დღეს ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა... ეს ამბავი აქ, ბლოგში გავიგე და უცებ – ერთ წამში – გავღარიბდი. რაზე არ ვცადე ფიქრი, მაგრამ ისევ და ისევ მასთან ვბრუნდებოდი – ამ უაღრესად ღრმა და მარტოსულ კაცთან. ვბრუნდებოდი მის ტკივილთან, მის აზრებთნ და მისი ბოლო ინტერვიუს ბოლო ფრაზასთან: „როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ყოველთვის გვახსოვდეს - წინ მარადისობაა!“
თან მერიდება ჩემი დღევანდელი გრძნობების და ფიქრების აღწერა, თან არც სხვა რამეზე შემიძლია აზრების თავმოყრა. უბრალოდ, არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამდენად ინდივიდუალურიც იყოს და ამდენად საზოგადოებრივიც; ამდენად გულდახურულიც და ამდენად გულგახსნილიც; ამდენად უცხოც და ამდენად ჩემიანიც...
მთელი დღის განმავლობაში ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მეხმიანებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა. და ყველა, ვინც დღეს ბატონ ოთარს ახსენებდა, იმ საქართველოს ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს.
დილიდან პირველ რიგში გამახსენდა ბატონი ოთარის მიერ ნათქვამი ერთი ფრაზა, რომელმაც წაკითხვისთანავე შემძრა: ვიდრე საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, სულ თავისუფლებაზე ვოცნებობდით და როდესაც გავთავისუფლდით, პირველი, რასაც ზურგი ვაქციეთ, სწორედ თავისუფლება იყოო...
ეს რომ გამახსენდა, მერე ფიქრი იქით გამექცა, რომ, მართლაც, ვინც როგორ შევძელით, ისე ვაქციეთ ზურგი: ზოგმა თავისუფლება მაშინვე ამ ქვეყნიდან გასაქცევად გამოიყენა, ზოგმა – ახალი პატრონის მოსაძებნად ჩვენი საერთო სამშობლოსთვის, ზოგმა ეკლესიას შეაფარა თავი და ზოგიც იმისტი და ამისტი გახდა.
დღეს რომ თავისუფალ საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი ტყუილი და უსამართლობა; ჩვენი თავისუფლება რომ ჩვენივე პასუხისმგებლობის წყარო კი არ გახდა, არამედ – ჩვენი უპასუხისმგებლობის; ისინიც, ვინც ქვეყანას მართავს და ჩვენც, ვინც ამ პროცესს შორიდან ვუყურებთ, ერთდროულად რომ ვართ თავისუფლები ჩვენს უპასუხისმგებლობაში – ესეც, ჩემი ხედვით, ბატონი ოთარის ჩუმი და მუდმივი ტკივილის ნაწილი იყო, რომელიც ხანდახან საჯარო სივრცეშიც გამოიკვლევდა ხოლმე გზას. და იმდენად ბუნებრივი იყო მისი ტკივილი, რომ დიდხანს-დიდხანს მეც მიმყვებოდა ფიქრად და ტკივილად.
ამ განცდებმა დღის ბოლოს რატომღაც სულხან-საბა ორბელიანის ერთი არაკი გამახსენა, „თავტაფიანები“ ჰქვია. ექიმი ყვება, მეფემ ერთი შემცოდე კაცისთვის თავის მოკვეთა ბრძანაო; მეც იქვე ვიყავ, კაცს თავი რომ წარკვეთეს, მყისვე წამალი შევაგებე, „ყიაში ჩავასხი და ყელზე ტაფა დავაკარო“. „აღარ მოკვდა კაცი იგი და თავის ნაცვლად ტაფა ება. სიკვდილამდე სამი-ოთხი შვილი ეყოლა და თავი არც ერთს არ ება და წვრილი ტაფები ებნეს თავთა ნაცვლად“ – ასე სრულდება არაკი.
დღეს პირველად ვიფიქრე, რომ გათავისუფლებული საქართველო, ძირითადად, თავტაფიანების სამშობლო გახდა. ვინც არ შეეგუა „ისტობას“, ვინც თავი არ მოიჭრა და მის ნაცვლად ტაფა არ დაიდგა, – ამ ადამიანების ნაწილი, უბრალოდ, განაწყენდა თავის სამშობლოზე, გაიბუტა და თავისუფლებას იმით აქცია ზურგი, რომ საქართველო პატარა ბელადებს, „ისტებს“ და თავტაფიანებს დაუტოვა, თავად კი სხვების თავისუფალ სამშობლოს შეაფარა თავი. ამაზეც წერდა ბატონი ოთარი, ამაზე განსაკუთრებულად წუხდა.
მაგრამ დღევანდელ დღეს სულ არ უხდება სხვებზე გაბრაზება, სხვების დამუნათება. დღევანდელ დღეს უხდება საკუთარ თავში ჩაყურყუმალავება და თუ რამ საყრდენია აღმოსაჩენი, საკუთარ თავში მისი ძიება.
დღის ბოლოს ვიფიქრე, რომ ჩემი საყრდენი, მგონი, დიდი ხნის წინ მაქვს მოძებნილი. ეს საყრდენი იმ სამყაროდან გადმომყვა, რომელიც გარედან უძრავ-დახავსებული და შეუხედავი იყო, შიგნიდან კი თავისუფლების და შემოქმედების ძლიერი მუხტით მიზიდავდა. ეს იყო ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ანა კალანდაძის, გურამ დოჩანაშვილის, რეზო ინანიშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, აკაკი ბაქრაძის, თამაზ ჩხენკელის, ნოდარ დუმბაძის, ჯემალ აჯიაშვილის და სხვათა – მათ შორის, ჩემიც – საქართველო. ამ საქართველოს მკვიდრ ბინადრად რომ მიმაჩნია თავი, იმიტომ მიჩნდება პერიოდულად განცდა, რომ მე ვღარიბდები, მაგრამ იმიტომაც მუდმივად დამყვება განცდა, რომ თავად საგანძური მარადიული და ხელშეუვალია.
უკვე გვიან ღამით, ბლოგის წერისას, ბატონი ოთარის წიგნი გადმოვიღე და ერთი ლექსი წავიკითხე, რომელიც, რაც თავი მახსოვს, ჩემად მეგულება. „გამოთხოვება“ ჰქვია და დღეიდან კიდევ სულ სხვანაირად ძვირფასია ჩემთვის: თურმე, წლების განმავლობაში, ბატონი ოთარი თვითონ მამზადებდა დღევანდელი დღისთვის:
„რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
– მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით –
მიყვარხარ!“
© რადიო "თავისუფლება"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment