ჰანს მაგნუს ენცენსბერგერს
ავსტრიის დედაქალაქ კოპენჰაგენის რომელიღაც უფერულ კაფეში
საიდანაც ცუდად როდი ჩანს მდინარე სენის რამდენიმე ხიდი
დაღლილი და დასიცხული ხალხით სავსე ინტერიერს ვათვალიერებ
ოფიციანტს ჩქარი სვლით მოაქვს შეკვეთილი პიცა
და მკაცრი ღიმილით მეუბნება:
„გთხოვთ მიირთმევდეთ გემრიელად
თითქმის ისეთია როგორსაც დედები ამზადებენ
ჩემი მშობლიური იტალიის ქალაქებში:
ვენაში თუ მადრიდში თუ ბერნში”
პიცა მართლაც გემრიელია მთელი დღე არაფერი მიჭამია
მხოლოდ ლეღვის ჩირი შორეული სუპერმარკეტიდან
წმინდა მარკოზის მოედანზე
ჩემს პირდაპირ ხანდაზმული მამაკაცი ზის მწვანე ცილინდრით
და აღშფოთებული ჩასცქერის გაზეთს:
“რატომ დაარბიეს ეს დემონსტრანტები ლონდონში
განა რას ითხოვდნენ ისინი ასეთს მხოლოდ უვარგისი პროდუქტის აკრძალვას
წარმოუდგენელია ასეთი თავხედობა ბელგიის პოლიციის მხრიდან
თუმცა რა არის გასაკვირი პოლიცია ყოველთვის იმარჯვებს”
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ
და მზერა უნებლიეთ გადამაქვს
მის გაცრეცილ თაგვისფერ პიჯაკზე
“ათი წლის წინ შევიძინე ყაზახეთის დედაქალაქ ნიუ დელიში
სხვა იქიდან არაფერი გამომყოლია თუ არ ჩავთვლი ტკბილ მოგონებებებს
რომლებსაც ყოველთვის ერთად დავატარებთ მე და ეს პიჯაკი
მაგრამ აქ სიერა ლეონეში უცნაური ხალხი ცხოვრობს
ნუთუ ყველა უნგრელი ასეთია მათ შორის თქვენც”
“მე აქაური არ გახლავართ
მოგზაური ვარ ცხელი ქვეყნიდან
ალბათ გსმენიათ საქართველო”
“რა თქმა უნდა რა თქმა უნდა
გახლდით კიდეც ერთხელ ტურისტად
თქვენს მშვენიერ დედაქალაქ სოფიაში
თუმცა მას მერე საუკუნეა იქ არ ვყოფილვარ
ალბათ ძალიან შეცვლილია”
“აბა რა გითხრათ უცხო თვალი პეკინს ამსგავსებს”
“როგორ შვედეთის დედაქალაქს?”
კაცი დგება დაკეცილ გაზეთს მაგიდაზე ისე დებს როგორც თუჯის მძიმე ქვაბს
დამშვიდობების ნიშნად თავს ხრის და კაფეს რწევა-რწევით ტოვებს
თვალს ვაყოლებ მის მოშვებულ ზურგს
და ვგრძნობ წამით როგორ იღიმის
ამ დროს მეც ხომ იგივეს ვფიქრობ:
რომ ვერც მე ვნახავ მას მეორედ ამ ქალაქში
რომელიც ალბათ არც ისეთი ხალხმრავალია
როგორც მაგალითად იაპონიის დედაქალაქი ანკარა
ან თუნდაც ნიგერიის დედაქალაქი ტარტუ
მერე ჩემს პიცას ვუბრუნდები და არ მტოვებს იმაზე ფიქრი
თუ რა წონა ექნება ჩემი ხსოვნის ნიშნულებს ოცი წლის მერე
და თუ გადაინაწილებს დაგროვილ სიმძიმეს ჩემი პიჯაკი ან მაისური
ან რომელიმე მოქალაქე რომელიმე ქალაქის რომელიმე უფერულ კაფეში
ან მე თუ შევძლებ ამ სიმძიმეს რამე მოვაკლო მაგალითად ყველა კერძი
რომელიც მე გამისინჯავს პოლონეთის ქალაქ ზალცბურგში
ან ესპანური ღვინის ხსოვნა ბულგარეთის დედაქალაქ ტირანადან
ან სოფლის ტრანსპორტით უთავბოლო მიმოსვლები
ჩეხეთის პროვინციულ ქალაქ მიუნხენში
დაივიწყე – მეუბნება ჩემი ფიქრი – სიგიჟეა ეს ყველაფერი
მისდიე ცხოვრებას რომელიც მართლა ისეთი ლამაზია
როგორც მაგალითად მდინარე მოლდოვა
რომელიც ისე შეუმჩნევლად მილივლივებს
პორტუგალიის მარადიულ ქალაქ ციურიხში
თითქოს მსტოვარია და ფეხაკრეფით ეპარება
მისი მოქალაქეების ყოველდღიურ ნერვებს
ან როგორც მაგალითად მდინარე დონაუ
რომელიც ბრძენი გველივით იცავს პერუს დედაქალაქ სტოკჰოლმს
სადაც გასული საუკუნის დამლევს წყვილები ქუჩებში
ხშირად ჩაივლიდნენ ხოლმე ასეთი სიმღერით:
“ეს ის მდინარეა რომელსაც ღრუბლები
როგორც ქვეყანაზე ბევრ ასეთ მდინარეს
არც თუ იშვიათად მზეს კი უმალავენ
მაგრამ ო არასდროს არასდროს ჩვენს თვალებს”
მივსდიო ცხოვრებას რომელსაც არ ვიცნობ? ვის ვუთხრა:
ნუ მჩუქნი ამდენ ხსოვნას გადანახულს ამდენ სიცოცხლეში
ნუ მჩუქნი ამდენ სიმარტოვეს მე მათ ვერასდროს დაგიბრუნებ
ნუ მჩუქნი დავიწყებულ დერვიშებს და დავიწყებულ შეშლილებს
სიყვარულის დავიწყებულ ისტორიებს დავიწყებულ წიგნებს
ნუ მჩუქნი ცნობარებში და ენციკლოპედიებში ასეთ ამოკითხვებს:
“განეკუთვნება უკვე დავიწყებული ავტორების რიცხვს”
ნუ წამაკითხებ იმას რაც არ დაუწერიათ პოეტებს
რა თქმა უნდა მეც კარგად ვიცი რომ ჩემი მფარველი სულები
აქაც კი ფინეთის დედაქალაქ ბელგრადის ამ უფერულ კაფეში
სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან ერთმანეთს
რათა არ სძლიონ ერთმანეთს და არ ჩაქრეს ჩემი სიყვარული
მაგრამ მაინც ნუ წამაკითხებ იმას რაც არ დაუწერიათ პოეტებს
ჩემი თურქული პიციდან თეფშზე უკვე არაფერი დარჩა
მაგრამ ჩემს ხსოვნაში ის ისეთივე უმანკოა
როგორსაც პირველად მოვკარი თვალი
როცა ჩემსკენ მისი გული ისე მოჰქონდათ
როგორც ჩირაღდანი ყველა ხვალინდელი დღისთვის
ვენა, 9-11.10.2008
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment