Monday, October 20, 2008

პოლ ბეილი


მესაიდუმლენი



პოლ ბეილი - დაიბადა 1937 წელს. რვა წლის განმავლობაში მუშაობდა პროფესიონალ მსახიობად, ასევე ჟურნალისტად, კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ფორსტერისა და სომერსეტ მოემის ჯილდოები. მისი პირველი რომანი "იერუსალიმში" 1967 წელს გამოქვეყნდა. პოლ ბეილის კალამს ეკუთვნის აგრეთვე "ჭკუისკოლოფა პიტერის აღსარება" (1977) და "გაბრიელის წუხილი" (1986).


ინგლისურიდან თარგმნა ნანა პირველმა



როცა ბენჯის თვითმკვლელობის ამბავი შემატყობინეს, პირველი სიტყვა, რაც თავში მომივიდა, "ხმაურიანი" გახლდათ. უცნაურია, არა? ხმაურიანი თვითმკვლელობა კარგად არ ჟღერს. იმას ვგულისხმობ, რომ ვერ იტყვით, ვიღაცამ ეს ხმაურით ჩაიდინაო, მაგრამ ბენჯის შემთხვევაში ეს ნამდვილად ასე იყო. ის ამქვეყნად ყველაზე წყნარი კაცი იყო და ვერც კი წარმოიდგენდით, ასეთი პიროვნება სიცოცხლეს ამგვარი თეატრალურობითა და, როგორც აღვნიშნე, ხმაურით თუ დაასრულებდა. ახლა ეს ამბავი უკვე ისტორიას ჩაბარდა, ისეთ ისტორიას, მხოლოდ რამდენიმე კაცს რომ ააღელვებს. თუმცა უნდა ვაღიარო, ბენჯის ამგვარი აღსასრულით დღემდე გაოცებული ვარ. თვრამეტი წლის უკან, ივნისის ერთ ცხელ დილით, რომელიც ძალიან გავდა დღევანდელ დილას, ბენჯის ქალიშვილმა - ვაილმა მამამისი სამზარეულოში იპოვა ჩამომხრჩვალი. თოკი ჭერში დაჭედებულ იმ კაუჭზე დაემაგრებინა, თავისი საყვარელი სპილენძის მათლაფა რომ ეკიდა ხოლმე. მარილისა და ლიმონის წვენის წყალობით ამ მათლაფას მუდამ კრიალი გაჰქონდა. ბენჯი ბუნებით კოპწია გახლდათ.
ვაილს წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ სად იყო იმ დილით დედამისი, ამიტომ მის ნაცვლად მე გადმომირეკა - მამის საუკეთესო მეგობარს.
"ძია ჯო, მამიკო წავიდა და უცნაური რამ ჩაიდინა" - დაიწყო გოგონამ.
"რას ჰქვია უცნაური, ვაილ? აბა, ყურადღებით გისმენ!"
"თავი ჩამოიხრჩო."
"არა, რაღაც გეშლება. თავი ჩამოიხრჩო? ბენჯიმ?"
"ჰო, ძია ჯო, ასეა."
მახსოვს არ დავუჯერე და გამეცინა.
"ეს სიმართლეა, ძია ჯო."
"კი, მაგრამ ბენჯის არ შეეძლო, ვერ ჩაიდენდა ამას ასეთი ხმაურით!"
უამრავი სიტყვა არსებობს, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე - "ხმაურიანი" უფრო შესაბამისი იყო. ვფიქრობ ზუსტად გავარტყი.
"უნდა ჩამოვხსნათ" - განაგრძო ვაილმა, "შეგიძლიათ მოსვლა, ძია ჯო? მე და სები ამას ვერ შევძლებთ."

სახელის მიუხედავად, ვაილი სულაც არ არის საძაგელი. ის ისეთია, როგორიც არის - ჩემი აზრით, მომხიბვლელი. თუ მას ნამდვილ სახელს - ვიოლას დაუძახებთ, ალბათ არც კი გიპასუხებთ. სები ანუ სებასტიანი მისი ტყუპი ძმაა. ვიოლასა და სებასტიანის დარქმევა კლაუდიას პატარა ახირება გახლდათ, ბენჯი აქ არაფერ შუაშია. ვაილი გოგონას სკოლაში შეარქვეს და არ ვიცი რატომ, მაგრამ დღემდე ასე მიმართავენ.
ბენჯისა და კლაუდიას სახლისკენ გავემართე, თან წინასწარ ვჭვრეტდი რა სიტუაციაც დამხვდებოდა: ოხვრა და ვაი-ვიში, ცრემლების ღვრა და ერთი ამბავი. თავის ხელში აყვანა გადავწყვიტე, რადგან აქეთ უნდა მენუგეშებინა ჭირისუფალი. არც კი ვიცოდი რა მეფიქრა, იქნებ ტყუპებმა გამაშაყირეს და ეს საზიზღარი ტყუილი მოიგონეს? თხუთმეტი წლის ბავშვისგან გამორიცხული არ იყო - ვაილი და სები ზუსტად ამ ხნისანი იყვნენ. მაგრამ არა, ამას არ ჩაიდენდნენ. გიჟდებიან თავიანთ წყნარ, მოსიყვარულე მამაზე და იმედია ძია ჯოც უყვართ, პატივს სცემენ. ამის ჩადენა არ შეეძლოთ, ამგვარ სიგიჟეზე არ წავიდოდნენ.
როცა კარის ზღურბლთან შევჩერდი და დაკაკუნება დავაპირე, ერთხანს გავიფიქრე, ნეტავ ეს ყველაფერი მართლა ხუმრობა იყოს-მეთქი, თუნდაც ასეთი სასტიკი. "კარგად მოვცხებ ორივეს და ამ სისულელესაც ბოლოს მოვუღებ" - ჩემთვის ჩავიბურტყუნე.
კარი სებმა გამიღო. "მამიკო სამზარეულოშია, ძია ჯო!" - პირდაპირ მომახალა.
"საჭმელს ამზადებს?" - ვკითხე ბიჭს, რომელსაც აუღელვებლობა ეტყობოდა და მეც თითქოს დავრწმუნდი, რომ ეს მართლა ხუმრობა იყო.
"არა, რას ამბობ! ჩემს გამხიარულებას ცდილობ თუ რა?"
"არა, სებ. უბრალოდ ვერ ვიჯერებ" - დავაპირე მეთქვა, რომ უცებ ჭერზე ჩამოკიდული ბენჯი შევნიშნე.
"ახლა რაღას იტყვი, ძია ჯო, ხომ გჯერა უკვე?"
ჩემი თვალით ვნახე და ვირწმუნე. მერე მოვიბოდიშე და სააბაზანოში შევქანდი - გული ამერია.

ტყუპებს ჯერ პოლიციაში დარეკვა სდომებიათ, მაგრამ შემდეგ გადაუწყვეტიათ, ეს "ბინძური საქმე" ჩემთვის მოენდოთ.
"მამიკოს არ ჩამოხსნი, ძია ჯო?"
"არა, ვაილ. ეს მათი საქმეა. მოდი წავიდეთ და სანამ მოვლენ, სხვა ოთახში დავიცადოთ."
გოგონამ მიპასუხა, რომ ერჩივნა ისევ იქ დარჩენილიყო და სებთან ერთად მამისთვის ეყარაულა. "შეიძლება თოკი ჩამოწყდეს" - ამიხსნა მან.
ასე რომ, სამზარეულოში დავრჩით. მე ზურგით დავდექი, რათა გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი არ დამენახა. ტყუპებიც იქვე ატუზულიყვნენ: "სეირს" უცრემლო თვალებით, წყნარად უყურებდნენ.
მოგვიანებით, როცა ბენჯი მორგში გადაიყვანეს და ბავშვებმაც მამის გონებრივი მდგომარეობის შესახებ რამდენიმე სულელურ კითხვას უპასუხეს, მათ სადმე გასეირნება და გართობა შევთავაზე.
"სად წაგვიყვან, ძია ჯო?"
"სადაც მოისურვებ, ვაილ!"
"მოდი სიურპრიზი მოგვიწყვე!"
ეს გამოწვევა მივიღე. ვუთხარი გამოსასვლელი ტანსაცმელი ჩაეცვათ და შევპირდი, რომ მთელ ღამეს მხიარულად გავატარებინებდი.
რა სიგიჟე ჩავიფიქრე? დარწმუნებით ვერ გეტყოდით, მაგრამ ეს თითქოს ხუმრობის ნაწილი იყო. გიჟური ხასიათით ისედაც ცნობილი ვარ: ამაღელვებელი განწყობიდან შეიძლება საშინელ გუნებაზე დავდგე და პირიქით, მაგრამ ვაილთან და სებთან ივნისის იმ საღამოს რომ გავიგიჟე თავი, ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართვია. სანამ რამეს მოვიმოქმედებდი, ვგრძნობდი რა საშინელებასაც ჩავდიოდი.
მახსოვს, ყველაფერი პიმლიკოში მდებარე ჩემი უბრალო სახლიდან დაიწყო, სადაც მხოლოდ საჭირო ავეჯი მედგა - საწოლი, მაგიდა და ორი სკამი, ერთი გარდერობი და მაცივარი, რომელშიც ყოველთვის ვინახავდი შამპანურის ბოთლს.
"ჩვენი დათრობა ხომ არ გინდა, ძია ჯო?"
"მგონი კი, ვაილ. ნელ-ნელა დაგათრობთ."
"რატომ?"
"რატომაც არა?"
"მამიკოს გამო ვზეიმობთ?"
"დიახ, მამიკოს გამო ვზეიმობთ!"
(სწორედ მაშინ შევუყვარდი თურმე ვაილს. ამაში მერე გამომიტყდა. რომ მეპასუხა - "არა ვაილ, მამიკოს გამო არ ვზეიმობთ", ალბათ ტუტუცად ჩამთვლიდა. ამ გულწრფელი პასუხისთვის კი, ძია ჯოდ უკვე აღარ მთვლიდა. შვიდი წლის შემდეგ აღიარა, რომ იმ დღიდან მისი "ოცნების მამაკაცად" ვიქეცი. ამ კლიშეს გამო მოგვიანებით ბევრს იცინოდა. ასე რომ, ჩემს ამჟამინდელ ბედნიერებას ოთხ სპონტანურად წამოცდენილ სიტყვას უნდა ვუმადლოდე: "დიახ, მამიკოს გამო ვზეიმობთ!").
"კარგი მიზეზია, არა სებ?"
სებმა თავი დამიკრა და ჭიქა გამოსცალა, რომელიც ისევ შესავსებად გამომიწოდა. "ახლა კი ჩემს საყვარელ რესტორანში წაგიყვანთ" - ვუთხარი და აღარ დავამატე, რომ ეს ბენჯის საყვარელი რესტორანიც იყო.

რესტორანს, რომელსაც "პანდორას ყუთი" ერქვა, უკანა მხარეს ბაღი ჰქონდა გაშენებული. იქ ისეთი იშვიათი ჯიშის ხეები ჩაერგოთ, რომ მათ მსგავსს ლონდონში ვერსად იპოვიდით. ამ მხრივ პატრონებს ნამდვილად შეეძლოთ ტრაბახი. ბენჯის სიკვდილის დღეს სწორედ ამ რესტორანში ვისადილეთ.
ოფიციანტმა მშვენივრად იცოდა "ბატონი ჯოზეფი" რასაც სვამს ხოლმე და ამიტომ, ჩვენი დაჯდომა და სასმელის დასხმა ერთი იყო.
ვაილი ხითხითებდა. "სასაცილოა, მართლა ძალიან სასაცილოა!"
"გეთანხმები" - თქვა სებმაც.
"ნეტავ როდემდე გაგრძელდება ასე? როდის მოხდება ის, რასაც ამდენი ხანი ველოდი და წინდაწინ ვვარაუდობდი? კიდევ რამდენ ხანს მომიწევს სიმართლის დამალვა?" - ჩემთვის ვფიქრობდი.
"ძია ჯო, იცი, ამ დილით მოგატყუეთ!"
"მომატყუეთ, სებ?"
"ჰო, როცა ჩვენ, უფრო სწორად ვილმა გითხრათ, რომ არ ვიცოდით დედა სად იმყოფებოდა. ძალიან კარგადაც ვიცოდით. შეგვეძლო მისთვის დაგვერეკა, მაგრამ არ დავურეკეთ."
"გამოდის, რომ მესაიდუმლენი ვართ. მეც ვიცოდი სად იყო და არ დავურეკე. სასტიკად მოვიქეცით, არა?"
"ჰო, საშინლად, უფრო სწორედ ბოროტად. სებ, რატომ ახსენე დედა? მოდი უბრალოდ სასაცილოები ვიყოთ."
"მაპატიე ვაილ. ბოდიშს გიხდი."
"და მოდით ექსტრავაგანტულებიც ვიყოთ" - დავამატე. "ახლა კი ჩვენთვის პურ-მარილს შევუკვეთავ."

ვიქეიფეთ. ექსტრავაგანტულად ვიქეიფეთ. ჩვენი მენიუ ასეთი გახლდათ: ბაყაყის ბარკლები, ბატის ღვიძლი, თევზის წვნიანი, მწყერი, საქონლის ხორცის ფილე და როქფორის ყველი. სასმელებიდან კი: ატმის კომპოტი, სანსერი, მარგო და ბოლოს შამპანური. მთელი ამ ხანგრძლივი სადილობისას სულ ჩემი ცხოვრების უაზრობასა და მოწყენილობაზე ვლაპარაკობდი. ბავშვებს ვუამბობდი, თუ როგორი წყნარი და კეთილი იყო ბენჯი, როგორი ზომიერი ხასიათი ჰქონდა ჩემთან შედარებით, რომ მხოლოდ ორმოცდაორი წლისაა, უკვე მსოფლიოში ცნობილი მუსიკათმცოდნე იყო, ასევე როგორი შესანიშნავი მზარეული და რა ფაქიზი, დახვეწილი გემოვნების პატრონი გახლდათ. ვიყბედე ჩემს რომანტიკულ, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, საგმირო საქმეებზეც. რა უცებ შემეძლო გოგონას შეყვარება და გადაყვარება. როგორ უცებ მატყვევებდნენ მათი მბრწყინავი თვალები და მომაჯადოვებელი ღიმილი. სერიოზულ გოგოებს კი ვერ ვიტანდი, რადგან ბავშვობაში ფიცი დავდე, სერიოზულობას თანაბარ პირობებში არასდროს დავპირისპირებოდი. ასე ვლაქლაქებდი, სანამ დღე არ ამოიწურა. მერე კი მახსოვს, მთლად გადავირიე, რაც ბენჯის ხმაურიანი სიკვდილით იყო გამოწვეული. ამ სიგიჟეს მანამ ვერ ვაცნობიერებდი, სანამ ჩვენში სიჩუმემ არ დაისადგურა. როგორც უკვე ვახსენე, გიჟური საქციელით ცნობილი ვარ, მაგრამ სახელი უფრო მაშინ გამიტყდა, როცა ჩემი ძვირფასი (ამაში უკვე ეჭვი მეპარება) მეგობრის შვილები იმ საღამოს "პანდორას ყუთში" წავიყვანე. მეგობრისა, რომელიც ცოლმა მიატოვა ვიღაც ჩემნაირი უვარგისის გამო (რა უცნაური სიტყვაა!). ისიც უნდა დავამატო, რომ ის ბიჭი ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა და ტყუპებზე ოდნავ უფროსი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ გადარეულივით ვიქცეოდი, კლაუდიასა და მის საყვარელ ჰენრიზე სიტყვაც არ დამცდენია. ეს ტაბუდადებული თემა გახლავთ.
გვარიანად შეზარხოშებულებმა ტემზის სანაპიროზე ცეკვა-სიმღერაც არ დავიკელით. უკვე თენდებოდა, ერთმანეთს პირზე კოცნით "ძილი ნებისა" რომ ვუსურვეთ.
კლაუდიამ ბენჯის სიკვდილის ამბავი მეორე დღეს შეიტყო, როცა გაზეთ "ტაიმს"-ში მის ნეკროლოგს წააწყდა.
"რატომ არაფერი მითხრეს ბავშვებმა, ჯო? ან შენ რატომ არ დამირეკე?"
"მაინც დაკავებული იყავი და..." - ვუპასუხე. ამას ის კაცი ამბობდა, რომელიც სხვის ცოლებთან კოტრიალის მეტს არაფერს აკეთებდა.
"რით გარდაიცვალა? "ტაიმს"-ში არ იყო მინიშნებული."
"გულის შეტევით, კლაუდია."
ქალმა ყურმილი დაკიდა.
მე კი ისევ მესაიდუმლე აღმოვჩნდი.

ბენჯის სურვილის თანახმად, სამოქალაქო დასაფლავება ლონდონის დასავლეთ ნაწილში, კრემატორიუმში ჩატარდა. მე მარკუს ავრელიუსის თხზულებიდან ციტატები წავიკითხე. ცერემონიალზე არავითარი ჰიმნი არ გაჟღერებულა, უბრალოდ, ელენ გერჰარტის სიმღერა დაუკრეს, რომელსაც "სამგლოვიარო მუსიკა" ერქვა და ერთ დანჯღრეულ ფირფიტაზე იყო ჩაწერილი.
ტყუპები დედისგან მოშორებით, ერთად ისხდნენ. როცა კუბო გაიტანეს, კლაუდია წამოდგა და სამრეკლო სწრაფად დატოვა. მისი ამგვარი უცაბედი გაუჩინარებისთვის კომენტარი არავის გაუკეთებია.

მალე საზღვარგარეთ, იტალიაში გავემგზავრე, სადაც ბოლო ქარაფშუტული გატაცება მქონდა. გატაცების ობიექტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ღმერთი გახლდათ, რომელსაც ახსნა-განმარტება შევთხოვე ბენჯის ხმაურიანი თვითმკვლელობის გამო. ამ პატარა საკითხში ერთმანეთს ვერ შევუთანხმდით და ფლორენცია, კაპელა ბრანკაჩი მაშინვე დავტოვე. ასეთი რამ ხომ, არც ისე იშვიათად ხდება ხოლმე.
ლონდონში ჩემი დაბრუნება ვაილისგან მიღებულმა მოულოდნელმა წერილმა განაპირობა. მატყობინებდა, რომ ჩემი ნახვა კვლავ სიგიჟემდე ეწადა, რათა თავისი ოცნებების სისწორეში დარწმუნებულიყო. მისმა შეტყობინებამ ჩემზე არ იმოქმედა, თუმცა გამოძახებას დავმორჩილდი.
"მე შენი ჭაღარა თმა მიყვარს" - ამ სიტყვებით მომეგება.
იმ დღეს, რომელიც სამუდამოდ ნათელ დღედ აღიბეჭდა ჩემს ცხოვრებაში, შევიტყვე, რომ ბენჯის სიკვდილის შემდეგ ვაილი და მისი ძმა დღეებს სიჩუმესა და მოწყენილობაში ატარებდნენ. ამით კლაუდიასთვის გულის მოკვლას ცდილობდნენ - მისი არსებობა ბავშვებისთვის უკვე აუტანელი გამხდარიყო. "იცი ჯო, ის უფრო მკვდარია, ვიდრე მამა" - გამომიტყდა ვაილი.
თერთმეტი წლის შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ, რათა ჩვენი ნეტარება ოფიციალურად დაგვემოწმებინა.
ქორწილი წყნარ ატმოსფეროში შედგა - სარეგისტრაციო ოფისში. ამის გამო სები აფრიკიდან ჩამოფრინდა. წვეულება რესტორანში გადავიხადეთ, რომელიც "პანდორას ყუთის" ნაცვლად გაეხსნათ. ამჯერად მას ეგზოტიკური ხეები აღარ ამშვენებდა და არც საჭმელი აღმოჩნდა გემრიელი, თუმცა ამის საკომპენსაციოდ ბევრი შამპანური დავლიეთ. ბენჯის შესანდობარიც ვთქვით, ვინც ჯერ მწუხარება, შემდეგ კი სიხარული მოგვიტანა. ბოლოს სებმა დასძინა: "აქ თავს უცხოდ ვგრძნობ, ვერ ვიტან ასეთ კმაყოფილ ხალხს"-ო. წამოდგა, გვაკოცა და დააყოლა - "შენგან განსხვავებით, მამას სხვა რამით ვგავარ ვაილ. ისევ შიმშილსა და სიკვდილს უნდა დავუბრუნდე. შევცდი, ტელეგრამა უნდა გამომეგზავნა და იქ დავრჩენილიყავი, სადაც ვიყავი. გაგიკვირდება, მაგრამ იქ უფრო ბედნიერი ვარ."
და დედამისივით სწრაფი ნაბიჯებით გაემართა.
მის ამბავს ხშირად ვგებულობთ ხოლმე. ჩვენც ყველაფერს ვუყვებით, თან ვცდილობთ ბედით კმაყოფილი და ნასიამოვნები არ ვჩანდეთ.



© “ლიტერატურა _ 24 საათი”

სოფიო კირვალიძე

ნინა


ნინას დიდი მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ. მე ამდენს ვერ ვუძლებ. აუტანელი დედაკაცი ბრძანდებოდა, ღმერთო მაპატიე. სანამ ნიკო გამაცნობდა, მის შესახებ სულ ერთი-ორი რამ ვიცოდი. ძალიან კი მიკვირდა: თურმე ოჯახში გაიზარდა და არა ტყეში, ფრანგი გადია ჰყავდა და რამდენიმე ენა იცოდა, რაც ნამდვილად არ ეტყობოდა. ის კი უცებ დავიჯერე, რომ საბჭოთა კავშირის ლამის ყველა კუთხეში უცხოვრია, ისე კარგად ეწყობოდა ყველგან და ყველგან ისე ტკბილად იძინებდა, აშკარად დიდი სკოლა ჰქონდა გავლილი. ისიც ვიცოდი, რომ ჰქონდა ჯერ რესტორანი, მერე სამაკლერო ფირმა, მერე ტურისტული სააგენტო, და როგორც კი ფული ჩნდებოდა, ვინმე კაცს გადაეყრებოდა, ფულს გაფლანგავდა და მერე თავიდან იწყებდა ხოლმე ფულის და, შესაბამისად, ახალი კაცის ძებნას.
ნიკომ გუდაურში გამაცნო. ნინა ვესტიბიულში იჯდა ჭიქით ხელში და უწყვეტლივ ლაპარაკობდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ სულ ასეთ მდგომარეობაში იყო, და გამიკვირდა, ამას რაღა ჭირს-მეთქი:
- მე ეგრე იოლად არ მოვკვდები, ნუ გეშინია. მიმკითხავეს. ოთხმოცი წელი მინიმუმ. თან ლოგინში, ბედნიერი ბაბო, ბლომად შვილიშვილები დაისვენებენ, როცა გადავგორდები... ოღონდ ის შვილიშვილები საიდან გაჩნდებიან, ჰა? ეგ ხომ ჰაერწვეთოვანი ინფექცია არაა. რაღაცეები შამანა ბაბოებსაც ეშლებათ ხოლმე.
არადა, როგორც მერე გავიგე, ძალიან მშიშარა იყო, კონფლიქტების ეშინოდა, დახურული სივრცის და ღამე მარტო დარჩენის.
- ღამე რა, მგლის და ქურდის კი არ მეშინია. მეშინია, რომ რაღაცა შემაშინებს. ეგაა და ეგ. მიხაელთან როცა ვიყავი, იმ გენიოსმა ჯერ სახლი კარგად დამათვალიერებინა, თავის სარდაფებიან-საიდუმლო გასასვლელებიანად. მართლა, კედელში საიდუმლო გასასვლელი ჰქონდა, ეგ ხომ მე-16 საუკუნის სახლია. სარდაფები კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა ამოთხრილი, სულ ქვედას გაწმენდის ფული არ ეყო, თვითონ გაწმენდის კი ეშინოდა. შენ რა გგონია, იმიტომ კი არა, რომ ბნელა ან შეიძლება ჩამარხული ლუთერი მოფეთებოდა. იმის ეშინოდა, სახლი არ დაინგრესო. ავადმყოფი. ამას ტყუილად ვამბობ, ვენაცვალე, იცი, როგორ მიყვარს? ჰოდა, მანსარდაში ამიყვანა, უზარმაზარში, ლოგინი მანახა, თან ორკაციანი, სადაც მარტო უნდა ჩავგდებულიყავი. ის წელი სულ შეყვარებულებთან ერთად ვცხოვრობდი და სულ მარტო ვეგდე. არა, კარგი ხალხი იყო, უბრალოდ, მე მარტო ვიყავი და ცოტა მომწყინდა. კაი, ჰა, სულ მარტო არ ვიყავი, მაგრამ ძილით სულ მარტოს მეძინა. მიხაელი გახარებული მომიყვა, სახლში სრული ხმის იზოლაცია გვაქვს, ჩვენი ხმა არ შეგაწუხებსო. შესაბამისად, მეც რომ კივილით გავმსკდარიყავი, ვერ გაიგებდა. კარგია, არა? სანამ დავწვებოდი, მთელი სხვენი ავითვისე, რომ ღამე კარადა ვინმე ურჯულოს წამწყდარი სული არ მგონებოდა. სარკეც იდგა კუთხეში, აზრზე ხარ, ის რომ ღამე ალაპლაპებულიყო? ჩავეგდე მერე ლოგინში, ვიკითხე "რომაელთა ყოფა" და მერე შუქი ჩავაქრე. თხუთმეტ წუთში ერთხელ, იმ ქუჩაზე ეკლესია დგას, იმის ზარი რეკავდა და კინაღამ ავაფრინე. მე შენ გეტყვი, ვინმე დებოშს ატეხავს და გეშველება და მიხვდები, სადა ხარ?! კოშმარია. ვერ ვიტან კუდრაჭა ქალაქებს. მეორე დღესვე მოვკურცხლე იქიდან. მიხაელს ვუთხარი, რომანტიკული პაემანი მაქვს-მეთქი. იმდენი მომხვდა. თორემ ისე სულ არ მეშინია. რისი უნდა მეშინოდეს? რა, ხომ არ მოვკვდები?!
- არ მოკვდები, მოგკლავენ. – ნიკო ჩაერია. ნინას არ უყურებდა, ან რა საყურებელი იყო.
- არა, არ მომკლავენ. პონტია. იმდენჯერ უნდა მოვმკვდარიყავი, და მაშინ არ მოვკვდი, კუჭიც არ ამშლია. ხომ გეუბნები, მიმკითხავეს-მეთქი.
...
ისევე, როგორც ყველა ფსევდოინტელექტუალი, ნინაც ათასგვარ გაუგებარ წიგნს კითხულობდა: ეგოისტის ბიბლიას, ოშოს, რაღაც ფემინისტურ ნაგავს. ამიტომ ყოფითის გარდა ათასგვარი სხვა სისულელითაც ჰქონდა თავი გამოტენილი, და მისი არცთუ გრძელი ცხოვრების ერთ-ერთი, სამკვირიანი სიყვარულის დასრულების შემდეგ, როცა უკვე ნიკოს გარეშეც ვხვდებოდი ხოლმე, სოსოსთან, კლუბში, ყველაფერს ისეთი ახსნა მოუნახა, თავში მხოლოდ ნინას რომ შეიძლება მოსვლოდა, იმიტომ, რომ დებილი იყო:
- რა იყო, იცი? მე ხომ სინამდვილეში არაფერი მიჭირს, და მაშინ საერთოდ ძალიან მაგრად ვიყავი: ფული იმდენი მქონდა, ჩემი გვარისას რომ არავის ღირსებია, თან საქმეც მევასებოდა, სახლიც მაქვს, თან მეგონა, რომ ლამაზი ვიყავი, ზაფხული, ზაგარი, რა ვიცი... არც უკაცობა მტანჯავდა, რა ვიცი... ჰოდა, მე ხომ დებილი ვარ და ზღვაზე რომ ვიწექი, მაგარი გოგო, გამახსენდა - ეგ ხომ ეგრეა: მზე რომ ჩადის, უნდა ინატრო, ოღონდ გულით, და აგიხდება. იმიტომ გიყვები, რომ იცოდე, რომ ნორმალურად უნდა ითხოვო, თორემ ჩემსავით მოგივა. მე კიდე ეგ ვერ გავთვალე და ჩემს ღმერთს ვთხოვე, ღმერთო, სიყვარული მომეცი, თუნდაც ერთი-ორი კვირით, და მერე ყველაფერს ავიტან-მეთქი. ჰოდა, მომცა და თან ერთი-ორი კვირით, და მერე, რომ მორჩა, ვეკითხებოდი, იმ კაცს კი არა, ჩემს ღმერთს, რატომ იჟმოტე, რა იყო ეს ერთი-ორი კვირით-მეთქი. რაც მთხოვე, ის მოგეციო. აზრზე ხარ?
ამ კლუბში, როგორც ჩანს, ხშირად ტირიან. ნინა ტიროდა და ზედაც არავის შეუხედავს. ღია ფანჯარაში ბავშვი იყურებოდა და დედას ეჯღანებოდა. უამრავ ქოთანში უამრავი ყვავილი იდგა. ცხელოდა. ნინა მწვანე ხელსახოცით იხოცავდა ცხვირს.
ხალხში არასოდეს ვიტირებ, ატირებული ქალი მაიმუნს ჰგავს. თან ნინა, თავგადახოტრილი, გაძვალტყავებული, ოდესღაც გარუჯული, ახლა კი აქერცლილი მკლავებით. მაშინ ჯერ კიდევ მიაჩნდა, რომ მოკლე კაბის ტარება შეიძლებოდა, ეს მერე გაახსენდა ლურჯი კაპილარები, მერე მომახსენა: მოკლე კაბაში ვიტრინაში საკუთარ თავს რომ ვხედავ, სულ მინდა, ვინმემ იბღავლოს, "პელე, გოლ, გოლ!"-ო. სანამ ამ კაცს შეხვდებოდა, ყველაზე ნაკლებად იმას დარდობდა, ლამაზი მუხლები ჰქონდა თუ არა. მოგცლია ერთი, ნინა.
- მოგცლია ერთი. რა მნიშვნელობა აქვს. რა, ფეხების გამო კი არ მითხრა, აახვიეო... კარგია ზემფირა, არა? კარგი გოგოა... ხომ იცი, კრიშნა თავის ერთგულებს ყველაფერს ართმევს. ეტყობა, მაგრად ვუყვარვარ, იეჭვიანა. მოცეკვავე ღმერთი, ავდრის ღრუბლისფერი კრიშნა, ყოვლისმიმზიდველი, блядь... ესენი გვაღირსებენ ლუდს, თუ მილიციას დავუძახო?
- მოკლედ, რას გეტყვი იცი? აჰა, მოაქვს. ჰოდა, კაცი რომ შემოგეყრება, უთავბოლოდ ნიჭიერი, უგზო-უკვლოდ განათლებული, მძიმე და დედამოტყნული, ეგრევე უნდა გაიქცე სადმე, ვთქვათ, ტრაბზონში. თუ მიჰქარე და არ გაიქეცი, ის მაინც უნდა იცოდე, რომ სულ ტყუილია ყველაფერი. უბრალოდ, ლოგიკა ვერ გავიგე, блядь, მაინც მაგასთან ვიყავი და მაინც ვაძლევდი, აბა, რას ვიზამდი, ვაფრენდი, და რა ჯანდაბად მინდოდა, блядь, მაგის ჰაი და ჰუი. დიდი მადლობა, - გაბრწყინებული მიუბრუნდა ოფიციანტს, - ნუ დარდობთ, გეთაყვა, ალერგია მაქვს და იმიტომ ვგავარ კოღოს ნაკბენს. არაჩვეულებრივ ვიდზეა ეს თქვენი ლუდი.
ეს ბრიყვული და ნერვების მოშლის გარდა არაფრის მომცემი სასიყვარულო ისტორია ასევე ბრიყვულად დაიწყო. ნიკომ ნინა რაღაც უცხოურ წარმომდგენლობაში მიიყვანა და ერთ კვირაში სამი ბინა გაასაღებინა ცენტრალურ ვაკეში. გოგოს ფული გაუჩნდა. იმ ფულით სანდლები იყიდა, სამი ზომით დიდი – "პატარა მუკის ბაჩიები, ботиночки на вырост", და ინდური ჭრელი თავსაფარი, ხან წელზე იხვევდა, ხან ყელზე, ხან პირსახოცად იყენებდა და ხან სუფრად. დანარჩენი ფულით კი ოლიმპოსში აპირებდა წასვლას, გასარუჯად, ლურჯ ზღვაში საჭყუმპალაოდ და ვარდისფერ კლდეებზე პლანის მოსაწევად. სწორედ ამ დიადი გეგმის შესახებ გვიყვებოდა კაფეში ქალებს, როცა კაცი გაიცნო.
რატომ მოეწონა, ვერ გეტყვით. ნინასეული მამაკაცების შეფასების კრიტერიუმები აქ აშკარად არაფერშუაში იყო. ერთი კი უნდა ვთქვა – ერთმანეთს გავდნენ, გარეგნულადაც და, როგორც მაშინ მეჩვენა, კიდევ რაღაცით. იქნებ იმით, რომ ორივე ბევრს მოგზაურობდა, ორივე აღმოსავლური მისტიციზმის ნიადაგზე იყო შექანებული, ან იქნებ ორივე, კაცმა არ იცის, რატომ, თან გოიმურადაც ჟღერს – საშინლად მარტოხელად გრძნობდა თავს, და ორივეს ეგონა, არის, ასრულდა ოცნებაო. კაცისა რა გაითხრათ, ნინას კი ეს ჭირდა. იდიოტი.
ფაქტი ისაა, რომ იმ საღამოს, კაფეში, ნინასთან საუბრის დროს, კაცს ფუმფულა, ძუძუებიანმა და ტუჩებდაბერილმა გოგომ მოაკითხა, ნინაზე ბევრად ახალგაზრდამ და სექსუალურმა. კაცმა უთხრა, მე და ნინა თურქეთში მივდივართო. გოგო გაიბუტა. მეორე დღეს, იმავე კაფეში, კაცმა ნინას უთხრა, რა ვქნა, სოფო პატარაა, შენ კი ყოჩაღი ქალი ხარ და უჩემოდაც კარგად იქნებიო. ნინამ უთხრა, ნამდვილადო. იმ საღამოს პეროვსკაიაზე არყით დათვრა და მეორე დღეს, როგორც ყოველთვის, მარტო გაუდგა გზას. დიდად არ უდარდია, ეტყობა, ასეთებს მიჩვეული იყო. მე, მაგალითად, თავს მოვიკლავდი.
ცხადია, თავში ჭკუა რომ ჰქონოდა, ამ ფონზე ნამდვილად აღარ მივიდოდა იმ კაფეში, მაგრამ ნინას ჭკუა ვინ თქვა. ზღვიდან ჩამოსულს ეგონა, კარგად გამოვიყურებიო, და კვლავ იმ მაგიდასთან გამოცხადდა, იმავე კაცის ნახვის იმედით.
ატყდა აფრიკული ვნებები და ტამტამების ბაგუნი. გაგიჟდა ნინა. დილით რვა საათზე დგებოდა ხოლმე, რომ აუზზეც მიესწრო – აბა, ზაგარი? თორემ წყალში ვინ შეაგდებდა, - და სამსახურშიც არ დაეგვიანა. იმდენს მუშაობდა, რამდენსაც არც არავინ სთხოვდა. ფული უნდოდა. მოკლედ, გადაირია. მერე ასევე გიჟად გარბოდა იმ კაცთან, გორავდნენ ტახტზე და ოცნებობდნენ, როგორ მოივლიდნენ ნახევარ მსოფლიოს, როგორ ეყვარებოდათ ერთმანეთი და როგორ ცხონდებოდა მათი სულები.
- პირველი ფახი მაშინ დამემართა, უცებ "ჩვენ" კი არა, "მე" რომ თქვა. "მე წავალ". მაგრამ ვიფიქრე, მკიდია-მეთქი. არ მეკიდა. მერე დაიწყო джентельменский набор-ი: ბოლოს კაცთან როდის იყავი? ფეხებს იპარსავ? არა, იცი, არ ვიპარსავ, блядь, ვიკრეჭ. დაუნი. ჰო, კიდევ, კლასიკა: გაათავე? გადასარევი, თუ გინდა...
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ოლიმპოსში აღარა – ამდენი ფული ნინას აღარ გამოუვიდა, - მაგრამ ბათუმში კი ერთად წავიდნენ. იქ ერთი კვირა იყვნენ, იბოდიალეს, იცურავეს – იმან, ნინამ ცურვა არ იცოდა – და როცა ჩამოვიდნენ, კაცმა უთხრა, ჩემო დაო, შენ შენთვის, მე ჩემთვისო. არ მიკვირს – სად ჰქონდა იმ უბედურს ნინას ნერვები, ერთი კვირა სულ ნინა, თან შეყვარებული ნინა როგორი გადასატანია?
- შენ რა უთხარი?
- ეს რეპი იცი? – წამოდგა და გამოთქმით შეასრულა. კუთხის მაგიდასთან მჯდომებმა თავი წამოწიეს და ნინას ბრიყვად მიაჩერდნენ.
- რას ნიშნავს?
- ყველაფერს ერთი ბოლო აქვს, მხოლოდ ძეხვსა აქვს ორი. ასეა, ჩემო განძო, ასეა, ჩემო განძო!
იმ ღამეს ჰომოსექსუალისტებით გამოტენილ დისკოთეკაზე წავყევი, მეორე დღეს კი ნინა კვლავ ზღვაზე წავიდა და როცა დაბრუნდა, აღარც კაცი ჰყავდა, აღარც ფირმა ჰქონდა და აღარც მათი დარდი. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თქვა. იმის მერე კი აი, ახლა შემხვდა, ზამთარში. არადა, მინდოდა მე ნინა?!
როგორც მოგახსენეთ, საძაგელი დრო იყო, ზამთარი, უჟმური საღამო. აღმართს მივუყვებოდი და მაღაზიასთან, რომელთან გაჩერებაც სულ არ მაწყობდა, იმიტომ რომ ვალი მაქვს, ნინა შემხვდა.
რას დამსგავსებია. იასამნისფერი პალტო ისევე უხდებოდა, ცირკში რომ უხდებათ ხოლმე დათვებს თეთრი წინსაფრები. ეტყობა, ისევ სვამდა, თვალები ჩავარდნილი ჰქონდა და ცხვირი - აქერცლილი.
მაღაზიაში შევიდა, ჩემი ვალი გადაიხადა და თავის კლასიკური ასორტიმენტი შეიძინა, ვეგეტარიანელი იყო; ოღონდ ლუდი კი არა, არაყი იყიდა, თან ბევრი, ცივაო. ჩემთან წავედით, გაზი დავანთე, ნინას ჩითები მივეცი. წინდა სამარცხვინოდ ჰქონდა დახეული და შემომჩივლა, თითებს შორის მჭრისო. მერე, რატომ არ ყიდულობ, ფული ხომ გაქვს-მეთქი. კარგი, რაო.
კარგი. ჩამოვასხით. ნინა ფეხს დააჯდა. თავის დროზე გამიკვირდა, ამას რას შვრება-მეთქი, მერე გავარკვიე, ოდესღაც ბალერინა ყოფილა, მერე ჰატჰა-იოგას აწვებოდა და იქიდან ჩარჩა, რომ წელში გამართული უნდა ყოფილიყო: "დაბერება აქედან იწყება," კისერზე ისვამდა ხოლმე ხელს, ფრთხილად, იმიტომ რომ ხალი აქვს და მელანომის ეშინია. გამართული კია, მაგრამ მაგრად დაბერდა.
იდაყვი გაასწორა, ნეკი გაბზიკა და დაიწყო სადღეგრძელო:
- შენ გაიხარე, ჩემო ლამაზო. ყველაფერს გისურვებ, რასაც ჩემს თავს ვუსურვებ ხოლმე, კარგ გუნებაზე როცა ვარ. ჯანმრთელობას, - აბა, კბილები თუ გტკივა, რისი თავი გექნება? დიდხანს სიცოცხლეს, მოგზაურობას, ყველაზე მაგარ კაცს – ჯანმრთელს, ნიჭიერს, ლამაზს, კეთილს, ფულიანს, გულუხვს, მშიშარა და ჟმოტი რად გინდა! თან შენზე იყოს შეყვარებული და შენც აფრენდე, ოღონდ ის უფრო აფრენდეს; მოკლედ, მაგრად იყავი. მე ძალიან მიყვარხარ და მომავალ ცხოვრებაში კაცად დავიბადები და შენ კი თავიდან არ გეყვარები, მაგრამ მე ვიბრძოლებ შენთვის და ცოლად მოგიყვან და ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები...
თურმე, ნინა ბედნიერი ბავშვი ყოფილა. თურმე, ყველას უყვარდა: უაღრესად ერუდირებულ დედას, არაჩვეულებრივ მამას, დეგენერატ, ამჟამად ფინეთში გახიზნულ ძმას, ბაბუას. როგორც ამბობდნენ, ბებიასაც უყვარდა, ოღონდ ნინას არ ახსოვდა, ის როცა მოკვდა, სამი წლის ყოფილა. ბებო მანქანამ გაიტანა და ჩანთიდან ნინასთვის ნაყიდი საჩუქრები გადმოუცვივდაო. იმ ქალსაც ნინა ერქვა და ნინა ყვებოდა, ლამაზი იყო, ოღონდ მე არ ვგავარო.
- გარეგნულად არ ვგავარ, თორემ ისე ალბათ რაღაც-რაღაცეებით კი. ეტყობა, დიდი ნასტირნი ქალბატონი ბრძანდებოდა ეს ბებიაჩემი... საერთოდ, დედის მხრიდან ყველა ქალი ცოტა ნაგიჟარი კი იყო. იყო რა, არის.
- რა გინდა, რას გადაეკიდე...
- მოიცა, რა, შენ რა იცი. მეც მაკლია. თან ახლა მეხსიერება მიმენავლა, ლექსიკოლოგიაში კი მაგარი ვარ, მაგრამ სხვა რა გითხრა. ეე.. ჯერ მარგარიტა იყო, კრასავიცა, ეგ ამბავი რომ იცოდე, მიხვდები, რაც მჭირს.
ნინა არასოდეს კითხულობდა, გაინტერესებდა თუ არა.
- მოკლედ, ეს მარგო იქაა დამარხული, სოფელში, მთელი ბალღობა რომ გადასახლებული ვიყავი, მთელი ზაფხულები, და რომ მძულს. არა, ახლა, თუ გინდა, წავიდეთ. პრინციპში, მაგარი ადგილია. აი, - ძვლიანი ხელი გაიშვირა, - ჩემი მაჯის სიმსხო წყარო მოდის, წიწვნარიცაა, ისეთი ტყეც, სოკოებიც, რა ვიცი. თან მოწყენილობისგან შეიძლება გაგიჟდე. "ჰაუ ჰაუს" მეტი ხმა არ ისმის, და ის კიდე – წია, წია, წია: ფაცო მამიდა ქათმებს უყრის სიმინდს, დაჩეჩქვილს, რომ ყელში არ გაეჭედოთ, ყელზე არაფერი დაადგეს ჯუჯულებს, блядь. ქათმები მაგრად მიყვარს. ოღონდ ცოცხალი. მამლები უფრო. არა, მართლა, წავიდეთ ერთი-ორი დღით, რა უნდა, მშვენიერი სახლია, სადგურიდან ნახევარი საათი უნდა, ჰა, კაი, ერთი საათი. მაგრად მეჯავრება, მაგრამ შენ თუ იქნები, წავიდეთ. ძველი ჟურნალებია, "Я в замке король" წაკითხული გაქვს? წავიდეთ, წავიდეთ...
დალია. ნიკოს ნათქვამი ჰქონდა, იმ სოფელში მას შემდეგ მივდივართ, რაც ნინა გავიცანი, ანუ ასი წელიო.
- ჰოდა, მარგარიტა ლამაზი ქალი ყოფილა და აფრენდა საკუთარ თავზე. მეფის ნაცვლის სასახლეში სეფექალი თუ სტასდამა თუ რაღაც ეგეთი ყოფილა, ეტყობა, მაგიტომ მაქვს მელკაპამესტნი ამბიციები. ოღონდ არ გათხოვდა, ეტყობა იმიტომ, რომ გიჟი იყო, თუ შიგ ჰქონდა, თუ венец безбрачья, რა ვიცი, გაიგებ?! ამ არაყს ბაბო ქნარო აკეთებს ტელაგრეიკისგან, ნამდვილად. მე მოვკვდე. დამაბრმავებს? ჰოდა, ოცდაათი წლის რომ გახდა, სარკეში ჩაიხედა, ნაოჭი დაინახა – აზრზე ხარ, მე ოცი წლიდან ნაოჭები მაქვს, - და წავიდა იმ სოფელ ჭირიანთკარში. მანამდე ვენეციური მარმარილოს საფლავის ქვა შეუკვეთა, სხვანაირი ხომ არ ეკადრებოდა, ახლა გულზე ადევს, ანგელოზებიან-ვარდებიანი, ის ქვა ლოგინქვეშ ამოიდო და იცხოვრა ასე ასი წელი. ვენეციური რომაა, ის მარმარილო, ოჯახმა მომახსენა, თორემ მე რას მივხვდებოდი. გაახურეს, ვენეციურიაო და ძალიან ლამაზი იყო მარგარიტაო, გაატრაკეს საქმე რწყილიანმა ტახტის აზნაურებმა. ყოველ მისვლაზე ამას მიყვებიან... წლები აღარ მახსოვს, ბლომად კი უცხოვრია. ჩემი ბაბო რანაირადაა, ვერ გავიგე, მაგრამ არის, დედულების საგვარეულო სასაფლაოზე წევს. აზრზე ხარ, რა შიგ ჰქონდა? ახლა რა არის ის სოფელი და მაშინ, აზრზე ხარ, რა იქნებოდა?
- რა ვიცი...
- რა რა იცი? ეგ ნორმალურია? ჩვენ ვიყოთ კარგად. – ჩამოასხა, მაგრამ არ დალია. – თქვი რამე.
- შენ თქვი.
მე რა მეთქმოდა.
- კაი. ნათელ მომავალს. რა კარგია, არა, 35 წლის პერსპექტიული გოგო როცა ხარ, პერსპექტივა – შავი მიწა.
დალია. მერე ტუალეტში გავიდა და იქიდან მესმოდა მისი მოძახილი:
- Наверно милый мой идет... რა მითხარი?
- არაფერი.
- ჰო. ნიკო სადაა?
- მალე ჩამოვალო.
- რაო?
- მალე ჩამოვალო.
- აჰა.
ნინა და ნიკო ოდესღაც, დიდი ხნის წინათ დამეგობრდნენ. ნინას ნიკოზე მეტად არავინ უყვარდა ამქვეყნად – მგონი სხვა არც არავინ უყვარდა – და ძალიან როცა თვრებოდა ხოლმე, ამბობდა, ღმერთს რომ ვყვარებოდი, მე და ნიკოს ერთმანეთი გვეყვარებოდა, ისიც ბედნიერი იქნებოდა და მეცო. მაგრამ ეს მართალი არაა, ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ ნინამ თუ თავი რამე ნეხვში არ წაყო, ცუდად ხდება, ნიკოს კი ახალგაზრდა ქალები მოსწონს. ნინას ყველა კაცი ცოტას ეჭვიანობდა ნიკოზე, მაგრამ სულ ტყუილად, იმიტომ რომ ნინა უმალ მონასტერში წავიდოდა, ვიდრე ნიკოსთან დაიჭერდა საქმეს. Жизнь дорога как память-ო, იტყოდა ხოლმე. სხვა რამეებში ასე საღად ვერ მსჯელობდა.
ნიკოს ხსენებას აუცილებლად გრძელი ტირადა მოჰყვებოდა. ნინამ კარგად იცოდა, რომ აღარ მინდოდა ამის მოსმენა, ამიტომ სრულიად იდიოტურად იბოდიშებდა ხოლმე, სულ სხვადასხვა ისტორიებით - ძალიან მიკვირს, რომ წლების განმავლობაში ლიტრობით ჩასხმულმა ალკოჰოლმაც ვერ დააკარგინა დამახსოვრების და მეტყველების უნარი.
- მაშინ მე და ატმანანდამ მთელი ღამე ქუჩაში რომ ვიარეთ, ლენინგრადში, აუ, რამხელა კოღოები იყო, იცი? ატმანანდამ მითხრა, საგიჟეთში როცა ვიჯექი, ექიმმა თქვა, склонность к монологам первый признак шизофрении-ო. ჰოდა, ეტყობა, მეც ეგ მჭირს. არა? – პასუხს არ დაელოდა და ჩამოასხა. ჯერ ცოტ-ცოტა, მერე დაამატა. – დალიე. მერე сбегали-добавили-ს ვიზამთ. საწყალი ატმანანდა, ბოტულიზმით მოკვდა, თუ რა ჰქვია, ბუტულიზმი? ნიკოს გაუმარჯოს. ეგ არის ქართველი მამაკაცების არსებობის გამართლება, ჩემი ნიკოლოზა. მე როცა გავმდიდრდები, არ ვიცი, რას გავუკეთებ, რა ვიცი, ყველაფერს, სტიპენდიას დავუნიშნავ, მაგარს, და ვეტყვი, ჰუმბოლტისაა-თქო. ისე, ფანტაზიაში აშკარად ღობე მაქვს, არა? გაუმარჯოს. ყველაზე კარგი ნიკო. ძალიან ბედნიერი იყოს, ჰქონდეს წარმატება, ფული, დიდი სიყვარული, მოკლედ, რაც მოუნდება. გაუმარჯოს.
დავლიეთ. მანდარინს გადაწვდა, არადა, არ უყვარს. ეტყობა, დათვრა.
- ნინა, დავწვეთ? ხვალ წასასვლელი ვარ.
- ჰო, დაწექი. მე ვიბანავებ, კარგი? და მერე მოვალ. ბაკსაც გამოვრთავ და შუქსაც, არ იდარდო.
დილით აღმოვაჩინე, რომ არ დაწოლილა, ისე წასულა. ალბათ სახლში ამჯობინა გამოძინება. ჭურჭელი გაურეცხავს, ყვავილებისთვის ხმელი ფოთლები მოუძვრია. დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობდა. მერე დედამისმა მითხრა, პუნაში წავიდა, სამედიტაციოდო. ბინა გააქირავა და წავიდა და ერთ-ორ თვეში ჩამოვაო. არადა, ხომ გახსოვს, სულ ამბობდა, ოშო აღარაა, პუნაში რაღა მინდაო. ეტყობა, შესცივდა, გამოიზამთრებს და ჩამოვაო.
...
ამ ხიდის გვერდით რომ მდინარისკენ ჩასასვლელი იყო, მაშინ შენიშნა, რამდენიმე წლის წინათ, მანქანის ტარებას როცა სწავლობდა – კვირაში სამჯერ, ცხრა საათზე, ხიდის კუთხეში ელოდა ხოლმე ინსტრუქტორის ცისფერ მანქანას. უნდოდა, მანქანის ტარება ესწავლა და თურქეთში წასულიყო სამოგზაუროდ.
მაშინ ფეხები ეყინებოდა. თბილი ბათინკა კი ჰქონდა, მაგრამ არ იცვამდა, განიერი ცხვირები აქვს და პედლებზე ნორმალურად ვერ ვაბიჯებო. იმ ფეხსაცმელს კი, ქუსლიანს, შარვალი სულ არ უხდებოდა. ისე, ვის ეპრანჭებოდა, კაცმა არ იცის. ინსტრუქტორს? არა მგონია. მოკლედ, იდგა ხოლმე, იყინებოდა და მიდამოს ათვალიერებდა. მაშინ აღმოაჩინა ეს ჩასასვლელი.
ოდესღაც მთიდან ჩამოზიდული, ახლა კი სახლიდან წამოღებული ბროლებიანი ქვებით სავსე ზურგჩანთა შეძლებისდაგვარად კარგად მოირგო და დაიძრა.
- აზრზე ხარ, რაც მე მდინარის წყლები მისვია, ხან დუნაი ვხვრიპე და ხან არღუნი, ვინ იცის, რამდენი ნინა იყო შიგ... რას გადავრჩი трупный яд-ს?!
ალბათ ამას ფიქრობდა. ზუსტად არ ვიცი.
სულელი იყო ნინა. ეგონა, აქაოდა, ქვებიანი ზურგჩანთა მკიდია და არ ამოვტივტივდები და ყველა იფიქრებს, რომ პუნაში წავედიო.



© “ლიტერატურა - 24 საათი”

მალხაზ ხარბედია

მუმლის ბურუსი


ოთარ ჭილაძე, გოდორი (რომანი). რედაქტორი მამუკა ხერხეულიძე, გარეკანის დიზაინი გიორგი სუმბაძე, დაკაბადონება თამაზ ჩხაიძე. თბ. "რუსთავი 2 პრინტი", 2003.


თავიდანვე უნდა ვაღიარო, რომ "გოდორი" ერთი მხრივ იდეათა რომანია, მეორე მხრივ კი რომანი-საგა. მასში მძლავრი პუბლიცისტური პათოსი ეპიკურ, მითოლოგიურ, არქეტიპულ სახეებთანაა შეზავებული და ასეთი შეზავებით მიღებული ენობრივი ქსოვილი, ცხადია გარკვეულ პრობლემებს უქმნის კომენტატორს. მის ყურადღებას ხან რომანში განხილული ე.წ. საჭირბოროტო საკითხები იპყრობს, ხან კი თხრობის მითოპოეტური მაქმანები გაიტაცებს ხოლმე. ვერავინ იტყვის, რომელი უფრო რთულია, ე.წ. "გოდრის კაცის" პუბლიცისტური სახის ჩამოქნა, გამოკვეთა და რეალურ, თანამედროვე სიტუაციებთან მისი მისადაგება თუ მისთვის ზოგადსაკაცობრიო თუ ყველა დროისთვის გამოსადეგი პარადიგმის სტატუსის მინიჭება.
დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი უკვე ბევრმა ადამიანმა წაიკითხა და სათაურმაც ალბათ უკვე შეიძინა გარკვეული კონოტაციები (გოდრის კაცები, გოდრის გაგდებული, გოდრის თაობა), მითუმეტეს, რომ იგი თავისი ზემოქმედებით, პარადიგმული სიზუსტითა და მოქნილობით "ჯაყოს ხიზნებისა" და "კვაჭი კვაჭანტირაძის" გვერდითაც შეიძლება დააყენო.
ეს რაც შეეხება სათაურს და მისგან გამომდინარე მნიშვნელობათა რიგს, თავად ტექსტი კი, ძალზე ეფექტური დასაწყისის შემდეგ, გარკვეულ ბუნდოვანებაში ძირავს ამ სიზუსტესა და მოქნილობას (ეს განსაკუთრებით რომანის მეორე ნაწილს ეხება). რა თქმა უნდა, აქ არაფერია გასაკვირი, ეს ხომ თანამედროვე რომანია და არა კლასიკური, სადაც ავტორი ავანტიურული ან ფსიქოლოგიური რომანის თარგზე მოჭრიდა მასალას. თუმცა ერთი რამ მაინც იქცევს ყურადღებას. საქმე ისაა, რომ ავტორი თხრობას რეტროსპექციით იწყებს (მიმაჩნია, რომ რომანში ყველაზე ძლიერი სწორედ ეს მონაკვეთია) და ამის გამო უმბერტო ეკოს ერთი საინტერესო შენიშვნა გამახსენდა "რეტროსპექტული თხრობის" შესახებ. მისი სიტყვით (და ამ შემთხვევაში იგი ჟერარ ჟენეტს ეყრდნობა), რეტროსპექტივა იმის კომპენსაციაა, რისი მოყოლაც ავტორს დაავიწყდა. შესაბამისად თხრობის რეტროსპექტივით დაწყებამ ან მომავალი დანაკლისი უნდა აანაზღაუროს (ეკოს ენაზე რომ ვთქვათ, ის, რაც "ავტორს შემდგომში დაავიწყდება", რაზეც იგი ყურადღებას აღარ გაამახვილებს) ან მკითხველს უნდა შეახსენოს ის, რაც მას აღარ ახსოვს.
არადა ქართველ მკითხველს წესით კარგად უნდა ახსოვდეს, უფრო სწორად უნდა იცოდეს პირველ ნაწილში აღწერილი თუ მინიშნებული მოვლენები (გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს ანექსია, გასაბჭოება და ა.შ.), თუმცა რეტროსპექციას კიდევ ერთი ფუნქცია აქვს, იგი წარსულის მიმოხილვის საშუალებას გვაძლევს, ხელს უწყობს მკითხველს წარსულის მოვლენების აწმყოში განფენასა და მასთან მისადაგებაში. ესაა იმავდროულად თხრობისა და კომენტირების პროცესი, ზემოხსენებული პუბლიცისტური პათოსიც, როგორც ჩანს, სწორედ აქედან იშვება და ჭილაძის გამოგონილი პერსონაჟებიც პრინციპში ამ რეალურ ვითარებას, რეალურ მოვლენებს უკავშირდებიან და მონაწილეობას იღებენ მასში. აქედან გამომდინარე, რომანში ხშირად მონაცვლეობს რეალური და შემოქმედებითი პლანი, ისტორიული და მითოლოგიური სახეები, რომელიც საბოლოოდ რთულ, მოძრავ სისტემად ყალიბდება.
ჩვენთვის პირველ რიგში მითოლოგიური პლანია მნიშვნელოვანი და ოთარ ჭილაძისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი ის ხერხები, რომლებიც საფუძველს გვაძლევენ "გოდორს" რომანი-საგა ვუწოდოთ.
"გოდორი" ოჯახის ისტორიაა, რომელსაც სათავეში ერთი მწყემსის შვილი, გოდორში გამოზრდილი რაჟდენ კაშელი უდგას. მართალია მანამდე სხვებსაც უცხოვრიათ გოდორში, ქართულ ლიტერატურაში სხვა ბავშვებისთვისაც დარწეულა ეს მოწნული ორმო აკვნად, მაგრამ კაშელები პირველები აღმოჩნდნენ, ვისაც გოდრის კაცები უწოდა მწერალმა. მაგალითად კვაჭი კვაჭანტირაძის მამას, სილიბისტროს, ბავშვობა სანახევროდ გოდორში ჰქონდა გატარებული, მისი შვილი კი ნამდვილი მითიური გმირივით მოევლინა ქვეყანას. მერე კვაჭის დევგმირული ბავშვობაც გაიხსენეთ, ცხოვრებასთან საზიარებელი ადათების მთელი წყება რომ ახლდა თან და სანამ რაჟდენის ამბავს მოვყვებოდე, ის ამბავიც ნუ დაგავიწყდებათ, ქალს რომ პირველად გაუსინჯა გემო კვაჭიკომ, ცვირის, ვინც დედასავით ზრდიდა მას. ამის შემდეგ კი ვინ იცის, იქნებ ვინმემ "გოდრის" ინტერტექსტადაც დასახოს "კვაჭი კვაჭანტირაძე".
ახლა კი რაჟდენს მივხედოთ. ამ ნახევრადმითიური პერსონაჟის დედას თურმე რუსი ურიადნიკი დაუდიოდა საყვარლად და ბავშვს, ხელი რომ არ შეეშალა, დედა გოდორში სვამდა ხოლმე: "ნაშიერი მშვენივრად გრძნობდა თავს გოდორში და, როგორც თვითონვე ამტკიცებდა მერე, უკვე ვეტერანი, განსაკუთრებით კი ღვინონაყლაპი, ყოველთვის დიდი ინტერესით უთვალთვალებდა დედისა და მისი საყვარლის ალერსს გოდრის ჭუჭრუტანებიდან და, მისდა უნებურად უბზიკდებოდა კიდეც...". ბავშვის მამის, "ოლიმპოდან გამოძევებული" მწყემსის შურისძიების შემდეგ (ცოლიც მოკლა და თავიც აღარ იცოცხლა) გოდრის ჭუჭრუტანიდან გამომზირალი, აღგზნებული, ფოლადისფერი მზერის პატარა ბიჭი გოდრიანად წაიყვანა უშვილძირო ქალმა, კესარიამ. რაჟდენი კი, როცა წამოიზარდა, ანუ "გოდორმა რომ ვეღარ გაუძლო, ვეღარ შეაკავა მისი სწრაფადმზარდი, ფერხორცითა და დაუხარჯავი ენერგიით სავსე სხეული და ზედ შემოემსხვრა... განთავისუფლებისთანავე დედობილს ეცა და საცოდავი კესარია ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან წივილ კივილზე მოვარდნილმა მეზობლებმა".
ასე იშვა რაჟდენი, ნაჭუჭივით მოიშორა გოდრის ნარჩენები და ცხოვრების გზას დაადგა, რათა გოდორში შეძენილი მიდრეკილებები გამოეჩინა და ახალი საქართველოს სამსახურში ჩამდგარიყო. იგი "ალალბედზე მიხოხავდა საკუთარი სიმდაბლის მწვერვალისაკენ", ნატყვიარს ნერწყვით იშუშებდა, ნადირივით და ტყვიას ესროდა ყველას და ყველაფერს, რაც კი მოძრაობდა.
ასე და ამგვარად, პირველი გოდრის ნაშიერი უკვე შარაგზაზე გავიდა და აქტიურად ჩაება პროცესებში, რომელმაც მისი მამული უნდა აქციოს შარაგზად. ახლოვდება 1921 წლის 25 თებერვალი და მისი მემკვიდრის შობის დღეც. რაჟდენის ცოლმა, კლავამ შარაგზაზე იმშობიარა, "სადღაც სოღანლუღსა და ორთაჭალას შორის", გზისპირა თხრილის დამყაყებულ წყალში განბანა ჩვილი და თავსაფარში გამოახვია. შვილს ანტონი დაარქვეს და ცხადია, ისიც, მამასავით ქვეყნის დამჩემებელი გამოდგა. მისი თვე სხვების წლებს უდრიდა, ორი წლისა თვალდახუჭული შლიდა და აწყობდა შაშხანას, "ხუთისამ მეზობლის ძაღლი მოკლა იმ შაშხანით, თხუთმეტისა კი უკვე ხალხს ხოცავდა".
გვამის სუნში გაზრდილი ეს საგვარეულო კიდევ ორ თაობას გაწვდება, კიდევ ერთ რაჟდენსა და ანტონს მისცემს დასაბამს და ეს პერსონაჟები, უკვე ჩვენი თანამედროვენი, კოთურნებზე შემდგარნი ანტიკური ტრაგედიის თამაშს დაიწყებენ.
ეს ანტიკური ნიშნები ცხადად თუ დაფარულად, ბევრ რამეს განსაზღვრავენ რომანში და შეიძლება ითქვას, კონკრეტული დროისა და სივრცის საზღვარს მიღმაც კი გაჰყავთ პერსონაჟები. ერთგან ავტორი ამბობს "ჯერ კიდევ ანტიკური ტრაგედიის თაკარა მზე აცხუნებს ჩვენში, თბილისის მისადგომებთან კი, ტროას ცხენი ძოვს"-ო და ნელ-ნელა მკითხველიც ხვდება თუ ვინაა ამ რომანში ოიდიპოსი, ვინ იო და ორესტე, ვინ კი კლიტემნესტრა. მოქმედებაში ახალი გმირები ერთვებიან, ძველების შთამომავლები, იმავე სახელების მატარებელი მამა-შვილი, რაჟდენი და ანტონი, ანტონის ცოლი ლიზიკო და სხვებიც. ჩნდება ჭრელი ძროხაც, თავის დროზე ცხოვრების სიმბოლოდ რომ გადაიქცა პატარა ანტონისთვის და მასთან ერთად მოვიდა გაუნელებელი სევდა და დაუმსახურებელი დამცირებაც, ჩახშული მრისხანება და მონობა. თავად ანტონიც, ამ ძროხასავით, ანტიკური მითებიდან, მოირწევა თავის ცხოვრების გზაზე "...მოდის, მოჩლახუნობს, საკუთარი გამძლეობით შეწუხებული, თუკი შეიძლება რამე აწუხებდეს, ღმერთქალის მიქსეული ბუზანკლის მეტი", მოდის მოჯადოებული, გალახული და ასე მანამ ივლის, სანამ მამამისს, ანტონის ცოლის, ლიზიკოს გაბზეკილი ძუძუებისკენ არ გაექცევა ხელი. სწორედ ამ ადგილიდან ამოდის ტრაგედიის თაკარა მზეც, რომელმაც ყველა პერსონაჟი უნდა დაწვას თავისი მცხუნვარებით. ერთი სიტყვით, "გოდორში" ინცესტი თხრობის მთავარ მექანიზმად იქცევა და ავტორი თვალების დათხრის ტრაგიკულ რიტუალსაც ხშირად შეახსენებს ხოლმე თავის გმირებს.
"მათი ოჯახი ნამდვილად სანიმუშოა, ყველანი მკაცრად იცავენ სისუფთავეს და უცხოს არავის აჭაჭანებენ ოჯახურ სექსში... მართლაც, როგორი ამბავია! ორი მამის შვილი, საერთო შვილი მამა-შვილისა? საკუთარი თავის მამაც და შვილიც, ერთსა და იმავე დროს. ოიდიპოსი ვინ მიგდია!..." მარად მშიერმა, ყველაფრისმშთანთქველმა საშომ კი "უნდა ათქვიფოს და შეაზავოს მამისა და ძის თესლი "არნახული, არგაგონილი ჰომუნკულუსის შესაქმნელად", საშომ, ანუ ლიზიკომ, ცოლმა და რძალმა, ვინაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ (იგი ვენებს გადაიჭრის) ანტიკური გმირის სიჯიუტით უნდა მოიგერიოს თავისიანების ყურადღება და თანაგრძნობა, ისე, როგორც ორესტემ ერინიები, მამამისი კი, მწერალი ელიზბარი, "მხცოვანი ოდისევსი", იძულებულია ომში წავიდეს.
ხოლო რაც შეეხება დათხრილ თვალებს, იგი აფხაზეთში საბრძოლველად წასული მამისმკვლელის, ანტონის ხილვებშიც ჩნდება. ერთხელ მაშინ, როცა ფიჭვის შტოზე შემოსკუპებულ ციყვს ერთი გასროლით ჩამოაგდებს უხილავი ხელი: "ტყვიამ შხუილით გაფხრიწა ჰაერი და თვალგადმოვარდნილი ციყვი საცოდავად აფართხალდა გასისხლიანებულ ბალახში. ციყვს თვალის ადგილას ვეებერთელა ლორწოვანი ბუშტი გამოებერა" (ბუშტი, სადაც სამყაროც კი აირეკლებოდა). მეორეჯერ კი დაკითხვაზე, როცა გამომძიებლის ჯიბიდან გამომზირალი პატარა ციყვი მოელანდება: "უცებ ცალი თვალი გამოებერა, გამოებერა, გამოებერა და აეროსტატისხელა რომ გახდა, საზარელი ხმით გასკდა."
ამ ციყვის თვალივით გასკდა მრავალწლიანი ტყუილიც, ანტონის გარშემო რომ გროვდებოდა.
დიდი ხნის მანძილზე ანტონიც, უსინათლოსავით, ვერაფერს ხედავდა, მისთვის სამშობლო და საერთოდ, სამყარო შენიღბული იყო. ვერსად მიაკვლია მან ამ სამყაროს და მხოლოდ ქვიშხეთის მწერალთა სახლის თანამშრომლის, გიჟი ნიკოლოზას ბიბლიოთეკაში ნახა ხსნა. კითხულობდა ბევრს, შესაძლოა "თებეს ტრაგედიებს", "ძმებ კარამაზოვებს", თავისი გონება კი ვინ იცის, იქნებ "დანაშაულსა და სასჯელზე" ალესა. მის მიერ მამის მხარეს მოქნეული ცულიც ამ გონების ნაყოფია და სწორედ ამიტომაც ჩანს ირეალური ეს მკვლელობა, ანუ მამისკვლის სცენა ზმანების საბურველშია გახვეული, ანტონის ბოდვებითაა შეზავებული.
ავტორი-მთხრობელი შენიშნავს ანტონზე: "გვამის სუნშია გაზრდილი, ამ სუნითაა გაჟღენთილი ყველა მისი ფიქრი, სიზმარი თუ ოცნება... ეს სუნი არ აძლევდა ნებას, ისიც ჩვეულებრივი ბავშვი ყოფილიყო, ტოლამხანაგების მსგავსად, იმასაც არაფერი სცოდნოდა ქვეყნისა და მარტო იმაზე ეზრუნა, თუ როგორ ჩაეგდო ხელში ახალი კასეტა, ამერიკული სიგარეტი, გასაბერი კევი თუ წარწერიანი მაისური... ანუ, ყოფილიყო ის, რაც უნდა ყოფილიყო, რასაც სკოლა და ოჯახი მოითხოვდა მისგან - მშობელზე უარესი და, როცა დრო მოუვიდოდა, შვილზე უკეთესი."
რაზე მიანიშნებს ეს სიტყვები? ნუთუ ანტონის ტრაგიკული შეცდომა მამის გზიდან გადახვევა იყო? იქნებ ამ გზაზევე დაბრუნება იქცა ტრაგედიად? იგი ხომ ქვეცნობიერად კაშელობას, თავისივე არსებას ებრძოდა, მაგრამ აიღო ცული და თავი გაუპო მამას ("მამას ეტირა დედა"), რითაც კაშელობა კი არ მოიშალა, პირიქით, ახლიდან იშვა, მის ახალ ცხოვრებას დაუდო სათავე.
ამ შემთხვევაში ნაწარმოებში აღწერილი და ანტონის მიერ წაკითხული ერთ სიბრტყეზე თავსდება, ეს ორი პლანი გადაიკვეთება და შექსპირის "ჰამლეტის" პრინციპით, "სცენა-სცენაზე", ერთმანეთს განსაზღვრავს. თუკი "ჰამლეტში" დანიის უფლისწული მამის აჩრდილისგან იგებს ამბავს და შემდეგ ახდენს მის რეპრეზენტაციას, აქ თავად ანტონი იქცევა ლანდად ("ცულშემართულიც არაფრად ჩააგდო... თითქოს მკვლელი კი არ იდგა მის წინ, არამედ მისივე ლანდი, აჩრდილი, ჰაერის ბუშტი...") და მომხდარი, მოსახდენი თუ წაკითხული უკვე მის ცნობიერების ნაკადში რეპრეზენტირდება.
ამგვარი ცნობიერების ნაკადი თუ გიჟის მონოლოგები მთელს რომანს გამსჭვალავს. რომანი შეშლილობით იწყება და მისით სრულდება. ამ მხრივ ძალზე საინტერესოა პატრიოტული ლირიკის კავშირი სიგიჟესთან. როცა ავტორი ერეკლეს თანამედროვე, დოსითეოზ ნეკრესელზე საუბრობს, ამბობს, იგი ერთმორწმუნე მფარველის, რუსეთის სისასტიკითა და უღმერთობით იყო შეშლილი, გნებავთ გაპოეტებულიო და დოსითეოზიც, "მრავალთა და მრავალთა მსგავსად, მაინც ვერაფერში გარკვეული, ბატის წამახულ ფრთას ნელა, საქმისმცოდნის სიდინჯით აწობდა სამელნეში... და მსხვილი, აცაბაცა ასოებით გამოჰყავდა: "არა არს ისრეთ ტკბილი, ვით მამულის სიყვარულიო"".
აქ ორი პლანი ისევ გადაკვეთს ერთმანეთს, გარუსებული (გნებავთ, გასაბჭოებული) საქართველოს რეალური პლანი და დოსითეოზი, თავისი ბატის წამახული ფრთითა და ყვავილებისგან დამზადებული მელნით, რომელიც შემოქმედებით მხარეზე მიგვანიშნებს. და რომანის მიხედვით, ამ შემოქმედებით, ფიქციურ საქართველოს რეალური საქართველო ჩაენაცვლება. სიტყვები, "ღორმუცელა დებილებისა და გესლიანი ქვრივების საქართველო აღარ არის, დამთავრდა" სწორედ იმის მომასწავებელია, რომ ოთარაანთ ქვრივებისა და ლუარსაბ თათქარიძეების ქვეყანა ისტორიას ჩაბარდა და დადგა დრო, როცა სამშობლოს სიყვარული და პოეზია შეშლილობასთან უნდა გაიგივდეს.
როგორც გითხარით, რომანი ვენებგადაჭრილი ლიზიკოს მონოლოგით სრულდება და მისი სიტყვები, "აქ დავიბადე და აქვე გავგიჟდი" მწარე, ფინალურ სიმართლედ გაისმის ნაწარმოებში.
სხვა სიმართლეს გვაუწყებს მუმლი, რომელიც, ვფიქრობ, ლიზიკოსთან და სხვებთან ერთად, რომანის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცევა. მუმლთან ერთად თხრობაც მდორე ხდება და ზოგადად, მისი გამოჩენა შესაძლოა თხრობის შეუძლებლობასაც უკავშირდებოდეს. მის ადგილს, თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობის ენაზე რომ ვთქვათ, დისკურსი იკავებს, განსჯა-მონოლოგები და ფაბულას, ერთი მხრივ მუმლი აბუნდოვანებს, მეორე მხრივ კი პერსონაჟთა ანთებული ცნობიერება.
რომანში ყველგან მუმლია, სიზმარშიც და ცხადშიც, მუმლი ყრია სავარძელში, სარკმლის რაფაზე და იატაკზე, საწოლშიც და მაგიდაზეც, პურსაც მუმლი აყრია და ბალიშსაც. მუმლი "მსხვილი, დონდლო და წყლიანი... ავადმყოფური, მუმლი-რაკეტა. ბაქტერიომზიდი... მუმლით გასქელებული და გაწებილი ჰაერი მდუღარე ბადაგივით იბუშტება, ლივლივებს, ბრუნავს..." მუმლი დაფრინავს ყველგან, მთელ საქართველოს მუმლი დასტრიალებს, როგორც რამე სიდამპლეს, დემონსტრანტებსაც მუმლის უზარმაზარი ამალა მოჰყვება და მისი მოფარფატე სიყვითლე არტყია ყოველს.
მუმლის სიყვითლე, შესაძლოა თხრობის გარკვეული ფონიც ეგონოს კაცს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. რომანში იგი თავის ფოლკლორულ ბუნებასაც ინარჩუნებს და ლიტერატურულ ხერხსაც წარმოადგენს, ანუ, როგორც ზემოთ გითხარით, იგი რაღაც აზრით ფარავს ამბავს, აბუნდოვანებს მას.
ლიტერატურათმცოდნეობაში ცნობილია, რომ თხრობაში ბუნდოვანების, ან მასთან დაკავშირებული მეტაფორების შემოსვლა, ე.წ. სასპენსისთვის გვამზადებს. გვკარნახობს, რომ მალე კვანძი გაიხსნება. "გოდორში" კი კვანძის გახსნის ეს პროცესი განუწყვეტლივ ვადდება და სასპენსი თვალსა და ხელს შუა გეპარება, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს თავად რომანსაც მუმლი დასტრიალებს, იგი ფარავს მის სიტყვიერ ქსოვილსა და პერსონაჟთა ხმებს. მას ვერც აფხაზეთის ომის გრიალი ახშობს და ვერც მამის გვამზე, როგორც კვარცხლბეკზე შემდგარი ანტონის, უბიბილო და უდეზებო მამლის ყივილი.
სამწუხაროდ, მუმლის ეს ნისლოვანება ძნელი გასაფანტია, ავტორმაც ამ ნისლში ჩატოვა თავისი გმირები და ვერც ჩემი ეს წერილი აუხელს საბოლოოდ თვალებს ლიტერატურის მოყვარულებს. მე მხოლოდ ერთის იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი ქართველი მკითხველი შეაბიჯებს თამამად იმ სახიფათო ბურუსში, რომელსაც ოთარ ჭილაძის პროზა ჰქვია.


© “წიგნები _ 24 საათი”

გივი ალხაზიშვილი

სივრცე ღიმილსა და ცრემლს შორის


ტარიელ ჭანტურია. თაფლობის საუკენე-2 (ლექსები), რედაქტორი გივი ალხაზიშვილი, მხატვარი გოგი წერეთელი. თბ. "მერანი", 2002.


თამაშით, ღიმილით, ირონიით, პაროდირებით შეუძლია თქვას ის, რასაც ზოგიერთები ჭინთვით, გამოგონილი ტრაგიზმითა თუ პედალირებული, სწორხაზოვანი დრამატიზმით მეტ-ნაკლებად ახერხებენ.
საგულისხმოა თითქმის ყოველი სარითმო წყვილის სემანტიკური თუ მუსიკალური ურთიერთკავშირი, ე. წ. ჭკვიანი რითმები, რაც თითქმის არასოდესაა ამოვარდნილი ლექსის მთავარი ფუნქციიდან და თუ შეიძლება ითქვას — ჩაყენებულია ლექსის, როგორც „ერთიანი ორგანიზმის", მხატვრული მთლიანობის „სამსახურში".
სტილისტურ ძიებათა მრავალსახეობა, გაქვავებულ ღირებულებათა ნგრევა ხერხდება კონვენციური ლექსის ახალ-ახალ შესაძლებლობათა აღმოჩენით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ტროპული მეტყველების ორგანიზაცია მის ლექსებში სავსებით განსხვავებული ხასიათისაა და არცთუ იშვიათად, ლამაზ, მაგრამ უმიზნო მეტაფორას ცვლის ახალი ინტონაცია, აქამდე არარსებული კონოტაციის ორაზროვნება, რაც თავისთავად თამაშის წესებში შედის და ღრმად შეფარული ტრაგიზმი, ანუ ირონიულ-პაროდიული ლირიკის დაფარული მხარე მკითხველზე ზემოქმედებს მთელი სიმძაფრით.
არცთუ იშვიათად შეუდარებელი მახვილსიტყვაობა ქცეულა ლექსის მთავარ საყრდენად, როცა იგივე მახვილსიტყვაობა ამავე დროს, შეუმჩნევლად მიედინება ღრმა ლირიზმისაკენ და მრავალმხრივ დატვირთვას იძენს. თანამედროვე თემები — არა მხოლოდ ცალკეული ტერმინების სახით აღწევს ტექსტში, არამედ დროის სულისკვეთების ირონიულ-პაროდიული ხედვის ნაწილია. იგი ახალი სულისკვეთების პოეზიის ტრადიციას ამკვიდრებს, რომელმაც რამდენიმე ათეული წელია წარმატებით მოახერხა ფსევდორომანტიკული წიაღსვლების, ცრუპატრიოტული ლირიკის გაუქმება, თემატური სიმწირის გაფართოება და მის მიერ აღმოჩენილ სინამდვილეს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა.
ვსაუბრობთ ისეთ პოეტზე, რომელმაც თავისი ნოვაციები ისე „დააპატენტა", რომ უბრალო, დაკვირვებულ მკითხველსაც არ გამორჩება ესა თუ ის ტექსტი, ტარიელ ჭანტურიას რომ ეკუთვნის, — თუმცა, ამ ტექსტების ავტორობას არცთუ იშვიათად სხვები იჩემებენ. და ეს სხვები არიან ისინი, რომლებიც ტარიელ ჭანტურიას სტილისტიკის ტყვეობაში აღმოჩნდნენ და ვერ დაიხსნეს თავი „ჭანტურიზმებისგან".
ტარიელ ჭანტურიამ შექმნა ნაკადი ქართულ პოეზიაში, რომელსაც მუდამ მისი სახელი ერქმევა, მაგრამ ახალბედებმა და არა მხოლოდ მათ, უნდა იცოდნენ ისიც, რომ ამ სტილურ სფეროში, საიდანაც ქართული კიჩიც აღმოცენდა, სხვებისთვის თითქმის აღარ რჩება ადგილი, რადგან ნოვატორმა პოეტმა უკიდურესობამდე განავითარა თავისი პოეტური სტილისტიკა და წარმოუდგენელია ამ გზაზე რაიმე პერსპექტივა ვიგულისხმოთ;
საბჭოურ ხუთწლედებში დამკვიდრებული, დახავსებული, დაშტამპული პროსოდირების მოყირჭების პერიოდში, იგი ახერხებდა დაეცინა, აბუჩად აეგდო, ხან კეთილი, ხანაც კი აბსურდული ღიმილით შეეხედა ყველაფრისთვის, რაც ჩვენს თავს ხდებოდა და მიუხედავად მრავალმხრივი თავდასხმებისა, შეკვეთილი წერილებისა თუ ცალკეული გამოხდომებისა, საკუთარი გზის ერთგული დარჩა, რაც დღეს იოლი სათქმელია.
მისი სტილისტიკა თუ ვინმეს აღიზიანებს, ისინი არა მხოლოდ შტამპის ერთგულნი არიან, არამედ ის თითო-ოროლა კრიტიკოსიცაა, ვინც თვლის, რომ ირონიულ-პაროდიული ხედვა სულიერი კრიზისის ნაწილია და გარკვეული თვალსაზრისით დეკონსტრუქციული, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაში სწორედ ის გარემოებაა საინტერესო, რომ სრულიად არასტანდარტულმა შემოქმედმა შეძლო დარჩენილიყო იმ ტრადიციის ერთგული, რომელიც მუდამ ვითარდება.
ტარიელ ჭანტურია იმ თითო-ოროლა პოეტს განეკუთვნება, ვისი ყოველი პუბლიკაციაც — პოეზია იქნება თუ ესეისტიკა, უეჭველად უნდა წავიკითხო, რადგან იქ ყოველთვის არის სიახლე, ოღონდ არა თვითმიზნური, იქ ყოველთვის არის რაღაც ეპატაჟური, რომელიც წმინდა მხატვრული დანიშნულებისაა და აზრობრივი ჰიპერბოლიზაციის ნაირსახეობას წარმოადგენს, გაქვავებული გემოვნების დეკონსტრუქციას გულისხმობს, მის ამოპირქვავებას და სამყაროს ახლებურად დანახვას ცდილობს.
არ შევჩერდები სიტყვის ვირტუოზულ ფლობაზე, თითქმის ყოველი ლექსის დადგმასა და რეჟისურაზე, მუსიკალურ გაფორმებაზე (მუსიკა შემთხვევით არ მიხსენებია), ისეთ სამყაროს რომ ქმნის, სადაც ღიმილიდან ცრემლამდე და პირიქით, — მანძილი არათუ მცირეა, არამედ ისინი ერთად იგულისხმებიან, როგორც მუდმივი თანამონაწილენი მარადიული ტრაგიკომედიისა, სადაც დარ-ავდრის საზღვრები ერთმანეთზე კი არაა გადაწნული, უბრალოდ, ღიმილი და ნაღველი ერთმანეთს ენაცვლება და ასაზრდოებს გამუდმებით.
ტარიელ ჭანტურიას არაერთმა ლექსმა გზა გაუხსნა ქართულ კიჩს. „კიჩისტებისა" და „რეაქტიულების" საქმიანობა, — მათი „ესთეტიკა" სათავეს სწორედ აქედან იღებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თითქოსდა დამოუკიდებელი, უწინაპროდ წარმოჩენილი სიახლე კიჩისტებისა მიბაძვაა და თან გაცილებით ნაკლები ოსტატობით შესრულებული. არამცოდნე კრიტიკოსებმა დამოუკიდებელ აღმოჩენად მიითვალეს ის, რაც, რა თქმა უნდა, ტ. ჭანტურიასა და ვ. ჯავახაძის საკუთრებაა.
ტარიელ ჭანტურიას შემოქმედების წინაპარი მთლიანი ქართული კლასიკური და მსოფლიო პოეზიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებაა.
სნობები თვლიან, რომ ირონიულ-პაროდიული ლირიკა რაღაცით აკნინებს წმინდა პოეზიის დანიშნულებას, და რაც უნდა გაგიკვირდეთ — ეს მართლაც ასეა, თუმცა, სიტყვა „დაკნინება", ალბათ, უნდა შეიცვალოს უფრო ზუსტი შესიტყვებით. კერძოდ კი, განსხვავებული ესთეტიკის აღიარებით, ჭანტურია რომ ავითარებს ტრადიციულ გამოცდილებათა ერთგულების თანხლებით და ცხადია, მისი შემოქმედების შეფასებისას უნდა ვითვალისწინებდეთ ირონიულ-პაროდიული ლირიკის „სპეციფიკურ" ესთეტიკას, განსხვავებულ თამაშის წესებს, რომელიც სავსებით გამორიცხავს წმინდა ლირიკისათვის დამახასიათებელ სტერილურ განცდებს და თავისებურ ჰერმეტულობას.
მუსიკის წარმმართველი ძალა, ცხადია, პოეტურ აზროვნებაში გონებამახვილობასთან ერთად ქმნის უცნაურ მხატვრულ მთლიანობას და ეს ორკესტრი უკვე სხვაგვარად ჟღერს, რადგან დირიჟორიც და შემსრულებელიც, და რაც მთავარია, ავტორიც თვითონაა.
რუსთაველი, აკაკი, გალაკტიონი! აი, ის სამი ავტორი, საიდანაც ამოიზარდა ტარიელ ჭანტურია, როგორც პოეტი და შექმნა ახალი ტრადიცია, ირონიულ-პაროდიულ ლირიკას რომ ვუწოდებთ.
ტარიელ ჭანტურია ზოგჯერ ირჩევს შოკისმომგვრელ ეპატაჟურ შესიტყვებებს, რაც გაქვავებული გემოვნების მკითხველის გამოსაფხიზლებლად ან ზოგჯერ დასაფიქრებლადაა გამიზნული. მსოფლიო პოეზიას ახსოვს მსგავსი მაგალითები. ღიმილით მიჩქმალული ცრემლი ან ცრემლში არეკლილი ღიმილი — მარადმოთამაშე და მარადმაძიებელი პოეტის სულიერ ახალგაზრდობაზე რომ მიგვანიშნებს. ისიც შვეულია და ორ უკიდურესობას შორის ირწევა და ორივე ნაპირის განსხვავებულ შეგრძნებებს აგროვებს და შენადნობიც სწორედ ისეთი გამოდის, როგორიცაა ადამიანური ცხოვრების ტრაგიკომიკური ყოფა. ყოფა კი ადამიანურ ტკივილებსა და ვნებებს, გარინდებას თავის თავში უდავოდ გულისხმობს.
ტარიელ ჭანტურიამ მოახერხა გადარჩენილიყო და იგი მისმა ლექსებმა გადაარჩინეს. კონკრეტულად იგი არავის მოწაფეა, რადგან მან კარგად იცის კლასიკური პოეზიის მიღწევები და მხოლოდ იმას ეძებს, რაც აქვეა, ჩვენ თვალწინაა, სულაც ჩვენშია, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. სიახლის დამკვიდრება ჭირს და ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გაუხედნავი ყური და თვალი მხოლოდ სტერეოტიპს შეზრდია.
არცთუ ისე იშვიათად იღიმება, რადგან ამაოების დაძლევა ისევ ამაოების დაძლევის ილუზიას თუ შეუძლია, ამისათვის კი საჭიროა გაუმჟღავნებელი ძალების მოკრება და საკუთარი შემოქმედებითი სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობა. ეს უკვე აღარ არის უბრალო გამბედაობა და იგი ამჟღავნებს თავგანწირვის უმაღლეს ხარისხს, თუნდაც იმიტომ, რომ პრაგმატული თვალსაზრისით წამგებიან გზას ირჩევს, მაგრამ ხანგრძლივი „ხელშეკრულების" თანახმად, მომავალმა უნდა თქვას მთავარი სიტყვა.
ტარიელ ჭანტურიას რჩეული „თაფლობის საუკუნე 2" მეტად თანამედროვე და ამასთან, მომავლის წიგნია, ამ კრებულში თავმოყრილია უამრავი პოეტური ნოვაცია, რომლის შესწავლა და გაანალიზება მომავლის საქმეა.
მისი ლექსი შეიძლება წაიღიღინო, რადგან მუსიკალური ქარგა გამოკვეთილია, ზედმეტად ცოცხალია, მოულოდნელი დინამიკა კი ელვისებური სისწრაფით იცვლის მიმართულებას, ერთი ხმა ხშირად გადადის პოლიფონიაში და მე, როცა ამას ვამბობ, ვგულისხმობ განწყობილების, სათქმელის, სიტყვათშეთანხმებათა ნიუანსების ფეიერვერკსა და უბადლო შესრულების მანერას.
"ყველაზე ახალგაზრდა პოეტი", როგორც მას უწოდეს, ამავე დროს მომავლის პოეტია.
წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ამ წიგნის რედაქტორი და ეს ბოლო სიტყვა, რადგან წიგნის გამოცემამდე ვერ მოესწრო მისი დაწერა, ახლაღა ქვეყნდება. ეს არ არის პირველი შთაბეჭდილება, თუმცა პირველ შთაბეჭდილებას შოპენჰაუერი ყველაზე მძაფრსა და განმსაზღვრელს უწოდებს, ეს არის მორიგი, მრავალგზისი დაკვირვებებით განმტკიცებული პირველი შთაბეჭდილება.
შეგნებულად ავუარე გვერდი სტრიქონ-სტრიქონ განმეხილა ყველა თუ არა, რამდენიმე მთავარი ლექსი, რადგან საარგუმენტო ციტატების ოდენობა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბებდა.
ლოგიკურია, რომ ეს შესანიშნავი პოეტი საბჭოთა პერიოდში საკადრისად ვერ დაინახეს და თუ შეამჩნიეს — მხოლოდ მომდევნო თაობის კრიტიკოსებმა. მისი თაობის კრიტიკოსებს იგი თითქმის გამორჩათ, ან თითქმის გამოტოვეს, რადგან მთავარი ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაში იმ სტერეოტიპების რღვევა იყო, რომელ სტერეოტიპებსაც თემატურობის გამო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. ტარიელ ჭანტურიას შემოქმედების მნიშვნელობის დაუნახაობა იმანაც განაპირობა, რომ მაშინ წარმატებით ინერგებოდა ქალაქურ-რომანტიკული, ნაღვლიანი, კამერული სტილი და სპეკულაციური პატრიოტული ლირიკა, რომელსაც მან ადრევე დააღწია თავი, მაგრამ ასეთი პოეზიით ყურგახედნილ კრიტიკოსებში, ზოგჯერ მკითხველშიც — ტარიელ ჭანტურიას უაღრესად სერიოზული აღმოჩენები მხოლოდ არასერიოზულ ღიმილს იწვევდა და ავიწყდებოდათ ან ვერ ხვდებოდნენ, რომ ღიმილი ცრემლის ნიღაბია.
ღიმილისა და ცრემლის წრედი ის ორბიტაა, რომელიც ჩვენს სულში ბრუნავს გამუდმებით, მანამ ვიდრე ერთი მკითხველი მაინც არსებობს და მაშინაც, თუ წიგნს საერთოდ არ აიღებ ხელში, რადგან ადამიანურ ყოფაში უმაღლესი პოეზია უნებლიეთ მაინც არსებობს, მისი აღმომჩენი კი ჩვენთან ერთად გააგრძელებს სიცოცხლეს.
კიდევ ერთ გარემოებას უნდა მივაპყრო თქვენი ყურადღება — ირონიულ-პაროდიული მსოფლშეგრძნების ესთეტიკამ ქართულ პოეზიაში (ტ. ჭანტურია, ვ. ჯავახაძე), ქართულ თეატრში (რ. სტურუა) თითქმის ერთდროულად მოიკიდა ფეხი და წინათ თუ მეჩვენებოდა, რომ ეს იყო მხოლოდ პროტესტის ფორმა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, ნაწილობრივ ვცდებოდი, რადგან ირონიულ-პაროდიული ესთეტიკა იყო პროტესტიც იმ უმთავრესთან ერთად, რასაც ცხოვრების აბსურდულობა ჰქვია და რომელიც პოლიტიკურ საზღვრებს არ ექვემდებარება. ერაზმ როტერდამელიდან ("სისულელის ქება") ან უფრო შორეული წარსულიდან დაწყებული აბსურდის თეატრამდე, ირონიულ-პაროდიული ესთეტიკა თითქმის ურთიერთგავლენების გარეშე, დამოუკიდებლად აღმოცენდა ჯერ დასავლეთში, ხოლო შემდგომ საბჭოთა კავშირში და ორივე შემთხვევაში მათი სათავე ერთი იყო — ადამიანური ტრაგედია და ღიმილის ნიღაბი, ანუ მეორე სახე, გაღიმებული (გაურკვეველია, რომელია მთავარი), რომელსაც სხვა გზა არ დაუტოვა არსებობამ, გარდა იმისა, რომ პაროდირებით, ირონიით, ღიმილით გაუძლოს აბსურდული ყოფის რეალობას.
ამ კრებულის წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ქართულმა კონვენციურმა ლექსმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები და უფრო შორს წასვლა წარმოუდგენელია, — მომავალში ან ვერლიბრს უნდა მივეკედლოთ, რისი მომსწრენიც კარგა ხანია ვართ, ან მარადიულად დავრჩეთ ტარიელ ჭანტურიას სტილისტიკაში, სადაც, რაც უნდა გააკეთო, ძალაუნებურად მას დაემგვანები; ემგვანებიან კიდეც. მაგრამ მისი შემოქმედების ანალიზი აღგვიძრავს აგრეთვე სხვა სამყაროსა და სხვა საშუალებათა აღმოჩენის სურვილს ისევ და ისევ კონვენციურ ლექსში, ვერლიბრში, ვერბლანში, თეთრ ლექსში, რომელთა შესაძლებლობები ამოუწურავია, მთავარია, იყოს პოეტი. ბოლოს და ბოლოს, სალექსო ფორმები ხომ ინსტრუმენტებია და მათი ფლობა ნებისმიერ პოეტს უნდა შეეძლოს. გააჩნია, რას და როგორ „დაუკრავ". მომავალი ისევ მძლავრ ნიჭს ეკუთვნის. მაგრამ ისიც კი გვერდს ვერ აუვლის იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელთა შორის მოიაზრება ტარიელ ჭანტურიას შემოქმედება, ხოლო მისი პოეზიის არსის გაგება და უკეთ წვდომა ვისაც სურს, გულდასმით წაიკითხოს მისი ესეისტური ციკლი „დინოზავრიდან დიზაინამდე", რომელშიც გამჟღავნებულია მისი მსოფლმხედველობა, ამავე დროს, იგი ერთგვარი გასაღებიცაა იმ დახურული სამყაროსი, რომელიც, ზერელედ თუ შეხედავ, მსუბუქი და ღია მოგეჩვენება, თუმცა მუსიკალურად მოწესრიგებულ სიმსუბუქეში, არცთუ იშვიათად, ვლინდება საოცარი სიღრმეები სწორედ იმ მკითხველისთვის, ვისაც დაწერილ ტექსტში დაუწერელი მინიშნებების ამოკითხვა შეუძლია. პოეზია მუდამ მინიშნებათა სამყაროში არსებობს და ტრადიციულ ტროპულ მეტყველებაში, მიმეტურ სტრუქტურაში, რომელიც ტარიელ ჭანტურიამ თითქმის შეცვალა ინტონაციურ-კონოტაციური თამაშით, იგი ყოველ სიტყვას თავის მნიშვნელობას ანიჭებს; ეს მნიშვნელობა კი მერყეობს ფონეტიკურ-სინტაქსურ, იქნებ სტილისტურ-სემანტიკურ სივრცეში. ამიტომაც შთაბეჭდილება ისეთია, რომ ლამის წამომცდეს ასეთი ოქსიუმორონი: რთული სიმარტივე, ანუ სივრცე ღიმილსა და ცრემლს შორის, სადაც ერთმანეთს თავს აფარებენ გულში ჩაბრუნებული ცრემლის სინათლე და სახეზე გარბენილი ღიმილის ნიღაბი, მაგრამ გამოსაცნობია, რომელი როდისაა ნიღაბი და სად და რაზე კეთდება მახვილი?!
ირონიულ-პაროდიული ნაკადი ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, განსაკუთრებით კი მეოცე საუკუნის პოეზიასა და პროზაში, თეატრსა და კინოში — ცალკე კვლევის საგანია და მე ვურჩევ კულტუროლოგებს ნუ დასჯერდებიან იმ ფრაგმენტულ ოპუსებს, აბზაცებსა თუ ზოგადი ხასიათის სტატიებს, რომელიც დღეს სრულებითაც არ არის საკმარისი. ეს დიდი საქმე ავტორთა კოლექტივმა ან თუნდაც ერთმა თავდადებულმა და ნიჭიერმა კრიტიკოსმა უნდა იკისროს. არეალი კვლევისა მეტად ვრცელია, ნიმუში კი მრავალი. „ყვარყვარეს" სტილისტიკის განახლებამ, გამრავალფეროვნებამ, ახალ მიმართულებათა სიმძაფრემ მხატვრული ხერხებისა და ნიუანსების პარადიგმამ მთელი ქართული საბჭოური ეპოქა მოიცვა.
რა იყო ეს? — მხოლოდ შეფარული პროტესტი თუ ამავე დროს ზოგადი სულიერი კრიზისი, რომლის წარმოშობის მიზეზი თითქოს სხვადასხვა უნდა ყოფილიყო ევროპასა და საბჭოეთში.
როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, ქართული ირონიულ-პაროდიული ნაკადი ლიტერატურასა და ხელოვნებაში, უპირველესად, საბჭოური ცენზურიდან გასხლტომის საშუალება იყო, მაგრამ დღეს, როცა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ უკანა პლანზე გადაიწია, ანდა სულაც გაქრა, ირონიულ-პაროდიული ესთეტიკით აღბეჭდილი ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშები ახალ სახეს, ახალ მნიშვნელობას იძენენ და მთელი საიდუმლოება ყოფიერების აბსურდულობაშია ალბათ საძებნი, რამაც მიუხედავად განსხვავებული წარმომავლობისა, არ იცის პოლიტიკური საზღვრები. ვეჭვობ, რომ ირონიულ-პაროდიულმა ნაკადმა შეასრულა დიდი მისია საბჭოეთში და ამით თავის "საქმეს" მორჩა!
პარალელური დინებები ლიტერატურაში ახალი ესთეტიკის დამკვიდრებას ცდილობენ ხან წარმატებით, უფრო ხშირად კი წარუმატებლად; ჩნდება ახალი ჰორიზონტები, განსხვავებული პერსპექტივები და არცთუ უსაფუძვლოდ მახსენდება რილკეს ერთი შეგონება, რომ წარსული მომავალში გველოდება...

P.S. სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა მჟავანაძე, კულუარებში „ყვარყვარედ" მონათლული, გაუშვეს საქართველოდან, მალე რუსთაველის თეატრის დირექტორად აკაკი ბაქრაძე დაინიშნა. დიდია აკაკი ბაქრაძის თეატრში მოღვაწეობის მნიშვნელობა და ამის დავიწყება შეუძლებელია. ერთხელ, პირად საუბარში ბატონ აკაკის ტარიელ ჭანტურიამ „ყვარყვარე თუთაბერის" დადგმაზე ჩამოუგდო სიტყვა. შესაძლოა ეს იდეა ბატონ აკაკისა და რობერტ სტურუას დამოუკიდებლადაც გასჩენოდათ, მაგრამ თქვენ ყურადღებას მივაპყრობ ტარიელ ჭანტურიას ერთ ლექსზე, ყვარყვარეს დადგმამდე რომ დაიწერა და მოგვიანებით „ნიანგის ბიბლიოთეკის" სერიით გამოცემულ წიგნაკში დაიბეჭდა:
რობერტ სტურუას

ჭირიმე შენი — ზოგიერ-
თებივით, რომ არ „აცურდი",
ქართული! — აი, რობიკოს
„ჰეპინინგიც" და „აბსურდიც".

კარგია, როცა დარბაზში
გულწრფელი ცრემლი ღვარღვარებს,
მაგრამ სიცილი არ გვინდა? —
რე იქნა, ბიჭო, „ყვარყვარე"?!

ასე რომ, ირონიულ-პაროდიული ესთეტიკა, გასული საუკუნის 70-იან წლებში თითქმის ერთდროულად მკვიდრდებოდა პოეზიაში, თეატრსა და კინოში, პროზაში, საზოგადოდ, სალიტერატურო და სახელოვნებო სამყაროში. აღარ შევუდგები „ჰეპინინგისა" და „აბსურდის" განმარტებას, რადგან საქმეში ჩახედული მკითხველისათვის ისედაც ცნობილია მათი მნიშვნელობა.


© “წიგნები _ 24 საათი”

Wednesday, October 15, 2008

ჰერბერტ ჯორჯ უელსი

ჯეიმს ჯოისის "ახალგაზრდა მხატვრის პორტრეტი"



ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა



ერთმა აბეზარმა გაზეთმა საკმაოდ ცნობილ რომანისტს მიმართა შეკითხვით, თუ რა აზრისა იყო ის 1916 წლის ლიტერატურაზე. პასუხად მან საქვეყნოდ განაცხადა, რომ 1916 წელს არანაირი ლიტერატურა არ შექმნილა, მე თვითონ კი მხოლოდ "მეცნიერებას" ვეცნობოდიო. ეს არც თუ კორექტული იყო ჩვენი ლიტერატურისა და მეცნიერების მიმართ. უგნურებაა ერთმანეთს დაუპირისპირო ეს ორი სფერო. მსგავსი მიდგომა ისევე გაუმართლებელია, როგორც ლიტერატურისა და "ძველი კლასიკოსების" ან ლიტერატურისა და ისტორიის გამიჯვნა. ომის თემაზე მრავალი კარგი ნაწარმოები შექმნილა, აქ გასაკვირი არც არაფერია; სამარცხვინოა, მაგრამ ჩვენი მშობლიური კრიტიკა რაღაც გაუგებარი ნეტარებით დასტირის მათ სიმწირეს მაშინ, როცა ის ვალდებულია თანმიმდევრული ანალიზი შესთავაზოს მკითხველს. კრიტიკამ უნდა იკვლიოს, მან შეიძლება შეაფასოს ან განაქიქოს, მაგრამ როცა ის გადაიქცევა იმ მოხუცის ბუზღუნად, რომელსაც რომანის აღქმის უნარიც დაუკარგავს, ეშმაკსაც წაუღია ასეთი კრიტიკა! თანამედროვე მწერლობაზე ბუზღუნს მართლაც არანაირი გამართლება არა აქვს. ომზე დაწერილ წიგნებსა თუ მოთხრობებს - თავისთავად ბრწყინვალე ლიტერატურას - რომ თავი დავანებოთ, არსებობს უამრავი ახალი და საინტერესო ძიებებით გამორჩეული ნაწარმოები, დაწყებული უკვდავი ართურ გრინის უშუალო და დამაჯერებელი ქმნილებებით ("ომში დატყვევებულის ამბავი") და ავანსცენაზე გამოსული ისტორიკოსების თხზულებებით დამთავრებული, რომელიც ვერ დატოვებს გულგრილს ვერავის, ვისაც კი ჯერაც არ დაუკარგავს ინტერესი ლიტერატურის მიმართ. გავიხსენოთ, თუნდაც, მის რიჩარდსონის სახალისო მცდელობა მწერლობაში გადმოეტანა ფუტურისტული ხატვის მანერა ("Pointed Roofs" და "Backwater"), მისტერ კარადოკ ევანსის მიერ შემოთავაზებული "მკაცრი" წერის მეთოდი, ფსევდოუელსური კილოკავი, რომელიც, ერთი მხრივ, თავისი გროტესკულობით დიდ სიამოვნებას მოჰგვრის საზრიან მკითხველს, მეორე მხრივ კი, ალბათ გააცოფებს ყველა მგრძნობიარე უელსელ პატრიოტს ("My People" და "Capel Sion"). არავის შეუფასებია ჯეროვნად მისტერ თომას ბურკის "Limehouse Nights"-ის რომანტიკული ძალა და სინატიფე. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ჰენლიც ცოცხალი იყო და არც ახლის ძიება ითვლებოდა სათაკილო საქმედ, ამ წიგნს უეჭველად მიაგებდნენ საკადრის პატივს. კიდევ უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს ჯეიმს ჯოისის "ახალგაზრდა მხატვრის პორტრეტი". ეს წიგნი უნდა ვიყიდოთ, წავიკითხოთ და განზე გადავდოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელვყოთ. ეს დიდი ლიტერატურაა, ისევე, როგორც "გულივერის მოგზაურობის" ბოლო წიგნი.

აზრი არ ექნებოდა შეგვერბილებინა ამ ნაწარმოების ის "ნიშანი", რომელიც მისი ავტორისგან შეგნებულადაა წინ წამოწეული. მისტერ ჯოისისთვის, ისევე, როგორც სვიფტისა და კიდევ ერთი თანამედროვე ირლანდიელი მწერლისთვის, უხამსობა სუსტი წერტილია. ცხოვრების საერთო სურათს ის თითქოს უბრუნებს იმ დეტალებს, რომელიც თანამედროვე სადრენაჟო სისტემამ თუ ეტიკეტმა განდევნა საზოგადოებაში მიღებული საუბრებიდან და ურთიერთობებიდან. უწმაწური, უჩვეულო სიტყვები უსიამოდაა მიმოფანტული მთელ წიგნში და, შეიძლება ითქვას, გაუმართლებლადაც. თუ მკითხველი მეტისმეტად მგძნობიარეა ასეთი გამოვლინებების მიმართ, მაშინ მას ისღა დარჩენია, თავი შეიკავოს მისი წაკითხვისგან; მაგრამ თუ ის, ლამაზი ხედებით, ეკლესიით და სხვა ამგვარი მომაჯადოებელი გარემოთი განთქმულ იტალიის რომელიმე თვალწარმტაც მხარეში მოგზაურივით, შეძლებს ფრთხილად იკვლიოს გზა და გვერდი აუაროს მისთვის უსიამოვნო ადგილებს, ჩათვალეთ, რომ დრო ტყუილად არ დაუკარგავს. სვიფტისა თუ თავად მისი შემოქმედების ამ საზიზღარ მომენტსაც კი ვუპოვით მოულოდნელ ახსნას მისტერ ჯოისთან. თავის რომანში ის რამდენიმე ადგილას აღნიშნავს, თუ როგორ ძაგძაგებს და ღიზიანდება მისი პერსონაჟი სტივენი გამკივანი, უხეში ხმის გაგონებაზე და რა აღტაცებაში მოჰყავს ის მუსიკას და კეთილხმოვანი სიტყვების რიტმს. მაგრამ არანაირი სუნი ასე ძლიერ არ მოქმედებს მასზე. ყნოსვითი შეგრძნებები მისთვის შეიძლება იყოს ან სასიამოვნო, ან არაესთეტური, მაგრამ არა ისეთი გულისამრევი ან აღმაფრთოვანებელი, როგორც - ბგერები. მსგავსი ანომალია ჩვენთვის სავსებით გასაგებია. მახსოვს, დიდი ხნის წინ, ჩემს მიმოხილვაში ყურადღებას ვამახვილებდი რობერტ ლუის სტივენსონისა და სერ ჯ. მ. ბარის მოთხრობების აღქმითი ბაზისის განსხვავებულობაზე; ამათგან პირველი ვიზუალურად წარმოიდგენდა და სურათივით ხედავდა თავის მოთხრობას, მეორეს კი ის მხოლოდ ესმოდა. ჩვენ უსამართლონი ვიქნებოდით მისტერ ჯოისის მიმართ, თუკი მას მივუსადაგებდით ჩვეულ აღქმით საფუძველს და შემდეგ კი ჩვენს გამიზნულ შეურაცხყოფაში დავადანაშაულებდით.

მაგრამ ეს ისე, სხვათა შორის. მისტერ ჯოისის წიგნის ღირსებას არაფერი აქვს საერთო მის სპორადულ არაესთეტურობასთან. მსოფლიო ლიტერატურის ზოგიერთი შედევრის მსგავსად, ცენტრალური ადგილი ამ რომანშიც ბავშვის განათლების თემას უჭირავს; აქ უდაოდ ყველაზე ცოცხლად და დამაჯერებლადაა წარმოდგენილი ირლანდიურ-კათოლიკური აღზრდის პროცესი. ეს მოზაიკაა, რომლის ცალკეული ფრაგმენტების ერთობლიობა აბსოლუტური სრულყოფილებით გადმოგვცემს საკმაოდ გულჩათხრობილი და მდიდარი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული დუბლინელი ბიჭუნას ცხოვრებას. ავტორის ტექნიკა გამაოგნებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში - საკმაოდ ეფექტიანი. არაერთი ირლანდიელი მწერლის მსგავსად - სტერნიდან შოუმდე - მისტერ ჯოისი აბზაცებისა და პუნქტუაციის სფეროში თამამ ექსპერიმენტატორად გვევლინება. ისე ხდება ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლა, რომ მინიშნებაც არ კეთდება დროისა და ადგილის შეცვლაზე; საბოლოოდ კი მოულოდნელად მესამე პირის ადგილს პირველი იკავებს; დიალოგების გამოსაყოფად ავტორი საერთოდ არ იყენებს ბრჭყალებს. მისი წერის ამ თავისებურებათაგან პირველი ჩემთვის დროდადრო დამღლელიც იყო, მეორე მხრივ, ალბათ საკლასო დაფასთან შეძენილი ჩვევა მაიძულებდა ერთგვარი პედანტურობით გამომეყო და გამეხაზა ყველა საეჭვო ადგილი, მაგრამ ძნელი სათქმელია, თავად მასალამ უფრო ამაღებინა ამაზე ხელი, თუ იმ სავარაუდო ეფექტმა, რასაც იქონიებდა ეს ყველაფერი სხვებზე, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ამას არც უნდა ავეღელვებინე; მისი სტილის ზემოხსენებული მეორე თავისებურება, უნდა ვაღიარო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სავსებით გამართლებულია სწორედ მისი ეფექტიანობის გამო; მესამე კი აიძულებს მისტერ ჯოისს უხვად გამოიყენოს ტირეები. ამ წიგნის ერთ-ერთი დიალოგი მართლაც ბრწყინვალეა, კერძოდ ის, რომელიც უკავშირდება ეპიზოდს, როცა მისტერ დედალოსი ჭრის ინდაურს; სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რომ ამაზე უკეთ თვით სტერნიც კი ვერ დაწერდა; მაგრამ დიალოგთა უმეტესობა შემაწუხებლად აჭრელებულია ამ ტირეებით, კაცს ისე ასტკივდება თვალები, როგორც ძველი კინემატოგრაფის მოელვარე პროჟექტორის შუქისგან. ვფიქრობ, მისტერ ჯოისმა ვერ შეძლო ჩვენი დარწმუნება ბრჭყალების უსარგებლობაში.

ამ წიგნის მნიშვნელობა მთლიანადაა განპირობებული მისთვის ესოდენ დამახასიათებელი და განუხრელი რეალიზმით. სტივენ დედალოსის დამაჯერებლობით ძნელად თუ დაიკვეხნის რომელიმე ნაწარმოების პერსონაჟი. ინტელიგენტი მკითხველისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო იმის აღმოჩენა უნდა იყოს, თუ რაოდენ არათავისუფალია ირლანდიელთა უდიდესი მასა. მისტერ ჯოისი შეულამაზებლად აღწერს ამ ყმაწვილის ცხოვრებას გარემოში, რომელიც თითქმის სრულიად უცხოა ინგლისური სამყაროსთვის. ჩვენ ვხედავთ, თუ რაოდენ მორცხვი და გულჩათხრობილია იგი, როცა საკითხი სექსს ეხება, მოწმენი ვხდებით მისი ღამის კოშმარებისა და უადგილო ადგილას მალულად მიჯღაბნილი წარწერების, ვხედავთ, თუ როგორი გულწრფელობით სწამს მას ჯოჯოხეთის რეალურობა. თანამედროვე პირობებში აღზრდილ ყმაწვილს ძალზე უცნაურად მოეჩვენებოდა სცენა, როცა სტივენი ეჭვის ნასახის გარეშე ისმენს ორ მგზნებარე ქადაგებას ამ საშინელ თემაზე, გაუგებარი იქნებოდა ძრწოლით გამოწვეული მისი სულიერი ტანჯვა, არა ჩვეულებრივი პროტესტი, რასაც ყოველივე უწმინდური იწვევს არაღვთისმოშიშ ბავშვებშიც კი, არამედ სწორედაც - შიში, ან როცა ის, ქალაქის გარეუბანში უცნობ მღვდელთან მისული, თრთოლაატანილი ინანიებს მანკიერ ცოდვებს. შეადარეთ ეს დამრთგუნველი ძრწოლა კონრადის მონაყოლს, თუ როგორ ქვითინებდა იმავე დღეში ჩავარდნილი ლორდი ჯიმი. ამ დუბლინური ისტორიის მეორე უაღრესად ნიშანდობლივი გარემოება კი ისაა, რომ აქ ყოველი ადამიანისთვის სიძულვილი ინგლისელთა მიმართ ისეთივე გარდაუვალი და ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი ფენომენი, მაგალითად, ცა ან ზღვა. ეს სიძულვილი ბრმაა, ამ გრძნობით შეპყრობილ ხალხს აზრადაც კი არ მოსდის იმის აღიარება, რომ ინგლისელთა საკმაო ნაწილს გულწრფელად სურს ირლანდიის მიმართ არსებობდეს სამართლიანი დამოკიდებულება. ამ განწყობაში პრობლემის რაციონალური გადაწყვეტის ნიშან-კვალსაც ვერ აღმოაჩენთ; ან თუნდაც იმის სურვილს, რომ როგორმე დაეხმარონ გონებაჩლუნგ ინგლისელებს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გამოჩრილი ამ სამმხრივი თავსატეხის ამოხსნაში. ეს სწორედაც რომ სიძულვილია, მანიად ქცეული განწყობა, გონების მდაბალი, მძვინვარე აკვიატება. ასეთ პოლიტიკურ გარემოში იზრდებოდა სტივენ დედალოსი, ასეთ გარემოში ყალიბდებოდა მისი მეტისმეტად მგძნობიარე სული. ვშიშობ, რომ ზუსტად ასეთ ატმოსფეროში აღიზარდა შესანიშნავი ირლანდიელი ახალგაზრდობის უმეტესობა. რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს უკიდურესი ირლანდიელი "პატრიოტის" გათანაბრებამ ინგლისელ ან ამერიკელ ლიბერალთან? ის ნებისმიერ ინგლისელ ტორიზე უფრო გონებაშეზღუდული და რადიკალურია და მის ბუნებრივ მოკავშირედაც კი იქცევა ეკონომიკის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის შეფერხებაში. საფრთხე, რომელსაც ის ქმნის, ტორისთვის პირდაპირ მისწრებაა ინგლისში სამხედრო რეაქციის გასამართლებლად. დროა ამერიკელმა დამკვირვებელმა თვალი გაუსწოროს ამ სიმართლეს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ინგლისი სამართლიანად არ უნდა მოექცეს ირლანდიას, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ახლადშეღერებული ყმაწვილები, სრუტის გადაღმა რომ ცხოვრობენ, თავისი აღზრდითა და ტრადიციებით საკმაოდ განსხვავდებიან ინგლისელთაგან და აქედან გაწვდილ დახმარების ხელსაც მტრულად შეხვდებიან. არსად ისე ნათლად არაა ნაჩვენები, თუ რამდენად უცხონი არიან ისინი ჩვენთვის, როგორც ამ ღირსშესანიშნავ რომანში.

© “ლიტერატურა _ 24 საათი”

Tuesday, October 14, 2008

ნანა კობაიძე

პირველი ქართული წიგნიბუსი _ ქოხი ბორბლებზე


თუ დღეს თბილისის ქუჩებში წიგნის პლაკატებით გაფორმებულ ყვითელ ავტობუსს დაინახავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. და თუ საპატიო მიზეზის გამო ჯერ კიდევ არ წასულხართ წიგნის ბაზრობაზე (რომელიც 26 მაისს გაიხსნა და 29 მაისამდე გასტანს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში"), შეგიძლიათ წიგნიბუსში შეხვიდეთ და შეიძინოთ ან დაათვალიეროთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა. წიგნიბუსი - ასე დაარქვა ამ იდეის ავტორმა, მწერალმა და რეჟისორმა მიხეილ ანთაძემ მთელს მსოფლიოში გავრცელებული ბიბლიობუსის ქართველ ნათესავს, რომელიც თბილისის მეშვიდე საერთაშორისო წიგნის ფესტივალის დღეებში მოემსახურება თბილისელებს. ამის შემდეგ მისი მარშრუტი ლაგოდეხში გადაინაცვლებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (ვისთვის როგორ), ჯერჯერობით მხოლოდ ამ რაიონის მკითხველები ისარგებლებენ ბორბლებზე შემდგარი მოძრავი ბიბლიოთეკით. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე ასეთი წიგნის ქოხები, როგორც მას ბატონმა მიხეილმა უწოდა, მთელს საქართველოში ივლის და ყველაზე მიყრუებულ სოფლებში რაღაც საოცრებით გადარჩენილ მკითხველებს გაახარებს.


- პირველი ბიბლიობუსი თბილისში ორიოდე წლის წინათ გამოჩნდა. საფრანგეთის საელჩომ და დიუმას ცენტრმა თბილისის ფრანგულენოვანი სკოლებისთვის სპეციალური ავტობუსი გამოყვეს, სადაც მხოლოდ ფრანგული ლიტერატურა განათავსეს. რამდენადაც ვიცი, თქვენი ბუსი ცოტა განსხვავებულია. გვიამბეთ, როგორ გაჩნდა პირველი ქართული ბიბლიობუსი?
- ეს იდეა მე არ გამომიგონია - მოძრავი ბიბლიოთეკა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ინტერნეტში უამრავ სხვადასხვა ზომის, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ბიბლიობუსს ნახავთ. ევროპასა და ამერიკაში ასეთ ბუსებს სპეციალურად ამზადებენ ცნობილი საავტომობილო ფირმები. განვითარებულ ქვეყნებში ეს კულტურა არსებობს, ჩვენთან, სამწუხაროდ, დღეს იდგამს ფეხს. შარშან ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველო" გამოაცხადა რეგიონული მიმართულების კონკურსი რაიონული ბიბლიოთეკებისთვის. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, გამეკეთებინა მოძრავი ბიბლიოთეკა, რომელიც რეგიონებში ივლიდა. კინემატოგრაფისტი ვარ და "ლიხტვაგენისა" და "კამერვაგენის" ანალოგიით თავიდან "ვაგენბუსი" დავარქვი, მერე გავიგე, რომ მთელს მსოფლიოში მას "ბიბლიობუსი" ჰქვია. თუმცა, მე ქართული შესატყვისი ვამჯობინე და საბოლოოდ "წიგნიბუსი" ვუწოდე. ვფიქრობ, რომ მრავალფუნქციური ნივთი შევქმენი, რომლის ძირითადი დანიშნულება წიგნის პროპაგანდაა. კონკრეტულად ამ პროექტის ფარგლებში იგი ლაგოდეხის რაიონის სოფლებს მოემსახურება და სოფლის ბიბლიოთეკების ფუნქციას შეითავსებს. მოგეხსენებათ, დღეს რეგიონებში ბიბილიოთეკების სისტემა ისე აღარ ფუნქციონირებს, როგორც ადრე. კომუნისტების დროს ბიბლიოთეკა და წიგნის მაღაზია თითქმის ყველა სოფელს ჰქონდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ეს ყველაფერი მოიშალა. რამდენადაც ვიცი, მთელს საქართველოში წიგნის მაღაზიები მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია, ქუთაისშიც კი არ არის. არადა, მოსახლეობა დანატრებულია წიგნს. ჩვენში ესმოდათ წიგნის ფასი. საქართველოში ყველაზე ღარიბ ოჯახშიც რომ შესულიყავით, წიგნისთვის განკუთვნილ პატარა კუთხეს მაინც ნახავდით. ახლაც კი მახსოვს ამ წიგნების სპეციფიური სუნი. დღეს ადამიანები წიგნს ვეღარ ყიდულობენ და ძალიან დიდი საფრთხეა, რომ გაწყდეს მკითხველის კავშირი წიგნთან, ლიტერატურასთან. ამ შემთხვევაში წიგნიბუსს საკმაოდ დიდი როლი ეკისრება: ჩაალაგებ სპეციალურ ვაგონში 1000-დან 1500-მდე წიგნს და ნებისმიერ, ყველაზე მიყრუებულ სოფელსაც კი მიაკითხავ. მას თავისი ბიბლიოთეკარი ეყოლება, რომელიც იქვე ჩაწერს მსურველებ, გაატანს წიგნებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მიაკითხავს და ჩაიბარებს.
- წიგნიბუსის მრავალფუნქციონალურობა ახსენეთ. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა ფორმებით შეიძლება მისი გამოყენება?
- წიგნიბუსი არის მისაბმელი ვაგონი, რომელშიც დამონტაჟებულია თაროები და განათება. დანარჩენი ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს მოარული წიგნის მაღაზია და სხვათა შორის, ლაგოდეხში წასვლამდე სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს. მოგეხსენებათ, 26 მაისს საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" ტერიტორიაზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა იხსნება. იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლებენ იქ მისვლას, სწორედ ჩვენი წიგნიბუსი დაეხმარება. იგი თბილისის სხვადასხვა უბანში ივლის და მოსახლეობას ადგილზე მისცემს სასურველი გამოცემის შეძენის საშუალებას. მოკლედ, ეს იქნება წიგნის ბაზრობის მოძრავი ფილიალი. ერთი სიტყვით, გაჩნდა წიგნის პატარა სახლი თუ ქოხი - ბორბლებზე. ეს ქოხი მწერლებისთვის რეგიონებთან ურთიერთობის მშვენიერი საშუალებაა. შეუძლიათ თავიანთი ახალგამოცემული წიგნების პრეზენტაცია არა მხოლოდ თბილისში, რაიონებსა და სოფლებშიც გამართონ. მერწმუნეთ, მოსახლეობაში არის ამის მოთხოვნილება. ზემოთ ვთქვი, რომ საქართველოში არსებობს წიგნის კულტურა, თუმცა მისი მატარებელი ძირითადად უფროსი თაობაა. ასეთი აქციები ახალგაზრდებისთვისაც საინტერესო იქნება და ხელს შუწყობს იმას, რომ მკითხველ თაობებს შორის ძაფი არ გაწყდეს.
- თქვენი საქმიანობის საკმაოდ მნიშვნელოვან მხარეს მინდა შევეხო. წლების წინათ თქვენ ზღაპრის თეატრი შექმენით, აკეთებდით საბავშვო ჩანართს "დილის გაზეთში," როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესოა და ხარისხიანი დღევანდელ წიგნის ბაზარზე არსებული საბავშვო ლიტერატურა?
- სხვათა შორის, წიგნიბუსის და ზღაპრის თეატრის პრინციპი მსგავსია. ორივე მოარული ტიპისაა. 10 წლის წინათ, როდესაც საქართველოში ზღაპარი არავის აინტერესებდა და თოფების გრიალშო ცხოვრობდნენ, ჩვენი მსახიობები ჩანთაში ალაგებდნენ რეკვიზიტებს და სკოლებს და საბავშვო ბაღებს სტუმრობდნენ. პატარა ადამიანებისთვის ხომ ასე მნიშვნელოვანია ზღაპარი. ამ 10 წელიწადში იმდენი ლიტერატურული მასალა დამიგროვდა, რომ ძალიან გამიხარდა, როდესაც "დილის გაზეთმა" მისი გამოქვეყნების საშუალება მომცა. ჩვენი მასალა გაზეთის 19 ნომერს ეყო. შემდეგ პატარა ავტორებიც გამოჩნდნენ. სულ ზღაპრის გაზეთის 85 ნომერი გამოვიდა და "დილის გაზეთი" რომ არ დახურულიყო, ისიც განაგრძობდა არსებობას.
- რა მოვლენაა თანამედროვე ზღაპარი და დარჩა თუ არა მისთვის ადგილი ჩვენს ტექნოლოგიურ საუკუნეში?
- გლობალურ-მსოფლმხედველობრივად რომ გიპასუხოთ, ზღაპარი კაცობრიობის მომავალია. გიგი თევზაძეს აქვს ძალზე საინტერესო წიგნი "ყოფიერების და ცნობიერების ესთეტიკა," სადაც ფილოსოფიურად არის ჩამოყალიბებული თქვენი შეკითხვის პასუხი. იგი წერს, რომ ჩვენი ცივილიზაცია თავისი აზროვნებით ტექნოლოგიურია, ანუ სასრულია. ამ აზროვნების ფარგლებში კაცობრიობამ იცის, რომ სამყარო რაღაც წერტილიდან დაიწყო და სადღაც უნდა დასრულდეს. ხსნა, გამოსავალი სწორედ ზღაპარია. რაც შეეხება იმას, აუცილებელია თუ არა ბავშვისთვის ზღაპარი, ცნობილი ვორონეჟელი მანიაკის შემთხვევა მახსენდება. ეს კაცი ადამიანებს კლავდა და ხარშავდა. როგორც შემდეგ გაირკვა, დედამისი სასამართლოში მუშაობდა და პატარაობისას ზღაპრების ნაცვლად სასამართლოს საქმეებს უყვებოდა. ეს არის რეალური ფაქტი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ზღაპრის იგნორირებამ. სწორედ ზღაპარი ხდის ადამიანს ადამიანად.
- თანამედროვე ზღაპარზე რას იტყვით?
- ზღაპარი ყოველთვის იწერება. გასულ საუკუნესაც ჰყავდა თავისი დიდი მეზღაპრეები. საკმარისია ასტრიდ ლინდგრენი და მეთიუ ბარი გავიხსენოთ. ბოლო დროს ქართულ ლიტერატურაშიც კეთდება რაღაც-რაღაცეები, თუმცა, სასურველია ჩვენმა მწერლებმა უფრო მეტი წერონ ბავშვებისთვის.
- თავად მწერლები აღიარებენ, რომ ბავშვებისთვის წერა ყველზე რთულია.
- რასაკვირველია, თუმცა, ამის მიუხედავად ქართველი გამომცემლები მშვენიერ საბავშვო წიგნებს აკეთებენ, რაც ძალზე სასიხარულოა. მართალია, ფასები მთლად ხელმისაწვდომი არ არის - ეს საერთო ბაზრის კონიუნქტურაა, მაგრამ მშობელი, რომელსაც ესმის ზღაპრის და ფერადი ილუსტრაციის მნიშვნელობა, ყველაფერს მოიკლებს საბავშვო წიგნის შესაძენად.
- თანამედროვე ქართულ მწერლობაზე ვისაუბროთ. თქვენი, როგორც მკითხველის და შემფასებლის აზრი - სად არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები?
- შესაძლოა მიკერძოებად ჩამეთვალოს, რადგან თავადაც აქტიურად ვმონაწილეობ ამ პროცესებში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. ჩემი აზრით, დღეს ჩვენი მწერლობა აქტიურია და ამ სფეროში ძირითადად პოზიტიური ამბები ხდება. მშვენიერი სტიმულატორია ისიც, რომ საგამომცემლო საქმე ამოქმედდა, წიგნის ბიზნესი დადგა ფეხზე, წიგნის ფესტივალი იმართება. სამივე თაობაში (პირობითად სამ თაობად დავყოფდი თანამედროვე მწერლობას - ჩვენი მამების, რომელნიც დღესაც წერენ და უკვე კლასიკოსებად მოიხსენიებიან, მათ შორის გურამ დოჩანაშვილი, ოთარ ჭილაძე, რეზო ჭეიშვილი, ჩვენი და ჩვენი შვილების, რომელიც საკმაოდ სერიოზული თაობაა) ერთიანი პროცესი მიმდინარეობს. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საინფორმაციო არხები გაიხსნა. იაპონურად ან ესპანურად დაწერილი კარგი ნაწარმოები ძალიან მალე აღწევს ჩვენამდე. საგრძნობლად გაიზარდა ინფორმაციის სისწრაფე. საბჭოთა პერიოდთან შედარებით ისეთი ნახტომია, როგორიც "პენტიუმ-1"-სა და "პენტიუმ-5"-შ შორის. მსოფლიო ლიტერატურის პულსაცია საქართველოშიც იგრძნობა და ბევრი რამით გამოიხატება. მაგალითად, გაჩნდა მიდრეკილება მეტი თავისუფლებისკენ, ფანტაზიისკენ.
- "ფენტეზის" ჟანრს გულისხმობთ?
- არა მხოლოდ ჟანრს, არამედ მასში არსებულ მსოფლმხედველობას. არის კიდევ გარკვეული ნიუანსები. არ ვიცი, ლიტერატურათმცოდნეები რას ეძახიან, მე "პენ-კლუბიზაციას" დავარქმევ. ეს გულისხმობს, რომ პენ-კლუბის მიერ დეკლარირებული პრინციპები მწერლებისთვის საყოველთაო და სავალდებულო ხდება. იგივე, პირობითად ვუწოდოთ "ტარანტინოზაცია," ანუ ტარანტინოს ხედვა, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ კინემატოგრაფისტებზე, არამედ მწერლებზე და ყველაზე მეტად, ახალგაზრდობაზე. ამავე დროს, მთელს მსოფლიოში ანტიკოსმოპოლიტური ტენდენცია იკვეთება, განსაკუთრებით ლიტერატურაში. ხაზი ესმება იმას, რომ ლიტერატურა არ შეიძლება იყოს უეროვნებო. იგი მიბმულია კონკრეტულ ენასთან, ამიტომ თითოეული ენის ღირებულება, იმის მიუხედავად, რამდენი კაცი ლაპარაკობს ამ ენაზე, ძალიან დიდია. თქვენ ალბათ ხედავთ, რომ მსოფლიოში აღარ არსებობს კოსმოპოლიტი მწერალი. ვფიქრობ, ამ პროცესში ქართული ლიტერატურა კარგად მონაწილეობს. თვალს ვადევნებ თითქმის ყველაფერს, რაც დღეს იწერება და უმეტესობა მომწონს. არ მომწონს გარკვეული სნობიზმი, რაც ამას ახლავს. ვგულისხმობ მწერლების თავმომწონეობას ამ ყველაფრით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ლიტერატორები გარკვეულ პიარ-ჯგუფებს ქმნიან. ჩემთვის თავად მწერლის პრომოუშენის ფაქტი უკვე გამაღიზიანებელია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავად მწერალი ამისთვის თითქოს არაფერს აკეთებს, მაგრამ განუწყვეტლივ ყვითელი პრესის ფურცლებზე და ტელეეკრანზეა. ვფიქრობ, თავად მასმედიაც სცოდავს, როდესაც მწერალს უკეთებს რეკლამას. ეს შეიძლება ესტრადის მომღერალს წაადგეს, მაგრამ მწერლის შემთხვევაში გამაღიზიანებელია. არ შეიძლება მწერალი გახდეს ტელეარხის სახე.
- რამდენადაც ვიცი, ამ დღეებში თქვენი ახალი წიგნი გამოდის.
- ახალი არ არის. ესაა მცირე რომანი "ცოფი," რომელსაც ბაკურ სულაკაური გამოსცემს "ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანის" სერიით. სულ ეს სერია 18 ტომად არის ჩაფიქრებული, ხუთი უკვე გამოიცა. "ცოფი" პირველად 1989 წელს გამოქვეყნდა "მნათობში". მერე "მერანმა" გამოსცა 1996-ში. უკვე ის პერიოდი იყო, წიგნებისთვის რომ აღარავის ეცალა და მცირე ტირაჟით, 200 ეგზემპლარი გამოვიდა. ახლაც, პირველ ჯერზე 250 ცალი გამოდის, ვნახოთ, როგორ მიიღებს მკითხველი.


© “წიგნები _ 24 საათი”

Monday, October 13, 2008

ორჰან პამუკი















პირადი ისტორია



ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ


გამუდმებით მეკითხებიან, რატომ ვწერ ისტორიულ რომანებს. გულწრფელად ვაღიარებ: მაწვალებს წარსულთან შერწყმის ჟინი, თუმცა ამის მიზეზს ლოგიკურად ვერ განვმარტავ. მსურს, აღმოვჩნდე სხვა საუკუნეში, სხვაგვარ გარემოში, ერთიანად გავიმსჭვალო გარდასულ დღეთა სურნელით, ჩავწვდე უკვე არარსებული წარმოდგენების არსს, შევიგრძნო ცხოვრების მარტივი, დუნე დინება. უმეტესად, ესაა წარმოსახული ხატები - არა ისტორია, არა დრამა და არც ის, რასაც წარსულის შესწავლას უწოდებენ, არამედ ხატები, რომლებითაც გვნუსხავს ისტორია. ასეთ წუთებში ადამიანის თვალწინ დეტალურად ცოცხლდება წარსული.
შეიძლება ითქვას, რომ ქემალ ათათურქის მიერ დასავლურ იდეალებზე ორიანტირებული სამოქალაქო რეფორმების განხორციელების შემდეგ თურქულ კულტურაში გამოიყო ორი შრე: ევროპული ცივილიზაციის ზეგავლენით აღბეჭდილი მოდერნიზებული კულტურა და, მეორე მხრივ, ოსმალეთის ისლამური ტრადიციები. თანამედროვე რესპუბლიკის ფუძემდებლები გულუბრყვილოდ ფიქრობდნენ, რომ ევროპეიზაცია ნიშნავდა წარსულის დავიწყებას. ისინი უხეშად თელავდნენ ოსმალურ კულტურულ ისტორიას, რაც, მათი აზრით, თავისთავად იძლეოდა ქვეყნის მოდერნიზაციის საშუალებას. ამასთან, ფროიდისა არ იყოს, დათრგუნული წარმოდგენები კვლავ ამოტივტივდებიან ხოლმე. ზოგჯერ ვოხუნჯობ, რომ მეც ამგვარად ამოვტივტივდი. ჩემი რომანები მოდერნისტული, ზოგიერთის აზრით კი - პოსტმოდერნისტული, ესე იგი, დასავლური ყაიდის ნაწარმოებებია, მაგრამ მათში თავს იჩენს ოსმალური კულტურა, ისლამური კულტურა.
მინდა, შევეხო მხატვრობის თემას, რადგან შვიდიდან ოცდაერთი წლის ასაკამდე მხატვრის პროფესიაზე ვოცნებობდი. 13-14 წლისას მიტაცებდა ჩვენი ილუსტრატორების ქმნილებათა გადახატვა. როდესაც რომანისტი გავხდი, დავაპირე, დამეწერა წიგნი თურქი მინიატურისტების შესახებ. ეს იდეა, რამდენადმე შეცვლილი სახით, წარმოადგენდა იმ საწყის იმპულსს, რომელმაც მიბიძგა, დამეწერა "მე მქვია რედი" - წიგნი სტამბოლელ მაჰმადიან მხატვარზე. ვინაიდან ისლამური მხატვრობა თითქმის არ არსებობს, ამდენად, ესაა ძალზე ვიწრო თემა.
როდესაც მივხვდი, რომ ჩემი თხზულება ვრცელ წიგნად იქცა, მასში ჩავაქსოვე ფილოსოფიური იდეები, ესთეტიკური იდეები მხატვრობის შესახებ, აღვწერე ხედვისა და ილუსტრირების თანმხლები ტკბობა, ვიმსჯელე იმის შესახებ, რა არის პირველადი - მხატვრობა თუ ლიტერატურა, განვიხილე მისტიკური და ჩვეულებრივი, ადამიანური ხედვის არსი.
ამ წიგნს მით უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ მას საფუძვლად უდევს ჩემი ოჯახის ისტორია. შექურისა და მისი ორი ვაჟის სახეები ავტობიოგრაფიულია. ორჰანის პროტოტიპი მე თვითონ გახლავართ. შევქეთი - ჩემი ძმის სახელია, შექური - დედაჩემისა. წიგნში აღწერილი ეპიზოდის მსგავსად, მამაჩემმა დროებით მიგვატოვა და დედა ცდილობდა, შეგუებოდა მის ახალ მატერიალურ მდგომარეობას, არაფერი დაეკლო ვაჟებისთვის.
ისტორიული ჟანრი ამჟამად მოდაშია. ამიტომ, უმბერტო ეკოს მსგავსად, მივმართე დეტექტიურ გამონაგონს, ზოგიერთ ხერხს კი დავესესხე კალვინოსა და ბორხესს. მაგრამ ნაწარმოების ზოგად ქარგას წარმოქმნის ჩემი პირადი ისტორია. რომანს გატაცებით ვწერდი. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ეს იყო დიალოგი არა მარტო მკითხველთან, არამედ - ჩემს წარსულთანაც, რომელსაც ბევრ შეთხზულ ამბავს ვუმატებდი. შესაძლოა, ნარაციით ტკბობის საფუძველი ისაა, რომ მწერლის პირადი ცხოვრების შენიღბულად გადმოცემის მიუხედავად, ნაწარმოებში აღწერილ ამბებს ავტორის გულწრფელ აღიარებად მივიჩნევთ ხოლმე. ვფიქრობ, ნაწარმოებთა თემების შერჩევისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ვნებები - არა სიბრალული საკუთარი თავის მიმართ, არამედ გულისწყრომა, ეჭვები, სასიყვარულო განცდები.
ყველა მეკითხება, რას ფიქრობს ამ ქმნილების შესახებ ჩემი ძმა - ის ხომ სულაც არაა გამოყვანილი დადებითი პერსონაჟის სახით. მაგრამ მას არ სურს კამათი წიგნის გამო. რომანის ბოლო პარაგრაფი იმგვარად დავწერე, რომ მისთვის პატიების საბაბი მიმეცა - ორჰანი გამუდმებით ცრუობს, ის აზვიადებს დედამისის სილამაზეს და სათანადოდ ვერ აფასებს ძმის ღირსებებს - რა თქმა უნდა, ხუმრობით. შევქეთმა ეს პარაგრაფი გადაიკითხა და მითხრა, დიახ, დიახ, ნამდვილად აზვიადებო. ამის შესახებ მეტად აღარ გვისაუბრია.
ჩემი აზრით, როდესაც მწერალს აწუხებს მტანჯველი განცდები, მან უნდა მოახერხოს მათი აღწერა ძალდაუტანებელი, ხალისიანი მანერით. თუ იუმორით მოეკიდებით საკუთარ ეჭვებს, საკუთარ მრისხანებას, შეძლებთ კარგი ავტობიოგრაფიული ნაწარმოების დაწერას. როდესაც ამ კილოს ერთხელ მიაგნებთ, შემდგომ ხალისი და ფანტაზია არ გიღალატებთ. მაგრამ ამ ტონალობის, მართებული კილოს მიგნება ძალზე ძნელი საქმეა.


© “ლიტერატურა _ 24 საათი”

ნუგზარ მუზაშვილი

რეფლექსია უპირველეს ყოვლისა!


1990-2004, თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია. შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი მალხაზ ხარბედია. თბ. "LINK", 2004.


"გავიბითურეთ სამშობლო,
მართლაც სამოთხის სადარი.
სხვა საქართველო კი არა,
თვით საქართველო სად არი?!"

ვ.კოტეტიშვილი


1.


ახალი წიგნების თვალიერება თუ გიყვართ, თვალში აუცილებლად მოგხვდებოდათ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილი "თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგიის" უცნაურად ჭრელი გარეკანი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უცებ ვერ მივხვდი, რომ ეს სხვადასხვაფრად გადღაბნილი ლაქები სამხედრო კამუფლაჟი იყო.
სტერეოტიპებს ყველგან და ყველაფერში შეიძლება გადააწყდეთ. ეტყობა, ლექსისა და უხეში სამხედრო ძალის სიმბოლოს ერთმანეთთან დაკავშირება გამიჭირდა. ანდაზადქცეული ერთი მოარული გამოთქმაც ხომ არსებობს - როცა ქვემეხები ქუხან, მუზები დუმანო. მაგრამ ასე არ ყოფილა. როცა ქვემეხები ქუხან, მუზები კი არ დუმან, უბრალოდ, ატეხილ აურზაურში, მათი ხმა მხოლოდ კარგი სმენის პატრონებსღა ესმით.
ანთოლოგია 1990 – 2004 წლებში დაწერილი ლექსებითაა შედგენილი და ალბათ, პირველ რიგში, იმ ცუდი სმენის პატრონებს მიემართებათ, რომელთაც ამ თოთხმეტწლიან ქაოსში, ძარცვა-გლეჯასა და კაცის კვლაში მუზების ხმა არათუ არ გაუგონიათ, მათი არსებობაც კი გადაავიწყდაათ.


2.

ანთოლოგია მნიშვნელოვანი წიგნია რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ეს გახლავთ საერთოდ პირველი საავტორო ანთოლოგია ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. ანუ კრებულში შესული ავტორები და მათი ლექსები მთლიანად შემდგენლის გემოვნებითაა შერჩეული. ეს ის თემაა, რომელზედაც იმდენი აზრი შეიძლება არსებობდეს, რამდენი პოეზიის მოყვარულიც არსებობს ამქვეყნად. ამიტომ ზედმეტი დავა და წვრილმანი კირკიტი გაუმართლებლად მიმაჩნია. ანთოლოგია ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც ავტორმა შემოგვთავაზა.
კრებული იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ უკანასკნელი საბედისწერო თოთხმეტი წლის განმავლობაში მწირ ლიტერატურულ პრესასა და ავტორთა მცირეტირაჟიან კრებულებში მიმოფანტული და ტონობით მაკულატურაში ჩამხრჩვალი ლექსები კვლავ გამოაქვს დღის სინათლეზე და სიცოცხლეს უბრუნებს.
თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი.
ის, რის გამოც მართლაც ღირს ამ ანთოლოგიაზე სპეციალური ფიქრი და საუბარი, სულ სხვა, გაცილებით ფუნდამენტური პრობლემაა, რომელიც თანაბრად ეხებათ როგორც პოეტებს, ისე მათ მკითხველებსაც.
საქმე ის გახლავთ, რომ გასულ საუკუნეში მრავალთა მიერ მრავალგზის სიამაყით გამეორებული აზრი - საქართველო პოეტების ქვეყანააო, - სრულიადაც არ იყო გადაჭარბებული. მართალია, არ ვიცი, საამაყო რა იყო ამაში, მაგრამ საქართველო არა მარტო პოეტების ქვეყანა გახლდათ, მისი უგვირგვინო მეფეებიც პოეტები იყვნენ. პოეტები განსაზღვრავდნენ ჩვენს ფასეულობებს, ოცნებებს, მთლიანად ჩვენს ცნობიერებას. ელვის სისწრაფით იყიდებოდა უზარმაზარი ტირაჟით გამოცემული პოეტური კრებულები, რაც ევროპის ყველაზე სერიოზული კულტურის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებსაც კი ძალიან აოცებდათ. მაგრამ ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე რაღაც ძალზე უცნაური და მნიშვნელოვანი რამ მოხდა. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება მისი ბოლომდე გაცნობიერება უმრავლესობას გაუჭირდეს კიდეც.
მალხაზ ხარბედიას თქმით, "წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გალაკტიონის სიტყვით, "საქართველომ პოეტისაგან და პოეტმა საქართველოსგან ისესხა მანერა საუბრის, მანერა სულის დაქანების, მანერა ბრძოლის", როცა საქართველო ისისხლხორცებდა "პოეტის გემოვნებას, მის ჩვეულებებს, მის ალერსს, მის სასიყვარულო სიტყვებს".
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ თოთხმეტ წელიწადში პოეტსა და საქართველოს შორის განხეთქილება მოხდა. პოეტმა და მისმა სიტყვამ დაკარგა ის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც მას ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ეკავა ქართულ კულტურულ სივრცეში. უცნაურია, მაგრამ ძალზე მყიფე აღმოჩნდა ის, რაც უმტკიცესი გვეგონა. მოულოდნელად, შეიძლება ითქვას, ხელის ერთი დაკვრით, ყოველგვარი ძალა და გავლენა დაკარგა იმ სპეციფიკურმა ქართულმა პოეტურმა დისკურსმა, რომლის შედევრებსაც ქმნიდნენ თავის დროზე მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, შოთა ნიშნიანიძე...
ამ გასაოცარი გადატრიალების, ამ ეპოქალური მეტამორფოზის მიზეზები ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე მიმდინარე მოვლენებში უნდა ვეძებოთ. ანთოლოგიამ ეს ყველაფერი სარკესავით აირეკლა.


3.

"გამოვიარე დრო უჟამური,
ცეცხლში გაჰქონდა წიგნებს ბრიალი,
მიწას არ ერქვა უკვე მამული
და ძეხორციელს - ადამიანი"

a. სულაკაური


სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომში საქართველომ პროცენტულად უდიდესი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ იმ დროს გამოცემული პოეტური კრებულების მხატვრებს აზრადაც არ მოსდიოდათ სამხედრო სიმბოლიკა წიგნის გარეკანზეც გაეტანათ. იმიტომ რომ, ის ომი, მიუხედავად მისი გრანდიოზულობისა და ჩვენგან გაღებული დიდი მსხვერპლისა, მაინც არ იყო ჩვენი ომი.
ის სხვათა ომი იყო.
იმ ხალხების ომი იყო, რომელთა წიაღში მიმდინარე პროცესები მთელ მსოფლიოზე ახდენენ ხოლმე ზეგავლენას.
ჩვენი ომი მხოლოდ ჩვენია. უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, ვფიქრობ, მხოლოდ ეს იყო თავიდან ბოლომდე ჩვენი ომი, რადგან იგი საქართველის დამოუკიდებლობიდან დაიბადა.
ამქვეყნად, ისევე როგორც ყველა ომს, ჩვენსასაც ორი მხარე აღმოაჩნდა. საქართველოში ჯერ ხილულმა ომმა იფეთქა მთელი თავისი ქაოტურობით, უთავბოლობით, ყოყოჩობით, ღალატით, ძარცვა-გლეჯით, დარდიმანდობით, უბადრუკობითა და მარცხით, რამაც სასტიკი სიცხადით დაგვანახა, რომ ომი ჯერ საკუთარ თავთან უნდა გაგვემართა, ჯერ შინაგანი, უხილავი ომი უნდა გადაგვეხადა, რადგან მხოლოდ ამ ომში მიღწეული გამარჯვების შემდეგ შეიძლება ხილულ ომებში გამარჯვება. მაგრამ ქვეყანამ ეს არ იცოდა, არავინ არ იცოდა, წარმოდგენა არავის ჰქონდა, სინამდვილეში როგორი იყო.
მე–20 საუკუნის მიწურულს მოულოდნელად საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილმა საქართველომ იგრძნო, რომ ქართული კულტურა და განსაკუთრებით მისი ხერხემალი – ქართული პოეზია, ძირითადად ცრუ იმედებითა და ილუზიებით კვებავდა. ქართული პოეტური დისკურსისათვის დამახასიათებელი "რომანტიკული პატრიოტიზმი" (გ. ქიქოძე), თვითგანდიდება, ნარცისიზმში გადაზრდილი ყოველივე ქართულის წრეგადასული ხოტბა-დიდება, ცუდად დამთავრდა როგორც ქვეყნის, ისე მისი პოეზიისთვის.
თავისუფლებამ, როგორც მას ეს სჩვევია, პირველ რიგში, ჩვენს ცნობიერებაში ფესვგადგმული ამგვარი წარმოდგენების რეალურობა შეამოწმა.
შედეგი?
ქვა ქვაზე აღარ დარჩა.
ეს იყო უდიდესი იმედის გაცრუება, უდიდესი კატასტროფა.
ეს განცდა დაედო საფუძვლად მანამდე წარმოუდგენელ აქტს – ვერის ბაღში, სადღაც ჭადრაკის სასახლის სიახლოვეს, ხალხმა ქართველი მწერლებისა და პოეტების წიგნები დაწვა.
ამ ბარბაროსულმა სცენამ ტელევიზორის ეკრანებზეც გაიელვა. იწვოდა მანამდე ამავე ხალხის მიერ თითქმის ღმერთკაცებად და ღმერთქალებად შერაცხილი ადამიანების წიგნები. და თუკი განვლილი თოთხმეტი წლის უბედურებამ ოდნავ მაინც გვასწავლა რამე, უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად ამ აქტის მთელი ვანდალიზმისა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.
ეს იყო დასასრული.
ხილულად თუ დიადი საბჭოეთი ინგრეოდა, უხილავად ჩვენს კულტურულ სივრცეში ქართული პოეზიის ჰიპერბოლიზებული დისკურსის ერთპიროვნული ბატონობა ითვლიდა უკანასკნელ დღეებს. საქართველომ უარი თქვა პოეტის ალერსის, მისი სასიყვარულო სიტყვების შესისხლხორცებაზე. რაც გასულ საუკუნეში ტრადიციული პოეზიის პათეტიკური ენის დამცველებს არაპოეტურად თუ არაქართულად მიაჩნდათ, დღეს სწორედ ის გახდა წარმმართველი.

4.

ახალ დროებას ყველაზე მეტი ტკივილი, ცხადია, იმ თაობის პოეტებისთვის უნდა მიეყენებინა, რომლებმაც ნებსით თუ უნებლიედ, მთელი თავისი არაორდინალური ნიჭი ჩვენში გაბატონებული პოეტური დისკურსის ძალისა და გავლენის გამყარება-გაძლიერებას შეალიეს.
თავის დროზე ვისი გული არ შეუძრავს ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეების, მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის ქმნილებებს? ჩვენში ვის შეუძლია თქვას, რომ მის ცნობიერებაზე არასდროს არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია ამ პოეტების ხშირად მართლაც ჯადოქრულ სტრიქონებს? პოეტური სიტყვის დამფასებლებს დღესაც გვახსოვს და ალბათ არც არასოდეს დაგვავიწყდება მათი არა ერთი და ორი ლექსი, მაგრამ ახალმა დროებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
"ნელი სათქმელია, ვინ როგორ გაიცნობიერა ამ კატასტროფის მიზეზები, მაგრამ ანთოლოგიაში შესული უფროსი თაობის პოეტების ლექსებში აშკარად იგრძნობა დაბნეულობა, ტკივილი, გამწარებული სიბერისა და მოახლოებული სიკვდილის მწარე განცდა. ყველაზე უკეთ ეს ყველაფერი და ისიც, რისი მოხელთებაც ასე ძნელია პოეტურ ქმნილებაში, გრიგოლ აბაშიძემ გამოხატა თავის შედევრში "არყოფნისაკენ!", რომელიც მხცოვანმა პოეტმა სწორედ გარდაცვალების წელს შექმნა.


5.

"ვერ გავფრინდები თუ სრულიად არ უარგყავი,
ოთახის კედლებს ვერ გასცდება ჩემი ღავღავი..."

გ. ალხაზიშვილი


თავის დროზე ქართულ კულტურას შეეძლო მიეღო დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძისათვის დამახასიათებელი თვითრეფლექსიის დაუძლეველი სურვილი, თვით ყველაზე უსიამოვნო სიმართლისათვის თვალის გასწორების შინაგანი მზაობა. მაგრამ თუკი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამგვარ მზაობას თავისი სივრცე გააჩნდა, უკვე მე-20 საუკუნეში, განსაკუთრებით 30-იანი წლებიდან, იგი ცეცხლითა და მახვილით იდევნება კულტურიდან. სწორედ ამ დროიდან იწყება საკმაოდ უცნაური სიმბიოზის ჩამოყალიბება - ჩვენებური ნარცისიზმი სწრაფად სინთეზირდება საბჭოურ დისკურსთან და მთელ კულტურულ სივრცეში ერთპიროვნულად ბატონდება.
მაგრამ 60-იანი წლებიდან საკმაოდ სტიქიურად იწყება საპირისპირო პროცესი - ეროვნული შინაგანად ემიჯნება და უპირისპირდება საბჭოურ დისკურსს. ამიტომ 60-იანი წლები ქართული პოეზიისთვის (და არა მარტო მისთვის) თავისებური ოქროს ხანა იყო. პოეზიისა და პოეტების ზეგავლენამ ქართულ საზოგადოებაზე ამ დროს მართლაც აპოგეას მიაღწია. ეს იყო დრო, როცა საქართველო მართლაც ისისხლხორცებდა პოეტის გემოვნებას, მის ალერსს, მის სასიყვარულო სიტყვებს. მაგრამ როგორც საზოგადოდ ალერსსა და სასიყვარულო სიტყვებს სჩვევია, ყოველივე ამან, სამწუხაროდ, მეტისმეტად არარაციონალური, მეტისმეტად თვითგანდიდებითი ფორმები მიიღო.
საინტერესოა, რომ ამავე პერიოდის ქართულ კულტურაში აქა-იქ, ზოგჯერ საკმაოდ ძნელად საცნობი ფორმებით, თავს იჩენს შედარებით რაციონალისტური მცდელობანიც. მე მგონი, პოეზიაში ამ მოვლენამ თავი იჩინა, პირველ რიგში, ტარიელ ჭანტურიასა და ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებაში გამოკვეთილი ირონიულ-პაროდიული ნაკადის სახით. უნდა ითქვას, რომ ამ გარემოებას მაშინ არავითარი განსაკუთრებული ხმაური არ გამოუწვევია. ეტყობა, ეს ამბავი განიხილებოდა როგორც რაღაც ასატანი პოეტური უცნაურობა, როგორც თავისებური პოეტური იუმორი, პლუს სხვადასხვა ვერსიფიკაციული ორიგინალობები, რაც გაბატონებულ დისკურსს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.
სამაგიეროდ, ქართულ პოეზიაში რომანტიკული პატრიოტიზმის ადეპტები მართლა ძალიან გააღიზიანა ოდნავ მოგვიანებით გამოჩენილმა ბესიკ ხარანაულისა და ლია სტურუას შემოქმედებამ. ვერლიბრი ქართული პოეზიისთვის უცხო, მიუღებელ და დასაგმობ მოვლენად გამოცხადდა.
სხვათა შორის, 70-იანი წლებიდანვე კომპარტიის ახალი ხელმძღვანელი ძალზე ენერგიულად იწყებს ეროვნული და საბჭოთა დისკურსების ხელახალი დაახლოებისა და ახალი სიმბიოზის შექმნისათვის ბრძოლას. ამ საქმეში მონაწილეობის მიღება, ცხადია, მატერიალურად მეტად მომგებიანი იყო და ბევრმა ვერ გაუძლო ცდუნებას. ბედის ირონია თუ კანონზომიერება კი ის გახლავთ, რომ უხვად კომპენსირებადი ეს ტვირთი ძირითადად ისევ რომანტიკოსმა პატრიოტებმა ზიდეს. მაგრამ, მე მგონი, ერთადერთი სერიოზული პოეტი, ვისაც ნამდვილად სჯეროდა ხსენებული სინთეზის საჭიროება და აუცილებლობა, შოთა ნიშნიანიძე იყო. მას შეეძლო თანაბრად ძლიერი ლექსები შეექმნა როგორც კომუნისტურ, ისე ეროვნულ თემატიკაზე და დიდი ზეგავლენა მოხდინა ადამიანებზე.
ასეთ ვითარებაში თავისუფალი ლექსი მართლაც მეტისმეტად უცხო და მიუღებელ ფორმად უნდა გამოჩენილიყო როგორც ეროვნული, ისე კომუნისტური დისკურსებისათვის. სინამდვილეში ვერლიბრი ერთსაც უქნიდა საშიშროებას და მეორესაც, რადგან ეს გახლავთ ფორმა, რომელიც სწორედ თავისი არაპათეტიკურობით, დამიწებულობითა და თვითრეფლექსიისაკენ გამუდმებული სწრაფვით ხასათდება.


6.

"რა ფასად გავყიდო ლექსი,
რომელსაც თითები ოდნავ რომ მოვუჭირო,
სისხლი გამოუვა ჩემი"

რ. კაიშაური


ქართულ პოეზიაში რაციონალიზმის ნაკადი მხოლოდ ირონიულ- პაროდიული სტილისტიკითა და ვერლიბრის ფორმით არ გამოვლენილა. თავად 60-იანელთა წიაღში, მიხეილ ქვლივიძის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჭილაძის, გივი გეგეჭკორის, ოთარ ჭილაძის, დავით წერედიანისა და სხვა ნიჭიერი პოეტების შემოქმედებაში ტრადიციული მოტივების გვერდით თავს იჩენს ერთგვარი ინტელექტუალური ლექსი. მაგრამ ძირითადად კონვენციური ლექსის ფორმით გამოხატული, მოაზროვნე ადამიანისათვის დამახასიათებელი რთული განცდებისა და ასოციაციების სამყარო, ძალიან კარგ მკითხველს გულისხმობს, რაც ჩვენში უმრავლესობა არასოდეს ყოფილა. ამიტომ ასეთი ლექსი კამერულ მოვლენად რჩება.
თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ისეთი პოეტებისთვის, როგორებიც არიან გივი ალხაზიშვილი, თედო ბექიშვილი, ჯარჯი ფხოველი, დავით მჭედლური და სხვები, სწორედ ამ კუთხით ემუშავათ და მრავალი საინტერესო მიგნებაც შეეთავაზებინათ მკითხველისათვის, მაგრამ 70-80-იან წლებში ვერლიბრის გარშემო ატეხილ აურზაურში ეს ყველაფერი თითქმის ყურადღების მიღმა დარჩა.
იგივე შეიძლება ითქვას იმ თაობაზე, რომელსაც მამუკა სალუქვაძე, თემურ ჩხეტიანი, ანდრო ბუაჩიძე, ნუგზარ ზაზანაშვილი, რუსუდან კაიშაური, ზაზა თვარაძე, ელა გოჩიაშვილი და სხვები წარმოადგენენ.
ეს გარემოება გულდასაწყვეტი კია, მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არ არის. რომანტიკული პატრიოტიზმითა და პათეტიკით გაჯერებულ კულტურულ სივრცეში, რეფლექსიის მძაფრი სურვილით განმსჭვალული, მაგრამ თავისი ფორმით ძირითადად კონვენციური ლექსი, ცხადია, უღიმღამო მოვლენად უნდა გამოჩენილიყო, რომელიც მასებს ვერც აღაფრთოვანებდა და ვერც აღაშფოთებდა. მაგრამ ვინა თქვა, რომ მე-20 საუკუნეში მაინცდამაინც ის არის კარგი ლექსი, რომელსაც მასები მღერიან? დასავლეთში პოეტმა დიდი ხნის წინ დაკარგა სახალხო ტრიბუნისა თუ ტრუბადურის ფუნქცია, სერიოზული პოეზია განწირულია ყოველთვის კამერულ მოვლენად დარჩეს.
მაგრამ ჩვენი 70-იანელებისა თუ 80-იანელების კამერულობა მხოლოდ მათი პოეზიის სიღრმესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ისინი ჯერ პატრიოტული ლირიკის მგზნებარებით შექმნილი მაღალი ძაბვის ფონზე ჩანდნენ ზედმეტად ცივები, ხოლო მოგვიანებით თავისუფალი ლექსის აშკარად გამოხატული "არაპოეტური" ფორმებით გამოწვეულ ხმაურსა და აყალმაყალში გამოჩნდნენ ნაკლებად გამაღიზიანებლები.
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ტიპიური ქართული გაუგებრობა, როცა რაიმე მოვლენის ფასეულობა მოწმდება არა მის არსში წვდომით, არამედ მისგან გამოწვეული ხმაურის კოეფიციენტით. დრო ყველაფერს უკეთესად დაალაგებს.



7.


"აქა ვდგავარ
და სხვაგვარადაც ძალმიძს."

ჯ. ტიკარაძე


ანთოლოგიიდან კარგად ჩანს, რომ თავისუფლებამ ნიჭიერსაც და უნიჭოსაც დააკარგვინა წაკითხვის ღირსი და თვალებში ნაცრის შემყრელი მგზნებარე პატრიოტული ლექსების წერის ხალისი.
მაგრამ ანთოლოგიიდან ისიც კარგად ჩანს, რომ სწორედ თავისუფლებამა და მასთან დაკავშირებულმა რადიკალურმა კულტურულმა გადატრიალებამ აქამდე უპირველესი მნიშვნელობის ქართული პოეზია კამერულ მოვლენად აქცია. დღეს კამერულად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტიპის ლექსი. ახლა თუ რამე იწერება, პროფესიონალი ლიტერატორების წრეს იშვიათად სცილდება. მაგრამ ეს სრულებითაც არ არის ტრაგედია. რასაკვირველია, მომავალში მკითხველი მოიმატებს, მაგრამ, არა მგონია, ოდესმე პოეტობა ისევ სარფიან საქმედ, ხოლო პოეზია საერთო-საყოველთაო მოვლენად იქცეს. გასაგებია, როცა თავისუფალ ქვეყანაში საერთო-საყოველთაო ხდება სატელევიზიო ტაშ-ფანდურა, იგივე შოუ, ლუდი "ყაზბეგი" ან კბილის პასტა "ქოლგეიტი", მაგრამ რატომ უნდა იყოს მასობრივი პოეზია?!
დღეს მორალისტები ბევრს წუწუნებენ პოეზიაში მომრავლებულ სკაბრეზულ სიტყვებსა თუ გამოთქმებზე. ნაწილობრივ ეს ანთოლოგიაშიც აისახა, მაგრამ გასაკვირი ამაში არაფერია. რაც უფრო ზეაწეული და პათეტიკური იყო ჩვენში დაფასებული პოეზიის ენა, რაც უფრო ფარისევლური იქნება ჩვენებური ობივატელის მორალი, მით უფრო დამიწებულ და ვულგარულ ენაზეც კი იმეტყველებს თანამედროვე პოეტთა უმრავლესობა, მაგრამ ეს გარდამავალი მოვლენაა.
ირონიულ-პაროდიული ლირიკის პატრიარქი ტარიელ ჭანტურია კვლავაც გვანებივრებს თავისი ახალ-ახალი ქმნილებებით, მაგრამ მისი სტილისტიკა მართლაც უკიდურესობამდე მიიყვანა კოტე ყუბანეიშვილმა. მისთვის დამახასიათებელი მაგარ-მაგარი გამოთქმების, "კოტესტროფების", "კოტეკლიზმებისა" და ერთობ არტისტული საჯარო გამოსვლების გამოისობით, დღეს იგი შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოეტადაც ჩაითვალოს.
მაგრამ ირონიულ-პაროდიული სტილისტიკა ვითარდება არა მარტო "სივრცეში", არამედ "სიღრმეშიც". ამ უკანასკნელის კარგი ნიმუში მგონია ჯუანშერ ტიკარაძის "ბებერი ჭრიჭინას სენტენციები".


8.


"თუ მართლა გიყვარდა, დამარხე.
თუ მართლა გიყვარდა, ნუღარ ამოთხრი".

ელა გოჩიაშვილი


ანთოლოგია გვიდასტურებს, რომ დღეს საქართველოში ვერლიბრის ნამდვილი ბუმია. ცხადია, ზოგს გამოსდის, ზოგსაც - ვერა, მაგრამ ახლა თავისუფალ ლექსს წერს ყველა ან თითქმის ყველა. ასე რომ, ბესიკ ხარანაული ლამის საკულტო ფიგურად იქცა.
როგორც ჩანს, ახალ პოეზიაში იმდენად მძაფრია წარსულთან გამიჯვნის სურვილი, რომ კონვენციური ლექსის წერა ძველმოდურობადაც კი აღიქმება, ხოლო მისი საკმაოდ რთული ტექნიკის ათვისება - ზედმეტ გარჯად. ეს ამბავი ძალიან ჰგავს ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებას, რადგან გარდა იმისა, რომ კონვენციურ ლექსს ნამდვილად არაფერი დაუშავებია, არც მისი შესაძლებობებია ალბათ ბოლომდე ამოწურული. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და მომავალში კიდევ რა მოხდება, ეგ ღმერთმა იცის.
თუმცა თავისუფალი ლექსის პოპუlარობის ასეთი არნახული ზრდის უმთავრესი მიზეზი ძნელი დასანახი არ არის. განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში ჩვენს კულტურულ სივრცეში ერთპიროვნულად გაბატონებული დისკურსისათვის დამახასიათებელი აშკარად ჰიპერბოლიზებული პიეტეტი ყოველივე ქართულისადმი და აქედან შობილი ნარცისიზმი, სამშობლოს მზნებარე სიყვარულით ვერ გამართლდება. სამშობლო მხოლოდ იმათ არ უყვართ, ვინც ამ გრძნობის სისტემატურ დეკლამირებასა და აფიშირებას ახდენს. ჩვენი კულტურის ამგვარი ტრაგიკული ცალმხრივობის მიზეზების კვლევა სულ სხვა საუბრის თემაა, თუმცა ერთი რამ აქვე შეიძლება ითქვას: ცალმხრივობა რაციონალიზმისა და, საერთოდ, რეფლექსიის სასტიკი დეფიციტის პირობებში გახდა შესაძლებელი. მაგრამ თავისუფლება ვერავითარ ცალმხრივობას ვერ იტანს და მით უფრო ასეთ ფუნდამენტურ საქმეში. არ ვიცი, ამას ვინ როგორ იცნობიერებს, მაგრამ დღეს სწორედ ამიტომ გახდა უმთავრესი რეფლექსია ანუ ის, რაც ასე ძალიან გვაკლდა.
მათ შორის, პოეზიაშიც.
თავისუფალი ლექსი კი თითქოს სწორედ ამისთვისაა ზედგამოჭრილი, თავისი არალოზუნგურობით, თავისი თხრობითი კილოთი, თავისი "არაპოეტური" თემებით. თავისუფალი ლექსის თემა შეიძლება გახდეს როგორც კარტოფილის ამოღება (ბესიკ ხარანაული), ასევე, ვთქვათ, ყოვლად ჩვეულებრივი კოვზები (ნუგზარ ზაზანაშვილი) ან მეტეოროლოგიის გამიჯვნა პოეზიისაგან (შოთა იათაშვილი) თავისი შესანიშნავი შედეგებითურთ.
ერთი სიტყვით, ქართულ პოეზიაში დღეს სწორედ იმ ლექსის გამარჯვებას ვხედავთ, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი ვაი-ვიშითა და წვერთაგლეჯით იწუნებდნენ ჩვენებური ნარცისიზმის ადეპტები.
არადა ერთ რამეში მართლები აღმოჩნდნენ: სანთლითაც რომ ეძებოთ, ვერც ნინო დარბაისელთან, ვერც მაია სარიშვილთან ან ზვიად რატიანთან, ვერც გიორგი ლობჟანიძესთან ან ლელა სამნიაშვილთან ერთ სტრიქონსაც ვერ იპოვით, თავმოყვარე თამადამ რომ გამოიყენოს სადღეგრძელოს გზნების ასაწევად და სუფრის წევრთა გულების ასაჩქროლებლად.
მაგრამ ეს თამადების პრობლემაა.
სხვამხრივ ყველაფერი რიგზეა.
ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, მალხაზ ხარბედიას საავტორო ანთოლოგიაში ჩაიხედოს.




© “წიგნები _ 24 საათი”