- ბატონო ოთარ, საუბრისას არაერთხელ გიხსენებიათ შიში მომავლის გამო, ობიექტური რეალობა ასაზრდოებდა ამ შიშს, მაგრამ მაინც გვქონდა უკეთესის მოლოდინიც… დღეს თუ გაქვთ უკეთესის მოლოდინი? შიში გამართლდა? მგონი, მაშინ, ნოემბრის დღეებში ამ კითხვებზე პასუხი ჩანდა თქვენს სიტყვებში, მაგრამ მას მერე დიდი დრო გავიდა. იქნებ პასუხიც შეიცვალა?
- მართალი ბრძანდებით, შიში გამართლდა. თუმცა, უკეთესის მოლოდინი მაინც შემრჩა. მომავლის შიშიც და უკეთესის მოლოდინიც უაღრესად ადამიანური გრძნობაა, მე ვიტყოდი, აუცილებელი თვისებაა სიცოცხლისა და ვიდრე ადამიანი ცოცხალია, არც მომავლის შიში გაუნელდება, არც უკეთესის მოლოდინი, მით უფრო დღევანდელ მსოფლიოში და მით უფრო ჩვენს დღეში მყოფს. მომავლის შიშს თავად მომავლის გაურკვევლობა აჩენს, ხოლო, უკეთესის მოლოდინს ჩვენი თანდასწრებითა თუ ჩვენი თანამონაწილეობით მიმდინარე ცხოვრება განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ერთიცა და მეორეც, დალხინებულზე მეტად, გაჭირვებულ ადამიანს უმძაფრდება. ასე რომ, არაფერია გასაკვირი, ერთდროულად მომავლის შიშიც მქონდეს და უკეთესის მოლოდინიც. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ კი გადაგვხდა თავს, მაგრამ ჩემთვის თითქმის არაფერი შეცვლილა: იმავე აზრისა ვარ, რა აზრისაც ჩვენი ბოლო საუბრისას ვიყავი. სხვათაშორის, ალბათ გახსოვთ, არც მაშინ არსებობდა რაიმე მყარი საფუძველი პოზიციისა და აზრის შესაცვლელად. უბრალოდ, იმდენად ძნელი წარმოსადგენია ჩვენთვის არსებულზე უარესი, ნებისმიერ მოსალოდნელ ან უკვე მომხდარ ცვლილებაში მაინცდამაინც უკეთესის დანახვას ვცდილობთ, თუმცა, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ჩვენი ბიოგრაფიის ხალხს გაცილებით მეტი სიფხიზლე და წინდახედულობა მართებს. ვხვდები რა თქვენი შეკითხვის პროვოკაციულობას, გულწრფელად ვაღიარებ, რომ უამრავი და უამრავი ჩვენი თანამემამულის მსგავსად, ვერც მე გამოვიჩინე საჭირო სიფხიზლე. იმდენად ვიყავი აღტაცებული დავითის ხუთჯვრიანი დროშით, ფალიაშვილის მუსიკაზე შემქნილი ჰიმნითა თუ ბაგრატიონთა აღდგენილი გერბით, რომ იტყვიან, ცა ქუდად არ მიმაჩნდა, დედამიწა – ქალამნად. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული. ჯერ საგანგებო კომისიისგან შერჩეული გერბის ნაცვლად, მისი იმიტაცია შეგვრჩა ხელში. ყალყზე შემდგარი ლომები და სამეფო გვირგვინი ნებისმიერ სხვა ქვეყნის გერბზეც შეიძლება გამოისახოს, ხოლო, ოქროს საწმისის, დავითის შურდულისა და ქრისტეს კვართის გამოსახვა მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ჩვენს სახელმწიფო გერბზე. «ფეოდალურ წარსულის ამსახველი» სიმბოლიკა, რაც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს ჩამორჩენილობად მიაჩნია, პატივისცემის გრძნობას თუ არა, ინტერესს აუცილებლად გაუჩენდა სხვა ხალხებს ჩვენ მიმართ. ჰერალდიკის ენა მეტად შთამბეჭდავია და მდიდარი, თუკი გესმის და იცი მისი დანიშნულება. ასე რომ, ხანმოკლე სიხარულს უკვე ლამის ცხოვრების წესად ქცეული გაურკვევლობა და დაძაბულობა მოჰყვა ისევ, გერბის გაუბრალოებას კი – ძნელად წარმოსადგენი და კიდევ უფრო ძნელად ასახსნელი შეცდომების მთელი ნაკადი, რაც მთავარია, თითქოს შეგნებულად ჩადენილი ჩვენი სულიერი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესამოწმებლად, იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი, როგორც ხალხის, რეაქცია ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ პოლიტიზებულ მოვლენასთან დაკავშირებით. მაგალითად, წინ აღვუდგებოდით დავით აღმაშენებლის ძეგლის ხელყოფას, ეროვნული მწერლობის, მეცნიერების, სპორტის, საერთო კულტურის უგულველყოფას, «სამხრეთ ოსეთის», ამ უაღრესად საბჭოური, კრემლში შეთითხნილი ცნების აღდგენას, სვანეთის აფხაზეთის გადაკეთებას ზემო აფხაზეთად, ახალი მიწების მიმატებას უკვე ისედაც დაკარგული ტერიტორიებისთვის, თუ ყურსაც არ შევიბერტყავდით (როგორც მოხდა კიდეც) და კვლავაც მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო, დროგამოშვებით, ავუმხედრდებოდით ხელისუფლებას, რაც მონობაში შეძენილი ბედოვლათობის კიდევ ერთი გამოვლენაა და მეტი არაფერი. მოკლედ, ნოემბრის შემდეგ ბევრი რამ შეგვეშალა, მაგრამ (და ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია), ჩადენილი შეცდომების გამოსწორებას კი არ ვცდილობთ, ახლებს ვამატებთ. ასე კი, ჩემი აზრით, იმ უბრალო მიზეზის გამო ვიქცევით. ჯერ ისიც რომ ვერ გაგვირკვევია ვერც მწერლებს და ვერც თქვენ, ჟურნალისტებს, ეს შეცდომები მართლა შეცდომებია, ანუ მართლა ჩვენი უმწიფარობის, უვიცობისა და უწვრთნელობის შედეგია, თუ შეგნებული, წინასწარ დაგეგმილ-დამუშავებული პროექტის მეთოდური, თანამიმდევრული განხორციელება დროსა და სივრცეში. ყოველშემთხვევაში, ნამდვილად არსებობს ამგვარი ეჭვის საფუძველი, მით უფრო მწერლისთვის, რადგან მწერალმა თვითონაც არ იცის, რეალობაა მისთვის მთავარი, თუ წარმოდგენილი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მისთვის არაფერია წარმოუდგენელი და, ამავე დროს, ყველაფერი დასაშვებია, რისი წარმოდგენაც შეიძლება. და მაინც, ამ ბოლო დროს, ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩვენში, რისი წარმოდგენაც კი დაუშვებლად მიმაჩნია, თუკი არ გავითვალისწინებთ ზემოთ უკვე ნახსენებ ბედოვლათობას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ დავით აღმაშენებლის ძეგლის გატანას ქალაქიდან, რამდენადაც, დავით აღმაშენებლის ძეგლი ყველა ნორმალური ქართველისთვის (და არაქართველისთვისაც), უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ერთიანობისა და პოლიტიკური კურსის ვიზუალური განსახიერებაა, ყოველწამიერი შეხსენებაა ყველა ჩვენგანისთვის ჩვენი მეობისა, ჩვენი ამქვეყნიური დანიშნულებისა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა ამჯერად ვერ გამოიჩინა მისთვის დამახასიათებელი გონიერება, ვერ აუღო ალღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ერთხელ კიდევ დაისაჯა, ჩვენში რომ ვთქვათ, სამართლიანად, რადგან არც უკითხავს, რა ხდება, რატომ ხდებაო, როცა მის დიდებულ მეფეს, უკანონოდ შემოპარულ მიგრანტივით, უბოდიშოდ აძევებდნენ საკუთარ სატახტო ქალაქიდან. ასევე არ შეშფოთებულა, როცა პარლამენტმა ერთხელ უკვე მისგანვე გაუქმებული «სამხრეთ ოსეთი» აღადგინა, რაც პოლიტიკურ ენაზე უცხო სახელმწიფოს არსებობის აღიარებაა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე. ასევე არ შეშფოთებულა, როცა სვანეთის აფხაზეთს, სადაც ქართველის გარდა, არასოდეს უცხოვრია სხვა ეთნოსის წარმომადგენელს, ზემო აფხაზეთს არქმევდნენ, რაც იგივე «სამხრეთ ოსეთობას» ნიშნავს და იმათ სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია, ვისაც ამჟამად ეკუთვნის აფხაზეთი. ძნელი სათქმელია, რატომ მოხდა ასე. ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობა უჩლუნგდება, ბიოლოგიურ სიცოცხლეს, მართალია, აგრძელებს, მაგრამ კი არ მრავლდება, სხვა ხალხებში ითქვიფება, ილექება… საკუთარს კი არ ქმნის, სხვათა შექმნილს იმეორებს, ხოლო სხვა კულტურის მექანიკური გამეორება ერის თვითმკვლელობას ნიშნავს და, ბუნებრივია, აღარ არის საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის. იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არ მივსულვართ აქამდე, მაგრამ შეიძლება მალე მივიდეთ, თუკი არც ამჯერად მოვეგებით გონს, არც ამჯერად ამოვიღებთ ხმას, არც ამჯერად გამოვიღებთ ხელს, თუნდაც განათლებისა და კულტურის სამინისტროების მიერ გამოტანილი და ქვეყნისთვის აშკარად არასახარბიელო გადაწყვეტილებათა წინააღმდეგ. მე მგონი, მთლად დალაგებულად ვერ ვპასუხობ თქვენს შეკითხვას, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, განა უკეთესის მოლოდინი არ მალაპარაკებს ამდენს?! დიახ, ერთხელ კიდევ ვადასტურებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შემრჩა უკეთესის მოლოდინი. ქართული ფენომენი იმდენად უნიკალურია, მისი გაქრობა, მხოლოდ და მხოლოდ, ვიღაცის ნება-სურვილით, ვინც არ უნდა იყოს ის ვიღაცა, რასაკვირველია, გარდა უფლისა, ყოვლად შეუძლებელია. ყოვლად დაუშვებელიც. ასე რომ არ მწამდეს, მაშინ ხომ არც ჩვენი დღევანდელი საუბარი შედგებოდა…
- ბევრი პრობლემა გვაქვს. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ამოგარჩევინოთ, რომელს დამისახელებთ?
- პრობლემა ნამდვილად ბევრი გვაქვს – ამას ვერც დავმალავთ, ვერც მივაფუჩეჩებთ – მაგრამ ჩვენთვის, ჯერჯერობით, მთავარი პრობლემა მაინც ფიზიკური გადარჩენაა. ვიდრე არსებობს (სამწუხაროდ, არსებობს) ჩვენი, როგორც ხალხის გაქრობის საფრთხე, ნებისმიერ სხვა პრობლემაზე მსჯელობა, მეტი რომ არ ვთქვათ, თავის მოტყუებაა, სიმართლისთვის თვალის არიდებაა, უფრო მეტიც, ბრძოლის ველიდან გაქცევაა და გავრბივართ კიდეც – არც ამის დამალვა დაგვაყრის ხეირს – სოკოებივით მრავლდება საზღვარგარეთ ქართული სათვისტომოები, რაც ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ხალხისთვის უაღრესად სახიფათო მოვლენაა. რასაკვირველია, უმიზეზოდ არავინ მიდის, მაგრამ მიზეზს, პრობლემისა არ იყოს, რა გამოლევს, თუკი საზოგადოზე მაღლა პირადულს დავაყენებთ, ანუ, ქვეყნის კი არა, თავის გადარჩენაზე ვიფიქრებთ მხოლოდ. ყველა მიზეზი საპატიოა შინიდან წასასვლელად, როცა შინ ყველა იმედი ამოწურულია. უფრო მეტიც, სიბრიყვეც და სილაჩრეც ერთგვარი ალიბის მნიშვნელობას იძენს და პასუხისმგებლობის გრძნობიდან განთავისუფლებს თუნდაც მხოლოდ საკუთარ თვალში. «დალაგდება ქვეყანა და ჩამოვალ» – ამ პირობით ტოვებს უმრავლესობა აქაურობას, მაგრამ იმას კი აღარ ამბობენ, ვინ დაალაგებს აქაურობას მათ მაგივრად. შეიძლება, ცოტას ვაზვიადებ, ზედმეტად მკაცრად ვლაპარაკობ საკუთარ სისხლსა და ხორცზე, მაგრამ როგორც გული მიგრძნობს, წასულთა გარკვეულ ნაწილს სწორედ აქაურობა ადარდებს ყველაზე ნაკლებად, შეიძლება, აღარც დაბრუნდეს შინ, სამუდამოდ აიცრუოს გული სამშობლოზე, რომელმაც, თავის დროზე, ვერ დაიცვა, ვერ დააპურა, რადგან თავად აღმოჩნდა მშიერი და დაუცველი. ამიტომ, თუკი ვინმეზეა გაბრაზებული, აქაურობაზე, «პატარა სამშობლოზე» და არა ზოგადად რუსეთის იმპერიასა თუ საბჭოთა კავშირზე, ეგრეთ წოდებულ «დიდ სამშობლოზე», სადაც არათუ პოლიტიკური, საყოფაცხოვრებო პრობლემებიც ნაკლებად ეხებოდა, უფრო ნათლად რომ ვთქვათ, სხვა ფიქრობდა მის მაგივრად, მას კი, ავად თუ კარგად, გარანტირებული ჰქონდა «პური და სანახაობა». მაგრამ როგორც კი განთავისუფლდა თავის «პატარა სამშობლოიანად», იმას, ნამდვილსა და ერთადერთს არ მიხედა, ფეხზე კი არ წამოაყენა მონობით წამხდარი და დაუძლურებული, რაც წმიდათა წმიდა მოვალეობაა ყველა ნორმალური ადამიანისა, არამედ გაებუტა, ზურგი შეაქცია, გაექცა და… გადარჩა, ოღონდ, იმიტომ კი არა, იქ რომ მეტი იშოვა, ვიდრე აქ იშოვიდა, უბრალოდ, იმას დაყაბულდა იქ, რასაც აქ არავითარ შემთხვევაში არ დაყაბულდებოდა, თუნდაც, მონური პატივმოყვარეობისა და კუდაბზიკობის გამო. «პერესტროიკის» მესვეურებს, რასაკვირველია, ესეც წინასწარ ჰქონდათ გათვალისწინებული, რაც, უპირველეს ყოვლისა, მათი იმპერიული შორსმჭვრეტელობის აშკარა დადასტურებაა და გამართლებაც – იდეოლოგიური საზარელი წნეხის მეშვეობით ცდილობდნენ ჩვენი ფსიქიკის შეცვლასა და გადაგვარებას. და, ეტყობა, გარკვეული თვალსაზრისით, მაინც შეძლეს, რადგან, უნდა ვაღიაროთ, ჯერ კიდევ ბევრ ჩვენიანს უჭირს საუკუნოვანი მონობის ტკბილად აქოთებული ლოგინის მიტოვება და დღემდე სჯერა ორი სამშობლოსი და ორი მშობლიური ენის არსებობის შესაძლებლობა. ასე რომ, როგორც არ უნდა გვეტკინოს გული, როგორც არ უნდა გვიჭირდეს ამის აღიარება, მიუხედავად ოფიციალური (ალბათ, უფრო ფიქტიური) განთავისუფლებისა, ჯერ კიდევ მონებად დავრჩით, თუნდაც, გააზატებულ მონებად. გარკვეული შეზღუდვები თითქოს მოგვეხსნა, მაგრამ ჯერ არ ჩამოყალიბებულა და არც შეიძლებოდა ასე უცებ ჩამოყალიბებულიყო ჩვენში პიროვნება, რომელმაც იცის, როდის როგორ მოიქცეს, რა სჯობს, არა მარტო პირადად მისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. აგვისტოს დღეებში – ალბათ თქვენც მიაქციეთ ყურადღება, როგორც ჟურნალისტმა – ერთ-ერთი ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ტელევიზიის მეშვეობით, შემოგვითვალეს, თუ საჭირო შეიქნა, ჩამოვალთო. მადლობის მეტი რა გვეთქმის აქ დარჩენილებს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუკი საერთოდ საჭიროა ჩვენი ერთად ყოფნა, სწორედ დღესაა საჭირო. მე მეგონა, ეს ყველამ, წასულმაც და დარჩენილმაც, ერთნაირად ვიცოდით. დღეს ერთხელ კიდევ წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ისევე, როგორც გასული საუკუნის ოციან წლებში წყდებოდა, მაგრამ მაშინ იმდენ ხალხსაც ვერ მოვუყარეთ თავი, კრწანისში სანგრები რომ შეგვევსო. დღეს კი სანგრები არც გაგვითხრია, რადგან ჯერ ისიც ვერ გავარკვიეთ, სად უფრო საჭირონი ვართ, შინ (თუნდაც სანგრების შესავსებად), თუ უცხოეთში (თუნდაც უკეთესი ეკონომიური პირობების შესაქმნელად). მონა იმდენადაა მიჩვეული სხვების (პატრონის) მეთვალყურეობით ცხოვრებას, ძალაუნებურად უჩლუნგდება დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, რაც თავისთავად ანთავისუფლებს პასუხისმგებლობის გრძნობისგან. სამაგიეროდ, ზედმეტად უმძაფრდება აკრძალულის, მისთვის ხელმიუწვდენელის განცდისა და დაუფლების მოურეველი სურვილი და განთავისუფლებისთანავე, ამ სურვილის დაკმაყოფილებას ცდილობს, ნებისმიერი გზით და საშუალებით, და გაუცნობიერებლად, პირველ რიგში, სწორედ თავისუფლებას უპირისპირდება. ციხე შიგნიდან ტყდებაო. ადამიანი შიგნიდან თავისუფლდება და საამისოდ აჯანყება, ომი და რევოლუცია საკმარისი არ არის. ეს გაცილებით რთული და ხანგრძლივი პროცესია. მართალია, ამ ეტაპზე, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, თავისუფლებისთვის აშკარად მოუმზადებლები აღმოვჩნდით, მაგრამ გადარჩენა თუ გვინდა, ისევ ქართველებად თუ ვაპირებთ დარჩენას და მართლა ქართული სახელმწიფოს შექმნას ვცდილობთ, ეს პროცესი როგორმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს ერთადერთი გადამრჩენელი გზაა უდაბნოდან აღთქმულ ქვეყნამდე. მხატვრულად რომ ვთქვათ, ჩვენ ჯერ უდაბნოში დავხეტიალობთ და ასე ვიხეტიალებთ იქამდე, ვიდრე სულიან-ხორციანად არ განვიწმინდებით, არ გადავეჩვევით მონურ აზროვნებას, არ მოვიშორებთ მონობაში შეძენილ თვისებებს, არ განვთავისუფლდებით ლეგენდებისგან, ცრუ რწმენებისგან, ცრუ კერპებისგან, ცრუ იმედებისგან და, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, თვალს არ გავუსწორებთ სინამდვილეს, ყველგან და ყველაფერში არ მოვძებნით სიმართლეს… სიმართლე მწარეა, ოღონდ, წამლის სიმწარე აქვს და არა შხამისა. სიმართლე აგვიხელს თვალს, რათა დანახულმა ყველა ერთნაირად შეგვძრას, შეგვაწუხოს, შეგვაშფოთოს… ეს ყველას ერთნაირად გვეხება, მეც, თქვენც, ყველას, ვინც ჩვენს საუბარს წაიკითხავს, ან არ წაიკითხავს, სულერთია, საზოგადოების რომელ სფეროს განეკუთვნება, რა საქმიანობას მისდევს, ქალია თუ კაცია, მოზარდი თუ მოხუცი, რადგან რაც გვჭირს, ყველას ერთნაირად გვჭირს. და რაც გვჭირს, იმიტომ გვჭირს, ყველას ერთნაირად რომ გვიჭირს მშობლიურ ენაზე ლაპარაკი – ამბის მოყოლა, აზრის გადმოცემა – ლექტორსაც და სტუდენტსაც, ექიმსაც და პაციენტსაც, ვექილსაც და ტუსაღსაც, პოლიტიკოსსაც და ხელოვანსაც, პოლიციელსაც და ბოროტმოქმედსაც, სხვათაშორის, თქვენც, ჟურნალისტებს და, რაც ყველაზე სახიფათოა, გლეხსაც… «რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო» – გვაფრთხილებდნენ ჭეშმარიტი გულშემატკივრები და აჰა, წავხდით და დავეცით! ამის ბრალია, უვიცობის, უგემოვნობის, უზნეობის დღემდე არნახული აღზევება. ამის ბრალია, სუროგატის მომრავლება კულტურის ნებისმიერ სფეროში. ამის ბრალია შინააშლილობა, გაუთავებელი დაპირისპირებები, ანგარიშსწორება, ღირსეულთა დაკნინება და უღირსთა განდიდება. ამის ბრალია, საკუთარის უარყოფა და უცხოურის გაფეტიშება. ერთმა საკმაოდ ცნობილმა ქართველმა, უფრო სწორად, წარმოშობით ქართველმა ხელოვანმა, მცხეთის ჯვრის მონასტრის ფონზე (ადგილობრივი ტელევიზია ლაქიური მოკრძალებით აფიქსირებდა «ოქროს ფონდისთვის» მსოფლიოს მოქალაქის მორიგ ვოიაჟს ყოფილ სამშობლოში), თავის მცირეწლოვან შვილებს (რასაკვირველია, ტელემაყურებელთა გასაგონად), ქართული გულითადობითა თუ ამერიკული პრაგმატულობით უთხრა:L თუ გინდათ, კარგი ამერიკელები გაიზარდოთ, ფესვები არ დაკარგოთ, იცოდეთ, საიდან მოდიხართო. კეთილი და პატიოსანი. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. და საერთოდ, ვისი რა საქმეა, რას ურჩევს საკუთარ შვილებს მამა, ვინც არ უნდა იყოს ის, ცნობილი ხელოვანი თუ ჩვეულებრივი არარაობა. სამაგიეროდ, დიახაც რომ შემაშფოთებელია ჩვენთვის, როცა მთელი ქართველი ხალხი უყურებს და უსმენს ყველაფერ ამას და არავის უჩნდება სურვილი, მორიდებულად მაინც უსაყვედუროს ტელევიზიას ამგვარი ანტიეროვნული გადაცემების სიმრავლე. ამგვარმა ტელეგადაცემებმა, თავიანთი «ობიექტურობითა» და «უშუალობით», ადვილი შესაძლებელია, დათვური სამსახური გაუწიონ ისედაც დაბნეულ ახალგაზრდას, გადაადგმევინონ არასწორი ნაბიჯი, თუკი ჩვენი ტელეწამყვანები თუ ტელეკომენტატორები როგორმე არ მოერევიან მდაბიური მაამებლობის ჟინს და საკმაოდ იაფფასიანი ქათინაურებით კი არ იარშიყებენ ღია ეთერში სახელგანთქმულ ქართველ უცხოელთან, არამედ გარკვევით აუხსნიან, განუმარტავენ ტელემაყურებელს, რა უბედურია სინამდვილეში ჩვენი ყოფილი თანამემამულე, რამხელა ცოდვას სჩადის საკუთარი შვილების წინაშე, არაფერი რომ ვთქვათ მშობელ ხალხსა და სამშობლოზე. უბედურია, ჩვენ კი ბედნიერად გამოგვყავს. რატომ? გვეშლება თუ უკვე ამდენსაც ვეღარ ვხვდებით? აი, ეს უნდა გავარკვიოთ მე და თქვენ, უპირველეს ყოვლისა, და მერე ვისაუბროთ სხვა მტკივნეულ პრობლემებზე, რომელთა არსებობაც ისევე გამართლებულია, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი თუ ცხოვრებისეული მოვლენისა. პირობას გაძლევთ, პრობლემები არ დაგველევა, ვიდრე ვიცოცხლებთ, ვიდრე ვიცხოვრებთ, ვიდრე გონი შეგვრჩება და, რაც მთავარია, ვიდრე ბრძოლის თავი და სურვილი გვექნება…
- ბატონო ოთარ, ცხადია, აგვისტოს ომის საშინელი დღეების შემდეგ უმძიმესი განცდა დაგრჩათ… საერთოდ თუ იცოდით, რომ მდგომარეობა ომამდე მივიდოდა, როგორ ცხოვრობთ ახლა – ომის შემდგომ შემაძრწუნებელ «მშვიდობიან» პერიოდში, როცა წინ საქართველოს ყელგამოღადრული და გულგამოღადრული რუკა გვიდევს?
- დიახ, ვიცოდი. ოღონდ, «მდგომარეობა კი არ მივიდა ომამდე», როგორც თქვენ ამბობთ, უბრალოდ, ერთხელ კიდევ გამოაშკარავდა, გამომჟღავნდა, ყველასთვის თვალნათელი გახდა ეს გამოუცხადებელი მცოცავი ომი, შეიძლება, დაუდევრობის, წინდაუხედაობის, ანდა მოუთმენლობის გამო. შეიძლება, შეგნებულადაც. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თავიდანვე ისე წარიმართა, უომრად ყოვლად წარმოუდგენელია ჩვენი თანაარსებობა. განა გასული საუკუნის ჯერ ოციან და მერე ორმოცდაათიან წლებშიც «ომამდე არ მივიდა მდგომარეობა?!» საერთოდ, ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება. თქვენ შეიძლება არ მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ ამ მარადიული ომის აგვისტოს ეპიზოდამდე ერთხელ კიდევ გაისმა, ახლა უკვე რუსეთის სახელმწიფო დუმაში, «პერესტროიკის» დროს მოსკოვის ქუჩებსა და მოედნებზე «მოულოდნელად» გაჩენილი და ჩვენთვის მეტად ყურადსაღები, მრავლისმთქმელი მოწოდება: «გაუმარჯოს საქართველოს უქართველებოდ!» ქართველებს ყურადღება არ მიუქცევიათ ამ მოწოდებისთვის-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მაშინ მათი რეაქცია აშკარად არაადეკვატური (დღეს ფრიად მიღებული გამოთქმაა პოლიტიკოსებს შორის) აღმოჩნდა – არნახულად მოიმატა საქართველოდან რუსეთში გახიზნულთა რიცხვმა. თუმცა ადეკვატურობით არც ამჯერად გამოირჩეოდა ჩვენი რეაქცია. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ნამდვილად არ ვიყავით ომისთვის მზად, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, თითქოს ხათრი ვერ გავუტეხეთ საუკუნოვან მტერს და ავყევით, ალბათ უკვე ძვალ-რბილში გამჯდარი, უკვე გენეტიკური შიშის გამოც. შიში შეიქმს სიყვარულსა, სიყვარული კი ბრმაა. ამიტომ, შეცდომებზე ნუღარ ვილაპარაკებთ, შეცდომის შეხსენება ბრალდების წაყენებასავითაა, რაც, ჩვენში რომ ვთქვათ, სითამამეზე მეტად, სითავხედე იქნებოდა ჩემი მხრიდან. მწერალი ბრალმდებელი არ არის და, რაც მთავარია, მის ნებისმიერ მოსაზრებას თვითუარყოფის, თვითგაბათილების უნარი გააჩნია, რაკი, მხოლოდ და მხოლოდ, წარმოსახვის, ეჭვის, განწყობის, სიტუაციის, ასოციაციის, სულაც ფანტაზიის ნაყოფია და არა მეცნიერული, თუნდაც კრიმინალური კვლევა-ძიებისა. მაგრამ საკუთარი მოსაზრების დამალვაც ისეთივე ბოროტება იქნებოდა მწერლისგან, როგორც დაუსაბუთებელი ბრალდების წაყენება ვინმესთვის. რასაკვირველია, არც რჩევა უნდა დაამადლო ვინმეს, მაგრამ თქვენ რომ მეკითხებით, როგორ ვიცხოვროთო, ნამდვილად ვერ ვიქნები კარგი მრჩეველი. ან რა უნდა გირჩიოთ, როცა მხოლოდ ის ვიცი, ასე ცხოვრება რომ არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება, გავიზიაროთ ის რჩევები, ბოლო დროს რომ გვთავაზობენ ტელეეკრანებიდან, რაც ჩვენი ეროვნული შეგნების დაქვეითებისა და დასუსტების, ანუ ჩვენი, როგორც კულტურული ხალხის პოლიტიკური სიკვდილის მომასწავებელია უფრო, ვიდრე ჩვენი სიჭკვიანისა და სამართლიანობისა. პუშკინისა და ტოლსტოის ქუჩებს კი არ უნდა გადავარქვათ სახელი, რის შემდეგაც კულტურული ხალხი უმალ უკულტურო ბრბოდ გადავიქცევით მთელი მსოფლიოს თვალში, არამედ ყველანაირად ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ჩვენს სულებში საუკუნეთა მანძილზე ჩალექილი მონობის შლამი, დავიბრუნოთ ჭეშმარიტი სახე, ჭეშმარიტი ბუნება და აღვიდგინოთ ისტორიული მახსოვრობა. ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ან თავისუფლების შესანარჩუნებლად, ან თავისუფლების კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად ვიბრძვით, ხოლო ისტორიული მახსოვრობის გარეშე, შეიძლება, საერთოდ ავიღოთ ბრძოლაზე ხელი, რაც იგივე სიკვდილი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვიდრე ვიბრძვით, იქამდე ვართ ანგარიშგასაწევი ხალხი მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, სამასწლოვან ომში რომ ვართ ჩათრეულნი და აგვისტოს ომი მხოლოდ ეპიზოდია ამ ომისა. ომი, რომელსაც ჩვენ «ორდღიანი» დავარქვით, პეტრე პირველის დაწყებულია. ჩვენმა მწიგნობარმა მეფემ, ვახტანგ მეექვსემ, სიტყვაზე დაუჯერა პეტრეს, ერთად ავლაგმოთ სპარსეთიო და ბოლოს მარტო აღმოჩნდა გააფთრებული სპარსული ლომის პირისპირ, რის გამოც არათუ სამშობლოში ცხოვრება, სამშობლოში დამარხვაც აღარ ეღირსა. ასე რომ, ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და, როგორც უკვე ვთქვით, ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება, რუსეთი შეიცვლის ზნეს თუ ჩვენ ავილაგმებით პირისაგან მიწისა. რაც აგვისტოში მოხდა, მხოლოდ ორდღიანი მონაკვეთია სამასწლიანი ომისა და ამით არც არაფერი დაწყებულა, არც არაფერი დამთავრებულა. საერთოდ, ერეკლედან მოყოლებული (ერეკლემ ორჯერ მიიღო ამ ომში მონაწილეობა, ერთხელ აწყურთან, მეორეჯერ კრწანისში), საქართველოს არცერთ ხელისუფლებას, ფიქტიურსაც და ფაქტიურსაც, არაფერი უცდია სიტუაციის შესაცვლელად. შეიძლება, შეგნებულადაც იქცეოდნენ ასე, უფრო სავალალო შედეგების შიშით. თუმცა, ჩვენთვის შედეგი ყოველთვის ერთნაირად სავალალოა, როგორც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლების მიერ დაშვებული ყველა შეცდომა. შეცდომებზე აღარ ვილაპარაკებ-მეთქი, წეღან ვთქვი, მაგრამ კიდევ ერთს ვიტყვი მხოლოდ: გასული საუკუნის ოციან წლებში, ამჯერადაც კრწანისში, მეთერთმეტე არმიის მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ, მთავარსარდლობამ კატეგორიულად აუკრძალა ქართველ ჯარს კონტრიერიშზე გადასვლა, როცა, სამხედრო ექსპერტების აზრით, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ საქართველოს სასარგებლოდ გადაეწყვიტა ომის ბედი ამ კონტრშეტევას. აი, ასეთი უცნაური დამთხვევებითაა სავსე ჩვენი გაჭიანურებული ომი, თუკი მეტი გულისყურით გაეცნობით, როგორც უკვე ისტორიულს, ასევე ჯერ კიდევ «ცხელ» ფაქტებს. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, როდემდე შეიძლება, ომისა არ იყოს, ასე უსასრულოდ ვიმეოროთ ერთი და იგივე. თქვენს შეკითხვებზე რომ ვფიქრობდი, მეგონა, ვერაფერს ვიტყოდი საერთოდ, მით უფრო ახალს, რადგან ახალი არც არაფერი მომხდარა. ამიტომ გაცილებით აჯობებდა, თქვენთვისაც ის მეთქვა მხოლოდ, რის თქმასაც თავიდან ვაპირებდი. უფრო სწორად, რაც ერთხელ უკვე ვთქვი ამ ხუთი წლის წინ. დიახ, ხუთი წლის წინაც ისევე იწვოდა ჩემთვის ჩვენი სამშობლო, როგორც დღეს იწვის. დიდი ხანია იწვის. იწვის ჩვენს თვალწინ, ჩვენს ფეხქვეშ, ჩვენს გარშემო, ჩვენს სულში! ცოტაც და, კვამლით გავიგუდებით ყველანი, სამარცხვინოდ დავამთავრებთ, ღმერთმა იცის, ამდენ საუკუნოვან არსებობას. ღმერთსაც გავუწბილებთ მოლოდინს და კაცსაც, რადგან ღმერთიც მეტს ელოდა ჩვენგან და კაციც. უფრო სწორად, არც ღმერთს დაუკლია ჩვენთვის ხელი და არც კაცს. მაგრამ, იმის ნაცვლად, კიდევ უფრო ჯიუტად, კიდევ უფრო მტკიცედ დავმდგარიყავით სამზეოზე, თანდათან რული მოგვერია და ისიც ვერ გავიგეთ, ვინ ან როდის შეგვიცვალა მხედრის ულუფა მონის სალაფავით… და აი, მას შემდეგ გვეწვის ფეხქვეშ სამშობლო. ჩვენ კი, მოურჩენელი სიბნელის ბინადარნი, ერთმანეთს ვუსისხლიანებთ თავ-პირს და ერთმანეთზე ვიყრით ჯავრს საერთო უმწეობისა და უმაქნისობის გამო. ანუ, შეგინებულ სიცოცხლეს ვებღაუჭებით მაინც, წყალობად ვუთვლით შემგინებელს და გახსენებაც აღარ გვინდა, სახელოვანი სიკვდილი რომ სჯობს ნაძრახ სიცოცხლეს… აღარ გვჯერა, სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცის საფლავიც რომ აუღებელი ციხესიმაგრეა მტრისთვის… არადა, თუ ჩვენს სამშობლოს მართლა დაღუპვა უწერია, გვერჩიოს გულზე გვეყაროს და არა ფეხქვეშ მისი ქვები… ერთი დღეც ნუ გვეცოცხლოს უსამშობლოდ! ეს არც წყევლაა და არც ლოცვა. გნებავთ, ლოცვაც ესაა და წყევლაც ერთსა და იმავე დროს, რადგან უსამშობლობა, ყველა უბედურებასთან ერთად, სამარცხვინოცაა და განსაკუთრებით დღეს, როცა ისიც კი იკოწიწებს სამშობლოს, თანაც სხვათა მიწების ხარჯზე, ვისაც არასოდეს ჰქონია, არც სახნისი სჭერია ხელში, არც სასხლავი და არც კალამი… ჩვენ კი, «მონობაში გადიდკაცებულთა» ამაზრზენმა სიხარბემ შვილივით ნაფერები ვაზი აგვაჩეხინა, ომებში გაბასრებული ხმალი ქარქაშში ჩაგვიჟანგა, წიგნი გადაგვაგდებინა და უთვისტომო მაწანწალებად გვაქცია… ეტყობა, ჩვენმა «გაიძვერა მოყვარემ» უკვე მიაღწია საწადელს: ის აღარა ვართ, ვინც უნდა ვიყოთ, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ვიყავით, როგორიც შეგვქმნა თავიდანვე ღმერთმა თუ ბუნებამ… მაგრამ ის მაინც ხომ უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, ვისი სისხლი გვიდგას, ბოლოს და ბოლოს, ძარღვებში: «ვეფხისტყაოსნის» დამწერისა თუ ქართველთა შეთქმულების გამცემისა, სვეტიცხოვლის ამშენებლისა თუ ილიას მკვლელისა, მტრის რისხვისა თუ მტრის მსახურისა… და მაინც, დიდი უსამართლობა იქნება ღმერთისგანაც და კაცისგანაც ჩვენი გაწირვა, მხოლოდ იმიტომ, კვლავაც იქ რომ ვდგავართ, სადაც გაჩენის დღიდან ვმდგარვართ და სადაც უნდა ვიდგეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. კვლავაც ის რომ გვწამს, რაც თვალისგახელისთანავე ვიწამეთ და დღესაც სანახევროდ თითქმის უკვე დამწვარ, გულსაკლავად დამახინჯებულ-დაპატარავებულ სამშობლოს ამარა დარჩენილებსაც გვწამს: სამშობლო ერთადერთია და განუმეორებელი! მას ვერ გამოიგონებ, ვერც სურვილისამებრ აირჩევ – ღმერთის საჩუქარია – და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, გვევალება კიდეც, გავუფრთხილდეთ, არ დავკარგოთ, რაკი სიცოცხლესთან ერთად გვეძლევა და სისხლივით, სულივით გადაეცემა ჩვენს შთამომავალს… ჩვენ ამირანის გამჩენი ხალხი ვართ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ბრძოლაა, ანუ, ჩვენთვის ყველაფერი ბრძოლაა: ლხინიც, გლოვაც… ყველაფერი, რითაც საკუთარ ვინაობას ადასტურებს და საკუთარ მეობას წარმოაჩენს ადამიანი. ჩვენც სამშობლოსთან ერთად ვიწვით ცოცხლად, მარადიულ ცეცხლში, მაგრამ ფერფლივით კი არ უნდა გაგვფანტოს ქარმა, არამედ ისევ მშობლიურ ცასა და მიწას უნდა მიგვამატოს ცად და მიწად. ამიტომ, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ყოველთვის გვახსოვდეს – წინ მარადისობაა!
26 ნოემბერი, 2008
ესაუბრა ლელა ჯიყაშვილი
გაზეთი “კვირის პალიტრა”
26 ნოემბერი, 2008
ესაუბრა ლელა ჯიყაშვილი
გაზეთი “კვირის პალიტრა”
No comments:
Post a Comment