მოხუცებულთა თავშესაფარი
მოხუცებულთა თავშესაფრის ძველი ფანჯრები
გაგაყოლებენ შინმიმავალს თვალებს ლიბრიანს,
არის საღამო ნაღვლიანი ჩვეულებრივად
და გახსენდება ბებიების და ბაბუების
თანდათანობით, სიბერეში გარდამავალი
სვლა უმშვიდესი, რომ იცვლება და სიძაბუნე
ანელებს ნაბიჯს, აქრობს მზერას და უმძაფრესი
მონატრებები ბავშვობის წლებს უკან აბრუნებს.
სამზარეულოს სუნითა და სუნთქვით გაჟღენთილ
ჰაერს მოესმის შუაღამის წამოკვნესები
და სიზმარ-ცხადის ღრიჭოებთან თვლემენ ესენი
და შინ და გარეთ - ერთმანეთში ხშირად ერევათ,
მხოლოდ ძილის წინ და ფიქრებში თუ იზოგავენ
მექანიკურად გადმოყოლილ ბედნიერებას.
დილაობით კი გვიამბობენ სიზმრის ფრაგმენტებს,
მაგრამ რასაც კი ვერ ამხელენ თვალში უბრწყინავთ,
რისი წაკითხვაც შეუძლია დილას უწყინარს
ხალისიანი მზის სხივებით ან უხალისო
ღრუბლის ზოზინით და რაც რჩება გაუმხელელი -
ინუგეშებენ თავს ჩურჩულით: ხვალემ ხვალისო.
და ყველა დილა ჰგავს ერთმანეთს ტყუპისცალივით
და ღამეებსაც, პაუზებად დაშლილ ვაგონებს,
საიდან საით და საითკენ ვინ მიაგორებს,
მაგრამ დროდადრო გამოჩნდება დილის ბაქანი
და მომლოდინე მგზავრებს ისევ გაახალისებს
ის აღმოჩენა, რომ ჯერ კიდევ ყველა აქ არი.
რომ ჯერ არავინ არ ჩასულა და რომ მაგიდებს
მიუსხდებიან და საუბარს ერთხანს აცლიან,
ილუკმებიან უხალისოდ და თვალს ნაცრიანს,
სადაც ჯერ კიდევ ღვივის რაღაც, არ ჩაიფერფლა,
გაუშტერებენ მონატრებულ, ძვირფას სახეებს,
კედლის საათის გუგულსა და გულგრილ ციფერბლატს.
და ამ ჰაერში დღისით ცხოვრობს შიშისმაგვარი
ფიქრი, ღამით რომ შეუცვლელი არის მორიგე,
ვიღაც კითხულობს ავგუსტინეს და ორიგენეს,
სახარება კი რა თქმა უნდა სულში ბინადრობს,
უთვალავ სულში და სულები სხეულს იცვეთენ,
რომ მერე უკან დაბრუნება აღარ ინატრონ.
ჩვენ, თქვენ, ისინი - ყველა ერთად და სხვადასხვაგან
ვეძებთ იმავეს, იმავდროს და თითქოს სხვადასხვას
და ყოველ დილით დილა იწყებს სისხლის გადასხმას
და თქვენს ფიქრებში გამაგრებას იმავ საფუძვლის,
რაზეც იდექით და მოგბეზრდათ, გადაიღალეთ
და დრო თავს იქცევს თქვენი კითხვით და გადაფურცვლით
და მაინც მარტი და მოხუცთა თავშესაფრიდან
მზერა ფანჯრების და წარსული, როგორც საგზალი -
დღიდან დღეში და წლიდან წელში გამოზოგილი
და მოლოდინი, მოლოდინი ფიქრში ნამგზავრი…
იქ ხომ ყოველთვის გაშლილია შენი ლოგინი,
მარტის ბუჩქებთან, გუბეები თვალს რომ ახელენ,
როცა კაშკაშებს შენს თვალებში მზის ჰალოგენი
და უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს.
და თქვენ ივსებით მიმდინარე წუთში გაჩენილ
სუნთქვის სიხშირით და ყოველ წუთს, როგორც საჩუქარს
ისე მიითვლით და თუ მზემაც ამოაშუქა,
მიგავიწყდებათ ძველ ტუმბოზე წამლის შუშები,
უმზეო ღამეს წვეწვეთობით რომ გინათებდნენ
და უსმენთ სუნთქვის დაბადებას და ისუსებით.
რეკვიემი
თედოს
ბაღი, შავ-თეთრი პეიზაჟი,
სადაც თვალით გავაღწევ ზოგჯერ
და ვაშლის ხესთან ჩერდება მზერა.
იქ, განისვენებ, ჩემო ძმობილო,
მაგრამ დღესაც თანამგზავრი ხარ
ამ სიცოცხლეში და ხანდახან
ხელსაც მიწვდი, რომ არ დავეცე
და ვგრძნობ შენს მხარსაც სიარულისას
და მივდივართ ასე მხარდამხარ,
იქითკენ, იქით...
შენ პოეტი და ხევისბერი იყავ ბუნებით
და ჩემს თვალწინ დალიე სული.
იქ, დიდუბეში, მეცხრე სართულზე,
სამოთახიან ბინაში კვნესა
ახლაც გაისმის ღამის ჰაერში
ყრუდ და წყვეტილად,
ჩემამდე აღწევს და მერამდენედ წამოვედე
ჩემს ხსოვნაში ჩარჩენილ ეკლებს,
თითქოსდა იმის შესახსენებლად,
რომ ცოცხალი ვარ
და მერამდენედ მაღვიძებენ შუაღამისას
ხმები, ხსოვნიდან ამოღწეული
ან რა სარკმელებს აღარ მიხსნიან,
რომ გავიხედო იქიკენ, იქით...
ბაღი, შავ-თეთრი პეიზაჟი,
სადაც ეზოსთან კარსმომდგარი
ტყის დუმილიც წუთიერია
თეთრი არაგვის შხუილის ფონზე.
ტრიპტიქი
1. დღე მეხუთე
ვეღარ იხსენებ ძილ-ღვიძილის შავ-თეთრ ფრაგმენტებს,
თვალს რომ გაახელ და ფანჯრები გაიცრიცება,
შეაჩვევ მზერას და თვალების გალიცლიცება
იწყება შუქით და მორიგი დილა თავიდან
სინათლის ამბავს მოგიყვება, როგორც პირვანდელ
ვერსიას, სადაც არაფერი არ გამოცვლილა
და არც საერთო გააჩნია წყვეტილ ძილებთან
და არც კი იცი, აქ ვინ იყო, ანდა თუ იყო,
სიზმარ-ცხადიდან, ვინც დილისკენ მიგაცილებდა
და შეგატოვა დღის ჟრიამულს და დროს ცვალებადს
და მოზარდის ხმას, რომ დაეძებს გუმბათს დისკანტით,
ფანჯრის რაფაზე მოკაკუნე ჩიტის ნისკარტი
სიცოცხლის ხმაა და ყველაფერს აღემატება
უბრალოებით, საზრდოს ძებნის უშუალობით,
რომ იმეორებს მეხუთე დღეს შავი შაშვია,
როცა სამყაროს დაბადებას ჰყვება გალობით.
და დრო, რომელიც მიდი-მოდის, მხოლოდ თაობებს
იცვლის და მიდის და ეს წლებიც მიდი-მოდიან,
მეხსიერებით და ცვალებად მიდამოთია,
რასაც შენ ხედავ, იმეორებ, კიდეც აგრძელებ,
შენ უკვე იყავ და შენს მერე ისევ იქნები,
როგორც ეს მდელო, ეს მდინარე, მაგრამ ვერასდროს
თავს ვერ შეიქცევ საკუთარი თავის მიგნებით.
როცა შვილიშვილს გააღვიძებ მესამეკლასელს
და რიდით ეტყვი, რომ სკოლაში აგვიანდება,
გრძნობ, ვერ ივიწყებ შენს ადრინდელ აკვიატებას
და სკოლისაკენ მიმავალ ბავშვს მზერით აცილებ
და შენს წინაპრებს, შენს შვილიშვილს, შენც, რა თქმა უნდა,
ჯერ კიდევ სადღაც მიმავალი დრო გინაწილებთ.
2. მორიგი დილა
შენ რა იცოდი თუ ეს ღამეც გათენდებოდა
დაცხავებული წყვეტილ ძილით, უძველეს ურვით,
მალავდი, სადმე ბალახივით ამოსვლის სურვილს,
როცა ტკივილმა გაირბინა მკერდში ელდებად,
მაგრამ გათენდა, უშენოდაც გათენდებოდა
და გაგიხარდა შენთან ერთად , რომ გაგრძელდება
ეს დღე მორიგი. წამოდგები და გაიხედავ
შენი ფანჯრიდან იქით, როგორც სხვები ისევე,
ლიბრიან თვალებს უშრეტელი მზით რომ ივსებენ
და მერამდენედ წარმოიდგენ - შენი დობილიც
ზის ფანჯარასთან და იმავე ზეცას აჰყურებს
ფანჯრის რაფაზე შიშველმკლავაბჩამოყრდნობილი.
და მშენებარე გარეუბნის ამწეებიდან
პირველი ჩრდილი რომ ეცემა ღამის მიწაყრილს,
შემოგესმება, სადღაც ჩიტი ისე იძახის,
როგორც შენ გულში იმეორებ სიტყვებს პირვანდელს
მემილიარდედ და პირველი სუთქვის სიხშირით
უახლოვდები ვისაც სული შენი მიანდე.
იდუღებ ჩაის, იორთქლება ფანჯრის მინები,
ახლა, აქ, წერაც შეიძლება. სტვენს ჩაიდანი,
ვალიდოლივით სიტყვას, ენის ქვეშ რომ ჩაიდნე,
ერთი მონასმით მიახატავ მინას დაორთქლილს,
რადგანაც აზრი აღარა აქვს გახმოვანებას
და არაფერი შეიცვლება მისი ამოთქმით.
3. დილით, ყავის სმის დროს
ერთფეროვნების ყოველდღიურ მორიგეობით
თვითკმაყოფილი სიფათები გამოლენჩების,
მოჩვენებითი რიტუალის გამო ეჩვევი
ფინჯან ყავასთან შეყოვნებას და სიგარეტის
კვამლში ჩაძირვას და იმ წარსულს, თვალს რომ უშტერებ,
გადაბრწყინებულს სიხარულის ასი კარატით,
რომელსაც ისევ გადაუვლის აწმყოს ღრუბელი,
ბიჟუტერიის ბრჭყვიალება იწყებს ჩაქრობას
და გეჩვენება შენი ფიქრი ბაძავს აკრობატს, -
განა სხეულის მოქნილობით ანდა სისხარტით,
არამედ დროში მოძრაობით, ფრთებით ფრეგატის
და მუდამ საზრდოს საძებნელად გაწვდილ ნისკარტით,
რომ მოიძიოს მიმალული სიტყვის მარაგი
ან საკუთარი განცდებიდან ამოიტყუოს
წარმოსახული რეალობა, უხმოს ვირტუოზს,
შენს მოძრაობებს უნებლიე ფიქრს რომ აყოლებს,
უკვირს და ხელსაც ასავსავებს, რადგან სიტყვები
გექცა იმ ქვებად, შენს გარშემო რომ ააყორე
და ზიხარ შენში, მიტოვებულ ლანდის ავტორი,
სიცარიელე ცხოვრობს შენში, როგორც ყალიბი
და ფიქრში წასვლა ერთადერთი არის ალიბი,
რომ აქ არ ცხოვრობ და ხანდახან ტოვებ საკუთარ
თავსაც და ფურცელს მიუყვები მელნის სიტყვებით,
წარსულ დროში რომ გამოჰყავდა კალამს სამკუთხას
და მეორდები, მეორდები და დღევანდლამდე
აღწევ ცალკეულ ბგერებად და ასო-ნიშნებად
და გრძნობ, თანდათან თვალები რომ ამოგიშრება -
აგეხილება ეს სიტყვები ნატვრიანები,
ყოველი ფსონი ბოლო არი და ეს რულეტიც
თავისთვის ბრუნავს უთვალავჯერ ნატრიალები.
ლამინაცია
შენ მას იცნობდი უნახავად, ვიდრე შემთხვევით
აღმოაჩენდი და გულისთვალს რომ შეავლებდი,
ის ივსებოდა შუქით, როგორც აღმოსავლეთი
და გაგიკვირდა რომ გახსოვდა. ვერსად ნახავდი,
მაგრამ ის მუდამ შენში იყო დასაბამიდან,
კაჟში რომ ცეცხლი არსებობს და ხეში ქაღალდი.
და ძარღვებიდან დაბადების ჰიმნი გუგუნით
გთხოვდა გაღწევას, გადინებას და გზის გაგნებას
იქითკენ, სადაც მოლოდინი წაიგრაგნება
და შეგუბებეულ სიმყუდროვეს არღვევს აპრილი,
აქ, ვიღაც არის უხილავი, მაგრამ ნაცნობი
და მის სინათლეს ელოდები ბნელი ძაბრივით.
შენ მას იცნობდი უნახავად და არც იცნობდი
და უხილავი ნაცნობისკენ ახლაც მიცურავ,
და ამ ცურვაში ჟამი თითქმის ამოიწურა,
გახშირდა სუნთქვა, არ სჩვევია გამინორება
დღეებს, თვალწინ რომ ილევიან, და სინანული
ისევ აგრძელებს თვალის ცრემლით ლამინირებას.
ექოს ექო
ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის…
ქებათა-ქება
ორი თიკანი მყავდა,
თეთრი, ტყუპი თიკანი,
ისევ სავსეა ჩემი პეშვები
მათი ალერსით ნათივთიკარი.
ვაზი რომ ყვავის,
მისი ფშვინვით სუნთქავს ჰაერი,
ფეთქავს სურნელი
ნატვრისაგან განუკურნელი.
მათ დაეძებენ დაკარგულებს ხელისგულები,
პეშვები ჩემი, გული ჩემი
და თვალები ზმანებებით შენისლულები.
ვინ წაიყვანა, ვინ წამგვარა ორი თიკანი,
ტყუპი თიკანი,
ახლა ვინ მწყემსავს, ვაჭარი თუ პოლიტიკანი.
ვიფიქრე - წავალ და მოვივლი ქალაქის ქუჩებს
და მოედნებსაც, მოვძებნი-მეთქი,
ვეძებე და ვერსად ვიპოვე,
სად დამეკარგა სვეტი კვამლისა უდაბნოდან ამომავალი?!
ვერ ვხედავ, მაგრამ მისით ვარსებობ
და მე კი არა, მისი სუნთქვით სუნთქავს ჰაერი…
არის წარსული, ვერ გაღობავ ვერც მესერით
და ვერც ცხაურით,
და მოლოდინით ავსებული ვარ საწყაული,
ზოგჯერ ღამესაც წამოვცდები,
როგორც ექო გაელვებულ დღესასწაულის.
ორი თიკანი მყავდა
თეთრი, ტყუპი თიკანი
ზოგჯერ ცმუკავდნენ, შემცქეროდნენ, როგორც ბალღები,
თრობით, სურნელით ვერ სჯობნიდნენ ენოთეკანი,
წათამაშებით ერთობოდნენ და გალაღებით,
ვინ იფიქრებდა, რომ წამგვრიდნენ და მომტაცებდნენ
და იქცეოდა სიზმრად ჩვენი იალაღები.
ორი თიკანი მყავდა,
თეთრი, ტყუპი თიკანი.
სიხარულის მეწყვილე
დღეს იმდენი თაიგული მომართვეს,
ასე მგონია, დაბადების დღეზე კი არა,
მგონი, საკუთარ დაკრძალვაზე ვარ.
ყვავილებს მუდამ თან სდევს ხრწნის სუნი
და სურნელითაც რაღაც საერო აქვს სიკვდილთან,
ალბათ, როგორც ფესვებს მიწასთან.
სიხარული მწუხარების მეწყვილეა
და ხელიხელჩაკიდებულნი ეხეტებიან.
.
და აი, ჩემი დაბადების დღე,
ასე მგონია, რომ საკუთარ დაკრძალვის დღეს ვესწრები ახლა
და სიხარულიც ისეთივეა,
როგორც ყვავილი, მოწყვეტის მერე
ლარნაკში ყოფნა რომ მიუსაჯეს,
უცხო თვალის გასახარებლად.
და ამიტომაც მეშინია ყველა წალკოტის.
ბაღის თავდასხმის მოგერიება ისე მიჭირს,
როგორც რა გითხრათ?!
როგორც ბრძოლა გაუგებარ შეგრძნებებთან,
რომ არც კი ვიცი რა მოვუხერხო.
აღსავსეა დღეს ჰაერი აგრესიულ სურნელებით
და აქტიურ მშვენიერებით
და იმდენად დამთრგუნველია,
რომ სმის სურვილი ბუნებრივად მიჩნდება ახლა,
რომ ალკოჰოლურ თრობით შევცვალო
სურნელით თრობა.
…ტიტები ჰაერს მპარავენო…,
ასე წერდა ერთი პოეტი და მესმის მისი,
რა ძნელია ნებისმიერი აგრესია;
თუნდაც ოთახის ყვავილები,
ყურადღებას რომ თხოულობენ მოურიდებლად
და ზოგჯერ სათქმელ სიტყვებშიც კი ჩაგვეჭრებიან
და ცდილობენ წარმოაჩინონ თავი
ჩვენი საუბრების თანაავტორად.
ფრთის გაშლა და დაკეცვაა წუთის სიცოცხლე,
ის ყვავილებზე კი არ დაფრენს
რაიმე ნექტრის შესაგროვებლად,
არამედ ჩვენში, ჩვენს ხრიოკებში,
და მხურვალე უდაბნოებში,
სადაც იშლება შორისდებული ხმოვნის სივრცეში
და გაილევა მოუწყვეტლად და ქვიშა იშრობს.
რახანია სიტყვებში ვცხოვრობ
და ყოველი სიტყვის ასაკი
ჩემს წლოვანებას უტოლდება
და მითხარით რა აზრი აქვს
დაბადების დღის პომპეზურობას,
ცინიკურ ღიმილს რომ იწვევს და
სიბრალულსაც აღძრავს რატომღაც.
ველის შროშნებთან მინდა წასვლა
და გაშოტვა შუა მინდორზე,
სადაც ბალახს ზეცა ეხება ულურჯესი
და ცხვარს აძოვებს იოაკიმი
და ეშურება შინ, ანასთან დასაბრუნებლად,
იქითკენ, სადაც დაფნის ბუჩქი
ფოთლებში მალავს მგალობელ ჩიტებს
და ჰაერიც ანგელოზთა სიახლოვეს შეჩვეულია.
იქ მინდა ახლა, არა ამ მაძღარ მაგიდასთან
და ყვავილების სურნელებით დამღრჩვალ ოთახში,
საიდანაც ჩვენი ხრწნის სუნმაც შემოაღწია.
კვირაძალი
აპოლონ ადონიას ხსოვნას
ხუთწუთიანი ჩვენი შეხვედრა
საკვირაო წირვის შემდეგ
აპოკრიფულ წერილს ჰგავდა
თავისი ტექსტით.
ეკლესიიდან შინმიმავალს მხვდებოდა ხოლმე
მიწისქვეშა გადასასვლელში
რვეულებსა და ათას წვრილმანს ყიდდა
და ისიც გადასაყვან სურათივით ფერმკრთალი იყო
და გადაყვანის მომლოდინე…
ყოველდღიურად მონაგები გროშებით იგი
უსინათლო შვილს ინახავდა და სულდგმულობდა.
ერთხელაც გაქრა.
ახლა საბრალოს
მიწის ღამე თვითონ ინახავს.
მიწისქვეშა გადასასვლელში დგას უპატრონოდ
მისი მაგიდა და კენტი სკამი
შეჭედილი გამოჩორკნილ ფიცრებისაგან.
ისიც თითქოს სადღაც აქვეა
და თუ არ არის იგულისხმება,
როგორც ავტორი ამ ნატურმორტის,
ვიდრე ვინმე მოიპარავდეს
და ლექსების ორიოდ წიგნის,
არავინ რომ არ მოიპარავს
და უსინათლო ქალიშვილმა ზეპირად იცის,
მამის სიტყვებს სინათლე მოაქვს.
შიშის გამხელა
ვერ ააჩქარებ, ის მაინც წავა,
თან შენთან ერთად ისე წავა, რომ ვერც გაიგებ
და უცაბედად გაიხედავს ოთახი გარეთ
მობეზრებული დახშულობიდან
და შეჩვეული კალაპოტიდან გადმოდინდები,
რომ შეაღწიო ყველგან, ყველა ჭუჭრუტანაში
და ნემსის ყუნწშიც გაიარო
და თვითონ იყო იმ ჭრილობის ამომკემსავი,
რომელმაც ენა ამოიდგა და დღე და ღამე
შემაძრწუნებლად გეჩურჩულება:
……………………………………
ვერ ააჩქარებ, ის მაინც წავა,
თან შენთან ერთად იცვლის სამოსელს,
სამწუხაროა, ვერ ისალოსე
და საკუთარი ფიქრის გამხელა გაკრთობს კი არა,
გზარავს კიდეც და ამიტომაც გულში იმარხავ
და თვალს არიდებ უცნობის თვალებს,
და ერთმანეთს რომ იმეორებს - ამ ორ სარკესაც,
ის კი ქადაგებს და სიჩუმეს ძალა არ შესწევს
ძველი ჭრილობის ამოსაკემსად.
ძეგლთან
პუშკინის ქუჩაზე ფაშფაშა ქალები,
იუწყებიან რომ - ოქროს იბარებენ,
თავს ოქროდ ასაღებ და იცი მიწა ხარ,
ის მიწა, ახლა რომ გაზონში იბარება.
თავს ვერ შეატყუებ, არ ჩაგიბარებენ,
ეს შენი სახეა თუნუქის გეორგინა.
ჩემი ოქრო კი ოქროს მხედარია,
ჩემი ოქროსფერი გიორგელა.
საქართველოს ბანკთან ჰყვავიან ცაცხვები,
ცაცხვებმა რა იციან სად არ იყვავილონ,
მახსოვს მეგობრის მწარე შეხუმრება,
წლები მომავალში გამორიყავენო
გვამებს, ჩამალულებს დარდის მორევებში
რომ წამოედება ხსოვნის ბადეები,
შენ კვდები თანდათან, ასევე თანდათან,
ვერც იგრძნობ დღე-ღამეს ისე გადაები,
რომ გიჭირს წასვლა წარსულის გასათიბად,
არ გინდა ქუჩიდან გამოცალკევება,
ნაცნობი დეკოლტე - ჩიხი პირობითი
და მშიერ თვალების გამოსარკევებას
უკვირს, რომ ქალები ოქროს იბარებენ,
მხედარი მიხვდება თვალის გაპარებით,
რომ ეიმედება ასლების სიმრავლე
და თან ეშინია ჯართში ჩაბარების.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment