Friday, October 16, 2009

ახალი წიგნები – 2008 – სექტემბერი

“The Spies of Warsaw “
Alan Furst
“ვარშავის ჯაშუში”
ალან ფურსტი
276გვ Weidenfeld & Nicolson


ალან ფურსტის ისტორიულ-ჯაშუშურ რომანებს, რომელთაგანაც “ვარშავის ჯაშუში” რიგით მეათეა, ბევრი საერთო მახასიათებელი აქვთ. მისი მთავარი გმირები - იქნებიან ესენი უნგრელი დიპლომატები, ჰოლანდიელი გემის კაპიტნები თუ ემიგრანტი რუსი მწერალები - ჩათრეულნი არიან ევროპის მიწისქვეშა სამყაროში პატრიოტიზმის, სოციალური სტატუსის ან უფრო ხშირად იმის გამო, რომ სხვა არჩევანი აღარ აქვთ. “ვარშავის ჯაჯშუშის” მთავარი გმირი - მერსიერიც ერთ-ერთი მათგანია. ფურსტი გვიამბობს მის თავგადასავალს და თანაც გვიჩვენებს ევროპას, სადაც ყველასთან და ყველგან შეიძლება მივიდეს ბოროტება და სიბნელე, და ერთადერთი ნათელი, რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს მას, სიყვარულია.


“A Romance on Three Legs: Glenn Gould's Obsessive Quest for the Perfect Piano”
Katie Hafner
“რომანსი სამ ფეხზე: გლენ გულდის აკვიატება იდეალური პიანინოსათვის”
კატი ჰაფნერი
272 გვ. Bloomsbury


კლასიკური მუსიკის მოყვარულებისათვის კატი ჰაფნერის ახალი ბიოგრაფიული წიგნი ნამდვილი სიურპიზია - კანადელი მუსიკოსის, გლენ გულდის მიერ საკონცერტო პიანინოს ძიების პროცესის დეტალური აღწერა აერთიანებს წინა საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტისა და მისივე კლავიშიანი ინსტრუმენტის ისტორიას, რომელზეც გულდი თავისი საუკეთესო ჩანაწერების შესრულებისას უკრავდა. აქვე ჰანფერი გვიყვება მუსიკოსის ცხოვრების სხვა დეტალებზეც - როგორ დადიოდა იგი ზამთრის ტანსაცმლით ზაფხულის ცხელ დღეებში, უთითებო ხელთათმანებს დაკვრის დროსაც არ იშორებდა და ბაქტერიების გამო მანიაკალურად ეშინოდა ხელის ჩამორთმევის. ეს ყველაფერი ერთად კი წიგნს უბრალო ავტობიოგრაფიაზე მაღლა აყენებს.

“Die letzte Spur “
Charlotte Link
“უკანასკნელი კვალი”
შარლოტა ლინკი
637გვ. Goldmann

ელაინ დოუსონს უიღბლობა ფეხდაფეხ დასდევს - მეგობრის ქორწილზე გიბრალტარში გადაფრენა ნისლის გამო გადაედო. თუმცა, იმის მაგიერ, რომ აეროპორტში შემდეგ ფრენას დალოდებოდა, უცებ დასთანხმდა უცხო ადამიანის შეთავაზებას, მის ბინაში გაეთია ღამე. იმ დღიდან ელაინი არავის უნახავს. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ წააწყდება ჟურნალისტი დაკარგული ქალის კვალს, და წარმოდგენაც არა აქვს, რომ მის ძიებაში თვითონაც საფრთხეში იგდებს თავს. “უკანასკნელი კვალი” თანამედროვე გერმანელი მწერლის, შარლოტა ლინკის ბოლო რომანია. მწერალი 2007 წელს პრემია “Goldene Feder”-ის მფლობელი გახდა საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებისთვის.

“Lost Boys”
James Miller
“დაკარგული ბიჭები”
ჯეიმს მილერი
275გვ, Brown


რეჟისორი ჯეიმს მილერი უკვე აღიარეს “ლონდონის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად”. ამჯერად კი მისი პირველი რომანი, “დაკარგული ბიჭები” გამოვიდა, რომლის ცენტრალური პრობლემატიკა და ხედვაც შთამბეჭდავია მკითხველისათვის - წიგნი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებად, რომელიც აქამდე ერაყისა და ტერორის წინააღმდეგ ომის ფსიქოსოციალური დეფორმაციების თემას ეხება. წიგნის წაკითხვის შემდეგ კარგა ხანს აგედევნებათ ლონდონის აჩრდილი, სადაც მოწიფული, საშუალო კლასის ახალგაზრდები იმისთვის ქრებიან, რომ თავიანთი ნებით გაერთიანდნენ იდუმალ, გლობალურ და სისხლისმღვრელ ანტი-დასავლურ მოძრაობაში.

“Kafka: Die Jahre der Erkenntnis”
Reiner Stach
“კაფკა: შეცნობის წლები”
რაინერ შტახი
726 გვ. Fischer

რაინარ შტახმა უკვე არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ფრანც კაფკას ცხოვრებას და შემოქმედებას. როგორც წესი, მისი წიგნები მწერლის შესახებ კონკრეტულ პერიოდს და თემატიკას მოიცავენ ხოლმე. ამჯერადაც ახალი წიგნი - “კაფკა: შეცნობის წლები” მისი ფსიქოლოგიური დაღმასვლის, ავადმყოფობისა და წარუმატებლობის - 1916-დან 1924 წლამდე (გარდაცვალებამდე) პერიოდს მოიცავს. შტახის აზრით, სწორედ ამ მძიმე სულიერმა თუ ფიზიკურმა მდგომარეობამ შეაძლებინა კაფკას, შეეცნო სამყარო ისეთი, როგორიც შემდგომ მწერალმა თავის მკითხველებს წარმოუდგინა.

“Everything is Cinema (The Working Life of Jean-Luc Godard)”
Richard Brody
“კინო ყველაფერია (ჟან-ლუკ გოდარის შემოქმედებითი ცხოვრება)”
რიჩარდ ბროდი
701 გვ. Metropolitan Books/Henry Holt & Company


რიჩარდ ბროდის ბიოგრაფიული წიგნი ერთი გასაოცარი გარდასახვის ამბავია - ახლა უკვე მკითხველს ეცოდინება, როგორ გახდა საუკეთესო რეჟისორი – კაცი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა კინო 1959 წელს თავისი სადებიუტო ნაშრომით – ერთ-ერთი მკვეხარა სნობი. თუმცა, ეს ალბათ სულაც არ იყო ბროდის მიზანი, როდესაც იგი გოდარის ამომწურავ და ადგილ-ადგილ დამღლელ კრიტიკულ ბიოგრაფიას წერდა. წინასიტყვაობაში ავტორი აცხადებს, რომ მას კიდევ სჯერა გოდარის აქტუალობის, და რომ რეჟისორი არ ჩამოშორებია თავის საქმიანობას - ის აგრძელებს მუსაობას და კიდევ გააკვირვებს კინოს თაყვანისმცემლებს. წიგნში ჟან-ლუკ გოდარის შემოქმედების თაყვანისმცემლები ბევრს საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტს წაიკითხავენ რეჟისორის შესახებ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: