8 ოქტომბერს ფრანკფურტის 53-ე წიგნის ბაზრობა გაიხსნა
ანა კორძაია-სამადაშვილი
წელიწადში ერთხელ, გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში, მსოფლიოს უდიდესი წიგნის ბაზრობა იმართება. იმისთვის, რომ მკითხველმა მისი მაშტაბები უკეთ წარმოიდგინოს, მოგახსენებთ, რომ წელს, ოქტომბერში, 100 ქვეყნიდან ჩამოსული 6.700 მონაწილე 200 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გამოფენს 400 ათას წიგნს, და ამ მოვლენის გასაშუქებლად ექვსი დღით ფრანკფურტში მთელი მსოფლიოდან 10 ათასი ჟურნალისტი ჩადის. თუკი გაგიმართლათ და წიგნის ბაზრობის დროს ფრანკფურტში მოხვდით, მთელს მსოფლიოს გაიცნობთ. სულ ერთია, გამომცემლობის თანამშრომელი ბრძანდებით თუ წიგნით მოვაჭრე, ლიტერატორი თუ ჟურნალისტი, ხელოვანი თუ მეცნიერი, თუ უბრალოდ მკითხველი, – ანუ ბაზრობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი – ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი სიამოვნება გელით.
მკითხველისთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ნარკოტიკივითაა: ერთხელ თუ მოხვდით, ყოველ წელს მოგინდებათ ჩასვლა, წიგნებით სავსე უზარმაზარ დარბაზებში ხეტიალი, იმ ავტორებთან შეხება, რომელთა წიგნებსაც დილამდე ვერ წყდებით ხოლმე. აქ შევხვედრივარ იაშარ ქემალს, რიუდიგერ საფრანსკის, არუნდატი როის, ხელში მჭერია წიგნები, რომელთა შესახებაც მხოლოდ მიოცნებია... ოთხი წელი ჩავდიოდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, დილიდან საღამომდე გადავდიოდი დარბაზიდან დარბაზში, და მთლიანად მინახავს-თქო, მაინც ვერ ვიტყვი.
***
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიის მოსათხრობად მე-15 საუკუნეში უნდა დავბრუნდეთ. მაშინ, ფრანკფურტიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, იოჰანეს გუტენბერგმა წიგნის ბეჭდვა დაიწყო. ცოტა ხანში "ბაზრობების ქალაქ ფრანკფურტში" ახალი, წიგნის ბაზრობაც გაიხსნა და მე-17 საუკუნემდე ფრანკფურტს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის ბაზრობის ქალაქის საპატიო წოდებაში არავინ შედავებია.
წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი სტუმრის წერილი, რომელიც 1574 წლითაა დათარიღებული, სულისკვეთებით ძალიან ჰგავს ჩვენი თანამედროვეების ჩანაწერებს, რომლებიც მეგობრებს უკვე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზიარებენ მიღებულ შთაბეჭდილებებს: ისიც სწავლულებსა და მწერლებს აქებს და ცდილობს აღწეროს, როგორი დიდებული ატმოსფეროა ბაზრობაზე, წიგნების და მათი შემქმნელების გარემოცვაში.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მაშინაც "თავისუფალი სულით" გამოირჩეოდა. აქ თვით მარტინ ლუთერის "ნაწერებსაც" გადააწყდებოდით, და ეს იმხანად, როცა დანარჩენ გერმანიაში მწვალებელს კოცონი ემუქრებოდა. სწორედ ეს ლიბერალიზმი იყო ფრანკფურტში წიგნის საქმისა და ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობა. ასე გრძელდებოდა მე-17 საუკუნემდე, სანამ გერმანიაში დიდი პოლიტიკური და კულტურული ცვლილებები მოხდებოდა: 1750 წელს ფრანკფურტში ბოლოჯერ გამოსცეს ბაზრობის კატალოგი, რომელიც 1564-დან ყოველწლიურად იბეჭდებოდა.
მიუხედავად ასეთი გრძელი ისტორიისა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის "დაბადების დღედ" 1949 წელია მიჩნეული – უკანასკნელი კატალოგის გამოსვლიდან 200 წლის თავზე ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესიაში 205 გერმანელმა მონაწილემ მოიყარა თავი. ასე ჩატარდა დამარცხებულ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი წიგნის ბაზრობა. მაშინ წმინდა პავლეს ეკლესიას, გერმანიის დემოკრატიული ტრადიციების სიმბოლოს, 14 ათასამდე ადამიანი ეწვია. ბაზრობას არნახული წარმატება ჰქონდა, და მას შემდეგ ფრანკფურტი ყოველწლიურად ეპატიჟება ყველას, ვისაც წიგნთან რაიმე აკავშირებს.
***
წელსაც, 8 ოქტომბერს, მაინის ფრანკფურტში ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა: 17 საათზე – ფრანკფურტის 53-ე წიგნის ბაზრობის გახსნის საზეიმო ცერემონია, ოთხი საათის შემდეგ კი – სტუმარი ქვეყნის, ლიტვის პრეზენტაცია, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვალდას ადამასკუსმა გახსნა.
ფრანკფურტის წლევანდელი "სტუმარი ქვეყანა", ლიტვა, თავისი წარსულისა და აწმყოს სურათს გვთავაზობს. დასავლეთ ევროპაში ნაკლებად ცნობილი ლიტერატურისა და კულტურის წარსადგენად, წელს ლიტვა ასობით ღონისძიებას აწყობს ფრანკფურტსა და მთელს გერმანიის ფედერაციაში: გამოფენებს, თეატრალურ დადგმებს, ლიტერატურულ თუ მუსიკალურ საღამოებს, და სხვა.
ლიტვის სტუმრობის დევიზია "გაგრძელება იქნება", პლაკატზე კი პატარა მინდვრის ყვავილია გამოსახული – ლიტვა ევროპისათვის ამ ყვავილივით პატარა, მაგრამ მიმზიდველი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიც შესაბამისად პატარა ჰქონდათ, სულ რაღაც 1,47 მილიონი ევრო, ლიტველებმა უაღრესად მრავალფეროვანი პროგრამის შესახებ გააკეთეს განაცხადი: ჯერ კიდევ ბაზრობის დაწყებამდე 30-მა ლიტველმა ლიტერატორმა გერმანიის ქალაქებში საჯარო კითხვის საღამოები ჩაატარა, ბაზრობის დროს კი მათთან შეხვედრა და დისკუსიებში მონაწილეობის მიღება ბაზრობის ტერიტორიაზეც შეიძლება, სტენდებთან თუ კაფეებში. თუმცა დასავლეთევროპელებისა არ იყოს, ვერც ქართველები დავიკვეხნით ლიტვური ლიტერატორის ცოდნას, რამდენიმე ავტორს მაინც დავასახელებთ – იურგა ივანაუსკაიტე, იურგის კუნჩინასი, ტომას ვენცლოვა და იონას მეკა. (თუკი დაინტერესდებით: მათი ნაწარმოებები "არილის" საგანგებოდ ლიტვური ლიტერატურისადმი მიძღვნილ ნომერში იყო გამოქვეყნებული 2000 წელს).
უამრავი წიგნის გარდა, ამ ექვსი დღის განმავლობაში ბაზრობის სტუმრებსა და მონაწილეებს 2000 სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ: პრეზენტაციების, საჯარო კითხვებს, სახელმოხვეჭილ ლიტერატორებთან შეხვედრებსა თუ დისკუსიებს. ფრანკფურტის ყველაზე ცნობილი კლუბები საღამოობით After Fair Parties აწყობენ – აფრიკული დოლების ცეცხლით, მექსიკური რიტმებით… ბაზრობაზე გატარებული დღის შემდეგ ყველას შეუძლია Living XXL-სა თუ King Kamehameha-ში საუცხოო კერძებით და ცეკვით იჯეროს გული. მაგრამ ეს – საღამოს, მაშინ, როცა ძირითადი ღონისძიებები უკვე დამთავრებული იქნება. ამ უკანასკნელთა შესახებ კი ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ:
წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები პირველად იწვევენ საერთაშორისო კონგრესს "Frankfurt Futura Mundi", რომელიც "გაყოფილი მსოფლიოს ხიდების" პრობლემას ეხება. აქ მსოფლიოს მოაზროვნეები, მწერლები და ფილოსოფოსები კაცობრიობის საერთო მომავლის საკითხებს განიხილავენ – თანასწორობასა და თანასწორუფლებიანობას ე.წ. გლობალიზაციის და მის შედეგად წარმოშობილი კონფლიქტების კონტექსტში: რა აერთიანებს მსოფლიოს – ერთიანი მმართველობა თუ ერთიანი ღირებულებების სისტემა?
თუკი გლობალიზაციის პრობლემები ნაკლებად გაღელვებთ და არც "ხიდჩატეხილობის" დარდი გაქვთ, მშვიდობის ჯილდოს გადაცემაზე წაბრძანდით – ის ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესიაში ტარდება, სადაც მეცხრამეტე საუკუნეში პირველი გერმანული პარლამენტი შეიკრიბა, 53 წლის წინათ კი პირველი წიგნის ბაზრობა ჩატარდა. გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა ბირჟების გაერთიანება მშვიდობის ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს მწერალს, რომელიც, საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით იმსახურებს ამ საპატიო წოდებას.
უკვე ივნისის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ წელს, 12 ოქტომბერს, მშვიდობის ჯილდოს მიიღებს ჩინუა აჩებე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიგერიელი მწერალი. საბჭოს გადაწყვეტილების მოტივაცია ასეთია: ის არის "... ყველაზე მძლავრი და ნაზი ხმა მე-20 საუკუნის აფრიკულ ლიტერატურაში, შეუდრეკელი მოძღვარი და მორალისტი, და, უპირველეს ყოვლისა, დიადი მთხრობელი. ის სამართლიანად ითვლება დასავლეთ აფრიკის ინგლისურენოვანი აუთენტური რომანის ტრადიციის დამფუძნებლად. მის სტილზე დიდი გავლენა იქონია თავისი ხალხის ზეპირმეტყველებამ, და თავისი შემოქმედებით მან ამ ტრადიციის უკვდავყოფა შეძლო".
პირველივე რომანმა, Things fall apart, რომელიც 27 წლის ჩინუა აჩებემ 1958 წელს გამოაქვეყნა, ნიგერიელ მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რომანი მოგვითხრობს ტრადიციული აფრიკული ცხოვრების წესის ნგრევაზე, იმის შესახებ, თუ რა მოუტანა კოლონიალიზმმა შავ კონტინენტს. სწორედ კულტურათა კონფლიქტი და "ახალი აფრიკული გზის" ძებნაა ჩინუა აჩებეს რომანებისა და ესსეების ძირითადი თემა. გარდა ამისა, ავტორი, რომელმაც ნიგერიული რადიო და თავის სამშობლოში მრავალი გამომცემლობა დააარსა, ყოველთვის პოლიტიკურად აქტიური იყო – ესეც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მშვიდობის ჯილდოს მისაღებად.
***
ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრები ქართველი გამომცემლებიც არიან. მათი ვიზიტები საკმაოდ წარმატებულია ხოლმე: ყოველწლიური წიგნის ბაზრობის ტრადიცია საქართველოშიც დაინერგა, "ყოველი ფრანკფურტის შემდეგ" ჩვენს დახლებზე ახალი წიგნები ჩნდება, გამომცემლებისათვის სემინარები ტარდება, ახალი მედიებისადმი მიძღვნილი კონგრესების მონაწილეთა სიებში კი ქართულ გვარებს შეხვდებით. ქართველი გამომცემლები ძალიან ყოჩაღი ხალხი გამოდგა და ვინ იცის, ეგებ, მათი ძალისხმევით მაინც, რამდენიმე (თუნდაც მრავალი) წლის შემდეგ, ლიტვის მსგავსად საქართველოც გახდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი გმირი!?
2002
© “წიგნები – 24 საათი”
No comments:
Post a Comment