Showing posts with label = რეცენზია (თარგმანი) =. Show all posts
Showing posts with label = რეცენზია (თარგმანი) =. Show all posts

Sunday, March 28, 2010

ჰარუკი მურაკამის "Dance, Dance, Dance"


ჰერბერტ მიტგენგი
ეს ამერიკაა თუ იაპონია?
ჰარუკი მურაკამის "Dance, Dance, Dance"


ყველაზე პოპულარული იაპონელი რომანისტის, ჰარუკი მურაკამის შემოქმედება გამსჭვალულია აღმოსავლური მეტაფიზიკით. მეორე მხრივ, მასში დასავლური რიტმებიც ხმიანობს. მწერლის ლაკონიური, ამერიკული ლიტერატურის ზეგავლენით აღბეჭდილი სტილი თითქოს საგანგებოდ უპირისპირდება იაპონური ლიტერატურული ტრადიციების ერთგული რომანისტების, მაგალითად, კობო აბეს, იუკიო მიშიმას ან იასუნარი კავაბატას (ნობელის პრემიის ერთადერთი იაპონელი ლაურეატის) მხატვრულ მანერას. უფრო ზუსტად, ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებებში აირეკლა რეიმონდ ჩანდლერის, ჯონ ირვინგისა და რეიმონდ კარვერის ქმნილებათა ზოგიერთი სტილური ნიშან-თვისება, მაგრამ იდუმალებით აღსავსე სიუჟეტები და ორიგინალური გმირები ამ თვითმყოფადი მწერლის დამოუკიდებელი შემოქმედებითი ძალისხმევის ნაყოფს წარმოადგენს.
""Dance, Dance, Dance" მურაკამის უკანასკნელი და ყველაზე შთამბეჭდავი რომანია. ჩვეულებრივ, მისი გმირები გამუდმებით სადღაც მიისწრაფიან. მკითხველი ავტორთან ერთად მოგზაურობს იაპონიიდან ჰავაის კუნძულებზე, შემდეგ კი კვლავ იაპონიაში ბრუნდება. ნაწარმოების მთავარი გმირია 34 წლის ჟურნალისტი, რომელსაც მუდმივი სამსახური არ გააჩნია. ის თავს არ იტკივებს მატერიალურ საჭიროებებზე ფიქრით და ყოველთვის მზადაა ახალი თავგადასავლებისთვის.
მოგზაურობისას ჟურნალისტი ხვდება სხვადასხვა ტიპის ქალებს: საოცნებო, მომხიბვლელ ქალიშვილებს, მეძავებს და, ბოლოს, 13 წლის თავდაჯერებულ გოგონას, სახელად – იუკის. მარჯვე და ენაკვიმატი იუკი ხშირად ჩრდილავს კიდეც რომანის ცენტრალურ პერსონაჟს. ქცევით ის ელოიზას წააგავს, აზროვნებით კი – უტიფარ ლოლიტას. ჰარუკი მურაკამის, როგორც გამოცდილი მწერლის ოსტატობა იმაშიც გამოიხატება, რომ მისი რომანების ("ნადირობა გარეულ ცხვრებზე", "ნორვეგიული ტყე", "საოცრებათა ულმობელი ქვეყანა და სამყაროს დასასრული") პერსონაჟი ქალები მიმზიდველობითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევიან.
"Dance, Dance, Dance"-ს უსახელო გმირი, რომელმაც მძაფრი სულიერი კრიზისი განიცადა განქორწინებასთან დაკავშირებით, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, დეპრესიული და ნიჰილისტურად განწყობილი პიროვნებაა. შემთხვევითი გასამრჯელოს მოსაპოვებლად ის უმნიშვნელო თემებზე მდარე სტატიების გამოქვეყნებასაც კი არ თაკილობს და თვითონვე დასცინის თავის ნაწერებს: "თელილი გზა. ხომ გაგიგონიათ? ფართო შარა".
რომანის გმირი კიცხავს გიგანტურ იაპონურ ფირმებს, რომლებიც ნთქავენ პატარა კომპანიებს. ის აკრიტიკებს ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას. "განვითარებულმა კაპიტალიზმმა გადააბიჯა თავის საზღვრებს", ამბობს ჟურნალისტი. "შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური საქმიანობა იქცა რელიგიურ ქმედებად. ახალი მისტიციზმი. ადამიანები ეთაყვანებიან კაპიტალს, მუხლს იყრიან სიმდიდრის წინაშე, აღმერთებენ ყველაფერს, რაც სიმბოლიზებულია სიმდიდრეში. ესაა ერთადერთი მითი, რომელიც შემორჩათ ადამიანებს". საერთოდ, მურაკამის რომანები საკმაოდ აპოლიტიკურია, მაგრამ ამჯერად მისი გმირის შენიშვნები 1980-იანი წლების კაპიტალიზმის შესახებ სავსებით დამაჯერებელია.
ჟურნალისტი ცდილობს, იპოვოს ახალგაზრდა ქალი, რომელთან ერთადაც ის ოდესღაც ცხოვრობდა საპოროს ძველ, მაგრამ მყუდრო Hotel Dolphin-ში. ქალი გაქრა. ამასთან, იგივე დაემართა სასტუმროს. მის ადგილას ახლა წამოჭიმულია ვეება ცათამბჯენი, რომლის წინ ფრიალებენ სხვადასხვა სახელმწიფოთა დროშები. Hotel Dolphin-ის ნაცვლად ამ ახალ შენობას პრეტენზიული სახელწოდება – I` Hotel Dolphin – დაერქვა.
ნაწარმოებში გვხვდება მეცხვარე, რომელიც მურაკამის სხვა რომანის ("ნადირობა გარეულ ცხვრებზე") პერსონაჟიცაა. ვინაა ის? რას აკეთებს მეცხვარე Dolphin-ის ბნელ დერეფნებში (რომლებსაც ადამიანი მიაგნებს, თუ თითს დააჭერს ლიფტის შესაბამის ღილაკს)? რატომ ხდება, რომ ის დაუბრკოლებლად აღწევს Dolphin-ის კედლებში? მეცხვარე შეიძლება გავიაზროთ, როგორც, მაგალითად, აჩრდილი; სინდისი; ბრძენი ბერიკაცი; ფანტასტიკური გამონაგონი, სიკეთის სიმბოლო ჩვენს უხამს სამყაროში... ან, იქნებ, ყველა მათგანი ერთად. ვინც არ უნდა იყოს მეცხვარე, ის მხოლოდ ერთ ფილოსოფიურ რჩევას სთავაზობს ჟურნალისტს: "იცეკვე. იმდენ ხანს იცეკვე, სანამ მუსიკა გაისმის".
გაოგნებული მკითხველი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს: "Dance, Dance, Dance" იქცევა მკვლელობის მისტერიად – ჟურნალისტის რამდენიმე ნაცნობი უკვალოდ ქრება. ამავე დროს, რომანში ცენტრალური ადგილი განეკუთვნება სიყვარულის წარმავლობის თემას: ლამაზყურებიანი სატრფოს ადგილს იკავებს ლამაზსათვალიანი ქალი.
ყველაზე მიმზიდველ გმირად მიმაჩნია 13 წლის ბრძენი გოგონა იუკი. ჟურნალისტი მას მფარველობს, რადგან იუკის მშობლები საკუთარი სასიყვარულო თავგადასავლებით და სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი. იუკი სინანულით საუბრობს დედამისის გარდაცვლილი ამერიკელი საყვარლის შესახებ, რომელსაც მან ერთხელ "ყეყეჩი" უწოდა, და შენიშნავს: "უგერგილო ადამიანი პერანგზე დაჩნეულ ლაქას წააგავს – მისი მოშორება ძნელი საქმეა".
რომანი გაჯერებულია ამერიკანიზმებით. გარდა ამისა, წიგნში მოხსენიებული არიან ტრუმენ კაპოტე, ქაუნთ ბეისი, ქეით ჰარინგი, დართ ვეიდერი, კლინტ ისტვუდი, უოლტ დისნეი, ჯერი მალიგენი და ჯოდი ფოსტერი. ჟურნალისტი ძველ სუბარუში უსმენს ხოლმე როკს და თან ჯეკ ლონდონის ბიოგრაფიას კითხულობს.
მურაკამის რომანების თაყვანისმცემელი და მთარგმნელი ალფრედ ბირნბაუმი ინარჩუნებს ავტორისეულ სტილს და გაბედულად გადმოაქვს ინგლისურ ტექსტში ავტორის მიერ მრავალჯერ მოხსენიებული ამერიკული მუსიკალური ნაწარმოებების, წიგნებისა და ფილმების სახელწოდებები. შესაძლოა, ის ზედმეტად ხშირად მიმართავს ჟარგონს. მაგალითად, ჟურნალისტი ამბობს: "დილას რაღაც-რაღაცები ვიყიდე კინოკუნიას ხოშიან სუპერმარკეტში".
საინტერესოა, როგორ თარგმნიდით "ხოშიანს" იაპონურ ენაზე?

The New York Times Book Review
1994, 3 იანვარი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”


"ლედი ჩატერლის საყვარელი" – უხამსი თუ ზნეობრივი


უხამსი თუ ზნეობრივი
სასამართლოს მიერ "ლედი ჩატერლის საყვარლის" მიმართ გამოტანილი ვერდიქტი



სასამართლოს ვერდიქტი დ.ჰ. ლორენსის გახმაურებული რომანის მიმართ საღი განსჯის გამოხატულებას წარმოადგენს. ეს სასიამოვნოცაა და მოულოდნელიც.
რა თქმა უნდა, ზუსტად ვერასოდეს დავადგენთ, რას ფიქრობდნენ მსაჯულები. ალბათ, მათ გაითვალისწინეს ორი მოტივი: ჯერ ერთი, წიგნი სულაც არაა უხამსი, მაგრამ, ასეც რომ იყოს, მისი ლიტერატურული (და არა მარტო ლიტერატურული) ღირსებები სრულიად ამართლებდა "ლედი ჩატერლის საყვარლის" გამოქვეყნებას.
როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, მსაჯულებს შეეძლოთ, ყურადღება არ მიექციათ სასამართლოს მიერ "ლიტერატურის, კულტურის, სოციოლოგიისა და ეთიკის უმნიშვნელოვანესი საკითხების" განხილვისთვის და უშუალოდ შეემოწმებინათ, უხამსია თუ არა ლორენსის ქმნილება. ისინი, ალბათ, გააკვირვა დაცვის ექსპერტთა წინააღმდეგობრივმა არგუმენტებმა (რომლებიც მოსამართლემ შემაჯამებელ სიტყვაში მოიხსენია). ამასთან, შესაძლოა, ისინი კიდევ უფრო გააოცა ბრალდების საფუძველმა, კერძოდ, იმან, რომ წიგნი, ვითომდა, ხოტბას ასხამს უზნეობას, და რომ მასში სექსუალურ სცენებს ენაცვლება სრულიად უმნიშვნელო, მდარე ლიტერატურული მასალა.
ფიზიკურ სიყვარულს რომანში არსებითი როლი განეკუთვნება. ეს მისი მთავარი თემაა, თუმცა, ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, აგრეთვე, მიდლენდის მოსახლეთა მერკანტილური ინტერესებით გამსჭვალული ცხოვრების სიცარიელისა და სიმახინჯის თემასაც. ფიზიკური სიყვარულის თემა გულისხმობს სექსუალური აქტების დეტალურ აღწერას. სწორედ ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა წიგნის გარშემო. ამასთან, რომანის მიზანს წარმოადგენს სიყვარულის განმათავისუფლებელი უნარის გამოაშკარავება და მგრძნობელობის ღირებულების ხაზგასმა.
დ. ჰ. ლორენსის აზრით, სისასტიკე და უსულგულობა გამორიცხავს სრულფასოვანსა და ჰარმონიულ ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის. მელორსი გულთბილი და კეთილი ადამიანია, ხოლო მისი ძლიერი ვნებები მისივე "სიჯანსაღის" გამოვლინებას წარმოადგენს. სწორედ ამ თვისებების წყალობით იპყრობს ის ლედი ჩატერლის გულს.
მოსამართლის შეკითხვაზე, შეიმჩნევა თუ არა "სიკეთის ნაპერწკალი" წიგნში, დადებითი პასუხი გაიცა. ქალ-ვაჟი თავდაპირველად დააახლოვა მელორსის თანაგრძნობამ ლედი ჩატერლის უბედურებისადმი.
ითვლება, რომ მელორსისა და ლედი ჩატერლის ურთიერთობა ამორალური ხასიათისაა. ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთი დამცველის (განსაკუთრებით, ანგლიკანური ეკლესიის ოთხი მღვდლის, რომლებიც გაბედულად მივიდნენ სასამართლოში ჩვენებათა მისაცემად) არგუმენტები დამაჯერებლობით არ გამოირჩეოდა. უნდა ითქვას, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩატერლის ოჯახი უკვე ნგრევის პირას იყო მისული. ცოლი ამაოდ ცდილობდა, შეენარჩუნებინა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება პარალიზებულ და ნახევრად შეშლილ ქმართან; გარდა ამისა, სულიერად გატეხილი და ფიზიკურად დაუძლურებული ლედი ჩატერლი მელორსის სიყვარულმა ხალისიან, სიცოცხლით სავსე არსებად აქცია; მესამეც, ქალ-ვაჟის ერთგული სიყვარული ერთმანეთის მიმართ გულისხმობს (სასამართლო ბრალდების საპირისპიროდ), რომ მომავალში ისინი მტკიცე ოჯახს შექმნიან; და, ბოლოს, ერთ-ერთი მღვდლისა არ იყოს, ეს რომანია და არა – ტრაქტატი, რომანები კი ცხოვრების რეალურ ფაქტებს ასახავენ.

ინგლისურიდან თარგმნა ზურაბ მანიამ

© “წიგნები – 24 საათი”

Tuesday, March 9, 2010

გამომშვიდობება ყველაფერთან?


ერნესტ ჰემინგუეის "მშვიდობით, იარაღო" იმდენად უზადო ნაწარმოებია, რომ ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ, შეიქმნება თუ არა ამავე თემისადმი მიძღვნილი სხვა მსგავსი რომანი?
დასაწყისში ავტორი აღწერს იტალიური არმიის მოხალისის, ლეიტენანტ ჰენრის გატაცებას გორიციის ჰოსპიტლის ინგლისელი ექთნით, ქეთრინ ბერკლით. ეს გატაცება მალე ჭეშმარიტ სიყვარულად იქცევა.
ქალაქ პლავასთან ჰენრი მუხლში დაიჭრება. საველე ჰოსპიტლიდან მას მილანის ინგლისურ ჰოსპიტალში აგზავნიან. აქ ვითარდება ლეიტენანტისა და ქეთრინ ბერკლის სასიყვარულო ურთიერთობა.
ფრონტისა და საავადმყოფოების აღწერა, საუბრები ოფიცრებთან, რიგით ჯარისკაცებთან და ექიმებთან ბუნებრივი და დამაჯერებელია, თუმცა ახალგაზრდა გმირი, ალბათ, ზედმეტად შორსმჭვრეტელი და გამოცდილია. ქეთრინის (რომელიც, შეიძლებოდა, "ფიესტას" გმირი ქალის და ყოფილიყო) სახე უფრო სრულყოფილია. მასში ხორცშესხმულია მარადიული ქალური საწყისი.
მილანის ჰოსპიტალში შეყვარებულთა გრძნობები ძალზე მძაფრდება. ნაწარმოები არნახულ სიღრმეს აღწევს, როდესაც მეტ-ნაკლებად განკურნებული ჰენრი ბრუნდება იზონცოს ფრონტზე. სწორედ ეს ფრონტი გაარღვია გერმანელთა არმიამ კაპორეტოსთან.
წიგნის მესამე ნაწილის ბოლო ორმოცდაათ გვერდზე ასახულია იტალიის არმიის დახევა. ძირითადი მაგისტრალები გადაჭედილია ტრანსპორტით. ჰენრის ავტომანქანები ტალახში ჩაეფლობა და ლეიტენანტი, სამ მძღოლთან ერთად, მათ გზის პირას ტოვებს. ჰემინგუეი ხაზგასმით აღნიშნავს, როგორ სძულთ იტალიელ ჯარისკაცებს ომი. შთამბეჭდავია საველე ჟანდარმერიის მიერ დეზერტირობაში ეჭვმიტანილი უფროსი ოფიცრების დახვრეტის სურათი – ესაა ოსტატურად დაწერილი გვერდები.
ლეიტენანტი მდინარეში გადახტება, რათა მასაც დეზერტირი ოფიცრების ბედი არ ეწიოს. შემდეგ ის სატვირთო ვაგონით ჩადის მილანში. ჰენრი აქ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოეწყობა და სტრეზაში ხვდება ქეთრინს. შეყვარებულები შვეიცარიაში მიემგზავრებიან. ამასთან, იტალიისადმი მიძღვნილი სცენები უფრო საინტერესოა, ვიდრე – ჰენრისა და ქეთრინის შვეიცარიაში ცხოვრების ეპიზოდები, მაგრამ მწერალს არასოდეს ღალატობს შეუცდომელი მხატვრული ალღო.
ჰემინგუეის ქმნილებაში ომის აღწერა ისევე გასაოცრად შთამბეჭდავია, როგორც – ქალ-ვაჟის სიყვარულის ისტორია. შემოქმედის უტყუარი ინსტინქტით მწერალი ურთიერთს უკავშირებს ომით გამოწვეულ საზარელ სისხლისღვრასა და, მეორე მხრივ, ქეთრინის აგონიასა და სიკვდილს.
აქ ის აღწევს ტრაგიკული განზოგადების უმაღლეს დონეს, რადგან ქეთრინის სიკვდილი ემატება მილიონობით ადამიანის სიკვდილს ფრონტზე. ბოლო გვერდებზე, შესაძლოა, ზედმეტად ხაზგასმულია ჰენრის მიერ გარემომცველი რეალობის დეტალური და, ერთი შეხედვით, გულცივი აღქმა, თუმცა მნიშვნელოვანი ემოციური დაძაბულობის დროს მატერიალური ფაქტები მართლაც განკერძოებული ფენომენების სახით წარმოგვიდგება. როგორღაც გვეჩოთირება გმირის სულიერი სიმტკიცეც, მაგრამ ავტორი, საბოლოო ანგარიშში, ძლევს ამ ხარვეზს და ბრწყინვალედ აღწევს თავის მიზანს.

1929, 13 დეკემბერი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”

Thursday, February 18, 2010

ჯონ ფაულზის "ფრანგი ლეიტენანტის ხასა"



კრისტოფერ ლემან-ჰაუპტი
ჯონ ფაულზის "ფრანგი ლეიტენანტის ხასა" სამგზის წაკითხვას საჭიროებს

გაფრთხილებთ: სანამ ჯონ ფაულზის ახალი რომანის კითხვას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ ბუხარში დანთებულ ცეცხლს შეშის მხოლოდ ერთი ნაფოტი აქვს შეკეთებული. თუ, საუბედუროდ, არა გაქვთ ბუხარი, რომელსაც უნდა მიუჯდეთ ამ წიგნის კითხვისას, გამოიყენეთ მაღვიძარა - მისი წკრიალი გამოგაფხიზლებთ ხოლმე. რომანი შეიცავს 467 გვერდს, და რაც არ უნდა სწრაფად კითხულობდეთ, სისხლის ცირკულაციისთვის მავნეა ერთ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნა. აიძულეთ თავი, დროდადრო ადგეთ და იმოძრაოთ. ეს წიგნი გვთავაზობს იდუმალებით აღსავსე ამბებს, რომლებიც დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას აღგვიძრავს და გვაიძულებს, ხარბად, სულმოუთქმელად დავეწაფოთ მას. ასე გრძელდება ნაწარმოების ბოლო გვერდამდე (და შემდეგაც). როდესაც "ფრანგი ლეიტენანტის ხასას" პირველად გავეცანი, ვეღარ მოვითმინე და წიგნი ხელმეორედ გადავიკითხე. მისი თითოეული ეპიზოდის აღქმისას ვითვალისწინებდი რომანის დასასრულს. დრო რომ მქონოდა, წიგნს კიდევ ერთხელ გადავიკითხავდი. ამასთან, ნაწარმოების ენა ძალზე დახვეწილი და სადაა, მაგრამ ტექსტის არსის წვდომა საკმაოდ ძნელი საქმეა.
ჯონ ფაულზის ნაწარმოები იმდენად "რომანულია", რომ ავტორმა ის სწორედ ამ მიზეზით შენიღბა ვიქტორიანული რომანტიკითო, იფიქრებს ზოგიერთი მკითხველი. მოქმედება ვითარდება 1867 წელს. რომანის მთავარი გმირი, ჩარლზ სმითსონი მალე უნდა დაქორწინდეს მდიდარი კომერსანტის მშვენიერ ასულზე, ერნესტინა ფრიმენზე. ჩარლზი შუახნის (32 წლის) ძალ-ღონით აღსავსე მამაკაცია. ის წარჩინებული ოჯახიდანაა (იმედოვნებს, რომ მემკვიდრეობით მიიღებს ბარონეტის ტიტულს) და, როგორც მრავალმხრივ განათლებული და პროგრესული მეცნიერი, დარვინის თეორიის მიმდევარია.

საბედისწერო შეხვედრა
ერთ დღეს ჩარლზმა, რომელიც საცოლესთან ერთად ზღვის ნაპირზე სეირნობდა, დაინახა განმარტოებით მდგარი უცნაური ქალი. ამ უკანასკნელმა "დაჟინებული მზერა ისარივით სტყორცნა შორეულ ჰორიზონტს". ერნესტინა დაინტერესდა უცნობის ვინაობით, და ჩარლზმა შეიტყო, რომ ეს იყო სარა ვუდრაფი, ფრანგი საზღვაო ოფიცრის ყოფილი სატრფო.
სარა არ გამოირჩეოდა უზადო სილამაზით, მაგრამ მისი მზერა და ქცევა მეტყველებდა განსაკუთრებული, იდუმალი თავისებურებების შესახებ, ერნესტინა კი მეტად პროზაული არსება გახლდათ. რომანის პირველივე გვერდი გვაგრძნობინებს, რომ სარას და ჩარლზის ცხოვრებისეული გზები უნდა გადაიკვეთოს, მაგრამ ფაულზი ოსტატურად ახერხებს ამ შეხვედრის გადავადებას გაურკვეველი დროით. აქედან გამომდინარე, გმირების შეხვედრა მარტოოდენ ჯადოსნური ეროტიკული ურთიერთობების მომასწავებელ შესაძლებლობად წარმოგვიდგება. და, საბოლოო ანგარიშში, რა არის უფრო მაცდუნებელი, ვიდრე შესაძლებლობა? (შევნიშნავთ, რომ თუმცა ფაულზის პროზა მორალისტის აღშფოთებას ნამდვილად არ გამოიწვევს, მაგრამ მწერალი კარგად იცნობს პორნოგრაფიულ ვიქტორიანულ ლიტერატურას.) მოკლედ, რომანი უკიდურესად ვიქტორიანულია და თუ დიკენსის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, დაღუპულხართ.
ერთი მითხარით, რა საჭიროა ვიქტორიანული რომანი რობ-გრიიეს ეპოქაში? რა ღირებულება აქვს სახეცვლილ გოთიკას ("კოლექციონერი", "მოგვი") თანამედროვეობისთვის? აქ გვებადება ერთგვარი ბუნდოვანების, გაურკვევლობის შეგრძნება. წიგნის პირველივე გვერდი ააშკარავებს, რომ ფაულზს არ სურს, დაკმაყოფილდეს მე-19 საუკუნის მანერების, მორალის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების გონებამახვილური (და ხშირად - ბრწყინვალე) ანაქრონისტული კომენტირებით. ამ მხრივ სასიამოვნოდ გვაოცებს არა მარტო "ფრანგი ლეიტენანტის ხასაში" გადმოცემული ამბავი, არამედ - ნაწარმოების ფორმაც, და მოლოდინი განუზომლად ამძაფრებს ზემოხსენებული ბუნდოვანების განცდას.

ორნაირი დასასრულის ალტერნატივა
ნება მომეცით, შევაჯამო. შეიძლება, მკითხველი სიმპათიით ან აღტაცებით განიმსჭვალოს ჩარლზის მიმართ; 1960-იანი წლების განათლებული ადამიანები გაიზიარებენ გმირის დარვინისტულ თვალსაზრისს სარა ვუდრაფის შესახებ და თანაუგრძნობენ ქალის შეუპოვარ სიძულვილს ვიქტორიანული მორალისადმი; ზოგიერთი სარას ცხოვრებაში საკუთარ ბედს ამოიცნობს; რომელიმე ჩვენგანი დაინტერესდება ნაწარმოების დასასრულით, ხოლო მავანი პიროვნება იმასაც განჭვრეტს (ალღოს აუღებს რა ფაულზის ჩანაფიქრს), რომ ამბავი სასიკეთოდ დამთავრდება.
ამასთან, ირკვევა, რომ ფაულზის წინაშე წამოჭრილია რთული დილემა; ამ უკანასკნელს მწერალი თავაზიანად განმარტავს 55-ე თავში, სადაც აღწერილია ავტორისა და ჩარლზის ერთობლივად გამგზავრება ლონდონში (დიახ, ზუსტად ასეა). ფაულზმა არ იცის, როგორ დაასრულოს ნაწარმოები. მას არ ძალუძს მანიპულირება ინტრიგით, ანუ ის ვერ ახერხებს, "აუწყოს მავან მკითხველს, როგორი იყო მავანი პერსონაჟის წარმოდგენით, სამყარო", რადგან რომანში აღწერილი ამბავი ასი წლის წინ მოხდა და "ჩვენთვის ცნობილია ყველა მოვლენა, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა". მწერლის აზრით, ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს წიგნის დამთავრება ფინალის ორი ვარიანტით.
მწერალი განაგრძობს თხრობას. პირველ შემთხვევაში ნაწარმოები მთავრდება ამაღელვებელი, სასიამოვნო "დიდი იმედებით", ე.ი. ეროტიზმის სრული განზავებით ფაულზის მომხიბვლელ თხრობაში. ესაა სწორედ ის ამბავი, რომელსაც ველოდით.
შემდეგ დგება მეორენაირი დასასრულის ჯერი. ის ამსხვრევს მკითხველის სენტიმენტალურ მგრძნობიარობას, რომლითაც სიამოვნებით ვიმსჭვალებით ხოლმე, და გიგანტური ნაბიჯით ფარავს დისტანციას ვიქტორიანულ რომანსა და "ახალ რომანს" შორის. ამგვარი ფინალი გვაიძულებს, გაოცებით ვიკითხოთ, მაინც რომელ საუკუნეს ახასიათებდა მეტი სექსუალური თავისუფლება - მე-19-ს თუ მე-20-ს? ზოგიერთი მკითხველი გაოგნდება. სხვებს კი - გაეცინებათ. ასეა თუ ისე, "ფრანგი ლეიტენანტის ხასა" წარმოადგენს შესანიშნავი რომანისტის მოულოდნელ, მაგრამ პროგნოზირებად შემოქმედებით მიღწევას.

The New York Times
Book Review, 1969,
10 ნოემბერი.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

Monday, February 8, 2010

ტრუმენ კაპოტე – საუზმე ტიფანისთან

უილიამ გოიენი
სიყვარულის ნაცადი მომღერალი
ტრუმენ კაპოტე. "საუზმე ტიფანისთან"

რომანი და სამი მოთხრობა


ეს კრებული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ტრუმენ კაპოტეს შემოქმედებაში სიყვარულის თემას წამყვანი როლი განეკუთვნება. წიგნში გაერთიანებულია მოკლე რომანი და სამი მოთხრობა, რომლებიც აღბეჭდილია მწერლის განუმეორებელი მანერით. "საუზმე ტიფანისთან" სასიყვარულო რომანია. მთხრობელი იგონებს 60-იანი წლების ნიუ-იორკსა და თავის ნაცნობობას ჰოლი გოლაითლისთან - "მართლაც რომ შერეკილ" ქალიშვილთან. ის ნიუ-იორკში ჩამოვიდა ტეხასის ერთი მიყრუებული სოფლიდან, ტულიპიდან, და მაშინვე დაუშვა რამდენიმე შეცდომა. მათ შორის ყველაზე სერიოზული ისაა, რომ ჰოლიმ მიზნად დაისახა, "ესაუზმა ტიფანისთან" და ქცეულიყო რესტორან "ელ მაროკოს" მუდმივ კლიენტად.
ჰოლი ველური გოგონაა, რომელიც თავის ადგილს ეძებს ცხოვრებაში. მისივე პოეტური განმარტებით, "არასოდეს არ უნდა შეიყვაროთ ველური არსება. რაც უფრო მეტად გეყვარებათ, მით უფრო გაძლიერდება ის. ხოლო როდესაც ძალას მოიკრებს, ტყეს შეაფარებს თავს. ან ხეზე აფრინდება. შემდეგ - უფრო მაღალ ხეზე. ბოლოს კი - ცაში".
ჰოლი გოლაითლი ცისკენ კი არ მიისწრაფვის, არამედ - ტიფანისკენ. მას სურს, იპოვოს "ადგილი, სადაც თავს ისე იგრძნობს, როგორც ტიფანისთან; მაშინ ავეჯს იყიდის და თავის კატას სახელს დაარქმევს". ამასთან, როდესაც ჰოლის პროვინციალი ქმარი ნიუ-იორკში ჩამოდის და მთხრობელს განუმარტავს ქალის ქცევის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, მთავარი პერსონაჟის სახე დამაჯერებლობას ჰკარგავს.
ინტრიგა, რომელშიც მონაწილეობენ ჰოლი და მავანი სალი ტომატო (ნარკოტიკებით მოვაჭრე ბნელი პიროვნება, სინგ-სინგის პატიმარი), აგრეთვე, მნიშვნელოვანწილად აქარწყლებს ჰოლის სახის შთამბეჭდაობას. კაპოტე მკითხველს თავს ახვევს არაბუნებრივ, მელოდრამატულ ამბავს, რომელშიც ფიგურირებენ ბოროტმოქმედები, გაკრეჭილი ნახუცრები, მიტოვებული ძმები და ა.შ., და მოითხოვს ჩვენგან, დავიჯეროთ ჰოლის მამოძრავებელი მოტივების სერიოზულობა, მაგრამ მწერალი მიზანს ვერ აღწევს.
კაპოტეს მიერ ვოდევილური ხერხების გამოყენება ძირს უთხრის გმირის თავდაპირველ, მეტად საინტერესო კონცეფციას და, შესაბამისად, აუფერულებს მას. საერთოდ, ოთხსავე ნაწარმოებში შეიმჩნევა სიტუაციების შელამაზებისა და გმირებით "თამაშის" ტენდენცია, რაც თავს იჩენს არა იმდენად სტილურ, რამდენადაც - კონცეპტუალურ დონეზე. საბოლოო ანგარიშში, ეს ხარვეზი აღიქმება, როგორც ეფექტურობის მისაღწევად გამიზნული ხერხი, და არა როგორც ლიტერატურული ოსტატობის გამოვლინება. შეიძლება, ის წარმოსახვის უმართაობის შედეგადაც მივიჩნიოთ.
"ბრილიანტის გიტარა" და "ყვავილების სახლი" ისევე წარმტაცი ქმნილებებია, როგორც ჰაერში აფრიალებული ჭრელი ლენტები. თუმცა, მათში მახვილგონიერება ხშირად აძევებს სიმართლეს, ისევე, როგორც პერსონაჟთა სახელები ენაცვლება დახასიათების სიღრმეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ავტორი თავდაპირველად იგონებს სახელებს: მეგ უაილდვუდი, მისტერ ჰაჰა ჯონსი, ხოზე იბარა - ეგარი, ტიკო ფუ, შემდეგ კი მათ უსადაგებს გმირთა ხასიათებს.
ოსტატურად დაწერილი მოთხრობა "ყვავილების სახლი" მშვენიერ ზღაპარს წააგავს, თუმცა ის გვიამბობს რამდენიმე მეძავის ცხოვრების შესახებ პორტ-ო-პრენსში. "ბრილიანტის გიტარაში" გადმოცემულია ამბავი ახალგაზრდა კატორღელისა, რომელიც პატიმრებს აჯადოებს თავისი მშვენიერი გიტარით და ამაოდ აქეზებს მოხუც ტუსაღს, მასთან ერთად გაიქცეს ციხიდან.
"საშობაო მოგონებაში" მწერალი მოგვითხრობს მოხუცი, "სამოცდარაღაცა" წლის ქალბატონისა და პატარა ბიჭუნას მეგობრობის შესახებ. ეს ნაწარმოები ნაკლებად დახვეწილი, ნაკლებად გამართულია, ვიდრე - ორი დანარჩენი. სამაგიეროდ, მასში ვლინდება გაცილებით მეტი ფანტაზია, მეტი სილაღე. ამასთან, ბუკოლიკური განწყობილება, სამხრეთული ტყეებისა და იალაღების სურათები თითქოს ნახევარტონებშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მოთხრობა, მისი სენტიმენტალური ჩანაფიქრის მიუხედავად, უჩვეულო სისასტიკით გამოირჩევა.
ყველა ამ ქმნილებაში თავს იჩენს კაპოტეს მიერ ადამიანის სიღრმისეული, ფარული არსის წვდომის უნარი. ყურადღებას იპყრობს მწერლის ინტონაცია - ის თითქოს წყვდიადში მონოლოგს წარმოთქვამს თავისი აუდიტორიის (მკითხველების) წინაშე. აშკარად შესამჩნევია ნაძალადევი მხიარულება შემოქმედისა, რომელიც მართავს თავის პერსონაჟებს - მარიონეტებს. ავტორი გარკვეულ ხანს იმყოფება ამ ნატიფ სამყაროში თავის გმირებთან ერთად, შემდეგ კი გამოეყოფა მას და მიმართავს თხრობის სადა მანერას, ან სენტიმენტალურ კილოს, მისტიფიკაციას ან გამაოგნებელ სიუჟეტურ სვლას. მოკლედ რომ ვთქვათ, კაპოტეს ნაწარმოებები უნიკალური ტექსტების ნიმუშებად წარმოგვიდგება.

The New York Times Book Review, 1958, 2 ნოემბერი

© “წიგნები – 24 საათი”

Sunday, January 10, 2010

ჯონ აპდაიკი – გლასების ოჯახის ვნებანი


ჯერომ სელინჯერის, მკითხველისათვის კარგად ცნობილი მწერლის შემოქმედებამ სულ ახლახან გადაინაცვლა ძველი "ნიუ-იორკერის" ფურცლებიდან მაგარყდიან გამოცემებში. "მაღლა ასწიეთ, დურგლებო, ჭერი" შარშან დაიბეჭდა კრებულში "მოთხრობები 1950-1960 წლების "ნიუ-იორკერიდან", წელს კი მისი ორი ნაწარმოები, შედარებით მცირე ზომის "ფრენი" და საკმაოდ ვრცელი "ზუ" ცალკე წიგნად გამოიცა. ორივე მოთხრობა ჩვენი დღეების უშუალო გამოძახილია და ერთი თემა უდევს საფუძვლად - ფრენის სულიერი კრიზისი და ემოციები.
პირველ მოთხრობაში ფრენი, ერთი ჩვეულებრივი "კოლეჯელი" გოგონა, უიქ-ენდზე ხვდება თავის მეგობარ ყმაწვილს, ლეინ ქოთელს და მასთან ერთად რესტორანს მიაშურებს. იქ კი აღმოჩნდება, რომ იგი არა მარტო სულიერ დისკომფორტს განიცდის, არამედ ფიზიკურადაც იტანჯება. გოგონა ცდილობს როგორმე აუხსნას ყმაწვილს თავისი სავალალო მდგომარეობა, ის კიდევ ამ დროს სამარცხვინო ნიშნების ფურცლით ტრაბახობს, მადიანად შეექცევა ბაყაყის თათებს და არად დაგიდევთ სხვის უბედობას თუ ავადმყოფობას. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ბოლოს გოგონას გული წაუვა. უკანასკნელად მას რესტორნის მეპატრონის ოფისში ვხედავთ, დივანზე გაშოტილსა და ჭერისაკენ თვალაპყრობილს.
მეორე მოთხრობაში კი, ფრენი კოლეჯიდან შინ ბრუნდება. მისი უიღბლო უიქ-ენდის მომდევნო ორშაბათია, მხოლოდ დედამისი, ბესი და უმცროსი ძმა, ზუ არიან სახლში. ძილგატეხილი გოგონა სასტუმრო ოთახის დივანზე შესჭიდებია საკუთარ განცდებს, მშობელი დედა კი ენას არ აჩერებს და ენერგიულად გამოხატავს ზუსადმი თავის სიყვარულსა და აღტაცებას. შთამბეჭდავია ნაწარმოების დასასრული: და-ძმას შორის ხანგრძლივი დიალოგის შემდეგ ზუ ახერხებს მანუგეშებელი სიტყვების პოვნას და გოგონას დაამშვიდებს, და ფრენიც თითქოს "მუჭში მოიქცევს ამქვეყნად არსებულ ყველა მცირე და უსაზღვრო სიბრძნეს", გაღიმებული მიშტერებია ჭერს და მშვიდ ძილს ეძლევა.
ჯოისის შემდეგ ერთეულ მწერლებს თუ გაუბედავთ ამდენი სიტყვის დახარჯვა ადამიანის შინაგანი, უაღრესად გრძნობიერი სამყაროს აღსაწერად. ისეთ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება თანამედროვე ადამიანებს, რომ არავინ იცის, რა მოჰყვება ზედმეტად გაბედულ მოქმედებას. სელინჯერს კი ეს სულ არ აშინებს და მიაჩნია, რომ უმთავრესი სწორედ შინაგანი სამყაროა. ამიტომაც ბედავს ასე თამამად უმღეროს ამერიკას, მაშინ როცა ჩვენ მხოლოდ შევიგრძნობთ მას, მაგრამ განცდები სიტყვიერად ვერ გამოგვითქვამს. საკუთარ სამყაროში ჩაძირვას ვერ გავექცევით: ჩვენ თავს დაგვატყდა ნიუანსების და გაურკვეველ, აუხსნელ მოქმედებათა საუკუნე, მივეჩვიეთ ყოველივე პირადულისა თუ ეროვნულის განქიქებას. ამ საკითხებზე ფიქრი და თავისმტვრევა აქცევს სელინჯერს გამორჩეულ, რელევანტურ შემოქმედად, ისეთ ხელოვანად, საგრძნობლად რომ განსხვავდება უამრავი მთხზველისა თუ მეკალმისაგან. ჰემინგუეი ეძებდა სახელებს უშუალოდ საგნებისა და მოვლენებისთვის, სელინჯერი კი, სუბიექტური აღქმით გარდასახულ ცნებათა სახელდებას ამჯობინებს. მის ნაწერებში იუმორსაც წააწყდებით და ბრავადასაც, უმართებულოდ წარმოჩენილ, მაგრამ მაინც შეუპოვარ და დაჟინებულ იმედს... ეს ყველაფერი საოცარი სიზუსტით ესადაგება თანამედროვე ამერიკული ცხოვრების ფორმას, შინაარსს და თუნდაც ელფერს. მაგრამ ვფიქრობ, რომ მიუხედავად ასეთი წარმატებისა, მის ნაწერებს დინამიკური საფრთხე ჩასაფრებია. ამასთან ერთად, კომპოზიციის შეგრძნებითაც ვერ დაიკვეხნის, მისთვის უცხოა სიუჟეტების შეხამება და დაკავშირება: ასე აშკარად ურთიერთშემავსებელი ორი მოთხრობა ვერა და ვერ აღვიქვი ერთი წიგნის კომპონენტებად.
"ფრენის" ფრენი და "ზუს" ფრენი სულაც არ არის ერთი და იგივე პიროვნება. "ფრენის" გმირი ერთი ლამაზი კოლეჯელი გოგონაა, სულიერი კრიზისის სტადიაში რომ იმყოფება. შედარებით მოგვიანებით ხვდება მკითხველი, როგორ აწამებს მას ადამიანის "ეგოში" აღმოჩენილი სისაძაგლე და კოლეჯის დამთრგუნველი ატმოსფერო. ის მაინც ცდილობს იპოვოს რაიმე გამოსავალი და პროფესორის მიერ ბედად ნახსენებ "პილიგრიმის გზას" გამოიტანს ბიბლიოთეკიდან...
ფრენის ოჯახი, წამიერად რომ გაიელვებს მისივე წერილის პოსტსკრიპტუმში, ალბათ, სტანდარტულ საშუალო ფენას განეკუთვნება; ამ მოთხრობაში არც მათი გვარი, გლასია, სადმე ნახსენები (არც ფრენი გვიყვება რაიმეს თავისი ძმების შესახებ); მისი ყმაწვილი, ლეინ ქოთელიც, ცოტა არ იყოს, ბრიყვ და თავკერძა ჯეელად გვევლინება, თუმცა არც მთლად წყალწაღებული ეთქმის, თავისებურად ცდილობს გაუგოს ფრენის, რომლის გაგებაც არც ისე ადვილია. ბოლოს კი იმაზეც მიგვანიშნებენ, თუმცა ზერელედ, რომ ეს გოგონა ფეხმძიმედაა...
აი, "ზუს" ფრენი კი ნამდვილი ფრენი გლასია, უმრწემესი გლასების ოჯახის შვიდ სახელგანთქმულ მემკვიდრეს შორის. ყველა მათგანი იღებს მონაწილეობას რადიოვიქტორინაში, "აი, გონიერი ბავშვი" რომ რგებია სათაურად, მათი მშობლები კი, ებრაელისა და ირლანდიელის უდავოდ არასტანდარტული კომბინაცია, ძველი ვოდევილების სცენიდან გადმომხტარ წყვილს მოგვაგონებს. ბავშვობიდანვე ჩასჩიჩინებენ საბრალო ფრენის უფროსი ძმები, ბადი და სეიმორი, აღმოსავლურ რელიგიათა სიბრძნეს და "პილიგრიმის გზა", რომელზეც უკვე კოლეჯშიც აღარ კამათობენ, სეიმორის ბნელი უჯრიდან ოჯახის მაგიდაზე გადაინაცვლებს. საოცარია, როგორ ეწვია სულიერი კრიზისი ასე ნაგვიანებად ლამაზ გოგონას, რომელიც ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც ბუდიზმი და საერთოდ აღმოსავლური რელიგია "სამაგიდო კამათის" საგნად ქცეულა... მაგრამ ამ კრიზისის სიღრმეც საოცარია... "ზუ"-ში გამორიცხულია ფრენის ფეხმძიმობა, ასეთი რამის გაფიქრებაც კი შეურაცხყოფდა ღვთისმოშიშ ოჯახს. ლეინ ქოთელი, უამრავი ნაკლის მიუხედავად, ფრენის ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ამას მაინც ვერავინ წაართმევდა... აქ კი მილიონთაგან ერთ-ერთ უხეშ და გაურანდავ არსებად გვევლინება, გლასების ოჯახს გარეთ დაბადება რომ არგუნა ბედმა.
რაც უფრო მეტს წერს სელინჯერი გლასების შვიდივე მემკვიდრეზე, მით უფრო მეტად ინთქმებიან ეს საბრალონი სილამაზისა და ერუდიციის გაუსაძლის ბრწყინვალებაში. მაგალითად, ფრენი ასეა აღწერილი: "მშვენიერი კანი ჰქონდა, დახვეწილი და ნატიფი სახის ნაკვთები. ზუსი არ იყოს, მისი თვალებიც საოცარ სილურჯეს ასხივებდა... ერთი ეგ იყო, ცოტა უფრო შორიშორ ჰქონდა ჩამჯდარი, ისე როგორც ეს ქალს მოეთხოვება". ზუს შესახებ კი იმას ვიტყობთ, რომ ეს ყმაწვილი "ციტირების უჩვეულო ნიჭით გამოირჩევა. მას შეუძლია სიტყვა-სიტყვით, დაუფიქრებლად მოგაყაროთ ყველაფერი, რაც კი ოდესმე წაუკითხავს ან მოუსმენია". ვფიქრობ, სელინჯერს ასეთი პასაჟები მოთხრობის გმირთა მხოლოდ ჩამოთვლა-აღწერისათვის არ შეუქმნია... ის უფრო ჩვენში შურის ელფერით გაჯერებული თაყვანისცემის ჩანერგვას ელტვის... ქიშპობის გრძნობით შეზავებული ბრმა სიყვარულის გამოწვევას.
"მაღლა ასწიეთ, დურგლებო, ჭერი" გლასების ციკლის პირველი და საუკეთესო მოთხრობაა, ცინცხალი, მხიარული, ხალისიანი. მე მას პროზად დაწერილ პოემასაც კი ვუწოდებდი. ფრიად ორიგინალურად განმარტავს აქ სეიმორი სენტიმენტალიზმს: "ეს არის საგნებისადმი იმაზე მეტი სინაზის გამოვლენა, ვიდრე ამას თვით უფალი გამოავლენდა". საქმეც ამაშია... აი, რა უფიქრია მწერალს, თავად მასაც ხომ გლასები იმაზე მეტად უყვარს, ვიდრე უფალი შეიყვარებდა! ერთგვარ თავშესაფრად იქცა სელინჯერისთვის ეს ოჯახი, მართლაც გამორჩეულად უყვარს ისინი და ასეთი ბრმა გაღმერთებით ზიანს აყენებს ხელოვნებას: მას უკვე ზომიერების გრძნობა ღალატობს, იგი არ იღლება საკუთარი ქმნილებების "ცირკულირებით", სულ ერთთავად ამხნევებს და ეფერება, იმდენად უყვარს თავისი პერსონაჟები, რომ ჩვენ უკვე ვერ ვბედავთ მათ შეყვარებას. თვით "ფრენი"-შიც კი, რომელიც აშკარად "პრე-გლასური" ნაწარმოებია, სელინჯერი გულგრილ დამკვირვებლად არ გვევლინება, ის უფრო შემართულ მიჯნურს წააგავს, ნიშნის მოგებით მოზეიმეს ლეინ ქოთელის თითოეულ უტაქტო გამოხდომაზე. და ჩვენ გვექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მეორე მამაკაციც ფიგურირებს ამ მოთხრობაში და, ცოტა არ იყოს, ვიბნევით კიდეც, როცა ავტორი რესტორნის ტუალეტში "მიჰყვება" ფრენის.
"ფრენის" მოქმედება შეცნობად სამყაროში მიმდინარეობს, "ზუ" კი, მოჩვენებით, ილუზიურ სამყოფელში გადაგვისვრის, რომლის გულმოდგინედ გაცოცხლებული დეტალებიც უფრო ამძაფრებს ირეალურის განცდა-შეგრძნებას. როდესაც ზუ ფრენის ეუბნება, "დიახ, წყლული მაქვს, ის ჩემშია... ასეთია, ძმაკაც, რკინის საუკუნე", ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია "ძმაკაც", "რკინის საუკუნის" ხსენებით კი, "ორატორი" ამ გამოთქმის უზურპაციას ახდენს... ასე მგონია, გლასები მხოლოდ იმიტომ გმობენ სამყაროს, რომ თავად დამდაბლდნენ სამყარომდე და რათა ამით ბევრი რამის პატიებაც გაუადვილდეთ: აქ აღშფოთებას შემწყნარებლობის ღირსეული გრძნობა ამარცხებს.
სელინჯერის გვიანდელი პროზა გართულებულია ექსტრავაგანტული თვითშეცნობით და ამიტომ ზემოთქმულიც, გარკვეულწილად, ძნელი გასაგებია. ისე კი, ამ რთულ პროზაში გამოთქმულია ყველა ის პროტესტი, რაც კი შეიძლება გამოთქვას ნებისმიერმა ადამიანმა.
წიგნის გარეკანზე ავტორს ასეთი რამ წაუწერია: "არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ადრე თუ გვიან ჩემსავე მეთოდებში, მხატვრულ ხერხებსა და იდიომებში შთავინთქა და ჩავიკარგო. მაგრამ იმედგადაწყვეტილი ნუ გეგონებით". ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი სიხარული იმის გამო, რომ მწერალს იმედი არ დაუკარგავს. ახლა კი უნდა ვაღიარო, რომ ვარ ერთ-ერთი იმათთაგანი, ვისთვისაც აღმოჩენად იქცა სელინჯერის შემოქმედება. ისღა დაგვრჩენია, ახალ აღმოჩენებს დაველოდოთ.
გლასების საგის წინასწარი მონახაზი პოტენციურად უძლიერესი ლიტერატურის შემცველია. მას შემდეგ, რაც დიდი სიფრთხილით და შემპარავად შევაფასე სელინჯერის მიერ არჩეული მიმართულება, იმასღა დავძენ, რომ იგი ნამდვილად არის გარკვეული მიმართულება და რომ ხელოვანს, ანუ თავგადასავალთა მაძიებელს, კონფერანსიესაგან რისკიანობა და აკვიატებული იდეის ერთგულება განასხვავებს.

The New York Book Review
17 სექტემბერი, 1961
ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

Friday, December 25, 2009

სნეული პოლიტიკოსი


პატრიცია ბლეიკი
სნეული პოლიტიკოსი

თუ კირკეგორის სიტყვებს ვერწმუნებით, დიდი ხელოვანისა და დიადი თემის ერთიანობა ის ღვთაებრივი ალიანსია, იღბლიანად რომ წარმართავს ისტორიულ პროცესს და აჩქარებს დროის ისედაც მძლავრ მდინარებას.
და მართლაც, ალექსანდრ სოლჟენიცინისა და საკონცენტრაციო ბანაკის თემის ერთიანობამ "გამოიწვია" მეოცე საუკუნის პროზის შედევრი, "ივან დენისოვიჩის ერთი დღე". "ერთ დღესა" და მისსავე "პირველ წრეში" მიღწეულია ის, რაც კამიუს თითქმის შეუძლებლად მიაჩნია: ორივე ნაწარმოები აიძულებს ჩვენი საუკუნის მკითხველს, გაითავისოს მილიონობით ადამიანის ტანჯვა-წამება და პასუხი აგოს თითოეულ მკვლელობაზე. სტალინიზმისა და ნაციზმის ისტორიული კატაკლიზმების შემდეგ "განმწმენდელ ფუნქციას" მხოლოდ ლიტერატურა თუ შეასრულებს!
სოლჟენიცინის ბოლო რომანი "კიბოს კორპუსი" უკვე თარგმნილია ინგლისურ ენაზე და მზად არის ამერიკაში გამოსაცემად. აქ ავტორი ტრადიციას არ ღალატობს და წერს იმაზე, რაც საკუთარი თვალით იხილა და გამოსცადა; შეუბრალებლად მოგვისვრის განწირულთა სამყაროში და არც კარის გამოჯახუნება ავიწყდება. საკონცენტრაციო ბანაკისა და ონკოლოგიური განყოფილების თემებს შორის დიდი განსხვავებაა: მწერალი ჯერაც არ არის დაზღვეული იმ წყეული ბანაკისაგან, სნეულებამ კი, საბედნიეროდ, გვერდით ჩაუარა. გარდა ამისა, საკონცენტრაციო ბანაკი ადამიანის ხელითა და ნებითაა შექმნილი, ჩვენი საუკუნის საზარელი პროდუქტია, სნეულება კი ღვთის ნებაა, გარდაუვალი და მარადიული. "ნეტავ ვიცოდე, როდის წავიკითხავთ რაიმეს ჩვენს შესახებ, ალბათ ასი წლის შემდეგ, არა?" კითხულობს მწერლის ერთ-ერთი პერსონაჟი - ყოფილი პატიმარი და თანამედროვე ლიტერატურის დიდი მოძულე.
"ერთი დღით", რომელიც რუსეთში 1962 წელს გამოიცა, სოლჟენიცინმა იმის შანსი მაინც მისცა მილიონობით თანამემამულეს, თავის შესახებ რომ წაეკითხა. ეს არის ამბავი ყოვლად უდანაშაულო დურგლისა, დაუმსახურებელი ტანჯვა-წამების მსხვერპლის! "პირველ წრეში", რომელიც რუსეთში აკრძალული გახლავთ, მწერალმა დეტალურად შეგვასწავლა სტალინიზმის ანატომია; გვიჩვენა, როგორ ამახინჯებს ის სულსა და გონებას, რა საშინლად აცამტვერებს ადამიანურ ურთიერთობებს. გულუბრყვილოდ სჯერა სოლჟენიცინს, რომ ხელოვნებას სტალინიზმის განდევნა და აღმოფხვრაც შეუძლია. მართალია, ამაოა ეს იმედი, მაგრამ მან მოიმედე შემოქმედი საბედისწეროდ და სამუდამოდ მიაჯაჭვა ამ თემას.
იგივე მეთოდი მიუსადაგა სოლჟენიცინმა "კიბოს კორპუსს". აქ იგი კლინიკური სიზუსტით შეისწავლის ავადმყოფობის ყველა სიმპტომს და მიჰყვება იმ პროცესს, რომლის წყალობითაც ავადმყოფი, ისევე როგორც პატიმარი - "განძარცული და გასარანდავად განმზადებული" - საბოლოოდ შეიცნობს საკუთარ თავს და გარკვეულ ტრანსფორმაციასაც კი განიცდის სიკვდილთან დაპირისპირების მოლოდინში. უდავოდ საინტერესო თემაა, თუმც არც ისე ძნელი ჩასაწვდომი. აქ არ ვაწყდებით დაჟინებულ, გარდაუვალ მოთხოვნას "ბევრის ცოდნისა", როგორც ამას სოლჟენიცინის ადრეული რომანები გვიბრძანებენ. ტოლსტოიმ ერთხელ უკვე გვიჩვენა - მე ვიტყოდი ერთხელ და სამუდამოდ - თუ როგორ სწვდება საკუთარ არსს ავადმყოფობით საწოლს მიჯაჭვული ადამიანი ("Смерть Ивана Ильича"). პირადად მე, ეს ნაწარმოები "კიბოს კორპუსის" მოდელად მიმაჩნია, მის მასაზრდოებელ და წარმომშობ ლიტერატურად. იმასაც ვიტყვი, რომ სნეულება, როგორც საგანი და სიმბოლო თანამედროვე ხელოვნებისა, სოლჟენიცინზე უფრო "ღრმააზროვან" მწერალს მოითხოვს.
ავტორი სულ იმას იმეორებს, რომ ეს რომანი მხოლოდ და მხოლოდ სიმსივნეზე, ავადმყოფობაზეა დაწერილი და განსაკუთრებულს არაფერს ისახავს მიზნად. 1967 წლის 22 სექტემბერს, მწერალთა კავშირის სამდივნოს სხდომაზე, ამავე კავშირის თავმჯდომარის, კონსტანტინ ფედინის მიერ ნაწარმოების აკრძალვამდე ოთხი თვით ადრე, კრიტიკოსებს, რომლებმაც სოლჟენიცინს სიმბოლური რომანის შექმნაში დასდეს ბრალი, მწერალმა გულწრფელად უპასუხა: "კი მაგრამ, აქ ხომ უამრავი სამედიცინო დეტალია... რომელ სიმბოლოებზეა ლაპარაკი!"
რომანის შესახებ იგი ასეთ რამესაც ამბობს: "მე ის ცნობილ ონკოლოგებს წავაკითხე, ძალიან მაინტერესებდა მათი აზრი. გამოირკვა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩემი ქმნილება უტყუარია და დროის მოთხოვნასაც კარგად პასუხობს. მერწმუნეთ, იგი სიმსივნის შესახებაა დაწერილი, მხოლოდ სიმსივნის. ეს არ არის გასართობი ლიტერატურა, აქ განწირულთა განცდებია ასახული".
რომანში, მართლაც, საინტერესოდ და შთამბეჭდავადაა აღწერილი, თუ რა დღეშია მედიცინა 1955 წლის ცენტრალურ აზიაში. რვა მძიმე წელი გაატარა სოლჟენიცინმა საბჭოთა ციხეებსა და ბანაკებში, და ბოლოს, სიმსივნით დაავადებული, ტაშკენტში "გადაასახლეს", 1957 წლამდე არ ღირსებია რეაბილიტაცია. ტაშკენტში იგი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მისი სიმსივნე, რომლის ავთვისებიანობა ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული... მოულოდნელად გაქრა. ვინაიდან სოლჟენიცინი მაქსიმალურად რეალისტი მწერალია, რომლის ცხოვრების ისტორიაც მისივე შემოქმედების განუყოფელ ნაწილად ქცეულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ რომანში აღწერილი საავადმყოფოს პალატა არ განსხვავდება სინამდვილეში არსებულისგან.
მიუხედავად მწერლის "კლინიკური აღმაფრენისა", მკითხველმა დიდი ჯაფა უნდა იტვირთოს, რათა ეს წიგნი სიმსივნის შესახებ დაწერილ ამბად აღიქვას. გავიხსენოთ მის მიერ დასმული კითხვა: "ადამიანი თავის სხეულში აღმოაცენებს სიმსივნეს და ... კვდება. ერთი მითხარით, რა აცოცხლებს ისეთ ქვეყანას, ამდენი ბანაკი და საპყრობილე რომ აღმოაცენა?" იგი კვლავ, შეიძლება თავისდა უნებურადაც, საკუთარი შემოქმედების ძირითად თემას უბრუნდება. ვინ არიან ეს განწირული ავადმყოფები? ერთი ყოფილი პატიმარია, მეორე ბანაკის ზედამხედველი; აქვე არიან გადასახლებული "დამნაშავენი" და უშიშროების ურცხვი მუშაკი, რომლის სინდისზეც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეა! თუკი "ერთი დღე" სტალინის დროინდელი რუსეთის აგონიას წარმოაჩენს, "კიბოს კორპუსი" პოსტ-სტალინური პერიოდის ასახვაა, იმ პერიოდის, როცა ორივე, ჯალათიცა და მისი მსხვერპლიც, ერთნაირი პატიმარია, აქ ყველა თანაბრად არის დასახიჩრებული და სასჯელს "საერო ონკოლოგიურში" იხდის.
ყოფილი პატიმრის, კოსტოგლოტოვისა და სასიკვდილოდ გადადებული შულუბინის დიალოგი კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს, თუ რა საბედისწეროა ეს სულიერი ხეიბრობა. და, აი, შულუბინი წამოჭრის საკითხს, ნაწარმოების ამოსავალ წერტილად რომ გვევლინება: თითოეული რუსის პასუხისმგებლობა, თუნდაც მორალური, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვისათვის! გულწრფელად შურს შულუბინს კოსტოგლოტოვის, რომელმაც ბანაკის ყველა საშინელება გამოიარა: "შენ სხვებზე ნაკლებად მაინც ტყუოდი, არც ჩვენისთანა ნაძირალა ხარ... და მერე რა, რომ დაგაპატიმრეს, ჩვენ უფრო მძიმე დღეებიც გამოგვივლია, გვაიძულებდნენ ტაში დაგვეკრა მათ მიერ გამოტანილი განაჩენისთვის... ტაშს ვიღა ჩივის, ჩვენ თვითონ უნდა მოგვეთხოვა ადამიანის დასჯა და გადასახლება".
შულუბინს იმის გაგონებაც არ სურს, რომ ხალხს სჯეროდა სტალინიზმის: "მოულოდნელად ყველა პროფესორი და ინჟინერი მავნებლად იქცა... და მათ ეს სჯეროდათ? ლენინის ყველა ძველი თანამებრძოლი საზიზღარი რენეგატი აღმოჩნდა ბოლოს... და მათ ეს სჯეროდათ? უეცრად მათი ნაცნობ-მეგობრები ხალხის მტრებად გამოაცხადეს... და მათ ეს სჯეროდათ? დასაშვებია, რომ მთელი ერი იდიოტებისაგან შედგებოდეს? როდესაც ისტორია დაგვისვამს კითხვას: "ვინ იყო იგი?" ჩვენ, ალბათ, პუშკინის ლექსით ვუპასუხებთ:
ჩვენს სამარცხვინო საუკუნეში
უნდა იყო ტირანი, მოღალატე, ანდა მლიქვნელი.
სხვა არჩევანი შენ აღარა გაქვს,
სხვა ვერაფერი ვეღარ იქნები!"
სტალინის სიკვდილის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკების მძლავრი სისტემის ლიკვიდაციამ და სახალხო ტერორის შენელებამ ბევრი ვერაფერი უშველა იმ შიშის გრძნობას, ყოველ საბჭოთა მოქალაქეში რომ ჩაებუდა. უშიშროების მუშაკს ზარავს იმის გაფიქრება, რომ ბანაკიდან დაბრუნებული უდანაშაულო შურს იძიებს, თავად ბანაკიდან დაბრუნებულს კი თავისუფლება ბოჭავს და თრგუნავს. შესანიშნავი პასაჟია რომანის ბოლოს: ონკოლოგიური განყოფილებიდან "გათავისუფლებული" ოლეგ კოსტოგლოტოვი, გულისფანცქალით მომლოდინე ამ "სამუდამო გადასახლების" დასასრულისა, რატომღაც ტაშკენტის ზოოპარკს მიაშურებს. "მაიმუნები თავგადახოტრილ პატიმრებს წააგავდნენ. ეს საცოდავი, თავიანთ პრიმიტიულ სიხარულსა თუ საწუხარში ჩაძირული, ფართო ნარებზე ჩამომსხდარი არსებები, ისე ძალიან აგონებდნენ ყოფილ ნაცნობებს, რომ... ზოგიერთი მათგანის ცნობაც კი არ გასჭირვებია. იმ ადამიანთა უმეტესობა ჯერ ხომ კიდევ იხდიდა სასჯელს... მთელი უბედურება კი იმაში იყო, რომ ოლეგს არ შეეძლო დატყვევებული ცხოველების გათავისუფლება... მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შეამტვრევდა გალიის კარებს... გინდაც შეემტვრია, მაინც ვერაფერს გახდებოდა. ამ მაიმუნებს თავიანთი სამშობლო აღარ ახსოვდათ, თავისუფლების შეგრძნებაც უცხო იყო მათთვის! მოულოდნელი თავისუფლება უფრო საზარელ შედეგს გამოიღებდა".
მსგავსი პასაჟებით სოლჟენიცინი სავსებით ამართლებს იმ მოლოდინს, მისი ორი ადრეული რომანი და შესანიშნავი მოთხრობა "მატრონას სახლი" რომ აღძრავს. მაგრამ ზოგიერთი ის ხარვეზი, რომელიც "პირველ წრეში" შეიმჩნევა - ზომიერების გრძნობის ღალატი, მასალაზე კონტროლის შესუსტება, მიდრეკილება არაფრისმომცემი დამოძღვრისაკენ - კვლავ იჩენს თავს "კიბოს კორპუსში". არც ამ ნაწარმოებს და არც "პირველ წრეს" ცოტაოდენი დახვეწა არ აწყენდა. აი, "ერთი დღე" კი სულ სხვაა! იგი სამჯერ გადაწერა სოლჟენიცინმა და ბოლოს ისეთ ლაკონიურობას მიაღწია, მხოლოდ ბაბელი და კამიუ თუ გაუწევენ მეტოქეობას.
როგორც კრიტიკოსმა, "კიბოს კორპუსი" გაორებული და მღელვარე გრძნობით ჩავიკითხე. ერთი მხრივ, მადლიერი ვარ, რომ გავეცანი ნაწარმოებს, რომელიც მიუხედავად ბევრი ნაკლისა, გაცილებით სჯობს იმ რომანებს, ჩვენი წიგნის ბაზარს წალეკვით რომ ემუქრებიან, მეორე მხრივ კი, მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ ამ წიგნს რუსეთში ვერ წაიკითხავენ და თავით ნაწარმოებთა აკრძალვაზე სოლჟენიცინის ნაადრევი პროგნოზიც მაღიზიანებს. მწერალმა რამდენჯერმე აღნიშნა "საფრთხე" თავისი აკრძალული ნაწერების უცხოეთში გამოჩენისა და მათ ფართო გავრცელებაში საბჭოთა აგენტურა დაადანაშაულა, ეს ყველაფერი ჩემი დისკრედიტაციისათვის კეთდებაო... გასული წლის 21 აპრილს მან განაცხადა, რომ არც ერთ უცხოელ გამომცემელს არ მიუღია მისგან "კიბოს კორპუსის" ხელნაწერი და არც ნებართვა მისი გამოქვეყნებისა. გარდა ამისა, მან გამოთქვა შეშფოთება, რომ მოქიშპე გამომცემლობებს შორის ატეხილი დავა ამ წიგნის გამო და უცხო ენაზე მისი ნაჩქარევი გამოცემა თარგმანს კარგ დღეს არ დააყრიდა. "ლიტერატურა ფულზე მეტია", შეგვახსენა სოლჟენიცინმა.
უნდა აღვნიშნო, რომ ევროპაში უკვე რამდენჯერმე გამოაქვეყნეს ეს რომანი, ამიტომ ვეჭვობ, ამერიკაში "დაიალ პრესის" მიერ მისმა გამოცემამ რაიმე საფრთხე შეუქმნას ავტორს, მით უმეტეს, რომ თავად მას ეს არ უთხოვია. გარდა ამისა, ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია მწერლის წუხილი ნაწარმოების თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით. რებეკა ფრანკმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ სამუშაოს, ბრწყინვალედ გადაიტანა სხვა ენაზე სოლჟენიცინის არაორდინარული სიტყვები თუ გამოთქმები, მისი ინტონაციისა და დიქციის მოულოდნელი ვარირება.

The New York Times Book Review
27 ოქტომბერი, 1968
ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

© “წიგნები – 24 საათი”


Friday, September 25, 2009

ჯულიან ბარნსი - მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად


ჯოის კეროლ ოუტსი
"მაგრამ ნოე ვერ იყო კაი კაცი"
ჯულიან ბარნსი, "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად"

პოსტ-მოდერნისტულად ჩაფიქრებული, მაგრამ მისაწვდომი სისადავითა და უბრალოებით შესრულებული ჯულიან ბარნსის მეხუთე წიგნი არც რომანია, როგორც იხსენიებენ და არც მსუბუქი, პოპულარული ენით დაწერილი მსოფლიოს ისტორია, როგორც სათაური გვაფიქრებინებს. XX საუკუნის წარმომადგენლების - უცილობლად ბორხესის, კალვინოსა და ნაბოკოვის, ასევე როლანდ ბარტისა და შესაძლოა, მიშელ ტურნიეს გავლენით დაწერილ წიგნზე "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" უპრიანი იქნება ითქვას, რომ ესაა ერთად თავმოყრილი პროზაული ნაკვთები, ერთგვარი პროზა, სადაც ზოგიერთი ნაკვთი ესეს უფრო ჰგავს.
ბატონი ბარნსის საფიქრალი თავიდან ბოლომდე აბსტრაქტულია და ფილოსოფიური, თუმცა ტონი უპრეტენზიო აქვს; მთავარი თემები - ნოეს კიდობანი, ხმელთაშუა ზღვაში სამოგზაურო გემის ძარცვა არაბი ტერორისტების მიერ, ფრანგული გემის "მედუზას" დაღუპვა, იონა ვეშაპის მუცელში, მძინარე ქალი, ფილმის გადამღები ჯგუფის თავს დამტყდარი ამბავი ვენესუელაში, არაჩვეულებრივი გამოცდილებით გადასხვაფერებული ამერიკელი კოსმონავტი, ზეცის კომიკური ხედვა - მხოლოდ და მხოლოდ განსჯის საწყისი წერტილებია. ბარნსი ძალიან ჰგავს ბორხესს იმით, რომ მოსწონს სხვადასხვანაირ მეტამორფოზებში ლეიტმოტივების გავლება. მარქსის ცნობილი აზრი ჰეგელის იდეის შესახებ - "ისტორია საკუთარ თავს იმეორებს, ჯერ ტრაგედიის და შემდეგ კომედიის სახით" - ბატონ ბარნსს რომ აქვს მოტანილი, ერთ-ერთი მთავარი პრინციპია წიგნის "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" აგებულებისა. სულ სხვაგვარად სვამს გამაოგნებელ კითხვას - "ვითარდება და წინ მიიწევს მსოფლიო? თუ მხოლოდ ბორანივით მიდი-მოდის წინ და უკან?" - ბატონი ბარნსის უფრო ადრეული ნაწარმოების "ფლობერის თუთიყუშის" მთხრობელი.
გამეორებების, გადანაცვლებების და კომბინაციების პრინციპის გამო, გარდაუვალია, რომ ბატონი ბარნსის ზოგიერთი ნაკვთი უფრო წარმატებულია, ვიდრე დანარჩენები. გამოგიტყდებით, გული შემეკუმშა, როცა მივხვდი, რომ პირველი თავი იყო Anobium domesticum ჯიშის (ხის მღრღნელისა თუ თერმიტის) - კიდობანში მალულად შეპარული შვიდეულიდან ერთ-ერთის ლაქლაქი, სამასხარაო ისტორია ნოეს კიდობნისა, რომელსაც ავსებდა ცხოველების - ბეჰემოთის, სალამანდრას (ნამდვილი სალამანდრას, ცეცხლში რომ ცხოვრობს), ვასაკის, მარტორქის და ასეთების - ფანტაზია და ნოეს სახის რევიზიონისტული ინტერპრეტაცია: "არ ვიცი, ივარგებს თუ არა თქვენთვის ამის გამხელა, მაგრამ ნოე ვერ იყო კაი კაცი. ვხვდები, რომ ეს უხერხული ნათქვამია, რაკიღა ყველა მისი შთამომავლები ხართ; მაგრამ ასეა. ურჩხული იყო; გაფუყული პატრიარქი, რომელიც დღის პირველ ნახევარში ღმერთის წინაშე მუხლებზე ხოხავდა და მეორე ნახევარში ამას ცხვირში ძმრად გვადენდა".
ეჭვს აღძრავს ასევე მეორე ნაკვთის "სტუმრების" უამური პროზა, სადაც მოთხრობილია, როგორ გაძარცვეს არაბმა ტერორისტებმა სამოგზაურო გემი ხმელთაშუა ზღვაში; ეს ეპიზოდი მთლიანად დაუჯერებელია, ტერორისტების მეთაური თეატრალური, მასხრულ-ჰოლივუდური ჟარგონით ლაპარაკობს: "ქვეყანა სამხიარულო ადგილი კი არ არის. ძველი ცივილიზაციების კვლევით ეგ უნდა გესწავლათ. მაგრამ... მგზავრებს ჩვენ ავუხსნით, რა ხდება. როგორ მონაწილეობენ ისტორიაში. და რა არის ეგ ისტორია". მაგრამ "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" გრძელდება, ლეიტმოტივები ისევ და ისევ მეორდება, ხშირად კომიკურად გონებამახვილური კომბინაციებით, წიგნი სულ უფრო და უფრო გიტაცებთ, გიპყრობთ და თუ გავითვალისწინებთ ხელოვნების ჩვეულ დამახინჯებებს, ინფორმაციასაც გაწვდით. ესეისტის მკაფიო ხმა სულ უფრო და უფრო ფარავს პროზაიკოსის გაურკვეველ ხმას - "როცა ვამბობ "მე", მოისურვებთ, ერთი-ორი აბზაცის შემდეგ იცოდეთ, ვის ვგულისხმობ - ჯულიან ბარნსს თუ გამოგონილ პიროვნებას", - ამ წიგნში ავტორი ინტონაციის ისეთივე გენიალურ ოსტატად წარმოგვიდგება, როგორც "ფლობერის თუთიყუშში".
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თავია "გემის დაღუპვა", რომელშიც ფაქტობრივი აღწერილობაა 1816 წელს ფრანგული გემის "მედუზას" დაღუპვისა და დაწვრილებითაა განხილული ჟერიკოს ცნობილი სურათი "გემის დაღუპვის სცენა" (გემი "მედუზას" სახელით რომ მოიხსენიება), რომელიც 1819 წელს დასრულდა. "როგორ აქცევთ ხელოვნებად კატასტროფას?" - კითხულობს ბატონი ბარნსი; და თვითონვე საკმაოდ დამაჯერებლად პასუხობს ამ კითხვას. შესაძლოა, მხატვრობაზე მისმა მსჯელობამ ხელოვნების ისტორიკოსები ორიგინალობით ვერ გააკვირვოს, მაგრამ არაპროფესიონალებისთვის, განსაკუთრებით, ლიტერატურის მოყვარულებისთვის, იგი ჭეშმარიტების ბეჭდითაა აღბეჭდილი. ბატონი ბარნსი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ჟერიკოს ფერწერული ტილოს ხატვისას, თვალს ადევნებს, თუ როგორ იცილებს მხატვარი იდეებს - როგორც წარმოსახვით მხატველ ხელოვანს შეჰფერის - თუ როგორ მუშაობს "შთაგონებით", აყალიბებს დეტალებს, როცა ეს აუცილებელია, უარს ამბობს "ცხოვრებისეულ სიმართლეზე" "ხელოვნების სიმართლის" გამო. სინამდვილე მითად იქცევა ისე, როგორც სხვა დროს, მითი იქცევა სინამდვილედ. "დროის მეშვეობით ერწყმის და უერთდება ამბავი ფორმას, ფერს, გრძნობას".
მხოლოდ ისტორიის "ღუზის" აშვებაა მიზეზი, რომ სურათი, რომელიც ჩვენთვის "გემი მედუზას" სახელითაა ცნობილი, ტრანსცენდენტურ ალეგორიად წარმოგვიდგება "სურათის საიდუმლო მისი ენერგიის მუხტია. კიდევ ერთხელ შეხედეთ: გამანადგურებელ თავსხმაში ერთმანეთს მიჯრილი, დაკუნთული ზურგები პაწაწინა წერტილებად ჩანან, ხომალდის გადარჩენას რომ ცდილობენ. ასეთი დაძაბულობა - და როგორი დასასრული? უპასუხოდ რჩება სურათზე ამტყდარი ღელვა, ისევე, როგორც უპასუხოა ადამიანის გრძნობათა უმეტესობა. არა მხოლოდ იმედი, არამედ ნებისმიერი უსაზღვრო გრძნობა: პატივმოყვარეობა, სიყვარული (განსაკუთრებით, სიყვარული) - რარიგ იშვიათად პოულობენ ჩვენი გრძნობები ისეთ ობიექტს, როგორსაც იმსახურებენ". კატასტროფა ხელოვნებად იქცევა. იქნებ, სწორედ ესაა ხელოვნების მიზანი.
თუმცა ბატონი ბარნსი სასხვათაშორისოდ შენიშნავს: "ირონიის განსაზღვრებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს ისაა, რაც ადამიანებს ენატრებათ". სწორედ დახვეწილი, კეთილგანწყობილი, თვითგამომხატველი ირონიით სავსე ქვეტექსტი განსაზღვრავს წიგნის "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" ინტონაციას. ირონია და იუმორი: იონას ამბისა და ხელოვნებაში მისი იკონოგრაფიული ასახვის ანალიზში მოცემულია განსხვავებული დამოკიდებულება ძველი აღთქმის ღმერთისადმი, რომელიც დღევანდელ გონიერებას მითიური ლოგიკის წინააღმდეგ ამხედრებს: "დიდი ვერაფერი ამბავია, არა? ძველ აღთქმაში ჭარბობს დამანგრეველი არარსებობა თავისუფალი ნებისა - ან თუნდაც თავისუფალი ნების ილუზიისა. ღმერთს ყველა კარტი ხელში უჭირავს და ყველა ხრიკს იგებს. გაურკვეველი მხოლოდ ისაა, ამჯერად თუ როგორ აპირებს უფალი თამაშს: კოზირის ორიანით დაიწყებს და ტუზამდე ავა, ტუზით დაიწყებს და ორიანამდე ჩამოვა, თუ ერთმანეთში აურევს. და რაკი ვერასოდეს იტყვით, რას იზამს შიზოფრენიული პარანოიკი, ეს ელემენტი თხრობას გეზს ვერ აძლევს".
"შესავალ სიტყვაში" მთხრობელი უძილობისას, მძინარე ცოლის გვერდით წევს და სიყვარულზე ფიქრობს. აღმოაჩენს, რომ კარგად ვერ ხვდება, რა არის სიყვარული და თან მოთმინებას კარგავს, როცა საქმე "ირიბად ნათქვამ პროზას" ეხება. მონოლოგი არეულია, დაუსრულებელი, არტისტული მეტიჩრობის გარეშე, გულწრფელი: "არ ვიცი, ანგარიშიანი სიყვარული ჯობია თუ უანგარო, მდიდრის სიყვარული უფრო მტკიცეა თუ ღატაკისა, ჰეტეროსექსუალური სიყვარული უფრო ვნებიანია თუ ჰომოსექსუალური, ქორწინება აძლიერებს სიყვარულს თუ დაუქორწინებლობა. შეიძლება, დიდაქტიზმმა მომხიბლოს, მაგრამ ეს რჩევების სვეტი არ არის".
ფაქტიურად, ცოტათი მაინცაა რჩევების სვეტი: "უნდა გვწამდეს (სიყვარულის), თორემ დავიღუპებით. შეიძლება სიყვარული ვერ გამოვცადოთ, ან გამოვცადოთ და უბედურება მოგვიტანოს; მაინც უნდა გვწამდეს, თუ არ ვიწამეთ, მაშინ მხოლოდ ქედს მოვუხრით მსოფლიოს ისტორიას და სხვის ჭეშმარიტებას".
თავში "დინების წინააღმდეგ!" ეპისტოლარული ფორმით მართალია, ქაოსურად, მაგრამ მღელვარედაა აღწერილი ამბავი, რომელიც ამერიკელთა ფილმის გადამღებ ჯგუფს შეემთხვა ვენესუელას ჯუნგლებში. ესეც "სინამდვილეზე" განსჯად წარმოგვიდგება. როგორები არიან გადამღები ჯგუფის მიერ დაქირავებული ინდიელები - პრიმიტიულები თუ გარკვეულწილად უფრო დახვეწილები, ვიდრე თეთრკანიანები, რომლებიც საკუთარ უპირატესობას დამსახურებულ ჯილდოდ მიიჩნევენ? თავიანთი ძალადობით საკუთარი ისტორიის ლეგენდარულობას ასხამენ ხორცს თუ ასე არ ეპუებიან ამ ისტორიას? ვინც სანდო ჩანდა, სინამდვილეში ნუთუ მართლა მოღალატე ოპორტუნისტი გამოდგა, და მხოლოდ კინოვარსკვლავების სიკვდილის მიზეზი კი არ გახდა, არამედ ბანაკის აღჭურვილობაც გააყოლა ხელს? გადარჩენილი - მთავარი როლის ერთ-ერთი შემსრულებელი ლამის ნერვიულად დაავადდეს ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას.
"ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული, ის ნაწილებიც კი, რაც არ მოგვწონს, - ფიქრობს პერსონაჟი ქალი, - განსაკუთრებით ის ნაწილები, რაც არ მოგვწონს". ახალგაზრდა ქალის საზრუნავი გადარჩენაა ამ წაბილწულ ქვეყანაში, რომელსაც ყოველ წამს ომის საფრთხე ემუქრება, მაგრამ ერთიანობის თემა ყოველ თავს ლეიტმოტივად გასდევს და ისევ და ისევ წარმოგვიდგენს მჭიდროდ შეკავშირებულ სახეებს, იდეებს, ფრაზებს, ირონიულ პასაჟებს - იმ საბავშვო, სასაცილოდ თავსატეხი ნახატებივით, სადაც ადამიანის ან ცხოველის ფიგურები შეიძლება ფოთლების, ღრუბლების, პეიზაჟების სადა მოხაზულობაში აღმოვაჩინოთ. ვინმემ შეიძლება ოდნავ უკან დაიხიოს, როცა პირისპირ აღმოჩნდება სიმწარესთან - ეს შეიძლება იყოს ნოეს კიდობანი, წარღვნა, გადარჩენა - ან სიკვდილი - ზღვაში, გემი, არსებათა დაყოფა "სუფთებად და უსუფთაოებად". ბატონი ბარნსის რბილი ტონი რომ არა, ვინმე შეიძლება დაეჭვებულიყო, სტრუქტურალისტური აზროვნების პაროდიას ხომ არ გვთავაზობსო; მაგრამ საერთო მიზანი გაცილებით უფრო კომიკური ჩანს, ესაა იდეების კომედია, "ფაბულაცია" (ფაბულაცია: "რამდენიმე რეალური ფაქტის გარშემო ახალი ამბის შექმნა"). სამოთხის ესოდენ ნაცნობი ხილვა - მატერიალური სურვილების დაუსრულებელი განხორციელება, მერე გარდაუვალი მოწყენა და სიკვდილის სურვილი შეიძლება მაინცდამაინც ეფექტური დასასრული ვერ იყოს პროვოკაციული წიგნისთვის, მაგრამ ბოლო აბზაცი იდეალურია: "დამესიზმრა, რომ გავიღვიძე. ეს ყველაზე ძველი სიზმარია და სულ ახლახან ვნახე".
"მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" იდუმალების საბურველს ჩამოხსნის საკუთარ თემებს და მათ თითქმის ჩვეულებრივ ელფერს ანიჭებს: "როგორი სკეპტიკურებიც არ უნდა ვიყოთ, მითი სინამდვილედ უნდა იქცეს". ამგვარად იგი ანადგურებს, იქნებ ამასხარავებს კიდეც საკუთარ პატივმოყვარეობას. თუკი მკითხველს ამ წიგნის ხელში აღებისას არ ეცოდინება, რა სახის პროზას, გამონაგონს უნდა ელოდეს, იდეები ისეთი თხრობით წარმოუდგება, დაივიწყებს კიდეც, რომ ეს "იდეებია" და სრულყოფილი სამყარო გაცოცხლდება პროზით, რომელშიც - სადავო აქ არაფერია - ხალისიანი, მახვილგონივრული და თავშესაქცევი მოსაზრებებისთვის თავი მოუყრია კაცს, ვისთვისაც იდეები აშკარად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის; კაცს - თითქოსდა პრე-პოსტ-მოდერნისტთა მოდგმის კვინტესენციურ ჰუმანისტს.

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ

Sunday, September 13, 2009

უოლტ უიტმენის "ბალახის ფოთლები"


უიტმენის "ბალახის ფოთლების" ბოლო გამოცემამ განაახლა ის კამათი, სხვათა შორის, მეტ-ნაკლებად აგრესიული, მუდამ რომ იჩენდა ხოლმე თავს ამ ავტორის სახელის ხსენებისას. ზოგიერთი კრიტიკოსი ხელაღებით უარყოფს მის პოეტურ ტალანტს და თავის პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს დაგმოს ის "ვულგარული და მოულოდნელი იერიში", რომელიც უიტმენს მხატვრული მეთოდის გამოვლენის ძირითად ხერხად დაუსახავს. უნდა ითქვას, რომ მსგავსი კრიტიკოსები უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს სწორედ იმ შეხედულებათა (და ზოგჯერ გამონათქვამთა) ვულგარულობითა და გაურანდავობით, რომლითაც სხვისი ვულგარულობის წინააღმდეგ ილაშქრებენ. თუკი ისინი ამ წიგნში ვერაფერს ხედავენ ბრტყელ-ბრტყელი ტრუიზმებისა და აგრესიულობის გარდა, უნდა ვიფიქროთ, რომ მათი გემოვნება დასახვეწია; ისინი სათანადოდ ვერ აღიქვამენ ჩვეულებრივი მოვლენების ახლებურ, სისხლსავსე წარმოჩენას, მძლავრ აღმაფრენას, უდიდეს სიყვარულს ადამიანისა და ბუნების მიმართ, ვერც უკვდავების რწმენას პატიობენ პოეტს. ეს ყოველივე ხომ არის უიტმენის პოეზიაში მიწიერი ყოფის გამომხატველი უმართებულო სითამამისა და იმ მოუქნელი მეთოდის პარალელურად, რომლითაც იგი ხშირად აღწერს დაკნინებულ, დაბეჩავებულ საზოგადოებას? დროის უბრალო დაკარგვად მიმაჩნია იმის გარკვევა, არის თუ არა პოეტი მისტერ უიტმენი: მისი უდიდესი ავტორიტეტი - შემოქმედებითთან ერთად კრიტიკულიც - გვინდა თუ არა, მაინც მეტყველებს მის სასარგებლოდ. არც მის მხატვრულ მეთოდზე ღირს თავის მტვრევა: ეს ფორმა სულაც არ არის ისეთი გამაოგნებელი და ნოვატორული, ძალიან ბევრს, და მათ შორის თავად უიტმენსაც რომ მიაჩნია.
მართალია, ამ წიგნში მოვლენათა უმრავლესობა სინატიფეს მოკლებული ხერხითაა გადმოცემული და ზოგჯერ ფორმისა და სტილის უსუსურობა ამ პოეზიას მოსაწყენ პროზამდე აქვეითებს, მაგრამ მკითხველი გვერდს ვერ აუვლის მის ფურცლებზე წამიერად გაელვებულ სილამაზესა და უჩვეულო დახვეწილობას. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ შემოქმედის თითოეულ რაფსოდიას ერთიან, განუყოფელ მთლიანობად განვიხილავთ, გინდაც მათი ცალკეული მონაკვეთები უშინაარსო და უმწიფარ პოეზიად მოგვეჩვენოს. ისე კი, უსაზღვრო, შეუზღუდავი ფანტაზია და ამა თუ იმ აზრის "ახლებურად" გამოთქმისაკენ სწრაფვა, უიტმენს ზოგჯერ ასეთ რამესაც წამოაძახინებს: "მე ჩემს სხეულს მორევს მივანდობ!"... "განმიმარტეთ მითები აზიაზე!"... "ნიღაბს ჩამოვგლეჯ და წარმოგიდგენთ!" როგორ უნდა ემსახუროს თავისუფლებას ხელოვნებაში, ან ნებისმიერ სხვა ამაღლებულ იდეალებს ის მწერალი, რომელიც თავად "literat"-ს განასახიერებს? უფრო შთამბეჭდავი და ორიგინალური იქნებოდა, მისთვის უბრალოდ "inkvat" რომ გვეწოდებინა (სიტყვათა თამაში: literate - განსწავლული, განათლებული; literat - ლიტერატურის ვირთხა; inkvat - მელნის ვირთხა (მოკალმე)). მეორეს მხრივ, ამ წიგნის ფურცლები ამზეურებენ გემოვნებით შერჩეულ და ცინცხალ გამონათქვამებს. ერთგან მოცურავე ასე მომნუსხველად არის აღწერილი: "მონავარდე გამჭვირვალე, მწვანე ნათელში"; ... "გულახდილი ყბედობა ქვაფენილისა"... ეს მართლაც შესანიშნავი მიგნებაა. საინტერესო და დახვეწილ პოეზიად მიმაჩნია ასეთი სტრიქონები: "ფიცარსა რანდავს დურგალი / და შალაშინის ენა / ველურ მელოდიას უსტვენს". შედარებით დიდი ზომის ნაწარმოებები, სადაც ბევრი რამ ბანალური და საკმაოდ უფერულია, გაყალბებულ ესეებს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პოეზიას, თუმცა ხელაღებით არც მათი უარყოფა შეიძლება, აქაც ხშირია შემთხვევები ძალიან მარტივი და გაცვეთილი აზრის საინტერესო კუთხით გადმოცემისა. მაგრამ აშკარა უგუნურობაა იმის მტკიცება, თითქოს To You-თი დასათაურებული ეს სტრიქონები ადგენენ ლექსს და არა რაღაც უაზრობას (ამაში, ალბათ, თავად პოეტიც დაგვეთანხმება):
"უცხოვ, თუკი ჩამივლი გვერდით
და მოისურვებ შეხმიანებას,
რატომ არ უნდა შემეხმიანო?
ანდა თავად მე რატომ არ უნდა შეგეხმიანო?"

მაგრამ თუ გსურთ მის პოეზიაში რაიმე საინტერესოს აღმოჩენა, გირჩევთ წაიკითხოთ მშვენიერი Pioneers, O Pioneers. ბევრი რამ მოგხიბლავთ ამ სტრიქონებში: ვაჟკაცური შემართება და მძლავრი რიტმი, მეგობრობის სულისჩამდგმელი გრძნობა და აღტაცება ახალი სამყაროს წინსვლით; წაიკითხეთ უიტმენის მდიდრული და შთამბეჭდავი წარმოსახვით გაჯერებული Man-of-War-Bird, ანდა შესანიშნავი ელეგია ზღვისპირეთზე, ასეთი სიტყვებით რომ იწყება: "აკვნიდან, რომელიც მარად ირწევა..." აი, ეს ლექსები სავსეა სიცოცხლითა და ემოციებით. ლინკოლნის აღსასრულის პოეტური აღწერისას მან ასე გამორჩეულად უმღერა სიკვდილს: "ო, ბნელო დედავ, უხმაუროდ რომ ჩაგვიქროლებ მსუბუქ ფეხებით"... ან როგორ ასხამს ხოტბას ჩვენებური გაზაფხულის ერთ-ერთ საღამოს!

"ო, ეს მეოთხე თვით საღამო, ეს დაისი
და მონაცრისფრო ბურუსი გამჭვირვალე.
ზანტად გამავალი ოქროსფერი მზის
სხივთა მარაო...
ლორთქო ბალახი, მკრთალი ფოთლები,
შორით ელვარე მკერდი მდინარის,
ქარით აჭრილი და აქოჩრილი..."

წაიკითხეთ პოეტის ის სტრიქონები, რომლებითაც ჩვეულებრივ ლოკომოტივს ახასიათებს:
"თანამედროვე ემბლემა მოძრაობისა
და კონტინენტის მაჯისცემაა."

გამოყენებითი მექანიკის გრანდიოზულობა ასე არავის აუსახავს ამერიკულ პოეზიაში. დემოკრატიზმი, ვაჟკაცობა, სიკეთის რწმენა - აი, რითი ფასობთ უიტმენის შემოქმედება. "მკლავის სიმაგრე და სიმამაცე!" "კმარა ვედრება და ქედის მოხრა!"... იგი ესწრაფვის დაუშრეტელი ენერგიის გამოვლენას და ამის გამო, რაც არ უნდა მცდარი იყოს მისი მეთოდი, ამერიკულ ყოფასა და ლიტერატურას, ვფიცავ, აუგი არაფერი ემუქრება!
მაგრამ სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ უიტმენისეულ სხეულის "განდიდებას". აკი თავადაც გვაფრთხილებს ერთგან: "ჩემს ლექსებს ყოველთვის არ მოაქვთ სარგებელი, მათ ზიანის მოტანაც შეუძლიათ". მას თავი "სხეულისა და სულის" პოეტად მიაჩნია და ჩვენც გვარწმუნებს, რომ სული არ არის სხეულზე მეტი. ამით თითქოს როზეტის აზრსაც იზიარებს, თუმც ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, მაინც იყურება მომავლისაკენ: "განახლებული ჯიში, გონიერი ქალები და მამაკაცები, უცოდველობა და სიჯანსაღე... ალბათ ეს არის ბედნიერება!" მის ბოლო ლიტერატურულ მანიფესტში ასეთ სიტყვებსაც ამოიკითხავთ: "ველტვი უაღრესად ინდივიდუალურ საზოგადოებას, ბუნებასავით დაუდეგარს, კეთილკრძალულს და კეთილმოსურნეს, თანაგრძნობით ნიჭით დაჯილდოებულს, სრულქმნილს, მგზნებარეს, შთაგონებულს, მამაცს". ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ საბოლოო მიზანი ქების ღირსია და არც პოეტი ტკბება საკუთარი უდიერებით, მაგრამ ამ მიზანს სავალალო შედეგი მოსდევს: იგი აშიშვლებს და ხელმისაწვდომს ხდის ყველაფერ იმას, რასაც ბუნება ოდითგანვე იფარავდა უდიდესი რუდუნებით და თავმდაბლობით. უცნაურია, რომ ეს ზედმიწევნით "ბუნებრივი" შემოქმედი არღვევს ბუნების ერთ-ერთ საუკეთესო და უღრმეს კანონს და იმის ნაცვლად, რომ სხეული წმინდად მიიჩნიოს, იგი ძარცვავს მას ყველა იმ სიკეთისაგან, რასაც ამჟამად მას მიაწერს კაცობრიობა. უიტმენი ამცრობს სულსაც და ხორცსაც და ადამიანს მხეცს უთანაბრებს, განძარცულს ყოველგვარი სულიერი თვისებებისგან.
მისტერ უიტმენი ამაყობს საკუთარი სიჯანსაღით. მაგრამ რა არის ეს სიჯანსაღე თუ ჯანმრთელობა? სხვა არაფერი, თუ არა ადამიანის ორგანოთა ნორმალური მოქმედება და ასეთ დროს ის იშვიათად ფიქრობს მათ ფუნქციაზე, მაგრამ როგორც კი რომელიმე მათგანის ფუნქცია დაირღვევა - გულის, კუჭის, ტვინის თუ ნებისმიერი სხვა ორგანოსი - ადამიანი მყისვე შეიგრძნობს ამ ცვლილებას და, ცხადია, ჯანმრთელობაც შეერყევა... აქედან კი სნეულებაც წარმოიშვება. ზუსტად ასეა უიტმენის შემთხვევაშიც: როდესაც იგი ხელით ეხება ხელშეუხებელს და თავს იმტვრევს იმ იდუმალ პროცესებზე, წესით, უჩუმრად რომ უნდა მიმდინარეობდნენ, მას უკვე ჯანსაღს ვეღარ ვუწოდებთ. გახრწნილი არა, მაგრამ სნეული უთუოდ შეიქნება. მას თავი მოაქვს საკუთარი "მრავლისმომცველობით", კარგისა და ავის უკიდურეს გამოვლინებათა ფლობით, და ყველაფერში ერთი პოლუსიდან მეორეზე გადაფრენას ელტვის. სხეულთან (ხორცთან) დაკავშირებით მშვენივრად ართმევს თავს ამ ამოცანას, ხან აკნინებს და ხანაც აღაზევებს. ისე კი, ჩანს, თავად სათანადოდ ვერ აღუქვამს საკუთარი "ყოვლისმომცველობა" ამ მიმართულებით, და რომ აღექვა, ალბათ, თავისი ლექსის სიტყვებით მიპასუხებდა:
"მაშ, მე საკუთარ თავს ვუმხედრდები?
ძალიან კარგი, ასეც ვიქცევი!
მე უსაზღვრო ვარ, მრავლისმომცველი".

მაგრამ ეს "მრავლისმომცველობა" ვერაფერს შველის მის სნეულებას. მას არ ძალუძს შეარბილოს მისტერ უიტმენის დიდი შეცდომა. მან ხომ ხელახლა ისეთი რამ გამოაქვეყნა, რისი ხმამაღლა გამეორებაც კი აღარ ღირდა. რატომ შეიტანა ადრინდელი უხამსობა ახალ გამოცემაში? განა ეს წიგნი მრავალი წლის შემდეგ არ გამოვიდა? ნუთუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასე გაძნელდა ყმაწვილკაცური სენისაგან განკურნება? ყველა "საღი აზრის მატარებელი" უნდა აღშფოთდეს მისი "აგრესიული იერიშით", ყოველმა ჩვენგანმა უნდა გააპროტესტოს ეს წრეგადასული უდიერება. საბედნიეროდ, ზემოაღნიშნულით ძირითადად თავად ავტორი ზარალდება: ის ხომ შესაშური მონდომებით იკნინებს საკუთარ ფიზიკურ ბუნებას - სხეულს! მართალია, კაცობრიობა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე "ბალახის ფოთლებში" აღწერილი - დამახინჯებული, თავლაფდასხმული და გაყალბებული. აი, ამიტომ ვერ იქონიებს ეს წიგნი ჩვენზე დიდ გავლენას, აი, ამიტომ გაუჭირდება ჩვენი დათრგუნვა.

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა
The Atlantic Monthly, January 1882

© “წიგნები – 24 საათი”

Tuesday, August 25, 2009

თომას მანის "ჯადოსნური მთა"


ტევტონური მთები

წარმოუდგენელია, რომ "ჯადოსნური მთა" დაეწერა არაევროპელს. ამასთან, მას ვერ შექმნიდა სხვა მწერალი, თომას მანის გარდა. ლოუი-პორტერის ბრწყინვალე თარგმანი, რომელიც ორ მსხვილ ტომს მოიცავს, ძალზე დამაჯერებელია. ამიტომ ზოგიერთი მკითხველი, რომელმაც ვერ შეძლო ბატონი მანის მძიმე და ხშირად უსიამოვნო, პათოლოგიური თხზულების ორიგინალის ბოლომდე წაკითხვა, მიენდო თარგმანს და მისი მეშვეობით გაიაზრა ნაწარმოები.
ისეთი წინდაუხედავი და გაუმართლებელი ნაბიჯი, როგორიცაა ლოუი-პორტერის მიერ "ჯადოსნური მთის" თარგმნა, არ გვაკვირვებს, მაგრამ მსგავსი ნაწარმოებები ჩვენში უცხო ხილია. რა თქმა უნდა, ინგლისელი მწერლები, განსაკუთრებით - ქეთრინ მენსფილდი და ბეატრის ჰარადენი თავს არ არიდებდნენ იმ თემას, რომელსაც ბატონმა მანმა გენიალური ოსტატობით შეასხა ხორცი, მაგრამ მენსფილდიც და "ღამეული გემების" ავტორიც ძირითად ადგილს არ უთმობდნენ მას თავიანთ ქმნილებებში; რაც შეეხება "ჯადოსნურ მთას", აქ ეს თემა ასახულია ყოველგვარი იუმორის გარეშე და შემზარავ შთაბეჭდილებას ტოვებს.
სცენას, სადაც ვითარდება ბატონი მანის რომანში აღწერილი მოვლენები, წარმოადგენს შვეიცარიის მთებში განლაგებული სანატორიუმი. რომანის თითქმის ყველა გმირი ჭლექიანია და ამ საბაბით ავტორი წარმოგვიდგენს "სხეულში ორგანული სითხეების განზავების" შემაძრწუნებელ სურათს. გმირების დაავადების ნიშან-თვისებები აუტანლად დეტალიზებულია. ეს, განსაკუთრებით, შეეხება რომანის მთავარ გმირს, ჰამბურგის ახალგაზრდა მკვიდრს, ჰანს კასტორპს, რომელიც ხანმოკლე ვიზიტით ესტუმრება ტუბერკულოზით დაავადებულ ბიძაშვილს, შემდეგ კი გებულობს, რომ თვითონაც ამ ავადმყოფობის მსხვერპლად იქცა.
სანატორიუმის მკვიდრთა ცხოვრება - მათი სასიყვარულო ურთიერთობები, ეჭვიანობა, სკანდალები, განურჩევლობა თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენებისადმი - მართლაც რომ ტევტონური გულმოდგინებითაა აღწერილი. წიგნის წინასიტყვაობაში მთარგმნელი გვატყობინებს, რომ დახმარება სთხოვა "ურთიერთგანსხვავებული სპეციალური დარგების ავტორიტეტებს", რათა ადეკვატურად გადმოეცა ბატონი მანის რომანის ზოგიერთი ეპიზოდი. როგორც ჩანს, სწორედ ამაში მდგომარეობს გამოჩენილი თანამედროვე გერმანელი მწერლის ტრიუმფი - მის ნაწარმოებში ყველაფერი ოსტატურადაა დასაბუთებული.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”

Saturday, August 15, 2009

დევიდ დემპსი - ნორმან მეილერის "შიშვლები და მკვდრები"


დევიდ დემპსი
პასუხი მათ, ვინც ომის მომხრეა
ნორმან მეილერის "შიშვლები და მკვდრები"


ვფიქრობ, ნორმან მეილერი არ უნდა დავძრახოთ იმისათვის, პირდაპირი იერიშით რომ შეეცადა იმის აღებას, რაც მასზე უკეთესად მიჩნეულმა მწერლებმა ბრძოლის სხვა ხერხებით ვერ მოიპოვეს. მისი რომანი "შიშვლები და მკვდრები" უსასრულო, სულისშემძვრელ კივილად აღიქმება, თანამედროვე ომის მთელ სისასტიკეს და დაუნდობლობას რომ ამხელს. ეს არის მართლაც ამბიციური ნაწარმოები, მაგრამ გაბედული და უკომპრომისო. მე მას თამამად მოვიხსენიებ იმ საუკეთესო წიგნების გვერდით, რაც კი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაწერილა. მიუხედავად ცალკეული მოსაწყენი პასაჟებისა, სადაც ხშირად ერთსა და იმავეს გვიმეორებენ, მიუხედავად დაჟინებული მრავალსიტყვაობისა და ანალიტიკური მომენტების სიჭარბისა, ეს არის ცინცხალი ნიჭით დაჯილდოებული სულ ახალგაზრდა, ოცდახუთი წლის კაცის ძლიერი და შთამბეჭდავი ნაწარმოები, რომლის აქა-იქ მიმოფანტული "ჩავარდნები" მხოლოდ იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ავტორს მოუხელთებელის შეწვდომა უფრო განუზრახავს, ვიდრე მისი ხელთ გდება და მუჭში გამომწყვდევა.
"შიშვლები და მკვდრები" უსაშველოდ დიდი რომანია, იმედგაცრუების მძლავრი ტალღით ნაპირზე გამორიყული! იგი ოცნების უფლებასაც კი არ გვიტოვებს და ისეთ უმოწყალო კანონადად ჩაგვესმის ყურში, რომლის დროსაც თითოეული ობიექტი თუ სამიზნე სულ ცოტა სამჯერ მაინც იწვნევს დარტყმას. გარდა ამისა, ეს არის მთავარი გმირის, გალაჰერის სექსუალურ განცდათა და ქმედებათა გუდმოდგინე რესტავრაცია. რომანის სტილი, არც მეტი არც ნაკლები, სალდაფონურია, გნებავთ ქუჩური, რაც, ალბათ, ბევრი მკითხველის სმენას შეურაცხყოფს, თუმც გაზვიადებული აქ თითქმის არაფერია: მეილერის მეომრები ხომ ადამიანებია, დათრგუნული, აგონიით განაწამები არსებები. ეს რომანი ომზე მოგვითხრობს და სისხლს გვაყურებინებს, ამიტომაც ის აისივით მეწამულია. ეს არის გაბედულ იერიშთა მთელი სერია, რომელთა დროსაც ობიექტი რატომღაც აუღებელი რჩება. ისე კი, ცოტა ჭირს იმის გარკვევა, ამ ობიექტში რა იგულისხმება.
მისტერ მეილერს აშკარად არ მოსწონს ომი, არც მასში მონაწილე მებრძოლებითაა აღტაცებული (ამისთვის, ცხადია, ორიგინალობას ვერ დავაბრალებთ). იგი ყველანაირად ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ომის მთელი საშინელება მის მონაწილეთა ბუნებიდან მომდინარეობს, მათი ბუნება კი, თავის მხრივ, ომსა და სამხედრო ატმოსფეროს დაუმახინჯებია. არა მგონია, მთლად ასე იყოს საქმე! მეორე მსოფლიო ომამდელი ახალგაზრდობა ისე იყო დეპრესიით მოდუნებული, რომ საყოველთაო დემოკრატიის ფხიზელ გუშაგად ვერა და ვერ გამოდგებოდა!
რომანის ორი პერსონაჟი ებრაელია, ერთიც - ეთნიკური მექსიკელი; ამერიკელი ხალხის ოცნება მათ ჯერ ბოლომდე ვერ "გაუმშობლიურებიათ". მაგრამ რას ვერჩით, როცა თავად ამერიკელებს ბევრი აქვთ ერთმანეთთან გასარკვევი და საკამათო. აზრთა ასეთი სხვადასხვაობა მშვიდობის დროს, ასე თუ ისე, ასატანია, ომში კი, შეუდარებლად გამწვავებული: სამხედრო ატმოსფერო ხომ არნახული აგრესიით მუხტავს ადამიანებს, სწორედ ეს არის რომანის კვინტესენცია და მთავარ გმირსაც, გალაჰერს, მისი ცხოვრების არცთუ სახარბიელო პერიოდში მოვიხელთებთ წიგნის ფურცლებზე.
მეილერი ამ წარმოსახვით ომს მებრძოლთა ჯგუფის, ერთი გენერლის და კიდევ ერთი მაიორის თვალით გვაყურებინებს. ესენი უკვე ადამიანები აღარ არიან; რაღაც ერთიან, საშინელებით ათრთოლებულ, გაშიშვლებულ ნერვად უფრო აღიქმებიან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს "საბრძოლო ერთეულები" სულიერი არსებანი, ცალკეული ინდივიდები იყვნენ ოდესღაც. რომანში ღრმად არის შესწავლილი მათი ხასიათები და იგი ბრწყინვალე რეტროსპექტული ჩანახატებით წარმოგვიდგება. სწორედ ეს მოქნილი ჩანახატები ადასტურებენ, რომ მეილერი ნიჭიერი და შორსმჭვრეტელი შემოქმედია. აი, ძირითადი სიუჟეტი კი ინერტულობით გამოირჩევა... დუნე, უსიცოცხლო თხრობის მსხვერპლს ემსგავსება. ბრძოლის ყველა დეტალის მხატვრულად "გადათარგმნა" არაფერს მატებს ტექსტს, მხოლოდ ამძიმებს. ამასთან ერთად, პერსონაჟთა წარსული და აწმყო ერთმანეთს მეტისმეტად სუსტად უკავშირდება, და მეტსაც გეტყვით: გენერალი, რომლის ხასიათის გამოძერწვაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ რომანში, ჩვეულებრივი ფაშისტის ინტელექტუალური ვერსიაა, სხვათა შორის, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული.
მაგრამ ეს თვალშისაცემი ხარვეზები ბევრს მაინც ვერაფერს აკლებს ნაწარმოებს. აქ ხომ უამრავ ოსტატურად ნაქსოვ სიუჟეტს გადააწყდებით: თვეზე მეტია, რაც გალაჰერს შეატყობინეს, რომ მისი ცოლი გარდაიცვალა, ის კი კვლავ იღებს ქალის ბარათებს, დაწერილს იქამდე, ვიდრე ის მშობიარობას გადაჰყვებოდა; უილსონის დაღუპვის ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია, რაც კი ოდესმე ომის თემაზე დაწერილ წიგნებში ამომიკითხავს; ვერაფერი დამავიწყებს სერჟანტ კროფტის სადისტურ სახეს, რომელსაც სურს საკუთარი ჯარისკაცები ფრიალო კლდეებზე აძრომიალოს. რატომ, ამაზე ნუ დაფიქრდებით... უნდა და მორჩა! ყოველივე ეს "ომის გულიდან" ამოზრდილი ტრაგედიაა, ტრიუმფი სენტიმენტალობას მოკლებული რეალიზმისა. "შიშვლები და მკვდრები" უბრწყინვალეს წიგნად არ მიმაჩნია, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო დანიჭიერი ამერიკელი მწერლის დაბადების საბუთად ხომ გამოდგება!

The New York Times Book Review
1948, 9 მაისი

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

© “წიგნები – 24 საათი”

Monday, June 22, 2009

ჯეკ კერუაკის რომანი "გზად"


ფება ლუ ადამსი
გზა ნირვანისაკენ
ჯეკ კერუაკის რომანი "გზად"


ჯეკ კერუაკის რიგით მეორე რომანში - "გზად" - გადმოცემულია მთხრობლის, სოლ პარადაისის თავგადასავალი. პარადაისი ომის ვეტერანია, რომელსაც, დემობილიზებულ ჯარისკაცთათვის დაწესებული შეღავათის წყალობით, უნივერსიტეტში სწავლის საშუალება მიეცა. ის ლოთობს და, სიფხიზლის მომენტებში, ლიტერატურული შემოქმედებითაა გატაცებული. პარადაისის ახალგაზრდა მეგობარი, დინ მორიარტი, დისციპლინარული სკოლის კურსდამთავრებულია. ჭაბუკებს არ ძალუძთ ერთ ადგილას ცხოვრება. ისინი დაძრწიან ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოს შორის, ქეიფობენ, ესწრებიან ჯაზის კონცერტებს და, ამასთან, დინი ირთულებს ცხოვრებას ხშირი ქორწინებებით. თავისუფალ დროს მეგობრები უთმობენ დინის მამის (ქრონიკული ლოთის, რომელიც, სავარაუდოდ, სადღაც, მისისიპის დასავლეთით დაყიალობს) ძებნას.
დინი უფრო მნიშვნელოვანი პერსონაჟია. კერუაკი დეტალურად აღწერს გმირის უწესრიგო ბავშვობას, დისციპლინარულ სკოლაში სწავლის ეპიზოდებს და, საერთოდ, მის უთვისტომო ცხოვრებას. დინი არ ეძიებს სტაბილურობას, მაგრამ ჯიუტად ისწრაფვის ეიფორიისკენ. ნარკოტიკები, სპირტიანი სასმელები, ქალები, ჯაზი, სწრაფმავალი მანქანები მას წარმოუდგება ნირვანის მისაღწევ საშუალებებად. მათზე იმდენი დრო იხარჯება, რომ ცხოვრებისგან გაქცევის ამ საშუალებათა მიღმა არსებული რეალობა შეუცნობელი რჩება.
საზოგადოდ, განმეორება მოსაბეზრებელია. ამასთან, ყოველივე, რისი თქმაც სურს კერუაკს დინის შესახებ, გადმოცემულია წიგნის პირველ მესამედში, რომანის დანარჩენი ნაწილი კი იმავე თემის ვარიაციებს წარმოადგენს. მოზღვავებული ენერგიისა და მნიშვნელოვანი ინტელექტის მქონე ჭაბუკის უუნარობა, იპოვოს თავისი ადგილი ორგანიზებულ საზოგადოებაში, საკმაოდ მომგებიანი თემაა, მაგრამ ერთგვაროვანი ვარიაციები აქარწყლებენ მოსალოდნელ ეფექტს.
აღსანიშნავია, რომ რომანი უხვად შეიცავს შესანიშნავ პასაჟებს. კერუაკისთვის დამახასიათებელია საგანგებო სტილი, ნაწილობრივ - ძალზე სადა, ნაწილობრივ - ჟარგონული, ნაწილობრივ - უჩვეულოდ ბრწყინვალე. მწერალი თითოეულ მათგანს უტყუარი ალღოთი იყენებს. ნაწარმოებში გვხვდება მათი ურიცხვი კომბინაცია და კონტრასტული შეპირისპირება. თხრობის ტემპი ისე ვითარდება, თითქოს მის საჭეს დინი მართავდეს, საათში 110 მილის თანაბარი სიჩქარით.
კერუაკის რომანი უაღრესად საინტერესოა. ის გვიცრუებს იმედებს, რადგან გამუდმებით გვპირდება ჭეშმარიტი მნიშვნელობის ან ძირითადი არსის გაცხადებას, მაგრამ არ გვაწვდის არავითარ დასკვნებს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან დიდი უფრო დამაჯერებელია, როგორც ექსცენტრიული პერსონაჟი, ვიდრე - როგორც სოციუმის რომელიმე ნაწილის ტიპიური წარმომადგენელი.

The Atlantic Monthly, 1957, ოქტომბერი.

© “წიგნები – 24 საათი”

Wednesday, June 3, 2009

პიტერ აკროიდი – სურნელით გატანჯული მკვლელი


რეცენზია პატრიკ ზიუსკინდის რომანზე "სურნელი" (მკვლელის ისტორია)

პატრიკ ზიუსკინდის ნაწარმოები წარმოადგენს წიგნს სურნელის შესახებ. რომანის პირველ გვერდზე დახასიათებულია მე-18 საუკუნის პარიზი, მისთვის ჩვეული სიბინძურით. ქალაქის ყველაზე მყრალ რაიონში, სასაფლაოს მახლობლად, თევზეულის ფარდულის სარდაფში დაიბადა "სურნელის" გმირი, ჟან-ბატისტ გრენუილი, რომლის საკვირველი თავისებურება ისაა, რომ მას არავითარი სუნი არა აქვს. ამ ობოლს სხეულის სუნის არქონა საზოგადოებისგან გარიყულ მარტოსულად აქცევს. გრენუილი, ერთდროულად, ბედნიერი ჯადოქარიცაა და შეჩვენებული პარიაც.
გმირს მოსვენებას არ აძლევენ ყნოსვითი შეგრძნებები. მას ძალუძს ცალკეული ქვებისა და წყლის სახეობათა სუნის გარჩევა და შორიდან გრძნობს თვით ყველაზე სუსტ არომატსაც. გრენუილს შეუძლია დაშალოს უმარტივესი სუნი მის შემადგენელ ელემენტებად. მაგალითად, ადამიანის დაყნოსვისას ის შეიგრძნობს კატის განავლის, ყველისა და ძმრის ნაზავ სუნს. ბავშვობისა და ახალგაზრდობისას გრენუილმა შეინარჩუნა სიცოცხლე მხოლოდ ძლიერი ინსტინქტის წყალობით - და გადაწყვიტა, ყოველთვის ემოქმედა აბსოლუტური ბოროტების პრინციპის საფუძველზე. მე-18 საუკუნის საფრანგეთში, "განმანათლებლობისა" და "პროგრესის" ეპოქაში ინსტინქტებს აყოლილი ეს კაცი თითქმის პირველყოფილ ადამიანად ჩანდა, ხოლო ულამაზესი სამშვენისებისგან განძარცული ამ სამყაროს ცენტრს მისთვის წარმოადგენდა მხოლოდ ყნოსვის ფუნდამენტური გრძნობა.

გრენუილის ერთადერთ მიზანია ყველა დროის უდიდეს პარფიუმერად იქცეს. საკუთანი სუნის არქონის შესანიღბავად ის ქმნის სუნამოს, რომელიც "აღიქმებოდა არა, უბრალოდ სუნამოდ, არამედ - არსებად, რომელიც სურნელს გამოსცემდა". გრენუილს ძალუძს იმგვარი სუნამოების შედგენა, რომლებიც იძლევიან ჰაერში მოკიაფე ფანტომური ობიექტის სუნთქვის ილუზიას. მაგრამ გმირის მიზნები ფატალურია: ადამიანებს საფრთხეს უქმნის მასთან დაახლოება, რადგან, გრენუილის აზრით, მიმზიდველი სურნელი სისხლის მსგავსად უნდა იქნას გამოწოვილი ცოცხალი არსებისგან.
თავდაპირველად გმირი ჰკლავს ქალიშვილს, რომლის ნაზი სურნელი მას მოსვენებას არ აძლევს. ამ გზით ის ართმევს ადამიანს "მის არომატულ სულს". მკვლელობა ამძაფრებს გრენუილის უკეთურ ვნებებს, მაგრამ მომდევნო მკვლელობის დაგეგმვამდე ის შეგირდად უდგება პარიზელ პარფიუმერს და იგონებს აქამდე არარსებულ სუნამოებს. შემდეგ გრენუილი შვიდი წლით უჩინარდება - ის თავს აფარებს უკაცრიელ, უსუნო ადგილს, სადაც მისი პირადი ძალა არაჩვეულებრივად იზრდება. ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებისას გმირი აგრძელებს თავის ფატალურ კარიერას, ჰკლავს რამდენიმე ქალიშვილს, გამოსწოვს მათ სურნელს და ტოვებს უსუნო გვამებს. იგია სურნელების ვამპირი - ნოსფერატუ. ბოლოს მას აპატიმრებენ და აწამებენ, მაგრამ გრენუილის არაადამიანური ძალა კიდევ ერთხელ იხსნის მას. რომანი იწყება როგორც ისტორიული დოკუმენტი და მთავრდება როგორც მეტაფიზიკური მისტერია.
რომანის თემა ტექსტს განსაცვიფრებელ გრძნობად უშუალობას ანიჭებს. ფიზიოლოგიური ხასიათის გამო ეს თემა ახლაც ძალზე აქტუალურია. ამდენად, ჩვენთვის ინფორმაციული ღირებულებითაა აღჭურვილი არა მარტო რომანის გმირი, გრენუილი, არამედ - მისი აკვიატებული იდეაც. გრენუილს უჭირს "უსუნო საგნების, აბსტრაქტული იდეების და ა.შ." სიტყვიერი განსაზღვრა, ამდენად, რომანის სამყაროში აბსტრაქტული საკითხები საზრისების ნიშნებს წარმოადგენენ. ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი, მღვდელი, ახასიათებს ცხვირს, როგორც "ყნოსვის, ე.ი. ერთ-ერთი ძირითადი გრძნობის ორგანოს", რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა "წარმართობისდროინდელ ბნელ ეპოქაში", მაგრამ ყნოსვის უნარი განსაზღვრავს გრენუილის ცხოვრებას თვით "განმანათლებლობის" საუკუნეში და, "სურნელის" მიხედვით, ის ამჟამადაც ქმედითია.
პატრიკ ზიუსკინდის ქმნილება არ წარმოადგენს მარტოოდენ ისტორიული აქსესუარებით გაჯერებულ ნაწარმოებს. ესაა მედიტაცია სიკვდილის, ვნებებისა და გახრწნილების შესახებ.
წიგნის ამოსავალი იდეა მარტივია: გრენუილი ენათესავება დრაკულას, მოხეტიალე მელმოტს (მე-19 ს. მწერლობის ამ შეჩვენებულ სულს) და გოთიკური ლიტერატურის სხვა პერსონაჟებს. ამასთან, ზიუსკინდის დახვეწილი, მაგრამ მაღალფარდოვანი პროზა გვაგონებს ოსკარ უაილდის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწარმოებებს. კერძოდ, "სურნელი" უჩვეულოდ წააგავს "დორიან გრეის პორტრეტს".
ა თქმა უნდა, ზოგიერთი მწერალი ზუსტად ამგვარი მიზნებით ასახავს წარსულს. ისტორია, როგორც ასეთი, იქცევა მათი საკუთარი სურვილებისა და იდეების ექოკამერად; მაგრამ ამისთვის საკმარისი როდია მარტივი სტილური ხერხების გამოყენება, თუმცა, რომანისტთა უმრავლესობის აზრით, ისტორიულ ნაწარმოებში მთავარია დაახლოებით სწორი "ატმოსფეროს" შექმნა. აქ მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება დეტალებს. დეტალების გარეშე არაფერი არსებობს, და "სურნელის" ერთ-ერთ ღირსებად მიგვაჩნია უტყუარი ალღო, რომლითაც ზიუსკინდმა ოსტატურად გამოიყენა XVIII ს. საფრანგეთის ცხოვრების ფარული ასპექტების საგულდაგულო კვლევის შედეგები.
"სურნელი" დრამატურგ პატრიკ ზიუსკინდის პირველი რომანია - და ის ფაქტი, რომ მწერალმა იმთავითვე მიმართა ისტორიულ ჟანრს, გვარწმუნებს ამ ჟანრის ცხოველმყოფელობაში. რომანი გვასწავლის, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ნატურალიზმი, ისე, რომ გვერდი ავუაროთ "ექსპერიმენტალიზმისა" და "მოდერნიზმის" მახეს. ნაწარმოებში თავს იჩენს რეალისტური მანერა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ ან სოციალურ დაკვირვებებთან, არამედ - ერწყმის გამონაგონს. მაშასადამე, როგორც ხასიათების ან ამბების რომანი, "სურნელი", საუკეთესო შემთხვევაში, ექსპერიმენტული ქმნილებაა. ამასთან, აღქმის დეტალური აღწერისა და საფუძვლიანი ისტორიული ანალიზის მიხედვით, ის წარმოადგენს ღრმააზროვან და დამაჯერებელ ნაწარმოებს.
გრენუილის ჯადოსნური სუნამოები ყოველთვის აღწევს მიზანს. ზუსტად ასევე, პატრიკ ზიუსკინდი წარმოქმნის გარდასული ეპოქის სარწმუნო ხატს. პარფიუმერი გრენუილი, ერთგვარად, რომანისტია, რომელიც ქმნის ფანტომურ ობიექტებს, ზიუსკინდი კი ენის მასალაზე მომუშავე პარფიუმერად წარმოგვიდგება. ესაა შესანიშნავი დებიუტი. "ის გრძნობდა" კედლის მიღმა მყოფი გოგონას"* (*სუნამოს სახელწოდება) სურნელსა და ბაღის არომატს, რომელთა კონტურებს ისევე მკაფიოდ და ზუსტად განასხვავებდა, როგორც - ცისარტყელას ფერად ზოლებს. ყველაზე სანუკვარი და მნიშვნელოვანი რამ ამ ზოლებს შორის იყო მოქცეული. გრენუილს ექტაზისგან ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო შიშისგან - აჟრჟოლებდა. დანაშაულის ადგილას დაჭერილი პატარა ბიჭის მსგავსად, სისხლი ჯერ თავში აუვარდა, შემდეგ კი - გულთან ჩამოეღვარა, და სისხლის ეს გიჟმაჟი მიმოქცევა მან ვერაფრით შეაჩერა. მარადისობაში, რომელსაც გრენუილი ჭვრეტდა, დრო მეორდებოდა ან მთლიანად ქრებოდა, და მან აღარ იცოდა, ემთხვეოდა თუ არა "ახლა" - "ახლას" და "აქ" - "აქ"-ს, და ეს იყო რიუ დე მარე, პარიზი, 1753 წლის სექტემბერი. ბაღის სურნელი იყო არომატი წითურთმიანი გოგონასი, რომელიც გრენუილმა იმ ღამეს მოკლა. მიხვდე, რომ სურნელმა კიდევ ერთხელ მოგგვარა ნეტარების ცრემლები - და იცოდე, რომ ვერაფერი შეგაშინებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე...
როდესაც გრენუილმა ძალ-ღონე მოიკრიბა და დამშვიდდა, ის ნელ-ნელა (რაც ნაკლებად სახიფათო იყო) დაეწაფა ფატალურ სურნელს. რა თქმა უნდა, ეს იყო წითელთმიანი გოგონას სურნელი. გრენუილმა მკაფიოდ დაინახა ("ყნოსვითი წარმოსახვის" წყალობით) გოგონა და მოინდომა მისი სურნელის დასაკუთრება. გოგონას სხეულიდან კანის აფცქვნა, ისე, რაიმეს კანს რომ აცლიან ხოლმე, და ამ სურნელის ქცევა საკუთარ სუნად...".

The New York Times Book Review, 1986, 21 სექტემბერი.

© “წიგნები – 24 საათი”


Sunday, May 3, 2009

კარლოს ფუენტესის "არტემიო კრუსის სიკვდილი"


მილდრედ ადამსი

ცხოვრების გზა გადაჭიმულია უმოქმედობასა და ბობოქრობას შორის

კარლოს ფუენტესის "არტემიო კრუსის სიკვდილი"


მექსიკელები ტერმინ "რევოლუციას" ორი მნიშვნელობით აღიქვამენ: ხანდაზმული ადამიანებისთვის ეს სიტყვა ასოცირდება 1911 წლის მრისხანე მოვლენებთან, როდესაც, პორფირიო დიასის რეჟიმის დამხობის შემდეგ, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წყობა. ამ კატასტროფის შედეგები მრავალი წლის განმავლობაში ზემოქმედებდა მექსიკის ცხოვრებაზე. მოხუცები სიძულვილით ან, პირიქით, მოწიწებით იხსენებენ 1911 წლის ამბებს, იმისდა მიხედვით, როგორ აისახა ის მათ ბედ-იღბალზე, მაგრამ მათთვის რევოლუცია უკვე წარსულს ჩაბარდა. ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა ინტელექტუალები, ამ რევოლუციას უარყოფითად აფასებენ, რადგან მან იმედები გაუცრუა მის მონაწილეებს. ახალგაზრდა მექსიკელებს რევოლუცია წარმოუდგებათ სამერმისო მიზნის, ერთგვარი ოცნების სახით, რომელიც მეტ-ნაკლებად მარქსისტული შეფერილობისაა.
მექსიკელი რომანისტი და ბრწყინვალე პოლემისტი კარლოს ფუენტესი მეორე ჯგუფს მიეკუთვნება. თავის უჩვეულო რომანში ფუენტესი გვამცნობს არა მარტო იმას, რომ 1911 წლის რევოლუცია უშედეგოდ დამთავრდა, არამედ იმასაც (რაც გაცილებით მნიშვნელოვანია), რომ მარქსისტული გადაწყვეტილებებიც იმავე ჩიხს აწყდება. მწერალი გვთავაზობს ეგზისტენციალისტურ გამოსავალს, მაგრამ თვით ფუენტესის გაბედულება აღემატება ეგზისტენციალისტურ მორჩილებას საკუთარი ხვედრისადმი.
რომანის მთავარი გმირი, არტემიო, ნაწარმოების დასაწყისში ფიზიკურად დაძაბუნებულია. ის ეძლევა მოგონებებს და, მათი დასრულებისას, კვდება. ამასთან, ფუენტესს სწამს, რომ ამგვარი "არტემიოები" ყოველთვის იქნებიან. დიასის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების დროს არტემიო გახლდათ ახალგაზრდა მეამბოხე ლეიტენანტი, შემდგომ კი იქცა დამარცხებული არისტოკრატებისა და გლეხების უმოწყალო ექსპლუატატორად. ერთ სოფელში, რომელიც აიღო მისმა რაზმმა, არტემიოს სატრფო მოძალადეობრივი სიკვდილით დაიღუპა. გმირი წლების განმავლობაში ცდილობდა, დაევიწყებინა ქალი უამრავი სასიყვარულო თავგადასავლის მეოხებით, რამაც სულაც არ შეუწყო ხელი არტემიოს ურთიერთობას კატალინასთან, მემამულის ასულთან. საბოლოოდ კრუსი ცოლად ირთავს კატალინას და ხელთ იგდებს სიმამრის მთელ ქონებას.
რომანის ღირსებათა საფუძველს წარმოადგენს არა ინტრიგა ან დამაბნეველი მხატვრული ხერხები, არამედ - ადამიანური დრამის მასშტაბები, მძაფრი სატირა და დაძაბული დიალოგები, რაც ზოგჯერ შესანიშნავი ოსტატობით ხორციელდება. ამ ნაწარმოების კითხვა სულიერ სიმშვიდეს როდი მოგანიჭებთ. ფუენტესი "გაბრაზებული ახალგაზრდა მწერალია" - იმდენად გაბრაზებული, რომ დროდადრო არათანმიმდევრულობასაც იჩენს. თუ გზას გაიკვალავთ დროის შუალედების დომხალში, აიტანთ ტლანქ გამოთქმებსა და სანტიმენტალურ კონტრაპუნქტს, მაშინ ამ ქმნილებაში იპოვით იმ პროტესტის მგზნებარე გამოძახილს, რომლის ზეგავლენით ახალგაზრდა მექსიკელმა ინტელექტუალებმა აითვალწუნეს (ყოველ შემთხვევაში, თეორიულად) მატერიალური კეთილდღეობა და დაიწყეს ღირსეული მიზნების ძიება. მოხუცებული არტემიო ამგვარად განმარტავს მათი უკმაყოფილების მიზეზს: "ზოგჯერ მეჩვენება, რომ სისხლისღვრისა და მკვლელობათა გარეშე უიმედობა მოგვიცავს. ენერგია გვეძალება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანას დამსჯელი რაზმები აჩანაგებენ".
ამჟამად, როდესაც გაცამტვერებულია ძველი იდეალები, უახლოეს ამოცანას წარმოადგენს ახალი მიზნების განსაზღვრა. ყოველმა თაობამ, ამბობს ფუენტესი, საკუთარი გამოცდილებით უნდა გაიგოს, რა არის იმედების გაცრუება და უნდა შეეგუოს ამას. "თქვენ გაუძლებთ... ცხოვრების გზა გადაჭიმულია უმოქმედობასა და ბობოქრობას შორის". მაგრამ ლათინური ამერიკის ლიტერატურა მეტყველებს, რომ პასიური შეგუება ადამიანის ხვედრთან ძნელად მისაღწევია, ეს ხვედრი კი, ფუენტესის რომანის მიხედვით, სრულიად აუტანელია. ამასთან, იმდენი რამ წავიკითხეთ ომების, სისხლისღვრის, სისასტიკის შესახებ, რომ მდაბიოთა ტლანქი გამოთქმები ჩვენზე არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს. მით უფრო დაუშვებელია სტილის თვითმიზნური გაჯერება უშვერი სიტყვებით, რასაც ფუენტესი ხშირად მიმართავს (ეს, საერთოდ, ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი სენია). მწერალიც და მექსიკაც უფრო ფაქიზ დამოკიდებულებას იმსახურებენ ერთიმეორის მიმართ.
ფუენტესი (ყოველ შემთხვევაში, მექსიკაში) მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ლიტერატურული ავტორიტეტით სარგებლობს. მისი ახალგაზრდა მკითხველები სამყაროს ფუენტესის წარმოდგენათა საფუძველზე აღიქვამენ. მწერალს ძალუძს, შთააგონოს ისინი ან გადაისროლოს სასოწარკვეთილების უფსკრულში. ამასთან, ახალგაზრდებს არ აკმაყოფილებთ შეგონებები იმის შესახებ, რომ სამყარო ბოროტებითაა აღსავსე, და რომ ისინი უნდა შეურიგდნენ ამ ფაქტს, თუმცა ვარსკვლავები მაინც კაშკაშებენ. ისმის კითხვა, ნუთუ ეს ყველაფერია, რისი თქმაც ფუენტესს ხელეწიფება, ან იქნებ მწერალს, მისი მდიდარი წარმოსახვისა და უდიდესი ოსტატობის წყალობით, შეუძლია დასახოს მიზნები, რომლებიც, მისივე თქმით, "სულიერ სიმხნევეს მიანიჭებენ მთელ კაცობრიობას"?

The New York Times Book Review
1964, 24 მაისი


ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ


© “წიგნები – 24 საათი”

Thursday, April 30, 2009

რეცენზია ჰერმან ჰესეს რომანზე "ტრამალის მგელი"


შემზარავი ზმანებები
რეცენზია ჰერმან ჰესეს რომანზე "ტრამალის მგელი"


"ტრამალის მგლის" გმირს მოცარტის ლანდი ეუბნება: "თქვენ საკუთარი ცხოვრებიდან ავადმყოფობის ამაზრზენი ისტორია შექმენით, ნიჭიდან კი - უბედურება". შემდეგ კი ისმის "მოცარტის სარკასტული, უხმო სიცილი".
ზოგჯერ მკითხველსაც ეცინება, რადგან გერმანელმა რომანისტებმა ზომაზე მეტად გააჯერეს თავიანთი ნაწარმოებები საშინელებებით. გერმანიაში "ტრამალის მგელი" ბესტსელერად იქცა 1927 წელს, ხოლო პოლ ბიუსონის "მელქიორ დრონტის ხელახალი დაბადება" (იმავე ჟანრის რომანი) - რამდენიმე წლით ადრე წარმოადგენდა ბესტსელერს. "ტრამალის მგლის" წარმატება მოწმობს, რომ ომისშემდგომ გერმანია ავადმყოფურად გაიტაცა ინტელექტუალურმა გადახრებმა. ჰესეს აზრით, ისტორიის ამგვარი პერიოდები მაშინ დგება, როდესაც "ორი ეპოქა, ორი კულტურა ან ორი რელიგია ნაწილობრივ გადაფარავს ურთიერთს".
შესაძლოა, "ტრამალის მგლის" ბრწყინვალე თარგმანი რამდენადმე მაინც განსხვავდება ორიგინალისგან, რადგან ჰარი ჰალერის (ნაწილობრივ ადამიანის, ნაწილობრივ კი - მგლის) გზა, რომელიც ისტერიასა და სიგიჟეზე გადის, უფრო აღგზნებას იწვევს, ვიდრე - აღელვებას, უფრო გროტესკულია, ვიდრე - ავბედითი. ნაწარმოები ემყარება ოსტატურად გააზრებულ სქემას და არა უშუალო მხატვრულ იმპულსს. ეს სქემა საკმარისად თვალსაჩინოა, რათა "ტრამალის მგელი" ლაღად და ინტერესით წავიკითხოთ. ამასთან, რომანის სქემა, საბოლოო ანგარიშში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი თემა, რადგან ჭიდილი ჰალერის ორ "მე"-ს შორის თანდათან ჰკარგავს სიმძაფრეს და, შესაბამისად, თემაც უფერულდება.
არც ჰალერმა-კაცმა და არც ტრამალის მგელმა არ უნდა დაუშვან "სხვისი" ჩარევა, რათა მიღწეულ იქნას ოსტატობა და სრულყოფილება. ჰალერი, ერთდროულად, ადამიანიცაა და მგელიც, თუმცა არ ემთხვევა არც ერთ მათგანს და არც - ორივეს. ის ინტელექტუალური იდეალისტი, სკეპტიკოსი და ნიჰილისტია, რომელიც ქედმაღლურად ეკიდება ადამიანთა მოდგმას, ანუ "მასზე მაღლა დგას", როგორც თვითონვე აღიარებს - ნაწარმოებში თხრობა პირველი პირის ფორმით წარიმართება - და ირჩევს "შეშლილების გზას". აქ გმირს ელის გასაოცარი ფანტასმაგორია, რომელიც თანამედროვე ქალაქური ცხოვრების მეშვეობითაა ინტერპრეტირებული. ნაწარმოებში გამოჩნდება არა მარტო მოცარტი, არამედ - ჰალერის მეორე კერპიც, გოეთე.
ავტორი სათანადო სიმაღლეზეა, როდესაც მიმართავს გმირის იდეალიზმის გაცამტვერებას. მის გულწრფელობაში შეინიშნება "შოუიანური" ღვარძლი, ხოლო ევროპული ცივილიზაციის მკაცრი კრიტიკა წარმოგვიდგება საღი აზროვნების გამოვლინებად, რაც ესოდენ იშვიათია ამ მანიაკალურ წიგნში.

Guardian,
1929, 21 ივნისი

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”

Thursday, March 19, 2009

საუკუნის წიგნი – ენტონი ბერჯესის "მექანიკური ფორთოხალი"


დავიწყოთ იმით, რომ "მექანიკური ფორთოხალი" შეუდარებელი რომანია. ახალგაზრდა ალექსის სახით ენტონი ბერჯესმა ისეთი გამორჩეული და ორიგინალური ბოროტმოქმედის პორტრეტი დაგვიხატა, რომ იგი გრემ გრინის ცნობილ პერსონაჟს, ფინქისაც არ უდებს ტოლს, ის კი არადა, აჭარბებს კიდეც ცინიკური სისასტიკითა და გულქვაობით. ალექსი არის ზნედაცემული, აულაგმავი თინეიჯერი, ერთი სიტყვით, გამოცხადებული პატარა ურჩხულია, რომელიც "უანგაროდ" უძღვნის თავს ბოროტებას და ფანტასტიკურ "საგმირო საქმეებსაც" ჯოჯოხეთური ცეცხლით აღაგზნებს. ის მიზანსწრაფი, თავდადებული ბოროტმოქმედია, თუმცა ძნელია მის საქციელში ლოგიკურობის მსგავსი რაიმის აღმოჩენა; იგი, უბრალოდ, ზვიგენივით უტრიალებს გარს თავის ლუკმას და ინტელექტთან შეზავებულ დაუნდობლობას აფრქვევს.
მწერალი, ძირითადად, სახელმწიფოსთან მის დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას, მის ამბოხზე იმ მანქანის წინააღმდეგ, რომელიც ალექსს არჩევანის უფლებისგან ძარცვავს და პირობითი რეფლექსების (ამ შემთხვევაში დადებითად მიჩნეულების) გროვად გადააქცევს. "მექანიკური ფორთოხალი" არის პატარა გამაოგნებელი მოღალატე, ჩვენზე სასურველი ეფექტის მოსახდენად ტელესკოპური სიზუსტით რომ გვთავაზობენ.
ყველაზე თავზარდამცემად კი ის მიმაჩნია, რომ ალექსის ეს სწორუპოვარი მონოლოგი მომავლიდან გადმოგზავნილ მემუარებად აღიქმება: ყმაწვილი ცხოვრობს ისეთ სამყაროში, რომელსაც მთელი სივრცე მოუცავს და სოციალური სიმსივნის გარდა სხვა რამ საფრთხე აღარ ემუქრება. როდესაც მისი თვალით შევყურებთ აწმყოს (ცხოველისდარად, მას წარსულისა და მყოფადის აღქმა არ შეუძლია), ახალ და უცხო პლანეტას აღმოვაჩენთ იმ სამყაროს მიღმა, მტრულად რომ არის განწყობილი ალექსისა და მისი ხულიგან-ბიტნიკი დამქაშების მიმართ და მაინც, რაღაც დოზით იგი ხელს უწყობს მათ სისასტიკეს.
ენა, რომელზედაც ეს ჯეელი და მისი "დოსტები ღადაობენ", კომუნიკაციის იშვიათი, არგაგონილი სახეობაა. ყოველი გვერდი დამუხტულია ამ ჟარგონის უჩვეულობით, მაგრამ საკმარისია წიგნის შუამდე მივაღწიოთ და ჩვენთვის უკვე აღარაფერი იქნება გაუგებარი. ამით მთხრობელის მიზანიც მიღწეულია: ჩვენ და ალექსი ერთსა და იმავე ენაზე ვამყარებთ ურთიერთობას, სტილისტური ხერხი, რომლითაც მისი ამბოხებული "ძმაკაცის" დასჯის ეპიზოდია გადმოცემული, ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოსაბეზრებლადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ ბერჯესი აქაც ისეთი ოსტატობით ახერხებს ჩვენს მორჯულებას, რომ აღარაფერი გვაქვს საწუწუნო. მისი ნეოლოგიზმები თითქმის ყოველთვის გამომწვევია, ზოგჯერ კი, თავშესაქცევად ირონიული (სიგარეტს "კიბოს ჩხირად" მოიხსენიებს), და წიგნის ბოლომდე ჩაკითხვისას ჩვენ გვეჩვენება, რომ ახალი ენაც შევისწავლეთ და ალექსის "საძმოშიც გავწევრიანდით".
ის დაუცხრომლად მიისწრაფვის "ყოვლადუმიზნომიზნისაკენ", განსასჯელს კი მტაცებლური ალღოთი ირჩევს. ალექსი და მისი "ძმაბიჭები" უმოწყალოდ უბრაგუნებენ მოხუც მეცნიერს, ერკინებიან მეტოქე ბანდას, მშვიდი სინდისით დააქროლებენ სხვის მანქანას, ჟეჟავენ მწერალს და თვალწინ "უფორმებენ" ლამაზ მეუღლეს. მაგრამ ალექსის ფანტაზია ამოუწურავია: ათიოდე წლის ორ გოგონას სახლში იტყუებს და წარბშეუხრელად ასალმებს უმანკოებას. ბოლოს კი მთელი სიამოვნება ამოშხამდება: გაძარცვის მიზნით ბინაში შეჭრილს ხანდაზმული ქალი შემოაკვდება და "კოპების" მიერ დაუზოგავად ნაგვემს გისოსებს მიღმა უწევს ყურყუტი. უგრძნობლობითა და გულგრილობით იგი კამიუს უცხოსაც კი უკან იტოვებს, ასე ვთქვათ, ამ პერსონაჟის გროტესკული ვარიანტია.
და აი, რომანის მეორე ნაწილში (იგი რაღაცით სამმოქმედებიან პიესას აგონებს მკითხველს) ამ ყმაწვილს სანიმუშო პატიმრის როლი მოურგია, თავს ისე აჩვენებს ციხის კაპელანს და ადმინისტრაციას, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ ბიბლია აინტერესებს... და გამოსწორების გზაზე შემდგარი დამნაშავის მორჩილებით ელის ბედის წყალობას. მაგრამ ყველაფერი წყალში ეყრება: თანასაკნელებთან ერთად მოუსავლეთში გზავნის ამოჩემებულ "ახალწვეულს" და ცხადია, ყველაფერი ისევ მარტო მას ბრალდება; ამიტომაც აირჩევენ "ლუდოვიკოს მეთოდის" საცდელ ბაჭიად, ეს მეთოდი კი ის პროცესი გახლავთ, ბატონებო, ნებისმიერი ძალადობის დანახვაზე კუჭის წვენს რომ ამოაღებინებს ადამიანს. ალექსს ზედა ქუთუთოებს პაწაწკინტელა სარჭებით უმაგრებენ, რათა თვალი ვერ მოაშოროს ეკრანს, რომელზეც ძალადობას ძალადობა ეცილება. ამ გზით "გადარემონტებულ" ადამიანს უკვე ბიბლიაც აღარ სჭირდება, ისეთი უსაშველო სათნოებითაა აღჭურვილი. შემდეგ კი ალექსს ბედის ანაბარა მიატოვებენ, ვირთხასავით გამოამწყვდევენ რეფლექსების გალიაში და საბოლოოდ პოლიტიკურ პაიკადაც იყენებენ. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ავტორი საზოგადოების გასაფრთხილებლად და დასამოძღვრად აღწერს.
მთელი რომანი კი იმის შეგონებაა, რომ კეთილი ნებით არჩეული ბოროტება უნდა გვიჯობდეს თავსმოხვეულ სიქველესა და სათნოებას. აქ უნებურად ასეთი კითხვა გვებადება: გარდა საკუთარი არჩევნისა, საზოგადოების გულგრილობაც ხომ არ განაპირობებს ამ ყმაწვილის სისასტიკეს? საბედნიეროდ, მისტერ ბერჯესი ჩრდილს არ აყენებს ამ შესანიშნავ ნაწარმოებს და თავს არიდებს ასეთ ბანალურ კითხვაზე მზამზარეული პასუხის შემოთავაზებას. ის უბრალოდ გვიყვება "დამშოკავ" ამბებს, რომელიც ინდივიდის სოციალურ გადახრასა და ამავე ინდივიდის კეთილ ნებაზე კოლექტიური ოპერაციის ჩატარების პროცესს ასახავს. სხვათა შორის, მისი მიზანი, ცოტა არ იყოს, თავის თავს უსწრებს რომანის მეორე ნახევარში: იმის ნაცვლად, რომ ირონია აქ აღწერილი სიტუაციებიდან ამოიზარდოს, პირიქით ხდება, მწერალი თავად ამ ეპიზოდებს ახვევს თავს სარკაზმს, რითიც აბლაგვებს სამართებლივით მჭრელ პროზას. იმის დამატებაღა დაგვრჩენია, რომ "მექანიკური ფორთოხალი" არის ბოროტებისა და ძალადობის ჰიპერბოდა, უმოწყალობის დემონსტრაცია, სატირა ცალკეულ თუ კოლექტიურ ანომალიაზე.

The New York Times
მარტი 19, 1963

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა


© "წიგნები – 24 საათი"

Wednesday, March 18, 2009

დონალდ კინი - იუკიო მიშიმას "ოქროს ტაძარი"


დონალდ კინი

სილამაზე მოსისხლე მტრად იქცევა

იუკიო მიშიმას "ოქროს ტაძარი"

1950 წლის ივლისში ხელოვნების თაყვანისმცემლები გააოგნა ცნობამ იმის შესახებ, რომ "ოქროს ტაძარს" კიოტოში განზრახ ცეცხლი წაუკიდა შეშლილმა ახალგაზრდა ბერმა. ამ მახინჯმა, ენაბრგვილმა კაცმა სასამართლოზე განაცხადა, რომ, საერთოდ, სძულდა სილამაზე და ამიტომაც გაანადგურა მეთექვსმეტე საუკუნის ძეგლი. თავისი საქციელის გამო ბერს სინანული არ გამოუთქვამს.
ზემომითითებული ინციდენტი და ბერის ცხოვრების სხვა დეტალები საფუძვლად დაედო იუკიო მიშიმას შესანიშნავ რომანს. ესაა მიშიმას მესამე წიგნი, რომელიც აშშ-ში გამოქვეყნდა. მან მწერალს საუკეთესო იაპონელი რომანისტის სახელი მოუხვეჭა, თუმცა მიშიმა მხოლოდ 34 წლისაა. მისმა ადრინდელმა თხზულებებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ "ოქროს ტაძარში" მიშიმა, ჩემი აზრით, წარმოგვიდგება, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი გამოჩენილი რომანისტი.
ნაწარმოებში მთხრობელი აგვიწერს ბერ მიცოგუშის უჩვეულო დამოკიდებულებას ოქროს პავილიონის მიმართ, დაწყებული იმ დროიდან, როდესაც მამამისმა პირველად უამბო შვილს ტაძრის უბადლო სილამაზის შესახებ, და დამთავრებული მომენტით, როდესაც "ვალმოხდილი" ბერი უდარდელად ეწევა სიგარეტს ტაძრის განადგურების შემდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიცოგუშის აზრები პავილიონის ირგვლივ ტრიალებდა. ომის დროს ბერი ამ შენობას დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის ნამდვილ სიმბოლოდ მიიჩნევდა, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ პავილიონის ხან საშიშარი, ხან კი საამო ზეგავლენა მიცოგუშის სულიერ სამყაროზე კიდევ უფრო გაძლიერდა. ტაძრის მშვენებამ ხელიც კი შეუშალა მიცოგუშის, დამტკბარიყო მასზე შეყვარებული ქალიშვილის ალერსით. ბერი ხვდება, რომ მხოლოდ ტაძრის განადგურება მოუტანს შინაგან თავისუფლებას.
ესაა ძენ-ბუდისტური ტაძარი, და ძენის კოანებს ნაწარმოებში მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება. "ნანსენი ჰკლავს კნუტს" - ეს კოანი გვამცნობს ბერ ნანსენის შესახებ. დავა ორ ტაძარს შორის, რომლებიც ურთიერთს ეცილებოდნენ კნუტს, ნანსენმა გადაჭრა ამ კნუტის მოკვლის მეშვეობით. მოგვიანებით ბრუნდება მისი მთავარი შეგირდი: ჩოშუ, და როდესაც გებულობს ნანსენის საქციელის შესახებ, იხდის თავის მტვრიან ფეხსაცმელებს და თავზე იწყობს. ნანსენი ეუბნება ჩოშუს: "შენ რომ აქ ყოფილიყავი, კნუტი, ალბათ, გადარჩებოდა". ამ კოანს უკითხავს ბერებს ტაძრის წინამძღვარი 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის დღეს. ბერებს ვერ გაუგიათ მისი მნიშვნელობა და ვერ ახერხებენ კოანის განმარტებას, თუმცა, შესაძლებელია, ჩოშუს თვითგანქიქება განასახიერებს იაპონიის მარცხს. ამავე კოანს განსხვავებულად აღიქვამს კოჭლი ბერი კაშივაგი. მისი აზრით, კნუტი სხვა არაფერია, თუ არა ნანსენის მიერ განადგურებული სილამაზე, რადგან ეს უკანასკნელი უთანხმოების მიზეზს წარმოადგენს. ამასთან, ჩოშუ, ფეხსაცმელების თავზე დაწყობის მეშვეობით, აქარწყლებს ეგზომ მარტივ განმარტებას. კიდევ ერთი ინტერპრეტაციით, კაშივაგი ვარაუდობს, რომ მიცოგუშის სურს, ჩოშუსგან დაიცვას სილამაზე ცოდნის მეშვეობით. მაგრამ მიცოგუშის აზრით, მისი დამოკიდებულება სილამაზის მიმართ მისივე ენაბრგვილობის ჭეშმარიტ მიზეზს წარმოადგენს. ის ამბობს: "სილამაზე, ლამაზი საგნები ახლა ჩემი მოსისხლე მტრებია".
თუ მიცოგუში გვევლინება ნანსენის - გამანადგურებლის და განმათავისუფლებლის - სახით, მის ჩოშუდ წარმოგვიდგება წინამძღვარი, რომელიც ისევე იოლად ეგუება და ღებულობს ბოროტებას, როგორც ღებულობს სიგარეტების კოლოფებს ამერიკელი ჯარისკაცისგან, როგორც მეძავთან ურთიერთობის საზღაურს. მოგვიანებით მიცოგუში რწმუნდება, რომ წინამძღვარი ტაძრის ფულად სახსრებს გეიშას ახარჯავს. ბერის დამცინავ მხილებას წინამძღვარი ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ საბოლოოდ მიცოგუში იხილავს, როგორ საწყალობლად ლოცულობს უდრტვინველი მორჩილების პოზაში პირქვე დამხობილი წინამძღვარი.
მიუხედავად ამ სირთულისა, რომანი ძალდაუტანებლად იკითხება. იაპონიაში მას გაეცნო 300 000-ზე მეტი მკითხველი. თუ ნაწარმოებს აღვიქვამთ, როგორც უბრალოდ, ამბავს კაცისა, რომელმაც დაწვა სახელგანთქმული არქიტექტურული ძეგლი, წიგნი ბევრ ინტერესს აღგვიძრავს. ამასთან, მისი მნიშვნელობის დამატებითი კონოტაციები თითოეულ მკითხველს თავისებურად წარმოუდგება. ნენსი უილსონ როსის შესანიშნავი წინასიტყვაობა დაეხმარება ამერიკელ მკითხველებს, დატკბნენ ამ ქმნილებით.

New York Times Book Review
1959, 31 მაისი


ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
© “წიგნები – 24 საათი“