ გთხოვთ, გადმომცეთ ეს ალბომები, თქვენ კი შეგეძლებათ იაროთ ჩვენს მაღაზიაში.

ვეუბნები:

- ბორის დიმიტრიევიჩ, მაღაზიის გამო არა, ცხადია, უბრალოდ თქვენს მიმართ სიმპათიის ნიშნად გადმოგცემთ ამ ალბომებს. ვდებ მათ სახელმწიფოებრივი ინტერესების სამსხვერპლოზე.

ამგვარად, ჩემსა და პანკინს შორის დამყარდა ერთგვარი განსაკუთრებული ურთიერთობა, აქედან - მსჯელობა ბროდსკის ნობელის ლექციაზე.

ამიტომ ვკითხე:

- და თავს რითი ისულელებს?

- იცით, - მითხრა პანკინმა, - თავადაც ლიტერატორი ვარ, მესმის ბროდსკის ფიგურის მნიშვნელოვნება და ყოველ შიფრში, რომელსაც მოსკოვში ვგზავნი, ვწერ: ნუთუ არ გეყოთ ნობელის ლაურეატების დევნა?! ნუთუ პასტერნაკის და სოლჟენიცინის ისტორიებმა არაფერი გვასწავლა?! მე მათ შევთავაზე, ბროდსკის დაჯილდოება საბჭოთა კულტურის ზეიმად ექციათ. ჩვენ ეს აქტივში უნდა ჩავიწეროთ, განსაკუთრებით - “პერესტროიკის” ეპოქაში. და აი, თითქმის დავარწმუნე ამაში ხელმძღვანელობა და უცებ ბროდსკი ამბობს ცნობილ ფრაზას ლენინზე! არ შეგიძლიათ, უთხრათ, თავი დაანებოს მათ გაღიზიანებას?

ვეუბნები:

- ბორის დიმიტრიევიჩ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს? რა უფლება მაქვს გავუსწორო ნობელის სიტყვა უდიდეს პოეტს? ის ასე ფიქრობს, ის ასე ამბობს. მოდით, მივიღოთ ბროდსკი ისეთი, როგორიც არის. ის სხვაგვარი ვერ იქნება.

პანკინმა ამოიოხრა:

- მე კი მესმის...… როგორ გამიცრუა იმედი!..

ცხადია, ამ საუბრის შესახებ ბროდსკისთვის არაფერი მითქვამს. მას საამისოდ არც ეცალა. მთელი დღე დაკავებული იყო საზეიმო ცერემონიის მეორე განყოფილების - პრემიის გადაცემის რეპეტიციით. სხვათა შორის, ეს ისტორიული მომენტია. ეს ხდება სცენაზე, სადაც ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან ნობელის ლაურეატები, მეფე კარლ გუსტავი და დედოფალი სილვია. 1987 წლის ცერემონიაზე განსაკუთრებით ამაღელვებელი, აი, რა იყო. სცენაზე ყველა ლაურეატი გამოდიოდა დასავლური, თავისუფალი ნაბიჯით - ფრაკის ტარებას შეჩვეულნი იყვნენ. ბროდსკი კი, აშკარად ჩანდა, ფრაკს ვერ გუობდა და სცენაზე გამოსულმა არ იცოდა, სად წაეღო ხელები, ამიტომ წელსუკან შემოიწყო.

შემდეგ კი იწყება პრემიების გადაცემა. მეფე პირადად გადასცემს პრემიას თითოეულ ლაურეატს, რომელიც დგება თავისი ადგილიდან და მისთვის ჟღერს ეროვნული ჰიმნი. დაჯილდოებულს გადაეცემა ინდივიდუალური დიპლომი - არა სტანდარტული, არამედ მხატვრის საავტორო ნამუშევარი, პერსონალურად ამ ლაურეატისთვის დამზადებული. მაგალითად, ბროდსკის დიპლომზე ერთმანეთშია გადაწნული პეტერბურგული სპილენძის მხედარი, საადმირალო და რუსული ხატები, რაც ერთგვარ ორნამენტს ქმნის. ამასთან ბროდსკის, იმ დროისათვის უკვე აშშ-ის მოქალაქეს, უნდა აერჩია ჰიმნი, რომლითაც უნდა მისალმებოდნენ - რუსული ან ამერიკული, მაგრამ მან ჰაიდნის მუსიკა აირჩია. როცა ვკითხე, რატომ მაინცდამაინც ჰაიდნი, მიპასუხა:

- რატომაც არა? უმშვენიერესი მუსიკაა, მე ძალიან მომწონს.

ნობელის ზეიმის მესამე ნაწილია მეჯლისი სტოკჰოლმის საქალაქო რატუშაში. რა არის ეს, ძნელი წარმოსადგენია, რადგან ჩვენი ტელევიზიით, ჩვეულებრივ, უჩვენებენ უშუალოდ პრემიის გადაცემის მომენტს და მეტს არაფერს. გარდა ამისა, იყო ბანკეტიც - ეს ცალკე მოსაყოლი ამბავია.

უზარმაზარ, ძალიან ლამაზ და შვედურად მკაცრ დარბაზში გაშლილია სუფრები რამდენიმე ათას კაცზე. მეჯლისის დაწყების წინ (რომელზე დასასწრებადაც, სხვათა შორის, ბილეთის ყიდვა შეიძლება - დაახლოებით ათასი დოლარი ღირს), თავს იყრიან სტუმრები მთელი მსოფლიოდან. ქალები - ბრილიანტით გაწყობილი უძვირფასესი კაბებით, მამაკაცები - ყველანი სმოკინგებით. დარბაზის ცენტრში დიდი კიბე ეშვება. ამ კიბით ჩამოდიან შვედეთის სამეფო ოჯახი და ნობელის ლაურეატები. ამასთან, სამეფო ოჯახის თითოეულ წევრს ლაურეატი მოაცილებს. პირველი წყვილი, ცხადია, მეფე კარლ გუსტავი და დადოფალი სილვიაა, ულამაზესი, შესანიშნავი ქალბატონი, რომელმაც ზედმიწევნით შეისწავლა შვედური ენა და შვედების დიდი სიყვარული დაიმსახურა.

მეფე-დედოფალს მეჯლისზე უკან მოჰყვნენ სხვა წყვილები. იოსიფ ბროდსკი შვედეთის პრინცესას მოაცილებდა (რაც, ცხადია, სიხარულით აღვნიშნე გულში - მახარებდა ის პატივი, რომელიც ბროდსკის მიაგეს). ლაურეატები სხდებიან დარბაზის ცენტრში მაგიდის გარშემო და მეჯლისის განმკარგულებელი წარმოთქვამს შვედეთის მეფის სადღეგრძელოს. ყველა ფეხზე დგება, სვამენ და ამის შემდეგ არავითარი სადღეგრძელო აღარ ითქმება, არცერთი ნობელის პრემიის ლაურეატისაც კი. თავი ყველას ღირსეულად უჭირავს. გაჯგიმულები სხედან და ბანკეტი სრულდება იმით, რომ შუა საუკუნეთა სტილის კოსტიუმებში გამოწყობილ ტრუბადურ-მებუკეებს დაფდაფების გრიალში ამ კიბით, საგანგებო ჯალამბრით ჩამოაქვთ უზარმაზარი სამეფო ნაყინის ტორტი, რომლის პირველ ნაჭერსაც მიართმევენ დედოფალ სილვიას და მეფეს, შემდეგ კი სამეფო ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ ტორტს ყველა მაგიდაზე ჩამოარიგებენ. ეს გახლავთ ბანკეტის დასასრული. შემდეგ დარბაზი ივსება შვედეთის აკადემიათა სტუდენტებით - ახალგაზრდა ყმაწვილებით შავ კოსტიუმებსა და ჰალსტუხებში და სამეჯლისო კაბებში გამოწყობილი ქალიშვილებით, ოღონდ მათ, სტუმრებისაგან განსხვავებით, თავს პატარა ხავერდის ქუდები უმშვენებთ - ესაა ნიშანი, რომNისინი სტუდენტობას განეკუთვნებიან. მათი დანიშნულებაა ხალისი შეიტანონ სტუმრებს შორის. მაშინვე გაისმის ჯაზის ხმები, გრიალებს ორკესტრი და ცეკვის ბუქი დგება. შეზარხოშებული სტუმრები ადგილებს მოწყდებიან, ქალები დაუდევრად იხდიან ფეხსაცმელს და სტუდენტებთან ერთად უბერავენ ჯაზს. და საერთოდ, იწყება ნამდვილი თავაწყვეტილი მხიარულება, რომელსაც ახლავს ხალისი და სიცილი. ზეიმი დილამდე გრძელდება. ტელევიზიათა მუშაკები ცდილობენ კუთხეებში მიიმწყვდიონ ნობელის ლაურეატები, იღებენ ინტერვიუებს, რომელთა ინტონაციაც ძალზე მხიარული და მსუბუქია. ზეიმის ტრანსლაცია მთელს მსოფლიოში გადაიცემა.

მეორე დღეს ბროდსკი შვედეთის საზოგადოების წინაშე უნდა გამოსულიყო, მე კი უნდა მომემზადებინა გადაღება კონგრეს-ჰოლში, სადაც იოსიფი წაიკითხავდა თავის ლექსებს. უნდა ითქვას, რომ დარბაზი ხალხით იყო სავსე. უფრო მეტიც, ბილეთების შეძენა ბროდსკის ლექსების კითხვაზე - შვედებისთვის უცნობ რუსულ ენაზე - სრულიად შეუძლებელი იყო. როცა ბილეთების ამბავი ვიკითხეთ, გვითხრეს, რომ ხალხმა დიდი ხნით ადრე შეიძინა ყველა ბილეთი, ზოგიერთმა კი მთელი ღამე გაატარა საძილე ტომარაში სალაროების წინ ბილეთის Dშეძენის იმედით. საღამომ დიდი წარმატებით ჩაიარა, რადგან იოსიფის ლექსები ჟღერდა რუსულადაც და შვედურადაც. არ ვიცი, იყო თუ არა იქ ვინმე რუსი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც ესმოდა, რაზე კითხულობდა ბროდსკი და ჩემი აპლოდისმენტებიც ყველაზე მხურვალე იყო. დანარჩენები კი მხოლოდ თარგმანში ისმენდნენ ლექსებს და მაინც აღფრთოვანებით იღებდნენ მათ.

საღამოს დასრულების შემდეგ კულისებში ვიდეოკამერა დავაყენეთ და იოსიფმა მომცა ინტერვიუ ფილმისათვის, სრულიად შესანიშნავი ინტერვიუ - ის ჯერ კიდევ საზეიმო ეიფორიაში იმყოფებოდა. მე ვკითხე:

- ისურვებდით ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას?

- ვისურვებდი, - მიპასუხა მან.

- იმედი მაქვს, მალე გიხილავთ რუსეთში.

- გულწრფელად რომ ვაღიარო, ამისი ცოტათი მეშინია. რაც შეეხება იმედს, შესანიშნავმა ინგლისელმა მოაზროვნემ, ფრენსის ბეკონმა თქვა: “იმედი მშვენიერი საუზმეა, მაგრამ ცუდი ვახშამი”.

მე ვკითხე:

- რა ენაზე წერთ ამჟამად?

- ძირითადად რუსულად, - მიპასუხა მან, - ზოგჯერ ინგლისურად. მაგრამ არ მაქვს ამბიცია, გავხდე ინგლისურენოვანი პოეტი. მე თერაპიული მოსაზრებებით ვწერ ინგლისურ ლექსებს. საქმე იმაშია, რომ როცა ამა თუ იმ ენობრივ გარემოში ცხოვრობ, ამ ენის გავლენასაც განიცდი და ამ ენაზე წერის ცდუნება გეუფლება. გარემოსადმი გაძალიანებამ შეიძლება ნევროზი გამოიწვიოს, ამიტომ დროდადრო ვემორჩილები ამ ცდუნებას.

- ლენინგრადში, პიტერში, იმ სახლის მახლობლად ცხოვრობდით, სადაც ოდესღაც ალფრედ ნობელი ცხოვრობდა. როცა მის სახლთან ჩაივლიდით, რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გეუფლებოდათ?

მან გამიღიმა:

- აბსოლუტურად არავითარი!

- ვფიქრობ, ოდესმე იმ სახლზე, თქვენ რომ ცხოვრობდით, გაჩნდება მემორიალური დაფა წარწერით.

- მემორიალური დაფები მხოლოდ ადამიანის გარდაცვალების მერე ჩნდება, - დააზუსტა ბროდსკიმ, - რაც უფრო გვიან ხდება ეს, მით უკეთესია...

გამოთხოვებისას მას ჩვენი ფოტოები ვაჩუქე. ერთ მათგანზე წამიწერა: “საშას იოსიფისგან. 1987 წლის 11 დეკემბერი”, ანუ ნობელის პრემიის მიღების მეორე დღე. მომეჩვენა, რომ ნობელის მედალისა და დიპლომის გადაცემამდე ბროდსკი სხვა ადამიანი იყო და ამის შემდეგ - სხვა. მეჩვენებოდა, რომ რვაში, გადაცემამდე ორი დღით ადრე, მას ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ნობელის ლაურეატი იყო, და ცოტათი ნერვიულობდა, ახლა კი ის სხვა ადამიანი იყო და ეს ვლინდებოდა რაღაცნაირ თავდაჯერებაში, ახლებურ თავდაჭერაში.

მე ვუთხარი:

- ზეგ, 13 დეკემბერს, ჩემი დაბადების დღეა.

მინიშნებას მიმიხვდა:

- კარგი, საჩუქარს გაგიკეთებ, - აიღო ფურცელი და მკითხა: - ჩემი რომელი ლექსი მოგწონს?

ვუთხარი, რომ ჩემი საყვარელი ლექსებია “საშობაო რომანსი” და “სტანსები ქალაქს”. და მან გაკრული ხელით დაწერა:

“საშა სტეფანოვიჩს “საშობაო რომანსის” და იმ ლექსის ავტორისაგან, რომელიც იწყება სიტყვებით: Да не будет дано… სტოკჰოლმში ჩვენი შეხვედრის აღსანიშნავად” თარიღიც დაუსვა.

ამის შემდეგ ის ამერიკაში გაფრინდა და აღარ მინახავს. მხოლოდ მოკითხვებს გადავცემდი ჟენია რეინის მეშვეობით და საპასუხო რევერანსებსაც ვიღებდი. ფილმი, რომელიც ბროდსკიზე გადავიღე, შვედეთის ტელევიზიით აჩვენეს, მაგრამ მასალა, პროდიუსერთან შეთანხმები, მე დამრჩა. იმის უფლებაც მქონდა, სრკ-ში გამომეყენებინა. მაგრამ როგორ უნდა ჩამომეტანა ოცი ვიდეოკასეტა მოსკოვში, როცა ბროდსკი იქ პერსონა ნონ გრატად და ლამის ხალხის მტრად იყო გამოცხადებული? ჩემი მანქანა, აქეთ რომ მოვდიოდი, ისე საგულდაგულოდ გაჩხირკეს, უნდა გენახათ - ქვევიდან სარკეებს ჩრიდნენ, რაიმე სამალავი ხომ არ არისო. უკანა გზაზე ხომ უარესს იზამდნენ! არა, შეუძლებელი იყო დამეკარგა ასეთი ძალისხმევით გადაღებული მასალა! თავზე ხელი ავიღე და ისევ პანკინს მივადექი:

- ბორის დიმიტრიევიჩ, გლაზუნოვის ალბომებით ხომ დაგეხმარეთ, ახლა სამაგიერო დახმარებას გთხოვთ.

მეკითხება:

- რაშია საქმე?

- საქმე ასეა, - ვეუბნები, - მანანა შევარდნაძემ, თქვენი მინისტრის ქალიშვილმა მთხოვა გადამეღო იოსიფ ბროდსკისთან ინტერვიუ, რომლის ჩვენებაც სურს ქართული ტელევიზიით, ამიტომ გთხოვთ, გაუგზავნოთ მანანას დიპლომატიური ფოსტით ეს ოცი კასეტა.

წერილში კი, რომელიც წინასწარ მოვამზადე, ეწერა:

“ღრმად პატივცემულო მანანა! გიგზავნით მასალას, რომლზეც ვისაუბრეთ მოსკოვში. ვფიქრობ, გიორგი ლევაშოვი კარგად დაამონტაჟებს. მოწიწებით, ალექსანდრ სტეფანოვიჩი.”

პანკინი ამ წერილით მიხვდა, რომ არსებობს პირადი შეთანხმება სტეფანოვიჩსა და მანანა შევარდნაძეს შორის და ასევე, არსებობს ვინმე გიორგი ლევაშოვი, რომელიც მონაწილეობს პროექტში. სინამდვილეში ცხადია, არავითარ ფირზე არავითარ მანანა შევარდნაძესთან არ მისაუბრია. იგი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი. ჩემმა მეგობარმა გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა გამაცნო, ერთად მუშაობდნენ ქართულ ტელევიზიაში. ვიცოდი, რომ მანანა ჟურნალისტი იყო. ლევაშოვი მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ ფირები მანანას გავლით გიორგიმდე მისულიყო, ის კი მე გადმომცემდა.

პანკინმა კი უკვე იცოდა, რომ ჩემი მეგობრების წრე - ილია გლაზუნოვიდან იოსიფ ბროდსკიმდე - ფართო იყო და აზრად არ გაივლებდა, რომ მანანას შესახებ ყველაფერი ბლეფი იყო. ბორის დიმიტრიევიჩმა აიღო ეს ოცი კასეტა, გამოიძახა საელჩოს რომელიღაც თანამშრომელი და უბრძანა:

- გააფორმეთ, როგორც დიპფოსტა და დაზღვევით გაგზავნეთ მოსკოვში.

ამის შემდეგ სტოკჰოლმიდან ჩემი ჟიგულით შვედეთის სამხრეთში გავემგზავრე, ტრელებორგში. შემდეგ მალმეს გავლით ბორანით გდრ-ში, კუნძულ რიუგენზე, შემდეგ დასავლეთ ბერლინში და პოლონეთის გავლით, ბოლოს და ბოლოს, დავბრუნდი მოსკოვში. სახლში მისულს ხუთი ბარათი დამხვდა - ლევაშოვი მეძებდა. მაშინვე დავურეკე და გინების ისეთი ნიაღვარი დამატეხა თავს, რომლის არსებობა ვერც კი წარმომედგინა. მთათხავს ქართველი თავადი უკანასკნელი სიტყვებით. ვეუბნები:

- რა გაყვირებს? ჯობია შევხვდეთ და გიამბობ, რა გავაკეთე სტოკჰოლმში.

- ვიცი, რაც გააკეთე! აფერისტო! ავანტიურისტო! ვინ მოგცა ჩემი სახელი სარგებლობის უფლება?! ვინ მოგცა მანანას ხსენების უფლება?! საერთოდ, საიდან იცნობ მანანას?

- შენ არ გამაცანი?

- მერე რა, რომ გაგაცანი! რატომ ყვები ამს შვედეთში?

ვცდილობ, გავანელო მისი რისხვა:

- გოგი, გეყოფა. რაშია საქმე?

- რას ნიშნავს, რაშია საქმე? ელჩ პანკინისგან დიპკურიერების მეშვეობით, დაზღვევით ჩამოვიდა ამანათი მოსკოვში, პირადად შევარდნაძისთვის! ედუარდ ამბროსოვიჩმა გადადო სახელწიფოებრივი საქმეები, გახსნა ამანათი და შიგ აღმოაჩინა ყოვლად უსარგებლო ფირები! მეტიც - რაღაც წერილი, რომლითაც გამომდინარეობს, რომ ამანათი განკუთვნილია მისთვის კი არა, მანანასთვის, რომელსაც საერთოდ არა აქვს დიპფოსტით სარგებლობის უფლება! ედუარდ ამბროსოვიჩი საშინლად გაბრაზდა და მისი რისხვა სრულიად უდანაშაულო მანანას დაატყდა თავს. საერთოდ, თუ გესმის, რაში გაყავი თავი?!

- გოგი, - ვეუბნები, - ამ ფირების გამოგზავნის სხვა საშუალება არ მქონდა. ნუთუ არ გესმის, რომ ესაა რუსული კულტურის ისტორია. იოსიფ ბროდსკი!

- რა შუაშია ისტორია? სად რუსული კულტურის ისტორია და სად ქართველი ქალიშვილი! რატომ გინდა გაისტუმრო კეთილი ქალი მონასტერში? ვინ მოგცა ამის უფლება?!

გული რომ იჯერა ყვირილით და ცოტა სული მოითქვა, ვკითხე, სად იყო ბოლოს და ბოლოს ფირები.

- ფირები ჩემთანაა, შეგიძლია წაიღო, მაგრამ შენ არამზადა ხარ!

დღემდე მადლიერი ვარ ედუარდ ამბროსოვიჩ შევარდნაძისა და ბორის დიმიტრიევიჩ პანკინისა, რომლებიც, ისე რომ თავადაც არ იცოდნენ, ასე უცნაურად დაეხმარნენ რუსულ კულტურას. მართალია, იმ დროისათვის არ მქონდა სახსრები ბროდსკიზე ახალი ფილმის გადასაღებად, მაგრამ ჟურნალ “Юность”- ში გამოვაქვეყნე მიმართვა სტუდიებისადმი: “არსებობს მასალა ბროდსკიზე. ვის სურს ფილმის გადაღება?”. მაგრამ ამან ვერანაირი საპასუხო რეაქცია ვერ აღძრა, და მხოლოდ ათი წლის შემდეგ, როცა ბროდსკის გარდაცვალების ამბავი მოვიდა, გავაკეთე ფილმი “იოსიფ ბროდსკი: ცხოვრების ფურცლები”. ეს ფილმი ტელევიზიით უჩვენეს 1996 წლის 22 ივლისს. მე კი, ტელევიზორის წინ ვიჯექი და ვფიქრობდი ერთადერთ მაყურებელზე - იმ ქალზე, ვისი კარის წინაც მომიხდა დიდხანს დგომა სტოკჰოლმში გამგზავრებამდე. რატომღაც ძალიან მინდოდა, სწორედ მას ენახა ჩემი ფილმი



© "ცხელი შოკოლადი”

Friday, April 18, 2008

ახალი წიგნები (ივნისი, 2007)


გაბრიელ გარსია მარკესი, “მარტოობის ასი წელიწადი”. მთარგმნელი ელზა ახვლედიანი. თბ. “სიესტა”, 2007 (მესამე გამოცემა).

თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ნობელის პრემიით აღნიშნული აღტაცება, კოლუმბიელი მწერლის მიერ დახატული სოფელი მაკონდო, ბუენდიების დინასტია და თაობიდან თაობას გადაცემული მარტოობის სევდა; არარეალური სამყარო, რომელშიც თითოეული ჩვენგანი რეალურად ვცხოვრობთ. წიგნი ქართველმა მკითხველმა პირველი გამოცემისთანავე შეიყვარა და ეს სიყვარული დღემდე არ განელებულა. “მარტოობის ასი წელიწადის” ახალი გამოცემა მარკესის მოყვარულებს უკვე კარგად ნაცნობ პერონაჟებსა და გარემოს გაახსენეს, მათ კი, ვისაც ეს წიგნი ჯერ არ წაუკითხავთ, წინ პირველად წაკითხვის სიამოვნება ელით.

ფრედერიკ ბეგდებერი, “ექსტაზი”, კაიფში დაწერილი ნოველები. ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხოსრუაშვილმა, რედაქტორი მალხაზ ხარბედია. თბ. “არეტე”, 2006.

სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნარკოტიკულმა საშუალებებმა ლიტერატურაში მყარად დაიმკვიდრეს თავი. ალბათ, ბევრს გაუჩნდება შეკითხვა - რამდენად საჭიროა ინექცია ან კაფსულა იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება სრულიად უცნობ ადამიანებს უამბო, მით უმეტეს, როცა ნებისმიერი ნარკოტიკი ჯანმრთელობას ვნებს და, ფიზიოლოგიური დარღვევებიდან დაწყებული ფსიკიკური მოშლილობით დამთავრებული, ათას უბედურებას გმართებს. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეგიძლიათ, ფრედერიკ ბეგდებერის კაიფში დაწერილი ნოველები წაიკითხოთ - მარტივად მიხვდებით, რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ექსტაზით გაბრუებული ავანტიურისტი მწერლის მონათხრობი და გონების მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი ფხიზელი ავტორების ტექსტები. “ექსტაზი” ფრედერიკ ბეგდებერის პირველი წიგნია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.

გიორგი ეკიზაშვილი, “ბილიკები”, ლექსები, თბ. “აგორა”, 2006.

რას განიცდის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ბავშვობა ხის დამპალი ტოტივით მოიკვეთა, რომელიც ათასის სევდას ატარებს, რომელსაც სხვებთან ერთად მარტო ყოფნა სურს და რომლის ჩაქოლვაც ასობით დუჟმომდგარს განუზრახავს? რას ხედავენ ასეთი ადამიანები სიზმრად, გარდა ტრამალებისა, ან, ვის თანაუგრძნობენ ცხოვრებაში მშიშარა და გაქცეული კურდღლების მეტს? ამ და კიდევ არაერთ კითხვაზე პასუხს გიორგი ეკიზაშვლის ახალ წიგნში იპოვით, რომელსაც ავტორმა “ბილიკები” დაარქვა და რომელიც მისი ლექსებისა და პოეტური თარგმანების მეორე კრებულია. ქართველი მკითხველი ავტორს მოლიერის, ჟან-პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, გიიომ აპილინერისა და სხვა ფრანგი ავტორების თარგმანებიდან იცნობს. 2001 წელს კი საფრანგეთის მთავრობამ გიორგი ეკიზაშვილს “აკადემიური პალმის რტოს” ორდენის ოფიცრის წოდება მიანიჭა.

ზაზა აბზიანიძე, “წითელკუდა”, ზღაპრები. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007.

თუ აქამდე წითელკუდა თაგვები თავიანთი გამორჩეულობის შესახებ სიამაყით გიამბობდნენ და თქვენც მათი ტრაბახის გულუბრყვილოდ გჯეროდათ, ახლა უკვე გეცოდინებათ, რატომ შეუღებეს მინდვრის თაგვს, ხვიჩას, კუდი. აქვე წაიკითხავთ ჩემპიონი კალიას - კოსტა-ბრავოს სევდიან ისტორიას, გაიცნობთ ტყის მელამთავარს - დე ლა მელას და უფრო მეტს გაიგებთ კეთილი არსებების - ბასუნსულების შესახებ. ზაზა აბზიანიძის ზღაპრები ბავშვებს სიკეთეზე, სამართლიანობასა და ერთგულებაზე უამბობს, საინტერესო ამბები არა მარტო პატარებს, მათ მშობლებსაც გაახალისებს. წიგნი ავტორის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რაც ბავშვებს ზღაპრების უკეთ აღქმაში დაეხმარებათ.

ამინ მაალუფი, ,,დამღუპველი იდენტობები”, ესსე. მთარგმანელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია. თბ. “იმპრესი”, 2007.

ისეთ რთულ ისტორიულ ვითარებაში, როგორიცაა გლობალიზაცია, მისი თანამდევი ცვლილებების თავბრუდამხვევი პროცესი არაერთ კითხვას და ამოცანას ბადებს. მათ შორის ყველაზე საჭირბოროტო საკითხია, თუ როგორ უნდა შეძლონ სხვადასხვა ერებმა კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნება და მოდერნიზება თავიანთი იდენტობის დაუკარგავად. ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და ესეისტი, ამინ მაალუფი, სწორედ ამ პრობლემის თავისებურად გადაჭრას გვთავაზობს; მიზნად ისახავს, გააანალიზოს და გვიჩვენოს, თუ რა ესახება მას ამ რთული ვითარებიდან თავის დახსნის სწორ და გონივრულ გზად. მაალუფი ათზე მეტი წიგნის ავტორია, მისი რომანები და ესსეები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. “დამღუპველ იდენტობებში” დასმული საკითხები ჩვენთვისაც აქტუალურია და მათი გადაჭრის მაალუფისეული გზები საინტერესოა ქართველი მკითხველისთვის.

ლიტერატურულ-თეორული ჟურნალი “სჯანი”, № 7. თბ. “შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი”, 2006.

მათთვის, ვისაც ლიტერატურის თეორია აინტერესებს და ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ადევნებს, ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი “სჯანი” სასიხარულო მოვლენაა. ჟურნალში თავმოყრილია კომპენტენტური და საინტერესო ავტორების ესეები და კრიტიკული წერილები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკის მიხედვითაა გადანაწილებული - ლიტერატურის თეორიის პრობლემები, პოეტიკური პრაქტიკები, ფოლკლორისტიკა, თარგმანის თეორია, კულტურული პარადიგმები და სხვა. გარდა ამისა, აქვე იხილავთ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამოცემული უახლესი წიგნების მომიხილვას. ჟურნალში დაბეჭდილ ყველა წერილს ახლავს რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

© ”ცხელი შოკოლადი”

Thursday, April 17, 2008

ნიკოლო მიწიშვილი


ეკა ცხადაძე




სამი წიგნი ჩვენთვის და ჩვენზე



ნიკოლო მიწიშვილი, თებერვალი. წინათქმის ავტორი და რედაქტორი ვახტანგ გურული. თბ. «არტანუჯი», 2006.

ნიკოლო მიწიშვილი, ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან. Aხალგაზრდობა. თბ. «არტანუჯი», 2006.

ფიქრები საქართველოზე (კრებული). შემდგენელი ილამაზ მიწიშვილი. თბ. «ინტელექტი», 2006.



"ცისფერყანწელთა" ცნობილ სახელებს დღემდის განუმეორებელი ხიბლი ახლავთ, მათ შორის ე. წ. "მეორე ეშელონის" წარმომადგენლებიც იყვნენ, რომელთაგან ნ. მიწიშვილმა პოლემიკური მწვავე ხასიათის ტექსტებით გამოიჩინა თავი.

ნ. მიწიშვილის 110 წლისთავთან დაკავშირებით ხელახლა გამოიცა მისი "თებერვალი", "ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან" და "ფიქრები საქართველოზე". ყველა ამ ტექსტს აერთიანებს ეპოქის მძაფრი შეგრძნება, ამთლიანებს მომავლისადმი რწმენა. სამივე მათგანს აქტუალობას სძენს დღემდის ამოუცნობი და მარად საკამათოდ ქცეული ქართული ხასიათის თავისებურებათა ამოხსნის ცდა.

ეპოქის წინააღმდეგობებმა შვა ნ. მიწიშვილის "ფიქრები საქართველოზე". იგი წერილებად ეგზავნებოდა მის მეგობრებს და მოგვიანებით დაიბეჭდა. ნებისმიერი დროის ქართველს გულზე მწარედ მოხვდება მასში გამოთქმული მოსაზრებები.

ჯერ კიდევ XIX ს-ში, როცა დიდი ილია ასპარეზზე გამოსასვლელად ემზადებოდა, სწორედ მაშინ გამოთქვა მან მწუხარება, რომ ჩვენში საზოგადოებრივი ცხოვრება ისერიგად არის მითვლემილი, საზოგადოების ენერგია იმდენად უმწეო ჭორებზეა მიყურადებული და იმდენად ჭარბობს მოჩვენებითობა ნამდვილ საქმიანობას, რომ დიდი პოეტის დაბადება საქართველოში შეუძლებელიაო. "ნიადაგი" დიდი საქმისთვის საქართველოში არ არსებობსო.

თუმცა, "ცისფერყანწელები" აქტიურად ემიჯნებოდნენ "რუსული ხორბლის" მთესველ ილიას და აკაკის, მაინც დიდ სამოციანელთა პირმშონი იყვნენ. ნ. მიწიშვილს ერთი აზრი აქვს გამოთქმული: "როცა გადავხედავ ჩვენს ისტორიას, იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი... არის რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართული იდეისას მე ვერ ვპოულობ და ვერც აზრს საქართველოს წარსულში" (გვ. 20).

ნ. მიწიშვილი ამ სტრიქონებს როცა წერდა, ძალიან ახალგაზრდა კაცი იყო, თუმც "ცისფერყანწელთა" ელიტური დაჯგუფების წევრობით ერთგვარად განებივრებულიც გახლდათ. როცა ის "ხერხემალსა" და "ქართულ იდეაზე" ასე ხმამაღლა საუბრობს და გმობს თავისი ქვეყნის ისტორიას, მას არ გააჩნია საფუძვლიანი ცოდნა ამ სფეროსი. უნდა ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი სტრიქონები საკმაოდ შეჭირვებული კაცის მიერ არის დაწერილი, იგი ხომ საფრანგეთში ცოდნის გასაღრმავერბლად მიდიოდა. მთელი მისი ცოდნა მხოლოდ XIX საუკუნის მონაცემებზეა დამყარებული და შპენგლერის იდეების პრიზმაშია გატარებული. ნ. მიწიშვილისთვის დიდი ქართული კულტურის კონტურები ოდნავ არის გამოკვეთილი, ანუ ის განსასწავლად გამზადებული ახალგაზრდაა, რომელიც კეთილი განგების წყალობით გ. რობაქიძისა და "ცისფერყანწელების" წრეში მოხვდა. მას უნდა აეთვისებინა და აითვისა კიდევაც არაორდინალური ქცევისა და აზროვნების სტილი, მაგრამ თავის უფროს კოლეგებს ვერ გაუტოლდებოდა. მან ეს მოგვიანებითაც ვერ შეძლო. მისი "ფიქრები საქართველოზე" მაინც ლოკალური მნიშვნელობის ტექსტად დარჩა, სადაც მოიპოვება ცინცხალი სკეპსისი და მახვილგონიერება, მაგრამ არ არის განათლებისგან და ცოდნიდგან მომდინარე სიმყარე და სიღმისეულობა. თითქმის ყველა დებულებას არგუმენტირება აკლია, ყველა აზრს - დამაჯერებლობა, მოისაკლისებს რწმენაც და მომავალი პერსპექტივების დეფიციტიც თვალსაჩინოა.

შპენგლერის "ევროპის დაისში" ორიგინალური მსჯელობაა ცივილიზაციასა და კულტურაზე, ხალხებსა და სახელმწიფოებზე, ზოგადად ისტორიის განვითარების თავისებურებაზე, რაც ძლიერი სტიმული აღმოჩნდა ნ. მიწიშვილისათვის, რომელმაც მოისურვა "უცხო თვალით" შემოეხედა თავისი ქვეყნისთვის და "მესამე ნაპირიდან" შეეფასებინა ის.

სადღეისოდაც აქტუალურია ნ. მიწიშვილის "თებერვალი". წიგნი დაიწერა 1923 წელს პარიზში ყოფნისას, მასში დაწვრილებით აღწერილია ნ. ჟორდანიას მთავრობის ბათუმიდან გაქცევა. მენშევიკთა მთავრობის წევრების, მათი თანმხლები პირების და სხვა საემიგრაციოდ გამზადებული დაბნეული ხალხის შესახებ ბევრ საინტერესოსა და სადღეისოდ ფასეულს წავაწყდებით მასში. N

ნ. მიწიშვილი თავად შეესწრო აღწერილს, თავად განიცადა და უშუალოდ დააკვირდა ყველაფერს და საგანგებოდ დაწერა "თებერვალი", რომელშიც კრიტიკული პათოსი თან ახლავს დოკუმენტური მასალის აღწერას.

"თებერვალში" ნ. მიწიშვილი "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგედიის" ბოლო წერტილად ბათუმს მიიჩნევს, საიდანაც "ორნაირი გზა" გამოუჩნდა ქართველობას - ერთი ბოლშევიკებთან შეგუების და მორჩილების, ხოლო მეორე, ემიგრაციაში წასვლის და იქიდან მოქმედების.

"თებერვლის" ავტორის პოლიტიკური ორიენტაცია არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი, რომელიმე პარტიისადმი კუთვნილება და მხურვალე მხარდაჭერა ტექსტში არ ჩანს. შეიძლება თამამად ითქვას მრავალგზის ნათქვამი და ტრაფარეტად ქცეული ფრაზა, რომ ნიკოლო მიწიშვილის პარტია საქართველოა და ის ხალხიც, რომელმაც კიდევ ერთხელ იწვნია პოლიტიკისგან იმედგაცრუება.

ნ. მიწიშვილის "ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან" 1928 წლით თარიღდება. წიგნში აღწერილია სტამბოლში მყოფი ქართველი ემიგრანტების ცხოვრება, რომლებიც საფრანგეთში მიდიან და რაღაც-რაღაც წინაღობების გამო იძულებული არიან თურქეთში კარგა ხნით დარჩნენ. ეს წიგნი წარმოადგენს "თებერვლის" გაგრძელებას. თუკი "თებერვალში" ბოლშევიკების შიშით გაქცეული ხალხი ბათუმში იდგა და გემს ელოდა, "ქრონიკაში" მთელი ეს ბრბო თურქეთშია თავმოყრილი და ევროპის "ვიზას" ელის.

© “ცხელი შოკოლადი”