Showing posts with label = ახალი ამბები =. Show all posts
Showing posts with label = ახალი ამბები =. Show all posts

Wednesday, October 17, 2012

ბუკერის პრემიის ლაურეატი ჰილარი მენტელი გახდა


ბრიტანელი მწერალი, ჰილარი მენტელი, 2012 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა რომანისთვის "ამოიტანეთ გვამები".
ჰილარი მენტელი ბუკერის პრემიის ისტორიაში შევიდა, როგორც მესამე ავტორი, რომელმაც პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მეორედ მოიპოვა. ის პირველი ქალი გახდა, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ბუკერის პრემია.

ბრიტანელმა მწერალმა პირველი პრემია 2009 წელს რომანისთვის "მგლების დარბაზი" ("Wolf hall") მიიღო. ნაწარმოების სიუჟეტი ინგლისის მეფის, ჰენრი VIII-ს მმართველობის პერიოდზეა და მოგვითხრობს სამეფო კარზე განვითარებულ პოლიტიკურ ინტრიგებზე. რომანის მთავარი გმირი ტომას კრომველი, მეფის მრჩეველი და მასთან დაახლოვებული ისტორიული პიროვნებაა. სწორედ ამ რომანის, "მგლების დარბაზის" გაგრძელებაა მენტელის "ამოიტანეთ გვამები" ("Bring Up the Bodies").ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომაა მენტელი ბუკერის პრემიის ისტორიის გამორჩეული გამარჯვებული. ის პირველი ავტორია, რომელმაც ასეთი მოკლე შუალედით აიღო ბუკერის პრემია 2009 და 2012 წელს . გარდა ამისა ბრიტანელი მწერალი პირველია, რომელსაც ტიტული რომანის გაგრძელებისთვის ერგო. მენტელის და ბუკერის ისტორია შესაძლებელია არც დასრულდეს მწერლის და მისი რომანების ზემოთჩამოთვლილი მიღწევებით. ჰილარი მენტელი ტრილოგიის მესამე ნაწილზე მუშაობს. ჯერჯერობით ახალი რომანის გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის. მესამე წიგნის სამუშაო სახელწოდებაა "სარკე და სინათლე" "The Mirror and the Light".

ბუკერის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ: ეს იყო გრძელი და უნიკალურად საინტერესო მოგზაურობა, არა მხოლოდ ჰილარი მენტელისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ბუკერის პრემიასთანაა დაკავშირებული. ჟიურის წევრებისთვის ეს მოგზაურობა 9 თვიან სამუშაო პროცესს ნიშნავდა, პროცესს, რომელიც სავსე იყო ნერვიულობით და ამავდროულად სიამოვნებით. ჟიურის წევრებმა "შორთ ლისტში" გასული რომანები სულ მცირე სამჯერ წაიკითხეს. ახლა ისინი მათ გადაწყვეტილებაზე საზოგადოების ვერდიქტს ელოდებიან. თუმცა მათ არ აქვს ნერვიულობის მიზეზი, რადგან "ამოიტანეთ გვამები" პუბლიკის და კრიტიკოსების მიერ ერთხმადაა მოწონებული".

Tuesday, February 1, 2011

მარიო ვარგას ლიოსა: დაგვიანებული ნობელის პრემია


ვოლფგანგ შტოკი
სტოკლჰომიდან დღეს შესანიშნავი ამბავი მოვიდა: წლევანდელი ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო პერუელმა მწერალმა მარიო ვარგას ლიოსამ. ისე საკმაოდ დიდხანს კი მოუხდა ცდა.
მარიო ვარგას ლიოსას პირველად ლიმაში 80-იანი წლების დასაწყისში შევხვდი. ცოტა ხნით ადრე ანდებში, უჩურაკეიში, ინდიელებმა რვა ჟურნალისტი ჩაქოლეს. ეს ის დღეები იყო, როცა ქუჩაში პირველად გაისმა სახელი Sendero Luminoso, (ესპ. გაბრწყინებული გზა) და ამ მაოისტი პარტიზნების სისხლიან ტერორს პერუელების ცხოვრება მომდევნო ათი წლის განმავლობაში კალაპოტიდან უნდა ამოეგდო.
უმწიკვლო რეპუატაციის მქონე, თუმცა უკვე სიბერეშეპარულ პრეზიდენტ ფერნანდო ბელაუნდე ტერის აღელვებული საზოგადოების დაწყნარება მართებდა და მოიწვია კიდეც საგამომძიებლო კომისია, რომელსაც უნდა დაეცხრო მღელვარება საზღვარგარეთსა თუ ადგილობრივ ინტელექტუალურ წრეებში. მერედა ვინ იქნებოდა ამ კომისიის ყველაზე სავარაუდო თავმჯდომარე? ბელაუნდეს არჩევანი შეჩერდა მწერალზე, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ სარგებლობდა უსაზღვრო პატივისცემითა და სიყვარულით, თანაც არა მარტო საკუთარ სამშობლოში. ასე გახდა მაშინ ორმოც წელს გადაბიჯებული მარიო ვარგას ლიოსა ამ სამკაციანი კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეს საშინელი შემთხვევა უნდა გამოეძია.
სამყაროს შექმნისას, - მიხსნიდა მოგვიანებით მარიო ვარგას ლიოსა, - ღმერთმა თავს ბოროტი ხუმრობის უფლება მისცა: მილიონ კვადრატულ კმ-ზე ნაკლებ ტერიტორიაზე სამი სრულიად განსხვავებული ნიადაგური ზონა - საჰარა, ტიბეტი და კონგო - ჩააკვეხა. ამ სამ ლანდშაფტურ ზონაში გაბნეულმა, სამ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და რასისტული თუ სოციალური კონფლიქტებით თავგზააბნეულმა 24 მლ პერუელმა დაბალგანვითარებული ქვეყნის ყველა ჭირი და სატკივარი უკლებლივ გამოსცადა.
ისე, ამ შემთხვევაში, გამართლებულია კი საერთოდ „პერუელობასა“ თუ რაიმენაირ ნაციონალურ იდენტობაზე საუბარი, როცა საქმე ეხება სრულიად განსხვავებულ ხალხთა - ინდიელებისა და ჩინელების, თეთრებისა და შავების ჭრელ ნაზავს? სინამდვილეში, პერუ ქვეყნების კონგლომერატია. საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა კულტურათა ერთობლიობა, რომელსაც სამწუხაროდ სიმტკიცე არ გააჩნია. როცა სანაპიროდან მთებში ადიხარ, იცვლება არა მარტო კლიმატური ზონა, არამედ ენაც და ზოგჯერ გეჩვენება, რომ თვით საუკუნეც. ეს მრავალფეროვნება წარმოადგენს სწორედ პერუს უდიდეს პრობლემას, თუმცა, მეორე მხრივ, ისიც მჯერა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრეცაა. ჩვენ სხვადასხვა მდიდარი კულტურის მემკვიდრენი ვართ.

მაგრამ როგორ უნდა შეძლონ ამ განსხვავებულმა კულტურებმა ერთმანეთთან ჰარმონიაში ცხოვრება? ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს თუნდაც სამი განსხვავებული ენა - ორი ინდიელების ენაა: კეჩუა, აიმარა, მესამე - ესპანური - , რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ დისკრიმინაციაზე. ამ წუთში ჰარმონია ძნელად წარმომიდგენია, რადგან კულტურულ განსხვავებულობათა მიღმა ღრმა ეკონომიკური დისპროპორცია იმალება. გლეხების, კეჩუებისა და აიმარებისათვის სამყარო ესპანიზირებული პერუს სახით არსებობს. მეორე მხრივ, არიან ისეთი კულტურები, როგორიცაა ჩინური და აფროამერიკული, რომელთა ინტეგრაცია პერუს საზოგადოებაში უფრო მაღალია. მკვეთრი აფრიკული გავლენა იგრძნობა არა მარტო ჩვენი სანაპირო რეგიონების მუსიკაში, არამედ ლიტერატურაშიც.
მარიო ვარგას ლიოსასასნაირ პიროვნებას ფრანგები დაახასიათებდნენ, როგორც homme d’esprit-ს, ანუ გონიერ ადამიანს. ჰოდა, ამ გონიერმა ადამიანმა ორი თუ სამი არაჩვეულებრივი რომანი გამოაქვეყნა, ყოველკვიურად აცხობს ესეებს, უმრავლეს შემთხვევაში ზღაპრულს, ექსპრომტად წარმოთქვამს ბრწყინვალე სიტყვას. მარიო ვარგას ლიოსა ენობრივი ტექნიკის ისეთი ვირტუოზია, რომლის მსგავსიც ნაკლებად მოიძებნება თანამედროვე ლიტერატურაში, შესანიშნავი იმაჟინისტი და საერთოდ, მაგარი კაცია. იგი ითვლება თავისი სამშობლოსა თუ კონტინენტის თვალმახვილ და სიტყვაუხვ დამკვირვებლად, პიროვნებად, რომელსაც რჩევასაც ეკითხებიან და უჯერებენ კიდეც.
ვარგას ლიოსა დაიბადა 1936 წელს არეკიპაში, პერუს სამხრეთით. არეკიპა მნახველზე ლამაზი ქალაქის შთაბეჭდილებას ახდენს. 800 000-იანი მოსახლეობა ფანტასტიკური მთიანი ლანდშაფტითაა გარშემორტყმული. არეკიპას პერუს თეთრ ქალაქსაც ეძახიან, რადგან ბევრი მისი ქუჩა თუ გზა თეთრი ვულკანური ქვითაა მოკირწყლული. ვულკან El Misti-ს დათოვლილი მწვერვალი თეთრ ბრწყინვალებას ჰფენს ქალაქს, რომელმაც ძირითადად შესძლო თავისი თვალწარმტაცი კოლონიალური არქიტექტურის შენარჩუნება. თუმცა ამ იდილიაა აქ მაინც ბუნების ძლევამოსილება, განაგებს, რომელიც არავინ იცის, როდის დაგატყდება ვერაგულად თავს მიწისძვრისა თუ ვულკანური ამოფრქვევის სახით. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ან ლავამ უნდა დაგწვას, ან მიწამ გიყოს პირი, რადგან ამ მომხიბვლელ ქალაქს და საერთოდ მთელ ამ ქვეყანას თითქოს საზღაური ეზღვება რაღაც ბნელი დანაშაულის გამო.
რა უნდა ქნას ამ სიტუაციაში კარგმა მწერალმა, ნეიტრალური დარჩეს თავისი ქვეყნის აუტანელი მდგომარეობის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აღწეროს, თუ პირიქით, შეაფასოს ყველა ეს წინააღმდეგობრიობა და გათიშულობა? რა თქმა უნდა, პატიოსანი და ჭეშმარიტი ( აუთენტური) ლიტერატურა მხოლოდ და მხოლოდ სინამდვილის ასახვას კი არ წარმოადგენს, არამედ იგი აფიქსირებს თავის პოზიციასა და თვალსაზრისს. იგი ავლენს რაიმე პერსპექტივას და ეს უკვე შეიცავს შეფასების გარკვეულ სახეობას. ყოველ ნამდვილ ლიტერატურას ხომ ბოლოს და ბოლოს კრიტიკული ფუნქცია აკისრია, მე ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში. იგი აყენებს პრობლემას, აღწერს უკმაყოფილებას, სიცარიელეს ან წუთისოფლის გაუტანლობას.
70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ლათინოამერიკული ლიტერატურის პირველმა ბუმმა პიკს მიაღწია, ამ ლიტერატურის მოყვარულთა მიერ შედგენილ „ჰიტპარადში“ მაშინ ექვსი გვარი ლიდერობდა: კოლუმბიელი გაბრიელ გარსია მარკესი, მექსიკელები ხუან რულფო და კარლოს ფუენტესი, კუბელი ხოსე ლეზამა ლიმა, არგენტინელი ხულიო კორტასარი და პერუელი მარიო ვარგას ლიოსა. დღეისათვის თუ ამ სიას თავიდან შევადგენთ, ამ დიდი ექვსეულიდან ორი გვარიღა თუ დარჩება. სამი მათგანი უკვე მშვიდად შეექცევა „დაიკირს“ ზეცაში, ავტორთა დიად სულ „მანიტუსთან“ ერთად, მეოთხე უაზროდ ხარჯავს თავის მომხიბვლელობას ფუჭ ლაყბობასა და უაზრო ფელეტონების წერაში. მხოლოდ და მხოლოდ „გაბო“, ანუ გაბრიელ გარსია მარკესი და მარიო ვარგას ლიოსაღა აგრძელებენ დრიბლინგს მსოფლიო ლიტერატურის იმ ჩემპიონთა ლიგაში, სადაც ადრე გუსტავ ფლობერი და ფრანც კაფკა თამაშობდნენ.

ვარგას ლიოსა ცხოვრობს პოლ ჰარისის დამბასთან Malecón Paul Harris, უზარმაზარ თეთრ ვილაში, რომლიდანაც წყნარი ოკეანე მოსჩანს. თუმცა ლიმას ამ უბანში, ბარანკო რომ ჰქვია და სადაც გამუდმებით ზღვა ხმაურობს, ძნელად თუ მოიძევ მარიოს და მის სათნო მეუღლე პატრიციას. მარიო, პერუს ეს პირუთვნელი მემატიანე დღეისათვის დაკარგულია სადღაც ლონდონსა და მადრიდს შორის, ნაცვლად იმისა, რომ მალაფროლეს კაფეში იჯდეს, ან ამაზონის ნაპირებზე ისიცხებოდეს და თავისი სამშობლოს ისტორიას იკვლევდეს. ფუხიმორის ავტოკრატულ რეჟიმთან ოპოზიციაში ყოფნამ და Sendero Luminoso-ს ტერორისტების მუქარამ იგი აიძულა ოჯახთან ერთად 90-იანი წლების დასაწყისისათვის ევროპაში ეძია თავშესაფარი. 1993 წელს მწერალმა დამატებით ესპანეთის მოქალაქეობაც მიიღო.
მაინტერესებს, რამდენ ავტორს შეუძლია ისეთ ქვეყანაში, როგორიც პერუა, მარტო მწერლობით გაიტანოს თავი. არცერთს, - მპასუხობს მარიო ვარგას ლიოსა. უმეტესობა სხვა პროფესიასაც ითავსებს, მაგალითად ხულიო რამონ რიბეირო, რომელიც დიპლომატიურ სამსახურშია, სხვები ჟურნალისტობენ ან მასწავლებლობენ. თუმცა მასწავლებელიც და ექიმიც საკმაოდ შეჭირვებულად ცხოვრობს იმ ხელფასზე, რომელიც 200 ან 300 დოლარს არ აჭარბებს, ამ ქვეყანაში ხომ განათლებაზე თავი არასდროს არავის შეუწუხებია, პერუს სკოლებსა და უნივერსიტეტებს აღჭურვაც ცუდი აქვთ და ვერც კარგი სახელით მოიწონებენ თავს. ვისაც საშუალება აქვს, თავის შვილს კერძო სკოლებში ატარებს, მერე კი სტენდორფსა და სორბონაში აგზავნის.
ყველა პრემიისა და ჯილდოს მიუხედავად ამ მაგისტრის (MVLL-როგორც შემოკლებით პერუში ეძახიან) მწერლურ სიკაშკაშეს მცირე ჩრდილი მაინც ადგას. სულ ოცდაათი გაზაფხული ჰქონდა მოყრილი, - კალენდარზე 1966 წელი ეწერა - თავისი Opus magnum (უმთავრესი ნაწარმოები) რომ გამოაქვეყნა. მწვანე სახლი - დროსა და სივრცეში ვირტუოზულად ჩახლართული რომანია და უპირობოდ მიეკუთვნება მე-20 საუკუნის ენობრივად უძლიერეს 20 ნაწარმოებს. მწვანე სახლი - ესაა ისტორიები პერუს ჩრდილოეთით, ქალაქ პიურაში მდებარე საროსკიპოზე და მთელი ქვეყნის მეტაფორული სახე. იგი აღწერს ამ ქალაქის მცხოვრებთა ავხორცულ ვნებებს, ყოველდღიურობაში გამეფებულ პირველყოფილ ძალადობას, მიკროკოსმოსის სახით წარმოგვიდგენს პერუელ ხალხთა ფეთქებადი ერთადყოფნის პერიპეტიებს.
ყველაფერი, რაც კი მწვანე სახლს მოჰყვა უეჭველად კარგი, ან ძალიან კარგია. თუმცა არც დეიდა ხულია და არც დედინაცვლის ქებათქება, ან თუნდაც მისი ბოლო, 2006 წელს გამოსული რომანი საძაგელი გოგონა ახლოსაც ვერ მივა მწვანე სახლის ენობრივ გენიალურობასთან. ერთადერთი თუ დავასახელებთ ორ ნაწარმოებს: საუბარი ტაძარში და უფრო გვიანდელს ვაცის დღესასწაული, თუმცა მწვანე სახლისნაირი მაინც არც ერთი არაა. ალბათ მარიო ვარგას ლიოსა თავს იმ 100 მ დისტანციაზე მორბენალივით გრძნობს, რომელმაც მჩქეფარე კარიერის დასაწყისში ეს დისტანცია 9,7 წამში დაფარა, მერე კი 10,4-სა და 10,6-ს ვერ ჩამოსცდა. ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდულ ასაკში მიღწეული ასეთი შემოქმედებითი პიკი მარტო დონ მარიოს ხვედრი არ არის და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც შეიმჩნევა. განა „ბიტლზების“ წევრმა, პოლ მაკარტნიმ, 21 წლის ასაკში არ შექმნა თავისი საუკუნო სიმღერა Yesterday? 30 წლის არც კი იყო, უკანასკნელი შედევრი Let it be რომ გამოუშვა.

1990 წელს მარიო ვარგას ლიოსა მამაცურად გადაეშვა ისეთივე მრავალწახნაგოვან და ველურ ავანტიურაში, მის რომანებში რომაა აღწერილი - გადაწყვიტა, ქვეყნის პრეზიდენტობაზე ეყარა კენჭი, რომელიც სრულიად განადგურებული იყო სოციალისტ-პოპულისტ ალან გარსიას მმართველობის შედეგად. გამარჯვების იმედს ის უზარმაზარი ავტორიტეტი უნერგავდა, რაც მას თავის სამშობლოში ჰქონდა და რითაც მთელი თავით უსწრებდა მეტოქეებს. ვარგას ლიოსამ წააგო არჩევნები, თანაც სენსაციურად, დიდი ანგარიშით დამარცხდა ვიღაც არარაობასთან, იმ დროისათვის სრულიად უცნობ, იაპონური წარმოშობის „სენიორ-სანთან“, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკოსთან.
ალბერტო ფუხიმორიმ, რომელსაც ხალხი უფრო სიყვარულით, ვიდრე დაცინვით „ჩინელს“ ეძახდა, თავისი თერთმეტწლიანი პრეზიდენტობის მანძილზე მიაღწია ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას, დააპატიმრა Sendero Luminoso-ს შეშლილი მეთაური, ფილოსოფოსი, პროფესორი აბიმაელ გუზმანი. თუმცა ამავდროულად უშიშროების ფაქტობრივი მმართველის, ვლადიმირო მონტესინოს ხელით მთელი ანდების რესპუბლიკა მოაქცია კორუფციისა და თვითნებობის ქსელში. როცა 2000 წელს ეს ქსელი ერთბაშად ჩაწყდა, აზიაში საქმიანი ვიზიტად მყოფმა „ჩინელმა“ თავის ქვეყანას ორსიტყვიანი ფაქსით აცნობა, პრეზიდენტობაზე უარს ვამბობო.
ვარგას ლიოსამ არჩევნებში დამარცხება მაშინ ძალიან რთულად გადაიტანა. ეს როგორ დაემართა, თანაც ვის, ერის უბრწყინვალეს შვილს. თუმცა ინდიელებმა და უპოვრებმა, ანუ ამომრჩეველთა უმეტესობამ მას ორი სიტყვით გამოუტანა განაჩენი: მეტისმეტად თეთრია, მეტისმეტად მდიდარი, მეტისმეტად ევროპელი. მათ უფრო თავისიანად მიიჩნიეს იაპონელი ფუხიმორი, თავისი უცნაური გამოსვლებითა და ცუდი ესპანურით. ინტელექტულურმა სამყარომ კი ნამდვილ ღვთის წყალობად უნდა ჩათვალოს, რომ ვარგას ლიოსამ 1990 წლის არჩევნები პირწმინდად წააგო. პერუელები დაკარგავდნენ შესანიშნავ მწერალს და მიიღებდნენ საცოდავ პრეზიდენტს.
ვარგას ლიოსა ნამდვილი ლიტერატურული ჯადოქარია, ყველაფერი ეხერხება: წერს ყოველკვირეულ სვეტებს ესპანური გაზეთისათვის El País, ქმნის რომანებს, ისეთ ეროტიკას აცხობს, რომ პლეიბოის მკითხველებსაც კი აწითლებს, წერს პიესებს, გამოდის სატელევიზიო შოუებში და სხვა გზა თუ აღარ აქვს, კინოფილმებსაც კი იღებს.
როცა 1967 წელს მარიო ვარგას ლიოსას რომულო გალეგოს სახელობის უაღრესად საპატიო პრემია გადასცეს, ბევრმა მისი სამადლობელი სიტყვა ფიდელ კასტროსა და საერთოდ ამ ნახევარსფეროზე ატეხილი რევოლუციების მგზნებარე ქებად აღიქვა. საინტერესოა, რამდენად შეიცვალა მისი შეხედულებები დროთა განმავლობაში? ახლა როგორ აღიქვამს სამყაროს? რა თქმა უნდა, რაღაც მოსაზრებები შემეცვალა. თუმცა უფრო პოლიტიკურ ნიადაგზე. რაც შეეხება ლიტერატურასა და ლიტერატურულ მოღვაწეობას, ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. იყო დრო, როცა პოლიტიკურად მარქსისტულ ანალიზს ვემხრობოდი. მაშინ მჯეროდა რევოლუციისაც, დაბალგანვითარებულ ქვეყნებში სტრუქტურათა ძალადობრივი შეცვლის აუცილებლობისაც და ამით ვფიქრობდი ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას. თანდათანობით ჩემში მომწიფდა აზრი მარქსიზმის უსამართლობის შესახებ.
რაში მდგომარეობს მარქსიზმის უსამართლობა, - ვეკითხები მწერალს. რადგან სწორედ უსამართლობის აღმოფხვრა იყო ის დევიზი, რომელიც მის დროშაზე ეწერა. პოლიტიკური, პიროვნული და ასევე შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვით ჰქმნიან ისეთ საზოგადოებებს, სადაც ინდივიდს სუნთქვის საშუალება ესპობა. მე რეფორმატორი ვარ და დიქტატურის ნებისმიერ ფორმას ვეწინააღმდეგები. ჩვენი მიზანი უნდა იყოს იმგვარი მშვიდობიანი თანაარსებობა, რომელიც იფუნქციონირებს არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ ხალხს რამე მატერიალურსაც შესთავაზებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყნები იტანჯებოდნენ დიქტატორი მმართველების, კორუმპირებული მთავრობებისა და არაეფექტური ადმინისტრაციების გამო. მე ყველანაირი «ხსნის» თეორიების წინააღმდეგი ვარ, მარჯვნიდან იქნება წამოსული თუ მარცხნიდან. არ მჯერა, რომ პრობლემა შეიძლება გადაიჭრას აბსოლუტურად, მხოლოდ შედარებით მოწესრიგებას ვაღიარებ.

სულით, გულით და გამომეტყველებით მარიო ვარგას ლიოსა განეკუთვნება სამხრეთ ამერიკის განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე, ლიბერალურ მოქალაქეთა ნაწილს. მას მერე, რაც 1977-80 წწ. ავტორთა საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტობაც გამოსცადა, ღრმა და გულწრფელი ანტიპათიით განეწყო გერმანელ გიუნტერ გრასისა და კოლუმბიელ გაბრიელ გარსია მარკესის მიმართ. გრასი ორმაგი სტანდარტით ზომავსო, ჩივის ვარგას ლიოსა. ლათინურ ამერიკაში სულ რაღაცეებს იცავს, მაგალითად, კუბაში პრესისა და სამოქალაქო უფლებათა იმგვარ თავისუფლებას მოითხოვს, რასაც თავის მშობლიურ გერმანიაში არასდროს მოიწონებდა. სწორედ გერმანელებს მართებთ გაფრთხილება ყალბი რომანტიზმის მიმართ. ფიდელ კასტრო ნამდვილად არ არის რობინ ჰუდი.
იგი გაბრიელ გარსია მარკესს გულწრფელად სცემს პატივს და მას ნობელის პრემიის ღირსეულ ლაურეტად თვლის. თუმცა სხვა სამხრეთ ამერიკელს, არგენტინელ ხორხე ლუის ბორხესს უფრო კარგ მწერლად მიიჩნევს. როცა მარიო ვარგას ლიოსა ამ სიტყვებს ნობელის ლიტერატურული პრემია წარმოთქვამს და იმ მწერლებზე მსჯელობს, რომლებმაც ეს პრემია მიიღეს და იმათზეც, ვისაც მისი აზრით უფრო ეკუთვნოდა, ხმას მაღლა უწევს და მოუთმენლობა ემჩნევა. თვითონ სიამოვნებით მიიღებდა, ეს მისი უდიდესი სურვილია, აშკარად ემჩნევა. თუმცა შვედეთის ხელოვნების აკადემია აწვალებს, ალოდინებს, ასე გრძელდება 2010 წლამდე.
და აი, დადგა ეს ნანატრი დღე, მიიღო პრემია. დაგვიანებულია, სამწუხაროდ მეტისმეტადაც კი. ამასობაში ბრწინვალება მოაკლდა ლათინოამერიკული რომანის მაგიური რეალიზმის სიკაშკაშეს. მის ბოლო მოთხრობებში მარიო ვარგას ლიოსას ცნობილი სტილი კი იცნობა, თუმცა რაღაც მოძველებული თუ პატრიარქარული იერიც დაკრავს უკვე. თხრობის დონეების მონაცვლეობა, შინაგანი მონოლოგის ტექნიკა, სიუჟეტური ძაფების ჩახლართულობა - ეს თხრობის ის ტექნიკური მრავალფეროვნება იყო, რაც 1977 წლისათვის ყველას ნუსხავდა. მას შემდეგ ნახევარი მარადისობა გავიდა და დღეს ეს ყველაფერი ნოვატორულად და გზის გამკვალავად აღარ ითვლება. ამასობაში სხვა გიჟები გამოჩნდნენ. ამიტომაც გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ ეს პრემია დაგვიანებული და მართლაც დასანანად გაჯანჯლებულია. თუმცა აქვე სასწრაფოდ ვამატებ: ნამდვილად დამსახურებულია.
გერმანულიდან თარგმნა შორენა შამანაძემ


*ავტორის შესახებ:
ვოლფგანგ შტოკი
- მედიამეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი, ავტორი., გამომცემელი. 1995 წლიდან ხელმძღვანელობს მედიასახლს „სპორტლაით ფერლაგი Spotlight Verlag“ მიუნხენში, გამოსცემს ექვს სხვადასხვაენოვან ჟურნალს, ამას გარდა აქვს ორი ინტერნეტბლოგი: www.stockpress.de , რომელშიც ლიტერატურულ წერილებს, ინტერვიუებსა და რეპორტაჟებს ბეჭდავს და www.stocpunkt.com, სადაც მედიებსა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს აქვეყნებს.
© kalmasoba.com

Sunday, January 23, 2011

მარიო ვარგას ლიოსა - სანობელე ლექცია, სტოკჰოლმი, 2010, 7 დეკემბერი


VIDEO

კითხვის ჩვევისა და ლიტერატურისადმი პატივის მისაგებად

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

კითხვა ხუთი წლის ასაკში ვისწავლე, მამა ხუსტინიანოს კლასში, დე ლა სალის აკადემიაში, რომელიც კოჩაბამბაში, ბოლივიაში მდებარეობს. თუკი რამ შემმთხვევია ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, სწორედ ეს იყო. ლამის სამოცდაათი წლის თავზეც მკაფიოდ მახსენდება, რა ჯადოსნობა იყო მაშინ წიგნში ამოკითხული სიტყვების გადაქცევა სახეებად, რომლებიც ცხოვრებას მიმდიდრებდნენ და დროის და სივრცის წინაღობას ტეხდნენ. მათი წყალობით გამივლია კაპიტან ნემოსთან ერთად ზღვის ქვეშ ოცი ათასი მილი, დარტანიანთან, ათოსსთან, პორთოსთან და არამისსთან ერთად დედოფლის წინააღმდეგ ჩუმჩუმელა რიშელიეს წამოწყებულ ინტრიგებს შევწინააღმდეგებივარ, პარიზის მიწისქვეშეთიც მომივლია, ჟან ვალჟანადაც ვქცეულვარ და მარიუსის უსიცოცხლო სხეული საკუთარი ზურგით მიტარებია.
კითხვა ოცნებებს ცხოვრებად აქცევდა, ცხოვრებას - ოცნებად, და იმ პატარა ბიჭისთვის, ოდესღაც მე რომ ვიყავი, ლიტერატურით ნაშობ სამყაროს მისაწვდომს ხდიდა. დედაჩემი მიამბობდა, თურმე ჩემს პირველ ნაწერებში იმ ამბებს ვაგრძელებდი, წიგნებში რომ ვკითხულობდი, რადგან ამბის დასრულება სევდას მგვრიდა, ან, შესაძლოა, წიგნის დაბოლოების შეცვლა მსურდა. და, ახლა რომ ვფიქრობ, გაუცნობიერებლად, როგორც სჩანს, მთელი ცხოვრება ეს მიკეთებია და ახლაც ამას ვაკეთებ: გავიზარდე, მოვწიფდი, მერე დავბერდი, და მთელი ეს წლები დროში ვაგრძელებ ამბებს, რომლებიც ჩემს ბავშვობას ეგზალტაციით და ფათერაკების მაძიებლობის ჟინით ავსებდნენ.
ახლა ვნატრობ, ნეტავ აქ იყოს დედაჩემი, ქალი, რომელსაც შეეძლო ამადო ნერვოს და პაბლო ნერუდას ლექსზე ეტირა, დიდცხვირა, მელოტი პაპაჩემი პედროც, ყოველ ჩემს ლექსს დღესასწაულივით რომ ხვდებოდა; ძია ლუჩო, რომელიც ერთობ ენერგიულად მარწმუნებდა, სული და სხეული ლიტერატურისთვის მიმეძღვნა, იმ დროს და ადგილას, როდესაც და სადაც სიტყვაკაზმულობისადმი თავდადება არავის უფასდებოდა. მთელი ცხოვრება გვერდში სულ ასეთი ადამიანები მედგნენ, ადამიანები, რომლებსაც ვუყვარდი, რომლებიც, როცა დაეჭვების წლები მედგა, სულის მხნეობას მმატებდნენ. მადლობელი ვარ მათი, რა თქმა უნდა, ჩემი ატანილობისაც, და გარკვეულწილად, იღბლიანობისაც, რაკი შევძელი და სიცოცხლის მეტი ნაწილი წერის ვნებას და ცოდვას, ამ სასწაულს ვუძღვენი და პარალელური სიცოცხლე შევიქმენი, რომელიც განსაცდელებში თავშესაფრად და ნავსაყუდელად მექცა, რომელიც არაჩვეულებრივ რამეებს ბუნებრივად აქცევს და ბუნებრივს კი სასწაულად, ქაოსს ფანტავს, სიმახინჯეს მშვენებას სძენს, წუთს უკვდავჰყოფს და სიკვდილს მომნუსხველ სპექტაკლად აქცევს.
ამბების წერა ადვილი არ იყო. როცა ამბავი სიტყვად იქცევა, ჩანაფიქრი ქაღალდზე დნება და იდეები და სახეები თითებს შუა გეპარება. როგორ ხდება მათი ხელახლა გაცოცხლება? საბედნიეროდ, მყავდნენ ოსტატები, მასწავლებლები, რომელთაგან ვსწავლობდი და რომელთა მაგალითს მივდევდი. ფლობერისგან ვისწავლე, რომ ნიჭი უტეხი დისციპლინა და უსასრულო მოთმინებაა; ფოლკნერისგან - რომ ფორმა - წერა და სტრუქტურა - საგნებს აღამაღლებს ან პირიქით, განძარცვავს და აღარიბებს. მარტორელმა, სერვანტესმა, დიკენსმა, ბალზაკმა, ტოლსტოიმ, კონრადმა, თომას მანმა მასწავლეს, რომ მასშტაბურობა და ამბიცია რომანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სტილური სრულქმნილება და თხრობის სტრატეგია. სარტრმა - რომ სიტყვები ქმედებებია, რომანი, პიესა, ან თუნდაც ესე კი აწმყო დროსა და უკეთეს არჩევანს შეიცავს და ისტორიის მდინარების შეცვლა ხელეწიფება; კამიუმ და ორუელმა - რომ მორალურის განცდისგან განძარცვული ლიტერატურა არაადამიანურია, მალრომ - რომ ჰეროიზმი და ეპიკურობა დღესაც ისევეა შესაძლებელი, როგორც არგონავტების, ,,ოდისეის" და ,,ილიადის" ხანაში.
ამ მომართვაში ყველა მწერალი რომ მომეხსენიებინა, ვისიც სულ ცოტა ან ძალიან ბევრი მმართებს, მათი ჩრდილების სიბნელეში მოვექცეოდით. ასეთები ძალიან ბევრნი არიან. მთხრობლის ხელობის საიდუმლოებებს რომ თავი დავანებოთ, მათ ადამიანის ბუნების უძირო სიღრმეებში ჩამახედეს, მისი გმირული გამოვლინებებისადმი მოწიწება მასწავლეს, მისი სისასტიკის მიმართ განცდილი საშინელების გრძნობით დამდაღეს. ესენი იყვნენ ჩემი ყველაზე გულუხვი და დაუნანებელი მეგობრები, ვინც ჩემს მოწოდებას სული შთაბერა და ვისი წიგნების წყალობით აღმოვაჩინე, რომ იმედი ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც არ კვდება, რომ სიცოცხლე ძალისხმევად ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ უმისოდ ამბების წერა და წარმოსახვა შეუძლებელი იქნებოდა.
ბევრჯერ მიფიქრია, ხომ არ იყო წერა გადამატებული ფუფუნება ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩემია - ქვეყანაში, სადაც მკითხველი კანტი-კუნტად გვყავდა, სადაც უამრავი ღარიბი და წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი იყო და დიდი უსამართლობა სუფევდა, კულტურა კი ერთეულების პრივილეგიად რჩებოდა. მაგრამ ამ დაეჭვების გამო წერაზე ხელი არასოდეს ამიღია და იმ პერიოდებშიც ვაგრძელებდი, როცა დროის უმეტესი ნაწილი იმაზე ფიქრს მიჰქონდა, თავი როგორ გამეტანა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვიქცეოდი, რადგან იმისთვის, რომ ლიტერატურა განვითარებულიყო, ჯერ საზოგადოებას უნდა მიეღწია მაღალი კულტურისთვის, თავისუფლებისთვის, სამართლიანობა და კეთილდღეობა დამყარებულიყო. ლიტერატურის წყალობით, იმ შეგნების წყალობით, რომელსაც ის ავითარებს, მაღალი სურვილებისა და სწრაფვების გამოისობით, რომელსაც ის შთაგვბერავს, მშვენიერი ხილვებიდან გამოსვლის და რეალობასთან შეჯახების შედეგად, სამყარო დღეს ისეთი სასტიკი აღარაა, როგორც მაშინ, როცა პირველი მოარაკეები ქმნიდნენ და ცხოვრებას ადამიანურობას ჰმატებდნენ. იმ კარგი წიგნების გარეშე, რომლებსაც ვკითხულობთ, უფრო ცუდები ვიქნებოდით, უფრო კონფორმისტები, ნაკლებ ჟინიანები და უფრო მორჩილები; თვით კრიტიკული სული, პროგრესის მამოძრავებელი ძალა არ იარსებებდა. განა მხოლოდ წერა, კითხვაც ცხოვრების არასრულყოფილების მიმართ პროტესტის გამოხატულებაა. როცა ლიტერატურაში იმას ვეძებთ, რაც ადამიანთა არსებობას აკლია, ამით ჩვენდა უნებურად ვამბობთ, რომ ყოფიერება, ისეთი, როგორიც ჩვენს წინაშეა, აბსოლუტის - ადამიანთა ყოფის ძირისა და ძირის მიმართ ჩვენს სწრაფვასა და წყურვილს ვერ აკმაყოფილებს. როცა ვთხზავთ, შეძლებისდაგვარად მეტი და მეტი ცხოვრებით ცხოვრობთ, მაშინ, როცა სულ ერთადერთი სიცოცხლე გვაბადია.
მხატვრული ლიტერატურა რომ არა, ნაკლებად გვექნებოდა გაცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას საიმისოდ, რომ ადამიანმა სიცოცხლე ადამიანურად განვლოს, ჯოჯოხეთად კი მაშინ იქცევა, როცა ტირანის, იდეოლოგიის თუ რელიგიის წნეხქვეშ ექცევა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ლიტერატურას მხოლოდ ბედნიერ და მშვენიერ ხილვებში დაძირვა კი არა, იმ საფრთხეების შესახებაც ძალუძს ჩვენი გაფრთხილება, ჩვენს თავისუფლებას რომ ემუქრება, საკუთარ თავს კითხოს, რატომ ცდილობს ყველა რეჟიმი ადამიანის ცხოვრების გაკონტროლებას აკვნიდან საფლავამდე და მისი ისეთი შიში რად აქვს, რომ დასათრგუნად ცენზურის და მეთვალყურეობის სისტემებს უწესებს, დამოუკიდებელ მწერლებს კი ყოვლისმხედველ თვალს არ აშორებს. ამას იმიტომ შვრებიან, რომ იციან, რა ხიფათია მათთვის ლაგამამოუდებელი წარმოსახვა, რომელმაც წიგნის ფურცლებიდან ლაღად იცის ამოხეთქვა, იციან, რა საცდურებს შეიცავს ლიტერატურა, როცა მკითხველი წიგნში გაცხადებულ თავისუფლებას სიბნელის და შიშის იმ ატმოსფეროს ადარებს, რომელიც რეალურ სამყაროში სუფევს. სურთ თუ არა ეს, იციან თუ არა, რას აკეთებენ, მწერლებს ამბების თხზვისას სააშკარაოზე ადამიანთა დაუკმაყოფილებლობა გამოაქვთ, აჩვენებენ, რა უხეიროდაა მოწყობილი ცხოვრება, და რომ წარმოსახულ სამყაროებში სილამაზე უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში. და ეს ფაქტი, როცა მას გრძნობებითა და შეგნებით გამოცდაც ემატება, მოქალაქით მანიპულირებას აძნელებს, მეციხოვნეთა და გამომძიებელთა სიცრუე, რომ მათს გისოსებს მიღმა ადამიანს უფრო უხიფათო, უკეთესი ცხოვრება ელის, ჭეშმარიტებად ვეღარ საღდება.
კარგი ლიტერატურა ადამიანებს შორის ხიდებს დებს, და როცა სიხარულს გვანიჭებს, ტანჯვას განგვაცდევინებს ან ჩვენს გაოცებას ახერხებს, ენის, აღმსარებლობის, წეს-ჩვეულებების და მიკრძოებული დამოკიდებულებების - იმ ყველაფრის გადალახვით გვაერთიანებს, რაც ერთმანეთისგან გვყოფს. როცა დიდი თეთრი ვეშაპი კაპიტან აჰაბს ოკეანის ზვირთებში ითრევს, მკითხველი, ტოკიოში, ლიმაში თუ ტიმბუქტუში, ერთნაირად იზაფრება. როცა ემა ბოვარი საწამლავს სვამს, ანა კარენინა მატარებელს ბორბლებში უვარდება, ჟულიენ სორელი ეშაფოტზე ადის “El sur,”- ში დუქნიდან გასული ექიმი ხუან დალმანი დანამომარჯვებული ავაზაკის შესახვედრად მიაბიჯებს, ან როცა ვხვდებით, რომ კომალას მკვიდრნი, პედროს თანასოფლელები ცოცხლებში აღარ წერიან, ვისაც არ უნდა აღიარებდეს მკითხველი, ბუდას, კონფუციუსს, ქრისტეს, გინდ აგნოსტიკოსი იყოს, პიჯაკი აცვია, კიმონო თუ ბომბაჩა, გული ერთნაირად ეწურება. ლიტერატურა ადამიანთა მრავალგვაროვნებიდან ძმობას ბადებს და იმ საზღვრებს შლის, უვიცობამ, იდეოლოგიურმა, რელიგიურმა, ენებრივმა სხვაობებმა და სიბრიყვემ რომ წარმოქმნეს.
ისტორიის ყველა პერიოდს საკუთარი საშინელებები და საფრთხობელები აქვს, და ჩვენი დრო ფანატიკოსების, თვითმკვლელი ტერორისტების ხანად იქცა. მკვლელთა უძველესი სახეობის ეს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუ სისხლს დაღვრიან, სასუფეველს მოიპოვებენ, რომ უდანაშაულოთა სისხლი კოლექტიურ შეურაცხყოფას ჩამორეცხავს, უსამართლობას გაასწორებს, ურჯულოებს ჭეშმარიტ რწმენაზე მოაქცევს. მთელს მსოფლიოში, ყოველდღე, უთვლელი მსხვერპლი ჩნდება მათი ხელით, ვინც ფიქრობს, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება სწორედ მას უპყრია. როცა ტოტალიტარული იმპერიები ინგრეოდა, იმედი მოგვეცა, რომ ერთად, მშვიდობიანად ვიცხოვრებდით, პლურალიზმი და ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოს ჰოლოკოსტებს, გენოციდებს, დაპყრობითი ომების და ადამიანთა ხოცვა-ჟლეტის ხანას დაგვაშორებდა. არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. დღეს ბარბაროსობის ახალი ფორმები იჩენს თავს, მათი მიზეზები ფანატიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებაა, და ვერც იმ ფაქტს ავარიდებთ თვალს, რომ ერთ დღესაც შეშლილების ერთმა პატარა ჯგუფმა შეიძლება ბირთვული კატაკლიზმი გამოიწვოს. ამათ ძირი უნდა შევურყიოთ, დავუპირისპირდეთ, დავამარცხოთ. ბევრნი არ არიან, მაგრამ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებათა ექო მთელ პლანეტას სწვდება, მათი კოშმარული ნამოქმედარი ზაფრას გვცემს. თავი არ უნდა დავაშინებინოთ, უფლება არ უნდა მივცეთ, საუკუნეების განმავლობაში ნაკოწიწები ცივილიზაციის მონაპოვარი - თავისუფლება წაგვართვან. მოდით, დავიცვათ ლიბერალური დემოკრატია, რომელიც, საკმაო შეზღუდულობის მიუხედავად, კვლავაც პოლიტიკურ პლურალიზმს, თანაარსებობას, შემწყნარებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, კრიტიკული ხედვის პატივისცემას, კანონს, თავისუფალ არჩევნებს, ძალაუფლების ხელიდან ხელში გადაცემას ნიშნავს, - იმ ყველაფერს, რამაც ველურ ყოფას დაგვაშორა და - მართალია, ვერასოდეს მივაღწევთ, - იმ მშვენიერ, სრულყოფილ ცხოვრებას მიგვაახლოვა, რომელსაც მხატვრული ლიტერატურიდან თუ ვიცნობთ, რომელსაც მხოლოდ გამონაგონში, წარმოსახვაში, წერისა და კითხვის პროცესში ვიმსახურებთ. კაცისმკვლელ ფანატიკოსებს რომ ვუპირისპირდებით, ამით ოცნების, და ამ ოცნებებისთვის ხორცის შესხმის უფლებას ვიცავთ.
ახალგაზრდობაში, ჩემი თაობის ბევრი მწერალივით, მარქსისტი ვიყავი და მჯეროდა, რომ სოციალიზმი აღმოფხვრიდა ადამიანთა ექსპლუატაციას და სოციალურ უსამართლობას, რომლებიც ჩემს ქვეყანაში, ლათინურ ამერიკაში და მესამე სამყაროს დანარჩენ ქვეყნებში მკვიდრად იყო ფესვგამდგმული. მერე სტეიტიზმით და კოლექტივიზმით იმედგაცრუების ხანგრძლივი და რთული პერიოდი განვვლე, სანამ დემოკრატად და ლიბერალად - იმად, რაც დღეს ვარ, ვცდილობ, რომ ვიყო - ჩამოვყალიბდებოდი, ეს წლები გარკვეულ ეპიზოდთა დროში გაწელილი თანწყობისგან შედგებოდა; იყო კუბის რევოლუციის სახეცვალება, რომლის მიმართ თავიდან დიდი ენთუზიაზმით ვიყავი აღვსილი, მისი მმართველობის გაავტორიტარულება, საბჭოთა კავშირის ვერტიკალურ მოდელად ქცევა; იმ დისიდენტთა ნაამბობი, რომლებმაც გულაგების მავთულხლართებიდან თავის დაღწევა მოახერხეს; ვარშავის პაქტის ქვეყნების ჩეხეთში შეჭრა; დემოკრატიული კულტურის და ღია საზოგადოების ხელახლა აღმოჩენას ისეთ მოაზროვნეებს ვუმადლი, როგორებიც რაიმონდ არონი, ჟან ფრანსუა რეველი, აიზაია (ისაია) ბერლინი და კარლ პოპერი იყვნენ. ეს დიდი ადამიანები ჩემთვის აღმაფრთოვანებელი გაბედულების და სინათლის განსახიერებანი იყვნენ, მაშინ, როცა დასავლური ინტელიგენცია, ქარაფშუტობისა თუ ოპორტუნიზმის გამო, საბჭოური სოციალიზმის, ან, კიდევ უარესი, ჩინეთის კულტურული რევოლუციის სისხლიანი შაბაშის ხიბლით იყვნენ დატვევებულები.
ჩემს პატარა ბიჭობაში გამუდმებით პარიზზე ვოცნებობდი, რადგან ფრანგული ლიტერატურით მოხიბლულს მჯეროდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრება, ბალზაკის, სტენდალის, ბოდლერის და პრუსტის ნასუნთქი ჰაერით სუნთქვა ოდესმე ნამდვილ მწერლად მაქცევდა. პერუდან რომ არ წავსულიყავი, ალბათ ერთი უბრალო, შაბათ-კვირას საკითხავი მწერალი ვიქნებოდი. უნდა ვაღიარო, რომ კულტურის დაუვიწყარ გაკვეთილებს საფრანგეთს ვუმადლი; მაგალითად, იქ გავითავისე, რომ მწერლობა, მოწოდების გარდა, კიდევ დისციპლინაა, მძიმე სამუშაო, ატანილობა. ვცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც სარტრი და კამიუ ჯერაც ცოცხლები იყვნენ და წერდნენ, იონესკოს, ბეკეტის, ბატაის და ჩორანის ზეობის წლებში, მაშინ აღმოვაჩინე ბრეხტის თეატრი და ინგმარ ბერგმანის ფილმები, ჟან ვილარის სახალხო თეატრი Theatre National Populaire of Jean Vilar, ჟან-ლუი ბაროს ოდეონი, ახალი ტალღა, ახალი რომანი, ანდრე მალროს მშვენიერი შემოქმედება, და შესაძლოა, იმდროინდელ ევროპაში ყველაზე თეატრალური სანახაობა - გენერალ დე გოლის ოლიმპიური გრგვინვა და მეხი - მისი პრეს-კონფერენციები. და მაინც, საფრანგეთს ყველაზე მეტად იმის გამო ვემადლიერები, რომ ლათინური ამერიკა აღმომაჩენინა. ამ ქვეყანაში გავაცნობიერე, რომ თურმე პერუ საერთო ისტორიით, გეოგრაფიული მონაცემებით, სოციალური და პოლიტიკური პრობლემებით გაერთიანებული საზოგადოება ყოფილა, რომ ცხოვრების მისეული ნირი განუმეორებელია, მისი ხალხი კი გემრიელ ენაზე მეტყველებს და წერს. სწორედ იმ წლებში, ამ ენაზე ახალი, მძლავრი ლიტერატურა იქმნებოდა. მაშინ წავიკითხე ბორხესი, ოქტავიო პასი, კორტასარი, ფუენტესი, კაბრერა ინფანტე, რულფო, ონეტი, კარპენტერი, ედუარდსი, დონოზო და ბევრი სხვა, ვისი ნაწერებიც ესპანურ ენის რევოლუციურ ნარატივს ქმნიდა და რომელთა წყალობით ევროპამ და მსოფლიოს დიდმა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ თურმე ლათინური ამერიკა მხოლოდ გადატრიალებების, ოპერეტებიდან გადმოსული დესპოტების, წვერებიანი პარტიზნების, მამბოს და ჩა-ჩა-ჩას კონტინენტი კი არ არის, არამედ იდეების, შემოქმედებით ფორმათა ძიების, ლიტერატურული ფანტაზიით უხვად მომადლებული მხარე, რომელიც მის შესახებ ხატოვან წარმოდგენებს შორს გასცდა და უნივერსალურ ენაზე ალაპარაკდა.
იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე, არცთუ უშეცდომოდ, შესაძლოა, ბორძიკ-ბორძიკითაც, ლათინური ამერიკა წინსვლის გზას ადგას, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სეზარ ვალიეხო ამბობს თავის ლექსში: Hay, hermanos, muchнsimo que hacer - ,,ძმებო, საკეთებელი ბევრი გვაქვს ჯერაც." დიქტატორულ რეჟიმებს თანდათანობით ვიშორებთ, მხოლოდ კუბა და მისი იდეური მემკვიდრე, ვენესუელაღა დარჩა და რამდენიმე, ვითომ სახალხო, მასხრული დემოკრატია, ისეთები, ბოლივიაში და ნიკარაგუაში რომ არსებობს. მაგრამ კონტინენტის დანარჩენ ნაწილში დემოკრატია მუშაობს, ფართო სახალხო კონსენსუსს ეფუძნება, და ჩვენს ისტორიაში პირველად, ბრაზილია იქნება, ურუგვაი, პერუ, კოლუმბია, დომინიკელთა რესპუბლიკა თუ მექსიკა და მთელი ცენტრალური ამერიკა, გვყავს მემარჯვენეები და მემარცხენეები, რომლებიც პატივს სცემენ კანონიერებას, კრიტიკის, არჩევნების თავისუფლებას და ძალაუფლების კანონიერად გადაცემის გზას. ეს სწორი გზაა, და თუ განზე არ გავუხვევთ, ერთი შეხედვით მოუშორებელ კორუფციასაც დავამარცხებთ, დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრაცია გაგრძელდება და ლათინური ამერიკა ბოლოს და ბოლოს სამომავლო იმედების კონტინენტიდან დღევანდელი დღის კონტინენტად იქცევა.
მე თვითონ არც ევროპაში, და კაცმა რომ თქვას, არც სადმე სხვაგან, თავი უცხოელად არასდროს მიგრძვნია. სადაც არ უნდა მეცხოვრა, პარიზში, ლონდონში, ბარსელონაში, მადრიდში, ბერლინში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბრაზილიაში თუ დომინიკის რესპუბლიკაში, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სამშობლოში. ყოველთვის ვახერხებდი ჩემი პატარა კუთხის შეგულებას, სადაც მშვიდად ვიცხოვრებდი და ვიმუშავებდი, სადაც ბევრ ახალს ვსწავლობდი, ვოცნებობდი, მეგობრებს ვიძენდი, კარგ წიგნებს ვკითხულობდი და რაღაც ისეთს ვპოულობდი, რაზეც წერის სურვილი მიჩნდებოდა. არამგონია, იმ ფაქტს, რომ ჩემდაუნებურად მსოფლიო მოქალაქე შევიქენი, ჩემი ,,ფესვები”, საკუთარ ქვეყანასთან კავშირი შესუსტებინოს, რადგან ასე რომ მომხდარიყო, პერუდან გამოყოლილი წარსული და გამოცდილება მწერლად ვერ მაქცევდა, ჩემს ნაწერებში დაუსრულებლად არ ამოტივტივდებოდა, მაშინაც კი, როცა მოქმედება თითქოს პერუდან ძალიან შორს ხდება. პირიქით, ასე მგონია, რომ საკუთარი ქვეყნის გარეთ დიდხანს ცხოვრება ამ კავშირს მეტ სიმძაფრეს და ნათელ პერსპექტივას სძენს, ნოსტალგია კი მიჩქმალული განცდიდან მამოძრავებელ ძალად იქცევა და მოგონებებს უჩვეულო ძალით აცოცხლებს. არ შეიძლება, იმ ქვეყნის სიყვარული, სადაც დაიბადე, სავალდებულო იყოს, მაგრამ ისევე, როგორც სიყვარულის სხვა გამოვლინებები, გულიდან წამოსულ სპონტანურ ქმედებებს შობს, ისეთებს, შეყვარებულებს, მშობლებს და შვილებს, მეგობრებს შორის ურთიერთობას რომ კრავს.
პერუ მე გულით თან დამაქვს, რადგან იქ დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი და ბავშვობის და ახალგაზრდობის იმ მოგონებებით აღვივსე, რომლებმაც ჩემი პიროვნება გამოქნეს და საკუთარი მოწოდება მაგრძნობინეს; იქ მიყვარდა, მძულდა, მიხაროდა, ვიტანჯებოდი და ვოცნებობდი. რაც იქ ხდება, ჩემს გრძნობებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოვლენებზე მეტად ეხება, უფრო მეტად განვიცდი ან მაღიზიანებს. ეს საგანგებოდ არ მისურვია და არც პასუხისმგებლობად დამიკისრებია საკუთარი თავისთვის. ასეა და სხვაგვარად არ გამომდის. ზოგ თანამემამულეს ღალატშიც დავუდანაშაულებივარ და ერთხელ, უკანასკნელი დიქტატორის დროს, კინაღამ მოქალაქეობაც დავკარგე, რადგან მსოფლიოს დემოკრატიულ მთავრობებს ვთხოვე, რეჟიმი დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციებით დაესაჯათ. ასე ვიქცეოდი ნებისმიერი სხვა დიქტატურული მმართველობის მიმართაც, პინოჩეტი იქნებოდა, ფიდელ კასტრო, ავღანური თალიბანი, ირანელი იმამები, სამხრეთაფრიკული აპარტეიდი თუ უნიფორმიანი ბირმელი (დღეს მიანმარია) სატრაპები. და ამას ხვალვე ხელახლა გავაკეთებ, რათა ეს ქვეყანა - იმედი მაქვს, პერუს მსგავსი ხვედრი აღარ ელის და არც პერუელები მისცემენ ვინმეს ამის უფლებას - კიდევ ერთხელ არ გახდეს გადატრიალების მსხვერპლი, რომელიც ჩვენს ჯერ კიდევ მოუმაგრებელ დემოკრატიას დაემუქრება. არა, ეს განაწყენებული ადამიანის შურისძიება, ემოციური გადაწყვეტილება არ ყოფილა, როგორც მაშინ ზოგიერთი ისეთი მჩხაპნელი წერდა, სხვათა საქციელს საკუთარი სიმდაბლის პრიზმიდან რომ საზღვრავენ. მიზეზი ჩემი შეხედულება იყო, რომ ნებისმიერი დიქტატურა ქვეყნისთვის აბსოლუტური ბოროტებაა, ყველანაირი სისასტიკე, კორუფცია მისგან მომდინარეობს და საზოგადოებას ისეთ ჭრილობებს აყენებს, რომლებიც მერე დიდხანს რჩება მოუშუშებელი, ერის მომავალს წამლავს, მანკიერ აზროვნებას და ქცევას წარმოშობს, რომლის აღმოფხვრას თაობები ჭირდება და დემოკრატიულ აღმშენებლობას წინაღობებს უქმნის. ამიტომაა, რომ დიქტატურებს დაუფიქრებლად და უჭოჭმანოდ წინ უნდა აღვუდგეთ, მის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ხერხი უნდა იქნას გამოყენებული, ეკონომიკური სანქციების ჩათვლით. სამწუხაროა, რომ დემოკრატიული მთავრობები, სათანადო მაგალითის მიცემის ნაცვლად, იმის მაგიერ რომ ვენესუელის ოპოზიციასთან, ან კუბელ დამას დე ბლანკოს, აუნ სან სუ ჭის და ლიუ სიაობოს მსგავს პიროვნებებთან ითანამშრომლონ, საქმეს მათ მწამებლებთან იჭერენ. ეს უშიშარი ადამიანები, საკუთარი თავისუფლებისთვის რომ იბრძვიან, ჩვენს თავისუფლებასაც იცავენ.
ჩემმა თანამემამულემ, ხოსე მარია არგედასმა, პერუს ,,ყველა სისხლის" ქვეყანა უწოდა. არამგონია, რომელიმე ფორმულირება უკეთ ასახავდეს ჩვენს რეალობას: სწორედ ესაა პერუ, ნებისმიერ პერუელს ძარღვებში აქვს, მოგვწონს თუ არა - მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან მოსული ტრადიციების, რასების, რელიგიების, ჩვეულებების და კულტურების აღრევა. თავად მე თავს ესპანელებამდელი კულტურების შთამომავლად ვთვლი, ნასკას, პარაკასის, მოჰიკანების, ცნობილ ქსოვილებსა და ბუმბულის მოსასხამებს რომ ქმნიდნენ, ინკების - ვისი კერამიკაც მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებშია გამოფენილი, მაჩუ პიკჩუს, გრან ჩიმის, ჩან ჩენის, კუელაპის, სიპენის, ლა ბრუიას, ელ სოლის და ლა ლუნას ყორღანების ამშენებლებისა, და რა თქმა უნდა, ესპანელებისაც, ვინც სამგზავრო აბგებით ევროპიდან საბერძნეთი, რომი, იუდეურ-ქრისტიანული ტრადიცია, რენესანსი, სერვანტესი, კევედო და მჭახე კასტილიური ენა ჩამოიტანეს, რომელიც მერე ანდებმა მოტეხეს და დაარბილეს. ესპანეთთან ერთად მოვიდა აფრიკა, მისი ძალა, მისი მუსიკა, მისი ნაპერწკლიანი წარმოსახვა, და პერუს ჰეტეროგენურობა გაამდიდრა. სულ პატარა კვლევაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ბორხესის ალეფის მსგავსად, პერუ თვით მსოფლიოა, მცირე ფორმატში დატეული. რა საოცარი პატივია ქვეყნისთვის, რომელსაც თითქოს იდენტობა არ გააჩნია, რადგან ყველა იდენტობა მასშია თავმოყრილი.
ამერიკის დაპყრობა, რა თქმა უნდა, სასტიკი და სისხლიანი იყო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაპყრობითი ომი, და ჩვენგან კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი, ვინც ძარცვასა და მკვლელობასაც კი არ ერიდებოდნენ, ჩვენი წინაპრები იყვნენ - სწორედ ის ესპანელები, რომლებიც ამერიკაში მოვიდნენ და ამერიკელები გახდნენ, და არა ისინი, ვინც ესპანეთში დარჩა. ასეთი კრიტიკა, ვიყოთ სამართლიანები, უფრო თვითკრიტიკა იქნება. რადგან, ორასი წლის წინ, როცა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, იმათ, ვინც ხელში ძალაუფლება იგდო, ინდიელების გათავისუფლების და სამართლიანობის დამყარების მაგიერ მათი ჩაგვრა განაგრძეს, ისეთივე სიხარბით და სისასტიკით, როგორც ამას კონკისტადორები ჩადიოდნენ, ზოგიერთ ქვეყანაში კი ინდიელებს ხოცავდნენ და ანადგურებდნენ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ: ამ ორი საუკუნის განმავლობაში მკვიდრი მოსახლეობის ემანსიპაცია ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, და ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უგულებელვჰყავით. ეს მთელს ლათინურ ამერიკაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება. და ამ სამარცხვინო სურათში ერთი გამონაკლისიც არ შეინიშნება.
ესპანეთი ისევე მიყვარს, როგორც პერუ, მისგან ისევე დიდად ვარ დავალებული, რამდენადაც დიდია ჩემი მისადმი მადლიერება. ესპანეთი რომ არა, ამ ტირბუნასთან არ ვიდგებოდი და ალბათ არც მწერალი ვიქნებოდი, შესაძლოა, ჩემი ბევრი, ნაკლებ იღბლიანი თანამოკალმის მსგავსად, დაუფასებელი ტალანტის როლს დავჯერებოდი, გამომცემლები, პრემიები, მკითხველი სიცოცხლეში არ მეღირსებოდა, ვისი ნიჭიც - რა სევდანარევი ნუგეშია - შთამომავლობას შესაძლოა როდესმე შემთხვევით აღმოეჩინა. ჩემი ყველა წიგნი ესპანეთში გამოიცა, სადაც გადაჭარბებული აღიარება მხვდა წილად, ჩემი მეგობრები კი, კარლოს ბარალი, კარმენ ბალცელსი (Carmen Balcells), და კიდევ სხვა ბევრიც, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ ჩემს ნაწერებს მკითხველამდე მიეღწია. ესპანეთმა მეორე მოქალაქეობა მომცა, მაშინ, როდესაც პირველის დაკარგვას არაფერი მაკლდა. არასდროს მიგრძვნია დაბნეულობა იმის გამო, რომ პერუელი ვიყავი და თან ესპანური პასპორტი მქონდა, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ესპანეთი და პერუ ერთი მედლის ორი მხარეა, და ეს მხოლოდ ჩემში, ერთ პატარა ადამიანში კი არა, მათი ისტორიის, ენის და კულტურის ერთობაშია გაცხადებული.
ესპანეთის მიწაზე გატარებული დროიდან ყველაზე ბედნიერად ის ხუთი ბრწყინვალე წელიწადი მახსენდება, ჩემს საყვარელ ბარსელონაში რომ ვცხოვრობდი. 1970-იანი წლების დასაწყისი იყო. ფრანკოს დიქტატორული რეჟიმი ჯერ ზეობაში გახლდათ, მაგრამ ადრინდელი ძალა და გავლენა აღარ გააჩნდა, განსაკუთრებით ეს კულტურის სფეროში იგრძნობოდა, რომლის გაკონტროლებას რეჟიმი ძველებურად ვეღარ ახერხებდა. ბზარები, ღიობები თავს ვეღარ მალავდა, ცენზურა მათს ამოვსებასა და შენიღბვას ვეღარ აუდიოდა. ამ ბზარებიდან იწოვდა ესპანური საზოგადოება ახალ იდეებს, წიგნებს, ახალ იდეურ მიმდინარეობებს, შემოქმედებით ღირებულებებს და ფორმებს, რომლებიც მანამდე, როგორც ძირგამომთხრელი აზროვნების ელემენტები, ქვეყანაში აკრძალული იყო.
ეს ახალი შესაძლებლობები არც ერთ ქალაქს არ გამოუყენებია ისე, როგორც ბარსელონას, რომელიც ესპანეთის კულტურულ ცენტრად იქცა, ადგილად, სადაც თავისუფლების მოახლოების სურნელი იგრძნობოდა. და გარკვეული აზრით, ბარსელონა მაშინ ლათინური ამერიკის კულტურული დედაქალაქიც გახდა, რადგან ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ჩამოსული არაერთი მხატვარი, მწერალი, გამომცემელი და მსახიობი სწორედ ბარსელონაში დასახლდა ან ხშირ-ხშირად ჩამოდიოდა. შეუძლებელი იყო, ბარსელონაში ყოფილიყავი და პოეტობა, მწერლობა, მხატვრობა ან მუსიკის წერა არ მოგნდომებოდა; დაუვიწყარი მეგობრობის წლები იყო, - მეგობრობის, რეჟიმის წინააღმდეგ გაჩაღებული თუ ინტელექტუალური მუშაობის ნაყოფიერი წლები. პარიზის მსგავსად, ბარსელონაც ბაბილონის გოდოლად იქცა, კოსმოპოლიტურ, უნივერსალურ ქალაქად, სადაც ცხოვრება მუშაობისა და შემოქმედებისთვის შთაგაგონებდა. სამოქალაქო ომის დროიდან პირველად, ესპანელი და ლათინურამერიკელი მწერლები ერთად შეიყარნენ, ერთმანეთს შეერივნენ და დიდი ხალისით მეგობრდებოდნენ, თავს ერთი და იმავე ტრადიციის შვილებად აღიარებდნენ და ერთსა და იმავე რამეში დაბეჯითებით თანხმდებოდნენ: დიქტატურის დაცემა ესპანეთში უკვე გარდაუვალი იყო, ხოლო დემოკრატიულ ესპანეთში მთავარ მამოძრავებელ ძალად თვით კულტურა იქცეოდა.
მართალია, მერე ყველაფერი მთლად ასე არ მომხდარა, მაგრამ დიქტატურიდან დემოკრატიისკენ ესპანეთის გარდამავალი პერიოდი ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა იყო - იმის მაგალითი, როგორ იმარჯვებს საღი აზრი და გონიერება, ხოლო პოლიტიკური მოწინააღმდეგეები საერთო სიკეთის ინტერესებისთვის განზე თავად დგებიან; მოვლენები ისე საოცრად ვითარდებოდა, როგორ მაგიური რეალიზმის რომანში. ავტორიტარიზმიდან თავისუფლებისკენ, ჩამორჩენილობიდან აყვავებისკენ ესპანეთის სვლა, მესამე სამყაროს რანგის ეკონომიკური კონტრაქტებიდან და სოციალური უთანასწორობიდან საშუალო კლასის ქვეყანად ქცევა, მისი ევროპაში ინტეგრაცია, დემოკრატიული კულტურის რამდენიმეწლიან ვადაში გათავისება მთელი მსოფლიოსთვის გამაოგნებელი იყო. მხურვალედ მჯერა, რომ ნაციონალიზმი, თანამედროვე სამყაროს და თვით ესპანეთის ჯერ-ჯერობით მოურჩენელი სენი ამ ბედნიერ ზღაპარს ბოლოს ვერ გაუმწარებს.
ნაციონალიზმის, პროვინციული - უფრო რელიგიური - იდეოლოგიის ყოველნაირი გამოვლინება მძაგს; ეს ახლომხედველობა, შეზღუდულობა, რომელიც ინტელექტუალურ ჰორიზონტს კიდეებს აჭრის და თავის წიაღში ეთნიკურ და რასისტულ დამაცირებელ მიკერძოებებს მალავს, უზენაეს ღირებულებებს, ამ ზნეობრივ და ონტოლოგიურ პრივილეგიას კი ამა თუ იმ ადგილას დაბადების შემთხვევითობამდე ამცრობს. რელიგიასთან ერთად, ნაციონალიზმიც არაერთხელ გამხდარა ისტორიის ყველაზე სისხლიანი მოვლენების, თუნდაც ორი მსოფლიო ომის და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაუნდობელი სისხლისღვრის მიზეზი. არაფერს შეუწყვია ხელი ლათინური ამერიკის ბალკანიზებას და უაზრო ბრძოლებსა თუ დისპუტებში ჩაბმას ისე, როგორც ნაციონალიზმს, როცა სკოლების, ბიბლიოთეკების, საავადმყოფოების მშნებლობის მაგიერ ასტრონომიული თანხები იარაღის შეძენაზე იხარჯებოდა.
თუმცა, ერთმანეთისგან უნა გავმიჯნოთ და არ აგვერიოს ეს შეზღუდული ნაციონალიზმი, ,,სხვის" უარყოფა, ყოველთვის ძალადობის მარცვალს რომ შეიცავს და პატრიოტიზმი, კეთილისმყოფელი, კეთილშობილი გრძნობა იმ მიწისადმი, რომელზეც ვიშვით, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, სადაც ჩვენი ოცნებები იწრთობოდა, სადაც პეიზაჟებიც კი ნაცნობი და ახლობელია, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეხსიერების ნიშნულებად გვექცევა ხოლმე და მარტოობისგან გვიფარავს. სამშობლო არც დროშაა, არც ჰიმნი, ან სამაგალითო გმირების დაუსრულებელი ხსენება - სამშობლო ის ადგილები და ადამიანებია, ჩვენს მეხსიერებაში რომ არიან დამკვიდრებულნი, მელანქოლიური შეფერილობით და თბილი გრძნობებით ავსებენ, და იმის მიუხედავად, სად ვართ, სწორედ ესაა სახლი, რომელშიც ბოლოს მუდამ ვბრუნდებით.
პერუ ჩემთვის არექიპაა, ადგილი, სადაც დავიბადე, მაგრამ არ მიცხოვრია, დედაჩემის, მისი მშობლების ქალაქი, და ჩემი დეიდები და ბიძები მასწავლიდნენ, როგორ მეტარებინა ის მეხსიერებით, რადგან ტომი, რომელსაც ჩემი ოჯახი მიეკუთვნებოდა, არექეპეკები, მუდამ ასე აკეთებდნენ, მთელი თავიანთი მომთაბარული ისტორიის მანძილზე მათი წინაპრების თეთრ ქალაქს მახსოვრობით თან დაატარებდნენ; პერუ ჩემთვის პიურაა, ქალაქი, რომელიც უდაბნოში დგას, მის ქუჩებში აქა-იქ ხეები და მრავალტანჯული ჯორები დგანან, რომლებსაც ჩემს ბავშვობაში პიურელები თავიანთ ფეხებს ეძახდნენ - მოსწრებული და სევდისმომგვრელი სახელია ცხოველისთვის - იქ აღმოვაჩინე, რომ ბავშვები წეროებს კი არ მოყავთ ამ სამყაროში, თურმე ქალის და მამაკაცის წყვილი სჩადის რაღაც საშინელებას, რაღაცას ისეთს, რაც მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება; პერუ სან-მიგელის აკადემია და ვარიეტეს თეატრია, რომლის სცენაზე პირველად ვნახე პიესა, რომელიც ჩემი დაწერილი იყო; კიდევ - დიეგო ფერეს და კოლინის კუთხე, უკვე ლიმაში, მირაფლორესში - ამ უბანს ბედნიერ უბანს ვეძახდით - პირველად იქ ჩავიცვი გრძელტოტება შარვალი, იქვე მოვწიე პირველი სიგარეტი, ვისწავლე ცეკვა, პირველად შემიყვარდა და გოგონებს გული გავუხსენი. პერუა ,,ლა კრინიკას" მტვრიანი, ხმაურიანი რედაქცია, სადაც თექვსმეტი წლისამ პირველად დავიწყე ჟურნალისტობა, ხელობა, რომელიც მწერლობასთან ერთად, მთელ ჩემს ცხოვრებას თან გასდევს, რომელმაც თავი წიგნებივით გამატანინა, მათსავით შემასწავლა ცხოვრება, ყველა კლასის და წარმომავლობის ქალთან და მამაკაცთან ურთიერთობა, რომელთაგან ზოგი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ზოგიც კარგი, ცუდი, ან საძაგელი; ასევე - ლეონსიო პრადოს სამხედრო აკადემია, სადაც შევიტყვე, რომ პერუ საშუალო კლასით დასახლებული პატარა, დაცული და მოვლილი ქალაქი კი არაა, რომელშიც იქამდე ცხოვრობდი, არამედ უძველესი, მტრულად განწყობილი, უსამართლობით და უთანაბრობით ავსილი ქვეყანა, რომელსაც ყველა სახის სოციალური ქარიშხლები წელში გადატეხვით ემუქრებოდა; პერუა კაიუდის ის საიდუმლო საკნებიც, სადაც რამდენიმე სან-მარკოელ სტუდენტთან ერთად მსოფლიო რევოლუციას ვამზადებდი; ჩემთვის პერუა ჩემი მეგობრები თავისუფლების მოძრაობიდან, რომლებთან ერთად სამი წელიწადი ბნელ ოთახებში, ყუმბარების გარემოცვაში მაქვს გატარებული, ტერორისტული თავდასხმების და მკვლელობების ფონზე, როცა დემოკრატიის და თავისუფლების კულტურის დასაცავად ვმუშაობდით.
ჩემთვის პერუა პატრისია, ჩემი ბიძაშვილი, ცხვირაპრეხილი, ბობოქარი ხასიათის მქონე ქალბატონი, რომელზეც, ბედის წყალობით, ორმოცდახუთი წლის წინ ვიქორწინე და რომელსაც დღემდე მანიები, ნევროზები და მრისხანების მოულოდნელი შემოტევები აწუხებს, რაც წერაში ძალიან მეხმარება. უმისოდ ჩემს ცხოვრებას დაუცხრომელი ქარიშხლები ბდღვირს გაადენდნენ და არც გონზალო, მორგანა და ექვსი შვილიშვილი შემეძინებოდა, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში სიხარული შემოაქვთ. პატრისიამ ყველაფრის კეთება იცის და ყველაფერს კარგად აკეთებს. აგვარებს პრობლემებს, ოჯახს უძღვება, ქაოსში წესრიგი შეაქვს, ჟურნალისტებს და შემაწუხებელ ადამიანებს შიშის ზარს სცემს, ჩემს დროს უფრთხილდება, შეხვედრებს და მოგზაურობებს გეგმავს, ცლის და აწყობს ჩემს ჩემოდნებს და ისეთი სულგრძელია, როცა ჰგონია, რომ მეჩხუბება, პირიდან მაშინაც ყველაზე დიდი ქათინაური ამოსდის: ,,მარიო, ერთადერთი საქმე, რომელშიც ვარგიხარ, წერააო," სულ ამას მეუბნება.
ისევ ლიტერატურას მივუბრუნდეთ. ბავშვობის სამოთხე ჩემთვის მითი არ არის, რეალობაა, რომელშიც კოჩაბამბას პერიოდში ვცხოვრობდი - უზარმაზარ, სამეზოიან სახლში, სადაც ჩემი ბიძაშვილები და სკოლის ამხანაგები ტარზანის და სალგარის ამბებს ვასახიერებდით; პიურას პრეფექტურის სხვენში ღამურები ბუდობდნენ და გახურებული მიწის თავზე ვარსკვლავებიან ღამეს უხმო ჩრდილებს ჰმატებდნენ. ამ წლების განმავლობაში ჩემთვის წერა თამაში იყო, რომელსაც ჩემი ოჯახი აღფრთოვანებით, ლამის აპლოდისმენტებით ხვდებოდა, ტაშს მიკრავდნენ შვილიშვილს, დისშვილს, შვილს, რომელიც უმამოდ იზრდებოდა, რადგან მამაჩემი გარდაიცვალა და ახლა ზეცაში იყო. მამა მაღალი, ლამაზი კაცი უნდა ყოფილიყო, სასთუმლის მაგიდასთან მისი ფოტო მედგა, საზღვაო ქვეითის უნიფორმაში იყო გამოწყობილი. ძილის წინ მასზე ვლოცულობდი და სანამ თვალები დამეხუჭებოდა, სურათს ვაკოცებდი ხოლმე. პიურაში ვიყავით, როცა ერთ მშვენიერ დილას - არამგონია, ეს ამბავი ახლა მაინც მქონდეს მონელებული - დედაჩემმა გამიმხილა, რომ ეს კაცი სინამდვილეში ცოცხალია. მეტიც, თურმე იმავე დღეს ლიმაში მივემგზავრებოდით, რომ ამიერიდან მასთან ერთად გვეცხოვრა. თერთმეტი წლის ვიყავი, იმ წუთებიდან ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. გულუბრყვილობა და სისუფთავე დავკარგე და გავიგე, რა არის მარტოობა, სხვა ადამიანის ძალაუფლება, ზრდასრულთა ცხოვრება, შიში. ხსნა კითხვაში ვპოვე; კარგ წიგნებს ვკითხულობდი და თავს იმ სამყაროებს ვაფარებდი, სადაც ცხოვრება დიდებული ჩანდა და ჩქეფდა; დავიწყებას თავგადასვლებში ვეძებდი, ამ დროს ისევ თავისუფალი და ბედნიერი ვიყავი. და კიდევ იყო წერა, მალულად, ისე, როგორც ზოგი ენით გამოუთქმელ ბიწიერებას ან აკრძალულ ვნებას ეძლევა. ლიტერატურა თამაშად უკვე აღარ მეჩვენებოდა - წინააღმდეგობის საშუალებად, პროტესტად, მეამბოხეობად იქცა, აუტანელი ყოფიდან გაქცევის ხერხად და თან ცხოვრების აზრად. იმ დროიდან დღემდე ასე ვარ, როცა მიჭირს, მხნეობას ვკარგავ, როცა სასოწარკვეთის ზღვარზე ვდგავარ, თავიან-ფეხიანად წერის პროცესში ვერთვები და გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ, როგორც ხის მორს, დაღუპული ხომალდის გადარჩენილ მგზავრს ნაპირისკენ რომ მოაცურებს.
თუმცა, ეს ძალიან რთული ხელობაა, ხანდახან სისხლის ოფლად ვიღვრები; სხვა მწერლების მსგავსად, დროდადრო ჩემს წარმოსახვასაც უდგება მშრალი სეზონი; ცხოვრების გემოს მაშინ ვგრძნობ, როცა თვეებს და წლებს ამბის აგებას ვუნდები, დასაწყისი გაურკვეველი და ბუნდოვანია, სახეები, რომელთაც მეხსიერება ცხოვრებისეულ გამოცდილებად ინახავს, მოსვენებას არ მაძლევენ, ენთუზიაზმით მავსებენ; ფხიზლობის ეს სიზმრები მერე ჩანაფიქრად, პროექტად იქცევა ხოლმე, გადაწყვეტილებად, მცდელობად, აჩრდილთა მოთამთამე ღრუბელს ხორცი ქაღალდზე შეასხა. ,,წერა ცხოვრების ნირია", თქვა ფლობერმა. დიახ, სრული სიმართლე გახლავთ, ცხოვრების ნირი, რომელსაც ილუზიასთან შეთამაშება, ნეტარება და ცეცხლი ახლავს, რომელიც შენს თავში ნაპერწკლებს ყრის, როცა ჯერ გაუკვალავ სიტყვებს ებრძვი, ებრძვი სანამ არ დაიმორჩილებ, როცა ფართოდ გადაშლილი სამყაროს სურათს იმ მონადირესავით შეისწავლი, ნადირის კვალს რომ ეძებს, რათა შემდეგ ამბის ჩანასახი გამოკვებო და, სანამ თანდათანობით იზრდება, მისი გაუმაძღრობა დააცხრო, რათა ყოველი მომდევნო ამბავი არ შემოეჭამოს. თავბრუ გეხვევა, როცა ჩანაფიქრი ფორმას იღებს და თითქოს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას აპირებს, პერსონაჟები მოძრაობენ, მოქმედებენ, გრძნობენ, პატივისცემას და ანგარიშის გაწევას გთხოვენ, ისე, რომ მერე დაუფიქრებლად ქცევას და ბედს ვერ დაუწესებ, ვერც წაართმევ, თუ მათი თავისუფალი ნება არ შეურაცხყავი ან არ მოკალი, თუ ამბავს დამაჯერებლობა არ გამოაცალე - ეს პროცესი ისევ ისე მაჯადოებს, როგორც ოდესღაც, პირველი მცდელობებისას, სრულყოფილებასთან გაახლოებს, თავბრუ გეხვევა, როგორც სიყვარულში ჩაძირვა ქალთან, რომელიც გიყვარს - დღეობით, კვირებით, თვეობით, შეუსვენებლად.
მხატვრულ ლიტერატურაზე ვისაუბრე და უმეტესად რომანის ჟანრს ვგულისხმობდი, თეატრზე კი თითქმის არაფერი მითქვამს, არადა, მწერლობის ერთი გამრჩეული დარგი ხომ მასაც უკავშირდება. დიდი უსამართლობაა, რაღა თქმა უნდა. თეატრი ჩემი პირველი სიყვარული იყო, რომელიც მას შემდეგ ჩამესახა, რაც, მოზარდობის ასაკში, ლიმას სეგურას თეატრში არტურ მილერის ,,კომივოიაჟერის სიკვდილი" ვნახე და ემოციების სიჭარბისგან სული შემეხუთა. მეოცე საუკუნის 50-იან წლების ლიმაში რომ გაცხოველებული თეატრალური ცხოვრება გვქონოდა, ალბათ რომანისტი კი არა, დრამატურგი ვიქნებოდი. მაგრამ არ გვქონდა, და მეც თხრობის ჟანრისკენ ალბათ ამის გამო გადავიხარე, თუმცა, თეატრისადმი ჩემი სიყვარული არ დასრულებულა, რომანების ჩრდილში თვლემდა, როგორც ცდუნება და ნოსტალგია, ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობდი ხოლმე, როცა სულისშემკვრელ სამსახიობო შესრულებას ვნახავდი. 70-იანი წლების ბოლოს, ასი წლის ბებიდამ, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რეალობას მთლიანად იყო მოწყდარი, მოულოდნელად ერთი ამბავი მიამბო. კარგი წინასაწარმეტყველივით ვიგრძენი, რომ ეს ამბავი თეატრისთვის იყო ზედგამოჭრილი, რომ მისი გაცოცხლება სცენაზე უკეთ არსად მოხერხდებოდა. ამ პიესას დამწყები მწერლის თრთოლვით და კრძალვით ვწერდი, ხოლო სცენაზე მისი ერთ-ერთი პერსონაჟის როლში ნორმა ალეანდროს ხილვამ უზარმაზარი სიამოვნება მომანიჭა და მას შემდეგ, რომანებსა და ესეებს შორის მსგავსი მცდელობა რამდენჯერმე გავიმეორე. და უნდა დავძინო, რომ ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ სამოცდაათი წლის ასაკში გავბედავდი და სცენაზე სათამაშოდ ავიდოდი ( უფრო ავფორთხდებოდი). ეს გადარეული ავანტიურა იყო, რომელმაც ხორციელად განმაცდევინა ის სასაწაული, რომ თურმე კაცს, რომელმაც ცხოვრება წერაში გაატარა, შეუძლია რამდენიმე საათით წარმოსახვაში ნაშობ პერსონაჟს ხორცი თავადვე შეასხას, მაყურებლის წინაშე მხატვრული ნაწარმოები გააცოცხლოს. ალბათ ვერასოდეს მოვახერხებ, ჯეროვანი მადლიერება გამოვხატო ჩემი მეგობრების, რეჟისორ ხუან ოლეს და მსახიონ აიტანა სანჩესის მიმართ, რომლებიც მამხნევებდნენ და მაქეზებდნენ, რომ ეს ფანტასტიკური გამოცდილება მათთან ერთად გამეზიარებინა ( პანიკის მიუხედავად, რომელიც ამ წამოწყებას თან ახლდა).
ლიტერატურა ცხოვრების ცრუ ასახვაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცხოვრების უკეთ გაგებაში გვეხმარება, იმ ლაბირინთში გვასწავლის ორიენტირებას, რომელშიც დავიბადეთ, უნდა განვვლოთ და მოვკვდეთ. ლიტერატურა ნამდვილი ცხოვრებისგან მოყენებული ჭრილობების და იმედგაცრუებების კომპენსირებას ახდენს, და ნაწილობრივ მისი წყალობითაც შეგვიძლია იმ იეროგლიფის ამოხსნა, რადაც ეჩვენება ცხოვრება ადამიანების დიდ უმეტესობას, განსაკუთრებით იმათ, ვინც უფრო დაეჭვებას გამოთქვამს, ვიდრე წყალგაუვალ ჭეშმარტებებს აღიარებს, ტრანსცენდენტულის, სულის, ადამიანთა ინდივიდუალური და კოლექტიური ხვედრის, ისტორიის აზრის თუ უაზრობის წინაშე დაბნეულობას განიცდის და რაციონალური ცოდნით ცდილობს სიმყარის მოპოვებას.
ყოველთვის მნუსხავდა იმ ბუნდოვანი გარემოებების წარმოდგენა, რომლებშიც ჩვენი წინაპრებმა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ცხოველებისგან ძლივს განსხვავდებოდნენ, ენა კი მხოლოდ ახალშობლებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდათ - გამოქვაბულებში, კოცონების გარშემო, ავისმომასწავებელი ჭექა-ქუხილის ხმით თუ ნადირის ღამეული ღრიალით შეშინებულებმა ამბების თხრობა დაიწყეს. ეს კაცობრიობის ბედის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნებოდა, რადგან ცივილიზაცია სწორედ ამბის მთხრობელის გარშემო შემოკრებილი იმ პრიმიტიული არსებების წრეში დაიწყო და გრძელი გზა განვლო, სანამ ადამიანებად გვაქცევდა, მერე კი დამოუკიდებელი პიროვნებას გამოგვაგონებინებდა, ადამიანს საკუთარი ტომიდან და თემიდან გამოჰყოფდა, მეცნიერებას, ხელოვნებას, კანონებს, თავისუფლებას აზიარებდა, ბუნების, საკუთარი სხეულის, კოსმოსის შესაწვლას, ბოლოს კი ვარსკვლავებისკენ გაფრენას აფიქრებინებდა. ეს ზღაპრები, არაკები, მითები, ლეგენდები, რომლებიც მსმენელის ყურს პირველად წვდებოდა ახალ მუსიკად, შემდეგ სამყაროში დაბუდებულ ხიფათად და იდუმალებად გარდაისახა. იმ დროისათვის, როცა ადამიანებმა კოლექტიურად ოცნება, ამ ოცნებების თხრობით გაზიარება დაიწყეს, თავის გადარჩენაზე და საამისო პრიმიტიულ, უხეშ ამოცანებზე ფიქრი უკან მოიტოვეს და მათი ცხოვრება ოცნებად, სიამოვნებად, ფანტაზიად და რევოლუციურ გეგმად იქცა: ამ ტუსაღობიდან თავის დაღწევა და ბრძოლა, უკეთესობისთვის, ცვილილებებისათვის, იმ სურვილების და ამბიციების დაკმაყოფილება, რომელიც წარმოსახვაში შობილ არსებობას უკავშირდებოდა, და იმ იდუმალების უკუგდება, მათს გარშემო რომ იყო დამკვიდრებული.
ეს უწყვეტი პროცესი მაშინ გამდიდრდა, როცა ადამიანებმა წერა დაიწყეს, ამბების მხოლოდ მოსმენა კი არა, წაკითხვაც შესაძლებელი შეიქნა და ფორმით უცვლელ ლიტერატურად გადაებარათ. ამიტომაა, რომ დაუსრულებლად უნდა ვიმეოროთ, სანამ ახალ თაობებს არ დავარწმუნებთ: ლიტერატურა გართობაზე მეტია, იმ ინტელექტუალურ გავარჯიშებაზე მეტიც კი, ადამიანი გონებას რომ ამახვილებს და კრიტიკულ სულისკვეთებას უღვივებს. ეს სრულიად აუცილებელია იმისთვის, რომ ცივილიზაციამ არსებობა გააგრძელოს, და ჩვენში მუდმივად განაახლოს და შეინახოს ის საუკეთესო ნაწილი, რასაც ადამიანი ჰქვია; იმისთვის, რომ როდესმე ველურ მდგომარეობას არ დავუბრუნდეთ. ცხოვრება მხოლოდ იმ სპეციალისტების პრაგმატიზმზე არ დაიყვანება, რომლებიც საგნებს ხედავენ, იმას კი, რაც საგანი გარს აკრავს, წინ უსწრებს ან მას აგრძელებს - ვერა; იმისთვის, რომ იმ მანქანების მსახურებად არ ვიქცეთ, რომლებიც ჩვენს მოსამსახურებლად შევქმენით. რადგან სამყარო ლიტერატურის გარეშე სურვილებისგან, იდეალებისგან დაცლილ სამყაროდ იქცევა. ავტომატიკის სამყაროს ის აკლია, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს: საკუთარი გარსიდან გამოსვლის და სხვა ადამიანში შესვლის უნარი, რადგან სხვაც ჩვენი ოცნებების თიხისგანაა გამოძერწილი.
გამოქვაბულიდან ცათამბჯენებამდე, კლუბური გართობიდან მასობრივი განადგურების იარაღამდე, ჩაკეტილი ტომური ცხოვრებიდან გლობალიზაციის ერამდე, ლიტერატურული წარმოსახვა ადამიანის გამოცდილებას ამდიდრებდა, აფხიზლებდა, საკუთარი არსებობის გარეთ ახედებდა. არაფერს გამოუწვევია ამდენი შფოთვა, არაფერს გამოუცოცხლებია ჩვენი წარმოსახვა და სურვილები ისე, როგორც სიცრუეს, რომელიც, ლიტერატურის წყალობით, ჩვენს ცხოვრებას ერევა, მისი წყალობით დიდი თავგადასავლების მთავარი გმირები ვხდებით, უძლიერეს ვნებებს განვიცდით, ისეთებს, როგორიც ცხოვრებას ჩვენთვის არ გამოუმეტებია. ლიტერატურულ სიცრუეს რეალობად სწორედ ჩვენ ვაქცევთ, გარდაქმნილი მკითხველები, მოლოდინით დაავადებულნი, სინამდვილის ნახევრისნახევრულობას ლიტერატურის მეშვეობით ვგრძნობთ. ჯადოქრობაა, აბა რა არის, როცა ლიტერატურა იმის დაუფლების იმედს გვაძლევს, რაც არ გვაქვს, იმად გახდომას გვპირდება, რანიც არ ვართ, და იმ შეუძლებელ რეალობას ვეზიარებით, სადაც, წარმართული ღმერთების მსგავსად, თავს მოკვდავ და უკვდავ არსებებად ერთდროულად ვგრძნობთ, ეს კი შეუსაბამობის განცდას და ამბოხის სურვილს გვიჩენს, ამბოხი ყველა იმ გმირული საქმის მამოძრავებელი ძალა იყო, რომლებმაც ადამიანურ ურთიერთობაში ძალადობის წილი შეამცირა. შეამცირა, მაგრამ არ აღმოუფხვრია. რადგან ჩვენი ნება და არჩევანი, საბედნიეროდ, ყოველთვის დასურულებელი ამბებისკენ გადაიხრება. აი ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ოცნება, კითხვა და წერა, სწორედ ესენი გვეხმარება, საკუთარ მოკვდავ ბუნებას გადავაბიჯოთ, დროის ცვეთას გადავურჩეთ, შეუძლებელი შესაძლებლად გადავაქციოთ.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მალხაზ ხარბედია - ჯონ ბარტი – 80



ცნობილ ამერიკელ მწერალს, ამერიკული პოსტმოდერნული პროზის მაცნესა და უპირველეს წარმომადგენელს, ჯონ ბარტს სულ ახლახანს 80 წელი შეუსრულდა.

იგი რესტორნის მფლობელის შვილია, სკოლის შემდეგ მან უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელიც დაამთავრა, 1952 წელს დაასრულა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, 1953 წლიდან კი, 23 წლის ახალგაზრდა, იგი უკვე ლიტერატურის ისტორიასა და თეორიას ასწავლიდა. მომდევნო წლებში ეს ფაქტი საბოლოოდ განსაზღვრავს მის ბედს, რადგან ყველა მისი წიგნი შემდგომში მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ლიტერატურასთან და იგი იქცევა იმ ადამიანთა საყვარელ ავტორად, რომელთაც თავადაც ძალიან უყვართ ლიტერატურა, ესმით ლიტერატურა და სიამოვნებას იღებენ ლიტერატურული თამაშებით. ეს ავტორი ჯონ ბარტია, დღეს უკვე იუბილარი, მხცოვანი ამერიკელი მწერალი.
იგი ამერიკული პოსტმოდერნული პროზის ნამდვილი მაცნე იყო, პიონერი, ავტორი რომელმაც დიდად განსაზღვრა ამერიკული ინტელექტუალური ცხოვრების ბედი:
“ვამბობთ ჯონ ბარტს და ვგულისხმობთ მეტაპროზას. მეტაპროზა ეს გახლავთ სახესხვაობა ლიტერატურისა, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, თუმცა ეს არ არის უშუალოდ პოსტმოდერნის მონაპოვარი, მე თავის დროზე ესეთი განმარტება მოვუძებნე მეტაპროზას: ეს არის ისეთი პროზა, როდესაც მწერალი ამბის თხრობისას თხრობის ამბავსაც ყვება. ანუ ეს არის ისეთი პროზა, რომელიც თვითრეფლექსიას ახდენს, ლიტერატურა თავისი თავის თემატიზაციას ახდენს წერის დროს. მეტაპროზას დიდი ხნის ისტორია აქვს, ერთ-ერთი უდიდესი შედევრი კაცობრიობის ისტორიის, “დონ კიხოტი” მეტაპროზაული ნაწარმოებია. ამაზე მიანიშნებდა ჯერ კიდევ ბორხესი... ჯონ ბარტი კი არის კვინტესენციური მოვლენა მეტაპროზასთან დაკავშირებით. ის წერს ფაქტობრივად მეტაპროზას. წერს როგორც თავის მხატვრულ ტექსტებში, ასევე თავის თეორიულ გამოკვლევებში”.
ჯონ ბარტს, ხანდახან მის თანამედროვე რამდენიმე ამერიკელ მწერალთან, პირველ რიგში კი ტომას პინჩონთან, დონალდ ბარტელმთან და სხვებთან ერთად მოიხსენიებდნენ ხოლმე, და მას ერთი ცნებით, “შავი იუმორით” ახასიათებდნენ, თავად ჯონ ბარტი კი თავის მხატვრულ მანერას, ტრადიციული “აღზრდის რომანის” საპირისპიროდ, “დამცირების რომანს” უწოდებდა. მის მასწავლებლებად და წინამორბედებად სემუელ ბეკეტი, ხორხე ლუის ბორხესი და ვლადიმირ ნაბოკოვი შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამაზე იგი თავის ერთ საპროგრამო ესეშიც წერს:
“პირველი ტექსტი, რომელიც მე წავიკითხე ჯონ ბარტისა, იყო მისი ცნობილი ესე, რომელსაც ქართულ თარგმანში ასეთი სათაური ექნება ალბათ: “დაშრეტვის ლიტერატურა”, ან “ამოწურვის ლიტერატურა”, 1967 წელს გამოვიდა Atlantic Monthly-ში. შემდეგ კი იყო მისი ესე, “მოყირჭების ლიტერატურა”, რომლის რუსული თარგმანი დაიბეჭდა ჟურნალში “ამერიკა”. მახსოვს ერთი 20 წლის წინ დათო ზურაბიშვილმა სადღაც გამოქექა ეგ ჟურნალი და მაშინ წავიკითხე... მაშინ მე ვიწყებდი უკვე პოსტმოდერნით დაინტერესებას და ჩემთვის სრული აღმოჩენა იყო ეს კაცი, იმიტომ, რომ ეს ტექსტი ითვლება პოსტრმოდერნის ერთ-ერთ მანიფესტად.”
ჯონ ბარტის პირველივე რომანი, რომელიც 1956 წელს გამოვიდა, “მოცურავე ოპერა”, მაშინ ძალიან მნიშვნელოვან სიახლედ მიიჩნიეს. იმავე წელს ახალგაზრდა მწერალი “წიგნის ეროვნული პრემიის” ნომინანტი გახდა. 2 წლის შემდეგ ამას მოჰყვა “გზის დასასრული”, “თხაბიჭი ჯაილზი” (1966), 70-იანი წლების კლასიკა, “ქიმერა” (1972), “წერილები” (1979)...
“ჩემი უსაყვარლესი წიგნი, რომელიც ბარტს ეკუთვნის, არ არის რომანები, არამედ კრებულები, მოთხრობების კრებულები. პირველი ეს არის “ატრაქციონში დაკარგული” და მეორე - “ქიმერა”, რომელიც სამი ვრცელი მოთხრობისგან შედგება. “ატრაქციონში დაკარგული” რამოდენიმე კლასიკურ ნიმუშს შეიცავს მეტაპროზისას. პირველ რიგში ეს არის თვითონ სატიტულო მოთხრობა, საიდანაც წიგნის სათაურიცაა არებული. ეს მოთხრობა იწყება ასე: “ვინ ატარებს კარგ დროს ატრაქციონზე? შეყვარებულები!” შემდეგ იქ არის კურსივი და მთელი მომდევნო აბზაცი წარმოადგენს კურსივის ლიტერატურათმცოდნეობით განსაზღვრება. ამას ჰქვია მეტაენობრივი თამაში. ანუ მეტაენა, თეორიის ენა და ენა-ობიექტი, უშუალოდ ოპერირების ენა, ერთმანეთში მონაცვლეობენ. და ასეთი უმარტივესი ხერხით ჩანს ბარტის მეტაპროზაული მომენტი.”
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ბარტი უნივერსიტეტშიც მოღვაწეობს და წერილებიც საკმაოდ დაუგროვდა. 80-იან და 90-იან წლებში მან ესეების ორი კრებული გამოსცა, თუმცა კი, რა თქმა უნდა, მან ყველაზე მეტად სახელი სწორედ თავისი განუმეორებელი, რთული და მახვილგონივრული პროზით გაითქვა:
“აქვს უფრო რთული ვარიანტები. ე.წ. “ყულფი” ჰქვია ამას, რომელიც შესანიშნავადა აქვს გამოყენებული ქიმერის პირველ ვრცელ მოთხრობაში, რომელსაც ჰქვია “დუნიაზადია”, გნებავთ “დუნიაზადიადა”... დუნიაზადი არის შაჰრაზადის და მისი ამბავი დანახულია ძალიან საინტერესო კუთხით: ჯონ ბარტი, როგორც მწერალი, დაახლოებით შუა ასაკში მიაღწევს მწერლურ კრიზისს, როდესაც ვეღარ აზროვნებს, ვეღარ წერს ვერაფერს და XX საუკუნიდან შეაღწევს “1001 ღამის” ეპოქაში, სადაც დუნიაზადის მეშვეობით უკავშირდება შაჰრაზადს და ის ასწავლის მწერალს როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ გაჭირვებას. დაიწყოს ამბების თხრობა, ოღონდ ისე, რომ არ დაამთავროს ეს ამბები და იგი ფაქტობრიდავ ხელახლა ჰყვება “1001 ღამის” ისტორიას... საოცარი თვითირონიაა, აბსოლუტური და ამავე დროს ონტოლოგიური თამაში რეალურსა და ფიქციას შორის ზღვარის მოშლაზეა ლაპარაკი, რომელიც ბევრ სხვადასხვა ავტორს გამოუყენებია ძალიან ბევრჯერ. იგივე ჯონ ფაულზს “ფრანგი ლეიტენანტის ხასაში”, სადაც ავტორი შედის მატარებლის კუპეში, რომელშიც ზის პერსონაჟი და მას ხვდება. კურტ ვონეგუტს “ჩემპიონთა საუზმეში”, სადაც მთავარი გმირი ფიქრობს, ნეტა ვინ უნდა იყოს ეს შავსათვალეებიანი კაციო და იგი თავად ვონეგუტი აღმოჩნდება. უამრავი ასეთი მაგალითები არსებობს, ეს არის მეტაპროზა და ბარტი არის კლასიკური განსახიერება ამისა”.
2008 წელს ჯონ ბარტის ბოლო წიგნი გამოვიდა, რომელიც რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს. მწერალი ამჯერად ბალტიმორში ცხოვრობს, თავის მეუღლესთან, შელისთან ერთად. იმედია იგი ჯანმრთელად გრძნობს თავს და რამე ახალ წიგნს უმზადებს მკითხველს.
© radiotavisupleba.ge

Thursday, January 20, 2011

მრგვალი მაგიდა: XXI საუკუნის ქართული რომანი


ჩვენი დღევანდელი თემატური ნომერი თანამედროვე რომანს ეძღვნება. იგი რამდენიმე მასალას მოიცავს, ქართულსაც და უცხოურსაც, მაგრამ პირველ რიგში სწორედ ქართული რომანის საკითხები გვაინტერესებს, რომელზე სასაუბროდაც მოვიწვიეთ მწერალი და ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი (მკითხველი მას დათო ქარდავას ფსევდონიმით იცნობს), გამომცემელი ბაკურ სულაკაური და მწერალი ზაზა ბურჭულაძე.


მალხაზ ხარბედია: - ჩვენი დღევნდელი საუბრის თემაა თანამედროვე ქართული რომანი და პირველ რიგში მინდა დავსვა კითხვა, არსებობს თუ არა XXI საუკუნის ქართული რომანი? რა ნიშნებით ხასიათდება იგი? მოხდა თუ არა ბოლო პერიოდში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება ამ მიმართულებით? რომელი ავტორები და ნაწარმოებები შეგიძლიათ დაასახელოთ? ამ ყველაფერზე თითოეული თქვენგანის მოსაზრება მაინტერესებს. პირადად ჩემთვის თანამედროვე ქართველი რომანისტი აკა მორჩილაძეა, იგი XXI საუკუნის მოვლენად მიმაჩნია, იმის მიუხედავად, რომ გასული საუკუნის 90-იანებში დაიწყო წერა. XXI საუკუნის რომანებია ლაშა ბუღაძის "ლიტერატურული ექსპრესი" და ზაზა ბურჭულაძის adibas-იც. სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. თქვენ რას ფიქრობთ?
ბაკურ სულაკაური: – რასაკვირველია, თანამედროვე ქართული რომანი არსებობს. სხვა თუ არაფერი, XXI საუკუნის ქართული რომანი ჰქვია იმას, რაც ამ საუკუნეში გამოიცა. შეიძლება ტიპოლოგიურადაც დავალაგოთ ეს ყველაფერი და უფრო მნიშვნელოვან სურათს მივიღებთ. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ შენს მიერ ჩამოთვლილ მწერალთა სრულად ჩამოყალიბება და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებების გამოქვეყნება XXI საუკუნეს ემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ მოღვაწეობას XX-ს მიწურულს იწყებენ. გარდა ამისა, ძალიან დიდი განსხვავებაა თანამედროვე ქართულ რომანსა და მის 90-იანელ ანალოგს შორის. პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, ვის შეიძლება ვუწოდოთ XXI საუკუნის ქართველი ავტორი და ვის - არა. შენს მიერ ჩამოთვლილ მწერლებს კიდევ რამდენიმე დაემატება, მაგალითად, დათო ქართველიშვილი, დათო ტურაშვილი, თუნდაც ბასა ჯანიკაშვილი და თეონა დოლენჯაშვილი... მაგრამ, სიტყვაზე, ნაირა გელაშვილი არ არის XXI საუკუნის მწერალი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საუკუნეშიც აქვს გამოქვეყნებული წიგნები. ნაირა გელაშვილი ძლიერი ავტორია, უბრალოდ სხვა ეპოქაზე წერს. მე არ ვარ ლიტერატურათმცოდნე და შეიძლება კარგად ვერ ავხსნა, რა განასხვავებს თანამედროვე ქართულ რომანს XX საუკუნის რომანისგან, მაგრამ ზუსტად ვგრძნობ, სად გადის ზღვარი. სხვათა შორის, ამ პროცესის – ვგულისხმობ კონკრეტული მწერალთა წრის, მათი ნაწარმოებების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ლიტერატურული პრემია "საბას" დაწესებამ, რომელიც ასევე XXI საუკუნეში მოხდა. ძალზე სიმპტომატურია, რომ 2003 წელს კონკურსზე წარდგენილი იყო ორი ისეთი რომანი, საიდანაც, ჩემი აზრით, XXI საუკუნის ქართული რომანი იწყება. ეს არის აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსა" და ზაზა ბურჭულაძის "მინერალური ჯაზი" - ორი სხვადასხვა ტიპის ტექსტი, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისში დაიბეჭდა.
იმასაც ვიტყვი, რომ ყველა ამ ავტორმა რომანების წერა, ფაქტობრივად, XXI საუკუნეში დაიწყო. უკვე გამართულ ნაწარმოებს ვგულისხმობ, თორემ მეტნაკლებად საინტერესო ოპუსებს მანამდეც ქმნიდნენ. ბოლო-ბოლო აკას "მადათოვი" ჰქონდა დაწერილი, მაგრამ "სანტა ესპერანსას" ტიპის, მისი შემოქმედებისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის ნაწერები ამ პერიოდში ვიხილეთ.
კიდევ ერთ მწერალს დავასახელებ, რომელსაც ბევრი არ იცნობს. ძირითადად მოთხრობებს ქმნის. ერთი მცირე რომანიც აქვს სახელწოდებით - "იყიდეთ ჩვენი სულები". ეს არის ზურაბ ლეჟავა, რომელიც, სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ადამიანს გვაქვს წაკითხული. კაცმა არ იცის, დაწერს თუ არა ოდესმე რომანს, მაგრამ რაც აქვს, ძალიან კარგია და თანამედროვე.
ზაზა ბურჭულაძე: მე ცოტა გამიჭირდება ისეთი სიტყვათშეთანხმების მიღება, როგორიცაა "ქართული რომანი," ისევე, როგორც ვერ ვიტყი, რა არის ქართული კინო. ალბათ, ესაა პროდუქტი, რომელიც საქართველოში იქმნება და შეესაბამება ამ ჟანრის სტანდატებს. როგორც ბაკურმა თქვა, მწერალთა ნაწილი აკმაყოფილებს თანამედროვე მკითხველის მოთხოვნებს, ნაწილი კი სრულიად სხვა ქრონოტოპოსში იმყოფება. ისინი არათუ ვერ გრძნობენ თანამედროვე მსოფლიოს მაჯისცემას, არამედ საერთოდ ვერ ხვდებიან, სად არიან, ვისთვის წერენ. თუ მწერალი ერთ ადამიანს მაინც არ ელაპარაკება, მისი შრომა წყლის ნაყვას ემსგავსება. რაც უფრო მეტია კომუნიკაცია მკითხველთან, მით მოთხოვნადია ავტორი.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების შეკვეთის (ამ სიტყვას ბრჭყალებში არ ჩავსვამდი - ზ.ბ.), მისი მოთხოვნის გათვალისწინება, სხვაგვარად თანამედროვე ავტორი ვერ იქნები. მოდერნიზმი კიდევ ცალკე თემაა. მაგალითად, როგორ იწყება XX საუკუნის დასაწყისის საბჭოეთის სინამდვილე? მსხვერპლით და პირველივე მსხვერპლი არის გუმილიოვი, რომელსაც ხვრეტენ. თუ ცარიზმის რეჟიმი ტექსტების აკრძალვით შემოიფარგლებოდა, საბჭოთა სისტემამ უფრო "გაამარტივა" ეს ყველაფერი და ავტორების ფიზიკურ განადგურებაზე გადავიდა. დღეს ჩვენ ამ მიმართულებით შეზღუდვები არ გვაქვს, მაგრამ იმ ტიპის ავტორებმა, ვისზეც ზემოთ ვილაპარაკე, ეს თავისუფლება თვითნებურად აიკრძალეს. აკრძალეს დანარჩენი თანამედროვე ავტორების კითხვაც და ამით ძალიან ბევრი წააგეს. მათ არ ეყოთ შინაგანი თავისუფლება, XXI საუკუნის ადექვატური პროდუქტი შეექმნათ. დღეს ჩემთვის საქართველოში რამდენიმე ავტორია, ვინც ასეთ პროდუქტს ქმნის. პირველ რიგში, ეს არის აკა მორჩილაძე, რომელმაც "სანტა ესპერანსას" მაგალითზე გვაჩვენა, რომ შესაძლებელია ქართული ლიტერატურის გატანა საზღვარგარეთ. აკა აკმაყოფილებს თანამედროვე დასავლურ სტანდარტებს, ისევე, როგორც ზაზა ბურჭულაძე, რომლის ტექსტებიც რამდენიმე ქვეყანაში გამოიცა. ასევე ვისურვებდი დასავლეთს გაეცნო ლაშა ბუღაძეც, რადგან ისიც XXI საუკუნის ავტორია. აქვე დავძენ, ჩემთვის გაცილებით საინტერესოა ლაშას მცირე ფორმის ნაწარმოებები, მიუხედავად იმისა, რომ "ლიტერატურული ექსპრესი" მომეწონა. მნიშვნელოვანია, რომ ის არ ჩარჩა "სოციალურ პროზაში," რომელსაც მანამდე ქმნიდა, ერთი ადგილის ტკეპნა არ დაიწყო და რეალურად გადადგა ნაბიჯი. საით - ამას დრო გვიჩვენებს.
ჯიმშერ რეხვიაშვილი: ბუნებრივია, XXI საუკუნის რომანი არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ ენა შეიცვალა. შეიცვალა ავტორიც. მან უკვე იცის, რა არის "მუშა ფილოსოფია", ტექსტში მკაფიოდ იგრძნობა მწერლის სათქმელი. ეს ყველაფერი კი გაცილებით ლაკონურია, რადგან XXI საუკუნეა, მედიაეპოქა დგას და ენაც შესაბამისია. ადამიანები შეგრძნებებს რეალური ცხოვრებიდან კი არ იღებენ, არამედ მედიიდან. ეს არის მეორადი შეგრძნებები, სუროგატული განცდები, რაც კარგად გამოჩნდა ზაზას adibas-ში.
თანამედროვე რომანის ნაკლად მიმაჩნია ის, რომ მასში მედიის როლი ადექვატურად არ არის წარმოჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უხილავი მონსტრი ენასაც ცვლის და ტექსტის ქსოვილსაც. ნაკლია ისიც, რომ ხშირად ავტორი ლაპარაკობს თავის ტექსტზე და არ იცის, რა დაწერა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ბოლომდე არა აქვს ჩამოყალიბებული, რა სურს. არც თვითკრიტიკა აქვს, რომ ეს ყველაფერი სწორად შეაფასოს.
რაც შეეხება მკითხველის როლს, ნიჭიერი ავტორი უდაბნოშიც რომ დარჩეს, იქაც ეყოლება წარმოსახვითი მკითხველი, მასთან იურთიერთებს და მისთვის დაწერს. მასობრივ მკითხველთან მიმართებაში საქმე უფრო რთულადაა. აქ გრავიტაციის მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე: თუ არსებობს ნაკითხი და მომზადებული მკითხველი, ადრე თუ გვიან ვაშლიც ჩამოვარდება და ნიუტონიც გამოჩნდება.
ბ. ს.: - მკითხველი შობს რომანს.
ჯ.რ.: - რასაკვირველია, მკითხველს დიდი როლი აქვს. საინტერესოდ არის გადმოცემული ეს ყველაფერი ლაშას "ლიტერატურულ ექსპრესში", როდესაც მწერლები ერთმანეთის გამკითხველებას ცდილობენ. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა, როგორ უნდა გაამკითხველო საზოგადოების ნაწილი, რომელიც რიცხობრივად არცთუ მცირეა. დღეს მკითხველს ბევრი ვინმე გართმევს - შოუბიზნესი, სპორტი, პოლიტიკა. ყველა ცდილობს მიიზიდოს, გადაიბიროს იგი და კინოს მაყურებლად ან "სამიტინგე ხორცად" აქციოს. ანუ, სისტემა მწერალი – გამომცემელი – მკითხველი ამ ეტაპზე ჩაკეტილი არ არის.
ბ.ს.: - ერთ ტიპოლოგიურ თავისებურებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომელიც თანამედროვე ავტორებს ძველებისგან გამოარჩევს: ეს არის რეაგირება თანამედროვეობაზე. სულ რაღაც ორი წლის წინათ მოხდა ომი, რომელიც მის შემდეგ შექმნილ ყველა რომანში აისახა. არ მინახავს იმ პერიოდის მერე დაწერილი მეტნაკლებად საინტერესო ტექსტი, რომელიც ამ თემას არ შეხებია.Pპირველ რიგში გამოვყოფდი ზაზა ბურჭულაძის adibas-ს. სწორედ მისი კითხვისას გავაანალიზე, რომ 90-იანებში მომხდარ ქარტეხილებზე, ფაქტობრივად, არცერთი მსხვილი ლიტერატურული ტექსტი არ დაწერილა, გარდა ნაირა გელაშვილის რომანისა, რომელიც შარშან გამოვიდა. იმდროინდელი მოსაზრებით, მწერალი თანამედროვეობაში მომხდარ სოციალურ ძვრებს მაშინვე არ უნდა გამოხმაურებოდა და მასზე მაღლა დამდგარიყო. სწორედ ეს დამოკიდებულება გამოარჩევს ამ ორი ეპოქის ავტორებს ერთმანეთისგან.
ჯ.რ.: - ერთ-ერთ ესეში ელიოტი ამბობს, რომ დიდი სოციალური ძვრები და კატასტროფები დიდ ლიტერატურას შობს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იცვლება ღირებულებები, წინა პლანზე სულ სხვა რეალობა გამოდის და არალოგიკური იქნება, ამ ყველაფერმა უკვალოდ ჩაიაროს. რაც შეეხება აგვისტოს ომს, ეს იყო 5-დღიანი და ძალზე სპეციფიური ომი. ომი გმირების გარეშე (არ ვგულისხმობ დაღუპულ ჯარისკაცებს. – ჯ.რ.). ის არ შეხებია ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტს, არც სამოქალაქო გმირობისა და პატრიოტიზმის განსაკუთრებული მაგალითები გვქონია. ამ ომმა, როგორც ზაზა ამბობს, ძირითადად მედიაში "ჩაიარა". ამის მიუხედავად მას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა რომანი, ოღონდ განსხვავებული ფორმის, რადგან ეს არ იყო ხუთწლიანი ბატალია, რომელიც ათასგვერდიან ეპოპეას შობდა.
ზ.ბ.: - მაგრამ თბილისში, რუსთაველზე გამართულ ომს საერთოდ არაფერი მოჰყოლია. არადა, ყველა ცოცხალი კლასიკოსი, ჩვენი ლიტერატურის ყველა ბურჯი მაშინ ფორმაში იყო.
ჯ.რ.: - ფორმაში იყვნენ, მაგრამ ეს ჩამავალი მზის ილუზიაა, რომელიც საცაა ჩაესვენება. როდესაც განსაზღვრული სიჩქარით მოძრაობ, უცებ მკვეთრად ხომ ვერ მოტრიალდები? როგორც ჩანს, მათაც ვერ აუღეს ალღო მოვლენებს, XXI საუკუნის ავტორები კი ჯერ არ ჩანდნენ ასპარეზზე.
მ.ხ.: - ჩემი აზრით, ძალიან ცოტაა სფერო, სადაც ქართული პროზა და რომანი მაგალითს იძლევა. ომის თემა ერთ-ერთია, თუ არა ერთადერთი, სადაც ქართული რომანი მედიას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აზრს უჩვენებს, როგორ შეიძლება ასახო, გადახარშო და გაანალიზო, რა იყო ეს ომი. ასეთი რამ პირველად მოხდა და ეს კარგია.
ზ.ბ.: - ომთან დაკავშირებით კიდევ ერთ რამეს დავამატებ. საერთოდ, ტყვია პოულობს ხოლმე გმირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა, რადგან ეს მართლაც ჩქაროსნული ომი იყო. სამაგიეროდ, ტყვიამ იპოვა ტექსტი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ტექსტუალურ ქსოვილში ვცხოვრობთ და ტექსტუალურად ვაზროვნებთ – გვინდა ეს თუ არა. როგორი ტრანსფორმაცია განიცადა ტექსტმა, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ის მედიალური ენა, რომელიც ჩვენი სამეტყველო ენაა და ჩვენვე განგვსაზღვრავს, არ არის საკმარისი დოზით ასახული ამ ყველაფერში. ანუ, მე არ მინდა, რომ ჩვენ დავრჩეთ ელიტურებად. პირიქით, მინდა ვიყოთ მასობრივები. რამდენად შევძლებთ ამას, სხვა საკითხია.
ჯ.რ.: - ზაზას ნათქვამს გავაგრძელებდი. ძალზე მნიშვნლოვანია, რომ რომანი და მისი ავტორი გახდეს მასობრივი, ენა - დღევანდელობის ადექვატური, რადგან მკითხველს გართმევს მედია, რომელიც მას სუროგატს სთავაზობს, მახინჯ სისტემას კრავს და გამოუვალ ვითარებას ქმნის. მოქმედებაა საჭირო და ბრძოლა მკითხველის გადასარჩენად. დღეს ჭაობში ვართ, საიდანაც ბარონ მიუნჰაუზენივით საკუთარი თავი უნდა ამოვიყვანოთ. ეს არ არის მხოლოდ მწერლისა და გამომცემლის პრობლემა, ეს ზოგადად ქვეყნის პრობლემაა, რათა ნორმალური საზოგადოება შეიქმნას.
მ.ხ.: - აქედან გამომდინარე ჩნდება შეკითხვა, უფრო სწორად განსჯა შეკითხვით: ვინ გვიწევს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას? ვგულისხმობ ავტორსაც და მკითხველსაც. პოლიტიკა და პოლიტიკოსები, რომელთაც ჩაანაცვლეს ოპერაც, რომანიც და ყველაფერი. და მედია, რომელიც პოლიტიკოსთა თვითპრეზენტაციის მედიატორია. გასაგებია, რომ ამ ადამიანებს ძალაუფლება აქვთ, მედია მათია და პრაიმ-ტაიმში ქართულ რომანზე, მკითხველის მოპოვებასა და მსგავს თემებზე არასოდეს იქნება საუბარი. გასაგებია, რომ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ რა შეიძლება გაკეთდეს რეალურად? პირველ რიგში ბაკურს ვეკითხები: როგორ გავყიდოთ რომანი და დავიბრუნოთ მკითხველი?
ბ.ს.: - ჯერ ერთი, დღეს რომანები გაცილებით კარგად იყიდება და ტირაჟიც ყოველწლიურად მატულობს, იმდენად, რომ 2000 ან 2003 წელთან შედარებაც კი არ შეიძლება. მთავარი კი, იცით, რა არის? ბოლო ორი წელია გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც მიმანიშნებს, რომ თანამედროვე პროზა სწორად ვითარდება და გეტყვით რატომაც: რით განსხვავდებიან XXI საუკუნის რომანისტები წინამორბედებისგან? იმით, რომ მედიისთვის წერენ. არცერთი კლასიკოსი, დღევანდელი ცოცხალი კლასიკოსების ჩათვლით, არ წერდა ჟურნალ-გაზეთებისთვის. ყოველ შემთხვევაში, არ გამიგია, რომ გურამ დოჩანაშვილს, ოთარ ჭილაძეს, ჭაბუა ამირეჯიბს ან ჯემალ ქარჩხაძეს ყოველკვირეული გამოცემისთვის დაეწეროს. მათ ეს არ სჭირდებოდათ, როგორც საარსებო წყარო. დღეს მე არ ვიცი არც ერთი მოქმედი თანამედროვე ავტორი, რომელიც დროგამოშვებით არ წერს პერიოდიკისთვის, არა მოთხრობას, არა რომანს, არამედ - ესეს, სტატიას, სვეტს,Dდაწყებული აკა მორჩილაძიდან, რომელიც, საერთოდ, სპორტული ჟურნალისტია, დამთავრებული ზაზა ბურჭულაძითა და ლაშა ბუღაძით. ყველა წერს. რით არის მნიშვნელოვანი ეს ფაქტი? იმით, რომ მკითხველს ზრდის. რატომ არის საინტერესო ჟურნალები "ლიბერალი" და "ტაბულა?", ან "ცხელი შოკოლადი"? იმიტომ, რომ აქ მწერლები წერენ. ჩემი აზრით, მწერლების შესვლა ბეჭდურ მედიაში შეცვლის ვითარებას.
ჯ.რ.: - ამას "ტროას ცხენის" ეფექტი ექნება და მნიშვნელოვანი ეფექტიც,
რადგან მედიის გარდაქმნა დამკვირვებლის პოზიციიდან, სუფთა ხელებითა და იმის მოლოდინით, რომ ისინი თავად შეიცვლებიან, წარმოუდგენელია. მწერალი უნდა შევიდეს მედიაში, შეიტანოს ახალი სისხლი, იდეები, რაღაც დონეზე ვარსკვლავი გახდეს და ვითარებაც შეიცვლება. ბევრი ჩივის, რომ ქართული ტელევიზია მდარე ხარისხისაა, არ გვაქვს რუსული "კულტურა"-სა და გერმანული "არტე"-ს მსგავსი არხები.
ბ.ს.: - ამ შემთხვევაში კადრების პრობლემა იჩენს თავს.Kკადრები არ გვყავს. მწერლები, რომლებიც დღეს ჟურნალებისთვის წერენ, ორ გამოცემას ყოფნის, არადა, უფრო მეტია საჭირო.
ზ.ბ.: – მედიასივრცეში მწერლის შესვლა მართლაც მნიშვნელოვანი
მომენტია. კიდევ ერთ ფაქტორზე გავამახვილებ ყურადღებას: მწერალი, შემოქმედი თავისი დროის ადექვატური უნდა იყოს და შესაბამის ტექსტს ქმნიდეს – ფორმითაც და ენობრივი თვალსაზრისითაც. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი განსაზღვრებაა. ძალიან ბევრი ქართველი მწერალი ვიცით, რომელთაც ტომეულები დატოვეს, მაგრამ მათ შემოქმედებას დღეს არავინ კითხულობს, რადგან უცნაურ, გაუკრკვეველ დროსა და სივრცეზე წერდნენ. დღევანდელი პროზა, ჩემი აზრით, რეალური დროის ასახვაა, რეალური დროის ფიქსირება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. შეიძლება მოგვწონდეს ტექსტები, რომლებიც ზედროულია, მაგრამ მათი უმეტესობა ძალზე აქტუალურია. მაგალითად, აქტუალობის გარეშე ვერ გავიგებთ უელბეკს, რადგან ის დღევანდელ დღეზე გველაპარაკება.
მ.ხ: - უელბეკი ძალიან შორს წავიდა, მომავალშია უკვე.
ზ.ბ.: - ეს თავიდანვე ჩანდა, თუმცა ჩემთვის უელბეკზე გაცილებით დიდი ავტორია ამერიკელი ბრეტ ისტონ ელისი, რომელიც თითქმის ფოტოგრაფიულად ასახავს თანამედროვეობას. უწოდებენ კიდეც "ამერიკელ დოსტოევსკის", რადგან ეპოქის სული დაიჭირა და ამოწოვა, ისევე, როგორც მილერმა - პარიზს. ჩემი აზრით, და ამას ხაზს ვუსვამ, დღეს მოკვდა არა მარტო ღმერთი, არა მარტო ავტორი, არამედ - გმირიც. დრო იქცა გმირად და იგი თავს სხვადასხვაგვარად წერს სხვადასხვა ავტორის მეშვეობით.
ჯ.რ.: - დღეს დრო აერთიანებს ყველა ეროვნების ავტორს. ინტერესი, რომელსაც ადგილობრივი კოლორიტი იწვევს ინგლისელ და ფრანგ მწერალში, რაღაც პერიოდის შემდეგ გაივლის. მერე უკვე რაღაც საერთო უნდა იპოვოს, თავისი პრობლემა ნახოს იმავე ინგლისელმა და გერმანელმა მკითხველმა ქართულ ტექსტში.
მ.ხ.: - ამ შეკითხვით ზაზას მინდა მივმართო. თანამედროვე რომანი ახსენე და მაინტერესებს რა მიგაჩნია თანამედროვე რომანად, ვის კითხულობ, რა დინებებია შემოსული მასში, რა თემები და სამწერლო ტექნიკები. რას ეჭიდავებიან ეს ავტორები? პირადად ჩემი საყვარელი ავტორებიდან ზოგი ცოტა ძველია, უფრო სწორად, სადღაც ჩარჩენილი. მაგალითად, პასკალ კინიარის მსგავსი სიტყვის ოსტატი ბევრი არ მეგულება, მაგრამ სულ სხვა სამყაროზე წერს. ჩემთვის თანამედროვე რომანია ის, რასაც აკეთებს მიშელ უელბეკი. ხანდახან ძალიან თანამედროვენი არიან ბრიტანელი მწერლები, ამერიკელებიც. ბევრის ჩამოთვლა შეიძლება: ჯულიან ბარნსიდან დაწყებული - დაგლას კოუპლენდის ჩათვლით. შენ რას ფიქრობ?
ზ.ბ.: - რამდენიმე გამოკვეთილად მნიშვნელოვანი მწერალია მსოფლიოში, რომლებიც მეტისმეტად აქტუალურნი არიან და კიდევ დიდხანს იქნებიან, იმიტომ, რომ თავის ეპოქას ასახავენ. რამდენიმეს გამოვყოფდი. აქ რამდენჯერმე ვახსენეთ უელბეკი. ამ ავტორს არ ვაკნინებ, მაგრამ ჩემთვის ის არ არის თანმედროვე ლიტერატურის მწვერვალი. გაცილებით მნიშვნელოვანია იგივე ბრეტ ისტონ ელისი თავისი "ამერიკელი ფსიქოპატი"-თა და "გლამორამა"-თი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩაკ პალანიკი, რომელსაც საზოგადოება ფილმით უფრო იცნობს. ეს არის "მებრძოლთა კლუბი," რომელიც თავისთავად შესანიშნავი ტექსტია.
ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსი ავტორიც გამოჩნდა, 2008 წლის "მენ ბუკერის" ლაურეატი – არავინდ ადიგა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ლიტერატურას არა მხოლოდ საზღვრები არ აქვს, არამედ ეთნიკური ნიშნებიც.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთჩამოთვლილთაგან ცოტა განსხვავდება, არ მინდა დავივიწყოთ ორი ავტორი: ჰანტერ ტომპსონი თავისი გონზო-ლიტერატურით და ორჰან პამუკი, რომელმაც დღეს, როდესაც დიდი ფორმების საკითხავად აღარ გვცალია და დრო მართლა კომპაქტური გახდა, შემოგვთავაზა მოჩითული, მსხვილი მონასმით შექმნილი ულამაზესი ტილო-მაქმანი.
ჯ.რ.: - რომანიც და პატარა ტექსტიც ჩემთვის ინტელექტუალური კვლევაა და რაღაც მიზანი უნდა ჰქონდეს. კერძოდ, დოკუმენტურობის ზღვარზე იდგეს და ამხელდეს საზოგადოების გარკვეულ ფენას. ამის მშვენიერი მაგალითია ბეგბედერის "99 ფრანკი", რომელშიც სარეკლამო აგენტის მიერ დანახული რეკლამის სამყაროა ასახული: რა ხდება, რითი ცხოვრობენ ეს ადამიანები, როგორ ყარს შიგნიდან ყველაფერი. ეს რომანი დოკუმენტურობის ზღვარზე დგას. დიდ ავტორთაგან ზოგმა მსგავსი ტექსტი XX საუკუნის ბოლოსაც დადო. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მამხილებელი ტექსტები იყო, მაგრამ დოკუმენტური პროზა ნამდვილად არის. მაგალითად, ფილიპ როტს აქვს რომანი, სადაც დეტალურად აღწერს 86 წლის მომაკვდავი მამის სიცოცხლის ბოლო წელიწადს. ისეთი საინტერესო საკითხავია, ვერ მოწყდები. რაც მთავარია, სინამდვილე უდევს საფუძვლად. კიდევ ერთ ავტორს დავასახელებ. ეს არის შვედი სვენ დელბლანკი,Kკაცი, რომელსაც ხერხემლის სიმსივნე ჰქონდა და უსაშინლესი ტკივილებით იტანჯებოდა, რომანში თავისი ცხოვრების ბოლო დღეებს აღწერს. საოცარია, როგორ ღირსეულად იღებს საკუთარ ბედისწერას. არანაირი პანიკა. იგი ბოლომდე მწერლად დარჩა.
ქართულ სინამდვილეში ამ ტიპის ტექსტებიდან ლაშა ბუღაძის "ბოლო ზარი" მახსენდება, რომელიც ამხელს თინეიჯერულ სამყაროს. ასევე ზაზას adibas-იც.Aამ რომანის კითხვას რომ დაამთავრებ, უკვე იცი, რა არის adidas და რა - adibas. ორივე მამხილებელი ტექსტია – ერთი საზოგადოების ვიწრო ფენის, მეორე - უფრო მასშტაბური. ორივე დოკუმენტალიზმის ზღვარზეა და ქოლგით ჩხვლეტას წააგავს, ჩხვლეტას იმ იმედით, რომ თუ ვერ შეცვლი არსებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წესრიგს, ცოტა ხნით მაინც დააფიქრებ ადამიანებს.
ბ.ს.: – გავაგრძელებ თემას ორი პარალელით, რომელიც ძალიან კარგად ავლებს მიჯნას ძველ და ახალ ლიტერატურას შორის. შევადაროთ ერთმანეთს ორი თანამედროვე, ორიც შედარებით ძველი ავტორი და ნათლად დავინახავთ, რა არის თანამედროვე მწერლობა. ერთ-ერთი მათგანი მიშელ უელბეკია, რომლის მსგავსი დღესდღეობით არ მეგულება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. და უელბეკი რაღაცით ძალზე წააგავს კამიუს “უცხოს”. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ტექსტები ერთნაირად იწყება – იქ დედა კვდება, აქ - მამა. მსგავსია ამ ყველაფრის განცდაც, რომელიც წარმოუდგენელი სიმძაფრითა და ტრაგიზმით ჩანს ორივეგან, მაგრამ ერთგან ნაჩვენებია როგორ ხდება ეს ყველაფერი ლოკალურ გარემოში, მეორეგან კი - გლობალიზებულში. არ ვამბობ, რომელია უკეთესი, უბრალოდ ვაჩვენებ განსხვავებას.
მეორე მაგალითად ჯერომ სელინჯერისა და დიბისი პიერის წყვილებს მოვიყვან. შეიძლება სხვადასხვა კალიბრის მწერლები არიან, მაგრამ "თამაში ჭვავის ყანაში" და "ვერნონ გენიოს ლითლი" - თითქოს ერთი ტიპის ნაწარმოებია. ამავე დროს, რა საოცარი განსხვავებაა. აქ ძალიან კარგად ჩანს მედიის როლი, რომელიც ყველაფრით მანიპულირებს. მედია ქმნის ტრაგედიას.
მ.ხ.: - კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა. ფაქტობრივად, პარალელური რამ ხდება: თუ ჩვენთან მწერლები გაიფანტნენ მედიაში, დასავლეთში პროფესიონალი ჟურნალისტები ქმნიან ლიტერატურას.
ბ.ს: - მაგრამ ამავე დროს ლიტერატურა მედიაცაა, წიგნი ხომ ფაქტობრივად მედიაა.
მ.ხ.: – მეც მაგას ვგულისხმობ. რაღაც პერიოდი მედია იყო ტაძარიც, რადგან იქ ინფორმაციას იღებდი. ზუსტად იგივე ფუნქცია ჰქონდა რომანს. რატომ დაკარგა გარკვეული პერიოდი რომანმა თავისი სახე? იმიტომ, რომ მედიამ ჩაანაცვლა. მაგრამ ახლა საინტერესო ტენდენცია წამოვიდა - სხვა ტიპის რომანები გაჩნდა.
ბ.ს.: - XXI საუკუნეში გამოჩნდა პირველად ისეთი ფენომენი, როგორიცაა წიგნი-ბლოკბასტერი, მაგალითად "ჰარი პოტერი" ან სტიგ ლარსონის რომანები. ამან გამოიწვია ის, რომ რომანი ჩვეულებრივი საკითხავიდან უცებ მედიაფენომენად გადაიქცა. არა აქვს მნიშვნელობა, რა ჟანრშია დაწერილი, მთავარია, რომ მედიამ კი არ შექმნა რომანი, არამედ პირუკუ მოხდა - რომანმა უკარნახა პირობები მედიას. ეს XXI საუკუნის მოვლენაა.
ჯ.რ.: - მე სტივენ კინგსაც ამ ავტორთა შორის მოვიხსენიებდი.
ბ.ს.: - სტივენ კინგი ამ ტიპის მოვლენა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაყიდვები ჯამურად შეიძლება ყველაფერს აღემატებოდეს. მხოლოდ XXI საუკუნეში გაჩნდა ფენომენი, როდესაც წიგნის გამოსვლას უზარმაზარი ინტერესი, აჟიოტაჟი და რიგები მოჰყვება ხოლმე. ამის მშვენიერი მაგალითია "და ვინჩის კოდი." მიუხედავად იმისა, რომ სტივენ კინგი სჯობს დენ ბრაუნს, მისი წიგნების გამოსვლა მსგავსი სოციალური მოვლენა არ გამხდარა. აქაც დროის ფაქტორი მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, კინგს დღეს რომ დაეწყო წერა, "და ვინჩის კოდის" ეფექტს მოახდენდა. კიდევ ერთ ფაქტორს მინდა გავუსვა ხაზი. დღეს შეიცვალა რომანის ზეგავლენა მასაზე. ლიტერატურაში შემოვიდა ბლოკბასტერის ელემენტები.
ზ.ბ.: - ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ზოგადად ძალადობა წამოვიდა წინა პლანზე. XXI საუკუნის ლიტერატურა ძალადობის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.
ჯ.რ.: - ესეც მედიის გავლენაა. ყველაზე კარგად იყიდება სისხლი. ჩვენ მედია შემოვიყვანეთ კონკურენტად, მაგრამ ბაკურმა დაასახელა ნაწარმოებები, რომელთაც ეკლესია ებრძვის. XX საუკუნის დასაწყისში კრიტიკოსები კონკურენტად განიხილავდნენ ბეჭდვით მედიას და ეკლესიას. დღეს გაზეთი ტელემედიამ შეცვალა, რომელიც უფრო მდიდარიც არის და აგრესიულიც. სამწუხაროდ, ჩვენი განვითარების სპეციფიკის გამო, ეკლესიაც შემაფერხებელ საშუალებად დარჩა და ნუ ვიტყვით, რომ ეს ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტორია. ეკლესია ითხოვს, რომ ლექსიკა დარჩეს ნორმატიული, ტექსტს ჰყავდეს გმირი, პროტაგონისტი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, რაც თანამედროვე სამყაროში ტექსტს დამაჯერებლობას უკარგავს.
მ.ხ.:- პრინციპში, წინსვლის შანსსაც უკარგავს. და კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხოთ, ეს არის თარგმნილი რომანი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები, რომელთაც შეცვალეს ქართული ენა.
ბ.ს.: - XIX საუკუნეში "სამი მუშკეტერის" თარგმნამ, ფაქტობრივად, ქართული სალიტერატურო ენა ჩამოაყალიბა.
მ.ხ.: - ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილმა "ჰამლეტმა" და "მეფე ლირმა" შეცვალა ბევრი რამ.
ჯ.რ.: - "მექანიკური ფორთოხლის" ჟარგონიც მნიშვნელოვანი იყო.
ბ.ს.: - "მექანიკურ ფორთოხალს" არავითარი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ცუდ დროს გამოვიდა, მაგრამ "თამაშმა ჭვავის ყანაში", რომელიც 1961 წელს ითარგმნა, არსებითი გავლენა მოახდინა, მათ შორის, ენაზეც.
ზ.ბ.: - თავის დროზე რომ არ მქონოდა წაკითხული რაბლეს გურამ გოგიაშვილიესული თარგმანი, "მინერალურ ჯაზს", უბრალოდ ვერ დავწერდი.
მ.ხ.: - მით უმეტეს, "სახარება ვირისა"-ს.
ზ.ბ.: - "სახარება ვირისა" ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ტექსტია. უფრო მწერლის სამზარეულო, რომელიც სამზეოზე გმოსატანი არც იყო. შეიძლება რამდენიმე ადამიანისთვის მიმეცა წასაკითხად, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.
მ.ხ.: - ისევ თარგმნილ რომანს მივუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ავტორებიდან ვინ ახდენს ზეგავლენას დღევანდელ ქართულ პროზაზე? მე, მაგალითად, პირადი საუბრებიდანაც ვიცი და ისედაც ვატყობ, რომ ჩვენი შემდგომი თაობის მწერლებზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ბეგბედერი.
ბ.ს.: - კარგი ავტორის მნიშვნელოვანი ნაწარმოების თარგმანი აუცილებლად მოახდენს გავლენას ენაზეც და ლიტერატურის განვითარებაზეც. მაგალითად, ახლახან ბრწყინვალედ ითარგმნა პამუკის შესანიშნავი რომანი "მე წითელი მქვია". შეუძლებელია, ამან უკვალოდ ჩაიაროს. ეს არ იქნება ერთ და ორ თვეში, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგს აუცილებლად ვნახავთ. იგივე შემიძლია ვთქვა უელბეკის "პლატფორმა"-სთან დაკავშირებითაც. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი ტექსტი და ავტორი, ვისაც ასეთი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, კარგად ითარგმნოს.
ჯ.რ.: - სანამ გავლენაზე ვიტყოდი, მინდა შევეხო, რამდენად სისტემურია და ორგანიზებული სათარგმნი მასალა, ვინ თარგმნის, რას თარმნის, ვინ არჩევს. ვფიქრობ, ეს სისტემის სახით არ არის ჩამოყალიბებული.
მ.ხ.: - ჩემი აზრით, აუცილებელია არსებობდეს კომისია ან ჯგუფი, რომელიც გაითვალისწინებს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესს, ანუ იქნება აბსოლუტურად პლურალისტული. მანვე უნდა შეადგინოს სათარგმნი ლიტერატურის ნუსხაც, რომელიც ამ სფეროში ერთიანი პოლიტიკის ნაწილად იქცევა.
ბ.ს.: - მე კი ასეთი მიდგომა არასწორად მიმაჩნია და რატომ: პრობლემა ის კი არ არის, რომ თარგმანთან დაკავშირებით ზოგადი პოლიტიკა არ არსებობს, ამას ერთი გამომცემლობაც იოლად განსაზღვრავს, არამცთუ ამდენი ერთად. ჩვენთან რეალურად კვალიფიციური მთარგმნელების დეფიციტია. რაც უნდა კარგი გეგმა შეადგინო, თუ მთარგმნელი არ არის, ვერაფერს გააკეთებ. მაგალითად, ამ ეტაპზე ესპანურენოვანი ლიტერატურის თარგმნა მინდა, მაგრამ მთარგმნელებს ვერ ვპოულობ. მომიყვანე კარგი მთარგმნელი ყველა ენიდან და ყოველგვარი კომისიის გარეშე მშვენიერ ტექსტებს გითარგმნი.
მ.ხ.: - კომისია მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ რაც შეიძლება მეტი მკითხველის მოთხოვნა იქნეს გათვალისწინებული და არ ხდებოდეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის დაკმაყოფილება.
ბ.ს: - მესმის, მაგრამ რა უნდა ქნას კომისიამ, როცა საქართველოში ვერ იპოვი ადამიანს, რომელმაც პორტუგალიური იცის?
მ.ხ.: - ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული – მკითხველი, მთარგმნელი, ტექსტი.
ჯ.რ.: - ბაკურ, როგორც გამომცემელს გეკითხები: კულტურის სამინისტროს აქვს "ქართული წიგნის განვითარების პროგრამა." რა უფრო მნიშვნელოვანია, ქართულიდან ითარგმნოს და ამაზე დაიხარჯოს თანხა თუ პირიქით?
ბ.ს.: - ორივე აუცილებელია. ქართული პროზა ვერ განვითარდება, თუ ქართულ ენაზე სერიოზული მთარგმნელობითი საქმიანობა არ წარიმართა. 4-5 ადამიანს არ ვგულისხმობ. ძალიან ბევრი მწერალი უნდა წერდეს გამართულად, პროფესიონალურად, ამას კი ვერ მიაღწევ, თუ ყველაფერი არ გექნება ნათარგმნი. ამაში გეთანხმები, მაგრამ ჩვენ მიზნისკენ სხვადასხვა გზით მივდივართ. პრობლემა ის კი არ არის, რომ არ ვიცით, რა გავაკეთოთ, არამედ - როგორ განვახორციელოთ.
ჯ.რ.: - ვფიქრობ, ხანგრძლივად თუ მოძებნი და დაელოდები ესპანური ენიდან მთარგმნელს, ადრე თუ გვიან გამოჩნდება.
ბ.ს.: – კი, მაგრამ ძალიან დიდი დროის შემდეგ. სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ასეთი რამ არ გამოდის. ანუ, ძირეულ გარდატეხას რომ მიაღწიო, სპეციალური პროგრამა გჭირდება.
მ.ხ.: – მეც მანდ ვარ, ანუ სახელმწიფოს მხარდაჭერაში ფულს კი არ ვგულისხმობ, არამედ, სახელმწიფოს, როგორც ორგანიზატორს. საფრანგეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითი რომ ავიღოთ, იქ ლიტერატურისთვის ძალიან ბევრი გრანტია გამოყოფილი. გარდა ამისა, სახელმწიფო იზიდავს კერძო ინვესტიციებსაც. გასაგებია, რომ ჩვენ განვითარების სხვა საფეხურზე ვართ, მაგრამ გარკვეული თანადგომა ალბათ შესაძლებელია.
ბ.ს.: - გარდატეხაც საჭიროა და მცირედი მოთმინებაც. ხომ ცხადია, რომ ყველა ის წიგნი, რომელიც ქართულად უნდა გვქონდეს, ერთ და ორ წელიწადში ვერ ითარგმნება, ყველა ენიდან მთარგმნელი რომც გაჩნდეს. ამისათვის აუცილებელია უამრავი ცვლილება, რასაც დრო სჭირდება, მაგრამ ახლავე თუ არ ვიფიქრეთ ამაზე, პროცესი კიდევ უფრო გაიწელება... ახალგაზრდა, რომელიც ცხოვრობს სოფელში და გადაწყვეტილი აქვს, გახდეს მწერალი, რაღაცას კი დაწერს, მაგრამ ვერანაირად ვერ გახდება თანამედროვე ავტორი. ყველაფერთან ერთად, არც ენა იცის, რომ ამ ტექსტებს ორიგინალში ეზიაროს, ამიტომ მისი თვალსაწიერი ძალიან ვიწროა. აქედან გამომდინარე, სტიგ ლარსონი საქართველოში, სულ ცოტა, ათი წელი მაინც ვერ გაჩნდება. ამის თეორიული შანსიც კი არ გვაქვს.
ზ.ბ.: - დღეს ძალიან მოდაშია მემუარული ლიტერატურა, თუმცა საქართველოში არც ეს ჟანრია განვითარებული. მსახიობები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები სხვადასხვა სატელევიზიო შოუში მიდიან და ერთჯერადად იცლებიან ემოციებისგან. არადა, ეს ყველაფერი ფურცელზე რომ გადაეტანათ, გაცილებით საინტერესოც იქნებოდა და სხვა ადამიანებიც წაიკითხავდნენ. გასაგებია, რომ წერა ყველას არ შეუძლია, ამიტომ უნდა არსებობდნენ ავტორები, რომლებიც სხვის ბიოგრაფიებზე იმუშავებენ. თანამედროვე ქართველ მწერლებს არ უნდა მოერიდოთ ამ საქმიანობის. პირადად მე სიამოვნებით დავუჯდებოდი რომელიმე საინტერესო პიროვნებას და მისი მონათხრობის მიხედვით მისსავე ბიოგრაფიას დავწერდი.
ჯ.რ.: - ამ საკითხზე გამომცემლებმა უნდა იმუშაონ.
ბ.ს.: - თავის დროზე ვაპირებდი მოქმედი პოლიტიკოსების მემუარების გამოცემას. საინტერესო პროექტი იყო: პოლიტიკოსები მოუყვებოდნენ თავისი ცხოვრების შესახებ ავტორს, რომელიც ამ ყველაფერს ტექსტად აქცევდა. პირველი წიგნი ზურაბ ჟვანიაზე უნდა ყოფილიყო. ბატონი ზურაბი დავითანხმეთ, მუშაობაც დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ ეს წამოწყება აღარ გამოვიდა. მიზეზი - ისევდაისევ კადრები. ჟანრული ლიტერატურის მსგავსად, კარგი მწერლები არც აქ გვყავს. თუმცა ბოლო ხანებში ერთი საინტერესო ტენდენცია იკვეთება, რომელიც ამ მიმართულებით იმედს მაძლევს: ბლოგერები, რომელთა რიცხვი გეომეტრიული სისწრაფით იზრდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წერენ. თანაც, ძალიან ახალგაზრდები, ფაქტობრივად, თინეიჯერები. სწორედ მათ უნდა დაუდონ საფუძველი შემდგომი თაობის ქართული პროზის განვითარებას.
ჯ.რ.: – ისევ ბაკურის ნათქვამს დავუბრუნდები მწერლების რაოდენობასთან დაკავშირებით. მავანი მიიჩნევს, რომ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, სელექციის თვალსაზრისით სწორედ რიცხოვნებაა მნიშვნელოვანი. დასავლეთში ეს მოწესრიგებულია. შოტლანდიაში, მაგალითად, 100 ათასი მორაგბეა. საქართველო სარაგბე ქვეყანა რომ იყოს, 20-30 ათასი სპორტსმენი უნდა გვყავდეს, ანუ გარკვეული რაოდენობა, რომ მერე საუკეთესოები აარჩიო. იგივეა მწერლობაშიც. ანუ, ის, რომ ჩვენი წინა თაობა ეჭვის თვალით უყურებდა მომრავლებულ მწერლებს და წუხდა, ახლა ყველა მწერალი გახდაო, რეალურად სულაც არ არის შემაშფოთებელი. რა არის ამაში ცუდი?
მ.ხ.: - წელიწადში 30 რომანი როგორ არ უნდა გამოდიოდეს?
ბ.ს.: – ამასწინათ შევამოწმე, რამდენი რომანი გამოდიოდა საბჭოთა კავშირის დროს. ხომ გვეგონა, რომ მაშინ მწერლობას იდეალური პირობები ჰქონდა და ქართული ლიტერატურა ყვაოდა? იმაზე მეტი, რაც დღეს არის, თურმე არც მაშინ გამოდიოდა.
ჯ.რ.: - არ დაგავიწყდეს, რომ იმ დროს მწერალი საკრალური პიროვნება იყო და ცენზურაც მოქმედებდა.
მ.ხ.: – მაშინ ბევრი მწერალი არც წერდა, უფრო მწერლობდა.
ზ.ბ.: – რაც მთავარია, არც კითხულობდა.
ბ.ს.: – მწერალი იყო მანდატის მფლობელი. ხუმრობა იქეთ იყოს და რაოდენობის ზრდის გარეშე არაფერი გამოვა. მერე ზოგი წერას გააგრძელებს, ზოგი თარგმანში წავა. სხვანაირად ლიტერატურა ვერ ამოძრავდება.
მ.ხ.: – შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, მე მგონი იმედის საფუძველი გვაქვს.
ბ.ს.: - მე იმედს ბლოგერები მაძლევენ, ანუ თავად ბლოგერები კი არა, მათი რაოდენობა.
ჯ.რ.: – და ტექსტებიც, იმიტომ რომ ინტერნეტ-სივრცეს აქვს თანამედროვე რომანის ენა. გინდა თუ არა, იმ ენით უნდა წერო.
მ.ხ.: – აბსოლუტურად გეთანხმებით შენც და ბაკურსაც. ერთს დავამატებ. მე, მაგალითად, ერთადერთი რამის გამო ვარ "ფეისბუკში": ჩემს თავსაც ვცდი და ჩემს მეგობარ-მკითხველსაც – რამდენად მგრძნობიარენი არიან ჩემი და სხვების ენობრივი თამაშების მიმართ და პირიქით. საამისოდ "ფეისბუკი" შესანიშნავი საშუალებაა. გაზეთში ამას ვერ მოახერხებ, ვერც ბლოგზე, რადგან ბლოგი უფრო გაბმული ტექსტია, აქ კი წერტილოვანი დარტყმები ხდება. ფაქტია, ბოლო პერიოდში ამ ქსელმა ქართული ენა ძალიან მოქნილი გახადა.
ბ.ს.: – გეთანხმები, რადგან ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომელთაც არასოდეს არაფერი დაუწერიათ, ქსელებში დაიწყეს წერა. როცა რაღაცას წერ, თუნდაც მეილს, უკეთესი მკითხველი ხდები.
მ.ხ.: – დავამატებ იმასაც, რომ დღეს დამოუკიდებელი საიტები სატელევიზიო მედიების ალტერნატივად იქცა. აქ შეულამაზებელ ინფორმაციას ნახავ და საერთოდ, ღია სივრცეა, სადაც ნებისმიერი ადამიანის ნახვა და მისი კომენტარის წაკითხვა შეიძლება. ქსელში კითხვა რეალურ სამყაროში კითხვის ალტერნატივად იქცა, თუმცა ქსელს შეუძლია დაეხმაროს რეალურ წიგნებსაც. ეს მაშინ მოხდება, როცა მეტი იქნება რეცენზირება, შეფასება, კრიტიკა და კამათი.
ბ.ს.: - თანამედროვე მედიები ძირითადად კითხვას უკავშირდება. "ფეისბუკი" იქნება, ბლოგი თუ სხვა რამ, საბოლოოდ ყველაფერი მკითხველის და მწერლის წარმონაქმნია.
მ.ხ.: – მოკლედ, ვიკითხოთ ინტერნეტშიც და რა თქმა უნდა, ინტერნეტს გარეთაც.
მოამზადა ნანა კობაიძემ
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Monday, November 15, 2010

ნიკო ნერგაძე – ჩემი პირველი (ელექტრონული) წიგნი


რიდერები - ვარგა? გვინდა? (მგონი კი!)

ერთი მხრივ, ძალიან მოსახერხებელი რამ ჩანს - წახვალ ზღვაზე და თან, თუ გინდა, 5 წიგნს წაიღებ და თუ გინდა - ორმოცდაათს. ერთ პატარა ხელსაწყოში ეტევა.
მეორე მხრივ - აბა, სად ნამდვილ, ქაღალდის წიგნს რომ ფურცლავ და სად პლასტმასებს რომ აჭერ ხელს და ეკრანს შეჰყურებ.
გაორება მეტწილად გიქრება, როგორც კი რიდერს ხელში იჭერ. ჩემს შემთხვევაში ეს «ამაზონის» Kindle გახლავთ. სრულიად გადასარევი და ლამაზი ნივთი. სიფრიფანაა, მსუბუქი და ქურთუკის ჯიბეში ეტევა. მართალია, ჩემს ქურთუკს დიდი ჯიბე აქვს, მაგრამ, მაინც... მთავარი კი მაინც ეკრანია, რომელზეც ცოტა ხანს კი უნდა შევჩერდეთ.
რიდერებს (Kindle-ის გარდა კიდევ რამდენიმე კარგი არსებობს) სხვა ელექტრონული ხელსაწყოებისგან სწორედ ეკრანი განასხვავებს. წიგნს მონიტორზეც წაიკითხავ, აიპედშიც და მობილურ ტელეფონშიც, მაგრამ საეჭვოა, რომ დიდი სიამოვნება მიიღო. ბევრს თვალებს ტკენს, მე - არა, მაგრამ მომკალი და «ის» ვერაა. ბოლო «ჰარი პოტერი» Nokia N81-ით წავიკითხე. თვალები არ დამღლია, მაგრამ რომანში «ჩართვა» ძალიან მიჭირდა. ერთია, რომ ეკრანია პატარა, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, წიგნი არ უნდა ანათებდეს. წიგნი წიგნს უნდა ჰგავდეს.
რიდერი წიგნს ჰგავს. ეკრანი მონიტორებისგან განსხვავებული ტექნოლოგიითა დამზადებული, რომელსაც ელექტრონული მელანი ჰქვია. შეხედავ და გგონია, რომ ფურცელს უყურებ. არც ანათებს და არც არაფერი. ანუ, ნამდვილი წიგნივით სჭირდება გარე განათება - სიბნელეში ასოებს ვერ გაარჩევ. ისეთი კარგი რამაა, რომ კითხვას განდომებს.
ასეთი ეკრანის მქონე ხელსაწყოს ბატარეაც მეტ ხანს ჰყოფნის. ჩვეულებრივი USB შნურით იმუხტება სამ საათში. თითო დატენვა კარგა ერთ თვემდე ჰყოფნის.
კი, მაგრამ, რა შეიძლება წაიკითხო რიდერით? ქართულად მგონი, ბევრი ვერაფერი, მაგრამ, თუ ინგლისურად კითხულობ, თავი ქუდში გაქვს.
ჯერ, ერთი, კლასიკური ლიტერატურის დიდი ნაწილის საავტორო უფლებებს ვადა აქვს გასული და მათი ჩამოტვირთვა უფასოდ შეიძლება. რაც შეეხება ბოლო ხანებში გამოსულ მხატვრულ ლიტერატურას - თითქმის ყველაფერი იყიდება ელექტრონულ ფორმატშიც.
«ამაზონზე» 600 ათასზე მეტი «ვირტუალური» წიგნია და მათი უმეტესობა 10 დოლარზე ნაკლები ღირს. თუ სინდისი არ გაწუხებს, ბესტსელერების დიდი ნაწილის მეკობრულად, უფასოდ ჩამოწერაც შეიძლება.
რუსულად ელექტრონული წიგნები კიდევ უფრო იაფია. როდესაც არ ვიცი, რა წავიკითხო, აკუნინს მივასკდები ხოლმე. გადავხედე და რუსულ ინტერნეტმაღაზიებში «ერასტ ფანდორინის» სერიის ბოლო რომანის (ნიკოლაი ფანდორინები არ მიყვარს) ელექტრონული ვერსია დაახლოებით დოლარნახევარი ღირს. რუსებისთვის ფულის მიცემას რა ვუთხარი, თორემ წიგნში 3 ლარის გადახდა, წესით, არ უნდა დაგენანოს.
ჰოდა, ფასებს რაც შეეხება. რიდერების გავრცელების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ მათი სიძვირე იყო - კარგა ხნის განმავლობაში, 200 დოლარის «მიდამოებში» ღირდა. საქართველოსთვის ეს ორმაგი პრობლემა იყო. ერთი, რომ უბრალოდ, ძვირია (200 დოლარად კარგა ბლომად წიგნი მოგივა). მეორეა, რომ 300 ლარზე ძვირიანი საქონლის შემოტანისას ბაჟი უნდა გადაიხადო, რაც ნივთს კიდევ უფრო აძვირებს და თან ხათაბალას გმატებს.
მაგრამ ეს ვიდრე ახალი Kindle 3 გამოვიდოდა. ამ რიდერის მესამე თაობა წინამორბედებზე ბევრად ლამაზია (წინა მუტანტ «ბლექბერის» ჰგავდა), მსუბუქია და, რაც მთავარია, ნაკლები ღირს - 140 დოლარის ფარგლებში, ანუ ბაჟს არ იხდი. თუ ჩემსავით შუამავალ ფირმას ჩამოატანინებთ, ტრანსპორტირების 7 ლარი დაემატება. იაფი მაინც არ გამოდის, მაგრამ წინანდელ ვითარებას ბევრად სჯობს.
ყველაზე კარგი შეგრძნება კი აი, რა იყო - ვუყურებ ამ Kindle-ს და ვფიქრობ - იქნებ ახლა მაინც დავჯდე და რამე წავიკითხო. თორემ თვეები იქნება, წიგნი არ გადამიშლია. «გადაშლა» არც ახლა გამომივა, მაგრამ, ხომ გამიგეთ, არა?

© ლიბერალი