ოთარ ჭილაძე, "წინ მარადისობაა!", რედაქტორი ზვიად კვარაცხელია. თბ. “ინტელექტი”, 2009.
ეს წიგნი ბოლო წლებში ქართულ სალიტერატურო პერიოდიკაში გამოქვეყნებულ რამდენიმე ინტერვიუსა და მწერლის არქივში მოძიებულ სიტყვას აერთიანებს, რომელთაც მკითხველი ინტერესით გაეცნობა.
"ბოლო წლებში საზოგადოებრივ ცხოვრებას მოწყვეტილი და განზე გამდგარი" (როგორც მას ხშირად აბრალებდნენ) ოთარ ჭილაძე, საკუთარ მოქალაქეობრივ თუ მწერლურ პოზიციას სწორედ წერილებით, ესსეებითა და ინტერვიუებით გვამცნობდა, რომლებშიც საკმაოდ მწვავედ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
"ჯერ კიდევ უნდა დავიცადოთ. ჯერ განუკითხაობა სუფევს ჩვენში და მედროვეთა დროა. ხომ ხედავთ, რას დავემსგავსეთ?! ვის ნოვატორი ჰგონია თავი, ვის გალაკტიონი ეპატარავება თვალში... საზოგადოება კი ბაიბურში არ არის... იმიტომ, რომ სიბნელის ნაშიერია, უწიგნურია და უჭირს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. ხოლო, გაზეთი და ტელევიზია ყოველთვის როდი ეუბნება სიმართლეს" – აი, ასეთია დიაგნოზი, რომელიც ოთარ ჭილაძემ დაუსვა თანამედროვე ქართულ საზოგადოებას.
ანა კალანდაძე, სიყვარულისგან ფართოვდება ქვეყანა, რედაქტორ-შემდგენელი გიორგი გოგოლაშვილი. თბ, “ინტელექტი”, 2009.
ანა კალანდაძის პროზა - ეს რაღაც ახალია, იტყვის ბევრი, ვისთვისაც მისი სახელი, უპირველესად, ნატიფ პოეზიასთან ასოცირდება, თუმცა, პოეტს საკმაოდ მდიდარი პროზაული მემკვიდრეობა დარჩა, რომელთა ნაწილი ერთხელ უკვე გამოქვეყნდა, ნაწილი კი მისსავე არქივში ინახება და დღის სინათლეს ელის. ანა კალანდაძის პროზაული ჩანაწერები 1996 წელს გამომცემლობა "საქართველომ" დასტამბა, თუმცა, წიგნის მცირე ტირაჟით გამოსვლის გამო მისი წაკითხვა ბევრმა ვერ მოახერხა. ამ ხარვეზის შესავსებად ლიტერატურათმცოდნე გოგი გოგოლაშვილმა წინამდებარე გამოცემა შემოგვთავაზა. 600-გვერდიანი ტომიდან მინიატურების, მოგონებების, საუბრებისა და ჩანაწერების ნაწილი შეარჩიეს და დასაჭაშნიკებლად ქართველ მკითხველს შესთავაზეს. მინიატურების სათაურების ჩაკითხვაც კი მიგვახვედრებს, კლასიკოსის პროზასთან რომ გვაქვს საქმეო - წერს შესავალში რედაქტორ-შემდგენელი და მართლაც, თქვენს წინაშეა "პოეტი პროზაიკოსის" ჩანაწერები.
ბესო ხვედელიძე, თაგვის გემო, თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
ბესო ხვედელიძემ უკვე კარგა ხანია დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მის შემოქმედებას ჰყავს ფანები, გულშემატკივრები, განმკითხავნი, განმქიქებელნი და უბრალოდ, მკითხველები. მართალია, მათი რიცხვი არცთუ ისე დიდია (როგორც ზოგადად, მკითხველთა რაოდენობა საქართველოში), თუმცა, ეს ადამიანები ინტერესით ელოდებიან მწერლის ყოველი ახალი ნაწარმოების გამოსვლას. ჰოდა, სწორედ მათ გასახარად, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" ბესოს ახალი კრებული - "თაგვის გემო" დაბეჭდა. წიგნში ავტორის 17 მოთხრობა შევიდა, რომელთა უმეტესობა ბოლო 2-3 წელიწადში დაიწერა და აქამდე გამოსულ ვერცერთ კრებულში ვერ იხილავთ. განსაკუთრებით რამდენიმე მათგანს გამოვყოფდი, რომელთაც ყველაზე მეტად დამამახსოვრა თავი: რასაკვირველია, "თაგვის გემო," რომელიც ამ წიგნში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, "რუსთაველი შოთა," "ბრმების ქალაქი" და "წითელი ჯვარი."
მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ბესოს მოთხრობები მის რომანებზე გაცილებით მეტად მომწონს (მართალია, ამ უკანასკნელთა რაოდენობა არც ისე ბევრია). მოთხრობა ის ჟანრია, სადაც მწერლის ფანტაზია, ნიჭი და თხრობის უნარი მაქსიმალურად ვლინდება. ამ მხრივ ეს კრებული კიდევ ერთხელ ასიამოვნებს მკითხველს.
დავით ქართველიშვილი, პროზისა და საკუთარი თავის შესახებ.
თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
როგორც შესავალში გვამცნობს, ეს წიგნი ერთ-ერთი ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორის თხოვნით შექმნა, რომელმაც 2008 წლის ნოემბერში დაურეკა და საახალწლოდ მოთხრობის დაწერა შესთავაზა. თავდაპირველად გადაწყვიტა ესსესთვის "ჩემი პროზის შესახებ" ეწოდებინა, თუმცა, საბოლოოდ "პროზისა და საკუთარი თავის შესახებ" დაარქვა.
საინტერესო და მრავალმხრივი, ხშირ შემთხვევაში არაორდინარული მსჯელობა წმინდა ლიტერატურულ საკითხებზე, რომელსაც თან ერთვის მნიშვნელოვანი ეტაპები ავტორის ავტობიოგრაფიიდან. დავით ქართველიშვილი ყოველგვარი სიყალბისა და თავმდაბლობის გარეშე საუბრობს თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის ისეთ მტკივნეულ თემებზე, როგორიც არის წერა შეკვეთით, მწერლის ამაღლებული, ზეადამიანური იმიჯის მსხვრევა, რომელიც დრომ მოიტანა; ასევე, დროის მიერ "შემოგდებულ" ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიცაა ნარკომანია და პროსტიტუცია, ლიტერატურული კონიუნქტურა, თანამედროვე ლიტერატურული პროცესები და ა.შ.
წმინდა ლიტერატურულ პრობლემატიკასთან ერთად ავტორი საკუთარ თავზეც გვიყვება, იმ ადამიანებსა და მოვლენებზე, რომელთაც მის შემოქმედებაზე მოახდინეს გავლენა. ეს ყველაფერი მსუბუქი იუმორით და მცირეოდენი ირონიითაცაა მოწოდებული.
დავით ქართველიშვილი მიწიერი ავტორია, ის არ დაფრინავს ცაში და არც ოცნების კოშკებს აგებს, თუმცა, ამ ესსეში დროდადრო სენტიმენტალურობაც იგრძნობა, რომელიც ერთგვარად ანეიტრალებს ერთი შეხედვით, საკუთარ თავზე შეყვარებული მწერლის გამაღიზიანებელ იმიჯს.
ორჰან ფამუქი, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, თურქულიდან თარგმნა ნანა ჯანაშიამ, რედაქტორი რუსუდან გორგაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
ცნობილი თანამედროვე თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის პირველი რომანი, რომელმაც ავტორს აღიარება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ "ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" არ გახლავთ ნობელიანტი ავტორის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები (იგი ვერ შეედრება ისეთ გახმაურებულ რომანებს, როგორიცაა "მე მქვია წითელი" და "თოვლი"), ქართველი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, მშობლიურ ენაზე გაეცნოს ფამუქის შემოქმედებითი გზის დასაწყისს.
წიგნში მოთხრობილია ერთი ოჯახის სამი თაობის ისტორია, რომელიც სტამბოლის ნიშანთასის უბანში ცხოვრობს, სწორედ იქ, სადაც თავად ფამუქი გაიზარდა. ორი ძმა რადიკალურად განსხვავებულ ცხოვრებისეულ გზას ირჩევს: ჯევდეთ ბეი - ვაჭრის გზას დასდგომია, პროგრესულად მოაზროვნე ნუსრეთი კი ერთი იდეითაა შეპყრობილი - როგორ შემოიტანოს განვითარებული ევროპული სიო თავის ჩამორჩენილ, დამყაყებული აზროვნებით გაჟღენთილ ქვეყანაში. მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში იწყება და 70-იანებში გრძელდება. ფამუქი რევოლუციისშემდგომი თურქეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ გვიამბობს, იმ სასიკეთო ძვრებზე, რაც ქვეყანაში ათა-თურქის მმართველობამ მოიტანა, თუმცა, ეს ყველაფერი ადგილობრივი ფუნდამენტალისტი მოსახლეობისთვის იოლი გადასალახი არ აღმოჩნდა. რა სირთულეებს უკავშირდებოდა რესპუბლიკის შექმნა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და რა გავლენა იქონია მან თურქული საზოგადოების ცნობიერებაზე, რომანიდან შეიტყობთ.
ზურაბ ქარუმიძე, "ჯაზის ცხოვრება", რედაქტორი გია ჭუმბურიძე, თბ. “სიესტა”, 2009.
პირველი წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე ჯაზის შესახებ წავიკითხე, ვახტანგ ჯალიაშვილის "ინსტრუმენტული ჯაზი" იყო, 70-იან წლებში დაბეჭდილი გაცრეცილი გამოცემა, რომელიც იმ პერიოდისთვის ალბათ, ამ თემაზე დაწერილი ერთადერთი წიგნი გახლდათ ჩვენს სინამდვილეში, მას შემდეგ გავიდა წლები, აკრძალვა ჯაზზე მოიხსნა, მისი მოსმენა ე.წ. კარგი ტონის აუცილებელი შემადგენელიც კი გახდა, მით უმეტეს, თუ ინტელექტუალობაზე დებდი თავს; გაფართოვდა ამ ჟანრის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და მოსმენის შესაძლებლობები, გაჩნდა არაერთი მიმართულება, თუმცა, ქართულ ენაზე ჯაზურ მუსიკასთან ზიარების ბედნიერება ისევდაისევ ჯალიაშვილის გაყვითლებული გამოცემით იყო შესაძლებელი. და აი, ნავსი გატყდა. მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ ძალიან კარგი წიგნი შემოგვთავაზა, რომელსაც "ჯაზის ცხოვრება" ჰქვია. "მე არც მუსიკისმცოდნე ვარ და არც ისტორიკოსი - ამდენად რაიმე მუსიკალური ჟანრის ისტორიის დაწერა ფიქრადაც არასოდეს გამივლია. ოღონდ ეგაა, რომ სიყვარულმა კაცს შეიძლება გონება აურიოს... ჰოდა, მეც სიყვარულმა დამაწერინა ეს წიგნი - ჯაზური მუსიკის სიყვარულმა" - წერს გამოცემის წინათქმაში ავტორი და 433 გვერდზე გვიყვება ჯაზის ისტორიას - წარმოშობიდან დღემდე. ასევე, გვაცნობს იმ ადამიანებსაც, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის, ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან - უინტონ მარსალისამდე.
კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, თბ. “საქართველოს ეროვნული მუზეუმი”, 2009.
პოლონური წარმოშობის მხატვრების, ძმები ზდანევიჩების სახელს ქართული კულტურის დამფასებლები კარგად იცნობენ, თუმცა, ახალი თაობისთვის მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბევრი რამ უცნობია.
ეს კატალოგი საქართველოს ერონული მუზეუმისა და ალექსანდრე დიუმას სახელობის კულტურის ცენტრის ერთობლივი საჩუქარია ხელოვნების მოყვარულთათვის. მასში შესულია საინტერესო დეტალები ძმები ზდანევიჩების ცხოვრებისა და მოღვაწეობიდან. პოლონური წარმოშობის მიუხედავად, ისინი თავს ნამდვილ ქართველებად მიიჩნევდნენ. სწორედ მათ სახელს უკავშირდება ფიროსმანის შემოქმედების აღმოჩენა და მისი ევროპელთათვის გაცნობა. 1916 წელს სწორედ ზდანევიჩების სახლში გაიმართა მხატვრის ნამუშევრების პირველი გამოფენა. ამ საქმეში განსაკუთრებით უმცროსი ძმა, ილია აქტიურობდა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა პიკასოსთან ერთად. მისმა მონათხრობმა ფიროსმანის შესახებ იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ესპანელ გენიოსზე, რომ ამ უკანასკნელმა ქართველი მხატვრის წამოსახვითი პორტრეტი შექმნა. სწორედ ეს პორტრეტი ამშვენებს ილია ზდანევიჩის მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემულ წიგნს "ფიროსმანაშვილი 1914."
კატალოგში ძმების ნამუშევრებსა და ფოტოებთან ერთად წარმოდგენილია საინტერესო ტექსტუალური მასალაც, რომელიც ზდანევიჩების ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
როინ მალაყმაძე, ლიგანის ხეობა. რედაქტორი ნოდარ კახიძე. თბ, არტანუჯი, 2008.
ეს წიგნი ლიგანის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული შესწავლის პირველი ცდაა. ხეობის, რომლის ნაწილი დღეს თურქეთის ფარგლებშია მოქცეული. ისტორიკოსმა და ეთნოგრაფმა როინ მალაყმაძემ საკმაოდ დიდი შრომა ჩადო ამ ნაშრომის ეთნოგრაფიული მასალის მოპოვებაზე. როგორც მოგახსენეთ, ხეობის ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზეა და იქ მუშაობა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. ამის მიუხედავად, ახალგაზრდა მეცნიერმა მოახერხა სერიოზული კვლევის ჩატარება და კარგად წარმოაჩინა ლიგანის ხეობის როლი ჭოროხის ხეობისა და მთლიანად სამხრეთ-საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ ცხოვრებაში.
წიგნში მოთხრობილია ხეობის ისტორია ოსმალთა ბატონობამდე, ბატონობის პერიოდში და მისი საქართველოსთან დაბრუნების შემდეგ. დახასიათებულია სოფლის მეურნეობის დარგები, სულიერი და მატერიალური კულტურა და ა.შ.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment