Sunday, August 1, 2010

თამარ კოტრიკაძე – რეი ბრედბერის "ბაბუაწვერას ღვინო"


ხელახლა აღმოჩენილი ამერიკა


ამერიკელი მწერლის რეი ბრედბერის ცნობილი წიგნი "ბაბუაწვერას ღვინო", ამ ავტორის სხვა ქმნილებებისაგან განსხვავებით, როგორც წესი, რეალისტურ ნაწარმოებად ითვლება, რაკიღა მასში, ერთი შეხედვით, არ ხდება არაფერი ფანტასტიკურ-ზღაპრული. არადა, შესაძლოა, ეს ნაწარმოები სწორედაც რეალურსა და ფანტასტიკურს შორის ზღვარის წასაშლელად იყოს დაწერილი, ყოველ შემთხვევაში, მისი კითხვისას ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენებიც კი ჯადოსნურ ხიბლსა და იდუმალებას იძენს. პერსონაჟთა, და თავად ავტორის მიერ სამყაროს ხედვა, გარკვეულწილად, სიურეალისტურიცაა: აქ რეალობის მიღმა ყოველ ნაბიჯზე სხვა, მიღმიერი სინამდვილე გამოსჭვივის. 12 წლის დაგლასსა და მის 10 წლის ძმასთან, ტომთან ერთად სიცოცხლე არამხოლოდ ბავშვურად გვიხარია, არამედ გვიყვარს კიდეც, მისი როგორც ნათელი, ისე ბნელი მხარეებით: არა მხოლოდ მოზუზუნე ყვავილებიანი მდელო და გრილი ჭალა, არა მხოლოდ მზის გულზე მთვლემარე პატარა ქალაქი, მანსარდებიან-აივნებიანი "ერთსართულიანი ამერიკის" მთელი ეს სილაღე და სიმშვიდე, არამედ ის ბნელი ხევიც, დღე-ღამის ნებისმიერ დროს ათას საფრთხეს რომ იტევს და ულმობელ Memento mori-სავით რომ სერავს ქალაქის სიმყუდროვეს.
"ზაფხულის ბიჭები, ფეხმარდად მრბოლელნი!" - ამ შეძახილს დაადევნებს ავტორი ბავშვების უსწრაფესად ჩამოქროლილ და წამში გაუჩინარებულ გუნდს. დინამიურობითა და სიცოცხლის ხალისით დამუხტული რიტმი, რომელიც ძალაუნებურად გადადის მკითხველზეც, ისევეა დამახასიათებელი ბრედბერის მთელი შემოქმედებისათვის, როგორც პოეტური მეტაფორებით გამდიდრებული სტილი, რომელზედაც თითქმის ყველა კრიტიკოსი ამახვილებს ყურადღებას. ორივე ეს ნიშანი მთელი შესაძლო სისრულით იჩენს თავს "ბაბუაწვერას ღვინოში".
აი, როგორ აღწერს ავტორი ბუნებისა და ცივილიზაციის მარად ჭიდილს: "ბალახისა და ყვავილების თვალუწვდენი ზღვის ლივლივა ზედაპირი წელიწადის დროთა ცვალევადობასთან ერთად შორი მინდვრებიდან აგორებულ ტალღებად აწყდებოდა ქალაქს. ღამ-ღამობით ვერანი მიდამო და ხასხასა მდელო ჩაიღვრებოდა ხოლმე ხევში, როგორც მდინარის კალაპოტში, მიუყვებოდა მას, თან მიჰქონდა ბალახისა და წყლის სუნი და საბოლოოდ ტბორავდა ქუჩებს. ქალაქს ყველანაირი სიცოცხლის ნიშანწყალს ართმევდა და მიწასთან ასწორებდა. და ყოველ დილით აღმოჩნდებოდა, რომ ხევი კიდევ ერთ სოლად შეჭრილა ქალაქის სხეულში, გარაჟებს ჩაყლაპვით ემუქრებოდა, ზვირთებზე მოტივტივე ნავებივით ნთქავდა წვიმისა და, მაშასადამე, ჟანგისათვის მსხვერპლად შეწირულ ძველ მიტოვებულ ავტომანქანებს". ეს სტრიქონები ავტორს ჭეშმარიტ პოეტად წარმოგვიჩენს - პოეტად, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე პროზას წერს.
ამასთანავე, ძალზე მკაფიოდ იკვეთება პროვინციული ცხოვრების ისეთი ხედვა, რომელშიც უშეცდომოდ ამოვიცნობთ "მარსის ქრონიკის" ავტორს: იგი არასოდეს გვავიწყებს თავისი ფილოსოფიის უმთავრეს იდეას: იმას, რომ თითოეული საგანი თუ არსება უსასრულო კოსმიური მთლიანის ნაწილია, მის სუნთქვასა და მაჯისცემაში ჩართული: "...უკვე მართლაც ღამდებოდა ამ პატარა ქუჩაზე, პატარა ქალაქში, დიდ შტატში, უზარმაზარ კონტინენტზე, პლანეტა დედამიწაზე, რომელიც უსასრულო კოსმიურ სივრცეში არარასკენ, ან იქნებ, რაღაც მიზნისაკენ მიექანებოდა, და ტომიც ამ უსასრულო ვარდნის ყოველ კილომეტრს შეიგრძნობდა. ის შემოსასვლელი კარის მინაში გაჰყურებდა ამ მქროლავ სიბნელეს, უცოდველი იერით თავს რომ იკატუნებდა, აქაო და უძრავად ვარო. თვალებს თუ მოხუჭავდი და წამოწვებოდი, მაშინღა გრძნობდი შენი საწოლის ქვეშ სამყაროს ტრიალს...".
სამყაროს პოეტურ და ფანტასტიკურ ხედვასთან ერთად ბრედბერი მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტის მეშვეობით ქმნის საკუთარ განუმეორებელ მითოსს. ეს მესამე ელემენტი ავტობიოგრაფიულობაა, რომელიც მხოლოდ იმით როდი გამოიხატება, რომ წიგნის მთავარ პერსონაჟს ავტორის მეორე სახელი ჰქვია, არც იმით, რომ აქ აღწერილი გრინტაუნი - მწვანე ქალაქი - ავტორის მშობლიური უოკიგანის ტყუპისცალია. პერსონაჟის შინაგანი ცხოვრება, მისი გრძნობები ისეთი ფსიქოლოგიური სიზუსტითაა აღწერილი, რომ ცხადზე ცხადია: ავტორი საკუთარი სიყმაწვილის განცდებს გვიამბობს. თუ რაოდენ ეძვირფასება მას ეს განცდები, ამაზე ის ფაქტი მოწმობს, რომ ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდგომ, 2007 წელს, ბრედბერი კვლავ დაუბრუნდა გრინთაუნს და გამოსცა "ბაბუაწვერას ღვინის" გაგრძელება, წიგნი სახელწოდებით "მშვიდობით, ზაფხულო" ("Farewell, Summer"), რომლის მოქმედებაც მომდევნო წლის ზაფხულის მიწურულს ხდება.
აქვე უნდა შეინიშნოს, რომ ავტობიოგრაფიულობა ამ შემთხვევაში არ ნიშნავს დოკუმენტურობას, რადგან შეუძლებელია, ერთმა ზაფხულმა ამდენი მნიშვნელოვანი და არაორდინალური მოვლენა დაიტიოს. თუმცა ტექსტში პირდაპირ არის დასახელებული თარიღი, 1928 წელი, მაინც გვექმნება შთაბეჭდილება, თითქოს აქ კონცენტრირებული, შემჭიდროვებული სახითაა თავმოყრილი რამდენიმე წლის ამბები, ყოველი წუთი უძვირფასესი შინაარსითაა გაჯერებული, ყოველივე უმნიშვნელო - უკუგდებული. ემპირიული რეალობის სწორედ ამგვარ კონცენტრირებაში მდგომარეობს მითოსის არსი.
მთავარ გმირსა და ავტორს შორის, ერთი შეხედვით, შეუსაბამობას ქმნის შემდეგი მომენტი: ბრედბერი არაერთხელ აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში იმთავითვე უდიდეს როლს თამაშობდა ლიტერატურა, მისი სიყმაწვილე წიგნების სამყაროში მიმდინარეობდა. თავად ცხრა წლის ასაკიდან დაიწყო წერა. აი, რას ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში: "ჟიულ ვერნი მამაჩემი იყო. ჰერბერტ უელსი - ჩემი ბრძენი ბიძა. ჩვენი სახლის სხვენში ბინადრობდა ჩემი ღამურისფრთებიანი ბიძაშვილი ედგარ ალან პო. ალბათ, ზედმეტიც კია იმის თქმა, რომ დედად "ფრანკენშტეინის" ავტორი მერი უოლსტონკრაფტ შელი მიმაჩნდა". ასეთი შთამბეჭდავი სურათის საწინააღმდეგოდ "ბაბუაწვერას ღვინოში" წიგნის ხსენება საერთოდ არ არის, ბავშვები სრულიად ჩვეულებრივ (თუმცა დარბაისლურად პატრიარქალურ) ოჯახში, ჩვეულებრივი ნათესავების, პაპა-ბებიას, ბიძებისა და დეიდების გარემოცვაში იზრდებიან, დილიდან დაღამებამდე დაქრიან და დაძვრებიან და, როგორც ჩანს, არანაირ საკითხავს სათოფეზეც კი არ ეკარებიან. ერთ მშვენიერ დღეს მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილ წიგნებს, კალმებსა და რვეულებს "სხვა სამყაროდან მოვლენილ საგნებად" და ზაფხულის დასასრულის უტყუარ ნიშნებად აღიქვამენ. ზაფხული ის დროა, როდესაც არაფერი იცი, არაფერზე ფიქრობ, უბრალოდ ხარ, აგროვებ შთაბეჭდილებებს, რათა შემდგომში გაიხსენო და გააცნობიერო. და მაინც, ნაწარმოების ერთ-ერთი ცენტრალური მომენტი ავტორს მის პატარა ორეულთან აკავშირებს: ესაა საგანგებო, "ნიკელის ყდიანი ყვითელი ბლოკნოტი", რომელშიც დაგლასი ყველა ფასეულ მოვლენას აფიქსირებს და მასთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებასაც აღწერს, რითაც ერთდროულად მწერლადაც გვევლინება და ფილოსოფოსადაც.
ზაფხული, საბოლოოდ, წიგნის მთავარ სიმბოლოდ გვევლინება: ის თავად ბავშვობაა - ის ედემის ბაღი, სადაც პიროვნება ლაღად და უდარდელად მწიფს მომავალი ცხოვრების გზაზე შედგომისათვის მზადებაში.
ამ გზისათვის აუცილებელ ბიძგად უნდა ჩავთვალოთ მომენტი, როდესაც მამასთან და ძმასთან ერთად ტყეში სეირნობისას დაგლასს თითქოს თვალები აეხილება და ის პირველად გააცნობიერებს, რომ ცოცხალია. ბიჭი გაოცებულია იმით, რომ ეს აქამდე არასოდეს შეუნიშნავს. ეპიზოდი, როდესაც სამივე ტყის მწვანე ჩრდილში მიმოდის და კენკრას აგროვებს, ძალზე ნატიფი ფსოქოლოგიური ნიუანსებით არის წარმოდგენილი: მამა საკუთარი ფანტაზიებით ართობს და აინტრიგებს ბიჭებს, ცდილობს, მათი ყურადღება ბუნების დიდ და მცირე საოცრებებზე შეაჩეროს; ათი წლის ტომი მამას ყველაფერში ეთანხმება, მოვლენებს მისი თვალებით უყურებს, ხოლო მასზე ორი წლით უფროსი დაგლასი, რომელშიც უკვე პიროვნება იღვიძებს, მათ ერთსულოვნებას ვერ იზიარებს, მას უკვე ყოველივეს საკუთარი ხედვა გააჩნია, თანაც დღეს იგი მარტოა რაღაც დიდის და მნიშვნელოვანის მოახლოვების მოლოდინში:
"დაგლასი გაყუჩდა და მიაყურადა.
ჰო, რაღაც უნდა მოხდეს, გაიფიქრა, ნამდვილად ვიცი!
- აქ გვიმრაა, - ვედროს ჟღარუნით გვერდზე ჩაუარა მამამ, - გრძნობთ ამას? - მიწას დაჰკრა ფეხი, - აქ მილიონი წლის მანძილზე ნაგროვები ნეშომპალა ფენია. წარმოიდგინეთ, რამდენ ფოთოლცვენას უნდა ჩაევლო, ვიდრე ეს პოხიერი ნიადაგი მომზადდებოდა!
- აუ, ინდიელივით დავდივარ, - თქვა ტომმა, - რბილად და უხმოდ.
დაგლასმაც მოსინჯა, მაგრამ ვერ იგრძნო მიწის სირბილე. გაფაციცებული, ყურს უგდებდა არემარეს. ალყაში ვართ! გაიფიქრა. აი, ახლა უნდა მოხდეს! ნეტავ რა? ბიჭი გაიტრუნა. გამოდი, სადაც ხარ, ვინცა ხარ! დაიყვირა უხმოდ."
ვიდრე დაგლასი გარინდულია და გაფაციცებით ელის ამ გამოუცნობის მობრძანებას, მამა და ტომი კი გამუდმებით ხელს უშლიან ყურადღების კონცენტრირებაში, გამოუცნობი არ მოდის. მაგრამ აი, ტომთან ხმაურიანი, აქოშინებული ჭიდაობის წუთებში დაგლასს ერთბაშად ტალღასავით გადაევლება თავზე ის, რასაც მთელი დღე ელოდა: მე ცოცხალი ვარ. ამ, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო აღმოჩენით, რაც სინამდვილეში საკუთარი თავის პოვნას ნიშნავს, დაგლასი აღმოაჩენს მთელს სამყაროს, რომელმაც ახლა "თვალების მომრგვალებული მინის გასწრივ ჩაუქროლა ჯადოსნურ სფეროში მოციმციმე გამოსახულებასავით". დაგლასის შეგრძნებები იღვიძებს, მისთვის ბალახი ჩურჩულს იწყებს, ქარი - ოხვრას, "ყვავილები თურმე მზეები ყოფილან, თუ ზეცის მოელვარე ნაგლეჯები, ვიღაცის ხელს უხვად რომ მიმოეფანტა ტყის მდელოზე".
სწორედ ამ დღეს იწყებს დაგლასი ყვითელ ბლოკნოტში მოვლენებისა და მათთან დაკავშირებული განცდების აღნუსხვას. ბლოკნოტს ორ ნაწილად ჰყოფს, პირველს ასათაურებს "რიტუალები და ცერემონიები" ("Rites and Ceremonies"), ხოლო მეორეს "აღმოჩენები და განოცხადებანი" ("Discoveries and Revelations"). პირველში ზაფხულის ყოველწლიურად გამეორებული აუცილებელი ატრიბუტებია ჩამოთვლილი: ვერანდაზე საქანელის ჩამოკიდება, ბალახზე შიშველი ტერფებით პირველი გარბენა, სპორტული ფეხსაცმლის ყიდვა, პირველი კოღოს ნაკბენი... ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი კი ოჯახის უხუცესის, პაპას ხელმძღვანელობით ბაბუაწვერას ღვინის დაწურვაა.
ბაბუაწვერას ყვავილისაგან სასმელის დამზადება დაგლასის ოჯახში ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულა. თავად ეს ყვავილი თავისი მჭახე ფერით თითქოს მზის ენერგიის კონცენტრირებას ახდენს. ყვითელი ფერი ლაიტმოტივად მეორდება ნაწარმოებში და მთელ მის ტონალობას განსაზღვრავს. ბაბუაწვერას სასმელი საკუთარ თავში ინახავს ზაფხულის ფერსაც, გემოსაც და სურნელსაც, - და, რაც მთავარია, მის სულს - და ზაფხულით სიმბოლიზებული ბავშვობის კიდევ ერთ, ძალზე ტევად სიმბოლოდ გვევლინება. ეს ზღაპრული ბანგია, ბედნიერი წუთების შეჩერებისა და დაბრუნების საშუალება, ნებისმიერ დროის მანქანაზე უფრო ეფექტური.
ყვითელი ბლოკნოტის პირველ განყოფილებაში გაკეთებულ ჩანაწერს: "ამ ზაფხულს მამამ პირველად 24 ივნისის დილით გამტყიპა" შეესაბამება "აღმოჩენების" განყოფილებაში მოთავსებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბავშვები და უფროსები ორ სხვადასხვა მოდგმას ეკუთვნიან და ერთურთს ბოლომდე ვერასოდეს გაუგებენ. ალბათ, ძნელი არაა დაგლასის ბლოკნოტში თვით "ბაბუაწვერას ღვინის" პირველი მონახაზის ამოცნობა. ჩვენს წინაშეა, გარკვეულწილად, წიგნი წიგნში; წიგნი საკუთარი შექმნის ამბავს მოგვითხრობს. მას თავისუფლად შეგვიძლია, "აღმოჩენათა წიგნი" ვუწოდოთ, რადგანაც ახლად თვალახელილი დაგლასი ჩვეულ, განმეორებად რიტუალებსაც კი სრულიად ახლებურად აცნობიერებს.
იმის აღმოჩენას, რომ ცოცხალი ხარ, ფეხდაფეხ მოსდევს სხვა აღმოჩენაც: რომ ადამიანი მოკვდავია, რომ ძვირფასმა ადამიანმა შეიძლება მიგატოვოს ან გადრაიცვალოს... აქ ვაწყდებით ნაწარმოების და, ზოგადად, ბრედბერის მსოფლმხედველობის, უმთავრეს ტრაგიკულ კონფლიქტს: ორი ურთიერთსაპირისპირო საწყისის, ტენდენციის თუ მიმართულების მტკივნეულ ჭიდილს. ისინი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც სიცოცხლე და სიკვდილი, ძველი და ახალი, წარსულის ნოსტალგია და მომავლისაკენ სწრაფვა, ან, თუნდაც დაგლასის ტერმინებით, როგორც რიტუალი/ტრადიცია და აღმოჩენა/გამოცხადება. ბრედბერი მუდამ უმძიმესად განიცდის სინამდვილის ყველა სფეროში ძველის კარგვას, ქრობას, მის შეცვლას ახალი, ხშირად საეჭვო ფასეულობებით. ბრედბერი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, კონსერვატორია და სწორედ ამით გამოირჩევა თავისი თანამოძმე ფანტასტებისგან, სწორედ ამის გამოა ის არა მხოლოდ კარგი მთხრობელი, არამედ ფაქიზი სულის ღრმა მოაზროვნეც. მისთვის იდეალურია ისეთი სამყარო, სადაც ტექნიკური პროგრესის ხარჯზე არ ნადგურდება ბუნებისა და ადამიანური სულის სიმდიდრეები; სადაც ადამიანი შეიძლება თავისი ფიცრული სახლის წინ მოლს კრეჭდეს და, ამავდროულად, ცაში გაელვებულ, უშორესი პლანეტისაკენ მისწრაფულ რაკეტას აჰყურებდეს; სადაც რელიგია, მეცნიერება და კულტურა ერთურთთან ჰარმონიულადაა შერწყმული. სწორედ ასეთი იდეალის სახითაა წარმოდეგნილი "მარსის ქრონიკაში" ადამიანთა მიერ განადგურებულ მარსის მკვიდრთა ცივილიზაცია. ჩვენთან კი...
დაგლასი მტკივნეულად განიცდის პატარა ქალაქის ლამაზი, მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა ტრამვაის ავტობუსით შეცვლას, დიდი ბებიასა და მოხუცი პოლკოვნიკ ფრილაის გარდაცვალებას. მისთვის სიახლეა ის, რომ მატარებელმა, რომელიც ყოველდღე გადის პატარა სადგურიდან, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სამუდამოდ სხვა ქალაქში წაიყვანოს მისი საუკეთესო მეგობარი. ბრედბერი საგულისხმო ფაქტზე მიგვითითებს: ბავშვებს, ვისაც ბუნებრივად, ფიზიოლოგიურად გააჩნიათ მომავლისაკენ, ახლისკენ, ზრდისკენ სწრაფვა, ამავდროულად ახასიათებთ შინაგანი პროტესტი ყოველგვარი ცვლილების მიმართ, მათ არ სურთ ჩვეული, ძვირფასი წესრიგის შეცვლა, არ სურთ იმ ედემის ბაღიდან გამოსვლა, სადაც თავს მყუდროდ გრძნობენ. ამას შეიძლება პიტერ პენის სინდრომი ვუწოდოთ, - ბავშვი, რომელსაც არ სურს გაიზარდოს. "ბაბუაწვერას ღვინოზე" ბევრად უფრო მძაფრად ეს მომენტი წარმოდგენილია ბრედბერის მოთხრობაში "მარადი გაზაფხულის დღეებში", სადაც არსებითად იმავე პერსონაჟსა და გარემოცვას ვხვდებით. მოთხრობაში ბიჭი უარს ამბობს საკვების მიღებაზე, რადგან გრძნობს, რომ საკვებთან ერთად მასში შემოდის რაღაც უცხო, თავად მასაც ახალ, უცხო არსებად რომ გარდასახავს. "მათ სურთ შემცვალონ" - ამ სიტყვებით ის მთელი ძალით ეწინააღმდეგება გარე სამყაროს შემოტევას და თვითგანადგურების ზღვარს აღწევს. მხოლოდ თანატოლ გოგონასთან დაახლოვების, მაშასადამე, პირველი ეროტიკული განცდის წყალობით ხდება მასში შემობრუნება სიცოცხლისაკენ და იგი დასტურით ხვდება მის არსებაში შემოსულ სამყაროს.
დაგლასს ჯერ წინ აქვს ამგვარი გარდატეხა, ის უფრო მშვიდია და უფრო მიზანსწრაფულიც. ბედისწერის გარდუვალობას იგი უფრო პრაქტიკული - ან, უფრო პოეტური - ხერხით ებრძვის: ის სათამაშო აპარატების დარბაზიდან იტაცებს მისანი მადამ ტაროს ცვილის ფიგურას, რომელიც ჯერ კიდევ პაპამისის ბავშვობაში ხურდაფულის ფასად ბანქოს ბარათებზე დაწერილი წინასწარმეტყველებებით აშინებდა ან ანუგეშებდა მსურველებს, ახლა კი, რახანია, მწყობრიდან გამოსულა და მტვრით დაფარულა. დაგლასს სწამს, რომ ცვილისა და მტვრის საფარქვეშ ცოცხალი მოჯადოებული მადამ ტარო იმალება. ფიგურის ხელიდან გადმოვარდნილ ცარიელ ბარათზე ბიჭის წარმოსახვა ბედნიერი და უსასრულო სიცოცხლის დაშიფრულ წინასწარმეტყველებას ამოიკითხავს, სიკვდილის აჩრდილი უკან იხევს, დამშვიდებული დაგლასი კი კვლავაც განაგრძობს სამყაროს უდარდელ ხალისიან შეცნობას.
ბრედბერისეული დიალექტიკის ფარგლებში ბავშვის ხედვას მუდამ გვერდით უდგას და უპირისპირდება მოხუცის ხედვა. წიგნის დასასრულს ბიჭები პაპასთან ერთად პარმაღიდან გადაჰყურებენ არემარეს და ჰაერს ყნოსავენ. "ზაფხული მიდის", - ჩაესმით მათ მოხუცის მშვიდი, ფატალისტური განაჩენი. ბრედბერისეული დიალექტიკის შემცველი იგივე მოტივი უმძაფრესი შთამბეჭდაობითაა წარმოდგენილი მოთხრობაში "შეიძლება მივდივართ", რომელსაც უფრო უპრიანი იქნება, პოეტური ჩანახატი ვუწოდოთ. აქ ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ორი წარმომადგენელი, უხუცესი და ყველაზე უმცროსი, პაპა და ბიჭი, ზუსტად ასევე გაჰყურებენ არემარეს, ჰაერს ყნოსავენ და იმის გარკვევას ცდილობენ, თუ საიდან უახლოვდებათ რაღაც ახალი, გამოუცნობი, რასაც მათ გარდა ჯერ სხვა ვერავინ გრძნობს. მოთხრობა იმ დღის შესახებ გვიამბობს, როდესაც ევროპელებმა პირველად შემოდგეს ფეხი ამერიკის კონტინენტზე, რაც ინდიელებისათვის საკუთარ მიწაზე უდარდელი ცხოვრების დასასრულსა და მრავალ მომავალ ტანჯვა-წამებას მოასწავებდა. აქ კვლავაც და უფრო მასშტაბურადაა გათამაშებული ზაფხულის სიმბოლიკა:
"ჩიტები, უეცრად დაიყვირეს მოხუცის ხელებმა, ჩიტები სამხრეთისკენ მიფრინავენ! ზაფხული დამთავრდა!
არა, უთხრეს ბიჭის ხელებმა, ზაფხული ახლა დაიწყო. ჩიტებს ვერ ვხედავ!
ისე მაღლა არიან, რომ მხოლოდ ბრმა ხედავს მათ მოძრაობას. გულს უფრო ჰფენენ ჩრდილს, ვიდრე მიწას. ჩემი სისხლით შევიგრძნობ სამხრეთისაკენ მათ ქროლვას. ზაფხული მიდის. შეიძლება, ჩვენც გავყვეთ. შეიძლება, უკვე მივდივართ. [...]
არა! დაბრუნდით! შესძახა ბიჭმა ცარიელ ზეცას, უხილავ ჩიტებს, უჩრდილო ჰაერს. ზაფხულო, დარჩი!
აზრი არა აქვს, უთხრა მოხუცის ეულმა ხელმა, თავისით რომ მოძრაობდა. ვერც შენ, ვერც მე და ვერც ჩვენი ხალხი ამ ავდარს ვერ შევაჩერებთ.
ახალი დროება მოდის რათა სამუდამოდ დაიმკვიდროს თავი ამ მიწაზე..."
ზაფხულის ბოლოს დაგლასი და ტომი კიდევ ერთ სრულიად მოულოდნელ აღმოჩენას აკეთებენ: ამდენი დაუვიწყარი წვრილმანით დახუნძლული ზაფხულის დღეები პაპასთვის თურმე სრულიად ერთფეროვანი, ერთურთისგან არაფრით გამორჩეული ყოფილა. მოხუცს ყველა აღმოჩენა, რა ხანია, უკან მოტოვებული და მივიწყებული აქვს. ჩვენც ახლაღა ვხვდებით, რომ "ბაბუაწვერას ღვინოში" არ არის ერთი გამოკვეთილი სიუჟეტური ხაზი, აბავი, თავგადასავალი. შეიძლება კიდეც გაგიჭირდეს ამ წიგნის შინაარსის გადმოცემა. ეს ჩვეულებრივი - ან ჯადოსნური - ეპიზოდების წყებაა, არამხოლოდ დაგლასის ოჯახთან, არამედ პატარა ქალაქის მრავალ სხვა მაცხოვრებელთან რომაა დაკავშირებული. ეს ზაფხულიც და მომავალი ზაფხულებიც თითებს შორის ქვიშად ჩაეფშვნიტებათ წამოზრდილ ბიჭებს. მაგრამ, ამავე დროს, ზაფხულის ყოველი დღე სარდაფში მწყობრებად დალაგებულ ბაბუაწვერას ღვინის ბოთლებში იქნება შემონხული. "გაიხედავ ჭურჭელში ზამთრის დღეს და დამდნარი თოვლი წამში ბალახად გადაიქცევა, შიშველი ხეები ჩიტებით, ფოთლებით, ყვავილებით დაიხუნძლება, - თითქოს ყველაფერს პეპლების ფარფატით აღძრულმა ზღაპრულმა სიომ შემოუქროლაო."
დროის ულმობელ დინებასაც ჩვენთვის ნაბოძები უდიდესი ჩვეულებრივი სასწაულით თუ შევებრძოლებით: ვაქციოთ განცდა მოგონებად, მოგონება კი შემოქმედებად და ამ მნიშვნელობასაც საკუთარ თავში ბაბუაწვერას ღვინის სიმბოლო იტევს: უკვე არა ბოთლში, არამედ წიგნში დამწყვდეული განცდა, რომელიც მრავალი წლის შემდეგაც კი სულში ყვითელ, ბაბუაწვერისფერ, მზისფერ ლაქად გვრჩება.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

1 comment:

THISain't said...

ღმერთმა აცხონოს. ბევრს მიანიჭა ბედნიერება და უბოძა შთაგონება