Wednesday, October 8, 2008

იოჰან ვოლფგანგ გოეთე





















სცენა "ფაუსტიდან"



გერმანულიდან თარგმნა დავით წერედიანმა


აუერბახის სარდაფი ლაიპციგში


მხიარულ მოქეიფეთა სერობა.


ფროში

არ სვამთ, არ მღერით, ვის ებღვირებით!
ჩამოგიშვიათ უბრად ცხვირები.
სულ არაფერზე კბილები გიჩანთ,
დღეს რა ეშმაკმა შეგიკრათ კრიჭა!

ბრანდერი

შენი ბრალია, თავს რაზე მალავ,
გამოაბრწყინე სიბრიყვის ძალა!

ფროში

გნებავს? ინებე!
თავზე ღვინოს ასხამს.

ბრანდერი

შე მართლა ბრიყვო!

ფროში

რას მეშარები, თხოვნისა იყო!

ზიბელი

მოჩხუბრებს – ქიშტი! მიბრძანდეთ უნდა!
მთელი ფილტვებით, ბიჭებო, რუნდა!
აბა, ჰოლა ჰო!

ალტმაიერი

ავაიმე, გამისკდა თავი!
მიშველეთ, ბამბა, ყურში ბამბა! რამხელას ბღავის!

ზიბელი

ბასი ვარ, ბასი! ისეთი ვჭექო,
გრგვინვა გაჰქონდეს თაღებქვეშ ექოს!

ფროში

ვისაც ეწყინა – ცივი წყალი! ნებავს და – ცხელი!
ახ, ტარა ლარა!

ალტმაიერი

ტარა ლარა!

ფროში

მოვმართოთ ყელი!
(მღერის)
წმინდა რომის რაიხო,
დროა, ჭირი წაიღო...

ბრანდერი

ფუ, პოლიტიკურ სიმღერებზე გული მერევა!
ილოცეთ, ხალხო, წილად გვერგო ბედნიერება,
რომ წმინდა რომის ეგ რაიხი არ გვაბარია!
ან კანცლერისა რა მცოდნია, ან კაიზერის!
ლხინის პაპია ერთადერთი, ვინც მაგარია,
ავირჩიოთ და მისი ხმალი, ჩემი კისერი.
ვისაც ვმორჩილებ, ერთადერთი ლხინის პაპია,
მისი კურთხევით შეგვრგებია, რაც გვიყლაპია!

ფროში
( მღერის)

გაფრინდებოდე, ბულბულო,
საყვარელს მომიკითხავდე...

ზიბელი

შორს ჩვენგან სატრფოს მოკითხვები, ფუჭი ცრემლები!

ფროში


მოკითხვას ვუთვლი! კოცნას ვუთვლი! შემოვევლები!
(მღერის.)
აწეულა რაზა – ბინდი ჩამომდგარია!
აწეული რაზა სატრფოს ღია კარია!
დაწეული რაზა დილის სისხამ-ცვარია...

ზიბელი

ჰო, ჰო, უმღერეთ, ბულბულები უგზავნეთ ხშირ-ხშირ!
ჩემი სიცილის დროც დადგება, შემოგჩრით ცხვირში!
ჩემს დღეში გნახავთ, საქალეთის ერთია ნირი,
თქვენც აყვირდებით, საყვარლებო, მე როგორც ვყვირი.
კაცი მაგათთვის არამია! რად უნდათ კაცი!
კობოლდი მაგათ! ბლოკსბერგიდან მომსრბოლი ვაცი!
ისეთ მოკითხვას გავუგზავნი შეფოფინებით,
სულ ქვაფენილზე წკრიალებდეს ფანჯრის მინები!
ბრანდერი, მაგიდაზე ხელს აბრახუნებს
გთხოვთ, სმენა იყოს! დაითმინონ, ვინ რასაც შფოთავს!
უცადი არ ვარ, ცხოვრებისა მეც მესმის ცოტა,
და მათ, ვინც ახლა სიყვარულის იწვის სახმილით,
სიმღერას ვეტყვი ახალთახალს, სწორედ იმდაგვარს,
მავანთ რომ გულზე მოეთბობათ. ვუმღერ ვირთაგვას!
ხმა მომაშველეთ, ბატონებო, თქვით მოძახილი!
(მღერის)
სარდაფს იყო ვირთაგუნა,
მაძღარი და უმტერული,
ღიპი ედო ბებერ მსუნაგს
დია დოქტორლუთერული.
შეაპარეს დარიშხანი,
აუხურდა საწყალს ტანი,
გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!
გუნდი, ზარ-ზეიმით
გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

ბრანდერი

რბოდა შმაგი, ხლტოდა ხელი,
შემოერღვა კაბა-ჯუბა,
სათავსონი დაღრღნა მთელი,
სავსე ტბორიც ამოხრუპა.
უცებ თვალი დაეშრიტა,
მიებნიდა კაეშნითა,
გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

გუნდი

გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

ბრანდერი

ბოლოს შიშით არეულმა,
თავი სამზადს შეაფარა.
ქალმა ნახა მზარეულმა,
ვინც ის შხამი შეაპარა.
თქვა: რა მწარედ დაგესლულა,
წრიპინ-წრიპინ აღესრულა,
გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

გუნდი


გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

ზიბელი

რა უხარიათ მაგ სულელებს, ჩაბჟირდნენ ლამის!
ვიშ-ვიშ, მაღალი ხელოვნება გამოგვითარგეს,
წამალი როგორ შევაპაროთ საწყალ ვირთაგვებს.

ბრანდერი

შენ რა, ვირთაგვის მხარესა ხარ? შენც შეგხვდა შხამი?

ალტმაიერი

გაგვიგულჩვილდა ჩვენი ბღენძი, გმინვა-დაგვა სჭირს!
უბალნო თავი ამოიცნო მკვდარ ვირთაგვაში!
შემოდიან ფაუსტი და მეფისტოფელი.

მეფისტოფელი

ჯერ ლხინის ხალხი, სუფრის ხალხი ვნახოთ ახლოდან,
აქ ყოველი დღე სურთ იქციონ დღესასწაულად.
შევსვათ, ყვირიან რა წაიღო, ვინც ინაღვლოდა,
შევსვათ, მღერიან, მაინც სიკვდილს ვერსად წავუვალთ!
მათი ყოფა და ცეკვა-როკვა ზუსტად ეგ არი,
კნუტი რომ დახტის კუდის ირგვლივ, დაუდეგარი.
ჭკუის პატარა სიტალკვესე საკმარისია
მომლხენი გერქვას, მხოლოდ იშტა გჭირდება დიდი.
თუ თავიც არ გვტეხს და პურ-ღვინოც არის ნისიად,
ჭირს იქით ყველა საზრუნავი! ცხოვრება მიდის!

ბრანდერი

უცხო სულები! მგზავრები შორი!
გზიდან მოსულნი წუთისა ორის!
კითხვაც არ უნდა! ცხადზე ცხადია!
უკვირთ, სად ვართო! ზედ ახატიათ!

ფროში

ეს გაუმარჯოს ჩვენს ლაიპციგს, პატარა პარიზს!
სხვა პეწის არის ჩვენი კაცი, სხვა მოდგმის არის!

ზიბელი

ვინ უნდა იყვნენ?

ფროში


რას დაითვლი მომსვლელს და წამსვლელს!
ჭიქა მომეცი, მივაწოდებ, გამოვჩხრეკ წამსვე.
აზნაურები იქნებიან, თუ ჩემი გჯერა:
ამპარტავნული მიხრა-მოხრა, ამრეზით მზერა.

ბრანდერი

ბაზრის ხალხია, ნაძლევს დავდებ.

ალტმაიერი

ვერ გეტყვი ვერას.

ფროში

ნახეთ, რა ვუყო! მიყვარს კეხზე ბილანთა შესმა.

მეფისტოფელი

(ფაუსტს)

აბა, თუ ვინმემ სუნი იკრას, ვერ გრძნობენ ეშმას!
ერთი სული აქვთ, მიეტანონ გამოსახრავად.

ფაუსტი

ჩვენი სალამი, ბატონებო!

ზიბელი

სტუმრებს ვახლავართ!
(თვალს ცერად გაადევნებს მეფისტოფელს.)
ჰგავს, მიუფეხვავთ, ცალი ფეხით კოჭლობს ყმაწვილი!

მეფისტოფელი

ნება გვიბოძეთ, დავიკავოთ სუფრის ნაწილი.
ცოტა რომ ღვინოც გივარგოდეთ, მდარე ღვინო გაქვთ,
რა აჯობებდა თქვენთან ერთად სმას და ლხინობას!

ალტმაიერი

გეტყობათ, ბედი განებივრებთ, მოგყვებათ თანხა.

ფროში

რიპახის მხრიდან გადმოხვედით? ნამგზავრნი ჩანხართ.
ის კაი კაციც შეგხვდებოდათ, ჰანს რიპახელი.

მეფისტოფელი


ჩვენით მოვძებნეთ, ყურში გვედგა მისი სახელი.
სწორი ბრძანდებით, რეგვენია ყოვლად ალალი.
ძმებად გახსენათ, პირზე კოცნით გიძღვნათ სალამი.
(თავს მდაბლად ხრის ფროშის წინაშე.)

ალტმაიერი
( ხმადაბლა)

მოგსხიპა? სეირს განახებთო, აქ ვიღაც ხურდა!

ზიბელი

შენ რომ გეგონა, სულ სხვა ჩიტია,
გაჭრა და აქეთ შემოგვიტია.

ფროში

ჯერ ცოტა ხანი დამაცადეთ, ვაახლებ ხურდას!

მეფისტოფელი

ეს თქვენ მღეროდით? რა ხმა იყო, რა ჰარმონია!
თან ამ თაღებქვეშ აკუსტიკაც რიგზე გქონიათ.

ფროში

მუსიკოსი ხართ? ვირტუოზი ხომ არ ბრძანდებით?

მეფისტოფელი

ჩემთვის ვცოდვილობ, არ მომეცა ნიჭი ამდენი.

ალტმაიერი

იქნებ გვიმღეროთ!

მეფისტოფელი

როგორც მეტყვით.

ზიბელი

ხელდახელ ბარემ!
ოღონდ ცინცხალი! არაფერი ძველი და მდორე!

მეფისტოფელი

კი, სულ ახლახან ესპანეთი დავლაშქრეთ სწორედ,
ნაკურთხი მიწა, ღვინისა და სიმღერის მხარე.
(მღერის)
მეფეს ერთი რწყილი ჰყავდა,
გამოზრდილი სათუთად...

ფროში


ჩახვდით, რა რწყილიც? მაღალზე გადის!
ზუსტად ერგება სამეფო ქათიბს!

მეფისტოფელი

მეფეს ერთი რწყილი ჰყავდა,
გამოზრდილი სათუთად,
სულის ბერვით ინახავდა,
შვილს ერჩია საკუთარს.
მკერავს უხმო: აბა, ჩქარა,
ჭრა და კერვა მალ-მალი,
აბრეშუმი შური-შარა,
მძიმე დიბის შარვალი!

ბრანდერი

გაფრთხილდი, თერძო, ემაგ შარვალს თან გადაჰყვები,
არ შენაოჭდეს რწყილის წელზე ერთი ნახვევიც!

მეფისტოფელი

გადიდკაცდა ჩვენი რწყილი,
დიდი პოსტი რგებია,
სტავრით არის შემოსილი,
ბაფთები და ჯვრები აქვს.
თავს ამაყად აზეზავებს,
მკერდზე ვარსკვლავს ატარებს,
შორით იკრებს ნათესავებს,
რწყილებს პატარ-პატარებს.
დადის ხალხი ტანის ფხანით,
წითელ-წითელ ხალებით,
ფხანად იქცა დედოფალი
თავის სეფექალებით.
შიშით საცვალს ვერვინ ხილავს
წახდენიათ გუნება.
ჩვენთვის რწყილი რამც ყოფილა,
ერთი გატკაცუნება!

(გუნდი, აღტაცებით)

ჩვენთვის რწყილი რამც ყოფილა,
ერთი გატკაცუნება!

ფროში

ბრავო! კარგია! არ უნდოდეს, შუბლს გახსნის კაცი!

ზიბელი

ჩვენს ტილ-რწყილებსაც არ აწყენდათ ეგეთი ტკაცი!

ბრანდერი

ფრჩხილქვეშ და მუსრი! მთელი მათი მოდგმით და
ფესვით!

ალტმაიერი

თავისუფლებას გაუმარჯოს! გთხოვთ, ყველამ შესვით!

მეფისტოფელი

მაგ სადღეგრძელოს სავსე გულით ავუწევ ჭიქას,
მაგრამ შიგ ღვინო ისეთი გვქვს, არაფერს გვიგავს.

ზიბელი

მოვრჩეთ! მაგაზე აღარ გვინდა! ვინც ლხინობს, ლხინობს!

მეფისტოფელი

ვშიშობ, მანდ პატრონს ეწყინება, თორემ ახლავე
გაგასინჯებდით ჩემს მარნებში დაწურულ ღვინოს.

ზიბელი

თუ გაქვთ, ჩამოდგით! აქ ამაზე არ დაგვძრახავენ.

ფროში

უნდა გამოვტყდე, მე, ბატონო, ზნე მაქვს ამგვარი:
ვერ ვაჭაშნიკებ, სულ ბოლომდე თუ არ დავკარი.

ალტმაიერი
( ხმადაბლა)

მივხვდი, ვინც არის! მეღვინეა რაინის მხრიდან.

მეფისტოფელი

იქნებ აქ სადმე ბურღი იყოს.

ბრანდერი

ვიშ, ბურღიც გვინდა?
ღვინის კასრები აქავე გაქვთ, კართ გიყუდიათ?

ალტმაიერი

ბურღს მანდ ვიპოვი, ხელსაწყოთა რაღაც ყუთია.

მეფისტოფელი
( ართმევს ბურღს)

ვის რა ღვინო გსურთ? მნებავს, იყოთ ჩემი სტუმრები.

ფროში

არჩევანიც გვაქვს? მართლა ამბობთ? არ გვეხუმრებით?

მეფისტოფელი

არჩევანიც და არადანიც! ნება ჩვენია!

ალტმაიერი
( ფროშზე ათითებს)

რას აჟუჟუნდა! ნახეთ, უკვე ტუჩებს ილოკავს!

ფროში

მე – რაინული! სხვა ყველაფერს ეგ მირჩევნია.
სამშობლო მიყვარს, ვერ ვეწყობი უცხო კილოკავს.
(მეფისტოფელი, იქ, სადაც ფროში ზის, მაგიდის კიდეს
ბურღავს)
საცობებისთვის ცვილიც გვინდა, ცოტა სანთელი.

ალტმაიერი

ფოკუსებია! ოინბაზთა ძველი ფანდები!
მეფისტოფელი, ახლა სხვა ადგილს ბურღავს და
სანთლის საცობს არგებს
თქვენ რა მოგართვათ?

ბრანდერი

ქაფიანი! შუშხუნა შხეფით!
შამპანს ვეწვევი, უცხო ქვეყნის მომნატრდა გზები!
როგორც ნამდვილი გერმანელი, ვერ ვიტან ფრანგებს,
ვერც რამე ფრანგულს, მაგრამ ღვინო სხვა საკითხია!

ზიბელი

მომკლა ამ მჟავემ! მხოლოდ ტკბილი! ეგ უკეთ მარგებს.
შევყვები ჩემთვის, აი დარდი, რასაც იტყვიან!

მეფისტოფელი

თუ ნებას მომცემთ, შეგირჩევთ თავად.
ტოკაიური, მე მგონი, წავა.

ალტმაიერი

მომხედე, ვინც ხარ! აქ ეგენი არ გასაღდება!
რაღაცას ხლართავ! გნებავს ჩვენი მასხრად აგდება?

მეფისტოფელი

რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ! მაგის კაცი ვარ?
თან საღ-სალამათს ვის შერჩება თქვენი დაცინვა!
ჯობს, ეგ მიბრძანოთ, რას მიირთმევდით?
რომელი გნებავთ? თეთრი? წითელი?

ალტმაიერი


ახლა მაგაზე მალაპარაკე!
იყოს რაც გინდა, ოღონდ ჩქარა ქენ!
მეფისტოფელი, უცნაური მოძრაობით
ვაზის რქა და რქანი თხისა,
ვაზი ხეზე, ტაბლა ხისა.
თვალის ჩინო, არა ჩინდე,
ხმელი ხიდან, ღვინოვ, დინდე!
სასწაულო, უცხო რამ ხარ,
ის გიხილავს, ვისაც სწამხარ.
ახლა კი გახსენით!
შეუდგით თასები!

(ყველანი, მას შემდეგ, რაც საცობები ამოიღეს და ჭიქები
აივსეს)

იფ, მირონია! მკვდარიც იყო, აღდგები მკვდრეთით!

მეფისტოფელი

ოღონდ გაფრთხილდით, არ დაგექცეთ არც ერთი წვეთი!

(ყველანი, მღერიან)

ვნეტარებთ მთელი ზედახორით,
როგორც ხუთასი დედაღორი!

მეფისტოფელი

რას ხალისობენ!

ფაუსტი

გავეცალოთ!

მეფისტოფელი

ნუ ჩქარობ, დაცხრი!
თვალი ადევნე გაშიშვლებულ ცხოველურ საწყისს.

ზიბელი
( ერთი წვეთი ძირს ჩამოექცევა და აალდება)

მიშველეთ, ცეცხლი! ჯოჯოხეთის ამოსკდა ალი!

მეფისტოფელი

დექ, მშობლიურო სტიქიონო, შეწყვიტე დრტვინვა!
ჯერ გარესკნელის შხეფებია, მსგავსება მკრთალი.

ზიბელი

ძვირად დაგისვამთ! შენ, ეტყობა, არ იცი, ვინ ვართ!

ფროში

ახია ჩვენზე! არა, ნახე, რა გააკეთა?

ალტმაიერი

სანამ მრთელი ხარ, აიხვეტე! მოსხლტი აქედან!

ზიბელი

წესიერ სიტყვას გეუბნება, გზა ნახე, გვეხსენ!
ეგ შენი ჰოკუს-ფოკუსები მოსინჯე სხვებზე.

მეფისტოფელი

ჩუმად, ბებერო ღვინის რუმბო!

ზიბელი

შე ცოცხის ტარო!

არა, ამ თავხედს დამიხედე, თვითონვე ცხარობს!

ფროში

გონზე მოგიყვანთ! მოგითვლით მაგრებს!
ისე მოგაქცევთ, ვეღარვინ აგკრეფს!

ბრანდერი

( საცობს აძრობს და უეცრად ცეცხლი შიგ
სახეში შეეფრქვევა)

ვიწვი!

ზიბელი

გრძნება და ჯადო-მადო! გვეთამაშება!
ფუშეთ, ბიჭებო, არ იქნება მაგის გაშვება!

(დანებს დააძრობენ და მეფისტოფელზე მიიწევენ.)

მეფისტოფელი

უმზო-მზერით, უსმო-სმენით,
უსვლელითა სვლითა თქვენით
სად არა ხართ, იქ იყვენით!

(ყველანი გაოცებული დგანან და ერთმანეთს შესცქერიან.)

ალტმაიერი

რა ადგილია, სად მოვსულვართ?

ფროში

დიდი ზვრებია!

ზიბელი

სავსე მტევნები მზით გავსილან, ხელთ გვეწვდებიან!

ბრანდერი

ფანჩატურებად გაფოთლილა ვაზთა გრეხილი!
ვკრიფოთ მტევნები, მძიმე-მძიმედ ჩამოზნექილი!

(ზიბელის ცხვირს წასწვდება. ყველანი ერთმანეთის
ცხვირებს წაეტანებიან და დანებს შემართავენ.)

მეფისტოფელი

განიხიბლენით! თვალთა ცთომავ, განვედ თვალთაგან!
ეშმაკი მხოლოდ გაგეხუმრათ, ხილვა დამთავრდა!

(გადის ფაუსტთან ერთად.)

ზიბელი

რა იყო? არა, ეს რა იყო?

ალტმაიერი

ვერც მითქვამს ენით!

ფროში

ხელთ შენი ცხვირი მიბღუჯია?

ბრანდერი

მე კიდევ – შენი?

ალტმაიერი


კეფაში დამკრა! დავბანცალებ ხელის ცეცებით...
ვიღაცამ სკამი მომაშველეთ, ჩავიკეცები!

ფროში

რა მოხდა? არა, ამიხსენით, ხალხი არა ხართ?

ზიბელი

მიწაში ჩავდებ! სად წავიდა? ცოცხლად დავმარხავ!

ალტმაიერი

თორემ ერთბაშად არ იპოვო! გაქრა ჩვენება!
კასრზე ამხედრდა, დაოთხებულს მიაჭენებდა.
ფეხს ვეღარ ვადგამ, გეგონება, ლოდები მბმოდეს!

(თვალი მაგიდისკენ გაექცევა.)

გემუდარებით, იქ ის ღვინო ჯერ ისევ მოდენს?

ზიბელი

ხიბლი იყო და თვალს ნაცარი! მოდენს კი არა...

ფროში

მაშ, რას ვყლურწავდი, რაზე გემომ არ გამიარა?

ბრანდერი

მშვიდობით, ზვრებო! ზმანებანო ფერად-ფერადო!

ალტმაიერი

კიდევ იტყვიან, სასწაულის ნუღარ გჯერათო!



© ”ჩვენი მწერლობა”

No comments: