Thursday, October 1, 2009

ოთარ ჭილაძე - მონოლოგი




"გოდორთან" დაკავშირებით ბევრს ვერაფერს ვიტყვი. რისი თქმაც მინდოდა, მე მგონი, უკვე ვთქვი, ხოლო, "მისი შექმნის ისტორია" იმდენად ჰგავს ყველა წინამორბედი რომანის ისტორიას, ნამდვილად არ ღირს სალაპარაკოდ. სამაგიეროდ, არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერების გრძნობით არ აღვნიშნო მკითხველის ინტერესი და გულისხმიერება, რაც მან "გოდორის" მიმართ გამოიჩინა. ტირაჟი გაიყიდა, მაგრამ წიგნის შეძენის მსურველნი ჯერ კიდევ მრავლად არიან. ასე რომ, ჰონორარისა რა მოგახსენოთ, - დღესდღეისად, უაღრესად ეფემერული ცნება გახლავთ, - მაგრამ ჩემი მწერლური პატივმოყვარეობა სავსებით დაკმაყოფილებულია. ეტყობა, ადგილობრივმა ნიჰილისტებმა მაინც ვერ შეძლეს ანტილიტერატურული ატმოსფეროს შექმნა ჩვენში და ვერც შექმნიდნენ, რამდენადაც ლიტერატურა მხოლოდ გართობის სახეობა არ არის. სხვანაირად რომ ვთქვათ, სულიერი ფენომენია, ანუ მხოლოდ ხალხის სულთან ერთად, ხალხის სულიანად შეიძლება მისი ამოკვეთა თუ ამოშანთვა საერთო ეროვნული სხეულიდან. ამას რომ ვამბობ, თავისთავად ცხადია, მთელ ქართულ მწერლობას ვგულისხმობ და არა კონკრეტულად "გოდორს", თუმცა, მეც ქართული მწერლობის რიგით წევრად ვთვლი თავს და, არ დაგიმალავთ, გარკვეულ მნიშვნელობასაც ვანიჭებ საკუთარ ნამოღვაწარს. უმნიშვნელო მწერალი საერთოდ არ არსებობს. ყველა მწერალი ერთნაირად მნიშვნელოვანია მშობლიური ლიტერატურისთვის. ლიტერატურა თანაბართა დაპირისპირება კი არა, განსხვავებულთა ერთობაა, მეც ეს მავალდებულებს (გარკვეული თვალსაზრისით, მაიძულებს კიდეც), ნებისმიერ გარემოსა და პირობებში ვაკეთო ჩემი საქმე, ვიდრე კალმის ხელში დაჭერა და საბეჭდ მანქანაში ფურცლის ჩადება შემეძლება... ლექსს ახალი ლექსი, პიესას ახალი პიესა, რომანს ახალი რომანი უნდა მოჰყვეს, აუცილებლად, რამდენადაც მწერლობაც, ცხოვრების მსგავსად, უწყვეტი პროცესია და გაჩერება მისთვის სიკვდილს ნიშნავს. მხატვრული ნაწარმოებიც, ლექსი იქნება თუ რომანი, ნებისმიერ სულიერ არსებასავით ისახება, ვითარდება, მწიფდება და იბადება. "მშობელი" ამით ამთავრებს მასთან ურთიერთობას. გნებავთ, ამით ამოიწურება "მშობლის" მოვალეობა. დანარჩენი თავად მხატვრულ ნაწარმოებზეა დამოკიდებული. ირმის ნუკრივით, ანდა კამეჩის ზაქივით, "ცის ქვეშ", "ტრიალ მინდორში" შობილი, დროულად თუ არ წამოდგა ფეხზე და "ჯოგს" არ გაეკიდა, ანუ წიგნის სამყაროში მოხვედრის უფლება თუ ვერ მოიპოვა, ან მგელი შეჭამს, ან აფთარი და ამით დამთავრდება მთელი მისი თავგადასავალი, ხოლო, მგელს და აფთარს თუ გადაურჩა, ანუ მშვიდობიანად თუ მიაღწია მკითხველამდე და, რაც მთავარია, ყურადღებასთან ერთად, მოწონებაც დაიმსახურა, პირადად ჩემთვის, სულერთია, რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიაკუთვნებენ, რადგან ამით აღარაფერი შეიცვლება არც იმისთვის, არც ჩემთვის. მე მაინც მომეწონება, ან არ მომეწონება და, იმასაც, თავისთავად ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ მხატვრული მონაცემებისა და თვისებების გათვალისწინებით მიუჩენენ ადგილს სხვა წიგნებს შორის. საერთოდ, თუკი ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი ლიტერატურულ თეორიაში და შეკითხვებსაც უფრო თქვენი ხათრით ვპასუხობ, ვიდრე ცოდნის დასამტკიცებლად, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მაინც შეგეკამათოთ. ჩემს ერთ- ერთ ნაწარმოებში განუწყვეტლივ მოგუგუნე კარადისხელა საათი "ვერმობრუნებული დროის ტკივილი" კი არა, იგივე დროა და განუწყვეტელი გუგუნით თავის შეუფერხებელ დინებას ახსენებს და ასე აფრთხილებს ყველას (ვისაც გაგონება შეუძლია), სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ იღონოს რამე, ანუ, თავს უშველოს, თუკი საერთოდ შესაძლებელია ამგვარი რამ. აქედან გამომდინარე, ჩავლილი დრო, დაკარგული დროა და მისი დაბრუნება, ან რამენაირად ანაზღაურება არც ერთ სულიერს არ შეუძლია. მათ შორის "საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველობას".
"საქართველოს ფარგლებს გარეთ" ყოფნა, ანუ, ემიგრაცია, უაღრესად რთული, უაღრესად სათუთი თემაა და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა დაუმსახურებლად არ ვატკინოთ ვინმეს გული, ანდა, კიდევ უარესი, ასევე დაუმსახურებლად არ მივუტევოთ "დროებითი", "ეპიზოდური", ასე ვთქვათ, სიტუაციიდან გამომდინარე და ამდენად, ვითომ გამართლებული ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტე და სულმოკლეობა. ჩვენი ემიგრაცია, როგორც ყველაფერი ქართული, აშკარად განსაკუთრებულია და, ალბათ, მხოლოდ მიახლოებით თუ ჰგავს ემიგრაციის კლასიკურ მოდელს. სხვათა შორის, არც ემიგრაციაში წასვლის მიზეზია საერთო. ვინ იძულებით მიდის, ვინ საკუთარი ნებით; ვინ ფეხის ხმასაა აყოლილი, ვინ ახლობლების რჩევასა თუ მოთხოვნას. მოკლედ, რაც ერთისთვის ტანჯვაა, მეორისთვის ნეტარებაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთს დაბრუნება უნდა, მაგრამ არ შეუძლია, მეორეს შეუძლია, მაგრამ არ სურს. ასე რომ, ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, ლუკმა პურის მაძიებელი ჭარბობს მათ შორის, თუ "ტკბილი ცხოვრებისა". ერთი ცხადია, ემიგრანტობა, ცხოვრების წესად თუ არა, მოდად ნამდვილად იქცა ჩვენში, რასაც თავის დროზე თავად ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი. შეიძლება მკრეხელობას ჩავდივარ, მაგრამ ჩვენი ემიგრაციის მთავარი მიზეზი მაინც არასწორად გაგებული თავისუფლება მგონია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სამშობლოსგან ვთავისუფლდებით, ქართველობაზე ვამბობთ პირველ რიგში უარს და თუ ეს მართლა ასეა, ძალიან სერიოზული ძალისხმევა გვმართებს ყველას ამ დამღუპველი პროცესის შესაჩერებლად. ქართველმა ებრაელებმა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, გენი დაუბრუნეს სამშობლოს, ჩვენ კი, სამშობლოდან, უპირველეს ყოვლისა, გენი გაგვაქვს. მშობლების, ბებია- ბაბუების პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მშობლიურ გარემოს ძალით მოწყვეტილი ბავშვი ქვეყნის ქომაგად ვერ გამოდგება. ეროვნებაც სიქალწულესავითაა - თუ დაკარგავ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ, მაგრამ სიქალწულისგან განსხვავებით, მისი დაკარგვა სრულებითაც არ არის სასურველი. ჩვენ კი ძალით ვაკარგვინებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს და, რაც მთავარია, დარწმუნებულები ვართ, სწორად ვიქცევით, დროულად ავუღეთ ცხოვრებას ალღო და ქეჩოზე მოვექეცით ჩვენს წასალეკად აფოფრილ ტალღას, საიდანაც ყველასათვის ერთნაირად საიმედო მიწა კი მოჩანს, მაგრამ ჯერ ღმერთმა იცის, რა გველოდება ამ მიწაზე.
აი, ამგვარი გაურკვევლობა სუფევს "საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფთა" შორის და, თქვენ წარმოიდგინეთ, მათი გაურკვევლობა აქ დარჩენილთა ფსიქიკაზეც ახდენს უარყოფით ზეგავლენას, ანუ, აქაც თავისთავად იბადება ეჭვი, შიში, უნდობლობა, უიმედობა და საუკეთესო პირობები იქმნება ანტიეროვნული, ანტიქართული (რაკი ჯერ კიდევ ბევრს ადგას გულზე ჩვენი არსებობა!) იდეოლოგიის საქადაგებლად. ჩვენდა სამწუხაროდ, არც მოხალისე თუ მოსყიდული ქადაგია სანთლით საძებარი. ხოლო ყველაფრის თავიდათავი ისევ თავისუფლებაა, უფრო სწორად, ნაწყალობევი თავისუფლება, რითაც ამ თხუთმეტიოდე წლის წინ ჩვენი ორასწლიანი მონობა დამთავრდა თითქოს. მაგრამ ამაზე საუბარი, მეტი რომ არ ვთქვათ, ქართულ უმადურობად და ქართული ბუნების აგრესიულობად ითვლება უკვე, არა მარტო საქმეში ჩაუხედავი და ფეხებზემკიდია მსოფლიოსთვის, არამედ ამ თხუთმეტიოდე წლის მანძილზე ჩვენში გამოჩეკილ პოლიტიკოსთა თუ პოლიტოლოგთა საკმაოდ დიდი ნაწილის თვალსაზრისითაც. თავისუფლება შენით უნდა მოიპოვო, განუწყვეტელი ბრძოლითა და შრომით. ჭირნახულივით უნდა მოიწიო, თორემ მწყალობელი, მით უფრო შენთან ისტორიულად დაპირისპირებული, აუცილებლად დაგათმობინებს რაღაცას, შეგაცვლევინებს მაინც; ხოლო ანგარებით თავსმოხვეული ნებისმიერი ცვლილება, რა ხასიათისაც არ უნდა იყოს ის, ბოროტებაა. თუკი უკანასკნელი თხუთმეტი წლის მანძილზე ჩვენში მომხდარ ცვლილებებს თვალს გადავავლებთ, არც იმის დადგენა გაგვიჭირდება, ვისთვის იყო სასარგებლო ამგვარი ცვლილებები, "დანგრეული" იმპერიისთვის თუ "გათავისუფლებული" კოლონიისთვის. ამდენი გზასამცდარი ბავშვი, მოშლილი ოჯახი, სასოწარკვეთილი ადამიანი არც ერთ ისტორიულ ტრაგედიას არ დაუტოვებია ჩვენთვის. როცა შემოდგომაზე ხეს ფოთოლი ცვივა, ეს ბუნებრივი და, აქედან გამომდინარე, აუცილებელი პროცესია, კი არ გაეჭვებს და გაფორიაქებს, გაიმედებს და გამშვიდებს. ბუნებაში მიმდინარე ცვლილებები სამყაროს უცვლელობისა და მარადიულობის დამადასტურებელია მხოლოდ. ხოლო ის "ეპოქალური" გარდაქმნა, რომელიც ნაწყალობევ თავისუფლებას მოჰყვა ჩვენში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ გვაფრთხობს და ავ წინათგრძნობებს გვიჩენს, რის გამოც თავისუფლების შეგრძნება პასუხისმგებლობის გრძნობას კი არ გვიმძაფრებს საკუთარი ქვეყნის მიმართ, არამედ მონური თავშეკავებულობისა თუ მონური თავაშვებულობისკენ გვიბიძგებს ისევ.
რაც შეეხება ჩვენში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, ჩემი აზრით, ეს პროცესები უფრო პრაგმატული ხასიათისაა, ვიდრე ლიტერატურული და, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც ბუნებრივი მოვლენაა ამ ეტაპზე. ჯერჯერობით ლიტერატურაშიც სრული განუკითხაობა სუფევს და ლიტერატურული სამყაროც უმთავრესად პირადულ ინტერესებსაა დაქვემდებარებული. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, რომელ ლიტერატურულ პროცესებზე შეიძლება ლაპარაკი ხელოვნურად ჩამკვდარ, ხელოვნურად დასაჭურისებულ ქვეყანაში, სადაც გამართულად მეტყველებაც უჭირს უკვე ხალხს და ჟურნალისტურ ილეთს მეტი გასავალი აქვს, ვიდრე მწერლურ მიგნებას. დღევანდელი ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა უმნიშვნელო ადგილსაც აღარ უთმობს მხატვრულ ნაწარმოებს და პოლიტიკურ ანარქიასა და აჟიოტაჟში ისიც ვერ გაგვირკვევია, ვქმნით თუ ვანადგურებთ, რას მივიღებთ საბოლოოდ - ლიტერატურული მატიანის კიდევ ერთ ფურცელს, თუ ლიტერატურული მატიანის კიდევ ერთი ფურცლის ფერფლს. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ეს ყველაფერი შორსმჭვრეტელთა მითითებითა და ბრმადშობილთა ხელით კეთდება, რაც კიდევ უფრო გარდაუვალს ხდის მოსალოდნელ კატასტროფას, თუკი დროზე არ მოვეგებით ყველანი გონს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენმა მტრებმა ჩვენზე უკეთ იციან ქართული მწერლობის ფასი და იმასაც ისეთივე დაუნდობლობით ებრძვიან, როგორც ქართულ ენას, ქართულ ეკლესიას თუ ქართულ მეურნეობას ებრძოდნენ თავის დროზე, ანუ, ებრძვიან ყველაფერ იმას, ურომლისოდაც, უბრალოდ, შეუძლებელია, ქვეყანად იწოდებოდე, მით უფრო - სახელმწიფოდ. რასაკვირველია, მტრების სივერაგისა და სისასტიკის ბრალია ჩვენი მწერლობის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, ოღონდ, მტერში, მაინცდამაინც, ჟირინოვსკის კი არ ვგულისხმობ, არამედ ჩვენიანსაც, რომელიც ადვილი შესაძლებელია, ჟირინოვსკიზე დაუნდობელიც აღმოჩნდეს საკუთარი სისხლისა და ხორცის მიმართ. მართალია, რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის ლეკვები ვართ, მაგრამ ბოლოს, ეტყობა, მაინც გავტყდით. ჩვენც დავკნინდით, დავწვრილმანდით და, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმანეთს დავერიეთ, მტრების გულის გასახარად. ახლა აზრიც არა აქვს იმის გარკვევას, ვინ არის ჩვენ შორის ნამდვილი მწერალი და ვინ ცრუ; ვინ განაწესა ღმერთმა ქართული სიტყვის მსახურად და ვინ შექმნა "კაგებემ" ციხის შიგნიდან გასატეხად. ციხე რა ხანია, გატყდა, ქვეყნის გასაბჭოებისთანავე, მაგრამ ნამდვილი, ასე ვთქვათ, ღვთით მოვლენილი მწერლები მაინც ჯიუტად ისხდნენ ყოველთვის ქართული მწერლობის სანგარში, რათა ენაშერყვნილ, ეკლესიაშებილწულ, არისტოკრატიადახვრეტილ და მეურნეობამოშლილ ქვეყანას იმედიც არ დაეკარგა. ჩვენ კი დღეს იმ სანგრის მიწით ამოვსებას ვცდილობთ, ანუ, ძირითადად საყოფაცხოვრებო პრობლემებითა ვართ დაკავებულნი და ეს არის ჩვენი მთავარი საქმიანობა. ვინ ძველი კვალის მოსასპობად იქცევა ასე, ვინ ამ გზით ცდილობს ლიტერატურაში კვალის დატოვებას და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობს და კამათობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი აღთქმული მომავლისთვის სისხლხორცეულად საჭირბოროტო საკითხებზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, არც ქვეყანა ადარდებს და არც მისი მომავალი, მთავარია, დღეს მიიღოს ხვალისა, ხელისუფალთა ყურადღება მიიქციოს და თანამოკალმეებზე მაღლა დადგეს როგორმე. ამას თუ არ ჩავთვლით "ლიტერატურულ პროცესად", პირადად მე ნამდვილ ლიტერატურულ პროცესებზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევად მიმაჩნია. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, დიდხანს ვერ გაგრძელდება ასე. არათუ დაუშვებელი, შეუძლებელიცაა იმ ინერციის, იმ ენერგიის, იმ სულისკვეთების შეჩერება (შეჩერებაც კი!), ქართულ მწერლობას რომ ამოძრავებს აგერ უკვე მეთექვსმეტე საუკუნეა. ასე რომ, ვიდრე ლიტერატურა გვახსოვს და ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ, ჯერ ყველაფერი არ დაკარგულა, ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს, რამდენადაც ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ბუნებრივი მოვლენის კი არა, სწორედაც რომ არაბუნებრივი, ხელოვნურად შექმნილი, შეგნებულად დამახინჯებული მოვლენისა თუ მოვლენების კანონზომიერი შედეგია. ხალხის მახსოვრობა მოკლეა და, თუკი იკადრებ, შეგიძლია იმდენჯერ მოატყუო, რამდენჯერაც მოგესურვება. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ხანდახან შეგნებულადაც იტყუებდეს ხალხი თავს. ყველა ხალხს და, თავისთავად ცხადია, მათ შორის ქართველ ხალხსაც, ურჩევნია მოსაჩვენებლად, ასე ვთქვათ, დროს გასაყვანად ირწმუნოს ტყუილი, ვიდრე ერთბაშად გადააყოლოს სიმართლეს თავი. მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, არაფერი შეიცვლება. რაც მთავარია, ჩვენი ლაპარაკი არა მარტო მტერს, მოყვარესაც აღიზიანებს უკვე, როგორც აქ, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მით უფრო რუსეთში ემიგრირებულს, რაც, მე თუ მკითხავთ, თავისთავად უკვე უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში. თავს აფარებ იმას, ვინც თავშესაფარი მოგიშალა! ასე რომ, ტყვეობაში შობილი თაობა კი მოვიდა, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ აკრძალულსა და წარმოდგენილ თავისუფლებას, რომელსაც, მართას მსგავსად, მერცხლებისა და ყვავილების სახით გამოხატავდა ტყვეობაში, ხელისუფლებისგან შემოთავაზებული (გნებავთ, შემოპარებული) ყველაფრის უფლება ამჯობინა, ანუ, პირველ რიგში, მერცხლებსა და ყვავილებს აუბზუა ცხვირი და, მოსვლისთანავე, დაგმო სწორედ ის, რამაც ხელი შეუწყო, უფრო მეტიც, რამაც საერთოდ განაპირობა მისი განთავისუფლება. ეს კი თვითმკვლელობის ტოლფასი აქტია, არადა, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, ანუ, როგორც ფიზიკური, ისევე სულიერი მონობის ჟამს, ცენზურის განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ შექმნილი ქართული ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ადამიანის გაუტეხლობის, მისი ამოუწურავი ენერგიისა და შინაგანი თავისუფლების სადიდებელია. თუკი წერა ძნელი იყო როდისმე, მაშინ იყო ძნელი. უფრო მეტიც, წერა მაშინ ომს ნიშნავდა და ყველა როდი ბრუნდებოდა იმ ომიდან ცოცხალი. ბევრმა მწერალმა დადო თავი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ადამიანური და მწერლური ღირსების დასაცავად. წერა დღესაა ადვილი, მაგრამ იმიტომ კი არა, ცენზურა რომ აღარ არსებობს, არამედ იმიტომ, ორსაუკუნოვან ომში დაღუპულ (შეშლილ, დახვრეტილ, ნაწამებ, თვითმკვლელ) მწერლების შთამომავალმა განთავისუფლებისთანავე რომ თქვა უარი მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე, ანუ, ჩვენი ისტორიული პრობლემა გადაწყვეტილად მიიჩნია და უცხოელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით, უაღრესად "თანამედროვე" და "აქტუალური" თემებით დაინტერესდა, როგორიცაა, თუნდაც, ჰომოსექსუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი თუ გლობალიზაცია, ანუ მშობლიური ისტორიის კრიტიკა და მშობლიური კულტურის უარყოფა. ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, ოღონდ, თავისუფალი ადამიანისთვის. დღეს კი, მეტ- ნაკლებად თავისუფალ საქართველოში, ძირითადად მონებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა იწერება და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ყაზბეგისა და ჯავახიშვილის წიგნებზე უკეთ საღდება. ამგვარი ლიტერატურა, რა თქმა უნდა, ზნეშეცვლილ ოჯახთან, ფუნქციადაკარგულ სკოლასთან და კორუმპირებულ საზოგადოებასთან ერთად, ხელს უწყობს ახალი ყაიდის, მე ვიტყოდი, ანტიქართული აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და, ჩვენდა სამარცხვინოდ, მთლად ახალი მოვლენა არ არის ჩვენში. ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ქართველი თავადაზნაურების მარშალმა, ვინმე გურამიშვილმა (მომიტევოს დიდი დავით გურამიშვილის სულმა მისი გვარის ამ კონტექსტში მოხსენიება), პირდაპირ მოუწოდა ქართველ ხალხს, დედაწულიანად გამწყდარიყო რუსეთისთვის, რადგან მხოლოდ ასე დაუმტკიცებდა ერთგულებას ერთმორწმუნე "მფარველს", რაც, ამავე დროს, მისი (ქართველი ხალხის) ისტორიული მისიის აღსრულებაც იქნებოდა თურმე. ჩვენი მისია უკვალოდ გაქრობა კი არ არის, მით უფრო, ვინმეს ხათრითა თუ შიშით, არამედ - გამორჩეული, განსაკუთრებული ხმისა და სახის, სულისა და ხასიათის შენარჩუნება სამყაროს აღსასრულამდე, რაც არ უნდა ძნელი მოსასმენი იყოს ეს ვიღაც-ვიღაცებისთვის. ისტორიულმა კატაკლიზმებმა კი არ უნდა წაგვახდინოს, კიდევ უფრო უნდა აღგვაგზნოს საომრად და სამოქმედოდ. ჩვენ მეომარი და შემოქმედი ხალხი ვიყავით ყოველთვის - ხმალი არ გაგვიგდია ხელიდან, მაგრამ მაინც იმდენი რამის შექმნა შევძელით, თანაგრძნობითა და პატივისცემით უნდა გვხვდებოდნენ დღეს ყველგან, სადაც ბედი თუ უბედობა გადაგვისვრის, განათლების მისაღებად თუ თავშესაფრის სათხოვნელად. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ფუტკარიც კი არსებობს ქართული ჯიშისა! მსოფლიომ შეიძლება ჯერ არ იცის (დიდხანს ვიყავით იმპერიის ჯურღმულებში ჩამწყვდეულნი), მაგრამ აუცილებლად გაიგებს. მთავარია, ჩვენ არ გადავშენდეთ იქამდე. ამის საშიშროება კი ნამდვილად არსებობს. განგებ შეგვყარეს თუ ჩვენ თვითონ დავიმართეთ შეგნებულად, აშკარად ავი სენი გვჭირს. ამ სენს სამშობლოზე გულის აცრუება ჰქვია და ძნელი სათქმელია, რატომ უნდა შეგვყროდა მაინცდამაინც ჩვენ, როცა ყველა ჯურის გადამთიელს მაინცდამაინც ჩვენს სამშობლოზე რჩება თვალი. მაგრამ რაკი შეგვეყარა, ახლა განკურნებაზე უნდა ვიფიქროთ მხოლოდ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვიკურნოთ ამ სამარცხვინო სენისგან, თორემ ოდესღაც შესაშურად წიგნიერი ხალხი, სანიმუშოდ უწიგნურ ხალხად ვიქცეთ ლამის. რასაკვირველია, ერთბაშად არ მომხდარა ეს. როგორც ჩათვლემილ ბავშვს საყვარელ სათამაშოს გამოაცლის ხოლმე დედა ხელიდან, ისე გამოგვაცალა ვიღაცამ, "ჩვენზე მზრუნველმა" წიგნი, და ჩვენც თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, თვითონაც რომ ვერ გავიგეთ, უმეცრების წყვდიადში აღმოვჩნდით ბოლოს, სადაც უფრო იოლად ვივიწყებთ წინაპართა დადგენილს და უფრო თამამად მივსდევთ სხვათა ადათ- წესებს. უფრო მეტიც, ლამის ადმინისტრაციული მეთოდებით ვაუქმებთ ძველს და ვამკვიდრებთ ახალ ტრადიციებს. ეს კი მიუტევებელი შეცდომაა, დანაშაულზე რომ არაფერი ვთქვათ. დრომოჭმული ტრადიცია თავისით ქრება და ახალიც, ფაქტობრივად, თავისით მკვიდრდება, თუკი მისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის ცხოვრება. აქედან გამომდინარე, როგორც ძალით დამკვიდრებულ, ისევე ძალით ამოძირკვულ ტრადიციას მხოლოდ და მხოლოდ არასასურველი და არასასიამოვნო შედეგი შეიძლება მოჰყვეს. განა თბილისის ქუჩებიდან ტრამვაის გაქრობამ, ტრადიციულ იერთან ერთად, ხასიათიც არ შეუცვალა ქალაქს?! ვიღაცის "ჯადოქრობის" წყალობით ერთ მშვენიერ დღეს უცხო ქალაქში გამოგვეღვიძა თითქოს, თუმცა, ადვილი შესაძლებელია, ბევრი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდეს ამას. ტრამვაი არა მარტო ალამაზებდა, უფრო სწორად, არა მარტო ამშვიდებდა, ათვინიერებდა თბილისს, არამედ ჩვენც გვაახლოვებდა და გვანათესავებდა, გნებავთ, გვამსგავსებდა ერთმანეთს, სულიერ არსებასავით გაჟღენთილი ჩვენი სითბოთი, ჩვენი სუნით, ჩვენი ნაფიქრალით, ჩვენი სადარდელითა და სანატრელით... მისი ზარის წკარუნი და ბორბლის ღრჭიალი არა მარტო ახალი დღის დადგომას გვაუწყებდა, არამედ გამოვლილ გზასაც გვახსენებდა განუწყვეტლივ. გამოვლილი გზის დავიწყებიდან ერთი ნაბიჯიღა რჩება სამშობლოს უარყოფამდე. უვიცი სწავლულზე ბედნიერია, მაგრამ ჩვენ თუკი რამე გვჭირდება დღეს, სწავლა- განათლება გვჭირდება პირველ რიგში, ვთქვათ, ფრანგებისგან განსხვავებით. საფრანგეთი აწყობილი ქვეყანაა და შეუძლია ამგვარი "ფუფუნების" უფლებაც მისცეს თავს, თუნდაც მარტო იმის გასარკვევად, თუ რამდენად სახიფათო აღმოჩნდება წიგნისადმი დღევანდელი გულგრილობა მომავლისთვის, ანუ, შეიძლება თუ არა ხვალ და ზეგ ქვეყნის ბედიც ანდო იმას, ვისაც გუშინ და გუშინწინ ორ ბატსაც არ ანდობდი მოსამწყემსად. სწავლა განა არ გვიყვარს, სიბეჯითე გვაკლია, გვეზარება. უფრო გულახდილები თუ ვიქნებით, მოგვბეზრდა, ყელში ამოგვივიდა "განათლების მიღება" უსწავლელად, რასაც განათლების საბჭოური მეთოდი გვთავაზობდა. სავალდებულო, მაგრამ იოლმა სწავლამ აშკარად არ გაგვიმართლა, თუმცა მაშინაც ასე ვიყავით მოდებული ქვეყანას, თავისთავად ცხადია, შესაძლებლობების ფარგლებში, კიევიდან ნოვოსიბირსკამდე, და უნდა ვაღიაროთ, ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის კარი იღებოდა ჩვენთვისაც, რამდენიმე ჩურჩხელისა და შინნახადი ჭაჭის საფასურად. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სწავლის მძებნელებიც და შინ დარჩენილნიც ერთნაირად უვიცნი აღმოვჩნდით ბოლოს და ბევრი სიმწარეც ვიგემეთ საკუთარი უვიცობის გამო. ამიტომაც გვირჩევნია ოცნება სინამდვილეს. ოცნებაში უცებ შეგიძლია იმის ასრულება, რასაც სინამდვილეში ხანგრძლივი, თავაუღებელი შრომა სჭირდება. საქართველო რომ საქართველოა, ოცნებაში ისიც კი შეიძლება წარმოიდგინო ამერიკასავით ძლიერ და მდიდარ ქვეყნად. კი ბატონო, ვიოცნებოთ. ოცნებას რა სჯობს! მაგრამ ერთი პირობით: აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ეს "დაწყევლილი" საქართველო, უნდა გვჯეროდეს მისი და სადაც არ უნდა ვიყოთ, შინ თუ გარეთ, მხოლოდ მის საკეთილდღეოდ უნდა ვიღვწოდეთ, უხმაუროდ და უანგაროდ.
ასე რომ, "ერის, როგორც მთლიანი ორგანიზმის, სულიერი სიჯანსაღე" რომ დავიბრუნოთ, ხელახლა უნდა მოვინათლოთ ყველანი ქართველებად და ხელახლა უნდა შევისწავლოთ ანი და ბანი. მტერმა შეიძლება სკოლა დაგვინგრიოს, წიგნი დაგვიწვას, სინათლე ჩაგვიქროს... მაგრამ სწავლის უნარსა და სურვილს ვერ ჩაგვიკლავს. სწავლა სიბნელეშიც შეიძლება და არა მარტო უცხოეთში, არამედ ადგილზეც, შინ. უცხოეთში, საერთოდ, იმის სასწავლებლად მიდიან, რისი სწავლაც შინ არ შეუძლიათ, მაგრამ სწორედ შინ სჭირდებათ. ქართულს, რასაკვირველია, საქართველოზე უკეთესად ვერსად შეისწავლი, მაგრამ შენ თუ აღარ გინდა ქართველობა, შენ თუ მსოფლიო მოქალაქეობას აპირებ, მაშინ... თუმცა, საბედნიეროდ, არც ერთი მოზარდი არ ფიქრობს ასე. ასე ზოგიერთი მათგანის მშობელი ფიქრობს და არა მარტო ფიქრობს, დაუნანებლად იმეტებს შვილს უცხო სივრცეებში უკვალოდ გასაქრობად. არავითარ შემთხვევაში! ეს დიდი დანაშაულია ღმერთისა და ქვეყნის წინაშე და უმალ ასეთ მშობლებს გააგზავნის საქართველო "გასანათლებლად", ვიდრე მათ შვილებს. მათი შვილები საქართველოს საკუთრებაა. მათი შვილებია ხვალინდელი საქართველო, რომელიც, ღვთის წყალობით, ერთხელ კიდევ აღსდგა დღეს მკვდრეთით, ისევ სახელმწიფოდ იწოდება და საკუთარი დროშა, ჰიმნი და გერბი აქვს, თუნდაც, გამარტივებული. სხვათა შორის, სახელმწიფო გერბი ჩვენსავე თავგადასავალს გვიყვება ჰერალდიკის ენაზე. უფრო სწორად, სხვებისთვისაც წარმოაჩენს, თუკი რამე მნიშვნელოვანი და საინტერესო გაგვაჩნია. სამეფო გვირგვინი, ყალყზე შემდგარი ლომები და წმინდა გიორგი, რასაკვირველია, ძვირფასი სიმბოლოებია თავისთავად, მაგრამ მათი გამოსახვა ნებისმიერი ქრისტიანული ქვეყნის გერბზე შეიძლება და არის კიდეც გამოსახული; ხოლო ქრისტეს კვართზე, მით უფრო კი ოქროს საწმისზე, მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ სხვებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთსაც, რომელმაც ჯერ კიდევ ამ ორასი წლის წინ გაგვიუქმა სახელმწიფოც და სახელმწიფო სიმბოლოებიც და, ალბათ, მაინცდამაინც არ ესიამოვნება, მისგან ერთხელ და სამუდამოდ დამარხულის აღდგენას თუ მოინდომებს დღეს ვინმე. მოკლედ, ჩემსავით გამოუსწორებელი ეჭვიანები რომ იყვნენ ჩვენი პარლამენტარებიც, დარწმუნებული ვარ, უფრო ღრმად დაფიქრდებოდნენ, არ აჩქარდებოდნენ გერბის საბოლოო ვარიანტის მიღების დროს. მაგრამ ჩვენი ბედ-იღბლის ხალხისთვის ისიც დიდი მიღწევაა (მე ვიტყოდი, ბედნიერება), რასაც, ჯერჯერობით, მივაღწიეთ. ასე რომ, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს გაცილებით უკეთ ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით. რადგან დღეს უფრო მეტმა ვიცით, რატომ ვართ ცუდად. იმედია, ხვალ კიდევ უფრო მეტს გვეცოდინება. ეს ეხება "გახიზნულ, გაჩუქებულ, გაყიდულ" შვილებსაც, რომლებსაც ვერაფრით ვეღარ დავიბრუნებთ, თუკი თავად არ მოუნდებათ დაბრუნება. დაბრუნება არა მარტო კეთილშობილური მიზანი, არამედ მოურეველი სურვილიც უნდა იყოს მათთვის. ოღონდ, შურის საძიებლად კი არ უნდა დაბრუნდნენ, არამედ გვერდში ამოსადგომად და მხარის შესაშველებლად. როგორმე უნდა მოერიონ თავს და გამხიზნავ, გამჩუქებელ, გამყიდველ მშობლებს მიუტევონ, აპატიონ ყოვლად გაუმართლებელი სისუსტე და სიბეცე, უპრინციპობა და უნებისყოფობა. ეს არა მხოლოდ სულიერ შვებას აგრძნობინებთ, არამედ "უსამშობლოდ დაკარგული დროის ანაზღაურებადაც" ჩაეთვლებათ. დარწმუნებული ვარ, ასედაც მოხდება. როგორც კი განვიწმინდებით მონური ყოფის შლამისგან, ყველას, წასულსაც და დარჩენილსაც, ერთად, ერთდროულად გაგვახსენდება "ვისი გორისანი ვართ" და სულის შემძვრელი სიცხადით დაგვიდგება თვალწინ ჩვენი საერთო დედის, ჩვენი მარადიული, დაულეველი, ამოუწურავი, აუწონავი, გაუზომავი, ფასდაუდებელი, თვალშეუდგამი, ხელშეუხებელი სამშობლოს ულამაზესი და უძვირფასესი სახე...

პირველად გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიაში"

1 comment:

daloodi said...

ამ ინტერვიუთი გავიცანი ბატონი ოთარი... მაშინ გაზეთ ივერიაში ვმუშაობდი და ეს ჩემი პირველი ინტერვიუ იყო...