Friday, November 27, 2009

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები


სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის - ”შემოდგომის ლეგენდა” გამარჯვებულები „თი-ბი-სი“-ს სათავო ოფისში დღეს დასახელდნენ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და კომპანია `ჯეოსელის~ მხარდაჭერით მიმდინარე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის გამაჯვებულები ფულადი პრემიებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, თსუ-ს რექტორი გიორგი ხუბუა, კომპანია `ჯეოსელის~ წარმომადგენლები და ჟიურის წევრები, სტუდენტები ესწრებოდნენ. ცერემონიას „ჯეოსელის“ სახე დუტა სხირტლაძე უძღვებოდა.საკონკურსო თემას პაემანი წარმოადგენდა. კონკურსში 86 სტუდენტი მონაწილეობდა. მათგან II ეტაპზე მხოლოდ 20 შეირჩა. ჟიურიმ კი სამი გამარჯვებული დაასახელა. სახელმწიფო უნივერსიეტის ფულადი პრემიები გამარჯვებულებს გიორგი ხუბუამ გადასცა. I ადგილის მფლობელი სალომე მხეიძე გახდა და მან ჯილდოდ პრემია 1000 ლარი მიიღო; II ადგილის მფლობელი – დავით გორგილაძე და მას 700 ლარი გადასცეს, ხოლო III ადგილზე დასახელდა მარიამ ტაბაღუა. მან 500 ლარი მიიღო. სამივე გამარჯვებულს გადაეცათ ასევე „ჯეოსელის“ სპეციალური პრიზები. კერძოდ, „ჯეოსელში“ ჩართული მობილური ტელეფონები. თბილისის მერიის სპეციალური ჯილდო პორტატული კომპიუტერი კი გიორგი ოხინაშვილმა მიიღო. მას ჯილდო ზაალ სულაკაურმა გადასცა. ჟიურის გადაწყვეტილებით 10 საუკეთესო ნამუშევარი წიგნად დაიბეჭდება.სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში დათო ტურაშვილი, დავით ქართველიშვილი, ლაშა ბაქრაძე და როსტომ ჩხეიძე იყვნენ. კონკურსი იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 24 ოქტომბერს დაიწყო და სამ ეტაპად ჩატარდა. პროექტის მიზანი სტუდენტებს შორის ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება და ნიჭიერთა გამოვლენა იყო. ორგანიზატორთა განცხადებით, კონკურსი ტრადიციული გახდება.
© interpressnews.ge

Thursday, November 26, 2009

გიორგი კაკაბაძე – სოფლის პატიოსნება...


ძნელია განსაზღვრო “ნატვრის ხის” ჟანრი.
მაშინვე ვერ იტყვი, რა არის ეს: მოგონებები, ნოველების კრებული, თუ ამ ჟანრების საინტერესო სინთეზი.
ცხადია, რომ ნებისმიერი ბიოგრაფიული ჟანრი, მოგონება იქნება ეს, დღიური, მემუარი, აღსარება თუ სხვა, სრულიად განსხვავებული კუთხით აღწერს მოვლენებს. ასეთ ნაწარმოებებში მთხრობელი საკუთარ ცხოვრებაზე, განცდებზე, თუ ეპოქაზე გამორჩეული სუბიექტურობით მოგვითხრობს, რადგანაც ეს ავტორის პოზიციაა. იგი ყოველი მოვლენისა თუ ფაქტის მომსწრე და თვითმხილველია, ამიტომაც მკითხველს ტექსტის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება.
მაგრამ როდესაც “ნატვრის ხის” პერსონაჟების შინაგან მონოლოგზე, ღვინჯუასა და ქარიშხლის დიალოგზე, ფორეს სიზმარზე, ან ქმრის სასთუმალთან მიყურადებული გურანას ეჭვებზე ვკითხულობთ, ვხვდებით, რომ ეს განცდები და მოქმედებები არ შეიძლებოდა ბავშვური მოგონებების ნაწილი ყოფილიყო, რადგან ისინი ავტორის თვალისათვის დაფარული გახლდათ. აქ გოგლა ლეონიძე ავტორის უფლებებით სარგებლობს და ყოვლისმხილველ და ყველგანმყოფ შემოქმედად გვევლინება.
სწორედ საავტორო პოზიციასა და ავტორის უფლებას შორის გაჩენილი განსხვავება გარდაქმნის ლიტერატურას სიტყვის ხელოვნებად, ანუ მხატვრულ ნაწარმოებად.
იმავდროულად წიგნი არც დამოუკიდებელი ნოველების კრებულს ჰგავს ამ ცნების ტრადიციული გაგებით, რადგან სხვადასხვა ნოველებში აღწერილი მოქმედი პირები ერთმანეთისაგან განცალკევებით კი არ არსებობენ, არამედ ერთმანეთს ბედისწერით უკავშირდებიან. ძირითადი იდეის გაგება კი მთლიანი სურათის დანახვის შემდეგ შეიძლება. ნოველები, გარკვეული მოვლენებისა თუ პერსონაჟების საშუალებით, ერთმანეთის კონტექსტს განსაზღვრავენ და ისე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, რომ ტექსტი თავისი ხასიათით უკვე რომანშია გადაზრდილი.
რა თქმა უნდა, ეს რომანია, ორიგინალური კომპოზიციითა და რთული სიუჟეტით. რომანი, რომელშიც უარყოფილია დაკანონებული ფორმები. გოგლა ლეონიძე ცვლის ჩვენს წარმოდგენებს ტრადიციული რომანის შესახებ, იგი არღვევს დამკვიდრებულ არქიტექტონიკას, თხრობის ქრონოლოგიას და კომპოზიციის კანონებს. “ნატვრის ხეში” არ არსებობს ერთი რომელიმე აღიარებული ცენტრი. იგი მრავალპოლარული ნაწარმოებია, სადაც ყველა პერსონაჟი თანაბარი ღირსებით ხასიათდება და ერთნაირ ყურადღებას იმსახურებს. ფორმის თვალსაზრისით იგი ყველაზე მეტად ფიროსმანის ტილოს - “კახეთის ეპოსს” ჰგავს, რომელშიც სხვადასხვა ჟანრულ სცენებს შორის ხილული კავშირი წაშლილია. აქ ყოველი სცენა ინდივიდუალურ ამბავს მოგვითხრობს და სხვა სცენების (ამბების) გვერდით თანაბარი მნიშვნელობითაა მოთავსებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, პერსონაჟებიცა და სცენებიც ერთმანეთისაგან განცალკევებით კი არ არსებობენ, არამედ ერთმანეთის არსებობას გულისხმობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ გმირებს მოქმედების ადგილსა და დროზე მეტად ავტორის ხედვა აერთიანებს, რომლის საშუალებითაც მთელი საზოგადოების მოდელს ცალკეული, ინდივიდუალური ეპიზოდების გამთლიანებით აღვიქვამთ.
ალბათ შემთხვევითი არ ყოფილა, რომ გარდაცვალებამდე ხუთი წლით ადრე გოგლა ლეონიძის შემოქმედების ცენტრში სიცოცხლის პრობლემა მოექცა, ხოლო დამსხვრეული სამყარო და ავტორის კავშირი ამ სამყაროსთან მისი რეფლექსიის საფუძველი გახდა.
გოგლა ლეონიძეს სოფლის შეცნობა კი არ აინტერესებს, არამედ მისი არსის, თვითმყოფადობისა და იდენტურობის გამოვლენა, რათა ამ გზით შევძლოთ ჩვენი საზოგადოებისა და მასში საკუთარი თავის, საკუთარი საქციელის გაგება. ეს მხოლოდ გოგლა ლეონიძის სოფელი კი არა, ჩვენი ქვეყნის მოდელი და მისი ალეგორიული სახეა.
თუ დავუკვირდებით, იმ სამყაროში, რომელსაც ავტორი აღწერს, ყველაფერი ღვთივბოძებული იდეალურადაა მოწყობილი: ბუნებაც, გარემოცა და მიწის ნაყოფიც.
პირდაპირ საოცნებო ქვეყანაა.
ერთადერთი ადამიანი არაა აქ ბედნიერი. დღენიადაგ გარჯასა და ჯაფაში მყოფი თითქოს გახურებულ თონეში ჩამდგარა და მნიშვნელობა არა აქვს გასაგრილებლად რომელ ფეხს ამოიღებს, რადგან გაჭირვებისათვის თავი მაინც ვერ დაუღწევია. სწორედ ეს წარმოუდგენელი კონტრასტი ქმნის ნაწარმოების მთავარ ნერვს.
“ვენაცვალე საქართველოს! რა მომცემი მიწაა! რძეც წასდის და თაფლიც! ჩვენი ბუნება ერთი ხელით ოქროსა ჰყრის, მეორეთი ვერცხლს! ღალიანი მიწაა, მაგრამ თვითონ ჩვენ, ქართველობა, რათა ვართ გადამწირული?”- ასე მოთქვამს წარსულზე მგლოვიარე ჩორეხი.
შეკითხვა, რომელსაც ჩორეხი სვამს, შუბის წვერზეა წამოგებული და ერთნაირად მტკივნეული, მძიმე და პასუხგაუცემელი “ნატვრის ხის” სხვა პერსონაჟებისთვისაც.
ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ულუკმაპურობა და ძაღლუმადური ცხოვრება ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც ამ სოფელს დასწოლია. ზოგჯერ სიღარიბე გარკვეული წინაპირობაცაა, რომ ყოველგვარი ნივთიერისაგან გათავისუფლებულმა ადამიანმა მზერა თავისი შინაგანი სამყაროსაკენ მიმართოს, მაგრამ, როგორც თანდათან ირკვევა, ამ სოფლის მოსახლეობის სულიერი სიღატაკე ნივთიერზე გაცილებით დიდია. უმეცრება, სიხარბე, შური, ჭორი, და ცრუმორწმუნეობა სრული სია არ გახლავთ იმ მანკიერებისა, რომელსაც სოფელში ფეხი აუდგამს.
საზოგადოების ზნეობრივი მდგომარეობა და მისი სულიერი ღირებულებები ხშირად იმითაც განისაზღვრება, თუ ვინაა მისი დაცინვის ობიექტი.
რა იწვევს ამ საზოგადოების სიცილს? რომელიმე უარყოფითი მოვლენა, რომელიც ცხოვრების მახინჯ მხარეებს ამხელს?
სანიმუშოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.
მეწისქვილე რაჟდენას, რომელიც ერთგულად ემსახურა სოფელს, ჭლექი შეეყარა, მაგრამ ტაბარუკა მარტოკაცს აბასთუმანში წასასვლელი ფული არ გააჩნია. ამიტომ გადაწყვიტა ისევ თვითონ ეშველა საკუთარი თავისთვის. სხვა გამოსავალი რომ ვერ მოძებნა, წამლად რძისა და კვერცხის მიღება დაიწყო. მაგრამ სოფელში ეს რომ გაიგეს, თვალში არ მოუვიდათ. მეწისქვილეს ისე მწარედ დასცინეს, რომ რაჟდენამ საკუთარ ჯანმრთელობაზე ხელი ჩაიქნია.
მარიტასა და გედიას სიყვარულიც საბედისწერო აღმოჩნდა მათთვის, რადგან სოფელს ეს გრძნობა არ გამოპარვია.
“მარიტა დარცხვენილი იდგა დამნაშავესავით, თითქოს უჩინთვალმა გაუგო გედიასადმი ტრფიალება და აუკრძალაო.
- რა შენი ტოლია ეგ ჭირსაცმელი! - ცალკე საყვედურით უთხრა მარიტას (ლელაურმა. გ.კ.)
მარიტას პირველად დაეწვა გული...
მეზობელი ბიჭებიც გადამეტი სიყვარულისათვის დასცინოდნენ მგრძნობიარე გედიას, - სად არის ამდენი დრო, რომ მარტო ქალს შესწირო, ათასი საქმე აქვს სოფელში ადამიანს და თავშისაცემი! გედია კი მარტო მარიტას გზას ანდობს თვალებსო!”
სოფელი უწყლოდ გაიტანჯა, გამოფიტული და გამომშრალი მიწა ცუდ მოსავალს იძლევა. ერთადერთი კაცი, რომელიც მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს და ბუნებას არ ეპუება ფორე თამარიძეა. იგი ხვდება, რომ ნიშარეულის წყლის ჩამოყვანა სოფლის ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის:
“ჯერ წმინდა კაჟის კლდეზე გადმოვაქცევთ, მერე ხმელი კლდის გადმოვლით დიდგვერდაზე, გოხიან კლდეებზე, კამაროვანსა და მარმაროვანზე გადმოცურდება, რომ იმინდვრებს, ურწყულ მინდვრებს სარწყავად გახდის, გამინდვრებულის მერე სოფელში შემოსრიალდება ნიშარეული და ბელტს დაალბობს. მერე... ფესვმა უნდა გაიბას ჩინჩლი; როგორ იმედიანად აიყრის ზრო ტანს და დაყვავილდება ბუტკო; - აგიყვავდებათ, ძმებო, მწვანილი, ფეხის მოსავალი, დაისხამს ვაზი, ხეხილი! სამპირ მოსკდება - შავფეხა, შავთვალა, წითელი დიკა, დატაროებული სიმინდი; მაშინ ნახეთ საქონლის მეხორცულობა, ყოჩი, შაქი! ნახეთ ავსებულობა, - წველა, რძე, ერბო, თაფლი! ...”
მაგალითის მიმცემიც თვითონაა, რაც კი ებადა: ცხენი, ფუტკარი, ვენახი, სამი თხა, ათი კოდი პური, გაყიდა და აღებული ფულით წყლის მილები იყიდა. თუმცა ამ საქმეს მარტო ვერ ერევა, ფორეს ხალხის დახმარება და გვერდში ამოდგომა სჭირდება. მაგრამ სოფელმა თითქოს პირი შეკრა, ისინი არა მხოლოდ ნიშარეულის წყალზე ლაპარაკს ერიდებიან, არამედ ფორეს საქციელსაც სასაცილოდ იგდებენ.
და ერთსაც დავამატებ.
სოფლის დალაქს, ბუნბულა ფარსმანიშვილს ზოგადსაკაცობრიო სატკივარი აწუხებს: შფოთს, შუღლს, ომსა და ავკაცობას ვერ იტანს. ყველას მეგობრობისა და სიამტკბილობისაკენ მოუწოდებს, ამიტომ პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მისი სულიერი წონსწორობა ირღვევა. იმდენად ძლიერია მასში კაცობრიობის გადარჩენის სურვილი, რომ ნაცნობსა თუ უცნობს ქუჩაში აჩერებს და ევედრება:
“თუ საქართველოს მირონი გიყვართ, შევერთდეთ, ერთმანეთს მხარი მოვაბათ, ხელმწიფესთან წავიდეთ, დავუჩოქოთ, შევეხვეწოთ - ომი არ გვინდა-თქო!”
მაგრამ სოფლისთვის ეს არაფრისმთქმელი სიტყვებია, ბუნბულა აქაც საზოგადოების ერთსულოვან გულგრილობას აწყდება. სოფელში გულშემატკივარსა და თანამოაზრეს რომ ვერ პოულობს, გულუბრყვილო მეოცნებე მარტოდმარტო მიადგება მთავარმართებლის სასახლეს. მაგრამ იქ დასცინებენ, აგინებენ და პანღურის კვრით გამოაგდებენ უკან.
ამას შედეგად რა მოჰყვა?
გოგლა ლეონიძე ასე აღწერს ცინიზმისაგან დამარცხებული ადამიანის მდგომარეობას:
“ბუნბულა გათავისდა, ხალხს აღარ ეკარებოდა. დადიოდა განაპირებული, განკვეთილი, გადაცოდინარებული, მისი გული სევდის სადგური გამხდარიყო... გულის ძარღვშივე ჩაუსრისეს რწმენაც და ჭეშმარიტებაც. რაღა დარჩენილიყო ბუნბულას არსებაში? მხოლოდ ჩენჩო, მხოლოდ ცარიელი ლენჯო, ეს იცოდა ბუნბულამ და მიწის ზურგზე სიარული ეზარებოდა. ჩამქრალ თვალებს აქეთ-იქით უიმედოდ აცეცებდა, იმ ორიოდ სიტყვასაც ზოზინით, უხალისოდ იტყოდა.”
ერთი შეხედვით, სოფელს წყენისა და გაბრაზების მიზეზი არ უნდა ჰქონდეს, რადგან არც ფორე, არც ბუნბულა, არც რაჟდენა, არც გედია და მარიტა საზოგადოების წინააღმდეგ არ წასულან, მათ მხოლოდ საკუთარი თავისუფალება გამოხატეს. მაგრამ ხალხმა ეს შეურაცხყოფად მიიღო და ჭკუის სასწავლებლად ამ ადამიანებში ყველაზე ფაქიზი გრძნობები გათელა.
რატომ მოხდა ასე?
საქმე ის გახლავთ, რომ ამ პიროვნებების დანაშაული გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მათ ხასიათის ინდივიდუალური თვისებები გამოამზეურეს და საზოგადოებას თავიანთი ნამდვილი ბუნება აჩვენეს. სოფელი კი ასეთ რამეს არავის პატიობს.
საიდუმლო ისაა, რომ სოფელს ღარიბი, გაწამებული და დაბეჩავებული ადამიანები უყვარს, ისეთები, რომლებსაც შეიბრალებ, გაიკითხავ, რომლებიც მუდამ სხვისი ხელის შემყურენი და შესაბამისად ადვილად სამართავნი არიან. განა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები სასიამოვნო საყურებელია? არა! იმიტომ, რომ ასეთი საქციელი, საზოგადოებას საკუთარი კეთილშობილებისა და ძლევამოსილების განცდას უღვიძებს. არის კიდევ ერთი და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი. თუკი სოფელში ცხოვრობ, არ შეგიძლია საკუთარ თავს წარმოადგენდე, რადგან სოფლის საკუთრება ხდები და პირადი ცხოვრების, გრძნობებისა და მიზნების მართვის უფლება არ გაგაჩნია, ამ უფლებით მხოლოდ სოფელი სარგებლობს. მარიტას მიმართაც სოფელს თავისი გეგმები აქვს, ღატაკი და უმიწაწყლო გედიას ნაცვლად იგი მდიდარი მეჯოგის, შეთესთვის უნდათ. ფორე თამარიძემ კი მათ სულგრძელობით აჯობა, ამიტომაც მის ძალისხმევას პრინციპული გულგრილობით უპირისპირდებიან, მარცვალს ისევ გამომშრალ მიწაში ყრიან და როდესაც ეკითხებიან, ასე რატომ იქცევითო, პასუხს მოუსმინეთ:
“მაშ, რა ვქნათ, სოფელს ხომ არ გავაციებთ, სირცხვილიაო”.
ამ ეპიზოდიდან ეს სამყარო სრულიად გაუგებარი ხდება თავისი აბსურდულობის გამო. ის, რისკენაც საზოგადოება მიისწრაფის, აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზე, მაგრამ სოფელს მისი მიღება არ უნდა.
გამოდის, რომ აქ ხვნაცა და თესვაც მხოლოდ რიტუალი ყოფილა, იგი ცხოვრების გასაუმჯობესებლად კი არ სრულდება, არამედ იმისთვის, რომ ენაწაგდებული მეზობლების სალაპარაკო და დასაცინი არავინ გახდეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაციაა, რადგანაც ყველა, ვინც ასეთ ჭახრაკში მოყვება, სასურველი მასპინძლიდან მაშინვე უცხო და მიუღებელ სტუმრად გადაიქცევა.
თუ ამ ეპიზოდებს გვერდიგვერდ დავალაგებთ, აღმოჩნდება, რომ ამ საზოგადოების ღირებულებები საპირისპიროდაა შეცვლილი. უმეცრების, სიხარბისა და სხვა მანკიერებების ნაცვლად აბუჩად ასაგდები, დასამცირებელი და სათრევი, ყველა ნორმალური საზოგადოების საფუძველი: პატიოსნება, თავგანწირვა სიყვარული, სილამაზე, კაცთმოყვარეობა და სხვა თვისებები გამხდარა. თვისებები, რომელთაც მუდმივი ზრდა, ფერება და თუთიაობა სჭირდება.
გოგლა ლეონიძე თანმიმდევრობით გვიჩვენებს, რომ სოფლის ოდინდელი სახის შესანარჩუნებლად ადამიანებს საკუთარი საქმეები დავიწყებიათ, ერთმანეთის საქციელს აკვირდებიან, წონიან, ზომავენ, აკონტროლებენ. სოფელი იმ საიდუმლო ორგანიზაციად გადაქცეულა, რომელმაც ადამიანების ბედი უნდა გადაწყვიტოს. სიყვარულის ნიჭს მოკლებული ხალხი ცდილობს სხვაში სიხარულისა და ბედნიერების ყველა ნაპერწკალი ჩაკლას, იმედი მოუსპოს და სულის ზეიმი არავის აპატიოს, რადგანაც სოფელს სხვანაირად არსებობა არ შეუძლია.
XIX საუკუნიდან მოყოლებული სიტყვაკაზმულმა ქართულმა მწერლობამ შეამჩნია, რომ სოფელი (ქვეყანა, საზოგადოება) თანდათან დამსჯელ ძალად და ავსულად გადაიქცა. ძალად, რომელიც, ჯეიმს ჯოისის შედარება რომ მოვიშველიოთ, დედალი ღორივით საკუთარ შვილებს ჭამს.
ეს პროცესი ქართულმა სოფელმაც მშვენივრად იცის, ოღონდ აქ ამ მოვლენას სხვანაირად მოიხსენიებენ:
“მოიცა, შენც ნელ-ნელა შეგიწოვს ტვინის გამლაყებელი სოფლის ცხოვრება, ცოტა მოიცადე, ჯერ ახალი ხილი ხარ” – ემუქრება მღვდელი იორამს.
მაგრამ XX საუკუნის ნიჭიერი ქართული მწერლობა ამის მიზეზსაც არკვევს, მისი დეფინიცია ასეთია: ამ საზოგადოებას, სულიერი ორიენტირები აღარ გააჩნია, რადგანაც აქ ღმერთის სიტყვა მოკვდა. ამ ქვეყანას, უკვე ზნეობრივი კანონები კი არა, ტრადიციები და შეხედულებები მართავს.
გოგლა ლეონიძე რამდენიმე სასულიერო პირს აღწერს, რომელთაც ეს მრევლი აბარიათ: დიაკვანი ელეფთერი, მამა თევდორე, ოხროხინე, მღვდელი ზირაქი, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდებიან, რადგან უპირველეს ყოვლისა ამა სოფლის შვილები არიან და შემდეგ უკვე ღვთის მსახურნი. ნაწარმოებში მათი თანდასწრება არანაირად არ მოიაზრება როგორც ცალკეულ პიროვნებაში მოქცეული უხილავი სამყაროს გარანტი, საიდანაც ადამიანები საკუთარი არსებობისათვის ძალებს იკრებენ.
“ქვრივი ზირაქ მღვდელი მეტად მიწიერი კაცი იყო, თუმცა სულის მხედრობას ეკუთვნოდა. მას წირვა-ლოცვისთვის არ ეცალა, ერთგულად მუშაობდა თავის საოჯახო საქმეებზე და სხვასაც ამუშავებდა თავის გასამდიდრებლად ... ჰყავდა მოჯამაგირეები, მწყემსები, მეღორეები, მეჯოგეები. ჰქონდა საკუთარი წისქვილი, ჰყავდა ცხვრისა და ღორის ფარები; ვაჭრობდა ტყით, ჯონჯოლით, თაფლით, სანთლით, პურით, ღვინით, სინდისით; ჰქონდა საკუთარი ეტლი, ანუ “დილიჯანი”, თბილისში რომ დაჰყავდა მგზავრები, ჩუმად ჰყიდდა არაყს და ფულს ასესხებდა დიდი სარგებლით, ჰყავდა საყვარლები და ჩუმჩუმადვე კიდეც მაჭანკლობდა”.
მღვდელი ზირაქის ცხოვრებისეული ფილოსოფიაც შესაბამისია:
“არც მეტის მეტი განტევება უნდა ცხოვრებისაგან. ეშმაკი რომ სახლს აგებდეს, ერთი ქვა შენც დადეო”
როგორც ჩანს, ამ საზოგადოებაში ეშმაკის სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია და არაერთი მქადაგებელი ცდილობს მისთვის ბურჯების შეყენებას.
ავტორი რამდენიმე ასეთ პერსონაჟს გამოყოფს.
პირველი, რევოლუციურ იდეებს ჩამოკიდებული, ანარქისტი იორამია. მას საკუთარი მრევლი არ გააჩნია, ამიტომ გავლენის სფეროების გასაფართოებლად მღვდელ ზირაქს უპირისპირდება. სადაც კი მოიხელთებს, მის გმობასა და ლანძღვაშია. ამასთანავე, ხალხს ძველი სამყაროს დანგრევას მოუწოდებს და ახალ “რძითა და ერბოთი მჩქეფარე” სამშობლოს ჰპირდება. თუმცა, იორამის ჭეშმარიტი ბუნება მაშინ მჟღავნდება, როდესაც ადიდებული იორი მისი მეზობლების ბაღ-ვენახებს მიიტაცებს. სწორედ აქ ირკვევა, რომ სინამდვილეში იორამის რევოლუციონერობა ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა, ხოლო დანაპირები, ლაყბობა ყოფილა, რადგან მას სინამდვილეში ხალხის გასაჭირი კი არა, საკუთარი მდგომარეობა ადარდებს. იგი იმ გარემოს ვერ იტანს, სადაც რეალურად არაფერს წარმოადგენს და პატივისცემას არ იმსახურებს, ამიტომაც ძირითადად არა პოლიტიკური, არამედ დანაშაულებრივი ინსტინქტების თავისუფლებას მოითხოვს. სოფლის მეამბოხეს სხვისი ხელით მორთმეული კეთილდღეობა სჭირდება, თორემ ზირაქთან იდეურ კონფლიქტში საერთოდ არ იმყოფება. უამინდობის დროს ეს მოწინააღმდეგე მხარეები ერთად სხდებიან, კარგად ქეიფობენ და გასაყოფიც არაფერი აქვთ.
მისგან საპირისპიროდ განსხვავებულია წარსულის მოტრფიალე და ნანგრევების ჭირისუფალი ჩორეხი. ისიც იორამივით ახალგაზრდების მოძღვარია. თავს ერთად უყრის და ლოცვასავით უკითხავს: საქართველოს ისტორიას, “ვეფხისტყაოსანს” და ვახუშტის გეოგრაფიას. ჩორეხს საქართველოს სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნია. მოუვლელი, თმაგაბურძგნული მტვრიანი და გაოფლილი დღენიადაგ ძველ ნანგრევებში და ნასაფლავარზე დაეხეტება და წარსული დიდების ნაშთებს, ძველ ქოთნებს, მძივებს, ჟანგიან ხანჯლებს და ათას ძველმანს აგროვებს. თუმცა უკაცრავად, ეს ჩვენთვისაა ჟანგიანი ხანჯალი და ტუჩმომტვრეული ქოთანი, თორემ ჩორეხისთვის ყველაფერს მისტიური და მაგიური მნიშვნელობა აქვს. ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც ერთხელ ძველი კოშკის ნანგრევებში უცნაურად მომრგვალებული ქვა იპოვა. მაშინ ჩორეხმა გადაწყვიტა, ეს ის ოქროს ბურთია, რომელსაც ვახტანგ გორგასალი ხელით ათამაშებდაო და იცით, როგორ მოიქცა?
“დიდი იმედების ნიშნად, პირდაპირ ეროვნების სამლოცველოდ გაიხადა ეს ქვა. ხან უჩოქებდა, ხან ემთხვეოდა, ხან გულში იკრავდა.”
გოგლა ლეონიძე ჩორეხის უბედურებას იმაში ხედავს, რომ იგი “წარსულის ღამეში ცხოვრობს და აწმყოს მხედაობა არ გააჩნია”. იგი ილუზიების ტყვეობაში ჩავარდნილი ადამიანია, რომელსაც ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს. საქართველოს სიყვარული, უსაქმური და უშვილძირო ჩორეხისთვის პირველ რიგში საკუთარი უბადრუკი ცხოვრების გამართლებაა. ამიტომაც მის სიყვარულს მონობის ნებაყოფლობითი ფორმა უფრო ეწოდება ვიდრე გონიერი ადამიანის გააზრებული საქციელი. ყმაწვილებსაც საკუთარი ფეტიშის მსახურებად და მონებად ზრდის:
“- ემთხვიეთ ქართულ მიწას! - და ჩვენც ვემთხვეოდით.
- აკოცეთ წარსულის ნაშთებს! - ჩვენც ვასრულებდით ჩორეხის ბრძანებას და ძველი ტაძრის თუ კოშკის ხავსიან ქვებს დაჩოქილები ვეამბორებოდით.”
შეუძლებელია, ვერ შევამჩნიოთ, რომ იორამსაც და ჩორეხსაც ეს ქვეყანა სათავისოდ უნდათ. ორივე ნათლად ხედავს, რომ ის წყარო დაიშრიტა, რომლითაც ადამიანები საზრდოობდნენ, ამიტომ საზოგადოებას ახალ წყაროს სთავაზობენ და ღმერთის ვაკანტურ ადგილზე წარმოსახვითი სამშობლოს კანდიდატურას აყენებენ.
მათზე საუბრის წამოწყებაც არასწორი იქნებოდა, თუ არ ვიტყოდით, რომ ამ მიამიტი მეოცნებეების საქციელში რაღაც დაფარული და საშიში ენერგია იგრძნობა, ენერგია, რომელიც ძირითადად მათ მოწაფეებში აკუმულირდება და შესაფერის მომენტში დამანგრეველ ძალად გადაიქცევა. ავტორის მხრიდან ეს უკვე გაფრთხილებაა, რადგან დადგება დრო, როდესაც ეს ქვეყანა მათ მაწანწალა ძაღლის ერთგულებით აედევნება.
მესამე ასეთი გმირი ციციკორე ბაქრაძე გახლავთ. იგი იორამისა და ჩორეხისაგან განსაკუთრებული და ძლიერი ქარიზმით გამოირჩევა: დარბაისელი, ახოვანი, ბრგე, ჩოხაში გამოწყობილი ციციკორე სოფლის გამგებელი და პატრონია. მართალია ციციკორესათვის სოფელი არავის ჩაუბარებია, მაგრამ მის უფროსობას რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველი, მისი პიროვნული თვისებებია. ციციკორე სამართლიანი, უანგარო და სოფელზე მზრუნველი ადამიანია. ამასთანავე კერპი კაცია, თუ ავტორს დავუჯერებთ, “რკინა გადნებოდა მისი მზერის ქვეშ”. სახლოსნობა და სისხლიანი საქონელი მხოლოდ მისი ხელიდან გაიყოფოდა, რძალ-დედამთილის შემრიგებელიც ის იყო და ვაჭრებთან მებრძოლიც. ციციკორე ღამითაც არ ისვენებდა. დაბნელდებოდა თუ არა, სოფელს გარშემო უვლიდა და მტრის მოლოდინში ფხიზლობდა. როდესაც საშინელი ავდარი სოფელს წალეკვით დაემუქრა, ერთადერთი ციციკორე იყო, ვინც ეზო-ეზო დადიოდა და შინ გამოკეტილ მოსახლეობას აიმედებდა:
“ნუ გეშინიათ, გამაგრდით! გადაივლის ავდარი! ამისთანები უნახავს ჩვენს ხალხსა! ნუ გეშინიათ გამაგრდითო”.
მისმა სხვა საქციელმა კიდევ უფრო გააკვირვა სოფელი. როდესაც პირველი მსოფლიო ომის დროს უვაჟკაცოდ დარჩენილი თუბალაურის ყანა ნახა, გული მოუკვდა. მეორე დღესვე მიაკითხა და ექვსი დღის მანძილზე მის ხორბალს მკიდა.
სოფელი მის ზებუნებრივ თვისებებზეც ალაპარაკდა. გულწრფელად სჯერათ, რომ მის შელოცვას ნადირის კბილის დაკეტვა და ქურდისთვის ხელ-ფეხის შეკვრა შეუძლია.
ნათელი ხდება მეორე მიზეზიც. ციციკორე საზოგადოების დაფარული სურვილების საუკეთესო გამომხატველია. ხალხს ყველაზე მეტად ძლიერი ხელი, სოფლის დამმწყემსავი, კეთილი მოსამართლე და სასწაულმოქმედი სჭირდება. რადგანაც უუნარო, ზარმაცი და სხვისი მოიმედე ერი თავს ასე უფრო უსაფრთხოდ, დაცულად და გულმაგრად გრძნობს.
გოგლა ლეონიძე ერთგან იმასაც აღნიშნავს, ციციკორე ბიბლიურ წინასწარმეტყველს ჰგავდაო და ეს მხოლოდ გარეგნული მსგავსება არ გახლდათ. ციციკორე ამ სოფლის ნამდვილი რჯულმდებელია. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს და თვითონვე წყვეტს: ქალმა როგორ გაიაროს, ვინ როდის დაისვენოს, ვინ სად იმხიარულოს და ა.შ.
თანდათან მისი ცხოვრების წესიც მისაბაძი და სამაგალითო ხდება. მაგალითად, სოფლის მოჭირნახულეს ავადმყოფობა სირცხვილად მიაჩნია:
“- ქალი ხომ არა ვარ ქვეშაგებში ჩავწვე და მტერი გავახარო?!“
უკვე გასაგებია, რომ მეწისქვილე რაჟდენას გაქიაქებაც ციციკორეს მიბაძვა ყოფილა. სოფელი მისი პირით ლაპარაკობს და ხალხიც ისევე იქცევა, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში ციციკორე მოიქცეოდა.
გამოიკვეთა მორჩილი და დაძაბუნებული საზოგადოების სურათი, რომლის გვერდითაც გოგლა ლეონიძე სხვა საზოგადოებასაც გვიხატავს. ესაა სოფლის ძალადობისაგან გაჭყლეტილი პერსონაჟები: ბუნბულა, რაჟდენა, ფორე, მეეტლე იაგორა, ყადორი, გედია და სხვები, რომლებიც მიუხედავად დამარცხებისა, სულიერად არ გატეხილან და გამარჯვებულის მხარეს არ გადასულან. სამაგიეროდ ადამიანებისადმი რწმენა დაკარგეს და სოფლის ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ იღებენ. ასეთი ფორმით ისინი ძალადობრივ სამყაროს ემიჯნებიან. მართალია, ამგვარი ცხოვრება მხოლოდ დასასრულისაკენ მიმავალი ნაბიჯების აჩქარებაა, მაგრამ ესეც პროტესტის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ.
ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ საზოგადოებამ ადრე თუ გვიან თავისი უსაფრთხოებისთვის საზღაური უნდა გაიღოს და ეს საზღაური მათი თავისუფლებაა. იმ გატეხილი ღამეებისთვის, ექვსდღიანი კალოობისთვის თუ სხვა დამსახურებისთვის, რომელიც ციციკორეს სოფლის მიმართ მიუძღვის, იგი ერთხელ საპასუხო სამსახურსაც მოითხოვს და მაშინ უარს ვერავინ გაუბედავს. მართლაც ასე ხდება. სოფელი, რომელიც სიკეთის მოტივით ვერ გაერთიანდა, ციციკორემ ბოროტების ჩასადენად შეკრა და რაღაც დაუჯერებელი მონაჭორის გამო სოფელს ყველაზე ძვირფასი მსხვერპლი - მარიტას მიწასთან გასწორება მოსთხოვა. შეგახსენებთ, რომ მარიტა სოფლისთვის სილამაზის, სიყვარულის, უმანკოებისა და პატიოსნების სიმბოლო გახლდათ.
ციციკორე საერო და სასულიერო პირის ფუნქციებს ითავსებს და ხალხს საკუთარი ფასეულობათა სისტემით აცხოვრებს. მაგრამ სწავლება, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს, არც სასულიეროა და არც საერო, ეს უფრო წინაპრების კოლექტიური ცნობიერებაა, სადაც ერთმანეთშია არეული ბუნებრივი მოვლენების საუკეთესო ცოდნა და წარმართული ცრურწმენები. მაგალითად, “თავთავს ფხაში რომ გახედავს” ციციკორემ ზედმიწევნით იცის, თუ როგორი ხვავი ექნება მოსავალს. იმავდროულად ყველას არწმუნებს, რომ ყორიანის ველზე დახოცილი მტრის სისხლი ადუღდა, ქართველებს ებრძვის და ამიტომ იქ საქონელი არ უნდა აძოვონ, თორემ დაეხოცებათ. ის დღეც იცის, როდესაც დარგული ხე თუ ხეხილი იხარებს, მაგრამ იმისიც სჯერა, რომ თუ დაგვალულ ბავშვს ბაგრატიონის გვარის კაცი სამ სილას გაულაწუნებს, ავადმყოფობა უკან დაიხევს. პირველის შემოწმება ადვილად შეიძლება, მეორესი არა და ვინაიდან ერთსაც და მეორესაც ციციკორეს ეკითხებიან, პირველის ჭეშმარიტება მეორეს სიბრიყვეს ვერ აბათილებს.
ცხოვრება წინ მიდის. ისტორიული პროცესების შედეგად ყველაფერი იცვლება, მასთან ერთად იცვლება სამყაროს შესახებ არსებული ფუნდამენტური შეხედულებებიც.
მაშ, რატომ შემორჩა ციციკორეს ეს ჟამგასული აზროვნება?
პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ იგი ყველანაირი სიახლის მტერია. მიწურში უკვე აღარავინ ცხოვრობს, ციციკორე კი ისევ ძველებურ ბნელ დარბაზში ბინადრობს. იმიტომ კი არა, რომ ქვითკირის სახლის აშენება არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ მას ახლებურად ცხოვრების სურვილი არ გააჩნია.
“აქ, ამ ბნელაში სიცოცხლე მირჩევნია თქვენს მზიურობას”-ო. ასეთია მისი პასუხი.
ციციკორე ერთნაირად ეწინააღმდეგება როგორც ახალი გზების გაყვანას, ისევე რკინის გუთანსა და კახეთის რკინიგზას.
“ღმერთო, შენ დაგვიფარე ამ ჯადოქრებისგან! ხომ გაგეგონებათ: ნუ დააგდებ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსაო! მამა-პაპას უთქვამს და კარგადაც.”
მისი დამოკიდებულება შრომასთან და საერთოდ სოფლის მოწყობასთან საუკეთესოდ მჟღავნდება ერთ ეპიზოდში, სადაც ამბობს:
“ვინც მორჩილია და გამგონი, ვინც უფროსის შეუკითხავად არას იქმს, ვისაც სახლისა, სოფლისა და მამულის უფროსი სწამს, იმის ვენახი ტურფად დაისხამს! უწამლოდაც საწნახელს აავსებს და ვისაც უფროსობა არ ესმის, იმას არც ვაზი უგდებს ყურს და არც თავთავი.”
ეს შტრიხი ციციკორეს პორტრეტის ლოგიკური დასასრულია.
ქართულ ლიტერატურაში ქართველი კაცის სიზარმაცეზეც ბევრი დაწერილა და გარჯილობაზეც უამრავი თქმულა. რომელი უფრო ჭარბობს, ძნელი დასათვლელია. არა მგონია სხვა ერებზე უვარგისები ვიყოთ, თუმცა დიდი ჯაფითაც თავს ნუ გამოვიდებთ. არა მგონია, ჩვენს გლეხზე ნაკლები ოფლი ჩამოსდიოდეს ვთქვათ მასაის ტომის მონადირეს, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ცეცხლის დასანთებად ხანგრძლივი და დამღლელი შრომა უწევს იმ დროს, როდესაც ცივილიზებულ სამყაროში ამ პროცესს რამდენიმე წამი ეთმობა. ფიქრობთ, მასაის ტომის მონადირეს ასანთის შეძენა არ შეუძლია? რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ მისთვის კოცონის დანთებას საკრალური მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ეს მისი კულტურის ნაწილია. ასე იქცეოდნენ მისი წინაპრები და ასევე მოიქცევა მისი შთამომავალიც. ეს მისი ცხოვრების ურღვევი ტრადიცია გახლავთ. მასაის ტომის მონადირემ ტრადიციების შენარჩუნების ფასად ცივილიზებულ სამყაროზე უარი განაცხადა. ინდოელმა მექოთნემ მშვენივრად იცის, რომ მექოთნეობა მისი წინაპრებისა და შთამომავლების მარადიული პროფესიაა, ეს მისი რელიგიური შეხედულებების ჯამია, ამიტომ საკუთარი კასტის წესებს დაიცავს, ცხოვრების შემოთავაზებას ბუნებრივად მიიღებს და საკუთარი პირობების გასაუმჯობესებლად არასოდეს გაიბრძოლებს.
ის, რაც ოდესღაც წინააღმდეგობის დაძლევის საშუალებად გამოიყენებოდა, მათთვის განვითარებისა და არსებობის დამუხრუჭების საფუძველი გახდა.
შეიძლება ეს შედარება არც ისე სასიამოვნოდ ჟღერდეს, მაგრამ თუკი ქართველი გლეხიც მხოლოდ იმას იმეორებს, რასაც ბაბუამისი აკეთებდა, ხოლო შვილიშვილიც იმასვე გაიმეორებს, შვილთაშვილს იმდენივე ექნება რამდენიც პაპის პაპას ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გვარს წინ ერთი ნაბიჯითაც არ წაუწევია. ასეთი შრომა მხოლოდ არსებობის შენარჩუნება და ცხოვრების უსუსურ კალთაზე ჩამოკიდებაა. მასაის ტომის მონადირესა და ამ ქართველ გლეხს შორის ის მსგავსებაა, რომ მათ სატუსაღოდ გადაქცეული ტრადიციების დანგრევა არ უნდათ.
თუ კი ვინმეს სატუსაღოში ცხოვრება სიამოვნებს, ეს მისი არჩევანია, მაგრამ ორი რამ უნდა გაითვალისწინოს 1)საკუთარ ბედზე აღარ უნდა იწუწუნოს და 2) ყოველთვის ახსოვდეს, რომ მისი ცხოვრების წესი სხვებისთვის სავალდებულო არაა.
კეთილდღეობა მხოლოდ პროგრესის გზით მიიღწევა და არა ველური შრომით. იგი მაშინაა შესამჩნევი და სასიამოვნო, როდესაც მხოლოდ დღევანდელი დღით არ ცხოვრობ და ვთქვათ, მევენახე ბაბუას მეღვინე შვილი გაეზრდება, ხოლო შვილთაშვილი უკვე მეწარმე გახდება.
გოგლა ლეონიძე ბოროტების ბუნებაზე საკუთარ დაკვირვებას გვთავაზობს და დამაჯერებლად გვეუბნება, რომ ბოროტებას ის საზოგადოებრივი სისტემა ბადებს, რომელიც ადამიანებს გარკვეული იდეის საფუძველზე თრგუნავს, იმორჩილებს და იზოლაციაში აქცევს. სისტემა, რომლის თანახმადაც მას, ვინც სოციალური მმართველობის ფუნქციებითაა აღჭურვილი, უფლება აქვს სხვა ადამიანის ცხოვრება განსაზღვროს.
მუდამ სხვისი ზედამხედველობის ქვეშ თავჩაქინდრული, ღირსებააყრილი და მორჩილი ცხოვრება - ეს ის გზაა, რომლითაც ციციკორეს სოფელი მიჰყავს და სადაც ადამიანის ბედი და მისი კეთილდღეობა არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს.
რაღა დარჩენიათ ამ საბრალო ადამიანებს?
ტანჯვით იბადებიან, წვალებით ცხოვრობენ და ავადმყოფობისაგან იხოცებიან. ასეთია ამ ხალხის ბედი. რისთვის მოვიდნენ? რისთვის იცხოვრეს? ნუთუ ცხოვრება ისეთი ბანალურია, რომ იგი სხვისი იდეების სამსხვერპლოზე უნდა მიიტანო? ან რა აზრი აქვს ისეთი ცხოვრებისთვის ბრძოლას, რომელიც მოკლებულია თავის ძირითად შინაარსს - სიყვარულს.
როგორც წესი, ასეთი ერი თავისი მდგომარეობის კომიზმს ვერ ამჩნევს, რადგანაც შეძლებულ და წარმატებულ სამყაროს მხოლოდ თავისი უნაყოფო ოცნებებით უპირისპირდება.
მაგალითად, დიაკვანი ელეფთერი, რომლსაც სულის უკვდავებაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ხორცის უკვდავებაზე ოცნებობს და დარწმუნებულია, რომ უკვდავების ვეშა-წყარო მას მარადიულ სიცოცხლეს აჩუქებს.
ბოგანო ელიოზს, რომლის მიწურის წინ ბუზებით სავსე მწვანე გუბე დგას და ცოლ-შვილი შიმშილით ეხოცება, ხელის განძრევა არ უნდა. ხან ოქროს კვერცხის მდებელ ქათამს დაეძებს, ხან ნათელთევზას და ხან ნატვრის ხეს, რომელიც მის გასაჭირს მოაგვარებს.
შვიდი დამშეული გოგოს პატრონი თაღრია დარწმუნებულია, რომ თუ მინდორში ოთხყურა ბალახს ოქროს ბეჭდით მოწყვეტს, ბედნიერებაც ეწვევა. მართალია ოქროს ბეჭედი არა აქვს, მაგრამ არც ესაა უბედურება. საკმარისია ჩაძინებულ მდინარეს მიეპაროს და რასაც შიგ ჩააგდებს, სულ ოქროდ გადაიქცევა.
ჩორეხი კი თვლის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა სულაც არაა საჭირო, რადგან ამ ქვეყანას თითის გაუნძრევლად, სასწაულის ძალით ეშველება.
“ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი დადგეს და არწევენ ახლაც, ამწამს, შიგ ოქროს ხუჭუჭთმიანი ყრმა წევს, ჩვენი მომავალი, ის ყრმა გაიზრდება და გაათავისუფლებს საქართველოს.”
ძალაუნებურად გიჩნდება ტრაგიკული და ამასთანავე მტკივნეული განცდა საკუთარი სამშობლოს მიმართ, ვინაიდან ხვდები, რომ ამ ქვეყანას საოცნებო იმიტომ კი არ ჰქვია, თითქოს ვინმეს ოცნებები უსრულდებოდეს, არამედ იმიტომ, რომ აქ ოცნებების გარდა ადამიანს აღარაფერი დარჩენია.
საინტერესოა, სადაა თავად გოგლა ლეონიძის, როგორც ნაწარმოების ავტორისა და ამავე დროს ერთ-ერთი პერსონაჟის ადგილი ამ ტექსტში?
ალბათ გაგიკვირდებათ: ლოთ და მუქთამჭამელა ჭამპურასა და ქურდბაცაცა ქორიას გვერდით -
“ღვინო საყელოზე ჩამოგვესხა. ჩვენსა ქორიასა და ჭამპურას შორის ზღვარი წაშლილიყო.”
ყოველგვარი პათეტიკისა და ცრუ თავისქების გარეშე იგი საკუთარ ადგილს ლოთებსა და ქურდებს შორის განსაზღვრავს და არ მალავს, რომ ამ საზოგადოების ისეთივე წევრია, როგორც ჩამოთვლილი პერსონაჟები. თითქოს განაჩენივით ისმის, მაგრამ ეს ნაჩქარევი დასკვნაა, რადგანაც მხოლოდ მსგავი აღიარების შემდეგ შეიძლება როგორც ერთი პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების შეცვლა. გოგლა ლეონიძე თავისი სულიერი სამყაროსა და კანონების სპეციფიკას იკვლევს. ეს კი არა მხოლოდ თვითშეცნობის გულწრფელი აქტია, არამედ უზარმაზარი ბიძგიც, რომელიც ყველას საზოგადოებრივი მოვლენების შინაგანი ბუნების შეცნობისა და ჭეშმარიტების ძიებისაკენ უბიძგებს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

გაგა ლომიძე – ექსტაზის პოეტიკა

“სინამდვილე მეტაფორების, მეტონიმიების, ანთროპომორფიზმების მოძრავი არმიაა.”
ნიცშე. “ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ”

“ერთ საღამოს კალთაზე დავისვი სილამაზე. მწარე მეჩვენა. და შეურაცხვყავი. სამართლიანობას ავუმხედრდი. გავერიდე ყოველივეს.”
რემბო. “ერთი სეზონი ჯოჯოხეთში”

“სიზმრიდან გამოფხიზლებისას ჩვენ როდი ვიღვიძებთ, არამედ წინა სიზმარს ვუბრუნდებით; სიზმარს, რომელიც სხვა სიზმრის ნაწილია და ასე უსასრულობამდე.”
ბორხესი. “ლაბირინთები”

“ღმერთი ადამიანების მარტოობაა.”
გაბრიელ მარსელი


ძვ. წ. მე-4 საუკუნეში ჩინელი ფილოსოფოსი ჭუან ძი წერდა: “ერთხელ მე, ჭუან ძის, მესიზმრა, თითქოს პეპელა ვიყავი... ჩემი ცნობიერება მხოლოდ პეპლური ოცნებებით სულდგმულობდა და არაფერი იცოდა ჩემი ადამიანური ბუნების შესახებ. უცბად გამომეღვიძა... და ახლა აღარ ვუწყი, კაცი ვარ, რომელსაც ესიზმრა, რომ პეპელა იყო, თუ პეპელა ვარ, რომელსაც ესიზმრა, რომ კაცი იყო.” გიორგი კეკელიძის პოეზია, თავისი ფსიქოსომატური განწყობით, trip-აქცენტებით, ცნობიერების მყიფე საზღვრებით თუ ნიკ ქეივისებური წარმავლობის გოთური ესთეტიკით, რომელიც სიზმრის/სიკვდილის და ცხადის/სიცოცხლის ზღვარზეა, მითის თუ ზღაპრის შთაბეჭდილებას ქმნის, სადაც სინამდვილე, ედგარ პოს სიტყვებით რომ ვთქვათ, “ოდენ სიზმრის სიზმარია”. ოდაში “სიკვდილის შესახებ” ხომ წერს: “ერთხელ ქუთუთო ჩამერაზა/ და სხვაგან დავრჩი” და აქ სიზმარი თუ ხილვა თითქოს უფრო დიდ სინამდვილესთან, საგნების არსთან მიახლოების გზაა.
არის ცდუნება, რომ ფორმულიდან - “ცხოვრება ოდენ სიზმრის სიზმარია” მეორე ფორმულაც გამოვიყვანოთ - “პოეზია ოდენ სიზმრის სიზმარია”. უნებლიედ, შეიძლება პლატონისეული მოდელიც გაგვახსენდეს და პოეზია მესამე რიგის სინამდვილედ დავსახოთ. ამისკენ თვითონ გიორგი კეკელიძის ერთი სტრიქონიც გვიბიძგებს: “მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,/ისევე, როგორც სევდა გავიტყუე/და ლექსი მოვიტყუე –/ ლექსი არის ჩემი უდიდესი ტყუილი.” (“აღმსარებლის ეპისტოლე”). ამგვარი “ტყუილი”, ან, გნებავთ, “სიზმრის სიზმარი” სინამდვილის აბსტრაგირებაა, ისევე როგორც რემბოს “გასხივოსნებებში” თუ “ერთი სეზონი ჯოჯოხეთში”, რაც სინამდვილიდან გაქცევას და ინტროვერსიას გულისხმობს. ინტროვერსია კი გიორგი კეკელიძის პოეზიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია – ამ პრიზმაში კი სამყარო ისეთია, როგორსაც ვხედავ.
პარადოქსულია, მაგრამ რატომღაც საბჭოთა პერიოდი გამახსენდა. ახლა რომ ძველი დრო იყოს, ცხადად წარმომიდგენია, რას დაწერდნენ. იტყოდნენ, რომ კეკელიძე სინამდვილეს ლანდების სამყაროში გაურბის. მაშინვე დეკადენტურის იარლიყს მიაკერებდნენ და უკეთეს შემთხვევაში, მწერალთა დიადი კავშირის “ნახევრადღმერთების” რიგებიდან გარიცხავდნენ. მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს სხვა დროა, იმის მიუხედავად, რომ დღესაც არსებობენ “ნახევრადღმერთები”, რომელთათვისაც წარსულის პრივილეგიები მხოლოდ შაბათის ღამის სიზმრის ამარაღა დარჩა. ალბათ ამაზე მიგვითითებს გიორგი კეკელიძის ერთგვარი სტრიქონი-გამოწვევა: “და ახლა ყველა სახრჩობელა ყელზე მკიდია/და გასაღების ასხმასავით მივაჩხრიალებ” (“მესამე მარტო ოდა”), რომლის ადრესატებიც სწორედ ასეთი “ნახევრადღმერთები” არიან და სადაც სიტყვათშეთანხმება “ყელზე მკიდია” ჰიპოგრამად გარდაიქმნება და სემანტიკურად და ასოციაციურად ყველასთვის ცნობილ ჟარგონულ გამოთქმას უკავშირდება. მაგრამ, მოდით, ისევ გაქცევას დავუბრუნდეთ.
გიორგი კეკელიძის ლექსების ლირიკული “მე”-ს ამ ერთგვარი გაქცევის დახიასიათებისთვის შეგვიძლია პირობითად ორი ეტაპი გამოვყოთ. პირველ შემთხვევაში უფრო მეტად ყოფიერების აბსურდულობის შეგრძნება არის აქცენტირებული, მეორე შემთხვევაში კი სინამდვილე გარდაიქმნება, სინამდვილის მეტაფორიზების გზით და მეორე რიგის სინამდვილე, ანუ ერთგვარი მითიური გარემო იქმნება.
პირველ შემთხვევაში ესაა ბუდისტური “ყოფიერების მეტაფიზიკა”, სადაც გაქცევის წინაპირობად ეგზისტენციური კრიზისი იქცევა და “მე”-სგან გათავისუფლება თითქოს ეგზისტენციური სევდისგან თავის დაღწევის საშუალება ხდება (“სიზმრებს ჭრილობაში ბალახივით ვიფენ”); სადაც ლირიკული “მე” ცისკენ “ისვრის” “მკვდარ ოცნებებს” და ამით გაბრიელ მარსელის სტრიქონებთან ალუზიას ქმნის; სადაც ურბანისტული სივრცის ბინადარი “მე” ბოდლერისეულ flaneur-ს მოგვაგონებს, რომელსაც ისეთ გარემოში უწევს არსებობა, რომელშიც ცნებები დევალვირებულია (“მე ვეღარ გეტყვი –/მენატრები./ეს ისე გაცვდა,/როგორც სევდა,/ბეჭდის მაგიერ რომ გავცვალეთ”); ხოლო სტრიქონებში “მუზავ,/ ნუ მიფარავ ცრუ რათაგან,/ სხივები სუროს ფრჩხილებივით/ ეხვევიან ჩემი თვალის თოთო კედლებს” რუსოსეულ tabula rasa-სთან ინტერტექსტობრივი კავშირი იკვეთება. თითქოსდა მყარი, შემართული, მაგრამ სინამდვილეში მყიფე ლირიკული “მე”-ს რიტორიკაში ყოველთვის ადვილი შესამჩნევია საკუთარი “მე”-ს დაკარგვა და საგნებში განზავება. მაგალითად, იქ, სადაც ეგზისტენციური სევდის მძაფრ შეგრძნებას ავტორი კატაქრეზისის საშუალებით გადმოცემს: “...ასე მგონია, სულით წლების ლურსმნებზე ვწევარ/ და მიწა მომდის,/ მიწით ვიცლები,/ ცოტა დავრჩი,/ ისე ცოტა,/ რომ ლანდი მტკივა”.
ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ლექსების ლირიკული “მე”, საკუთარი წარმავლობის შეგრძნებით, მცენარეა და არა ადამიანი. სწორედ ასე იქმნება საფრთხობელას ხატი, რომელიც ალბათ ადამიანის მეტაფორ/მ/ა უფროა: “ჩვენ მძინარე ხის/ ნეკნისგან /შეგვქმნეს და მერე სული შეგვიბერეს,/ რომ ჩვენი მტვერი გაგვცლოდა /და სხვისი ტანი მოგვეთმინა”; ხატი, რომელიც თავისი სიძლიერით და ინტენსივობით შეიძლება უიტმანისეული ბალახის გვერდით დავაყენოთ “ბალახის ფოთლებიდან”. თუმცა, უიტმანისეული ბალახის სიმბოლოსგან განსხვავებით, რომელშიც რეინკარნაცია იკითხება, საფრთხობელა, როგორც სიმბოლო, თავისი უმაღლესი მიზნისკენ, არარსში გადასვლისკენ, რეინკარნაციის დასასრულისკენ ილტვის, რაც იმავდროულად, შეიძლება წავიკითხოთ, როგორც სამოთხის მონატრება, პირველყოფილ წიაღში დაბრუნება და რაც სხვა სტრიქონებში კიდევ უფრო ცხადად ჩანს: “და ახლა უკან სავალ ბილიკებს/ ვეძებ,/ რომ დავბრუნდეთ,/ ჩავისუნთქოთ/ და გავიპაროთ” ან თუნდაც ბიბლიური კონოტაციების მატარებელ სეზონურ მეტაფორაში: “გაძარცულ სიშიშვლეს ვგლოვობ”. თუმცა, გიორგი კეკელიძისეული ადამიანი-მცენარე იმთავითვე გულისხმობს წრებრუნვას, სადაც კატაბაზისი სხვა არაფერია თუ არა მარადიული დაბრუნება, სეზონურ მეტაფორებში თუ ისეთ სტრიქონში გაცხადებული, როგორიცაა: “მე რა თქმა უნდა/ დეკემბერში გარდავიცვლები” (“ანანკეს თეორემა”).
აქ უკვე აღარც მითია შემთხვევითი, ვინაიდან სინამდვილის აბსტრაგირება, ცნობიერების დონეზე, ახალი მითის ქმნას უკავშირდება. თითქოს გიორგი კეკელიძის პოეზია ტროპების გაყინვას გაურბის, რომ სიტყვებმა მყარი მნიშვნელობა არ შეიძინონ და ამ ერთგვარი სიკვდილით ენა არ დაზარალდეს. ამიტომაც, ეკონომიკური მეტაფორა რომ მოვიხმოთ, პოეტის გონებასა და წარმოსახვას შორის გაცვლა-გამოცვლის და სიტყვებისთვის ახალი მნიშვნელობების მინიჭების გზით, ენას ახალ სიცოცხლეს ანიჭებს. კეკელიძისეული პოეტური ენის რევოლუცია ჩვეულებრივი ენის პირობით ბუნებას პოეტური ენის პირობითსავე ბუნებას უპირისპირებს და ენის გათავისუფლებას სიტყვებისთვის ჩვეული მნიშვნელობების შეცვლით ცდილობს, როგორც ეს ხდება სიურრეალისტურ “დედულეთის ბუკოლიკში”, სადაც ლექსის ეპიგრაფად, ავტორის გაანონიმურების გზით, ერთგვარი ინსტრუქციაა მოცემული: “წვიმის ქოხი – გუბე/ ზეცა – ლურჯად ითქმის/ ღრუბელი – თვალი/ ელვა – კაპილარი/ ღამე – ქუთუთო”. ამგვარად იქმნება სამყარო, რომელიც სინამდვილისა და გამონაგონის მიღმაა, ისევე როგორც ესაა “მეთორმეტე თურქულ ყავაში”, სადაც სტრიქონებს შორის წაღმა-უკუღმა დასმული ფრჩხილები /:):(/, ერთსა და იმავე დროს, ე.წ. “სმაილიკებით” ლირიკული “მე”-ს განწყობასაც გადმოგვცემენ და ორ სამყაროს შორის (ძილსა და ღვიძილს შორის) საზღვარზეც მიგვითითებენ, სადაც ის, ვინც პირველი პირით მეტყველებს, ფენომენალურსა და ნუმენალურ სამყაროებს შორის მედიუმია.
ამგვარი ამბივალენტურობა გიორგი კეკელიძის პოეზიისთვის უცხო როდია. ამაზე თუნდაც მისი ოდების ერთ-ერთი ციკლის დეკონსტრუირებული სათაურიც კი მიგვითითებს - “ამბით ვალენტური ოდები”. ამ გზითვე შეგვიძლია წავიკითხოთ მისი ოდების ელეგიურ, სევდიან განწყობასა და, ზოგადად, ოდების სადღესასწაულო განწყობას შორის, ერთი შეხედვით, გარკვეული დისონანსი. თუმცა, ამგვარი სევდანარევი ექსტაზი ნიცშესეულ “ცხოვრების ფილოსოფიას” გულისხმობს. მართლაც, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ნიცშესეული “ზარატუსტრადან” ფრაგმენტი: “ეს გვირგვინი მოცინარისა, ეს გვირგვინი ვარდებისა: თქვენ გესვრით ამ გვირგვინს, ჩემო ძმებო! მე ღვთაებრივად ვაღიარე სიცილი; თქვენ, მაღალნო ადამიანნო, ისწავეთ სიცილი!”, როდესაც ამ სტრიქონებს ვკითხულობთ: “მე მესმის ღმერთის – საიოლე საქმე როდია,/ სხვენში იჯდე და სარდაფებში ჭიები თვალო./ და ალბათ ასე უცხოები დიდხანს დავრჩებით,/ ჩირგვში ვიჯდები და სიცილი მექნება შენთვის,/ სანამ ცაში არ დაიცლება ღვინის კასრები/ და ძველ ტანსაცმელს არ გვიპოვის ფხიზელი ღმერთი” (“ემბიენტი”), სადაც სიცილი არსებობის ტრაგიკულობის შეგრძნების წინააღმდეგ მიმართულ ერთადერთ ეფექტურ იარაღად იქცევა. ამგვარ ნიცშესეულ დიონისურ ექსტაზში, ერთდროულად, გაუცხოებაც იკითხება (ისეთი თვალსაჩინო, როგორც ესაა, მაგალითად, UNKLE-ის ვიდეოში Rabbit in your Headlights) და სიკვდილის მოშინაურებაც (როგორც ამას პოპულარულ, შავი იუმორით გაჯერებულ ანიმაციაში Happy Three Friends-ში ვხვდებით). ამ გზით უკავშირდება დიონისური ექსტატურობა ოდის სადღესასწაულო განწყობას და სამყაროსეული კანონზომიერების აღიარებას, სადაც სიზმარი და ცხადი, ოცნება და სინამდვილე, სიყვარული და სიძულვილი, ფიქრი და მოქმედება, მოუხელთებელი და ხელშესახები ერთ მთლიანობად იქცევა. ასევე გარდაიქმნება ყოველდღიურობა პოეზიად გიორგი კეკელიძის სტრიქონებში: “შინ, კარადაში სიზმრის ცოტა ნამცეცი დარჩა/ და/ ცრემლის ჩაი”, სადაც პარატაქსისის გზით, გამონათქვამის თითოეული წევრი ასოციაციურ კავშირებს ქმნის და “დღიური პროზა” და მეტაფიზიკა ერთ მთლიანობად წარმოგვიდგება. არის ამ სტრიქონებში ერთგვარი ირონიული კონოტაციაც, რაც ყოფიერების აბსურდულობის აღქმასაც უკავშირდება. პარატაქტიკური სტრიქონები უკვე ექსპრესიულობის გამოხატულებად იქცევა “ომის ოდაში” - ლექსში, სადაც ჩვეულებრივი გრამატიკული სტრუქტურის დანაწევრება და მნიშვნელობის განზრახ შენიღბვა ექსტატურ განწყობას ქმნის: “ჰო, ექვსი დღე ტყვიებს ვჭამდით/ და მშრალ ცრემლებს ვაყოლებდით”.
გიორგი კეკელიძის თითოეულ ლექსში საგნები თავიანთ ჩაკეტილ მყოფობას ცდებიან. ამის დასტურად თუნდაც ერთი სტრიქონის მოხმობაც საკმარისია: “მაგრამ ჟოლოსფერ ტანსაცმელებს ვეცოტავე”, სადაც გრამატიკული კონსტრუქციის წყალობით, ლოგიკური სუბიექტი ობიქეტად იქცევა, ობიექტი კი - სუბიექტად. მისთვის თითოეული საგანი მხოლოდ მის აღმნიშვნელს როდი უკავშირდება; უფრო მეტად, პოეტის სტრიქონებში იცვლება აღმნიშვნელის აზრი, აღმნიშვნელსა და აღნიშნულს შორის ახალი შრე გამოიყოფა, თითქოს პირველი ადამიანი საგნებს ხელახლა არქმევს სახელებს - სადაც ნისლები სინამდვილეში შეიძლება “ქარით დაკემსილი ხალიჩები” აღმოჩნდეს (“გუგულების ეპისტოლე”); სტრიქონებში - “მთებს შიშის ფერი აქვს,/ ველებსაც./ ნუ გიკვირთ -/ დედამიწას გარდაცვლილი მზე ესიზმრება” საგნების და მოვლენების ტროპული აღქმა შეიძლება სინამდვილედ იქცეს და ირიბი გზით შევიტყოთ, რომ ეს ღამე მეტყველებს. სხვაგან სტრიქონები “და ნუ გაშინებთ, რომ მზე თითქმის საღამოვდება” დამატებით მნიშვნელობას იძენს და ესქატოლოგიურ მეტაფორად გარდაიქმნება. იუდას და “ლექსი ვეფხისა და მოყმისა”-ს ინტერტექსტობრივად დაკავშირებულ “დედის წიგნში” კი გიორგი კეკელიძის პოეზიიდან უკვე ნაცნობი, ერთსა და იმავე დროს, ეთერულობით და სევდით გაჯერებული მეტაფორა გვხვდება: “დახუჭე თვალი.../ დაახურე ღამეს ქუთუთო”.
ბოლოს, გიორგი კეკელიძის ლექსიდან ერთ სტრიქონს გავიხსენებდი - “და მე დავლეწე ლექსებიდან დაწნული ღობე”, რომელიც თავისი მნიშვნელობით, გალაკტიონისეულ “მაქვს მკერდს მიდებული/ ქნარი როგორც მინდა”-ს უახლოვდება. თუკი შევთანხმდებით, რომ პოეტური ენა მეტაფორულია, პოეზიის ღირსებაც მისი მეტაფორულობით და ენის გაცოცხლების შესაძლებლობით, ანუ თვით პოეტის სიტყვების პერიფრაზირებით რომ ვთქვათ, “სიტყვის ურდოებისთვის ფერადი სამოსის დართვით” განისაზღვრება. ამას კი ყველაზე უკეთ გიორგი კეკელიძის პოეტურ ფიგურებში, გრამატიკულ სტრუქტურებში, სხვადასხვა ტექსტს შორის ალუზიური პარალელების გავლების უნარში და, საერთოდ, მის ესთეტიზებულ პოეზიასა და მეტაფორებში ამოიკითხავთ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

გიორგი კეკელიძე – ლექსები


მოკვდავთა წიგნი

მოგვლია უხვმა მოსავალმა...
მე გეუბნები, რომ რაც მოვიმკეთ,
ვიმყოფინოთ და საღამომდე წავიღოთ სახლში,
თორემ მიწა მზით დაპურდება
და ღამის ბეღლებს მხოლოდ
კუტი და ახალი მთვარე დარჩება –
უკბილო ობლის მოტოვებულ ძველი კვერივით.
წამო, კალიებს დავუტოვოთ ეს მოსავალი,
თორემ მოგვლია
და
ჩვენს ბზეს მალე სხვა მინდვრებში გაფანტავს ქარი
და
ჩვენ საოცრად გავმრავლდებით
და
ჩვენი მოდგმა –
უნაპირო მწვანე ყანები
გადაივიწყებს ჩვენს სახელებს,
როცა მეოთხე ან მეხუთე წელი დადგება.
შენ მეუბნები,
რომ ჯერ ადრეა,
თუმცა დაღლა შენაც იგრძენი
და გეშინია შინ მამასთან ორი ძნით მისვლა.
მე კი კვლავ ვამბობ –
მოგვლია უხვმა მოსავალმა,
შინ წავიდეთ –
შევიბათ ქვები,
ზღვაში შევცუროთ,
ზღვაში ღამით ქარი იქნება.

ცრუ ოდები

წარსულის ეპისტოლე

ჩამოცხა ჩემთან.
სისხლმა დაიკლო.
მოგონებების დამზრალ ქვებზე ასხმარტალდნენ ოქროს თევზები.
როცა ვიფიქრე, რომ ვერასდროს ვერ დავიჭერდი,
გავყიდე ბადე და მზის თეთრი ქუდი ვიყიდე,
ვზივარ თვალებთან ზურგშექცევით
და მდინარეში ახლა შურის ცარიელი ძუაღა მიდევს.

მზის და სიკვდილის ეპისტოლე

მოურჩენელ სნეულთათვის

გამიცვდა შენი ნაჩუქარი ალმასის მთვარე.
მალე დავღამდი.
ხელის ცეცებით მოყვებიან კედლებს სიზმრები,
წამწამის ხიდით გადადიან ძილის უფსკრულებს,
სხვის ნათელ ძილში სამეძავოდ იპარებიან.
მე ხომ დავღამდი
და დარდად ვბორგავ.
მხოლოდ შენ შემრჩი სასთუმალთან,
ლოდინის სკამზე ზიხარ მოწყენით,
როგორც ყოველთვის, ამ სკამს ცალი ფეხი მოკლე აქვს,
წყნარად ირწევი,
თვლას ივიწყებ –
ათას წელს გაწვდა ჩემი ღამის ცივი საბანი.
ახლა შორიდან გახსენებ ამბავს –
ერთხელაც უცებ დაინახე,
რომ უცხო სხივი შეეპარა ჩემი სხეულის ბნელ სანახებს,
სხეულმა ბორგვა დაივიწყა და მშვიდი გახდა,
შენ გაოცდი და გვიან მიხვდი –
აჰა, საშველი დადგომია ამხელა ღამეს
და სიხარულის ჟამიც დადგა –
შემოეგებე ყვავილებით ნანატრ ალიონს –
ჩემი თვალების ნისლიანი გორაკებიდან ცხრათვალა სული ამოდიოდა.

აღმსარებლის ეპისტოლე

ცრუ ვარ მე.
მე მოგატყუე დედაჩემო, როცა დავიბადე
და ყველა მართალ იმედს ახლა ერთად გიცრუებ.
მე მოგატყუე ჩემო ცოლო,
ძმებთან საუზმისას ზღაპრად მოგიტყუე
და შენც მოგატყუე ლამაზო სამშობლოო,
ძმებთან სადილისას სიკვდილი გიმღერე.
მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,
ღრუბლის ღობეს ამოვეფარე,
ვარსკვლავების ხმიადს გაწვდიდით,
როცა გაძეხით და დაიძინეთ,
შემოვედი და თქვენს ეზოში დავთესე ღამე.
მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,
ისევე, როგორც სევდა გავიტყუე
და ლექსი მოვიტყუე –
ლექსი არის ჩემი უდიდესი ტყუილი.
და თქვენც გატყუებდით სიყრმის ოცნებანო,
უსაშველოდ გატყუებდით,
მაგრამ მხოლოდ თქვენ იცით,
რომ ვახშმობისას,
როცა სიმართლე მომშივდება,
როცა შიმშილი გახდება გაუსაძლისი,
მე მართლა გავთლი პატარა ნავს,
მართლა შევაცურებ ქარიშხლიან ზღვაში,
ჩავწვები შიგ
და თვალს მოვატყუებ.

თოვლის თეორემა

ანუ ჭაღარის დაბადების შესახებ

მე ვიჯექი
და
ვჭვრეტდი ფანჯრიდან,
როგორ დნებოდა თოვლი..
უშენოდ ვჭვრეტდი,
ანუ მარტო...
ვჭვრეტდი,
როგორ
გალღვა ჯერ ხეებზე
და
სახურავებზე მერე...
მერე დავინახე,
რომ გარდაცვლილი თოვლი მიწად იქცა კაცივით,
მარტოობა კი სულაც არ გახლავთ ძნელი,
უბრალოდ კარი ჩავიკეტე და ცოტა თოვლი დავუმალე
მზეს.

მრუდე ოდები

დალაი დალის


ქართულ პაბებში საკითხავი ბალადა
. . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . .
..მიწა თავისას მითხოვს” და სხვა
ზღაპრებისა და მითების მიხედვით


დედის მუცელში გამხელისას,
დაბადებამდე დავემდურე სიმშვიდეს ალბათ,
თოთხმეტი წლის ვარ,
უკვე ასჯერ გავტეხე მარხვა,
კოკაც გრძნეული დედაბრისა
და ყველა ჩემი მეზობელი ქალის სიწმინდე.
დედა არ მახსოვს,
მამაჩემი მონადირეა.
წვიმამ წაშალა ნაფეხური ათასი დევის,
გზას ახლა ჩემი დავაძალე ნაფეხურები –
ეს ტყე ჩემია,
ეს სოფელი
და მთის ღობეზე გზააბნეული ფრინველივით შემჯდარი ნისლი
ჩემი ყივილის ავარდნისას უეცრად ფრთხება.
დედა არ მახსოვს,
მამაჩემი მონადირეა,
მამაჩემი დაბერდა უკვე,
მე კი აბგა
და უამრავი ცოდვა მკიდია
და ხელში პაპის შვილდ-ისარი
და უღრან ტყეში
მხოლოდ ნადირთა უძლეველი ქალღმერთი დარჩა.
როცა ვიპოვი,
ის მოხუცი იქნება რახან –
დალალთა ნაცვლად ეფინება წიფლის ფესვები
და მკერდის ნაცვლად თექვსმეტი დღის საავდრო მთვარე –
მე შევიცოდებ.
ის მოვა და ცოცხლად ჩამყლაპავს.
ის მოვა და ფეხმძიმე წავა –
ნუ გეგონებათ, რომ აბგაში დანა არ მედო –
თუკი შიგნიდან არ გავაპე ბნელი მუცელი,
თუ იქვე დავრჩი და მზის ფერი აღარ ვიხილე –
მე ხომ შობამდე დამდურებულ სიმშვიდეს ვნახავ,
თოთხმეტი წლის წინ დამდურებულ სიმშვიდეს ვნახავ,
გავუღიმებ და სამუდამოდ შევურიგდები.

დალაი მდინარეს

ჩვენი ნავები რა ხანია ქარმა წაიღო...
ჩვენ ქარის ლამაზ ნაპირზე ვცხოვრობთ
და ვისვრით დღეებს – ძირმორღვეულ უშნო ბადეებს
და მაძღარ თევზებს თვალს ვაყოლებთ
და გულს ვაყოლებთ
ღამეებისას ამ ბადეთა ამაო კემსვას
და ახლოს მშვიდი ქარი ჩაგვიდის
და დრო ჩაგვიდის
და ოდესმე დაშრება ქარი,
სუდარასავით შემოვიხვევთ უშნო ბადეებს,
მოულოდნელად ამოკემსილ უშნო ბადეებს
და ღმერთებს,
ნამდვილ მებადურებს წავყვებით სახლში.

ბუკოლიკის შესახებ

,,პროფესორმა მანჟმანშმა ირგვლივ
სწორხაზოვანი მზერა მოავლო”
ბორის ვიანი


რა უნდა გაზაფხულზე –
გვიანზე –
ჩალას...
ქარი დაბერავს, მკვდრის წვერივით წამოათრთოლებს...
...დიდება ღმერთებს!
ჩალის ფასი გახდა სიკვდილი...
ხიდი, რომელიც შენამდეა,
წამწამის ხიდი...
თვალდახუჭულმა გავიარო
მესურვის ალ
და
შენი თავი.
...მდინარეები, რა თქმა უნდა, ხიდის ქვეშ მიდიან.
მდინარეები, რა თქმა უნდა, აღმა მიდიან.
რა თქმა უნდა, მდინარეები ჩაედინებიან ცაში...
ეს მათი წესია
და ჩემი წესი
შუა ხიდიდან გადავარდნა.
ყველაფერი ისეა, როგორც უწინ იყო,
მაგრამ მე და შენ აღარ გვახსოვს
ანუ როგორც არასოდეს არ ყოფილა ალ...
ალ...
მოერიდე ავი ღრუბლის გარდაცვლილ ცრემლებს.
ეს ცრემლები აქაც ცვივა,
აქაც ყალბია
და
მე მიკვირს,
რა უნდა ამ თოვლს გაზაფხულზე,
ანაც ამ ჩალას...
დაბერავს ქარი,
მკვდრის წვერივით წამოათრთოლებს...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ლელა სამნიაშვილი – ლექსები


შიმშილის ბლუზი


ეგ დიდი ვაშლი - ტკბილი, წვნიანი,

კანქვეშ რომ მალავს ჭიან ადგილებს -

მოკბეჩ და ბაგეს ამიწიანებს -


ძირს ნაგდებია, რაც აადვილებს

მიწვდომას, რადგან ხერხემლის მალა

იოლად არის დამყოლი - მოხრის


და ასე, მოხრილ ხერხემალს მალავს

როგორც მიწისკენ ხელის გაწვდენას -

ცათამბჯენების ყოველი ქოხი.


ეგ ნათურები და წარწერები -

ვაშლზე - ქუჩების სისხლჩაქცევები -

აელვარდა და ბაგეს მოედო;


მოკბიჩე ვაშლი - ტკბილი, წვნიანი,

ოღონდ არ ჩაყვე შიგ მოციმციმე

სულების ბადეს - დროის მოედანს.


ჩემი შიმშილი უფრო რთულია:

დღეს ვფლობ ყველაფერს - სხეულის გარდა -

ქარიდან სახეს ვეღარ ვაბრუნებ -


სადაც უდაბნო - ორაგულივით -

ცას - გაშვებამდე - კლანჭით უჭირავს -

ყველა მშიერი რომ დააპუროს.

ალიბი


ბენ, შენ დროს კარგავ.

ციფერბლატის ეგ ხარაკირი

ზუსტი ისრებით - არყოფნას წვდება.


და შეიძლება, ამოვსება სიტყვით არცა ღირს -

ამ ნახვრეტების. და ალბათ ვცდები -

როდესაც სტრიქონს - დრო რომ ჟონავს -

ვთლი, როგორც საცობს.


სჯობს ეს ხომალდი თვითონ დავშალო.

თითო ნაფოტზე მოვათავსო თითო ნაცნობი

და ბოლოს - ბავშვიც - ჭრელი თავშალით -

გავგზავნო სადმე, მომავლისაკენ.


და კიდევ , კაცი -

ქალის თვალებში თმას რომ ისწორებს -

მივანდო ისევ ქალის მკლავებს -

სასურველ კარცერს.


ყველა კაბის და გზის სივიწროვე -

გამცილდეს.


ვეღარც მამდიდრებს და ვერც მაღარიბებს -

დრო, შენ რომ კარგავ, ბენ.

მე - გავედი.


და ნურც ეს ლექსი გეგონება ყოფნის ალიბი -

ზუსტი გრძედით და ზუსტი განედით.

საბას


ხელებს თვალები ეხილებათ,

როცა შენ ტირი, ყველა ჭაღი ერთად ჩახჩახებს,

ბამბაზია გამოსდით კედლებს,

რძიან ბოთლად იკუმშება ყველა ჭურჭელი.

და მე ვიბნევი - არ ვიცი, როგორ შეგიძლია

ასე მკაფიოდ, უკომპრომისოდ მოითხოვო დაპურება,

მოვლა, მკერდთან ახლოს მიყვანა.

მოითხოვო და გეძლეოდეს.


ეს ნიჭია - ენდობოდე უპირობოდ,

გფუთავდნენ, გხსნიდნენ - დღის და ღამის თეთრეულში,

ხმებში, ფერებში, დროში, ჰაერში.

ხედავდე მხოლოდ ყველაზე ბაცს - ხელის კონტურს,

თვალის ჭრილს, თმის ღერს. და ენდობოდე.


ალბათ რწმენაც ამის მსგავსია. სიყვარულიც ეს ნიჭია,

ოღონდ - პირიქით -ის ხელებია, ის ნათურები, ის მკერდი -

შენ რომ არ მოგცემს ნებას - ტირილად გადნე.


ხელის კონტური, თვალის ჭრილი,

თმის ღერი - დედის, შეყვარებულის

და ღმერთის, ღმერთის - საკმარისია,

რომ ხედავდე, ან ვერ ხედავდე და ენდობოდე.


შენმა რწმენამ სულზე მომისწრო.


მთელი ზამთარი ხე ისხამდა პოლიეთილენს,

ჭუჭყიან პარკებს ეჭვებივით აფრიალებდა -

ქალაქში, სადაც დაბადებას ფრთხილად ირჩევენ.


და ამ ბაც ფონზე - ჩემი გული -

მომეჩვენა - შესაძლებელზე უფრო წითელი -

გარეთ უნდა გამომეტანა.


ის კი, რომელსაც შევაჩეჩე, იდგა ფერმკრთალი

და არ იცოდა, სად წაეღო ამდენი სისხლი.


გაზაფხულმა დაგვინდო ისევ.

ხე ამოივსო ფოთლებით და ფრინველებით -

ეს სიწითლე ყვავილებში, ნისკარტის ხმაში,

მსუბუქ კაბებში გაიშალა, გავარდისფერდა,


ზაფხულისკენ - ყველა ფერში გადაიზარდა,

ახმაურდა შენს შესახვედრად.


და ახლა, როცა ეხილებათ ხელებს თვალები

და შენს ტირილზე ყველა ჭაღი ერთად ჩახჩახებს,

ღამ-ღამობით - მე მრცხვენია ჩემი ეჭვების, -


მე ვხედავ, როგორ შეიძლება ასე მკაფიოდ,

უკომპრომისოდ მოითხოვო დაპურება,

მოვლა, მკერდთან ახლოს მიყვანა,


ხედავდე მხოლოდ ყველაზე ბაცს - ხელის კონტურს,

თვალის ჭრილს, თმის ღერს. და ენდობოდე.


მერვე დღე


ვინც ნემსის ყუნწში გაძვრა - გაება,

ამოიკემსა სულ თეთრად - შავზე.


არ შველის სრული გაძვალტყავება

და რა თქმა უნდა, ნაკლები შანსი


აქვს, ვინც სამყაროს მუცლით ეხება

და ხორცის ცხენზე მთელს ფსონებს ჩადის,


ვისაც თვალს სტაცებს ქვები,

ფეხები, თუ საცობების პრიალა ჯართი -


სამსახურიდან - სახლამდე


(შანსი -


ნემსის ყუნწიდან გაექცეს ამ წრეს,


არ დაგვირისტდეს არც თეთრად - შავზე,

და არც პირიქით -


ამ ნაწერივით)


ჩავცქერი - დროის კარგვას, გაშვებას

სიტყვების - გზებზე - გულის მუჭიდან -


ჩაბნელებას და გაკაშკაშებას -

სადღეღამისო სადგურის - კუჭის.


ისევ შვიდი დღე. წმინდა სცენარით

გამორიცხული აწმყო - გაღწევა -


ერთადერთ დროში.


მცენარეებიც -


ქარის ნებაზე - დღეებს არწევენ


და რა თქმა უნდა, ნაკლებს სცოდავენ,

დაუწერელზე რადგან არ წერენ.


ჩქამი

როგორ ხვდებიან ცხოველები
რომ ჭიპლარი უნდა გადაჭრან
საკუთარი სისხლის და ხორცის?

როგორ ხვდებიან - უნდა გაუშვან სხეულიდან,
რათა მისცენ ძალა სიცოცხლის.

ან ხეები, როგორ აძლევენ საკუთარ ნაყოფს -
სავსეს, ბდღვრიალას - ნებას - დაცემის.

ჯერ ხომ მუშტში ინახავენ,
ნელ-ნელა ხსნიან,
თავად აოცებთ იქ გაშლილის ფორმა და ფერი.

მერე კი მთელი ტანით, მერქანით
ამ ნაყოფში ამოდიან, ამუქებენ, სისხლით ავსებენ.

როგორ უშვებენ ბოლოს ტოტებს?
ენანებათ? არ ენანებათ?

რა ძალაა, შუბლს თითებთან რომ აქორწინებს
და სტრიქონებს ტოვებს, ტოვებს უცხო თვალებთან.

ნუთუ არის ეს ყველაფერი - ინსტინქტის ჩქამი.

და სიყვარული?
როცა მას ზრდი, როგორც საკლავს,
შესაწირავს - გასქელებულ მეტროპოლისში
მოშიმშილე სილამაზისთვის.

მაპატიე, მაპატიე.
ხელი დავუშვი.


* * *


კომბოსტოსავით რეალობა -
სულ ფურცელ-ფურცელ.
გვირილა მაინც ყოფილიყო. დავუჯერებდი.

მონოგამიურ სამოთხეში ამობურცულა -
ხან დამწვრობამდე, ხანაც კიდევ - გალურჯებამდე
სულს უბერავენ დღე და ღამე.

არ გაქარდება.
წიგნის ფურცელზეც ძარღვიანი, უფრო მძიმეა.
შიგ ხორცი უნდა შეახვიო, პირი მოუკრა.
გარნირი უნდა მოუმზადო უფორმო ძილით.

კომბოსტოსავით რეალობა -
სულ ფურცელ-ფურცელ.
ვარდი რომ მაინც ყოფილიყო, შევიყვარებდი.

რქა


ნეტავ მას, ვისაც შეუძლია

სილამაზის ზედაპირზე ამობრუნება -

მთელი ძალით, მთელი სურვილით.


მარტის ხეები ახერხებენ ამას -

ზამთრის ლოცვების შემდეგ

სისხლძარღვებივით ურბილდებათ ტოტები და

ტუმბავენ მიწის მინარევებს კვირტებისაკენ.


ხასხასა მწვანე ჭრის ნაცრისფერს,

მაგრამ დროებით. იღლებიან. ნაყოფი სცვივათ.

ხეების სუნთქვა,ამოსუნთქვა - ნახევარი წელიწადია.

ამიტომაც ბერდებიან ასე ნელა, ასე ჰაერში.


პოეტებიც ხეებს გვანან, ოღონდ ზომაზე აჩქარებით,

უფრო სულსწრაფად ეწევიან ჰაერს

და უკან - სილამაზეს, რომელიც ხშირად

წაუკითხავ სიტყვებად სცვივათ.


ყველაზე უკეთ ეს გამოსდით

ხორცისმჭამელებს. რბილ თათებზე,

რბილ ფერდებზე ჰკიდიათ სივრცე.

დაბადებიდან უელვარებთ თვალი და ბეწვი.


მათ სხეულზეა დაგეშილი ქალის თითები

და მამაკაცის სურვილი - იყოს მათზე სწრაფი,

მათზე სასტიკი. ისინი - ხახის დაღებამდე,

გაზმორებამდე - გვანან სამოთხის დეკორაციებს.


რა არის მათში ასე შავი? ასე როგორ ამოიბრუნეს

ზედაპირზე - მთელი სინათლე?

როგორი ფარნით შეიძლება თვალიერება

მათი - მსხვერპლით ამოვსებული შიგნეულობის?


და ხარის ქედი. მზეს რომ იტევს.

ცისქვეშეთში ის ისეთი ნაცრისფერი ჩანს.

ხორკლიანი რქა და ჩლიქები, ამოზრდილი სინათლიდან -

ერთადერთი იარაღი ყოფნის, თავდაცვის.


ნეტავ მას, ვისაც შეუძლია

სილამაზის ზედაპირზე ამობრუნება

და სიღრმეშიც შენახვა მისი.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ახალი წიგნები – 2009 – დეკემბერი

ოთარ ჭილაძე, "წინ მარადისობაა!", რედაქტორი ზვიად კვარაცხელია. თბ. “ინტელექტი”, 2009.

ეს წიგნი ბოლო წლებში ქართულ სალიტერატურო პერიოდიკაში გამოქვეყნებულ რამდენიმე ინტერვიუსა და მწერლის არქივში მოძიებულ სიტყვას აერთიანებს, რომელთაც მკითხველი ინტერესით გაეცნობა.
"ბოლო წლებში საზოგადოებრივ ცხოვრებას მოწყვეტილი და განზე გამდგარი" (როგორც მას ხშირად აბრალებდნენ) ოთარ ჭილაძე, საკუთარ მოქალაქეობრივ თუ მწერლურ პოზიციას სწორედ წერილებით, ესსეებითა და ინტერვიუებით გვამცნობდა, რომლებშიც საკმაოდ მწვავედ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
"ჯერ კიდევ უნდა დავიცადოთ. ჯერ განუკითხაობა სუფევს ჩვენში და მედროვეთა დროა. ხომ ხედავთ, რას დავემსგავსეთ?! ვის ნოვატორი ჰგონია თავი, ვის გალაკტიონი ეპატარავება თვალში... საზოგადოება კი ბაიბურში არ არის... იმიტომ, რომ სიბნელის ნაშიერია, უწიგნურია და უჭირს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. ხოლო, გაზეთი და ტელევიზია ყოველთვის როდი ეუბნება სიმართლეს" – აი, ასეთია დიაგნოზი, რომელიც ოთარ ჭილაძემ დაუსვა თანამედროვე ქართულ საზოგადოებას.

ანა კალანდაძე, სიყვარულისგან ფართოვდება ქვეყანა, რედაქტორ-შემდგენელი გიორგი გოგოლაშვილი. თბ, “ინტელექტი”, 2009.


ანა კალანდაძის პროზა - ეს რაღაც ახალია, იტყვის ბევრი, ვისთვისაც მისი სახელი, უპირველესად, ნატიფ პოეზიასთან ასოცირდება, თუმცა, პოეტს საკმაოდ მდიდარი პროზაული მემკვიდრეობა დარჩა, რომელთა ნაწილი ერთხელ უკვე გამოქვეყნდა, ნაწილი კი მისსავე არქივში ინახება და დღის სინათლეს ელის. ანა კალანდაძის პროზაული ჩანაწერები 1996 წელს გამომცემლობა "საქართველომ" დასტამბა, თუმცა, წიგნის მცირე ტირაჟით გამოსვლის გამო მისი წაკითხვა ბევრმა ვერ მოახერხა. ამ ხარვეზის შესავსებად ლიტერატურათმცოდნე გოგი გოგოლაშვილმა წინამდებარე გამოცემა შემოგვთავაზა. 600-გვერდიანი ტომიდან მინიატურების, მოგონებების, საუბრებისა და ჩანაწერების ნაწილი შეარჩიეს და დასაჭაშნიკებლად ქართველ მკითხველს შესთავაზეს. მინიატურების სათაურების ჩაკითხვაც კი მიგვახვედრებს, კლასიკოსის პროზასთან რომ გვაქვს საქმეო - წერს შესავალში რედაქტორ-შემდგენელი და მართლაც, თქვენს წინაშეა "პოეტი პროზაიკოსის" ჩანაწერები.

ბესო ხვედელიძე, თაგვის გემო, თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

ბესო ხვედელიძემ უკვე კარგა ხანია დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მის შემოქმედებას ჰყავს ფანები, გულშემატკივრები, განმკითხავნი, განმქიქებელნი და უბრალოდ, მკითხველები. მართალია, მათი რიცხვი არცთუ ისე დიდია (როგორც ზოგადად, მკითხველთა რაოდენობა საქართველოში), თუმცა, ეს ადამიანები ინტერესით ელოდებიან მწერლის ყოველი ახალი ნაწარმოების გამოსვლას. ჰოდა, სწორედ მათ გასახარად, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" ბესოს ახალი კრებული - "თაგვის გემო" დაბეჭდა. წიგნში ავტორის 17 მოთხრობა შევიდა, რომელთა უმეტესობა ბოლო 2-3 წელიწადში დაიწერა და აქამდე გამოსულ ვერცერთ კრებულში ვერ იხილავთ. განსაკუთრებით რამდენიმე მათგანს გამოვყოფდი, რომელთაც ყველაზე მეტად დამამახსოვრა თავი: რასაკვირველია, "თაგვის გემო," რომელიც ამ წიგნში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, "რუსთაველი შოთა," "ბრმების ქალაქი" და "წითელი ჯვარი."
მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ბესოს მოთხრობები მის რომანებზე გაცილებით მეტად მომწონს (მართალია, ამ უკანასკნელთა რაოდენობა არც ისე ბევრია). მოთხრობა ის ჟანრია, სადაც მწერლის ფანტაზია, ნიჭი და თხრობის უნარი მაქსიმალურად ვლინდება. ამ მხრივ ეს კრებული კიდევ ერთხელ ასიამოვნებს მკითხველს.

დავით ქართველიშვილი, პროზისა და საკუთარი თავის შესახებ.
თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.


როგორც შესავალში გვამცნობს, ეს წიგნი ერთ-ერთი ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორის თხოვნით შექმნა, რომელმაც 2008 წლის ნოემბერში დაურეკა და საახალწლოდ მოთხრობის დაწერა შესთავაზა. თავდაპირველად გადაწყვიტა ესსესთვის "ჩემი პროზის შესახებ" ეწოდებინა, თუმცა, საბოლოოდ "პროზისა და საკუთარი თავის შესახებ" დაარქვა.
საინტერესო და მრავალმხრივი, ხშირ შემთხვევაში არაორდინარული მსჯელობა წმინდა ლიტერატურულ საკითხებზე, რომელსაც თან ერთვის მნიშვნელოვანი ეტაპები ავტორის ავტობიოგრაფიიდან. დავით ქართველიშვილი ყოველგვარი სიყალბისა და თავმდაბლობის გარეშე საუბრობს თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის ისეთ მტკივნეულ თემებზე, როგორიც არის წერა შეკვეთით, მწერლის ამაღლებული, ზეადამიანური იმიჯის მსხვრევა, რომელიც დრომ მოიტანა; ასევე, დროის მიერ "შემოგდებულ" ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიცაა ნარკომანია და პროსტიტუცია, ლიტერატურული კონიუნქტურა, თანამედროვე ლიტერატურული პროცესები და ა.შ.
წმინდა ლიტერატურულ პრობლემატიკასთან ერთად ავტორი საკუთარ თავზეც გვიყვება, იმ ადამიანებსა და მოვლენებზე, რომელთაც მის შემოქმედებაზე მოახდინეს გავლენა. ეს ყველაფერი მსუბუქი იუმორით და მცირეოდენი ირონიითაცაა მოწოდებული.
დავით ქართველიშვილი მიწიერი ავტორია, ის არ დაფრინავს ცაში და არც ოცნების კოშკებს აგებს, თუმცა, ამ ესსეში დროდადრო სენტიმენტალურობაც იგრძნობა, რომელიც ერთგვარად ანეიტრალებს ერთი შეხედვით, საკუთარ თავზე შეყვარებული მწერლის გამაღიზიანებელ იმიჯს.

ორჰან ფამუქი, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, თურქულიდან თარგმნა ნანა ჯანაშიამ, რედაქტორი რუსუდან გორგაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.


ცნობილი თანამედროვე თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის პირველი რომანი, რომელმაც ავტორს აღიარება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ "ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" არ გახლავთ ნობელიანტი ავტორის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები (იგი ვერ შეედრება ისეთ გახმაურებულ რომანებს, როგორიცაა "მე მქვია წითელი" და "თოვლი"), ქართველი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, მშობლიურ ენაზე გაეცნოს ფამუქის შემოქმედებითი გზის დასაწყისს.
წიგნში მოთხრობილია ერთი ოჯახის სამი თაობის ისტორია, რომელიც სტამბოლის ნიშანთასის უბანში ცხოვრობს, სწორედ იქ, სადაც თავად ფამუქი გაიზარდა. ორი ძმა რადიკალურად განსხვავებულ ცხოვრებისეულ გზას ირჩევს: ჯევდეთ ბეი - ვაჭრის გზას დასდგომია, პროგრესულად მოაზროვნე ნუსრეთი კი ერთი იდეითაა შეპყრობილი - როგორ შემოიტანოს განვითარებული ევროპული სიო თავის ჩამორჩენილ, დამყაყებული აზროვნებით გაჟღენთილ ქვეყანაში. მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში იწყება და 70-იანებში გრძელდება. ფამუქი რევოლუციისშემდგომი თურქეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ გვიამბობს, იმ სასიკეთო ძვრებზე, რაც ქვეყანაში ათა-თურქის მმართველობამ მოიტანა, თუმცა, ეს ყველაფერი ადგილობრივი ფუნდამენტალისტი მოსახლეობისთვის იოლი გადასალახი არ აღმოჩნდა. რა სირთულეებს უკავშირდებოდა რესპუბლიკის შექმნა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და რა გავლენა იქონია მან თურქული საზოგადოების ცნობიერებაზე, რომანიდან შეიტყობთ.

ზურაბ ქარუმიძე, "ჯაზის ცხოვრება", რედაქტორი გია ჭუმბურიძე, თბ. “სიესტა”, 2009.

პირველი წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე ჯაზის შესახებ წავიკითხე, ვახტანგ ჯალიაშვილის "ინსტრუმენტული ჯაზი" იყო, 70-იან წლებში დაბეჭდილი გაცრეცილი გამოცემა, რომელიც იმ პერიოდისთვის ალბათ, ამ თემაზე დაწერილი ერთადერთი წიგნი გახლდათ ჩვენს სინამდვილეში, მას შემდეგ გავიდა წლები, აკრძალვა ჯაზზე მოიხსნა, მისი მოსმენა ე.წ. კარგი ტონის აუცილებელი შემადგენელიც კი გახდა, მით უმეტეს, თუ ინტელექტუალობაზე დებდი თავს; გაფართოვდა ამ ჟანრის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და მოსმენის შესაძლებლობები, გაჩნდა არაერთი მიმართულება, თუმცა, ქართულ ენაზე ჯაზურ მუსიკასთან ზიარების ბედნიერება ისევდაისევ ჯალიაშვილის გაყვითლებული გამოცემით იყო შესაძლებელი. და აი, ნავსი გატყდა. მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ ძალიან კარგი წიგნი შემოგვთავაზა, რომელსაც "ჯაზის ცხოვრება" ჰქვია. "მე არც მუსიკისმცოდნე ვარ და არც ისტორიკოსი - ამდენად რაიმე მუსიკალური ჟანრის ისტორიის დაწერა ფიქრადაც არასოდეს გამივლია. ოღონდ ეგაა, რომ სიყვარულმა კაცს შეიძლება გონება აურიოს... ჰოდა, მეც სიყვარულმა დამაწერინა ეს წიგნი - ჯაზური მუსიკის სიყვარულმა" - წერს გამოცემის წინათქმაში ავტორი და 433 გვერდზე გვიყვება ჯაზის ისტორიას - წარმოშობიდან დღემდე. ასევე, გვაცნობს იმ ადამიანებსაც, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის, ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან - უინტონ მარსალისამდე.

კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, თბ. “საქართველოს ეროვნული მუზეუმი”, 2009.

პოლონური წარმოშობის მხატვრების, ძმები ზდანევიჩების სახელს ქართული კულტურის დამფასებლები კარგად იცნობენ, თუმცა, ახალი თაობისთვის მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბევრი რამ უცნობია.
ეს კატალოგი საქართველოს ერონული მუზეუმისა და ალექსანდრე დიუმას სახელობის კულტურის ცენტრის ერთობლივი საჩუქარია ხელოვნების მოყვარულთათვის. მასში შესულია საინტერესო დეტალები ძმები ზდანევიჩების ცხოვრებისა და მოღვაწეობიდან. პოლონური წარმოშობის მიუხედავად, ისინი თავს ნამდვილ ქართველებად მიიჩნევდნენ. სწორედ მათ სახელს უკავშირდება ფიროსმანის შემოქმედების აღმოჩენა და მისი ევროპელთათვის გაცნობა. 1916 წელს სწორედ ზდანევიჩების სახლში გაიმართა მხატვრის ნამუშევრების პირველი გამოფენა. ამ საქმეში განსაკუთრებით უმცროსი ძმა, ილია აქტიურობდა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა პიკასოსთან ერთად. მისმა მონათხრობმა ფიროსმანის შესახებ იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ესპანელ გენიოსზე, რომ ამ უკანასკნელმა ქართველი მხატვრის წამოსახვითი პორტრეტი შექმნა. სწორედ ეს პორტრეტი ამშვენებს ილია ზდანევიჩის მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემულ წიგნს "ფიროსმანაშვილი 1914."
კატალოგში ძმების ნამუშევრებსა და ფოტოებთან ერთად წარმოდგენილია საინტერესო ტექსტუალური მასალაც, რომელიც ზდანევიჩების ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

როინ მალაყმაძე, ლიგანის ხეობა. რედაქტორი ნოდარ კახიძე. თბ, არტანუჯი, 2008.

ეს წიგნი ლიგანის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული შესწავლის პირველი ცდაა. ხეობის, რომლის ნაწილი დღეს თურქეთის ფარგლებშია მოქცეული. ისტორიკოსმა და ეთნოგრაფმა როინ მალაყმაძემ საკმაოდ დიდი შრომა ჩადო ამ ნაშრომის ეთნოგრაფიული მასალის მოპოვებაზე. როგორც მოგახსენეთ, ხეობის ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზეა და იქ მუშაობა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. ამის მიუხედავად, ახალგაზრდა მეცნიერმა მოახერხა სერიოზული კვლევის ჩატარება და კარგად წარმოაჩინა ლიგანის ხეობის როლი ჭოროხის ხეობისა და მთლიანად სამხრეთ-საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ ცხოვრებაში.
წიგნში მოთხრობილია ხეობის ისტორია ოსმალთა ბატონობამდე, ბატონობის პერიოდში და მისი საქართველოსთან დაბრუნების შემდეგ. დახასიათებულია სოფლის მეურნეობის დარგები, სულიერი და მატერიალური კულტურა და ა.შ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Saturday, November 21, 2009

ჯორჯ ორუელი – წიგნით მოვაჭრის მოგონებები


ჩემდა გასაოცრად, ბუკინისტურ მაღაზიაში (ანუ, ზოგიერთის წარმოდგენით, ერთგვარ "პატარა სამოთხეში", სადაც სანდომიანი ბერიკაცი გამუდმებით იქექება ფოლიანტებში) მუშაობისას იშვიათად ვხვდებოდი ჭეშმარიტ ბიბლიოფილებს. მაღაზიაში საინტერესო ფონდები ინახებოდა, მაგრამ მყიდველთა მხოლოდ ათიოდ პროცენტი თუ განასხვავებდა კარგ წიგნს უხეიროსგან. ლიტერატურის მოყვარულთ ჭარბობდნენ პირველ გამოცემათა შეძენით დაინტერესებული სნობები. ზოგჯერ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები კითხულობდნენ იაფფასიანი ქრესტომათიების ღირებულებას. კლიენტთა ძირითად მასას კი შეადგენდნენ ქალები, რომლებიც ბავშვებისთვის დაბადების დღის საჩუქრებს ყიდულობდნენ.
ბევრი მუშტარი აუტანლად გვაბეზრებდა თავს. მაგალითად, სასიამოვნო გარეგნობის მოხუცებული ქალბატონი ეძებდა "წიგნს ინვალიდისთვის" (ეს ძალზე ხშირად ხდებოდა). ერთმა დარბაისელმა მანდილოსანმა 1897 წელს წაიკითხა "არაჩვეულებრივად საინტერესო წიგნი" და ახლა გვთხოვდა, გვეშოვნა ის. საუბედუროდ, არც სახელწოდება ახსოვდა, არც ავტორი, არც - შინაარსი, მაგრამ იცოდა, რომ წიგნს წითელი გარეკანი ჰქონდა. ბუკინისტებს განსაკუთრებით აწამებენ ორი ტიპის ადამიანები: ჯერ ერთი, ბეხრეკი, ობმოკიდებული ბებრუცუნები, რომლებიც ყოველდღე, ხშირად კი - დღეში რამდენჯერმე მიდიან ბუკინისტებთან და ცდილობენ, გაყიდონ თავიანთი ხარახურა; სხვები კი უკვეთენ უამრავ წიგნს, რომელთა გამოსყიდვასაც არ აპირებენ. ჩვენს მაღაზიაში კრედიტით არაფერი იყიდებოდა, მაგრამ შეგვეძლო წიგნების გადანახვა ან მათი შეკვეთა კლიენტებისთვის. დამკვეთთა თითქმის ნახევარი არასოდეს მოდიოდა წიგნების წასაღებად, რაც ჩემს გაკვირვებას იწვევდა. ისინი გვიკვეთდნენ იშვიათ, ძვირადღირებულ წიგნებს, რამდენჯერმე გვახსენებდნენ თავს, შემდეგ კი სამუდამოდ უჩინარდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი - უეჭველად, ნამდვილი პარანოიკი - მაღალფარდოვანი კილოთი გვიამბობდა ძალზე გულისამაჩუყებელ ამბებს, რაც კი თავს გადახდენოდა, შემდეგ კი გვიხსნიდა, რომ საფულე შინ დარჩა (მგონი, ეს თვითონაც სჯეროდა). ისეთ ქალაქებში, როგორიც ლონდონია, მრავლად ნახავთ მოცლილ შერეკილებს, რომელთა ბრტყელ-ბრტყელი გამოთქმების მიღმა უმწეობა და დაბნეულობა შეიგრძნობა. მათ მაგნიტივით იზიდავს წიგნის მაღაზიები, სადაც შეიძლება მთელი დღე გაატარო ისე, რომ ერთი პენსიც კი არ დახარჯო. გარკვეული დროის შემდეგ ასეთ ადამიანებს ადვილად ვარჩევდი ჩვეულებრივი კლიენტებისგან. ხშირად, მორიგი პარანოიკის შემოსვლისთანავე, თაროებიდან ვიღებდით იმ წიგნებს, რომელთაც ის მოითხოვდა, მისი წასვლის შემდეგ კი წიგნებს თავის ადგილას ვდებდით. შევნიშნე, რომ არც ერთ მათგანს არ უცდია, მალულად ან საფასურის გადახდის გარეშე წაეღო წიგნი. ისინი მხოლოდ შეკვეთებს გვაძლევდნენ და ამ გზით საკუთარ თავს უმტკიცებდნენ, რომ შეძლებული, გადახდისუნარიანი ადამიანები გახლდნენ.
ისევე, როგორც ბუკინისტთა უმრავლესობა, ჩვენც ვეწეოდით სხვადასხვაგვარ დამატებით საქმიანობას: ვყიდდით ნახმარ საბეჭდ მანქანებს ან, მაგალითად, მარკებს - გამოყენებულ მარკებს ვგულისხმობ (მარკების შემგროვებლები - ახირებული, სიტყვაძვირი ადამიანების საგანგებო მოდგმაა). ვყიდდით აგრეთვე ჰოროსკოპებს. მათ ადგენდა ერთი სუბიექტი, რომელმაც გამოგვიცხადა, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა წინასწარ განვჭვრიტეო. ჰოროსკოპები დაწებებულ კონვერტებში ეწყო. ჩვენი კლიენტები ხშირად გაოცებით გვიმხელდნენ, რომ მათი ჰოროსკოპები "სწორი" იყო (რა თქმა უნდა, ჰოროსკოპი "სწორია", თუ ის გაუწყებთ თქვენი გარეგნული მიმზიდველობის შესახებ, ან კიდევ - იმას, რომ თქვენი ძირითადი ნაკლი - ჭარბი გულუხვობაა). მომგებიანი იყო საბავშვო წიგნებით ვაჭრობაც. თანამედროვე საბავშვო წიგნები მართლაც რომ ამაზრზენია. პირადად მე ბავშვს უფრო პეტრონიუს არბიტრს წავაკითხებდი, ვიდრე - "პიტერ პენს", მაგრამ თვით ჯეიმს ბარიც გაცილებით გაბედული და თანმიმდევრულია, მის გვიანდელ მიმბაძველებთან შედარებით. საშობაოდ, ათი დღის განმავლობაში, გამალებით ვაგზავნიდით ღია ბარათებსა და კალენდრებს (ეს დამღლელი, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, შემოსავლიანი საქმეა), რომელთა გამომშვები ფირმები დაუფარავი ცინიზმით ეწეოდნენ ქრისტიანული გრძნობების ექსპლუატაციას. ისინი ჯერ კიდევ ივნისში გვიგზავნიდნენ თავიანთ კატალოგებს. დამამახსოვრდა ზედნადები ქვითრის ერთი სტრიქონი: "ოცდაოთხი ჩვილი იესო ბოცვრებით".
ამასთან, ჩვენი დამატებითი საქმიანობის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, სადაც მკითხველებს არ სთხოვდნენ გირაოს დატოვებას. მხატვრული ლიტერატურის ხუთასი თუ ექვსასი ტომი გვქონდა. ასეთი ბიბლიოთეკები იზიდავს წიგნის ქურდებს. უადვილესი რამაა ერთ ბიბლიოთეკაში ორპენსიანი წიგნის მოპარვა, ფასის წაშლა და შემდეგ სხვა ბიბლიოთეკაში მისი გაყიდვა ერთ შილინგად. მიუხედავად ამისა, წიგნით მოვაჭრეების აზრით, უფრო მომგებიანია წიგნების ნაწილის დაკარგვა (ჩვენი მაღაზიიდან ყოველთვიურად თორმეტი წიგნი მაინც იკარგებოდა), ვიდრე - კლიენტების დაფრთხობა გირაოს მოთხოვნით.
მაღაზია ჰემპსტედსა და კედმენ-ტაუნს შორის იყო განლაგებული. უამრავი კლიენტი გვყავდა, ბარონეტებით დაწყებული და ავტობუსთა კონდუქტორებით დამთავრებული. შესაძლოა, ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველები ლონდონის მკითხველი საზოგადოების ტიპური წარმომადგენლები გახლდნენ. ალბათ, დაინტერესდებით, რომელ ავტორს კითხულობდნენ ყველაზე ხშირად. პრისტლის? ჰემინგუეის? უოლპოლს? უოდჰაუზს? არა. პირველ ადგილზე იყო ეტელ მ. დელი, მეორეზე - უორვიკ დიპინგი, ხოლო მესამეზე - ჯეფრი ფარნოლი. რა თქმა უნდა, დელის რომანებს კითხულობდნენ მარტოოდენ ქალები, მაგრამ - ყველა ტიპისა და ასაკის ქალები, და არა მხოლოდ მარტოობისგან გაბეზრებული შინაბერები ან თამბაქოს მაღაზიების მეპატრონეთა ჩასორსლებული ქვრივები (როგორც ამას ხშირად ფიქრობენ). სწორი არაა შეხედულება, თითქოს მამაკაცები საერთოდ არ კითხულობენ რომანებს, მაგრამ ისინი თავს არიდებენ ხოლმე მათ გარკვეულ სახეობებს. ეგრეთ წოდებული "საშუალო" რომანი - ესე იგი, ჩვეულებრივი, წყალნარევი ჰოლსუორთი, რომელიც ინგლისური რომანისთვის ნორმად იქცა, - მგონი, მხოლოდ ქალებს იზიდავს. მამაკაცები კითხულობენ სოლიდურ რომანებს ან დეტექტივებს, მაგრამ დეტექტივებს ისინი უჩვეულო რაოდენობით ნთქავენ. ერთ-ერთი მკითხველი ყოველკვირეულად სანსლავდა ჩვენი ბიბლიოთეკიდან წაღებულ ოთხ-ხუთ დეტექტივს (სხვა ბიბლიოთეკიდანაც მიჰქონდა წიგნები), თანაც მაკულატურის ეს უზარმაზარი ნაკადი (ერთი წლის განმავლობაში წაკითხული გვერდების რაოდენობა, ალბათ, სამ მეოთხედ აკრს დაფარავდა) სამუდამოდ რჩებოდა მის მეხსიერებაში. სახელწოდებები და ავტორები არ ახსოვდა, მაგრამ წიგნის დანახვისთანავე ხვდებოდა, წაკითხული ჰქონდა თუ არა ის.
ბიბლიოთეკაში ვლინდება ადამიანთა რეალური გემოვნება და არა მათი მოჩვენებითი პრეტენზიები. ინგლისელ კლასიკოსთა - დიკენსის, თეკერეის, ჯეინ ოსტინის, ტროლოპის და ა.შ. - რომანები არავის აინტერესებს. მეცხრამეტე საუკუნის რომანები, თანამედროვე მკითხველთა აზრით, "დახავსებულია", მაგრამ დიკენსისა და შექსპირის გაყიდვა ძნელი როდია. დიკენსი ის მწერალია, რომლის წაკითხვას მკითხველები ყოველთვის "აპირებენ" და რომლის შესახებ (ბიბლიის მსგავსად) მათ გარკვეული წარმოდგენა აქვთ. თანამედროვე ადამიანებმა ყურმოკვრით იციან, რომ ბილ საიქსი ქურდი გახლდათ, მისტერ მიკობერი კი მელოტი იყო, ისევე, როგორც გაგონილი აქვთ, რომ მოსე ლერწმის კიდობანში იპოვეს და მან სახე დაიფარა, რადგან ღვთის ხილვისა ეშინოდა... მეორე თვალსაჩინო ტენდენცია - ამერიკული წიგნების მზარდი არაპოპულარობაა. ნაკლები მოთხოვნაა, აგრეთვე, ნოველებზე. ბიბლიოთეკაში მოსული ადამიანები, ჩვეულებრივ, მაშინვე აცხადებენ: "ნოველები არ მომცეთ" (ჩვენი ერთი გერმანელი კლიენტი ამბობდა, არ მსურს "პაწაწინა მოთხრობების" კითხვაო). თუ მიზეზით დაინტერესდებით, გეტყვიან, რომ დამქანცველია ახალ-ახალი პერსონაჟების დამახსოვრება, მაშინ, როდესაც რომანის პირველივე თავის წაკითხვის შემდეგ ყველაფერი "წყალივით მიდის". ჩემი აზრით, ამაში ბრალი მიუძღვით მწერლებს, და არა - მკითხველებს. ბევრი თანამედროვე ინგლისური და ამერიკული ნოველა უფრო უსიცოცხლო და უფერულია, ვიდრე - რომანები. კარგი მოთხრობები საკმარისად პოპულარულია: მაგალითად, დ. ლოურენსის მოთხრობები ისევე ინტერესით იკითხება, როგორც - მისი რომანები.
მინდოდა თუ არა, პროფესიად გამეხადა წიგნით ვაჭრობა? საბოლოო ანგარიშში - მაღაზიის პატრონის სათნო ხასიათისა და იქ გატარებული ბედნიერი დღეების მიუხედავად, - არა.
საკმარისი ოდენობის კაპიტალი, მისი გონივრულად გამოყენების შემთხვევაში, განათლებულ ადამიანს საშუალებას აძლევს, ამის გარეშეც იოლად გავიდეს. მიუხედავად ამისა, წიგნით ვაჭრობას მიმართავენ "იშვიათი" წიგნების მოსაპოვებლად. ამ საქმის შესწავლა ადვილია, ხოლო თუ თქვენთვის ნაცნობია გასაყიდი წიგნების შინაარსი, წარმატებული ვაჭრობა უზრუნველყოფილია (გამყიდველთა უმრავლესობა წიგნებს არ კითხულობს. დააკვირდით ჩანაწერებს შეკვეთილი წიგნების შესახებ. თუ იქ არ იპოვით ბოსუელის "დაცემასა და განადგურებას", ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად ნახავთ თ. ელიოტის "ფლორის წისქვილს"(1)). თანაც, ეს ჰუმანური პროფესიაა, რომლის ვულგარიზება ძნელად თუ მოხერხდება. სინდიკატები ვერასოდეს გამოდევნიან დამოუკიდებელ წიგნით მოვაჭრეს, თუმცა მათ გამოდევნეს ბაყალი და მერძევე. ამასთან, ეს შრომატევადი პროფესიაა. მე მხოლოდ დღის გარკვეული ნაწილის განმავლობაში ვირჯებოდი მაღაზიაში, მაგრამ მისი პატრონი კვირაში 70 საათს მუშაობდა, თუ არ ჩავთვლით ხშირ ვოიაჟებს წიგნების შესაძენად. წიგნით ვაჭრობა არაჯანსაღი სამუშაოცაა; როგორც წესი, მაღაზიაში ცივა, რადგან სითბოსგან ფანჯრები იორთქლება, ფანჯრები კი - ვიტრინაა. ამასთან, არც ერთ საგანზე არ გროვდება იმდენი მავნე მტვერი, რამდენიც - წიგნებზე, და არსად ისე მრავლად არ იხოცებიან ბუზები, როგორც - წიგნების ყდებზე. მაგრამ მთავარი მიზეზი, რომლის გამოც უარი ვთქვი წიგნით მოვაჭრის პროფესიაზე, - ისაა, რომ აღარ მიყვარს წიგნები. კლიენტების მოტყუების შემდეგ გამყიდველს თავისი უსიამოვნო განცდები წიგნებზე გადააქვს. ამ განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებს წიგნების პერიოდული გაწმენდისა და გადაადგილების აუცილებლობა. ოდესღაც მართლაც მიყვარდა წიგნების (განსაკუთრებით, ძველი წიგნების) სურნელი, მსიამოვნებდა მათი ფურცვლა. ვნეტარებდი, როდესაც სოფლად გამართულ აუქციონზე წიგნების დასტას ერთ შილინგად ვიძენდი. მახარებდა მოულოდნელი აღმოჩენები: მეთვრამეტე საუკუნის დავიწყებული პოეტები; გაცრეცილი გაზეთები; ძველი რომანების ცალკეული ტომები; სამოციანი წლების ქალთა ჟურნალები. აბაზანაში ყოფნისას, ან უძილო ღამით, ან კიდევ - ლანჩამდე დარჩენილი თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში არაფერი სჯობს "გოგონათა გაზეთის" უკანასკნელი ნომრის გადათვალიერებას. მაღაზიაში მუშაობისას კი წიგნებზე გული ავიყარე. როდესაც ყოველდღე უყურებ ხუთ ან ათ ათას ტომს, წიგნები აღარ გიზიდავენ. ახლა დროდადრო ვყიდულობ თითო-თითო წიგნს, რომელთა წაკითხვაც მსურს და რომელთაც არავინ მათხოვებს. და არასოდეს ვიძენ ძველ წიგნებს. გაცრეცილი ქაღალდის საამო სურნელი აღარ მიზიდავს. ჩემს ცნობიერებაში ის განუყოფლად უკავშირდება პარანოიდულ კლიენტებსა და მკვდარ ბუზებს.

1. აქ მწერალი ქირდავს წიგნით მოვაჭრეთა უმეცრებას. "რომის იმპერიის დაცემა და განადგურება" - ინგლისელი ისტორიკოსის, ე. გიბონის თხზულებაა, ხოლო რომანი "ფლორის წისქვილი" ეკუთვნის ჯორჯ ელიოტის კალამს.

თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”


ბესო ხვედელიძე – ჯაჭვური რეაქცია

მე ნესტორ ბლიაძიშვილი ვარ - 40 წლის თმაგაცვენილი, ცოტათი ოღროჩოღრო თავის მქონე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი (ცოტათი ოღროჩოღრო თავი მე მაქვს და არა “მარშრუტკას”. მისი თავი უბრალოდ აქერცლილია).
მე კი არავინ მეკითხება, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ქალი უშნოა, მაშინ ჯიგარი მაინც უნდა იყოს. სხვანაირად ეგეთი ქალი გახეული და სკოჩით გადაწებებული ლარიანიც არ ღირს. სამაგიეროდ, ჩემი აზრით, ლამაზ ქალს აქვს უფლება იყოს შტერი და სულელი! მეგრულ წიწაკასავითაც შეუძლია იყოს!.. თან ტვინში სელაპივითაც უსლიპინებდეს - ეგრეც შეიძლება, რადგანაც მის ამ ცუდ მხარეს ლამაზი გარეგნობა ფარავს. მე რომელს ვარჩევ? მე პირადად სრულყოფილებისკენ ვარ, მაგრამ რადგან არც არაფერია ჩემს გარშემო სრულყოფილი, საქმე საქმეზე მიდგეს და ორივეზე ორივე ხელს ვწევ (გააჩნია სიმთვრალეს). არა, ერთს მაინც აუცილებლად ხმამაღლა ვიტყვი - მიუხედავად საკუთარი დიდი ვერაფერი გარეგნობისა, თვალი მაინც უფრო სილამაზისკენ გამირბის, ვიდრე სიჯიგრისკენ. უჰ, აბა სად კაი სამნომერძუძუიანი, კრიალაკანიანი და გრძელფეხება ქალი, რომელმაც არ იცის სადაა გელენჯიკი, და სად უმკერდო, ვიწრომენჯიანი და ფეხებდაბრეცილი ქალი, რომელმაც იცის სადაა გელენჯიკი. დარწმუნებული ვარ, ჩემნაირად ბევრი ფიქრობს, და თუ სხვანაირად ფიქრობენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ სხვანაირ ფიქრებში. ბოლოს და ბოლოს არ გავკარი გელენჯიკს?
ქალებზე რომ დავიწყე ლაპარაკი, ეგ იმის ბრალია, რომ ამხელა ჯორივით ვირს ჯერ ცოლიც არ მომიყვანია. ქალებშიც, ამ სამარშრუტო ტაქსის გადამკიდე, ხშირად ვერ დავიარები. არც ადრე მქონია მაინცდამაინც ატალახებული ჩემი უბნელი “მეძავეების”, მარინასა და დოდოს ბინები, სამარშრუტო ტაქსზე დაჯდომამ კი საერთოდაც გაურკვეველი ვადით დამაზეპირებინა 10 მცნებათაგან “არა იმრუშო”. სარკიდან მგზავრთა მუშტრის თვალით თვალიერებას ცოდვად ნამდვილად ვერ ჩავითვლი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გამიშიშვლებია მზერით, და ბევრისთვის სად აღარ დამითვლია ხალები და სხვა რამეებიც.
ისევ მივედ-მოვედები, ძირითად ამბავს კი ვერაფრით მივუდექი! მოკლედ, ნესტორი რომ მქვია, ამაზეც ვიტყვი.
ჩემზე ამ სახელის დარქმევას ძალიან უცნაური ისტორია აქვს. ეს არაა არავითარი ბაბუის, დიდი ბაბუის და წინაპრის, საპატივცემულოდ დარქმეული სახელი. არ ვიცი რატომ (ვერც ჩემებმა გაიგეს და დაადგინეს), მაგრამ მე რკინიგზის სამშობიაროში ერთი ნესტოთი დავიბადე. არა! ერთი ნესტო დახურული კი არ მქონია და მეორე ღია, არამედ ორივე გაერთინებული - ანუ მოვევლინე მე ამ ქვეყანას იმ ნესტოებშორისი ხრტილის, იგივე “პერეგაროდკის” გარეშე. რა უნდა ექნათ ჩემს საცოდავ მშობლებს. ცხონებულები მაშინ ამას იმდენად ჩააჭიჭინდნენ, რომ დაივიწყეს წინასწარ მოფიქრებული სახელები (ნოე, ლეო და გენადი), და გაერთიანებულნესტოიანობის გამო პირდაპირ ნესტორი ჩამიწერეს დაბადების მოწმობაში.
ისე, სადღაც სწორედ ამ ერთი და ფართე ნესტოს ბრალიცაა, რომ ჯერ ცოლი არ მომიყვანია. არა, გარედან კი არ ჩანს, ერთი ნესტო რომ მაქვს, მაგრამ მისი გადამკიდე ცხვირის ისეთი საშინელი ცემინება ვიცი, შეშურდებოდა ძველ კალათბურთელ ტკაჩენკოს... ეგეთს კიდევ, აბა რომელი კულტურული ქალი გამომყვება... არა, ისე, ტკაჩენკოს ცხვირის ცემინების შესახებ მე არაფერიც არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ დროსAმსაჯებსაც და იატაკის მომწმენდებსაც შიშისგან კუილი ძვრებოდათ. ეს არავის გაუგონია და თავისი თვალითაც არავის დაუნახავს. ეს მართლა მე მოვიფიქრე!.. და როცა მძღოლები სმენის დამთავრების მერე “გომს” და ლიმონათს ვსვამთ, ამას ვიხსენებ როგორც ადრე, სპორტის სასახლეში ჩემი თვალით ნანახს, და ყოველ მოყოლაზე ამ ისტორიას ახალ დეტალით ვამდიდრებ.
რამდენი ვილაპარაკე, და მთავარს კი მაინც ვერაფრით მივადექი. მოკლედ, ამ ჩემი გაერთიანებულნესტოობის გამო ცხვირის ცემინება ვიცი – უსაზარლესი! არა! აქ მხოლოდ გამოცემული ხმებზე არაა ლაპარაკი, რომელიც შედგება უამრავი ხახისმიერი, სასისმიერი თუ ბებიაჩემისმიერი თანხმოვნისგან და რატომღაც სრულდება მუდამ წივილიანი წამოძახილით “ხერთვისი-ბირთვისი-ყინწვისი”... ხომ იცით, ნორმალური, ორნესტოიანი ადამიანები, როგორც წესი ცხვირის ცემინებისას ხმარობენ ცხვირსახოცს, ან ცხვირზე იფარებენ ხელს, ან რა ვიცი კიდევ რას, მაგრამ მე ამ დროს იმხელა გამონადენი მაქვს ცხვირიდან, რომ ხაშის ჭამა შეიძლება შეძულდეს ადამიანს. ამიტომ, ცხვირსახოცის მაგივრად, სამარშრუტო ტაქსში, ჩემი სკამის ქვეშ, ყოველთვის მიდევს ძველისძველი, წითელ-კუბიკებიანი ბალიშისპირი. ისაა ჩემი ცხვირსახოცი ასეთ მომენტებში (ასეთი მომენტები კი მინდა გითხრათ რომ არცთუ იშვიათია, ვინაიდან ხან ვის აქვს მოღიავებული ფანჯარა და ხან ვის ჩემის ჩათვლით) და მერე, სულ მთლად დამბალს ჩემივე “მარშრუტკის” ფანჯრიდან ვფენ ხოლმე გარეთ. ეს მაგარი ჭკვიანური რამეა! ჯერ ერთი, გაქანებული სამარშრუტო ტაქსიდან გადმოფენილი ბალიშისპირი მალევე შრება, და მეორეც, თუკი გარეთ რამე მიტინგი ან საპროტესტო აქციაა (რაც ხშირია), ეს ჩემი სველი ბალიშისპირი თავისუფლად სწევს ხოლმე რომელიღაც დადებითი ქვეყნის (მგონი ხორვატიის) დროშის მაგივრობას.
ახლა კი, მგონი უკვე სულ მთლად ახლოს ვარ მთავართან და ბარემ იმასაც პირდაპირ ვიტყვი.
ხომ იცით, ქვეყანაში რა სიტუაციაცაა? სკოლები და ბაღები ლტოლვილებითაა სავსე. ბევრმა ისე დატოვა სახლი, ფეხზე ტუფლის ჩაცმაც ვერ მოასწრო. შიათ, წყურიათ. პასუხად, კეთილი ქალაქელი ხალხი ეზიდება მათთვის რაც აქვს ზედმეტი: ტანსაცმელი, ჭურჭელი, ნივთები. აბარებენ სპეციალურ პუნქტებში. მერე იქიდან ლტოლვილებზე ნაწილდებაო – ეგრე თქვეს რადიოში.
და განა მე რითი ვარ სხვაზე ნაკლები?
ჰოდა, გადავწყვიტე მეც შევწეოდი გაჭირვებულებს რამეთი. ისე, ბევრი კი ვერაფერი გავიმეტე, მაგრამ რაც გავიმეტე, ერთი უბრალო “მარშრუტკის” მძღოლისგან ეგეც საკმარისი იყო:
საკუჭნაო სავსე მქონდა 1939 წლიდან გამოშვებული საბჭოთა ჟურნალ “ოგონიოკებით”. ბევრი არ მიფიქრია - ავდექი, სულ ჩავზიდე და გავავსე ნახევარი “მარშრუტკა”. გადაყრა მენანებოდა - მაინც ჩემი ცხონებული მშობლების გამოწერილი და ნაგროვები იყო. იქ კიდევ, გადაფურცლავს ვინმე, წაიკითხავს. თუ არ წაიკითხა, შესახვევად გამოადგებათ, ან ცეცხლის დასანთებად, ან რა ვიცი კიდევ რაში – ტუალეტში გამოიყენებენ ბოლოს და ბოლოს. პრიალა ქაღალდი კია, მაგრამ ხელისგულში მოჭმუჭვნის შემდეგ მშვენიერი გამოსადეგია.
მოკლედ, ამასწინებზე, იმის მაგივრად, რომ ხაზზე გამოვსულიყავი (ეს ძირითადად უთენიას ხდება, ვინაიდან ბუნებით ტოროლა ვარ, ზოდიაქოთი მარჩბივი და შესაბამისად ძალიან ადრე მეღვიძება), ასე დატვირთული დილიდანვე პირდაპირ ჩამბარებელი პუნქტისკენ წავედი. წინა გვერდითა და ჩემს უკან მდებარე ორი სკამი სპეციალურად ცარიელი დავტოვე - იქნებ და გზაში ვინმე სამს დაექნია ხელი... ბარემ იმათაც გადავიყვანდი და ლარნახევარს არ დავკარგავდი. მანქანის სალონის დანარჩენი მხარე, როგორც ვთქვი, ძველი “ოგონიოკებით” იყო სავსე.
პირველივე მგზავრი, ზორბა აღნაგობის სამხედროფორმიანი მამაკაცი, რომელსაც გავუჩერე, ისეთ ანგელოსურ პახმელიაზე იყო, რომ უკუსვლით ამოვიდა სალონში, ჩემს უკან რომ ორი სკამია, იქ ხმაურით დაეხეთქა და ეგრევე დიამბეგური ხვრინვა ამოუშვა.
ერთი პირობა ძალიან დავფეთდი, უფრო სწორად მომავალი ორი მგზავრის მაგივრად დავფეთდი, რომლებიც ასეთ ვინმესთან ერთად არ მოინდომებდნენ მგზავრობას, კარსაც მომიჯახუნებდნენ და მაზარალებდნენ, მით უმეტეს რომ არც ეს ჩანდა რამის გადამხდელი და თან სამხედრო ფორმა ეცვა. ამიტომ, სამარშრუტო ტაქსიდან გადმოვედი, სალონში შესულმა ერთბაშად ორ სკამზე გადათხლეშილ პიროვნებას იღლიებში ხელი მოვკიდე და მისი ვერტიკალურად გასწორება მოვინდომე.
მისი სანახევროდ მოღიავებული ლაშებიდან გარდმომავალმა მძაფრმა სურნელმა მაშინვე მიმახვედრა, რომ ამ თავზეხელაღებულ მოქალაქეს მთელი ღამე გაეთენებინა რომელიღაც აქაურ ნესტიან დუქანში, ეჭამა რა სავარაუდოდ თხუთმეტამდე კატლეტი ახალი ტყემლით, ბადრიჯანი ნიგვზით, მარნეულის პომიდორი და ჩურჩხელა ძაფით. ამ ბოლო ნუგბარის მირთმევას მიდასტურებდა მისი პირიდან გადმოკონწიალებული ძაფი. რაც შეეხება სასმელს... მას, ასევე მძაფრი, ოღონდ უკვე ალკოჰოლური სურნელება ჰყიდიდა, რომ მუცელში აშკარად ჩაესხა ჯერ ოთხი კათხა ჩამოსასხმელი “ლომისი”, შემდეგ ორი ლიტრიანი არაყი “ხლებნაია”, რაზეც დაეყოლებინა ოთხ ლიტრამდე ჩამოსასხმელი წითელი ღვინო. სუნზევე ეტყობოდა, რომ ზედ შამპანიური “თამარიონიც” დაემატებინა. ვიდრე ამ ოხშივარადენილ პიროვნებას ვასწორებდი, სწორედ ასეთი მენიუც კი წარმომექმნა გონებაში და ცოტათი მადაც კი აღმეძრა.
კაი ხანს ვეჯაჯგურე. ის იყო ფანჯრისკენ სკამზე მიჯენას ვუპირებდი, რომ ჩემი შარვალი აქეთა სკამის მეტალის წიბოს გამოვდე და ზედ სასირცხო ადგილას გადავიგლიჯე. თითქოს ეს არ კმაროდა, ამ დროს, ლამის ბოლომდე გადათრეულ პიროვნებაზე ხელიც კი გამეშვა და მანაც მაინცდამაინც იმავე სკამის მეტალის წიბოს ჩამოჰკრა საფეთქელი... ეს იყო და, აქვე, ჩვეული “ხერთვისი, ბირთვისი, ყინწვისის” თანხლებით მთელი ძალით დამაცემინა და ჩემი ცხვიროსნული გადმონადენი ამ უცნობ პიროვნებას უკანასკნელ წვეთამდე სახეზე, კეფაზე და სამხედრო ფორმაზე დავანთხლიე.
“ვაი შენ დღეს, დაღუპულო, ნესტორ ბლიაძიშვილო...” – შემოვირტყი თავში ხელი და გონებამაც მყისვე გაასმაგებული გააფთრებით იწყო მუშაობა.
კიდევ კაი, სისხამი დილა იდგა და ბევრი არავინ მოძრაობდა გამზირზე, თორემ ხომ აუცილებლად დაინტერესდებოდნენ შუა ქუჩაში მდგარი და კარმოღიავებული სამარშრუტო ტაქსით. და რას აღმოაჩენდნენ შიგნით, ან ვის? ხვანჯარგამობდღვნილ ნესტორ ბლიაძიშვილს, ჩემი ცხვირის ლორწოში ამოვლებულ სამხედროფორმიანი მამაკაცის ცხედარსა და 1939 წლიდან გამოშვებულ ყველა “ოგონიოკს”. რას იფიქრებდნენ? რა თქმა უნდა, კაის არაფერს! და რას მოიმოქმედებდნენ?
“ჰოი, შენ, მახეში გაბმულო, ნესტორ ბლიაძიშვილო!” – ამოვიგმინე გუნებაში და მთელი ძალღონე მოვიკრიბე. დიდი ძალისხმევის შემდეგ ხელში ატატებული სამხედროფორმიანი მამაკაცის დასვრილი ცხედარი ცარიელ წინა სკამზე ძლივსძლივობით გადავახოხიალე, დავსვი და სამაშველო ქამრითაც დავაბი. აი ასე უკვე სავსებით ბუნებრივად გამოიყურებოდა ჩემი სამარშრუტო ტაქსის სალონი:
დილის 7 საათი. “მარშრუტკა”, სადაც მძღოლის გვერდით მხოლოდ ერთი მგზავრი ზის და უღვთო პახმელიაზე მყოფსა და ვითომც საკუთარ ნარწყევში ამოვლებულს ბუნებრივად ჩასძინებია.
რაღაც სასწრაფოდ უნდა მექნა. ჯერ კიდევ ეძინა თბილის-ქალაქს და ეს ხელს კიდევ უფრო მაძლევდა – ცხადი იყო, არ მოვყვებოდი საცობებში და არც მგზავრები წამიღებდნენ ტვინს. ამიტომ სადღაც მაინც ოპტიმისტურად მივაგელვებდი “მარშრუტკას” თბილისის ცარიელ ქუჩებში და თავში ათასნაირი საშინელება მიტრიალებდა; უპირველეს ყოვლისა – სასჯელი, რომელიც სავარაუდოდ მელოდა და გამიყენებდა გზას ციხისკენ. ამასვე მიდასტურებდა მთელ ხმაზე აღრიალებული მანქანის რადიო, სადაც ხრინწიან ხმაზე რუსულად მღეროდნენ: “КАКАЯ ОСЕНЬ В ЛАГЕРЯХ!”
“არ უნდა ნესტორ ბლიაძიშვილს ციხე!” – ამავე სიმღერის ტაქტსა და რიტმში ვღრიალებდი გუნებაში მეც ჩემის მხრივ და მანქანას დაშვებულზე სწრაფად მივაქროლებდი.
ნელ-ნელა ემატებოდა ქუჩას სხვა ტრანსპორტიც. უკლებლივ ყველას ფანჯრებიდან ქვეყნის დროშა ჰქონდა გადმოფრიალებული. სახლების ფანჯრებიდან და აივნებიდანაც იგივე ალმები გადმოეშვირათ. ვხვდებოდი, რომ ჩემი “მარშუტკა” ამ ყველაფრის ფონზე ისევე უცხოდ გამოიყურებოდა, როგორც სიტყვაზე ისევ ზემოთნახსენები ტკაჩენკო ქართულ საერთო აბანოში, ან სულაც ტელევიზია “კავკასია” დანარჩენი ქართული არხების გვერდით. ამიტომ ჩემი მრავალგზისნახმარი წითელ-კუბიკებიანი ბალიშისპირი ამჯერად მშრალი გავჩხირე ფანჯარაში და მაშინვე ბუნებრივად ჩავეწერე ქუჩის პატრიოტულ განწყობაში.
ეს იყო და, სწორედ აქ დამარტყა თავში საზარლად გენიალურმა აზრმა, რომლის განსახორციელებლად და მოსალოდნელი შარის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი რამ იყო საჭირო: გეზი სასწრაფოდ ახალი სასაფლაოსკენ უნდა ამეღო. გუშინ გათხრილ საფლავებიდან ერთ-ერთში, რომელთა გათხრასაც თავად ვესწრებოდი (გაგიმხელთ, რომ ერთ-ერთმა სამხედრო ნაწილმა მიქირავა და ამაყვანინა ჯარისკაცები დაღუპული მებრძოლებისთვის საფლავების გასათხრელად) თავისუფლად მოვასწრებდი ჩემ გვერდითა სკამზე მიქამრებული მამაკაცის ცხედარის ჩაგდებას და ზედ მიწის ისე მოყრას, რომ ვერავის ვერაფერი შეემჩნია; შუადღისკენ კი მავანნი იმავე საფლავში ჩვეულებრივად ჩაასვენებდნენ რომელიმე დაღუპული უცნობი თუ ნაცნობი ჯარისკაცის კუბოს და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
ამ ვერაგი იდეის განხორციელება არ გამჭირვებია, რადგანაც ჩემდა ბედად სასაფლაო სრულიად ცარიელი დამიხვდა. მინდა აქვე გავამხილო, რომ საფლავში ჩასასვენებელი სამხედროფორმიანი მამაკაცის დაჩხრეკვა და მისთვის ჯიბეების ამოსუფთავება წამით არ მომსვლია აზრად, რადგანაც ზუსტად მამაკაცის მანქანიდან გადმოთრევისას ამიბობოქრდა სულში 10 მცნებათაგან კიდევ ერთი – “არა იპარო”, უკან წამოქროლებულს კი, უკვე სულ აღარ მეჩამბარებელპუნქტებოდა, ოღონდ სახლამდე დროულად მიმეღწია, ამომესუნთქა და გადახეული შარვალი დამეკერებინა. უბრალოდ, ერთი იყო – უკვე შუადღე იდგა, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაკეთებული ხალხის ჯაჭვი მაყოვნებდა, კაი გემრიელი წყელვა-კრულვაც მესმოდა ჩემი და ჩემი “მარშრუტკის” მისამართით, თუმცა ფანჯრიდან გადაკიდებული ჩემი წითელ-კუბიკებიანი ბალიშისპირის დანახვაზე ყველანი ერთხმად დუმდებოდნენ, თავს მანებებდნენ და სხვა ტრანსპორტისკენ ილტვოდნენ.
ხალხის ჯაჭვი მაინც მაგვიანებდა, მაგრამ მთავარი უკვე უკან იყო.
სწორედ ამ დროს მოვკარი თვალი ჩემ უბნელ “მეძავეებს” მარინასა და დოდოს, რომლებსაც სხვა მათნაირებთან ერთად ჩაეჭიდათ ერთმანეთისთვის ხელი და აქციაში მონაწილეობდნენ. აქვე გამახსენდა, რომ კაი ხანი იყო ქალებში არ გამეჯირითა. მათაც მოთხაპნილ სახეებზე შევატყვე, რომ დიდად არ ეპრიანებოდათ ჯაჭვში დგომა და უბრალოდ, სხვების დასანახავად იხდიდნენ ძალით-მოქალაქეობრივ ვალს.
“აი, შენი ალიბი, ნესტორ ბლიაძიშვილო!” – გამინათდა გონება.
ეს გავიფიქრე თუ არა, ჩემი მარშრუტკა ზედ მარინასა და დოდოს ფეხებთან მივაგდე და მცირედაც მივუსიგნალე, რაც სრულიად საკმარისი იყო ორივენი თავპირისმტვრევით ამოცვენილიყვნენ ჩემი “მარშრუტკის” სალონში.
-ვაიმე, ნესტორ! სიხარულო!
-ნესტორ, შენ ხომ არ იცი რა მაგარი კაცი ხარ!
-ნესტორ, შენ უნდა გერქვას ნესტორ მშველელი და გადამრჩენელი!
-სულ დამეწვა კანი!
-რას გიგავს მანქანა? ფოსტალიონად დაიწყე მუშაობა?
-ეს რა ჟურნალებია ნესტორ?
-უიმე, რუსულად კითხვა სულ არ ვიცი?
-ფუჰ, თან რა მტვრიანია...
-ნესტორ, რატომ გაქვს შარვალი გადაგლეჯილი?
-ნესტორ, რამე ცუდი არ მაფიქრებინო იცოდე...
მათი წამოძახილებისთვის არც ყურადღება მიმიქცევია და არც მნიშვნელობა მიმინიჭებია, უბრალოდ იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო აქედან გაგვეღწია და შინ მშვიდობით მივსულიყავით.
მე ბედნიერად ვიღიმებოდი და ჯაჭვს მივარღვევდი. დოდო და მარინა ჩახლეჩილი ხმით ხაოდნენ, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდნენ და არ ჩერდებოდნენ.

* * *

ჩემთან ასულმა მე, დოდომ და მარინამ სხეულისა და მისი ჯანმრთელობისთვის ფრიად საჭირო ურთიერთობებს მთელი დღე დავუთმეთ. იმ ყველაფერს დეტალურად ვერ მოვყვები, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ - უკაცრავად და, ხან ერთი მაჯდა სახეზე და მეორე ქვემო წელს ეპოტინებოდა, და ხანაც პირიქით, ანუ ვცვალეთ ნერწყვი და პოზები ბითუმად, შუადღისკენ კი მოწყურებულებმა ჩავისხით სამი ბოთლი “გომი” ტარხუნის ლიმონათის თანხლებით და ერთი-ხუთად გავეშებულებმა ამჯერად ნოხზე გავიმეორეთ, და არა მხოლოდ გავიმეორეთ, ყველაფერი იქამდე საწოლში ჩატარებული.
და ეს იყო:
საფო, ემანუელა ამერიკაში, სკანდალი, მკვეთრი მოსახვევი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ემანუელა 2, ილზა - ქალი მგელი, შავი ემანუელა, კენ პარკი, პაპრიკა, წვიმის წვეთები მხურვალე კლდეებზე, აჩქარება, X რომანსი, ინტიმი, სხეული როგორც სამხილი, სასტიკი მთვარე, გამჟიმე, ცოდვის ისტორია, მეწამული დივა, შამანკა, სახიფათო სექს-პაემანი, მარკიზ დე სადის ბუდუარის ფილოსოფია, გრძნობათა იმპერია, ცელქი გოგო, სიბნელესთან ჩახუტებულნი, გზააბნეული ღრუბელი, მოთვალთვალე, ამორალური ისტორიები, ემანუელა 4...

მერე მარინამ ძველ “ოგონიოკის” ერთ ნომერს მიაგნო, რომელიც ჟურნალების მანქანაში ჩაზიდვისას შემთხვევით შემოსასვლელში დამვარდნოდა. შიშველმა დოდომ ჟურნალი კროსვორდზე გადაშალა, რომელშიც ჩემ ცხონებულ მშობლებს რამდენიმე გრაფა შეუვსებელი დარჩენოდათ. ვინაიდანაც მარინას რუსული არ ესმოდა, დოდომ რუსულად წაკითხულის ქართულად თარგმნა იწყო, მარინა კი ამ დროს ჩემზე იწვა და მე ხელისგულში მისი მარცხენა ძუძუ მეჭირა.
-შავიზღვისპირა კურორტი კრასნოდარის მხარეში! – თარგმნა რუსულიდან დოდომ.
-კრასნოდარის? – ვიკითხე მე.
-რვაასოიანი. მესამე ასოა ლ!
-მესამე ლ?
-ლ!
სამივენი დავფიქრდით და ბავშვობისდროინდელ ზღვისპირულ მოგონებებში წავედით.
დოდო და მარინა ლამაზი და ეფექტური “მეძავეები” არიან. ყველაფერი თავის ადგილზე აქვთ ტვინის გარდა. ეგ არაფერში ჭირდებათ – უმაგისობას გარეგნობა უჩრდილავთ. ტვინი რომ ჰქონდეთ, ხომ ვიცი – ასეთი მადისაღმძვრელები ნაღდად ვერ იქნებოდნენ. თან ხომ აუცილებლად ეცოდინებოდათ, რომ კრასნოდარის მხარის რვაასოიანი შავიზღვისპირა კურორტი, რომლის მესამე ასოცაა ლ – ესაა რუსულად გელენჯიკ.
შემდეგი შეუვსებელი გრაფის რუსულიდან ნათარგმანები კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა:
-ღმერთის უფროსი შვილი. მატერიალური სამყაროს შემქმნელი. დაცემული ანგელოზი. კაენისა და კალომენას მამა. ჰქონდა გაერთიანებული ნესტო!
-ნესტორ, ნახე, შენსავით?
-ექვსასოიანი... მეორე ასო – ა, მეოთხე ასოც – ა, და მთავრდება ა-ზე!
-ვა, სამი ა?
-სამი ა.
-ვერა ვხვდები... თამარა?.. თუ ლამარა?
-მგონი თამადა!
-ერთი მაგათი დედაც... აღარ გვინდა კროსვორდი!
საღამოხანს, ასევე დედიშობილად ნოხზე მიყრილებს ქვეყნის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ ტელევიზორიდან გვამცნო, რომ:
-დღეს, ახალ სასაფლაოზე, როდესაც ხორციელდებოდა საომარი მოქმედებისას დაღუპული უცნობი ჯარისკაცების საფლავებში ჩასვენების სამგლოვიარო აქტი, ერთ-ერთი საფლავიდან მოულოდნელად ამომხტარ იქნა თავფეხიანად მიწაში ამოგანგლული ვინმე სამხედროფორმიანი პიროვნება, რომელიც საფლავიდან ამოხტომის შემდეგ პირჯვრის წერითა და საშინელი ღრიალით მიფარებულ იქნა მხედველობის არეალს მიღმა. მისი დაკავების მცდელობა განხორციელებულ იქნა გამოძახებული სამართალდამცავების მიერ, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია!
სიუჟეტის ავტორის ვარაუდით, ეს იყო ვინმე იმ პაციფისტურად განწყობილ დეზერტირთაგანი, რომლებიც მისივე თქმით უხვად მოიძევებიან ქვეყანაში, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურს, და მიმალვაში მყოფები არ თაკილობენ გათხრილ საფლავებში ძილსაც კი, სადაც მათ საბნის მაგივრობას ღვთისმშობლის წილნაყარი მიწა უწევთ...
დოდომ და მარინამ ბევრი იხარხარეს, მე კიდევ მათგან განსხვავებით სულ ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი (მიზეზს აბა როგორ გავამხელდი), ამის პარალელურად კი, ცხადად ვგრძნობდი თუ როგორ იდგამდა ჩემს სულში ფესვს სამარადისოდ უკვდავების ხე სახელად “არა კაც ჰკლა!” სწორედ ამ დროს, თითქოს საკუთარი თავისა და ფიქრებისადმი საბოლოო დათანხმების ნიშნად, საზარელ ხმაზეც დამაცემინა ჩვეული “ხერთვისი-ბირთვისი-ყინწვისის” თანხლებით.
მარინასა და დოდოს კინაღამ გული გაუსკდათ, ერთხმად ახავლდნენ, ვინაიდან ერთიანად გაიწუწნენ ჩემი ცხვიროსნული ლორწოთი, მე კი ფეხზე წამომდგარმა გულში ღრმად ამოვიჭერი:
დაე გათენდეს! დაე ჩემი მარშრუტკით წავიდეთ ექსკურსიაზე! დაე რიგრიგობით მოვინახულოთ ხერთვისი, ბირთვისი და ყინწვისიც! და უკან რომ დავბრუნდებით - მე, ნესტორ ბლიაძიშვილი ვფიცავ ჩემს ამ ერთ ნესტოს, რომ დოდოსაც და მარინასაც რიგრიგობით მოვიყვან ცოლად.
ბოლოს და ბოლოს, მართლა არ გავკარი გელენჯიკს?

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ახალი წიგნები – 2008 – დეკემბერი

გაბრიელ გარსია მარკესი, მოთხრობები. მთარგმნელი თეა გვასალია. თბ. “ინტელექტი” 2008.

ცამეტი მოთხრობა და ერთი რომანი - წიგნი კიდევ ერთი საჩუქარია კოლუმბიელი მწერლის ქართველი თაყვანისმცემლებისთვის. გაბრიელ გარსია მარკესის არაერთი ნაწარმოებია უკვე ქართულ ენაზე ნათარგმნი, რომელთა რიცხვსაც ამჯერად მოთხრობები: “ქვეყნად ყველაზე ლამაზი დამხრჩვალი”, “ტრამონტანა”, “აგვისტოს საშინელებანი”, “გზა მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო”, “სანტა”, “ჩვიდმეტი მოწამლული ინგლისელი, “შენი სისხლის კვალი თოვლზე”, “მარია დუშ პრაზერეში” და სხვ., და რომანი “სიყვარულსა და სხვა დემონებზე” შეემატა. წიგნში ასევე წაიკითხავთ ქართველი რეჟისორის, დავით პაპავა-გურჯის ნობელიანტ მწერალთან შეხვედრის სასიამოვნო მოგონებებს.

ჯუანშერ ტიკარაძე, „უკუქცევა“ (ლექსები). თბ. „დიოგენე“ 2008.

პოეზიის მოყვარულებს წინ კიდევ ერთი საინტერესო საკითხავი ელით - ჯუანშერ ტიკარაძის ახალ პოეტურ კრებულში „უკუქცევა“ პოეტის 1982-2006 წლებში დაწერილი ლექსებია თავმოყრილი. წიგნი ავტორის მეორე პოეტური კრებულია, მკითხველთა ნაწილი მის შემოქმედებას 2002 წლის გამოცემით იცნობს. „მიმავალი კაცის ჩანაწერები“, „სანამ ოფელიას მოასვენებენ,“ „გაწყვეტილი კრიალოსანი“, „ბეკეტი, კამიუ და სხვანი მარტოხელა ზარმაცი ადამიანისთვის“, „ვინმე, ნისლიდან გამოსული“, „ინსტრუქციები დამწყებ მომაკვდავს“ და სხვა ლექსები კიდევ ერთ საინტერესო და გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტს გააცნობს მკითხველს.

მაინ რიდი, “უთავო მხედარი” (რომანი). მთარგმნელი ელგუჯა მაღრაძე. რედაქტორი ანა კორძაია-სამადაშვილი. თბ. “არეტე” 2008.

ყველას გვაქვს სამყარო, რომელში დაბრუნებაც ხანდახან ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლებს - ბავშვობას ან სიყმაწვილის პერიოდს გვახსენებს. გვაქვს წიგნებიც, რომლებიც ამ სამყაროში გვაბრუნებს. ალბათ არაერთი თქვენგანისათვის ერთ-ერთი ასეთი წიგნი მაინ რიდის „უთავო მხედარია“ - მეცხრამეტე საუკუნის ტეხასის უდაბნოებშიც გიმოგზაურიათ რომანის პერსონაჟებთან ერთად და მორისისა და ლუიზას სასიყვარულო თავგადასავლის გულშემატკივარიც ყოფილხართ. ახლა კიდევ ერთხელ გეძლევათ საშუალება, გაიხსენოთ საყვარელი რომანი, იმ ახალგაზრდებს კი, რომელთაც ჯერ არ წაუკითხავთ „უთავო მხედარი“, წინ საინტერესო სათავგადასავლო საკითხავი ელით.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, “ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა” (მასალები). თბ. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2008.

მეცხრამეტე საუკუნე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში და ამიტომაც ხშირად გადაიქცევა ხოლმე არაერთი მკვლევარის დაკვირვებისა და ინტერესის სფეროდ. ამჯერად ხელთ გვაქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა ფოკუსშიც აღნიშნული პეროიდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, მწერალი და საწოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძეა მოქცეული. წიგნში “ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა” საინტერესო მასალებს ნახავთ ილიას შემოქმედების ირგვლივ, მკითხველი კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, ახლებურად გაიაზროს ილიასა და მთელი მისი ეპოქის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა.

ლიტერატურის თეორია, XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები. თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2008.

ლიტერატურა ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში ვითარდება, სახეს იცვლის. ამ პროცესში იგი მკითხველით საზრდოობს, და ხშირად ლიტერატურის ახლებურად წაკითხვა ხდება მისი სახეცვლილებსა და ზრდის წინაპირობა. წინამდებარე წიგნში თავმოყრილი მასალებიც მეოცე საუკუნის ძირითადი ლიტერატურულ-თეორიული კონცეფციებისა და მიმდინარეობების ანალიზს მოიცავს, კვლევისა თუ კრიტიკის ახალ, საინტერესო მეთოდოლოგიებს, რომლებიც არა მარტო ფილოლოგებსა და ვიწრო ჰუმანიტარული პროფილით მომუშავე პირებს დააინტერესებს, არამედ ლიტერატურათმცოდნეობით გატაცებულ ფართო აუდიტორიასაც.

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი. II ნაკვეთი. რედატორი ნარგიზა გოგუაძე. თბ. „არტანუჯი“ 2008.

ქართული ლექსიკოლოგიით დაინტერესებული პირებისათვის გამომცემლობა „არტანუჯმა“ კიდევ ერთი საინტერესო ლექსიკონი მოამზადა. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი 1963-1971 წლებში გამოცემული ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლების ოთხი ტომის მასალას მოიცავს და ნაშრომი ხელნაწერთა ინსტიტუტშია მომზადებული. სიმფონია-ლექსიკონი ნაკვეთებად გამოიცემა, ამჯერად კი მკითხველის წინაშე ლექსიკონის მეორე ნაკვეთია. ნაშრომის პირველი ნაწილი 2006 წელს გამოვიდა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“