Monday, August 30, 2010

ქრისტინე ბუსტა - ბავშვობის ფერები


ავსტრიელი პოეტი ქალი ქრისტინე ბუსტა (1915-1987) ევროპისათვის კრიზისულ პერიოდში დაიბადა და უკიდურეს სიღარიბეში გაატარა ბავშვობის წლები. მისი მარტოხელა დედა გამყიდვლად მუშაობდა და ძალზე უჭირდა თავის გატანა.
ქრისტინე ბუსტას პოეზია ბუნებისა და ადამიანისადმი ფაქიზი, მოსიყვარულე დამოკიდებულებითაა აღბეჭდილი. თავის ლირიკაში ის უბრუნდება ტრადიციულ რელიგიურ და მითოსულ მოტივებს, აცოცხლებს სახარებისეულ თუ ანტიკურ სურათებს, შემოჰყავს შექსპირის დრამების პერსონაჟები. წლების მანძილზე მისმა ლექსებმა თანდათან მოკლე, სხატრი, აფორისტული ფორმა შეიძინა. მას მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სალიტერატურო პრემია, მათ შორის - 1954 წელს გეორგ თრაქლის პრემია ქრისტინე ლავანტთან ერთად.

მთარგმნელი


ჩემი ბავშობის ოთახს რუხი ფერის კედლები ჰქონდა. ვინ იცის, იქნებ ამ ფერმა, ჩემი ცხოვრების ამდენ წელიწადს რომ ეფარა, გადამწყვეტად და სამუდამოდ შემიცვალა ხასიათი და მსოფლმხედველობა, როგორც კარგი, ისე ცუდი თვალსაზრისითაც. ვიდრე ახალი იყო, ალბათ ღია ნაცრისფერი უნდა ყოფილიყო, - მშვიდი წვიმიანი დღეების ნათელივით მსუბუქი და ნაზი. მაგრამ იმ დროისათვის, როცა წარუშლელად ჩამებეჭდა მახსოვობაში, უკვე ჩამუქებულიყო, და თანდათანობით, წლიდან წლამდე, გამიმხილა შიშით დაფარული სიმძიმილის საიდუმლო, რომელშიც ვიზრდებოდი და რომელმაც მწარე და ნაადრევი სიბრძნე შემძინა.
ვერაფრით ვიხსენებ, იმხანად სადმე სხვა ადამიანების ოთახებში ასეთივე რუხი ფერი შემემჩნიოს, ამიტომაც ის ყველაზე ადრინდელ საკუთრებად მექცა, სხვა ბავშვების ფერადოვან ცხოვებას რომ მარიდებდა, განსაკუთრებულობასა და დამოუკიდებლობას მანიჭებდა, საკუთარ თავთან მარტო მტოვებდა. დედაჩემი დილაადრიან სამუშაოზე მიდიოდა და მხოლოდ გვიან საღამოს ბრუნდებოდა. თანატოლებთან თამაშს მიკრძალავდა, ალბათ არამხოლოდ იმის შიშით, რომ მის მეთვალყურეობას მოკლებული, ცუდ წრეში გავებმეოდი, არამედ იმის გამოც, რომ ნებისმიერ დამეგობრებას ორივე მხიდან სტუმრობა უნდა მოჰყოლოდა, მისი თავმოყვარეობა კი ჩვენი უკიდურესი სიდუხჭირის სხვისთვის გამხელას ვერ აიტანდა.
იყო დრო, როცა დედაჩემს შეეძლო, სამსახურის მძიმე წლების დანაზოგი ერთბაშად მიეხარჯა უეცარ გაჭირვებაში ჩავადნილი ახლობლისათვის, თუმცა ამ სიკეთეზე მუდამ მხოლოდ უმადურობით ჰპასუხობდნენ; საკუთარმა სიღარიბემ სხვის მიმართ შემწყნარებლობა ასწავლა. მაგრამ სხვებივით რომ ვერა და ვერ მოიწყო წესიერი ბინა და, თუმცა წელებზე ფეხებს იდგამდა, მაინც ძლივძლივობით გაგვქონდა თავი, ეს მძიმე მარცხად და სირცხვილად ჩათვალა, გამწარდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. მთელ თავის მწირ თავისუფალ დროს დაუღალავ შრომას ანდომებდა: კემსავდა, კერავდა, რეცხავდა და ხეხავდა. ყველა პატიოსანი საშუალებით ებრძოდა გაჭირვებას, იმასაც კი აკეთებდა, რაც მის ძალებს აღემატებოდა, რათა ჩვენი ბინის ზღურბლამდე მაინც შეგვენარჩუნებინა წესიერი საშუალო მოქალაქის იერი, - ვიდრე უმუშევრობისა და ავადმყოფობის საზარელმა წლებმა მთელი ჯაფა წყალში არ ჩაუყარა. ამ ზღურბლს იქით კი ძალზე უხალისოდ თუ უშვებდა ვინმეს. როდესაც მსურს, იმ წლებიდან მისი სახე გამოვიხმო, კვლავაც და კვლავაც ერთ შობისწინა ღამეს ვაწყდები, როცა რაღაც მჭახე, სისინა ხმა ნაბიჯ-ნაბიჯ შემოიჭრა ჩემს ბავშვურ ძილში, ვიდრე ჩემს ცნობიერებას არ ჩააფრინდა და საწოლში ყვირილით არ წამომახტუნა. არ დამსიზმრებია: საზარელი მხეცი მართლაც აქ, ოთახში იყო და იატაკზე შხიოდა ჩვარგადაფარებული ნავთის ლამფის იდუმალ სინათლეში. დედაჩემის საწოლი ცარიელი და ხელუხლებელი იყო, მაგრამ ჩემი ლოგინის ქვეშიდან უეცრად მისმა სახემ ამოყვინთა, მოჩვენებასავით ფემკრთალმა. მუხლებზე იდგა მარცხენა ხელზე დაყრდნობილი და მარჯვენა ხელით საბანი რომ მხრებზე მომაფარა, თუთქისა და ცივი სისველის სუნი მეცა. "დაიძინე", - მითხრა, - "არაფერია. იატაკის გახეხვა უნდა მოვასწრო, ხვალ ხომ ქრისტეშობაა". ეტყობოდა, ამ სიტყვებით ჩემი ნუგეშისცემა უნდოდა, მაგრამ მისი ქოშინი დღესაც ჩამესმის, მისი ბაგე დაბრეცილი მეჩვენა, მზერაში კი მალულ ბოღმასავით იკითხებოდა გადაღლილობა.
ამ ყოველივეს მტკივნეულ საზრისს მხოლოდ მერე და მერეღა ჩავწვდი, მაგრამ ამ სურათის ყოველი ნაკვთი ჩემს სულს დაღად დაებეჭდა. და შემდგომში არაერთხელ დამისვამს ჩემი თავისათვის ეს შეკითხვა: განა იმ ღამით დედაჩემის მუხლმოყრილი დგომა ღვთის წინაშე განუზომლად მეტს არ იწონის, ვიდრე ღვთისმოსავ მლოცველთა გალობანი შობის კვირაძალს? ამ დიდი დღესასწაულისათვის ზოგიერთი ოთახის მომზადება უფრო ჭირს, ვიდრე ზოგიერთი გულისა. ჩვენს კედლებს, რა საკვირველია, თვით დაჩოქილმა დედაჩემმაც კი ვერაფერი უშველა: რუხი ფერი ისევ ისე უმოწყალოდ დარჩა, მხოლოდ კიდევ უფრო გარუხებულიყო.
თექვსმეტი წლისა რომ ვიყავი, ერთი უმუშევარი ბიძაშვილი ორი დღის სარჩოსა და მასალის ხარჯის ანაზღაურების ფასად კედლების დასუფთავებასა და ახალ, ყოვლად ფანტასტიკურ ფერად შეღებვაზე დაგვთანხმდა. სხვადასხვა საღებავის მწირი ნარჩენები ერთმანებში აურია და ორი უცნაური ფერი შექმნა: ერთი - არც მთლად ვარდისფერი, მეორე - არა-ყავისფერი. გამოვიდა, რომ ის გრძელი რუხი წვიმიანი წელიწადები ერთ დაღვრემილ უსასრულო შემოდგომაში გავცვალეთ, ფოთოლცვენას რომ არ იცნობდა და ყოველ ახალ მთვარეს აჟანგებდა და ასამარებდა.
და მაინც, იმ წარუშლელ შთაბეჭდლებასთან შედარებით, სხვა ფერმა რომ დატოვა ჩემში, ეს შემოდგომა მხოლოდ ეპიზოდად თუ ჩაითვლება. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ოთახი უცვლელი რუხი კედლების ფონზე ხასხასა მწვანესაც შეიცავდა, დრო და დრო ძალზე იდუმალად რომ სადღაც ქრებოდა და ისევ ბრუნდებოდა. ამ ცვალებადობით, როგორც წელიწადის დროთა ცვლით, მალევე შემეძლო, უშეცდომოდ ამომეცნო ჩვენი გაჭირვების მეტ-ნაკლებობის მერყევი რიტმი.
ეს მწვანე მიყვარდა; ის მშვიდი კუნძულივით იყო ჩვენს ოთახში, სადაც ავეჯი, სხვადასხვა მეძველმანის დუქნებიდან შეგროვებულ-შეკოწიწებული, თანხმობაში ვერასოდეს მოდიოდა, და საწოლებს, - რომელთაგან ერთი უხეში რკინისა იყო, მეორე კი ხისა, ბაროკოს სტილში მოჩუქურთმეული, - რაღაც საზეიმო ერთსულოვნების ელფერს აძლევდა. ეს გადასაფარებლები დედაჩემის ერთადერთი სიამაყე გახლდათ. ყოველკვირა გულდასმით წმენდდა ჯაგრისით, ყოველდღე სათუთად ასწორებდა, - ისინი სვეკეთილი მყუდროების ერთადერთ ხორცშესხმად ეგულებოდა. როცა გადასაფარებლები ქრებოდა, დედის სიმკაცრე კიდევ უფრო ულმობლად მეჩვენებოდა, შიშველი საწოლები კი მხოლოდ მაშინ იძლეოდა ნუგეშს, როდესაც მათში შეძვრებოდი და ჩაეხვეოდი. სხვა ყველაფერზე უფრო ხშირად ეს გადასაფარებლები მიდიოდა ქიმწმენდაში და გულში ვმალავდი გაოცებას, რატომ ისვრებოდა ისინი ჩვენი მაგიდის თეთრ გადასაფარებელზე უფრო სწრაფად, ვიდრე ერთხელაც ჭურჭლის კარადაში წითელი ბარათი არ აღმოვაჩინე, რომელზედაც ძლივძლივობით გავშიფრე გაუგებარი სიტყვა: "ლომბარდი". ჩიხში მომწყვდეული დედის ახსნა-განმარტების შემდეგ თანდათან დავიწყე იმის შემჩნევა, რომ სხვა ნივთებიც, - პალტოები, ფეხსაცმელი, თეთრეული და ერთადერთი ბეჭედი, დედის თითზე ერთხელაც რომ არ მინახავს, დროდადრო უჩინარდებოდა და უკან ძალზე იშვათად თუ ბრუნდებოდა.
ჩემი ბავშვური შეფასებით ეს გადასაფარებლები მაინც ყველაზე ძვირფასი იყო, მათ ყველაფერ სხვაზე უფრო მტკივნეულად ვისაკლისებდი, რადგან მათ ზოგჯერ ზაფხულობით დედის ზურგსუკან ერთი უცნაური თამაშისათვის ვიყენებდი, რომელიც, ვიცოდი, მათი ასე ნაფერები სისუფთავის შერყვნის დიდ ცოდვაში მეთვლებოდა. ეს ცოდვა მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ ვაღიარე, როდესაც ისინი, დედის ყველაზე წარმოსადეგ ტანსაცმელთან, - ყავისფერ კოსტუმთან - ერთად უკვე რახანია გასდგომოდნენ იმ უკანასკნელ გზას ლომბარდიდან აუქციონზე, მთელ ჩვენს საუკეთესო ქონებას რომ ერგო ბედად. ჩემი ბავშვობის მშიდი და მწვანე მოგონებებიდან ყველაზე უფრო მშვიდი და მწვანე ზაფხულებია. მაგრამ ეს ტყისა და მინდვრის სიმწვანე როდი იყო, რომლითაც ჩემი თანაკლასელები ტკბებოდნენ შეუზღუდავი თავისუფლების ნეტარ დღეებში; რომლის ზღაპრული სურნელი სწავლის დაწყების შემდეგაც დიდხანს წამოჰყვებოდათ და დასვენებებზე მღელვარედ ნაამბობ თავგადასავლებში ამოიფრქვეოდა. ეს დახურულ დარაბებს მიღმა დავანებული ბინდის სიმწვანე იყო, ოთახს სულისშემხუთავი სიცხისაგან რომ იცავდა. ეს სიმწვანე ქმნიდა გრილ სივრცეს, სადაც ნიავი არ იძვროდა და სადაც მიმქრალი გონებით უკვე სულ სხვა სინამდვილეში ვეშვებოდი. დედას ძალზე მოკლე შვებულებები ჰქონდა, ფული კი მხოლოდ აქა-იქ ჰყოფნიდა ქალაქგარეთ გასასვლელად. ასე რომ ხანდახან კვირაობით თითქმის მთელი დღე მარტო ვიჯექი ოთხ კედელში გამომწყვდეული და, ძალაუნებურად, ჩემსავე გამოგონილ თამაშში ჩავები, რომელსაც "სოფლობანა და და-ძმობანა" დავარქვი. ამ თამაშში ჩემი საყვარელი წიგნების ლანდშაფტები და პერსონაჟები სულ ერთმანეთში ავურიე, მოქმედების ერთ ადგილას მოვაქციე და ერთ დიდ ოჯახად ვაქციე, რომელთან ერთადაც ბუნებაში ვმოგზაურობდი. ასეთნაირად შევიძინე სამი ძმა, ოთხი და, მამა, რომელიც ექიმი იყო, ბებია, რომელსაც რაიხენთალში ჰქონდა კარ-მიდამო, და თავბრუდამხვევი თავგადასავლები, რომლებიც იმდენად მიტაცებდა, რომ, როცა შინ მოსული დედა კვლავ რეალობაში მაბრუნებდა, თავს გაძარცვულად და მარტოდ ვგძნობდი. ჩემი ფანტაზიის სამყაროში ოცნებასა და სინამდვილეს შორის ზღვარი ისე საშიშად წაშლილიყო, რომ ერთხელ, საავადმყოფოში ხანგრძლივი წოლისას, მოულოდნელად წავასწარი საკუთარ თავს, თუ როგორ ვუამბობდი უცხო ბავშვებს ჩემი და-ძმებისა და მოგზაურობების შესახებ.
ჩემს თამაშებში მწვანე გადასაფარებლებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. რიგ-რიგობით, რათა რომელიმე მეტად არ გაცვეთილიყო, ხან ერთს ჩამოვიღებდი საწოლიდან, ხანაც მეორეს, - შემდეგ არც თუ მცირე ჯაფად მიჯდებოდა მათი კვლავ გადაფარება ისე, რომ დედას ეჭვი არ აეღო, - და ფანჯრის ქვეშ იატაკზე გავშლიდი ხოლმე, სადაც დარაბის ჭრილში შემოსული მზის სხივები თამაშობდნენ, ფეხზე გავიხდიდი და მწვანე სიბრტყეზე შევაბიჯებდი. და ის იმწამსვე გარდაისახებოდა მოლად და ხავსად, რომელზეც ნეტარებით ვწვებოდი. ნაპირებზე მას ბაცი, მოყვითალო ზოლები დაჰყვებოდა. ეს იყო ჩემი ნაკადულები, ჩემი ბაბუაწვერა და ბაია. პურის გულისაგან პაწაწინა სოკოებს ვძერწავდი, ძირს ვდგავდი და ვიყავი ტყეში. ერთ ვაშლს ან ქლიავს თუ დავაგორებდი ზედ, უკვე ბაღი მქონდა. ასანთის კოლოფებისა და ფერადი ქაღალდისაგან ციცქნა სახლებს ვაშენებდი და მათგან ვქმნიდი მწვანეში ჩაფლულ არნახულ ქალაქებსა და სოფლებს, რომლებსაც შემდეგ გაოცებული შემოვივლიდი. ჩემს უფროს დასთან ერთად ვმღეროდი და ვლაპარაკობდი, ანდა თვალებს ვხუჭავდი და ჩემი პატარა ძმების სიცილს ვაყურადებდი. ვიცოდი, დედას უხაროდა, რომ მამამ კიდევ ერთ ავადმყოფს შეუნარჩუნა სიცოცხლე, ხოლო ბებია ფერადი კენკრებით სავსე ჯამებს აჟღარუნებდა, თეთრ, ახალმოწველილ რძეს ასხამდა შიგ. და მოულოდნელად თავში კარგი აზრი მომდიოდა. ჩემს კლასელ გოგონას მოვიპატიჟებდი. მას ქრისტელი ერქვა და სოფელში გამგზავრება არ შეეძლო, რადგან დედამისი უბრალო გამყიდველი იყო. მას არც მამა ჰყავდა, არც ბებია, არც და-ძმა და სულ მარტო იყო. ის რუხკედლებიან ოთახში ცხოვრობდა, მე კი მთელი უკიდეგანო მწვანე სამყარო მეკუთვნოდა.
ჩემი ჯადოსნური მწვანე ხალიჩა ზაფხულის ყველა სიხარულს მიცვლიდა. თანაც მისი ნაჩუქარი წუთები დაუბინდავი რჩებოდა ყოველი იმედგაცრუებისაგან, გარდუვალად თან რომ ახლავს სინამდვილეს, სადაც ჩვენი სული მშვიდი თვითმმართველობის სფეროს ტოვებს და უცხო ძალთა თამაშის არეში ხვდება.
მაგრამ თანდათანობით ჩემი ბავშვური თამაშების ეს სახეები ჯადოსნური საუფლოს ნაპირზე აღმოჩნდნენ და ჩემი სიმარტოვის წიაღში სულ სხვა ნანდაურთ დაუთმეს ადგილი. ზოგიერთ მათგანს სამუდამოდ დავუმეგობრდი, უფრო გუმანით, ვიდრე ცხადად. ასეთი მოწიწებითა და გაოცებით შემდგომში აღარასოდეს შემისრუტავს შტიფტერის თხზულებანი და ვერთერის ცეცხლოვანი ენის მუსიკა, როგორც იქ, ჩემს ზაფხულის მწვანე კუნძულზე.
ვიდრე სამუდამოდ არ დავკარგავდი მასთან სიახლოვეს, მან მიბოძა უკანასკნელი დიდი შეხვედრა: ძმები კარამაზოვები. ისინი მეტისმეტად ნაადრევად წავიკითხე, მაგრამ მათი ვეება წყვდიადიდან, რომლის დაძლევაც ყოვლად შეუძლებელი იყო ჩემთვის, ელვასავით მომხვდა ერთი ფრაზა, მრავალი წლით რომ გადამისროლა წინ ჩემი ზრდის გზაზე. ვიმეორებდი მას, რათა უკვე აღარასოდეს დამვიწყებოდა და მეგონა, ყველა ნაცნობ ნაპირს ვშორდებოდი: "ჯოჯოხეთი ისაა, როცა სიყვარული აღარ შეგიძლია". მან ამომგლიჯა ჩემი ბავშვობიდან და ყოველი შიშის უფსკრულის პირას გამრიყა, - იქ, სადაც ადამიანად ყოფნას ვსწავლობთ, სადაც ჩვენს თვალებს ახალი ფერები აწყდება და მათი შმაგი ქაოსიდან ხშირად მხოლოდ დიდი ხნის შემდგომ თუ ამოვარჩევთ იმ მრავალ მშვიდ ელფერს, რომელთა შორის ღმერთს ჩვენი ხვედრის ბეწვის ხიდი გაუბამს.

გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


[1] თარგმნილია დათო ბარბაქაძის საგამომცემლო პროექტისთვის „XX საუკუნის ავსტრიული ლირიკა“.

მალხაზ ხარბედია - “აბსურდისტანული” ისტორიები



ადრეც მქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოში საკუთარი თავგადასავლის მოსაყოლად მწერალს ძალიან დიდი ენერგიები სჭირდება-მეთქი. ჩვენთან ავტობიოგრაფიული პროზა თითქმის არ არსებობს, ან არაფერი აქვთ მოსაყოლი ქართველ მწერლებს, ან საინტერესოდ მოყოლა არ იციან, ანდა რაღაც აკვიატებებს ვერ აღწევენ თავს, აქაოდა, რა დროის პირადი გამოცდილება და მემუარებია, როცა ამხელა რაღაცა მაქვს დასაწერიო... როგორც წესი, შემდეგ ამ “დიდ რომანს” არავინ ამჩნევს ხოლმე, სამაგიეროდ, მის საკუთარ ამბავს (თუკი რა თქმა უნდა ავტორს წერა ეხერხება) ბევრი სიამოვნებით მოისმენდა და წაიკითხავდა.
“აბსურდისტანი”, ასე ჰქვია ბასა ჯანიკაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნს, ანუ რომანს, როგორც თავად იგი უწოდებს. წიგნში ბასამ თითქმის ყველაფერი ჩაატია, რაც მასა და მის ქვეყანას გადახდა თავს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე და შეეცადა ძალიან მარტივი, უბრალო ენით მოეთხრო უბრალო თუ სასაცილო, ნაღდი და ცრუ გატაცებების შესახებ, სიტუაციებზე, რომელშიც თვითონ ჩავარდნილა, ადამიანებზე, ვისაც შეხვედრია. ამ ყველაფერს მუსიკა აერთიანებს, თანამედროვე პოპ-კულტურა, რომელიც სულ ჟონავდა ჩვენს საბჭოთა ბავშვობაში, მაგრამ ძლიერი ნაკადით წამოვიდა 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული. ბასას წიგნიც სწორედ ამ პერიოდს მოიცავს და იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც მთლიანად პოპულარულ და სუბ-კულტურას მიუძღვნა რომანი. ასე ფიქრობს როკ-მწერალი ბიძინა მაყაშვილიც: “ბასას ამ წიგნს ორმაგ დატვირთვას ვანიჭებ საქართველოსთვის. ერთი არის საგანმანათლებლო, ამას ვამბობ ვიწრო სპეციალობით, წიგნი სუბკულტურაში, მუსიკალურ კულტურაში გვარკვევს და მეორე მხრივ ისტორიული მნიშვნელობა. ისტორიული ორმაგად, რადგან თვითონ ფაქტი, რომ ასეთი წიგნი დაიდო სუბკულტურაზე საქართველოზე, განსაკუთრებულია, რადგან ამ ტიპის წიგნი სუბკულტურაზე საქართველოში არ დადებულა”.
წიგნის წერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო ავტორმა, პირველი თავების პუბლიკაციები მეც კარგად მახსოვს. ბასა ხუმრობითაც კი იხსენებს იმ პერიოდს: “ყველა დიდი წიგნის ისტორია იწყება ძალიან ბანალურად (იცინის). ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ბანალურად მართლა დაიწყო. სერგიმ დამირეკა გვარჯალაძემ, რომ ახალი ჟურნალი გამოდის, “ოზონი” და თუ გინდა რაღაც საავროტო სვეტების მაგვარი წაიყვანოო. და აქედან მოყოლებული დაიწყო “აბსურდისტანის” ისტორია და თვეში ერთ თავს ვბეჭდავდი ხოლმე ჟურნალში. შემდეგ ოზონი დაიხურა, როგორც ბევრი კარგი წამოწყება ამ ქვეყანაში და გადავწყვიტე წიგნად გამომეცა ეს დღიურებივით დაწერილი დოკუმენტურ პროზას მიახლოებული პირადი აზრები”.
თუმცა ეს მხოლოდ “დოკუმენტურ პროზას მიახლოებული პირადი აზრები” არაა, ესაა კონკრეტული ფაქტები, დეტალები, ნივთები, ახირებები, რომლებიც ბოლოდროინდელ საქართველოშია მიმოქცევაში, რომელიც მუდამ ყალიბდება და ხან რად იქცევა, ხან რად: “ფაქტებს გიყვება, ისეთ ფაქტებს, რომელიც უნდა დარჩეს, უნდა იცოდეს ვიღაცამ. ეს იქნება ჩვენი FM რადიოს განვითარება, დამოკიდებულება ახალგაზრდობის ამ სუბკულტურისადმი... ბევრი ახალგაზრდისთვის და ზოგჯერ უფროსებისთვისაც ყველაფერი ეს უკვე არსებობს, სამაგიეროდ როგორ შეიქმნა, რაზე იყო, ეგ არ იციან. მაგალითად, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რადიო არ იყო. ამ ახალგაზრდებს მე ვიკიპედიის თაობას ვუწოდებ”.
თაობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნებაა ბასას წიგნისთვის. მისი პირადი თავგადასავალი მისი თაობისაცაა, მეც ამ თაობისა ვარ და მეც მახსოვს “ჩეკების” მაღაზია, სუნიანი საშლელები, საღეჭი რეზინა “სუპერბაზუკა”, პინკ ფლოიდის Wall-დან მიღებული პირველი შთაბეჭდილება, ქრომის BAS-ის კასეტები, რომლის მოსმენისასაც საკრავს სპეციალური გადამრთველი უნდა ჰქონოდა, ე.წ. “ვისოკები” რომ “წამოეღო”.
ეს ისეთი თემაა, რაზეც ყველას თავისი მოგონება აქვს, ყოველი ადამიანი თავისებურად იხსენებს მაშინდელ სიტუაციას და სწორედ ამიტომ იყო, ჯერ კიდევ “ოზონში” პუბლიკაციისას, ბასას ბევრი მითხველი ეხმიანებოდა: “საინტერესო მომენტს მივაგენით “ოზონის” რედაქციაში. გადავწყვიტეთ, რომ ავტორების წერილებზე გამოხმაურებები მიგვეღო და გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად, რაც მაშინ იბეჭდებოდა “ოზონში”, მასზე მოდიოდა გამოხმაურებები და შემდეგ უკვე წიგნად როდესაც გამოვეცი, ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართიც მივუთითე. ახლა უკვე პირად მეილზე მომდის წერილები. კვირაში დაახლოებით ათი მეილი მომდის. ეს ნიშნავს, რომ წიგნს მეტი ადამიანი კითხულობს. გარდა ამისა, ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ტემპერატურაზე, ანუ სცალიათ თუ არა წიგნებისთვის. როგორც გითხარი, კვირაში სადღაც ათი მეილი მოდის, შენიშვნებით, მოგონებებით, სხვადასხვა ამბებით, ამიტომ, თუკი გამოჩნდება “ოზონისნაირი” საინტერესო ჟურნალი, სადაც მუსიკაზე იქნება საუბარი, შეიძლება მეილებიც მივაყოლოთ და კიდევ ერთი ახალი წიგნიც გამოვაცხოთ.”
როგორც ვხედავთ, ბასა უკვე ახალ წიგნზეც ფიქრობს, ბიძინა მაყაშვილი კი მოგვიწოდებს ჯერ ეს წიგნი შევაფასოთ. თავად იგი საკმაოდ ფართო კონტექსტში ათავსებს მას: “ბასა თუ შევა ლიტერატურის ისტორიაში და ლიტერატურის სახელმძღვანელოში მოხვდება, არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება მისი პროზისა და დრამატურგიის გამო. მემგონია ამ წიგნით უნდა მოხვდეს...”
ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ასე დაიმკვიდრეს თავი ავტორებმა, რომელთა წიგნებიც მთლიანად თანამედროვე პოპულარულ კულტურას ეძღვნებოდა. ბრიტანელი ნიკ ჰორნბი ამის საუკეთესო მაგალითია: “დასავლელი წინამორბედებიდან, როგორც ვიცით და ჩვენმა მსმენელმაც იცის, ნიკ ჰორნბის ვერ აუვლით გვერდს ვერაფრით. მას სამი ისეთი ნაწარმოები აქვს, რომელიც სწორედ პოპ კულტურას ეხება. პირველ რიგში High Fidelity, შემდეგ 31 Songs, თავის 31 საყვარელ სიმღერაზე და წიგნი კლუბ არსენალზე, Fever Pitch”.
არ ვიცი წაკითხული აქვს თუ არა ბასას ჰორნბის ეს სამი რომანი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, “აბსურდისტანი” ბევრისთვის ძალიან ახლობელ თემას ეხება, ბევრი შესაძლოა სულაც გაღიზიანდეს ავტორის ზედმეტად მარტივი და ბანალური ისტორიებით, ბევრს იგი სასიამოვნო მოგონებებს აუშლის, სხვებს გააცინებს, ზოგიერთები კი ადგებიან და ავტორს მისწერენ თავიანთ შთაბეჭდილებებს.

© tavisupleba.org

მალხაზ ხარბედია - კატულუსის სიმართლე


AUDIO
კატულუსი უკვე სრულად გვაქვს ქართულ ენაზე, ესაა აკადემიური გამოცემა, წინასიტყვაობით, კომენტარებითა და პარალელური ტექსტით. ამ 200 გვერდიანმა წიგნმა ძველი რომაული პოეზიის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ცეცხლოვანი წარმომადგენლის ლექსები სრულად დაიტია.

სტუდენტობისას, კატულუსის ერთმა ლექსმა მოახდინა ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება. რომელიღაც რუსულ ანთოლოგიაში გადავაწყდი. პოეტი თავის სალექსო საზომებს, ე.წ. ჰენდეკასილაბებს, ანუ თერთმეტმარცვლედ იამბს მიმართავდა თხოვნით, წასულიყვნენ და მისი ლექსების რვეული გამოეხსნათ ერთი კახპასგან. მაშინ კლასიკური ფილოლოგიის პირველ კურსზე ვსწავლობდი, რა თქმა უნდა დედანს მაშინვე მივაგენი, ჩვენს ბიბლიოთეკაში, რომელიც იმ დროს მაღლივის ერთ-ერთ კორპუსში იყო განთავსებული, ცოტა ხანს ვიწვალე საზომის აწყობაზე, მერე ხმამაღლა წავიკითხე ეს ლექსი და უცებ ცხადად დავინახე ძველი პოეტების ნამდვილი ხიბლი, პოეტების, რომლებიც თავიანთ საზომებს ელაპარაკებოდნენ. მაშინ, როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ არ იყო ქართულად თარგმნილი კატულუსის ეს ლექსი, კატულუსის პირველი თარგმანები, მანანა ღარიბაშვილის მიერ შესრულებული, ცალკე წიგნად რამდენიმე წლის წინ გამოიცა, სულ ცოტა ხნის წინ კი სრული კატულუსი გამოვიდა ქართულ ენაზე, წიგნი, რომელმაც 200 გვერდში ძველი რომაული პოეზიის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ცეცხლოვანი წარმომადგენლის ლექსები მთლიანად დაიტია. კატულუსის ჩვენამდე მოღწეული ყველა გრძნობა, აზრი თუ გესლიანი სიტყვა ამ წიგნშია შესული. მოუსმინეთ კატულუსის მთარგმნელს, მანანა ღარიბაშვილს და თავად დარწმუნდებით, რამდენად თანამედროვეა ეს პოეტი:
“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რა შეგრძნებაც მისი კითხვისას გიჩნდება, ეს არის განცდა, რომ იგი შენი თანამედროვეა. რა იწვევს ამ გრძნობას? რა ბადებს ამ ემოციას? პოეტის განსაკუთრებული თვისება უშუალო აღქმებით და განცდებით დამუხტოს ლექსი, აერიდოს ტრაფარეტებს და საერთო ადგილებს. შექმნას ინტიმური გარემო და ცოცხალი ინტონაციით გაათბოს სტრიქონი. იგი არამხოლოდ გიხატავს იმ სამყაროს, რომელიც მას გარს აკრავს, არამედ ცდილობს თანამონაწილე გაგხადოს ამ ყველაფრისა. გეახლობლება. ერთ-ერთი მკვლევარი მის პოეზიას ახასიათებს, როგორც ურთიერთობის პოეზიას. აქ ნაჩვენებია ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთებს შორის, ადამიანთა შორის, ადამიანებსა და საგნებს შორის. სიყვარული, სიძულვილი, ეჭვიანობა, ღალატი... ესენი მისთვის აბსტრაქტული, განყენებული ცნებები კი არ არის, არამედ ცხოვრებისეული სტიქიებია”.
კატულუსის ეს სტიქიურობა ბევრს ატყვევებს, იმედი მაქვს, მისი მგრძნობელობა ქართველ მკითხველში და რაც მთავარია, ქართულ, თარგმნილ პოეტურ ტრადიციაში დაახლოებით ისეთივე ადგილს დაიკავებს, როგორიც უკავიათ ომარ ხაიამსა თუ ფრანსუა ვიიონს.
საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქართულ ლიტერატურულ კულტურაში კლასიკური, აღმოსავლური თუ დასავლური ლიტერატურების ხელახალი რეანიმაცია. მე უფრო ანტიკური, ძველი ბერძნული და რომაული სიტყვიერების ქომაგად თუ გამოვდგები, არა მხოლოდ ჩემი პროფესიული განათლების, არამედ იმის გამოც, რომ ვფიქრობ უფრო კარგად მესმის დასავლეთის, ვიდრე აღმოსავლეთის. საბედნიეროდ, ბოლო წლებში საკმაოდ გამოჩნდა ძველი ბერძნულიდან და ლათინურიდან თარგმნილი წიგნები, ანთოლოგიები, სხვადასხვა კრებულებში გაფანტული თარგმანები. ვინ იცის, იქნებ კლასიკურმა ფილოლოგიამ სრულიად ახალი აზრიც კი შეიძინოს, დღეს, XXI საუკუნის საქართველოში:
“კლასიკური ფილოლოგია თავისთავად არის ევროპული კულტურის საფუძვლის საფუძველი. და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, იმიტომ, რომ დიდი ურთიერთობა გვქონდა ბერძნებთან. თავიდანვე იყო ეს მითოლოგიური მომენტი, არგონავტების ლაშქრობა, პრომეთე-ამირანის პარალელები. და აქედან გამომდინარე ჩვენთვის ეს კულტურა ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ყოველთვის. და ზოგი ამბობს, რომ ბიზანტიას რაც შეეხება, ურთიერთგავლენაც იყო. და ჩვენი ძირები თუ გვაინტერესებს, ესეც მე მგონი საინტერესოა და აუცილებელია. გარდა ამისა, ეს არის კლასიკური პოეზიაა, რომელიც არ ბერდება და კატულუსი მართლა ასეთი პოეტია, რომელიც ყოველ წამს განცდას ბადებს, ძალიან ცოცხალია და ესთეტიკური ღირებულება აქვს პირველ რიგში. არ არის მკვდარი, არ არის ლიტერატურული მუმია”.
მკითხველს დააინტერესებს ასევე კატულუსისა და იულიუს კეისრის ურთიერთობის ისტორიაც, რომელზეც პოეტი მწვავე ეპიგრამებს წერდა. კეისარი ამით ძალიან იყო შეწუხებული და მიიჩნევდა, რომ ახალგაზრდა ენამახვილმა პოეტმა მის სახელს სამუდამო ჩირქი მოსცხო. კეისარი შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში ცდილობდა კატულუსის შემორიგებას, სანამ კატულუსის მამის შუამავლობით, ვისთანაც ძველი მეგობრობა აკავშირდება, საწადელს არ მიაღწია. სამწუხაროდ მომდევნო თაობის დიდ რომაელ პოეტებს ხელისუფალთ მხრიდან გაცილებით მძიმე ხვედრი ერგოთ. სანიმუშოდ მარტო ოვიდიუსის მაგალითი იკმარებდა. სხვა დროს როგორმე გადასახლებულ ოვიდიუსზეც ვისაუბრებთ, ახლა კი მოდით თავად მთარგმნელის მიერ წაკითხულ კატულუსის ერთ შესანიშნავ ლექსს მოვუსმინოთ, ბოლოს კი ამერიკელი სტუდენტების მიერ გასიმღერებულ კლასიკას, რომლის პირველი სტრიქონებიც ასე ჟღერს ქართულ თარგმანში: “ჰოი კატულუს, შე საბრალო, თავს ნუ იბრიყვებ, სამარადისოდ გარდასულა, რაც გარდასულა...”.
ისევ მოვიდა გაზაფხული თბილი ქარებით,
ისევ აჯობა ზეფიროსის საამო ქროლვამ
ზამთრის ქარიშხლებს, ისევ დათბა, ისევ განათდა...
ეჰა, კატულუს, მივატოვოთ ფრიგიის ველნი,
ცხელი ნიკეის მოელვარე ვრცელი ყანები,
ჭრელი აზიის მივაშუროთ ლამაზ ქალაქებს!
ხომ ხედავ, გულიც გაჩქარებით გზისკენ გეწევა,
უკვე ფეხებიც აგიცეკვდნენ სახეტიალოდ...
მშვიდობით, ჩემო მეგობრებო, კეთილად გევლოთ,
სახლიდან ერთად გამოსულებს გზაც ერთი გვქონდა,
შინ კი ყველანი საკუთარი გზით დავბრუნდებით!

© tavisupleba.org


თეონა დოლენჯაშვილი - თავით კედელზე


მოთხრობის პერსონაჟები და სიუჟეტი რეალურია

მახსოვს, ნავთის სუნით გაჟღენთილ სამზარეულოში ვისხედით. ბექა იმ ღამით მიფრინავდა და მინდოდა მისი საყვარელი ნამცხვარი გამომეცხო.Mმაგრამ არ გამომივიდა. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სინათლე მთელი დღის განმავლობაში არ მოვიდა. უსინათლობის გამო მეთექვსმეტე სართულზე არც წყალი ამოდიოდა და ასე კიდევ რა შეიძლება გააკეთო. ისიც კი არ მეგონა, ამ სიმაღლეზე ფეხით თუ ამოვიდოდა, მაგრამ მოვიდა და მითხრა, წასვლის წინ ტელესკოპში მინდოდა გამეხედაო. ტელესკოპი ფანჯარასთან მედგა. ძველი, ვერცხლისფერი ტელესკოპი იყო, ჩაბნელებულ თბილისურ ღამეებში ცას ვუყურებდი ხოლმე. განა დიდი ასტრონომიული ინტერესები გამაჩნდა, ან რომელიმე ციურ სხეულს ვაკვირდებოდი. უბრალოდ, ვიჯექი და ცას მივშტერებოდი. დიდხანს, დიდხანს ვუყურებდი და მეჩვენებოდა, რომ ასე, თანდათან, სივრცის და დროის შეგრძნება ქრებოდა, იკარგებოდა. უსხეულო, უწონო არსებად ვიქცეოდი და თუ არ დავფრინავდი, იმ ბნელ ოთახში მაინც ხომ აღარ ვიჯექი.
ბექამ კიდევ ეს ტელესკოპი რომ ახსენა, ალბათ გამგზავრების წინ ქალაქს უნდა გადახედოს თქო, ვიფიქრე. საღამოვდებოდა და თბილისი შემოდგომის ოქროსფრად ჩამავალი მზის შუქზე ბრჭყვიალებდა. ჩვეულებრივი, შეიძლება, ცოტა სენტიმენტალური სურვილი იყო, მაგრამ ბექამ ტელესკოპი მოატრიალა და მეზობელი სახლის ფანჯრებს დაუმიზნა. ერთხანს უყურა, მერე თავი ასწია და ქალაქის ხედისკენ გადააპურჭყა. ”არ ჩანსო,” - ჩაილაპარაკა. “რა- თქო, - ვკითხე. “რა კი არა, ვინ. აქ ერთი გოგო ცხოვრობს, და იმის დანახვა მინდოდაო”.
მე გადარჩენილი წყლით ორი ჭიქა ყავა მოვადუღე და განჯინიდან კონიაკი გამოვაძვრინე. თემატური საღამო გამოგვივიდა... გარეთ ავტომატის უწყვეტი კაკანი ისმოდა და ელემენტებდაჭეჭყილ მაგნიტოფონშიც “აუტსაიდერის” სოლისტიც “დღეს ჩემს ქალაქში ბნელააა. ბნელააას”- გაჰყვიროდა..
- განა მარტო დღეს, – გაიცინა ბექამ – აქ ყოველდღე, ყოველთვის ბნელა და სულ ასე იქნება, ვიცი.
არ დავეთანხმე.
- აი ნახავ, თუ არა, – მითხრა – იქამდე ვიქნებით სინათლის და სუფთა ჰაერის მოლოდინში, ვიდრე სულები არ ამოგვხდება. მე რა... მე ჩემი ხვრელი ვიპოვე, გავძვერი და მივდივარ.
- კარგად თუ გესმის სად მიდიხარ და იქ რა უნდა აკეთო? – ვკითხე.
- არა, მაგრამ, მკიდია... რაც მთავარია, აქ აღარ ვიქნები, დილიდან საღამომდე სახლის სადარბაზოსთან არ ვიბირჟავებ და მეზობელი ბიჭების დეპრესიულ და გალოთებულ სიფათებს აღარ ვუყურებ... მთავარია, მივდივარ! იქ, სადაც არც ძმათამკვლელი ომები იმართება... არც სინათლის მოლოდინი არსებობს და არც ეს ბინძური სადარბაზოები!
ბექა იმ ღამით გერმანიაში გაფრინდა. თან მეგობრების მოგროვებული ფული წაიღო. ოთხი ათასამდე მარკა ერთი გერმანელი ფილოსოფოსის სახელობის სასწავლებელში მშობლებმა გადაურიცხეს. მამამისს უნდოდა შვილიც მასსავით ფილოსოფოსი გამოსულიყო. მაგრამ ბექას მიზანი ხომ წასვლა იყო და არა განათლების მიღება, თანაც ის უკვე მუშაობდა სივრცის გარღვევის და აბსტრაგირების პრობლემებზე. მისი პირველი გასვლაც მისი პირველი ექსპერიმენტი იყო. ამიტომ სასწავლებელში მხოლოდ რამდენიმე მოსაწყენ ლექციას დაესწრო და იქაურობა მალევე მიატოვა. ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა და იმ თავისუფლებით ტკბებოდა, რომელიც ბავშვობიდან აქ ყველას გვაკლდა. თავისუფლება კი ნამდვილად უსაზღვრო იყო, თავზე საყრელი. თავისუფლება ისედაც უსაზღვროა, ის არ სრულდება. არ ილევა... უბრალოდ, ფული გამოილია, ბოლო მარკამდე ამოიწურა და მარკებთან ერთად, რა თქმა უნდა, ლეგალური ცხოვრების ვადაც.
მიუხედავად იმისა, რომ ბექა არასოდეს ეთანხმებოდა განსაზღვრებას “ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას”, კუჭმა მაინც ძალიან შეაწუხა და როგორც არალეგალები იტყვიან, ჩაბარდა. სამშობლოში დეპორტით, ცარიელი ჯიბეებით და სავსე თვალებით დაბრუნდა. ყველაფრის მიუხედავად, პირველმა ექსპერიმენტმა გაამართლა. მას უკვე ნანახი ჰქონდა დანგრეული კედელი.
ბექა რომ დაბრუნდა, იმ დროსთვის მე ტელესკოპი უკვე სხვენზე მქონდა ატანილი. ჩვენთან სინათლის შუალედები გაზრდილიყო და თან, ჩემი აზრით., სულის გადასახლების სხვა, უფრო ნამდვილი ხერხებისთვის მიმეგნო და ტელესკოპი ნაკლებად მჭირდებოდა. ბექა ამჯერად ლიფტით ამოხრიგინდა. მასპინძლობაც უფრო რიგიანი გამომივიდა. მან კედლებს თვალი მოავლო და სულ ერთი და იგივე სახლი არ გწყინდება, აქედან მაინც ვერ გადახვალო, მკითხა. მაგრამ მე ჩემი მიზეზები გამაჩნდა, რომელსაც ვერანაირ მრავალფეროვნებაზე ვერ გავცვლიდი.Aის თუ სივრცის გადალახვის პრობლემებზე მუშაობდა, მე დროის გარღვევა და მისი დავიწყება მსურდა. აქ, მეთექვსემეტე სართულზე დაკიდებულ ბინაში კი არც ქუჩის მტვერი შემოდიოდა და არც ძველითახალი და მოსალოდნელი ცვლილებების ხმა ისმოდა. ბავშვობა და სტუდენტობა უკვე გასულიყო, იდეალისტური ბურუსიც გაფანტულიყო და ჩემი თაობის ერთი ნაწილი უწარწერო საფლავებში ესვენა. აღარ მჯეროდა, რომ ამ ცვლილებებს სიკეთე მოჰქონდათ. რომ მნიშვნელოვანი ქარტეხილების მხოლოდ მოწმე კი არა, მონაწილეც ვიყავი, რომ სწორედ ჩემნაირებს შეეძლოთ მისი უკეთესობისკენ შეცვლა და სწორედ ჩვენ ვქმნიდით ისტორიას.
- უცნაურია, მაგრამ იმ ინფანტილობას, რომელიც მაშინ სკოლის მოსწავლეს მქონდა, დღემდე ჭარმაგ, ცხოვრებისგან დაღლილ ადამიანებში ვხედავ თქო - ბექას ვუთხარი.
- ისინი ისევ ბნელ ოთახში სხედან. თანაც თვალებახვეულები.…ხომ გითხარი, აქ კედლები არ ინგრევა, - მითხრა ნიშნისმოგებით.
- იქ? – ვკითხე ორაზროვნად, - თუ ეს მე ვიჯექი ლტოლვილთა ციხეში ექვსი თვე?
ბექას კითხვაზე არ უპასუხია. მოგვიანებით მივხვდი, რომ პასუხი არ ჰქონდა, რადგან მეორედ წავიდა და რადგან ერთხელ უკვე დეპორტირებულს წასვლის უფლება აღარ ჰქონდა, საზღვარზე არალეგალურად გადაიპარა.
საზღვარზე გადაპარვა მხოლოდ ფილმებში მინახავს. რეალურად ეს როგორ ხდება, არ ვიცი. უმოკლესი გზა თურმე უკრაინიდან სლოვაკეთამდე ყოფილა. ბექაც უკრაინის სასაზღვრო ქალაქ უჟგოროდში ჩავიდა და იქ მეგზურები იპოვა, რომელთაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისთვის და მისნაირებისთვის აღთქმული მიწისკენ გზა უნდა ეჩვენებინათ. მეგზურები უკრაინელი ბიჭები იყვნენ. ქართული “ტურისტული ჯგუფი” კი - მეტად ჭრელი. ჯგუფში შედიოდა ოთხი ახალგაზრდა გაურკვეველი მიზნებით, შუა ხნის ქალი, რომელიც, უცხოეთში, სავარაუდოდ, სამუშაოს მოსაძებნად მიდიოდა, ნარკომანი შეყვარებული წყვილი (ბანალურია, მაგრამ მათი მიზანი ამსტერდამი იყო) და ახალგაზრდა ქალი წლინახევრის ბავშვით, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ მეუღლესთან ცდილობდა გადასვლას.
ჯგუფი გზას ფეხით, ტყის გავლით დაადგა. გზა რთული და ხიფათით სავსე იყო. რამდენიმედღიანი დამქანცველი სიარულის შემდეგ სლოვაკეთის საზღვარს მიადგნენ. საზღვარზე ღამით უნდა გადაპარულიყვნენ. მაგრამ შიმშილისა და დაღლილობის გამო გადაადგილება უჭირდათ. ბავშვი შეუსვენებლად ტიროდა და ამის ატანა უკვე შეუძლებელი იყო. ბექამ ძალები მოიკრიბა, გზა მარტომ განაგრძო და სლოვაკეთის საზღვრის გადალახვა შეძლო. ტყის პირას დამალული ჯგუფი კი ბავშვის ტირილმა გასცა და სასაზღვრო პოლიციამ აიყვანა.
ბექა ბრატისლავაში ჩავიდა, საიდანაც ვენაში გადასვლას გეგმავდა. დაღლილმა სატვირთო მატარებელზე შეხტომა ვეღარ მოახერხა და ლიანდაგს ფეხით გაუყვა. მოსახლეობის გამოჩენისთანავე სიარულიდან ხოხვაზე გადადიოდა. მთავარი იყო რკინის ხაზი არ დაეკარგა. დარწმუნებული იყო, რომ ის ადრე თუ გვიან, ავსტრიის საზღვართან მიიყვანდა. ხოხვითა და მალვით 70 კილომეტრის გავლა რთული აღმოჩნდა. გამთენიისას აიყვანეს და უკან, სლოვაკეთში დააბრუნეს. ბექას გერმანიაში უკვე ჩაბარებული ჰქონდა ინტერვიუ და იცოდა, რომ მთავარი ამ დროს იმ ფსიქოლოგის დარწმუნებაა, რომელიც დაკითხვას სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გიწყობს. ბექამაც შექმნა ლეგენდა ლუკაშენკოს პოლიტიკური რეჟიმის გამო დევნილ ბელორუს ბიჭზე, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და მრწამსის გამო სამშობლოს დატოვება აიძულეს. ვერ გეტყვით, დაიჯერა თუ არა ფსიქოლოგმა ბექას ბელორუსული ლეგენდა და მისი პოლიტიკური დევნილობის ამბავი. ასე იყო, თუ ისე, ბექა ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა, საიდანაც ერთ ქართველ ბიჭთან ერთად რამდენიმე დღეში გაიპარა და ავსტრიისკენ მიმავალ გზას ახლიდან დაადგა.
დევნილებმა ამჯერად სხვა გზა აირჩიეს და ავსტიის საზღვრის გადალახვა ჭაობებისა და მდინარის გავლით სცადეს. გზა, რომელიც იქამდე ალბათ ცოტას თუ გაევლო, ურთულესი და საბოლოოდ, ტრაგიკული აღმოჩნდა. ჭაობის გადაცურვის დროს თანამგზავრი დაიღუპა. ღამე იყო და ბექამ ისიც კი ვერ გაიგო კარგად, სად და როდის ჩაყლაპა ჭაობის მწვანე სიღრმემ ბიჭი...
შემდეგ ავსტრიის საზღვარი, სამგზავრო მატარებლების ქვედა სართულებით, ეგრეთ წოდებული, ნარებით მგზავრობა, რამდენიმე მასსავით გზააბნეული თანამემამულის გაცნობა, რომლებიც მოპარულნომრიანი მანქანით საფრანგეთში მიდიოდნენ. ბექა მათ გაჰყვა. ბიჭებს სადღაც ალპებთან ფული და საწვავი გაუთავდათ და მანქანა დატოვეს. გზა მატარებლიდან მატარებელში ქურდულად გადასვლით განაგრძეს. ასე ჩააღწიეს ტულუზამდე, სადაც ვიღაც მილიონერს ერთ-ერთი დევნილისთვის თავისი საზაფხულო რეზიდენცია დაეთმო. სახლი იყო უზარმაზარი,Eრომელიც ქურდების, ნარკომანების და სხვადასხვა ჯურის კრიმინალების თავშესაფრად ქცეულიყო. ეს იყო რაღაც ბაბილონის გოდოლის მსგავსი საზარელი გეტო, სადაც ათასგვარ სახესა და ენასთან ერთად ძალიან ბევრი რამე იყო არეულ-აზელილი. გაუგებარი. აპოკალიფსური...…
იქ გაჩერება წარმოუდგენელი იყო. ბექამ სახლი სწრაფად მიატოვა და რამდენიმე დღე პარიზში იხეტიალა. მაგრამ მარტოობა პარიზში ალბათ ყველაზე რთულია. თანაც საფრანგეთი უკვე აღმოჩენილი იყო და წინ ახალი მიწები ელოდა. შემდეგი ქვეყანა შვეიცარია გახლდათ. ბექამ ციურიხი და ჟენევაMდაათვალიერა და მშიერი და დაღლილი ლოზანაში ჩაბარდა. აქ კიდევ ერთი ლეგენდა შეთხზა, ჟანრი ამჯერად დეტექტური იყო. ის თურმე სასტიკი მკვლელობის უნებლიე მოწმე გახლდათ, რომელმაც პოლიციაში მკვლელები ამოიცნო და რომელსაც ახლა როგორც ერთადერთ მოწმეს, პოლიციაც ეძებდა და დამნაშავეთა სამყაროც. ქართული კრიმინალური ისტორია შვეიცარიელი პოლიციელებისთვის უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა და დევნილიც მოსასვენებლად და გონზე მოსასვლელად ლტოლვილთა ბანაკ კიასოში წაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ კი ლოკაცია შეუცვალეს და ფრანგულ კანტონზე, ერთ კოხტა სასტუმროში მოათავსეს.
ბექა, ბუნებრივია, დიდი ხნით არც ამ სასტუმროში გაჩერებულა. გაიქცა და გერმანიისკენ აიღო გეზი. ბერლინში მამიდაშვილები მუშაობდნენ და სწავლობდნენ. ცოტა ხნით მათთან იცხოვრა, მაგრამ ვერც მათ დალაგებულ ემიგრანტულ ცხოვრებას აუწყო ფეხი. ნათესავებსაც რა გზა ჰქონდათ, რუკა გადმოუღეს და ამჯერად სად ისურვებ წასვლას თითი დაადეო, უთხრეს. მანაც თვალები დახუჭა და ისე აირჩა შემდეგი ქალაქი: კოპენჰაგენი...
ბექამ ოთხ წელიწადზე მეტი იხეტიალა. მგზავრობდა ავტოსტოპით, მატარებლით, გემით... საჭმელს ხან იპარავდა, ხანაც ლტოლვილთა ბანაკებში ითქვამდა სულს. ხუთჯერ მოახდინეს მისი კომფორტული დეპორტაცია სლოვაკეთში, ხუთჯერვე ისევ უკან დაბრუნდა და არალეგალურად გადალახა საზღვარი, თორმეტზე მეტ ქვეყანაში აუღეს თითის ანაბეჭდები,. ყოველი დაკავების, თუ ჩაბარების დროს ის იცვლიდა სახელს, სამშობლოს, წარსულს, თხზავდა ისტორიას თუ სად და რატომ მოხვდა აქ, სად მიდიოდა და რა მიზნით... ბოლოს კი ისე გაიხლართა საკუთარ ანარეკლებსა და მისტიფიკაციებში, რომ უკვე თავადაც აღარ იცოდა სად იყო, ვინ და რატომ.. ეს რაღაცით ჩემს ტელესკოპში ცქერას წააგავდა, როდესაც ცდილობ დაივიწყო ვინ ხარ და რისთვის, თანდათან კარგავ ყველაფერს, უწონო და უსხეულო, უწარსულო და უპიროვნო სუბსტანციად იქცევი და თუ ვერ დაფრინავ, ის მაინც გეჩვენება, რომ კედლებში გასვლა შეგიძლია.
ბექა როდესაც დაბრუნდა, მე ისევ იქ ვცხოვრობდი, მაგრამ რაღაცეებს უკვე მივხვედრილიყავი. ვფიქრობდი, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, მაინც ყველანი ბორბალში მორბენალი ციყვები ვართ. რადგან ვერ ვაფასებთ მარადისობის ნიჭს – დროს, რადგან არ შეგვიძლია ვიცხოვროთ დროით თანმიმდევრობაში. განვვითარდეთ თანმიმდევრულად. რომ ამ ოცი წლის მანძილზე ერთმანეთში გავაერთიანეთ და ტალახივით ავზილეთ წარსული, აწმყო და მომავალი, მისგან მყარი ქვითკირის კედლის აგება დავიწყეთ და ასე აღმოვჩნდით კიდევ უფრო ბნელ და ჩაკეტილ ოთახში. და ახლა, როდესაც ეს სიმძიმე გვსრესს, ვცდილობთ თავებით გავანგრიოთ ყოფიერების ოთხკედელში გამოკეტილი ეს არათანმიმდევრული, დაუნაწევრებელი, გაუაზრებელი დრო...
ბექა დაბრუნდა და ჩვენ ისევ შევხვდით... პრინციპში, ამჯერადაც თემატური საღამო გამოგვივიდა. გაცისკროვანებული ქუჩები ხალხით და მუსიკით იყო სავსე, მაგრამ ჩემთვის იმ ბნელი და მშიერი წლების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილიყო. 26 მაისის დღე იყო. ოპოზიციას უკვე მოეწყო გრანდიოზული შოუ სტადიონზე და ხელისუფლებაც ისევ მაღალი ტრიბუნიდან “ურბი ეტ ორბი” მიმართავდა ქვეყანას და ხალხს. მოსახლეობის მესამე - ნეიტრალური, თუ ობივატელური ნაწილიც, როგორც წესი, გულმოდგინედ შესეოდა კაფეებსა და რესტორნებს... მე ამ დამაფრთხობელ სიცარიელეში ყოფნას ისევ მეთექვსმეტე სართულზე შეკეტვა მერჩივნა, მაგრამ რატომღაც გზა განვაგრძეთ და შარდენის ქუჩაზე, ყველაზე სნობურ კაფეში დავსხედით.
ბექა საკუთარ თავგადასავალს მიყვებოდა და თან ცდილობდა იმ აბსურდული და უმიზნო ხეტიალის მიზეზები აეხსნა, მაგრამ მე უიმისოდაც ვხვდებოდი, რომ მას უბრალოდ, იმ კედლის დანგრევა სურდა, რომელიც შიგნით, სულში აუშენეს, იმ საზღვრების დავიწყება, იმ რკინის მავთულხლართების გადალახვა, რომელიც გარს შემოარტყეს. ისიც ვიცოდი, რომ ის, ადრე თუ გვიან, ისევ წასვლაზე იფიქრებდა. მეც ჩემს სხვენში გადანახულ ტელესკოპს ჩამოვიტანდი და ბავშვობის თამაშს გავიხსენებდი... ქუჩაში მუსიკა უკრავდა. სადღაც წყვილები ცეკვავდნენ. ჩვენ კი ვისხედით და ჩვენ-ჩვენს კედლებზე ვფიქრობდით. იმ კედლებზე, რომელიც ჩვენზე მაგარი აღმოჩნდა, რომელიც ვერა და ვერ დავანგრიეთ და რომელსაც 20 წლის მანძილზე ამაოდ ვურტყით ჩვენი პატარა, საცოდავი, დასისხლიანებული თავები.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Friday, August 27, 2010

ირმა არჩუაშვილი - წითელი ბოტები


ბალღი იყო იგეთი, რო სუ წითლათა ღუოდა. თან სხვანაირი, გო, ძალიან ჯანსაღი და ინტერესიანი. ხო სუქანი იყო, თან ძაან მოძრავი, ძაან ცელქი. კაბებ ვაცმევდი ჯერ კიდე, გოგოი კაბებ. მუცლიანი ბალღი რო იყო, სუ ეჩაჩებოდა შიგნიდან ყველაფერი. გადმოგდებული მუცლით დადიოდა. კაბა კიდე გძელი იყო და კარგად ეტანებოდა რეიტუზში.
წინა დღეი თელავის ბაზარში მყავდა. აღარც მახსომს რასა ვყიდიდი. სადგურში რო შევედით წამოსვლისას, ახმეტელ ქალებს პირდაპირ მიწაზე ქონდათ გაშლილი თუშური წინდები. ბალღი არ იყო, თვალები აუციმციმდა სუ ამ ჭრელა-ჭრულები დანახვაზე. რო ჩამამეკიდა კალთაზე, "დედი წიწია მიყიდე და დედი წიწიაო..." ი დედაკაცი, ჯერ იგრეც ხო გადაირია ამ სათვალიო ბალღი დანახვაზე, ახლა კიდე, რო ვიყიდეთ, სუ ლოცა და ლოცა... რაღაცნაირად, გო, როგორც თავისი ჯიგარი. ან რათ უნა ეწყევლა, ქა, რა ვიცი...
დილა იყო ჯერ კიდე. განა გვიანი იყო. იმ დილით თავი ხელით ჩაიცვა ტანისამოსი. დამიწყე გვერძეო, მე უნა ჩავიცვაო, მე თითონო. სუ თავისი ხელით გამეეწყო. მე შაუკარი მარტო კაბა. ბამბაზიის კაბა, უკან, ორ ღილზე. ის ახალი წინდები, "წიწიებიც" მამთხოვა. წითელი ბოტები ქონდა, პატარა, მოსკუპულები. ისინი ამაიცვა ფეხზე კიდე. იგრე კოხტად გამეეწყო, იგრე კოხტად... წავიდა, წყაროზე თმები გადაილუმპა. სავარცხელ უკანა, ყუის მხრიდან ისვამდა. ვითომ, ეგე დედი, ვიბარცხნიო. მერე ის ბოტები ერთი წინ იპოვეს, კარებთან, არ იყო დამწვარი; მეორე უკანა მხრიდან გამააძვრინეი, ფიწლით რო აჩონჩხლეი გადარჩენილი ბალახი კუთხეში. ისიც მთელი.
იმ წელიწად სუ ჭრელი გოჭები დაყარეი ჩემი მაზლი ღორებმა. კაი წელიწადი დაუდგა. ზოგმა შვიდი, ზოგმა ათი, თორმეტიც... მაგათ სუ ბლომათა ყავდათ ღორი. ათ დედაღორამდე მაინც ეყოლებოდათ. გომი პატარა სადგომებათა ქონდათ ფიცრებით დატიხრული. თითოში თითო დედაღორი იწვა თავის გოჭებიანათ. სუფთად განა... იგეთი დაკრიალებული ქონდათ რო... რო შახვიდოდი, მარცხენა კუთხეში ხმელი, გაკაწკაწებული ბალახი ეყარა. ზოგი ნამჯა იყო ძროხისთვინ, ზოგიც ლობიოი ნარჩევი და სიმინდის ქეჩეჩი. თავზე კიდე, გამომშრალი წაბლის მასალა ეწყოთ კარ-ფანჯრისთვინ. გაზაფხულზე უნდა გამეეცვალნათ. მშრალი სათავსო ეგა ქონდათ და ყველაფერ მანდ ინახავდნენ.
ეს კიდე გიჟდებოდა გოჭებისთვინ, სუ იქ იყო. იმ დღეი ზურომ ორჯერ წაართვა "სპიჩკი კოლოფი" ხელიდან, გომში შასვლა უნდოდა. მესამეთ მაინც აუღია. ეგე ბედი რა არი... და შასულა. შაუტანია ეს "სპიჩკა" და ეტყობა გაანთო კარგათ რო დაეხედნა.
ძაან ღეტე-ღუტე ბალღი იყო. სუ თავი ნებაზე დააბოტებდა. იგეთი ხიო იყო, არ ესმოდა რო ვეტყოდი, ეზოი კარებ არ გაიცდე-მეთქი. მაშინაც შუა დღემდე ვეძებეთ. სანამ შიფერი არ დასქდა და გალავნიდან ბოლი არ გამოტყვრა, ვერ გავიგეთ. ვერც შიგნით, გომში რო შავიდნენ კაცები პირველათ, ვერ იპოვეს. კარები გარედან შიგნით იღებოდა და ეს კიდე უკნიდან არა ყოფილა ზედ აკრული? რა იცოდნენ აბა, ვის მააფიქრდებოდა მაშინ. ეტყობა თავისითა წვალობდა გამოსვლაი. იქნება ხმაც ჩაუწყდა შიშისაგან ცეცხლი რო აბრიალდა. ესენი კიდე თივაში ეძებდნენ. დედა მოუკვდეი, ზედა ყოფილა ათოთხებული კარებზე და იქვე მიმწვარა. ეგრე მიხოწიწებული და გაფარჩხული ჩამოხსნეი იქიდან.
ვაიმეეე, როგო განსაკუთრებულათ უყვარდათ ჩემ რძალსა და მაზლ. მერე კიდე, მაგათსა რო დაემართა, სუ გაგიჟდნენ. მოზვერივითა ბღაოდა ჩემი მაზლი. ჟუჟუნა კიდე, კოლექტივში იყო სამუშაოდ წასული. მეზობლის ბიჭი ჩასულა იქ წამოსაყვანათ მანქანით. - ჟუჟუნა ძალოო, შორიდან დაუძახნია, გამაგრდი, ცოტა ცუდი ამბავი გაქთ და სახლში უნა წამოხვიდეო. გამოვარდნილა ჟუჟუნა გულის ხეთქებით. ვაიმეო, რო შემოუკვრია თავში ხელი, სუ ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯავდა თურმე თმებ. მერე დასტიროდა, კიდეც არ გამიკვირდა, ე ტრუსის სუნი საიდან მოიქონდა ქარ მინდორშიო... კოლექტივი მინდვრები დაბალში არ არი და, იქ უფრო სწრაფად წასულა დამწვარი ხორცისა და ძვლის სუნი. იქვე არ ვიყავით, ჩვენამდე უფრო გვიან მააღწია, სანამ სუმთლად არ დანახშირდა ბალღი.
ლეკის ფატინამ გაასუფთავა. მეზობლი ქალები თურმე სუ პანტაპუნტითა ცვიოდნენ აქეთ-იქით გულწასულები. ხელ ვერავინ ვერა კიდებდა. მე ხო ამ ქვეყნისებში აღარ ვეწერე. სად ვეგდე და რამდენჯერ მამაბრუნეი გულწასული, აღარც მახსომს. მსუქანი ბალღი არ იყო და, შერჩენილი ხორცები სუ დამსქდარ-დახეთქილი ეკიდა აქა-იქა. კარებზე ხო გულით იყო მიკრული და, მარტო წინიდან კაბის საყელო და გულთან პატარა ნაგლეჯი ქონდა შერჩენილი; ისიც იგრე ჩახოწიწებულ-დანახშირებული პატარა გულზე, რო ვეღარც აუძვრია ფატინაი, თუ აღარ. ეგრევე ზედ გადაუცმევნია სხვა ტანსაცმელი. დღესაც არ ვიცი სადაური ფატინა იყო, - სარუსოელი, ჩანტლისყურელი თუ თიველი, ან ჩვენთან როგო მოხვდა. მადლობაც არ მამიხდია.
ეს რას მეესწრო ჩემი ქალობა, რო მე ჯერ კიდე ცოცხალი ვგდივარ და ის კიდე იქ არი ამდენი ხანია... ეხლა, ალბათ, ოცდახუთისა იქნებოდა. ზუსტად აღარც მახსომს. ერთი, რო ჩავალ, მეტრიკა შანახული მაქ, უნა ვნახო. ან რა ჯანდაბათ მინდოდა რო დავიტოვე, რატო არ ჩავაყოლე თან...
ის წითელი ბოტები კი გავატანე. იმით გავუშვი. ძალიან უყვარდა და...

17.11.2009; თბილისი

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მალხაზ ხარბედია - ზვიად რატიანის “ნეგატივი”



დღევანდელი “ბიბლიოთეკა” თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელზე მოგვითხრობს. სულ ცოტა ხნის წინ ზვიად რატიანის ბოლო პოეტური კრებული გამოვიდა, “ნეგატივი”, წიგნი, რომელიც ახალი ლექსების გარდა, პოეტის წინა ორი კრებულიდან ამოკრებილ ლექსებსაც მოიცავს.

ზვიად რატიანი იშვიათად გამოსცემს კრებულებს, მინიმუმ 5 წელი მაინცაა ხოლმე საჭირო, რომ მან ბოლო დროის მანძილზე დაწერილს თავი მოუყაროს და წიგნად აქციოს. მიუხედავად იმისა, რომ იგი 90-იანი წლების დასაწყისიდან წერს და აქვეყნებს თავის ლექსებს, მაინც მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ბოლო ორი კრებულია ყურადღების ღირსი. საკუთარი პოეტური წარსულის მიმართ იგი ხანდახან ძალიან კრიტიკულია ხოლმე, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ბევრი სხვა პოეტისგან განსხვავებით, ზვიადის ყოველ ახალ კრებულს ლექსები კი არ ემატება, არამედ აკლდება. შესაბამისად, წიგნის გამოცემის მიზეზს, მისთვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო წარსულის მოწესრიგება წარმოადგენს, ვიდრე მომავალზე ფიქრი: “პირველი მიზეზი, ამოსავალი მიზეზი იყო ის, რომ მანამდე იყო კიდევ ორი წიგნი, რომლებიც უნდა გამექრო, ჩემთვის გამექრო, თითქოს არ არსებულან. ამ ახალ წიგნში შევიდა 4 წიგნი, ორი უკვე გამოცემული, 2000 და 2005 წელს და ორი ახალი, რომლებიც წიგნად გამოცემული არ იყო და რაღაც-რაღაცეები აქედან დაბეჭდილი იყო, სხვადასხვა დროს. დიდი ნაწილი არც იყო დაბეჭდილი”.
ახალი წიგნი თავისი სტრუქტურითაც გამორჩეულია: “რაც შეეხება წყობას. წიგნი უკუღმაა ქრონოლოგიურად დალაგებული. ეს უბრალოდ ყველაზე მოხერხებული ფორმა იყო ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი ვიფიქრე როგორ დამელაგებინა ეს ოთხი წიგნი ერთად. არც თემატურად ეწყობოდა და არც ლექსწერის და ტექნიკური თვალსაზრისით. ასე უფრო დალაგდა, დაალაგა თან ნაწილობრივ სათაურმა, ერთ-ერთი ლექსის სათაურმა, ნეგატივმა, რომელიც უკუხედვას, უკუღმა ხედვას გულისხმობს და ასე უფრო მოხერხებული და პრაქტიკული მეჩვენა წიგნის აწყობა.”
ზვიად რატიანი იმ იშვიათ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც პოეზიის მოყვარულთა გარდა, თავად პოეტებიც ძალიან აფასებენ. წლების განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ ზვიადის ახალ პუბლიკაციებს ყველა თაობის პოეტი ელოდება ხოლმე და მასზე საუბრისას, როგორც წესი, ძალას კარგავს ტრადიციულ-ქართული ზეპირსიტყვიერი კრიტიკის ორი ყველაზე გავრცელებული მოდუსიც, ყალბი ქებაცა და ჭორაობაც. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზვიადს დამწყები, სრულიად ახალგაზრდა პოეტები აფასებს. მაგალითად, შოთა გაგარინი ალბათ ვერ იგუებს დამწყები პოეტის წოდებას, სამაგიეროდ, ეს ახალგაზრდა პოეტი სიამოვნებით, და რაც მტავარია, საინტერესოდ საუბრობს ზვიად რატიანის შესახებ: “მისი სახასიათო ენა სრულიად ორიგინალურია და არ გავს სხვა პოეტების გამოხატვის ფორმებს. ზვიადის ლექსების შეგრძნებას გიტოვებს, რომ მისთვის მთავარი არ არის სიტყვა, მისთვის მთავარი არის სურათი, რომელიც ამ სიტყვებით უნდა დახატოს. ზვიადს ვერ ვუწოდებთ პოეტს, რომელიც ენაზე მუშაობს. რა თქმა უნდა სიტყვების მიმართ პატივისცემით არის გამსჭვალული და იგრძნობა ეს მის ლექსებში, მაგრამ ენაზე მომუშავე პოეტს ვერ ვუწოდებთ, თუ არ ჩავთვლით თავის საკუთარ იდიოსინკრატულ ენას”.
შოთა ზვიადის ლექსებს იაპონურ პოეზიასთან აახლოვებს და მას ავტორსა და მკითხველს შორის ჩატეხილ ხიდად მიიჩნევს, რომელიც თავად მკითხველმა უნდა ამოაშენოს. ახალგაზრდა კოლეგა პოეტის მელანქოლიურობაზეც ამახვილებს ყურადღებას: “ზვიადის ყველა ლექსში არის მელანქოლია, ოღონდ სხვანაირი მელანქოლია, რომელიც გაქცევისკენ არ გიბიძგებს. თითქოს დგახარ სადღაც ნაპირზე და უყურებ დიდ ტალღას, რომელიც მოდის და იცი, რომ ამ ტალღას ვერსად ვერ გაექცევი, აზრი არა აქვს ფართხალს და ერთად-ერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, ესაა ბოლო წამები გაილამაზო და ამ სილამაზით იკაიფო, სანამ ეს ტალღა წაგლეკავს”.
ამისგან განსხვავებით თავად ზვიადი განუწყვეტლივ გაქცევის მცდელობებშია. წლების განმავლობაში გაქცევა მისი პოეტიკის განუყრელ ნაწილად იქცა: “ამ ოთხივე წიგნში რაც პირველ რიგში, ჩემი აზრით თვალშისაცემია, ესაა გაქცევის მცდელობა, უფრო სწორად უშედეგო მცდელობები. ესენი ერთნაირი წიგნებია, მე სულ ვცდილობ რაღაცას გავექცე, არ მაქვს ამოჩემებული იდეა ფიქსი, რომ რაღაც ახალი დავწერო და შევქმნა, ზოგადად პოეზიაში, მაგრამ საკუთარ პოეზიასთან, საკუთარ ლექსებთან მიმართებაში მე ეს მაქვს და ჩემი წიგნები ამის მუდმივი მცდელობებია. საბოლოო ჯამში ეს არის შედეგი. ეს ოთხი წიგნი სინამდვილეში ერთ წიგნია, მე ამას ვეძახი ჩემს ბოლო პირველ წიგნს, ყველა წიგნს, აქამდე მე პირველ წიგნს ვუწოდებდი და ახლა მგონია, რომ ეს არის ბოლო პირველი წიგნი და მომავალში ალბათ პირველი მეორე წიგნის წერას დავიწყებ”.
დასაწყისშიც ვამბობდი და აქაც გავიმეორებ, რომ ზვიადი წარსულს აწესრიგებს, მის დანახვას ცდილობს. ერთ-ერთ ლექსში იგი ღმერთს მადლობას წირავს, რომ მისთვის წინათგრძნობის არავითარი ნიჭი არ მიუცია, სამაგიეროდ ბლომად მოჰმადლა წარსულის ნიჭი: “წარსულის, სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება”. ამ თემას გაკვრით შოთა გაგარინიც შეეხო: “ზვიადი ალბათ იმ პოეტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ახალის შექმნას კი არ ცდილობს, არამედ ცდილობს უკვე არსებულში რაღაც პოეტური დაინახოს. როცა კითხულობ ზვიადის ლექსებს, მორიგ ძალიან მაგარ მეტაფორას როცა წააწყდები, სულ გებადება შეგრძნება, რომ აი, მე ეს ადრე როგორ ვერ შევამჩნიე”.
ბოლოს ზვიად რატიანის ე.წ. სამოქალაქო ლექსებს მინდა შევეხო. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მან რამდენიმე ძალიან რთული, სამოქალაქო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ლექსი შექმნა. ვინაც ზვიად რატიანის პოეზიას კარგად იცნობს, მას აუცილებლად ემახსოვრება 90-იანების ბოლოს დაწერილი მისი “მამები”, ასევე “გზები და დღეები” და ზვიადის შარშანწინანდელი ლექსი, “ნეგატივი. ოცი წლის შემდეგ”. “სამოქალქო ლექსები” მეთქი, ვამბობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზვიადი რომელიმე პროტესტ-პოეზიის ან სოციალური ლექსის ნაკადს მივაკუთვნოთ, სადაც წინასწარი ჩანაფიქრებით, გარკვეული იდეოლოგიური მზადყოფნით იწერება ლექსები. ზვიადი ყველაფერ ამისგან შორს დგას და იგი ე.წ. “სამოქალაქო ლექსის” ცნებასაც არ ითავისებს: “მე არ ვხედავ ამ ყველაფერს ისე, რომ დიდ ყურადღებას ვუთმობდე. უბრალოდ არის რამდენიმე კონკრეტული ლექსი, რომელიც ამ თემატიკითაა, ისევე როგორც სხვა თემატიკებით, ანუ რაიმე განსაკუთრებულ ადგილზე ჩემთვის ეს ლექსები არ დგას. შეიძლება ის კონკრეტული ლექსები, მაგალითად “ნეგატივი”, ჩემთვის განსაკუთრებული იყოს დაწერის სირთულის გამო, იმიტომ, რომ მტკივნეული თემა იყო, მაგრამ ასევე მტკივნეული ბევრი თემაა”.
ზვიად რატიანმა სწორედ ამ ბევრი მტკივნეული თემით დაიმკვიდრა უმნიშვნელოვანესი ადგილი თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფრის დანახვა მკითხველს ნათლად შეუძლია “ნეგატივში”, როგორც თავად ავტორი ამბობს, მის “ბოლო პირველ წიგნში”.

© tavisupleba.org

მალხაზ ხარბედია - ნაირა გელაშვილის “პირველი ორი წრე”



დღეს “ბიბლიოთეკა” ნაირა გელაშვილის ბოლო რომანზე მოგითხრობთ. “პირველი ორი წრე და ყველა სხვა”, ასე ჰქვია წიგნს, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის საქართველოს ისტორიის მხატვრული გააზრების კიდევ ერთი ძალზე საინტერესო ცდაა.

ახალი ამბავი არ არის, რომ დღეს თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძალიანაა მოწყვეტილი რეალურ თანამედროვეობას, ისტორიას, ჩვენივე ქვეყნის ახლო წარსულს თუ ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს. ჩვენში თითქმის არ იწერება დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებები, იშვიათად ნახავთ პროზაში არეკლილ საქართველოს ბოლოდროინდელ თავგადასავალს, მწვავედ დასმულ კითხვებს. ნაირა გელაშვილის ბოლო რომანი “პირველი ორი წრე” სწორედ ასეთი ხარვეზების შევსების მცდელობაა. ესაა რომანი ჩვენი დროის შესახებ, უფრო სწორად კი იმ მიზეზებზე, რამაც ჩვენი დრო შვა. კრიტიკორი ლევან ბრეგაძე რომანის შესახებ გვეუბნება: “ნაირა გელაშვილის არც ერთი წიგნი ერთმანეთს არ გავს, მაგრამ ბევრი გავს ერთმანეთს სწორედ ამით. ანუ ესაა ქვეყნის ბედით შეწუხებული ადამიანის ფიქრები, გამოსავლის ძიება, და იმის მცდელობა, რომ გაიაზროს, რა ხდება, რა გვჭირს, რა მოგვივიდა, რომ ამ გაუთავებელი კრიზისიდან ვეღარ გამოვსულვართ”.
რომანს მყარი ისტორიოსოფიური საფუძვლები აქვს, ამაზე როგორმე სხვა დროსაც ვისაუბრებთ, ახლა უბრალოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ რომანიდან, რომელიც წარსულის საშიშროებებს ეხება, იმას, რომ წარსული “თან უნდა გახსოვდეს და თან არა. წარსულიდან მხოლოდ ის უნდა იცოდე, რასაც აცნობიერებ, სხვა ყველაფერი უნდა გადაყარო, რათა ტვირთად არ გექცეს”. ამის შესახებ ნაირა გელაშვილმა ჩვენთან საუბრისასაც აღნიშნა, როდესაც მას ვთხოვეთ რომანის დაწერის პირველი იმპულსები გაეხსენებინა:
“დიდი დრო რომ გადის, მერე გავიწყდება, რატომ წერდი და რა იყო იმპულსი და რა გაწერინებდა. ეს რომანი 1994 წელსაა დამთავრებული და არც მინდოდა გამოქვეყნება და რაღაცნაირად მინდოდა ის სინამდვილე დამევიწყებინა, ისევე, როგორც ბევრს სურს დავიწყება ჩვენი უახლოესი წარსულისა, რომელიც მთლიანად შედგება ტრავმების წნულისაგან. ეს განცდა მახსოვს, “დრო, დრო აღნიშნე”, გალაკტიონის სიტყვები, რომელიც თითქოს რაღაც ანდერძივითაა. მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი არის ის, რომ ესაა მცდელობა დააასახელო მიზეზები, რამაც გამოიწვია საქართველოს პერმანენტული მარცხი და პერმანენტული უიღბლობა და რაც დღესაც იწყვევს კიდეც, რადგან ის მიზეზები აღმოფხვრილი არც ახლა არ არის და გრძელდება”.
რომანის მოქმედება ერთ კონკრეტულ ადგილას, უფრო სწორად, კონკრეტულ დაწესებულებაში ვითარდება, “მთარგმნელობით კოლეგიაში”. ამ რეალურ დაწესებულებაში, რომელიც ნაირა გელაშვილმა საკუთარი გამონაგონითაც შეავსო, ხანმოკლე არსებობის მიუხედავად, მაინც ბევრი რამ გაკეთდა, ითარგმნა წიგნები, გამოჩნდნენ ახალი ავტორები. კოლეგიაში მუშაობდა კრიტიკოსი ლევან ბრეგაძეც, ვისთვისაც ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი იყო იმდროინდელი საქართველოს ინტელექტუალურ ცხოვრებაში: “ამ დაწესებულების არსი, ოთარ ნოდიას მიერ მოფიქრებული და მის მიერ შექმნილი მთარგმნელობითი კოლეგიის არსი იყო კულტურული ცხოვრების უზრუნველყოფა საქართველოში. კულტურული კავშირების უზრუნველყოფა სხვა ხალხებთან, სხვა ერების ლიტერატურებთან, და ეს კეთდებოდა არაჩვეულებრივი თავგამოდებითა და თავდადებით, როგორც ხელმძღვანელის, ისე თანამშრომლების მიერ. მე ცოტა ხანს მომიწია იქ მუშაობა და ვიცი ეს, როგორ იყო”.
პერსონაჟები სხვადასხვა ტექსტების, შესაბამისად კი სხვადასხვა კულტურათა თარგმნით არიან დაკავებულნი, ამასობაში კი მათ გარშემო ახალი ქვეყანა იბადება, ჩნდებიან ახალი ლიდერები, რომლებიც სწორედ ამ “სხვას” ებრძვიან, იწყება “მთარგმნელობითი კოლეგიის” თანამშრომლების დევნა, დაშინება, რომელიც შემდეგ დარბევაში გადაიზრდება და მსხვერპლიც მოჰყვება. კულტურის ამ კერის რეალურ თუ გამოგონილ ხვედრს უკავშირდება საქართველოს ისტორიის ფაქტებიც, რომელიც რომანში ხან პერსონაჟების მიმოწერიდან აღწევს, ხანაც ქუჩიდან, საიდანაც გამუდმებით მოისმის სკანდირების ხმა, ირხევიან დროშის წვერები, ერთმანეთს ცვლიან ლოზუნგები. ნაირა გელაშვილის რომანში კულტურისა და ბარბაროსობის ამ დაპირისპირებას დიდი ადგილი უკავია, მან საუბარშიც აღნიშნა: “რეალურად, ეს იყო ის ორგანიზაცია, რომელიც, რომ არ ყოფილიყო, დემოკრატიულ სახელმწიფოს თავად უნდა შეექმნა, რომელიც იღებს ევროპულ ორიენტაციას, ანუ სარკმელი გაეჭრა ინტელექტისა და სულის დონეზე. და გამოვიდა ისე, რომ ამ ნაციონალისტურმა ძალებმა არსებული ორგანიზაცია დახურეს.”
ჯერ კიდევ რომანის დაწერამდე რამდენიმე წლით ადრე, თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც 1990 წელს დაიბეჭდა ქართულ პრესაში, ნაირა გელაშვილმა ის ფაქტორები დაასახელა, რომელიც პირველ რიგში უნდა დაგვეძლია ქართველებს დამოუკიდებლობისკენ სავალ გზაზე. მომავალში სწორედ ეს თეზისები იქცა რომანის საფუძვლად: “ჩვენ ვართ ინტელექტუალურად მოუმზადებლები ახალი დროისთვის, ჩვენი მორალური საყრდენები შერყეულია, ანუ ღირებულებათა სისტემა და მესამე ფაქტორად მქონდა დასახელებული ის, რომ ჩვენ არა ვართ ფსიქიკურად სტაბილური ხალხი. მაშინ ეს არგუმენტირებული არც მქონდა და ამის დამამტკიცებელი რამე მასალა ხელში არ მეკავა. არის, როცა რაღაცას ამბობ განცდისა და შეგრძნების დონეზე. რეალურად კი ის, რაც მაშინ, 1990 წელს არგუმენტების გარეშე, თეზისებივით მქონდა დაწერილი, ამ რომანში რაღაცნაირად გაიშალა”.
გარდა ამისა, რომანი კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას ეძღვნება, რომელიც დღეს ტოტალურად ბატონობს საქართველოში, ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას განათლება რეალურად არ სჭირდება, განათლებული ადამიანი კი ხშირ შემთხვევაში დაცინვის ობიექტი ხდება: “პრობლემა, რომელიც ლაიტმოტივის სახით არის რომანში და სტრუქტურულად განსაზღვრავს მას, ესაა შემეცნების წყურვილის ძალიან, სასოწარმკვეთად დაბალი დონე საქართველოში, როცა ცოდნის სიყვარული უკვე აღარ იგრძნობა და შემეცნების წყურვილი, თვითონ სამყაროს შემეცნების წყურვილი დასულია იმდენად ნულს ქვემოთ, რომ პერსპექტივა არ ჩანს”.
ცალკე თემაა რომანის ჟანრული განსაზღვრა და ის, თუ როგორაა იგი აგებული სტრუქტურულად: “პირველ რიგში ეს არის კარგი საკითხავი პროზა. პროზა მეთქი, ვთქვი, მაგრამ, იქ ბევრი ლექსია და პროზაული პოეტური პასაჟებიც ბევრია და ბარემ ახლავე ვიტყვი, რომ ეს მაინც არის რომანი, მრავალფეროვანი, ტექსტებისგან შედგენილი რომანი, ცოტა უცნაური ამ მხრივ, ტრადიციულ რომანებს ნაკლებად ჰგავს. არის თარგმანები, პოეტურიც და პროზაულიც, თან ძალიან აქტუალური წიგნებიდან”. ლევან ბრეგაძის ამ ჩამონათვალს სხვასაც დავამატებდი. რომანს ავსებს ბიოგრაფიებიც, მთარგმნელთა ბიოგრაფიები, რომელსაც კოლეგიის ერთ-ერთი თანამშრომელი ადგენს “ორგანოებისთვის”. მათ უფრო ნოველები შეგვიძლია ვუწოდოთ, სადაც თხრობა ხან მდორედ მიედინება და ხანაც შექსპირული ვნებები ტრიალებს. მთავარი კი ის არის, რომ კონკრეტული ადამიანების ბედში ქვეყნის ცხოვრებაც აირეკლება.
რა თქმა უნდა, რომანი “პირველი ორი წრე” არაა დოკუმენტური, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც დოკუმენტების, ასევე ავტორისეული ხედვებისა და ტკივილების ერთიანობა ახლიდან განგვაცდევინებს ჩვენი ქვეყნის არეულ თავგადასავალს. ეს წიგნი სწორედ ამ არეულობის გააზრებისა და მის არსში წვდომის მცდელობაა.

© tavisupleba.org

Thursday, August 26, 2010

მალხაზ ხარბედია – “წიგნის შედგენის ხელოვნება გადაყრის ხელოვნებაა”

- ამას წინათ ზურაბ ქარუმიძეს ვესაუბრე, რომელმაც განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება რედაქტორის ინსტიტუტის არარსებობაზე საქართველოში. არადა, ეს ინსტიტუტი საჭიროა: შენი ტექსტი ვიღაცამ უნდა წაიკითხოს, რადგან უცხო თვალი ნაწერს სხვაგვარად აფასებსო. ბატონი ზურაბი მარტო არ არის, ვინც ასე ფიქრობს. ბევრი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით საქართველოში კარგი რედაქტორი თითზე ჩამოსათვლელია. შენი აზრით, რამდენად მწვავედ დგას ეს საკითხი?
- საკმაოდ მწვავედ. ეს საქართველოში გამოცემულ თითქმის ყველა წიგნს ეტყობა. დავანებოთ თავი ახალგაზრდა, ან დამწყებ მწერლებს, მათთან მუშაობა ცალკე საუბრის თემაა. ავიღოთ, მაგალითად, თანამედროვე ქართველი კლასიკოსები, თუნდაც გურამ დოჩანაშვილი, რომელსაც ნამდვილად მოუხდებოდა ერთი კარგი რედაქტორი. ანდა ნაირა გელაშვილის ბოლო, ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი რომანი გავიხსენოთ - “პირველი ორი წრე და ყველა სხვა”. ამ რომანს რომ რედაქტორი ჰყოლოდა, დღეს ეს წიგნი ნახევარ საქართველოს ექნებოდა წაკითხული. ძალიან ბევრი გამოდის მოთხრობების კრებულები, აბსოლუტურად არაფრის მთქმელი კრებულები, სადაც მექანიკურადაა ჩაყრილი ნაწარმოებები, არადა პირიქით, წიგნის შედგენის ხელოვნება გადაყრის ხელოვნებაა და არა ჩაყრის. დღეს ძალიან ბევრი უფერული მოთხრობა იწერება, რომელმაც წალეკა ჩვენი პერიოდიკა, ანთოლოგიები და კრებულები. სამწუხაროდ, გამოცემას, რომელსაც მე ვრედაქტორობ, ფინანსური პრობლემები აქვს და შესაბამისად ვერ ვაძლევ თავს უფლებას ხორცი შევასხა იდეებს, რომელზეც რამდენიმე წელია ვსაუბრობ. ამის საშუალება როცა გაჩნდება, “საშუალო” ლექსებიცა და მოთხრობებიც გაქრება ჩემი ჟურნალის გვერდებიდან და მათ ადგილს უფრო მწვავე, ახალი და საინტერესო მასალები დაიკავებს.
- ლიტერატურის თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ მხატვრული ტექსტის კარგი რედაქტორის ჩამოყალიბებას თაობები სჭირდება. ეთანხმები ამ მოსაზრებას? საერთოდაც, როგორ უნდა გამოიზარდოს კარგი რედაქტორი? შეიძლება ამის სწავლა თუ ესეც ისეთივე ნიჭია, როგორც, სიტყვაზე პოეზია ან მწერლობა?
- რედაქტორი, რა თქმა უნდა, ნიჭიერი უნდა იყოს, მაგრამ თუკი მას ალღო არა აქვს და მზად არ არის თავისი პიროვნული ახირებები და ოცნებები გვერდზე გადადოს, არაფერი გამოუვა. გარდა ამისა, რედაქტორობა გემოვნებასაც გულისხმობს და იგი უნდა ფლობდეს უზარმაზარ ინფორმაციას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენის ცოდნასაც, არამხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვას ენა, არამედ იმისთვისაც, რომ თუ საჭირო გახდა, დაანგრიოს კიდეც (ანუ ავტორს დაანგრევინოს). ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში ყველა მწერალს ვაიძულებდი 4-5 წელი რედაქტორად მუშაობას. ამით ისინი ბევრ რამეს ისწავლიდნენ, პირველ რიგში კი ეგოცენტრიზმისგან გათავისუფლდებოდნენ. და რაც მთავარია, რედაქტორობას ორთოგრაფიული ლექსიკონი არ სჭირდება. მე მაგალითად, არ მახსოვს ორთოგრაფიული გადამეშალოს, იმიტომ, რომ ყოველთვის შინაგან რიტმს ვუსმენ.
დაახლოებით 10-12 წლის წინ უნივერსიტეტში მოგვიწვიეს “არილი”-ს რედაქცია, შეხვედრა მოგვიწყვეს. სიტყვებით გამოვიდნენ, გვაქეს, გვადიდეს, შენიშვნებიც მოგვცეს, დაახლოებით ასეთი: “ცოტა მეტი ეროვნულობა არ გვაწყენდა ყმაწვილებო”, “ნურც ჩვენ დაგვივიწყებთ...” და ა.შ. უცებ სიტყვა აიღო ერთმა ჩემმა ყოფილმა თანაკურსელმა (ფილოლოგმა), რომელიც, როგორც ეტყობოდა, მაგარი მომზადებული იყო, იმიტომ, რომ ფურცლების მთელი დასტა დააძრო. ეს გოგო დაახლოებით ნახევარი საათი კითხულობდა მოხსენებას თემაზე - “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს - ქართული ენის სიწმინდე არილში”, თუ რაღაც ამგვარი ერქვა. ამ ჩემს კურსელს “არილის” ნომრებიდან ამოკრებილი ჰქონდა ჟარგონული გამონათქვამები, ბარბარიზმები, უხამსობები, ცდილობდა შესატყვისების მოძებნას, გვითარგმნიდა, გვიმარტავდა, გვტუქსავდა, ჭკუას გვარიგებდა, შიგადაშიგ წინაპართა აჩრდილებსაც გამოიხმობდა, მოკლედ ძალიან ვიხალისეთ. რატომ მოვყევი ეს ამბავი? წარმოიდგინეთ, ლუი სელინისთვის, ჰანტერ ტომპსონისთვის, ვენედიკტ ეროფეევისთვის ან ზურა ლეჟავასთვის რომ ვინმეს მისეული მეტყველების მანერა აეკრძალა, სიტყვები ამოეყარა და წინადადების წყობა გაესწორებინა, ხომ იქნებოდა სასაცილო? ისე, ერთხელ უნდა ვცადო, ჟარგონით კარგად გაწყობილი რომელიმე ტექსტი უნდა ავიღო და ორთოგრაფიულის მიხედვით უნდა მოვთარგმნო, მემგონი საინტერესო შედეგს მივიღებთ.
- გოლი თარაყის ინტერვიუს ვკითხულობდი, სადაც ის ამბობს: "ძალზე მნიშვნელოვანია კარგი რედაქტორი, რომლის ნაკლებობასაც დღევანდელ ირანში უმწვავესად განვიცდით და რომლის ფასიც, პირადად, საფრანგეთში გავიგე. ყველა მწერალმა, თუ ის პროფესიონალია, რასაკვირველია, ყველაზე უკეთ იცის, როგორც მწერალმა, სად იზარმაცა, სად რა შეცდომა მოუვიდა, ან ყურადღება სად მოადუნა. ჩემმა ფრანგმა რედაქტორმა ამგვარ იაღლიშებს უცდომლად მიაგნო და სათუთად, ფრთხილად და მაღალპროფესიულად გაასწორა. ირანში კი, სრულიად საპირისპირო ამბავი ხდება. ჯერ რედაქტორი არ არის, ხოლო თუ სასწაული მოხდა და ამ საქმის მცოდნე კაცი გამოჩნდა, რომელიც ავტორს ნაკლზე მიუთითებს და ტექსტის ამა თუ იმ ადგილის გასწორებას შესთავზებს, მწერალი მის აზრს ყურს მაინც არ ათხოვებს, ზემოდან ყურებას დაუწყებს და ეტყვის: შენ საიდანღა გამომიტყვრი? წადი, შენს თავს და საქმეს მიხედეო..." როგორც ჩანს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. რით ახსნი ამ ფაქტს? ანუ, რატომ არის ბევრ ქვეყანაში კარგი რედაქტორის დეფიციტი?
- სხვათა შორის, ბოლო დროს სულ უფრო გულგრილი ვხდები ამ საქმიანობის მიმართ, ანუ რედაქტორობის მიმართ. სამწუხაროდ, რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად სჭირდებათ ჩვენთან რედაქტორი, კონკრეტულ ავტორებს ვგულისხმობ, თორემ რედაქტორის ინსტიტუტი რომ გასაძლიერებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ვინც კარგად წერს, ის ყოველთვის ღიაა შენიშვნების და ჩასწორებების მიმართ. ჩემთვის საყვედურიც კი უთქვამთ იმის გამო, რომ არაფერი იყო ჩასწორებული ტექსტში. მახსოვს რამდენს ვმუშაობდით ხოლმე მე და ზაზა თვარაძე რომელიმე მისი მოთხრობის ან ლექსების პუბლიკაციის მომზადებისას. არადა, ზაზა თავად იყო ბრწყინვალე რედაქტორი და ჩემი რედაქტირება მის ტექსტებს ნამდვილად არ სჭირდებოდა. მეორე მხრივ არიან ავტორები, რომლებიც წვალობენ, წერა არ იციან, სათქმელი არა აქვთ, ნიჭი აკლიათ, და ბევრი მათგანი იმდენად არაადეკვატურად აღიქვამს ხოლმე შენიშვნებს, რომ მათთან საუბარი აზრს კარგავს. ყოფილან ავტორები, რომლებიც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დამიბეჭდავს, ისეთებიც არიან, რომლებიც ნახევარგვერდიან ჩანახატს გამოაგზავნიან და შემდეგ გთხოვენ ორჯერ დიდი რეცენზია დაუწერო, სადაც არგუმენტირებული იქნება, თუ რატომ არ ვუბეჭდავ ამ იმპრესიონისტულ ესკიზს. მოკლედ, სიამოვნებით დავანებებდი თავს რედაქტორობას და სხვას გადავულოცავდი ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას. 15 წელი ცოტა არაა, დროა ჩემი თავისთვისაც მოვიცალო.
- "არილი," "წიგნები," "ცხელი შოკოლადი" - ის ლიტერატურული გამოცემებია, რომელთაც სხვადასხვა პერიოდში რედაქტორობდი და რედაქტორობ. რა განსხვავებაა მათ შორის და თუ გაქვს ხოლმე ჩამოყალიბებული რაიმე სახის კონცეფცია, როდესაც ამათუიმ ახალ ჟურნალსა თუ გაზეთზე იწყებ მუშაობას?
- ყველა გამოცემას, რომელსაც ოდესმე ვრედაქტორობდი, “არილი” იქნება ეს, “24 საათის” ლიტერატურული დამატებები თუ “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი” ერთი მთავარი რამ აერთიანებს. ვცდილობდი და ვცდილობ დავბეჭდო უახლესი თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა, ისეთი რაღაცეები, რაც არავის წაუკითხავს, ასევე თანამედროვე ქართული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი ის ნაწარმოებები, რომლებიც რაღაც სიახლეს გულისხმობს. მქონდა მცდელობები ცოტა სხვა ეტაპზე გადასულიყო რეცენზირებისა და კრიტიკის ქართული კულტურა, ეს კი მანამ არ მოხდება, სანამ მწერლები არ დაიწყებენ ერთმანეთზე წერას. ჯერ-ჯერობით ამ თვალსაზრისით “ვდგავართ”, მაგრამ ვფიქრობ მალე იქნება ძვრები. ჩემი ოცნებაა კონკრეტული პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდები ყოველ ნომერში გადიოდეს, აუცილებელია ერთ წიგნზე (ნებისმიერ წიგნს არ ვგულისხმობ, არამედ მნიშვნელოვანს) რამდენიმე რეცენზია იწერებოდეს, ინტერვიუ ავტორთან და ა.შ. თემატური ნომრები, რომლის ტრადიციაც 90-იანი წლების ბოლოს დავამკვიდრეთ “არილში”, ცალკე თემაა. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი გამოცემები.
- როგორც ამ გამოცემათა რედაქტორს, გამუდმებით გიწევს შეხება თანამედროვე ქართულ ლიტერატურასთან. რამდენად არის შეცვლილი ვითარება თუნდაც 10-15 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, როდესაც შენ ამ სივრცეში მოღვაწეობას იწყებდი?
- შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ადრე მეტად იყო ჩართული ლიტერატურაში მწერალიც და მკითხველიც. 1997-2003 წლები დიდი იმედების წლები იყო, ახლა კი ჩვენ დიდი იმედგაცრუებების პერიოდში ვართ და ეს ნეგატიური გარემო იმედი მაქვს მალე უკეთესობისკენ შეიცვლება, მე ვხედავ უკვე ამის ნიშნებს. დღეს მწერალსაც და მკითხველსაც სადღაც სხვაგან გაურბის თვალი, ყველა რაღაცნაირ მახეშია გაბმული, სადაც ლიტერატურა აბსოლუტურად არაარსებით როლს თამაშობს. ჩვენს გარშემო მხოლოდ პიარია, რომელზეც ერთნი რისხვით რეაგირებენ, მეორე კი კონფორმისტული ქედისმოხრით. სამწუხაროდ ახლა არც ბიტნიკების ხანაა და არც კლასიკური რომის პერიოდი, რომ ამ რეაქციებმა შედეგი მოიტანონ. უკიდურესი ამბოხისა ან მეორეს მხრივ, ხოტბის დრო წასულია, რადგან მათში, არც ერთში, სიმართლე არ მოჩანს, დღეს კი სიმართლე ყველაზე მეტად გვჭირდება. სწორედ ამ სიმართლის დეფიციტის გამოა, რომ ქართული ლიტერატურა ვერ ვითარდება, მწერლები ვერ იზრდებიან...
- რამდენიმე წლის წინ გამოიცა შენს მიერ შედგენილი "თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია", რომელმაც 1990-2004 წლების ქართული პოეზია შეაჯამა. ამ გამოცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხომ არ აპირებ მსგავსი პროექტის განხორციელებას პროზაშიც?
- მსგავსი პროექტი განხორციელდა კიდეც, გასულ წელს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან” თანამშრომლობით 20 საუკეთესო ქართული მოთხრობის ანთოლოგია შევადგინეთ რამდენიმე ადამიანმა, თუმცა მთლიანობაში მაინც უკმაყოფილო ვარ ამ კრებულით. იქ არის რამდენიმე მოთხრობა, რომელსაც მე არ შევიტანდი ანთოლოგიაში. გარდა ამისა, მაქვს ჩაფიქრებული ერთი გრძელვადიანი პროექტი, რომლის გამოცემაც იმედია მალე დაიწყება. დაახლოებით 10 წლის შემდეგ სიამოვნებით შევადგენდი ამჯერად უკვე 2005-2020 წლის ქართული ლექსის ანთოლოგიას.
- ისევ "ანთოლოგიას" დავუბრუნდეთ. მკითხველთა უმეტესობას მოეწონა წიგნი, თუმცა იყვნენ უკმაყოფილონიც, რომლებიც სუბიექტურობაში გდებდნენ ბრალს. რა სირთულეებს უკავშირდება მსგავსი კრებულის შედგენა?
- ასეთ შემთხვევაში შემდგენელი ყოველთვის სუბიექტური უნდა იყოს, სუბიექტური ლექსებთან დამოკიდებულებაში და არა ავტორებთან მიმართებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე გული მწყდება, რომ ზოგიერთ ლექსსა თუ ავტორს ანგარიში გავუწიე და დღეს ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ შემეტანა ესათუის ლექსი თუ ავტორი კრებულში. რა თქმა უნდა, ახლა სულ სხვანაირს გავაკეთებდი იმ ანთოლოგიას.
- რადიო "თავისუფლებაზე" გაქვს ძალზე საინტერესო ბლოგი, რომელიც ლიტერატურას ეხება, მიგყავს ამავე რადიოს ლიტერატურული რუბრიკაც. ხომ არ გეგმავ აქ გამოქვეყნებული მასალების წიგნად გამოცემას?
- ერთიორჯერ კი გავიფიქრე ამის შესახებ, მაგრამ მერე თავადვე ჩავახშვე ეს ფიქრები. საბედნიეროდ მკითხველი ისედაც არ აკლია ამ ბლოგებს, რადიო “თავისუფლების” საიტი ყველაზე კითხვადი (და სმენადი) საინფორმაციო-ანალიტიკური საიტია საქართველოში. მაგრამ, თუკი დავრწმუნდი, რომ ინტერნეტს მიღმა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია დარჩენილი, ვისაც დააინტერესებს ჩემი ნაწერი, მაშინ შეიძლება ვიფიქრო ბლოგების თავმოყრაზე და გარკვეულ კონცეფციით მათ განაწილებაზე. ხოლო რაც შეეხება ჩემს საავტორო გადაცემას, “ბიბლიოთეკას”, გამორიცხულია წიგნად გამოვიდეს, ეს სპეციფიური, რადიოსთვის შექმნილი ტექსტებია, რესპოდენტებით, ჩართვებით და ა.შ.
- ინტერნეტ-სივრცეზე მინდა გკითხო, რომელიც გაცილებით თავისუფალია ბეჭდურ გამოცემებზე და უფრო მეტ თავისუფლებას იტანს, შესაბამისად, რედაქტორიც ნაკლებად ესაჭიროება. დღეს ინტერნეტში აქტიურად აქვეყნებენ ნაწარმოებებს როგორც ახალბედა, ასევე უკვე ცნობილი ავტორები. ხომ არ გამოიწვევს ეს ფაქტი რედაქტორის ინსტიტუტის კიდევ უფრო შესუსტებას?
- პირიქით, ეს აადვილებს კიდეც ურთიერთობას ავტორსა და რედაქტორს შორის. ანუ ეს არის საუკეთესო საშუალება ავტორების აღმოსაჩენად, თუმცა მწერალმა, შემდეგ, რაღაც ეტაპზე აუცილებლად უნდა გადაინაცვლოს ბეჭდური მედიის და წიგნების ფურცლებზე. დგება დრო, როცა ჟურნალის ან გამომცემლობის რედაქტორი უნდა ჩაერთოს საქმეში. თუკი ავტორი მაინცდამაინც ჰიპერრომანს არ წერს, რისთვისაც მას ქსელის დახმარება სჭირდება აუცილებლად, უკეთესი იქნება თავისი საუკეთესო ნაწერები ყოველთვის დასაბეჭდად შემოინახოს ხოლმე, ასე ეფექტიც მეტი ექნება, მცირე შემოსავალსაც მიიღებს ავტორი და მიზნობრივი მკითხველიც მეტი ეყოლება. საიტზე გამოკიდებას და დიდი რაოდენობით “ლაიქებისა” და “პლიუსების” მიღებას იგი ყოველთვის მოასწრებს.
- და ბოლოს, რაში ხედავ გამოსავალს, როგორ შეიძლება ამ სფეროს შველა?
- ამ სფეროს შეცვლას 4-5 ენთუზიასტიც კი ეყოფა, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ეცდებიან ფხიზლად შეაფასონ ქართული ლიტერატურა. ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა დაეკისროს მედიას, ბეჭდურ და სატელევიზიო მედიას, უნდა ჩამოყალიბდეს ლიტერატურული ჟურნალისტიკა და პირველ რიგში ეს მისია თავად მწერლებმა უნდა იკისრონ. სატელევიზიო მედიაზე კი ადრეც არაერთხელ დამიწერია და დღესაც ვიტყვი, რომ ძალიან მძივე ვითარებაში ჩაიგდეს თავი. მაშინ, როცა პრესა და ტელევიზია მკითხველის მოპოვების ყველაზე მძლავრი იარაღია მთელს მსოფლიოში, მედია დღევანდელ საქართველოში იმდენად სუსტია, რომ მისი წყალობით ლიტერატურა და პოეზია, ყველაზე მოსაწყენ რამეებთან ასოცირდება. სამწუხაროდ ჟურნალისტიკა ძალიანაა გამარტივებული და იგი ყველაზე ხშირ შემთხვევაში რაღაც ობიექტის გახსნისას ვიღაც ჩინოსანის მიერ წარმოთქმული სიტყვის რეზიუმეზე დაიყვანება. მემგონი აუცილებელია ლიტერატურას სარეკლამო დროც კი დაუთმონ ტელეარხებმა, იმ დროში, რომელიც სოციალურ რეკლამას ეთმობა, ლიტერატურაც უნდა მოვიაზროთ, სხვა შემთხვევაში ხალხს შეიძლება კითხვაც კი დაავიწყდეს. სახელმწიფოს ვერ ააშენებს საზოგადოება, სადაც 5 მილიონიდან მხოლოდ 500 კაცი კითხულობს წიგნებს.

ესაუბრა ნანა კობაიძე

© “ლიტერატურული გაზეთი”

ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი - მეცნიერების პოეზია


მათემატიკა იდეების პოეზიაა.
არმან ბორელი


1

Chacun deviant idiot à sa facçon - ყველა თავისებურად წარმოაჩენს თავს იდიოტად. ეს ფრაზა ეკუთვნის პეტერ ესტერჰაზის, კეთილშობილი გვარის შთამომავალს, ვინც საკუთარი გამონათქვამი თავისივე ცხოვრებით საუკეთესოდ დაასაბუთა: თავიდან მათემატიკოსად მოგვევლინა, მოგვიანებით - ფეხბურთელად, ბოლოს კი - ცნობილ რომანისტად. სავარაუდოდ, მან ამით მეთვრამეტე საუკუნეში კლასიკად ქცეული შეურაცხმყოფელი ფრაზა იგულისხმა. იმხანად აკადემიკოსები პაექრობისას ერთურთს, არც თუ იშვიათად, იდიოტ სავანტ-ს[1] უწოდებდნენ. დღესდღეობითაც კი, ნებისმიერ მეცნიერს ერთი ან ორი კოლეგა მაინც ეგულება ისეთი, ვისაც, მისი აზრით, ეს ეპითეტი შეეფერება. პროფესიონალ იდიოტთა ამგვარი მოზღვავება მეცნიერებათა ვიწრო სპეციალიზაციის გარდუვალი შედეგი უნდა იყოს. თვით ამა თუ იმ დარგის ფარგლებშიც კი სულ უფრო რთულდება ურთიერთგაგების შენარჩუნება. ძნელად თუ გაბედავს ვინმე იმის მტკიცებას, რომ იცის, თუ რა ეტაპზეა კვლევა ზუსტი მეცნიერების ყველა სფეროში. ინტერდისციპლინარობის შესახებ ყბადაღებული საუბარიც ვერ აგვიხვევს თვალს, როცა ცოდნის შეძენა პირდაპირ უკავშირდება სიჩლუნგეს.
ამიტომაც აღარ გვაკვირვებს, რომ – უკვე რა ხანია – აღარავინ ლაპარაკობს ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საერთო ჰორიზონტის შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელოვნებაზე. ორი კულტურის შესახებ პ. კ. სნოუს ცნობილმა თეზამ დროის გამოცდას ვერ გაუძლო. დღევანდელი მზარდი მრავალფეროვნების ფონზე ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ სამი, ხუთი ან სულაც ასი კულტურის შესახებ. ამ ბაბილონური პლურალიზმის პირობებში ინგლისელი ფიზიკოსისა და რომანისტის მიერ 1959 წელს გამოთქმული წინასწარმეტყველება ოპტიმისტურადაც კი ჟღერს.


2

Idiot savant-ის ანუ "იდიოტი მეცნიერის" ფიგურა წარმოუდგენელია მისი ტყუპისცალის გარეშე, რომელიც ლამის მასზე უფრო ხშირ მოვლენად გვევლინება. Iდიოტ ლეტტრé[2] ისეთი კატეგორიაა, ჰუმანიტართა, ხელოვანთა და მწერალთა წრეებში რომ იკიდებს ფეხს და, თავისი შეზღუდულობის ხარჯზე, თავს საკუთარ ორეულზე უფრო ლაღადაც კი გრძნობს. როგორც ცნობილია, ყოველი ჩვენგანი დედამიწის ზურგზე ყველგან უცხოელია და, ზუსტად ასევე, ცოდნის ყველა სფეროში სანახევროდ ან მთლიანად უწიგნურნი ვართ. ერთია ამ ფაქტის აღიარება და სულ სხვაა – იამაყო უმეცრების ამგვარი მდგომარეობით. შექსპირის ისეთი მკვლევარი, ერთხელაც რომ არ გადაუფურცლავს დარვინი, მხატვარი, რომელსაც რთული რიცხვების ხსენებისთანავე თვალებში უბნელდება, ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც არაფერი იცის მწერების კვლევის უახლეს შედეგებზე, და პოეტი, რომელსაც ნევროლოგაში მოხსენების mosmenis dros usaTuod Zili ereva, _ ra უნებლიეთ კომიკური ფიგურები არიან, საკუთარი ძალისხმევით რა ახლოს მისულან სრულ გამოტვინებასთან!


3

ცხადია, ყოველთვის ასე არ იყო საქმე. ამის სახილველად ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა არ არის საჭირო. არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ფილოსოფია, პოეზია და მეცნიერება თავდაპირველად ერთურთის გვერდიგვერდ თანაარსებობდნენ. მათი საერთო ძირი მითოსია. ასტრონიმია თავის ჩანასახში მაგიურ პრაქტიკას წარმოადგენდა და უშუალოდ უკავშირდებოდა ასტროლოგიას. სწორედ სოკრატემდელმა ფილოსოფოსებმა ჩაუყარეს საფუძველი ფიზიკას ევროპაში. ემპედოკლე პოეტური კოსმოლოგიის ავტორია; ხოლო პითაგორა სამოსელი, ვისი წყალობითაც მათემატიკა ლეგენდარული ნახტომებით განვითარდა, მისტიკოსი გახლდათ.
მსგავსი რამ შეიძლება ითქვას ინდოეთში მეცნიერებათა ჩამოყალიბების შესახებაც. სულვასუტრას საკრალური მათემატიკა ქრისტეს დაბადებამდე პირველ ათასწლეულში შეიქმნა. ასევე, განუყოფელი იყო ერთურთისგან ფილოსოფია, პოეზია და მეცნიერება მესოპოტამიაში, ეგვიპტესა და ჩინეთში.


4

თავის ვრცელ დიდაქტიკურ პოემაში De rerum natura ლუკრეციუსმა მოიცვა თავისი დროის მეცნიერებათა მთელი ჰორიზონტი. იტალო კალვინოს თქმით, მას სურდა "მატერიისადმი მიეძღვნა ლექსი, მაგრამ იმთავითვე მიგვანიშნა იმაზე, რომ მატერიის რეალური არსი უამრავი უხილავი ნაწილაკისგან შედგება. ის ფიზიკური კონკრეტულობის მეხოტბეა, მისი მყარი უცვლელობისა, და, ამავე დროს, იგი პირველია, ვინც გვამცნობს, რომ სიცარიელე მყარ სხეულებზე არანაკლებ კონკრეტულია... თვით მექანიკის იმ უმკაცრესი კანონების ჩამოყალიბების დროსაც კი, ნებისმიერ მოვლენას რომ განაპირობებენ, ის თავს ვალდებულად თვლის, ატომებს სწორი ხაზიდან გაუთვალისწინებელი გადახვევის უფლება შეუნარჩუნოს, ასე რომ, როგორც მატერიას, ისე - ადამიანს, თავისუფლება უზრუნველყოფილი აქვთ. მაშასადამე, უხილავის პოეზია, უსასრულო გაუთვალისწინებელ შესაძლებლობათა პოეზია, ისევე, როგორც არარას პოეზია, სწორედ იმ პოეტის შექმნილია, ვისაც სამყაროს კონკრეტულობაში ეჭვი არ ეპარება."


5

უძველეს მოაზროვნეთა მიერ დაარსებულმა დიდაქტიკური ლექსის ტრადიციამ შუა საუკუნეებს გაუძლო და რენესანსის ეპოქაში ახალ გაფურჩქვნას მიაღწია. ამ ეპოქის პოეტები, მხატვრები, არქიტექტორები თუ ფილოსოფოსები ხარბად დაეწაფნენ თავიანთ თანამედროვეთა მეცნიერულ კვლევებს. ეს ინტერესი, როგორც კარდანოს, დიურერისა თუ ლეონარდოს შემთხვევაში, ხშირად უმჭიდროესად იყო გადახლართული შემოქმედებით საქმიანობასთან. ჯორდანო ბრუნო და სირანო დე ბერჟერაკი არ სცნობდნენ ზღვარს პოეზიასა და მეცნიერებას შორის. მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანებამდე ამ საზღვრის შესახებ ლაპარაკიც კი არ ყოფილა. თავის მონუმენტურ ენციკლოპედიაზე სამუშაოდ დიდრომ მათემატიკოს დ’ალამბერთან წამოიწყო უაღრესად ნაყოფიერი თანამშრომლობა. ლიხტენბერგი, ვისაც, სხვათა შორის, ფოტოასლის გამოგონებას უნდა ვუმადლოდეთ, მნიშვნელოვანი ფიზიკოსი გახლდათ, ხოლო გოეთე დიდი გზნებით შეისწავლიდა გეოლოგიის, ბოტანიკისა და ფიზიოლოგიის საკითხებს, სულ რომ არაფერი ვთქვათ მის იმ ახირებულ წამოწყებაზე, რომლის შედეგადაც მივიღეთ "მოძღვრება ფერთა შესახებ". ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი დიდაქტიკური ლექსი გახლავთ დაუმთავრებელი "მცენარეთა გარდასახვა". რომანტიკოსებისთვისაც ჯერაც უცხო იყო სამეცნიერო და ლიტერატურულ სფეროთა მკვეთრი გამიჯნვა. რიტერი, კარუ და შამისო თავადვე მეცნიერული კვლევებით იყვნენ დაკავებული, ხოლო ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგის "ზოგადი მონახაზი" მოწმობს ავტორის ფართო განსწავლულობაზე მათემატიკის, ქიმიის, ფსიქიატრიისა და ბიოლოგიის სფეროებში.


6

ეს ყოველივე იმის მანიშნებელია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ სფეროთა შორის დიდი განხეთქილება მეცხრამეტე საუკუნის ძალზე სიმპტომატური აღმოჩენა უნდა ყოფილიყო. შემეცნების მზარდი სპეციალიზება და საუნივერსიტეტო სისტემაში მისი დაკაპსულება, სამეცნიერო ჟარგონების წარმოშობა და პოზიტივიზმის გამარჯვება ამ განვითარების სიმპტომებია და, იმავდროულად, მისი გამომწვევი მიზეზებიც. მრავალი ბუნებისმეტყველის სწრაფვა ვიწრო ჩარჩოებით შემოფარგლვისკენ, რასაც, არც თუ იშვიათად, გარკვეული მედიდურობაც ახლავს თან, ხელოვანთა და კულტურის მესვეურთა მხრიდან ბუნებრივად იწვევს საპასუხო ალერგიულ შეტევებს. ინტელიგენციის ოჯახში ეს ძმათა შუღლი უკვე რახანია მიმდინარეობს და, როგორც წესი, ორივე მხარის მტრული განწყობა ერთმანეთს კვებავს და ამძაფრებს. Idiot savant-სა და idiot lettré-ს ერთმანეთთან ბევრად უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე მათ ეს თავად ჰგონიათ.


7

რა გასაკვირია, თუკი ამგვარ ვითარებაში დიდაქტიკური ლექსის ტრადიცია, ფაქტობრივად, სრულებით ჩაკვდა, რითაც, იქნებ, უპირველეს ყოვლისა, ლიტერატურამ იზარალა. მისი ეპიტაფია ფლობერის კალამს ეკუთვნის. და მას "ბუვარი და პეკიუშე" ეწოდება. ეს უაღრესად ირონიული ენციკლოპედიური პროზაული პროექტი ხსენებულ კულტურულ განხეთქილებას ძალზე ულმობლად ასახავს. ფინალი ისეთ გლობალურ მარცხს გვიჩვენებს, არც ერთ მხარეს რომ არ ინდობს, რადგან ფლობერის ბედკრული პერსონაჟები ორივე პოლუსზე მდგარ იდიოტებს განასახიერებენ. "ამგვარად, ყველაფერი ხელში ჩაეფშვნათ". მათი მგზნებარე მცდელობების შორეულ ექოდ ჩაგვესმის გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების სოკალის გახმაურებული საქმე; დაახლოებით, მსგავსი მასშტაბის მარცხი, დეკონსტრუქციის ბალაგანში არაერთი ველური შეძახილი რომ გამოიწვია.


8

სავსებით შეგვიძლია, მეცხრამეტე საუკუნე ამ თვალსაზრისითაც დასრულებულად ჩავთვალოთ. თავიდან შეუმჩნევლად, შემდეგ კი სულ უფრო თვალში საცემად გადაიშალა ახალი ფურცელი. ისახება ზღვართა გადაკვეთის ახალი მიმართულებანი. იქნებ, ლიტერატურას მოუწიოს იმ მეცნიერული სიმუნჯიდან გათავისუფლება, რაც საკუთარ თავს თავადვე შეამთხვია. ერთ-ერთი პირველი იმათგან, ვინც idiot lettré-ს როლს ვერ შეურიგდა, რაიმონ კენო იყო. მან არა მხოლოდ გამოაქვეყნა, "პლეადის" სახით, სამეცნიერო ენციკლოპედია, არა მხოლოდ დაწერა წიგნი უახლესი მათემატიკის შესახებ ("ნაპირები", 1963); მას, ასევე, ეკუთვნის "ჯიბის მცირე კოსმოლოგია" (1950) და კომბინატორული მოდელის მიხედვით შექმნილი ლექსი ("ასი მილიარდი ლექსი", 1961). პროფესიით ქიმიკოსის, პრიმო ლევის, შემოქმედებაში ბუნებისმეტყველება ცენტრალურ როლს თამაშობს. სტანისლავ ლემის "ტექნოლოგიის ჯამი" (1963) ინფორმატიკისა და კოსმოლოგიის ღრმა ცოდნის გარდა გასაოცარ ინტუიციურ წინასწარმეტყველებებსაც შეიცავს. შეუძლებელია თომას პინჩონის "გრავიტაციის ცისარტყელა" (1973, გერმანულად თარგმნილია სათაურით "იგავის დასასრული") გავიაზროთ ავტორისეული პოლიისტორიული ამბიციის გარეშე, ამ სფეროში კვლევის აქტუალურ შედეგებსაც რომ მოიცავს.


9

ზოგიერთი ლირიკოსიც კი უკვე გათავისუფლდა მეცხრამეტე საუკუნის სქემებისგან და აღიარა, რომ პოეზია შეიძლება შეეხოს ყველაფერს, რასაც კი ადგილი აქვს ამ სამყაროში. ის სულელური ცრურწმენა, ვითომდა პოეზია მხოლოდ გრძნობათა გადმოსაცემად იყოს განკუთვნილი, ასევე მეცხრამეტე საუკუნიდან მოგვთრევს. დღეს სულ უფრო მეტი პოეტი ახდენს საკუთარ ტექსტებში მეცნიერულ იდეათა თემატიზებას. ინგერ ქრისტენსენი, შესაძლოა, თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი დანიელი პოეტი, თავის ეპიკურ "ანბანს" (1981, ორენოვანი, დანიურ-გერმანული გამოცემა) რიცხვთა თეორიისა და კომბინატორული ანალიზის საკითხებს უძღვნის; უფრო კონკრეტულად კი, ეს ლექსი ფიბონაჩის შედეგზეა დაფუძნებული. დურს გრიუნბაინის შემოქმედებაში დიდ როლს ფიზიოლოგია და ნევროლოგია თამაშობს, ხოლო ბრიტანელი ავტორი ლავინია გრინლო შემოქმედებით აღმაფრენას ბიოლოგიის, კომუნიკაციის თეორიისა და მეცნიერებათა ისტორიიდან იღებს. აი, ამგვარი მრავალფეროვანი გავლენების რამოდენიმე მაგალითი:


10

ლარს გუსტავსონი, "დისკუსიები"

აკუსტიკის ძველი სახელმძღვანელოები
გვირჩევენ უცნაურ ექსპერიმენტებს:

უნდა მოვთავსდეთ აბსოლუტურად სიმეტრიულ ეზოში
ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულში გალავნებით
რომლებიც მართი კუთხით დგანან ერთურთის მიმართ
შემდეგ ამოვირჩიოთ ერთი კუთხე
და გავისროლოთ პისტოლეტი.

აღმოჩნდება ერთი წერტილი, სადაც გასროლის ხმა არ ისმის.

შენ მიაღწიე აკუსტიკურ კვანძს:
თვალი მას ვერ აღიქვამს.

ტბის სრულიად გლუვი ზედაპირის ირგვლივ
გარკვეული კუთხით
და გარკვეულ რიტმში
უნდა განვათავსოთ სამი პიროვნება
რომლებიც ერთმანეთს გასძახებენ "აქ ვარ".
დიდი ხანი არ გავა, რომ გვიგონებთ "აქ ვარ, აქ ვარ, აქ ვარ"
ყველა მხრიდან, უწყვეტად,
და ვერცერთი საკუთარ ხმას ვერ გაარჩევს
სხვათა ხმებისაგან.

რა საამო მონაცვლეობითი ჟღერადობაა!

და პატარა ელექტრულ საათსაც თუ
მოვათავსებთ მინის ჭურჭელში
საიდანაც ჰაერს ამოვტუმბავთ
მის წიკწიკს უკვე ვეღარ გავიგონებთ.

ამრიგად, დასტურდება ეჭვი,
რომ მედიუმი სანდო არ არის,
რომ მას შეუძლია თავის ჭკუაზე იმოქმედოს.

თავის ჭკუაზე, თავის ჭკუაზე.

დრო, რომელიც კიდევ რჩება, მუდამ ძალზე მოკლეა.
მხოლოდ ის, ვინც ძალიან მარტოსულია, გამოსცემს მჟღერ ხმებს.
ერთობ ცივი ზამთარია. ყველა ნავი ყინულშია ჩაქვავებული.

კრიალა ამინდში კი - ციგურები, წითელი ციგურები,
ისეთიხმით, როგორსაც პატარა საათები გამოსცემენ,
მინის "ჰერმეტული ზარის" ქვეშ.

ჩუ, ვიღაც ლაპარაკობს. ვისი ხმაა, შენი თუ ჩემი?

ექო, მომხიბლავი ნიმფა დასახიჩრებული ხმით!


11

ალბერო ბლანკო, "ევოლუციის თეორია"

რაღაც რაღაცისგან რომ გამომდინარეობს,
ამის საწვდომად არ გვჭირდება არც გამოთვლა და არც რამენაირი თეორიები.

ცლილებების უსასრულო ქსელში
არსებები რომ არსებობენ, რომლებიც სხვა არსებებისგან წარმოიშვნენ,
იმდენად თვალსაჩინოა, რომ საკუთარ თავს ვეკითხებით:
როგორ მოხდა, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები,
რომლებსაც ჯერ კიდევ აეჭვებთ ევოლუციის თეორია?

"ადამიანი", ამბობს შექსპირი,
და მილტონი იმეორებს ამას, "შედევრია".
მაგრამ როცა ვხედავთ, ღრუბელი როგორ გარდაისახება
წვიმად, წვიმა - სეტყვად,
სეტყვა კი - ტალახად,
მაშინ სერიოზულად ვიწყებთ ყველაფერში ეჭვის შეტანას.


12

მიროსლავ ჰოლუბი, "შორი ღმუილი"

1885 წლის 6 ივლისს
ელზასში ცოფიანი ძაღლი
თავს დაესხა ცხრა წლის იოზეფ მაისტერს
და თოთხმეტი ნაკბენი დაუტოვა.

მაისტერი პირველი პაციენტი იყო,
ვისი გადარჩენაც შეძლო პასტერმა
თავისი შრატით,
დასუსტებული ვირუსის
ცამეტმაგი დოზით.

პასტერი ათი წლის შემდგომ
ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.
მაისტერმა კარისკაცად დაიწყო მუშაობა
პასტერის ინსტიტუტში.

ორმოცდათხუთმეტი წლის ასაკში
მან თავი მოიკლა და მთელი ხროვა
საბრალო ძაღლებისა დახოცა,
როცა გერმანელები თავს დაესხნენ.

მხოლოდ ვირუსი გადარჩა.



13

ვინ იცის, რამდენს გვპირდება მომავალში პოეზიისა და მეცნიერების ამგვარი შეხვედრები? შემთხვევით ურთიერთობებთან გვაქვს აქ საქმე თუ ეს მართლაც idiot lettré-სთან გამოთხოვებისა და ინტელექტუალურ პოეზიასთან დაბრუნების მომასწავებელია? გავლენის სფეროებზე ოდნავი თვალის შევლებაც კი კმარა, რათა სკეპსისი მოგვეძალოს. დღეს პოეზია მეორეხარისხოვანი მედიუმია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს კი კულტურულ სფეროში უზენაესი ძალაუფლება დაუპყრიათ. ამ გაგებით, ზემოთ ნახსენები ურთიერთგადაკვეთის ნებისმიერი მაგალითი უთანასწორო თამაშის შთაბეჭდილებას გვიტოვებს.
და მაინც, ამგვარი დასკვნა ნაადრევი, ცალსახა და ზედაპირულია. უნდა ვაღიაროთ, რომ პოეტები, რომლებიც მეცნიერებისადმი ღრმა ინტერესს ამჟღავნებენ, მხოლოდ მარგინალურ როლს თამაშობენ. საქმე სრულიად სხვაგვარად გამოიყურება, თუკი პერსპექტივას შემოვაბრუნებთ და პოეზიაში მეცნიერების ძებნის ნაცვლად მეცნიერებაში ვეძიებთ პოეზიას.


14

რიცხვთა თეორიის დიდი ინგლისელი მკვლევარი გ. ჰ. ჰარდი, ვიზეც ვერაფრით ვიტყვით, "რბილი" მეცნიერების მიმდევარიაო, თავის წიგნში "მათემატიკოსის აპოლოგია" (1967) მოგვითხრობს თავისი სტუმრობის შესახებ მეგობარ გენეტიკოსთან, სტივ ჯონსთან, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ ლიტერატურაშია გათვითცნობიერებული; ამის ვარაუდის საფუძლევს ის გვაძლევს, რომ იგი სემუელ ტეილორ კოლრიჯისეულ ციტატას წარმოთქვამს, ინგლისელი რომანტიკოსი პოეტისა, რომელიც სამეფო ინსტიტუტში ქიმიის ლექციების კურსს ესწრებოდა. როცა მას ჰკითხეს, თუ რისთვის აკეთებდა ამას, კოლრიჯმა მიუგო: "იმისთვის, რომ მეტაფორების მარაგი გავიმდიდრო". ამასთან დაკავშირებით ჰარდი შენიშნავს: "ჯონსს, როგორც ჩანს, გულზე არ ეხატებოდა მეცნიერული ცოდნის ამგვარი გამოყენება; უფრო დამაჯერებელ მიზეზს ითხოვდა. მეორე მხრივ: რაღა იქნებოდა მეცნიერება მეტაფორების გარეშე?"
მართლაც, მეცნიერებაში თხრობა - ხოლო მეცნიერული პროცესი არ არსებობს სიტყვიერი გადმოცემის გარეშე - მუდამ მეტაფორულ მეტყველებას ეყრდნობა. ლაიბნიცით დაწყებული და ვენის წრით დამთავრებული, ლოგიკოსთა ყველა მცდელობა, მეცნიერება შიშველ ფორმულებამდე დაეყვანათ, საბოლოოდ მარცხით დასრულდა. ბუნებრივი მეტყველება ყოვლად შეუცვლელი და, ამავე დროს, მოქნილი მედიუმი გამოდგა. და სწორედ მისი გამოყენებისას თანამედროვეობის მათემატიკოსებმა და ბუნებისმეტყველებმა საკუთარ კონცეპციათა, აღმოჩენათა თუ ვარაუდთა გადმოცემის გასაოცარი უნარი გამოავლინეს. მათ მიერ შექმნილი მეტაფორები შესაშურ პოეტურ ნიჭზე მეტყველებს.


15

ასტრონომიაში, კოსმოლოგიასა და ფიზიკაში ვხვდებით ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა: ჩირაღდნები, ლაქების კერები, გვირგვინები, მზის ქარები, ზოდიაქოთა ნათება, გალაქტიკური შრიალი, მუხრუჭის გამოსხივება, წინარე აფეთქება, მუხის მინდვრები Y(საზომი ველები), შავი ხვრელები (ამ ტერმინის შექმნას ჯ. ა. უილერს უნდა ვუმადლოდეთ), სიბნელის ღრუბლები, აკრძალული ხაზები, წითელი გოლიათები, თეთრი ჯუჯები, რენტგენული აფეთქებები, პულსატორი პლანეტები, ჯუჯა გალაქტიკები, ბურთულების გროვები, სპირალური ნისლი, ჭიის სოროები, შავი გამოსხივება, თეთრი შრიალი, ბაწარი და ზე-ბაწარი, გამრუდებული სივრცე, გადახლართული განზომილებები, ხელმისაწვდომობა, პარტიკულარული (ნაწილაკობრივი) ოჯახები, წყვილი განადგურება, კლაუსტროფობული ნაწილაკები, გაუცხოება, კვანტური გვირაბები, კვანტური ქაფი და კვარკები (ტერმინი, შექმნილი მიურეი გელ-მანის მიერ ჯეიმს ჯოისის "ფინეგანის ქელეხის" მიხედვით. ერთურთისგან ასხვავებენ უცხო, ზედა, ქვედა, მაგიურ, წითელ, მწვანე და ლურჯ კვარკებს).
მათემატიკა იცნობს ფესვებს, ბოჭკოებს, ჩანასახებს, კონებს, ძნებს, გარსებს, მარყუჟებს, შლეიფებს, სხივებს, დროშებს, ალმებს, ნაკვალევებს, ჯვარედინა ხუფებს, ზედა და ქვედა სხეულებს, სქესებს, ჩონჩხებს, მაქსიმალურ, ძირითად და ნულოვან იდეალებს, რგოლებს, "განდეგილებს", "მონსტრებს", "უგზო-უკვლოდ ხეტიალს", გაქცევის წრფეებს; ბოლოს და ბოლოს, იცნობს გამოგონილ თავისუფალ ჯგუფებს, მრავალფეროვნებებს, ცარიელ რაოდენობებს, წინარე ხატებს, ჭიპის წერტილებს, დაღმავალ ხაზებს, ხიდის კიდეებს, მერცხლის კუდებს, ფილტრებს, ველურ კვანძებს, ნაწნავების ჯგუფებს, გვირაბის რიცხვებს, კანტორის მტვერს, ჰოჯის ბრილიანტებს, სტაკებს, პეპლებსა და იხვებს...


16

ამ ნუსხის გაგრძელების ცდუნება ძალზე დიდია. ეს უსასრულობამდე შეგვიძლია ვაკეთოთ, თუკი სხვა დარგებიდანაც მოვიშველიებდით მაგალითებს. ისიც კი, ვისაც არავითარი წარმოდგენა არა აქვს ამ ტერმინების მნიშვნელობაზე, მაინც იგრძნობს, თუ რა გაბედულად იპყრობენ მეცნიერებები ახალ ენობრივ ტერიტორიებს, თანაც უდავოა, რომ ისინი ამ პროცესში პოეტურ საშუალებებს მიმართავენ.
კარლ ვაიერშტრასმა, ელიფსური ფუნქციების თეორიის ფუძემდებელმა, უკვე ასზე მეტი წლის წინ იცოდა, რომ "მათემატიკოსი, თუკი ის ოდნავ მაინც არ არის პოეტი, სრულყოფილ მათემატიკოსად ვერასდროს ჩაითვლება."
ხოლო ნილს ბორმა კვანტური ფიზიკის შესახებ თქვა, - იგი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ფიზიკური მოვლენების წვდომა ძალზე იოლი იქნება, მათ შესახებ მხოლოდ პოეტური ხატებისა და იგავ-სურათების მეშვეობით თუ ვილაპარაკებთო; რაკიღა მისი მეცნიერება ბუნებას კი არა, იმას შეისწავლის, რისი გამოთქმაც ადამიანებს ბუნების შესახებ ძალუძთ, ლიტერატურული ხერხები ფიზიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.


17

ესთეტიკური ხედვა არც მათემატიკისთვის, არც თეორიული ფიზიკისთვის ყოფილა ოდესმე უცხო. ოდენ დამტკიცებას არასდროს სჯერდებოდნენ; მათი საუკეთესო წარმომადგენლები ყოველთვის მოხდენილ, რომ არ ვთქვათ ნატიფ, ამოხსნებს ეძებდნენ. ამ თვალსაზრისით, მრავალი შეცოდება პოზიტივიზმის სინდისზეა. მას ქრონიკული სენი სჭირდა: არ გააჩნდა ფანტაზია. ამ ფაქტმა შემეცნების თეორიასა და მეთოდიკაზეც იქონია ზეგავლენა.
ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი მალე საბოლოოდ გამოეთხოვებიან მეცხრამეტე საუკუნის დოგმებს. კლასიკური მატერიალიზმი ისევე, როგორც მისი სუბსტრატი, დაშლის პროცესშია. კოსმოლოგიასა და ნევროლოგიურ მეცნიერებებში ტაბუ აღარ ადევს ისეთ საკამათო იდეებს, რომელთა დასაბუთებაც ვერ ხერხდება ექსპერიმენტით. გიოდელიდან მოყოლებული, მათემაკიკაც კი იძულებულია, თვალი გაუსწოროს თავისი წვდომის შესაძლებლობების ორაზროვნებას, ხოლო კვანტურ ფიზიკაში შეუცნობელი ყოველდღიურ, ჩვეულ მოვლენად იქცა.
შტატუს ქუო-ს მეტისმეტად მგზნებარე დამცველებთან შეტაკების საფრთხის წინაშეც კი გავრისკოთ იმის მტკიცება, რომ თვით ყველაზე პერსპექტიული მეცნიერებაც სხვა არაფერია, თუ არა – მითოსის თანამედროვე ფორმა. მკვლევართა უმრავლესობისთვის შეუმჩნევლად, მათ კონცეპციებში, ახალი სახით, კვლავაც გვიბრუნდება კაცობრიობის ყველა დასაბამიერი კითხვა, ოცნება თუ კოშმარი. მათი მეტაფორები მხოლოდ ამ მითთაქმნადობის გამოხატვის საშუალებებია.


18

მეცნიერების პოეზია ზედაპირზე როდი დევს. ის მისი სიღრმეებიდან იღებს სათავეს. ძალუძს თუ არა ლიტერატურას, მისივე დონეზე შეხვდეს მეცნიერებას, - ჯერ კიდევ ღია საკითხად რჩება. ბოლოს და ბოლოს, სამყაროსთვის სულერთი უნდა იყოს ის, თუ რა წარმოშობის არის ჩვენი მოდგმის წარმოსახვითი უნარი; მთავარია, ეს უნარი შევინარჩუნოთ. რაც შეეხება პოეტებს, დაე, ეს მინიშნებები იმის მაუწყებელი იყოს, რომ მათი შემოქმედების გარეშე ეს ვერ მოხერხდება. მსგავსად დროის სადიაგნოსტიკოდ და გასაზომად გამიზნული იზოტოპისა, პოეზიაც, შეუმჩნეველი და მაინც თვალშისაცემი, როგორც კვალის ელემენტი, ყოველთვის იქ მოქმედებს, სადაც ის ყველაზე ნაკლებად გვეგულება.


წყაროები

იტალო კალვინო, "ექვსი რჩევა მომავალ ათასწლეულს", ჰარვარდის მოხსენებები, იტალიურიდან თარგმნა ბურკარტ კრიობერმა, მიუნჰენი, 1991.
ალან სოკალი და ჯონ ბრიკმონტი, "ზღვართა გადალახვა: კვანტური გრავიტაციის ტრანსფორმაციული ჰერმენევტიკის მიმართულებით", გამოცემაში: "სოციალური ტექსტი", 46/47, კემბრიჯი, ხელნაწერი, 1996; გერმანულ ენაზე: "ელეგანტური უაზრობა. როგორ ამახინჯებენ პოსტმოდერნისტი მოაზროვნეები მეცნიერებებს", მიუნხენი, 1999.
ნილს ბორი, ჯონ კენედის მასალების მიხედვით: "ატომური მუზა. ლიტერატურა, ფიზიკა და პირველი ატომური ბომბები", მედისონი, 2000.
ლარს გუსტავსონი, დისკუსიები, გამოცემაში: `En resa till jordens medelpunkt och andra dikter~, სტოკჰოლმი, 1966; გერმანულად თარგმნილია ჰ. მ. ე.-ის მიერ, სათაურით "მანქანები", მიუნხენი, 1967.
ალბერტო ბლანკო, ევოლუციის თეორია, გამოცემაში: "წუთიერის გული", მეხიკო, ეკონომიკური კულტურის ფონდი, 1998, გერმანული თარგმანი - ჰ. მ. ე.-ისა.
მიროსლავ ჰოლუბი, შორი ღმუილი, ინგლისური თარგმანის ხელნაწერის მიხედვით გერმანულ ენაზე თარგმნა ჰ. მ. ე.-მა.


დანართი

"თუ გავითვალისწინებთ, რომ ისეთი მკვლევარი, როგორიც ჯონ ლოკია, იმავდროულად ეკონომისტიც იყო, პოლიტოლოგიც, ფილოსოფოსიც და ექიმიც და ისეთ დიდ ცოდნას ფლობდა, როგორსაც დღეს სპეციალისტთა მთელი ფლოტიც კი არ ეყოფა, მაშინ ნათელი გახდება, თუ რაოდენ დიდი ცვლილება მოხდა მას მერე... ესთეტიკა და შემეცნება ჯერაც არ წარმოადგენდნენ ცალკე სფეროებს. განათლება, ხელოვნება და მეცნიერება ერთურთის გვერდიგვერდ თანაარსებობდნენ. არაფერი იყო იმაში უცნაური, რომ პიროვნება, სახელად გალილეი, თავის თხზულებებს მეფის მოხელე "სწავლულ დილეტანტს", პაპის კურიასა და უნივერსიტეტებს უგზავნიდა. მას სურდა, მისი იდეები როგორც მეცნიერული, ისე ესთეტიკური საშუალებებით მიეტანა ადამიანებამდე... იყო თუ არა გალილეი ახალი დროის წინამორბედი გენიოსი მკვლევარი, მიუხედავად თავისი ლიტერატურული თუ პოლიტიკური მიდრეკილებებისა? შეუწყო თუ შეუშალა ხელი მის მიერ იუპიტერის თანამგზავრთა აღმოჩენას იმ ფაქტმა, რომ მის დროში პოეზია და მეცნიერება ჯერ კიდევ ჰარმონიულად თანაარსებობდნენ?”
ბოდო ფონ გრაიფი, "გალილეიმ დრო უქმად ხომ არ გაფლანგა?", ჟურნალში "შეპასუხებები. ჟურნალი შემეცნების შესახებ დისპუტისთვის", № 7, ბერლინი, 2001.

"მეტაფორა ააშკარავებს იმ წინარე მდგომარეობას, რომელშიც ფესვი უდგას არა მხოლოდ ჩვენი გამოცდილების პირად და უქმ სფეროებს, არა მხოლოდ მოსეირნეთა და პოეტთა სამყაროებს, არამედ, აგრეთვე, თეორეტიკოსთა სპეციალიზებული ტერმინოლოგიის უცხოდ მჟღერ გამოხატულებება".
ჰანს ბლუმენბერგი, "შეუცნობლის თეორიის მიმოხილვა".

"საბუნებისმეტყველო მეცნიერებები... ხშირად უარყოფენ ყოველგვარ მინიშნებას მეტაფორის ფუნქციაზე, წარმართოს და განაპირობოს შემეცნების პროცესი; მსგავს მინიშნებებს, საუკეთესო შემთხვევაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროპაგანდად რაცხავენ. ფიზიკაში გავრცელებულ ისეთ სურათ-ხატთა ხმარებას, როგორებიც "ტალღა" ან "ნაწილაკია", საყველპურო მეტყველებისთვის დამახასიათებელ დაუდევრობად მიიჩნევენ და ცდილობენ, ზუსტი ტერმინოლოგიითა და ფორმალური განსაზღვრებებით შეებრძოლონ მას. მაგრამ, იქნებ, მეტაფორული ხატები აქაც ნაყოფიერად მოქმედებს შემეცნების პროცესზე?..
ვინ იცის, იქნებ, მეტაფორა უკანასკნელი მაკავშირებელი რგოლია ორ (სნოუ), სამ (ლეპანიე) ან, სულაც, უთვალავ (ფეიერაბენდი) მეცნიერულ კულტურას შორის? თუ ეს ასეა, იგი მათი LLLingua franca ყოფილა. ამ ვარაუდს ჯერაც ადასტურებენ კეის მსგავსი კრიტიკოსები, თავიანთი სააზროვნო კლიშეების წყალობით ახალ-ახალ საუკეთესო მეტაფორებს რომ გვაწვდიან, მაგალითად: გენომი "უნდა ვიკითხოთ არა იმდენად როგორც ინსტრუქცია, რამდენადაც – როგორც ლექსი". სხვათა შორის, საამისოდ ჯერ ახლიდან უნდა ჩამოყალიბდეს ლექსის კითხვის კულტურა."
Gგერალდ ჰუბმანი, "მეტაფორის აუცილებლობის შესახებ", ჟურნალში "შეპასუხებები. ჟურნალი შემეცნების შესახებ დისპუტისთვის", № 7, ბერლინი, 2001.
ლილი ე. კეი, "ვინ დაწერა სიცოცხლის წიგნი: გენეტიკური კოდის ისტორია", სტენფორდი, 2000.

ანგლოსაქსურ ლიტერატურაში გამოკვეთილ ტენდენციასთან დაკავშირებით იხილეთ აგრეთვე: მიქაელ ფრეინი, "კოპენჰაგენი" (კვანტური ფიზიკა); მარტინ ემისი, "დროის ისარი" (კოსმოლოგია); მარგრეტ დრებელი, "პილპილმოყრილი ფარვანა" (გენეტიკა); ფილიპ პულმენი, "მისი ბნელი მატერიები" (ფიზიკა); დეივიდ ლოჯი, "ფიქრობს..." (კოგნიტორული მეცნიერება). ამასთან დაკავშირებით კრიტიკოსი ჯონ ლენჩესტერი შენიშნავს: "ორმოცდაორი წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ჩ. პ. სნოუმ დაიჩივლა ხელოვნებათა და მეცნიერებათა შორის ბლოკადის თაობაზე; დღეს სულ უფრო მეტად გვეჩვენება, რომ საქმე მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის მზარდი ოსმოსის მომსწრენი ვხდებით".
NYRB, ნიუ იორკი, 2001, №13.

[1] "იდიოტი მეცნიერი" (ფრანგ.).
[2] "იდიოტი ლიტერატორი" (ფრანგ.).


გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ირაკლი სამსონაძე - ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი


ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით


მოქმედი პირნი:
1. ინდაური ინდიკო – ციდან მოვლენილი საჩუქარი, ასე ვთქვათ...
2. თოვლის პაპა;
3. ბაბალე – მისი მეუღლე;
4. კომბლე – კეთილი მწყემსი;
5. კომბლეს ცხვარი;
6. ნაცარქექია;
7. დევი;
8. მელა;
9. მგელი.

თოვლის პაპას სახლი. ტრადიციული ქართული გარემო. ბუხარი, მაგიდა, რამდენიმე ჯორკო, კედელზე წითელი წიწაკების აცმა.
სურათი პირველი: - აქა ამბავი თოვლის ბებო ბაბალეს უცნაური გამოჩენისა.
თოვლის პაპას შუბლზე ცივი საფენი დაუდევს. ოხრავს. დოქიდან წყალს ჩამოისხამს თასში. კარზე კაკუნი.
თოვლის პაპა საფენს მოიხსნის, თავს გაოიყოჩაღებს, ჩაახველებს – მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა.
ღია კარში კეთილი მწყემსი, კომბლე გამოჩნდება.
კომბლე – სტუმარი არ დალეოდეს აქაურობას, გამარჯობა, თოვლის პაპავ!
თოვლის პაპა – შენა ხარ, კომბლე?! ეჰ...
პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. მობრძანდი – კომბლე შემოდის. – რა დაგემართა, შეუძლოდ ხარ?!
თოვლის პაპა – ნუ მკითხავ – გუშინ ნაცარქექიასთან ცოტა – უჰ, თავი...
კომბლე – გასაგებია... გაკეთებულ ღვინოს რომ ასაღებდა ტყეში, ვიცოდი, მაგრამ თოვლის პაპასაც თუ შებედავდა, ვერ ვიფიქრებდი.
თოვლის პაპა – დაილოცეო და ჰა... ანდა, როგორ არ უნდა დაილოცო, როცა თოვლის პაპა ხარ... დავსჯი მე მაგას – ფალსიფიკაციისთვის... (წყალს მოისვამს, დარბაზისკენ გამოიხედავს) ფალსიფიკაცია, ბავშვებო, გაყალბებას ნიშნავს ქართულ ენაზე, მაგრამ ისე მიგვაჩვიეს ტელევიზორიდან ამ უცხო სიტყვებს, რომ მეც კი წამომცდება ხოლმე... (კომბლესკენ) შენ საით, კომბლე?
თოვლის პაპა – აბა, კაცო, ახალი წელი კარს მოგვადგა, რამდენი საჩუქარი მაქვს ბავშვებისთვის დასარიგებელი და ამ დღეში კი ჩამაგდო ნაცარქექიამ – ბაბალეც აგვიანებს, წნევის წამალს გიყიდიო... სადაა ამდენ ხანს –
(გამოჩნდება ბაბალე უცნაური პარიკით თავზე და საკმაოდ დამოკლებული კაბით).
ბაბალე – სად ვარ და აქ ვარ, ჩემო დზვირფასოო...
თოვლის პაპა – დზვირ?!. ჰა?!.
კომბლე – ვაი...
თოვლის პაპა – რაა გჭირს, ბაბალე?!
ბაბალე – რა უნდა მჭირდეს, საახალწლოდ ახლადგახსნილ სილამაზის სალონს მივაკითხე – ინდიკო დაურქმევიათ სალონისთვის, ნაცარქექიას მოპოვებული ინვესტიციააო... აბა, როგორია?! (დატრიალდება)
კომბლე – მე წავალ... ბოდიში...
ბაბალე – რატომ, კომბლეე, დარჩებოდეთ ჩვენსა, კოკტეილზეედ...
თოვლის პაპა – რომელ კოკტეილზე?..
კომბლე – არა, არა, ბბოდიში... ცხვარს თივა უნდა მივუტანო (კარის ზღურბლს გაჰკრავს თავს) უჰ... მმააპატიეთ... (ნაჩქარევად დატოვებს იქაურობას.

სურათი მეორე: აქა ამბავი ბუხარში ჩამოვარდნილი ამანათისა.
თოვლის პაპა – რა გჭირს, ქალო, ამისთანა სტუმარი დამიფრთხე.
ბაბალე – ოჰ, ამისთანა... XXI საუკუნეში კაცს თივა მიაქვს ცხვრისთვის...
თოვლის პაპა – აბა, რა უნდა წაუღო ცხვარს, ბაბალე?
ბაბალე – რა და, ბატონო, იცი შენ რომ იქ, აი იქ, იქით – ცხვრებისთვის, კაცებისთვის, გოჭებისთვის და ძაღლებისთვის პანსიონებია გახსნილი – აქ თივა უზიდე შენი ზურგით...
თოვლის პაპა – სად გაგანათლეს, ქალბატონო ბაბალე, ასე, საინტერესოა...
ბაბალე – სად და სილამაზის სალონში...
თოვლის პაპა – რა ქვიაო?
ბაბალე – ინდიკოო... ქვიაო...
თოვლის პაპა – ღმერთო, ნუ შემშლი ამ საახალწლოდ, ბავშვებს ვინ დაურიგებს საჩუქრებსა და ფოჩიან კამფეტებს... ვინ დალოცავს მადლიანი ქართულით ფუძე-ჭერს, ვინ...
ბაბალე – გაიგე, ადამიანო, ინტერნეტის დროში ვცხოვრობთ, ტექნოკრატიულ ეპოქაში, შენ კი ისევ ძველებურად აპიპინებ, შენსას...
თოვლის პაპა – მე ვაპიპინებ, მეე?! (გამოხედავს) ბავშვები, ეს ცუდი მიმართვაა და ნიშნავს...
ბაბალე – კაი, მეტისმეტი მომივიდა, მაგრამ ისევ შენთვის ვამბობ, დზვირფასო.
თოვლის პაპა – აღარ გავიგონო ეს – დზ... რას ნიშნავს დზვირფასო, როცა ქართულად ითქმება ძვირფასო, მემესიჯები?!..
ბაბალე – ჰოდა, ძალიან ცუდი, რომ არასოდეს... გვიმესიჯია?! ცუდია, ცუდი...
თოვლის – მე წერილებს გწერდი შენ, ზოგჯერ ლექსებადაც!.. ბაბალე, მომისმინე, ბაბალე, არ შეიძლება ასე ხელაღებით ყველაფრის უარყოფა... რაღაც უნდა შევინახოთ, ბაბალე, ტრადიცია უნდა შევინახოთ, გოგო, ბრმა წამხედურობით კარგი არაფერი გამოვა, ბაბალე... მე პაპას უნდა ვგავდე, შენ უნდა გავდე ბებოს, ბაბალე.
ბაბალე (წაუტირებს) – ბებოს, ჰო, ბებოს... ოჰო (გამოხედავს) და შენ რომ პაპას გავდე, ხოლო მე თანამედროვე, საქმიან, ემანსიპირებულ ქალს, არ შეიძლება? იმიჯი რომ მქონდეს ასეთი, ჰა?!
თოვლის პაპა – იმიჯი, ბავშვებო, ნიშნავს... (პაუზის შემდეგ) რა სილამაზის სალონში მოხვდი ამისთანა უნაიროში, ქალო... გული... გული... წნევა!..
ბაბალე შეფუცხუნდება, საიდანღაც წნევის აპარატს გამოაჩენს, სკამზე მისვენებულ თოვლის პაპას წნევას უსინჯავს.
ბაბალე – დამშვიდდი ახლა, ჰო... რანაირი ისა ხარ, პირდაპირ... ფიცხი... ყველაფრის გულთან მიტანა იცი – აი, 190/100-ზე არ შეიძლება ასე ნერვებზე აყოლა არაფრის გამო, სანტა კლაუსი გათანამედროვდა და შენ რა გახდი ასეთი...
თოვლის პაპა – ვინ გითხრა, რომ სანტა-კლაუსი გათანამედროვდა?
ბაბალე – სილამაზის სალონში თქვეს.
თოვლის პაპა – ტყუილია, ჭორია... სანტა-კლაუსი წესიერი კაცია..
ბაბალე – ვითომ წესიერი არ შეიძლება თანამედროვე იყოს?!
თოვლის პაპა – თოვლის პაპებში – არა. თოვლის პაპა მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციულია. მოიშალე ეგ ვარცხნილობა... და კაბული კაბაც...
ბაბალე – პარიკია, დამშვიდდი... (კაბასაც ჩამოიწევს) ჯიუტი რო გამოვა კაცი, იმას...
თოვლის პაპა – გამიზომე ახლა წნევა.
ბაბალე – დაიცა, წამალი მოგიტანე...
თოვლის პაპა – აღარ მჭირდება წამალი, შენ რომ ასეთს გხედავ, კარგად ვხდები... გამიზომე...
ბაბალე – საოცრება... 120/70-ზე... კოსმონავტის წნევაა...
თოვლის პაპა – ჰო, მოვმჯობინდი... დამეხმარე ახლა, საჩუქრები დავახარისხო, ხომ იცი, ის ოთიკოსო, ის კესოსო, ის სალომესო, გიგისო... ჰე გამოიტანე ხურჯინი და შევუდგეთ საქმეს...
ბაბალე (წამოდგება) – რას გახდება შენთან ქალი... (ხურჯინი მოაქვს, ამდროს ბუხარში ამანათი ჩამოვარდება, ბაბალე შეცბება) – ვაი...
თოვლის პაპა – ეს რაა?
ბაბალე – დედაა, ამანათი!... სანტა-კლაუსი თუ გვილოცავს ახალ წელს, იმან იცის ასე, ბუხრიდან ჩამოგდება საჩუქრის...
ბაბალე და თოვლის პაპა ამანათს უახლოვდებიან.

სურათი მესამე – აქა ამბავი ინდაური ინდიკოს გამოჩენისა, რომელიც თავის თავს ციდან მოვლენილ საჩუქარს უწოდებს.

ამანათი თავისით იხსნება და იქიდან... თქვენ წარმოიდგინეთ, ინდაური! კი, აშკარად ინდაური, თანაც გაღიმებული...
ბაბალე – ინდაური?!
თოვლის პაპა – მგონი ინდაურია, კი...
უცნაური სუბიექტი – ინდიკოო...
თოვლის პაპა – ბატონო?!
ინდიკო – შეგიძლიათ, ინდიკოო დამიძახოთ, შინაურულად...
ბაბალე – ღმერთო, ნუ შემშლი... სილამაზის სალონი როა, ინდიკო, ის რაა თქვენი... უი, მაპატიეთ, სილამაზის სალონი რა უნდა იყოს; თქვენ მეპატრონე ბრძანდებით?
ინდიკო – დიახ, ვარ! მეპატრონე... ასე ვთქვათ, საკონტროლო პაკეტის 51% ვფლობ, მართვის უფლებით...
ბაბალე – სასიამოვნოა...
ინდიკო (გარემოთ ათვალიერებს) – სასიამოვნო იქნება, გენაცვალე, აბა, რა იქნება, ჩემისთანა ციდან მოვლენილი საჩუქარი ამ ბნელ, ჩამორჩენილ, არქაულ გარემოში...
თოვლის პაპა – არქაული, ბავშვებო, ძველს ნიშნავს... ძალიან ძველს, მაგრამ... (ინდიკოს გახედავს) რა უფლებით მილანძღავს ოჯახს, ეს...
ინდიკო (გარემოს ათვალიერებს) – რომელ საუკუნეში ცხოვრობთ, თქვე გაჭირებულებო!... რა დიზაინია, რა გამჭვარტლული სინამდვილე, ასე ვთქვათ... არა, არა, აქაურობა უნდა შევცვალო...
ბაბალე (თოვლის პაპას) – აი, რას გეუბნებოდი... )ინდიკოს) თქვენ დიზაინერიც ბრძანდებით?
ინდიკო – კი... ვარ, ასე ვთქვათ! საქვეყნოდ ცნობილი დიზაინერი ვარ მე! და საერთოდ, მე ყველაფერი ვარ... ძალიან იოლად ვეუფლები ყველა პროფესიას, თქვენ წარმოიდგინეთ... აი, ასეთი ვარ მე, ინდიკოო... ციდან მოვლენილი საჩუქარი!
თოვლის პაპა – რა საინტერესო ინდაური ყოფილხარ...
ინდიკო – ირონიას ვგრძნობ, მაგრამ ჩვენ ირონიით ვერ შეგვაშინებთ! ჩვენ დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები უნდა ვაკეთოთ...
თოვლის პაპა – ვინ, - თქვენ?!
ინდიკო – ჩვენს როცა ვამბობ, ვგულისხმობ – მეს, მაგრამ ვამბობ ჩვენს, რადგან ვარ უაღრესად თავმდაბალი... (მობილურის ზარი) უკაცრავად... (მობილურზე ლაპარაკობს) ჰო! ჩამოვფრინდი!.. მაგრამ, რომ იცოდე, სად ჩამოვფრინდი... ჯორკოებია ისეთი, კურტუმო გაგიქვავდება, ასე ვთქვათ... კედელზე წითელი წიწაკების აცმა და ეს ნივრები... ნივრები... მოკლედ, ჩემი ხელი აკლია აქაურობას... ბიზნესგეგმა უკვე შევადგინე... შევცვლით, ყველაფერს შევცვლით, და ისე შევცვლით, რომ დასის ფანტასტიშ იქნება, ერთი სიტყვით... (მობილურს შეინახავს).
თოვლის პაპა – ეგ ვინ იყო, თუ უკაცრავად არ ვიყო, ჰა?!
ინდიკო – მეგობარია ჩემი, ერთობლივ პროექტში მივიღეთ გრანტი.
თოვლის პაპა – ააა?! და მეგობარიც ინდაურია?
ინდიკო – არა, ბატონო, მეგობარი ბატია, თეოფილე...
თოვლის პაპა – აჰა, ბატიღა გვაკლდა...
ბაბალე – მოუსმინე, ადამიანო, იქნებ რას გვეუბნება!...
თოვლის პაპა – ვის მოვუსმინო, ქალო ვის, ინდაურს?!
ინდიკო – ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფის გარეშე ვიკონტაქტოთ, ასე ვთქვათ.
ბაბალე (პარიკს ჩამოიცვამს) – დედა, რა მოსწრებული სიტყვა მოიხმო, - ვიკონტაქტოთო...
ინდიკო (ბაბალეს მიაცქერდება) – ახ, შარმან!
ბაბალე – დედა, დედა, განათლებულიცაა...
ინდიკო – ბონჟურ, მადამ! ვარ განათლებული! კი – გეთანხმებით – ძალიან განათლებული ვარ მე, ენები ვიცი ბევრი.
თოვლის პაპა – განათლებული კი არა, შენ ხარ ერთი უტვინო, გაფხორილი ინდაური...
ინდიკო – ბიბილო! ბიბილო! ბიბილო არ ამახიო!
თოვლის პაპა (სკამზე დასვამს ინდიკოს) – აქ დამელოდე, ვაჟბატონო, მოგივლი მე შენ! (ბაბალეს) ახლა შენი ჯერია, ქალბატონო! მოიხადე პარიკი!
ბაბალე – დედა, დედა, როგორ იქცევი უცხოსთან, რას იფიქრებს...
თოვლის პაპა – არ მაინტერესებს მე, რას იფიქრებს ინდაური... (ოთახიდან გაჰყავს).
ბაბალე – უიმე, უკაცრავად, ბატონო ინდიკო, იცის ხოლმე ასე – ფიცხია ძალიან...
თოვლის პაპა – წამობრძანდი აქეთ, ფიცხს განახებთ მე თქვენ... (გადიან)
ინდიკო (უკმაყოფილოდ იფხორება) – და თოვლის პაპა ქვია ამას?! დიქტატორი ეს... უზრდელი... არაცივილური ეს... ძირს თოვლის პაპების დიქტატურა! გაუმარჯოს რეფორმატორ ინდაურებს!!! )ხურჯინს შენიშნავს) ჰმ... ხურჯინი! რაა ამ ხურჯინში... (ჩაიხედავს) ასეც ვიცოდი, ფოჩიანი კამფეტები! (ერთს ამოიღებს, შეჭამს) საბრალო ბავშვი, ასე ხომ კბილებს გაიფუჭებს! ამას არ გვასწავლიდნენ ჩვენ იქ! ბავშვთან უნდა მიხვიდე, ფოჩიანი კამფეტი თავად მიირთვა, ბავშვი კი უნდა დაარიგო: ბავშვო, გაუფრთხილდი კარიესს, ბავშვო, დაე, მე გამიფუჭდეს კარიესი, მე დავდებ თავს შენი გულისთვის, ბავშვო, შენ კი დააფასე ჩემი თავდადება და მუდამ გახსოვდე!... არა, არა, მე უნდა გავხდე თოვლის პაპა, მე უნდა ავიღო ხელში ძალაუფლება! მე უნდა დავუმტკიცო კაცობრიობას, რას ნიშნავს ჭეშმარიტი რეფორმატორობა! წინ თოვლის პაპა ინდიკო, შენ დიდი საქმეები გელის!!! (ხურჯინს მოიკიდებს, სცენიდან გავა)
შემოვლენ თოვლის პაპა და ბაბალე
თოვლის პაპა – სადაა ეს ინდაური?! ხურჯინი... ჩემი ხურჯინი... ვინ დაურიგებს პაწიებს საჩუქრებს... მოიპარა იმ....
ბაბალე – ხურჯინი მოიპარაო... ვაი! (გული მისდის)

სურათი მეოთხე: აქა ამბავი იმისა, თუ როგორ ცდილობდნენ ნაპოლიციარი მგელი და მაცდური მელია კუდიგრძელია, კომბლეს ცხვრის შეცდენას.

ბაგაში დამწყვდეული ცხვარი ჯიბის სარკეში იპრანჭება.
ცხვარი – მეე ძალიან ჭკვიანი და ლამაზი ცხვარი ვარ; მეე კომბლეს ცხვრებს შორის გამორჩეული ცხვარი ვარ; მეე კომბლემ მითხრა, შენზე ჭკვიანი და ლამაზი ცხვარი ჯერ მეე არ მინახავსო; მეე...
შორიდან ხმა მოატანს: - მეე...
ცხვარი (გაკვირვებული) – მეე?!
გამოჩნდება მგელი.
მგელი – მეე...
ცხვარი (შეშინებული) – მეე ასეთი ბოხი მეეის მეეშინია... (შეიმალება)
მგელი (სასოწარკვეთილი ხმით) – მეე...გობაროუ! ჩეემო მეე-გობაროუ! გამობრძანებულიყავი გარეთ, ჩვენს უუმშვენიერეს, უუღრანეს, უუდაბურულეს ტყეში სასეირნოდ; იიქ, მეე-გოუბაროუ! მეე და შენ, ისე... უუ...უუ... როგორ მშიააუ! მეე მშიააუ! კომბლემ საპატრულოდან დამითხოვა და მეე კომბლეს ცხვარი მშიააუ!!!
გამოჩნდება მელია კუდი გრძელია
მელა – რა მუცლის გვრემა აგიტყდა; ბარემ ისიც უთხარი, რომ შეჭმას უპირებ!
მგელი – აახ, მაცდურო მელია კუდი გრძელია, როგორი შეურაცხყოფილი ვარ, როგორი გალახული კომბლესგან, როგორი მშიერი, როგორი დანატრებული სითბოს და ალერსს... (ხელს წაატანს)
მელა (თავს ინთავისუფლებს) – დამანებე, კაცო, თავი! უჰ... ნახა დრო – ახალი წელი კარს მოგვდგომია, შენ კი ერთი გაუბედურებული ბეღურაც ვერ მოგინადირებია...
მგელი – ეეჰ, იყო დროო, შენც გახსოვს...
მელა (ნიშნისმოგებით) – იყო, მახსოვს, მაგრამ იყო და აღარ არის!...
მგელი – აღარ გიყვარვარ, არა, მაცდურო? მაშინ ხომ კარგად მინაბავდი თვალებს...
მელა – მაშინ მაშინ იყო...
მგელი – შეგჭამ ახლა, გადაგყლაპავ, შე მოღალატე...
მელა – შეგჭამ და შეგჭამ, გადაგყლაპავ და შეგსანსლავ, სულ ეს გაკერია პირზე... ჩვენ, მტაცებლებმა რომ არ ვჭამოთ ერთმანეთი, ცხვარი დაილია ქვეყანაზე?
მგელი – არ გამოდის და...
მელა – მე გამოვიყვან... მხოლოდ წადი, აქაურობას გაეცალე, იქით იყმუვლე სადმე...
მგელი – მერე შენ თუ გამოიტყუე, შენვე მიირთმევ და მე რა?!
მელა – არ გეკადრება?! ასე მიცნობ?!
მგელი – კი, ასე გიცნობ – სწორედაც...
მელა – გრცხვენოდეს... წილში ხარ, გეფიცები!.. “პოლნი” წილში... მე თანამედროვე მეთოდებით ვმუშაობ, შენი ყმუილი ხელს მიშლის... (დასაკეც კომპიუტერს აჩვენებს) აი!
მგელი – ეს რაა?
მელა – კომპიუტერი, ინტერნეტი არ გაგიგია? ოდნოკლასნიკი რუ-ში შევალ და მერე მე ვიცი... წადი ახლა, წადი... მერე მოდი, მერე!...
მგელი – უუუ! როგორ შეიცვალა დროუ! არც ინგლისური ვიცი, არც კომპიუტერი, გამომაძევეს საპატრულოდან და ახლა მშიააუ! ძალიან მშიააუ! (თვალს ეფარება).
მელა (პაუზის შემდეგ) – მართლა იდიოტი ეს!... (კომპიუტერს ჩართავს) ესეც ესე – ოდნოკლასნიკი-რუ... შევედით – მელია კუდი გრძელია ეძებს უსაყვარლეს დაქალს, ცხვარუკას (ვიღაც შენიშნავს) ვაი... თოვლის პაპა?! კი, ხურჯინით... ნუთუ ახალი წელი დადგა?! არ დამინახოს კომბლეს ცხვართან; მოწმე არ გვჭირდება – ვითომ შემთხვევით მოვხვდი აქ, ვითომ... (კომპიუტერს აკეცავს, კუდს მკლავზე გადაიდებს, ჯერ უდარდელი ნაბიჯით გაივლის, შემდეგ მოცოცხავს).

სურათი მეხუთე: აქა ამბავი იმისა, რომ ინდიკო აქადაგდა, მაგრამ ინდაურის აქადაგება რას გასჭრიდა, ცხვარი რომ მართლა ცხვარი არ ყოფილიყო, ის სულელი, ისა...

გამოჩნდება ცხვარი.
ცხვარი (შეშინებული) – მეე ძალიან მაშინებს ტყის ხმები... მეე კომბლემ გამაფრთხილა, ბეეევრი მტეერი გყაავსო...
გამოჩნდება ინდიკო. ერთმანეთს მიაცქერდებიან.
ინდიკო – ეს რა ცხოველი შემომცქერის...
ცხვარი – მ ეეე.
ინდიკო – ვაი...
ცხვარი – მეე...
ინდიკო (ძალიან დამფრთხალი) – ვინ ხარ?!
ცხვარი – მეე – კომბლეს ცხვაარი...
ინდიკო (გამოყოჩაღდება) – აჰ, ცხვარი,! კომბლე ეს ის როა, არა?! სხვენში რო აწყობს კომბლებს... ო, მაინ გოთ!
ცხვარი – მეე არ მეესმის, თქვენ ვინ ხართ?!
ინდიკო – თოვლის პაპა ვარ მე, ინდიკო! ციდან მოვლენილი საჩუქარი თქვენისთანა ბნელებისთვის, ასე ვთქვათ...
ცხვარი – მეე ცხვარი კი ვარ, მაგრამ არც ისეთი სულელი ცხვარი, მეე მინახავს თოვლის პაპა...
ინდიკო – ჰმ... უნახავს! რა გინახავს რა?! ის ძველი თოვლის პაპა იყო და ძველ დროში დარჩა, მე ახალი თოვლის პაპა ვარ და ახალი დრო მომაქვს! მე ვარ რეფორმატორი რეფორმატორთა შორის! მე თქვენთვის ცხოვრების ახალი სტილი მომაქვს; აი, შენ, მაგალითად, ცხვარო, რას გავხარ?!
ცხვარი – მეე?! მგონი, ცხვარს...
ინდიკო – მერედა ვის აინტერესებს ჩვენს დროში, თუკი ცხვარი ცხვარს გავს? ეს ნონსენსია; ესაა რეტროგრადული მიდგომა საკითხთან! ეს სიმახინჯ;სიმახინჯეა, ბოლოს და ბოლოს!
ცხვარი – მეე ასეთი მახინჯი ვარ?!
ინდიკო – ხარ! დიახაც, ხარ! და იმიტომაც ხარ მახინჯი, რომ ცხვარი ცხვარს გავხარ!
ცხვარი – მეე... ვაი-მეე!
ინდიკო – შემომიშვი ერთი, კარგად შეგათვალიერო – (ბაგაში შევა) ჰმ... მატყლში გახვეულა... მაგრამ არაუშავს... მე საუკეთესო სტილისტიც ვარ და შენ დაგამსგავსებ... (მხატვრის თვალით უცქერს) პალმას!
ცხვარი – მეე – პალმას?!
ინდიკო – დიახ, პალმას... ხეა ასეთი, სუბტროპიკებში და ტროპიკებში ხარობს... გენიოსი ვარ, დედას გეფიცებით, რა... ჩვენ აქედან გავემგზავრებით სილამაზის სალონ ინდიკოოში... შემდეგ კი რომელიმე ფეშენ ფართზე – მიბოძეთ თქვენი პირადი კომპიუტერი...
ცხვარი – მეე – არ მაქვს...
ინდიკო – ახლა გადავირევი... აბა, ვისა აქვს, - კომბლეს?
(დარცხვენილი ცხვარი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად)
ინდიკო – ესაა ხომ?! ასეც ვიცოდი... ტელევიზორზე ძველია... ეჰ, ჩემი დამრჩა, თორემ... (კომპიუტერზე აათამაშებს თითებს) არაუშავს, ბნელო აწმყოვ, მე შენ ნათელ მომავლად გაქცევ!... კი, არის... აგე, ნაცარქექია, ჩემი ბიზნესპარტნიორი აწყობს თურმე ფეშენ ფართს... იქ ვესტუმრებით... ოჰ, შენს სახელზე წერილია... ჩემს დაქალ ცხვარუკას მელია კუდი გრძელიასგან...
ცხვარი – მეე კომბლემ მითხრა, მტაცებლებს უნდა მოერიდო...
ინდიკო – კომბლე და კომბლე, მუდამ ეს ვიღაც კომბლე მესმის შენგან, გამაგებინე, გოგო, სრულწლოვანი არ ხარ?
ცხვარი – მეე მგონი, კიი...
ინდიკო – მერე?! ეს ხომ უფლებების და თავისუფლებების ხელყოფაა! გჩაგრავენ! უმოწყალოდ მანიპულირებენ შენი პირადი ცხოვრებით და შენი პირადი ცხოვრებით უმოწყალოდ მანიპულირებენ!
ცხვარი – მეე ასეთი სიტყვა არ ვიცი!
ინდიკო – სამაგიეროდ მე ვიცი! მე და ჩემმა მეგობარმა, ბატმა თეოფილემ ვიცით, რადგან გრანტი მოვიპოვეთ და განსწავლულები ვართ ერთობ და ვიღვწით და...
ცხვარი – მეე... მოვდივარ!
ინდიკო – აი, ყოჩაღ! ახლა შენ თავისუფლებისკენ გადადგი პირველი ნაბიჯი... გთხოვთ! (კარს შეუღებს) გთხოვთ! თქვენ გელით ახალი ცხოვრება! აი, ისიც, ფეშენფართებისა და ფეშენ შოუების გაბრწყინებული სამყარო, ის თქვენ გელით, მენდეთ!
ცხვარი (გზად) – მეე ერთხელ კომბლემ მითხრა, - შეე მართლა ცხვაროო!..
ინდიკო – ეს აღმაშფოთებელია!
ცხვარი (გზად) – მეე კომბლე სასეირნოდ არ მიშვებდა.
ინდიკო (გწად) – მოვეშვათ კომბლეს... კომბლე წარსულში დავტოვოთ... წინ, მხოლოდ წინ, სილამაზის სალონისკენ...

სცენიდან გავლენ თუ არა, კომბლე გამოჩნდება.

კომბლე – აი, მეც დავბრუნდი! ჰა?! ცხვარი! ჩემი სულელი ცხვარი! ხომ გაფრთხილებდი, ახლა სად გეძებო?! ეეჰ, ისევ სხვენში, ისევ კომბალი, ისევ ტყე-ტყე ხეტიალი და ამ სულელის ძებნა... ჩემი ხვედრიც ეგ ყოფილა!.. (საიდანღაც კომბალს გამოაძრობს, მხარზე გადაიდებს, ნაჩქარევი ნაბიჯით დატოვებს სცენას).

სურათი მეექვსე: აქა ამბავი ნაცარქექიას მიერ დადგმული ფეშენფართისა, სადაც პოდიუმზე ერთობ განაზებული დევი გამოდის...

გამოჩნდება ნაცარქექია.
ნაცარქექია – ერთი-ორი, ერთი-ორი, ერთი-ორი-სამი! (მიიხედავს) სად ხარ, დევო?!
სცენის სიღრმიდან დევი გამორგავს თავს.
დევი – ნაცარქექია, იქნებ არ ღირს, ჰა?!
ნაცარქექია – აბა, კარგად დაფიქრდი, რას მეუბნები? ამხელა ბიზნესი წამომიწყია, ამხელა საქმეს შევჭიდებივარ, ინვესტიცია მოვიზიდე და ახლა მღალატობ?! ხომ უნდა ვაჩვენოთ ინვესტორს, რომ წესიერი პარტნიორები ვართ!
დევი – ჰო, მაგრამ რას იტყოდა ამაზე მამაჩემი, ნაცარქექია! რას იტყოდა პაპაჩემი, პაპაჩემის მამა, გენერალთ-გენერალი დევიკაური რაღას იტყოდა!..
ნაცარქექია – რას და, აფერუმ შენს კაცობასო, - ასე შეგაქებდნენ!
დევი – ვითომ? მაშინ, თუ ასეთი კარგია, შენ რატომ არ ჩაიცვამ იმას, რაც მე მაცვია ახლა?..
ნაცარქექია – ბუჯო, შენი კომპლექცია რომ მქონდეს, გგონია დამასწრებდი?! თანაც რას მედრები, რო მედრები, რიყის ქვიდან წვენი გამომიწურია, პარაშოკიდან ღვინო მიკეთებია...
დევი – კაი, კაი, მაგრამ... (ჭოჭმანობს).
ნაცარქექია – გამოდი ერთი, მეჩვენე!
დევი – მრცხვენია!
ნაცარქექია – ბუჯო, ჩემი გრცხვენია, ბუჯო!
დევი - კი!
ნაცარქექია – გამოდი, სანამ მოვსულვარ!
დევი – გამოვედი, ჰა!
(გამოჩნდება კიდეც, ძალიან ავარდისფერებულ-აცისფრებული სამოსით)
ნაცარქექია – უჰ, შენ რა გითხარი! ამას მიმალავდი?!
დევი – ჰა?! (სამოსზე იცქირება)
ნაცარქექია – ზღაპარი, ბუჯო! სასტაული!
დევი – ვითომ?
ნაცარქექია – იმ შენი კაი მამა-პაპის სული ნუ წამიწყდება, თვალს ვერ მოგწყვეტს ადამიანი!
დევი – ჰო, მარა, რას იტყოდა ამაზე მამაჩემი, პაპაჩემი რას იტყოდა, გენერალთ-გენერალ დევიკაურზე აღარაფერს ვამბობ... ის ხო...
ნაცარქექია – შეშურდებოდაო, ბუჯო! გაიარე ერთი, გაიარე!
დევი – ჰა, გავიარე... (გამოივლის)
ნაცარქექია – რას შობი?
დევი – დავდივარ...
ნაცარქექია – დაბაჯბაჯებ, კი არ დადიხარ... გავლა პოდიუმზე უნდა ცოტა იმნაირად – მაკვარანცხად ცოტა.
დევი – არ ვარ იმნაირი და...
ნაცარქექია – გაიარე გელაპარაკები მე შენ, თორემ გაგხდი იმნაირს... იცი შენ ჩემი ამბავი!
დევი – (შეძლებისდაგვარად გაინაზება) – ასე?!
ნაცარქექია – ო, ახლოს ხარ! ცოტა კიდე განაზდი... მეინდომე ცოტაც...
დევი – რას იტყოდა ამაზე... ვაი, ვიღაც მოდის... (გაიქცევა, დაიმალება)

გამოჩნდება ინდიკო.

სურათი მეშვიდე: აქა ამბავი იმისა, თუ რატომ და როგორ გაიღვიძა დევში დევმა.

ნაცარქექია – თვალს დავუჯერო? თვით ბატონი ინდიკოო, აქ, ჩვენთან?!
ინდიკო – გავიგე ფართს აწყობთ თურმე და აი, მეც აქ ვარ!
ნაცარქექია – უჰ, ვაწყობთ რომელია, ჩემო ბატონო, მაგრამ ძვირი კი დაგვიჯდა...
ინდიკო – ეგ არაფერი, მთავარია, განათლების სხივი შევიტანოთ ამ ბნელ, უსიერ ტყეში!
ნაცარქექია – მეც განათლებისთვის ვიღვწი, თორე პირადი ინტერესი აქ გამორიცხულია... ანგარიში წარმოგიდგინოთ?!
ინდიკო – მერე იყოს, ახლა კი ერთი სული მაქვს, სანამ ჩემს შედევრს განახებთ... ამ ვარცხნილობას მე დავარქვი ზებრა პალმასთან.
ნაცარქექია – რა საინტერესოა, რა ავანგარდული...
ინდიკო – აი, ისიც! ჩემი შედევრი! (ტაშს შემოჰკრავს)

გამოჩნდება კომბლეს ცხვარი ძალიან სასაცილო ვარცხნილობით.

ნაცარქექია (შეკრთება) – ოჰ, ბეჩა...
ინდიკო – ჰა, როგორია?
ნაცარქექია – ბრწყინვალე! შეუდარებელი! თუმცა კი, ვერ ვიცნობ, ვინაა?!
ინდიკო – ამაშია სწორედ საქმე, რომ ვერ ცნობთ... ეს მახარებს...
ცხვარი – მეე ვარ პაალმა, მეე ვარ ზეებრა... მეე ვარ...
ნაცარქექია – აჰ, ეს ცხვარია...
ცხვარი – მეე მეეგონა ვერ მიიცნობდნენ...
ინდიკო – დასახვეწია, ესე იგი, თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ.
ნაცარქექია – არა, ბატონო, მერწმუნეთ! ეს მართლაც შედევრია, ხმა რომ არ ამოეღო, ვერაფრით მივხვდებოდი – თქვენ შეუდარებელი ხართ, მაესტრო!
ინდიკო – ოჰ, კაი ერთი...
ნაცარქექია – გეფიცებით! სტილისტთა გურუ!!!
ინდიკო – უჰ, ბიბილოზე ალმურმა ამკრა...
ნაცარქექია – ეს იმდენად ახალი სიტყვაა, რომ სუნთქვა შემეკრა. აგერ ანგარიში და ხელი მომიწერეთ, თუ შეიძლება!
ინდიკო (ხელს მოაწერს) – რა სალაპარაკოა ანგარიში – ახლა კი თქვენი ნამუშევარიც ვნახოთ...
ნაცარქექია – სიქა გამაძრო ამ დევმა.. ისეთი მუუხეშავია, ისეთი ტლუ რამეა, რო...
ინდიკო – აბა, ვნახოთ დევი...
ნაცარქექია – დევი?! კი, ბატონო! აი, დევი!

გამოჩნდება ძალიან დარცხვენილი დევი.

ინდიკო – მდაა... არაუშავს... გაიაროს ერთი, აბა...
ნაცარქექია (დევს, მკაცრად) – ჰე, ახლა! მაკვარანცხად!..

დევი ცდილობს ნარნარად გაიაროს.

დევი (შეწუხებული სახით) – რას იტყოდა ამაზე მამაჩემი (ცხვარს შენიშნავს) ააა!
ცხვარი (ისიც შეშინებული) – ბეეე!... (ერთმანეთისგან პირს მიიქცევენ)
ინდიკო – ცოტა სინაზე კი აკლია, მაგრამ დავხვეწავთ... აბა, დევი თუ დევს გავს, ვის დააინტერესებს, მე თქვენ გეკითხებით?! ესთეტიურად ეს მიუღებელია...
ნაცარქექია – მეც მაგ ესთეტიურ მრწამსს ვიზიარებ... ახალ ინვესტიციაზე ხომ არ გიფიქრიათ, შემთხვევით?!
ინდიკო – კი, რა თქმა უნდა! აქაურობა უნდა გავანათოთ! გავაბრწყინოთ და გავაკაშკაშოთ უნდა აქაურობა! მოვიშოროთ მოყირჭებული ძველი და ვაშენოთ მხოლოდ ახალი, ისიც პასტელის ფერებში!
ნაცარქექია – თუ ამ დევით ვიმსჯელებთ, უკვე ვართ, მგონი, პასტელის ფერებში.
ინდიკო (დევს მიუახლოვდება) – დიახ, მაგრამ მე მაფიქრებს აი ეს კონცეპტუალური შტრიხი... თქვენ?
ნაცარქექია – კი, კი, მეც მაფიქრებს, ერთობ...
ინდიკო – ცოტა კიდე უფრო რომ გაგვენაზებინა?
ნაცარქექია – შესანიშნავი აზრია, მაგრამ როგორ?
ინდიკო (ბაფთას გაუკეთებს თავზე) – აი, ასე!
ნაცარქექია – გადასარევია! ბრწყინვალე! რას ნიშნაპვს მაინც მხატვრის თვალი...
ინდიკო (გამოხედავს ნაცარქექიას) - ... და კიდევ უფრო!
დევი – ნაცარქექია, უთხარი ამას, დამანებოს თავი!
ინდიკო (დევს) – ერთი წუთით, გეთაყვა! აი, ცხვირზეც რომ დაგვეპუდრა...
დევი – მე გამიფრთხილებიხართ...
ნაცარქექია (დევს) – არ გაბედო – (ინდიკოს) ცხვირზე? მგონი, არ ღირს.
ინდიკო – არა, აუცილებლად უნდა დავპუდროთ და რაც მთავარია, შარვალი!
ნაცარქექია – შარვალი! რა შარვალი?!
ინდიკო – მე მაწუხებს ამ დევის შარვალი – შარვალი უნდა მოვხსნათ დღის წესრიგიდან – დაე, ბიკინით გამოვიდეს პოდიუმზე! (დევს) აბა, გაიძრეთ შარვალი!
დევი – უუუ! ხომ გაგაფრთხილეთ, ამის კოხტაპრუწა დედა ვატირე, მე, ამის!!! (შეაჯანჯღარებს ინდიკოს).
ინდიკო – მიშველეთ, მკლავენ!!! გამაფრინე, გამაფრინე!!! (დევი ინდიკოს
მოისვრის სცენის ერთ კუთხეში, შემდეგ ცხვარს მისწვდება)
დევი – ეს მათხოჯი სხვა მხარეს გავაფრინოთ! აი, ასე!!!
ცხვარი – მეე კომბლეს ცხვაააა... ბეებე!... (სცენის სხვა კუთხეში აღმოჩნდება).
ნაცარქექია – ბუჯო, ინვესტორი დამიფრთხე, ბუჯო, ჩემი დედას გეფიცები
დევი (ნაცარქექიას მიაჩერდება) – ბუჯოს განახებ, ახლა მე შენ...
ნაცარქექია – ბუჯო, ახლა...
დევი – შენ მყავხარ მოსაკლავი...
ნაცარქექია – ვაიმე, დედა!!!
დევი – დაგიჭერ, აუცილებლად დაგიჭერ, შენი!!!
სცენიდან გარბიან. სცენა დაცარიელდება. ქარის ხმა მიატანს.

სურათი მერვე: აქა ამბავი, როგორ ეძებდნენ თოვლის პაპა და ბაბალე ხურჯინს, კომბლე თავის ცხვარს, ტყეში კი ისეთი ქარი ქროდაა... ქარაშოტი, პირდაპირ რომ ვხედავთ რა გაჭირვებით მოდიან თოვლის პაპა და ბაბალე ქარში.

თოვლის პაპა – ინდიკო! ინდაურო ინდიკო! დაგვიბრუნე ხურჯინი! სადაცაა ვთქვათ...
თორმეტი საათი ჩამოჰკრავს, ბავშვები საჩუქრების გარეშე დარჩებიან, ბავშვები არ გებრალება, ინდიკოო! (ერთ-ერთ ხესთან ჩაიკეცება)
ბაბალე – ჩემი ბრალია ყველაფერი! მაპატიე, შენ გენაცვალე, ამის შემდეგ მუდამ ბაბალე ვიქნები...
თოვლის პაპა – ეჰ, ჩემო ბაბალე, თუ ხურჯინი არ ვიპოვნეთ დროულად, ამის მერე აღარც შენ იქნები ბაბალე და აღარც მე – თოვლის პაპა! როგორ გავუსწორო თვალი პაწიებს... ხომ ჩემი ბრალი იქნება, რომ ახალ წელს საჩუქრების გარეშე დამირჩნენ... არა, არა, ამ შერცხვენას ვერ ავიტან...
ბაბალე – ჩემი სიკვდილი, ჩემი... ის გაოხრებული კიდე... თავი როგორ მოგვაჩვენა... ვითომ განათლებული, ვითომ ენების მცოდნე, სინამდვილეში კი ერთი უგულო, გაიძვერა ქურდი აღმოჩნდა.
თოვლის პაპა – რაცა ბრწყინავს ყველაფერი ოქრო როდიაო, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს... ახლა მიხვდი?!
ბაბალე – მივხვდი, შენი გულისამ, მივხვდი, მაგრამ საქმეს თუ ეშველება ამით!...
თოვლის პაპა – აბა, რა გითხრა... დრო ცოტა გვაქვს – ამიტომ არც ყინვას შევუშინდეთ, არც ქარაშოტს! პაწიების გულის გასახარად, აუცილებლად უნდა ვიპოვნოთ ხურჯინი, ბაბალე! (ვიღაცას შენიშნავს) კომბლეს ხედავ? კი, კომბლეა... კომბლე! კომბლე! კეთილო მწყემსო!!!

(გამოჩნდება კომბლე)

კომბლე – რა ხდება, თოვლის პაპავ, ამ ავდარში ტყეში რა გინდა?!
თოვლის პაპა – საახალწლო საჩუქრებით სავსე ხურჯინი მოგვპარა ინდაურმა ინდიკომ, იმას ლდავეძებთ...
კომბლე – ინდაურმაო?!
თოვლის პაპა – ჰო, ჩემო კომბლე, სწორედაც ინდაურმა, მაგრამ იმისთანა ინდაურმა, აქეთ რო გაგაინდაურებს... შენ რაღას დაეძებ ამ ტყე-ღრეში?
კომბლე – ცხვარი გამეპარა, ის სულელი! სანამ ნადირს გადაყრია, უნდა ვიპოვნო... თქვენ ხომ არ შეგხვედრიათ სადმე?
თოვლის პაპა – არა, იქით არც ინდაური გვინახავს, არც ცხვარი.
კომბლე – მაშ, მე აქეთ წავალ, თქვენ კი ის მხარე მოიარეთ, მერე შუაგულ ტყეში შევხვდეთ, დიდ მუხასთან...
თოვლის პაპა – ეგრე მოვიქცეთ! აბა, გული გავიმაგროთ და საქმეს მივხედოთ! აუუუ, ინდიკო! ინდაურო ინდიკოოო!
ბაბალე – დაგვიბრუნეთ ჩვენი ხურჯინი, ძალიან გთხოვთ, ბატონო ინდიკოო!
თოვლის პაპა – ნუ გადამრიე, ქალო, შენ მე! ქურდბაცაცას კიდე ბატონს ეძახი?
ბაბალე – ბოდიში, ბოდიში, წამომცდა...
კომბლე (შორიდან მოატანს მისი ხმა) – ცხვარუკაა! ცხვარო!!!
(თოვლის პაპა, ბაბალე და კომბლე სხვადასხვა მიმართულებით მიდიან, სცენას დასტოვებენ).

სურათი მეცხრე: აქა ამბავი იმისა, როგორ დააპირა მშიერმა მგელმა დევის დაჯარიმება მოძრაობის წესების დარღვევისთვის, მაგრამ ვერაფერს გახდა და ამით გაბოროტებულმა, როგორ გადაყლაპა კომბლეს ცხვარი.

ამ ხმას ახლა მშიერი მგლის ყმუილიც ქარაშოტის ხმა ჯერ არ წყდება, მეტიც, ერთვის. ჰოდა, გამოჩნდება კიდეც მგელი.

მგელი – უუუ, მშიაუუუ! ძალიან, ძალიან მშიაააუ! კომბლემ საპატრულოდან დამითხოვა და მას მერე სულ მშია და მწიააუუ! (მიმოიხედავს) უუუ! მცივააუუ! ძალიან, ძალიან მცივააუუ! ქარი ძლიერ უბერავს და მე კი მცივააუუ! (მიმოიხედავს) თითქოს ჩადგა ეს ქარი, მაგრამ რად გინდა... არც საკბილო, არც შემოსავალი, არც მელია კუდი გრძელიას ალერსი? საერთოდ, ღირს კი ასეთი სიცოცხლე ამ დაბურულ, უსიერ ტყეში, სადაც ერთ პატიოსან მგელის სარჩო ვერ უშოვნია? ეჰ, ბეჩაო ჩემო თავო, რა დრო გაქვს ნატარები და რას მოესწარ! ჰა? ეს რა ხმაა?! ვინ დაშლიგინებს, საინტერესოა – მოძრაობის წესებს არღვევენ?! მე თქვენ განახებთ.

(შემორბის ნაცარქექია)

ნაცარქექია – ვაიმე, დედიკო, მგელი!
მგელი – სდექ! (დაჭერას ლამობს) სდექ-მეთქი! (ვერ დაიჭერს) აუუ... (შემორბის დევი)
მგელი (ამას კი ჩაავლებს ხელს) – სდექ, მოძრაობის წესის დამრღვევო, სდექ!
დევი – გამიშვი, მივსდევ!
მგელი – მისდევ რა, შენი ნებაა?! მისდევს თურმე – ასე რომ ვსდიოთ ერთმანეთს, ნარგავებს არ მოვსპობთ? ეკოსისტემას არ გავაჩანაგებთ მე შენ გელაპარაკები?
დევი – და ვინ ხარ? რას მემართლები?!
მგელი – მე ვინ ვარ?! აი, ვინც ვარ? (საბუთს აჩვენებს) ვინ ვარ და პატრული! გაები მახეში შე ვაიმძღოლო, შენ!
დევი – ოოო, თუ პატრული ხარ, მაშინ...
მგელი – უუუ, ოო კი არა, ასეა შენი საქმე!.. ტყის კანონის 118 პრიმა მუხლის მეოთხე ქვეთავის შესაბამისად, ჯარიმა გაქვს გადასახდელი 220 ლარის ოდენობით... აქვე და სასწრაფოდ... ეს პირველი შემთხვევაა?
დევი – კი, გენერალთ-გენერალი დევიკაურის სულს გეფიცები...
მგელი – გენდობი მე შენ, სიტყვაზე გენდობი, აბა, აქვე... სასწრაფოდ... გავსწორდეთ აქვე...
დევი – ცოტა ისე არ გამოვა? ძმურში?! ახალი წელი მოდის, რაც არ უნდა იყოს...
მგელი – აუუ! ქრთამს მთავაზობს ეს უნამუსო... მე და ქრთამი? მეე! ტყის ბიუჯეტი მაქვს შესავსები, შე...
დევი – კაი, კაი, რაკი ბიუჯეტია შესავსები...
მგელი – კი, ძალიან შესავსებია... (ლამის ჯიბეში ჩაუძვრეს)

(გამოჩნდება ნაცარქექია)

ნაცარქექია – რას შვრები, ამას აძლევ ფულს?!
დევი – ჯარიმააო და...
ნაცარქექია – რაის ჯარიმა, ბუჯო? (მგელს) მანახე საბუთი!
მგელი – აი, საბუთი! ტყის საპატრულოს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის მთავარი მოადგილე... აი!
ნაცარქექია – ვადაგასულია, ვერ შეხედე! გატყუებდა, ბუჯო!
დევი (მგელს გამოხედავს) – ეს მატყუებდა?! აი, თუ მატყუებდა?!
მგელი (დევის მუშტი მოხვდა;) – აუუუ! (სცენაზე დაეცა).
ნაცარქექია (დევს) – აბა, მეგობარი შენ არ იცი და მოკეთე! რის გამო დამდევ, გეკითხები! კარგი რო მინდა შენთვის, იმიტომ?!
დევი – მაპატიე, თუ ძმა ხარ!
ნაცარქექია – მე კი ვარ ძმა, მაგრამ შენ თუ ხარ ძმა... ამომიჯდა გული ამდენი სირბილით...
დევი – თუ მაპატიებ, ზურგზე შეგისვამ...
ნაცარქექია – ჯანდაბას შენი თავი! მოდი! ასე! (ზურგზე შეახტება)
დევი – ოღონდ კეფაზე არაფერი დამაჭირო!
ნაცარქექია – მიდი ახლა, მიდი, აცე!
დევი – აცეს ნუ მეუბნები, ვირი არ ვარ, დევი ვარ!
ნაცარქექია – აცეთქვა!
დევი – ეჰ, რას იტყოდა ამაზე მამაჩემი, პაპაჩემი რას იტყოდა, რას იტყოდა ბოლოს და ბოლოს პაპაჩემის მამა, გენერალთ-გენერალი დევიკაური...
ნაცარქექია – ბევრს ნუ ლაპარაკობ, თუ ძმა ხარ, იმათაც ჰყავდათ თავისი ნაცარქექია...
დევი – მართლა ჰყავდათ? შენ რა იცი?
ნაცარქექია – ვიცი, ვიცი, აცე!
(სცენიდან გავლენ თუ არა, მგელი აყმუვლდება)

მგელი – აუუ! როდემდე ავიტანო ეს დამცირება, უუუ! (წამოდგება, თოკს გამონასკვავს ტოტზე) სიკვდილი არ არ სჯობს ასეთ მათხოვრულ ყოფააუუს! (ყულფში გაჰყოფს თავს) მომიგონებდეთ ტყეში უსახელოდ დაკარგულ მგელსაუუ!
(და ჰოი, განგებაო შეუცნობელო, სწორედ ახლა გამოჩნდა კომბლეს გზააბნეული ცხვარი, რომელიც მოდიოდა, მოპეტელობდა და შიშით შეპყრობილი საკუთარ მატყლს იძრობდა ღერა-ღერა... მგელი ყულფიდან თავს გამოყოფს, თვალებს დაიკვესებს
ცხვარი – მეე კომბლესთან მინდა! მეე სრულებით უცხო ვარ ამ დაბურული ტყისთვის! მეე ცხვარი ვარ და ცხვაარს უნდა ვგაავდე! მეე კომბლესთან მიინდა!
მგელი – ეს ვინ გვესტუმრაუუუ! ვინ მოპეტელობს ეგზომ საამურ ხმითა, ჰა?!
ცხვარი – მეე კომბლეს ცხვაარი ვარ, მეე არაფერი არ უნდა დამიიშაოთ, თორემ მეე მეეტკინება...
მგელი – უიმე, უიმე, შენ შემოგევლე! თავფეხიანად შენს მხარესა ვარ, კომბლესაც დიდ პატივსა ვცემ, მაგრამ ტყის კანონს როგორ გადავუხვიო? გახსოვს, წყალი რომ ამიმღვრიე?
ცხვარი - მეე წყალს როგორ აგიმღვრევდით, როცა თქვენ მააღლა იიყავით, მეე – დააბლა...
მგელი – აჰ, ნუთუ შევცდი! უკაცრავად, დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი საკითხიცაა გასარკვევი... მატყლს რატომ იპუტავ, გენაცვალე, ჰაა?!
ცხვარი – მეე როცა მეშინია, მაშინ ვიპუტავ მაატყლს...
მგელი – ამაშია საქმე! და იცი კი, რომ შენი შიშის გამო, მატყლის ჩაბარების პროგრამა ჩაგვიფლავდა ტყეში ! ამიტომაც, ტყის კანონის 125 პრიმა მუხლის პირველი ქვეთავის საფუძველზე, შენ მოგესაჯა გადაყლაპვა!
-მეე, - ერთხელაც დაიპეტელა იმ უბედურმა და მგლის მუცელში აღმოჩნდა.
მგელი (ხანმოკლე, ნებიერი პაუზის შემდეგ) – ახლა კი, ძვირფასო მეგობრებო, მელია კუდი გრძელიასთან სიამტკბილობაღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის – სიცოცხლეს გაუმარჯოს, სიცოცხლე კარგიაუუუ!!!
(კმაყოფილი მგელი სცენას დატოვებს).

სურათი მეათე: აქა ამბავი, როგორ შეიტყუა მელია კუდიგრძელიამ ინდაური თავის სოროში და საბოლოოდ როგორ აღმოჩნდა ჩვენი ინდიკო მგლის მუცელში...
გამოჩნდება ინდიკო, რომელიც მობილურზე ლაპარაკობს.

ინდიკო – ალო, თეოფილე, ალო, ალო, თეოფილე, რა ცუდად ისმის! დავიკარგე, კაცხო! აბა! რატომ დავიკარგე და, მომისროლდა შუაგულ ტყეში ამ მუტრკუმა დევმა და მიტო დავიკარგე! ალო, ხმა გამეცი! ჰო, საჭმელი მაქვს, კი, მთელი ხურჯინი ფოჩიანი კამფეტები, მაგრამ ტყიდან ვერ გამოვსულვარ! ალო, ალო, შენც დაიკარგე?! (მობილურს დახედავს, შემდეგ შეინახავს) ესე იგი, სად ვარ თუ ხვდებით?! არც მობილური იჭერს, არც ფეშენფართები და ფეშენშოუები, შენ ხარ ჩემი ბატონი, არც კომპიუტერი და ინტერნეტი, არც არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები... ტყეა რა, ნამდვილი ტყე, ცივილიზაციის არავითარი ნიშან-წყალი, ვის ავუხსნა აქ, თუ რას ნიშნავს ცხოვრების ახალი სტილი!

გამოჩნდება მელია კუდიგრძელია

მელია – მე, მე, მე უნდა ამიხსნათ თუ რას ნიშნავს ცხოვრების ახალი სტილი...
ინდიკო – ჰა, ეს ვინ სულიერია? მელას გავს?!
მელა – მე – მელას?! რას ბრძანებთ, იმიჯი შევიქმენი ასეთი, თორემ სინამდვილეში დედალი ინდაური ვარ...
ინდიკო – დედალი ინდაურიო... დახე, დახე!.. ძალიან კარგად უმუშავია თქვენს სტილისტს...
მელა – კი, მაგრამ რად გინდა, შეჭამეს, ბატონო! ტყის ამბავი არ მოგეხსენებათ?
ინდიკო – რა სიმხეცეა...
მელა – აბა, აბა! და საერთოდ, უნდა გამცნოთ, რომ მე ამ ტყის მკაცრი კანონებით სული მეხუთება, მე მინდა, სადმე იქით, თავისუფალ სივრცეში მოხვედრა, მე, პრაქტიკულად, მსხვერპლი ვარ, შეიძლება ითქვას...
ინდიკო – და სად არიან არასამთავრობოები! რას მიკეთებენ?!,
მელა – რომელი არასამთავრობოები, ტყეში ვართ-მეთქი, ტყეში, სრულიად მარტონი... (კაბას წამოიწევს).
ინდიკო – ახ, შარმან...
მელა (თვალს მოიცრემლავს) – მე თქვე ისე გელოდით, ისე ძალიან გელოდით... და აი, გამოჩნდით კიდეც, ამ საახალწლოდ...
ინდიკო – და რატომ მელოდით, საინტერესოა?
მელა – იცით, მონსენიორ... თქვენი სახელი?
ინდიკო – ინდიკოო...
მელა – მონსენიორ ინდიკოო, ამ ბნელ, უსიერ ტყაში ისეთი დაბურული აზროვნებაა, ისეთი დაბურული, ისეთი, ისეთი, რომ ენა ვერ იტყვის...
ინდიკო – მერე მე რისთვის ვარ! თუ დაბურული აზროვნებაა, ავხსნათ აზროვნების კარიბჭე!...
მელა (კაბას წამოიწევს) – ავხსნათ?!
ინდიკო (მიაცქერდება, გააჟრიალებს) – ბარლბარლ... კი, კი, ავხსნათ... აააუცილებლად ავხსნათ...
მელა (კიდე წამოიწევს კაბას) – როგორ, კიდე ავხსნათ?
ინჟიკო – თუთუთუთუ შეშეშეიძლება, კი, კი, კი, კოკოკო!
მელა – დანარჩენი ჩემთან ავხსნათ, მონსენიორ, აქვე, დიდ მუხასთან, ჩემს სოროში...
ინდიკო – სოსოსოსროროსისი....
მელა – სოროსი – არა, სოროში, სოროში...
ინდიკო – სისისი, სოსოროოსისი...
მელა – ნუ, იყოს სოროსი, როგორც გესიამოვნებათ, მონსენიორ ინდიკოო, ისე იყოს, თქვენ ხომ ჩემისთანა მსხვერპლისთვის ციდან მოვლენილი საჩუქარი ხართ...
ინდიკო – დახე, დახე, სწორედაც! მაგრამ რატომ ჩამოუშვით აზროვნების კარიბჭე... ავავხსნათ, ისევ ავხსნათ...
მელა (ჩამოშვებულ კაბას ისევ წამოიწევს) – ასე?!
ინდიკო – ჰოოოო... (მიუახლოვდება, წელზე შემოხვევს ხელს) დასდასდას ის ფანტასტიშ, ერთი სიტყვით...
მელა – დას ის ფანტასტიშ ჩემთან იქნება, გპირდები!

გამოჩნდება მგელი.

მგელი – სასიამტკბილოდ მიეშურებით, ქალბატონო მელია კუდიგრძელიათ?
ინდიკო (ძალიან შეშინებული) – აკიაკიაკი ინდაურიო, დედალიო... ქმარია? (მელა ტუჩებს იკვნეტს) ამაამაამას რა უნდა, ჰა?!
მელა – სიკვდილი და არგადარჩენა უნდა ამას... (მგელს მიუტრიალდება) რა გინდა შენ, რა! მე და ჩემი კოლეგა ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას ვაყალიბებთ, “ტყის მცველთა კავშირი” ჰქვია, საქმიანი საუბრის უფლებაც არ მაქვს?!
მგელი – აჰა?! აკი დას ის ფანტასტიშო... შემომესმა?!
მელა – და რა არის მერე ვითომ ეს დას ის ფანტასტიშ, რა. მარტო ის არი ს, მე და შენ რომ ვიცით, გარყვნილო შენ, ლუდის რეკლამა გადის აგერ ტელევიზიით, მშვენიერი, კულტურული კაცი აქებს ლუდს – დას ის ფანტასტიშო! რა, არა?!
ინდიკო (ამასობაში გონს მოვიდა) – ერთი წუთით, თუ შეიძლება!
მგელი – ვა? ხმა ამოიდგა, აი...
მელა – გაჩერდი, ბიჭო, შენ...
ინდიკო – არავითარ შემთხვევაში! უნდა გამოვტყდე, თავიდან შემეშინდა, ვინაიდან ვიფიქრე ქმარია-მეთქი, მაგრამ როგორც საქმის ვითარებიდან ირკვევა, ეს ქალბატონი თავისუფალია, ასე ვთქვათ: და მე უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ, ვაჟბატონო ინდაურო, რომელსაც ერთობ გაწაფულმა სტილისტმა მგლის იერი მოგანიჭათ, ძალიან არღვევთ პიროვნების უფლებებსა და ფუნდამენტალურ თავისუფლებებს, ასე ვთქვათ, და მე ასევე...
მელა – მართლა მგელია, შე ინდაურო, მგელი...
ინდიკო – რის მგელი, რა მგელი, ახლა მე ამას ბიბილოზე ჩამოვქაჩავ და თავად დარწმუნდები... (მიუახლოვდება).
მგელი – აუუუუ!!!
ინდიკო – დედიკო, დედა! (გარბის, იატაკზე გაფორთხდება, კ??? უთრთის).
მგელი – აუუუუ!!!
მელა – დამშვიდდი, მე აგიხსნი.
მგელი (ხელს გაკრავს მელას) – გამეცა იქით! (ინდიკოს მიუახლოვდება) ტყის კანონის პირველი პრიმა მუხლის უპირველესი ქვეთავის საფუძველზე, მგლის შეურაცხყოფისთვის ამ ინდაურს მიესაჯა საჯარო გადაყლაპვა!
მგელი პირს დააღებს და, რა თქმა უნდა, ინდაურსაც მუცელში გადაუძახებს, შემდეგ მუცელზე ხელს დაიბარტყუნებს და ინდაურივით ამოიძახებს – ბარლბრლ...

მელა – ეს რა ქენი, შე უსინდისო, მთლიანად გადაყლაპე?! შენ გაგიხმა ეგ ამოუყორავი მუცელი, რაც მე ამაზე დრო გავაცდინე, მოხვედი და პირდაპირ, ასე, დაურიდებლად, უკითხავად...
მგელი (გამოხედავს) – ბეეე!
მელა – როგორ, კომბლეს ცხვარიც?! უი, შე მოსასპობო, შე ადრე და მალე დასამიწებელო, არ გაძღა ამის მუცელი, არა და არ გაძღა, მიწა ჭამე შენ, მიწა და ქვაღორღი...
მგელი – მიწის რა მოგახსეო, მაგრამ ტყის კანონის მეორე პრიმა მუხლის მეორე ქვეთავის საფუძველზე, შენ, მელია კუდიგრძელიავ, მგლის ღალატისთვის მოგესაჯა...
მელა – არ თქვა! არ თქვა! მიშველეეთ, მყლაპავენ! მიშველეეთ! (მგელი მელია კუდიგრძელიასკენ გადადგამს ნაბიჯს.)

სურათი მეთერთმეტე: აქა ამბავი იმისა, თუ როგორ შეიყარნენ დიდ მუხასთან ზღაპრის პერსონაჟები და რა რთული ყოფილა თურმე გადაყლაპულის გადმოყლაპვა...

გამოჩნდება კომბლე.

კომბლე – რა ვაი-უშველებელი და წიოკია!!!
მგელი – “ატას”, კომბლე!!! (გაქცევას ლამობს).

სცენის მეორე კუთხიდან თოვლის პაპა და ბაბალე გამოვლენ.

მგელი (სასოწარკვეთილი) – “ობლავა, ბრატცი”!!!
თოვლის პაპა (ფეხზე ძლივს დგას) – ჩქარა მითხარით ვინმემ, არ გინახავთ ჩემი ხურჯინი?!
მგელი – რისი ხურჯინიუუ! რომელი ხურჯინიუუ!!!
თოვლის პაპა – დავიღუპეთ, ბაბალე, გვიანდება!

გამოჩნდებიან დევი და მის ზურგზე მომჯდარი ნაცარქექია.

ნაცარქექია – აცე, დევო!
დევი – რას იტყოდა ამაზე მამაჩემი (მიმოიხედავს) რა თავყრილობაა?
ნაცარქექია (ჩამოხტება) – ეუჰ, რავარი საზოგადოება შეყრილა, ბუჯო, ღვინო ჩემი, პურ-მარილი თქვენი, მოსულა?!
თოვლის პაპა – რა მეპურმარილება, ბავშვები საჩუქრების გარეშე დამირჩნენ...
ბაბალე – ჯერ კიდევ არ ჩამოუკრავს თორმეტ საათს, იქნებ...
თოვლის პაპა – ეეჰ...
კომბლე (კომბლის ტარს დაჰკრავს სცენაზე) – ახლა მე მომისმინეთ!!!
მგელი – აუუ, დაიწყოუუუ!!!
კომბლე – ხმა! კრინტი!!!
მელა – დედა, დედა, რა ვაჟკაცია, ქართველი ზორო პირდაპირ... (კომბლეს მკაცრ მზერას დაიჭერს) უკაცრავად, ჩუმად ვარ...
კომბლე – ვატარებ საგამოძიებო-სამედიცინო ექსპერტიზას! დევო, დააღე პირი!
დევი – რატომ?
კომბლე – ჩქარა, თორემ მოვიდა კომბალი ფერდებში!
დევი – აჰა! (პირს დააღებს).
კომბლე – არა, ამის კბილებში ჩიჩია არ შეინიშნება... ნაცარქექია, კაი მაგარი აფერისტი ხარ შენ, პირი დააღე!
ნაცარქექია – აა, ბუჯო, ჩემი დედას გეფიცები... (პირს დააღებს)
კომბლე – არც ამას აქვს ჩიჩია... მელია კუდიგრძელია, ახლა შენ!
მელა (მგელზე ანიშნებს თვალით) – კი, ბატონო, მაგრამ იქ არ ეძებთ, სადაც საჭიროა...
კომბლე – დროზე!
მელა – ქვედა ოცდამესამე კბილი დასაპლომბი მაქვს და ამისთვის არ შემიზიზღოთ, კომბლე, რაა?! (პირს დააღებს).
კომბლე – არც ამას აქვს ჩიჩია... – მგელო, შენი ჯერია!
მგელი (იარაღს გააძრობს) – არ მომეკაროთ არავინ, დაგხოცავთ ყველას!
კომბლე (კომბალს მოსცხებს, იარაღსაც გააგდებინებს და სცენაზეც გაშოტავს) – მგონი, მივაგენით დამნაშავეს!
მელა – ნუ, რა ვთქვა, როგორ შევაქო ეს კომბლე! სიკეთისთვის მებრძოლი შვარცნეგერია ნამდვილად! კი, კი, ამან გადაყლაპა ცხვარიც და ინდაურიც თავის ხურჯინიანად, გასკდა ამის მუცელი, სად ჩასდის ამდენი!!!
თოვლის პაპა – ხურჯინიანადო, ხომ გაიგეთ! კომბლე, მირჩიე, რა ვქნათ!
კომბლე – რა და... მუცელი უნდა გავუჭრათ, სხვა გზას ვერ ვხედავ!
მგელი – ოპერაციაღა მაკლდა ამ საახალწლოდ! მაცალეთ, როგორც გადავყლაპე, ისე გადმოვყლაპავ!
კომბლე – მიდი, გადმოყლაპე!
მგელი (წამოდგება) – ოუჰ, როგორ უმოწყალოდ ჩაგრავს საბრალო მტაცებლებს ეს კომბლეეუუ!
კომბლე – ბავშვები საჩუქრებს ელიან, დროზე, თორე მოვიდა კომბალი!!!

მგელი ამოიხვნეშებს. ყველა მის ირგვლივ მოგროვდება და იწყება გადაყლაპულის გადმოყლაპვის რთული პროცედურა...

სურათი მეთორმეტე: აქ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ყველა ნამდვილი ზღაპრის ბოლო კეთილია, ჩემო გვრიტებო...

მგელი თვალებს დაქაჩავს, პირს დააღებს, მუცელზე თათებს შემოიჭერს, ამოიზმუვლებს და კომბლეს ცხვარს გადმოყლაპავს...

ცხვარი – მეე აასეე ააღარასოდეს მოოვიქცეევი.... მეეე მუუდამ კოომბლეს დაავუჯერებ... მეე...
მელა – ოჰ, პირდაპირ... ცხვარს რა დააჭკვიანებს...
კომბლე (ცხვარს) – შენ შინ მოგელაპარაკები... (მგელს) ახლა ინდაური, ხურჯინიანად!
მგელი – მაცალე, დალოცვილო, იოლი ხომ არ გგონია, კუჭის წვენი აღარ შემრჩა...
(კომბლე კომბლის ტარს დასცხებს სცენას)
მგელი – ეს რო მგელს გადაეყრება... ოხ, ჩემი გაჩენის დღე რა ვთქვი...
მგელი ერთხელაც დაქაჩავს თვალებს, პირს დააღებს და ახლა ინდიკოს გადმოყლაპავს ხურჯინიანად...

ინდიკო – მზეო, ამოდი, ამოდი!... ოო, როგორ ბნელოდა, როგორ ძალიან ბნელოდა... პირდაპირ ფანტასტიშო დასიბ და უკუნი, უკუნი, უკუნიდან ამოვანათე, მე ამოვანათე და მზეო, მზეო, ცხრათვალაა...
თოვლის პაპა (გახარებულდი) – ხურჯინი! ჩვენი ხურჯინი!!!
ინდიკო – წაიღე, მომაშორე!!! წავედი მე მელანოსთან, წავედი! ქვრივი მელანო ისე მზრდიდა, ცივ ნიავს არ მაკამაკამაკარებდა, აქ ამ ამ ამ უკუ-უკუ უკუნში რა მინდოდა, მე, მე...
ბაბალე – გადავრჩით, გადავრჩით, ბავშვებს სიხარულს არ მოვაკლებთ, ზღაპრის ბოლო ხომ კეთილია...
თოვლის პაპა – ჰო, ბაბალე, ამ ამბით ერთხელაც დავრწმუნდით, რომ ყველა ნამდვილი ზღაპრის ბოლო კეთილია...
ინდიკო – მობილურზე ცდილობს დარეკვას, მაგრამ ხელი უკანკალებს – უნდა დავრეკო კოკო, ის როა, თეოფილე, ბატი როა, ჩემი მეგობარი ბატო თეოფილე როა, იიიი... ვკანკანკან... ვკანკალობ და ნონო ნომერი ამი ამიკრიფეთ და...
თოვლის პაპა – კომბლე, ჩამოართვი მაგას მობილური და გამიჩუმე ცოტა ხნით, ახლა მე ვილაპარაკებ!
კომბლე მობილურს ჩამოართმევს ინდიკოს.

ინდიკო – ეეეს, პიპიპრადი საკუთრების ხელყოფაა და საე საერთოდ მელანოსია და...
კომბლე მსუბუქად ჩაჰკრავს ინდიკოს თავში, ინდიკო ჩუმდება.
თოვლის პაპა – ბავშვებო, ჩემო პაწიებო, გენაცვალოთ თქვენი პაპა... არავის არ უნდა ჩამორჩეთ, კომპიუტერიც კარგად უნდა იცოდეთ, კარგ პროფესიასაც უნდა დაეუფლოთ, ენებიც უნდა შეისწავლოთ და ბევრ ქვეყანაშიც იმოგზაუროთ, მაგრამ უმთავრესი არ დაივიწყოთ! თქვენი სადაურობა, თქვენი მეობა, თქვენი წესი და ადათი, თქვენი ტრადიცია არ დაკარგოთ, თორემ ისე დაიკარგებით, როგორც ეს ყოყოჩი, გაუცხოებული და გაფხორილი ინდაური გაქრა მგლის მუცელში! ახლა კი, თასი ნამდვილი კახურით შევავსოთ და ჩვენებურად, მადლიანად დავილოცოთ ახალი წელი! (ბაბალე თასს შეუვსებს) მრავალს დაესწარით, დაგელოცოთ ფუძე-ჭერი, სიტკბო, ხვავი და ბარაქა მოგცეთ გამჩენმა ღმერთმა; იმრავლეთ, როგორც ზღვაში თევზი და ცაში ვარსკვლავი, არავინ გაგაინდაუროთ, გახსოვდეთ, ვისი გორისანი ხართ, თქვენ გენაცვალეთ, ჩემო გვრიტებო!... (მიმოიხედავს) რაღაც მაკლია – ჰო, ახალ წელს თოვლი უხდება... იყოს თოვლი!
წამოვა თოვლი. თოვლის პაპა თასს დაცლის.

თოვლის პაპა – ასე მტერი დაგეცალოთ! აბა, სიმღერა!!!

სიმღერაში საათის რეკვის ხმაც ისმის. თოვლის პაპა მუჭით იღებს ხურჯინიდან
ტკბილეულს, ბავშვებს ურიგებს. თოვს და თოვს, ბარდნის და ბარდნის, მართლაც ლამაზად ბარდნის ამ ლურჯ, ზღაპრულ ღამეში...
ფარდა



© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“