Sunday, September 13, 2009

დათო ტურაშვილი - ჩაძირული ქალაქის ღამე


გია არგანაშვილი
ჩაძირული ქალაქის დასანახად
დათო ტურაშვილი. ჩაძირული ქალაქის ღამე (ეთნოგრაფიული რომანის ვერსია), მხატვარი: ვახტანგ რურუა. თბ. "აზრი", 2002.


დათო ტურაშვილის ახალი წიგნი გამომცემლობა "აზრმა" დაბეჭდა.
"ჩაძირული ქალაქის ღამე" რომანია, თემა - ისტორიული, დრო თითქოს წარსული, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ისევე როგორც ნაწილობრივ მომავალი. მთლიანად კი აწმყო, აწმყო წარსულის ნოსტალგიით და მომავლის იმედით, აწმყო დროთა გაწყვეტილი კავშირის აღდგენის სურვილით, თხრობის ტრადიციული სტილის პაროდირებით, არატრადიციული კომენტარით, იუმორით და უწმაწური სიტყვებით.
ზოგიერთი მკითხველი ძალზე მტკივნეულად განიცდის ამგვარ გამოთქმებს, ვაღიარებ, რომ მეც უამისობა მერჩივნა, თუმცა ვფიქრობ, თანამედროვე ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ახალი ლექსიკური მარაგი, ერთგვარი ფორმაა პროტესტისა, იმ საზედამხედველო რეჟიმის მიმართ, რომელსაც ენის სიწმინდის დაცვის მომიზეზებით ყოველთვის ახორციელებდნენ სალიტერატურო ქართულის განვითარების შესაფერხებლად.
შეიძლება დათო ტურაშვილის ახალი რომანის მკითხველს ბევრი სხვა სიძნელეც შეხვდეს ამ წიგნის კითხვისას. ტრადიციული სამკითხველო კულტურის მქონე ადამიანს ყოველთვის უჭირს სიახლესთან შეჩვევა. მას ურჩევნია თანამედროვე ლიტერატურაშიც კლასიკურ მწერლობასთან დამაკავშირებელი ძაფები მოძებნოს, კავშირი წარსულ კულტურასთან, ერთი მხრივ, იმ ნაცნობი ნიშნების ძიებას ჰგავს, ძნელადამოსახსნელ "რებუსს" რომ ამარტივებს, მეორე მხრივ - წინასწარ შეძენილი ცოდნით, შეფასების მზამზარეული სისტემებით სარგებლობა საზოგადო აზრთან და შეხედულებებთან სრული თანხმობის მყარ გარანტიას იძლევა.
თუმცა ამისთვის ნუ გავკიცხავთ ნურც მწერალს, რომელიც საკუთარ მკითხველს ზრდის და ნურც ტრადიციულ მკითხველს, რომელიც ოდნავ დაბნეულია ლიტერატურულ ფორმათა და ესთეტიკურ ღირებულებათა მკვეთრი სიახლით.
მაგრამ მას მალე მოუწევს იმის აღიარება, რომ ახალი ათასწლეულის გამოწვევას (ისე როგორც ქართულ ცეკვაში) ის ოდნავ ქალწულებრივი სიმორცხვით შეხვდა, თითქოს უნებურად შეეწინააღმდეგა ხელოვნების თავისუფლად განვითარების პრინციპს, რადგან დიდხანს, ძალიან დიდხანს, ლიტერატურული ფასეულობა მისთვის რელიგიურ ღირებულებათა ტოლფას დოგმატურ მცნებად განიხილებოდა, რაც ერთნაირად საზიანო იყო როგორც რელიგიისთვის, ასევე ლიტერატურისთვის, რომლის არსიც სწორედ დროსთან მიმართებაში ყალიბდება.
აქვე შევნიშნავთ, რომ დროის კონკრეტულ საზღვრებში ჩაკეტვა ან დოკუმენტურობით ზედმეტი გატაცება სრულიად არ აკნინებს ნაწარმოების ღირსებას, არ ამცნობს მის მხატვრულ ღირებულებას, რადგან დრო (კონკრეტული წამი) ისეთივე მოუხელთებელია, როგორც რეალობა, რეალური მოვლენა, რომელსაც ვერასოდეს ვერ აღვწერთ ისეთი სიზუსტით, როგორც ის ხდება. რასაც ვერ აღვწერთ, რასაც ვერ დავინახავთ, მხოლოდ გუმანით (ინტუიცია) ვიგრძნობთ და მკითხველსაც ვაგრძნობინებთ. სწორედ ის არის ლიტერატურისთვის აუცილებელი მხატვრული სიმართლე, რომელიც რეალურ მოვლენას ან საგანს ყოფიერებისა და მარადიულობის გამყოფ მიჯნაზე შეაჩერებს და გაყინავს.
რადგან მეც უპირველესად მკითხველი ვარ, ყველა ის რჩევა-დარიგება, რომელიც ამ წიგნის მომავალ მასპინძელს შევთავაზე, ჯერ საკუთარ გრძნობათა სისტემაზე გამოვცადე და სიამოვნებით ვაღიარე: დოკუმენტურ მასალაზე აგებული დათო ტურაშვილის ეთნოგრაფიული რომანი (ასე უწოდებს ავტორი) თხრობისას იძენს მხატვრულობის იმ აუცილებელ ელემენტს, რომელიც სრულიად საკმარისი იქნებოდა სიმბოლურ-ალეგორიული ჟანრის ნაწარმოების შესაქმნელად.
ნაწარმოების მყარი, ისტორიული ფაქტებით გამაგრებული ქსოვილი უფრო დამარწმუნებელ სახეს აძლევს იდეას, რადგან ეს იდეა ცნობიერად, კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოში შექმნილი კულტურის მეტაფორული სახეა. რეალობა კი თავისი ჭუჭყიანი სამოსლის შიგნით იგავის სპეტაკ მორალს ატარებს, რომელსაც მხოლოდ აუცილებელი მანძილის დაცვა სჭირდება ნამდვილი იერ-სახის გამოსაჩენად.
ეს სწორედ ის მანძილია, რომელიც ავტორს სჭირდება ჩაძირული ქალაქის დასანახად:
"ვნახე ჩაძირული ქალაქი, ყველაზე ქართული ქალაქი, რომელიც მხოლოდ ზევიდან ჩანს. და რაც უფრო მაღლა ხარ ამ ქალაქიდან, უფრო ადვილად დაინახავ იმ ქალაქს, რომელიც მხოლოდ წყლისა და მიწის ქვეშ არსებობს, სადაც ისევ ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც დღემდე სჯერა, რომ ოდესღაც იქაც გათენდება, ერთ დღეს ამოვა მზე და მტკვარში ჩაძირულ ქალაქსაც გაანათებს, როგორც მაშინ, როცა პატრიკ ო'ლირი ტფილისში ჩამოვიდა ძველი ირლანდიური ლექსებით და ახალი ინგლისური პასპორტით, პატარა საკვოიაჟით და დიდი სურვილით - ქვეყანა, რომლის არსებობის შესახებაც მხოლოდ გადმოცემით იცოდა, აღმოჩენილიყო ისეთი, როგორზეც ოცნებობდა, როგორც მას სურდა, რომ ყოფილიყო ეს შორეული, ლეგენდარული საქართველო..."
რომანი ეძღვნება ქალაქს, რომელიც ჯერ დაანგრიეს და მერე ჩაძირეს... აქ სრულიად ბუნებრივად ჩნდება ხომალდ-ქალაქის "ტიტანიკის" სიმბოლური სახე. მწერალი ჩაძირულ ქალაქსა და ხომალდს სიუჟეტურადაც აკავშირებს. "ტიტანიკმა" ტფილისის უძვირფასესი განძი, "მფრინავი ხალიჩა" ჩაიყოლა ზღვის ფსკერზე. მფრინავი ხალიჩა იგივე ოქროს საწმისია, ახალი განზოგადებული სახე ჩვენი მუდმივი ძიებისა, წარსულში ძიებისა, რომელიც კვლავ სავალალოდ მთავრდება, რადგან რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს "წარსული", ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს მივიღებთ.
თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ამ რომანის მთავარი იდეა მაინც "ტიტანიკს" უკავშირდება. თუ ერთი მხრივ ხომალდ-ქალაქი "არგოს" გვახსენებს და უხსოვარ წარსულთან გვაკავშირებს, მეორე მხრივ - მას მომავლისკენაც მივყავართ (თუნდაც ჩასაძირად?). მსოფლიო ისტორიული მოვლენა ("ტიტანიკის" ჩაძირვა), რომელმაც მთელი სამყარო შეძრა (1912 წლის 14 აპრილი) და დღემდე ჩვენში მხოლოდ უქმ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებდა, ამ ნაწარმოებით უფრო ახლობელი გახდა ჩვენთვის. მსოფლიო ტრაგედიამ, თუმცა დაგვიანებით, ქართველსაც მოადინა თვალთაგან ცრემლი, ჩვენც გავხდით თანაზიარნი საერთო-საკაცობრიო ტკივილისა (თუნდაც მხოლოდ ტფილისიდან წაღებული და "ტიტანიკთან" ერთად ჩაძირული მფრინავი ხალიჩის გამო). ლიტერატურული ვერსია გამოდგა ის მაშველი რგოლი, რომელმაც კვლავ დაგვაკავშირა მსოფლიოს, დაგვაკავშირა გლობალურ პროცესებს იმ განუყრელი ინტერესით, რომელიც თითოეულ "მართლა ქვეყანას" სამომავლო-საკაცობრიო მოვალეობას და პასუხისმგებლობას ანიჭებს.
მფრინავი ხალიჩა არ არის ის ერთადერთი უძრავი ლოდი, რომელიც რომანის საძირკველშია ჩაგდებული, რომელიც ფორმის ნებისმიერ სიახლეს, ორიგინალურ კონსტრუქციას გაუძლებს. ასეთივე მყარი და ტრადიციულია ნაწარმოების მთავარი ხაზი ირლანდიელი პატრიკ ო'ლირის და ქართველი სოფიო მეტრეველის სიყვარულის ისტორიისა, ნაცნობობის განცდა ანტიკურ სიუჟეტთან აქაც ზედაპირზე ძევს. თანამედროვე იაზონი და მედეა. იაზონი კვლავაც მედეას დახმარებით ეუფლება ძვირფას განძს (მფრინავი ხალიჩა). თითქმის მეორდება ისტორია. მეორდება ტრაგედიაც, თუმცა მწერალი ასე ადვილად ვერ იმეტებს სოფიოს დედობრივ ინსტინქტს, ვერც მის სიყვარულს და სოფიო ბრუნდება ტფილისში, ბრუნდება შვილებთან ერთად. "მაგრამ ისინი დაბრუნდნენ სხვა საქართველოში, დაბრუნდნენ იქ, სადაც საყვარელი ქალაქი ჩაძირული დახვდა სოფიო მეტრეველს და ეს არ იყო ქალაქი და ქვეყანა, რომელიც მას ენატრებოდა, რომელზეც ოცნებობდა..."
მწერალი კი განაგრძობს "მფრინავი ხალიჩის" ძებნას. ეს ჩაძირული, დანგრეული, სადღაც წარსულში დაკარგული, სიზმარში ნანახი ქვეყნის ძიებაა, "რომელიც ერთი საუკუნის წინათ ისეთი ლამაზი იყო, როგორც არაფერი ამქვეყნად", ის ოცი საუკუნის წინაც ისეთი ლამაზი იყო, როგორც არაფერი ამქვეყნად. ლეგენდა ლეგენდაში, ტექსტი ტექსტში, ლიტერატურული პირველწყაროს ხელახალი გააზრება. ხელოვნება კვლავ იბრუნებს თავის მთავარ ფუნქციას, რომელიც დროისა და სივრცის მიღმა უპირველესად საკუთარი თავის ძიებას გულისხმობს.
რომანი იწყება სიზმრისეული ჩვენებით. "მაისში სიზმარი ვნახე". კონკრეტული დრო თხრობას უფრო დამაჯერებელს ხდის. სიზმარი კი მხოლოდ ლიტერატურული ხერხია, მთავარი იდეის ანოტაციური ფორმით წარმოდგენისა: "მფრინავ ხალიჩაზე ვიჯექი და ვტიროდი. რა მატირებდა: ზემოდან ისეთი ლამაზი იყო თბილისი, უკითხავად ჩამომიგორდა ცრემლი ჯერ ლოყაზე, მერე ხელიჩაზე და ბოლოს ის ჩემი ცრემლი მეიდანზე დაეცა, იქვე, მეჩეთის მინარეთთან და გამიკვირდა. რამ გამაკვირვა: თბილისი იყო ძველი, საუკუნის წინანდელი და მეიდანი კი ისეთი ხალხმრავალი და მხიარული, ზემოდან კიდეც რომ მეყვირა, - ხალხო, რა გახარებთ, მალე ეს ქალაქი დაინგრევა და ჩაიძირება-მეთქი, - მაინც არ დამიჯერებდნენ. არც არაფერი მითქვამს, ერთხელაც შემოვუფრინე თბილისს და ძილი გავაგრძელე".
მართლაც, ძილშიც შეუძლებელია კარგად ნაცნობი სიუჟეტური ამბის ამაზე მეტი პაროდირება. ნაწარმოების მთავარი გმირი (ავტორი), რომელსაც შეუძლია და ვალდებულიც არის ქალაქი მოსალოდნელი უბედურების შესახებ გააფრთხილოს, არა მხოლოდ გაურბის ამ მოვალეობის შესრულებას (ბიბლიური იონა), არამედ მშვიდად ძილს აგრძელებს (!).
ჩვენი მიზანი არაა რომანის მხატვრულ-გამომსახველობითი ფორმების ანალიზი, არც სიმბოლურ-ალეგორიული კოდების გაშიფრვა, ჩვენ მხოლოდ იმ განწყობილებას გამოვხატავთ, რომელიც დათო ტურაშვილის ახალი წიგნის წაკითხვის შემდეგ გაგვიჩნდა, თუმცა მწერლის პროფესიულ ოსტატობაზე მაინც ვიტყვით, რომ წიგნიდან წიგნამდე ის შესამჩნევად იზრდება და ამ პროცესის მიმართ ჩვენი უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება მომავალში უთუოდ სასარგებლო შედეგს მოუტანს როგორც მწერალს, ისე მის მკითხველს.
ნაწარმოებში ბევრია პურივით მართალი სიტყვა და გრძნობა, ისეთი, ლუდის სმის დროს რომ ინატრა პოეტმა ჯუანშერ ტიკარაძემ, ასეთი სიმართლეა, რომ ქეშიშ დარდიმანდი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ძალიან უყვარდა სამშობლო, სიმართლეა, რომ იქ, სადაც საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო სიკვდილით სჯიან, მხოლოდ ღამდება. სიმართლეა ისიც, რომ შეიძლება ქალაქი ჩაიძიროს, მტკვარი ჩვენს თვალწინ გაქრეს და ამ მტანჯველი სიმართლიდან მხოლოდ ლუდხანიდან გამოყოფილმა თეთრქუდიანმა, ლოყებღაჟღაჟა დიდმა თავმა გამოგვიყვანოს:
" - მოიხარშა თქვენი სასისკი, წაიღეთ რა, სანამ გაცივდება..."
მერე რა, თუ სასისკს მოწუწნიკი ჰქვია, მერე რა, თუ ავტორი რომანის 186-ე გვერდზე ალიხანოვს დედას აგინებს.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: