Friday, October 30, 2009

უმბერტო ეკო - საუბარი ბაბილონში


ტიგროსსა და ევფრატს შორის, დაკიდული ბაღების ჩრდილქვეშ, ათასზე მეტი წლის წინ

ურუქი: ჰა, როგორ მოგწონს ეს ლურსმნული? ჩემმა მონათსამბეჭდაო სისტემამ ათ საათში დაასრულა ხამურაბის მთელი კოდექსი.
ნებროთი: შენი რომელია? სამოთხის ველის Apple Nominator-ი?
ურუქი: გაგიჟდი?! მაგას თირას მონათა ბაზრობაზეც ვერ იშოვი. არა, მე ეგვიპტელი მონა-მწერალი მყავს, Toth 3 Megis-Dos. ძალიან ცოტას ხარჯავს - ერთი მუჭა ბრინჯი დღეში - და იეროგლიფებით წერაც შეუძლია.
ნებროთი: ჰო, მაგრამ მეხსიერებაში არაფერი რჩება.
ურუქი: სამაგიეროდ, ფორმატირებას პირდაპირ ასლირებისას აკეთებს. მონა-მეფორმატე აღარცაა საჭირო, იგი ჯერ თიხისგან ძერწავდა ფირფიტას, მზეზე აშრობდა, რათა შემდეგ ვიღაც სხვას დაეწერა მასზე. ეს კი, ძერწავს, ცეცხლზე აშრობს და ეგრევე წერაზე გადადის.
ნებროთი: ეგ ხომ 5,25 ეგვიპტური მტკაველის ფირფიტებს იყენებს და კაი 60 კილოგრამსაც იწონის. იქნებ პორტატული გეცადა?
ურუქი: რა, ქალდეველი ვიზორი თხევადი ბროლით არა? ქურუმების ჩმახვაა ეგ, მეტი არაფერი!
ნებროთი: არა, ჯიბის მონა-მწერალი, აფრიკელი პიგმეი სიდონიდან. ხომ იცი, ფინიკიელები ეგეთ რაღაცეებში მაგრები არიან, ყველაფერს ეგვიპტელებს პარავენ და შემდეგ აპატარავებენ. ნახე: ლეპტოპი, პირდაპირ შენს მუხლებზე ჩამომჯდარი წერს.
ურუქი: საზიზღარი ვინმეა ეგ შენი კუზიანი.
ნებროთი: კაი ერთი! მაგას ზურგში სწრაფი ბექაპის პლატა აქვს ჩამონტაჟებული. მათრახის ერთი დატკაცუნება და პირდაპირ ალფა-ბეტა-ში გადადის, ხედავ, გრაფიკული რეჟიმის ნაცვლად ტექსტურს იყენებს, ოცდაერთი ნიშანი საკმარისია. ხამურაბის მთელ კოდექსს (3,5-ზე) რამდენიმე ფირფიტაზე დაატევს.
ურუქი: და მერე მოგიწევს კიდევ ერთი მონა იყიდო შრიფტის გადასაყვანად, არა?
ნებროთი: არაფერიც. ამ ჯუჯას კოდის გახსნაც შეუძლია. კიდევ ერთხელ დაატკაცუნებ მათრახით და ყველაფერი ლურსმნულზე გადაჰყავს.
ურუქი: გრაფიკასაც აკეთებს?
ნებროთი: რა, ვერ ხედავ, სხვადასხვა ფერები რომ აქვს? როგორ ფიქრობ, ვინ გამიკეთა გოდოლის გეგმები?
ურუქი: მაგას უჯერებ? ყველაფერი რომ დაინგრეს?
ნებროთი: თუ ძმა ხარ! პითაგორა და Mempis Lotus-ი ჩავუტვირთე მეხსიერებაში. აძლევ გეგმას, წკაპ და ეგრევე გიხატავს ზიქურათს სამ განზომილებაში. ეგვიპტელები პირამიდებს "მოსეს" სისტემით აშენებდნენ, რომელიც ათ ბრძანებას ასრულებდა და ათიათასობით მონა-მწერლებით იყო დალინკული. ინტერფეისები მუდამ მტრობდნენ ერთმანეთს. მთელი ამ ჯართის გადაყრა წითელ ზღვაში მოუწიათ, წყალმაც კი აიწია.
ურუქი: გამოთვლებს აკეთებს?
ნებროთი: ზოდიაქოც იცის. მომენტალურად გაჩვენებს შენს ჰოროსკოპს და - What you see is what you get.
ურუქი: ძვირი ღირს?
ნებროთი: აქ თუ იყიდი, მთელი მოსავალი არ გეყოფა, ბიბლოსის ბაზრობაზე კი ერთი ტომარა სათესლე ხორბალიც საკმარისი იქნება. ჭამით კარგად უნდა აჭამო, ხომ იცი, garbage in - garbage out.
ურუქი: მე ჩემი ეგვიპტელიც მაკმაყოფილებს. მაგრამ შენი ჯუჯა რომ ჩემს 3 Megis-Dos-ს მიუდგეს, არ მოხერხდება, ზოდიაქო ასწავლოს?
ნებროთი: ეგ უკანონობაა: როცა ყიდულობ, უნდა დაადასტურო, რომ მარტო ინდივიდუალური სარგებლობისთვის გინდა... მაგრამ ჯანდაბას, ყველა აკეთებს ამას, მოდი ჩვენც ჩავაკონექტოთ. ოღონდ არ მინდა, რომ შენსას ვირუსი აღმოაჩნდეს.
ურუქი: რას ამბობ, ხარივით ჯანმრთელია. ყველაზე მეტად სხვა რამ მაშინებს: ყოველდღე ახალი კილო ჩნდება, ბოლოსდაბოლოს, პროგრამების აღრევა არ მოხდეს.
ნებროთი: დაწყნარდი, პონტია, ბაბილონში ეგ შეუძლებელია.

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

© “არილი”

Sunday, October 25, 2009

რადიარდ კიპლინგი - სწორედ ასეთი მოთხრობები


ანდრო ბუაჩიძე
ქვეყნიერების უძველესი ამბები
რადიარდ კიპლინგი. სწორედ ასეთი მოთხრობები. მთარგმნელი ანი მოსულიშვილი. "დიოგენე" 2003

"ჩემო პატარა უსაყვარლესო მეგობარო", ასე იწყებს თავის ერთ საბავშვო მოთხრობას რადიარდ კიპლინგი. მეც ასე დავიწყებ, მხოლოდ ერთს დავამატებ: გულითადმა მეგობრობამ ასაკი არ იცის, ამიტომაც მინდა ჩემს მეგობრებს, პატარებს, მაგრამ დიდი გულის მქონეთ ვამცნო, რომ მათი წიგნის თაროს ჩემ მიერ უკვე ხსენებული მწერლის მოთხრობების კრებული შეემატა.
ამ მოთხრობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოზრდილები და პატარები კითხულობენ. მათ უკვე ისიც იციან, რომ "მაუგლის" გარდა რადიარდ კიპლინგმა არაერთი შესანიშნავი ნაწარმოები შექმნა.
მაშ ასე, გადავფურცლოთ ეს წიგნი.
რაზე გვესაუბრება მწერალი?
"რატომ აქვს ვეშაპს ასეთი ხახა", ასე ჰქვია მოთხრობას, სადაც საუბარია თევზიყლაპია ვეშაპზე. ეს ვეშაპი "ნთქავდა ქამბალებსა და ქაფშიებს, ქაშაყებსა და ქარიყლაპიებს, სკაროსებსა და სკუმბრიებს". ბოლოს ყველა თევზი რომ გადაყლაპა, ზღვაში ერთადერთი სულდგმულიღა დარჩა, ამ სულდგმულმა, "ციცქნა და ქვეშქვეშა" თევზმა ვეშაპს ურჩია ადამიანის ხორცი გაესინჯა. "გემრიელია?" - ჰკითხა ვეშაპმა - "სასიამოვნო, მაგრამ ძნელად მოსანელებელი". - უპასუხა თევზმა. მართლაც უტყუარი გამოდგა თევზის წინასწარჭვრეტა - ვეშაპმა ადამიანიც გადასანსლა, მაგრამ ამას არცთუ სასურველი შედეგი მოჰყვა. ადამიანმა ვეშაპის სტომაქში ისეთი ამბები დაატრიალა, რისი წარმოდგენა ყველაზე დიდ ფანტაზიორსაც კი გაუჭირდებოდა.
ეს ადამიანი ირლანდიელი მეზღვაური გახლდათ. მან აიძულა ვეშაპი მშობლიური ნაპირებისკენ აეღო გეზი. როცა ნაპირზე ფეხი დადგა, შინისაკენ მოკურცხლა, ვეშაპს კი პირში თავისი ხელით გამოთლილი ცხაური ჩაუტოვა: "და აი, სწორედ ამიტომ ვერ ყლაპავენ დღესდღეობით ვეშაპები კაცებს, ბიჭებს და პატარა გოგონებს".
იქნებ იმანაც დააინტერესოს პატარა მკითხველი, თუ როგორ შეიძინა აქლემმა კუზი? ცხენი, ძაღლი და ხარი გამუდმებით სთავაზობდნენ აქლემს სამუშაოს, თითქოს უნდოდათ უქნარობისგან დაეხსნათ იგი და ამავე დროს ხელის წაშველებასაც სთხოვდნენ. მაგრამ ნურას უკაცრავად! აქლემი ყურსაც არ იბერტყავდა და თან გაიძახოდა, კუზი, კუზიო. ისე აიხირა ეს სიტყვა, რომ საბოლოოდ ჯადოქარმა უქნარობისთვის დასაჯა და კუზით "დააჯილდოვა".
ჩემო პატარა უსაყვარლესო მეგობარო! რას აღარ შეხვდები ამ წიგნში. აქ ხომ ათასგვარი ამბებია მოთხრობილი. ეს ამბები სამყაროს უძველეს და უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეხება, სათაურებიც შესაბამისად შეურჩევია მწერალს: "როგორ იშოვა მარტორქამ ასეთი ტყავი", "რატომ აქვს ლეოპარდს ლაქები", "როგორ დაიწერა პირველი წერილი", "როგორ შეიქმნა ანბანი" და ა.შ.
მე, რა თქმა უნდა, არ მინდა წინასწარ მოვუთხრო მომავალ მკითხველებს ამ წიგნში მოთხრობილი ამბები. უბრალოდ, წაკითხვამდე ჩემს შთაბეჭდილებებს ვუზიარებ და თუ მოთხრობას ზოგჯერ ბოლომდეც ვყვები, ეს იმიტომ, რომ თავს ვეღარ ვიკავებ ან სხვაგვარად რომ ვთქვა, ენა წინ მისწრებს და მაიძულებს ჩემი გრძნობა მკითხველსაც გადავდო.
ჰო, მართლა, მე უკვე ორი ამბავი მოვყევი, ის კი დამავიწყდა მეთქვა, რომ რადიარდ კიპლინგის მოთხრობილი ამბები ლექსებით ბოლოვდება. ალბათ იციან პატარებმა - კიპლინგი პროზაიკოსთან ერთად შესანიშნავი პოეტიც იყო. ამიტომაც კარგი იქნებოდა, ეს ლექსები უკეთესად აჟღერებულიყო ქართულ ენაზე. ისე კი არ გამიგოთ, თითქოს მთარგმნელის კეთილშობილ საქმიანობას უმადური მუშტარივით ვეპყრობოდე. არა, რა თქმა უნდა! უბრალოდ იმას ვამბობ, რომ კიპლინგისეული ხელწერა პროზაულ ნაწილში უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე პოეტურში.
"მას შემდეგ, როცა ზღვა გააჩნხლდება, / გემის სარკმლებს მწვანედ დაბინდავს, / ხოლო ხომალდი აფარფატდება, / ვეღარ გაიგებ, საით წაგიყვანს". ეს პირველი სტროფია იმ ლექსისა, რომელიც ვეშაპის ამბავს ახლავს. თარგმნილი ლექსის ხარვეზი მაშინ იჩენს თავს, როცა სარითმო სიტყვები არ თანხვდება ერთმანეთს, ან, უბრალოდ რომ ვთქვათ, რითმა არ ჟღერს. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. "გაანჩხლდება" და "აფარფატდება" და შესაბამისად - "დაბინდავს" და "წაგიყვანს" რითმები არ არის. ეს მით უფრო თვალსაჩინოა, რომ პროზაულ ნაწილში არა ერთი და ორი პასაჟია კარგად თარგმნილი.
მშვენიერი მოთხრობაა "სპილოს შვილი". "დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ, სპილოს, ჩემო უსაყვარლესო, ხორთუმი არ ჰქონდა. მხოლოდ ერთი მოშავო, ოდნავ ამობურცული, ღილივით ცხვირი გააჩნდა, ისეთი პატარა, რომ ვერც აქეთ გაიქნევდა, ვერც იქით და ვერც ვერაფერს აიღებდა იმით". - წერს კიპლინგი.
ამ პატარა სპილოს კიდევ ერთი თვისება ჰქონდა: მოულოდნელ და ზოგჯერ უადგილო შეკითხვებსაც სვამდა. ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა ნიანგს ეხებოდა. პატარა სპილუკა აღმა და დაღმა დაეხეტებოდა და გულმოდგინედ ეძებდა ნიანგს. გზად ვინც შეხვდებოდა, ყველას ეკითხებოდა, რომელია ნიანგი? სად არის ნიანგი? ეს ხომ არ არის ნიანგი? ამ კითხვებით მიადგა იგი მდინარის ნაპირს, სადაც ნიანგი დაცურავდა. "ამ მიდამოებში ნიანგი ხომ არ გინახავთ?" - ასე შეეხმიანა სპილო უშუალოდ ნიანგს, რომელმაც ზრდილობიანადვე უპასუხა, მაგრამ ამავე დროს ცხვირში, ე.ი. იგივე ხორთუმში სტაცა პირი. დიდხანს ექაჩებოდა ნიანგი სპილოს და ცხვირის ნაცვლად სწორედ ასე შერჩა სპილოს ხორთუმი. ერთხანს იგი ამ წაგრძელებული ცხვირის დამოკლებას ელოდა, მაგრამ ამაოდ.
ჩემო პატარა, უსაყვარლესო მეგობარო, იქნებ იმის შესახებ მაინც გსმენია რამე, თუ რატომ აქვს ლეოპარდს ლაქები? იმიტომ, რომ ეთიოპელმა დაადო თავისი ხუთი თითი და იმისი ანაბეჭდებია. ეს ანაბეჭდები შეუმჩნეველს ხდის ამ ცხოველს და მტრის თვალთაგან იფარავს. დიახაც ასეა. ავ თვალს კი მუდამ უნდა ერიდოს ყველა სულდგმული.
"სწორედ ასეთი მოთხრობები", ასე ჰქვია რადიარდ კიპლინგის ნაწარმოებების კრებულს. ამავე ავტორის ნახატებია გამოყენებული მოთხრობაში "როგორ შეიქმნა ანბანი". კოტე სულაბერიძის ილუსტრაციები არაჩვეულებრივად ზუსტად გადმოგვცემს მოთხრობათა პერსონაჟების სახეებს. სპილოს, ბეჰემოტის, კენგურუს, ნიანგის, ლეოპარდის, აქლემის, პეპელას (რომელიც ფეხებს აბაკუნებდა) ყოველი მოძრაობა, ყოველი მიმოხრა, ელფერი და განწყობილება კარგად აღბეჭდა მხატვარმა. პატარა მკითხველი მადლიერი დარჩება ანი მოსულიშვილისა.

© “წიგნები – 24 საათი”

Saturday, October 24, 2009

რეზო ამაშუკელი - VIA DOLOROSA

"ღამით მაძღრები დაწვებით..."
ვაჟა

...მივყვები უხმოდ
ამ ვიწრო ქუჩას,
აქეთ და იქით
ახორხლილა ჭრელი დახლები,
ვერცხლის სურებით,
ფარდაგებით,
კრიალოსნებით...
ირგვლივ ტრიალებს
მოხალული ყავის სურნელი...
- "ხალას":
არაბი კვლავ მთავაზობს
ჯვრებსა და ხატებს,
რადგანაც მიცნო, მიმამგვანა,
ვარ ქრისტიანი!

- ვარ კი ნამდვილად?!
მე ნათრევი ავაზაკებში,
ამ ქვეყნით ტკბობას
დაძალებულ-დახარბებული,
სტომაქის მონა ფეხმორთხმული
და კუზიანი?!
- გვიანღა არის, მეგობარო,
აწი თვითგვემა,
მოახლოებულ სიკვდილის შიშით!..

- Via dolorosa
მე არაერთხელ
გამივლია ამ ვიწრო ქუჩით.
ახლაც აქა ვარ
და ჩემს თავს ვტირი.
- რა მოკლე გზაა გოლგოთამდე,
რა მოკლე გზაა!
- ვის არ უვლია ამ ქვაფენილით,
რომ პატიების შვება ეგრძნო,
ჩამოეხსნა ცოდვის ხურჯინი!
ან რა შეიგნო,
რა გაიგო ადამის მოდგმამ?

- პირიქით,
უფრო გამხეცდა და უფრო გაავდა!
ტაბუდადებულ სკივრებიდან
ამოყარა, გაამზეურა,
ამაზრზენი, მღვრიე სიზმრები...
...და მეჩვენება:
მეც იმ ბრბოს მივდევ,
ვინც წყევლა-კრულვით,
ქვების სროლით სდია მაცხოვარს,
სანამ არ გაძღა ცოდვის ხილვით,
ჯვარცმის ყურებით!..

- ო, რაბი, რაბი!
ბარაბაა ყველა ჩვენგანი,
ჩაჩერებული
პირდაღებულ საფლავის მიწას!..
- Via Dolorosa!
...ამ ვიწრო ქუჩით
გოლგოთამდე ისე მივიდა,
საყვედურიც არ დასცდენია!
მხოლოდ ჯვარზე,
ჯვარზე გაკრულს აღმოხდა მწარედ:
- "ელი, ელი, ლამა საბაქთანი!""
ეს იყო და ეს...
...და დაჰკიდა ეკლიანი გვირგვინით თავი...

- ვის,
ვის დასცდება
ვინ იტყვის, რომ მოინანია?
სხვის დასანახად მორწმუნენო,
ქრისტიანენო!
უფალს მაშინ თუ გაიხსენებთ,
როდესაც გიჭირთ,
მუხლზე დადგებით პირჯვრის წერად:
- "ღმერთო მიშველე,
მიშველე და დამიფარეო!"
ხოლო როდესაც
მიუსხდებით შემწვარ ერკემალს,
ან ძუძუს ლოშნით
ნაღვინევ და დორბლიან ბაგით,
- სად არის ღმერთი?
რად არ გახსოვთ მაშინ უფალი?!

მეც თქვენნაირი ღორი ვარ და მიტომაც ვტირი,
ჩემს თავს ვტირი, ჩემს თავს ვტირი,
მარად მშიშარი!..
მე, ძვლების გროვა,
ნაცოდვილარ ხორცით ასხმული...
- ტყუილია,
ტყუილია ის სათნოება,
და ეს სიმართლეც ტყუილია,
თქვენ რომ მთავაზობთ!

ნაღდი,
გულწრფელი, თეოა მხოლოდ,
- საწყალი თეო!
ტრიალ მინდორში ხეზე ასული,
რომ გაჰყმუის მთელ სამყაროს:
- "ქალი მინდა,
ქალი მინდაო!"
- Via Dolorosa
...მე ვერ ვივარგებ,
ვერ ვივარგებ აღსარებისთვის.
გვიანღა არის აწ თვითგვემა
მოახლოებულ სიკვდილის შიშით...

P.S.
არ დაგნამვიათ ღაწვები
მოყვასის მონატრებითა.
- "ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!"
ცრემლებში ამონაწები
ცოდვა გდევთ დაბადებიდან...
- "ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!"
არც შუბლზე ზეთის წაცხებით
არ იხარჯებით ბეჯითად,
- "ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!"
მხოლოდ მაშინ ხართ მაგრები,
თუ იმყოფებით კრებითად...
- "ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!"
მუნ სხვისი სევდით დათვრებით
და არა გახარებითა.
- "ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!"
მეც ღვთის გლახა და საწყალი,
ავაზაკებში ნაგდები,
ღამით დავწვები მაძღარი,
დილით მშიერი ავდგები!
...ვაი, რომ მწიფდა ნიადაგ
ცოდვით დამტკბარი მტევანი
- ვაი, რომ დამაგვიანდა
გულმკერდზე მჯიღის რტყმევანი...

2000 წლის 28 თებერვალი

Friday, October 23, 2009

როლან ბარტი – ავტორის სიკვდილი


ნოველაში "სარაზინი" ქალად გადაცმული კასტრატის შესახებ ბალზაკი წერს: "იგი ნამდვილი ქალი იყო, მთელი მისი უეცარი შიშებით, ამოუცნობი ახირებებით, ინსტინქტური მღელვარებით, უმიზეზო თავხედობით, ლაღი გამოხდომებითა და გრძნობათა წარმტაცი სიფაქიზით". ვინ ლაპარაკობს ასე? იქნებ ნოველის გმირი, რომელიც ცდილობს არ შეამჩნიოს ქალის სამოსში გამოწყობილი კასტრატი? ან ბალზაკი - ინდივიდი, თავისი პირადი გამოცდილების საფუძველზე რომ აფასებს ქალს? თუ ბალზაკი-მწერალი, ქალის ბუნების შესახებ "ლიტერატურულ" წარმოდგენათა აღმსარებელი? იქნებ ეს ზოგადსაკაცობრიო სიბრძნეა? ან რომანტიული ფსიქოლოგია? ამას ვერასოდეს გავიგებთ, რადგანაც წერისას ხმის, ამოსავალი პირველწყაროს ცნება უკვე აღარ არსებობს. წერა - ბუნდოვანების, არაერთგვაროვნებისა და შეუსაბამობის ის სფეროა, სადაც იკარგება ჩვენი სუბიექტურობის კვალი, ესაა შავ-თეთრი ლაბირინთი, სადაც ქრება ყოველგვარი თვითიგივეობა, პირველ რიგში კი დამწერის სხეულებრივი იგივეობა.

* * *
როგორც ჩანს, ყოველთვის ასე იყო: თუკი რაიმე ამბავს მხოლოდ მოთხრობის გულისთვის გვიყვებიან და არა სინამდვილეზე პირდაპირი ზეგავლენის მიზნით - ანუ, როცა თხრობა არანაირ ფუნქციას არ ასრულებს, გარდა სიმბოლური ქმედებისა - მაშინ ხმა სცილდება თავის პირველწყაროს, ავტორი კვდება და სწორედ აქ იწყება წერა. თუმცა, სხვადასხვა დროს ეს მოვლენა სხვადასხვანაირად აღიქმებოდა. ასე მაგალითად, პირველყოფილ საზოგადოებებში ამბავს ჰყვება არა ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ სპეციალური მედიატორი - შამანი ან მესიტყვე; შეიძლება აღგაფრთოვანოს მისმა "პერფორმაციამ" (ანუ თხრობით კოდთან მოპყრობის ოსტატობამ), მაგრამ არა "გენიამ". (1) ავტორის ფიგურა ახალი დროის კუთვნილებაა; როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ იგი მაშინ ჩამოაყალიბა, როცა შუასაუკუნეების დასასრულს, თავისთვის აღმოაჩინა (ინგლისური ემპირიზმის, ფრანგული რაციონალიზმისა და რეფორმაციის მიერ დაფუძნებული პირადი რწმენის პრინციპის წყალობით) ინდივიდის ღირსება, ან უფრო მაღალი სტილით რომ ვთქვათ, "ადამიანის პიროვნება". ამიტომაც ლოგიკურია, რომ ლიტერატურის სფეროში ავტორის "პიროვნება" ყველაზე დიდი აღიარებით პოზიტივიზმში სარგებლობდა, რომელმაც შეაჯამა და ბოლომდე მიიყვანა კაპიტალიზმის იდეოლოგია. ავტორი დღემდე ბატონობს ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელოებში, მწერალთა ბიოგრაფიებში, საჟურნალო ინტერვიუებში და თავად ლიტერატორთა ცნობიერებაშიც, რომელიც თავის პიროვნებასა და შემოქმედებას ინტიმური დღიურის ფორმაში აერთიანებს. ჩვენს კულტურაში დამკვიდრებული ლიტერატურის ცენტრი ავტორს უპყრია, აქ იგი ბატონობს, მისი პიროვნება, ამ ადამიანის ცხოვრების ისტორია, მისი გემოვნება თუ ვნებანი; კრიტიკისთვის ბოდლერის შემოქმედება დღემდე მის ყოფით პრობლემებზე დაიყვანება, ვან გოგის მთელი შემოქმედება - რეალურ ავადმყოფობაზე, ჩაიკოვსკისა კი მანკიერებაზე; ნაწარმოების ახსნას ყოველთვის მის შემოქმედში ეძიებენ, თითქოს საბოლოოდ, გამონაგონის მეტნაკლებად გამჭვირვალე ალეგორიულობის მიღმა, ჩვენ ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანის, ავტორის "აღსარების" ხმა გვესმის.

* * *
ავტორის ძალაუფლება ჯერ კიდევ მტკიცე საფუძველზე დგას (ახალი კრიტიკა მხოლოდ ამყარებდა ამ საფუძველს), თუმცა, უეჭველია ისიც, რომ ზოგიერთი მწერალი უკვე დიდი ხანია შეეცადა შეერყია ეს ძლევამოსილება. საფრანგეთში პირველი, ალბათ მალარმე იყო, ვინც სრულად დაინახა და წინასწარ განჭვრიტა იმის აუცილებლობა, რომ თავად ენა დაეყენებინათ ამ ენის მფლობელის ადგილას. მალარმე მიიჩნევს - და ეს თვალსაზრისი ემთხვევა ჩვენს დღევანდელ წარმოდგენას - რომ ლაპარაკობს არა ავტორი, არამედ ენა როგორც ასეთი; წერა, თავის საფუძველში უპიროვნო საქმიანობაა (ეს უპიროვნობა არამც და არამც არ უნდა ავურიოთ მწერალი-რეალისტის გამოფიტულ ობიექტურობაში), რომლის მეოხებითაც უკვე არა "მე", არამედ თავად ენა მოქმედებს, (2) "პერფორმირებს"; მალარმეს მთელი პოეტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გააუქმოს ავტორი და იგი წერით შეცვალოს, - ეს კი, როგორც დავინახავთ, მკითხველის უფლებათა აღდგენას ნიშნავს. "მე"-ს ფსიქოლოგიური თეორიით ხელფეხშეკრულმა ვალერიმ ცოტათი შეამსუბუქა მალარმეს იდეები; მაგრამ თავისი კლასიკური გემოვნების წყალობით მან რიტორიკის გაკვეთილებს მიმართა და ამიტომაც განუწყვეტლივ ეჭვქვეშ აყენებდა და აბუჩად იგდებდა ავტორს, ხაზს უსვამდა მისი საქმიანობის წმინდა ენობრივ, გარკვეულწილად "გაუთვალისწინებელ", "შემთხვევით" ხასიათს (3) და თავის ყველა პროზაულ წიგნში მოითხოვდა აღიარებას, რომ ლიტერატურის არსი სიტყვაშია ჩადებული, მწერლის სულიერი ცხოვრების დამოწმება კი სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენა. პრუსტიც კი, მისი ე.წ. სულის ანალიზის მთელი თავისი ხილული ფსიქოლოგიზმით, თავის ამოცანად მიიჩნევდა უკიდურესად გაერთულებინა - წვრილმანებში უსასრულო ჩაღრმავების ხარჯზე - ურთიერთობა მწერალსა და მის პერსონაჟებს შორის. მთხრობელად მან ის კი არ აირჩია, ვინც უკვე რაიმე ნახა და განიცადა, არც ის, ვინც წერს, არამედ ადამიანი, რომელიც წერას აპირებს (მის რომანში ახალგაზრდა კაცს - ვისიც არც ასაკი ვიცით და არც ის, თუ ვინ არის იგი - სურს წეროს, მაგრამ არ შეუძლია დაიწყოს და რომანი სწორედ მაშინ სრულდება, როცა წერა,ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელი ხდება), ამით კი პრუსტმა თანამედროვე წერის ეპოპეა შექმნა. მან ძირეული გადატრიალება მოახდინა: იმის ნაცვლად, რომ თავისი ცხოვრება აღეწერა, როგორც ამას ხშირად მიაწერენ ხოლმე პრუსტს, მან ეს ცხოვრება თავისივე წიგნის მიხედვით შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებად აქცია და ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ შარლუ კი არაა მონტესკიუს ანარეკლი, არამედ პირიქით, მონტესკიუ, თავისი რეალურ-ისტორიული ქმედებებით მხოლოდ ფრაგმენტია, ნატეხია შარლუსი. ჩვენი წინამორბედების ამ რიგში უკანასკნელი ადგილი სიურეალიზმს უჭირავს; მას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო სუვერენული უფლებები მიენიჭებინა ენისთვის, რადგან ენა სისტემაა, ამ მოძრაობის მიზანი კი, რომანტიზმის ყაიდაზე, ყოველგვარი კოდის განადგურება იყო (ეს მიზანი ილუზორულია, რადგანაც კოდის განადგურება შეუძლებელია, იგი შეიძლება მხოლოდ "გაათამაშო"); სამაგიეროდ, სიურეალიზმი მუდამ აზრობრივი მოლოდინის რღვევისკენ (ყბადაღებული "საზრისის წყვეტა") მოუწოდებდა, მოითხოვდა, რომ ხელს გაცილებით სწრაფად ჩაეწერა ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა ტვინს (ავტომატური წერა); იზიარებდა და პრაქტიკულად ახორციელებდა ჯგუფურ წერას და ყველაფერ ამით, მან თავისი წვლილი შეიტანა ავტორის სახის დესაკრალიზაციის საქმეში. ბოლოს კი, უკვე ლიტერატურის მომიჯნავე სფერომ (თუმცა, ახლა ეს გამიჯვნა უკვე აზრს კარგავს), ძალზე ძვირფასი იარაღი მოგვცა ავტორის ფიგურის ანალიზისა და რღვევისთვის: თანამედროვე ლინგვისტიკამ გვაჩვენა, რომ გამონათქვამი, როგორც ასეთი - ფუჭი პროცესია და თავისთავადაც შესანიშნავად სრულდება, ისე რომ, არც არის საჭირო მოსაუბრის პირადი შინაარსით შევავსოთ იგი. ლინგვისტიკის მიხედვით, ავტორი მხოლოდ ისაა, ვინც წერს, ისევე როგორც "მე" არის მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც "მე"-ს ამბობს; ენა იცნობს "სუბიექტს", მაგრამ არა "პიროვნებას" და ეს სუბიექტი - რომელიც სამეტყველო აქტით განისაზღვრება და მის გარეშე შინაარსისგან იცლება - საკმარისი ხდება, რათა თავის თავში "დაიტიოს" მთელი ენა და ამოწუროს მისი ყველა შესაძლებლობა.

* * *
ავტორის მოკვეთა (ბრეხტის კვალად, აქ ნამდვილ "გაუცხოებაზეც" შეგვიძლია ვისაუბროთ - ავტორი პატარავდება და მხოლოდ მომცრო ფიგურად ჩანს ლიტერატურულ "სცენაზე") - ეს არა უბრალოდ ისტორიული ფაქტია, ან წერის ეფექტი: მისი მეშვეობით საფუძვლიანად იცვლება მთელი თანამედროვე ტექსტი, ანუ - რაც ერთი და იგივეა - ახლა ტექსტი ისე იქმნება და იკითხება, რომ ავტორი აღარ ჩანს, ტექსტის ყველა დონეზე მისი კვალი ქრება. უპირველეს ყოვლისა, სხვანაირი გახდა დროითი პერსპექტივა. მათთვის, ვისაც სჯერა ავტორის, იგი ყოველთვის წარსულ დროში მოიაზრება და წინ უსწრებს თავის წიგნს; წიგნი და ავტორი თავისთავად განლაგდებიან საერთო ღერძზე, რომელიც წინამავალსა და მომდევნოს შორის არის ორიენტირებული; ითვლება, რომ ავტორი გულით ატარებს წიგნს, ანუ მისი არსებობა წინ უსწრებს წიგნისას, იგი აზროვნებს, იტანჯება, ცხოვრობს ამისთვის, იგი ისეთივე წინამორბედია თავისი ნაწარმოებისთვის, როგორც მამა შვილისთვის. რაც შეეხება თანამედროვე სკრიპტორს, იგი ტექსტთან ერთად იბადება, არ გააჩნია არანაირი ყოფიერება წერის დაწყებამდე და წერის გარეშე, იგი სულაც არაა ის სუბიექტი, რომელთან მიმართებაშიც მისი წიგნი პრედიკატი იქნებოდა; მხოლოდ ერთი დრო რჩება - სამეტყველო აქტის დრო და ყოველი ტექსტი მუდამ აქ და ახლა იწერება. ამის შედეგად (ან მიზეზი) წერა ზმნის აზრი ამიერიდან რაღაცის დაფიქსირებაში, ასახვაში, აღბეჭდვაში, "დახატვაში" (როგორც კლასიკოსები ამბობდნენ) კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რასაც ლიგვისტები, ოქსფორდის სკოლის ფილოსოფოსების კვალად, პერფორმატივს უწოდებდნენ (4) - არსებობს ასეთი იშვიათი ზმნური ფორმა, რომელიც მხოლოდ აწმყო დროის პირველ პირში იხმარება, რომელშიც უბნობის აქტი არანაირ სხვა შინაარსს (სხვა გამონათქვამს) არ მოიცავს, გარდა თავად ამ აქტისა: მაგალითად, ვაცხადებ მეფის, ან ვმღერი ძველი პოეტის პირით. შესაბამისად, თანამედროვე სკრიპტორს, ავტორის მოსპობის შემდეგ, აღარ შეუძლია იფიქროს, თავის წინამორბედთა პათეტიკური შეხედულებების თანახმად - რომ ხელი ვერ ასწრებს აზრსა თუ ვნებას მისდიოს; და რადგან ასეა, მან, ბედს დამორჩილებულმა, თავად უნდა გაუსვას ხაზი ამ ჩამორჩენას და უსასრულოდ "აწესრიგოს" თავისი ნაწარმოების ფორმა; პირიქით, მისი ხელი წყვეტს ყველანაირ კავშირს ხმასთან, წმიდა მოხაზულობით (და არა გამომხატველობით) ჟესტს ასრულებს და ამით ნიშანთა გარკვეულ ველს ხაზავს, რომელსაც ამოსავალი წერტილი არ გააჩნია, - ყოველ შემთხვევაში, იგი მხოლოდ ენიდან, როგორც ასეთიდან, ამოდის, ენა კი ეჭვქვეშ აყენებს ნებისმიერ წარმოდგენას ამოსავალი წერტილის შესახებ.

* * *
ახლა უკვე ვიცით, რომ ტექსტი სიტყვების სწორხაზოვანი ჯაჭვი არაა, რომელიც ერთადერთ, გარკვეულ თეოლოგიურ საზრისს (ავტორი-ღმერთის "შეტყობინებას") გამოხატავს, არამედ მრავალგანზომილებიანი სივრცე, სადაც ერთმანეთს ერწყმიან და ეპაექრებიან წერის განსხვავებული ტიპები, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს ამოსავალს; ტექსტი ციტატებისგანაა მოქსოვილი და ათასობით კულტურულ პირველწყაროზე მიგვითითებს. მწერალი ბუვარსა და პეკიუშეს ჰგავს, ამ მარად გადამწერებს - დიადსა და სასაცილოს ამავე დროს - რომელთა ღრმა კომიკურობაც სწორედ წერის ჭეშმარიტებაზე მოწმობს; მას შეუძლია მხოლოდ განუწყვეტლივ ბაძავდეს იმას, რაც მანამდე დაიწერა და ეს დაწერილიც, თავის მხრივ, არ წარმოადგენდა რაღაც პირველადს; მას მხოლოდ წერის სხვადასხვა ტიპების აღრევა ძალუძს, მათი დაპირისპირება ისე, რომ არც ერთს არ დაეყრდნოს სრულად; თუკი იგი თავის გამოხატვას მოინდომებდა, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შინაგანი "არსი", რომლის გადმოცემასაც იგი ესწრაფვის, სხვა არაფერია, თუ არა უკვე მზა ლექსიკონი, სადაც სიტყვები მხოლოდ სხვა სიტყვათა მეშვეობით აიხსნებიან და ასე, უსასრულობამდე. ასე დაემართა, მაგალითად, ყმაწვილ თომას დე კუინსის: მან, ბოდლერის სიტყვით, ისე ისწავლა ძველი ბერძნული, რომ ამ მკვდარ ენაზე თანამედროვე აზრებისა და სახეების გადმოსაცემად "თავისთვის შექმნა და ნებისმიერ დროს მზად ჰქონდა საკუთარი ლექსიკონი, გაცილებით რთული და ვრცელი იმასთან შედარებით, რომელსაც წმინდა ლიტერატურულ თხზულებებზე მუშაობისას გამოიყენებდა" ("ხელოვნური სამოთხე"). ავტორის ნაცვლად მოვლენილი სკრიპტორი თავის თავში ვნებებს, ხასიათებს, გრძნობებს ან შთაბეჭდილებებს კი არ ატარებს, არამედ მხოლოდ ამგვარ უსასრულო ლექსიკონს, რისი მეშვეობითაც იგი წერს, წერს შეუჩერებლად, განუწყვეტლივ; ცხოვრება მხოლოდ ბაძავს წიგნს, წიგნი კი ნიშნებითაა მოქსოვილი, თავადაც რაღაც უკვე დავიწყებულს ბაძავს და ასე უსასრულობამდე.

* * *
რამდენადაც ავტორი აღარ არსებობს, საფუძველი ეცლება ტექსტის "გაშიფვრის" აუცილებლობასაც. ტექსტისთვის ავტორის მიჩენა შეფერხებას ნიშნავს, ამით ტექსტს საბოლოო მნიშვნელობას ვანიჭებთ და წერას ვაფერხებთ, ვკეტავთ. ასეთი თვალსაზრისი სავსებით აწყობს კრიტიკოსს, რომელიც თავის უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს ნაწარმოებში ავტორი აღმოაჩინოს (ან მისი სხვადასხვა ჰიპოსტასები, ისეთები, როგორც საზოგადოება, ისტორია, სულის თავისუფლება): თუკი ავტორი ნაპოვნია, ე.ი. ტექსტი "ახსნილია", კრიტიკოსმა გაიმარჯვა. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ავტორის ბატონობა ისტორიულად კრიტიკოსის ბატონობაც იყო, ასევე ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ ახლა, ავტორთან ერთად, კრიტიკის საფუძველიც შეირყა (თუნდაც ახალი კრიტიკის). მართლაც, მრავალგანზომილებიან წერაში საჭირო ხდება ყველაფრის გამორკვევა, მაგრამ იქ არაფერია გასაშიფრი; სტრუქტურას შეიძლება ნებისმიერ დონეზე ადევნო თვალი, "ამოჭიმო" (როგორც წინდის ჩამოშვებული ღილკილო) იგი მთელი თავისი გამეორებებით, მაგრამ შეუძლებელია ფსკერს მიაღწიო; წერის სივრცე ჩვენ გარბენისთვის გვაქვს ბოძებული და არა გარღვევისთვის; წერა განუწყვეტლივ ბადებს საზრისს, მაგრამ იგი მაშინვე უჩინარდება, ხდება საზრისის სისტემატური გამოთავისუფლება, რის მიხედვითაც ლიტერატურა (ამიერიდან უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, წერა) უარს ამბობს ტექსტის (და მთელი სამყაროს, როგორც ტექსტის) მიღმა რაღაც "იდუმალი", საბოლოო საზრისი დაინახოს და აღმოაჩენს თავისი არსით კონტრთეოლოგიური, რევოლუციური მოღვაწეობის თავისუფლებას, რადგან როცა საზრისის დინებას არ ეწინააღმდეგები, საბოლოოდ თავად ღმერთსაც უარყოფ და მის ყველა ჰიპოსტასსაც - რაციონალურ წესრიგს, მეცნიერებას, კანონს.

* * *
დავუბრუნდეთ ბალზაკის ფრაზას. ამ სიტყვებს არავინ ამბობს (ანუ არანაირი "პირი"): თუკი მას აქვს პირველწყარო და ხმა, ეს კითხვისას გამოჩნდება და არა წერისას. ამის გაგებაში ერთი მეტად ზუსტი ანალოგია დაგვეხმარება. ბოლოდროინდელ გამოკვლევებში (ჟ.პ.ვერნანი) დემონსტრირებული იყო ბერძნული ტრაგედიის საფუძველში არსებული ორაზროვნება: მისი ტექსტი ორმნიშვნელოვანი სიტყვებითაა ნაქსოვი, რომელთაც ყოველი მოქმედი პირი ცალმხრივად აღიქვამს (სწორედ ამ მუდმივ გაუგებრობაში მდგომარეობს "ტრაგიკულის" არსი). თუმცა არის ვიღაც, ვისაც ყოველი სიტყვა მთელი მისი ორობითობით ესმის და ესმის მოქმედ პირთა სიცრუეც; ეს "ვიღაც" - მკითხველია (ან ამ შემთხვევაში, მსმენელი). ასე გამოიკვეთება წერის ერთიანი არსი: ტექსტი წერის მრავალი სხვადასხვა სახეობისგან შედგება, რომელთაც განსხვავებული კულტურული წარმოშობა აქვთ და ერთმანეთთან დიალოგის, პაროდიის, კამათის ურთიერთობაში მოდიან, თუმცა მთელი მრავლობითობა გარკვეულ წერტილში ფოკუსირდება, რომელსაც ავტორი კი არ წარმოადგენსქ - როგორც აქამდე ამტკიცებდნენ - არამედ მკითხველი. (5) მკითხველი ის სივრცეა, სადაც ყველა ის ციტატა აღიბეჭდება, რომელთა წყალობითაც წერა ხდება შესაძლებელი; ტექსტი ერთიანობას მოიპოვებს არა თავის წარმოშობით, არამედ მხოლოდ დანიშნულებით, ოღონდ ეს დანიშნულება პირადი მისამართი; მკითხველი - ესაა ადამიანი ისტორიის, ბიოგრაფიის, ფსიქოლოგიის გარეშე, იგი მხოლოდ ვიღაცა, ვინც ერთად კრებს ყველა იმ შტრიხს, დაწერილ ტექსტს რომ შეადგენს. ამიტომაც სასაცილოდ გამოიყურება, როცა ვცდილობთ დავგმოთ წერის უახლესი მანერა და ყველაფერი ეს რაღაც ჰუმანიზმის გულისთვის კეთდება - ჰუმანიზმის, რომელიც თვალთმაქცურად ასაღებს თავს მკითხველთა უფლებების დამცველად. კლასიკური ყაიდის კრიტიკას არაფერი ესაქმებოდა მკითხველთან; მისთვის ლიტერატურაში მხოლოდ ის არსებობს, ვინც წერს. ახლა უკვე ვეღარ მოგვატყუებენ ამგვარი ანტიფრასისებით, რომელთა მეშვეობითაც პატივცემული საზოგადოება კეთილშობილური გულისწყრომით ქომაგობს მას, ვისაც სინამდვილეში იგი ზღუდავს, უარყოფს, ახშობს და ანადგურებს. ახლა ჩვენ უკვე ვიცით: იმისთვის, რათა წერას განაღდებული ჰქონდეს მომავალი, აუცილებელია დავამხოთ მითი მის შესახებ - მკითხველის დაბადების საზღაური, ავტორის სიკვდილია.


შენიშვნები

1. ცნობილია, რომ ფოლკლორული "სიუჟეტი" ორ სხვადასხვა დონეზე არსებობს: ერთი მხრივ, იგი გარკვეული სემანტიკური ერთეულის, კოდის სახით გვევლინება და მეორე მხრივ, ამ კოდის რეალიზაციას, გადმოცემას წარმოადგენს, რომელიც, არსებითად, ამ კოდისვე ინტერპრეტირებას ახდენს. იგი სინქრონულადაა დაკავშირებული კოდთან - თუმცა ტრადიციულად, ამ ურთიერთობას დიაქრონული, დროითი ტერმინებით ახასიათებენ ხოლმე - და განუწყვეტლივ ახლიდან აღნიშნავს, აღწერს მას.
2. შდრ.პ.ვალერი: "ხიბლი, რომელსაც ის (მალარმე) თავს ახვევს მკითხველს, თვით ენის საკუთარი ბუნებისამებრ, განპირობებულია უხამსობებისა და გაუგებრობების სიმრავლით, რაც იმდენად გარდუვალია, რომ ავტორის აზრის უშუალო და სრულყოფილი გადმოცემა, თუკი შესაძლებლად მივიჩნევთ ამას, უთუოდ გამოიწვევდა ხელოვნების ყველაზე მშვენიერი ეფექტების განქარებას და გაქარწყლებას... ამ უცნაური აზრების წყალობით, მე თანდათან მივედი იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა მიმენიჭებინა წერის აქტისთვის სხვა რამ მნიშვნელობა, პირწმინდად თვითწვრთნისა და თამაშის გარდა, რაც მთლიანად დაფუძნებულია ენის მკაცრად განსაზღვრულსა და ზუსტად განზოგადოებულ საშუალებებზე, რომლებმაც, ენის გამოყენებისას, სრული თავისუფლება, სრული თვითრწმენა უნდა მოგვანიჭონ და დაგვიხსნან იმ ილუზიებისგან, რასაც თვით ეს გამოყენება იწვევს და რითაც სულდგმულობენ სიტყვიერი ქმნილებები და... ადამიანები" (ბ.ბრეგვაძის თარგმანი).
3. "ლექსი არასოდეს არ არის დასრულებული - მხოლოდ შემთხვევითობა ასრულებს მას".
4. გამონათქვამი, რომელიც მოქმედების, ქცევის ეკვივალენტურია (ლათ.performo - ვმოქმედებ). პერფორმატივი ქმნის სოციალურ, კომუნიკატიურ სიტუაციას, რომელსაც, როგორც წესი, გარკვეული ქმედება მოჰყვება ხოლმე (ფიცის მიცემა, ომის გამოცხალდება, ანდერძი). ერთი სიტყვით, იგი ავტორეფერენტული მოვლენაა, რადგანაც თავის მიერ შესრულებულ (თუ შესასრულებელ) მოქმედებაზე მიგვითითებს (მე ვწერ, მე დავწერ) და ამით, გარკვეულწილად, მაგიურ ფორმულებს გვაგონებს.
ცნება "პერფორმატივი" ჯონ ოსტინმა შემოიტანა 40-იან წლებში; ამ ტერმინის განმარტებას მიეძღვნა მისი ლექციების კურსი სახელწოდებით "სიტყვა, როგორც ქმედება".
5. ფრანგმა ლიტერატურათმცოდნემ, ჟერარ ჟენეტმა ერთ-ერთ კოლოქვიუმზე (1966 წელს) ტექსტი მებიუსის ლენტს შეადარა, სადაც შიდა და გარეთა, აღმნიშვნელისა და აღსანიშნის, წერისა და კითხვის მხარეები განუწყვეტლივ ბრუნავენ და ადგილებს იცვლიან, წერა მუდამ იკითხება, კითხვა კი წერს და თავს აღბეჭდავს...
საინტერესოა, რომ ოპონენტებმა არასწორად გაიგეს ცნება და faces-ს (მხარე) ნაცვლად phases (ფაზა) მიიჩნიეს ამ "დიქოტომიის" საფუძვლად. ჟენეტმა კი დააზუსტა: "მებიუსის ლენტი, რომელსაც ნაწარმოები შევადარე, მოიცავს წერისა და კითხვის არა ორ "ფაზას" (phases) (რაც აბსურდული იქნებოდა), არამედ ორ მხარეს (faces). ეს შეცდომა არაა შემთხვევითი, რადგანაც თქვენ სივრცე დროის ენაზე გადაგყავთ; თქვენთან ყველაფერს თავის რიგი აქვს: ჯერ ავტორი, შემდეგ მკითხველი. ჩვენ კი სწორედ ამ თანმიმდევრობაზე ვამბობთ უარს. ჩვენთვის წერა და კითხვა ერთდროულია და შექცევადი..."

თარგმნა და შენიშვნები დაურთო
მალხაზ ხარბედიამ

1968

Thursday, October 22, 2009

ლევან ბრეგაძე – სურვილიდან შეძლებამდე გზაა შორი...


ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, ლექსები. გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ. გამომცემლობა "მერწყული". თბილისი, 2002.

დათო ბარბაქაძის თარგმნილი ენცენსბერგერი გამოვიდა, ორენოვანი - გვერდიგვერდ არის დაბეჭდილი გერმანული ორიგინალებიც და მათი ქართული თარგმანებიც, სულ ოცდათორმეტი ლექსი. არის ამაში ელემენტი თავდაჯერებულობისა (ორიგინალთა და თარგმანთა გვერდიგვერდ მოთავსებას ვგულისხმობ), მაგრამ, მე მგონი, ამგვარი ჟესტი საზოგადოდ უფრო მთარგმნელის კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს. ამით იგი თითქოს გვეუბნება: როგორც შევძელი, ისე გადმოვიტანე ლექსები ჩემს მშობლიურ ენაზე, შეადარეთ დედანს - ჩემი ნაშრომის არც ღირსება მინდა დაგრჩეთ შეუმჩნეველი და არც ნაკლი.
მივიღოთ ეს გამოწვევა და შევადაროთ ჩვენი თანამედროვე გამოჩენილი გერმანელი პოეტის, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ლექსთა ქართული თარგმანები ორიგინალს.
დავიწყოთ ლექსით, რომლის სათაურია "ჰაერზე მსუბუქი". ეს ლექსი იმ ნიშნით შევარჩიე, რომ, როგორც ენობრივად, ასევე მხატვრული აზროვნების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ადვილად დასაძლევი ტექსტთაგანია კრებულში. არსებითად ეს არის ჩამოთვლა იმ საგნებისა და მოვლენებისა - კონკრეტულისაც და აბსტრაქტულისაც -, რომლებიც ჰაერზე მსუბუქია ან პოეტს ეჩვენება ისინი ჰაერზე მსუბუქად. ეს გახლავთ ურითმო, თავისუფალი რიტმებით შესრულებული ლექსი, რომელიც ტრადიციული პუნქტუაციისა და ორთოგრაფიის გამოყენებით არის დაწერილი (ენცენსბერგერის მრავალ ლექსში უარყოფილია პუნქტუაცია და მთავრული ასოები, რაც, ბუნებრივია, ზოგჯერ აძნელებს ტექსტის აზრობრივი შინაარსის ამოცნობას).
ჰაერზე მსუბუქი საგნების დასახელება იწყება ლექსებით და მათზე ნათქვამია, რომ "არც ისე მძიმე წონა აქვთ ლექსებს" (`Besonders schwer wiegen Gedichte nicht"). ქართულ თარგმანში კი ვკითხულობთ: "ერთობ მძიმე წონა აქვთ ლექსებს". ეს კი იმის საწინააღმდეგოა, რაც ორიგინალშია.
ძნელი სათქმელია, რა შეიძლება იყოს ამ შეცდომის მიზეზი. შეუძლებელია მთარგმნელმა არ იცოდეს, nicht რომ უარყოფითი ნაწილაკია. თანაც ამ ლექსში ხომ ძალზე მსუბუქი (ჰაერზე მსუბუქი, ჰაეროვანი) საგნებია ჩამოთვლილი!
ქვემოთ ხელოვნების სხვა სფეროდანაც არის დასახელებული ჰაერზე მსუბუქი "საგანი" - "ვალსის ბგერები" (Walzerklänge): "[ჰაერზე მსუბუქია] ვალსის უკლებლივ ყველა ბგერა".
"ვალსის ბგერები" ქართულად "მვალცავის ხმად" არის თარგმნილი.
წინა მაგალითისგან განსხვავებით, ამ შეცდომის მიზეზი ადვილი მისახვედრია: der Walzer-ს გერმანულში ორი მნიშვნელობა აქვს - 1. ვალსი (ცეკვა); 2. მვალცავი. მვალცავი გახლავთ მუშა, რომელიც ვალცვის ოპერაციას ასრულებს. ვალცვა კი, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ტექნიკური ტერმინია და დასამუშავებელი მასალის გარკვეული წესით დამსხვრევა-დაფხვნას ან გაბრტყელება-დაზერგნას ნიშნავს.
მაშ, მთარგმნელმა ლექსიკონში ჩაიხედა და დილემის წინაშე დადგა: სიტყვის ორი მნიშვნელობიდან ერთ-ერთი უნდა შეერჩია, ისეთი, რომელზედაც შეიძლებოდა თქმულიყო, რომ ის ჰაერზე მსუბუქია. და დათო ბარბაქაძე (რომელიც მარტო მთარგმნელი კი არ არის, თვითონაც პოეტობს!) ასეთ დროს ვალსის ბგერებს უკუაგდებს და მვალცავის, ანუ ვალცვის (იხ. ზემოთ) ტექნიკური ოპერაციის შემსრულებელი მუშის ხმას (?!) ირჩევს.
მვალცავის ხმა ყოფილა ჰაერზე მსუბუქი!
დამეთანხმებით, აქ უკვე მარტო ის კი არ არის საკითხავი, შეძლებს თუ ვერა გერმანულის ამ დონეზე მცოდნე ენცენსბერგერის თარგმნას, არამედ საეჭვო ხდება მთარგმნელის გემოვნებაც (არამარტო ლიტერატურული) და ალღოც (არამარტო პოეტური).
შემდგომ და შემდგომ, სამწუხაროდ, ეს ეჭვები დასტურდება.
ლექსში ვკითხულობთ, რომ ჰაერზე მსუბუქი ყოფილა აგრეთვე "წმინდანების შარავანდთა უმეტესობა" (ყველა არა!) - `die meisten Heiligenscheine". თარგმანში კი ამ სრულიად ნათელი ფრაზის ადგილას ასეთ უცნაურ რამეს ვკითხულობთ: "ხოლო სახატე გვირგვინია უმრავლესობის".
ეტყობა, აქაც სიტყვის პოლისემიამ დააბნია მთარგმნელი. გერმანულ-რუსულ ლექსიკონში ის ნახავდა, რომ HHHeiligenschein არის венец, ხოლო რუსულ-ქართულ ლექსიკონში венец-ის ორი ძირითადი მნიშვნელობა დახვდებოდა: 1. გვირგვინი (მოძველებული მნიშვნელობა) და 2. შარავანდი. სიტყვის ორ მნიშვნელობას შორის მან კვლავაც მცდარი არჩევანი გააკეთა და ამჯერადაც ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო. ამ უმთავრესმა შეცდომამ სხვა შეცდომებიც მოიყოლა და მივიღეთ ეს ფანტასტიკური უაზრობა (რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმულად უნდა გავიმეორო): "ხოლო სახატე გვირგვინია უმრავლესობის". საიდანაც არ უნდა მიუდგეთ ამ პიტალო აბსურდს, აზრის ნამცეცს ვერ აამტვრევთ!
ამ "მამალი" შეცდომების გვერდით სხვა უზუსტობები, რომელთაც ამ ლექსის თარგმანში ვაწყდებით, ცოტა არ იყოს, მოკრძალებულად გამოიყურებიან, მაგრამ მაინც მოგახსენებთ, რომ sowieso, რაც ქართულად არის "ისედაც", "თავისთავად", ზოგჯერ კი "რაღა თქმა უნდა", მთარგმნელს "ისე" ჰგონია და ნაცვლად იმისა, რომ დაწეროს "ჰელიუმი ხომ, რაღა თქმა უნდა, ჰაერზე მსუბუქია", გაუგებარ ფრაზას გვთავაზობს - "ისე, როგორც ჰელიუმი".
გამოთქმა das gilt auch für..., რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს: "იგივე ითქმის..." (`Soviel ich weiss, gilt das auch für den Strahlenkranz des Magneten"), მთარგმნელს "ღირებული" ჰგონია, ალბათ იმიტომ, რომ გელტენ ზმნის ერთ-ერთი მნიშვნელობა მართლაც არის "ღირებულება", და ნაცვლად იმისა, რომ დაწეროს "რამდენადაც ვიცი, იგივე ითქმის მაგნიტური ველის გამოც" (ანუ მაგნიტური ველიც ჰაერზე მსუბუქია), წერს: "როგორც მე ვიცი, ის (რა "ის"?- ლ.ბ.) ასევე ღირებულია (?-ლ.ბ.) მაგნიტის შარავანდისთვისაც (??- ლ.ბ.)".
Brandopfer ღმერთებისთვის მსხვერპლად შეწირული (ცეცხლზე შებრაწული) შინაური ცხოველია, ადამიანის საკვებადაც რომ გამოიყენება, და არა "სამსხვერპლო მხეცი", როგორც თარგმანში ვკითხულობთ ("და, როგორც ჩემთვის ცნობილია, არის სუნიც სამსხვერპლო მხეცის, რომელიც ღმერთებს კეთილად უჩანთ, ყოველთვის ცისკენ ასწრაფებული").
გამოთქმა so gut wie nichts, რაც "თითქმის არაფერს" ნიშნავს, ფრაზაში - `Sie wiegen so gut wie nichts" _ ასეა თარგმნილი: "ისევე კარგად იწონიან, როგორც არარა" (?!?-ლ. ბ.). უნდა იყოს "ისინი თითქმის არაფერს იწონიან". პატარა ასოთი დაწერილი nichts "არაფერია" და არა "არარა" ("არარა" არის das Nichts).
ბოლო სტროფში პოეტი მოგვახსენებს, რა არის, მისი აზრით, ყველაზე მსუბუქი (უმსუბუქესი): "უმსუბუქესი (am leichtesten) არის ალბათ ის, რაც ჩვენგან რჩება მას შემდეგ, რაც მიწას მივებარებით".
თარგმანში ვკითხულობთ: "უმსუბუქესს იწონის, იქნებ, ისიც, რაც ჩვენგან შემორჩება, მიწაში რომ ჩავესვენებით".
მთარგმნელის მიერ წამატებული და ჩვენ მიერ ხაზგასმული "ისიც" აქ ყველაფერს აფუჭებს: მისი გამოისობით ყველაზე მსუბუქი (უმსუბუქესი) ერთ-ერთ "რიგით" უმსუბუქესთაგანად გადაიქცა (თუკი შესაძლებელია, რომ უმსუბუქესი არაერთი იყოს), რის შედეგადაც დაიკარგა ლექსის მხატვრული იდეა - ის, რაც ჩვენგან ჩვენ შემდეგ რჩება, იმაზე მსუბუქიც კია, რაც თითქმის არაფერს იწონის.


* * *
ერთი პატარა, ძალიან ცნობილი ლექსი აქვს ენცენსბერგერს ეკოლოგიურ თემაზე, "ვაშლის დატირება" ჰქვია, ორი ურითმო ხუთტაეპიანი სტროფია სულ. პირველი სტროფი უმარტივესი ფრაზებისგან შედგება - წერა-კითხვის შესასწავლ სახელმძღვანელოში შესატანი ტექსტი გეგონება (ამას თავისი მხატვრული ფუნქცია აქვს, ცხადია; ამით ავტორი თითქოს გვეუბნება: ანბანურ ჭეშმარიტებას შეგახსენებთ: ბუნებას უნდა გაუფრთხილდეთ, მოუაროთო). ამის გამო ამ ლექსის პირველი სტროფის თარგმნას გერმანული ენის შესწავლის ერთი წლის სტაჟის მქონე მეექვსეკლასელი ბავშვიც მოახერხებს. დათო ბარბაქაძის თარგმანშიც აქ ყველაფერი რიგზეა:

"აქ იდო ვაშლი
აქ იდგა მაგიდა
აქ იყო სახლი
აქ იყო ქალაქი
აქ განისვენებს ქვეყანა".

რაც შეეხება მეორე სტროფს, იქ ერთი უბრალო მეტაფორა გვხვდება - დედამიწა ვაშლთან არის გაიგივებული. ამის გამო, არ გამიკვირდებოდა იმ ჩვენს მეექვსეკლასელს მისი გაგება რომ გასძნელებოდა (ბავშვი მაინც ბავშვია!). ის კი ძალიან მიკვირს, დათო ბარბაქაძე რომ დაუბნევია ამ არცთუ მაინცდამაინც რთულ მხატვრულ სახეს. ენცენსბერგერს უწერია:

Dieser apfel dort
Ist die erde
Ein schönes gestirn
Auf dem es äpfel gab
Und esser von äpfeln.

რა უნდა ამის თარგმნას:

აი ის ვაშლი იქ
დედამიწაა
მშვენიერი პლანეტა
რომელზეც ვაშლები
და ვაშლისმჭამელნი არსებობდნენ.

(ვაშლი და ვაშლისმჭამელნი ადამიანის ბიბლიურ ცოდვითდაცემაზე მიგვანიშნებს).
ახლა ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს დათო ბარბაქაძის თარგმანში:

"ეს ვაშლი იქ მხოლოდ მიწაა
უმშვენიერესი თანავარსკვლავედი
ვაშლები და ვაშლისმჭამელები
რომელსაც ესხა".

აქაც მთარგმნელის უმთავრესი გასაჭირი ის არის, რომ სიტყვის რამდენიმე მნიშვნელობიდან ვერ ახერხებს მოცემული კონტექსტისთვის საჭირო მნიშვნელობის შერჩევას. DDie Erde გერმანულში "მიწასაც" ნიშნავს და "დედამიწასაც" (რუსულშიც ხომ ასეთივე ვითარებაა), მაგრამ ამ ლექსში ის "დედამიწად" უნდა ითარგმნოს და არა "მიწად". ხოლო "მიწის" წინ მთარგმნელის მიერ ჩამატებული სიტყვა "მხოლოდ" ("ეს ვაშლი იქ მხოლოდ მიწაა") სრულიად ცვლის ნაწარმოების მხატვრულ იდეას - აბანალურებს მას ("ეს ვაშლი იქ მხოლოდ მიწაა" და სხვა არაფერი, ნუ გგონიათ, რომ ის მიწის გარდა სხვა რამეს წარმოადგენდეს: დამწიფდება, ჩამოვარდება, მიწაში ჩალპება, მიწა იყო და მიწადვე მიიქცევა...).
შემდეგ: მიწა თარგმანში "უმშვენიერეს თანავარსკვლავედად" იწოდება. თავი დავანებოთ იმას, რომ დედანში არა გვაქვს აღმატებითი ხარისხი - იქ წერია "მშვენიერი" და არა "უმშვენიერესი", უმთავრესი ის არის, რომ "მიწა" თანავარსკვლავედად, ანუ ვარსკვლავთა ჯგუფად, ცხადდება. ორიგინალის das Gestirn ერთი მნიშვნელობით მართლაც არის თანავარსკვლავედი, მაგრამ იგი უპირველეს ყოვლისა ვარსკვლავს აღნიშნავს და ამ შემთხვევაში, რაკი დედამიწაზეა ლაპარაკი, პლანეტად უნდა ითარგმნოს. მთარგმნელმა ვერც ამჯერად შეძლო სიტყვის იმ მნიშვნელობის შერჩევა, რომელიც ამ კონტექსტისთვის გამოდგებოდა.
და ბოლოს: მიწას (?), ამ თანავარსკვლავედს (??), თურმე ვაშლები და ვაშლისმჭამელები ესხა (???). მთარგმნელის მიერ თვითნებურად შემოტანილი ეს მეტაფორა, ანუ ზმნა "არსებობდა"-ს შეცვლა "ესხა" ზმნით (მით უფრო, როცა ის "ვაშლისმჭამელების", ანუ ადამიანების მიმართაც არის ნათქვამი), კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დათო ბარბაქაძეს ამ ლექსისა სულ ვერაფერი გაუგია.

* * *
ზემოთ ვილაპარაკეთ შეცდომაზე, რომელიც გერმანულ-რუსული ლექსიკონის გამოყენებას გამოუწვევია. არადა, რა ქნას მთარგმნელმა, როცა, ჩვენდა სამარცხვინოდ, ხეირიანი გერმანულ-ქართული ლექსიკონი არ მოგვეპოვება - გვაქვს მხოლოდ სასკოლო გერმანულ-ქართული ლექსიკონები, რომლებშიც, ბუნებრივია, სიტყვათა შეზღუდული რაოდენობა შედის. და ქართველი მთარგმნელიც იძულებულია შუალედური - რუსული - ენით ისარგებლოს. შუალედური ენა კი დიდი ვერაგი რამ არის - იმასაც ცოდნა უნდა!
ახლა ვნახოთ შუალედური ენის "სივერაგის" ერთი კლასიკური ნიმუში.
ლექსში, რომელსაც ქართულ თარგმანში "შოთხვების გამარჯვება" ჰქვია, ვკითხულობთ:
"ტკიპებს კონდუქტორები არ უკრძალავენ მოგზაურობას".
ტკიპა ხომ იცით, რაც არის: "მცირე ზომის ფეხსახსრიანი ცხოველი ობობასნაირთა რიგისა" (ქეგლ). ჰოდა, თარგმანის მიხედვით Nკონდუქტორები თურმე აი ამ ტკიპებს არ უკრძალავენ მოგზაურობას!
"ტკიპების" ადგილას ორიგინალში არის die Zange, რაც ქართულად "მარწუხია", მაგრამ სასაუბრო მეტყველებაში აშარ დედაკაცსაც ნიშნავს. გზა "აშარი დედაკაციდან" "ტკიპებამდე" გერმანულ-რუსულ ლექსიკონზე გადის: die Zange (მარწუხი) რუსულად არის клещи, ხოლო ეს სიტყვა მთარგმნელს აერია სიტყვაში клещ, რაც მართლაც ტკიპაა.
ამავე ლექსის თარგმანში ვკითხულობთ: "სასაკლაოზე მიტყუებულ მქადაგებლებს სახეში ქვიშას აყრიან". უნდა იყოს: "მქადაგებლებს, რომლებიც სასაკლაოზე იტყუებენ [ხალხს], სახეში ქვიშას აყრიან".
Die Täler, რაც "ჭალებს" ნიშნავს, მთარგმნელს მსგავსი ჟღერადობის die Teller ჰგონია და "თეფშებად" თარგმნის ("თეფშებს დასტვენენ პატარძლები"-ო, წერია; უნდა იყოს: "ჭალებს დასტვენენ პატარძლები").
მსგავსი ჟღერადობის და დაწერილობის სიტყვები ხშირად ერევა მთარგმნელს ერთმანეთში. მაგალითად, ლექსში, რომლის სათაურია "კანდიდი", ასეთი რამ წერია: `die mädchen freun sich an den farbigen schalen". ქართულად ეს იქნება: "ხარობენ გოგონები ფერად ჯამებზე [დახატულნი]". დათო ბარბაქაძის თარგმანში ვკითხულობთ: "გოგონებს კი ისევ და ისევ სიხარულს ჰგვრის ფერადი სამოსი".
`ფერადი სამოსის" წარმომავლობა ასეთი გახლავთ: die Schale, რაც "ჯამს" ნიშნავს, მთარგმნელს ერევა სიტყვაში der Schal, რაც ქართულადაც შალია - მატყლის ქსოვილი, და მისგან დამზადებულ ქალის თბილ მოსასხამსაც ნიშნავს. ასე ჩნდება ქართულ თარგმანში ფერადი ჯამების ნაცვლად ფერადი სამოსი.
იმავე "კანდიდის" თარგმანში ასეთი ადგილია: "მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოწკარუნე სარკმლის მინაზე თიხას ზრუნვით ავლებ".
დედანში ამგვარი აზრია: "მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოჭრიალე დისკზე [სამეთუნეო დაზგისა] თიხისგან მზრუნველობით ძერწავ [საგნებს]". დისკის მაგივრად სარკმლის მინა იქიდან გაჩნდა, რომ დედანში არის die Scheibe, რაც ერთსაც ნიშნავს და მეორესაც. მთარგმნელმა კვლავაც ვერ შეარჩია სწორად სიტყვის მნიშვნელობა და უაზრობა გამოუვიდა.
თარგმანში ლექსისა, რომლის სათაურია "სამოციანი წლების გახსენება", ასეთ ფანტასტიკურ რამეს ვკითხულობთ: "უდარდელად ეხლებოდა თითბრის საათი კუნძულებს" (გვ. 65). ამ სიურრეალისტური ხატის ადგილას დედანში ძალიან უბრალო რამ წერია: `sorglos schlug die messinguhr auf den inseln". ეს ქართულად არის: "უზრუნველად რეკდა თითბრის საათი კუნძულებზე".
"ეხლებოდა" იქიდან გაჩნდა თარგმანში, რომ მთარგმნელმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ზმნა schlug, რაც "ურტყამდა"-საც ნიშნავს, მაგრამ არა იმ გამოთქმაში, რომელიც დედანშია.
გარდა ამისა, ის ფანტასტიკური სახე რომ გამოვიდეს, რაც დათო ბარბაქაძეს სურს, ანუ საათი რომ კუნძულებს მიეხალოს (?), საჭიროა კუნძულები დედანში დატივში კი არ იდგეს, არამედ აკუზატივში.
ანდა რა აზრი შეიძლება გამოვიტანოთ ასეთი "მხატვრული" სახიდან: "და მაინც, ნებისმიერმა ბავშვმა, საკმარისია ყურებს უკან სისველე იგრძნოს, რომ საკუთარ თავს და სხვებს ხელახლა ეკითხება..." (ლექსიდან "ან - ან").
ჩვენ მიერ ხაზგასმულ ადგილს დედანში შეესაბამება `kaum ist es trocken hinter den Ohren". ეს არის იდიომი, რომელსაც დათო ბარბაქაძე სიტყვასიტყვით თარგმნის (ვინ გაიგონა იდიომის სიტყვასიტყვით თარგმნა!), ოღონდ... უკუღმა: "სისველე იგრძნოს" კი არა სიმშრალე იგრძნოს, სინამდვილეში კი არც ერთი და არც მეორე! ამ იდიომის აზრი რომ ესმოდეს მთარგმნელს, არა მგონია, მისი ქართული შესატყვისის მოძებნა გასჭირვებოდა: "და მაინც, ყოველი ბავშვი, საკმარისია პირზე რძე შეაშრეს, რომ საკუთარ თავს და სხვებს ხელახლა ეკითხება...".
თუმცა რა გასაკვირია, ასეთი - მხატვრულად თუ ლინგვისტიკურად მეტ-ნაკლებად რთული ადგილები ყოვლად უხეიროდ იყოს გადმოქართულებული, როცა უბრალო რამეშიც ვერ ენდობი ამ ლექსების მთარგმნელს: დედანში წერია: "ქაფურის სუნი უდის შენს ბნელ თვალს", დათო ბარბაქაძე თარგმნის: "შენს ბნელ გულს უდის ქაფურის სუნი" (გვ. 27).
დედანშია: "რარიგ სველია ტვინი (das Gehirn), ნესვი...";
თარგმანში ვკითხულობთ: "რარიგ სველია შუბლი, ნესვი..." (გვ. 73).
დედანშია: "ბაგეს ობობებივით აფარებენ ფარდას სიბრძნე (Weisheit) და ჯავრი";
თარგმანშია: "ობობებივით ფარავენ ბაგეს ჯავრი და სითეთრე" (გვ. 35).
დედანშია: "...იდგა ხის სახლი, შემოღობილი (das gefriedete), რომელშიც არ ბნელოდა";
თარგმანშია: "იდგა ხის სახლი, თანხმობა, რომელშიც არ ბნელოდა" (გვ. 65).
დედანშია: "ადამიანიც თავის ქოლგის ქვეშ (unter seinem Schirm)...~;
თარგმანშია: "ადამიანიც თავის შირმაში..." (გვ. 73).
დედანშია: "ღვიძლი მუნჯია" (`Die Leber ist stumm");
თარგმანშია: "ღვიძლი არ არის მუნჯი" (გვ. 75).
დედანშია: "მსუბუქი არის მტვერი" (`Leicht ist der Staub");
თარგმანშია: "მტვერი არ არის მსუბუქი" (გვ. 75).
აღარ გავაგრძელებ. ასეა თარგმნილი თითქმის ყველა ლექსი (შედარებით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს ორი მათგანი: "მშვიდობიანი კაცის საფლავზე" და "სხვა"). ასე რომ, შეიძლება ითქვას: საქმე უბრალოდ სუსტ თარგმანთან კი არ გვაქვს, ეს საერთოდ არ არის თარგმანი. შეუძლებელია დათო ბარბაქაძემ არ იცოდეს, რომ გერმანული არ იცის. ამიტომ მიკვირს: რა აიძულებს, აკეთოს ის, რაც არ შეუძლია! მარტო იმის სურვილით, რომ გერმანული პოეზიის მთარგმნელად იწოდებოდე, რას გააწყობ!

P. შ. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ამ თარგმანის ენობრივ-სტილისტიკურ მხარეზე საუბარი ალბათ საჭირო აღარ არის, მაგრამ მინდა ერთი მრავლისმეტყველი სტილისტიკური კაზუსი გაგაცნოთ.
დათო ბარბაქაძე ერთ-ერთი ლექსის თარგმანში "მუშტების" განსაზღვრებად იყენებს "ციდას" - "ციდა მუშტების მომმუჭველი" (გვ. 23). ორიგინალში "ციდას" ადგილას არის `winzig" - პაწაწინა. "ციდა", ანუ "მანძილი გაშლილი სალოკი თითის წვერიდან ცერის წვერამდე" (ქეგლ), ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით "ძალიან პატარას", ანუ "პაწაწინასაც" ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ისეთი საგნის განსაზღვრებად გამოვიყენებთ, რომელიც სინამდვილეში ზომით ციდაზე ბევრად დიდია. მუშტი კი ციდაზე პატარა გახლავთ. ამიტომ "ციდა მუშტები" კომიკურად ჟღერს - ასეთ დროს მყისვე შეგვახსენებს თავს სიტყვის პირდაპირი (ძირითადი) მნიშვნელობა. (შდრ. გააფთრებული აფთარი ან გახევებული ხე). ამგვარი უზუსტობა მეტად უსიამოვნო "დაავადების" სიმპტომია - ენობრივი ალღოს დეფიციტზე მეტყველებს, რაც მწერლობის პრეტენზიის მქონე კაცისთვის დიდი ნაკლია. მისი აღმოფხვრა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ისეთი შეცდომების გამომწვევი მიზეზებისა, როგორიცაა, ვთქვათ, "ვმოხუცდი" "მოვხუცდის" მაგივრად (რაც ალბათ "ვმონაწილეობდი", "ვმორიგეობდი" და სხვა მსგავს ფორმათა ანალოგიური წარმოებაა!): "თანაც ვმოხუცდი და რიყის ქვას მიგავს ღიმილი" (გვ. 41) ან, თუნდაც, "პომპეოსი", ვეზუვის ლავით დაფარული პომპეის ნაცვლად: "როცა პომპეოსს (?!‑ლ. ბ.) ლავა ღუპავს" (გვ. 9).


© “წიგნები – 24 საათი”

ტარიელ ჭანტურია – დინოზავრიდან დიზაინამდე


"ცხოვრებაში ნამდვილად არაფერი ხდება, დასაწერად რომ ღირდეს"...

დავით ქართველიშვილი. პარნასი, №5, 22.04.2005

არაფერი ხდებაო! ამაზე საშინელი რა უნდა მოხდეს! მთავარი რამ მომხდარა - უკვე აღარაფერი ხდება!
შეიძლება, მწერალს უკეთესი თემა ჰქონდეს? - უფრო ტრაგიკული, უფრო დაუჯერებელი, უფრო დამაფიქრებელი, უფრო შემზარავი, უფრო საჩოთირო, უფრო გაუგებარი, უფრო გასაგები?
ცნობილი ამბავია: ახალგაზრდა ბუნინმა ტოლსტოის შესჩივლა თურმე, რა ვიღონო, აღარ ვიცი, არ მეწერებაო!
ეს დაწერეო, უთქვამს მაესტროს: რომ არ გეწერება, ეს დაწერე, ამაზე დაწერეო!
ძვირფასო დავით, დიდად ნიჭიერო კაცო! მართლა ასე ფიქრობ? მიგაჩნია, რომ არაფერი ხდება?
ენდე ლევ ნიკალაევიჩის სიბრძნესა და გამოცდილებას, დაწერე იმაზე, რომ არაფერი ხდება! Gგარწმუნებ, კარგად გამოგივა, კარგი წიგნი გამოგივა. როცა ეს მოხდება, მეც გამიხსენე, ტოლსტოი რომ გაგახსენე, მხოლოდ ამიტომ!
მწერალი სამუდამოდაა დაწყევლილი, იფიქროს და წეროს ყოველთვის და ყოველგვარ სიტუაციაში. შედევრი ხან ფეშენებელური სასტუმროს კომფორტულ ნომერში იწერება, ხან - კარცერში; ხან ბედნიერი კაცი წერს მას, ხან - უბედური; იწერება მაშინ, როცა რაღაც ხდება; იწერება მაშინაც, როცა არაფერი ხდება; იწერება, როცა ომია; იწერება, როცა მშვიდობაა; იწერება იმაზე, ვისაც უყვარს, და იმაზეც, ვისაც სძულს...
ამბობს თუ არა მწერალი ყოველთვის სიმართლეს!
გააჩნია, ვის როგორ ესმის ლიტერატურული სიმართლე!
პრინციპულად მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენს შემთხვევაში სიმართლე თქვა დავით ქართველიშვილმა თუ მოიტყუა! ტყუილიც რომ იყოს, ის მოფიქრალი კაცის ფრაზაა, შეწუხებული კაცის ნათქვამია, უკმაყოფილო ადამიანის პროტესტია!
ეს უკვე მწერლობის მახასიათებელი ნიშანია.
არაფერი ხდებაო! რაღაც ყოველთვის ხდება!
არ მოდის გოდო? - ნუ მოდის! - რომ არ მოდის, ამაზე დაწერ, შენ თუ ბეკეტი ხარ!
არ უღალატებს? - ერთგულებაზე დაწერ!
უღალატებს? - ღალატზე!
შენ სულ საქმე გაქვს! სულ საქმე გექნება!
შენ თავისუფალი მონა ხარ! - მონად გაჩენილი, შენ თავად ირჩევ ბატონებს და ვერასოდეს იტყვი უარს შენს ხვედრზე, რადგან ის უარი სიკვდილი იქნება შენი, შენ კი ეს არ გინდა!
თუმცა ვინ იცის, ერთ მშვენიერ დღეს იქნებ ესეც მოგინდეს!
ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ქვეყნად ისეთი, რაიც ბრძენ კაცთა სიზმრადაც არ მოლანდებიათ!
არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ის, რაც ბრძენ კაცთა მზერასაც გამოპარვია, ჩვენ ვერ შევნიშნეთ!
დრო მოვა და, თუ ბედმა გაგვიღიმა და თუ ეს ჩვენ, როგორც მწერლებს, გვიწერია, დავინახავთ!

***
მწერლების ცოლებზე ვსაუბრობდით იმ დღეს მწერლები. ვინ არ გავიხსენეთ - ტოლსტოის ცოლით დაწყებული, პოლ ელუარის თანამეცხედრით დამთავრებული.
მაგათო, დიდ მწერლებსო, - გვეუბნება ერთი, - ამაშიც უმართლებთო: მაგალითად, მარკესს - მ ე რ ს ე დ ე ს ი შეხვდა ცოლად, მე - ათი კაცის ნახმარი ჩამოწერილი მ ო ს კ ვ ი ჩ ი ო!
ყველანი ვიცინოდით, ოღონდ, მისი სიცილი, ჩემი ფიქრით, სიმწრის იყო!


ოტია ბატონო, დაბრუნდით ქალაქში!

"ის დროა, სელინჯერი უბრუნდებოდეს ქალაქს და ხელებდაკაპიწებული ურევდეს ცხოვრების ჭუჭყს, რადგან სწორედ იმ თვისებებმა, რომელთაც რეპუტაცია მოუხვეჭეს მას - კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და საზოგადოების პრინციპულმა მიუღებლობამ - ცუდი საქმე დამართეს მას. მისგან საკუთარი უწმიდესი ჭიპის ამ ხანგრძლივ ჭვრეტაში არის რაღაც, საკუთარი თავისვე შთანმთქმელი, ნარცისული და გამხრწნელიც კი".


ნორმან მეილერი

მკაცრია სელინჯერის მიმართ მეილერი. ქალაქს განრიდებული და საკუთარ სახლში - საკუთარ ციხე-სიმაგრეში დაყუდებული ბერივით, ცხოვრების ორომტრიალს მოშორებული ასკეტივით განმარტოებული სელინჯერი დიდი ხანია იქცა მითქმა-მოთქმის საგნად. მეილერის განმარტებით, ამ განმარტოებას არაფერი მოუტანია კარგი სელინჯერისთვის. "თამაში ჭვავის ყანაში" ბოლო წიგნი იყო სელინჯერისა, რომელშიაც მთელი ელვარებით გაიკაშკაშა მისმა ტალანტმა. მეილერი საყვედურობს მწერლის მეგობრებს, რომ მათ, თუნდაც ამ მეგობრობის დაკარგვის რისკით, არ სცადეს ამერიკის ერთი უკეთესი მწერლის შემობრუნება.
მასშტაბებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ოტია იოსელიანზე ეგონება ქართველ მკითხველს ეს ყველაფერი დაწერილი - მის გვიშტიბზე, მის ტრაქტორზე, მის ბილიარდზე, გლეხის ნიღაბზე, გრძელ ყალიონზე და დროდადრო მოწყობილ ინფანტილურ ტელეგადაცემებზე, სადაც პროვინციალი ტელეჟურნალისტი ამაოდ ცდილობს მის დასახვას ნორმად. ნორმან მეილერის მიხედვით, იგი ვერ იქნება ნორმა.
ბატონო ოტია, ნიჭიერო კაცო, ნორმალურო მწერალო და უმომავლო ასკეტო! დაბრუნდით თბილისში!


წვეთი მემუარისტის ბოთლისთვის

არ დამავწყდება: ბათუმში, რესტორან "ტალღაში" ფანჯარასთან ვისხედით. Aარ დამავიწყდება-მეთქი! ორმოცდაათიანი წლები იყო - ან ჩვიდმეტი, ან თვრამეტი. ვსვამდით და ცარიელ ბოთლებს, როგორც უტექსტო ანდერძებს, ზღვაში ვისროდით. ოფიციანტმა ჩაგვავლო, მაგრამ იოლად მოვისყიდეთ. თანად ეს უმსგავსო საქციელი შევწყვიტეთ.
ისე, იმ უტექსტო ანდერძებში ყველაზე მეტი ეწერა... ალბათ ყველაზე მეტი.
გივი სამსონაძე, ოთარ ჭილაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი. Mმგონი, გრიშა დოლიძეც. სხვებს თუ სხვას, ვეღარ ვიხსენებ. Aარადა, ასე არ დავიწყე? - არ დამავიწყდება-მეთქი!


ისევ: წ ა ც დ ე ნ ა

წერილში "ფროიდი და გორბაჩოვი" მე ვსაუბრობდი წ ა ც დ ე ნ ა ზ ე - კერძოდ იმაზე, თუ როგორ დაუდასტურა გორბაჩოვმა ფროიდს უნებლიედ მისი სიმართლე. მოგაგონებთ: ფროიდი, წაცდენაზე საუბრისას, გვიხსნის, თუ რა იწვევს არაცნობიერში ამგვარ ქმედებას - მოსამართლე, რომელსაც საყვარელ ქალთან აგვიანდება, იმის ნაცვლად, რომ გ ა ხ ს ნ ა ს სხდომა, მას ხ უ რ ა ვ ს. სწორედ ეს დაემართა გორბაჩოვსაც: რაკი მას ეეჭვებოდა სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე პრეზიდენტად მისი არჩევა, და რაკი ერთი სული ჰქონდა ყრილობის დამთავრებამდე, მანაც, არაცნობიერის ზეწოლით თუ კარნახით, ნაცვლად იმისა, რომ გ ა ე ხ ს ნ ა,
დ ა ხ უ რ უ ლ ა დ გამოაცხადა!
ახლა ჩვენ მოკლედ, პრიმიტიული ფორმით, გავიხსენეთ, რას ნიშნავს ფსიქოანალიტიკაში წ ა ც დ ე ნ ა, როგორც არაცნობიერის მიერ ინსპირირებული ქმედება.
თითქმის მთელი კვირაა, "რუსთავი 2" გადასცემს ერთ საშინელ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ გააუპატიურა (ან არ გააუპატიურა) კაცმა მცირეწლოვანი გოგონა - საკუთარი შვილი! ესაა შემზარავი მასალა, რომელმაც შეაძრწუნა ტელემაყურებელი (მხოლოდ მეხუთე თუ მეექვსე დღეს ინება "რუსთავი 2"-მა და გააფრთხილა მშობლები, ამ გადაცემას ბავშვებს ნუ აყურებინებთო. იმაზე, რაც უკვე ნახეს ბავშვებმა, ტელეარხს ბოდიში, ცხადია, არ მოუხდია).
ეჭვმიტანილი საუბრობს ცილისწამებაზე და ყველაფერს სიდედრს აბრალებს - ბავშვის ბებიას, რომელთანაც გოგონა იზრდება.
და აი, გამოდის ბ ე ბ ო ტელევიზიით და ამბობს, ჩემი შვილიშვილი არამც და არამც ტყუილს არ იტყოდაო, ის კი არა და, რ ო ც ა მ ე ჩ ე მ ს დ უ ქ ა ნ შ ი კ ლ ი ე ნ ტ ს ტ ყ უ ი ლ ს ვ ე უ ბ ნ ე ბ ი, მიბრაზდებაო!
აი, ასე წ ა ც დ ა ბებოს სიმართლე საკუთარი პერსონის შესახებ...
ტელეარხს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. კარგია, არა?



არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს...

ღმერთი მოკვდაო.
რომანი მოკვდაო.
თეატრი, ეს არის მიცვალებული, რომლის დამარხვაც დაავიწყდათო. ესე იგი, თეატრიც მოკვდაო.
ახლა ერთი პატივცემული პიროვნება იუწყება, რომ პოეზიაც თურმე მომკვდარა.
ამ ახირებული მახარობლის პიროვნებას ამჯერად არ გავამხელ. მოვიხსენიოთ იგი პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ი ს სახელით.
მოკლედ, ახლა პ ო ე ზ ი ა ც მომკვდარა.
მადლობა ღმერთს, პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ი მაინცაა ცოცხალი!
მაპატიეთ - მადლობა ღმერთს-მეთქი, წამომცდა! - საღადაა ღმერთი! - აკი მოკვდა!
კიდევ კარგი, პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ი მაინც არის ცოცხალი! აბა, ის ჯობდა? - პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ი მომკვდარიყო და პოეზია ცოცხალი ყოფილიყო!
ისე, იმიტომ კია არა, რომ ბოროტი ხარ, ერთი გაფიქრება შეიძლება ეგეც გაიფიქრო კაცმა: ხომ არ ჯობდა, ღმერთიც ცოცხალი ყოფილიყო, რომანიც, თეატრიც, პოეზიაც, და... არა, ამ ფრაზას ვეღარ დავასრულებ, ღმერთი მიწყენს! - ხომ შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, სულაც ცოცხალი იყოს!
თუ ცხოვრებისა და მოვლენების ლოგიკიდან გამოვალთ, პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ს ალბათ დაეჯერება - როგორც კრემლიდან მოდიოდა ადრე უტყუარი ჭეშმარიტებები ლიტერატურის შესახებ, ისე ახლა ამერიკიდან ჩამოგვიტანა ამ ახალი დეკრეტის თუ ვერდიქტის შესახებ ცნობა პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ მ ა. ყველას გულს ერთნაირად მაინც ვერ მოიგებ! ზოგიერთები, ამ ჩვენი პროვინციული მწერლობის წარმომადგენლები, იმასაც კი ამბობენ, გრინქარდაზე მეოცნებე ნახევარემიგრანტი, წლების მანძილზე, მშიერ-მწყურვალი, მეხუთეხარისხოვანი ხიდების ქვეშ რომ ათევდა ღამეებს, რა უფლების ძალით კლავს პოეზიასო, ვინ ეკითხებაო, ვისი სახელით ლაპარაკობსო, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ - ძლივს ჩვენი კაცი გვყავს ამერიკაში და ახლა იმასაც ნუ ავუხირდებით! ჩვენთვის გვეუბნება, იქნებ სხვა გზა ვნახოთ რამე, უკეთესი მოვიფიქროთ იქნებ რაღაც! ბოლოს და ბოლოს, იმავე პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ შ ი წვეთი სისხლი აღარ არის ქართული და ძაფი ნერვის არ არის პოეტის, მაგრამ აბა ნახეთ, დააკლდა ამით რამე?
პოეზია მოკვდაო! მოკვდა - მოკვდა! ცხონებული ბათუ მელიასი არ იყოს, ცოტას წავიგლოვებთ და მორჩება ამით საქმე! აბა, ხომ არ გადავყვებით ბოლოს და ბოლოს!
ისე, ვითომ პანაშვიდზე ვართ და განსვენებულის დაღუპვის მიზეზებსა და მისი უკანასკნელი დღეების ამბებს ვარჩევთ, ვთქვათ, რამე პოეზიის სიკვდილზე, მიზეზებსა და იმაზეც, სხვათა შორის, თუ როგორ წარმოგვიდგენია მისი საბოლოო განსასვენებელი ანუ სად უნდა დაიკრძალოს ოდესღაც ჩვენი სიყვარულის საგანი - დიდი ქართული პოეზია!
ყოფილი პოეტები, რომელთაც პოეზიასთან ერთად ვერ მოასწრეს სიკვდილი, ალბათ, შეფიქრიანებულები არიან - პოეზიის მკვლელმა ქილერმა ახლა გუშინდელ პოეტებზეც არ იძიოს შური, მეტიც, ახლა პროზა არ გაიხადოს სამიზნედ!


ერთხელ, ამერიკაში...

არ გინდა მკაცრი იყო, მაგრამ როგორც კი ობიექტური იქნები, გინდა-არ გინდა, მკაცრი ხდები!
უკვე მერამდენე წერილს ვკითხულობ, რომელშიც ამერიკასა და ევროპაში ნავალი ქართველი მწერლები ლაპარაკობენ მსოფლიო მწერლობის სახელით და ჭკუას არიგებენ პროვინციაში (სამშობლოში) ჩარჩენილ პოეტებსა და მწერლებს.
პირდაპირ იმის თქმას ვერ ბედავენ, მორჩით, თქვე საცოდავებო, ამ ათასმკითხველიან ენაზე ჯღაბნას და გადადით ინგლისურსა და, საერთოდ, დიდ და პერსპექტიულ ენებზეო! ვერც გლობალისტობაზე დებენ თავს აშკარად. ისე, მოიარებით, მიკიბულ-მოკიბულად გვირჩევენ და გვასწავლიან, ვისგან ვისწავლოთ ჭეშმარიტი ღირებულებების შექმნა.
"მ ე შენ (ა რ ა ს ო დ ე ს) მ ი ყ ვ ა რ დ ი"
ქალთა რაინდული პოეზიის შესაძლებლობისათვის"
ასეა დასათაურებული გაზეთ "წიგნებში" (1-13 ივლისი, 2005) დავით ჩიხლაძის წერილი.
იგი მოგვითხრობს ან, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ეს ყველაფერი მხოლოდ იკითხება" პოეტ ეკა ქევანიშვილზე, რომელსაც ისე გადაუტრიალებია ქართული პოეზია, განსაკუთრებით მისი "ქალთა განყოფილება", რომ ეს აქ არც ქალს გაუგია და არც კაცს.
სამაგიეროდ, გაუგია დავით ჩიხლაძეს.
ძმაო, ამოფრინდი შენი სამშობლოსა და შენი კულტურის კონტექსტიდან, ხომ? რატომ გგონია, ის შენი სამშობლო და ის შენი კულტურა შენი იმედითაა, შენს ჭკუაზე ივლის და უშენოდ გზას ვერ გაიგნებს!
არის აგერ გრეგორი ჩხარტიშვილი, იგივე ბორის აკუნინი!
მე განვახორციელე ჩემი ხალხის ეროვნული ოცნებაო, წერს "არგუმენტი ი ფაქტიში" (№27, 2005), და ამ ეროვნულ ოცნებაში გულისხმობს რუსულ ოცნებას! ქართული ოცნებაო, არც უფიქრია!
კაი ხანს სწავლობდა პოპულარული რუსი პოეტი ბულატ ოკუჯავა თბილისის უნივერსიტეტში, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, ქართული ესწავლა და ქართველი პოეტი გამხდარიყო!
რატომ უნდა ერიგებინა ჭკუა ან ერთს ან მეორეს ჩვენთვის - ქართველი პოეტებისთვის!
თქვენ რა მოგდით, გრინქარდაზე მეოცნებო არშემდგარო ამერიკელებო, თქვენ რატომ აძლევთ თავს ნებას, მოძღვროთ ქართველი პოეტები! თქვენ რატომ ნომრავთ ქართველ პოეტებს, რატომ გვიდგენთ ინფანტილურ რეიტინგ-ლისტებს, თან რომ ბოდიშობთ კიდევ, ციტატებს ვერ მოვიტანთ ნათქვამის საილუსტრაციოდ, სამშობლოდან "შორს მყოფობის გამო" ან ფუფუნებას მოკლებულები ვართო!
ამერიკის პრესაში გამოქვეყნებული წერილების ნაწყვეტების ცუდ თარგმანებს საკუთარ აზრებად ყიდით, და შემწედ და მეკავშირედ აქ "ჩარჩენილ" თქვენიანებს ვარაუდობთ. სწორადაც იქცევით - სწორედ აქ "ჩარჩენილი" თქვენიანები უწევენ რეკლამას თქვენს ამ აფორიაქებულ ნაფიქრალს!
ე ბიჭო, მიატენეთ აზრი ამ თქვენს საქციელს! გაყიდული ბლეფისგან რა სარგებელი გექნებთ ან წასულებს, ან აქ "ჩარჩენილებს"!
ერთხელ, ამერიკაში, ათასნაირად შეიძლება აგეჭრას გონება, მაგრამ ერთხელ ამერიკაში ქართველის ფიქრიც უნდა იფიქრო...


***

ზოგიერთი გულუბრყვილო ადამიანის გასაგონად განმეორებით, უფრო სწორედ - განმეხუთებით ვბეჭდავ ჩემს ერთ "მაქსიმას":
ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს შ ე უ ც ვ ლ ე ლ ი თ ა რ გ მ ა ნ ე ბ ი! ა რ ს ე ბ ო ბ ს მ ხ ო ლ ო დ შ ე უ ც ვ ლ ე ლ ი ო რ ი გ ი ნ ა ლ ე ბ ი!


პიტერ ვიერეკი. ფორმას - ჰო, ფორმალიზმს - არა!

"როგორც ადრეულ წლებში პოეტის პოეტი უმთავრესად წერდა კოლეგა პოეტებისთვის, ისე კრიტიკოსის პოეტი დღეს ძირითადად წერს კრიტიკოსისთვის".
ისინი თურმე, როგორც პიტერ ვიერეკი წერს, "არაფრად აგდებენ ლირიკისათვის ყველაზე მეტად საჭირო თვისებას - ყელსავსე სიმღერას".
კითხულობ წარმატებული, გამოცდილი პოეტის, კრიტიკოსისა და, საერთოდ, დიდი ინტელექტუალის მართალ წერილს და ერთი სული გაქვს, აქვე ჩამოთვალო ქართველი პოეტების პოეტები და კრიტიკოსების პოეტები!


ფოლკნერი და პოეზია

"ჩემი აზრით, პოეზია უპირველესია. ხელმოცარული პოეტი ნოველისტი ხდება, ხელმოცარულ ნოველისტს კი სხვა რა ჩარა აქვს, რომანის დაწერა უნდა სცადოს, მაგრამ პოეზია ჩემთვის უპირველესია, ის ყველაზე უკეთ ახერხებს, რომ მშვენიერება და ვნება ქინძისთავზე დატიოს".
(საუბრები უესტ პოინტში. 1969 წლის აპრილი)


ლენინის გამყიდველი

დაემხო საბჭოთა ღერბი.
დაემხო ლენინი - კერპი!
ათასი ტყუილი თავში
და თავზე - ცნობილი კეპი!

დაესვა თუ არა წერტილი ტოტალიტარულ რეჟიმს, საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულმა ლენინებმა ჯერ საგანგებო საცავებში მოიყარეს თავი, მერე კი, როცა ორთოდოქსი კომუნისტების მწუხარება, მოგვრილი დიდი ბელადის დამხობით, ნელინელ ღიმილიან ქირქილში გადაიზარდა, ყოჩაღმა კაცმა მ.კ-მ საქმეს მოკიდა ხელი. იგი ჯართის შეგროვება-ჩაბარების ახალშექმნილ ფირმაში გაიჩითა (როგორ მოახერხა ეს, ამის მოყოლას ბალზაკი დასჭირდება) და ლენინების გაყიდვას შეუდგა. პირველი წარმატებული ტურნე მ.კ-ს თურქეთში ჰქონდა. ისტამბულ-კონსტანტინოპოლითაც აღფრთოვანებული დარჩა და იქაურ ქართველებთან შეხვედრითაც, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ჯართის შემსყიდველი თურქის - ქემალ მუსტაფა ქერეჯოღლის ხარხარმა მოახდინა, ხარხარი ქამალმა მერვე ლენინის ნახვისას დაიწყო. პირველი - დამჯდარი ლენინი იყო, მეორე - ამდგარი; მესამე - კეპიანი; მეოთხე - გაზეთ "პრავდიანი"; მეხუთე - ხელგაშვერილი; მეექვსე - ჯიბეებში ხელებჩაწყობილი; მეშვიდე - პალტომოსხმული; აი, მერვე ლენინს კი ერთი კეპი რომ თავზე ეხურა, მეორე - ხელში ეჭირა! რა იყო ეს, მ.კ-მ არ იცოდა. აღარც ის უკვლევია, საქართველოს რომელ რაიონულ ცენტრში თუ ქალაქში იდგა თავის დროზე ეს მონუმენტი.
დიდი მაყუთი იშოვა დიდი ბელადის დახმარებით დამწყებმა ბიზნესმენმა! - მოგეხსენებათ, ლენინის ძეგლების ჩამოსასხმელად უმაღლესი ხარისხის მასალას არჩევდნენ, ასეთი ჯართის მუშტარი კი იმაზე მეტია, ვინემ ლენინის თავზე თმა.
რაც ლენინისგან უბედურება იწვნია თავის დროზე მ.კ-ის ოჯახმა, ერთიანად აუნაზღაურა რეპრესირებულთა შთამომავლებს ბელადის ძეგლმა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მერვე ლენინმა - აი, იმან, ქე რო ერთი კეპი თავზე ეხურა, მეორე კი ხელში ეჭირა!

პიარშავი და პირშავი ადამიანები

ტელევიზია თესავს სიკეთეს და ბოროტებას.
რომელს უფრო - ამის გასარკვევად ჩემი სოციოლოგიური და კულტუროლოგიური განათლება არ იკმარებს.
დაბეჭდე შენ აგერ საკმაოდ სოლიდურ გაზეთში წერილი, სადაც მშვენივრად დაასაბუთე, თუ რა სულელია ბატონი იპოლიტე.
გამობრძანდება ბატონი იპოლიტე ტელევიზიით დღეში ათჯერ და ეკრანიდან დაგეჭყანება.
ესეც შენი ჭეშმარიტება!
პირშავი კაცები შეთავსებით პიარშავებიც გახდნენ.
შენ იმ შენს ათასცალიან გაზეთში თქვი პიტალო სიმართლე!
ბატონი იპოლიტე საპირისპირო აზრს გამოთქვამს ტელევიზიით - დღეში ათჯერ გეჭყანება ეკრანიდან.
პირდაპირ აღარ იცი, როგორ მოიქცე, როგორ გაუმკლავდე მტყუან, პიარშავ ადამიანს!
ისე, დროული სიტყვაა, არა? - პირშავი და პიარშავი ადამიანი!
შენ სიმართლეს ღაღადებ, ის, პირუკუ, ტყუილს ავრცელებს, მაგრამ იმის გამო, რომ დღეში ათჯერ გეჭყანება ტელეეკრანიდან, "ქურდად ის ზის", საქმეებს ის არჩევს, ტაშს მას უკრავენ, ჭკუას, რომელიც არ გააჩნია, მას ეკითხებიან.
პიარადად მე რომც არ მეხებოდეს, მაინც მტკივნეული პრობლემაა - პიარშავი ადამიანები აწუხებენ საზოგადოებას, თესავენ პიარმოთნეობას, პიარუმტკიცობას, პიარადულს საქვეყნო საქმეზე მაღლა აყენებენ, უამრავ ღირსეულ პიაროვნებას შეურაცხყოფენ, პიარპაშებენ, როგორც უნდათ.
საზოგადოება ვალდებულია, თავისი ადგილი მიუჩინოს პირშავ და პიარშავ ადამიანებს.
ჩემი მტერი ჩავარდა მაგათ პიარში!


***
დინასტია - დროში გაწელილი რუტინა!
საამაყოა და სასაცილოც იმავდროულად, გვარიშვილობით თავმოწონება!



***
ახედავ ღამით მოწმენდილ ცას - ვარსკვლავებით მოჭედილ უსასრულობას, და გიკვირს - სავსეა სამყარო სამუშაო ადგილებით...
"მარტო აქ, ჩვენთან, ჩვენში"... - გწყდება გული სამართლიანად.


ახალი სიტყვა

სიტყვა "მიანიჭეს" ცნობილი სიტყვაა.
ვთქვათ, ასეთი კონტექსტი: "არნოლდ ჩიქობავას დოქტორის ხარისხი მიანიჭეს".
ყველაფერი გასაგებია.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხარისხი - დოქტორის ხარისხი - დაუმსახურებლად მიანიჭეს უნიჭოO პიროვნებას, ვინემ დემურ დონიაშვილს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, ვთქვათ და დავწეროთ, რომ ბატონ დემურ დონიაშვილს ხარისხი ... მიაუნიჭოეს!
პრემიაც: ერთს - მიანიჭეს, მეორეს - მიაუნიჭოეს!


***
მოხუცს მარტო ერთ, მარცხენა ხელზე ეცვა დახეული ხელთათმანი - იმაზე, რომლითაც მოწყალებას თხოულობდა! - რა ექნა, ქალაქში ყინავდა...


იმედისმომცემი აბსურდი

გაზეთ "ახალი თაობის" 2006 წლის 8 აპრილის ნომერში რუბრიკით "დღის კალენდარი" დაბეჭდილია იმ ადამიანთა გვარები, რომლებიც დაიბადნენ ან გარდაიცვალნენ მაინცა და მაინც 8 აპრილს.
სწორედ ამ პუბლიკაციაში გადავეყარე საინტერესო ცნობას:
"1973 წელს გარდაიცვალა პაბლო პიკასო - დიდი იტალიელი მხატვარი."
კარგია, არა?
არც ესპანელი, არფ ფრანგი!
ამ აბსურდის წამკითხველს იმედი გიჩნდება: რა იცი, იქნებ არც იყოს პიკასო გარდაცვლილი! იქნებ ცოცხალია დიდი იტალიელი - მაპატიეთ, დიდი ფრანგი - მაპატიეთ, დიდი ესპანელი მხატვარი!


სექციონერები

ნათქვამია, საჯავახოელის ხუმრობა ნახევარი მართალიაო! როგორც გამოირკვა - ბაღდადელისაც!
ახალგაზრდა მაიაკოვსკიმ ახალგაზრდა პროკოფიევს თავისი "ომი და მშვიდობა" აჩუქა ასეთი წარწერით:
"დედამიწის მუსიკის სექციის თავმჯდომარეს - დედამიწის პოეზიის სექციის თავმჯდომარისაგან."
მოკლედ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ისეა!


ედუარდი და ედვარდი

30.04.2006

"კურიერში" პრეზიდენტის რეზიდენციების თემაზე სიუჟეტი გადაიცა. გადაცემაში ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც მიიღო მონაწილეობა. როცა ერთ-ერთ რეზიდენციაზე საუბრობდა, ბატონმა ედუარდმა ბრძანა, სწორედ აქ მივიღეთ კენედიო. რომელი კენედიო, როგორც ჩანს, ჰკითხეს. არა, ის არაო! რობერტიო! აქ მივიღეთ რობერტ კენედი და მისი ოჯახიო. მის ერთ შვილს ფეხი ჰქონდა ამპუტირებულიო.
მოკლედ, ბატონ ედუარდს დაავიწყდა საკუთარი სახელი - ედვარდი! - საქმე ის გახლდათ, რომ საქართველოში სწორედ ედვარდ კენედი გახლდათ სტუმრად. რაც შეეხება რობერტ კენედის, იგი იმ დროისათვის კარგა ხნის მოკლული იყო და, ამდენად, საქართველოში ჩამოსვლა გაუჭირდებოდა.
ეს რომ ასეა, დამიდასტურა ერთ-ერთმა ყველაზე სანდო ექსპერტმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა - 1972 წელს სწორედ ედვარდ კენედი ეწვია ჩვენს ქვეყანასო, მითხრა ჰამლეტმა. სენატორის პატივსაცემად სადილი წეროვანში გამართულა. სადილს დასწრებიან საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ი. აბაშიძე. მოგვიანებით სუფრას კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძეც შეერთებია.
აი, ასე ყოფილა საქმე.
რამდენადაც ვიცით, ბატონი ედუარდი მემუარებზე მუშაობს. ამ ოპუსის გამოქვეყნების მიზანია, ექსპრეზიდენტის მემუარებს ააცილოს ეს პატარა ლაფსუსი.


***

ერთი ქალბატონის ცხოვრების წესმა შთამაგონა მხატვრული იდეა - დავწერო მოთხრობა "ქალია-ადამიანი?!"
თუ იდეის ხორცშესხმა ვერ მოვახერხე, უფლებას ვიძლევი, ამ სათაურიანი მოთხრობა დაწერონ სხვებმა, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობით კი - სათაურის საავტორო უფლება დამიტოვონ.
დარწმუნებული ვარ, მომავალი მოთხრობის პოტენციური პროტაგონისტი ქალბატონი უაღრესად კმაყოფილი დარჩება - გიჟდება მასმედიაში საკუთარი სიფათის გამოჩენაზე!


ახმატოვა

"ონ დლია მენია ნობელევკუ ხლოპოჩეტ" - ამას ანა ახმატოვა წერს თავის ყოფილ საყვარელზე.
ახმატოვა - ჩამწყობი! როგორია?!
საერთოდ, იშვიათია, ნობელზე მწერლის წარდგენა არ იყოს ოფიციალური თუ მოყვარული აგენტების ჩალიჩის შედეგი.
ამ ვნებასაც - მაღალი ჯილდოს მიღების ვნებასაც - შეგიძლიათ უწოდოთ ჰეროსტრატეს კომპლექსის წვეთი!


***

ამ ერთხელაც მოვუსმინოთ ტომას ვულფს:
"ინტერესდებიან თუ არა მწერლები პოლიტიკით?
შექსპირი? კი. ჯონ კიტსი? არა. პერსი ბიში შელი? კი. ბაირონი? რა თქმა უნდა. დიკენსი? კი. თეკერეი? არა. ჰენრი ჯეიმსი? არა. ფლობერი? ჰოც და არაც. ზოლა? რა თქმა უნდა. ვიქტორ ჰიუგო? რა თქმა უნდა. გოტიე? არა. ტოლსტოი? კი."
მინდოდა ჩამომეთვალა ქართველი მწერლები, რომელთაც, მსგავსად, ვთქვათ, ჰენრი ჯეიმსისა, არ აინტერესებთ პოლიტიკა, მაგრამ გამიჭირდა! ნიკო ლორთქიფანიძე? მაგრამ "იყიდება საქართველო" ვისია? ალბათ, დავით კლდიაშვილი! მაგრამ ის სამხრეები მე დავაკერე? იქნებ...
თუ აქეთ გადმოვალთ და უახლეს ლიტერატურას გადავხედავთ, კიდევ უფრო გაძნელდება ეს საქმე - პოლიტიკის გარეთ მდგარი მწერლების პოვნა! ეტყობა, პრობლემებით გაძეძგილი პატარა ქვეყნის შვილი მოკლებულია ამ ფუფუნებას!
ამ საკითხს რომ ჩაუღრმავდა, ვულფი ამაშიც კაი ბიჭია!


ო, ენავ ჩემო...

გერმანულად, ებრაულად, რუმინულად, უკრაინულად, ჩეხურად, უნგრულად, რუსულად, ფრანგულად, ინგლისურად, ესპანურად, იტალიურად, პორტუგალიურად - აი, ამ ენებზე წერდა პაულ ცელანიო, გვამცნობს ბორის დუბინი წერილში "შეხვედრა გულის სანაპიროზე" (რუსულად. "ინოსტრანნაია ლიტერატურა", №4, 2005წ.).
ამის შემდეგ ყურადღებით, რამდენიმეჯერ, კითხულობ უნიჭიერესი კაცის, მშვენიერი პოეტის პაულ ცელანის ლექსებს, დაბეჭდილს იქვე, მოგწონს, რა თქმა უნდა, და ამის მიუხედავად, ასკვნი, რომ ჯობს, იყო ერთ ენაზე შექმნილი ვეფხისტყაოსნის ავტორი, ვინემ 13 ენაზე მწერალი ცელანი!
ისე, რა თქმა უნდა, ამგვარი პიროვნება - ასეთი ერუდიტი, პოლიგლოტი და, რაც მთავარია, ნაღდი პოეტი უსათუოდ მოახდენდა თანამედროვეებზე დამთრგუნველ შთაბეჭდილებას. მე იმის მტკიცებას არ ვაპირებ, ცელანის მნიშვნელობა, როგორც პოეტი ნოვატორისა, გაზვიადებულია-მეთქი! მაგრამ არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ ცელანი, დროთა განმავლობაში, მეტისმეტად "დაიკლებს წონაში", და აღარც ძველი სიმაღლე შერჩება - ისიც "დაბერდება" და, გამორიცხული არაა, ერთ მშვენიერ დღეს სულაც გარდაიცვალოს!
ტრაგედიაა, მაგრამ ფაქტია: პოეტი ერთი ენის კუთვნილებაა! არც თაგორის ორენოვნება, არც რილკეს რუსულად დაწერილი ლექსები, არც ცელანის პოეტური პოლიგლოტობა არ ივარგებს საბუთად საპირისპიროს მტკიცებისას.
და მაინც: დიდი სიამოვნება მივიღე ცელანის ამ პუბლიკაციის კითხვისას, იმის მიუხედავად, თუ რა ადგილს დაიჭერს მხოფლიო რეიტინგის მიხედვით, ცელანი მუდამ დარჩება ერთ მშვენიერ, სამაგიდო პოეტად! უკეთ - პოეტური მასტერ-კლასის ერთ თვალსაჩინო მაგალითად.
ამ აზრს უკან მაინც ვერ წავიღებ: ჯობს, წერდე ერთ ენაზე და იყო რუსთაველი, ვინემ წერდე ცამეტ ენაზე და იყო ცელანი!


ფ. შიპულინსკი
შექსპირი - რეტლენდი. 1924 წ.


"1790 წელს აღმოაჩინეს ფილიპ ჰენსლოუს, თეატრის ცნობილი დირექტორის, ჟურნალი, რომელშიც ჩანაწერები უკეთებიათ 1591 წლიდან 1609 წლამდე. ხსენებულ ჟურნალში გვხვდება სახელი ყველა იმდროინდელი დრამატურგისა, რომელთა უმრავლესობაც ნაკლებ იყო ცნობილი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე და საბოლოოდაა დავიწყებული ამჟამად. მხოლოდ ერთი პოეტი-დრამატურგის სახელი არ გვხვდება ჟურნალში არც ერთხელ: ეს სახელია შექსპირი" (გვ.13).
კარგი თავსატეხია, არა? განსაკუთრებით იმ ერისთვის, ვისაც აგრეთვე ჰყავს თვალსა და ხელს შუა გამქრალი საკუთარი გენიოსი - რუსთაველი!
რუსთაველი? ესეც კი საკითხავია...


სიტყვისმიერი ინცესტი

ერთი მეტისმეტად ახალგაზრდა მომღერალი (გვარს არ ვამბობ, მებრალება) ასეთ რამეს წერს "სარკეში":
"სიამოვნებით ვიცხოვრებდი ნაპოლეონის ეპოქაში და ვიქნებოდი ნაპოლეონის მეუღლე ან შვილი"!
ეს სიტყვები რომ წავიკითხე, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქო ინცესტის ფაქტს შევსწრებოდე. ეს როგორ, სულ ერთია, მამა იქნება იგი შენი თუ ქმარი? ეს ფრაზა, გამორიცხული არაა, ახასიათებდეს და ასახავდეს იმ წრის მორალს, რომელშიაც ეს ყმაწვილი ქალი აღიზარდა და ტრიალებს!
ყვითელი პრესა ვართ, კი ბატონო, მაგრამ ასეთი მოჭირებული ყვითელიც ნუ ვიქნებით! რაც არ უნდა იყოს, ჯერ კიდევ საქართველოში ვართ!"

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ახალი ამბები – 2008 - აგვისტო


სალმან რუშდი - Best of the Booker-ის მფლობელი


ბრიტანელი მწერლის, სალმან რუშდის რომანმა “შუაღამის ბავშვები” ("Midnight Children") საუკეთესო ბუკერის ("Best of the Booker") სპეციალური პრემია მიიღო. ლაურეატის ვინაობა მკითხველთა ხმების უმრავლესობით გადაწყდა. რუშდიმ ხმათა 36 პროცენტი დააგროვა. საუკეთესო ბუკერის პრემია 1968 წლიდან მოყოლებული პირველად გაიცა და იგი ბუკერის პრემიის დაარსების 40 წლისთავთან დაკავშირებით დაარსდა. “შუაღამის ბავშვებმა” 1981 წელს მიიღო ბუკერის პრემია, 1993 წელს კი სპეციალური ჯილდოთი - “ბუკერთა ბუკერით” აღინიშნა. ამჯერად საუკეთესო ბუკერის ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა ლონდონში 10 ივლისს დასახელდა. პრემიაზე სალმან რუშდის გარდა 5 ავტორი იყო ნომინირებული. მათს შორის სამხრეთ აფრიკელი ნადინ გორდიმერი ("The Conservationist", 1974 წ. ”ბუკერი”) იოზეფ მაქსველ კუტზეე ("Disgrace", 1999 წ. ”ბუკერი”), პიტერ კერი ("Oscar and Lucinda", 1988წ. ”ბუკერი”), პეტ ბარკერი (”The Ghost Road”, 1995წ. ”ბუკერი”). დასახელებული ექვსი ნომინანტი ჟიურიმ 40 რომანიდან შეარჩია.


ავტორთა საზოგადოების პრემიები გამოვლინდა


ახალგაზრდა და ასაკოვანი ლიტერატურული ტალანტები ავტორთა საზოგადოებისაგან პრიზებისა და, საერთო ჯამში 70, 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ქვითრების მისაღებად ერთად ჩადგნენ რიგში. გამარჯვებულთა შორის იყვნენ ამომავალი ვარსკვლავი ადამ თირველი, რომელმაც სომერსეტ მოემის სახელობის პრიზი მიიღო “მისს ჰერბერტისათვის”, კოლინ თაბრონი, რომელსაც ეგრეთ წოდებული “მოგზაურობის სტიპენდია” მიენიჭა, და ასევე პოეტი ჯონ ბარნსაიდი, რომელმაც ქოლმონდელის პრემია - ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი პოეზიაში - დაიმსახურა. მწერალმა ტრეისი შევალიემ, ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ამაყობს იმით, რომ ამ პრიზებთან მისი სახელი ასოცირდება. “პრემიები, რომლებსაც ჩვენ გავცემთ, ხშირად იმ ავტორებზე არის ორიენტირებული – ძირითადად პოეტებსა და ახალგაზრდა ავტორებს ვგულისხმობ – რომლებიც შემდეგ უფრო სერიოზული ლიტერატურული პრიზებისათვის იქნებიან განხილულნი.” მან ასევე განმარტა, რომ საზოგადოების ყოველწლიური 70,000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის საპრიზო ფონდი ლიტერატურული პრიზების წრის სამუშაო ნაწილია. “არსებობს უამრავი პრიზი, რომელიც უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე სომერსეტ მოემისა და ქოლმონდელის სახელობის პრემიები”, - განაცხადა მან, - “მაგრამ ხშირად ჩვენი პრიზები უფრო მეტ დახმარებას უწევს ნაკლებად ცნობილ ან ნაკლებად კომერციულ ავტორებს, რომლებსაც შეიძლება უჭირთ თავიანთი ნაწარმოებებით შემოსავლის შოვნა.”


აღმოჩენილია შექსპირის პიესების პირველი კრებული


აღმოაჩინეს უილიამ შექსპირის პიესების პირველი გამოცემა, რომელიც 10 წლის წინ დარემის უნივერსიტეტიდან გაიტაცეს. პიესების კრებული, რომელიც მეცნიერთა კვლევისათვის უმნიშვნელოვანეს მასალას წარმოადგენს და სადაც მწერლის 36 პიესაა შესული, შექსპირის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ, 1623 წელს გამოსცეს მსახიობებმა, ჯონ ჰემინგომმა და ჰენრი კონდელომ. ამჯერად კი მის გატაცებაში ბრალდებული კოლექციონერი რეიმონ სკოტია, რომელიც ამტკიცებს, რომ წიგნს კუბაში გადააწყდა და ბრიტანეთის ბატარა ქალაქ ვაშინგტონში, შექსპირის სახელობის ბიბლიოთეკაში, იმის შესამოწმებლად მიიტანა, იყო თუ არა ეს გამოცემა ორიგინალი. ამჯერად სკოტი ბრიტანეთისა და ამერიკის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, პიესების კრებულის ფასი კი, ექსპერტების შეფასებით, 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს აღწევს.


ფრანც კაფკას კიდევ ერთი არქივი


ებრაულმა გაზეთმა Haaretz-მა მსოფლიოს აუწყა, რომ მალე ლიტერატურათმცოდნეები ფრანც კაფკას უნიკალურ არქივს იხილავენ, რომელიც 1939 წლიდან თელ-ავივში ინახება. ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ არქივზეა ლაპარაკი - ახალი მასალები მოიპოვეს თუ უკვე კარგა ხნის წინ გახმაურებული, მაგრამ ჯერ შეუსწავლელი ხელნაწერები დაიბრუნეს. ამ უკანასკნელის არსებობა დიდი ხანია ცნობილია, მათი მფლობელი ებრაელი ქალი ესტერ ჰოფე იყო, რომელიც არ თმობდა მწერლის ხელნაწერებით სავსე ყუთს და კარგა ხანს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა ისრაელის მთავრობას. ესტერი 2008 წელს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც, სავარაუდოდ, იმის იმედს იძლევა, რომ სწორედ იმ არქივზეა ლაპარაკი, რომელიც ჯერ არავის უნახავს და არც ის არავინ იცის, რა მოცულობის მასალები ინახება ამ ყუთში.


გარდაცვლილი მწერლის უკანასკნელი წიგნი


არტურ კლარკის ბოლო წიგნი “უკანასკნელი თეორემა” ("The Last Theorem") მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის 4 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში გამოვა, 5 აგვისტოს კი მისი პრეზენტაცია ამერიკაში შედგება. წიგნის თანაავტორი ასევე ცნობილი ფანტასტი ფრედერიკ პოლია. პოლმა პრესას განუცხადა, რომ კლარკმა თვითონ მიმართა მას დახმარებისათვის და სთხოვა, წიგნის დამთავრებაზე მუშაობაში მიეღო მონაწილეობა. “უკანასკნელ თეორემაში” უცხოპლანეტელებისა და დედამიწის ბინადრების ბრძოლაა ასახული, პოლის თქმით, რომანი ალეგორიულად თამილ-ილამასა და შრი-ლანკას შორის განმათავისუფლებელ ბრძოლას ეხმაურება. არტურ კლარკი 2008 წლის 19 მარტს გარდაიცვალა. 90 წლის მწერალმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები კოლომბოს საავადმყოფოში გაატარა.


ჯონ ირვინგის ახალი პოლიტიკური რომანი


11 სექტემბრის ტრაგედიიდან 7 წლის შემდეგ ამერიკელი მწერალი, ჯონ ირვინგი, პირველად ეხმიანება მსოფლიო ტრაგედიის თემას. მწერალი აცხადებს, რომ მისი ახალი რომანი, რომელიც მალე იხილავს დღის შუქს, ყველაზე პოლიტიკური შინაარსის იქნება მის წიგნებს შორის. გარდა ამისა, მკითხველს აფრთხილებს, რომ რომანის გვერდებიდან თვალშისაცემი მოჭარბებული ცინიზმი არამც და არამც არ გამოხატავს მის დამოკიდებულებას 11 სექტემბრის კატასტროფისადმი. გამომდინარე იქიდან, რომ ირვინგი სასტიკი წინააღმდეგია სპეკულაციური და აქტუალური თემების, იგი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ მისი წიგნი სრულიად სხვა რაკურსით დაგვანახვებს მოვლენებს და ეს არ იქნება სტანდარტული რომანი საუკუნის ყველაზე შემზარავი მოვლენის შესახებ. ჯონ ირვინგი 66 წლისაა და იგი დღემდე ოცამდე წიგნის ავტორია.


“შავი კვირეული” ესპანეთში - სამეცნიერო ფანტასტიკის ზეიმი


სამხრეთ ესპანეთის ქალაქ ხიხონში სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანების ყოველწლიური ფესტივალი - “შავი კვირეული” - დაიწყო. ფესტივალის ცერემონია მადრიდიდან ეგრეთ წოდებული “შავი მატარებლის” ჩამოსვლით გაიხსნა, რომელსაც ხიხონში ფანტასტიკის სფეროში მოღვაწე 100-მდე მწერალი და მხატვარი ჩამოჰყვა. ქალაქ ხიხონის დასავლეთ სანაპიროზე დროებითი პავილიონებია გაშლილი, სადაც გაიყიდება წიგნები, ნაჩვენები იქნება კინოფილმები, ჩატარდება ფოტოგამოფენები და აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები. შარშან ფესტივალს მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდა, და ორგანიზატორების თქმით, წელს გაცილებით მეტ ადამიანს დაიტევს ხიხონის პავილიონები. ფესტივალის ფარგლებში გაიცემა ასევე სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები. “შავი კვირეულის” ფესტივალი ესპანეთში 1988 წლიდან იმართება და ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს.


ასაკობრივი შეზღუდვა საბავშვო წიგნებზე


მსოფლიოს ყველაზე მსხვილმა გამომცემლობებმა ახალი პირობა დადეს ასაკობრივი შეზღუდვის საკითხის თაობაზე. იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ გრძელდება პოლემიკა საბავშვო წიგნების ყდებზე ასაკობრივი მაჩვენებლების შესახებ, გამომცემელთა ასოციაციამ ახალი ბლიც-განცხადება გაავრცელა შეწუხებული ავტორების დასამშვიდებლად. განცხადება შეიცავს პირობას, რომ არც კი განიხილება ასაკობრივი მაჩვენებლის წიგნისთვის დამატების საკითხი ავტორთან კოსულტაციების გარეშე. ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა გამომცემელთა შემდეგი პირობა - ახალი ავტორების წიგნებისა და ასევე რეპრინტებს უკანა ყდებზე უნდა დართულიყო გრაფიკული გამოსახულება, რომელიც შესაფერის ასაკს მიუთითებდა: 5+, 7+, 9+, 11+ და 13+ - თინეიჯერთათვის. სქემამ, რომელიც ამ შემოდგომისათვის უნდა დანერგილიყო, დიდი ოპონირება გამოიწვია ცნობილი საბავშვო ავტორებისაგან, რომელთა შორისაც არიან ისეთი სახელებიც, როგორიცაა ჯ.კ. როულინგი და საბავშვო ლიტერატურის პრემიების სხვადასხვა ლაურეატები. ფილიპ პულმანმა კი ინტერნეტ პეტიციის შეგროვება დაიწყო, რომელსაც უკვე 3,000 ადამიანმა მოაწერა ხელი. რა თქმა უნდა, გამომცემელთა მხრიდან კომპრომისმაც არ დააყოვნა და აღშფოთებულ ავტორებს მათთან შეთანხმების გარეშე ყოველგვარი შეზღუდვის დართვის აუცილებლობა მოუხსნა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Wednesday, October 21, 2009

"პინგვინი" – რბილი ყდების რევოლუცია


რბილი ყდების რევოლუცია


კარგი წიგნები იაფად


თამარ ბაბუაძე


ინგლისური "მარტოობის ასი წელიწადის" დანახვა ჩემი წიგნის თაროზე სამი მიზეზის გამო მსიამოვნებს ხოლმე. პირველი იმიტომ, რომ მარკესია და რაღაცეებს მაგონებს. მეორე იმიტომ, რომ წიგნის უ-ულამაზესი მწვანე ფერის გარეკანი მჭრის თვალს. და მესამე იმიტომ, რომ ამ მწვანე ყდაზე, კიდეში უ-უსაყვარლესი პინგვინი ხატია, რომელიც ქვეცნობიერი პატივისცემით განმაწყობს გამომცემლობისადმი, რომელსაც ასეც ჰქვია – "პინგვინი".
როდესაც გამოცემას ლოგოს მიხედვით აფასებ (რაც არ უნდა უ-უსაყვარლესი იყოს ის), ე.ი. ან ძალიან ინფანტილური ხარ, ან კოლექციონერი სნობების იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებიც წიგნებს მხოლოდ ფერისა და დიზაინის ხათრით ყიდულობენ. მაგრამ მე შეგნებულად არ ვიკითხავ, თუ რომელი შეფასება განმარტავს უკეთ ჩემს მდგომარეობას, რადგან ვიცი – "პინგვინს" დამსახურებულად ვცემ პატივს. ეს გახლავთ დიდი ტრადიციების მქონე ინგლისური კომპანია, რომელსაც თანამედროვე გამომცემლები ბევრ რამეს უნდა უმადლოდნენ; ის შედის მსოფლიოში უდიდესი სამი ინგლისურენოვანი გამომცემლობის ნუსხაში; აქვს ფილიალები ავსტრალიაში, ამერიკაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკაში... სტამბავს ყველაფერს ყველასთვის. ანუ გამოსცემს ჰომეროსსაც და სუპერ-მოდელ კრისტი ტარლინგტონის წინგსაც იოგაზე; არტურ მილერსაც და "მანჩესტერ იუნაიტედელი" დევიდ ბექჰემის მეუღლის ბიოგრაფიასაც; დოსტოევსკისაც და ფეხბურთელ როი კინის მემუარებისაც... ცხადია, "პინგვინის" ეს ფილოსოფია – დააკმაყოფილოს ყველა ჯურის მკითხველი, განსხვავებულ გემოვნებათა კომერციალიზაციაა და სხვა არაფერი. თუმცა, ნუ იქნებით მკაცრები მაინც ძალიან სიმპატიური "პინგვინის" მიმართ. ასე იცის ხოლმე კონკურენტულმა ბიზნეს-გარემომ, რომელთანაც "პინგვინისნაირი" ფირმები ვერაფერს გააწყობენ.
თუმცა, თავადაც რომ ეწვიოთ "პინგვინის" ვებ-გვერდს, მიხვდებით, რომ მას ჩემი ადვოკატობა არაფერში სჭირდება. კომპანიას თავისი პრომოუტერების გარჯაც ეყოფა. ისინი კომპანიის ინტერნეტ-იმიჯსაც დიდი სერიოზულობით ეკიდებიან. საათივით აწყობილმა "პინგვინის" ვირტუალურმა რეზიდენციამაც აღარ იცის, სტუმრებს რით ასიამოვნოს: იქაა ბესტსელერების ცინცხალი სია, დღის ავტორი, ახალი გამოცემები ინტერესის სფეროებისა და ჟანრების მიხედვით. იქვეა სპეციალური რუბრიკა, რომელიც ავტორებთან ინტერვიუებს ბეჭდავს. საიტზე წაიკითხავთ ასეთ შემოთავაზებებსაც: "იყიდეთ ორი კლასიკა, მიიღეთ მესამე საჩუქრად". ამ შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, კომერციულის სუნი ასდის, მაგრამ მგონი, მკითხველი მაინც არ უნდა დარჩეს უკმაყოფილო თუ მაგალითად, იყიდის ერთ პლატონს, ერთ პუშკინს და ერთ ედგარ ალან პოსაც ზედ მიაყოლებს, თანაც მასში ერთი ცენტის გადაუხდელად.
ერთი სიტყვით, გამომცემლობა "პინგვინში" იდეებს მაქსიმალური ფინანსური წარმატების მისაღწევად ნამდვილად არ უჩივიან. თუმცა, ალბათ, იტყვით და მართალიც იქნებით, რომ მსგავს მეთოდებს წიგნის ბაზარზე თითქმის ყველა წარმატებული კომპანია იყენებს. დღეს ხომ ახლად დასტამბული წიგნების პირველი თავების წინასწარ გამოქვეყნებითა და სპეც-პრიზების დაწესებით ვერავის გააკვირვებ. მაშ, რით არის "პინგვინი" გამორჩეული, რას უნდა უმადლოდნენ მას თანამედროვე გამომცემლები?
საგამომცემლო საქმის ისტორიკოსების ოფიციალური ტონი რომ შევინარჩუნოთ, პასუხი ასეთი გამოვა: "პინგვინმა", რომლის წიგნებიც პირველად 1935 წელს გამოვიდა, შთამომავლობას რბილყდიანი წიგნებით წარმატებული ბიზნესის პრეცედენტი პირველად შეუქმნა. ანუ რბილი ყდების რევოლუცია მოახდინა. მართალია, ეს საგამომცემლო პრაქტიკა მანამდეც არსებობდა, მაგრამ სწორედ "პინგვინის" ფუძემდებელმა, ინგლისელმა ალენ ლეინმა მოიპოვა პირველი ფინანსური წარმატება მათი საშუალებით – კომპანიის დაარსების პირველივე წელს გამოუშვა ათი რბილყდიანი წიგნი და გაყიდა 3 მილიონი ეგზემპლიარი.
თუმცა, მთავარი ხომ ციფრები არ არის. ლეინის ისტორიული მისია, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ მან, როგორც იქნა, წიგნის მკითხველ ელიტას გაათვითცნობიერებინა, რომ მაღალი დონის ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსი ყდების ზომა-წონით არ იცვლება; რომ თუ ერნესტ ჰემინგუეის მაგარყდიან წიგნში კითხულობ, არაფრით დგახარ იმ ადამიანზე მაღლა, ვინც შენსავით ლონდონის ცენტრში კი არა, გარეუბანში ცხოვრობს, ხოლო ამ "ხარისხიან" ჰემინგუეის რბილყდიან გამოცემაში ეცნობა; შესაბამისად, არც ჰემინგუეის აკლდება ხარისხი, თუ მისი წიგნის გარეკანი "მდაბიურად" და "არააკდემიურად" იღუნება და ხელს იოლად, "უხარისხოსავით" მოჰყვება...
რბილ და მაგარ ყდებს თანაბრად შეჩვეულ საზოგადოებას შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ 1935 წელს, როდესაც ლეინი საგამომცემლო საქმეში რევოლუციას იწყებდა, ყოველივე ზემოთ თქმულის მტკიცება საჭირო გახლდათ. მაშინ მრავალ სერიოზულ გამომცემელსა და აღიარებულ მწერალს სჯეროდა, რომ ლეინის წამოწყება სრულ ფიასკოს განიცდიდა. ასე რომ, ლეინი აშკარად სარისკო გზას დაადგა – ითამაშა წიგნის მოყვარული საშუალო ფენის თავმოყვარეობასა და სურვილებზე (მათ რა დააშავეს, თუ არ აქვთ რვა შილინგი, ე.ი. ჰემინგუეის წაკითხვის ღირსნი არ არიან?) და გაუმართლა კიდეც.
რბილი ყდების იდეა ასე იშვა:
იმ მშვენიერ საღამოს ალენ ლეინი, პატარა გამომცემლობა "ბოდლი ჰედის" დირექტორი, დევონიდან შინ, ლონდონში მიემგზავრებოდა. ფრიად აღტაცებული გახლდათ – შაბათ-კვირა აგატა კრისტისთან ერთად გაატარა და ცუდ გუნებაზე როგორ იქნებოდა. სადგურში საგაზეთო ჯიხურს მოავლო თვალი, მაგრამ ვიქტორიანული რომანების გარდა ვერაფერს მიაგნო. სწორედ მაშინ მოუვიდა აზრად, რომ გამოეცა კარგი ხარისხის თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა მისაწვდომ ფასად, რომლებიც ყველგან გაიყიდებოდა – რკინიგზის სადგურებშიც და უნივერსალურ მაღაზიათა ქსელებშიც.
პირველი "პინგვინები" Woolworth's-ის მაღაზიებში გამოჩნდნენ. წარმოიდგინეთ, დახლზე იდო კოლოფი სიგარეტი და მის გვერდით ამ ჩვენს მიერ რატომღაც ძალიან აჩემებული ჰემინგუეის რბილყდიანი გამოცემაც. თანაც ორივე ერთი ფასი – სულ ექვსი პენსი ღირდა. მალე ქუჩებში გაჩნდა ე.წ. "პინგვინკუბატორიც" – სავაჭრო ავტომატი-მანქანა, ზუსტად ისეთი, თანამედროვე მსოფლიოში ყოველ კუთხე-კუნჭულში რომ დგას: გადააყლაპებ ხურდას, სანაცვლოდ კი "პეპსის" ან "სნიკერსს" დაგიბრუნებს. იგივე პრინციპით, საშუალო ლონდონელები ყიდულობდნენ, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გაღიზიანდებით და – "მდაბიურად დრეკად", მაგრამ ძველებურად "ხარისხიანი" შინაარსის მქონე ჰემინგუეის.
ალენ ლეინმა კიდევ ერთი ხერხი იხმარა. პირველ ჯერზე რბილყდიან გამოცემებად დაბეჭდა სწორედ ის მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც ლონდონელებში, მაგარი ყდების სახით, დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.
საგამომცემლო საქმის ისტორიკოსები აცხადებენ, რომ ხელმისაწვდომი ფასის გარდა, ლეინის წიგნებმა შესანიშნვად შერჩეული დიზაინის გამოც გაამართლა. გამომცემელმა ცალკეულ ჟანრებს ცალკეული ფერის ყდები შეურჩია და საგამომცემლო ისტორიაში პირველმა გამოიყენა დღეს ასე პოპულარული ხერხი – დიზაინითა და ფორმატით წიგნების ჟანრობრივი კლასიფიცირება.
წარმატებული ნაბიჯი გამოდგა კომპანიის სიმბოლოდ პინგვინის შერჩევაც. დირექტორებმა თავიდანვე მოიფიქრეს, რომ კომპანიისთვის რაიმე ცხოველის სახელი დაერქმიათ. პინგვინის იდეა კი კაბინეტში შეკეტილ მოთათბირე დირექტორებს კარს მიღმა "შემთხვევით" მიყურადებულმა მბეჭდავმა მიაწოდა. "ეს ნამდვილი გენიოსის ჩანაფიქრი იყო. ოფისიდან პირდაპირ ზოოპარკში გავექანე და მთელი დღე პინგვინების ხატვაში გავატარე – მათ ყველა შესაძლებელ პოზაში ვხატავდი", - იხსენებს "პინგვინის" პირველი ლოგოს დიზაინერი ედვარდ იანგი. ასე დასკუპდა ეს უ-უსაყვარლესი არსება მილიონობით წიგნზე და ასე იქცა ის მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მხატვრული ლიტერატურის, თუმცა, ხარისხიანის, სიმბოლოდ.
ბუნებრივია, ალენ ლეინის "პინგვინი" მხოლოდ აგატა კრისტსა და ერნესტ ჰემინგუეიზე არ შეჩერებულა. 1937 წლიდან დაარსდა "პელიკანი" – "პინგვინის" დღეს უკვე მრავალრიცხოვანი და ჟანრების მიხედვით დაყოფილი ფილიალებიდან პირველი. "პელიკანის" სახელით პირველად დაიბეჭდა ახალი წიგნები ისეთ არა-მდაბიურ ჟანრებში, როგორებიცაა ისტორია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა. ლეინმა კარსმომდგარ ომსაც აუწყო ფეხი. მის მიერ პირველად დასტამბულ წიგნებს – "რა სურს ჰიტლერს" ან "ავიაციის სახელმძღვანელო" კითხულობდა ყველა, ამ გამოცემებით ხელმძღვანელობდნენ თავად პილოტებიც კი... 1946 წლიდან ლეინმა კიდევ ერთი ღირსეული საქმე ჩაიდინა. დააფუძნა ფილიალი "პინგვინის კლასიკა" და ის ჰომეროსის "ოდისეით" გახსნა. დღეს ეს განყოფილება ბეჭდავს ყველაფერს, რაც ნამდვილ კლასიკად არის აღიარებული.
...თითო საგმირო თავგადასავალი ყველა გამომცემლობას აქვს. ზოგი დიდი ავტორების პირველად დასტამბვით იწონებს თავს, ზოგიც კოლორიტული გამომცემლების ყოლით. მსგავსი საგმირო შემთხვევა "პინგვინისთვის" სალმან რუშდის სახელს უკავშირდება. ირანის რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინმა ხომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა რუშდის "სატანური ლექსების" დაწერისთვის, ხოლო "პინგვინს" – მისი დაბეჭდვისთვის. თუმცა, ხომეინის რისხვას ორივე გადაურჩა. დღეს რუშდიც ცოცხალია და "პინგვინიც". მეტიც, ის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახსენებს მსოფლიოს, რომ ალენ ლეინის გამომცემლობა დღემდე წაუბორძიკებლად დააბიჯებს ყველაზე სახიფათო ბეწვის ხიდზე, რომელიც მაღალ და კომერციულ ხელოვნებას, ხარისხიან და ბულვარულ ლიტერატურას შორის გადის. ეს ის ბეწვის ხიდია, რომელზე გავლაც ყველა სოლიდური გამომცემლობის უპირველესი ვალია.

© “წიგნები – 24 საათი”


მალხაზ ხარბედია –ზაფხული

ზაფხული ძალაში შევიდა, დაცხა, დამტვერილმა ვენტილატორებმა ისევ ამოიღეს ხმა. ოფისებში კონდიციონერები წვეთავენ, ყველგან დიდი მოთხოვნილება გაჩნდა ყინულზე, სითხეც აუარება ისმება და მარაოს ბიზნესიც ყვავის ალბათ. ხალხი უკვე იხიზნება ქალაქიდან, ღამით ღია შუშაბანდებიდან სიმღერის ხმა ისმის, ცოლ-შვილის გარეშე დარჩენილი, მარტოხელა კაცები სიცხეს ცივი ღვინით ან ყინულიანი არყით ებრძვიან. ამ შერკინებაში, როგორც წესი, სიცხე იმარჯვებს. დღეს მეც ასეთი დამარცხებული ვარ, თან რამე საზაფხულო მინდა დავწერო, მაგრამ ასეთ სიცხეში ძნელია წერა.
შორიდან ასხივებენ ჩემი საზაფხულო მოგონებები, მახსოვს სხვისი ზაფხულებიც, მიმოწერებიდან, დღიურებიდან და რომანებიდან ამოკითხული...
ჩვენ ყოველ ზაფხულს რაჭაში ვისვენებდით ხოლმე, დედულეთში. მოგეხსენებათ, ჰაერი, წყალი და სოკო ბევრია რაჭაში, აი ხილი კი ყოველთვის პრობლემა იყო. ეს ახლაა, დღეში რამდენჯერმე ამოივლის ტყიბულიდან, ამბროლაურიდან ან ქუთაისიდან წამოსული “მაღაზია-მანქანა”, თორე მაშინ მთელი ზაფხული მჟავე ვაშლზე ვიყავით ბავშვები. ყველამ ვიცოდით ვის რამდენი საადრიო ვაშლი ედგა და ივლისის თვიდან დაუნდობლად ვანადგურებდით ამ წვნიან, დაშაქრულ განძეულს. ბლობა რაჭაში სულ რამდენიმე დღე გრძელდებოდა და ძალიან მალე ილეოდა. დიდი წვალება უნდოდა მინდვრის მარწყვის შეგროვებასაც.
მამაჩემის ამოსვლა ნამდვილი დღესასწაული იყო, თბილისიდან ქაღალდის დიდი ტომრებით ამოქონდა ხოლმე ხილი. ერთი ტომარა პატარა ნესვებით იყო სავსე, მეორე საზამთროთი, სხვები კიდე გარგრით, ატმებით და ქლიავით (ჩვენი, რაჭული ალიბუხარი ძალიან გვიან, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში მწიფდებოდა). წიგნების დაბარებაც ჩვეულებრივი ამბავი იყო, წიგნებით ძირითადად ბიძაჩემი მამარაგებდა, რადგან ბაბუაჩემის მწირი ბიბლიოთეკა უკვე ათვისებული მქონდა და ასევე კარგად ვიცნობდი უკვე ჩვენი და მეზობელი სოფლის ბიბლიოთეკებსაც.
საზაფხულოდ წიგნების გადადება და ქალაქში ჩამსვლელისთვის დაბარება ყოველთვის აქტუალური იყო. ასე ხდებოდა 19-ე საუკუნეშიც და იმედია ბევრი დღესაც ასე იქცევა. ქართულ პროზაში თუ მემუარულ ლიტერატურაში ხშირია შემთხვევები, როცა ქალაქს მიმავალ ექიმს ან ოჯახის თავს წიგნებს აბარებდნენ, თანაც მაშინ, 19-ე საუკუნეში, დღევანდლისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი წიგნის მაღაზია თუ ფარდული იყო დაბებსა თუ პატარა ქალაქებში, ვიდრე დღეს. დღეს დიდ სოფლებში ვეღარსად შეხვდებით წიგნით მოვაჭრეს, მაშინ კი ბევრი იყო ასეთი.
ახლა ქართველი მწერლებიც გავიხსენოთ თავიანთი ზაფხულებიანა. პირველ რიგში კი გრიგოლ ორბელიანი, ტფილისის სიცხეს, მტვერსა და კირს რომ გაურბოდა და კოჯრისა და ტაბახმელის გრილ ნიავს აფარებდა თავს. კუმისში დიდი მამულები ჰქონდათ ორბელიანებს, მაგრამ ყველა მამულს მაინც ქალაქის სიახლოვეს გასეირნება ერჩივნა. ბაბალე საგინაშვილს წერდა: "შენ რა გაემგზავრე პიატიგორსკისკენ, მეც აღარ დავჰყავ მაგდენი ხანი თბილისს და გავეცალე აქაურს სიცხეებს, აქაურს საშინელს ჰაერსა, სავსესა კირითა და მტვერითა, და ამოველ ტაბახმელას, სადაცა მართლად მშვენიერი საზაფხულო ადგილია... გაიშალა სუფრა მწვანეს მინდორზედ; მოერთუათ სათალი, ყველი, არაყი; ზედ მოჰყუა ხაშლამა, ფლავი და მწუადები და ამასთანა დიდროანი ჯამები ღვინითა..."
ხშირი იყო ბორჯომში სტუმრობებიც, სადაც “პუბლიკა” დილის 6 საათიდან გროვდებოდა წყალთან, სვამდნენ, ბანაობდნენ, “კურკურებდნენ”, შემდეგ ჩაის დრო მოდიოდა, შუადღეს კი სადილად სხდებოდნენ. 5 საათზე ცხენებით და ეკიპაჟებით სეირნობა იწყებოდა, 8-ზე კი ლაზათიანი ვახშამი იშლებოდა.
ცოტათი განსხვავებული რიტმი იყო ილიასთან, საგურამოში, სადილ-ვახშამებიც უფრო დიდხანს გრძელდებოდა და ბანქოსაც უფრო მეტი დრო მიჰქონდა. ასევე ზაფხულის პერიოდში დამკვიდრდა 19-ე საუკუნის ბოლოს ე.წ. “ილიაობა”, რომელიც ორ, ზოგჯერ კი სამ დღეს გრძელდებოდა და სადაც აუარება ხალხი იყრიდა ხოლმე თავს. ამ დროს, აკაკი სადმე რომლიმე სასტუმროში ატარებდა ზაფხულს, ვაჟა კიდე პირიქით, მთელი ქალაქი რო გაიხიზნებოდა, მაშინ ჩამოეხეტებოდა ტფილისში თავისი ხელნაწერებით (რამდენჯერ მინახავს, აგვისტოს ტირაჟდაცემულ ნომრებში გამოქვეყნებული ვაჟას ლექსები, ნარკვევები და მოთხრობები).
თავისი საყვარელი ადგილები ჰქონდათ დასასვენებლად 20-ე საუკუნეშიც, თუმცა ყველაზე პოპულარული და ბუკოლიკური ალბათ მაინც ქვიშხეთი იყო, რომელიც ჯერ კიდევ დიმიტრი ყიფიანიდან მოყოლებული იქცა მწერალთა საზაფხულო თავშესაფრად. როგორც ამბობენ, სწორედ ქვიშხეთიდან წაიყვანეს მიხეილ ჯავახიშვილი... 60-70-იანელთა თაობაში ახალი ძალით აღორძინდა ქვიშხური ზაფხულები და ქართულ ლიტერატურას რამდენიმე შესანიშნავი “ქვიშხური ტექსტიც” შემორჩა. გალაკტიონი წყნეთში ისვენებდა ხოლმე, იქვე იშენებდა სახლს გოგლა ლეონიძეც, წყნეთი ეპყრათ მწერალთა კავშირის ბობოლებსაც. მუდამ ხალხმრავლობა იყო საგურამოში, გაგრასა და ბიჭვინთაში, ზოგი მუშაობდა, ზოგი ჯონჯოლს აგროვებდა, სხვები ქეიფობდნენ, იყვნენ ამრევებიც. ამასობაში მეც, როგორც ჩანს, ავირიე, სიცხემ ამრია, რადგან უფრო საზაფხულო საკითხავზე ვაპირებდი საუბარს და არა მოგონებებზე, თუმცა არა უშავს, სექტემბირში გავუზიაროთ ერთმანეთს წაკითხულის შტაბეჭდილებები.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

წიგნები - ასაკობრივი მოვლენა

შავი ზღვის აუზის წიგნის ფესტივალი “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში

კოკა ჯიქია


წელიწადის სხვადასხვა დროს საგამომცემლო საქმიანობის სიახლეებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ადგილი ყოველთვის უჭირავს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნისა და ქალაქის წიგნის ბაზრობებს; საინტერესო სტატისტიკური მონაცემებით, სიახლეებით, სტუმრებით, მთელი რიგი ახალი გამოცემებით თუ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით წიგნის ბაზრობები მსოფლიო მნიშვნელობას იძენს (მიუხედავად მათი ოფიციალური სახელწოდებისა - იქნება ეს საერთაშორისო ბაზრობა თუ არა). ამ მხრივ ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია თბილისის წიგნის ბაზრობა, რომელიც უკვე მეათედ გაიმართა და ამჯერად ლოკალური ფესტივალიდან რეგიონალურ მოვლენად გადაიქცა - საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა და მსოფლიო გამომცემელთა ასოციაციის გადაწყვეტილების შედეგად თბილისის წიგნის ბაზრობამ შავი ზღვის აუზის წიგნის ფესტივალის წოდება შეიძინა, რამაც, რა თქმა უნდა, ერთიორად გაზარდა მისი მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივებიც დაისახა. პერსპექტივებზე ცოტა მოგვიანებით ვთქვათ, მანამდე კი საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” ჩავლილ ცხელი ზაფხულის ოთხ საფესტივლო დღეს, წიგნებს, სტუმრებსა და სხვა მოვლენებს გადავხედოთ.
ისევე როგორც წინა წლებში, წლევანდელი წიგნის ბაზრობაც ერთ დიდ სივრცეში განლაგებულ წიგნის მაღაზიას მოგვაგონებდა, სხვადასხვა გამომცემლობების სტენდებითა და ლოგოებით, ფასდაკლებისა და სააგიტაციო ბარათებით, თუმცა, თუ სხვა დროს წიგნებზე ფასდაკლებების გარდა ახალი გამოცემები და პრეზენტაციები ხდიდა მიმზიდველს “წიგნის მაღაზიის” ამ ფორმატს, ამჯერად მკითხველს მოლოდინი გაუცრუვდა. ერთი-ორი ახალი თარგმანისა და რამდენიმე ავტორის სადებიუტო კრებულის გარდა ახალი წიგნები ვერ ვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ საგამომცემლო კატალოგები გრიფით “მალე” სწორედ ფესტივალისთვის გვპირდებოდნენ სიახლეებს ჩვენი წიგნის თაროებისთვის. თუმცა, თუ თქვენი სახლის ბინადარ პატარა მკითხველებს უკვე აქვთ წიგნის თაროები, მათი განახლებისთვის თავისუფლად შეიძლებოდა ზრუნვა წიგნის ბაზრობაზე - საბავშვო წიგნები, როგორც საგამომცემლო კომერციის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პროდუქტი, წელსაც მნიშვნელოვან წილს იკავებდა სხვადასხვა გამომცემლობების სტენდებზე. ფესტივალის შავი ზღვის აუზის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით თავიანთი სტენდები ჰქონდათ წარმოდგენილი მეზობელ ქვეყნებსაც (სომხეთი, Aზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა...).
ფესტივალის სტუმრებს მოლოდინი გაგვიცრუვდა სემინარებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც წიგნის ბაზრობებზე, როგორც წესი, მოწვეული მწერლები ან საგამომცემლო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები მართავენ ხოლმე და აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებებს უზიარებენ (მაგ. შარშან ამ როლში ფრანგი მწერალი, კლოდ დელარუ, წარმოგვიდგა). თუმცა, საგამომცემლო საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის წლევანდელი ბაზრობაც მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ გახსნის დღეს სიტყვით გამოვიდა მსოფლიო საგამომცემლო ასოციაციის პრეზიდენტი ანა-მარია კაბანელასი, რომელმაც დადებითად შეაფასა თბილისის წიგნის ფესტივალის მნიშვნელობის ზრდა და ასევე გვაუწყა, რომ წელს საქართველო საერთაშორისო საგამომცემლო ასოციაცის წევრი გახდება. ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კავშირების გაფართოებას - რაც არსებით მნიშვნელობას ატარებს საგამომცემლო საქმიანობის განვითარებაში და საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდაზე მიუთითებს.
წლევანდელი წიგნის ბაზრობა ქალაქის მმართველობამაც დააფასა - ფესტივალი თბილისის მერმა, გიგი უგულავამ გახსნა, წიგნებისა და ბიბლიოთეკების კეთილთვისებიანობაზე გვესაუბრა და მწუხარებითაც დასძინა, ახალგაზრდებმა უნდა იკითხონ წიგნები, თორემ მე კარგა ხანია აღარაფერი წამიკითხავსო (თუ ჩვენი ქალაქის მერის ასაკს გავითვალისწინებთ, აქედან ნიშანდობლივია ალბათ საბავშვო ლიტერატურის პოპულარობაც).
ფესტივალის ბოლო დღეები შედარებით გაახალისა ჟურნალ “კოსმოპოლიტენისა” და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის “15 საუკეთესო მოთხრობის” დაჯილდოების ცერემონიებმა. “კოსმოპოლიტენმა” ჟურნალის გამოკითხვის შედეგად წლის საუკეთესო საკითხავი წიგნები გამოავლინა (კატარინა მასეტი “ტიპი მეზობელი საფლავიდან”, მილან კუნდერა “სალაღობო ტრფობანი”, თამარ ბართაია “პეიზაჟს აკლია სითბო”). “15 საუკეთესო მოთხრობის” საზეიმო დაჯილდოებას კი უკვე მთელი ორი თვით ადრე ელოდა მკითხველი - 2006-2007 წლების საუკეთესო პროზაული ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია ჯერ კიდევ 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გაიმართა. ფესტივალის დახურვის დღეს კი გამომცემლობამ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ავტორებთან ერთად წლის სამი საუკეთესო მოთხრობა გამოავლინა და გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადასაცა (I ადგილი - დათო ქართველიშვილი; II ადგილი - გურამ მეგრელიშვილი, III ადგილი - ზაზა ბურჭულაძე).
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფესტივალს არც წელს აკლდა წიგნების მყიდველ-დამთვალიერებლები, საერთო ერთფეროვნება მაინც თვალშისაცემი იყო. თუ ადრე წიგნების გაყიდვაზე ორიენტირება წიგნის მაღაზიების ნაკლებობის გამო ამართლებდა, დროთა განმავლობაში უკვე ეს ორიენტირი არააქტუალური გახდა. მართალია, მკითხველთა დიდი წილისათვის წიგნის მაღაზიაში შესვლა გულმავიწყობისა და სიზარმაცის ერთ-ერთი მუდმივი გამოხატულებაა ხოლმე, და რატომღაც წიგნის ბაზრობაზე შესაბამისი ნივთების კოლექტიური შესყიდვა უფრო მისაღებ და სახალისო ფორმად მიაჩნიათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ფაქტორი ვერც გაყიდული წიგნების სტატისტიკის ზრდაზე ახდენს არსებით გავლენას და მით უმეტეს, ვერც წიგნს ბაზრობის ფორმატს ხდის საინტერესოს. ამ მხრივ შეგვიძლია მოვიყვანოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მაგალითი, სადაც წიგნები მხოლოდ საგამოფენო ექსპონატებია და მათი გაყიდვა არ არის ნებადართული (გამონაკლისი შემთხვევა დაუშვეს წელს, როცა ბაზრობის მხოლოდ ბოლო დღეს იყო შესაძლებელი წიგნების ყიდვა). სავარაუდოდ, ფესტივალის საორგანიზაციო მხარე სამომავლოდ გაითვალისწინებს, რომ ბაზრობის დღეები ყიდვა-გაყიდვის მარათონის გარდა უფრო მეტად მიუახლოვდეს კულტურულ-შემეცნებითი, ან თუნდაც საზეიმო-გასართობი დანიშნულების ღონისძიებების ადგილს. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელშეწყობა გამომცემლობების მხრიდანაც - სწორედ ტექნიკური შეფერხებების გამო გადაიდო რამდენიმე წიგნის დაგეგმილი პრეზენტაცია. თავისთავად თბილისის ბაზრობის მასშტაბებსა და მნიშვნელობას გაზრდის მისი სტატუსის შეცვლაც - შავი ზღვის აუზის ქვეყნების ფესტივალზე წელს თუ მხოლოდ ამ ქვეყნების სტენდები იყო წარმოდგენილი, სამომავლოდ სტუმრების რიცხვიც გაიზრდება - რაც თავისთავად ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამავე ფაქტორზე მეტყველებს საქართველოს მიღება საერთაშორისო საგამომცემლო ასოციაციის წევრადაც. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ასოციაციის წევრები არ არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, ჩინეთი და ა.შ., მაშინ ცხადი გახდება, რომ ასოციაციის წევრი ქვეყნების ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება ქართული საგამომცემლო საქმიანობის მიმართ. გამოცდილებების გაზიარება, კონტაქტების გაღრმავება და კულტურათა შორის დიალოგი სასიკეთო ცვლილებებისკენ წაიყვანს ქართულ საგამომცემლო საქმეს. თუმცა, მხოლოდ მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო ასოციაციების იმედზე ყოფნა ბევრს ვერაფერს მოგვიტანს - აუცილებელია ხელშეწყობა ადგილობრივი მმართველობის მხრდანაც. მაგრამ, სამწუხაროდ, წელს მხოლოდ შემაფერხებელ ფაქტორად მოგვევლინა კულტურის სამინისტრო - თარგმანების დაფინანსების პირობა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არადა გამომცემლობებმა სწორედ შეპირებული ფინანსური გრანტის იმედზე შეაჩერეს რამდენიმე ახალი თარგმანის გამოცემა.
მართალია, ქვეყნის მმართველობის სათავეში მყოფი პირები წიგნებს აღარ კითხულობენ და ამას საჯაროდ აღიარებენ კიდეც, მაგრამ ხანდახან ალბათ ის ახალგაზრდებიც ავიწყდებათ, რომელთა საქმეც, მათივე თქმით, წიგნების კითხვაა. “ახალგაზრდობის” ქვედა-ზედა ზღვარის დადგენამდე აღარ დავწვრილმანდებით, უბრალოდ, მომავალი წლის წიგნის ბაზრობას დაველოდებით და კიდევ რამდენიმე ცხელ დღეს გავატარებთ “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში - იმის იმედით, რომ წიგნებს შორის ოთხდღიანი ფუსფუსი მოსაწყენი აღარ იქნება.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“