Monday, August 30, 2010

ქრისტინე ბუსტა - ბავშვობის ფერები


ავსტრიელი პოეტი ქალი ქრისტინე ბუსტა (1915-1987) ევროპისათვის კრიზისულ პერიოდში დაიბადა და უკიდურეს სიღარიბეში გაატარა ბავშვობის წლები. მისი მარტოხელა დედა გამყიდვლად მუშაობდა და ძალზე უჭირდა თავის გატანა.
ქრისტინე ბუსტას პოეზია ბუნებისა და ადამიანისადმი ფაქიზი, მოსიყვარულე დამოკიდებულებითაა აღბეჭდილი. თავის ლირიკაში ის უბრუნდება ტრადიციულ რელიგიურ და მითოსულ მოტივებს, აცოცხლებს სახარებისეულ თუ ანტიკურ სურათებს, შემოჰყავს შექსპირის დრამების პერსონაჟები. წლების მანძილზე მისმა ლექსებმა თანდათან მოკლე, სხატრი, აფორისტული ფორმა შეიძინა. მას მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სალიტერატურო პრემია, მათ შორის - 1954 წელს გეორგ თრაქლის პრემია ქრისტინე ლავანტთან ერთად.

მთარგმნელი


ჩემი ბავშობის ოთახს რუხი ფერის კედლები ჰქონდა. ვინ იცის, იქნებ ამ ფერმა, ჩემი ცხოვრების ამდენ წელიწადს რომ ეფარა, გადამწყვეტად და სამუდამოდ შემიცვალა ხასიათი და მსოფლმხედველობა, როგორც კარგი, ისე ცუდი თვალსაზრისითაც. ვიდრე ახალი იყო, ალბათ ღია ნაცრისფერი უნდა ყოფილიყო, - მშვიდი წვიმიანი დღეების ნათელივით მსუბუქი და ნაზი. მაგრამ იმ დროისათვის, როცა წარუშლელად ჩამებეჭდა მახსოვობაში, უკვე ჩამუქებულიყო, და თანდათანობით, წლიდან წლამდე, გამიმხილა შიშით დაფარული სიმძიმილის საიდუმლო, რომელშიც ვიზრდებოდი და რომელმაც მწარე და ნაადრევი სიბრძნე შემძინა.
ვერაფრით ვიხსენებ, იმხანად სადმე სხვა ადამიანების ოთახებში ასეთივე რუხი ფერი შემემჩნიოს, ამიტომაც ის ყველაზე ადრინდელ საკუთრებად მექცა, სხვა ბავშვების ფერადოვან ცხოვებას რომ მარიდებდა, განსაკუთრებულობასა და დამოუკიდებლობას მანიჭებდა, საკუთარ თავთან მარტო მტოვებდა. დედაჩემი დილაადრიან სამუშაოზე მიდიოდა და მხოლოდ გვიან საღამოს ბრუნდებოდა. თანატოლებთან თამაშს მიკრძალავდა, ალბათ არამხოლოდ იმის შიშით, რომ მის მეთვალყურეობას მოკლებული, ცუდ წრეში გავებმეოდი, არამედ იმის გამოც, რომ ნებისმიერ დამეგობრებას ორივე მხიდან სტუმრობა უნდა მოჰყოლოდა, მისი თავმოყვარეობა კი ჩვენი უკიდურესი სიდუხჭირის სხვისთვის გამხელას ვერ აიტანდა.
იყო დრო, როცა დედაჩემს შეეძლო, სამსახურის მძიმე წლების დანაზოგი ერთბაშად მიეხარჯა უეცარ გაჭირვებაში ჩავადნილი ახლობლისათვის, თუმცა ამ სიკეთეზე მუდამ მხოლოდ უმადურობით ჰპასუხობდნენ; საკუთარმა სიღარიბემ სხვის მიმართ შემწყნარებლობა ასწავლა. მაგრამ სხვებივით რომ ვერა და ვერ მოიწყო წესიერი ბინა და, თუმცა წელებზე ფეხებს იდგამდა, მაინც ძლივძლივობით გაგვქონდა თავი, ეს მძიმე მარცხად და სირცხვილად ჩათვალა, გამწარდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. მთელ თავის მწირ თავისუფალ დროს დაუღალავ შრომას ანდომებდა: კემსავდა, კერავდა, რეცხავდა და ხეხავდა. ყველა პატიოსანი საშუალებით ებრძოდა გაჭირვებას, იმასაც კი აკეთებდა, რაც მის ძალებს აღემატებოდა, რათა ჩვენი ბინის ზღურბლამდე მაინც შეგვენარჩუნებინა წესიერი საშუალო მოქალაქის იერი, - ვიდრე უმუშევრობისა და ავადმყოფობის საზარელმა წლებმა მთელი ჯაფა წყალში არ ჩაუყარა. ამ ზღურბლს იქით კი ძალზე უხალისოდ თუ უშვებდა ვინმეს. როდესაც მსურს, იმ წლებიდან მისი სახე გამოვიხმო, კვლავაც და კვლავაც ერთ შობისწინა ღამეს ვაწყდები, როცა რაღაც მჭახე, სისინა ხმა ნაბიჯ-ნაბიჯ შემოიჭრა ჩემს ბავშვურ ძილში, ვიდრე ჩემს ცნობიერებას არ ჩააფრინდა და საწოლში ყვირილით არ წამომახტუნა. არ დამსიზმრებია: საზარელი მხეცი მართლაც აქ, ოთახში იყო და იატაკზე შხიოდა ჩვარგადაფარებული ნავთის ლამფის იდუმალ სინათლეში. დედაჩემის საწოლი ცარიელი და ხელუხლებელი იყო, მაგრამ ჩემი ლოგინის ქვეშიდან უეცრად მისმა სახემ ამოყვინთა, მოჩვენებასავით ფემკრთალმა. მუხლებზე იდგა მარცხენა ხელზე დაყრდნობილი და მარჯვენა ხელით საბანი რომ მხრებზე მომაფარა, თუთქისა და ცივი სისველის სუნი მეცა. "დაიძინე", - მითხრა, - "არაფერია. იატაკის გახეხვა უნდა მოვასწრო, ხვალ ხომ ქრისტეშობაა". ეტყობოდა, ამ სიტყვებით ჩემი ნუგეშისცემა უნდოდა, მაგრამ მისი ქოშინი დღესაც ჩამესმის, მისი ბაგე დაბრეცილი მეჩვენა, მზერაში კი მალულ ბოღმასავით იკითხებოდა გადაღლილობა.
ამ ყოველივეს მტკივნეულ საზრისს მხოლოდ მერე და მერეღა ჩავწვდი, მაგრამ ამ სურათის ყოველი ნაკვთი ჩემს სულს დაღად დაებეჭდა. და შემდგომში არაერთხელ დამისვამს ჩემი თავისათვის ეს შეკითხვა: განა იმ ღამით დედაჩემის მუხლმოყრილი დგომა ღვთის წინაშე განუზომლად მეტს არ იწონის, ვიდრე ღვთისმოსავ მლოცველთა გალობანი შობის კვირაძალს? ამ დიდი დღესასწაულისათვის ზოგიერთი ოთახის მომზადება უფრო ჭირს, ვიდრე ზოგიერთი გულისა. ჩვენს კედლებს, რა საკვირველია, თვით დაჩოქილმა დედაჩემმაც კი ვერაფერი უშველა: რუხი ფერი ისევ ისე უმოწყალოდ დარჩა, მხოლოდ კიდევ უფრო გარუხებულიყო.
თექვსმეტი წლისა რომ ვიყავი, ერთი უმუშევარი ბიძაშვილი ორი დღის სარჩოსა და მასალის ხარჯის ანაზღაურების ფასად კედლების დასუფთავებასა და ახალ, ყოვლად ფანტასტიკურ ფერად შეღებვაზე დაგვთანხმდა. სხვადასხვა საღებავის მწირი ნარჩენები ერთმანებში აურია და ორი უცნაური ფერი შექმნა: ერთი - არც მთლად ვარდისფერი, მეორე - არა-ყავისფერი. გამოვიდა, რომ ის გრძელი რუხი წვიმიანი წელიწადები ერთ დაღვრემილ უსასრულო შემოდგომაში გავცვალეთ, ფოთოლცვენას რომ არ იცნობდა და ყოველ ახალ მთვარეს აჟანგებდა და ასამარებდა.
და მაინც, იმ წარუშლელ შთაბეჭდლებასთან შედარებით, სხვა ფერმა რომ დატოვა ჩემში, ეს შემოდგომა მხოლოდ ეპიზოდად თუ ჩაითვლება. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ოთახი უცვლელი რუხი კედლების ფონზე ხასხასა მწვანესაც შეიცავდა, დრო და დრო ძალზე იდუმალად რომ სადღაც ქრებოდა და ისევ ბრუნდებოდა. ამ ცვალებადობით, როგორც წელიწადის დროთა ცვლით, მალევე შემეძლო, უშეცდომოდ ამომეცნო ჩვენი გაჭირვების მეტ-ნაკლებობის მერყევი რიტმი.
ეს მწვანე მიყვარდა; ის მშვიდი კუნძულივით იყო ჩვენს ოთახში, სადაც ავეჯი, სხვადასხვა მეძველმანის დუქნებიდან შეგროვებულ-შეკოწიწებული, თანხმობაში ვერასოდეს მოდიოდა, და საწოლებს, - რომელთაგან ერთი უხეში რკინისა იყო, მეორე კი ხისა, ბაროკოს სტილში მოჩუქურთმეული, - რაღაც საზეიმო ერთსულოვნების ელფერს აძლევდა. ეს გადასაფარებლები დედაჩემის ერთადერთი სიამაყე გახლდათ. ყოველკვირა გულდასმით წმენდდა ჯაგრისით, ყოველდღე სათუთად ასწორებდა, - ისინი სვეკეთილი მყუდროების ერთადერთ ხორცშესხმად ეგულებოდა. როცა გადასაფარებლები ქრებოდა, დედის სიმკაცრე კიდევ უფრო ულმობლად მეჩვენებოდა, შიშველი საწოლები კი მხოლოდ მაშინ იძლეოდა ნუგეშს, როდესაც მათში შეძვრებოდი და ჩაეხვეოდი. სხვა ყველაფერზე უფრო ხშირად ეს გადასაფარებლები მიდიოდა ქიმწმენდაში და გულში ვმალავდი გაოცებას, რატომ ისვრებოდა ისინი ჩვენი მაგიდის თეთრ გადასაფარებელზე უფრო სწრაფად, ვიდრე ერთხელაც ჭურჭლის კარადაში წითელი ბარათი არ აღმოვაჩინე, რომელზედაც ძლივძლივობით გავშიფრე გაუგებარი სიტყვა: "ლომბარდი". ჩიხში მომწყვდეული დედის ახსნა-განმარტების შემდეგ თანდათან დავიწყე იმის შემჩნევა, რომ სხვა ნივთებიც, - პალტოები, ფეხსაცმელი, თეთრეული და ერთადერთი ბეჭედი, დედის თითზე ერთხელაც რომ არ მინახავს, დროდადრო უჩინარდებოდა და უკან ძალზე იშვათად თუ ბრუნდებოდა.
ჩემი ბავშვური შეფასებით ეს გადასაფარებლები მაინც ყველაზე ძვირფასი იყო, მათ ყველაფერ სხვაზე უფრო მტკივნეულად ვისაკლისებდი, რადგან მათ ზოგჯერ ზაფხულობით დედის ზურგსუკან ერთი უცნაური თამაშისათვის ვიყენებდი, რომელიც, ვიცოდი, მათი ასე ნაფერები სისუფთავის შერყვნის დიდ ცოდვაში მეთვლებოდა. ეს ცოდვა მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ ვაღიარე, როდესაც ისინი, დედის ყველაზე წარმოსადეგ ტანსაცმელთან, - ყავისფერ კოსტუმთან - ერთად უკვე რახანია გასდგომოდნენ იმ უკანასკნელ გზას ლომბარდიდან აუქციონზე, მთელ ჩვენს საუკეთესო ქონებას რომ ერგო ბედად. ჩემი ბავშვობის მშიდი და მწვანე მოგონებებიდან ყველაზე უფრო მშვიდი და მწვანე ზაფხულებია. მაგრამ ეს ტყისა და მინდვრის სიმწვანე როდი იყო, რომლითაც ჩემი თანაკლასელები ტკბებოდნენ შეუზღუდავი თავისუფლების ნეტარ დღეებში; რომლის ზღაპრული სურნელი სწავლის დაწყების შემდეგაც დიდხანს წამოჰყვებოდათ და დასვენებებზე მღელვარედ ნაამბობ თავგადასავლებში ამოიფრქვეოდა. ეს დახურულ დარაბებს მიღმა დავანებული ბინდის სიმწვანე იყო, ოთახს სულისშემხუთავი სიცხისაგან რომ იცავდა. ეს სიმწვანე ქმნიდა გრილ სივრცეს, სადაც ნიავი არ იძვროდა და სადაც მიმქრალი გონებით უკვე სულ სხვა სინამდვილეში ვეშვებოდი. დედას ძალზე მოკლე შვებულებები ჰქონდა, ფული კი მხოლოდ აქა-იქ ჰყოფნიდა ქალაქგარეთ გასასვლელად. ასე რომ ხანდახან კვირაობით თითქმის მთელი დღე მარტო ვიჯექი ოთხ კედელში გამომწყვდეული და, ძალაუნებურად, ჩემსავე გამოგონილ თამაშში ჩავები, რომელსაც "სოფლობანა და და-ძმობანა" დავარქვი. ამ თამაშში ჩემი საყვარელი წიგნების ლანდშაფტები და პერსონაჟები სულ ერთმანეთში ავურიე, მოქმედების ერთ ადგილას მოვაქციე და ერთ დიდ ოჯახად ვაქციე, რომელთან ერთადაც ბუნებაში ვმოგზაურობდი. ასეთნაირად შევიძინე სამი ძმა, ოთხი და, მამა, რომელიც ექიმი იყო, ბებია, რომელსაც რაიხენთალში ჰქონდა კარ-მიდამო, და თავბრუდამხვევი თავგადასავლები, რომლებიც იმდენად მიტაცებდა, რომ, როცა შინ მოსული დედა კვლავ რეალობაში მაბრუნებდა, თავს გაძარცვულად და მარტოდ ვგძნობდი. ჩემი ფანტაზიის სამყაროში ოცნებასა და სინამდვილეს შორის ზღვარი ისე საშიშად წაშლილიყო, რომ ერთხელ, საავადმყოფოში ხანგრძლივი წოლისას, მოულოდნელად წავასწარი საკუთარ თავს, თუ როგორ ვუამბობდი უცხო ბავშვებს ჩემი და-ძმებისა და მოგზაურობების შესახებ.
ჩემს თამაშებში მწვანე გადასაფარებლებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. რიგ-რიგობით, რათა რომელიმე მეტად არ გაცვეთილიყო, ხან ერთს ჩამოვიღებდი საწოლიდან, ხანაც მეორეს, - შემდეგ არც თუ მცირე ჯაფად მიჯდებოდა მათი კვლავ გადაფარება ისე, რომ დედას ეჭვი არ აეღო, - და ფანჯრის ქვეშ იატაკზე გავშლიდი ხოლმე, სადაც დარაბის ჭრილში შემოსული მზის სხივები თამაშობდნენ, ფეხზე გავიხდიდი და მწვანე სიბრტყეზე შევაბიჯებდი. და ის იმწამსვე გარდაისახებოდა მოლად და ხავსად, რომელზეც ნეტარებით ვწვებოდი. ნაპირებზე მას ბაცი, მოყვითალო ზოლები დაჰყვებოდა. ეს იყო ჩემი ნაკადულები, ჩემი ბაბუაწვერა და ბაია. პურის გულისაგან პაწაწინა სოკოებს ვძერწავდი, ძირს ვდგავდი და ვიყავი ტყეში. ერთ ვაშლს ან ქლიავს თუ დავაგორებდი ზედ, უკვე ბაღი მქონდა. ასანთის კოლოფებისა და ფერადი ქაღალდისაგან ციცქნა სახლებს ვაშენებდი და მათგან ვქმნიდი მწვანეში ჩაფლულ არნახულ ქალაქებსა და სოფლებს, რომლებსაც შემდეგ გაოცებული შემოვივლიდი. ჩემს უფროს დასთან ერთად ვმღეროდი და ვლაპარაკობდი, ანდა თვალებს ვხუჭავდი და ჩემი პატარა ძმების სიცილს ვაყურადებდი. ვიცოდი, დედას უხაროდა, რომ მამამ კიდევ ერთ ავადმყოფს შეუნარჩუნა სიცოცხლე, ხოლო ბებია ფერადი კენკრებით სავსე ჯამებს აჟღარუნებდა, თეთრ, ახალმოწველილ რძეს ასხამდა შიგ. და მოულოდნელად თავში კარგი აზრი მომდიოდა. ჩემს კლასელ გოგონას მოვიპატიჟებდი. მას ქრისტელი ერქვა და სოფელში გამგზავრება არ შეეძლო, რადგან დედამისი უბრალო გამყიდველი იყო. მას არც მამა ჰყავდა, არც ბებია, არც და-ძმა და სულ მარტო იყო. ის რუხკედლებიან ოთახში ცხოვრობდა, მე კი მთელი უკიდეგანო მწვანე სამყარო მეკუთვნოდა.
ჩემი ჯადოსნური მწვანე ხალიჩა ზაფხულის ყველა სიხარულს მიცვლიდა. თანაც მისი ნაჩუქარი წუთები დაუბინდავი რჩებოდა ყოველი იმედგაცრუებისაგან, გარდუვალად თან რომ ახლავს სინამდვილეს, სადაც ჩვენი სული მშვიდი თვითმმართველობის სფეროს ტოვებს და უცხო ძალთა თამაშის არეში ხვდება.
მაგრამ თანდათანობით ჩემი ბავშვური თამაშების ეს სახეები ჯადოსნური საუფლოს ნაპირზე აღმოჩნდნენ და ჩემი სიმარტოვის წიაღში სულ სხვა ნანდაურთ დაუთმეს ადგილი. ზოგიერთ მათგანს სამუდამოდ დავუმეგობრდი, უფრო გუმანით, ვიდრე ცხადად. ასეთი მოწიწებითა და გაოცებით შემდგომში აღარასოდეს შემისრუტავს შტიფტერის თხზულებანი და ვერთერის ცეცხლოვანი ენის მუსიკა, როგორც იქ, ჩემს ზაფხულის მწვანე კუნძულზე.
ვიდრე სამუდამოდ არ დავკარგავდი მასთან სიახლოვეს, მან მიბოძა უკანასკნელი დიდი შეხვედრა: ძმები კარამაზოვები. ისინი მეტისმეტად ნაადრევად წავიკითხე, მაგრამ მათი ვეება წყვდიადიდან, რომლის დაძლევაც ყოვლად შეუძლებელი იყო ჩემთვის, ელვასავით მომხვდა ერთი ფრაზა, მრავალი წლით რომ გადამისროლა წინ ჩემი ზრდის გზაზე. ვიმეორებდი მას, რათა უკვე აღარასოდეს დამვიწყებოდა და მეგონა, ყველა ნაცნობ ნაპირს ვშორდებოდი: "ჯოჯოხეთი ისაა, როცა სიყვარული აღარ შეგიძლია". მან ამომგლიჯა ჩემი ბავშვობიდან და ყოველი შიშის უფსკრულის პირას გამრიყა, - იქ, სადაც ადამიანად ყოფნას ვსწავლობთ, სადაც ჩვენს თვალებს ახალი ფერები აწყდება და მათი შმაგი ქაოსიდან ხშირად მხოლოდ დიდი ხნის შემდგომ თუ ამოვარჩევთ იმ მრავალ მშვიდ ელფერს, რომელთა შორის ღმერთს ჩვენი ხვედრის ბეწვის ხიდი გაუბამს.

გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


[1] თარგმნილია დათო ბარბაქაძის საგამომცემლო პროექტისთვის „XX საუკუნის ავსტრიული ლირიკა“.

No comments: