მარსიანი. კრიტიკა. რედაქტორი შოთა იათაშვილი. "კავკასიური სახლი", 2002.
ძველი, კეთილი კრიტიკა
გაგა ლომიძე
ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, სიჩუმე უნდა დარღვეულიყო - წიგნით. მართალია, ბოლო, დაახლოებით 10 წლის მანძილზე იბეჭდებოდა სხვადასხვა ავტორის არაერთი კრიტიკული წერილი, მაგრამ ერთად თავმოყრილს, გარკვეულ სისტემაში მოქცეულს თითქმის არ შევხვედრივარ. ამდენად, სასიამოვნო იყო მარსიანის (იგივე გია ბენიძის) "კრიტიკის" გამოჩენა წიგნის მაღაზიის თაროებზე. ვფიქრობ, ყველას ახსოვს ამავე სახელწოდების მქონე ჟურნალი, რომელიც უკვე კარგა ხანია აღარ გამოდის. სხვათა შორის, მარსიანის წიგნი თავისუფლად შეიძლება ჟურნალ "კრიტიკის" რუბრიკებად დაიყოს, ვთქვათ პირობითად: ქართული მწერლობა 1990-იან წლებამდე; 1990-იანი წლების ქართული მწერლობა; და პოლემიკა. რუბრიკა "პოლემიკა" თავის დროზე შესაძლოა ყველაზე პოპულარულიც კი იყო ჟურნალ "კრიტიკაში".
ჩვენ მიერ პირობითად დაყოფილ პირველ რუბრიკაში კრიტიკოსი (რომელიც ამავე დროს პოეტი და პროზაიკოსიცაა) მიმოიხილავს გურამ დოჩანაშვილის, გიორგი კორნაპელის, ოთარ ჭილაძის, ნაირა გელაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებებს. განსაკუთრებით დამაინტერესა გიორგი კორნაპელის შემოქმედების ანალიზმა, სადაც ავტორი კორნაპელს გენიოსად აღიარებს და საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებს თავის მოსაზრებებს, თუმცა ეს შეფასება, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული მეჩვენა. კორნაპელის აპოლოგიის საუკეთესო ნიმუშად შეიძლება ერთადერთი ფრაზაც მოვიტანოთ: "იყვნენ "ცისფერყანწელები" და გალაკტიონი; არიან "სამოციანელები" და გიორგი კორნაპელი".
ჩვენ მიერ პირობითად დაყოფილ მეორე ნაწილში მარსიანი მიმოიხილავს 1990-იანელების - ირაკლი კაკაბაძის, დიანა ვაჩნაძის, დავით ქართველიშვილის, ლაშა ბუღაძის, დათო ტურაშვილის, ზურა მესხის, ესმა ნოზაძის, ცირა ყურაშვილის, ბესო ხვედელიძის, მადი სერებრიაკოვას, აკა მორჩილაძის, შალვა ბაკურაძის, ირმა ტაველიძის, თინიკო ხუტურიძის, რუსუდან კაიშაურის და ზაზა ბურჭულაძის ნაწარმოებებს. აქვეა მარსიანის რეცენზია საკუთარ რომანზე "ანამაისი". ყველაზე მეტად ამ "რუბრიკამ" დამაინტერესა და რუბრიკების დაყოფის ამოსავლად ამიტომაც ავირჩიე 90-იანი წლები. ამას გარდა, საკმაოდ ხშირია ამ პერიოდის ავტორებზე აპრიორული მსჯელობა, მაგრამ კრიტიკული ანალიზი - იშვიათი. მარსიანის ამ კრიტიკული წერილებიდან გამოვარჩევდი რეცენზიებს ზურა მესხის მოთხრობაზე და მადი სერებრიაკოვასა და ბესო ხვედელიძის ერთობლივ წიგნზე (რეცენზია, რომელიც ალაგ-ალაგ რიტმული პროზითაა დაწერილი). ამ შემთხვევაში მომეწონა ავტორისეული ხედვის კუთხე (ექსტრატექსტობრივ თუ წიგნის გარეგან მხარეებზე ყურადღების გამახვილების ჩათვლით).
მარსიანი, საერთოდ, 90-იანელ პოეტებს შემოქმედებითი ინდივიდუალობის ნაკლებობას საყვედურობს; არაერთხელ აღნიშნავს, რომ მათი ნაწარმოებები "ყველას და არავის" სტილშია დაწერილი, ასე რომ გავრცელდა ბოლო პერიოდის ქართულ პოეზიაში. ინდივიდუალური სტილის საჭიროებას თითქოს ნაკლებად გრძნობენ ახალგაზრდა ავტორები, უმეტესობა ხალხური მთქმელებივით "ერთ ჰანგზე გალობს". მარსიანი გამოავლენს ბოლო პერიოდის ტენდენციას ქართულ პოეზიაში: "ტემპერამენტი თუ აღმაფრენა, ნაზი ლირიზმი, ტრაგედია თუ პათეტიკა - მოძველდა თითქოს ეს ყოველი, ცუდ ტონად იქცა და დარჩა ლექსი გაძარცული და მოწყენილი"... მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიგნებად მიმაჩნია სიტყვა, რომელსაც მარსიანი არაერთხელ იყენებს 90-იანელთა, ამ პოსტ-თაობის მისამართით. ესაა სიტყვა "პოზა", იქნება ეს ნონკონფორმისტული, დემოკრატიული თუ ანტიბურჟუაზიული, თუმცა კრიტიკოსი შორსაა სკეპტიკური დასკვნებისგან. პოზა, თავისთავად, არაგულწრფელობას გულისხმობს, რაც დამღუპველია ლიტერატურისთვის. თვით მარსიანის წერილებში ამ მხრივ საპირისპირო ვითარებაა. გულახდილობა მისი წერილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსებაა, რაც ავტორისადმი დადებითად განგაწყობს. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითონ პოეტი და კრიტიკოსი - მარსიანი, ახალგაზრდა მწერლებისადმი კეთილგანწყობილია და შედარებით ნაკლებად მხატვრული ღირებულების მქონე ტექსტებშიც ცდილობს იპოვოს დადებითი. ერთგან თავის, როგორც კრიტიკოსის ავტოპორტრეტს გვთავაზობს: "მე იმათ რიცხვს არ ვეკუთვნი, კრიტიკა რომ თვითკმარი ღირებულების მქონე დარგად მიაჩნიათ და მხატვრულ ტექსტებზე დაყრდნობით თავიანთ კრიტიკულ სისტემებს თუ სტრუქტურებს აგებენ; ფაქტიურად, ეს არის მხატვრული სამყაროს მსგავსი რეალობის შექმნის მცდელობა, ოღონდ თუ მხატვრული ლიტერატურისთვის საშენი მასალა ძირითადად ცხოვრებისეული სინამდვილეა, ამგვარი კრიტიკისთვის თვით მხატვრული ლიტერატურა იქცევა საშენ მასალად". მარსიანის წერილებში იგრძნობა მითოლოგიური კრიტიკის გავლენა, თავისი ცნებითი აპარატით (არქეტიპები და ა.შ.), რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო 1970-80-იანი წლების ქართულ კრიტიკასა თუ ლიტერატურათმცოდნეობაში. მეორე მხრივ, წიგნში ზოგჯერ დღეს გავრცელებულ, თითქმის სალიტერატურო ენაში დამკვიდრებულ ჟარგონებსაც შევხვდებით (თინეიჯერი, დაფიქსირება), რასაც ქართულ პოლიტიკურ და ჟურნალისტურ დისკურსს უნდა "ვუმადლოდეთ".
ზოგადად, კრიტიკა შუამავლის ფუნქციას ასრულებს მკითხველსა და ნაწარმოების ავტორს შორის. ნორთროპ ფრაი საუბრობს სხვადასხვა მიზეზზე, რომელთაც შეიძლება კრიტიკის იგნორირება გამოიწვიონ. ერთ-ერთი მათგანია პოპულარული კულტურა და ის მოსაზრება, რომ კრიტიკა - ხელოვნური, მეორადია, ხოლო საზოგადოებრივი გემოვნება - ბუნებრივი. ერთგან მარსიანი წერს: "დღეს მწერლები ერთეულებისთვისღა წერენ და ეს ერთეულები ისევ ინტელიგენციის რიგებშია საძიებელი", რაზეც ვერ დავეთანხმები. ვფიქრობ, დასავლეთში უკვე დიდი ხანია ავტორები, მათ შორის ცნობილი ავტორებიც, ორიენტირებულნი არიან მასობრივ მკითხველზე. ერთმნიშვნელოვნად ძნელია ითქვას, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ პროცესი, უდავოდ, ჩვენთანაც დაწყებულია. დღეს უკვე ნაკლებსავარაუდოდ მეჩვენება, რომ კრიტიკული შეფასების გამო მომხმარებელმა არ შეიძინოს თავისი საყვარელი ავტორის წიგნი, აუდიო/ვიდეო კასეტა თუ კომპაქტ-დისკი. ამიერიდან, ალბათ, კრიტიკა თანდათან სახეს შეიცვლის. საფიქრებელია, რომ ამ საკითხშიც კომერციული ინტერესები იქნება განმსაზღვრელი (როგორ გაიხარებდა "კაპიტალის" ავტორი, დღეს რომ ეცხოვრა!), ანუ პროდუქცია მასების გემოვნების შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მარსიანის "კრიტიკა" სკივრში შენახული ნივთივით მოგვაგონებს "იმ ძველ, კეთილ დროებას". პირიქით, სანამ მწერლები (და ზოგადად, შემოქმედნი) იარსებებენ, მანამ ყოველთვის აქტუალური იქნება თუ უშუალოდ მკითხველის არა, მწერლის გემოვნების დახვეწა მაინც, რაც საბოლოოდ ისევ მკითხველის სასარგებლოდ იმოქმედებს.
© “წიგნები – 24 საათი”

No comments:
Post a Comment