Monday, October 13, 2008

ნუგზარ მუზაშვილი

რეფლექსია უპირველეს ყოვლისა!


1990-2004, თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია. შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი მალხაზ ხარბედია. თბ. "LINK", 2004.


"გავიბითურეთ სამშობლო,
მართლაც სამოთხის სადარი.
სხვა საქართველო კი არა,
თვით საქართველო სად არი?!"

ვ.კოტეტიშვილი


1.


ახალი წიგნების თვალიერება თუ გიყვართ, თვალში აუცილებლად მოგხვდებოდათ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილი "თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგიის" უცნაურად ჭრელი გარეკანი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უცებ ვერ მივხვდი, რომ ეს სხვადასხვაფრად გადღაბნილი ლაქები სამხედრო კამუფლაჟი იყო.
სტერეოტიპებს ყველგან და ყველაფერში შეიძლება გადააწყდეთ. ეტყობა, ლექსისა და უხეში სამხედრო ძალის სიმბოლოს ერთმანეთთან დაკავშირება გამიჭირდა. ანდაზადქცეული ერთი მოარული გამოთქმაც ხომ არსებობს - როცა ქვემეხები ქუხან, მუზები დუმანო. მაგრამ ასე არ ყოფილა. როცა ქვემეხები ქუხან, მუზები კი არ დუმან, უბრალოდ, ატეხილ აურზაურში, მათი ხმა მხოლოდ კარგი სმენის პატრონებსღა ესმით.
ანთოლოგია 1990 – 2004 წლებში დაწერილი ლექსებითაა შედგენილი და ალბათ, პირველ რიგში, იმ ცუდი სმენის პატრონებს მიემართებათ, რომელთაც ამ თოთხმეტწლიან ქაოსში, ძარცვა-გლეჯასა და კაცის კვლაში მუზების ხმა არათუ არ გაუგონიათ, მათი არსებობაც კი გადაავიწყდაათ.


2.

ანთოლოგია მნიშვნელოვანი წიგნია რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ეს გახლავთ საერთოდ პირველი საავტორო ანთოლოგია ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. ანუ კრებულში შესული ავტორები და მათი ლექსები მთლიანად შემდგენლის გემოვნებითაა შერჩეული. ეს ის თემაა, რომელზედაც იმდენი აზრი შეიძლება არსებობდეს, რამდენი პოეზიის მოყვარულიც არსებობს ამქვეყნად. ამიტომ ზედმეტი დავა და წვრილმანი კირკიტი გაუმართლებლად მიმაჩნია. ანთოლოგია ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც ავტორმა შემოგვთავაზა.
კრებული იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ უკანასკნელი საბედისწერო თოთხმეტი წლის განმავლობაში მწირ ლიტერატურულ პრესასა და ავტორთა მცირეტირაჟიან კრებულებში მიმოფანტული და ტონობით მაკულატურაში ჩამხრჩვალი ლექსები კვლავ გამოაქვს დღის სინათლეზე და სიცოცხლეს უბრუნებს.
თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი.
ის, რის გამოც მართლაც ღირს ამ ანთოლოგიაზე სპეციალური ფიქრი და საუბარი, სულ სხვა, გაცილებით ფუნდამენტური პრობლემაა, რომელიც თანაბრად ეხებათ როგორც პოეტებს, ისე მათ მკითხველებსაც.
საქმე ის გახლავთ, რომ გასულ საუკუნეში მრავალთა მიერ მრავალგზის სიამაყით გამეორებული აზრი - საქართველო პოეტების ქვეყანააო, - სრულიადაც არ იყო გადაჭარბებული. მართალია, არ ვიცი, საამაყო რა იყო ამაში, მაგრამ საქართველო არა მარტო პოეტების ქვეყანა გახლდათ, მისი უგვირგვინო მეფეებიც პოეტები იყვნენ. პოეტები განსაზღვრავდნენ ჩვენს ფასეულობებს, ოცნებებს, მთლიანად ჩვენს ცნობიერებას. ელვის სისწრაფით იყიდებოდა უზარმაზარი ტირაჟით გამოცემული პოეტური კრებულები, რაც ევროპის ყველაზე სერიოზული კულტურის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებსაც კი ძალიან აოცებდათ. მაგრამ ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე რაღაც ძალზე უცნაური და მნიშვნელოვანი რამ მოხდა. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება მისი ბოლომდე გაცნობიერება უმრავლესობას გაუჭირდეს კიდეც.
მალხაზ ხარბედიას თქმით, "წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გალაკტიონის სიტყვით, "საქართველომ პოეტისაგან და პოეტმა საქართველოსგან ისესხა მანერა საუბრის, მანერა სულის დაქანების, მანერა ბრძოლის", როცა საქართველო ისისხლხორცებდა "პოეტის გემოვნებას, მის ჩვეულებებს, მის ალერსს, მის სასიყვარულო სიტყვებს".
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ თოთხმეტ წელიწადში პოეტსა და საქართველოს შორის განხეთქილება მოხდა. პოეტმა და მისმა სიტყვამ დაკარგა ის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც მას ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ეკავა ქართულ კულტურულ სივრცეში. უცნაურია, მაგრამ ძალზე მყიფე აღმოჩნდა ის, რაც უმტკიცესი გვეგონა. მოულოდნელად, შეიძლება ითქვას, ხელის ერთი დაკვრით, ყოველგვარი ძალა და გავლენა დაკარგა იმ სპეციფიკურმა ქართულმა პოეტურმა დისკურსმა, რომლის შედევრებსაც ქმნიდნენ თავის დროზე მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, შოთა ნიშნიანიძე...
ამ გასაოცარი გადატრიალების, ამ ეპოქალური მეტამორფოზის მიზეზები ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე მიმდინარე მოვლენებში უნდა ვეძებოთ. ანთოლოგიამ ეს ყველაფერი სარკესავით აირეკლა.


3.

"გამოვიარე დრო უჟამური,
ცეცხლში გაჰქონდა წიგნებს ბრიალი,
მიწას არ ერქვა უკვე მამული
და ძეხორციელს - ადამიანი"

a. სულაკაური


სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომში საქართველომ პროცენტულად უდიდესი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ იმ დროს გამოცემული პოეტური კრებულების მხატვრებს აზრადაც არ მოსდიოდათ სამხედრო სიმბოლიკა წიგნის გარეკანზეც გაეტანათ. იმიტომ რომ, ის ომი, მიუხედავად მისი გრანდიოზულობისა და ჩვენგან გაღებული დიდი მსხვერპლისა, მაინც არ იყო ჩვენი ომი.
ის სხვათა ომი იყო.
იმ ხალხების ომი იყო, რომელთა წიაღში მიმდინარე პროცესები მთელ მსოფლიოზე ახდენენ ხოლმე ზეგავლენას.
ჩვენი ომი მხოლოდ ჩვენია. უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, ვფიქრობ, მხოლოდ ეს იყო თავიდან ბოლომდე ჩვენი ომი, რადგან იგი საქართველის დამოუკიდებლობიდან დაიბადა.
ამქვეყნად, ისევე როგორც ყველა ომს, ჩვენსასაც ორი მხარე აღმოაჩნდა. საქართველოში ჯერ ხილულმა ომმა იფეთქა მთელი თავისი ქაოტურობით, უთავბოლობით, ყოყოჩობით, ღალატით, ძარცვა-გლეჯით, დარდიმანდობით, უბადრუკობითა და მარცხით, რამაც სასტიკი სიცხადით დაგვანახა, რომ ომი ჯერ საკუთარ თავთან უნდა გაგვემართა, ჯერ შინაგანი, უხილავი ომი უნდა გადაგვეხადა, რადგან მხოლოდ ამ ომში მიღწეული გამარჯვების შემდეგ შეიძლება ხილულ ომებში გამარჯვება. მაგრამ ქვეყანამ ეს არ იცოდა, არავინ არ იცოდა, წარმოდგენა არავის ჰქონდა, სინამდვილეში როგორი იყო.
მე–20 საუკუნის მიწურულს მოულოდნელად საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილმა საქართველომ იგრძნო, რომ ქართული კულტურა და განსაკუთრებით მისი ხერხემალი – ქართული პოეზია, ძირითადად ცრუ იმედებითა და ილუზიებით კვებავდა. ქართული პოეტური დისკურსისათვის დამახასიათებელი "რომანტიკული პატრიოტიზმი" (გ. ქიქოძე), თვითგანდიდება, ნარცისიზმში გადაზრდილი ყოველივე ქართულის წრეგადასული ხოტბა-დიდება, ცუდად დამთავრდა როგორც ქვეყნის, ისე მისი პოეზიისთვის.
თავისუფლებამ, როგორც მას ეს სჩვევია, პირველ რიგში, ჩვენს ცნობიერებაში ფესვგადგმული ამგვარი წარმოდგენების რეალურობა შეამოწმა.
შედეგი?
ქვა ქვაზე აღარ დარჩა.
ეს იყო უდიდესი იმედის გაცრუება, უდიდესი კატასტროფა.
ეს განცდა დაედო საფუძვლად მანამდე წარმოუდგენელ აქტს – ვერის ბაღში, სადღაც ჭადრაკის სასახლის სიახლოვეს, ხალხმა ქართველი მწერლებისა და პოეტების წიგნები დაწვა.
ამ ბარბაროსულმა სცენამ ტელევიზორის ეკრანებზეც გაიელვა. იწვოდა მანამდე ამავე ხალხის მიერ თითქმის ღმერთკაცებად და ღმერთქალებად შერაცხილი ადამიანების წიგნები. და თუკი განვლილი თოთხმეტი წლის უბედურებამ ოდნავ მაინც გვასწავლა რამე, უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად ამ აქტის მთელი ვანდალიზმისა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.
ეს იყო დასასრული.
ხილულად თუ დიადი საბჭოეთი ინგრეოდა, უხილავად ჩვენს კულტურულ სივრცეში ქართული პოეზიის ჰიპერბოლიზებული დისკურსის ერთპიროვნული ბატონობა ითვლიდა უკანასკნელ დღეებს. საქართველომ უარი თქვა პოეტის ალერსის, მისი სასიყვარულო სიტყვების შესისხლხორცებაზე. რაც გასულ საუკუნეში ტრადიციული პოეზიის პათეტიკური ენის დამცველებს არაპოეტურად თუ არაქართულად მიაჩნდათ, დღეს სწორედ ის გახდა წარმმართველი.

4.

ახალ დროებას ყველაზე მეტი ტკივილი, ცხადია, იმ თაობის პოეტებისთვის უნდა მიეყენებინა, რომლებმაც ნებსით თუ უნებლიედ, მთელი თავისი არაორდინალური ნიჭი ჩვენში გაბატონებული პოეტური დისკურსის ძალისა და გავლენის გამყარება-გაძლიერებას შეალიეს.
თავის დროზე ვისი გული არ შეუძრავს ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეების, მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის ქმნილებებს? ჩვენში ვის შეუძლია თქვას, რომ მის ცნობიერებაზე არასდროს არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია ამ პოეტების ხშირად მართლაც ჯადოქრულ სტრიქონებს? პოეტური სიტყვის დამფასებლებს დღესაც გვახსოვს და ალბათ არც არასოდეს დაგვავიწყდება მათი არა ერთი და ორი ლექსი, მაგრამ ახალმა დროებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
"ნელი სათქმელია, ვინ როგორ გაიცნობიერა ამ კატასტროფის მიზეზები, მაგრამ ანთოლოგიაში შესული უფროსი თაობის პოეტების ლექსებში აშკარად იგრძნობა დაბნეულობა, ტკივილი, გამწარებული სიბერისა და მოახლოებული სიკვდილის მწარე განცდა. ყველაზე უკეთ ეს ყველაფერი და ისიც, რისი მოხელთებაც ასე ძნელია პოეტურ ქმნილებაში, გრიგოლ აბაშიძემ გამოხატა თავის შედევრში "არყოფნისაკენ!", რომელიც მხცოვანმა პოეტმა სწორედ გარდაცვალების წელს შექმნა.


5.

"ვერ გავფრინდები თუ სრულიად არ უარგყავი,
ოთახის კედლებს ვერ გასცდება ჩემი ღავღავი..."

გ. ალხაზიშვილი


თავის დროზე ქართულ კულტურას შეეძლო მიეღო დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძისათვის დამახასიათებელი თვითრეფლექსიის დაუძლეველი სურვილი, თვით ყველაზე უსიამოვნო სიმართლისათვის თვალის გასწორების შინაგანი მზაობა. მაგრამ თუკი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამგვარ მზაობას თავისი სივრცე გააჩნდა, უკვე მე-20 საუკუნეში, განსაკუთრებით 30-იანი წლებიდან, იგი ცეცხლითა და მახვილით იდევნება კულტურიდან. სწორედ ამ დროიდან იწყება საკმაოდ უცნაური სიმბიოზის ჩამოყალიბება - ჩვენებური ნარცისიზმი სწრაფად სინთეზირდება საბჭოურ დისკურსთან და მთელ კულტურულ სივრცეში ერთპიროვნულად ბატონდება.
მაგრამ 60-იანი წლებიდან საკმაოდ სტიქიურად იწყება საპირისპირო პროცესი - ეროვნული შინაგანად ემიჯნება და უპირისპირდება საბჭოურ დისკურსს. ამიტომ 60-იანი წლები ქართული პოეზიისთვის (და არა მარტო მისთვის) თავისებური ოქროს ხანა იყო. პოეზიისა და პოეტების ზეგავლენამ ქართულ საზოგადოებაზე ამ დროს მართლაც აპოგეას მიაღწია. ეს იყო დრო, როცა საქართველო მართლაც ისისხლხორცებდა პოეტის გემოვნებას, მის ალერსს, მის სასიყვარულო სიტყვებს. მაგრამ როგორც საზოგადოდ ალერსსა და სასიყვარულო სიტყვებს სჩვევია, ყოველივე ამან, სამწუხაროდ, მეტისმეტად არარაციონალური, მეტისმეტად თვითგანდიდებითი ფორმები მიიღო.
საინტერესოა, რომ ამავე პერიოდის ქართულ კულტურაში აქა-იქ, ზოგჯერ საკმაოდ ძნელად საცნობი ფორმებით, თავს იჩენს შედარებით რაციონალისტური მცდელობანიც. მე მგონი, პოეზიაში ამ მოვლენამ თავი იჩინა, პირველ რიგში, ტარიელ ჭანტურიასა და ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებაში გამოკვეთილი ირონიულ-პაროდიული ნაკადის სახით. უნდა ითქვას, რომ ამ გარემოებას მაშინ არავითარი განსაკუთრებული ხმაური არ გამოუწვევია. ეტყობა, ეს ამბავი განიხილებოდა როგორც რაღაც ასატანი პოეტური უცნაურობა, როგორც თავისებური პოეტური იუმორი, პლუს სხვადასხვა ვერსიფიკაციული ორიგინალობები, რაც გაბატონებულ დისკურსს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.
სამაგიეროდ, ქართულ პოეზიაში რომანტიკული პატრიოტიზმის ადეპტები მართლა ძალიან გააღიზიანა ოდნავ მოგვიანებით გამოჩენილმა ბესიკ ხარანაულისა და ლია სტურუას შემოქმედებამ. ვერლიბრი ქართული პოეზიისთვის უცხო, მიუღებელ და დასაგმობ მოვლენად გამოცხადდა.
სხვათა შორის, 70-იანი წლებიდანვე კომპარტიის ახალი ხელმძღვანელი ძალზე ენერგიულად იწყებს ეროვნული და საბჭოთა დისკურსების ხელახალი დაახლოებისა და ახალი სიმბიოზის შექმნისათვის ბრძოლას. ამ საქმეში მონაწილეობის მიღება, ცხადია, მატერიალურად მეტად მომგებიანი იყო და ბევრმა ვერ გაუძლო ცდუნებას. ბედის ირონია თუ კანონზომიერება კი ის გახლავთ, რომ უხვად კომპენსირებადი ეს ტვირთი ძირითადად ისევ რომანტიკოსმა პატრიოტებმა ზიდეს. მაგრამ, მე მგონი, ერთადერთი სერიოზული პოეტი, ვისაც ნამდვილად სჯეროდა ხსენებული სინთეზის საჭიროება და აუცილებლობა, შოთა ნიშნიანიძე იყო. მას შეეძლო თანაბრად ძლიერი ლექსები შეექმნა როგორც კომუნისტურ, ისე ეროვნულ თემატიკაზე და დიდი ზეგავლენა მოხდინა ადამიანებზე.
ასეთ ვითარებაში თავისუფალი ლექსი მართლაც მეტისმეტად უცხო და მიუღებელ ფორმად უნდა გამოჩენილიყო როგორც ეროვნული, ისე კომუნისტური დისკურსებისათვის. სინამდვილეში ვერლიბრი ერთსაც უქნიდა საშიშროებას და მეორესაც, რადგან ეს გახლავთ ფორმა, რომელიც სწორედ თავისი არაპათეტიკურობით, დამიწებულობითა და თვითრეფლექსიისაკენ გამუდმებული სწრაფვით ხასათდება.


6.

"რა ფასად გავყიდო ლექსი,
რომელსაც თითები ოდნავ რომ მოვუჭირო,
სისხლი გამოუვა ჩემი"

რ. კაიშაური


ქართულ პოეზიაში რაციონალიზმის ნაკადი მხოლოდ ირონიულ- პაროდიული სტილისტიკითა და ვერლიბრის ფორმით არ გამოვლენილა. თავად 60-იანელთა წიაღში, მიხეილ ქვლივიძის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჭილაძის, გივი გეგეჭკორის, ოთარ ჭილაძის, დავით წერედიანისა და სხვა ნიჭიერი პოეტების შემოქმედებაში ტრადიციული მოტივების გვერდით თავს იჩენს ერთგვარი ინტელექტუალური ლექსი. მაგრამ ძირითადად კონვენციური ლექსის ფორმით გამოხატული, მოაზროვნე ადამიანისათვის დამახასიათებელი რთული განცდებისა და ასოციაციების სამყარო, ძალიან კარგ მკითხველს გულისხმობს, რაც ჩვენში უმრავლესობა არასოდეს ყოფილა. ამიტომ ასეთი ლექსი კამერულ მოვლენად რჩება.
თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ისეთი პოეტებისთვის, როგორებიც არიან გივი ალხაზიშვილი, თედო ბექიშვილი, ჯარჯი ფხოველი, დავით მჭედლური და სხვები, სწორედ ამ კუთხით ემუშავათ და მრავალი საინტერესო მიგნებაც შეეთავაზებინათ მკითხველისათვის, მაგრამ 70-80-იან წლებში ვერლიბრის გარშემო ატეხილ აურზაურში ეს ყველაფერი თითქმის ყურადღების მიღმა დარჩა.
იგივე შეიძლება ითქვას იმ თაობაზე, რომელსაც მამუკა სალუქვაძე, თემურ ჩხეტიანი, ანდრო ბუაჩიძე, ნუგზარ ზაზანაშვილი, რუსუდან კაიშაური, ზაზა თვარაძე, ელა გოჩიაშვილი და სხვები წარმოადგენენ.
ეს გარემოება გულდასაწყვეტი კია, მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არ არის. რომანტიკული პატრიოტიზმითა და პათეტიკით გაჯერებულ კულტურულ სივრცეში, რეფლექსიის მძაფრი სურვილით განმსჭვალული, მაგრამ თავისი ფორმით ძირითადად კონვენციური ლექსი, ცხადია, უღიმღამო მოვლენად უნდა გამოჩენილიყო, რომელიც მასებს ვერც აღაფრთოვანებდა და ვერც აღაშფოთებდა. მაგრამ ვინა თქვა, რომ მე-20 საუკუნეში მაინცდამაინც ის არის კარგი ლექსი, რომელსაც მასები მღერიან? დასავლეთში პოეტმა დიდი ხნის წინ დაკარგა სახალხო ტრიბუნისა თუ ტრუბადურის ფუნქცია, სერიოზული პოეზია განწირულია ყოველთვის კამერულ მოვლენად დარჩეს.
მაგრამ ჩვენი 70-იანელებისა თუ 80-იანელების კამერულობა მხოლოდ მათი პოეზიის სიღრმესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ისინი ჯერ პატრიოტული ლირიკის მგზნებარებით შექმნილი მაღალი ძაბვის ფონზე ჩანდნენ ზედმეტად ცივები, ხოლო მოგვიანებით თავისუფალი ლექსის აშკარად გამოხატული "არაპოეტური" ფორმებით გამოწვეულ ხმაურსა და აყალმაყალში გამოჩნდნენ ნაკლებად გამაღიზიანებლები.
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ტიპიური ქართული გაუგებრობა, როცა რაიმე მოვლენის ფასეულობა მოწმდება არა მის არსში წვდომით, არამედ მისგან გამოწვეული ხმაურის კოეფიციენტით. დრო ყველაფერს უკეთესად დაალაგებს.



7.


"აქა ვდგავარ
და სხვაგვარადაც ძალმიძს."

ჯ. ტიკარაძე


ანთოლოგიიდან კარგად ჩანს, რომ თავისუფლებამ ნიჭიერსაც და უნიჭოსაც დააკარგვინა წაკითხვის ღირსი და თვალებში ნაცრის შემყრელი მგზნებარე პატრიოტული ლექსების წერის ხალისი.
მაგრამ ანთოლოგიიდან ისიც კარგად ჩანს, რომ სწორედ თავისუფლებამა და მასთან დაკავშირებულმა რადიკალურმა კულტურულმა გადატრიალებამ აქამდე უპირველესი მნიშვნელობის ქართული პოეზია კამერულ მოვლენად აქცია. დღეს კამერულად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტიპის ლექსი. ახლა თუ რამე იწერება, პროფესიონალი ლიტერატორების წრეს იშვიათად სცილდება. მაგრამ ეს სრულებითაც არ არის ტრაგედია. რასაკვირველია, მომავალში მკითხველი მოიმატებს, მაგრამ, არა მგონია, ოდესმე პოეტობა ისევ სარფიან საქმედ, ხოლო პოეზია საერთო-საყოველთაო მოვლენად იქცეს. გასაგებია, როცა თავისუფალ ქვეყანაში საერთო-საყოველთაო ხდება სატელევიზიო ტაშ-ფანდურა, იგივე შოუ, ლუდი "ყაზბეგი" ან კბილის პასტა "ქოლგეიტი", მაგრამ რატომ უნდა იყოს მასობრივი პოეზია?!
დღეს მორალისტები ბევრს წუწუნებენ პოეზიაში მომრავლებულ სკაბრეზულ სიტყვებსა თუ გამოთქმებზე. ნაწილობრივ ეს ანთოლოგიაშიც აისახა, მაგრამ გასაკვირი ამაში არაფერია. რაც უფრო ზეაწეული და პათეტიკური იყო ჩვენში დაფასებული პოეზიის ენა, რაც უფრო ფარისევლური იქნება ჩვენებური ობივატელის მორალი, მით უფრო დამიწებულ და ვულგარულ ენაზეც კი იმეტყველებს თანამედროვე პოეტთა უმრავლესობა, მაგრამ ეს გარდამავალი მოვლენაა.
ირონიულ-პაროდიული ლირიკის პატრიარქი ტარიელ ჭანტურია კვლავაც გვანებივრებს თავისი ახალ-ახალი ქმნილებებით, მაგრამ მისი სტილისტიკა მართლაც უკიდურესობამდე მიიყვანა კოტე ყუბანეიშვილმა. მისთვის დამახასიათებელი მაგარ-მაგარი გამოთქმების, "კოტესტროფების", "კოტეკლიზმებისა" და ერთობ არტისტული საჯარო გამოსვლების გამოისობით, დღეს იგი შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოეტადაც ჩაითვალოს.
მაგრამ ირონიულ-პაროდიული სტილისტიკა ვითარდება არა მარტო "სივრცეში", არამედ "სიღრმეშიც". ამ უკანასკნელის კარგი ნიმუში მგონია ჯუანშერ ტიკარაძის "ბებერი ჭრიჭინას სენტენციები".


8.


"თუ მართლა გიყვარდა, დამარხე.
თუ მართლა გიყვარდა, ნუღარ ამოთხრი".

ელა გოჩიაშვილი


ანთოლოგია გვიდასტურებს, რომ დღეს საქართველოში ვერლიბრის ნამდვილი ბუმია. ცხადია, ზოგს გამოსდის, ზოგსაც - ვერა, მაგრამ ახლა თავისუფალ ლექსს წერს ყველა ან თითქმის ყველა. ასე რომ, ბესიკ ხარანაული ლამის საკულტო ფიგურად იქცა.
როგორც ჩანს, ახალ პოეზიაში იმდენად მძაფრია წარსულთან გამიჯვნის სურვილი, რომ კონვენციური ლექსის წერა ძველმოდურობადაც კი აღიქმება, ხოლო მისი საკმაოდ რთული ტექნიკის ათვისება - ზედმეტ გარჯად. ეს ამბავი ძალიან ჰგავს ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებას, რადგან გარდა იმისა, რომ კონვენციურ ლექსს ნამდვილად არაფერი დაუშავებია, არც მისი შესაძლებობებია ალბათ ბოლომდე ამოწურული. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და მომავალში კიდევ რა მოხდება, ეგ ღმერთმა იცის.
თუმცა თავისუფალი ლექსის პოპუlარობის ასეთი არნახული ზრდის უმთავრესი მიზეზი ძნელი დასანახი არ არის. განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში ჩვენს კულტურულ სივრცეში ერთპიროვნულად გაბატონებული დისკურსისათვის დამახასიათებელი აშკარად ჰიპერბოლიზებული პიეტეტი ყოველივე ქართულისადმი და აქედან შობილი ნარცისიზმი, სამშობლოს მზნებარე სიყვარულით ვერ გამართლდება. სამშობლო მხოლოდ იმათ არ უყვართ, ვინც ამ გრძნობის სისტემატურ დეკლამირებასა და აფიშირებას ახდენს. ჩვენი კულტურის ამგვარი ტრაგიკული ცალმხრივობის მიზეზების კვლევა სულ სხვა საუბრის თემაა, თუმცა ერთი რამ აქვე შეიძლება ითქვას: ცალმხრივობა რაციონალიზმისა და, საერთოდ, რეფლექსიის სასტიკი დეფიციტის პირობებში გახდა შესაძლებელი. მაგრამ თავისუფლება ვერავითარ ცალმხრივობას ვერ იტანს და მით უფრო ასეთ ფუნდამენტურ საქმეში. არ ვიცი, ამას ვინ როგორ იცნობიერებს, მაგრამ დღეს სწორედ ამიტომ გახდა უმთავრესი რეფლექსია ანუ ის, რაც ასე ძალიან გვაკლდა.
მათ შორის, პოეზიაშიც.
თავისუფალი ლექსი კი თითქოს სწორედ ამისთვისაა ზედგამოჭრილი, თავისი არალოზუნგურობით, თავისი თხრობითი კილოთი, თავისი "არაპოეტური" თემებით. თავისუფალი ლექსის თემა შეიძლება გახდეს როგორც კარტოფილის ამოღება (ბესიკ ხარანაული), ასევე, ვთქვათ, ყოვლად ჩვეულებრივი კოვზები (ნუგზარ ზაზანაშვილი) ან მეტეოროლოგიის გამიჯვნა პოეზიისაგან (შოთა იათაშვილი) თავისი შესანიშნავი შედეგებითურთ.
ერთი სიტყვით, ქართულ პოეზიაში დღეს სწორედ იმ ლექსის გამარჯვებას ვხედავთ, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი ვაი-ვიშითა და წვერთაგლეჯით იწუნებდნენ ჩვენებური ნარცისიზმის ადეპტები.
არადა ერთ რამეში მართლები აღმოჩნდნენ: სანთლითაც რომ ეძებოთ, ვერც ნინო დარბაისელთან, ვერც მაია სარიშვილთან ან ზვიად რატიანთან, ვერც გიორგი ლობჟანიძესთან ან ლელა სამნიაშვილთან ერთ სტრიქონსაც ვერ იპოვით, თავმოყვარე თამადამ რომ გამოიყენოს სადღეგრძელოს გზნების ასაწევად და სუფრის წევრთა გულების ასაჩქროლებლად.
მაგრამ ეს თამადების პრობლემაა.
სხვამხრივ ყველაფერი რიგზეა.
ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, მალხაზ ხარბედიას საავტორო ანთოლოგიაში ჩაიხედოს.




© “წიგნები _ 24 საათი”

No comments: