Friday, September 25, 2009

ჯულიან ბარნსი - მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად


ჯოის კეროლ ოუტსი
"მაგრამ ნოე ვერ იყო კაი კაცი"
ჯულიან ბარნსი, "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად"

პოსტ-მოდერნისტულად ჩაფიქრებული, მაგრამ მისაწვდომი სისადავითა და უბრალოებით შესრულებული ჯულიან ბარნსის მეხუთე წიგნი არც რომანია, როგორც იხსენიებენ და არც მსუბუქი, პოპულარული ენით დაწერილი მსოფლიოს ისტორია, როგორც სათაური გვაფიქრებინებს. XX საუკუნის წარმომადგენლების - უცილობლად ბორხესის, კალვინოსა და ნაბოკოვის, ასევე როლანდ ბარტისა და შესაძლოა, მიშელ ტურნიეს გავლენით დაწერილ წიგნზე "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" უპრიანი იქნება ითქვას, რომ ესაა ერთად თავმოყრილი პროზაული ნაკვთები, ერთგვარი პროზა, სადაც ზოგიერთი ნაკვთი ესეს უფრო ჰგავს.
ბატონი ბარნსის საფიქრალი თავიდან ბოლომდე აბსტრაქტულია და ფილოსოფიური, თუმცა ტონი უპრეტენზიო აქვს; მთავარი თემები - ნოეს კიდობანი, ხმელთაშუა ზღვაში სამოგზაურო გემის ძარცვა არაბი ტერორისტების მიერ, ფრანგული გემის "მედუზას" დაღუპვა, იონა ვეშაპის მუცელში, მძინარე ქალი, ფილმის გადამღები ჯგუფის თავს დამტყდარი ამბავი ვენესუელაში, არაჩვეულებრივი გამოცდილებით გადასხვაფერებული ამერიკელი კოსმონავტი, ზეცის კომიკური ხედვა - მხოლოდ და მხოლოდ განსჯის საწყისი წერტილებია. ბარნსი ძალიან ჰგავს ბორხესს იმით, რომ მოსწონს სხვადასხვანაირ მეტამორფოზებში ლეიტმოტივების გავლება. მარქსის ცნობილი აზრი ჰეგელის იდეის შესახებ - "ისტორია საკუთარ თავს იმეორებს, ჯერ ტრაგედიის და შემდეგ კომედიის სახით" - ბატონ ბარნსს რომ აქვს მოტანილი, ერთ-ერთი მთავარი პრინციპია წიგნის "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" აგებულებისა. სულ სხვაგვარად სვამს გამაოგნებელ კითხვას - "ვითარდება და წინ მიიწევს მსოფლიო? თუ მხოლოდ ბორანივით მიდი-მოდის წინ და უკან?" - ბატონი ბარნსის უფრო ადრეული ნაწარმოების "ფლობერის თუთიყუშის" მთხრობელი.
გამეორებების, გადანაცვლებების და კომბინაციების პრინციპის გამო, გარდაუვალია, რომ ბატონი ბარნსის ზოგიერთი ნაკვთი უფრო წარმატებულია, ვიდრე დანარჩენები. გამოგიტყდებით, გული შემეკუმშა, როცა მივხვდი, რომ პირველი თავი იყო Anobium domesticum ჯიშის (ხის მღრღნელისა თუ თერმიტის) - კიდობანში მალულად შეპარული შვიდეულიდან ერთ-ერთის ლაქლაქი, სამასხარაო ისტორია ნოეს კიდობნისა, რომელსაც ავსებდა ცხოველების - ბეჰემოთის, სალამანდრას (ნამდვილი სალამანდრას, ცეცხლში რომ ცხოვრობს), ვასაკის, მარტორქის და ასეთების - ფანტაზია და ნოეს სახის რევიზიონისტული ინტერპრეტაცია: "არ ვიცი, ივარგებს თუ არა თქვენთვის ამის გამხელა, მაგრამ ნოე ვერ იყო კაი კაცი. ვხვდები, რომ ეს უხერხული ნათქვამია, რაკიღა ყველა მისი შთამომავლები ხართ; მაგრამ ასეა. ურჩხული იყო; გაფუყული პატრიარქი, რომელიც დღის პირველ ნახევარში ღმერთის წინაშე მუხლებზე ხოხავდა და მეორე ნახევარში ამას ცხვირში ძმრად გვადენდა".
ეჭვს აღძრავს ასევე მეორე ნაკვთის "სტუმრების" უამური პროზა, სადაც მოთხრობილია, როგორ გაძარცვეს არაბმა ტერორისტებმა სამოგზაურო გემი ხმელთაშუა ზღვაში; ეს ეპიზოდი მთლიანად დაუჯერებელია, ტერორისტების მეთაური თეატრალური, მასხრულ-ჰოლივუდური ჟარგონით ლაპარაკობს: "ქვეყანა სამხიარულო ადგილი კი არ არის. ძველი ცივილიზაციების კვლევით ეგ უნდა გესწავლათ. მაგრამ... მგზავრებს ჩვენ ავუხსნით, რა ხდება. როგორ მონაწილეობენ ისტორიაში. და რა არის ეგ ისტორია". მაგრამ "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" გრძელდება, ლეიტმოტივები ისევ და ისევ მეორდება, ხშირად კომიკურად გონებამახვილური კომბინაციებით, წიგნი სულ უფრო და უფრო გიტაცებთ, გიპყრობთ და თუ გავითვალისწინებთ ხელოვნების ჩვეულ დამახინჯებებს, ინფორმაციასაც გაწვდით. ესეისტის მკაფიო ხმა სულ უფრო და უფრო ფარავს პროზაიკოსის გაურკვეველ ხმას - "როცა ვამბობ "მე", მოისურვებთ, ერთი-ორი აბზაცის შემდეგ იცოდეთ, ვის ვგულისხმობ - ჯულიან ბარნსს თუ გამოგონილ პიროვნებას", - ამ წიგნში ავტორი ინტონაციის ისეთივე გენიალურ ოსტატად წარმოგვიდგება, როგორც "ფლობერის თუთიყუშში".
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თავია "გემის დაღუპვა", რომელშიც ფაქტობრივი აღწერილობაა 1816 წელს ფრანგული გემის "მედუზას" დაღუპვისა და დაწვრილებითაა განხილული ჟერიკოს ცნობილი სურათი "გემის დაღუპვის სცენა" (გემი "მედუზას" სახელით რომ მოიხსენიება), რომელიც 1819 წელს დასრულდა. "როგორ აქცევთ ხელოვნებად კატასტროფას?" - კითხულობს ბატონი ბარნსი; და თვითონვე საკმაოდ დამაჯერებლად პასუხობს ამ კითხვას. შესაძლოა, მხატვრობაზე მისმა მსჯელობამ ხელოვნების ისტორიკოსები ორიგინალობით ვერ გააკვირვოს, მაგრამ არაპროფესიონალებისთვის, განსაკუთრებით, ლიტერატურის მოყვარულებისთვის, იგი ჭეშმარიტების ბეჭდითაა აღბეჭდილი. ბატონი ბარნსი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ჟერიკოს ფერწერული ტილოს ხატვისას, თვალს ადევნებს, თუ როგორ იცილებს მხატვარი იდეებს - როგორც წარმოსახვით მხატველ ხელოვანს შეჰფერის - თუ როგორ მუშაობს "შთაგონებით", აყალიბებს დეტალებს, როცა ეს აუცილებელია, უარს ამბობს "ცხოვრებისეულ სიმართლეზე" "ხელოვნების სიმართლის" გამო. სინამდვილე მითად იქცევა ისე, როგორც სხვა დროს, მითი იქცევა სინამდვილედ. "დროის მეშვეობით ერწყმის და უერთდება ამბავი ფორმას, ფერს, გრძნობას".
მხოლოდ ისტორიის "ღუზის" აშვებაა მიზეზი, რომ სურათი, რომელიც ჩვენთვის "გემი მედუზას" სახელითაა ცნობილი, ტრანსცენდენტურ ალეგორიად წარმოგვიდგება "სურათის საიდუმლო მისი ენერგიის მუხტია. კიდევ ერთხელ შეხედეთ: გამანადგურებელ თავსხმაში ერთმანეთს მიჯრილი, დაკუნთული ზურგები პაწაწინა წერტილებად ჩანან, ხომალდის გადარჩენას რომ ცდილობენ. ასეთი დაძაბულობა - და როგორი დასასრული? უპასუხოდ რჩება სურათზე ამტყდარი ღელვა, ისევე, როგორც უპასუხოა ადამიანის გრძნობათა უმეტესობა. არა მხოლოდ იმედი, არამედ ნებისმიერი უსაზღვრო გრძნობა: პატივმოყვარეობა, სიყვარული (განსაკუთრებით, სიყვარული) - რარიგ იშვიათად პოულობენ ჩვენი გრძნობები ისეთ ობიექტს, როგორსაც იმსახურებენ". კატასტროფა ხელოვნებად იქცევა. იქნებ, სწორედ ესაა ხელოვნების მიზანი.
თუმცა ბატონი ბარნსი სასხვათაშორისოდ შენიშნავს: "ირონიის განსაზღვრებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს ისაა, რაც ადამიანებს ენატრებათ". სწორედ დახვეწილი, კეთილგანწყობილი, თვითგამომხატველი ირონიით სავსე ქვეტექსტი განსაზღვრავს წიგნის "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" ინტონაციას. ირონია და იუმორი: იონას ამბისა და ხელოვნებაში მისი იკონოგრაფიული ასახვის ანალიზში მოცემულია განსხვავებული დამოკიდებულება ძველი აღთქმის ღმერთისადმი, რომელიც დღევანდელ გონიერებას მითიური ლოგიკის წინააღმდეგ ამხედრებს: "დიდი ვერაფერი ამბავია, არა? ძველ აღთქმაში ჭარბობს დამანგრეველი არარსებობა თავისუფალი ნებისა - ან თუნდაც თავისუფალი ნების ილუზიისა. ღმერთს ყველა კარტი ხელში უჭირავს და ყველა ხრიკს იგებს. გაურკვეველი მხოლოდ ისაა, ამჯერად თუ როგორ აპირებს უფალი თამაშს: კოზირის ორიანით დაიწყებს და ტუზამდე ავა, ტუზით დაიწყებს და ორიანამდე ჩამოვა, თუ ერთმანეთში აურევს. და რაკი ვერასოდეს იტყვით, რას იზამს შიზოფრენიული პარანოიკი, ეს ელემენტი თხრობას გეზს ვერ აძლევს".
"შესავალ სიტყვაში" მთხრობელი უძილობისას, მძინარე ცოლის გვერდით წევს და სიყვარულზე ფიქრობს. აღმოაჩენს, რომ კარგად ვერ ხვდება, რა არის სიყვარული და თან მოთმინებას კარგავს, როცა საქმე "ირიბად ნათქვამ პროზას" ეხება. მონოლოგი არეულია, დაუსრულებელი, არტისტული მეტიჩრობის გარეშე, გულწრფელი: "არ ვიცი, ანგარიშიანი სიყვარული ჯობია თუ უანგარო, მდიდრის სიყვარული უფრო მტკიცეა თუ ღატაკისა, ჰეტეროსექსუალური სიყვარული უფრო ვნებიანია თუ ჰომოსექსუალური, ქორწინება აძლიერებს სიყვარულს თუ დაუქორწინებლობა. შეიძლება, დიდაქტიზმმა მომხიბლოს, მაგრამ ეს რჩევების სვეტი არ არის".
ფაქტიურად, ცოტათი მაინცაა რჩევების სვეტი: "უნდა გვწამდეს (სიყვარულის), თორემ დავიღუპებით. შეიძლება სიყვარული ვერ გამოვცადოთ, ან გამოვცადოთ და უბედურება მოგვიტანოს; მაინც უნდა გვწამდეს, თუ არ ვიწამეთ, მაშინ მხოლოდ ქედს მოვუხრით მსოფლიოს ისტორიას და სხვის ჭეშმარიტებას".
თავში "დინების წინააღმდეგ!" ეპისტოლარული ფორმით მართალია, ქაოსურად, მაგრამ მღელვარედაა აღწერილი ამბავი, რომელიც ამერიკელთა ფილმის გადამღებ ჯგუფს შეემთხვა ვენესუელას ჯუნგლებში. ესეც "სინამდვილეზე" განსჯად წარმოგვიდგება. როგორები არიან გადამღები ჯგუფის მიერ დაქირავებული ინდიელები - პრიმიტიულები თუ გარკვეულწილად უფრო დახვეწილები, ვიდრე თეთრკანიანები, რომლებიც საკუთარ უპირატესობას დამსახურებულ ჯილდოდ მიიჩნევენ? თავიანთი ძალადობით საკუთარი ისტორიის ლეგენდარულობას ასხამენ ხორცს თუ ასე არ ეპუებიან ამ ისტორიას? ვინც სანდო ჩანდა, სინამდვილეში ნუთუ მართლა მოღალატე ოპორტუნისტი გამოდგა, და მხოლოდ კინოვარსკვლავების სიკვდილის მიზეზი კი არ გახდა, არამედ ბანაკის აღჭურვილობაც გააყოლა ხელს? გადარჩენილი - მთავარი როლის ერთ-ერთი შემსრულებელი ლამის ნერვიულად დაავადდეს ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას.
"ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული, ის ნაწილებიც კი, რაც არ მოგვწონს, - ფიქრობს პერსონაჟი ქალი, - განსაკუთრებით ის ნაწილები, რაც არ მოგვწონს". ახალგაზრდა ქალის საზრუნავი გადარჩენაა ამ წაბილწულ ქვეყანაში, რომელსაც ყოველ წამს ომის საფრთხე ემუქრება, მაგრამ ერთიანობის თემა ყოველ თავს ლეიტმოტივად გასდევს და ისევ და ისევ წარმოგვიდგენს მჭიდროდ შეკავშირებულ სახეებს, იდეებს, ფრაზებს, ირონიულ პასაჟებს - იმ საბავშვო, სასაცილოდ თავსატეხი ნახატებივით, სადაც ადამიანის ან ცხოველის ფიგურები შეიძლება ფოთლების, ღრუბლების, პეიზაჟების სადა მოხაზულობაში აღმოვაჩინოთ. ვინმემ შეიძლება ოდნავ უკან დაიხიოს, როცა პირისპირ აღმოჩნდება სიმწარესთან - ეს შეიძლება იყოს ნოეს კიდობანი, წარღვნა, გადარჩენა - ან სიკვდილი - ზღვაში, გემი, არსებათა დაყოფა "სუფთებად და უსუფთაოებად". ბატონი ბარნსის რბილი ტონი რომ არა, ვინმე შეიძლება დაეჭვებულიყო, სტრუქტურალისტური აზროვნების პაროდიას ხომ არ გვთავაზობსო; მაგრამ საერთო მიზანი გაცილებით უფრო კომიკური ჩანს, ესაა იდეების კომედია, "ფაბულაცია" (ფაბულაცია: "რამდენიმე რეალური ფაქტის გარშემო ახალი ამბის შექმნა"). სამოთხის ესოდენ ნაცნობი ხილვა - მატერიალური სურვილების დაუსრულებელი განხორციელება, მერე გარდაუვალი მოწყენა და სიკვდილის სურვილი შეიძლება მაინცდამაინც ეფექტური დასასრული ვერ იყოს პროვოკაციული წიგნისთვის, მაგრამ ბოლო აბზაცი იდეალურია: "დამესიზმრა, რომ გავიღვიძე. ეს ყველაზე ძველი სიზმარია და სულ ახლახან ვნახე".
"მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" იდუმალების საბურველს ჩამოხსნის საკუთარ თემებს და მათ თითქმის ჩვეულებრივ ელფერს ანიჭებს: "როგორი სკეპტიკურებიც არ უნდა ვიყოთ, მითი სინამდვილედ უნდა იქცეს". ამგვარად იგი ანადგურებს, იქნებ ამასხარავებს კიდეც საკუთარ პატივმოყვარეობას. თუკი მკითხველს ამ წიგნის ხელში აღებისას არ ეცოდინება, რა სახის პროზას, გამონაგონს უნდა ელოდეს, იდეები ისეთი თხრობით წარმოუდგება, დაივიწყებს კიდეც, რომ ეს "იდეებია" და სრულყოფილი სამყარო გაცოცხლდება პროზით, რომელშიც - სადავო აქ არაფერია - ხალისიანი, მახვილგონივრული და თავშესაქცევი მოსაზრებებისთვის თავი მოუყრია კაცს, ვისთვისაც იდეები აშკარად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის; კაცს - თითქოსდა პრე-პოსტ-მოდერნისტთა მოდგმის კვინტესენციურ ჰუმანისტს.

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ

ბლეზ პასკალი - განსჯები სასიყვარულო ვნებებზე


ადამიანი აზროვნებისთვის იბადება და წამიც არ არის, რომ არ იაზროვნოს. მაგრამ წმინდა აზრები, რომლებიც მართლაც ბედნიერებას მიანიჭებდნენ, საკუთარი გონების მხოლოდ ამით დაკავება რომ შეეძლოს, საბოლოო ჯამში, ღლის და ღონეს აცლის ადამიანს. ცხოვრება ერთფეროვანი ეჩვენება და ვერაფრით ეგუება. მას მოძრაობა და მოქმედება სჭირდება, ამიტომ დრო და დრო აუცილებლად აყვება გრძნობებს, რომელთა მაცოცხლებელ სათავეს საკუთარ გულში აღმოაჩენს.
ვნებანი, რომლებიც ყველაზე მეტად ესადაგება ადამიანს და რომლებიც საკუთარ თავში სხვა გრძნობებსაც შეიცავენ, სიყვარული და ამბიციაა. თუმც, უნდა ითქვას, რომ მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. მიუხედავად ამისა, მათ ხშირად აერთიანებენ და შედეგად, ერთიც და მეორეც ერთნაირად სუსტდება, ან სულაც მოიშთება.
ყოვლისმომცველი გონების ადამიანიც კი მხოლოდ ერთ დიდ გრძნობას განიცდის; ამიტომ, როდესაც სიყვარული და ამბიცია ერთმანეთს ხვდება, ისინი ნახევარი თუ არიან იმისა, რაც ერთმანეთის გარეშე იქნებოდნენ. ასაკი არაფრით განაპირობებს ამ ორი გრძნობის დასაწყისს და დასასრულს. ისინი ჩვენი ბავშვობის წლებში იბადებიან და სამარის კარამდე მიგვყვებიან. ორთავე დიდ გზნებას ითხოვს, ამიტომ ახალგაზრდობის ასაკი მათთვის უფრო შესაფერისია, რადგან წარმავალი დრო არც მათ ინდობს. თუმცა, ეს იშვიათად ხდება.
ადამიანის არსებობა სავალალოდ ხანმოკლეა. ცხოვრების წლების ათვლას იმ დღიდან ვიწყებთ, როდესაც ქვეყანას მოვევლინეთ. ჩემთვის კი ყოვლის საწყისი ჩემი გონების დაბადების წუთია, როდესაც გონება მთელ არსებას შესძრავს და აამოქმედებს. ეს ოცი წლის ასაკში ხდება. იქამდე კი ბავშვად რჩები, ხოლო ბავშვი ჯერ კიდევ არ არის სრული ადამიანი.
ცხოვრება ბედნიერებაა, თუკი სიყვარულით იწყება და ამბიციით მთავრდება. არჩევანის შემთხვევაში, მე უპირატესობას პირველს მივანიჭებდი. სანამ Gგულში ცეცხლი გიზგიზებს, ადამიანი თავაზიანი და ზრდილია. მაგრამ ცეცხლი ინავლება, ქრება და ამბიციას ვრცელი არე გადაეშლება. მშფოთვარე ცხოვრება ძლიერი, ამაღლებული გონების ადამიანებს იზიდავს, უბირნი კი მასში ვერავითარ სიამოვნებას ვერ ხედავენ და ამიტომაც, მუდამ და ყველგან, მარტივი მანქანებივით მოქმედებენ. ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს სიყვარულით იწყებს და ამბიციით ამთავრებს, იმ უზენაეს ბედნიერებასთანაა წილნაყარი, რომლის მოღწევაც ადამიანურ ბუნებას ხელეწიფება.
რაც უფრო მაღალია გონება, მით უფრო ძლიერია ვნებები, რადგან მოიცავენ რა გრძნობას და აზრს, რომლებიც, თავის მხრივ, გონების კუთვნილებაა, თუმც კი, გარკვეულ წილად, სხეულის მიერ არიან პირობადებულნი, ვნებები თვით არიან გონება და სრულად წარმოაჩენენ მის შესაძლებლობებს. მე ტრფობის ვნებაზე ვლაპარაკობ, რადგან სხვანი ხშირად ერთმანეთში ირევიან და უხერხულ გაუგებრობას ბადებენ. ამიტომ მათში გონების ბეჭედს ნუ ვეძებთ.
სულდიდ ადამიანში ყოველივე დიადია!
ხშირად გვიფიქრია, საჭიროა თუ არა გვიყვარდეს. ეს საკითხავიც არ არის: სიყვარული უნდა შევიგრძნოთ. სიყვარულზე არ კამათობენ, მას მიელტვიან. და თუ ვინმე რჩევას გვაძლევს, ხშირად ცდება კიდეც.
გონების სიწმინდე გრძნობათა სიწმინდის მაცნეა. ამიტომ ძლიერი და სუფთა გონების ადამიანს გზნებით უყვარს და ძალუძს ნათლად განჭვრიტოს სიყვარულის საგანი.
არსებობს ორი სახეობა გონებისა, ერთი გეომეტრიულია, მეორე ფაქიზი და დახვეწილი.
პირველს მძიმე, მოუხეშავი შეხედულებანი ახასიათებს, მეორეს აზრის სიკასკასე და მოქნილობა, რითაც საყვარელი არსების ყოველ ნაწილს ზომავს და აფასებს, თვალებიდან გულის სიღრმემდე ჩადის და ყოველ მოძრაობაში შინაგანი არსების გამოძახილს ამოიცნობს.
როდესაც ორთავე გონებას ფლობ, სიყვარული განუზომელ ტკბობად იქცევა, ერთდროულად ძალაც გეძლევა და მჭერმეტყველებისათვის ესოდენ აუცილებელი გონების სიმარჯვეც.
ჩვენ დაბადებიდანვე დაგვყვება სიყვარულის ნიჭი, რომელიც მით უფრო ვითარდება, რაც მეტ სრულყოფილებას აღწევს გონება. სწორედ ეს ნიჭი გვიბიძგებს შევიყვაროთ ის, რაც მშვენიერი გვეჩვენება, თუმც კი არავის აუხსნის ჩვენთვის, რა არის მშვენიერება. ყოველივე ამის შემდეგ, ვის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ სიყვარულისთვის ვიბადებით? მართლაც, საკუთარ თავს ვერ გავექცევით, უნდა ვაღიაროთ, რომ მუდმივად შეყვარებული ვართ. თვით იმ საგნებში, რომელშიც, ჩვენი აზრით, სიყვარული არ მოიპოვება, ეს გრძნობა ფარულად და იდუმალ არსებობს. ადამიანი წამსაც ვერ ძლებს უსიყვარულოდ და რადგან არ უყვარს საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა, მაშინ, როდესაც სიყვარული თავისას ითხოვს, იძულებულია სხვაგან, საკუთარი თავის გარეთ ეძებოს ის, ვისაც შეიყვარებს და სიყვარულს მხოლოდ მშვენიერებაში პოულობს და რადგან თვით არის Uუმშვენიერესი, რაც კი ოდესმე ღმერთს შეუქმნია, სწორედ საკუთარ არსებაში აღმოაჩენს ხატებას მშვენიერისა, რომელსაც საკუთარი თავის გარეთ ეძებს. თითოეული ჩვენგანი ამჩნევს, რომ მშვენიერების პირველი სხივი მის სულში გამოანათებს და რადგან იმას, რაც მის გარეთაა ამ გამოსხივებას ადარებს, საკუთარ წარმოდგენას გარეთ მყოფის სილამაზესა თუ სიმახინჯზე ამ შინაგან ნათელთან მისი სიახლოვის ან სიშორის მიხედვით შეიქმნის. თუმც, საკუთარ თავს დაშორებულ ადამიანს სულში სიცარიელე რჩება და მისთვის სულერთი არ არის, თუ ვინ შეავსებს ამ სიცარიელეს. ადამიანს ვრცელი გული აქვს და ამ სივრცის შევსება მხოლოდ იმას ძალუძს, ვინც მას ჰგავს და ვისაც ახლობლად იგულვებს. ამიტომ, მშვენიერი, რომელიც ადამიანს დააკმაყოფილებს, არა მხოლოდ უნდა უხდებოდეს, არამედ უნდა კიდეც ჰგავდეს მას.
ბუნებამ სულში ღრმად ჩაგვიბეჭდა ეს ჭეშმარიტება, რომელსაც ეჭვის ნატამალიც არ ახლავს და რომლის გასაცნობიერებლად არც რამ ხელოვნებას მოვიშველიებთ და არც რაიმეს ახსნა-განმარტება გვჭირდება. გვეჩვენება, რომ მოიპივება ადგილი, რომელიც უნდა შეივსოს და რომელიც მართლაც ივსება. ამას ვგრძნობთ, მაგრამ სიტყვებით გამოხატვა გვიჭირს. არიან ისეთები, ვინც მხოლოდ აბუნდოვანებენ და ზიზღით ეპყრობიან საკუთარ აზრებს და ვერ ამჩნევენ იმას, რაც ესოდენ თვალსაჩინოა ჩვენთვის.
თითოეულს საკუთარი წარმოდგენა აქვს მშვენიერზე, ამიტომ ადამიანი ზოგადად მშვენიერის მოპოვებას კი არ ესწრაფვის, არამედ გარე სამყაროში ეძებს იმას, რაც ყველაზე მეტად უახლოვდება მის შინაგან წარმოდგენას. და მაინც, ხშირად, არჩევანს ქალები განაპირობებენ. რადგან ისინი მთლიანად იპყრობენ მამაკაცების გონებას, ისინი მას თავს ახვევენ ან საკუთარ სილამაზეს ან საკუთარ შეხედულებას საერთოდ სილამაზის რაობაზე და უკვე არსებულ პირველად მოდელს ამატებენ იმას, რაც მათ მოწონებას იმსახურებს. ამიტომ, ერთი საუკუნე ქერა ქალებს ანიჭებს უპირატესობას, მეორე კი შავგვრემანებს. ქალებს საკუთარი აზრი აქვთ ქერებსა და შავგვრემანებზე და მამაკაცებიც, უმეტეს შემთხვევაში, მათ გემოვნებას იზიარებენ.
სილამაზის შეფასებაზე გავლენას ახდენენ მოდა და ქვეყანა. საოცარია, მაგრამ ჩვეულება ძალუმად ერევა ჩვენს განსჯაში, თუმც მამაკაცს საკუთარი წარმოდგენა აქვს სილამაზეზე და ქალის გარეგნობის შეფასებისას პირად შეხედულებას ემყარება, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მისი რჩეული ყველაზე ლამაზია, ხოლო მისი გემოვნება სხვებისთვის სამაგალითო.
სილამაზეს უამრავი სახე აქვს და მხოლოდ ქალს ხელეწიფება მისი მთელი სისავსით წარმოჩენა. გონიერი ქალი ამას ადვილად ახერხებს.
თუ კი ქალს მამაკაცისთვის თავის მოწონება სურს და სილამაზეც ხელს უწყობს, საწადელს ყოველთვის მიაღწევს და იმასაც კი შეაყვარებს თავს, ვინც მას გაურბის. მამაკაცის გული მუდმივ მოლოდინშია და ქალი ამ მოლოდინს ეპასუხება.
მამაკაცი სიამოვნებისთვის იბადება: ის ამას გრძნობს და სხვა მტკიცებულებანი არ სჭირდება. სიამოვნებას მინდობილი, გონებასაც არ ივიწყებს., მაგრამ ხშირად ვერც გაუგია, სად ან როდის ჩაესახა გულში ვნება.
სიამოვნება ან ჭეშმარიტია ან ყალბი და ორთავეს ერთნაირად შეუძლია აცდუნოს მამაკაცის გული. ან კი რა მნიშვნელობა აქვს, როგორია სინამდვილეში სიამოვნება, თუ კი საკუთარი თავი დაარწმუნე მის ჭეშმარიტებაში?!
სიყვარულზე თუ ბევრი ილაპარაკე, შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, შენც შეიყვარო. ამაზე დიდი სიამოვნება ამ ქვეყნად არც არსებობს, რადგან სიყვარული მამაკაცის ყველაზე ბუნებრივი გრძნობაა.
სიყვარულს ასაკი არა აქვს, ის კვლავ და კვლავ იბადება. ამას პოეტებიც გვიდასტურებენ, როდესაც თავის ნაწარმოებებში სიყვარულს ბავშვის იერს შესძენენ, მაგრამ ჩვენ პოეტების გარეშეც კარგად ვგრძნობთ სიყვარულის მარადიულ სინორჩეს.
სიყვარული სიმარჯვეს ითხოვს. თავის მოწონების უამრავი ყაიდა არსებობს, მაგრამ თუ ისურვებ, ვინმეს თავი მოაწონო, გაისარჯე და მიზანსაც მიაღწევ. ადამიანები ყოველდღიურად თავის მოწონების უამრავ ხერხს იყენებენ, მაგრამ მარაგი ამოუწურავია და რაიმე ხერხს ყოველთვის გამონახავ.
სიყვარულში მამაკაცი იხვეწება და ფაქიზდება. ამასთან, ცოტა არ იყოს, აზიზიც ხდება და თუ მოწონებულ არსებაში მცირე რამ მაინც ვერ მიესადაგა მის წარმოდგენებს და აზრებს, გარიდებას არჩევს. მამაკაცის დახვეწილობის კოდექსს გონება აყალიბებს. ხშირად ადამიანს ჰგონია, ფაქიზი სულის პატრონია, სინამდვილეში კი ასე არ არის და მაშინ სხვებს უფლება აქვთ განსაჯონ მისი საქციელი, მაგრამ სილამაზეზე ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს და ამ შემთხვევაში, სხვების აზრს არად დაგიდევს.
სულის გაფაქიზებისთვის სურვილი არ კმარა, უნდა იმოქმედო და საკუთარი ძალისხმევით, შეიძლება დახვეწილობის უკიდურეს ზღვარამდეც მიხვიდე. ქალს მამაკაცში სიფაქიზე ხიბლავს და თუ კი ეს მამაკაცს აგრძნობინა, მის გულსაც მოიგებს. სასიამოვნოა შეგნება იმისა, რომ ყველა უღირსია და მხოლოდ შენ ერთი ხარ დაფასებისა და სიყვარულის ღირსი.
გონების კეთილ თვისებებს ჩვევებისგან არ ვიღებთ. ამისთვის არც სრულყოფილებისკენ სწრაფვა კმარა. სულის სიფაქიზე ბუნების საჩუქარია და არა რაიმე ხელოვნების წყალობით შეძენილი სიკეთე.
რაც უფრო გრძელია სიყვარულისკენ მიმავალი გზა, მით უფრო მეტ სიამოვნებას მოიხვეჭს ფაქიზი სული.
როდესაც გიყვარს აღმოაჩენ, რომ სხვამ გაგიტაცა და შიში გიპყრობს.
ფაქიზი ადამიანი იმედს არასოდეს კარგავს, იმ დროს, როდესაც უხეში სირთულეებს ვერ უძლებს. პირველის სიყვარული ხანგრძლივია, მეორესი, ხანმოკლე.
სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემას შთაგვაგონებს, - იმას, ვინც გვიყვარს მოწიწებით ვეპყრობით და სწორადაც ვიქცევით: საყვარელ არსებაზე ძვირფასი ამქვეყნად არავინაა.
სიყვარულს სიტყვებზე მეტად დუმილი უხდება. არსებობს დუმილის მეტყველება, რომელიც სიტყვებზე მეტს გვიმხელს. კრძალვით დამორცხვებული შეყვარებული მამაკაცის დუმილი საყვარელი არსებისთვის ფაქიზი სულის და ამაღლებული გონების ნიშანია. დგება წუთი, როდესაც მჭერმეტყველება უნდა დაიოკო. ეს გონების წინასწარ გათვლილი გადაწყვეტილება არ გახლავთ, ამის საჭიროებას აუცილებლობა განაპირობებს.
რაც უფრო გონიერია ადამიანი, მით უფრო მეტ თვითმყობად სილამაზეს ამჩნევს ირგვლივ, მაგრამ თუ შეყვარებულია, მხოლოდ ერთ სილამაზეს ხედავს.
როდესაც გვიყვარს, წარმოვიდგენთ, რომ ისეთი აღარ ვართ, როგორიც ადრე ვიყავით და გვგონია, რომ სხვები ამას ამჩნევენ, მაგრამ ასე სულაც არ არის. გრძნობა გონების თვალთახედვას ზღუდავს, ჩვენ არაფერში არ ვართ დარწმუნებული და ყოველივეს უნდობლად ვეკიდებით.
ადამიანის გონებაზე და აქედან გამომდინარე, მის გრძნობებზე წარმოდგენას შევიქმნით, როდესაც საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ.
მე ვიზიარებ იმათ აზრს, ვინც ამტკიცებს, რომ სიყვარული გვავიწყებს სიმდიდრეს, მშობლებს და მეგობრებს, - მეგობრობასაც აქვს საზღვარი. სიყვარულს იმდენად შორს მივყავართ, რომ საყვარელი არსების გარდა, გვერდით არვის ვისურვებთ. ჩვენს არსებას ის ერთი ავსებს და სხვისთვის ადგილი არ რჩება. არც ვინმეზე ზრუნავ და არც არვის ბედი გაღელვებს. ჭარბი გრძნობის ერთი შედეგიც ეს არის. აქედან გამომდინარე, სხვების აზრი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ვიცით, რომ ისინი მხოლოდ გონების ხმას უსმენენ და ემორჩილებიან. სიყვარული კი განსჯისთვის ვერასოდეს იცლის.
ცდება ის, ვინც გონებას და გრძნობას აშორიშორებს. მათ დაპირისპირებას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუძებნი, რადგან სიყვარული და გონება ერთი და იგივეა. დიახ, გრძნობა გვიტაცებს და ახალი გზით გვატარებს, მაგრამ ამ გატაცებაში გონება თან გვახლავს და ნუ ვისურვებთ, რომ სხვაგვარად იყოს, რათა არ ვემგვანოთ უსულო მანქანებს. ასე რომ, ნუ გავრიყავთ გონებას, ნუ გავარიდებთ გრძნობას, რამეთუ გონება და გრძნობა განუყოფელნი არიან.
როდესაც საყვარელი არსებისგან შორს ვართ, ბევრს ვფაციფუცობთ და სიტყვავუხვობთ, მის გვერდით კი ვმორცხვობთ და გადაწყვეტილების მიღების უნარს ვკარგავთ. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც შორს ვართ, გონების სიმშვიდეს არაფერი გვირღვევს, არ ვშფოთავთ და ნებისმიერ საგანს ნათლად აღვიქვამთ. გადაწყვეტილების მიღება სიმტკიცეს ითხოვს, გრძნობისგან აფორიაქებული გონება კი ამ თვისებას კარგავს.
ცხოვრებაშიDჭირი ჭირს ენაცვლება და Mმათ დასათმენად საყვარელი არსების გვერდით ყოფნას ნატრობ. იმედი გაქვს, რომ სევდა შეგიმსუბუქდება. მაგრამ თვალს მოკრავ თუ არა, გრძნობ, რომ მწუხარება კიდევ მეტად გაგიმძაფრდა. წარსულ ვარამს ივიწყებ, რადგან მას სიყვარულის ამწუთიერი ტკივილი ენაცვლება. ამის შემყურე, მოდი და ნუ უთანაგრძნობ ჭირთამთმენ შეყვარებულს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


ქ.ს. ლუისი - უბრალოდ ქრისტიანობა


მიქელ ირემაძე
ჭეშმარიტი რწმენის სასწაული
ქ.ს. ლუისი, "უბრალოდ ქრისტიანობა", მთარგმნელი: ზეინაბ სარაძე, გამომცემელი: "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი", თბილისი, 2002.

ქლაივ ლუისი უაღრესად ავტორიტეტული ლიტერატურათმცოდნე (ოქსფორდისა და, შემდეგ, კემბრიჯის პროფესორი) და ერთობ უჩვეულო ფანტაზიის სახელმოხვეჭილი ბელეტრისტი იყო. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, XX საუკუნის დიდი მსოფლმხედველობრივი ომების ისტორიაში დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ქრისტიანობის დაუღალავმა აპოლოგეტმა - რწმენის ყველაზე უდრეკი და უანგარო რაინდების ღირსეულმა მემკვიდრემ. ალბათ, ნიშანდობლივია, რომ მისი თანამემამულის, თავისი დროისთვის უაღრესად "პროგრესული", ათეისტური სარკაზმის ნაპერწკლებით მოელვარე ბერტრან რასელის მქუხარე სახელი (რაც გინდა თქვი და, ეს ფილოსოფოსი 1950 წლის ლიტერატურული "ნობელის" ლაურეატი იყო) XX საუკუნის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე თითქმის გაქრა სააზროვნო სივრციდან, ხოლო ძველმოდური და "გულუბრყვილო" ქ.ს. ლუისის მნიშვნელობა კი სულ უფრო იზრდებოდა და, ყველა ნიშნით, კიდევ გაიზრდება.
ეს მნიშვნელობა კი ორმა ფაქტორმა განსაზღვრა - ქრისტიანობის მდგომარეობამ ტექნიკური ცივილიზაციის ეპოქაში და ავტორის პიროვნებამ.
XX საუკუნეში ქრისტიანობამ კონფესიებად დაქსაქსულმა შეაღწია. თავისთავად, დაყოფა და მძაფრი დაპირისპირებაც კი დიდი უბედურება არ იქნებოდა, ეს ჭეშმარიტებისკენ მსწრაფველ სულთა უკომპრომისო, მაგრამ კეთილმოსურნე კამათი რომ ყოფილიყო. სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში ყველაზე ადრე სწორედ ჭეშმარიტებას ივიწყებენ ხოლმე. დროის მოტანილ რეგიონულ ან კულტურულ თავისებურებებს ეწირება მარადიული, ჩვეულებით დეტალებს - არსი. ჭეშმარიტების სავალალოდ, სჯულისკანონის გუშაგები მზად არიან ქრისტიანობის "სიწმინდის" დასაცავად დაივიწყონ... ქრისტე (სწორედ ამ მიზეზის გამო სურდა დოსტოევსკის დიდ ინკვიზიტორს კიდევ ერთხელ მიესაჯა სიკვდილი ამქვეყნად ხელახლა მოსული იესოსათვის); მკვდარი წესების კრებულით ჩაანაცვლონ ცოცხალი რწმენა, ისე, რომ არც გაახსენდეთ, რატომ სძულდა მაცხოვარს ფარისევლები.
რიტუალების ფარისევლური გაფეტიშების დიამეტრულად საპირისპირო პოლუსზე კი მოქცეულია რელიგიის მეორე უბოროტესი მტერი - კეთილმოსურნე ურწმუნო ინტელექტუალთა გულწრფელი მცდელობა ჰუმანისტური იგავებისა და მაღალეთიკური ნორმების ერთგვარ კრებულად წარმოგვიდგინონ ქრისტიანობა. ეს ადამიანები სინანულს მხოლოდ იმ მიზეზით გრძნობენ, რომ დღევანდელობის სირთულეებთან ბრძოლაში ფსიქოთერაპიულ საშუალებად და სოციალურ მედიატორად ესოდენ გამოსადეგი ინსტრუმენტი (თუ მედიკამენტი) ერთიანად სასწაულებზე დაფუძნებული საშინლად არქაული რელიგიაა და არა რაციონალიზმის მოთხოვნებით აგებული თანამედროვე მოძღვრება. ილუზიები არ უნდა გვქონდეს: ეს "მოქნილი" და შემწყნარებელი ლიბერალური შეზღუდულობა უკვე ძნელი დასაძლევი და ქრისტიანობის არსს ისევე დაცილებულია, როგორც ფარისეველთა აგრესიული რიტუალური ფანატიზმი.
ასეთ ვითარებაში, ქრისტიანობის საერთო პრინციპების ქადაგება არა სასულიერო პირის, არამედ ინტელექტუალი ერისკაცის, სამწყსოს რიგითი წევრის მიერ იმით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, რომ ქლაივ ლუისი კარგად ხედავდა კონფესიათა შორის გაწოლილ ნაპრალებს (ხშირ შემთხვევაში, ნამდვილ უფსკრულებს!) და არასოდეს მიუფუჩეჩებია რიტუალური და, მით უფრო, დოგმატური განსხვავებების მნიშვნელობა (თვით ღვთისმშობლის თაყვანისცემაშიც კი, რაც მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის, არა უბრალოდ სამკაულს, შეიძლება ითქვას, ხელისგულს წარმოადგენს, და რაშიც პროტესტანტები პოლითეიზმის აღორძინების საფრთხეს ხედავენ). ქ.ს. ლუისი ანგლიკანური ეკლესიის წევრი იყო და ანიდან ჰოემდე იღებდა როგორც მის მრწამსს, ისე რიტუალურ თავისებურებებს. ის იყო უაღრესად მორჩილი ქრისტიანი და აზრად არ მოსდიოდა, გონების ლაბორატორიაში ემოწმებინა რწმენის მონაცემები.
და ყველაფერ ზემოთქმულის მიუხედავად (უფრო კი, სწორედ ამის წყალობით) ქლაივ ლუისმა ისიც თვალნათლივ დაგვანახა, რომ, თუკი ნამდვილი ქრისტიანი ხარ, "მშობლიური" კონფესიიდან ყველაზე დაშორებული დენომინაციაც კი, რომელიც ქრისტეს ღმერთობას აღიარებს, უკვე მხოლოდ ამ ფუძემდებელი მიზეზის გამო ათასჯერ უფრო ახლობელი ხდება შენთვის, ვიდრე ყველა სხვა ნიშნით, - ეთიკურად, მსოფლმხედველობრივად ან თუნდაც რიტუალურად (ცნობილია, მაგალითად, რაოდენ დიდი გავლენა მოახდინა მუსულმანობამ კოპტებზე, ტაძარში თავდაბურულნი და ფეხშიშველნი რომ შედიან), - შენს კონფესიასთან ყველაზე ახლოს მდგომი სხვა რელიგია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქ.ს. ლუისს შესანიშნავად ესმოდა - ქრისტიანობის ეს საერთო საფუძველი მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი, ერთგვარი მოსაცდელი ჰოლია, საიდანაც ნეოფიტებმა კონფესია უნდა აირჩიონ, თავ-თავის ოთახში (დენომინაციაში) შევიდნენ; რომ "ჰოლი მოსაცდელი ადგილია, აქედან შეიძლება ამა თუ იმ ოთახში შესვლა, მაგრამ საცხოვრებლად არ ვარგა. სწორედ ოთახებშია ბუხარიც, სკამებიც, საჭმელიც. ამ აზრით, ყველაზე ცუდი ოთახიც კი ჰოლს სჯობია"; და რომ, უმთავრესია ახალმოქცეულმა ქრისტიანმა აღმსარებლობა იმის გამო კი არ აირჩიოს, რომ ოთახის მორთულობა მოეწონა (ტაძრის მხატვრულმა გაფორმებამ ან რიტუალებმა მოხიბლა) ან წესებისკენ გაუწია გულმა ან კიდევ მღვდელმსახური ესიმპათიურება, არამედ ერთადერთი მიზეზის გამო: სწორედ აქ, - ამ ოთახში, ამ კონფესიაში, - ხედავს იგი ჭეშმარიტების სისავსეს.
ადამიანისთვის, ვინც თავისი ეკლესიის შვილად ბრმად და გაუცნობიერებლად კი არა, სწორედ ცნობიერი და მყარი პოზიციის გამო რჩება, არა უბრალოდ მისაღებია, შეიძლება ითქვას, ქცევის ერთადერთ შესაძლებელ წესს გამოხატავს ავტორის სიტყვები: "თქვენს ოთახში რომ შეხვალთ, კეთილი იყავით იმის მიმართ, ვინც სხვა კარი შეაღო (ე.ი. სხვა აღმსარებლობის მიმდევარი გახდა, - მ.ი.) და იმათ მიმართ, ვინც ჯერ კიდევ ჰოლშია. თუ ისინი ბოროტნი არიან, თქვენი ლოცვა მათ უფრო სჭირდებათ. თუ თქვენი მტრები არიან, ნაბრძანები გაქვთ მათთვის ილოცოთ. ეს ერთი იმ წესთაგანია, რომელიც მთელი სახლისთვის საერთოა".
თუ კაცს სჯერა, რომ ჭეშმარიტებაში მყოფობს, სხვაგვარად არ უნდა იქცეოდეს, რადგან შეუწყნარებლობა და სიძულვილი მხოლოდ ავი ზნის ან, კიდევ უარესი, ფუნდამენტური ურწმუნობის გამოვლენა იქნებოდა.
ქლაივ ლუისმა თვითონ იცხოვრა ნამდვილი და ურყევი ქრისტიანის ცხოვრებით. იშვიათია ადამიანი, რომელსაც ასე უდრტვინველად, მოვალეობის ასეთი შეგნებით და მზადყოფნით მიეღოს ტანჯვა. ერთადერთი მაგალითით შემოვიფარგლები: მან მხოლოდ 60 წელს მიღწეულმა იქორწინა და ცოლად მოიყვანა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალი, რომელიც ახლო მომავალში ტანჯვით სიკვდილისთვის იყო განწირული. და ეს ჩაიდინა არა სენტიმენტალური "კეთილშობილების", არამედ სწორედ სიყვარულის გამო. საერთოდ კი, XX საუკუნის ცნობილ სახელებში ძნელია მოიძებნოს ბიოგრაფია, რომელშიც ესოდენ მცირე დოზით იყოს სიამოვნება და ესოდენ უხვად ჭეშმარიტი სიხარული მთელ არსებობასა და სამყაროს კიდითკიდემდე რომ ავსებს. და ეს სიხარული ღმერთის არსებობის ყველაზე უტყუარ ნიშნად მიაჩნდა ქლაივ ლუისს.
კონფესიებად დანაწევრებულ ქრისტიანობაში იმდენად ცოტაა გამაერთიანებელი სახელი, რომ ამაზე სულ უმნიშვნელო მინიშნებაც კი სიხარულს იწვევს. მაგალითად, გასულ საუკუნეშივე ერთი ურყევი მართლმადიდებელი მოითხოვდა, რუსეთის ეკლესიას თავის წმინდანადაც ეღიარებინა ფრანცისკ ასიზელი.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახლო მომავალში ქლაივ სთეიფლ ლუისის სახელი გამაერთიანებელ ძალად იქცევა ქრისტიანული კონფესიებისთვის - ჯერ კიდევ გადამტერებული ძმებისთვის. ხოლო მანამდე ყველაზე ორთოდოქს მართლმადიდებლებსაც კი შეუძლიათ თამამად იკითხონ "უბრალოდ ქრისტიანობა" - ურყევი ანგლიკანის მიერ დაწერილი ეს წიგნი მხოლოდ ქრისტიანობის არსში წვდომას კი არ გაუადვილებს მათ, არამედ სწორედ მართლმადიდებლობაში განამტკიცებს... ასეთია ჭეშმარიტი რწმენის სასწაული.
ხოლო ჩვენ, ამ უაღრესად სასარგებლო წიგნის მკითხველებს ისღა დაგვრჩენია, გულითადი მადლობა ვუთხრათ ზეინაბ სირაძესა და "კავკასიურ ინსტიტუტს" მისი გადმოქართულებისა და გამოცემისთვის.

© “წიგნები – 24 საათი”

გაგა ნახუცრიშვილი - გამგზავრება და მოლოდინი


ანდრო ბუაჩიძე
კონტრასტული შტრიხების პოეზია

გაგა ნახუცრიშვილი. გამგზავრება და მოლოდინი. მხატვარი თეონა მამფორია. რედაქტორი იასე ცინცაძე. თბ. "საარი", 2002.


გაგა ნახუცრიშვილის ლექსებში აღბეჭდილი ვნებათაღელვა, ბოჰემა, სულიერი ფორიაქი 20-იანი წლების ქართული ლირიკის ასოციაციას აღძრავს. შეიძლება ეს კავშირი თუ თანხვედრა ზოგადი და არაფრისმთქმელი იყოს, მაგრამ თუკი ამგვარი რამ ნამდვილად არსებობს, არც აქ არის რაიმე დასაძრახი: "ედგარ პო, ყორანი, / მორალი - / წარსული მუსიკის / უსიტყვო და ძველი ფორანი".
წარსული მუსიკის ჰანგები მართლაც ხმიანებს კრებულში "გამგზავრება და მოლოდინი" და ყოველივე ამას ახლავს თან ავტორის პიროვნულ-ინდივიდუალური შტრიხები. ეს პიროვნული ნიშნები ერთგვარ სიმსუბუქეს, "მიწიერებას", პროზაულობას, ირონიანარევ ელფერს სძენს ლექსებს. ასეთია, ვთქვათ, "ძველი" ინტონაციით დაწერილი "ახალი" ლექსი: "ახედე ვარსკვლავებს, რომელნიც არ ჩანან, / ოცნება გეყოფა! / ჩადიხარ კიბეზე, ჰაერი ცივია / სხვა დადგა ეპოქა. / გამქრალი სიზმრები და ღამე შიშველი / ეძახის ფანტომებს / დაცლილი ბოთლები და შარვლის ტოტები / არაფერს გაგონებს".
საერთოდ გაგა ნახუცრიშვილის ლექსებისთვის დამახასიათებელია მაღალის და მდაბალის, მიწიერის და არამიწიერის, ოცნების და ირონიის ნაზავი. ზოგჯერ კი რაღაც დიდი, ყოვლისმომცველი სისუფთავის წყურვილი ტანჯავს პოეტს და ასეთ დროს ამაღლებული და არამიწიერი სძლევს პროზაულს და იბადება ასეთი სტრიქონები: "ის მოდის ჩუმად, / როგორც ქურდი ან საყვარელი, / ან ნამთვრალევი / გრძნობების ჩქამი, / ის მოდის ჩუმად, / უფრო ხშირად / ის მოდის ღამით, / და რომ იცოდეს, - / როგორ გავსვრით, / აქ აღარ მოვა!.. / და იქნება ცამდე მართალი / ის - / მარტოობის თეთრი სარდალი, / სახელად თოვა!.."
ჩემზე პირადად ყველაზე მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს გაგა ნახუცრიშვილის ის ფრაზები, რომლებიც ემოციურად და ფსიქოლოგიურად ზუსტია. ამგვარ სიზუსტეს ინტუიციით გრძნობს მკითხველი და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ვთქვათ ასეთია ამ სტროფის ბოლო სტრიქონი: "ქალები იცვლიდნენ თმის ფერს, / დღიურში ყვავილებს ახმობდნენ, / ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს, / უბრალოდ თავისთავს ართობდნენ".
წაკითხვისთანავე მენიშნა - ქალები ხშირად იმ უბრალო მიზეზით აკეთებენ რაღაც-რაღაცებს, რომ საკუთარი თავი გაართონ. რა თქმა უნდა, შეიძლება საამისოდ მათ მოწყენილობა უბიძგებს, მაგრამ ეს ფაქტია.
მომწონს ასეთი ფრაზაც: "იყო სულელი ბედნიერება / და სულელურად ბოროტი ჟამი. "სულელურად ბოროტი" ნამდვილად არსებობს - ჟამიც და ადამიანიც. სულელურია ის ბოროტება, რომელიც არაფრით არ არის ნაკარნახევი და ამავე დროს არავითარ მიზანს არ ემსახურება (რა თქმა უნდა, ბოროტება არც სხვა შემთხვევაშია გამართლებული, მაგრამ სხვა დროს შეიძლება იყოს "მზაკვრული", "სასტიკი", "ვერაგი", ოღონდ არა "სულელური").
გაგა ნახუცრიშვილის ლექსთა ერთი ნაწილი განწყობილებისმიერ ქარგაზეა აღმოცენებული. განწყობილება რამდენიმე შტრიხით იხატება. სხვათა შორის, ამ მყისიერი მდგომარეობის ლექსში მოქცევას საკმაოდ კარგად ახერხებს ავტორი: "ქალები, ტუზი, / და ისევ ტუზი, / სამწუხაროა გაქცევა მუზის, / როცა გარეთ წვიმს... / ნუ გაშლი ქოლგას, / მოუსმინე, რას ამბობს წვეთი, / წვიმის წვეთი / და ნურაფერი / ნუ გინდა მეტი".
გაგა ნახუცრიშვილის ლექსწერა ზოგჯერ მთლიანად ასოციაციურ აზროვნებაზეა აგებული. ასეთია ვთქვათ, ლექსები "ნაცნობი სურათი" და "მთვარის რიტმი". ამ ლექსებში თითქოს წყვეტილი ფრაზებია, მოკლე შტრიხები, მოულოდნელი განათებები. და ამავე დროს: აქ არის რეალობა და ფანტასმაგორია, სინამდვილე და სიზმარი არეული ერთმანეთში.
ცალკე განხილვის ღირსია პოეტის მიძღვნითი ლირიკა. აი, ვთქვათ ლექსი, რომელიც ეძღვნება ამერიკელ მწერალს ჯერომ სელინჯერს: "რას ეუბნება კედელი კედელს? / რასა და ვდგავარ უძრავად ასე, / კუთხეში ალბათ შევხვდებით შემდეგ, / ასე, ნუღარ იკითხავ რაზე. / რას ეუბნება კედელი კედელს? / რასა და, ძმაო, შენთან ვარ თითქმის, გიპოვნე მგონი და მაინც გეძებ... / ტბა გაიყინა, გაფრინდა იხვი".
ამ ლექსში უშუალოდ მოთხრობიდან აღებული ფრაზაა გამეორებული. აქ ერთი სტრიქონი: "გიპოვნე მგონი და მაინც გეძებ..." გამოხატავს ლექსის მთელ დედააზრს. ეს სტრიქონი აზრისმიერი ნათელი სხივივით ანათებს მთელ ლექსს. დანარჩენ ნაწილში კი ემოციური ფონია წარმოჩენილი, მარტოობის ძუნწი შტრიხებით დახატული განწყობილებაა დაფიქსირებული.
აქვე არის ლექსები მიძღვნილი ეგზიუპერისადმი, მოდილიანისადმი, ლორკასადმი. შთამბეჭდავია ესპანელი პოეტის ტრაგიკული ხვედრით ნაკარნახევი ასეთი გამონათქვამი: "მე ამაყი ვარ იმისთვის, რომ თავი დავინდო", ან ასეთი წამოძახილი: "სადღაა რწმენა, როცა მლიქვნელს უჭირავს დროშა, / და, როცა მოდის შეგნებული, ტლანქი სიბნელე". ან კიდევ ამგვარი სურათი: "მერე საფლავთან ცრემლიანი კარტს გაშლის ბოშა, / ის იგრძნობს როგორ გადამშალეს და გამიმეტეს".
ძალზე უცნაური მდგომარეობაა დაფიქსირებული ლექსში "მოჩვენებები". ფორმის თვალსაზრისით ლექსი შეკრულია და კონცენტრირებული. რითმა ძალდაუტანებლად, ოსტატურადაა გამართული. არაფერი აღარ არის მოჩვენებების გარდა. ეს ფაქტობრივად არყოფნაა, ოღონდ მოჩვენებების ნიშნით აღბეჭდილი. სხეული კარგავს შეგრძნების უნარს, ქრება შიმშილი და წყურვილი. ყველაფერი დროის და სივრცის მიღმა ხდება. ხდება კი რამე? მე მგონი, არა. სიწყნარე სუფევს და სიცარიელე: "სხეული გაქრა. სხვა დროა უკვე. / სილუეტს აღარ სჯერა ვნებების, / აღარც სიბრტყეა და აღარც კუთხე / მოჩვენებები. მოჩვენებები. / აღარც შიმშილი. აღარც წყურვილი. / აღარც ავდარი და აღარც დარი. / არც სიყვარული, არც სიძულვილი. / აღარც მზე. აღარც გიჟური ქარი" და ა.შ.
ვერ ვიტყვი, რომ ეს ლექსი უჩვეულოა გაგა ნახუცრიშვილის პოეზიისთვის, მაგრამ სიმკაცრით, ფილოსოფიური წვდომის ჟინით, ყოფიერების მიჯნათა დალაშქვრის სურვილით აქ პოეტი თავის სხვა ნაწარმოებებს აშკარად აღემატება. უჩვეულო მდგომარეობა ხელშესახებადაა გადმოცემული.
გაგა ნახუცრიშვილი კარგად ფლობს კონვენციურ ლექსს. ზუსტად არგებს სათქმელს რიტმს, ინტონაციას. კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას დაუთმობს ზოგჯერ რითმას, რომელსაც არა უბრალო, არამედ განსაკუთრებული აზრობრივი, შინაარსობრივი და სხვა ფუნქციები აქვს ლექსში.
ზოგჯერ პოეტი მელოდრამატულ განწყობილებას ქმნის, მაგრამ ერთი ან ორი ტრაგიკული ტონალობით აღბეჭდილი ფრაზა აქარწყლებს მყისიერ სიმსუბუქეს და სიღრმისეულობას ანიჭებს სათქმელს.
გაგა ნახუცრიშვილის ლექსებში კონტრასტული შტრიხები, პარადოქსები, ნაღველით და ირონიით შეფერილი სტრიქონები, სინათლე და წყვდიადი ერთმანეთშია გადაქსოვილი. თავისებური სიმბიოზი უჩვეულო შთაბეჭდილებას ქმნის.

© “წიგნები – 24 საათი”

Wednesday, September 23, 2009

მალხაზ ხარბედია – კიდევ ერთხელ მარკესის შესახებ


რამდენიმე დღის წინ (9 ოქტომბერს) The New York Times-ში წერილი გამოქვეყნდა გაბრიელ გარსია მარკესის შესახებ. დიდი არაფერი, ავტორი უბრალოდ შეგვახსენებდა, რომ გაბო ცოცხალია და რომ კოლუმბიაში მისი მოგონებების წიგნიც გამოვიდა. "იცხოვრო, რათა მოყვე", ასე ჰქვია მის ბოლო წიგნს, რომელზეც, უფრო დაწვრილებით შემდგომში მოგითხრობთ, ახლა კი შევეცდები კიდევ ერთხელ გავაქარწყლო ის ყალბი მითი, რომელიც ბოლო წლებში მარკესის გარშემო შეიქმნა და რომელიც განსაკუთრებით ქმედითი საქართველოში აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ, რადგან ადრე უკვე მქონდა ამგვარი "გაქარწყლების" ცდა, ეს გასულ წელს იყო, "ქომაგის" ფურცლებზე, დღეს კი მინდა უფრო ფართო წრეს გავაცნო მარკესთან დაკავშირებული უცნაური ამბები, რადგან როგორც რამდენიმე დღის წინ დავრწმუნდი, ხალხში ჯერ კიდევ ცოცხალია იმ პატარა, ყალბი ტექსტის ხიბლი, ტექსტისა, რომელიც შარშან ლამის ყველა ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა.

15 სექტემბერი, 2002

სიკვდილი, მოგეხსენებათ, ისეთი რამეა, რაც მხოლოდ სხვებს ემართებათ ხოლმე, ამიტომაც ე.წ. ანდერძებს ყოველთვის სევდიანი ხალისითა და მწუხარე აღტაცებით კითხულობს ხალხი. შესაძლოა ცოტა უცნაურადაც ჟღერდეს ეს ჩვენი "სევდიანი ხალისი", მაგრამ რას იზამ, ასეთია სიკვდილის რიტორიკა, ხალხმა სწორედ რომ აღტაცებით მიიღო 2001 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მარკესის ე.წ. ანდერძი კოდური სახელწოდებით "ჩალის თოჯინა".
ვიღაცა შემომედავება, კაცი კვდება, მკითხველს ეთხოვება, შენ კიდე დამდგარხარ და კაიფობო. იმასაც იტყვის, "კოდური სახელწოდება" რაღა შუაშიაო.... არა მეგობარო, მე სულაც არ მეხუმრება, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს "ანდერძი" კარგად შესრულებული ლიტერატურული ხრიკი აღმოჩნდა და მეტი არაფერი, საერთაშორისო მასშტაბის ოპერაცია, რომელიც ნამდვილად იყო იმის ღირსი, რომ მისთვის კოდური სახელწოდებაც მოეფიქრებინათ (თავის დროზე მეც წამოვეგე ამ ხრიკზე, მაგრამ სევდანარევი აღტაცებით აღვსილს ცივი წყალი გადამასხა ერთ-ერთმა ესპანურმა სააგენტომ).
მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს:
ფილტვის კიბოზე პირველი ოპერაცია 1992 წელს გაუკეთდა მარკესს; ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ უკვე 1999 წელს ექიმებმა მას ლიმფომაც აღმოუჩინეს და სწორედ ამ პერიოდშივე გავრცელდა პირველი ჭორიც მისი გარდაცვალების შესახებ. ლოს-ანჯელესის ონკოლოგიურ კლინიკაში ჩატარებულმა კურსმა შედეგი გამოიღო, მარკესი გამოჯანმრთელდა და თავისი მოგონებების პირველი ტომის გამოქვეყნებასაც დაპირდა მკითხველს. არ გასულა რამდენიმე თვე, რომ პერუანულ გაზეთ "La Republica"-ში დაიბეჭდა და მყისვე ინტერნეტითაც გავრცელდა ზემოხსენებული ტექსტი მარკესის ხელმოწერით, რომელიც 2000 წლის 8 დეკემბრით იყო დათარიღებული. ეს ტექსტი ტონითაც და სტილურადაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ასეთია სიკვდილის ყალბი რიტორიკა და მასთან შედარებით კონკრეტული მწერლის სტილური თავისებურებები ძალას კარგავენ. ერთი სიტყვით, სიკვდილის რიტორიკამ მთლიანად გადაფარა მარკესის მიერ გამოგონილი სიკვდილის შემთხვევები, წაშალა მთელი მისი შემოქმედება და ავტორის სახელსა და გვარს თავისი სიუჟეტი მიაბა.
მაშ ასე, გაბრიელ გარსია მარკესი წარმოგიდგენთ თავის ბოლო ნამუშევარს.....

"ნეტა წამით მაინც დაევიწყებინა ღმერთს, რომ ჩალის თოჯინა ვარ, მაშინ ხომ არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ და უფრო მეტს ვიფიქრებდი მასზე, რასაც ვამბობ.
საგნებს ღირებულებით კი არა, მნიშვნელობის მიხედვით შევაფასებდი.
ნაკლებს ვიძინებდი, მეტს ვიოცნებებდი და მეცოდინებოდა, რომ ყოველი თვალდახუჭული წუთით სინათლის სამოცწამიან მონაკვეთს ვკარგავთ.
ვივლიდი, როცა სხვები თავს შეიკავებდნენ ამისგან, გავიღვიძებდი, როცა სხვებს ეძინებოდათ, მოვისმენდი სხვათა საუბრებს. და რომ იცოდეთ, როგორ ვისიამოვნებდი შოკოლადის ნაყინით.
ღმერთს რომ ცოტაოდენი ცხოვრება ებოძებინა, უბრალოდ ჩავიცვამდი, მზის პირველ სხივთან ერთად წამოვდგებოდი, სხეულის გარდა სულსაც გავიშიშვლებდი.
ღმერთო ჩემო, გული რომ მქონოდა, ზიზღს ყინულის ბორკილებში მოვაქცევდი და მზის ამოსვლას დაველოდებოდი. ვარსკვლავების შუქზე ვხატავდი, როგორც ვან გოგი, ვიოცნებებდი ბენედეტის პოემაზე, სერას სიმღერა კი ჩემი მთვარის სერენადა იქნებოდა. ვარდებს ცრემლებით დავალტობდი, რათა მათი ეკლების ჩხვლეტა მეგრძნო და ფურცლების ცეცხლოვანი ამბორის ღირსი გავმხდარიყავი.
ღმერთო ჩემო, მე რომ ცოტაოდენი სიცოცხლე დამრჩენოდა....დღეს არ გამოვტოვებდი, რათა მეთქვა ძვირფასი ადამიანებისთვის, თუ როგორ მიყვარან ისინი. დავარწმუნებდი ყველა ქალსა და მამაკაცს, რომ ისინი ჩემი მიჯნურები არიან და ვიცხოვრებდი ასე, სიყვარულში სიყვარულით.
დავუმტკიცებდი ადამიანებს, თუ როგორ ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ სიბერესთან ერთად სიყვარულსაც კარგავენ: არადა პირიქითაა, ისინი იმიტომ ბერდებიან, რომ აღარ უყვართ.
ბავშვს ფრთებს მივცემდი, მაგრამ ვასწავლიდი თავისით ეფრინა.
მოხუცებს ვასწავლიდი, რომ სიკვდილი სიბერისგან კი არა, დავიწყებისგან მოდის.
რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ადამიანებო....
მივხვდი, რომ ყველას მთის მწვერვალზე სურს ცხოვრება, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება მათ დაღმართისას ელით.
მივხვდი, რომ როცა ახალშობილი პირველად მოიქცევს მამის თითს თავის პაწია მუჭში, იგი მას აღარასდროს გაუშვებს ხელს.
მივხვდი, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს სხვას, როცა ფეხზე წამოდგომაში ეხმარება მას.
მე ამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, მაგრამ სიმართლე ითქვას, ეს ცოდნა ვერაფერს მშველის, რადგანაც ყველაფერ ამით აღვსილი, მე, სამწუხაროდ, ვკვდები."

მარტში მარკესს 73 წელი შეუსრულდა, ანუ როგორც დიდი კუბელი ხოსე ლესამა ლიმა იტყოდა, Tristicia Caducitatis-ის ასაკში შეაბიჯა, ჩვენებურად კი სიბერის სევდა შემოეპარა. წარსულის მაქსიმუმისა და მინიმალური მომავლის პირობებში მისგან მართლაც მოსალოდნელი იყო რაღაც აღსარება, მაგრამ არა ასეთი. ასე მხოლოდ მისი პერსონაჟები ლაპარაკობენ, გახსოვთ ალბათ სანტიაგო ნასარის ბოლო სიტყვები "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკიდან": "მომკლეს, დეიდა ვენე! მომკლეს!" - ამბობდა იგი და ნაწლავებიდან მიწას იფერთხავდა....
"სამწუხაროდ ვკვდები..." ამ სიტყვებს გაბო არაფრის დიდებით არ დაწერდა, ნუთუ წარმოსადგენია, რომ სიკვდილთან ასე გაშინაურებულ კაცს აგრერიგად დაემცირებინა მისი დიდებულება; ან ეს ფრთები და ვარდები რაღა შუაშია. ერთი კია, მისტიფიკატორმა გაითვალისწინა, რომ სიცოცხლე (ცოცხალი მარკესი) ვერ მოახერხებდა თავისი სიკვდილის აფიშირებას და რომ მომაკვდავი მწერალი იძულებული გახდებოდა ისევ და ისევ სიცოცხლის ტრიუმფზე მოეთხრო რამე და მხოლოდ შემდეგ მომკვდარიყო. მან ისიც ზუსტად გათვალა, რომ თავად მარკესიც სულ "წინასწარგამოცხადებულ" სიკვდილებზე წერდა მთელი ცხოვრება. ზემოთ ნახსენები მოთხრობის გარდა "მარტოობის ასი წელი" და "სიყვარულს მოფარებული გარდაუვალი სიკვდილიც" შეგვიძლია გავიხსენოთ: "სენატორი ონესიმო სანჩესს ექვსი თვისა და თერთმეტი დღის სიცოცხლეღა დარჩენოდა, თავის საოცნებო ქალს რომ შეხვდა...." - ასე იწყებდა თხრობას გაბო.
არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს მარკესი, მაგრამ საბედნიეროდ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და ესპანური "El Pais"-ის მკითხველი უკვე გაეცნო კიდეც ფრაგმენტებს დაპირებული მოგონებებიდან. და რაც მთავარია, გამოირკვა ანდერძის ავტორი, ეს ადამიანი გახლდათ ვინმე აბელ პარენტინი, არგენტინის ელჩი პერუში.

დეკემბერი, 2001

Monday, September 21, 2009

მალხაზ ხარბედია – ენის ტრიუმფატორი


გაბრიელ გარსია მარკესი: ცხოვრება
ჯერალდ მარტინი
Gabriel García Márquez: A Life
By Gerald Martin


დაახლოებით 10-12 წლის წინ, ჟურნალს “არილის” იფისში ერთი სასაცილო ფოტო მქონდა გაკრული. ფოტოზე ფიდელ კასტრო და გაბრიელ გარსია მარკესი იყვნენ გამოსახული, ფოტოზე ორივეს შორტები აცვია და ორივეს რაღაც უცნაურ ფლოსტებში (თუ სანდლებში) აქვთ ფეხები წაყოფილი. ორივე ბედნიერია, ერთი მსოფლიოს უნიჭიერეს მწერალთან მეგობრობით ამაყობს ალბათ, მეორეს სიამაყის მიზეზთა ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანდა, (ერთხელ, კასტროს კოლუმბიაში სტუმრობისას, მარკესს თურმე მისი მცველის ფუნქციაც კი უკისრია). ასეთი ფოტო შემდეგაც არაერთხელ გადაიღეს ძველმა მეგობრებმა, ხან სუფრასთან, ხან ბუნების წიაღში სეირნობისას, ხანაც სპორტულებში ან ოფიციალურ შეხვედრაზე, თუმცა უშუალობით ამ ფოტოს ვერც ერთი ვერ შეედრება.
მარკესს ფიდელის ლაქიასაც უწოდებდნენ. მაგალითისთვის, მისი ყოფილი მეგობარი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა (რომელიც მემარჯვენე იდეებითაც უპირისპირდება მარკესს) ნამდვილად არ იშურებდა ხოლმე ამგვარ შედარებებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1976 წელს მეგობრებმა გვარიანად იჩხუბეს. მაშინ ლიოსაც და მარკესიც ოჯახებით ბარსელონაში იყვნენ თურმე ჩასულები. ლიოსა ვიღაც შვედ ლამაზმანს გადაყრია და ოჯახიდან წასულა, მარკესებს კი, პატრიციასთვის, ლიოსას მეუღლესთვის რჩევა მიუციათ, გაეყარე და ქონებაც გაიყავითო. ლიოსას მალე დაუღწევია თავი იმ ქერათმიანი შვედი ქალის ხიბლიდან, დაბრუნებულზე კი მარკესების რჩევის შესახებაც გაუგია მეუღლისგან. ამის გამო ლიოსას მამა-პაპურად მოუდია თურმე მარკესისთვის ის თავისი ჯანიანი მარჯვენა (მემარჯვენე ტყულად კიარაა!) და თვალიც დაულილავებია დიდი მწერლისთვის (სხვათა შორის, არსებობს ფოტოგრაფ როდრიგო მოიას ორი ფოტოსურათი, სადაც მარკესს მარცხენა თვალი აქვს ჩალურჯებული).
ჯერალდ მარტინის წიგნში ამაზე არანაკლებ საინტერესო ამბებია მოთხრობილი, სადაც მწერლის გენეალოგიიდან და მისი შემოქმედებითი ფესვებიდან მოყოლებული, აუარება ისტორიას ამოიკითხავთ. თუმცა ისტორიებზე თუ ჭორებზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ წიგნის ავტორი მწერლის შემოქმედებაზეც ძალზე ზუსტ დაკვირვებებს აკეთებს და თავდაპირველ ამოცანად სკანდალურ ისტორიებს კიარა, მწერლად ჩამოყალიბებისა და განვითარების დეტალებს მიიჩნევს.
მარკესს ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონია, სხვა მოზარდებივით ისიც კითხულობდა დიუმას და ათას ერთ ღამეს, XVI-XVII საუკუნეების ესპანურ ლიტერატურას, შემდეგ ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლის სტიპენდიაც მოუპოვებია, სადაც რუბენ დარიოს შემოქმედებას სწავლობდა, პირველი აღსანიშნავი თარიღი კი მარკესის ცხოვრებაში 1950 წელი ყოფილა, როცა პრუსტის, ჯოისის, ვულფისა და ფოლკნერის ესპანური თარგმანების კითხვაში გართულ 22 წლის ახალგაზრდას მტკიცედ გადაუწყვეტია მწერალი გამხდარიყო.
მარტინის წიგნში საკმაოდ დამაჯერებელ აბზაცებს ამოიკითხავთ მარკესის “მაგიურ რეალიზმზეც”, რომელიც, მისი აზრით, ესპანური ლიტერატურის ოქროს ხანას ეფუძნება. მარტინის სიტყვით, მარკესის “მაგიური რეალიზმი” ესაა გაპრიმიტივებული და გახალხურებული გონგორიზმი (იგულისხმება ესპანური ბაროკოს ყველაზე გამორჩეული პოეტი, ლუის დე გონგორა) ადგილობრივი საკმაზებითა და თემებით.
წიგნის ავტორის აზრით, მარკესის საუკეთესო ნაწარმოები “პატრიარქის შემოდგომაა”. მისი სიტყვით, ესაა ენის ტრიუმფი, რომანი, სადაც მწერლის ოსტატობა წარმოუდგენელ სიმაღლეებს აღწევს. ეს ნაწარმოები ყველანაირი გაგებით ტირანულია, იგი მოგვითხრობს ტირანიაზე, უპირისპირდება ენის ტირანიას და ამგვარი გაბედულებით ტირანივით მართავს მკითხველს.
ჯერალდ მარტინი 17 წლის განმავლობაში იკვლევდა მარკესის ცხოვრებას და ნაწერებს, მან ასეულობით ინტერვიუ აიღო მწერლისგან, მისი მეგობრებისგან, სხვა მწერლებისგან. წიგნში დეტალურადაა გადმოცემული “გაბოს” ჟურნალისტური კარიერის, ევროპაში მოგზაურობის, შემდეგ კი მექსიკაში გატარებული წლების შესახებ, სადაც მან “მარტოობის ასი წელი” დაწერა. ბევრ რამეს შეიტყობთ გვიანი პერიოდის მარკესის შესახებაც, ამ წლების შესახებ განსაკუთრებით ის ადამიანები დაინტერესდებიან, ვინაც რამდენჯერმე გამოიტირა გაბო (წლების წინ ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ მისტიროდა ერთი “განათლებული” მაღალჩინოსანი მარკესს, ეს რა კაცი დავკარგეთო) და ვისაც დღემდე გონია, რომ პერუში არგენტინის ელჩის, ვინმე აბელ პარენტინის მიერ შეთხზული ტექსტი-ანდერძი მარკესს ეკუთვნის. ეს მოკლე ტექსტი ასე მთავრდებოდა: “მე ამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, მაგრამ სიმართლე ითქვას, ეს ცოდნა ვერაფერს მშველის, რადგანაც ყველაფერ ამით აღვსილი, მე, სამწუხაროდ, ვკვდები”.
მას შემდეგ 9 წელი გავიდა და მარკესმა დაამტკიცა, რომ იგი სიკვდილს არ აპირებს, ძველებურად წერს და რაც მთავარია, თავის ბიოგრაფებსაც ეხმარება წერაში.

© „ლიბერალი“

Sunday, September 20, 2009

ფრანსუა დე ლაროშფუკო - სიყვარულსა და სიცოცხლეზე


სიყვარული ჩვენი ცხოვრების ხატია: ერთიც და მეორეც ერთნაირად ემორჩილებიან ბედის ორომტრიალს, გარდატეხებსა და ცვალებადობას. მათი ახალგაზრდობა სიხარულით და იმედითაა აღსავსე: სიყმაწვილის ბედნიერება სიყვარულის ბედნიერების ტოლფასია (სიყმაწვილე ისეთსავე ბედნიერებს გვანიჭებს, როგორსაც სიყვარული). ესოდენ სასიამოვნო მდგომარეობა, სხვა, კიდევ უფრო ძლიერი სიკეთეების მოხვეჭის სურვილს აღგვიძრავს. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მხოლოდ არსებობა, უკეთესის ძიებაში მუდამ წინ ვისწრაფით, ვცდილობთ წარმატება მოვიპოვოთ და სიმდიდრე დავაგროვოთ. ძლიერთა ამა ქვეყნისა მფარველობას ველტვით და მზად ვართ მათ ნებას ვემორჩილოთ. ვერ ვიტანთ, როდესაც სხვები წინ გვეღობებიან და იმასვე ისურვებენ, რასაც ჩვენ. მეტოქეთა დაჯაბნას ვცდილობთ, უამრავ საზრუნავსა და ჭირს გადავეყრებით, მაგრამ საზოგადეობაში ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ თუ არა, უსიამო მოგონებებს დავიწყების წყალს ვატანთ: მთავარია, წადილი აღვისრულეთ და ახლა თავს ვარწმუნებთ, რომ ჩვენს ბედნიერებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.
ვაგლახ, რომ სიახლის ხიბლი მალე ინავლება და ჩვენს ნეტარებასაც სწრაფად გაუდის ყავლი. სასურველს მოვიხელთებთ თუ არა, ახალი სურვილები გვებადება. ვეჩვევით იმას, რასაც ვფლობთ და რასაც, ერთ დროს, ესოდენ ვნატრობდით. ის, რაც ერთხელ ძვირფას განძად ვიგულვეთ, უფასურდება და ჩვენს გემოვნებას აღარ ეთანხმება. ჩვენდა უნებურად ვიცვლებით, თან ისე შეუმჩნევლად, რომ ცვლილებისთვის თვალიც ვერ მიგვიდევნებია. ის, რაც მოვიპოვეთ, ჩვენი არსების ნაწილად იქცა და მასთან განშორება ტანჯვას გვაყენებს, თუმც კი მისი ფლობა ძველებურ სიამოვნებას ვეღარ გვანიჭებს. სიხარულმა სინორჩე დაკარგა და თვალი ახალი სიამტკბილობისკენ გაგვირბის, ის კი, რის მოპოვებას ვნატრობდით და ვპოვეთ კიდეც, ჩირადაც აღარ გვიღირს. ეს უნებლიე ღალატი დრომ მოიტანა, რომელიც, ჩვენდა დაუკითხავად, სიყვარულსაც და სიცოცხლესაც საკუთარ ნებაზე განაგებს, რაც დღე გადის, მით მეტად წარიტაცებს მათ სიყმაწვილეს და სილაღეს და აცამტვერებს მათ ჭეშმარიტ ხიბლს. ჩვენ სერიოზულობა გვეძალება და ადრე ვნებათა კარნახს აყოლილნი, ახლა საქმისთვისაც ვიცლით. სიყვარულს თავისთავად არსებობა უჭირს და გარეშე, აქამდე უცხო მშველელს უხმობს. სიყვარულის დაოსება ასაკის ბრალია, დღეები გარბიან და ჩვენ სულ უფრო აშკარად ვხედავთ, რა დასასრული ელის ჩვენს გრძნობას, თუმც ყოველნაირად ვუძალიანდებით მოახლოებულ განშორებას; ძალა არ გვყოფნის ნებაყოფლობით დავუსვათ საბოლოო წერტილი და კარგად ვუწყით, რომ სიყვარულისა და სიცოცხლის დაისის ჭმუნვას ვერსად გავექცევით. წინ საზარელი გამოცდა გველის, სიტკბოებას ნაღველი შეცვლის და ბედი უბედობად გვექცევა. ეჭვიანობა, უნდობლობა, შიში ვნების დაწრეტისა და მარტოობისა თან ახლავს მინავლებულ სიყვარულს, მსგავსად მიხრწნილი სიცოცხლის თანამგზავრი სნეულებებისა.: ვეღარ გრძნობ არსებობ, თუ არა, რადგან სნეულება ტანში გაგიჯდა, ვერც ის გაგიგია, გიყვარს თუ არა, რადგან სიყვარულის ნაცვლად ახლა მხოლოდ სიყვარულის მწუხარებას განიცდი. ჭარბად ხანგრძლივი გრძნობის თვლემას სევდიანი გამოფხიზლება მოყვება, რადგან, კარგად გრძნობ, რომ სიყვარულის კაეშანი კიდევ დიდხანს გასტანს. ხრწნა თავისთავად ტკივილი და სინანულია, და მაინც ყველაზე დასანანი სიყვარულის მიხრწნილებაა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები


ჟოელ ბასტენერი

ფრანგული კულტურის ცენტრის დირექტორი

სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები


როდესაც სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდება, ფრანგი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, - მყისვე ენად გაიკრიფება, საკუთარ აზრს გაგიზიარებს, სასუბრო თემის შესაფერის ანეკდოტს გაიხსენებს, დაბოლოს, რაიმე ბრძნულ გამონათქვამსაც მოაყოლებს. ფრანგები ამაყობენ იმით, რომ ესოდენ ლაღად შეუძლიათ ილაპარაკონ სიყვარულზე და ეს უძველესი უპირატესობა სიტყვისა სავსებით გამართლებულად მიაჩნიათ, რადგან ამ გრძნობის არა მხოლოდ ცხოვლად განცდა, არამედ მასზე გადამწყვეტი, მჭექარე აზრის გამოთქმაც ხელეწიფებათ. ფრანგისთვის რაღა სიყვარული და რაღა პეწით გაშლილი სუფრა: ამ სიამოვნებათა შესახებ ფრანგებზე მეტი აბა ვის უთქვამს? ეს განსაკუთრებით იგრძნობა მწერლობაში: არც ერთი ქვეყნის ლიტერატურას არ დაუთმია ამდენი ადგილი სიყვარულისთვის, ესოდენ ხაზგასმით არ წარმოუჩენია, ვინ იცის საიდან მოყოლებული, ამ უნივერსალური პრობლემის უკლებლივ ყველა მხარე და წახნაგი, ესოდენ დაწვრილებით არ აღუწერია გრძნობის საფეხურები და განსხვავებული ფორმები, სექსის "დახვეწილი მანერები" თუ გარყვნილების სიღრმეები. ტრუბადურებიდან კრისტინ ანგომდე, - მადამ დე ლაფაიეტი, გიიომ აპოლინერი და ანდრე ბრეტონიც გავიხსენოთ, - ვინ მოსთვლის რამდენი რამ შევიცანით და რამდენი რჩევა თუ შეგონება მოვისმინეთ, - ფრანგული ლიტერატურა ნებისმიერ კითხვას უძებნის პასუხს, რადგან, როგორც სამართლიანად აღნიშნავს მწერალი და ფილოსოფოსი ფილიპ სოლერსი: "არც ერთ ქვეყანას არ შეუქმნია ესოდენ წინააღმდეგობრივი ლიტერატურა, რამეთუ სხვაგან ვერსად შეხვდებით გვერდი-გვერდ კლოდელს და ვოლტერს, სადს და მადამ დე სევინიეს..."
მრავალსაუკუნოვან, თაობიდან თაობაში გარდამავალ სიყვარულის ჰერმენევტიკის სადარ ტრადიციას კარგად ახსოვს განსაკუთრებული ზეობის პერიოდები: XII-XVIII საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული, XX საუკუნის დასაწყისში და შემდეგ, 1960-70-იან წლებში განვითარების უმაღლეს საფეხურზე ასული ტოტალიტარული ნორმატიული წესის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია, ახალი საუკუნის დასაწყისში ძალებს იკრებს, რათა წინ აღუდგეს უცხოური ლიტერატურების მომძლავრებულ მაცდუნებელ კონკურენციას. ამ აღზევებას თან ახლავს, ლიტერატურაში სექსის და ამასთან ერთად, ღვთიურ მადლს მოკლებული ადამიანის მარტოსულობის განცდის კიდევ მეტი სიმძაფრით წარმოჩენა, რაც, ცხადია, უკავშირდება ეპოქისთვის დამახასიათებელ ყოვლისმომცველ ცინიზმს, რომელიც სრულიად აუფასურებს კეთილ გრძნობებს და "გულის სწრაფვებს". მერე კიდევ, უკანასკნელი ორი საუკუნის ლიტერატურასა და ფილოსოფიაში სიყვარულის აურას თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ წარსულში სენტიმენტალიზმი იშვიათი მოვლენა იყო და ფრანგები, რომლებიც მუდამ ამაყობდნენ სიყვარულის მეცნიერების ზედმიწევნით ცოდნით, არც სულიერი კავშირისა და ერთგულების ქიმერებს წყალობდნენ და არც სხეულის ჯადოს მორჩილებას. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ქირქილით კითხულობს გაზეთში მოსახლეობის უმრავლესობისთვის საძულველი, მუდმივი დაცინვის სამიზნედ ქცეული საზოგადოებრივი ინსტიტუტის, ქორწინების მაცნე განცხადებას, საბოლოო ჯამში, ის მაინც დარწმუნებულია, რომ ოჯახური სიკეთეების დამცველმა კავშირებმა აუცილებლად უნდა სძლიონ გულის ცვალებადობას და სურვილის კონვულსიებს.


სწორედ ამ "იძულებით სიბრძნეს" ადასტურებს ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობა, განსაკუთრებით, ბალზაკის შემოქმედება. საზოგადოებრივი აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა და საკუთარი მარცხის მწარე აღიარება თავისუფლების მეხოტბეთ და ბურჟუაზიული სათნო სიმშვიდის შეურიგებელ მოძულეთ თვით სიყვარულის ძაგებისკენ უბიძგებს. ერთი საშინელი გაფრთხილება ჟორჟ ბატაის ეკუთვნის: "ჩემი ვნება სიყვარულისა გადაჰყურებს სიკვდილს, ისე, როგორც ფანჯარა ეზოს". მსგავსმა თავბრუსხვევამ თავისი დაღი დაასვა პრუსტს და მორიაკს, ისევე, როგორც უელბეკს (მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს თვითონ! იხ. ინტერვიუ). სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ტანჯვა, მონობა, უბედურება და ასე და ამგვარად... ჭეშმარიტი სიბრძნე მისგან გარიდებას გვირჩევს. მორალისტები (აი, კიდევ ერთი წმინდად ფრანგული ხელობა), გრძნობებზე მხოლოდ იმიტომ გვესაუბრებიან, რომ ყველას დასაცინად, სამზეოზე წარმოაჩინონ მათი სიყალბე. ფრანგული მაქსიმებისა და აფორიზმების სისტემა მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის გასაღებს Gგვთავაზობს და სწორედ ამას უნდა უმადლოდეს საკუთარ წარმატებას. ცნების "გასაღები" ხმარება მაშინ, როდესაც საუბარი ეხება ესოდენ ცვალებად, პირადულობის ნიშნით დაღდასმულ თემას, ნიშნავს ილაპარაკო ზოგად ფრაზებზე, გაცვეთილ ტერმინებზე და უნდობლობაზე, რომ არ ვთქვათ, ზიზღზე, ე. ი. ყოველივე იმაზე, რაც არის სათავე სექსუალური წრეგადასულობისა. სწორედ სექსუალური უზომობაა სარჩული თავშეკავებულობისა (აბსტინანცია), რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანული დასავლეთის ისტორიაში. ამაღლებული გრძნობების წინააღმდეგ მიმართულ სარკაზმს ბადებს ილუზიების მსხვრევა, თუმც კი მათ ნაჭდეურებს ვხვდებით სექსუალური თავაშვებულობისა და ბისექსუალიზმის მეხოტბეებთან, თუნდაც ბრიუკნერისა და ფენკილკროტის სკანდალურ ტექსტში "ახალი სასიყვარულო უწესრიგობანი" (იხ. ქვემოთ).
ნიშნავს ეს, რომ ფრანგებს სექსი უფრო იზიდავს, ვიდრე გრძნობა და რომ ხსნა მხოლოდ გულის ტოტალურ უარყოფაშია? ის, ვინც ამ ფაქტს ადასტურებს, შამფორის (1740-1794) სინანულს იზიარებს: "სიყვარული, იმ სახით, როგორც ის საზოგადოებაში არსებობს, მხოლოდ ორი ფანტაზიის ურთიერთობა და ორი ეპიდერმის კავშირია". ბრუკნერი სინანულს გამოთქვამს, რომ სექსუალურ თავისუფლებაზე დისკურსმა დაგვავიწყა არც თუ ისე იდეალისტური ხასიათის "გულის რომანებისთვის" დამახასიათებელი სენტიმენტალური აღსარებანი და ისიც, რომ ძველი მწერლები ამაღლებულ სიტყვებს ერთობ "მიწიერ" მნიშვნელობას შესძენდნენ. გავიხსენოთ თუნდაც აბელარის დასაჭურისება ყოვლად უვნებელი "ლირიკული აღმაფრენის" გამო. იმის თქმაც საკმარისია, რომ ამაღლებული სიყვარულისა და ვულგარული გრძნობიერების დაპირისპირება სასიყვარულო თავგადასავლებით მოყირჭყებული, ყალბი "ცხოვრების გამფლანგველების" მიერ მოგონილი ტრუიზმია. ოვიდიუსის და კაზანოვას კვალდაკვალ, შოდერლო დე ლაკლომ, სტენდალმა და ბევრმა სხვა დიდმა მწერალმა კარგად უწყიან, რომ ის, ვინც ორმხრივი სიამოვნებისგან რაიმე გამორჩენას ელის შემწედ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები უნდა მოიხმოს და ენად უნდა გაიკრიფოს. მოგვიანებით, თემატური ნომრის გაცნობისას, ვნახავთ თუ როგორ იყენებს სულიერ აღტკინებას ზნეობრივი ცხოვრების ნორმების არც თუ ისე თავგადაკლული დამცველი ბენჟამენ კონსტანი, რომლის ნაწარმოები "ადოლფი", მრავალგვარი სურვილის ხლართებში გაბმული ადამიანის ერთი გრძელი აღსარებაა.
შეიძლება ვინმემ დაასკვნას, რომ მაღალი სწრაფვები დიდ წილად სიცრუესა და მოჩვენებითობას ეფუძნება. მართლაც, სურვილის გამოხატვაში ბევრია სიყალბე, უფრორე მაშინ, როდესაც ცდილობ სათქმელს რაც შეიძლება მეტი ხიბლი შესძინო. სწორედ ამას უპირისპირდება სტენდალი თავის ცნობილ ნაწარმოებში "სიყვარულის შესახებ": "სიყვარულის მთელი ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად ითქვას ის, რასაც ამ წუთით თრობისას განიცდი". ვგონებ, არც ისე ადვილი საქმეა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს: ყველა მაცდუნებელს უნდა ახსოვდეს, რომ ქალის გულს ქათინაურებით ვერ მოიგებ, რადგან მან კარგად იცის, რომ ლამაზი სიტყვები ხორციელი სურვილივით წარმავალია. გამოდის, სიტყვები მხოლოდ იმას გამოხატავს, რაც უშუალოდ სხეულს, ხორციელს არ უკავშირდება, და რომ მხოლოდ ზუსტად მიგნებული სიტყვებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ სულიერ სიყვარულზე, რადგან გაუცნობიერებლად ვგრძნობთ, რომ ხსნის ერთადერთი გზა ღმერთის სამსახურია. ან იქნებ, იმის გამო, რომ სუბიექტი სხვა არაფერია, თუ არა ნაკრები ილუზიებისა და წარმოდგენებისა (რომელსაც, როგორც სტრუქტურალიზმი გვიმტკიცებს, იგი საკუთარ თავის შესახებ შეიქმნის), გრძნობებზე საუბარს არავითარი აზრიც არა აქვს?
არა! მსგავსი უკიდურესობანი უცხოა ფრანგული ხასიათისთვის: საფრანგეთი მუდამჟამს იცავდა ზომიერების, მიმტევებლობის და კეთილგანწყობილი ჰუმანურობის პრინციპებს, რომლებიც არასოდეს უპირისპირებს ერთმანეთს გრძნობის ამაღლებულობას და ხორციელ ვნებას. აქ თავს იჩენს ჩვენი ყბადაღებული გულგრილობა, რომელსაც ასე გაცხარებით აძაგებდნენ სელინი, ბერნანოსი და მეოცე საუკუნის სხვა სახელოვანი მწერლები, თუმცა ამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო: ჩვენ ერთნაირად ვუპირისპირდებით თავშეკავებულობას და დონჟუანიზმისთვის დამახასიათებელ ფლობის ჟინს. ჩვენი ავტორები ამ ორ ცდუნებას შორის მუდამ შუალედურ პოზიციას ირჩევენ. მონტენის მოძღვრების მიმდევარნი, ხმას ვუწყობთ მორალისტს და მასთან ერთად ვაცხადებთ: "სამყაროს მოძრაობა ცხადდება სქესთა კავშირში და გამოიხატება სქესთა კავშირით, რამეთუ ეს არის ძალა, რომელიც ყოველივეს განსჭვალავს, ცენტრი, სადაც თავს იყრის ყოველი საგანი". მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ დებულების სისწორეს ბლეზ პასკალის, მკითხველის მიერ ნაკლებად დაფასებული, მცირე ზომის ტექსტიც ადასტურებს, რომელშიც პასკალი უარყოფს გონებისა და სიყვარულის ურთიერთდაპირისპირებას. ტექსტი გამოძახილია აღორძინების ჰუმანიზმისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პასკალის თანამედროვე ლაროშფუკოს ირონიასთან, რომლისთვის სიყვარულის გრძნობა სინამდვილეში არც არსებობს: "ჭეშმარიტი სიყვარული აჩრდილების გამოცხადებას ჰგავს, მათზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს". ჩვენ ვულგარული სურვილების ტყვეობაში ვართ და ეს არის თავი და თავი იმისა, რომ ვერარა ძალისხმევით ვერ ვუახლოვდებით უანგარო სიყვარულის პრინციპს, რომლის არსი დაბადებიდანვე ჩასახულია ჩვენში და რომელსაც, ჩვენივე ნებით, ყურადღების ღირსად არ ვთვლით.
ფრანგების სპონტანურ გონებაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ვნებისა და ტონის სიმსუბუქის, გულწრფელი გატაცებისა და ლიბერტინაჟის (ზნეობრივი ნორმების უგულველყოფა-გ. ე.) ბედნიერი შერწყმა, რომლის კვალი აშკარად საგრძნობია ჩვენი დიდი მწერლების უმრავლესობის შემოქმედებაში და რომელიც, ლიტერატურის სახელოვანი ქალბატონების (მარიამ ფრანგი, მარგარიტ ნავარელი) მიერ პირველად წარმოჩენილი, გრძელდება და გაცილებით მაღალ საფეხურზე ადის კრებიიონის, რეტიფ დე ლა ბრეტონის, სტენდალის, ფლობერის და მოპასანის ნაწარმოებებში. ტრადიცია გრძელდება პიერ ლუისის და ლუი არაგონის ლექსებში, ისევე, როგორც თანამედროვე "შანსონებში". კრებიიონი უმცროსი (1709-1777) სასიყვარულო ისტორიის გადმოცემისას, მიზნად ისახავს წარმოაჩინოს სიყვარული მთელი სისავსით, ე.ი. სხეულიც და გულიც, რადგან ნებისმიერი სიყვარული ფიზიკურია ან მისკენაა მიდრეკილი და ამ სწრაფვის შეფერხება მტკივნეული განცდაა. სურვილი სამყაროს უზენაესი ჭეშმარიტებაა და ყოველივე სექსზე გველაპარაკება, ამრიგად, არ არის აუცილებელი, ალაპარაკო თვით სექსი. ამას ქალებიც აღიარებენ, - მადამ დე ლაფაიეტი "კლევის პრინცესაში" გადაკრულად, პერიფრაზებით უმხელს თავის შეხედულებებს მკითხველს. მისგან განსხვავებით, "წესიერად აღზრდილი ქალიშვილის მემუარებში" სიმონ დე ბოვუარი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღიარებს საკუთარ მრწამს. ის მამაკაცები, ვინც ყველაზე კარგად უგებს ქალებს, არა მხოლოდ ამართლებენ მათ მცდელობას, არამედ მათთან იდენტიფიცირებასაც ახდენენ. გავიხსენოთ ფლობერის ცნობილი ფრაზა: "ქალბატონი ბოვარი მე ვარ".
აი ის ზოგადი მიმართულება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მიყვება ჩვენი ეროვნული პროზა. თუ კი მწერლები ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მოქმედების წვრილმანების აღწერას, ეს იმიტომ, რომ მეტი სიმკვეთრით წარმოაჩინონ გრძნობები და ცოტას თუ ვნახავთ ისეთს, ვინც კრძალვით არ მიაგებს მისაგებელს სადს, რომლის მკითხველთა და თაყვანისმცემელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. საფრანგეთს ვერავითარი აღსარებით ვერ გააკვირვებ და ეს, გნებავთ, გულგრილობა ვუწოდოთ, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება შამფორის ღრმა რწმენას: "სიყვარულში ყოველივე ჭეშმარიტია, ყოველივე ყალბია და ის ერთადერთია, რომლის შესახებ სულელურს ან უაზროს ვერაფერს იტყვი".


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

სოფიო კირვალიძე - ბერიკაობა


სანდრო ჩხაიძე

На деревню дедушке, Константину Макарычу

სოფიო კირვალიძე, "ბერიკაობა", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2003.


პირდაპირ ვთქვათ, რომ ახალი ვარსკვლავი დაიბადა? არა, ნუ ვიჩქარებთ... მოდით, უფრო პროზაულ საგნებს მივაქციოთ ყურადღება, მით უმეტეს, რომ საქმე პროზასთან გვაქვს, თუმცა კი ბევრმა შეიძლება არ დაიჯეროს. მაშ ასე, საქართველოში უქმი ფსევდონიმების კორიანტელია: ყველამ იცის, რომ აკა მორჩილაძე გიო ახვლედიანია, ახლა იმასაც გეტყვით, რომ სანდრო ჩხაიძე კი არა, ნოდარ ლადარია ვარ. სარდაფში გამართულ ახალი წიგნის პრეზენტაციაზეც არავინ მოსულა ისეთი, რომელმაც წინასწარ არ იცოდა, რომ სოფიო კირვალიძე სინამდვილეში "24 საათის" მკითხველთათვის საკმაოდ ცნობილი ანა კორძაია-სამადაშვილია.
...რომელიღაც მოთხრობაში ვლადიმირ ნაბოკოვი გამოგონილ მწერალს დაახლოებით ასე მიმართავს: რა თქმა უნდა, ქალი ბრძანდებით, მე ამას უცებ ვგრძნობ — ყველა თქვენს წინადადებას მარცხენა მხრიდან აკერია ღილები. მიხვდებოდა თუ არა ნაბოკოვი ტყუილს, ანა კორძაია-სამადაშვილს ფსევდონიმად რომ მამაკაცის სახელი აერჩია? ნაბოკოვისა რა გითხრათ, მე კი დავიბნეოდი. იმიტომ არა, რომ მოთხრობების ტექსტში ხშირად გვხვდება ის, რასაც განათლებული ადამიანები არანორმატიულ ლექსიკას უწოდებენ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები — უცენზურო სიტყვებს, ხოლო ეკლესიური მორწმუნენი — უხამსობას. არც იმიტომ, რომ კრებულში მოთავსებული მოთხრობები ნიჭის ყბადაღებული მამაკაცური სიძლიერითაა აღბეჭდილი. უბრალოდ, სოფიო კირვალიძესთან ერთად ქართულ ლიტერატურაში ერთი უჩვეულო სიახლე შემოვიდა...
ოდესღაც რომის უნივერსიტეტის, "ლა საპიენცას" ერთი სტუდენტისათვის დავწერე სადიპლომო შრომა "ლიუდმილა პეტრუშევსკაია — რუსეთის ქალური პროზის თვალსაჩინო წარმომადგენელი". სათაური აშკარად პოლიტკორექტულობამ (კინაღამ პროლეტკულტელობა დავწერე, მაგრამ ეს თითქმის ერთი და იგივეა!) უკარნახა იმ სტუდენტის ნომინალურ ხელმძღვანელს. ჩვენი ავტორის მისამართითაც გაისმა რამდენიმე მსუბუქი ღრენა — ფემინისტიაო. არ ვიცი, რამდენად სამართლიანია ეს თვალსაზრისი, მაგრამ სიახლე, რომლის შესახებაც წინა აბზაცის ბოლოს გაუწყეთ, შემდეგია: სოფიო კირვალიძის მოთხრობებით ქართულ ლიტერატურაში ქალური კი არა, უფრო unisex ლიტერატურა შემოვიდა. მის წინადადებებს ღილები არც მარცხნივ აკერია და არც მარჯვნივ — მისი წინადადებები ელვა-შესაკრავებითაა აღჭურვილი.
მაინც რატომ უღრენდნენ ავტორს, ფემინისტიაო? ჩემი აზრით, ავტორი მხოლოდ სწორუპოვარი მთხრობელია, რომელსაც სიტყვები საგნებზე მეტად უყვარს. საგნები საერთოდ მხოლოდ ავტორის ნებას ემორჩილებიან, სინამდვილე, თუნდაც მტრული, მხოლოდ მაშინ მოჩანს სიტყვათა საფარველიდან, როცა ამას ავტორის გრძნობები და ახირებები მოითხოვს. აი, ამუშავდა ყველასათვის ცნობილი ახირება, რომელიც ქვეყნად ყველაზე დაჩაგრულ ადამიანად გახდომას გვიბრძანებს ხოლმე და მთხრობელის ცხვირწინ გაჩნდება მაღაზია, სადაც მთხრობელი ყელამდე ვალებშია ჩაფლული. მთხრობელს ვიღაც არ ევასება? — იმწამსვე იმ ვიღაცის ხელში აღმოჩნდება პურის საჭრელი დანა, რომლითაც ის ვიღაცა ფრჩხილებს იწმენდს. საგნები უხმოდ ჩნდებიან და უკვალოდ ქრებიან ავტორის და მასთან ერთად ჩვენი ცხოვრებიდან. მაგრამ ეს არაა მთავარი. ჩვენი მკაცრი შემფასებლების გაღიზიანება კი ნამდვილად იმან გამოიწვია, რომ ამ საგნებივით ჩნდებიან და ქრებიან ავტორის ნებას დამორჩილებული მამაკაცებიც. ეს არ უნდა გაებედა სოფიო კირვალიძეს!
მაინც ვის მიმართავს, სოფიო კირვალიძის უწყება?
ჩვენი ემპირიული ავტორი, ანა კორძაია-სამადაშვილი თავისი პირველი სპეციალობით რუსისტია (არ აგვერიოს რუსოფილში). ახლა მას უფრო გერმანისტი ეთქმის. პროფესიით ალბათ ჟურნალისტია. სამივე ამ ასპექტმა თავისი შესაფერი გამოხატულება პოვა მის პროზაში. და მაინც, სოფიო კირვალიძე სულ სხვაა. არის ერთი რამ, რაც მას ასხვავებს ანა კორძაია-სამადაშვილისაგან — ამ მუდამ სიხარულითა და თუ აუტანელი არა, წარმოუდგენელი სიმსუბუქით აღსავსე არსებისაგან. სოფიო კირვალიძე ისეა ჩამწყვდეული ჩვენს ბერიკაობა-სინამდვილეში, როგორც ჩეხოვის ვანკა — ხარაზის სახელოსნოში. იგი ამ სინამდვილიდან თავის ამოყოფას ლამობს, იმ ცხოვრებისაკენ ისწრაფვის, სადაც ჩვენი ბერიკაობა იმათი კარნავალის სიმაღლემდეა ასული და გაკეთილშობილებული.
ამიტომ სოფიო კირვალიძე განწირულია: ის ვერასოდეს იპოვის გამოძახილს, როგორც ჩეხოვის ვანკას წერილი — ბაბუას. მისი ტექსტი უხილავის დამნახავისთვისაა განკუთვნილი. სოფიო კირვალიძე მოკვდა. დაიბადა ანა კორძაია-სამადაშვილი. აი, ამის თქმა შეგვიძლია.
ჩვენ? — ჩვენ კი ადამიანური განცდების მიმართ მუდმივი სიყრუვე გველოდება, თუ კვლავ ბერიკაობის თამაშს გადავყვებით და ვერ მივხვდებით, რომ დრო დადგა კარნავალის ცეცხლოვან სამყაროში შებიჯებისა.


© “წიგნები – 24 საათი”

აკა მორჩილაძე - ძირს სიმინდის რესპუბლიკა!


ნოდარ ლადარია

ლონდონის გერები

აკა მორჩილაძე, "ძირს სიმინდის რესპუბლიკა!", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბილისი, 2003.


ძალიან ძნელია სხვადასხვანაირად წერო ავტორზე, რომელიც ყოველთვის ერთნაირად წერს. ეს პირველი წინადადება, ერთი შეხედვით, ძალიან ცუდი გამოვიდა. მაგრამ შემდეგ კიდევ უარესი იქნება...
ბოროტი ენები ამბობენ, რომ ეს ერთნაირობა აკა მორჩილაძეს კარგა ათი წელი კიდევ აჭმევს პურს. ჰოი, ძმანო, პურის ჭამაა და პურის ჭამა! მე რაც შემეხება, არა მგონია, ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ტექსტი იყოს — ის ტექსტი და მის გარშემო მომხდარ მოვლენათა ერთობლიობაა. ეს მოვლენები ყოველთვის სხვადასხვანაირია, შემთხვევით და გამიზნულად ნაწარმოებ აზრთა და მოქმედებათა მრავალფეროვნება თითქმის ამოუწურავია, ამიტომაც, სანამ არ შეწყდა და არ დაიშრიტა ტექსტის გარშემო აგორებული რეალობის ტალღა, მანამ ვერავისზე ვიტყვით, რომ ყოველთვის ერთნაირად წერს...
ეს ჩემი ნაწერიც უკვე აკა მორჩილაძის ახალი რომანის ნაწილს თუ არა, ჩვენს მკითხველთა საზოგადოებაში მისი ცხოველქმედების პროდუქტს წარმოადგენს. "ძირს სიმინდის რესპუბლიკა!" — ასე ჰქვია წიგნს. სათაური მომწონსო, — წამოიძახა ერთ-ერთ საჯარო განხილვაზე რატი ამაღლობელმა. იქ ჩვენი ახალი თაობის ლიტერატორები იყვნენ შეკრებილნი და წიგნი არავის ჰქონდა წაკითხული, იქ ქვემორე ხელისმომწერიც სამგზის გამოვიდა სიტყვით, მაგრამ წიგნი არც მას ჰქონდა წაკითხული. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ გუშინ დავასრულე რომანის კითხვა, მაგრამ შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვსულვარ და ამიტომ რომანიდან კი არ დავიწყებ, არამედ, როგორც უკვე ვთქვი, მის გარშემო აგორებული რეალობის ტალღიდან.
როცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რომანი გამოსცა და ავტორიც ახალდამკვიდრებული ტრადიციის შესასრულებლად "პარნასში" გაყიდულ ეგზემპლარებზე ავტოგრაფებს უტოვებდა თავის მკითხველებს, ტელევიზიით გამოგვიცხადეს, რომ წიგნი ლონდონში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილებზე იყო. წიგნი მათ გრძნობებსა და სიძნელეებით აღსავსე ცხოვრებაზეაო, — გვითხრეს, — ძნელიაო უცხო მხარეში გაძლება, აკი რომანშიც წერია, ლონდონი საშლელია და თუ თავს იზოგავ, თუ ათი წუთით მეტი გძინავს, წაგშლისო. ეჰ, ჩვენები ტელევიზიითაც იმას წუწუნებენ, რომ შრომა ეზარებათ... დიახ, წიგნი ლტოლვილებზეა, უფრო სწორად კი ლონდონის ქართველ იმიგრანტებზე. ოღონდ ნამდვილი, ესე იგი, ხორციელი სინამდვილიდან აღებული ქართველი სულ ორია — კარგად მოწყობილი დათო ოჯახითურთ და პლეხანოველი ჯამბულა. სიძნელეებიცა და გრძნობებიც ნაცნობია და მშობლიური: არც მთლად ადვილია ცუდად მოწყობილმა კარგად მოწყობილი მოძებნოს და შემოსავლის, სამომავლო გეგმების, თვით ცხოვრების წილში ჩაუჯდეს, წურბელასავით გამოსწოვოს ფული, ძალები, სიცოცხლე. გრძნობებიც ნაცნობია და მშობლიური: შავი რომ კარზე მოგადგება, ოჯახში შემოგეპარება, უბრალოდ შენს მისამართს გაიგებს და იმის ფიქრში მოკვდები, რომ საქართველოში, საკუთარ ოჯახში დატოვებული მშობლები სინამდვილეში მძევლებია, რომ გამოსავალი მხოლოდ ორია — ან მიწა უნდა გაგისკდეს, ან შენ თვითონ უნდა გასკდე, მაგრამ მოიგონო, ვინა გყავს ქურდი ნათესავი, მეგობარი ან ნათლია. ეს ნამდვილია რომანში — ჩვენი გარდაუვალი წყევლა თუ შეჩვენება, რომელსაც ასე სხარტად გამოთქვამს ჯამბულა: "სადაც მე ვარ იქ ყველგან პლეხანოვია". მორჩა და გათავდა, ვერ დაუძვრები და შენს ცხოვრებაში ერთადერთი თავგადასვლის არჩევანი გაქვს: თვისტომთა წინაშე როგორ გაამართლო უდიდესი დანაშაული — შრომით მოპოვებული სიფრიფანა კეთილდღეობა.
მაგრამ თავგადასავლები მაინც ხდება რომანში. ეს კიდევ ორი ქართველის დამსახურებაა, მაგრამ ისინი ნამდვილები არ არიან. ერთი, მალხაზ მ., რომელიღაც ზღაპრიდანაა მოსული (აბა, რამდენს გინახავთ ოციოდე წლის ოსტატი მჭედელი სოფელში, სადაც გალოთებული კაცებისა და ხალათმოსხმული უშნო ქალების გარდა არაფერი დარჩა დღეს?). მეორე, უსახელო, რომელიც თავის თავს მაკგარლიკს ეძახის (ალბათ ნიორაძე უნდა იყოს), სტივენსონის "განძის კუნძულიდან" გადმოსახლდა ახალ ქართულ რომანში. ერთ მშვენიერ დღეს მასთან ბილი ბონსისა და ჯონათან სილვერის ჰიბრიდი მოდის, რომელსაც კონან დოილის ერთი შურისმაძიებლის გენებიც გამოჰყოლია, აი, იმისი, აორტის გაგანიერებით რომ მოკვდა ციხეში. მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს თავგადასავალი და შესრულდეს ცხოვრება.
ნამდვილი და გამოგონილი ქართველების ორომტრიალს ზემოდან ორი ღმერთი აკვირდება — არცთუ მთლად წარმატებული ინგლისელი გამომცემლების წყვილი. ისინი მითიური მოირების თუ ნორნების მსგავსად თავიანთ ნებაზე ჭრიან პერსონაჟთა ცხოვრების ძაფებს და ჩვენს რომანში სიკვდილის შეგრძნება შემოდის. ყოველი ცალკეული ეპიზოდი სწორედ მაშინ წყდება, როცა უკვე შეეჩვიე მის სტილსა და ატმოსფეროს, როცა უკვე შეეთვისე მასში მოქმედ ადამიანებს. მაგრამ მაკრატლის ერთი მოსმა და განშორების წამი დაუკითხავად მოდის, მომავალი შეხვედრა კი სათუოა. ასე რომ, ცხოვრების წარმავალობაზე არაფერს გეუბნება ეს წიგნი, უბრალოდ, კითხვის პროცესში ჩნდება დაუძლეველი შეგრძნება იმისა, რომ უნდა იჩქარო, რადგან თავგადასავლისა და გამარჯვების შესაძლებლობა შენს სიცოცხლეს ასევე დაუკითხავად და მოულოდნელად დატოვებს.



© “წიგნები – 24 საათი”

Wednesday, September 16, 2009

ორიგინალური ჟანრი

ლევან ბრეგაძე
ორიგინალური ჟანრი
იმერი ხრეველი, "უკუთქმანი" (პალინდრომული პოეზია). პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა. თბილისი, 2002.


ლიტერატურასაც აქვს თავისი ორიგინალური ჟანრები (შეგახსენებთ: "ორიგინალურ ჟანრს" საესტრადო ხელოვნებაში ილუზიონისტურ ნომრებს უწოდებენ). ერთ-ერთი ასეთი ორიგინალური ლიტერატურული ჟანრი გახლავთ პალინდრომი - ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება. მოსკოვური "მოკლე ლიტერატურულ ენციკლოპედია" გვაუწყებს: "პალინდრომის მხატვრული ხარისხი დამოკიდებულია ენის სტრუქტურულ მონაცემებზე: რუსულ და სხვა ინდოევროპულ ენებზე პალინდრომი ჩვეულებრივ ხელოვნურად და ბუნდოვნად ჟღერს; მაგრამ, მაგალითად, ჩინურ ენაზე პალინდრომის ფორმით დაწერილია მრავალი მაღალმხატვრული ლექსი" (ტ. 5, სვეტი 655-656).
ცოტაოდენი ხელოვნურობა და ბუნდოვანება პალინდრომს, ცხადია, მიეტევება, მაგრამ რუსულ ენაზეც იქმნებოდა და იქმნება უაღრესად ბუნებრივი და სავსებით აზრიანი პალინდრომები, როგორიცაა, მაგალითად, მ. ბულგაკოვის "Аргентина манит негра" - არგენტინა იზიდავს ზანგს, რადგან... არგენტინაში არ იყო რასიზმი!
რაც შეეხება ლექსს, სარეცენზიო კრებულს წამძღვარებულ ავტორისავე მიმოხილვაში შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული წარმომავლობის რუსი ავტორის, დიმიტრი ავალიანის, ჩინებულ ლექს-პალინდრომს, რომელიც მოსკოვურ ჟურნალ "მატადორში" გამოქვეყნებულა 1996 წელს.
ამ ჟანრის ბუმი საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლო პერიოდზე მოდის, როცა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" სატირისა და იუმორის კლუბმა, რომელსაც "ილიკო და ილარიონი" ერქვა და ზურაბ ასკანელი თავკაცობდა, პალინდრომების კონკურსი გამოაცხადა. საუკეთესო პალინდრომები საკონკურსოდ ვახტანგ ჯავახაძემ და სარეცენზიო წიგნის ავტორმა წარმოადგინეს.
ტარიელ ჭანტურიამ შეამჩნია, რომ ჩვენს დროში მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობას ჰქონდა შანსი ორ პალინდრომულ წელს მოსწრებოდნენ - 1991-სა და 2002-ს, რაც მეტად იშვიათი მოვლენაა. (ტ. ჭანტურიას ეს ოპუსი - "ჩემი პალინდრომი" - მთლიანად მოჰყავს სარეცენზიო წიგნის ავტორს თავის მიმოხილვაში). და აი, იმერი ხრეველმა ორივე ამ პალინდრომულ წელს მოახერხა თავისი პალინდრომების კრებულის გამოცემა - პირველს პალინდრომული სათაური "ორდარა დრო" ერქვა, წლევანდელი ახალი პალინდრომების კრებულისთვის კი "უკუთქმანი" დაურქმევია (ასე გადმოუქართულებია ბერძნული "პალინდრომი", რუსულად რომ "перевертень"-ს ეძახიან).
კრებული იხსნება მაია გოგიშვილის შესავალი წერილით "უჩვეულო წიგნი", ამას მოსდევს ავტორის წინასიტყვაობა (ზემოთ ნახსენები მიმოხილვა) და ასეთი განყოფილებები: "ათანაბანათა", "უკუტანკა", "უკუხოკუ", "მაგიური კვადრატი".
"აისია თუ ქარი რამ, - არი, რა... ქუთაისია!" - ამ მშვენიერ პალინდრომს, რომელიც გალაკტიონის ცნობილი ლექსის მოტივებზეა შექმნილი, სათაურად უზის "არი, რა!.." - ესეც და ამ კრებულში შესული ყველა სხვა ლექსის სათაურიც პალინდრომია: "რახან ადექი - იქედანა ხარ...", "ნათლიმამა... მილთან!", "სვა!.. მოზომავს?", "ამ შურმა, მრუშმა...", "იადონთა სათნო დაი", "უი! კეისარო... აჰა, ორასი ეკიუ", "ენა-გესლა ქალს ეგანე!", "იცინე, შაბაშ! აბა, შენ იცი...". ამ სათაურის ქვეშ ასეთი მაზალო დიალოგია:

- თიბეთ რამე!
- შენ იცი, ვთიბე!
- მთიბავი, მერე?!
- მივაბი თმებით -
ვიცინე შემართებით!..

ლიტერატურულის გარდა მუსიკალური პალინდრომებიც არსებობს. თომას მანის "დოქტორ ფაუსტუსში" ვკითხულობთ: "როდესაც პოლიფონიური სტილის ნიდერლანდელი ოსტატები თავიანთ თავსატეხ ქმნილებებში გადაჯვარედინებულ ხმათათვის კონტრაპუნქტულ მიმართულებას ისე აგებდნენ, რომ ერთი ხმა ზუსტად იმეორებდა მეორეს, თუ მას ბოლოდან დასაწყისისაკენ წავიკითხავდით, ამას გრძნობად ბგერასთან ბევრი არა ესაქმებოდა რა. სანაძლეოს ვდებ, რომ ამ ხუმრობის სმენით აღქმას იშვიათად თუ ვინმე შეძლებდა და იგი უფრო მუსიკის ამქართა თვალისათვის იყო ჩაფიქრებული" (კარლო ჯორჯანელის თარგმანი).
ლიტერატურული პალინდრომიც პირველ რიგში, ცხადია, ხუმრობაა, ოღონდ ჩვეულებრივი ხუმრობებისაგან იმით განსხვავდება, რომ სასწაულსა ჰგავს: მრავალი სიტყვისაგან შედგენილი ისეთი აზრიანი ტექსტის არსებობა, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად წაიკითხება, ძნელი დასაჯერებელია:

აცოც-ახოხა, ახოხ-აცოცა
ამ ავ-ცოცვამა, ამ ავ-ხოხვამა
ასი ბოგანო - მონა გობისა!
ამ ავ-ხოხვამა, ამ ავ-ცოცვამა
აცოც-ახოხა... ახოხ-აცოცა...

აი ყველაზე გავრცელებული ქართული მისამღერი სიტყვებისაგან შედგენილი მშვენიერი პალინდრომული მისამღერი:

ეჰე - ჰეი,
ეჰე - ჰე!
ასა, რერო, რერასა!
ასა, რერო ორერასა,
ასა, რერო, რერასა!..
ეჰე - ჰეი!
ეჰე - ჰე!

ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეფერილობის მქონე პალინდრომიც ვნახოთ:

...ანუ ყალბი კავშირი შვა!
- კავშირი შვა?!
- კი, ბლაყუნა!..

კოლორიტული სიტყვა "ბლაყუნი" ლექსიკონში ასეა განმარტებული: "უშნოდ და უთავბოლოდ სიარული", ხოლო "ბლაყუნა" ის იქნება, ვინც უშნოდ და უთავბოლოდ დაიარება, ასეთი კი საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ორგანიზაციაც შეიძლება იყოს.
ძველად (ძველ საბერძნეთში, ძველ რომში) პალინდრომს მაგიურ მნიშვნელობას მიაწერდნენ. მაგიურობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ის დიდი ეფექტი, რასაც წაღმა-უკუღმა საკითხავი ტექსტი ახდენს, მოულოდნელობის თუ დაუჯერებლობის ფაქტორის გარდა კიდევ რაღაცით უნდა საზრდოობდეს, ეს უცნაური მოვლენა თითქოს რაღაცას უნდა მიგვანიშნებდეს, რაღაცის სიმბოლოს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ რისას?
მოდით, ცოტა წავიფილოსოფოსოთ.
როგორც ცნობილია, ანტინომიები - ზემოთ და ქვემოთ, წაღმა და უკუღმა, წინ და უკან ერთმანეთთან მიმართებაში ფარდობითნი არიან, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ეს ემპირიული ხედვისა და აზროვნებისათვის (სახარების ფრაზაც "ესრეთ იყვნენ უკუანანი წინა, და წინანი უკუანა" ამას მიგვანიშნებს). ამ ღრმად დაფარული ფარდობითობის სიმბოლურ გამოხატულებად წარმოგვიდგება პალინდრომი. ხოლო სიმბოლო მაშინაც ახდენს იდუმალ ზემოქმედებას ცნობიერებაზე, როცა მისი სიმბოლოობა გაცნობიერებული არ გვაქვს.
და კიდევ ერთი რამის სიმბოლოდ გამოდგება პალინდრომი - ერთი კეთილშობილური იდეის სიმბოლურ გამოხატულებად. მოგეხსენებათ, ნახევარი მსოფლიო მარცხნიდან მარჯვნივ წერს და კითხულობს (დასავლეთი), ხოლო ნახევარი პირიქით - მარჯვნიდან მარცხნივ (აღმოსავლეთი). პალინდრომი კი თითქოს ყველასთვის იწერება - გინდ მარცხნიდან მარჯვნივ წაგიკითხავს, გინდ მარჯვნიდან მარცხნივ, მაინც ერთსა და იმავეს ამოიკითხავ. ამრიგად, პალინდრომი აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთობის (თუ ერთიანობის), ურთიერთანგარიშგაწევის, ურთიერთპატივისცემის იდეის (ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მხოლოდ იდეის) სიმბოლური გამოხატულებაც არის.
ზემოთ მუსიკალური პალინდრომი ვახსენეთ. ახლა სარეცენზიო წიგნის გარეკანს დააკვირდით: ზედ მორის ეშერის გრავიურა "ცა და წყალია" გამოსახული და, ცხადია, არცთუ შემთხვევით - ეს ერთგვარი ნახატი-პალინდრომია; ისიც ორმხრივ "იკითხება": ქვემოდან ზემოთ "წაკითხვისას" თეთრი თევზები წარმოშობენ შავ მტრედებს, ზემოდან ქვემოთ "წაკითხვისას" კი შავი მტრედებისაგან თეთრი თევზები იბადებიან; დაკვირვებულ თვალს მტრედების აღმოჩენაც ისევე შეუძლია წყალში, როგორც თევზებისა - ჰაერში.
როგორც ჩანს, ხელოვნების ყოველ დარგს მოეპოვება ორიგინალური ჟანრები.

© “წიგნები – 24 საათი”

ზურაბ ლეჟავა - არსება, რომელიც შენ გიყვარს

დათო პაიჭაძე
პირქუში და სევდიანი ფანტაზიები
ზურაბ ლეჟავა. არსება, რომელიც შენ გიყვარს. რედაქტორი ლია შარვაშიძე, ყდის მხატვრობა მამუკა ცეცხლაძე, მოთხრობები გაფორმებულია ავტორის მიერ. თბ. "მერანი", 2001


ციხის თემა ქართულ პროზაში არც ისე ხშირად ჩნდება: თითებზე ჩამოთვლი მწერლებს, რომელთაც იცოდნენ და აღწერეს ზონა, საკანი თუ კრიმინალური სამყაროს შიდა ურთიერთობები. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მწერლებმა თვითონ ნახეს ციხე, თანაც ზოგს ისეთ პირობებში მოუწია ყოფნა, "წესით" იქიდან ვერ უნდა დაბრუნებულიყო. ჭაბუა ამირეჯიბი, ჯაბა იოსელიანი, ნოდარ დუმბაძე, გივი მაღულარია... კოლონიაში ხდება აკა მორჩილაძის ერთი მოთხრობის მოქმედებაც, მაგრამ, ჩემი აზრით, სუსტი მოთხრობის...

ზურაბ ლეჟავა კიდევ ერთი ავტორია, თავისი წიგნით ჩამოთვლილ მწერალთა ჯგუფს რომ უერთდება. თუ შედარებით უფროსი თაობის ქართველ პროზაიკოსთა "საციხე" ტექსტებში თავისუფლების წყურვილი პერსონაჟთა დიდი ნაწილის მთავარი გრძნობა და სამოქმედო მოტივია, ხოლო იოსელიანისა და ამირეჯიბის მოქმედი პირები ზოგჯერ ციხიდან გაქცევის დიდოსტატები არიან, ზურაბ ლეჟავას საკნებიდან არავინ გარბის. ეტყობა, გაქცევა უფრო იოლია, როცა მთელ ქვეყანას ციხეში ერეკებიან. ზურაბ ლეჟავას პერსონაჟები გვიან დააპატიმრეს, იმდენად გვიან, რომ ერთი მათგანი (ნიშნეულია, რომ თვითონ პერსონაჟი, მწერალი ზურაბ ლეჟავა) "პოლიტიკურზე ჯდომას" ვერშეფარული ირონიით იხსენიებს.

"არსება, რომელიც შენ გიყვარს", ვერასოდეს იქცევა "თეთრი ბაირაღების" მსგავს ბესტსელერად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემნაირ "არიფ" (ანუ ციხეგამოუცდელ) მკითხველს ლეჟავას პატიმართა განცდები ზოგჯერ უფრო დამაჯერებლად ეჩვენება, ვიდრე გაგანია კრიმინალებთან ბატონი ისიდორეს მტკიცე სიამაყით წარმოთქმული პასუხი: "ვარ პარტიის წევრი"! ვერ იქცევა, რადგან ზურაბ ლეჟავასთვის საკანი აღსაწერი სივრცეა: თხზვის ადგილი იქ აღარ რჩება.

თავის დროზე გურამ ასათიანმა ნოდარ დუმბაძის "თეთრ ბაირაღებში" სენტიმენტალური ჰუმანიზმის ნაკადი შენიშნა. სენტიმენტალური ჰუმანიზმი ერთგვარი ევფემიზმი გახლდათ ორთაჭალის პატიმრების ურთიერთობათა ნამდვილობაში დაეჭვების გამოსახატად. ზურაბ ლეჟავასთან სენტიმენტები არ არის: საკნიდან საკანში პატიმარი ქალებისა და მამაკაცების სასიყვარულო მიმოწერაც აბსოლუტურად დაცლილია მღელვარე ემოციებისაგან. "კამერული სიყვარული" ქართულ "კამერულ პროზაში" იშვიათი ნიმუშია პატიმრების ზნეზე დაკვირვებისა მათი ეთნიკური ნიშნით გამორჩევის შემდგომ. საპატიმროთა კარგად მცოდნე ჩვენი მწერლები მაინცდამაინც არ დაგიდევენ საპყრობილეებისა თუ კოლონიების მკვიდრთა სადაურობას და სიმართლეც, ალბათ, ამაშია: დიდ ზონაში ეროვნება არ არის მარკა, რომლითაც პატიმარი უწინარესად გამოირჩევა სხვა პატიმრებისაგან. ზურაბ ლეჟავას რუსი და უკრაინელი მსჯავრდებულები საინტერესონი არიან იმით, რითაც არ გვგვანან ქართველებს: ჩვენ არ გვეჩვენება ლენასა და ჩეტვერტაკის, პაშასა და ნადიას ეპისტოლეთა ინტონაცია ყალბად.

ქართველებმა სულ ახლახანს გაბედეს სიყვარული ვენახში. სიყვარული საკანში ჯერ ჩვენთვის წარმოუდგენელია (არ ითვლება უცნობი ვნებები მამათმავლების საკანში ჭაბუა ამირეჯიბთან ან ლიმონა დევდარიანის წაკითხული "ტანო ტატანო". ზაზა ნაკაშიძის ერთჯერადი სექსი "ხოზაბსლუგის" ქალთან საკნის მიღმა ხდება). მით უმეტეს, ზურაბ ლეჟავას მოთხრობის თემა იმდენად სიყვარული კი არ არის, რამდენადაც სიყვარულის ადაპტაცია ციხის პირობებთან, სიყვარულის გათამაშება მისი მონატრების ნაცვლად. მთელი წიგნის გამჭოლი მოტივიც სწორედ ადაპტაციაა, შეგუება, გაძლება, ემოციების მაქსიმალურად დაჩლუნგება, მაგრამ არა ჩაკვლა. ესაა გზა, რომელიც უნდა გაიარო ციხიდან გამოსვლამდე. "პროფანი" ანუ ციხის არმცოდნე მკითხველის იდენტობა ლეჟავას პერსონაჟებთან შეუძლებელია, სამაგიეროდ, შესაძლებელია მათი გაგება, მათთან მიახლოება. მაგრამ, აბა სცადეთ, გაუგოთ პატიმარს, რომელიც პირველ პირში ჰყვება, რა ხერხით ურჩია თანასაკნელს მეორე პატიმრის მოკვლა, ხოლო მკვლელობის შემდეგ დასაძინებლად დაწვა: "სინდისი მქენჯნიდა. რატომ დავღუპე ეს ორი ადამიანი, შევეკითხე საკუთარ თავს. რატომ ვურჩიე ვიტალის პოლისჯოხზე შტირის მიბმა? – პასუხს არ დავლოდებივარ; გადავბრუნდი და დავიძინე. ხვალ დილით ადრე ადგომა იყო საჭირო".

საკანში სინდისის ქენჯნისათვის ცუდი პირობებია. სინდისის ხმას ჩახშობა არ სჭირდება, ის ისედაც არ ისმის. Притупление – აი პერსონაჟთა ემოციებისა და მოქმედების "მაკოორდინირებელი მოტივი". რა თქმა უნდა, ამ "მეინსტრიმს" აქვს გამონაკლისიც: სასოწარკვეთილი, სასტიკი გარღვევები პატიმართა ქცევებში: უცაბედი მკვლელობა, თვითმკვლელობა, ცემა, საზარელი ჰალუცინაციები. პატიმართა შედარებით სუსტი პროტესტი ან თვით ციხის თანამშრომელთა სადიზმი თუ ზომიერი ექსცენტრულობა ნორმის ფარგლებშია, რომელსაც მთხრობელი ისევ შეკავებული ირონიით უყურებს: "იქ იყო ერთი ამაყი ახალგაზრდა, რომელიც შეეპასუხა ექთანს, ის კი არადა, წინააღმდეგობის გაწევაც კი სცადა. ზორბა ზედამხედველებმა ამისთვის დაუნდობლად მოდრიკეს იგი, ხოლო გაგულისებულმა ექთანმა მთელი ძალით აძგერა დაძაბულ სხეულში მავთულის ჩხირი! შედეგი?! – იმ ახალგაზრდას დიდხანს სტკიოდა ტრაკი". ან: "მოუსვენარი, დებოშიორი პაშა შეცვალა უთქმელმა და აღმსრულებელმა ზედამხედველმა, რომლის ზედმეტი ლაპარაკიც არავის გაეგონა და რომელიც არც სხვებს აძლევდა ლაზღანდარობის ნებას. ის კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და არასოდეს აკუებდა პოსტზე".

სადღაა ზურაბ ლეჟავასთან თავისუფლების წყურვილი, ვითარცა აუცილებელი და მოთხოვნილი კომპონენტი სასჯელთა აღსრულების ადგილებზე შექმნილი ნაწარმოებებისა? სადაა და იმავე "ეპიკური" ინტონაციით გადმოცემულ პირქუშ თუ სევდიან ფანტაზიებში, რომლის რეალიზებას არავინ ცდილობს. მოთხრობაში "მილიონი ბედნიერება" ასეთი ფანტაზიაა მაღალი, ლამაზი, ჯანმრთელი რუსის ქალი, რომელიც თან გასიამოვნებს, თან დაგიცავს, ბლომად ფული და კოტეჯი შვეიცარიაში. ამ ქალთან ერთად სადღაც ლისის ტბის მიდამოებში ფრენა (თუმცა, ზურაბ ლეჟავასთან არ არის არც ერთი კონკრეტული ქართული ტოპოსი) ეროვნულ სიტყვიერებაში კონვერტირებული ვარიანტია იმ უზარმაზარი ძუძუსი, მთა-გორებზე რომ მიგორავს და ვუდი ალენის კინოპერსონაჟს ვითომ გასრესვით ემუქრება.

ოცნება თავისუფლებაზე გაშარჟებულია, რადგან გარემო, სადაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოხვდები, დიდი ვერაფერი ბედენაა: ამ გარემოში დღისით უწლოვანი არამზადები პარპაშებენ, ღამით კი – ქაჯები და ტურები. ამ ანტურაჟში ვარანის გამოჩენაც არ უნდა გაგიკვირდეთ. პერსონაჟები ცხოველთა სამყაროდან ზურაბ ლეჟავას პროზას ხშირად სტუმრობენ, ისევე, როგორც გაცხოველებული ადამიანები.

ციხეს ზურაბ ლეჟავა იცნობს, ხოლო რაც თავისუფლებაზე დახვდა, ის არ მოსწონს. ციხეზე წერისას ის მწერალია, სხვაგან – უფრო პუბლიცისტი. მას აქვს "ციხის ეთნოგრაფიის" - ნივთების, პატიმართა საქციელისა თუ ჩვევების სხვათათვის საინტერესო ცოდნა. გარეთ კი ჩვენი მზერები ბევრ რამეს ერთნაირად აღიქვამს. მაგრამ ეგებ მის მოთხრობებს უკეთესი მკითხველი შეხვდეს, ვიდრე ამ სტრიქონების ავტორი, რომელსაც მხოლოდ ექვსი დღე აქვს გატარებული ერევნის გარნიზონის ჰაუპტვახტში.

© “წიგნები – 24 საათი”

მხიარული რიცხვები, მხიარული სურათები

მხიარული და ყურადღებიანი წიგნები ასეთივე მკითხველებისთვის

დალი კუპრავა

"მხიარული რიცხვები". ქართული გამოცემის ავტორები: თინათინ მამულაშვილი, ნიკო ნერგაძე. რედაქტორი: მარინე სოხაძე
"მხიარული სურათები". ინგლისურ-ქართული ლექსიკონით. დიზაინერი და მოდელების ავტორი ჯო ლიჩფილდი, ფოტოგრაფი ჰოვარდ ოლმანი და სხვა ავტორები. თბილისი, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2001.

ივნისში, ფილარმონიაში წიგნის ბაზრობაზე იმედისმომცემი დინამიკა შეიმჩნა – ჩვენ ჩვენს ბავშვებზე ზრუნვა დავიწყეთ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კარგ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული მხატვრული და სასწავლო-შემეცნებითი საბავშვო ლიტერატურა.
იქვე "გულდაწყვეტილი" ქართველობა აღნიშნავდა, რომ მათ დროს ასეთი წიგნები არ იყო, რომ რუსები თავის ბავშვების განათლებისთვის ოდითგან თავდაუზოგავად წერდნენ და ჩვენ ერთი საბავშვო ენციკლოპედიითა და ხალხური სიბრძნის ხუთტომეულით ამოვწურეთ ჩვენი ღვაწლიო.
თაობები გაიზარდა ცუდი პოლიგრაფიის მწირ ქართულენოვან საბავშვო ლიტერატურაზე. რეზო ინანიშვილი, მაყვალა მრევლიშვილი, გივი ჭიჭინაძე, ედიშერ ყიფიანი, არჩილ სულაკაური და თითებზე ჩამოსათვლელი მწერლები რომ არა, ჩვენს ბავშვებს უფლება ექნებოდათ, ეთქვათ, როგორც თქვენ გვაქცევდით ყურადღებას, ჩვენც ისე გადაგიხდითო. â
დიდი ხნის განმავლობაში, როგორც საერთოდ ყველაფერზე, ქართველი ყმაწვილების საგანმანათლებლო­-შემეცნებით ლიტერატურაზეც, მართალია, უფრო თავისი ინტერესებისთვის, მაგრამ მაინც საბჭოთა რუსეთი ზრუნავდა. იზრდებოდნენ ქართველი
ბავშვები რუსულენოვანი "პაჩემუჩკებითა" და "ზნაი ვსიო"-ებით.
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ", სხვათა შორის, გამოსცა ორი მშვენიერი, ხალისიანი და საჭირო წიგნიც: "მხიარული რიცხვები" და "მხიარული სურათები".
ყველაფერი, რაც მხიარულია, ხალისს ბადებს და ისე არაფერი უხდება ცოდნის მიღების პროცესს, როგორც ხალისით სწავლა.
კვასკვასა ნახატებიანი წითელყდიანი წიგნები ერთი შეხედვით იზიდავს დიდ-პატარა მკითხველს და დაუყოვნებლად გადაშლის სურვილს ბადებს - ნეტა შიგ რა არისო.
ეს სურვილი, წიგნის საგანმანათლებლო აღმზრდელობითი ფუნქციისთვის შესანიშნავი პრელუდიაა.
"მხიარული რიცხვები" არითმეტიკის წიგნია. წიგნი სახელმძღვანელოდ იმ მშობლებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც უყვართ შესანიშნავი ტრიოს შექმნა – "წიგნი, შვილი და მე". თუმცა იმ მშობლებისთვისაც არა ნაკლებ უპრიანია, რომლებიც შვილებს დამოუკიდებელი გართობისკენ მოუწოდებენ, არ ეთამაშებიან, მაგრამ უნდათ, რომ თავისით გართობა ისწავლონ. თუ ბავშვმა ჯერ არ იცის სიტყვა "რამდენი", მაგრამ იცის ერთი და ორი, მიეცით ეს წიგნი და თქვენ ცოტა ხნით დაისვენეთ, დალიეთ ყავა, ისაუბრეთ მეგობართან, ან იტრიალეთ სამზარეულოში. გარწმუნებთ, მალე "თავბედს დაიწყევლით", პატარა თავს მოგაბეზრებთ შეკითხვებით და "იძულებული" გახდებით შვილთან და წიგნთან ერთად გაატაროთ თავისუფალი დრო.
უფრო მოზრდილი ბავშვები პირველივე გვერდზე, უნებურად, "იქსის" განსაზღვრას შეეცდებიან. დათვლა, რაოდენობა, რამდენი? კიდევ რამდენი? უცნობი რიცხვი, კენტი თუ ლუწი? მეტი თუ ნაკლები? ამდენით მეტი, ნაკლები, შეკრება, გამოკლება, გამრავლება-გაყოფაც კი... და ეს ყველაფერი ამ წიგნის მეშვეობით ლოგიკური თამაშით ისწავლება. უფროსი მკითხველი კი დასკვნას გამოიტანს, რომ მათემატიკის სწავლება სულ არ ყოფილა მშრალი საქმე და აღმზრდელობითი ხარისხიც მაღალი ჰქონია.
წიგნის გმირები ქართული სახელებით ეცნობიან მკითხველს, და ცოდვა გამხელილი სჯობს, არამც თუ ბავშვებს, დიდებსაც ძალიან გვიყვარს მხატვრულ პერსონაჟებთან თავის იდენტიფიცირება. ასე, რომ ამ წიგნის "გადამკიდე", ბევრი ელენე, სანდრო, ლუკა, ანა და სხვები ყოველთვის სიამოვნებით ისწავლიან არითმეტიკას.
"მხიარული რიცხვების" ტყუპისცალი "მხიარული სურათები" ინგლისური ენის სასწავლებელი წიგნია. როგორც ავტორები გვეუბნებიან, ის პატარას სწავლის სურვილს გაუღვიძებს და დახმარებას გაუწევს პირველი ნაბიჯების გადადგმაში.
"მხიარული სურათები", როგორც ინგლისური ენის სახელმძღვანელო, იმ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც თვლა იციან. და თუ არა, მაშინ მასწავლებელ-მშობლის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ასწავლიან ამ სურათებით თვლასაც.
ყურადღების კონცენტრირებაზე, მეხსიერების გავარჯიშებაზე დაყრდნობით და ასაკობრივი შესაბამისობის გათვალიწინებით, სახელმძღვანელო კარგი შედეგის მომცემი იქნება. გასართობ და სასწავლო წიგნს თან ახლავს ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. სასურველია, რომ ქართულ-ინგლისური ლექსიკონიც იყოს, რადგან ქართველმა ბავშვებმა საგნების სურათებზე გამოსახული ქართული სახელწოდებაა იციან. და თუ ინგლისურ-ქართული ლექსიკონი სასურველი სიტყვის ქართული მნიშვნელობის მოსაძებნად წააქეზებს, ქართულ-ინგლისური, უკვე მნიშვნელობის მქონე ქართული სიტყვის ინგლისური შესატყვისის მოსაძებნად დამოუკიდებელ მუშაობას მიაჩვევს. კარგი იქნებოდა, რომ, როგორც სურათზე აღნიშნულ საგნებს, სათაურებსაც ქართულ-ინგლისური შესატყვისები ჰქონოდათ. მით უმეტეს, რომ სათაურებად გამოტანილი ქართული სიტყვები: სასტუმრო ოთახი, სახლი, ბაღი, წვეულება, ქუჩა, საჭმელი და ა.შ. არც ლექსიკონშია შეტანილი.
ორივე წიგნს გაცოცხლებული სურათებიც შეიძლება ვუწოდოთ, იმდენად ეფექტურია მოდელების ავტორის, ფოტოგრაფისა და დიზაინერის ნამუშევარი. გადაფურცვლისას გრჩება შეგრძნება, რომ უმოძრაო ნახატს კი არა, ანიმაციურ ფილმს უყურებ.
ბუნებრივია, ამ წიგნებით სარგებლობა მასწავლებელ-მშობელთან ერთად, ან, თუნდაც დამოუკიდებლადაც, იმ ასაკიდან არის შესაძლებელი, როცა ბავშვი წიგნს გრძნობს, ე.ი. დასახევად არ მიიწევს.
იმდენად კარგი წიგნებია, რომ აუცილებლად ვუყიდი ჩემს დისშვილს, თუმცა ის უკვე რვა წლისააო, - დათვალიერების შემდეგ შეაფასა ნაცნობმა. რა თქმა უნდა, კარგი წიგნები ასაკს არ ცნობენ და კარგი მკითხველიც კარგ ლიტერატურას საკუთარი ასაკით არ ზომავს.
ერთი სახალისო კორექტურაც, რომელიც წიგნისა და ბავშვების ურთიერთობის ხარისხზე მეტყველებს.
ბავშვმა დედას ტუჩებში კოცნა მოუნდომა. დედამ აუხსნა, რომ ეს არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ვერაფრით დაუსაბუთა. ოთხი წლის გოგონამ, რომელიც ხალისით ფურცლავდა "მხიარულ სურათებს" და სიამოვნებით სწავლობდა ინგლისურსაც, ვერ გაიგო რას ნიშნავს არაჰიგიენური, ვერც იმას მიხვდა, რატომ უნდა იყოს დედის ტუჩები ჭუჭყიანი.
სამაგიეროდ დედას "მხიარული სურათები" გამოუტანა, 41-ე გვერდზე გადაუფურცლა და აბა, ეს რა არისო, ჰკითხა. დედას რამდენჯერმე ჰქონდა ეს გვერდი გადაფურცლული, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, რომ ამ სურათზე მისი ქალიშვილის ტოლი ბავშვები მართლა ტუჩებში ჰკოცნიან ერთმანეთს.
ეს ფაქტი ჩემთვის იმის ნიშანია, რომ ბავშვებისთვის წერაც და წიგნების გამოცემაც უდაოდ მადლიანი საქმეა. ბავშვივით ყურადღებიანი, ერთგული და ამაგის დამფასებელი მკითხველი ამქვეყნად არ მოიპოვება.

© “წიგნები – 24 საათი”

Sunday, September 13, 2009

გაბრიელ გარსია მარკესი - ჩვენი ცხოვრების მდინარე


ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი (ბოგოტასკენ და ბოგოტადან) - საშუალო სკოლაში სწავლის ექვსი წლისა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წლის განმავლობაში.
ყოველი მგზავრობისას გაცილებით უკეთ ვეცნობოდი ცხოვრებას, ვიდრე - სკოლაში. მდინარის წყალუხვობის პერიოდებში ხუთი დღე სჭირდებოდა გემით მგზავრობას ბრანკილიადან პუერტო-სალგარამდე და, შემდგომ, მატარებლით ბოგოტამდე მიღწევას. წვიმების დროს - რაც არცთუ ისე იშვიათი მოვლენა გახლდათ - მგზავრობა სამ კვირამდე გრძელდებოდა.
პუერტო-სალგარიდან ბოგოტისკენ მიმავალი მატარებელი მთაგორიან ადგილებში მიიკლაკნებოდა და კლდოვან ქედებზე დაბობღავდა. ციცაბო აღმართებზე ის უკან მიგორავდა, შემდეგ სიჩქარეს ავითარებდა და კვლავ წინ მიიწევდა. დრაკონივით მძლავრად ქშინავდა და ოხშივარს უშვებდა.
მატარებლის სვლის გასაიოლებლად მგზავრები ზოგჯერ ფეხით ადიოდნენ უახლოეს ქედზე. ლიანდაგის გასწვრივ ჩამწკრივებული გათოშილი, პირქუში სოფლელები ყიდდნენ შემწვარ ყვითელ წიწილებს და კარტოფილის პიურეს, საავადმყოფოს სუნით რომ ყარდა.
მატარებელი ბოგოტას აღწევდა საღამოს ექვსი საათისთვის, რომელიც ახლაც დღის ყველაზე უსიამოვნო მომენტად მიმაჩნია. ამ უხალისო, ცივ ქალაქში ტრამვაები ღრჭიალებდნენ და ყოველ მოსახვევთან ნაპერწკლებს ისროდნენ. ჭვარტლნარევი წვიმა არ წყდებოდა.
ქუჩებში შავქუდიანი კაცები ირეოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და სადღაც მიიჩქაროდნენ. არც ერთი ქალი არ ჩანდა. მთელი წელი ბოგოტაში უნდა გაგვეტარებინა სწავლის საბაბით, სინამდვილეში კი სულმოუთქმელად ველოდით დეკემბერს, როდესაც მაგდალენაზე ხელახლა უნდა გვემგზავრა.
იმ დროს გემებს სამი გემბანი და ორი გრძელი საკვამლე მილი ჰქონდათ. ღამით ისინი გაჩირაღდნებულ პატარა ქალაქებს ემსგავსებოდნენ და სანაპიროს ჩაბნელებული სოფლების გასწვრივ მიცურავდნენ. მუსიკისა და ჯადოსნური ზმანებების შლეიფი არემარეს ეფინებოდა.
გემებს ჰქონდათ ადვილად დასამახსოვრებელი სახელწოდებები: "ატლანტიკო", "მედელინი", "კაპიტანი დე კარო", "დავიდ არანხო". კონრადის მოთხრობების პერსონაჟთა მსგავსად, კაპიტნები სიმკაცრით და, იმავდროულად, გულისხმიერებით გამოირჩეოდნენ. ისინი ხარბად, გარეული მხეცებივით ნთქავდნენ საჭმელს, მაგრამ თავიანთ პატარა კაიუტებში ღამღამობით მარტონი როდი იყვნენ. ეკიპაჟი კაპიტნებს "მეზღვაურებს" უწოდებდა, თუმცა ბრანკილიას ბარებსა და ბორდელებში, ნამდვილ მეზღვაურთა გარემოცვაში, მათ "მენავეების" სახელით იცნობდნენ.
მგზავრობისას დრო ნელა და საინტერესოდ გადიოდა. დღისით გემბანზე ვისხედით და ნაპირებს ვაკვირდებოდით. ჩრდილში გაწოლილ ალიგატორებს, ხის ტოტებს რომ ჰგავდნენ, ხახები ფართოდ დაეფჩინათ, თითქოს ელოდნენ, რომ მსხვერპლი თავისთავად ჩაუვარდებოდათ პირში. ვამჩნევდით ჩვენი ხმაურით დამფრთხალ უამრავ ყანჩას; წყალსავსე ჭაობებში მსხდარ გარეულ იხვებს; თევზთა გუნდებს. მეჩეჩებზე ლამანტინები შვილებს ძუძუს აწოვებდნენ და მათი გაბმული ყვირილი სიმღერასავით ჟღერდა.
ზოგჯერ დღის ძილს გვიკრთობდა ამაზრზენი სიმყრალე და ვხედავდით, როგორ მოჰქონდა დინებას ძროხის ვეება, გაბერილი ლეში, რომელზეც გრიფი დამჯდარიყო. მთელი მგზავრობის განმავლობაში რიჟრაჟზე გვაღვიძებდა მაიმუნების ყაყანი და გრძელკუდა თუთიყუშების გნიასი.
თვითმფრინავით მგზავრობისას ძნელად თუ შეიძენ ნაცნობებს. მაგდალენაზე ცურვის დასრულებისას კი ერთ მრავალრიცხოვან ოჯახს წარმოვადგენდით. მომავალი შეხვედრებით ვხარობდით: ელიას ოჯახი კალამარში ამოვიდოდა გემზე, პენას და დელ ტოროს ჯალაბი - ლა-პლატაში; ესტორინოს და ვინას ცოლ-შვილი - მაგანგვაში, ვილაფანისა - ელ-ბანკოში.
ნავსადგურებში შეჩერებისას გემის არაერთი მგზავრის ბედი იცვლებოდა: ვინსენტ ესკუდერო, სტუდენტი-მედიკოსი, გამარაში დაუპატიჟებლად შეუერთდა მექორწილეებს, ნებართვის თხოვნის გარეშე იცეკვა ყველაზე ლამაზ ქალთან და ამ უკანასკნელის ქმრის ტყვიას შეეწირა. სამაგიეროდ, ბარანკაბერმეიაში მთვრალმა პედრო პაბლო გილიენმა ცოლად შეირთო პირველივე ქალიშვილი, რომელიც მოეწონა. ისინი ახლაც ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ ცხრა შვილთან ერთად. შესანიშნავმა მუსიკოსმა ხოსე პალენსიამ ტენერიფეში მონაწილეობა მიიღო მედოლეთა კონკურსში და ჯილდოდ მიღებული ძროხა იქვე გაყიდა ორმოცდაათ პესოდ, რაც იმ დროს მნიშვნელოვან თანხას შეადგენდა.
ზოგჯერ გემი ორიოდ კვირით ქვიშიან მეჩეჩზე ჯდებოდა, მაგრამ უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამდა: გართობა ხომ კვლავ გრძელდებოდა. კაპიტანი მაძლევდა წერილობით, ბეჭედდასმულ ახსნა-განმარტებას სკოლაში წარსადგენად.
ჩემი უკანასკნელი მგზავრობის დროს, 1948 წლის ერთ ღამეს გაგვაღვიძა შემზარავმა ყვირილმა, რომელიც ნაპირიდან გაისმოდა. თურმე დედალი ლამანტინი მეჩეჩთან ჩამოვარდნილი ხის ტოტებში გახლართულიყო. ჩვენმა კაპიტანმა კლიმაკო კონდე აბელომ (ერთ-ერთმა საუკეთესო კაპიტანმა) ეკიპაჟს უბრძანა, პროჟექტორებით გაენათებინათ მეჩეჩი. ეკიპაჟის წევრები წყალში ჩახტნენ და ლამანტინი გაათავისუფლეს. ეს იყო ოთხი მეტრი სიგრძის - ფანტასტური შესახედაობის არსება, რომელიც უცნაურად მოძრაობდა. გლუვი, ბაცი ფერის კანი ჰქონდა და დაბურული მკერდი ქალისას მიუგავდა. დიდრონი თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
სწორედ ამ კაპიტანმა განაცხადა ერთხელ, რომ მდინარის აუზში მცხოვრები ცხოველების დახოცვა ქვეყანას საშინელ საფრთხეს უქადდა. ის მგზავრებს ნადირობას უკრძალავდა და ყვიროდა, თუ ვინმეს მკვლელობის ჩადენა სურს, ეს თავის სახლში მოიმოქმედოს და არა ჩემს გემზეო.
სამწუხაროდ, მისი ნათქვამი არავინ შეისმინა.
ცამეტი წლის შემდეგ, 1961 წლის 19 ივლისს, მეხიკოში მეგობარმა დამირეკა და მაუწყა, რომ მაგანგუს ნავსადგურში გემ "დავიდ არანხოს" ცეცხლი წაეკიდა და ერთიანად ნაცრად იქცა. როდესაც ყურმილი დავკიდე, დამეუფლა საშინელი გრძნობა, თითქოს ჩემი ახალგაზრდობა საბოლოოდ დამთავრდა და ჩვენს მდინარესთან დაკავშირებული მოგონებები გემთან ერთად ჩაიფერფლა.
ეს მართლაც ასე მოხდა.
ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს. მთავრობის მიერ გარემოს დაცვის შესახებ დაწყებული მსჯელობა (რასაც ბიძგი მისცეს ამ საკითხით დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა) სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გაფანტვის უღირსი ხერხი. მაგდალენას აღდგენას დასჭირდებოდა, სულ ცოტა, ოთხი თაობის ენერგიული ძალისხმევა, ე.ი. მთელი საუკუნე.
ადამიანები ხალისით საუბრობენ ტყეებით მაგდალენას ნაპირების განაშენიანების შესახებ, რაც საჭიროებს 59.1100000 ხის დარგვას. უკეთ გააზრების მიზნით სიტყვიერად გამოვთქვათ: ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხე. ამასთან, მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა ხეების რაოდენობა, არამედ - ტერიტორია, სადაც ისინი უნდა დაირგოს. თითქმის მთელ ვარგისიან მიწებს კერძო მესაკუთრეები ფლობენ და ტყეებით სრული განაშენიანება ნიშნავს ამ მიწების 90 პროცენტის დაფარვას. ერთი ვიკითხოთ, რომელი ჭკუათმყოფელი მეპატრონე გვიბოძებს მისი მიწების 90 პროცენტს მხოლოდ ხეების დასარგავად და დათმობს თუ არა ის საკუთარი შემოსავლის 90 პროცენტს?
დაბინძურება მხოლოდ მდინარე მაგდალენას როდი ანადგურებს. მის შენაკადებს მოაქვს სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ცხოველური ნარჩენები ეროვნული ნარჩენების გიგანტურ რეზერვუარში - ბოკა დე კენიზას სრუტეში.
1980 წლის ნოემბერში ჯარიდან გამოპარული ორი დეზერტირი მდინარე ბოგოტაში ჩახდა. ისინი მდინარის წყლისგან დაინფიცირდნენ და კინაღამ დაიღუპნენ. მაგდალენას ნაპირებზე მცხოვრები ადამიანები მდინარის წყალს არ სვამენ და არც სხვა საჭიროებისთვის იყენებენ. ისინი მაგდალენას თევზსაც არ ხმარობენ საკვებად, რადგან ეს იგივეა - მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის - რაც სკორეს ჭამა.
გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, რეალურია. საამისოდ საჭირო ღონისძიებები დეტალურადაა აღწერილი ჰოლანდიელ და კოლუმბიელ მეცნიერთა ერთობლივ გამოკვლევაში, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დასრულდა. გამოკვლევის ოცდაათი ტომი ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის არქივში იმტვერება. ამ მონუმენტური ნაშრომის დირექტორის მოადგილე გახლდათ ანტიოქიელი ახალგაზრდა ინჟინერი ხაირო მურილიო, რომელმაც თავისი სიცოცხლის ნახევარი შესწირა გამოკვლევას და სულიერი სიმშვიდე დაკარგა: ის თავისი ოცნებების მდინარეში ჩაიხრჩო.
თავისთავად ცხადია, რომ ახლო წარსულში პრეზიდენტობის არც ერთმა კანდიდატმა არ დაუთმო დრო ამ ამოცანის გადაწყვეტას.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

People&The Planet, 1996

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“