Sunday, October 12, 2008

ეკა ცხადაძე

ყოფილთა ცხოვრების ესთეტიკა


ირაკლი სამსონაძე, ყურთბალიში (მცირე რომანი). წინასიტყვაობა ანდრო ბუაჩიძისა, რედაქტორი მალხაზ ხარბედია. ყდაზე ლევან ხერხეულიძის ფოტოები. თბ. "არეტე", 2004.


თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ირაკლი სამსონაძე უშეღავათო შემოქმედია, მისი ყველა ტექსტი მკაცრი რეალობის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და ხანგრძლივ შთაბეჭდილებად გვრჩება.
"ყურთბალიში" იმპერიის ნანგრევებში მოყოლილ ხალხსა და ქვეყანას ეხება, მისი მკაცრი რეალიზმი სულისშემძვრელი და ნაღვლიანია. მასში ყველანაირი ადამიანური განცდაა ფოკუსირებული, თითქმის ყველა ახლო წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენაა გახსენებული და ცხოვრების მდინარების კვალდაკვალ ნაჩვენები. "ყურთბალიში" ქაოსის ქმნილებაა, დაშლილი საზოგადოების წუხილია წესრიგსა და სამართლიანობაზე.
ირაკლი სამსონაძე გვიწერს მხატვრულ ტექსტს "ყოფილებზე" და თავის თავს მისსავე ცენტრში მოიაზრებს, ეს არის "ყოფილი მწერლის ცხოვრება ყოფილების საზოგადოებაში". მოქმედების თანამიმდევრობაც ქაოტური დროის შესაფერია, ერთ-ერთი გმირი სამივე ომში დამარცხების შემდგომ იარაღს გაყიდის და კონტრაბანდისტობას იწყებს.
პირველ პირში თხრობას ყოველთვის ახლავს ხოლმე ერთგვარი დუნე განვითარება სიუჟეტისა, მაგრამ ირაკლი სამსონაძის რომანსა თუ მოთხრობაში ამგვარი თხრობის უხერხულობანი სურათთა მონაცვლეობით არის დაძლეული. შთამბეჭდავია მსჯელობა "ყოფილთა" ამქარზე, როცა ყველაფერი შექცეული და გაუკუღმართებულია, როცა მართლაც დაირღვა "დროთა კავშირი" და ყოველი დილა "დაღლილობით იწყება"...
ტაქსის მძღოლი – ყოფილი მშენებელი
სამშენებლო ფირმის მეპატრონე – ყოფილი ექიმი
პოლიტიკოსი – ყოფილი სპორტსმენი
ვაჭარი – ყოფილი გლეხი
წვრილი კონტრაბანდისტი – ყოფილი მწერალი...
"ყოფილი" ადამიანების თემატიკამ ქართული მწერლობა რამდენიმეჯერ მოიცვა, ეს იყო საფუძვლიანი განსჯისა და ყურადღების საგანი გასული საუკუნის პირველ ნახევარში, ეს ახლაც საგანგებო ყურადღების ღირსია. ყოფილი ადამიანი ამაზრზენად ჟღერს და სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი მის არსში გარკვევა. ირაკლი სამსონაძე სწორედ "ყოფილების" შესწავლას ცდილობს, საგანგებოდ ინტერესდება ამ პრობლემით და უწინარესად საკუთარი პიროვნების შეცნობას ცდილობს.
"ყურთბალიში" ოჯახის განცალკევებაზეცაა, როცა დედა იძულებულია ცალკე გავიდეს და შვილისა და რძლის გარეშე მოიწყოს თავისი სადგომი. შვილს არ შეუძლია აიძულოს ორი ძვირფასი ქალი ერთად ცხოვრებაზე დაითანხმოს, მას ეს სურს და არც სურს, საბოლოოდ ყველაფერს ოჯახის მთავარ "კრუხად" ქცეული მეუღლის, ქეთინოს ნება წყვეტს და იქმნება ის რეალობა, რასაც ირაკლი სამსონაძე გვაწვდის. ასეთია ცხოვრება, ასეთები ვართ ჩვენ დღეს, ასეთები არიან ჩვენი მამაკაცები და გადაჭრით ვერავინ იტყვის, ცუდია ეს თუ კარგი.
ირაკლი სამსონაძის პერსონაჟს ყველაფერს ინერტული ყოფა და სიმშვიდე ურჩევნია. ასეთი ფუფუნება სრულიად ზედმეტი ჩანს მისი პატარა ოჯახის ცხოვრების ფონზე. ქაოსი და არამდგრადი "გარდამავალი პერიოდი" აქტიურ მოქმედებას მოითხოვს, თავად მწერალი და ინტელექტუალი იძულებული ხდება, "მისდიოს დროს" და "იყოს სოფელში"... მწერალს, შემოქმედს, მჭვრეტელს "ტვირთად" აწევს ყოფიერების ხუნდი – საკუთარი ოჯახი. მეორდება მრავალჯერ ჩავლილ-ჩასავლელი, რომელიღაც მზიამ აუცილებლად უნდა შეაგდოს ყოველდღიურობის ბილიკზე რომელიღაც მინდია. ამ მინდიამაც უნდა იომოს, უნდა დამარცხდეს, უნდა დაემორჩილოს ქალის მაცდურობას და აიკიდოს თავისი წილხვდომილი "ბუწუწაქსოვილიანი ტომარა". ირაკლი სამსონაძის "ყურთბალიშის" უმთავრესი ღირსებაა ისიც, რომ მას მთლიანობაში ჰყავს წარმოდგენილი თავისი ქვეყანა, მისი იმპერიიდან თავდაღწევის შემდგომი არსებობა.
კონტრაბანდისტობა იძულებითი ნაბიჯია უმეტესობისთვის და რახან იძულებითია, შედეგებსაც მიზერულს იძლევა. ამგვარი "ზარმაცი" კონტრაბანდისტები "ზარმაცად მდგომი ბლოკპოსტებისთვის" ორლარიანებს იმარაგებენ. ძირითადად ამგვარი ცხოვრებაა ნაჩვენები, მაგრამ არც დიდი "გაქანების" საქმოსნების ნამოღვაწარია დავიწყებული, მათ ორლარიანების მომარაგება არ სჭირდებათ და "ბლოკპოსტებიც" ლიფსიტებისთვისაა გათვლილი. ესენი სხვაგვარი კონტრაბანდისტები არიან, სხვა მფარველები ჰყავთ და სხვა პრობლემები აწუხებთ. ამ ორბიტაზე ყურთბალიშის ხიბლი არ ვრცელდება, მისი სიმბოლიკა არ მოქმედებს, მემკვიდრეობითობის და ტრადიციის სიმყარის შეგრძნება მათ სისტემაში მხოლოდ ფულთან არის დაკავშირებული. ყოფიერების არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ასეც უნდა იყოს, უნდა გვქონდეს ყველანაირი მაგალითი, უნდა გვყავდეს ყველანაირი ხალხი, უნდა განვიცადოთ მარცხის სიმწარეც და გამარჯვების სიხარულიც. ირაკლი სამსონაძის "ყურთბალიში" ყოველივე ამას შეიცავს, იგი მარტო შავი ყოველდღიურობის კონტექსტში როდი ჯდება, მასში არის გააზრება ადამიანური ბუნების სხვადასხვა გამოვლენის, მეგობრობისა და თანადგომის სიწრფელის, სინანულის და შთამომავლობის გადარჩენის.
მეგობრობისა და თანალმობის პლასტს ვახოს პერსონაჟი წარმართავს. ვახო არის ამამოძრავებელი ჩვენი მთხრობელი გმირის, რომელსაც ყველაფერს ტელევიზორთან ჯდომა და კარგი ამბის მოლოდინი ურჩევნია. ბოლოს ისიც იძულებული ხდება, აჰყვეს ვახოს და რადიკალურად შეიცვალოს ცხოვრების ნირი. იძულება და აუცილებლობა ამ შემთხვევაში თანასწორუფლებიანი ცნებებია, მათი ერთიანობა მართლაც შთამბეჭდავად აისახა ტექსტში.
ირაკლი სამსონაძის ნაწერის დამაჯერებლობას ხელს უწყობს სხვადასხვა მოვლენათა ცვალებადობა. გარეთ გასული მწერალი მხოლოდ საშოვარზე როდი გადის, ამით იგი ფსკერის მრავალგვარობას ეზიარება, ეცნობა მანამდის განუცდელს. ალღოს უღებს მიუღებელს და ადრე წარმოუდგენელს.
ფსკერიც ორგვარია ირაკლი სამსონაძის "ყურთბალიშში", ერთნი იძულებით არიან მასზე განრთხმულნი, მეორენი უბრალოდ არც იცნობენ სხვაგვარ არსებობას, ანუ "ძროზე" ერთუჯრედიანნიც და მოაზროვნენიც თანაბრად ცხოვრობენ, ფსკერის ცხოვრებას ოცნებები ალამაზებს, იმედი ასულდგმულებს და შედარებით გასაძლისს ხდის. ვისაც იტალიური კინემატოგრაფის ნეორეალიზმი ახსოვს, ძალიან კარგად გაიგებს პოსტსაბჭოური ქვეყნების პირქუშ მომხიბვლელობას. ირაკლი სამსონაძე ძალიან მისანდო და უბრალო შემოქმედია, მისი პოზა არ არის ძალდატანებითი, იგი არ აწუხებს მკითხველს, მას შეუძლია შეინარჩუნოს პიროვნულ-შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი და ისე აუბას მხარი დროის მოთხოვნებს.
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სიმბოლოა "ყურთბალიშში" – გმირს ერგნეთში მიაქვს ბუწუწა ქსოვილისგან შეკერილი ტომარა, მასში ათავსებს წიწიბურას, სხვადასხვა პროდუქტს და უნაწილებს ჯიხურებში ლეილას, მაკასა და დარეჯანს. დროთა განმავლობაში ტომარა სიმბოლოდ იქცევა, სადაც მოქცეულა გმირისთვის ძვირფასი წარსული, ასევე ძვირფასი აწმყო და მომავალი. ტომარა მოუცილებელი რამ ხდება მწერლისთვის, იგი მისი სიზიფეს ლოდია, აკიდების დღიდან მშობლიური. ვახო (ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი) ვეღარ უძლებს, მწერალი იტანს, ერთს არც ცოლი ჰყავს და არც შვილი, მეორეს ორივე ჰყავს და დამატებით დედის მხარდაჭერაც ეგულება. ვახომ სამივე ომი წააგო, მწერალმა სამივე განიცადა, მაინც სამივეს ომს ვეძახით, თორემ სინამდვილეში როგორ იყო და რა იყო, მხოლოდ ყველაფერში გარკვეულმა და წილდებულმა აფთრებმა უწყიან.
იმპერიამ ვეღარ შეძლო შეგუებოდა გარდუვალობას, მასებმა ვეღარ გაუძლეს იმპერიის დამთრგუნველობას, უკმაყოფილებამ და ბოღმამ წალეკა ადამიანური გრძნობები და ამ ქაოსში სულ მიგვავიწყდა, როგორ მოვიპოვეთ ყველაზე ძვირფასი და ხანგრძლივ ნაოცნებარი დამოუკიდებლობა. ჩვენი "შესაქმის წიგნი" თავიდან იწერება.
ირაკლი სამსონაძე თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული ნეორეალიზმის ერთ-ერთ შემოქმედად, რადგან მან პოსტსაბჭოური საქართველოს უტყუარი და ზუსტად ფოკუსირებული ტექსტები შექმნა. მისი "ყურთბალიში" მართალი და შთამბეჭდავია, სწორედ ამიტომ აირჩია იგი "არეტემ".


© “წიგნები - 24 საათი”

No comments: