Thursday, April 29, 2010

ჯულიან ბარნსი – აღმოსავლეთის ქარი



გასულ ნოემბერს სანაპიროზე ჩამწკრივებული ხის ქოხმახები, რომლებზეც აღმოსავლეთის ძლიერ ქარს საღებავი გადაექექა და აექერცლა, ცეცხლის ალში ჩაიფერფლა. სახანძრო რაზმმა თორმეტი მილი გამოიარა, მაგრამ როცა მოვიდა, გადასარჩენი არაფერი დახვდა. “ლაწირაკებმა აიწყვიტეს”, დაასკვნა ადგილობრივმა გაზეთმა, თუმცა დამნაშავეს ვერავინ მიაგნო. სანაპირო ზოლის შედარებით კეთილმოწყობილი უბნიდან მოწვეულმა არქიტექტორმა რეგიონული ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, რომ ქოხები ქალაქის სოციალური მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენდა და ისინი თავიდან უნდა აეშენებინათ. ქალაქის საბჭომ განაცხადა, ყველა ვარიანტს განვიხილავთო, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
ვერნონი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გადმოსახლდა ამ ქალაქში და დიდად არ ანაღვლებდა სანაპიროს ქოხების ბედი. სხვა თუ არაფერი, მათი გაქრობის შემდეგ უკეთესი ხედი გადაიშალა “რაით ფლეისიდან”, სადაც ის დროდადრო სადილობდა ხოლმე. აი, ახლაც ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდასთან იჯდა და სველ ქვიშრობამდე გადაფენილ ბეტონის ზოლს, მოქუშულ ცასა და უსიცოცხლო ზღვას გასცქეროდა. ეს აღმოსავლეთ სანაპირო იყო: თვეების მანძილზე ერთმანეთს ენაცვლებოდა მცირე ხნით ძალიან ცუდი ამინდი და უმეტესად უამინდობა. მასაც სხვა რა უნდოდა: აქ იმიტომ გადმოსახლდა, რომ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ამინდი საერთოდ ვერ შეემჩნია.
- გადაწყვიტეთ?
მიმტანს არც კი ახედა.
- ურალიდან მოდის, - ჩაილაპარაკა მან, ისევ გაშლილ ზღვას მიშტერებულმა.
- რა თქვით?
- აქედან ურალამდე არც არაფერია. აი, საიდან ქრის ქარი. რამ უნდა შეაჩეროს? იმ ქვეყნებს უცებ გადმოუქროლებს. “ისეთი ცივია, შეიძლება ერთი ადგილიც კი მოგიყინოს”, - დაამატებდა სხვა ვითარებაში.
- უუერალი, - გაიმეორა ქალმა.
მისი აქცენტი ყურში მოხვდა და ზემოთ აიხედა. ფართო სახე, ჭრელი თმა, ჩასხმული ტანი... თან ოდნავადაც არ ირჯებოდა სხვა მიმტანებივით, რომლებიც ზედმეტ გასამრჯელოს ელიან ხოლმე. ალბათ ერთ-ერთი იყო იმ აღმოსავლეთ ევროპელთაგან, დღეს მთელ ქვეყანას რომ არიან მოდებულნი. სად აღარ შეხვდებით - მშენებლობებზე, ბარებსა და რესტორნებში, ხილის კრეფაში. ისინი აქ მიკროავტობუსებითა და ტურისტული ავტობუსებით ჩამოდიან, კურდღლის სოროებში ცხოვრობენ, ცოტა ფულსაც აკეთებენ. ზოგი რჩება, ზოგი შინ ბრუნდება: ვერნონს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. იმ დროს ხშირად ემართებოდა ასე: ყველაფერი ფეხებზე ეკიდა.
- შენც იქიდან ხარ?
- საიდან?
- ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან. აქედან ურალამდე.
- უუერალი. ჰო, ალბათ.
კაცმა გაიფიქრა, რა უცნაური პასუხიაო. ალბათ ეს ქალი არც ისე კარგად ერკვეოდა გეოგრაფიაში.
- ცურვაზე რას იტყოდი?
- ცურვა?
- ჰო, ცურვა. შხლაპ-შხლუპ, კროლი, ბრესტსტროკი.
- არავითარი ცურვა.
- კარგი, - უთხრა კაცმა. წამითაც არ უფიქრია, რომ მართლაც იცურავებდნენ.
- ანგარიში, თუ შეიძლება.
როცა ელოდებოდა, სველ ბეტონს ისევ ქვიშრობამდე გააყოლა თვალი. ახლახან სანაპიროს ერთ-ერთი ქოხი ოცი ათასად გაიყიდა. თუ ოცდაათად? სადღაც იქით, სამხრეთ სანაპიროზე. სახლების ფასები სულ უფრო იზრდება, ბაზარს ცეცხლი მოეკიდა - ასე წერდნენ გაზეთებში. ეს ქვეყნის ამ ნაწილსაც ეხებოდა, როგორც იმ ქონებას, რომლითაც ვაჭრობდა. აქაური ბაზარი დიდი ხნის წინ აღმოჩნდა ქვედა ნიშნულზე, გაყიდვების გრაფიკული მაჩვენებელი ზღვასავით ჰორიზონტალური გახდა. მოხუცები დაიხოცნენ, მას კი რა დარჩენოდა - მათი ბინები თუ სახლები იმ ხალხისთვის უნდა მიეყიდა, რომლებიც იქ თავის დროზე მოხუცდებოდნენ და მერე სულს განუტევებდნენ. ძირითადად ასე ვაჭრობდა. ეს ქალაქი სულაც არ იყო თვალშისაცემად გამორჩეული. არც არასდროს ყოფილა. ლონდონელებს უფრო ძვირადღირებული ადგილებისკენ მიუწევდათ გული. ჰოდა, უკეთესს რას ინატრებდა - განქორწინებამდე მთელი ცხოვრება ლონდონში გაატარა, ახლა კი მშვიდი სამუშაო და ნაქირავები ბინა ჰქონდა, ბავშვებსაც ყოველ მეორე შაბათ-კვირას ნახულობდა. როცა გაიზრდებიან, ისინი ალბათ აქაურობაზე ცხვირს აიბზუებენ და პატარა სნობებივით მოიქცევიან, მაგრამ ჯერჯერობით მოსწონდათ ზღვა, წყალში კენჭების სროლა, ჩიფსების ხრამუნი.
როცა მიმტანმა ანგარიში მოუტანა, კაცმა შესთავაზა:
- იქნებ აქედან გავიქცეთ და სანაპიროს ქოხში ვიცხოვროთ?
- მე არა ვფიქრობ, - უპასუხა ქალმა და თავი ისე გადააქნია, თითქოს დაიჯერა, რომ კაცი მართლაც გაქცევას გულისხმობდა. ოჰ, ეს ძველი ინგლისური იუმორი – დროა საჭირო, სანამ ყურს მიაჩვევ.
ვერნონს რამდენიმე სახლისთვის უნდა მიეხედა – მობინადრეთა გადაბარგება, რემონტი, სინესტის პრობლემები – მერე კი სანაპიროზე უნდა გაეყიდა, ასე რომ, ორი-სამი კვირა “რაით ფლეისში” არ შეუვლია. ჰედოკს მიირთმევდა მწვანე ბარდის გარნირით და გაზეთს კითხულობდა. ლინკოლნშირში ერთი ქალაქი უცებ ნახევრად პოლონური აღმოჩნდა, იმდენმა ემიგრანტმა დაიდო იქ ბინა. როგორც ამბობენ, კვირაობით ეკლესიაში უკვე ანგლიკანებზე მეტი კათოლიკე დადის, ამ აღმოსავლეთევროპელების ჩათვლით. მას მაინც ფეხებზე ეკიდა ყველაფერი. ძალიანაც მოსწონდა ის პოლონელები, რომლებსაც იცნობდა – კალატოზები, მლესავები, ელექტრიკოსები. კარგი მუშები იყვნენ, ხელმარჯვები და საქმეში გაწაფულები, მიცემულ სიტყვას არასდროს გატეხდნენ. ვერნონმა გაიფიქრა, დროა, ძველმა ბრიტანულმა სამშენებლო ბიზნესმაც გაანძრიოს ერთი ადგილიო.
იმ დღეს მზე გამოვიდა, ზღვას ირიბად ეცემოდა მისი სხივები და კაცს თვალებს სტკენდა. მარტის ბოლო იყო, გაზაფხულის პირველი ნიშნები სანაპიროს ამ ნაწილშიც იგრძნობოდა.
- ჰა, რას იტყვი, ვიცურაოთ? – ჰკითხა ვერნონმა, როცა ქალმა ანგარიში მიუტანა.
- არა, არავითარი ცურვა.
- რატომღაც მგონია, რომ პოლონელი უნდა იყო.
- ანდრეა მქვია, - უპასუხა მან.
- ჩემთვის სულ ერთია, პოლონელი ხარ თუ არა.
- ჩემთვისაც.
არშიყობა არასდროს გამოსდიოდა – იმას ვერ ამბობდა, რაც უნდა ეთქვა. განქორწინების შემდეგ კიდევ უფრო ცუდად წაუვიდა საქმე, თუ საერთოდ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, რადგან გულს ვეღარაფერს უდებდა. სად ჰქონდა გული? ამას ალბათ ოდესმე გაიგებდა. დღეს კი არშიყობაზე უნდა ეფიქრა. კარგად იცოდა, როგორი თვალით გიყურებს ქალი, როცა რაღაცას არასწორად აკეთებ. მის მზერაში იკითხება: ციდან ჩამოვარდა ეს კაცი? ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეს ორი ადამიანი სჭირდება. იქნებ დაბერდა კიდეც ამისთვის. ოცდაჩვიდმეტი წლისაა, ორი შვილი ჰყავს: გარი - რვა წლის და მელანი – ხუთის. აი, რას დაწერდნენ გაზეთებში, თუ ერთ დილას სანაპიროდან მისი კვალი სამუდამოდ გაქრებოდა.
- უძრავი ქონების აგენტი ვარ, - უთხრა მან. აი, კიდევ ერთი რამ, რაც ხელს უშლიდა არშიყობისას.
- ეს რა არის?
- სახლებს ვყიდულობ და ვყიდი. ბინებსაც. და ვაქირავებთ კიდეც: ოთახებს, ბინებს, სახლებს.
- საინტერესო საქმეა?
- ჯიბის ფულს ვშოულობ.
- ყველას გვჭირდება ჯიბის ფული.
უცებ გაიფიქრა: არა, არც შენ გამოგდის არშიყობა. ალბათ მშობლიურ ენაზე არშიყობ კიდეც, მაგრამ ინგლისურად ვერაფერსაც ვერ ახერხებ, ჰოდა, ერთ დღეში ვართ. და ფიქრი განაგრძო: ჯანიანი ქალი ჩანს. იქნებ სწორედ ჯანიანი ვინმე მინდა. ასაკითაც, მგონი, ჩემხელა უნდა იყოს. მაინც ფეხებზე ეკიდა ყველაფერი. არც აპირებდა, რომ მისთვის ეკითხა.
სთხოვა, სადმე გავისეირნოთო. იმ ქალაქში “სასეირნო” ადგილების საკმაოდ მცირე არჩევანი იყო. კინოთეატრი, რამდენიმე ბარი და ერთი-ორი რესტორანი იმის გარდა, სადაც ეს ქალი მუშაობდა. გარდა ამისა, ბინგოც გაეხსნათ იმ მოხუცებისთვის, რომელთა ბინებიც მას უნდა გაეყიდა, როცა დაიხოცებოდნენ და კლუბი, სადაც ერთთავად დაბნეული როკერები დაბორიალებდნენ. ეს ბიჭები პარასკევ ღამით კოლჩესტერში მიდიოდნენ და იმდენ წამალს ყიდულობდნენ, რომ მთელი შაბათ-კვირა ჰყოფნოდათ. გადაწვავდნენ სანაპიროს ქოხებს, აბა, რა.
თავიდან ქალი იმ თვისებების გამო მოეწონა, რომლებიც მასში ვერ იპოვა. ის არ იყო კეკლუცი. არ იყო ენაჭარტალა. არ იყო თავისნათქვამა. სულაც არ აწუხებდა, რომ კაცი უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა, ცოლს გაშორებოდა და ორი შვილი ჰყავდა. ადრე სხვა ქალები თვალს შეავლებდნენ თუ არა, მაშინვე უარით ისტუმრებდნენ. ჰოდა, ჩათვალა, რომ მათ ის ტიპები უფრო იზიდავთ, რომლებიც ჯერ კიდევ ოჯახს ინარჩუნებენ, როგორი დედანათრევიც არ უნდა იყოს ეს ოჯახი, ვიდრე ისინი, ვინც უღელიდან თავის გამოხსნა მოახერხა. რა საკვირველია, მართლაც ასე იყო. თუმცა ანდრეას არაფერი ანაღვლებდა. ბევრ კითხვას არ სვამდა. არც პასუხების გაცემა უყვარდა. როცა პირველად აკოცა, უნდოდა ეკითხა, მართლა პოლონელი ხარ თუ არაო, მაგრამ გადაავიწყდა.
კაცმა შესთავაზა, ჩემთან წავიდეთო და უარი მიიღო. ანდრეა დაპირდა, სხვა დროს გამოგყვებიო. ვერნონმა რამდენიმე მშფოთვარე დღე გაატარა, ინტერესით კვდებოდა, ნეტა როგორი იქნება ვიღაც ახალთან დაწოლა ამდენი ხნის მერეო. სანაპიროზე თხუთმეტი მილი გაიარა, რათა პრეზერვატივები იქ ეყიდა, სადაც არავინ იცნობდა. კი არ რცხვენოდა ან ეუხერხულებოდა, უბრალოდ, არ უნდოდა, ვინმეს მის საქმეში ცხვირი ჩაეყო.
- მშვენიერი ბინაა.
- ჰო, თუ უძრავი ქონების აგენტმა მისთვის შესაფერისი ბინა ვერ მონახა, დაღუპულა ქვეყანა და ეგ არის.
ქალს საღამური ნივთებით სავსე ჩანთა წამოეღო. ტანსაცმელი სააბაზანოში გაიხადა და იქიდან ღამის პერანგით გამოვიდა. საწოლში ჩაწვნენ თუ არა, კაცმა შუქი ჩააქრო. ქალი მასთან თავს ძალიან დაძაბულად გრძნობდა. ვერნონი უფრო საკუთარ თავთან იყო დაძაბული.
- თუ გინდა, უბრალოდ ჩამეხუტე, - შესთავაზა მან.
- რა არის ჩამეხუტე?
კაცმა აჩვენა, რაც იყო.
- ჩამეხუტე სექსი არ არის?
- არა, ჩახუტება სექსი არ არის.
- კარგი, ჩახუტება იყოს.
მერე დამშვიდდნენ და ქალს მალევე ჩაეძინა.
მომდევნო ჯერზე, კოცნა-კოცნაში კაცმა ისევ გაიხსენა პრეზერვატივთან ბრძოლის ზეთოვანი პერიპეტიები. იცოდა, უნდა გადმოებრუნებინა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ წინდასავით მოუქნელად იცვამდა, თავზე უთავბოლოდ ექაჩებოდა. დიდი ვერაფერი შვება იყო ამის სიბნელეში კეთება. ქალს ხმა არ ამოუღია, არც უხერხულად ჩაუხველებია. ბოლოს, როგორც იქნა, მისთვისაც მოიცალეს. ქალმა ღამის პერანგი გაიხადა და კაცი ზემოდან მოექცა. ტვინის ერთი მხარე ვნებასა თუ დაუფლების ჟინს აევსო, მეორე კი სრულიად გამოცარიელებული ჰქონდა, თითქოს უკვირდა, ამას რას ვაკეთებო. იმ დროს ქალზე ბევრი არ უფიქრია. ჯერ საკუთარი თავი უნდა იპოვო, მერე კი სხვის პოვნასაც შეძლებ.
- მოგეწონა? – ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
- ჰო, მომეწონა.
ვერნონმა სიბნელეში გაიცინა.
- დამცინი? შენ არ მოგეწონა?
- ანდრეა, - უპასუხა კაცმა, - ყველაფერი კარგად არის, არავინ დაგცინის. არავის მივცემ შენი დაცინვის უფლებას.
როცა ქალს ჩაეძინა, ვერნონმა გაიფიქრა: “ცხოვრებას ორივე თავიდან ვიწყებთ. არ ვიცი, წარსულში რა გადახდა, მაგრამ იქნებ ორივე ყველაფერს სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ და ეს კარგია. ყველაფერი მართლაც კარგად არის”.
მომდევნო ღამეს ქალი უფრო დამშვიდებული იყო და მას მჭიდროდ შემოაჭდო ფეხები. კაცი ვერ მიხვდა, იმანაც გაათავა თუ არა.
- კაი ღონიერი ხარ, - უთხრა ცოტა ხანში.
- ღონიერი ცუდია?
- არა, სულაც არა. ღონიერი კარგია.
თუმცა ამის შემდეგ შენიშნა, რომ ქალი ფეხებს ისე მაგრად აღარ უჭერდა. არც მკერდზე მოფერება მოსწონდა. არა, მთლად ასეც არ იყო. დიდად არ ანაღვლებდა, მოეფერებოდნენ თუ არა. ან, უფრო სწორად, თუ კაცს უნდოდა, ყველაფრის უფლება ჰქონდა, მაგრამ ამით მხოლოდ თვითონ ერთობოდა. ვერნონს, რატომღაც, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა. და ვინ თქვა, რომ წყვილმა ყველა წვრილმანი უმალვე უნდა განიხილოს?
მას მართლაც უხაროდა, რომ არშიყობა არცერთს არ გამოსდიოდა. არშიყობა თავისებური თვალთმაქცობაა, ანდრეა კი ყველაფერს პირში ეუბნებოდა. ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ რასაც იტყოდა, ასრულებდა. როცა სთხოვდა, სადაც სთხოვდა, იქ ხვდებოდა და იდგა ასე, ვერნონის ძებნაში გართული, თვალებზე ჩამოშლილ თმას ისწორებდა, ჩანთა იმაზე უფრო მაგრად ეჭირა, ვიდრე ამ ქალაქში იყო საჭირო.
- პოლონელი კალატოზივით სანდო ხარ, - უთხრა ერთხელ კაცმა.
- ეს კარგია?
- ეს ძალიან კარგია.
- ინგლისური გამოთქმაა?
- უკვე - კი.
ქალმა სთხოვა, როცა ინგლისურად საუბრისას შეცდომას დავუშვებ, შემისწორეო. მანაც ურჩია, სადაც “არ ვფიქრობ”-ს ამბობ, “არა მგონია” თქვიო, მაგრამ სინამდვილეში ძალიანაც მოსწონდა მისი ლაპარაკი. ყოველთვის ხვდებოდა, რასაც ის ეუბნებოდა და გაუმართავი ფრაზებიც მის ნაწილად მიაჩნდა. იქნებ არც სურდა, რომ ანდრეა ინგლისელი ქალებივით ამეტყველებულიყო, თუ ოდესმე მათსავით მოიქცეოდა – ჰო, იმ ერთი ინგლისელი ქალივით. ყოველ შემთხვევაში, მასწავლებლის როლის თამაში ნამდვილად არ უნდოდა.
საწოლში ყველაფერი ძველებურად იყო. კაცი ფიქრობდა, ისეა, როგორც უნდა იყოსო. ქალი ყოველთვის ღამის პერანგით წვებოდა, რაც ალბათ მის კათოლიკობაზე მიანიშნებდა, თუმცა კი ეკლესიაში წასვლა ერთხელაც არ უხსენებია. თუკი ვერნონი სთხოვდა, ასე და ასე გამიკეთეო, უკეთებდა და როგორც ჩანს, სიამოვნებითაც, თუმცა თვითონ მსგავსსაც არაფერს ითხოვდა - თითქოს ისიც კი არ მოსწონდა, როცა ქვემოთ ხელს დიდხანს უფათურებდნენ. მაგრამ კაცს არც ეს აწუხებდა: ანდრეას უფლება ჰქონდა, ყოფილიყო ის, ვინც იყო.
ვერნონს თავისთან არ პატიჟებდა. როცა სახლამდე მანქანით მიიყვანდა, ქალი უკვე ბეტონის ბილიკზე გარბოდა, სანამ კაცი ხელის მუხრუჭს მიაგნებდა. თუ წამოსაყვანად გაუვლიდა, გარეთ ხვდებოდა, ქუჩაში იდგა და ელოდებოდა. თავიდან ძალიან მოსწონდა ეს ამბავი, მერე კი ცოტა უცნაურად მოეჩვენა და სთხოვა, მაჩვენე ერთი, სად ცხოვრობო. მხოლოდ თვალის შევლება უნდოდა, რათა იოლად წარმოედგინა, სად იყო ეს ქალი, როცა მასთან არ იმყოფებოდა. სახლში შებრუნდნენ – ოცდაათიანი წლების ერთოთახიანი, გარედან დამტვრეული ქვით მოლამაზებული, მრავალბინიანი ეზო, ფანჯრებზე ლითონის ჩარჩოები, საზიზღრად რომ ჟანგდება – ქალმა კარი გააღო. კაცმა პროფესიონალის თვალით შეაფასა კვადრატული მეტრები, ავეჯი და ალბათ ქირის ოდენობაც. მის მოსიყვარულე თვალში პატარა კომოდი მოხვდა, პლასტმასისჩარჩოიანი ფოტოებით და ღვთისმშობლის ხატით. ერთი საწოლი, ონკანი და ციცქნა ნიჟარა, გადასაგდები მიკროტალღოვანი ღუმელი, პაწია ტელევიზორი და სურათებიან საკიდზე ჩამოკონწიალებული ტანსაცმელი. რაღაცნაირად შეძრა იმ ამბავმა, რომ ქალის ცხოვრება ასეთი სახით გადაეშალა თვალწინ რამდენიმე წუთში, სანამ გარეთ გამოვიდოდნენ. მოულოდნელი განცდის დასაფარავად ვერნონმა თქვა:
- ორმოცდათხუთმეტზე მეტს არ უნდა იხდიდე. ამას სხვა გადასახადებიც დაუმატე. ამ ფასად უფრო დიდ ბინას გიშოვი.
- ასე იყოს.
გაზაფხულიც მოვიდა და მათ მანქანით გაისეირნეს. საფოლკში წავიდნენ, ნაღდი ინგლისური რამე-რუმეები შეათვალიერეს: შუასაუკუნეებში ჰიდროიზოლაციური ფენის გარეშე აშენებული ხის სახლები, ჩალის სახურავები, მოზრდილ თანხად რომ უნდა დაგეზღვია. სოფლურ სიმწვანეში შეჩერდნენ და კაცი ხის სკამზე ჩამოჯდა, რომლის სიახლოვესაც პატარა ტბა იყო, მაგრამ ქალს არაფრის გაგონება არ სურდა. ჰოდა, ისხდნენ და ცურვის ნაცვლად, ეკლესიას უყურებდნენ. ვერნონს იმედი ჰქონდა, რომ იმის ახსნას არ მოსთხოვდნენ, რა განსხვავება იყო ანგლიკანებსა და კათოლიკეებს შორის, ან მთელს ისტორიას თავიდან ბოლომდე არ მოაყოლებდნენ. ვთქვათ, ჰენრი მეშვიდეს ამბავს, რომელსაც კიდევ ერთი ცოლის შერთვა მოუნდა. მეფური სირი. არა, ყველაფერი მაინც სექსს უკავშირდება, თუ საკმაოდ ახლოდან დააკვირდები. თუმცა ქალს არაფერი უკითხავს.
ის თანდათან მიეჩვია ხელის გადახვევას და უფრო ხშირად უღიმოდა ხოლმე. კაცმა თავისი ბინის გასაღები მისცა. მანაც გაუბედავად დაიწყო იქ ღამის პერანგისა და ასეთი რამეების დატოვება. ერთ კვირას, სრულ სიბნელეში ვერნონმა სასთუმალთან ხელი მოაფათურა, პრეზერვატივების კოლოფი კი ცარიელი დახვდა. შეიგინა და იძულებული გახდა, მიზეზიც აეხსნა.
- ყველაფერი კარგადაა.
- არა, ანდრეა. ყველაფერი კარგად კი არა, აუტანლადაა. სულაც არ მინდა, რომ დაგაორსულო.
- არ ვფიქრობ. არავითარი ორსულობა. ყველაფერი კარგადაა.
კაცი ენდო. მოგვიანებით, როცა ქალს ეძინა, დაფიქრდა, ნეტა ზუსტად რას გულისხმობდაო. იმას ხომ არა, რომ ბავშვები არასდროს გაუჩნდებოდა? ან იქნებ იმას, რომ ჩასახვისსაწინააღმდეგო აბებს სვამდა, ორმაგი დაზღვევისთვის? თუ ასეა, მაშინ ღვთისმშობელი რაღას იტყოდა ამ ყველაფერზე? იმედი დავიტოვოთ, რომ ციკლის გამოთვლის მეთოდს არ ენდობა, გაუელვა თავში. როგორც წესი, მარცხი სრულიად გარანტირებულია და დარჩები რომის პაპივით გაღიმებული.
დრო გადიოდა. ქალმა გარი და მელანი გაიცნო. ისინიც ძალიან დაუახლოვდნენ. ბავშვებს არ ეუბნებოდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. რაც არ უნდა ეთქვათ, თავს უქნევდა. მათ ისეთი შეკითხვები დაუსვეს, კაცი რომ ვერასდროს გაუბედავდა, ან სიფრთხილის გამო ვერ დაუსვამდა.
- ანდრეა, გათხოვილი ხარ?
- შეიძლება, რამდენსაც გვინდა, ტელევიზორს იმდენ ხანს ვუყუროთ?
- გათხოვილი ხარ?
- თუ სამ ცალს შევჭამ, ავად გავხდები?
- რატომ არა ხარ გათხოვილი?
- რამდენი წლის ხარ?
- რომელ გუნდს გულშემატკივრობ?
- შვილები გყავს?
- ტუალეტში წამიყვან?
- შენ და მამაჩემი უნდა დაქორწინდეთ?
ზოგიერთი შეკითხვის პასუხი გაიგო. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქალის მსგავსად, ანდრეა ასაკს არ ამხელდა. ერთხელ კი, როცა კაცმა შვილები ისევ ლონდონში დააბრუნა და სექსის თავი აღარ ჰქონდა, როგორც ასეთ დროს ხდებოდა ხოლმე, ღამით, სრულ სიბნელეში ჰკითხა:
- როგორ გგონია, შეიძლება შეგიყვარდე?
- ჰო, ვფიქრობ, მეყვარებოდი.
- შეგიყვარდე თუ გეყვარებოდი?
- რა განსხვავებაა?
კაცმა ხმა არ გასცა.
- არც არანაირი განსახვავება არ არის. მეც ასე ვარ. ორივეზე გეთანხმები. ყველაფერზე თანახმა ვარ, რასაც ჩემთვის გამოიმეტებ.
არ იცოდა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი – რაც მერე მოხდა. ნუთუ იმან უბიძგა, რომ ეს ქალი ნელ-ნელა უყვარდებოდა, თუ იმან, რომ სინამდვილეში მისგან არც არაფერი უნდოდა? იქნებ უნდოდა, მაგრამ ეშინოდა? ან გულის სიღრმეში, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაფლავდებოდა? როგორც მისმა ცოლმა – ყოფილმა ცოლმა – უთხრა ერთ დილით, როცა საუზმობდნენ:
- მისმინე, ვერნონ, სულაც არ მეზიზღები, ნამდვილად არა. უბრალოდ, შენთან ცხოვრება აღარ შემიძლია, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერს აფლავებ.
ეს შეფასება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. მართალია, ძილში ხვრინავდა და ტანსაცმელს სადაც გაიხდიდა, იქვე ყრიდა, ტელევიზორში კი უამრავ სპორტულ გადაცემას უყურებდა, მაგრამ შინ ხომ დროზე ბრუნდებოდა, ბავშვები უყვარდა, სხვა ქალებს არ დასდევდა. ზოგიერთის თვალში კი, სწორედ ეს იქნებოდა ჩაფლავება.
- შეიძლება რაღაც გკითხო?
- აბა რა.
- “აბა რას” ამერიკელები ამბობენ, ინგლისში “ჰოს” ვამბობთ ხოლმე.
ქალმა ისე შეხედა, თითქოს ეუბნებოდა, ახლა რატომღა მისწორებ ინგლისურსო.
- ჰო, - გაიმეორა მან.
- პრეზერვატივი რომ არ მქონდა და შენ მითხარი, ყველაფერი კარგადააო, რა იგულისხმე, იმ ღამეს იყო ასე თუ ყოველთვის?
- ყოველთვის.
- ფუ, შენი, იცი რა ღირს ოციანი შეკვრა?
ეს არ უნდა ეთქვა, თვითონვე მიხვდა. ღმერთო, იქნებ ამ ქალს რაღაც საშინელი აბორტი ჰქონდა გადატანილი, ან ვინმემ გააუპატიურა, ან რამე ასეთი შეემთხვა.
- ბავშვის გაჩენა არ შეგიძლია?
- არა, არ გამიჩნდება. გეზიზღები?
- აბა, რას ამბობ, ანდრეა, - კაცმა ხელი მოჰკიდა, - მე ხომ ორი შვილი მყავს. მთავარია, შენ იყო კარგად.
ქალმა მუხლებზე დაიხედა.
- არა, კარგად არა ვარ. ძალიან უბედური ვარ ამის გამო.
- მოიცა, შეიძლება... რა ვიცი, იქნებ ექიმთან წავსულიყავით. ამ საქმის სპეციალისტთან.
ეგონა, რომ სპეციალისტები ამაში უკეთესად გაერკვეოდნენ.
- არა, არანაირი სპეციალისტი. არავითარი სპეციალისტი.
- კარგი, არავითარი სპეციალისტი.
კაცმა გაიფიქრა: “იქნებ შვილი აგვეყვანა? მაგრამ როგორ უნდა გავზარდო, ჩემი ყოველთვიური გასავალის ფონზე?”
პრეზერვატივებს აღარ ყიდულობდა. შეკითხვებს ისე ტაქტიანად უსვამდა, როგორც შეეძლო. თუმცა ტაქტიც არშიყობის ნიჭივითაა: ან გაქვს, ან არა. არა, მთლად ასეც არ არის. ტაქტიანად მოქცევა გაცილებით იოლია, როცა დიდად არ განაღვლებს, რამეს გაიგებ თუ არა - ძნელია მაშინ, თუ ეს მართლაც გაღელვებს.
- რატომ მისვამ ამ შეკითხვებს?
- შეკითხვებს გისვამ?
- ჰო, მგონი.
- ბოდიში.
თუმცა მხოლოდ იმაზე დარდობდა, რომ ქალმა ეს შენიშნა. კიდევ იმის გამოც, რომ ვერ შეჩერდებოდა. ამას ვერ შეძლებდა. როცა დაახლოვდნენ, პირველ ხანებში მოსწონდა კიდეც ის ფაქტი, რომ მის შესახებ არაფერი იცოდა. ეს ბევრ რამეს ცვლიდა, მეტი ხალისი შემოჰქონდა ურთიერთობაში. თანდათან ანდრეამ ყველაფერი გაიგო მის შესახებ, თვითონ კი ვერაფერიც ვერ შეიტყო ამ ქალზე. და რატომ არ უნდა გააგრძელონ ასე? “იმიტომ რომ ყველაფერს აფლავებ”, - დაიჩურჩულა მისმა ცოლმა, ყოფილმა ცოლმა. არა, ამას ვერ შეეგუებოდა. თუ ვინმე გიყვარს, ძალიან გინდა, რამე მაინც გაიგო. კარგი, ცუდი, უმნიშვნელო. მაინცდამაინც ცუდ ამბებს კი არ ელოდები. აი, ასეა, როცა ვინმე შეგიყვარდება, გაიფიქრა ვერნონმა. ან გგონია, რომ შეგიყვარდა. ყოველ შემთხვევაში, ანდრეა კარგი ადამიანი იყო – ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. მაშ, რა დაშავდებოდა, თუ კარგ ადამიანზე რაღაც-რაღაცებს ფარულად შეიტყობდა?
“რაით ფლეისში” კაცს ყველა იცნობდა: მენეჯერი - მისის რიჯუელი, მეორე მიმტანი - ჯილი და ბებერი ჰერბერტი, რომელიც ამ რესტორნის მფლობელი ბრძანდებოდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ შემოივლიდა, როცა უფასოდ წახემსება მოუნდებოდა. ვერნონმა დრო შეარჩია - ლანჩის დასაწყისი, დახლს ჩაუარა და ტუალეტისკენ წავიდა. ოთახი, რომლის დიდი ნაწილიც ჭურჭლის კარადას ეკავა და სადაც თანამშრომლები თავის პალტოებსა და ჩანთებს ტოვებდნენ, კაცების ტუალეტის პირისპირ მდებარეობდა. ვერნონი შეიპარა, ანდრეას ჩანთა იპოვა, გასაღები ამოიღო და უკან ხელების ქნევით დაბრუნდა, თითქოს უნდოდა ეთქვა, ეს ძველისძველი გრუხუნა ხელსაშრობი კაცს ბოლოს მოუღებსო.
ანდრეას თვალი ჩაუკრა, მერე კი რკინეულობის მაღაზიისკენ გაემართა, სადაც იმ კლიენტებზე იწუწუნა, ერთი გასაღების იმედად რომ დადიან. ცოტა ხანს იხეტიალა, ახალი გასაღები აიღო, “რაით ფლეისში” დაბრუნდა და იმის სათქმელად მოემზადა, გრილმა ამინდმა ჩემს შარდის ბუშტს დედა უტირაო, თუმცა არაფრის თქმა არ დასჭირვებია, ქალს გასაღები ჩანთაში ჩაუდო და კაპუჩინოც შეუკვეთა.
პირველად იქ რომ მივიდა, ისეთი სუსხიანი შუადღე იყო, როცა გამვლელების შესათვალიერებლად არავის სცალია. საწვიმარ ლაბადაში გახვეული ტიპი ბეტონის ბილიკს მიუყვება და წინკართან ჩერდება, რომლის დიდი ნაწილიც გაუმჭვირვალე მინისაა. შიგნით კიდევ ერთი კარი ხვდება. მასაც აღებს. მერე საწოლზე ჯდება, უცებ დგება, ჩაზნექილ ლოგინს ასწორებს, მობრუნდება, ხედავს, რომ სინამდვილეში ეს მიკროტალღოვანი ღუმელი სულაც არ ყოფილა გადასაგდები. ხელს ბალიშის ქვეშ ჰყოფს, იქ ქალის ღამის პერანგი ხვდება. იმ ტანსაცმელს უყურებს, სურათებიან საკიდზე რომ ჩამოკონწიალებულა, ხელს უსვამს კაბას, რომელიც ქალს აქამდე არ სცმია, ფრთხილად იქცევა - ცალი თვალითაც არ იხედება პატარა კომოდზე გამწკრივებული სურათებისკენ, სახლიდან გამოდის და კარს კეტავს. ცუდი არაფერი მომხდარა, არა?
მეორედ რომ მივიდა, ყურადღებით დაათვალიერა ღვთისმშობლის ხატი და ხუთი-ექვსი სურათი. ხელში არაფერი აუღია, ჩაიცუცქა და პლასტმასის ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს ისე უყურებდა. ალბათ დედამისია, გაიფიქრა მან, როცა ქიმიურად დახვეული თმა და დიდი სათვალე შენიშნა. აი, პატარა ანდრეაც, ერთიანად ქერა და ჩამრგვალებული. ნეტა ეს ძმაა თუ შეყვარებული? აი, ვიღაცის დაბადების დღეც, სადაც იმდენი სახე ირევა, რომ ვერაფრით გაარჩევ, ვინ ვინ არის. კიდევ ერთხელ დააკვირდა ექვსი თუ შვიდი წლის ანდრეას, რომელიც მელანიზე სულ ოდნავ დიდი იქნებოდა და თავში მკაფიოდ ჩაბეჭდილი სურათის ასლი შინ წაიღო.
მესამე მისვლაზე ზედა უჯრა გამოსწია. ის კი რატომღაც გაიჭედა და ანდრეას დედიკომ ქვემოთ ისკუპა. აქ ძირითადად ქვედა საცვლები იდო, რომელთა უმრავლესობასაც კარგად იცნობდა. მერე ქვედა უჯრა გამოსწია, იმიტომ, რომ საიდუმლო რამეებს, ჩვეულებრივ, ამ ადგილას ინახავენ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ სვიტერები და ორიოდე შარფი შერჩა ხელში. შუა უჯრაში კი, პერანგების ქვეშ, სამი ნივთი აღმოაჩინა, რომლებიც საწოლზე იმავე თანმიმდევრობით დაალაგა და ზუსტად იმ მანძილით დააშორა ერთმანეთს, როგორც იპოვა. მარჯვნივ მედალი იდო, შუაში – ლითონის ჩარჩოში ჩასმული ფოტო, მარცხნივ კი – პასპორტი. სურათი საცურაო აუზზე გადაეღოთ, სადაც ოთხი გოგო ერთმანეთს გადახვეოდა, კორპის ტივტივებიანი წყალგამყოფი თოკი კი წყვილებს შორის გაჭიმულიყო.
ყველანი ფოტოაპარატს უღიმოდნენ და თავზე რეზინის თეთრი დანაოჭებული ქუდები ეხურათ. ანდრეა, მარცხნიდან მეორე, მაშინვე შენიშნა. მედლის ერთ მხარეს აუზში ჩასახტომად გამზადებული მოცურავე ამოეტვიფრათ, მეორეზე კი – რაღაც გერმანული წარწერები და თარიღი: 1986. ნეტა რამდენი წლის იქნებოდა მაშინ: თვრამეტის? ოცის? პასპორტი ადასტურებდა: დაიბადა 1967 წელს, ანუ ახლა ორმოცის უნდა ყოფილიყო. ისიც ეწერა, რომ ჰალეში დაბადებულა, ასე რომ, ანდრეა გერმანელი იყო.
მეტს ვერაფერს მიაგნო - ვერც დღიურს, ვერც წერილებს, ვერც ვიბრატორს. ვერც საიდუმლო რამეებს. კაცი შეყვარებული იყო – არა, ეგონა, რომ შეყვარებული იყო – ქალზე, რომელიც ერთხელ ცურვაში მედლით დააჯილოვეს. და რა დაშავდა იმით, რომ ეს იცოდა? ანდრეა ხომ აღარ ცურავდა. ახლაღა გაახსენდა, როგორ უცნაურად აფორიაქდა ქალი, როცა გარიმ და მელანიმ წყალთან მისი მიყვანა და გაწუწვა სცადეს. იქნებ იმ დროის გახსენება არ უნდოდა? ან იქნებ სულ სხვადასხვა რამეა: შეჯიბრებაზე აუზში ცურვა და ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვა? როგორც ბალერინებს არ სურთ ხოლმე, რომ ისე იცეკვონ, ყველა რომ ცეკვავს.
იმ საღამოს, შეხვედრის დროს, კაცი საკმაოდ მხიარული ჩანდა, ცოტა წაისულელებდა კიდეც. ქალმა თითქოს რაღაც იგრძნო. ვერნონმა თავი მოთოკა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ნაცნობი განცდა დაეუფლა. ყოველ შემთხვევაში, თითქმის ნაცნობი. გოგოებში სიარულის დაწყებისას აღმოაჩინა, რომ იყო წუთები, როცა გონებაში გაუელვებდა, საერთოდ ვერაფერს ვხვდებიო. მაგალითად, მეორე შეყვარებულთან, კარენთან: ერთად დარბოდნენ, უდარდელად ერთობოდნენ, როცა გოგომ ჰკითხა:
- აბა, საით მივდივართ?
თითქოს მხოლოდ ორი გზა იყო: ზემოთ საკურთხევლისკენ, ან ქვემოთ – ბაღის ბილიკისკენ. სხვა დროს, სხვა ქალებისთვის რაღაც უთქვამს, სულ უბრალო რამე და შხლუპ - უკვე ღრმა წყალში აღმოჩენილა.
საწოლში იწვნენ. ღამის პერანგის დახვეული ბოლო ანდრეას წელზე სქელ სარტყელად ედო და მუცელზე ეხებოდა კაცს, რომელიც სრულიად მისჩვეოდა ამ ამბავს. ის იყო, ხელი მოუფათურა, რომ ქალმა ფეხები გადაშალა და მას მჭიდროდ შემოხვია - თხილისსამტვრევივით, გაიფიქრა ვერნონმა.
- ჰოოო... მოცურავის კაი ღონიერი ფეხები გაქვს.
ხმა არ გაუცია, მაგრამ კაცი მიხვდა, რომ მან გაიგონა. ხელების ფათური გააგრძელა, თუმცა ანდრეას სხეული ეუბნებოდა, გონება სხვაგან უქრისო. მერე ზურგზე იწვნენ და ის რაღაც სისულელეებს ამბობდა, მაგრამ ქალი ვერაფერს ხვდებოდა. “ჰო, კარგი, ხვალ სამუშაო დღეა”, - გაიფიქრა მან და დაიძინა.
როცა საღამოს “რაით ფლეისში” გაუარა, მისის რიჯუელმა უთხრა, ანდრეამ გაგვაფრთხილა, ავად ვარ და ვერ მოვალო. კაცმა მობილურზე დაურეკა, მაგრამ მის ზარს არავინ პასუხობდა, ადგა და ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. მერე შინ მიაკითხა, კარზე დიდხანს რეკა. რამდენიმე საათს მოითმინა, ისევ დაურეკა, კარზეც ისევ მოსინჯა ზარი, მერე კი სახლში შევიდა.
ოთახი სრულიად სუფთა და ცარიელი დახვდა. სურათებიან საკიდზე ტანსაცმელი აღარ ეკიდა, ფოტოებიც აღარ ეწყო პატარა კომოდზე. კაცმა რატომღაც მიკროტალღოვანი ღუმელი გამოაღო და შიგნით შეიხედა. იქ მხოლოდ მრგვალი თეფში დაინახა. საწოლზე ორი კონვერტი იდო, ერთი - სახლის პატრონისთვის, მეორე კი მისის რიჯუელისთვის. მისთვის არაფერი დაეტოვებინათ.
მისის რიჯუელმა ჰკითხა, ხომ არ წაიჩხუბეთო.
- არა, - უპასუხა მან, - არასდროს ვჩხუბობდით.
- რა კარგი გოგო იყო, - თქვა მენეჯერმა, - ისეთი სანდო.
- პოლონელი კალატოზივით.
- იმედია, მისთვის ეს არ გითქვამთ. აბა, რა გამოთქმაა. თან არა მგონია, რომ პოლონელი ყოფილიყო.
- არა, არც ყოფილა, – კაცმა ზღვას გახედა.
- უუერალი, - ჩაიბუტბუტა.
- რა თქვით?
Mსადგურში მიდიხარ და გაუჩინარებული ქალის ფოტოს მოლარეს აჩვენებ, ვინც მის სახეს იხსენებს და გეუბნება, თუ რა მიმართულებით გაემგზავრა. აი, ასე ხდება ფილმებში. მაგრამ უახლოესი სადგური ოცი მილის მოშორებითაა და იქ არც ბილეთების სალაროა. ავტომატი დგას, რომელშიც ფულს ჩააგდებ, ან პლასტიკურ ბარათს გაატარებ. კაცს მისი სურათიც კი არა აქვს. ისინი ხომ არასდროს მოქცეულან სხვა წყვილების მსგავსად: ფოტო-კაბინაში რომ შეიჭედებიან, გოგო კაცის მუხლებზე მოკალათდება, ორივენი საშინლად სასაცილოები და ფოკუსიდან ამოვარდნილები არიან. ალბათ ამისთვის საკმაოდ დიდები იყვნენ.
შინ დაბრუნებულმა “Google”-ში ანდრეა მორგენის მოძებნა სცადა და შედეგად 497 000 გვერდი იპოვა. მერე ეს სახელი ბრჭყალებში ჩასვა და მათი რიცხვი 3 093-მდე შემცირდა. ხომ არ სურდა მის ნაცვლად ანდრეა მორგანი მოეძებნა? არა, სხვისი მოძებნა ნამდვილად არ უნდოდა. გვერდების უმრავლესობა გერმანულ ენაზე იყო და ის უთავბოლოდ დაბორიალებდა წინ და უკან. სკოლაში უცხო ენების სწავლა ეზარებოდა, აქამდე არც დასჭირვებია რომელიმე. უცებ ერთმა აზრმა გაუელვა. ონლაინ-ლექსიკონი მონახა და “მოცურავეს” გერმანული შესატყვისი იპოვა. სხვადასხვა სიტყვა იყო, იმის მიხედვით, ქალი იგულისხმებოდა თუ კაცი. მან აკრიფა: “ანდრეა მორგენ” და “შვიმერინ”.
რვა გვერდი მოიძებნა, ყველა გერმანულ ენაზე. ორ მათგანზე საგაზეთო სტატია იყო განთავსებული, ერთზე კი ოფიციალური განცხადება ეწერა. აქ მისი ფოტოც ჩანდა. სწორედ ის სურათი, უჯრაში რომ იპოვა: აი, ისიც, მარცხნიდან მეორე, ჯგუფელებთან ხელგადახვეული, დიდი ნაოჭებით თეთრ საცურაო ქუდზე. კაცი შეყოვნდა, მერე კი გვერდის თარგმნის ბრძანება მისცა. მოგვიანებით სხვა გვერდებიც გახსნა, უკვე ინგლისურ ენაზე.
გაიფიქრა, აბა, საიდან უნდა მცოდნოდაო. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბევრი არაფერი გაეგებოდა და არც პოლიტიკა აინტერესებდა. თუმცა ბოლოს მაინც გაიგო და დაინტერესდა კიდეც, ხოლო როცა “რაით ფლეისში” ფანჯარასთან მიდგმული მაგიდიდან ზღვას გახედა, ანდრეა უკვე ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა მის მეხსიერებაში.
ჰალე იქ იყო, რასაც ადრე აღმოსავლეთ გერმანიას უწოდებდნენ. იმ ქვეყანაში სახელმწიფო გაწვევის გეგმა არსებობდა. როგორც კი გოგოებს თერთმეტი წელი შეუსრულდებოდათ, საუკეთესოებს არჩევდნენ – იმ პატარა ჩამრგვალებულ გოგონაზე მხოლოდ ოთხი წლით უფროსებს, ფოტოზე რომ ნახა. ვერნონმა სცადა, ქალის ცხოვრება წარმოედგინა. მისი მშობლები ხელს მოაწერდნენ ხელშეკრულებას, ალბათ რაღაც საიდუმლო საბუთსაც. ანდრეა ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში ჩაირიცხებოდა, მერე კი – აღმოსავლეთ ბერლინის სპორტულ კლუბ “დინამოში”. მას სასკოლო საგნებსაც ასწავლიდნენ, მაგრამ ძირითადად ცურვაში ამეცადინებდენ. “დინამოს” წევრობა დიდ პატივად ითვლებოდა: აი, რატომ წამოვიდოდა სახლიდან. ყურის ბიბილოდან სისხლს აუღებდნენ იმის შესამოწმებლად, სრულიად ჯანმრთელი იყო თუ არა. მერე ორნაირ აბებს მისცემდნენ: ცისფერებსა და ვარდისფერებს. ეტყოდნენ, ვიტამინებიაო. მოგვიანებით ნემსებსაც გაუკეთებდნენ – უფრო მეტ ვიტამინებს. სინამდვილეში კი, ეს ტესტოსტერონი და ანაბოლიკური სტეროიდები იქნებოდა. უარის თქმა არაფრით შეიძლებოდა. მწვრთნელების დევიზი იყო: “აბები ან სიკვდილი”. ისინი აუცილებლად დარწმუნდებოდნენ, ნამდვილად გადაყლაპა გოგომ ეს ყველაფერი თუ არა.
ის არ მომკვდარა. სულ სხვა რამ დაემართა. კუნთები გაეზარდა, მაგრამ მყესები არა, ჰოდა, ეს მყესები დაეჭიმა. უცებ საშინლად გამოაყარა, ხმა დაუბოხდა, სახე და სხეული გაუთმიანდა. ბოქვენის თმა მუცლამდე აუვიდა, ჭიპსაც კი ასცდა. სიმაღლეში აღარ იზრდებოდა, შვილოსნობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც იჩინა თავი. ვერნონმა ისეთი ტერმინები მოძებნა, როგორიცაა: “ვირილიზაცია” და “კლიტორის ჰიპერტროფია”, მერე გაიფიქრა, ნეტა არ მენახაო. იმის მოძებნა აღარ იყო საჭირო, თუ რას ნიშნავდა: გულის დაავადება, ღვიძლის დაავადება, საკვერცხის კისტა, მახინჯი ბავშვები, ბრმა ბავშვები.
ისინი გოგოებს წამლებით ჭყეპდნენ, რადგან ეს სასურველ შედეგს იძლეოდა. აღმოსავლეთგერმანელი მოცურავეები, განსაკუთრებით ქალები, ყველგან ოქროს მედლებს იღებდნენ. ანდრეამ ამ დონეს ვერ მიაღწია. როცა ბერლინის კედელი დაინგრა და დიდი სკანდალი ატყდა: მწვრთნელები, ექიმები, ბიუროკრატები – მომწამვლელთა მთელი ბანდა სასამართლოს წინაშე წარსდგა, მისი სახელი არც უხსენებიათ. აბებს კი სვამდა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში არ ყოფილა. სხვებმა, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს, თუ რას უშვრებოდნენ მათ სხეულსა და გონებას, ოქროს მედლები მაინც აიღეს, ან რამდენიმე წლის მანძილზე პოპულარულები გახდნენ. ანდრეას ხელში არაფერი შერჩა, ერთადერთი მედლის გარდა, რითიც ყველასგან მივიწყებულ ჩემპიონატზე დააჯილდოვეს იმ ქვეყანაში, რომელიც აღარ არსებობდა.
ვერნონმა ბეტონის ზოლსა და ქვიშიან სანაპიროს გახედა, მერე - მორუხო ზღვასა და მის თავზე - მორუხო ცას. თითქოს სხვა ხედი არც არასდროს ყოფილა მას შემდეგ, რაც კაფეს ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდას აქაურები პირველად მიუსხდნენ. იმ შემთხვევის გარდა, როცა სანაპიროს ქოხმახების მწკრივი ყველას თვალში ეჩხირებოდა. მერე ვიღაცამ ისინი გადაწვა.

The New Yorker
2008

ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

პი­ტერ აკ­რო­ი­დი: "პო­ე­ზი­ი­დან პრო­ზა­ზე გა­დავ­ხ­ტი, რო­გორც კა­ლია"


პი­ტერ აკ­რო­ი­დი - სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ინგ­ლი­სე­ლი მწე­რა­ლი, ავ­ტო­რი წიგ­ნე­ბი­სა, "გო­ლე­მი ლა­იმ­ჰა­უ­სი­დან" ("ელ­ი­ზა­ბეტ კრის პრო­ცე­სი"), "ოს­კარ უაილ­დის დღი­უ­რე­ბი", "დოქ­ტორ დის სახ­ლი", “ლონდონი: ბიოგრაფია”; გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს დი­კენ­სის, ტო­მას სტერნზ ელ­ი­ო­ტის, ეზ­რა პა­უნ­დის და სხვა­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი. ცხოვ­რობს ლონ­დონ­ში.


- თქვე­ნი წიგ­ნე­ბის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი გმი­რი ლონ­დო­ნია. რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის ეს ქა­ლა­ქი?
- მე აქ და­ვი­ბა­დე და ჩე­მი პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბიც ლონ­დონ­ში გა­მო­ვი­და. შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ლონ­დო­ნი ჩე­მი წარ­მო­სახ­ვის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი პე­ი­ზა­ჟია. რო­ცა მის ის­ტო­რი­ა­ში ვერ­კ­ვე­ვი, სა­კუ­თარ თავ­საც უკ­ეთ ამ­ო­ვიც­ნობ ხოლ­მე.
- თქვე­ნი აზ­რი ის­ეთ ცნე­ბა­ზე, რო­გო­რიც "ის­ტო­რიაა"?
- ის­ტო­რია ესაა ამბავი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც აწმ­ყოს აღვ­წერ. ვცდი­ლობ გა­ვი­გო და ავხ­ს­ნა აწმ­ყო. ჩემს ბევრ წიგ­ნ­ში მოქ­მე­დე­ბა ერთ­დ­რო­უ­ლად ორ დრო­ით პლას­ტ­ში ვი­თარ­დე­ბა. ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი უბ­რა­ლოდ გვეხ­მა­რე­ბა გა­ვი­გოთ ის, რაც ახ­ლა ხდე­ბა. სა­ერ­თოდ, ვერ ვხე­დავ გან­სა­კუთ­რე­ბულ სხვა­ო­ბას წარ­სულ­სა და აწმ­ყოს შო­რი­საც.
- რო­გო­რია თქვე­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი "გან­ც­და" წარ­სუ­ლი­სა აწმ­ყო­ში?
- ეს, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ჩე­მი წიგ­ნე­ბია. რო­ცა ის­ტო­რი­ა­ში ვი­ქე­ქე­ბი, მის გა­თა­მა­შე­ბას ვახ­დენ ხოლ­მე. მის ენ­ა­ზე ვიწყებ ლა­პა­რაკს. ვცდი­ლობ შე­ვიგ­რ­ძ­ნო ის, რა­საც იმ ეპ­ო­ქის ად­ა­მი­ა­ნე­ბი გრძნობ­დ­ნენ და ა.შ. რას გა­ნიც­დი­და ოს­კარ უაილ­დი, რო­ცა პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და, ან დოქ­ტო­რი დი. უც­ხო ტყავ­ში მოქ­ცე­ვით, წარ­სულს უკ­ეთ აღ­იქ­ვამ, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ მი­სი აღ­წე­რი­სას.
- თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი წარ­სულ­ში? გიყ­ვართ თუ არა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი­მე ეპ­ო­ქა?
- არა. საყ­ვა­რე­ლი ეპ­ო­ქე­ბი ჩემ­თ­ვის არ არ­სე­ბობს. მე ვწერ­დი ბლე­იკ­ზე, მილ­ტონ­ზე, დი­კენ­ს­ზე, უაილდ­ზე და ტ.ს. ელ­ი­ოტ­ზე. ასე რომ, თა­ვა­დაც ხე­დავთ, რამ­დენ ეპ­ო­ქა­სა ვარ მო­დე­ბუ­ლი. არც ერთს არ ვა­ნი­ჭებ უპ­ი­რა­ტე­სო­ბას - მე პრო­ცე­სი მა­ინ­ტე­რე­სებს, დრო­თა კავ­ში­რი და არა მი­სი ცალ­კე­უ­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი.
- რო­გო­რია თქვე­ნი ის­ტო­რია?
- და­ვი­ბა­დე ლონ­დო­ნის და­სავ­ლეთ­ში კა­თო­ლი­კურ ოჯ­ახ­ში, დავ­დი­ო­დი კა­თო­ლი­კურ სკო­ლა­ში, და­ვას­რუ­ლე კემ­ბ­რი­ჯი, შემ­დეგ იელი. რის შემ­დე­გაც ვმუ­შა­ობ­დი რე­დაქ­ტო­რად ჟურ­ნალ "The Book Spectator"-ში, შვი­დი წე­ლი. მე­რე რო­მა­ნე­ბის წე­რა და­ვიწყე და დღემ­დე რო­მა­ნე­ბით ვცხოვ­რობ.
- არ გსურთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კრი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა?
- არც არ­ას­დ­როს მი­მი­ტო­ვე­ბია ეს სა­მუ­შაო - ხში­რად ვწერ ხოლ­მე ლონ­დო­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი­სათ­ვის, ასე რომ, თქვენს წი­ნა­შე, ჯერ კი­დევ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია.
- თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბი?
- არც ერ­თი. და­წე­რის შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ, ვი­ვიწყებ წიგ­ნებს და მორ­ჩა. თუ­კი წარ­მა­ტე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ - დი­დე­ბა "ოს­კარ უაილ­დის დღი­ურ­მა" და ელ­ი­ო­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ამ მო­მი­ტა­ნა.
- რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ და­გე­წე­რათ ელ­ი­ო­ტის ბი­ოგ­რა­ფია ისე, რომ პო­ე­ტის არც ერ­თი ცი­ტა­ტა არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბი­ათ? მემ­კ­ვიდ­რე­ებ­მა, რო­გორც ვი­ცი, აგ­იკ­რ­ძა­ლეს ცი­ტა­ცია?
- ამ­ა­ში არ­ა­ფე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. გარ­წ­მუ­ნებთ. ცუ­დია, რომ წე­რი­ლე­ბის ცი­ტი­რე­ბა არ შე­მეძ­ლო, მაგ­რამ... ბი­ოგ­რა­ფია მე შე­მიკ­ვე­თეს და სა­მუ­შა­ოს დაწყე­ბამ­დე არც ვი­ცო­დი, რა სირ­თუ­ლე­ებს შე­ვე­ჯა­ხე­ბო­დი. რო­ცა აკრ­ძალ­ვის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, ვი­ფიქ­რე უარს ვიტყ­ვი-მეთ­ქი შეკ­ვე­თა­ზე. შემ­დეგ კი პი­რი­ქით, ამ აკრ­ძალ­ვამ ჩემს სა­სი­კე­თოდ იმ­ოქ­მე­და. რად­გან ცი­ტი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ელ­ი­ო­ტის იმ­ი­ტი­რე­ბა და­ვიწყე - ალ­ბათ, ქვეც­ნო­ბი­ე­რად, მაგ­რამ მა­ინც მის სტილ­ში ვწერ­დი (მის პრო­ზა­სა და წე­რი­ლებს ვგუ­ლის­ხ­მობ). სწო­რედ ეს ხერ­ხი იქ­ცა ჩემს მე­თო­დად, რო­ცა სხვა თე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქი.
- არ­ის თუ არა ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ელ­ი­ო­ტის შე­მოქ­მე­დე­ბის კრი­ტი­კა?
- ინგ­ლი­სურ ლი­ტე­რა­ტუ­რას კემ­ბ­რიჯ­ში ვსწავ­ლობ­დი. ამ­ი­ტო­მაც კლა­სი­კო­სე­ბის შე­სა­ხებ ჩე­მი აზ­რი გა­მაჩ­ნ­და, მაგ­რამ საქ­მე ამ­ა­ში არ გახ­ლავთ, არ­ა­მედ იმ­ა­ში, რომ ეს არც მთლად კრი­ტი­კა გახ­ლ­დათ; უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ­დი, პრო­პორ­ცი­უ­ლად მო­მერ­გო ერთ­მა­ნე­თის­თ­ვის ცხოვ­რე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რა ისე, რომ მათ ერთ­მა­ნე­თი გა­ნე­მარ­ტათ.
- რო­გორ უყ­უ­რებთ ელ­ი­ო­ტი­სა და ოდ­ე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბას?
- ელ­ი­ო­ტი პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­გუ­რაა ინგ­ლი­სურ კრი­ტი­კა­ში, მას­ზე დღემ­დე წე­რენ წიგ­ნებს. ოდ­ენს, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მეტს კითხუ­ლო­ბენ სხვა პო­ე­ტებ­თან შე­და­რე­ბით, მი­სი ხმა, რა უც­ნა­უ­რიც არ უნ­და იყ­ოს, დღემ­დე "ჟღერს". მაგ­რამ არ­ა­ნა­ირ, გან­სა­კუთ­რე­ბულ, გრძნო­ბე­ბით ამ ავ­ტო­რე­ბის მი­მართ არა ვარ გამ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


ვასილ გულეური – ჩიტის მოტანილი ამბები


თამარ კოტრიკაძე
რა ამბები მოაქვთ ჩიტებს?
ვასილ გულეური, “ჩიტის მოტანილი ამბები”. თბ. “დიოგენე”, 2008.

მომღერალი ფიფქი და ჭიანჭველების მაყრიონი, ლოთი ბეჰემოთი და ჭირვეული წრუწუნა, მათთან ერთად - კიდევ მრავალი სასაცილო არსება და უამრავი ბავშვი: აი, ვინ ბინადობს იმ კოხტა, ფერადი, კვადრატული ყდის მიღმა, რომელიც ვასილ გულეურის საბავშვო ლექსების წიგნს აკვრია, გასულ ზაფხულს გამომცემლობა "დიოგენემ" რომ დასტამბა. ბავშვებს, როგორც ვიცით, უყვართ ფერადი სურათები, ასევე უყვართ ბუნება, ხალისიანი, მელოდიური ლექსები და ახალი საინტერესო ამბები. ჰოდა, ამ ყოველივეს კრებულში ნახავენ, მას სახელწოდებაც შესაბამისად დამაინტრიგებელი აქვს: "ჩიტის მოტანილი ამბები".
მხატვრული გაფორმება და პოლიგრაფიული დონე, მით უფრო საბავშო წიგნებისა, ბოლო წლებში უკვე აღარ გვიკვირს: ქართული გამომცემლობები მრავლად გვთავაზობენ ისეთ მშვენიერ საბავშვო გამოცემებს, რომლის ხელში ჭერაც ნამდილად გესიამოვნება. ამ საერთო ფონზე წიგნი განსაკუთრებულად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს (ეს პირველ რიგში მხატვარ ია გიგოლაშვილის დამსახურებაა). მით უფრო კი გვახარებს ის, რომ საქმე გვაქვს არა რეპინტთან, არა თარგმნილ ლიტერატურასთან, არამედ ორიგინალურ ქართულ გამოცემასთან, ორიგინალური გაფორმებითა და ორიგინალური ტექსტებით, რაც ძალზე მიშვნელოვანი და, ჩვენს დღევანდელობაში, სამწუხაროდ, არც თუ ხშირი მოვლენა გახლავთ.
2007 წლის წიგნის ფესტივალზე ვასილ გულეურმა და "დიოგენემ" პოეტის სადებიუტო გამოცემით გაგვახარეს: მისი თოთხმეტი ლექსი გამოვიდა ღია ბარათების შეკვრის სახით, რომელსაც ერთ-ერთი ლექსის სათაურის მიხედვით "მელაკუდას მაღაზია" ეწოდება. ახლად გამოსული წიგნი ამ გამოცემას არ იმეორებს: მასში 45 ახალი ლექსია შესული.
ვასილ გულეურის საბავშვო ლექსებს იმთავითვე უნდა მიექცია ყველა ასაკის მკითხველის ყურადღება თავისი იუმორით, სიკეთით, პოეტური ფორმის სიმსუბუქითა და დახვეწილობით. რაკიღა საბავშვო ლიტერატურა სიტყვიერი შემოქმედების ძალზე მნიშვნელოვანი სფეროა, ხოლო მისი სიმსუბუქე და სიხალასე უაღრესად არასახუმარო და საპასუხისმგებლო საქმეა, ურიგო არ იქნება, თუკი დავუკვირდებით იმას, თუ რა საშუალებებით აღწევს ჩვენი პოეტი სასურველ ეფექტს: მისი ლექსები ხომ დიდებსაც ისევე ხიბლავთ, როგორც პატარებს!
უნდა ითქვას, რომ ვასილ გულეურის მხატვრულ საშუალებათა პალიტრა მრავალფეროვნებითა და სიუხვით არ გვაოცებს, მაგრამ ლექსები სულაც არ გვიტოვებს ერთფეროვნებისა და ადრე თქმულის გამეორების შთაბეჭდილებას. არადა, ავტორი სულ ორიოდე მხატვრულ ხერხს იყენებს. აქვე ჩავურთავთ, რომ ლექსები ცოცხალი, მელოდიური და სადა ენითაა დაწერილი. გამოცდილი მკითხველი ამ სისადავისა და სიმარტივის მიღმა არა მხოლოდ გაწეულ შრომას შენიშნავს, არამედ წერის კულტურასაც, ანუ გემოვნებას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ზომიერების შეგრძება: ყველას როდი შეუძლია ოქროს შუალედის ისეთნაირი დაცვა, რომ ბავშვთან საუბარი არც მეტისმეტად დამტკბარი გამოუვიდეს, არც გადამლაშებული.
აი, პატარა წრუწუნა, რომელიც წვნიანის მირთმევაზე პროტესტს აცხადებს, სანაცვლოდ ისეთ ნუგბარებს ითხოვს, როგორიც "კაკალი", "კვნიტი შაქარი" ან "მზესუმზირას მარცვალია". რომელ ოჯახში არ დგას მსგავსი პრობლემა? დედა-თაგვს კი მზად აქვს მშვიდი, მაგრამ კატეგორიული პასუხი:

"- თუ არ შეჭამ წვნიანსო,
ვაჭმევ ფისუნიასო.

შენც რომ შეგჭამს მალეო,
შენს თავს დააბრალეო!"

ამ ლექსებს ახასიათებს ხუმრობითა და სიბრძნით გაჯერებული სასიამოვნო კილო, რომელიც თავისი ბუნებით ლიტერატურული კი არა, ცხოვრებისეულ-ადამიანურია და უთუოდ თავად ავტორის პიროვნული სიღრმიდან მოდის. მაგრამ, ამავე დროს, რაკიღა ლიტერატურა ცხოვრების მატიანეა, ეს კილოც იმ ქართული ლიტერატურული ტრადიციის გაგრძელებად უნდა აღვიქვათ, ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლირიკას რომ უკავშირდება. ის, ერთი მხრივ, გვიჩვენებს ბავშვის თვალით დანახულ სამყაროს, გადმოგვცემს იმ უშუალო დასკვნებს, რომელიც მას აღქმული სინამდვილიდან გამოაქვს, მეორე მხრივ კი შეიცავს იმ ხშირად შეფარულ ღიმილს, უფრო თვალებიდან და, როგორც იტყვიან ხოლმე, ულვაშებიდან რომ გამოკრთის, რომლითაც ავტორი ბავშვისა და სამყაროს ურთიერთგაცნობის ამ სცენას ადევნებს თვალს. ის კარგად იცნობს ბავშვის ხასიათს, მის განცდებსა და ფიქრებს. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ლექსის ლირიკული "მე" თავად ბავშვია, მისი ემოციები მაინც ამ უხილავად ქცეული ღიმილის პრიზმაშია გატარებული. ეს ღიმილი, ალბათ, ლუის კეროლის პესონაჟის, ჩეშირელი კატის ღიმილს ჰგავს და ყველა კეთილი ჯადოქრისა და მეზღაპრის ღიმილსაც.
დედამ უამბო ბიჭს გუგულის უცნაური ჩვეულების შესახებ, საკუთარი კვერცხები სხვის ბუდეში ჩადოს. ბიჭი აღშოთებულია ფრინველის უსულგულობით. ეტყობა, პირველმა გაოცებამ რომ გადაუარა, ცოტა ხანს ჩაფიქრდა. ლექსის დასასრულს კი ასეთ კითხვას სვამს:

"ახლა მე ის მაფიქრებს,
ჩვენს საათში რომ ბუდობს,
იმ გუგულმა კვერცხები
აქ ვის უნდა ჩაუდოს?"

ერთ-ერთი მხატვრული საშუალება, რომელსაც პოეტი ისევ და ისევ მიმართავს, ფრაზეოლოგიზმების გაცოცხლებაა, რაც ლიტერატურულადაც საინტერესო და ნაყოფიერი შეიძლება იყოს და, ცხადია, არ გახლავთ ახალი ხერხი, და, ამასთანავე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია: სწორედ ასე იქცევა ბავშვიც. ის ხატოვან, გახევებულ ფრაზას მის მშობლიურ სივრცეში, კონკრეტულ რეალობაში აბრუნებს: თუნდაც ხუმრობით, სახალისოდ, თუნდაც წუთით, მაგრამ აუცილებლად ეცდება წარმოიდგინოს, თუ როგორ მოხდება ეს სინამდვილეში.
ლექსი "ენატანია ჩიტები" კრებულის სათაურს უკავშირდება. ბიჭი გვიზიარებს თავის გაოცებას იმის გამო, რომ დედა მუდამ გებულობს მისი და მისი ძმის უწესო საქციელის შესახებ, მაშინაც კი, როცა, ყველანაირი ლოგიკის წესით, ვერ უნდა გაიგოს. თავად დედისაგან შეიტყობს მისი გენიალური დედუქცის ნამდვილ წყაროს და ჩვენც გვატყობინებს: "ენის მიტანა დედასთან/ თურმე ჩიტებმა იციან." გაოცებას აღშფოთება ცვლის:

"ზამთარში მათთვის საკვები
რამდენჯერ გამიტანია...
ნეტავ ვიცოდე, რომელი
ჩიტია ენატანია?"

პირდაპირ თვალწინ გვიდგას ბიჭის ბრაზით შეკრული მუშტები: ესაა სამართალი? განა უმადური გამცემი მართლაც შურისძიების ღირსი არაა?
ვასილ გულეურის ლექსებში ყაჩაღობაში ბრალდებულ მელაკუდას ორჯერ მოჰყავს მოწმედ საკუთარი კუდი. ერთგან ახერხებს კიდეც თავის დაძვრენას:

"...მოწმედ მოვიყვან კუდსაო,
არაფერს ვჩადი ცუდსაო.

ჩვენი ჩვევაა ესაო,
მე როგორ შევცვლი წესსაო.

ვინმეს როდისმე გსმენიათ,
ქათამს არ ჭამდეს მელია?"

მეორე შემთხვევაში ის ამავე ხრიკით მხოლოდ ამძიმებს სამართლიანი დათვის მიერ გამოტანილ განაჩენს: დამნაშავეს გალიაში ამწყვდევენ, მოწმეს კი დაკითხვისაგან ათავისუფლებენ და ხეზე ჰკიდებენ.
კრებულის სათაური იმის გამომხატველია, რომ ლექსების უმრავლესობა მართლაც რაიმე სახალისო ამბავს გვატყობინებს, ზოგჯერ მოულონელი, ზოგჯერ კი ფრიად ლოგიკური დაგვირგვინებით. ამის საბუთად ზემოთ მოყვანილი მაგალითებიც კმარა. ლექსების დასაწყისში ხშირია ასეთი ფრაზები: "იცით, გუშინ რა მოხდა?", ბოლო პწკარები კი ისეთ ხალისიან გუნებაზე გაყებენს და თან ისეთ ჭეშმარიტებას გაგანდობს, რომელიც გინდა დაუყოვნებლივ სხვასაც გაუზიარო. მნიშნელოვანია, რომ სიცილი, რომელსაც ეს პწკარები აღგიძრავს, უაზრო და უსულგულო კი არა, - თუ შეიძლება ითქვას, - მგრძნობიარეა: ეს ის სიხალისეა, რომელიც სულს ახალი განცდებით ანატიფებს და ზრდის. ეფექტი მუდამ ანეკდოტური როდია: ლექსში "ბუტია" ყოვლისგამჭოლი ავტორისეული ღიმილი განსაკუთრებულად კეთილი და თან ოდნავ სევდიანიცაა. გოგონას, სახელად მაიკო, ყველანაირი მიზეზითაც და უმიზეზოდაც ისეთი საფუძვლიანი ბუტიაობა სჩვევია, რომ თავის ოთახში ჩაკეტილი, სადილადაც კი არ გამოდის შიმშილის მიუხედავად. ლექსი ასე მთავრდება:

"ჯერ არ იცის მაიკომ,
მარტოობა ძნელია
და ბუტიას კერძი კი
ძალზე გემრიელია!"

ზოგან არა მხოლოდ ფინალი, არამედ მთელი ლექსი ერთიანადაა დამუხტული ხალისიანი ნაპერწკლებით. ლექსი "ბახალა" მთლიანად უნდა მოვიყვანო, მისი მოცულობა იძლევა ამის საშუალებას:

"პატარა ყვავის ბახალამ
დედა ყვანჩალას ახარა:

- მასწავლებელმა შემაქო,
სხვებზე კარგი ხმა შენ გაქვსო.

გვამღერა მე და ძერაო,
ხუთები დაგვიწერაო."

განა სასაცილო და თან გულის ამაჩუყებელი არ არის უშნო, შავ-შავი ყვავის ბახალა, გაბრწყინებული იმის გამო, რომ ისიც თავისზე უარესს სჯობია და განა დედა ყვანჩალასათვის ის ყველაზე ლამაზი და ყველაზე საამაყო შვილი არაა?
თუმცა ყველა ლექსი როდი გვიკმაყოფილებს ეფექტური ფინალის უკვე ბუნებრივად ქცეულ მოლოდინს: არის ისეთებიც, თითქოს არაფერ ახალს რომ არ გვატყობინებს. სინამდვილეში ეს ლექსები გამცნობს ჩვენ, უფროსებს, რომ კლიშეებს ვერ გაექცევი ვერც ბავშვის აღზრდისას და, ალბათ, ვერც წერისას; რომ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ახლის, არამედ ძველისა და ტრადიციულის შეყვარება; რომ სწორედ ნატკეპნი ტრადიციებისაგან შენდება ჩვენი არსებობის მყარი საძირკველი, რომელიც არასოდეს გვიღალატებს. მოკლედ, რომ კლიშეებისა არ უნდა გვეშინოდეს და მთავარი მხოლოდ ის კი არაა, რასაც ამბობ და განიცდი, არამედ ის, თუ როგორ აკეთებ ამას. თანაც, როგორ შეიძლება ბანალური და მობეზრებული იყოს ის, რაც, მიუხედავად მარადი განმეორებისა, ყოველთვის ახლებურად გვხიბლავს და გვიხარია, რადგანაც უზენაესი კანონითაა დაწესებული? კრებულში ლექსების თანმიმდევრობა ჩვენი ცხოვრების განმეორებად წრებუნვას მიჰყვება: ტრადიციული ახალი წელი თოვლით, საჩუქრებითა და ისევ და ისევ მოუხელთებელი თოვლის პაპით; გაზაფხული მორცხვად თავდახრილი იებითა და პირველი, მზეზე აბრჭყვიალებული ობობის ქსელით; ზაფხულის მჩქეფარე სიცოცხლე სახლში თუ ეზოში, ტყესა თუ ზოოპარკში, რომლის ბინადარნი ქცევებითა და გემოვნებით ხშირად ძალზე ჰგვანან ადამიანებს; საშემოდგომო მზადება სკოლისათვის, ახალთახალი ჩანთით მოგვრილი სიხარული და სიამაყე...
დამეთანხმებით, ნამდვილად ღირს ამ ყოველივეს სიყვარული!


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ახალი წიგნები – 2009 – მარტი


ლაშა ბუღაძე, “კარიკატურისტი”. (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.

ახალგაზრდა გამომძიებელი კოლეგებთან ერთად ერთი მეტად უცნაური საქმის გამოძიებას ცდილობს. საქმე მკვლელობებს ეხება, რომლებიც ქალაქში ერთიმეორის მიყოლებით გახშირდა - პოულობენ მინისტრის, ბანკირის, გენერლისა თუ რეჟისორის გვამებს, რომლებსაც, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთმანეთთან ის ჟურნალი აკავშირებთ, რომელშიც მათი კარიკატურები დაიხატა. ვისი ხელი ურევია მკვლელობებში - კარიკატურისტის, მანიაკის, ორივესი ერთად თუ ვინმე ან რამე შეუცნობელი ფაქტორის... ლაშა ბუღაძის ახალი რომანი, რომელიც ავტორისეული კარიკატურებითაა გაფორმებული, მკითხველს ბევრ უცნაურ, სასაცილო და საშიშ ამბავს გაუზიარებს.

ბათუ დანელია, “მერვე ბგერა” (ლექსები). თბ. “ინოვაცია”, “ეროვნული მწერლობა”, 2008.
ბათუ დანელია, “Mirabilis Vita” (ლექსები). თბ. “ეროვნული მწერლობა”, 2008.

ბათუ დანელიას ქართველი მკითხველი კარგა ხანია იცნობს პოეტური კრებულებით, “ქალაქი ფრთებქვეშ”, “წყნარი ქუჩა”, “ტიხარი”, “მარტოობის ზამთარი”, “მთვარის დღესასწაული”, “შეშლილი ვარსკვლავები”, რომლებსაც ამჯერად კიდევ ორი წიგნი შეემატა. “მერვე ბგერა” ადრეული ლექსების კიდევ ერთი, ახლებური გადანაწილება და თავმოყრაა, “Mirabilis Vita” კი რამდენიმე პოეტური ციკლისგან შედგება, სადაც ლექსები ავტორისეული თვალთახედვით საერთო ფორმობრივ-შინაარსობრივი ნიშნითაა დალაგებული.

დალილა ბედიანიძე, “ფიქრდიდობა”. (ლექსები). თბ. “სიესტა” 2008.

მინის ქილაში დამწყვდეული არსების ბრძოლა თავისუფლებისთვის, ქუჩებისა და გზების ნაპირებს შორის მოქცეული ადამიანის მცდელობა, გადააბიჯოს ბარიერებს, შეისუნთქოს მუსიკა ჰაერის მაგიერ, მიიღოს საკუთარი სხეული სულის სამოსად, იპოვოს მისასვლელი საკუთარ თავთან და მოერგოს გასაღებად თავისავე არსებას - ეს დალილა ბედიანიძის ლექსებია, რომლებიც პოეტმა კიდევ ერთ კრებულად შეკრა და მკითხველს “ფიქრდიდობის” სახელით უსახსოვრა. ავტორს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს პოეტური კრებულებით “წვეთები და ნამცეცები”, “კეთილი მგზავრობა”, “ნეტავ!”, “გამარჯობათ”.

ჰარუკი მურაკამი, “ნადირობა ცხვარზე”. (რომანი). მთარგმნელი ირაკლი ბერიაშვილი. რედაქტორი ლელა მაჩაბლიშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.

რა ხდება მაშინ, როცა ადამიანის სხეულში მის ადამანურ ბუნებას ცხვრის შინაგანი სამყარო ენაცვლება, როგორია ახალგაზრდა კაცის ცხოვრება ახლებური თვალთახედვით და ამავედროს განუზომელი ძალებითა და შესაძლებლობებით, რომლებიც ერთი კონკრეტული მიზნისთვისაა განკუთვნილი, ან კი რა შეიძლება იყოს ეს მიზანი... რეალურისა და არარეალურის ზღვარზე, ნახევრადფანტასტიკურ გარემოში ვითარდება იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანი, რომელიც მისი ცნობილი “ვირთხის ტრილოგიის” ერთ-ერთი წიგნია. “ნადირობა ცხვარზე” ავტორის პირველი დიდი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.

ელფრიდე იელინეკი, “საყვარლები”. (რომანი). მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი. რედაქტორი გიორგი დარსალია. თბ. “არეტე”, 2008.

რომანი ქალების შესახებ - ვინ არიან ისინი, როგორია სამყარო, სადაც ცხოვრობენ, რამდენად რეალურია გარემო, რომელსაც ისინი ეგუებიან; სიმბოლოები, რომლებიც მათს ყოველდღიურობაში, სამუშაო რეჟიმსა თუ პირად ცხოვრებაში იმალება. ავსტრიელი მწერლის, ელფრიდე იელინეკის გახმაურებულ რომანს ქართველი მკითხველი ახლა უკვე მშობლიურ ენაზე გაეცნობა. “საყვარლები” მწერლის ადრეულ შემოქმედებას მიეკუთვნება, ავტორი კი, რომლის შემოქმედებაც დღემდე არაერთ რომანსა და პიესას ითვლის, 2004 წელს შვედეთის აკადემიამ ნობელის პრემიით დააჯილდოვა.

“ლექსმცოდნეობა”, ანა კალანდაძის ხსოვნას (მასალები). რედაქტორი თამარ ბარბაქაძე. თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2008.

2008 წლის გაზაფხულმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართული ლიტერატურის ისტორიაში - გარდაიცვალა ქართველი პოეტი, ანა კალანდაძე. სწორედ მისი ხსოვნას მიეძღვნა აკაკი ხინთიბიძის მიერ დაარსებული ქართული ლექსთმცოდნეობის საკითხების კრებულის გამოცემის ტრადიციის აღდგენა, რომელსაც მკვლევარმა 80-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი. თამარ ბარბაქაძე, გიორგი ლობჟანიძე, ლევან ბრეგაძე, თამარ ლომიძე, აპოლონ სილაგაძე, თამარ პაიჭაძე და სხვები კიდევ ერთხელ გაგვახსენებენ ანა კალანდაძის შემოქმედებას.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Friday, April 23, 2010

ნიკუშა ანთაძე - მე შიშველი ვარ


შვილო, თვალები დახუჭე!
აუ, რამხელა აქვს...
ვგიჟდები ესეთ არანორმალურებზე!
რას მიაშტერდი, ქალო?!
აუ, აუ, აუ...

ამაზე პირველად მაშინ ვიფიქრე, როცა დილით აბაზანიდან გამოვედი ნაბანავები და სარკის წინ დავდექი პირსახოცით ხელში. ვისთან რა მაქვს დასამალი?! ფიქრი და გადაწყვეტა ერთი იყო. ჩასაცმელად გამზადებული შარვალი და მაისური, თავის წინდა-ტრუსიკ-ფეხსაცმელებიანად კარადაში შევჩურთე და სრულიად შიშველი ჩავუყევი სადარბაზოს კიბეს. სკოლისკენ მიმავალი მეზობელი ბავშვები მაწვნისქილაგადაყლაპულებივით მომაშტერდნენ. რამდენიმე ფანჯარაში ფარდა შეირხა - დაინტერესებული, შეკრული შუბლები მათვალიერებდნენ და როგორც კი ავხედავდი, მაშინვე ფარდის უკან იმალებოდნენ. რა ლამაზი დილა იყო. გაჩერებაზე შემჭამეს (ზოგიერთებმა მომაჭამეს კიდეც მგონი) თვალებით. მარშუტკაში სხვა მგზავრებთან ერთად ავედი. მძღოლს ენა სავარძლის ქვეშ ჩაუვარდა. უნივერსიტეტამდე ისე ვიმგზავრე არავის არაფერი უთქვამს.

- გამოქლიავდი? - ვერსად დამალა გაკვირვება მეგობარმა, რომელიც ჩვეულებისამებრ გარეთ მელოდებოდა, რომ ერთად შევსულიყავით ლექციაზე.
- არა, - ვუპასუხე მე და პირველ კორპუსში შევედი.
ჩემს დანახვაზე სტუდენტები ისე გაშეშდნენ, ფილმის ყურების დროს Pause-ს რომ დააჭირო უცებ.
- მთვრალი ხარ?
- არა.
- დაბოლდი? - არ მეშვებოდა მეგობარი.
- არა, - აუდიტორია უკვე თითქმის სავსე იყო.
ჯგუფელები წიგნებს მოსწყდნენ და გაოცებულ-გადარეული მზერებით დამცხრილეს. ჩემი ადგილი დავიკავე.
- რამე მაზიანი წააგე?
- არა.
ლექტორი შემოვიდა. კათედრას მიუახლოვდა და კმაყოფილებით აღსავსემ გადმოხედა მოსწავლეებს, რადგან არ ახსოვდა როდესმე ასეთი სიჩუმე დახვედროდა აუდიტორიაში შემოსვლისას. თუმცა უეცრად შეამჩნია ამ გლობალური დამუნჯების ნამდვილი მიზეზი.
- ვინ მოგცათ უფლება ტანსზემოთ გახდილი იჯდეთ ლექციაზე? - თვალები სათვალის მინებს მიაბჯინა ლექტორმა.
- არა მარტო ტანსზემოთ, პროფესორო, - წამოვდექი მე.
ორმა გოგომ სასწრაფოში დარეკა, დანარჩენები კი ყვავილების ვაზებიდან ასხამდნენ წყალს გულწასულ პროფესორს. მივხვდი ლექცია აღარ გაგრძელდებოდა.
- ლუდი არ გინდა? - მეგობარს ხელით ვანიშნე წავედით-მეთქი.
- რა ჯანდაბა გჭირს, არ მეტყვი?

ლუდის ბარში ნაცნობ ოფიციანტ მაიკოს ოთხი ბოთლი გაუვარდა ხელიდან და ისე გაწითლდა, თითქოს მე დამენახა ის შიშველი. კლიენტები, რომლებიც ლუდთან ერთად სოსისს მიირთმევდნენ, ხველებ-ხველებით, ნახევრად დამხრჩვალები გაცვივდნენ გარეთ.
თითო ბოკალი დავლიეთ.
- სახლში ხანძარი გაჩნდა და ტანსაცმელი დაგეწვა? - მეგობარმა აღარ იცოდა რა ეფიქრა.
- არა, - გამეღიმა და კიდევ ორი ჩამოსასხმელი შევუკვეთე მაიკოს, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა მხოლოდ სახეზე ეცქირა ჩემთვის, მაგრამ არ გამოსდიოდა.
- ესეიგი გამოქლიავდი!

გარეთ ცნობისმოყვარეობამოცული ნახევარი უნივერსიტეტი და საპატრულო მანქანა გველოდა.
- თქვენი საბუთები, თუ შეიძლება, - მომიახლოვდა პოლიციელი. იმ ადგილას დავიხედე სადაც წესით შარვლის ჯიბე უნდა მქონოდა, ჯიბეში კი საბუთები.
- რა გჭირთ? - მკითხა მკაცრად.
- შიშველი ვარ.
- ვხედავ! და რატომ ხართ შიშველი?
- რატომ ვარ შიშველი?
- დიახ!
- იმიტომ რომ შიშველი ვარ.
გასუსულ ხალხს ისე სწრაფად გადაჰქონდა მზერა ჩემგან პოლიციელზე და გადმოჰქონდა პოლიციელისგან ჩემზე, თითქოს ჩვენ ჩინელი პინგ-პონგისტები ვყოფილიყავით, ისინი კი აზარტში შესული მაყურებლები.
- და რატომ ხართ შიშველი-მეთქი?!
- იმიტომ რომ...
- განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ! - აღარ მაცადა, მხარში ჩამავლო ხელი.
- ეს უსამართლობაა! - იყვირა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
- ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა! - იყვირა მეორემ.
- დისკრიმინაციაა! - აღრიალდა ყველა, ცემეს პოლიციელი, რომელმაც მე თავი დამანება და მათ დაშოშმინებას ცდილობდა, გადავიდნენ გზაზე, გადაკეტეს ქუჩა და საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
მეგობრის მაჯაზე საათს დავხედე. შეყვარებულთან დანიშნულ შეხვედრაზე მაგვიანდებოდა.

შეყვარებულმა საშინლად იეჭვიანა, მე მეგონა ცოლად მომიყვანდი და ჩემს გარდა ვერცერთი გოგო ვერ გნახავდა გახდილსო, მეჩხუბა და დამშორდა.

* * *
მეორე დღეს დილიდან დამყვებოდნენ ფოტოგრაფები. გამვლელების გაფართოებულ თვალებში ჩემს თავს ვხედავდი. ვიღაცეები მცნობდნენ, მიღიმოდნენ და ხელს მიქნევდნენ.

* * *
მესამე დღეს თხუთმეტმა გოგომ ჩამომართვა ავტოგრაფი, ორმა ტელევიზიამ ინტერვიუ.

* * *
მეოთხე დღეს ყველაზე ცნობილ ღამის Talk Show-ში მიმიწვიეს სტუმრად.
- გაგვეცანით, - მთხოვა წამყვანმა პირდაპირ ეთერში.
- მე შიშველი ვარ.
- ეგ ვიცით, უფრო ახლოს გაგვეცანით.
- ამაზე ახლოს როგორ გაგეცნოთ? - გამეცინა მე.
- მაშინ მოგვიყევით რატომ ხართ შიშველი.
- იმიტომ რომ შიშველი ვარ.
- და რისი თქმა გინდათ ამით? - არ დაიბნა წამყვანი.
- იმის თქმა მინდა, რასაც ვამბობ - მე შიშველი ვარ!
სტუდიაში ტაში დაუკრეს.
ეს სიუჟეტი იმ ღამესვე აჩვენა CNN-მა და Euronews-მა რუბრიკაში No Comment.

* * *
ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდების და გარეკნების მთავარი სამიზნე გავხდი. ახალგაზრდა რეჟისორებმა ჩემზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყეს. ერთი კვირის შემდეგ კი ქალაქში გამოჩნდა კიდევ სამი შიშველი - ორი გოგო და ერთი ბიჭი.

* * *
ორი კვირის შემდეგ ქუჩებში დაკიდეს ბილბორდები ჩემი გამოსახულებით და წარწერით - მე შიშველი ვარ, შენ? თავისუფლების მოედანზე გაიმართა "შიშველი აქცია", რომელშიც 7000 ადამიანი მონაწილეობდა. პროფესორი იმ ამბის შემდეგ საავადმყოფოში იწვა და როცა ახალგამოწერილი სახლში გადაჰყავდათ, მანქანიდან შემთხვევით მოკრა თვალი დემონსტრანტებს... სასწრაფოდ თავის პალატაში დააბრუნეს ისევ გულწასული. ჩემი მეგობარი უკვე აღარ ფიქრობდა, რომ გამოვქლიავდი და ჩემთან ერთად დადიოდა, ისიც შიშველი.

* * *
ერთი თვის შემდეგ პარლამენტში განიხილეს საკითხი ქვეყნის ნუდისტურ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. მე სიყვარული ავუხსენი ოფიციანტ მაიკოს, მან კი საპასუხოდ იქვე, ლუდის ბარში გაიხადა და ორმაგად გაწითლებული ჩამეხუტა.

* * *
თვენახევრის შემდეგ პრეზიდენტი დემონსტრაციულად გაშიშვლდა პრესკონფერენციის დროს. დამაჯილდოვეს ღირსების ორდენით. ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ სად დამეკიდა და ბოლოს დავიკიდე... მომიხდა.

* * *
მოგეხსენებათ, ზოგს ფრჩხილების დაჭრა ეზარება, თუ იცის, რომ გახდა არ მოუწევს, ზოგი რაღაც-რაღაცეებს არ იპარსავს და ა.შ მოკლედ, თავის მოვლა დაიწყო ხალხმა. ყველა მიეჩვია ყოველდღე მოწესრიგებას. დაიხურა ტანსაცმლის მაღაზიები. სამაგიეროდ იყიდებოდა უამრავი ჩანთა. გაუმჯობესდა ქალაქის დასუფთავების სამსახურები. საერთაშორისო ნუდისტური ფედერაციის გამოყოფილი თანხით ტროტუარებზე დააგეს ხალიჩები. საგრძნობლად იმატა ტურისტების რიცხვმა...

* * *
ახლა საბანაოდ შევდივარ და ჯერ არ ვიცი, მაგრამ, რომ გამოვალ კარადაში შეჩურთულ შარვალს და მაისურს, თავის წინდა-ტრუსიკ-ფეხსაცმელებიანად გამოვალაგებ, ჩავიცმევ და ისე ჩავუყვები სადარბაზოს კიბეს. რა ლამაზი დილა
იქნება.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“



ლევან ორახელაშვილი - სხვა ასპექტი


შემეძლო, გნებავთ ეს ჩემი აღსარება, გნებავთ ნაამბობი, კომპოზიციურად სხვაგვარად დამეწყო და დამელაგებინა. ბოლო თავისკენ მექნა, თავი ბოლოსკენ. თითქოს კეკლუცად გაშიშვლებული წელი კი ლამაზად შემემოსა და ისე დამეკავშირებინა დანარჩენთან, საწყისთან და სასრულთან, მაგრამ თანმიმდევრობა ვამჯობინე. მით უმეტეს, რომ ჩემი ,,სუფთა ჰაერზე” გატარებული ცხოვრების ნაწილის ეს სამი პატარა, მაგრამ ჩემის აზრით ფრიად საგულისხმო ეპიზოდი ქრონოლოგიურ ჭრილში უფრო გასაგები და აშკარად დასანახია მცირე ლირიული და არც თუ ისე ლირიული გადახვევებით.
სხვადასხვა ტიპის გადახვევებზე რა მოგახსენოთ, ერთი კი ვიცი, იდეაა მთავარი. ყოველთვის იდეას უნდა დაეყრდნო კაცი. ის გახლავთ პირველადი, ყველაზე ღირებული. მაგრამ ფრიად პარადოქსული შედეგიც შეიძლება მიიღო თურმე ამ ,,ღირებულიდან”. და თუ ერთი ჭკვიანი კაცის აზრს გავიზიარებთ, რომელმაც ოდესღაც იმ მწერებზე ისაუბრა, განაყოფიერების შემდეგ რომ იხოცებიან, და მერე იქვე რომ დაამატა - ,,სამწუხაროდ ჩვენი სიხარულიც ასეა, უდიდესი ნეტარების მომენტი... და უკვალოდ ქრებაო” - პარადოქსული რეზულტატების შესაძლო არსებობაშიც დავრწმუნდებით. მოკლედ, ქრება თუ რჩება ეს თავად განსაჯეთ. საკუთარი გამოცდილება მოიშველიეთ...
მე კი საერთოდ, მუცელზე ძილს ვარ მიჩვეული. რატომ? საკუთარმა ცხოვრებამ დამიწესა ასე, წლების მანძილზე გამომიმუშავა ეს ჩემთვის სასარგებლო ჩვევა. არც მარჯვენა, არც მარცხენა გვერდზე, არც ზურგზე. მკაცრად მხოლოდ მუცელზე და მორჩა. ხელები ბალიშის ქვეშ, ნიკაპიც იქვე ჩარგული. ყურები ლოკატორებივით მომართულ-დაცქვეტილი. ამ პოზიდან წამოხტომა ელვის სისწრაფით შემიძლია. უბრალოდ წელი, მუხლები და იდაყვები უნდა მოხარო სწრაფად, ძლიერად და რაც მთავარია სინქრონულად. ძილის პროცესიც ფრთხილი მაქვს, ისეთი, როგორც უღრან ტყეში, ღრმადგათხრილ ბუნაგში ჩაწოლილ ნადირს.
მძინავს, ლამაზ-ლამაზ სიზმრებს ვხედავ, თან ყველა საქმის კურსში ვარ რაც ჩემს ირგვლივ ხდება. ერთი საეჭვო გაფაჩუნება, საეჭვო მოძრაობა სადარბაზოში, ეზოში თუ მის გარეთ და მომენტალურად ვკეცავ იმ ჩემს სიზმრებს ჭრელი, აზიური ხალიჩასავით და უზადო ტექნიკის წყალობით ერთ წამში ფეხზეც ვარ და ჩაცმულიც. სრულ მზადყოფნაში, ასე ვთქვათ. დანარჩენი კი უკვე ბედის და ჩემი მოხერხებულობის საქმეა. როგორც წესი მიმართლებს. აორთქლების დიდოსტატი ვარ. მაგრამ ზოგჯერ, რომ იტყვიან, თავს ზევით ძალა არ არის... მაგრამ ეხლა ყველაფერ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ფრიად არაორდინალურ სიტუაციაში ვარ და ამიტომ. გამოსავალს ვეძებ. იმდენად დინჯად და აუჩქარებლად, რამდენადაც ამას დროის სიმცირე და საფრთხის სიდიდე განაპირობებს. დინჯად თქო იმიტომ ვამბობ, რომ უკვე დიდი ხანია რაც საკუთარ ნერვებს თუ ნერვულ აშლილობებს დავემშვიდობე და აქედან გამომდინარე ჩემს გრძნობებსა და ემოციებს სრულად ვაკონტროლებ. პრინციპში, ესეც ტექნიკის და ჩვევის ამბავია, მუცელზე ძილის არ იყოს. აბა ვინმე ბატონ გრიშას კი არ უცხოვრია ჩემი ცხოვრებით. არც ,,კრესტების” თუ ,,ბუტირკის” პატიმრებით ,,გადაგრუზულ” კამერებში უსუნთქავს რიგრიგობით ფოლადივით დამძიმებული და ცნობილი ინგრედიენტებით ,,დო ატკაზა” გაჯერებული ჰაერით, არც გადარეული გერმანული ნაგაზების ეშვები ჩასობია ყინვისაგან გალურჯებულ წვივებში, სადღაც იქ, ზლატოუსტის ჭაობებთან. არც ექვსი საათის განმავლობაში დაუკიდიათ თავქვე როსტოვის кпз-ში ხის სკამის ფეხის აკომპონემენტის ქვეშ. არა, ეს ჩემი ცხოვრებაა, უფრო სწორედ მისი გარკვეული ნაწილი, ყველა თავის ქვეტექსტითა და წყალქვეშა დინებით. არც იგივე ბატონ გრიშას უხოხია თხუნელასავით ყინვისგან დამზრალ ორმოცმეტრიან გვირაბში, სამი დღე-ღამის განმავლობაში არ ურბენია და ულასლასია მშიერ-მწყურვალს ტაიგაში რკინიგზის ძებნაში და მერე ჭრელი ძროხებით სავსე საბარგო ვაგონით არ გადაუსერავს ნახევარი რუსეთი. არც ფული და სამოქალაქო ტანსაცმელი მოუპარავს მეისრის ჯიხურიდან და არც სამხრეთისკენ აუღია გეზი უკვე რბილი ვაგონით, ცხელი საუზმე-სადილის და მომხიბლავ ,,პრავადნიცასთან” უფრო ცხელი, თითქმის მდუღარე ფლირტის თანხლებით... ,,будет милочка шуметь подо мной, будет грудками греметь надо мной...” სწორედ ასე წავიღიღინე პირველად რომ დავინახე. კარგად მახსოვს. თქვენც ასე კარგად აგიხდეთ ყველაფერი...
არც ის დამვიწყებია მაშინ, რომ ამ ,,სასიამოვნო გასეირნებას” არამც და არამც არ უნდა მოვედუნებინე. უშეცდომოდ, საკუთარი თავის ხელახლა, ცოცხლად არდამარხვის ურყევი გარანტიით უნდა მეცხოვრა ის ორიოდე დღე. თუმცა ,,ურყევ გარანტიას” პირობითად ვამბობ. ასეთი ტიპის გარანტიები ბუნებაში არ არსებობს. მით უმეტეს, ჩემთვის. მე ხომ ავაზაკი ვარ, თანაც პირწავარდნილი, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში იტყვიან, და კიდევ ბანდიტი, ყაჩაღი, ჯიბგირი... ხოლო თუ ვინმეს დაჭირდა, ავტორიტეტიც. ეს ,,ვინმეც” პირობითია. უფრო რომ დავაზუსტო, კრებით და საკმაოდ დიდ მასას მოიცავს. ფაქტიურად ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ,,საცეცები” დიდ თუ მცირე ფინანსებში აქვთ ჩაფლობილი და გაყოფა-გამოკლება-მიმატება ძილს უფრთხობს. ისე, სხვათაშორის, ზემოთ ხსენებული ,,მათემატიკურ-ზნეობრივი” პრობლემების ჩვენებურად გადაწყვეტის შემდეგ ყველაფერი ისევ თავის ადგილს უბრუნდება. ისევ ბანდიტი, ყაჩაღი, ჯიბგირი და ბოლოს ავაზაკი. ეს ბოლო სიტყვა კი განსაკუთრებით მომწონს. განუმეორებელი ჟღერადობა აქვს. ფსიქოლოგიურ-ემოციური და თქვენ წარმოიდგინეთ ფერწერული დატვირთვაც. აბა, თუ ხედავთ პატარა ბიჭუნას, აღტაცებულ-მონუსხული რომ დგას ერთ ადგილზე საათობით. მაჯისსიმსხო რკინის გისოსებს მიღმა კი დიდი კატა აუჩქარებლად, უხმო ნაბიჯით ზომავს თავისი სამყოფელის სიგრძე-სიგანეს. სამხრეთული ღამესავით შავი, გვიანი შემოდგომისფრად აელვარებს თვალებს. ძლიერი, ცბიერი, დაუნდობელი მარტოსული. სადღაც შორს მისი სამშობლოა. გაუვალი ჯუნგლები, უძირო ქვაბულები, სისხლიანი ნადიმები... აქ კი შარდის სუნით გაჟღენთილი ფიცარნაგი, გისოსები, სამეურნეო თუ სამეცნიერო სამსახურები, ადმინისტრაცია. მოკლედ ,,ნადზორი” და ,,რეჟიმი”. მწარედ, ყრუდ ამოიღრიალებს შიგადაშიგ ოთხ კედელში ავაზაკივით გამომწყვდეული ავაზა. სადღაც, რომელიღაც ფერმაში თავის სიკვდილით მომკვდარი ძროხის კანჭს დაყნოსავს დროდადრო, მძლავრი თათით გადააბრუნ-გადმოაბრუნებს ,,ბალანდასავით”* გაზეპილ ულუფას, მერე უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნებს რაღაცას თავის ენაზე და კვლავ სიარულს იწყებს იქეთ-აქეთ...
ის პატარა აღტაცებულ-მონუსხული ბიჭი მე ვარ. ინტერნაციონალურ ეზოში ლაღად გაზრდილი. ისე, დღემდე ვერ გამიგია რატომ ეძახიან ასეთ ეზოებს იტალიურებს. ნიკალაევიჩის საფლავს ვფიცავ, არც ერთ კარუზოს, მასტროიანის ან თუნდაც კორლეონეს აქ არ უცხოვრიათ. აი რობერტიკები, დომენტიკები და საშკები რამდენიც გინდა. ჰოდა ვზივართ ერთხელ მე, ერთ-ერთი რობერტიკა და ერთ-ერთი დომენტიკა ჩვენი სახლის სახურავზე, მოპარულ პაპიროსს ,,კრუგში” ვეწევით, გამუდმებით ვახველებთ და ვბჭობთ, ჩვენს შორის ვინ ვინ უნდა გახდეს. მე მეცნიერი უნდა გამოვიდეო თქვა მაშინ რობერტიკამ და უძირო ლაჟვარდს მიაპყრო მზერა. დომენტიკამ ჩაახველა და მენაგვის ფუნქცია იკისრა, ალალად, უყოყმანოდ, თანაც იქვე ახსნა საკუთარი ლტოლვა ზარის* შემოკვრის მიმართ, რომლის ხმაც თურმე ენითაუწერელ სითბოს უღვრიდა სულსა და გულში. ჯერი ჩემზე მიდგა და ორივე ბიჭი კითხვის ნიშანივით მოიხარა პასუხის მოლოდინში. მე კი ამ დროს უკვე საწვიმარ მილს შემოხვეული ვეშვებოდი დაბლა, მაგრამ ერთი კი ამოვძახე ქვემოდან ავაზა-ავაზაკი მეთქი. ჩემი ეს სიტყვა შეისმინა რატომღაც ოხუნჯმა განგებამ, სახურავზე დარჩენილთა მიმართ კი გარკვეული კორექტივები შეიტანა... გავიდა წლები და დომენტიკა მეცნიერი გახდა, ასტრონომი თუ ფიზიკოსი, ზუსტად არ მახსოვს. აი რობერტიკა კი... რობერტიკა ,,ნააბაროტ”
მაშინ, საწვიმარ მილს შემოხვეულმა რომ ავძახე ბიჭებს, ის სიტყვა ისე ვთქვი, თითქოს უბრალოდ, გაუცნობიერებლად. მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბრალო ბრალიანი ხდება, გაუცნობიერებელი კი ცნობიერი. მოკლედ დამალული გაცხადდება ყოველთვის. მით უმეტეს, თუ ბედ-იღბალიც ხელს შეგიწყობს და რაიმე პაწაწინა, თვალით უხილავ მიზეზსა და გარემოებას მოგართმევს, თანაც ლანგარზე ლამაზად დაწყობილ-შეფუთულს. ჰოდა მეც მივიღე ეს ლანგარი თავის დროზე, კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ ადგილას. И пошлло поехало. არა, მთლად ასეც არ იყო. გარკვეული წესის და რიგის ქვეშ დავაყენე ყველა ჩემი ინტერესი, строго по графику. წიგნი, ტრენაჟორი, მუზეუმი, ,,საქმე”. ამ ,,რასკლადში” წიგნი დომინირებდა გარკვეულ მიზეზთა გამო და ეს მიზეზები ჩემს პატიოსან და მაღალინტელექტუალურ ოჯახში უნდა მეძებნა, რომელიც სისტემატურად მამარაგებდა იმ დროისათვის იშვიათი გამოცემებითა და ხშირი რჩევა-დარიგებებით. ლამის შექსპირისეული ენით ავმეტყველდი მაშინ, ზოგადსაკაცობრიო კითხვებითა და მათზე გაუცემელი პასუხებით შეპყრობილი. მაგრამ იმ რკინის გისოსებიდან რაღაც მაგიით გამომსხლტარი და ჩემს შიგანში სამუდამოდ ჩაბუდებული ის შავი ავაზაკი ნელ-ნელა აშიშვლებდა უმოწყალოდ ბასრ ბრჭყალებს, გვიანი შემოდგომისფერი თვალებიდან მწველ ცეცხლს აკვესებდა და ხშირი, ყრუ ამოღრიალების თანხლებით დამატარებდა თავის ნებაზე. ერთი სიტყვით, ბუნებამ გაიმარჯვა, მისმაც და ჩემმაც. უკვე ყველა ,,კაზიონი დომში” ,,არას” მიწერდნენ ყოველ ცისმარე დღეს... მერე ერთხელაც კოკა გატყდა იქ, სადაც ტყდება ხოლმე და ჩემს მიერ დაწესებული სქემა: წიგნი, ტრენაჟორი, მუზეუმი, ,,საქმე” სხვა სქემამ შეცვალა: кпз, კარანტინი, კამერა, ეტაპი, ზონა. თუმცა თუ საკითხს ოპტიმისტურად მივუდგებით, ამ ახალ სქემაში ძველის მოაზრებაც თავისუფლად შეიძლება. ხშირ შემთხვევაში წიგნის კითხვას და ვარჯიშს არავინ დაგიშლის, თუ მუზეუმი გინდა, ჩათვალე, რომ ყველაზე საინტერესო ,,ექსპონატებით” ხარ გარშემორტყმული. ,,საქმე” გინდა? კი ბატონო! ,,საქმეები” იქაც კეთდება და იქედანაც. ასე რომ პრობლემა არა მაქვს ერთის გარდა, თუ ამას პრობლემად ჩავთვლით. ,,ბლატნოი” ენას ვერ ვგუობ შინაგანად, ამიტომაც მუდმივ ხმარებაში არა მაქვს, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ სიტუაციაში და წრეში ვიყენებ. ადრე, ვინმე არასასურველ პიროვნებას რომ არ გაეგო ლაპარაკის შინაარსი ერთი მასტის კაცებს შორის, იმიტომაც базарили на блатной манер, დღეს კი მესამე კლასელი ბავშვი ისე შეიძლება ალაპარაკდეს, ,,სხოდკაზე”... მოკლედ, ამ ენამ უკვე ფოლკლორში გადაინაცვლა, გარკვეულწილად აზრი დაკარგა, ჩვევა დარჩა მხოლოდ. ხშირად მიკამათია მეგობრულად ამ თემაზე დიდ პანკრატიჩთან, ის გაცხარდებოდა, გაცხარდებოდა, მერე კი ან დუმდებოდა, ან თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას ნაწყენი ბავშვივით. მე კი ჩემსაზე ვიდექი და ეხლაც აქ ვდგავარ. ასე რომ არ იყოს, ვიტყოდი: ,,ვქიმარობ ჩვეულ პოზაში და თავზე რკინა მადევს თქო”. თუმცა მეც კი ჩამომვარდება ხოლმე ,,ბლატნოი” სიტყვა ისე, როგორც გადაკეტილ ონკანს წყლის წვეთი, ეხლა მაინც ასე ვიტყვი: ,,ვწევარ ჩემთვის და თავზე უზარმაზარი, მონიკელებული ,,ჰეკლერ კოჰის” ლულა მაქვს მობჯენილი.” უკვე ზუსტად ერთი წუთია. შინაგანი საათი არასდროს მატყუებს. ამ სიტუაციამ ორი კითხვა შეიძლება დაბადოს. პირველი: როგორ ჩამოვაყალიბე საკმაოდ ვრცელი შინაგანი მონოლოგი ზუსტად ერთ წუთში? და მეორე: რატომ დუმს ,,ჰეკლერ კოჰი”? პასუხები ძლიერ მარტივია. აი მაგალითად, როცა ვიღაც დეგენერატი რაიმე ამბავს გიყვება, რომელიც სულაც არ გაინტერესებს, დრო ძალზედ ნელა გადის, წამი საუკუნედ გეჩვენება. არასასიამოვნო სიტუაციაში ხარ და იმიტომ. ეხლაც არასასიამოვნო სიტუაციაა და დროც აქედან გამომდინარე ისე ზლაზვნით გადის, რომ გაწელილი შინაგანი მონოლოგი კი არა, შეიძლება ტოლსტოის ,,ომი და მშვიდობა” გავიარო გონებაში... ეხლა რაც შეეხება ,,ჰეკლერ კოჰის” დუმილს: მსროლელი არ არის მისი პატრონი, кишка тонка. არ ვინძრევი, ცალი თვალის კუთხით ვათვალიერებ ,,სტუმარს”, უფრო სწორად, იმ ტერიტორიის ბატონ-პატრონს, სადაც ვიმყოფები. ,,ვიკროიკაზე” ეტყობა რო ,,ლოხია” მხოლოდ ქორწილებში ისვრის, ისიც გარკვეულ კონდიციამდე მისული, მაგრამ чем черт не шутит, სიკვდილი ჩემს გეგმებში არ შედის არანაირად, ტყვიამაც ქურდი და არიფი არ იცის, ამიტომაც უნდა ვიტექნიკურო და ჩემი ,,ჩორნი ხოდიდან” გავიდე, საღი და საღსალამათი.
,,ეგ ინსტრუმენტი ნაღდია?” აუღელვებლად ვეკითხები ,,სტუმარს”.
ვატყობ რომ ჩემი წყნარი ტონი აბნევს, მოუსვენრად ტოკვას იწყებს. კრიტიკული მომენტია.
,,ჩემთან რა პრეტენზია შეიძლება გქონდეს მეგობარო? ცხოვრებისეულ გაუგებრობაში მოხვედრილი ერთი პატარა კაცი ვარ, ამიტომ მოდი, სწორად შეაფასე სიტუაცია და ვინც დასასჯელი გყავს, ის დასაჯე...” იგივე ტონალობაში ვაგრძელებ და მეტი დამაჯერებლობისათვის სახის იდიოტურ გამომეტყველებას ვღებულობ. მცირე ყოყმანის შემდეგ ,,ჰეკლერ კოჰის” ლულა ნინკას შუბლისკენ ინაცვლებს. მეც ეს მინდოდა, სულ რაღაც ერთი წამის მოგება...
ნინკა ჩემს გვერდით წევს, უფრო სწორად, უკვე წამომჯდარა. თხელი პლედით იფარავს სიშიშვლეს და თითქოს ყინვისგან, ისე თრთის და კანკალებს. სახე და მზერა შიშისგან გაქვავებია. უმშვენიერეს სახეს ვხედავ, მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენის ცხოველი შუქ-ჩრდილით მოფენილს, ყოველგვარი ხელოვნურისგან თავისუფალს. შიშშია მხოლოდ ბუნებრივი, ნაღდი, გაუყალბებელი სილამაზე და თუ გნებავთ გრანდიოზულობაც, ისეთი, როგორც რენატო გუტუზოს თითქოს ხელის ერთი მოსმით შესრულებულ ,,ეტნადან გაქცევაზეა” ასახული. ერთ დიდ ტილოზე ობობას ქსელის ძაფებად ჩახლართულ შიშში გამომწყვდეული შიშველი და ნახევრადშიშველი ქალები, ყალყზე შემდგარი პირუტყვი, შეძრწუნებული მამაკაცები, და ეს ყოველივე თითქოს უხილავ, მაგრამ მკაფიოდ ხაზგასმულ, ვულკანურ ფერფლს მიღმა დანახულ უიმედობაში ხორცშესხმული, ამავდროულად აბსტრაქტული, ჩაუწვდომელი... ვგიჟდები ნინკაზე...
ვიცი, არც ამ შემთხვევაშია ,,სტუმარი” მსროლელი. ფუმფულა ,,ბელარუჩკას” შამპანურის ფუჟერივით უჭირავს ხელში იარაღი. ისე ნერვიულობს, თითიც კი არა აქვს სასხლეტზე დადებული. მე კი ამასობაში გამოვაყოფინე ჩემს ,,ტულსკი ტოკარევს” გაქექილი ლულა ბალიშის ქვეშიდან და იქვე მდგარს ზედ ,,მამაკაცურ ღირსებაზე” მივაბჯინე. ელდა ეცა. იმ ზემოთ ხსენებული წამის მოგებაც ამ ოპერაციის ჩასატარებლად მინდოდა. ,,პარადი” უკვე მე მიმყავს...
,,ეხლა ეგ სათამაშო აუჩქარებლად დადე იატაკზე და პირით კედლისკენ შებრუნდი, თორე ან მომენტალურად ,,ქსივას” წაიღებ საიქიოში ან დღისით-მზისით, პროჟექტორით დაუწყებ ძებნას მაგ შენ ინსტრუმენტს და ვერ იპოვი...”.
კვლავ წყნარად ვეუბნები. ხუთიანზე ასრულებს ჩემს რჩევას. ნინკასკენ მივიხედე. მართალია დაძაბულობის მცირე დოზა მოეხსნა, სამაგიეროდ არ ვიცი დონმა თუ ვოლგამ გადმოხეთქა მისი უძირო თვალებიდან. ჩანჩქერებივით მოსდის ცრემლები. თეთრეულს ასველებს. ეხლა კარგია ტირილი ნინკასთვის, разрядка, ასე ვთქვათ.
,,კარგი, დაწყნარდი, თორე მეზობლებს ჩაუვათ შენი ცრემლი ქვედა სართულზე”, ვეუბნები, იქვე სკამზე მიგდებულ ცხვირსახოცს ვაწვდი და ელვის სისწრაფით ვიცმევ.
,,ჰო, ნინკა, შენკენ რო გადმოვამისამართე ერთი წამით იარაღი, საქმეს ჭირდებოდა, ხო ხვდები?”, თავს მიქნევს და უკვე ხმამაღლა ქვითინებს. ის კი სახით კედლისკენ დგას ისე, როგორც დავარიგე და არ ინძრევა, მხოლოდ ოდნავ ცახცახებს. მივუახლოვდი და ვეუბნები: ,,წამო სადმე დავჯდეთ, ეს ამბავი გავიაროთ, ჩვენ-ჩვენი გრძნობები დავალაგოთ”. საძინებლიდან სამზარეულოსკენ გამიძღვა მორჩილად. მთელს ბინაში რბილი იატაკია დაგებული, წუხელ ვერ შევამჩნიე, არც მეცალა ამისთვის, იმიტომაც ვერ გავიგე როგორ წამომეპარა. სასაცილოა ,,რბილი იატაკი”... სხვა მასტის კაცი რო ყოფილიყო?... უკვე მორგში ვიქნებოდი век воли не видать... პიროვნების დადგენაო, გაკვეთაო, ბალისტიკური ექსპერტიზაო, შეიძლება პრაქტიკანტებიც... მერე ,,საერთოდან” მოჭრილი ფულით დასაფლავება, ყვავილები, დეპეშები, ,,ასაბნიაკური” ქელეხი, ჩემი მკვლელის დასჯასთან დაკავშირებული ,,ბაზარი”... არა, მადლობა ღმერთს ეს სცენარი თავიდან რო ამაცილა... ,,პატივცემულო, თქვენი სახელი? ” ვეკითხები ჩემს წინ მიმავალს. ,,გელა”, ჩუმად მპასუხობს. უკვე ლამის მიყვარს გელა, იმიტომ რომ სროლა არ შეუძლია და საერთოდ დამყოლი და თვინიერი ტიპია, ,,საჩუქარია” ერთი სიტყვით.
პატარა მაგიდას მივუსხედით. ვდუმვართ. ბუნებრივია გელა ნერვიულობს. უკვე მოკიდებულ სიგარეტს კვლავ და კვლავ უკიდებს, მოკლედ ძალზე არაადექვატურ მოძრაობებს აკეთებს, მერე დგება, ბარიდან ვისკი გამოაქვს. დოპინგი ჭირდება. მეც არ მაწყენს, მაგარი ნაბახუსევი ვარ. ჩამოყარა ჭიქებში. უხმოდ დავლიეთ. სხეულში ჩაღვრილმა სითბომ და პირველმა გაჟრჟოლებამ რომ გადამიარა, თვალი თვალში გავუყარე და ვეუბნები:
,,მე და ნინკას ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი... ფაქტიურად უხსოვარი დროიდან... მერე მე ხანგრძლივ მივლინებაში გამიშვეს...”.
მაშინ, წლების წინ, ზემოთხსენებული გაყინული გვირაბიდან ,,ვახტა რო მოვხიე” და ნარ-ეკლით მოფენილი გზებითა და ბილიკებით თბილისისკენ დავიძარი, საბჭოთა კავშირი ინგრეოდა უკვე. ნანგრევებში არ მოვყოლილვარ განგების წყალობით და დანიშნულების ადგილს ,,პრავადნიცას” შეყვარებული მზერის თანხლებით საღსალამათმა, მაგრამ ძლიერ გატანჯულ-ნაწვალებმა მივაღწიე. იქიდან წამოყოლილი დაძაბულობაც მომეხსნა გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჩემთვის არავის ეცალა იმ გლობალური ცვლილებების ფონზე. თავის ურთიერთობებს არკვევდნენ იქ, ,,ზედა ეშელონებში”, მე კი უკვე თბილისში უნდა დამელაგებინა ჩემი საქმეები. მაგრამ იმხანად ჩემს გეგმებს ხორცშესხმა არ ეწერათ. საშინელი ,,ბესპრედელი” დამხვდა ქალაქში. გაცლა ვამჯობინე. ავიკარი გუდა-ნაბადი და მთაში წავედი ძველ ,,კორეშებთან”. პირდაპირ ცხვარში, от греха подальше. ბუნებას შევესისხლხორცე, ასე ვთქვათ. დიდხანს მომიწია იქ ყოფნა. არავის ეგონოს, რომ იქ სიმშვიდე და სრული ჰარმონია სუფევდეს, ისეთი, ძველ, დროისაგან გახუნებულ გობელენებში როა ჩაქსოვილი, სადაც ფეხშიშველი, უზარმაზარი მუხის ქვეშ წამოწოლილი მწყემსი ბიჭუნა სალამურის ჰანგებით ნუსხავს და მართავს მწვანე ბექობზე შეფენილ საქონელს. არა, მთაში უმკაცრესი კანონები და ურთიერთობებია. განუწყვეტელი ბრძოლა და ჭიდილი. და მაინც ქალაქურ, ,,კალაშნიკოვურ ბესპრედელთან” შედარებით სრული სამოთხეა. სამოთხეა ტვირთისაგან ზურგჩაზნექილი ცხენებით სასიკვდილო უღელტეხილების გადალახვა, აქაფებულ, გაცოფებულ მდინარეებზე გადასვლა, წყალწაღებული ცხვარ-ბატკნის გულისწამღები ხავილი, ფარის ქოფაკების მიერ ერთი-მეორის უმოწყალოდ გლეჯა, ხოლო შედარებით სიმშვიდის პერიოდში გაუვალი ნისლით გარშემორტყმული კოცონის გარშემო გაუთავებელი ღრეობები, ჟიპიტაურის სმა და მერე ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა კომბლებითა და ხანჯლის ყუებით. და მერე ისევ იგივე...
თითქოს ერთ წრეზე ტრიალებს ყოველივე, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ცოდვილი დედამიწა. რას იზამ, ასეა... მერე ბარიდან ინფორმაცია მივიღე, ყველაფერი თითქმის დალაგდა და ხვალ-ზეგ ისევ ჩვენი ,,პალაჟენია” დადგებაო. მეც ავიღე და მაგრად ჩამოვართვი ხელი ყველას, მურას თავზე მოვუალერსე და ჩამოვქალაქდი.
გაზაფხულის საუცხოო დღეა. თბილა და მზე ეალერსება ყოველივეს. ქუჩაზე მოვსეირნობ, ისე, უმიზნოდ. წუხანდელი ნაწვიმარია. ასფალტზე დამდგარ ტლაპოებს ხეთა მტვრის სალათისფერი ლიბრი გადაჰკვრიათ და განუმეორებელ სურნელს აფრქვევენ. ნინკა შემხვდა. შემთხვევით. ზუსტად ისე, ათიანზე ტუზს რო იყიდი... არა, მაინც რა არის ეს გაზაფხული, что за дева или диво, თავის ხიბლს არ გაკმარებს и вдобавок ნინკას შეგახვედრებს. მოდის ნინკა და შორიდან მიღიმის. სახით, სხეულით, მთელი არსებით. შოკში ვარ. უდაბნოს მირაჟი მგონია ნინკა. მეშინია ჰაერში არ აითქვიფოს და გაქრეს. რაც გავიცანი, მას მერე ერთი წუთიც კი არ მიცხოვრია მის გარეშე. მუდამ ჩემთან იყო, ჩემს წარმოსახვაში. როცა უკანასკნელად ვნახე, ვერის ბაღში იჯდა ხის სკამზე. ,,ნინკა მიყვარხარ თქო” მაშინ ვუთხარი, მერე მაგრად ვაკოცე ლოყაზე და წავედი, გავექეცი... უკან რომ მოვიხედე რატომღაც, თვალდახუჭული იჯდა, სახე უბრწყინავდა... მას მერე აღარ მინახავს. ან უბრალოდ აღარ მანახეს. вот тебе и жизнь поганка.
გულში ჩავიკარი ნინკა-მირაჟი. ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს იმ წუთს. თვალებით წავისაუბრეთ მხოლოდ. ცოტა ხნის შემდეგ კი ,,მეტროპოლში” საგანგებოდ გაწყობილ-გაფორმებულ მაგიდასთან ვისხედით. ასე მეგონა, მთელი სამყარო ჩემი იყო, и пела скрипка ласково и так нежно...
გარეგნობით ნინკა მხოლოდ ,,კუკალკა” არ არის, ,,ტიპშაა” განუმეორებელი შარმით. საკუთარ ბუნებაში ჩაბუდებულ ნაპერწკლებს სულ ტკაცა-ტკუცით აფრქვევს. ვზივარ და ვტკბები ამ ყველაფრით, თან ბებერ კონიაკს ვწრუპავ. ის კი ყოველი ჭიქის შემდეგ სულ უფრო და უფრო ლამაზდება, აუტანლად სასურველი ხდება ისედაც უსაზღვროდ დახვეწილი. პორტრეტისტი ნამდვილად არ ვარ, მისი ხიბლი ზედმიწევნით რომ აღვწერო, თუმცა სხვანაირად შემიძლია ვთქვა, ჩემებურად...
პირველ ჩრდილოურ ,,ადსიდკაზე” ვარ. бур-ში ვზივართ მე, გურგენა და რამდენიმე ,,პალაჟენეცი”. ვჩეფირობთ, თან ვბაზრობთ იქეთურს და აქეთურს. გურგენა მეუბნება მცირე პაუზის შემდეგ, თითქოს ისე, სხვათაშორის: ,,მისმინე ჯიმა, ჩვენი ძმა კი ხარ ფაქტიურად, მარა შენი კუთვნილი სახელი უნდა დეგერქვას ოფიციალურად, მოდი დევიწყოთ მაი ბაზარი, ქვეყანა ქურდები აგვყვება ამ კეთილ საქმეში, ჰოდა ჩავაყენოთ კურსში, ვინც ჩასაყენებელია ყველა, ვისაც უჭირს ახლა და ვინც სვაბოდაზეა. კაი ვესავოი მასა შევკრათ კაროჩე, შენთან კითხვა ან პრეტენზია ვინ ოხერს ექნება ჯიმა, ჩეხური ხრუსტალივით სუფთა ბიჭი ხარ, ჰოდა მოვაგვაროთ აი საქმე რაც შეილება მალე...”. არაფერი ვუპასუხე მაშინ გურგენას, ერთი კი გავიფიქრე ,,мне брат такое по плечу но, я молчу”, და გავედი бур-იდან. იმან კი მომაძახა, ,,დუმილი თანხმობის ნიშანია ჯიმა”, ჩემს აზრებს კითხულობდა ის ბებერი მგელი... ჰო, ზუსტად ეგ დღე იყო. ბარაკის სახურავზე ავძვერი, თან ერთი შუშა სპირტი წავიყოლე, რომ არ გავყინულიყავი და იქ ნინკა ვნახე. ჰო, ნატურში ის იყო... მოკუპრულ ცაზე, ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე ცისარტყელას ფერებად გადადღაბნილ-დაგრაგნილი პოლარული ციალი, ,,ზაპრეტკის” იქით, ყინულით მოსარკულ-მოჭირხლულ ფიჭვნარში, მის თითოეულ წიწვში ირეკლებოდა, ბრჭყვიალებდა, ციმციმებდა, თამაშობდა, ცა და მიწა წარმოუდგენელ ფერადოვნებას აფრქვევდნენ, ყველანაირი ორიენტაცია დავკარგე მაშინ, ისიც ვიფიქრე, ხო არ ვგიჟდები თქო... ეხლაც ზუსტად ის გრძნობა მეუფლება ნინკას რომ ვუყურებ, ეხლაც იმას ვფიქრობ, ხო არ ვგიჟდები თქო. ამასობაში კი სანამ ჩემი თავი გადარეული თუ ჰალუცინაციების ტყვეობაში მყოფი მეგონა, გურგენას ჩვენი ,,სპეცფოსტა” დაძრული ქონდა უკვე. ყველა ,,კაზიონკიდან” დაბრო და ტკბილი მოკითხვები წამოვიდა, ბოლოს კი ,,მატროსსკაია ტიშინამ” ამოიღო ხმა და ნესტორას სახელით შეგვატყობინა ,,у матросов нет вопросов”-ო.
а у меня много вопросов к нинке. ყველაფერი მაინტერესებს მის შესახებ. ვსხედვართ, ერთმანეთს თვალებში შევციცინებთ, ფეხებიც გადახლართული გვაქვს უკვე მაგიდის ქვეშ. ერთხელ ქმარიც ახსენა, ისე, გაკვრით, ყოველგვარი თბილი ინტონაციის გარეშე. იმაზეც მიმანიშნა мимоходом, თურქეთშია რაღაც საქმეებზე წასულიო. ჰოდა მეც ეხლა სიყვარულს, კონიაკს და ფანტაზიას დავაბრალებ ყოველივეს. თუმცა რასაც არ უნდა დააბრალო შენი ქმედება, თავი და მიზეზი მაინც შენში დევს. ასეა მოწყობილი. так что ასე აღვმოვჩნდი ნინკას ლოგინში. მოკლედ ნინკა ,,ვისუხარე”, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მაინც ბუნებრივად, თავისთავად მოხდა. ეტყობა ბავშვობის სიყვარულმა იზეიმა მაინც.
,,არადა რამდენი დავახარჯე...”, თურმე ლაპარაკს განაგრძობს ჩაგრადუსებული გელა და კვლავ ვისკით ავსებს ჭიქებს. გულიდან ამოხეთქილმა დანანებამ ათქმევინა ეს არასაკადრისი სიტყვები. ეტყობა თავის ბიზნესის დღგ-ში ყავს ნინკა გათვალისწინებული. აი აქ ცოტა არ იყოს ვბრაზდები...
,,შენი ხარჯები დაივიწყე ბრატ, აქ მე სიყვარული ვახსენე, ეს ორი ცნება კი ერთმანეთთან არ ძმაკაცობენ. და საერთოდ, მოდი ერთი, ცოცხალ ადამიანსაც მოუსმინოთ, მისი აზრიც გავიგოთ, მერე დარწმუნებული ვარ უფრო ეკონომიურად იცხოვრებ. ვაა, მივლინებაში ვერ წასულხარ კაცი, სიყვარული რო არ მოგპარონ...” ფეხზე ვდგები, თან გელას ვაკვირდები. ტიპიური, ,,ზალატნიკში” გახვეული არამზადაა. ელ კოიოტი. სხვა ,,იარლიკს” არც დავადებ და არც მაინტერესებს. უტყვად მიქნევს თავს ნინკა. მყისიერად გადაწყდა ყველაფერი.
,,ნინკა, შენი ნივთები ჩაალაგე”, ვეუბნები.
,,აქ ჩემი არაფერია ორალური კონტრაცეპტივის გარდა”, აკანკალებული ხმით მპასუხობს
სადარბაზოს კართან გელამ შემაჩერა გაუბედავად და ხელში დიდი, მონიკელებული ,,ჰეკლერ კოჰი” მომაჩეჩა: ,,შენი იყოს, ჩემთვის უსარგებლო ნივთი ყოფილაო”.
ასე, ,,ღმერთის კრიშით” ,,ვისუხარე” ნინკა. სიგიჟემდე მიყვარს, თან ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს კოკისპირულ წვიმაში მოხვედრილ კნუტს გადავეყარე. გალუმპულს, სიცივისგან აკანკალებულს და ეხლა გასაშრობად და გასათბობად მიმყავს. ნინკა უკვე ჩემთან არის, ეს ფაქტია და როგორც ჩვენში იტყვიან ,,ფაქტი ტირის”, მოვიხედე და მართლა ტირის...
ერთ პატარა ბინაში ვცხოვრობთ, სადღაც ,,მოტეხილში”. მე ჩემს ,,საქმეებზე” დავდივარ, ორ კაპიკს ვშოულობ. ის ორი კაპიკიც წესისამებრ რამდენიმე ნაწილად ,,ტყდება” და თავის მიმართულებები ეძლევა, მე და ნინკას კი ძეხვი, შავი პური და მხურვალე სიყვარული. მაგრამ გუმანით ვგრძნობ, რომ ნინკა ასეთი ცხოვრებისთვის არ არის გაჩენილი. ჰოდა მეც ვცდილობ რაღაც შევცვალო, სხვა სახე მივცე მის ყოფას, მისთვის ბევრად სრულყოფილი. ამას დრო უნდა, ის კი ელვის სისწრაფით მიფრინავს. თანაც ლამაზ ქალთან რომ ცხოვრობ სიყვარულსა და განცხრომაში, საათი წამში გადის, თვე საათში, ზემოთხსენებული არასასიამოვნო სიტუაციისგან განსხვავებით. ასე რომ, ჩემი და ნინკას თანაცხოვრების ერთმა თვემ საათში გაიელვა, ზუსტად თაფლობის ერთ საათში...

ქუთაისიდან ჩამოვედი, после трехдневной отлучки. ბინის კარს ვაღებ დაღლილი, ნაბახუსევი ორი ,,სუტკა” ენა არ გამიჩერებია, ბოლოს ყველას და ყველაფერს თავის სახელი დავარქვი, იმ ყველამაც თავისი მიიღო თუ დათმო...
ჰოდა შემოვედი საკუთარ სახლში დილაადრიან და ეგრევე საძინებელს მივაშურე.
,,время прокукует и в последний раз
нинку поцелую пулей между глаз…”
ეს მოტივი გარიჟრაჟიდან ამეკვიატა. ალბათ რესტორნიდან წამომყვა. თუმცა არც ჩემ ავაზაკურ ინტუიციას გამოვრიცხავ. ეხლა კი ვდგავარ საკუთარ საწოლთან და ნინკას შუბლზე ჩემი ,,ტულსკი ტოკარევი” მაქვს მიბჯენილი. ის კი ისევ ისეთი, განსაკუთრებულად ლამაზია, ადრე რომ ვახსენე, არა, კიდევ უფრო ლამაზი, იმიტომ რომ იცის, მსროლელი ვარ. ისევ ისე წამომჯდარა საწოლზე, სიშიშვლეს საბნით იფარავს, ნიკაპამდე აქვს აქაჩული და თრთის. გვერდით ვიღაც ტიპი უწევს, სახის იდიოტური გამომეტყველებით, წამწამებს ხშირ/ხშირად აფახუნებს და არ იცის იყვიროს, იტიროს, რაღაც ზებუნებრივი ძალების საშუალებით აქედან აორთქლდეს თუ საერთოდ რა ქნას. вот тебе и судьба, а против нее канать не дозволено бог не простит. ესეც რომ არ იყოს, არავის მოვთხოვ პასუხს იმაზე რაც თავად გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ქოთანს საიდანაც მინდა იქედან მივაბამ ყურს...
სიცილი ამიტყდა. ალბათ სიმწრის. ნინკამ კი უკვე გამზადებულ ცრემლს მისცა გზა. ,,ტოკარევი” ქამარში გავირჭე და სამზარეულოში გავედი. მაცივრიდან ჩაყინული ხაში გამოვიღე და ცეცხლზე შემოვდგი. მერე ჭაჭის არყით სავსე ბოთლი შევანჯღრიე, დავაკვირდი, ისეთი ,,ჯაჭვი” გაიკეთა, როგორც იტყვიან, ნავს დააბამდა.
,,აქეთ მოჩოჩდით ორივე”, გავძახე საძინებლისკენ. წუთში მოჩოჩდნენ.
,,რა გქვია პატივცემულო? ” ვეკითხები.
,,გელა”, ძლივს ამოღერღა.
ისევ ეს საკრალური ,,გელა”, ყრმობიდან და დღემდე! ეტყობა ჩემი ბედ-იღბლის ,,კლიჩკაა”.
,,ფომკას დაგიძახებ ჯიგარო. ჩემი მიზეზი მაქ საამისოდ, ეხლა წინ დამიჯექი, ხაში ვჭამოთ. შენ კი თავზე წეიკარი და ნიორი დანაყე. ,,წეიკარი” ქუთაისიდან წამომყვა ასდოლარიანებით გატენილ სპორტულ ჩანთასთან ერთად.
ნინკამ თავზე რაღაც თხელი თავსაბურავი წაიკრა და ნივრის ნაყვას შეუდგა. ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლი.
,,ეს ას-ასი ჩოუფინოთ სანამ ხაში მოგვისწრებს”, ვეუბნები ფომკას.
ერთმა ჭიქა ბომბივით არაყმა ეგრევე გაჭრა ,,კაზანოვაზე”. ალაპარაკდა, გაბლატავდა. ერთი სიტყვით ,,ტანკშია” უკვე. ფაქტია, არ მიცნობს.
,,ცოლი თუ გყავს პატივცემულო?”, ბრძნულ აზრებს ვაწყვეტინებ მოულოდნელად.
,,არა, უცოლო ვარ ”, მპასუხობს და მაგრად ჩახარშულ ფაშვს ლოღნის.
,,ჰოდა გილოცავ გაბედნიერებას”, ღიმილით ვეუბნები.
ნინკა მოცელილივით ეშვება სკამზე, იმას ეტყობა ფაშვი გაეჩხირა ყელში, ხველა უტყდება. მე კი მობილურს ვიღებ ჯიბიდან.
,,მოგესალმები მამა ტრიფონ, დიახ მე გახლავარ, არა, მივლინებიდან ამ დილას დავბრუნდი... თქვენ?... მიხარია. ერთი თხოვნა მაქვს, ჩემს მეგობრებს უნდათ ჯვრისწერა დღეს... ნაშუადღევს? ერთ წუთს არ დააგვიანებენ, გმადლობ, ღმერთი გვფარავდეს”.
ახალშექმნილი ოჯახი პირდაბჩენილი შემომცქერის, მე კი ხრტილებს ვტკვირავ და თითქოს ისე, უმისამართოდ ვამბობ:
,,სამ საათზე ანჩისხატთან დაერჭეთ, საქორწილო ბეჭდებს და მეჯვარეებს თავს მოაბამთ მანამდე, მერე სადმე, კარგ რესტორანში აღნიშნეთ ეს უაღრესად იღბლიანი დღე”, გაბადრული სახით შემომციცინებს ფომკა ბაჯაღლო ოქროს მსხვილი ჯაჭვით და ისეთივე სამაჯურით დაბმული...
,,მორჩა, კოოპერატივი დაკეტილია, წადით ახლა და დამტიეთ მარტო”, ფარცხანაყანების ,,გოვორიდან” ვერა და ვერ გამოვდივარ.
ჰოდა ადგნენ და დამტიეს მარტო. წასვლის წინ კი ფომკამ ნინკას გადაულაპარაკა, შენი ნივთები ჩაალაგეო, ნინკამ უკვე ტრადიციულად უპასუხა, აქ ჩემი არაფერია ორალური კონტრაცეპტივის გარდაო. ჯიგარია, სულ პირველ ჩვენებას აწვება.
სადარბაზოს კართან შევაყოვნე წამით ორივე. ნინკას ის მძიმე სპორტული ჩანთა მივეცი, დასავლური მწვანილია, გიყვარს და შენი იყოს თქო ვუთხარი. ,,სიძეს” კი დიდი, მონიკელებული ,,ჰეკლერ კოჰი” ჩავუდე ხელში.
,,ეს საქორწილო საჩუქარია, რა იცი, სად და როდის გამოგადგება”, ვუთხარი და ნინკას ჩავხედე თვალებში. ცალ თვალში ,,ისი პარის” მაღაზიები, ,,დიორი”, ,,შანელი”, ბრილიანტები, მეორეში კი სევდა, ნაღველი და ცრემლის პატარა კურცხალი უბრწყინავდა... ერთგვარი ორგვაროვნებაა არა?
მე კი მარტო დავრჩი. თუმცა რატომ მარტო? ის ხომ მყავს? მართალია არ ვიცი სად არის, მაგრამ არა უშავს, ვიპოვი, დავიჭერ... ბოლოს და ბოლოს ,,კილკას” იჭერენ წყნარ ოკეანეში და ერთი პატიოსანი ,,პრავადნიცა” რა გახდა...

მოსამართლე - ,,თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან რატომ გაიქეცით?”
განსასჯელი – “დაქორწინება მინდოდა...”
მოსამართლე - ,,ჰოო... საკმაოდ უცნაური წარმოდგენა გქონიათ თავისუფლებაზე”.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ჰარუკი მურაკამი - თაფლის კვერი



თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა

1

- დათვმა მასაკიტიმ იმდენი თაფლი მოაგროვა ფუღუროებში, რომ მთელ სოფელს გააძღობდა. კასრში გადაასხა, მთიდან ჩამოვიდა და ქალაქს მიაშურა გასაყიდად. მასაკიტი ფუღუროდან თაფლის ამოღების ნამდვილი ოსტატი იყო.
- საიდან ჰქონდა დათვს კასრი? - ჰკითხა სარამ.
- უბრალოდ, ჰქონდა, მორჩა და გათავდა. გზაზე ეგდო. იმანაც აიღო. იფიქრა, ერთხელაც იქნება, გამომადგებაო, - აუხსნა ძიუნპეიმ.
- ჰოდა, გამოადგა კიდეც.
- სწორეა, გამოადგა. წავიდა მასაკიტი ქალაქში, მოედანზე ადგილი შეარჩია, აბრა გამოკიდა “ძალიან გემრიელი ნატურალური თაფლი, ჭიქა - 200 იენი” და დაიწყო ვაჭრობა.
- დათვმა რა, წერა იცის?
- ნოუ. დათვებმა წერა არ იციან, - თქვა ძიუნპეიმ. - ერთ გვერდით მდგომ კაცს სთხოვა. იმან დაუწერა ფანქრით.
- ფულის დათვლა თუ იცის?
- იეს. ფულის დათვლა იცის. მასაკიტი ბავშვობიდან ადამიანებთან ცხოვრობდა. მაშინ ისწავლა ლაპარაკი და ფულის დათვლა. გონიერი დათვია.
- ესე იგი, ჩვეულებრივი დათვებისგან განსხვავდება.
- აჰა. ჩვეულებრივებისაგან ცოტათი, მაგრამ მაინც განსხვავდება. მასაკიტი განსაკუთრებული დათვია. ამიტომ ერიდებიან ჩვეულებრივები.
- რას ნიშნავს “ერიდებიან”?
- იმას ნიშნავს, რომ ამბობენ: “ერთი შეხედეთ, როგორ იბღინძება” და ცდილობენ არ იმეგობრონ მასთან. ვერ ეწყობიან. მასაკიტი განსაკუთრებით ჩხუბისთავ ტონკიტის არ უყვარს.
- საბრალო მასაკიტი.
- მართლაც და საბრალო. თუმცა... გარეგნობა კი დათვისა აქვს, მაგრამ ადამიანები ეგრე არ თვლიან. ეუბნებიან: “შენ ფულის დათვლაც შეგიძლია და ადამიანების ენაზე ლაპარაკიც”. მაგრამ არც ისინი და არც დათვები თავისიანად არ აღიარებენ.
- საბრალო, საბრალო მასაკიტი. მეგობრები მაინც თუ ჰყავს?
- მეგობრები არა. დათვი ხომ სკოლაში არ დადის. სად უნდა იპოვოს მეგობარი?
- სარას საბავშვო ბაღში მეგობრები... ჰყავს.
- რა თქმა უნდა, - თქვა ძიუნპეიმ, - რა თქმა უნდა, სარას ჰყავს მეგობრები.
- ძიუნ-ტიანს თუ ჰყავს მეგობრები? - სარას ეზარებოდა “ბიძია ძიუნპეის” სრულად წარმოთქმა და უბრალოდ “ძიუნ-ტიანს” ეძახდა.
- სარას მამა ჩემი საუკეთესო მეგობარია. დედაც ჩემი მეგობარია.
- კარგია... როცა მეგობრები გყავს.
- ჰო. - თქვა ძიუნპეიმ, - კარგია, როცა მეგობრები გყავს. მართალი ხარ.
ძიუნპეი ძილის წინ ხშირად უყვებოდა სარას სახელდახელოდ მოგონილ ამბებს. როცა სარა რამეს ვერ გაიგებდა, მაშინვე ეკითხებოდა. ძიუნპეი საფუძვლიანად პასუხობდა თითოეულ შეკითხვას. შეკითხვები ერთიმეორეზე მწვავე და ღრმა იყო. პასუხზე ფიქრისას ძიუნპეი ამბის გაგრძელებისთვისაც გამონახავდა ხოლმე დროს.
საიოკომ ქალიშვილს თბილი რძე მოუტანა.
- დათვი მასაკიტის ისტორიაა, - აუხსნა სარამ დედას. - მასაკიტი ფუღუროებში თაფლის ცნობილი შემგროვებელია, მაგრამ მეგობრები არა ჰყავს.
- მასაკიტი დიდია? - ჰკითხა სარას საიოკომ. გოგონამ დაბნეულმა შეხედა ძიუნპეის:
- მასაკიტი დიდია?
- არც ისე, - უპასუხა ძიუნპეიმ. - კაცმა რომ თქვას, პატარაც კია. დაახლოებით სარასხელა. უწყინარია. პანკსა და მძიმე როკს არ უსმენს. მარტოობაში შუბერტით ტკბება.
საიოკომ “კალმახი” წაიღიღინა.
- მუსიკას როგორ უსმენს? მასაკიტის რა კომპაქტ-დისკ პლეიერი აქვს? - ჰკითხა სარამ ძიუნპეის.
- სადღაც გზაზე მაგნიტოლა იპოვა. აიღო და შინ მიიტანა.
- რაღაც მეტისმეტად ხშირად პოულობს ტყეში დაკარგულ ნივთებს... - დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა სარამ.
- იცი... იქ ისა... ძალიან ციცაბო ხრამია. ადამიანებს თავბრუ ეხვევათ, ჰოდა, ჰყრიან ყველაფერ ზედმეტს: “მეტი აღარ შემიძლია. აუ რა მძიმეა. აი ეხლა სული ამომძვრება. რაში მჭირდება ეს კასრი? ანდა მაგნიტოლა?” აი ასე გროვდება საჭირო ნივთები გზაზე.
- როგორ მესმის იმათი, - თქვა საიოკომ, - როცა ყველაფერი გინდა თავიდან მოიცილო.
- აი სარას კი - არა.
- იმიტომ რომ პატარა ძუნწი ხარ, - უთხრა ქალიშვილს საიოკომ.
- სულაც არა ვარ ძუნწი, - გააპროტესტა სარამ.
- ეს იმიტომ, რომ სარა ჯერ კიდევ პატარა და სიცოცხლით სავსეა, - შეუსწორა ძიუნპეიმ საიოკოს. - ესეც ასე. ეხლა კი რაც შეიძლება სწრაფად ვსვამთ რძეს. თუ დალევ, მოყოლას გავაგრძელებ.
- კარგი, - თქვა სარამ, ორივე ხელით აიღო ჭიქა და ყლუპ-ყლუპით გამოცალა. - ნეტავ მასაკიტი რატომ არ აცხობს თაფლის კვერებს და არ ჰყიდის? ქალაქელებს თაფლის კვერები უბრალო თაფლზე უფრო მოეწონებათ.
- მშვენიერი აზრია! კვერებიდან მეტი შემოსავალი ექნება, - გაიცინა საიოკომ.
- ახალ მიმართულებებს ვირჩევთ დამატებითი შემოსავლის ძიებაში. ამ ბავშვისგან ურიგო მეწარმე არ დადგება, - თქვა ძიუნპეიმ.

სარა ისევ დაწვა, თუმცა მხოლოდ ორი საათისთვის ჩაეძინა. ძიუნპეი და საიოკო დარწმუნდნენ, რომ გოგონას უკვე ეძინა და სამზარეულოში გავიდნენ. იქ ერთმანეთის პირიპირ დასხდნენ და ლუდი დაისხეს. საიოკო თანდათან მოვიდა გონზე, ძიუნპეი კი ისევ უკან, თავის რაიონში - იოიოგი-უეხარაში უნდა დაბრუნებულიყო.
- მაპატიე, რომ ასე უდროო დროს შეგაწუხე, - თქვა საიოკომ. - მაგრამ მართლა არ ვიცოდი რა მექნა. სულ ამერია ტვინი... აბა შენს მეტს ვის შეუძლია სარას დაწყნარება. კანთან დარეკვას ხომ აზრი არა აქვს.
ძიუნპეიმ თავი დაუქნია, ლუდი მოსვა და თეფშიდან კრეკერი აიღო:
- ჩემზე ნუ იდარდებ, სულ ერთია დილამდე მაინც არ ვიძინებ. თან ღამით გზები ცარიელია - უცბათ მივალ.
- მუშაობდი?
- ცოტ-ცოტა...
- მოთხრობას წერდი?
ძიუნპეიმ თავი დაუქნია.
- მიდის ნელ-ნელა?
- როგორც ყოველთვის. ვწერ მოთხრობას, რომელსაც დაბეჭდავენ ლიტერატურულ ალმანახში. რომელსაც არავინ არ წაიკითხავს.
- მე შენს ყველა მოთხრობას ვკითხულობ.
- გმადლობ. ძალიან კეთილი ხარ, - თქვა ძიუნპეიმ. - მაგრამ რადგან ამაზე ჩამოვარდა ლაპარაკი... იცი, რაც დრო გადის, მით უფრო ჩქარა ძველდება თვითონ მოთხრობის ფორმაც - ზუსტად ისე, როგორც საცოდავი ლოგარითმული სახაზავი. კარგი, მოვრჩეთ ამაზე. სარაზე მინდა გკითხო. მსგავსი რამ ადრეც ემართებოდა?
საიოკომ თავი დააქნია:
- მარტო “ადრეც ემართებოდა” რომ იყოს! თითქმის ყოველ დღე: შუაღამისას იღვიძებს და ისტერიკა ემართება. ერთიანად ცახცახებს. რაც არ უნდა იღონო, არ ჩერდება. მეტი აღარ შემიძლია.
- რას ფიქრობ, რა უნდა იყოს მიზეზი?
საიოკომ ლუდი დალია და ცარიელ ჭიქას დააშტერდა.
- მგონია, რომ ტელევიზორში ნაჩვენები მიწისძვრის ამბების ბრალია. ოთხი წლის ბავშვისთვის ეს მეტიმეტია. მას მერე, რაც ბიძგები შეწყდა, ღამით ეღვიძება. სარა ამბობს, რომ ვიღაც უცნობი ძია მოდის მასთან. ძია-მიწისმნჯღრეველი. ამბობს, რომ აღვიძებს და პატარა ყუთში ჩასმას უპირებს. ყუთი კი ისეთია, რომ ადამიანი ვერაფრით ჩაეტევა. სარა რაც ძალი და ღონე აქვს წინააღმდეგობას უწევს, იმას კი მკლავში ჩაუვლია ხელი და ტენის ყუთში. ძვლებს ჭახა-ჭუხი გაუდის. სარა ყვირის და ეღვიძება.
- ძია-მიწისმნჯღრეველი?
- ჰო, აყლაყუდა და ბებერი. როგორც კი დაინახავს სარა, ყველგან სინათლეს რთავს და მთელ სახლში ეძებს: კარადებში, ფეხსაცმლის თაროზე, საწოლის ქვეშ, კომოდის უჯრებში. ვეუბნები, სიზმარი იყო-მეთქი. მაგრამ არ იჯერებს. და მხოლოდ მას შემდეგ იძინებს, როცა დარწმუნდება, რომ ის ძია არსად არ იმალება. ამასობაში ორი საათი მაინც გადის. მე კი ძილის თავი აღარა მაქვს. ქრონიკული უძილობისგან მაქანავებს. სამუშაოზე რომ არაფერი ვთქვა.
საიოკო ყოველთვის არ იყო ასეთი გულახდილი.
- შეეცადე, რომ ახალ ამბებს არ უყუროს, - თქვა ძიუნპეიმ. - და საერთოდაც, რაღაც დროის განმავლობაში სულ ნუ მიუშვებ ტელევიზორთან. ეხლა ყველა არხზე მხოლოდ მიწისძვრაა.
- თითქმის არც ვუყურებთ, მაგრამ ეს აღარ შველის. სულ ერთია, ძია-მიწისმნჯღრეველი თავს აღარ ანებებს. ექიმთანაც ვიყავით. რაღაც დამამშვიდებელი გამოუწერა, ძილის საშუალების მაგვარი.
ძიუნპეი ჩაფიქრდა.
- მოდი, თუ გინდა, კვირას ზოოპარკში წავიდეთ. სარას ნამდვილი დათვის ნახვა უნდა.
საიოკომ თვალები მოჭუტა და ძიუნპეის შეხედა:
- კარგი აზრია. იქნებ ცოტათი მაინც წაეხმაროს. დიდი ხანია ოთხივე ერთად არსად არ ვყოფილვართ. შენ თვითონ დაურეკე კანს, კარგი?



ძიუნპეი ოცდათექვცმეტისაა. ხიოგოს პრეფექტურის ქალაქ ნიშინომიაში დაიბადა. მდინარე სიუკუგავას ნაპირზე მშვიდ კვარტალში გაიზარდა. მამამისს საათებისა და საიუველირო ნაწარმის ორი მაღაზია ჰქონდა ოსაკასა და კობეში. ჰყავს ექვსი წლით უმცროსი და. კობეში კერძო სკოლა რომ დაამთავრა, ერთბაშად ორ, კომერციულ და ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. მაგრამ წუთიც არ უყოყმანია ისე აირჩია ფილოლოგიური, თან მშობლები მოატყუა, ეკონომიკურზე მოვეწყეო. ლიტერატურის შესასწავლად მშობლები ფულს არ მისცემდნენ. ძიუნპეის არ უნდოდა ეკონომიკის სისტემის შესასწავლად ტყუილად გაეფლანგა ოთხი წელიწადი. ლიტერატურის შესწავლა, უფრო სწორად კი, მწერლობა უნდოდა.
ზოგადსაგანმანათლებლო კურსზე კან ტაკაცუკისა და საიოკოს დაუმეგობრდა. ტაკაცუკი ნაგანოდან იყო, უფროს კლასებში ფეხბურთის გუნდს კაპიტნობდა. მაღალი იყო, ფართობეჭიანი. მხოლოდ მეორე ცდაზე მოეწყო უნივერსიტეტში, ძიუნპეიზე ერთი წლით უფროსი იყო. ცხოვრებას რეალისტურად უყურებდა, შეუპოვარი იყო. იოლად ახერხებდა ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას. ნებისმიერ ჯგუფში როგორღაც თავისთავად ხდებოდა ლიდერი. ერთადერთი, რასაც ვერც გულს უდებდა და არც გამოსდიოდა, წიგნების კითხვა იყო. ფილოლოგიურზე მხოლოდ იმიტომ მოეწყო, რომ ყველა დანარჩენ ფაკულტეტზე ჩაფლავდა. “ჰოდა, ძალიანაც კარგი, - თავდაჯერებით იტყოდა ხოლმე, - ჟურნალისტი გავხდები, სტატიების წერას ვისწავლი”.
ძიუნპეის წარმოდგენა არ ჰქონდა, რით მიიპყრო ტაკაცუკის ყურადღება. როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდა, ზიუნპეი განმარტოვდებოდა თავის ოთახში, სადაც უსასრულოდ შეეძლო წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა. სპორტი არ აინტერესებდა, მისი სტიქია სომშვიდე იყო. ადამიანებს შეძლებისდაგვარად ერიდებოდა, ნაცნობების სიმრავლით ვერ დაიტრაბახებდა. ამიტომაც უცნაური იყო, დანახვისთანავე რატომ გადაწყვიტა ტაკაცუკიმ მასთან დამეგობრება. ძველი ნაცნობივით მიესალმა, მხარზე მოუტყაპუნა ხელი და სადმე წავისადილოთო, დაპატიჟა. აი ასე, ერთ დღეში იქცნენ განუყრელ მეგობრებად.
დაახლოებით ასე გაიცნეს საიოკოც. ხელი მოუტყაპუნეს მხარზე და სადილად დაპატიჟეს. ასე შეიკრა ეს მჭიდრო კომპანია. ყველაფერს ერთად აკეთებდნენ: ერთმანეთისგან იწერდნენ კონსპექტებს, სადილობდნენ უნივერსიტეტის სასადილოში, ლექციებს შორის დროს მომავალზე ლაყბობით კლავდენ კაფეში. ჯიბის ფულის საშოვნადაც ერთ სამუშაოს მოძებნიდნენ ხოლმე. ერთად უყურებდნენ კინოს ღამის კინოთეატრებში, როკ-კონცერტებზე დადიოდნენ და ხანაც უბრალოდ, უმიზნოდ დახეტიალობდნენ ტოკიოს ქუჩებში, გატრეტამდე სვამდნენ ლუდბარებში. მოკლედ, აკეთებდნენ ყველაფერ იმას, რაც ასე ჩვეულებრივია მსოფლიოს ყველა პირველკურსელისთვის.
საიოკო ასაკუსადან იყო /ტოკიოს ისტორიული კვარტალი. ცნობილია ქალაქის მთავარი ბუდისტური ტაძრით. მთარგმნ./. მამამისს კიმონოს აქსესუარების მაღაზია ჰქონდა, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადიოდა მემკვიდრეობით. კლიენტები კაბუკის თეატრის ცნობილი მსახიობები იყვნენ. მის უფროს ძმას ეს საოჯახო ბიზნესი ერგო, უმცროსი კი საპროექტო ბიუროში მუშაობდა. უნივერსიტეტში მოწყობამდე ვასედა საიოკომ ინგლისური ენის აღმოსავლეთის ქალთა კოლეჯი დაამთავრა. უნივერსიტეტშიც ფილოლოგიური აირჩია - ინგლისურენოვანი ლიტერატურის კვლევის გაგრძელება სურდა. ბევრს კითხულობდა. ძიუნპეი და საიოკო ხშირად ცვლიდნენ წიგნებს და ყოველთვის ცხარედ მსჯელობდნენ წაკითხულზე.
საიოკოს ლამაზი თმა და ჭკვიანური თვალები ჰქონდა. მშვიდი და რბილი საუბარი იცოდა, მაგრამ ამ სიმშვიდის მიღმა შეკუმშული ზამბარა მაინც იგრძნობოდა. ამას სიტყვებზე უკეთ ტუჩების მკაცრი მოხაზულობა მეტყველებდა. იცვამდა სადად, არ იღებებოდა, და საერთოდაც, მიმზიდველი გოგოების სიაში ვერ ჩაწერდი. თუმცა საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და როცა ხუმრობდა, თვალებში ცუღლუტი ღიმილი გაუკრთებოდა ხოლმე. ასეთ წუთებში ძიუნპეის ძალიან მოსწონდა მისი სახე. დარწმუნებული იყო, რომ საიოკო სწორედ ის ქალი იყო, რომელსაც ეძებდა. მასთან შეხვედრამდე არავინ არ ჰყვარებია. სკოლაში ბიჭებს არც ისე დიდი შანსი აქვთ დაუახლოვდნენ გოგონებს.
თუმცა საიოკოსთვის თავისი გრძნობების გამხელა ძიუნპეიმ მაინც ვერ მოახერხა. ეშინოდა: ერთხელ ნათქვამს უკან ვეღარ დააბრუნებდა. სამუდამოდ რომ დაეკარგა? ასეც რომ არ მომხდარიყო, სამეულის ურთიერთობაში ბალანსი საბოლოოდ დაირღვეოდა. ჯერჯერობით ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის, ფიქრობდა ძიუნპეი. ვნახოთ, რა გამოვა.
პირველი ნაბიჯი ტაკაცუკიმ გადადგა.
- ცოტა არ იყოს, მეუხერხულება, მაგრამ... - უთხრა ძიუნპეის, - საიოკო მომწონს. შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
ეს იყო შუა სექტემბერში. მათ შორის ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ძიუნპეი ზაფხულის არდადეგებს ატარებდა კანსაიში. ასე აუხსნა ტაკაცუკიმ.
ძიუნპეი დაჟინებით შეაჩერდა მეგობარს სახეში. ნათქვამის აზრს უცებ ვერც კი ჩახვდა. გულზე ლოდივით დააწვა რაღაც. არჩევანიც აღარ ჰქონდა.
- არა, რა თქმა უნდა.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი, - გაიღიმა ტაკაცუკიმ, - რაც არ უნდა იყოს, ეს შენც გეხება. არ მინდოდა ჩემს გადაწყვეტილებას ჩვენს მეგობრობაზე ემოქმედა. მაგრამ, ძიუნპეი, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. გესმის? ახლა თუ არა, მომავალში მაინც ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, სამივენი ისევ მეგობრებად დავრჩებით. ასე არაა?
შემდეგი რამდენიმე დღე ძიუნპეი თავის თავს აღარ ეკუთვნოდა: ლექციებს აცდენდა, სამუშაოდ აღარ დადიოდა, საერთოდ აღარ გამოდიოდა თავის ექვსტატამიანი /დაახლოებით 9 კვ მ. მთარგმნ./ ოთახიდან. ჭამდა მაცივარში დარჩენილ პროდუქტს, ხანდახან კი ახლადგამოფხიზლებულივით დააცხრებოდა ალკოჰოლს. სერიოზულად ფიქრობდა უნივერსიტეტის მიტოვებას. სადმე უცნობ ქალაქში, უცხო ადამიანებთან გადაკარგულიყო, შრომით გაიტანჯავდა თავს, მერე კი წერტილს დაუსვამდა თავის მარტოხელა ცხოვრებას. ჰო, ალბათ ასე აჯობებსო.

ხუთი ასეთი დღის შემდეგ საიოკომ მოაკითხა. მუქი ლურჯი პერანგი და ბამბის შარვალი ეცვა. თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული.
- რატომ არ დადიხარ ლექციებზე? ყველა შეწუხებულია, იმ თავის ბინაში ხომ არ ამოხდა სულიო. ჰოდა კანმა შენს სანახავად გამომგზავნა. როგორც ჩანს, თვითონ ცხედრებს ვერ იტანს...
- ცუდად ვიყავი, - თქვა ძიუნპეიმ.
- ცუდად გახდებოდი, აბა რა, ერთიანად ჩამომხმარხარ, - ყურადღებით შეათვალიერა და ისე თქვა საიოკომ. - მოდი, რამეს მოგიმზადებ?
ძიუნპეიმ თავი გააქნია:
- არ მშია.
საიოკომ მაცივრის კარი გამოაღო, შიგ შეიხედა და დაიჯღანა: იქ ლუდის ორი მარტოხელა ქილა იდგა, ერთი დამჭკნარი კიტრი და რაღაც დეზოდორანტი. საიოკო ძიუნპეის გვერდით ჩამოჯდა.
- იცი, ძიუნპეი, არც კი ვიცი, როგორ გითხრა. ჩემზე და კანზე ხომ არა ხარ გაბრაზებული?
- არა, გაბრაზებული არა ვარ, - თქვა ძიუნპეიმ.
მართალს ამბობდა: არც გაბრაზებული იყო და არც ნაწყენი. თუკი ვინმეზე ბრაზობდა, ისევ საკუთარ თავზე. ჰო, რა თქმა უნდა, ერთად არიან. და ეს სავსებით ბუნებრივია. ტაკაცუკიმ ეს მოახერხა, თვითონ კი - ვერა.
- შეიძლება ლუდი დავისხა? - იკითხა საიოკომ.
- მიდი.
საიოკომ მაცივრიდან ქილა გამოიღო და ჭიქებში დაასხა. ერთი ძიუნპეის გაუწოდა. უხმოდ დალიეს. მერე საიოკომ დაიწყო:
- იცი, როგორღაც მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი. ხომ ისევ მეგობრებად დავრჩებით? მარტო ეხლა კი არა, მერეც. როცა დავბერდებით. კანი მომწონს, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით შენც მჭირდები. მაპატიე, ამას რომ გეუბნები.
ძიუნპეიმ ხეირიანად ვერც გაიგო რა უთხრეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თავი მაინც დაუქნია.
- რაღაცის გაგება და მერე ისე გაკეთება, რომ ეს თვალსაჩინოდ იქცეს, სხვადასხვა რამეა. თუ ერთსაც მოახერხებ და მეორესაც, ცხოვრება გაიოლდება, - განაგრძო საიოკომ.
ძიუნპეიმ ცერად გახედა. ვერ გაეგო, მაინც რისი თქმა უნდოდა ამით. თავისთვის სულ სხვა რამეზე ფიქრობდა: მაინც რატომ ვარ ასეთი უხერხემლო? თავი ასწია და უაზროდ მიაშტერდა ჭერში რაღაც ლაქას.
რა მოხდებოდა ადრე რომ გამოტყდომოდა სიყვარულში საიოკოს? ამის წარმოდგენაც კი გაუჭირდა. მხოლოდ ერთი რამ იცოდა ზუსტად: როგორც არ უნდა მოენდომებინა, ეს არ მოხდებოდა.
ისმოდა როგორ ეცემოდა ცრემლები ტატამზე. საოცრად ხმამაღლა. წამით მოეჩვენა, რომ თვითონ ტიროდა. მაგრამ ეს საიოკოს ცრემლები იყო. თავი მუხლებში ჩაერგო, მხრები უცახცახებდა.
ძიუნპეიმ უნებურად გასწია ხელი და მხარზე დაადო. მერე ნელა მიიზიდა თავისკენ. საიოკო წინაარმდეგობას არ უწევდა. ძიუნპეიმ წელზე მოხვია ხელი, ტუჩებით ტუჩები მოძებნა. საიოკომ თვალები დახუჭა და კოცნაზე კოცნით უპასუხა. ძიუნპეი გრძნობდა ცრემლების მომლაშო გემოს, მისი სუნთქვით სუნთქავდა, მკერდით გრძნობდა საიოკოს ძუძუების სირბილეს. თავში თითქოს რაღაც გადამრთველმა გაიჩხაკუნა. ძიუნპეიმ ხმაც კი გაიგონა. თითქოს ქვეყნიერების ყველა სახსარმა ერთად დაიჭრიალა. სულ ეს იყო. საიოკო გონს მოეგო, თავი დახარა და ხელით მოიშორა ძიუნპეი.
- არა, - ჩუმად თქვა და თავი გადააქნია, - ასე არ შეიძლება.
ძიუნპეიმ მოუბოდიშა. საიოკომ არაფერი უპასუხა. ერთხანს ასე ისხდნენ. მოღებული ფანჯრიდან ნიავმა რადიოს ხმა მოიტანა. რომელიღაც პოპულარული მელოდია. ეს სიმღერა ალბათ სიკვდილამდე არ დამავიწყდება, გაიფიქრა ძიუნპეიმ. თუმცა სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ ძალიანაც ეცადა, მაგრამ ვერც სახელი და ვეღარც მელოდია ვეღარ გაიხსენა.
- საბოდიშო არაფერი გაქვს, არაფერი დაგიშავებია, - თქვა საიოკომ.
- ეტყობა, სულ ამერია თავგზა, - ალალად გამოუტყდა ძიუნპეი.
საიოკო ხელით შეეხო:
- ხვალ ხომ მოხვალ ლექციაზე? ადრე არასოდეს მყოლია შენნაირი მეგობარი. ძალიან მჭირდები. დავიჯერო ეს არაფერს ნიშნავს?
- ვითომ ეგ საკმარისია?
- მაგას არ ვგულისხმობ, - ჩაწყვეტილი ხმით თქვა საიოკომ და თავი დახარა. - მაგას არ ვგულისხმობ.

მეორე დღეს ძიუნპეი ლექციებზე მივიდა. სასწავლო წლის ბოლომდე სამივე ისევ ერთად იყო. უცნაურია მაგრამ აღარსად გადაკარგვაზე აღარ ფიქრობდა. ის ერთი მოხვევა და კოცნა საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ როგორღაც დამშვიდებულიყო. ყოველ შემთხვევაში, საეჭვო აღარაფერია, ფიქრობდა ძიუნპეი, ყველაფერი გადაწყდა. რა ვუყოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად სხვამ მიიღო.
საიოკომ ძიუნპეის თანაკურსელი გოგონები გააცნო. დროს გასატარებლად ოთხნი ერთად დადიოდნენ. ერთერთ მათგანთან ცხოვრებაში პირველად დააჭაშნიკა კიდეც ქალი. ეს მოხდა მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ძიუნპეის ოცი წელი შეუსრულდებოდა /ოცი წლის ასაკში იაპონელი ახალგაზრდები სრულწლოვანებად ითვლებიან. მთარგმნ./. მაგრამ იმ გოგოზე გული არ მისდიოდა, ძიუნპეის გული სხვას ეკუთვნოდა. მეგობარ გოგოს თავაზიანად ექცეოდა, ნაზიც იყო მაგრამ ამ ყველაფერს როგორღაც აკლდა ცეცხლი, ის რაც არასდროს ენანებოდა თავისი მოთხრობებისთვის. გოგონამ მალე სულ სხვაგან იპოვა სითბო და მიატოვა. ასე გამეორდა რამდენჯერმე.
მშობლებმა მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეიტყვეს, რომ მათმა ვაჟმა ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და მასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს. მამას უნდოდა რომ მემკვიდრე სამშობლოში, კანსაიში დაბრუნებულიყო და მისი საქმე გაეგრძელებინა. მაგრამ ძიუნპეის მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლია. თქვა, რომ ტოკიოში რჩებოდა, პროფესიად კი მწერლობას იხდიდა. საქმე დიდი აურზაურით დასრულდა - ისეთი რამეები ითქვა, რაც, როგორც წესი, არ უნდა თქმულიყო. ეს შეხვედრა უკანასკნელი გამოდგა - მას შემდეგ თავისი ოჯახის წევრები აღაც უნახავს. ძიუნპეის მიაჩნდა, რომ მათი ურთიერთობა თავიდანვე მაინცდამაინც სახარბიელო ვერ იყო. უმცროსი დისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის მშობლების ჭკუაზე დადიოდა, ძიუნპეი ბავშვობიდანვე ეურჩებოდა მათ.
- რა გაეწყობა, გამოდის, რომ ვიყრებით. - თავისთვის ჩაიცინა, ზუსტად ისე, როგორც ტაისიოს ერის მწერალმა.
ძიუნპეის სამუშაოზე მოწყობა არც უცდია. სახელდახელოდ გამომუშავებული ფულით იკვებებოდა, მთელ დარჩენილ დროს კი მოთხრობების წერას ანდომებდა. იმ ხანებში მორიგ ნაწარმოებს რომ მორჩებოდა, ჯერ საიოკოს აჩვენებდა. მოუსმენდა მის გულახდილ რჩევებს და ამ რჩევების მიხედვით ასწორებდა ტექსტს. რამდენჯერმე მოთმინებით გადაწერდა სანამ მისგან არ გაიგონებდა: “აი ახლა კარგია”. არც მასწავლებლები ჰყავდა, არც კოლეგები. მხოლოდ საიოკოს რჩევები უწევდა მბჯუტავი შუქურას მაგივრობას.
ოცდაოთხის რომ შესრულდა, მისმა ერთმა მოთხრობამ დამწყები ავტორების სალიტერატურო ჟურნალის პრემია მიიღო, რის შემდეგაც აკუტაგავას პრემიაზეც წარადგინეს. მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ოთხჯერ მოხვდა ამ პრემიის ნომინანტებში, რაც თავითავად სერიოზულ წარმატებას ნიშნავდა. თუმცა საბოლოოდ პირველ პრემიას ვერ შესწვდა და მუდმივ იმედისმომცემ ნომინანტად დარჩა.
“ამ ასაკის დამწყები მწერლისთვის ტექსტის დონე საკმაოდ მაღალია, რაღაც-რაღაცები შეინიშნება სცენების, ხასიათების აღწერაში, მაგრამ ალაგ-ალაგ იპარება სენტიმენტალური წიაღსვლების ტენდენცია, თავს იჩენს ამბის მოყოლის პერსპექტივა, მოთხრობა ჰკარგავს სიმსუბუქეს”, - ხშირად წერდნენ რეცენზენტები. ტაკაცუკი კითხულობდა ამ რეცენზიებს და გულიანად იცინოდა:
- მაგათ ეტყობა ჭანჭიკები აქვთ მოშვებული თავში. რას ნიშნავს ”ამბის მოყოლის ტენდენცია”? ნორმალური კაცი ასეთ სიტყვებს გამოიყენებს კოზირად? ასე სულ ცოტაღა უკლიათ მაგალითად აი აქამდე: “საქონლის ხორცის პერსპექტივის შეპარვა სუკიაკიში”.
მეოთხე ათწლეულის ზღურბლთან ძიუნპეიმ მოთხრობების ორი კრებული გამოსცა. პირველი - “ცხენი წვიმაში”, მეორე - “ყურძენი”. “ცხენი” ათი ათასი ტირაჟით გაიყიდა, “ყურძენი” ორი ათასით მეტი. რედაქტორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ავტორის მოკლე პროზის, თანაც წმინდა ლიტერატურული კრებულისთვის ეს მაჩვენებელი არც ისე ურიგოა. საგაზეთო და საჟურნალო კრიტიკა დადებითი იყო, თუმცა ენერგიული მხარდაჭერა მაინც არ იგრძნობოდა.
ძიუნპეის მოთხრობების ძირითადი თემა ახალგაზრდების უპასუხო სიყვარული იყო. ფინალი როგორც წესი - პირქუში, რაღაცით სანტიმენტალურიც კი. მოიგონებსო რა, ამბობდნენ ადამიანები. მაგრამ მისი ნაწარმოებები, რა თქმა უნდა, ვერც ერთ მოდურ ლიტერატურულ მიმდინარეობაში ვერ ეწერებოდა. სტილი ლირიკული ჰქონდა, სიუჟეტები ძველმოდური. მისი თაობის მკითხველებს გაცილებით ინოვაციური ფორმები და ამბები სწყუროდა. ან რა გასაკვირი იყო რეპისა და კომპიუტერების ეპოქაში! რედაქტორმა არაერთხელ შესთავაზა რომანის ჟანრში ესინჯა თავი. განაგრძე მოთხრობების წერა და გინდა არ გინდა დაიწყება გამეორებები, გაღარიბდება მწერლის ლიტერატურული სამყარო. ასეთ ვითარებაში რომანი ხშირად გჩუქნის სრულიად განსხვავებულ, სულ სხვა რაკურსით დანახულ სამყაროს. ფაქტიურად რომანს მოთხრობაზე გაცილებით ძლიერად შეუძლება მიიქციოს ყურადღება და თუ აპირებ პროფესიულად წერას, მოთხრობის ჟანრში სპეციალიზაცია გაგიჭირდება. იოლი არ იქნება. მიზეზი აშკარააა - მოთხრობების წერით ცხოვრება ძნელია.
ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ ძიუნპეი ბუნებით მაინც მოთხრობების მთხზველი იყო. ჩაიკეტებოდა ოთახში, ყველაფერ ზედმეტს გვერდზე გადადებდა და სულშეგუბებული წერდა სიჩუმეში. სამ აი ასეთ დღეში მოთხრობა მზად იყო. მერე ოთხი დღე ასწორებდა რის შემდეგაც, რაღა თქმა უნდა, საიოკოსა და რედაქტორს აძლევდა წასაკითხად. რამდენჯერმე გადაწერდა თავიდან ბოლომდე, ხეშეშ ადგილებს არბილებდა, ზედმეტი რაღაცებისგან წმენდდა ტექსტს. თუმცა მოთხრობის ბედი ძირითადად მაინც პირველ კვირაში წყდებოდა. ფორმა ყველაფერი მნიშვნელოვანისთვის სწორედ ამ პერიოდში უნდა მიეცა. აი ასეთნაირი მუშაობა მოსწონდა - უკიდურესი მობილიზება დროის მცირე მონაკვეთში. რაფინირებული სახეები და სიტყვები. მაგრამ საკმარისია რომანს მოკიდოს ხელი, რომ მაშინვე სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდება. როგორ შევძლებ რამდენიმე თვის მანძილზე, ან შეიძლება მთელი წელიწადიც ყურადღების კონცენტრაციას, მის მართვას? - ფიქრობდა ძიუნპეი. ამგვარ რიტმს აყოლა ნამდვილად არ შეეძლო.
რომანის დაწერის რამდენიმე უშედეგო მცდელობის მერე უკან დაიხია. უნდოდა თუ არ უნდოდა, მისი მოწოდება მოთხრობა იყო. მოთხრობა იყო მისი სტილი. როგორც არ უნდა გაიჭინთო, სხვის ტყავში ვერ შეძვრები. ნიჭიერი მეკარე ვერასოდეს ვერ გახდება კარგი თავდამსხმელი.
ძიუნპეი ძველებურად მარტო ცხოვრობდა. ასეთი ცხოვრება დიდ ხარჯებს არ მოითხოვდა. ისეთს და იმდენ სამუშაოს ჰკიდებდა ხელს, რომ საჭმელად ჰყოფნოდა. ჰყავდა ჩუმი, სამფერიანი კატა. დროდადრო უპრეტენზიო ქალებთან გააბამდა ურთიერთობას, ხოლო როცა მობეზრდებოდა მიზეზს პოულობდა თავის დასაღწევად. ხანდახან, დაახლოებით თვეში ერთხელ, ძიუნპეის თავზარდაცემულს გაეღვიძებოდა ხოლმე შუაღამისას: მშვენივრად ხვდებოდა, რომ საითაც არ უნდა გაქცეულიყო, რაც არ უნდა ექნა, ბედისწერას ვერსად წაუვიდოდა. ასეთ წუთებში ან გალურჯებამდე მუშაობდა, ანდა ასევე გალურჯებამდე სვამდა. ეს იყო და ეს, დანარჩენ დროს მისი ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა.

რაც შეეხება ტაკაცუკის, როგორც ოცნებობდა, პრესტიჟულ გაზეთში მოეწყო. სწავლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, მაგრამ განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა გასაუბრებაზე. კომისიამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საიოკო, როგორც თავიდან აპირებდა, ასპირანტურაში დარჩა. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ნახევარი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ქორწილი ტაკაცუკის სტილში მოეწყო - ხმაურიანად და მდიდრულად. თაფლობის თვე საფრანგეთში გაატარეს. შეიძლება ითქვას, რომ ზურგის ქარი უბერავდათ მათ იალქნებს. მერე კოენძის რაიონში ოროთახიანი ბინა იყიდეს. კვირაში ერთი-ორჯერ ძიუნპეი ესტუმრებოდათ ხოლმე. ერთად ვახშმობდნენ. ახალდაქორწინებულებს ძალიან ახარებდათ მისი მოსვლა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს საკუთარ ინტიმურ ცხოვრებას კი არა, მასთან გატარებულ დროს შეჰხარიანო.
ტაკაცუკი თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობით ტკბებოდა. ჯერ ქალაქის ახალი ამბების განყოფილებაში გაანაწილეს. ძლივს ასწრებდა ერთი შემთხვევიდან - მეორემდე. იმდენი და იმდენნაირი ცხედარი ნახა, რომ გულახდილად აღიარა - ვეღარაფერს ვგრძნობ მათ დანახვაზეო. როგორი ცხედრები აღარ ნახა - მანქანით გაჭყლეტილი, მატარებლით დაჭრილ-დაქუცმაცებული, დამწვარ-დანახშირებული, სანახევროდ დაფერფლილები, დამხრჩვალი ადამიანების ამაზრზენი ფერის გასივებული სხეულები, ტვინგადმონთხეულები, ნაჯახით დანაწევრებულები. “სიცოცხლეში ადამიანები რაღაცით მაინც განსხვავდებიან, მიცვალებულებს კი ყველას ერთი სახე აქვს - გადამუშავებული ხორცი”.
არც თუ იშვიათად შინ გათენებისას ბრუნდებოდა. ასეთ დღეებში საიოკო ხშირად ურეკავდა ძიუნპეის - იცოდა რომ დილამდე არ იძინებდა.
- ახლა დაკავებული ხარ? შეგიძლია დამელაპარაკო?
- რა თქმა უნდა, სწორედ ახლა მოწევას ვაპირებდი, - არწმუნებდა ძიუნპეი.
მერე მოდგებოდნენ და ახლად წაკითხულ წიგნებზე, თავ-თავიანთ ცხოვრებაზე ლაყბობდნენ. ხანდახან წარსულსაც გაიხსენებდნენ, ახალგაზრდობას, იმ დროს, როდესაც თავისუფლები იყვნენ და უამრავი სისულელის უფლებას აძლევდნენ თავს. მომავალს თითქმის არ ეხებოდნენ. ამ საუბრების დროს ძიუნპეის ადრე თუ გვიან აუცილებლად გაახსენდებოდა, როგორ მოეხვია ოდესღაც საიოკოს. ტუჩები, ცრემლის სურნელი, რბილი ძუძუები - ეს ყველაფერი თითქოს სულ ახლახან მოხდა. შემოდგომის მზის იმ გამჭვირვალე სხივებსაც კი ხედავდა მისი ოთახის ტატამზე რომ იყო დაფენილი.
საიოკოს ის ის იყო ოცდაათი წელი შეუსრულდა, როცა დაორსულდა. მაშინ უნივერსიტეტში ასისტენტად მუშაობდა. დეკრეტში გავიდა და გოგონა გააჩინა. სამივე ერთად ფიქრობდა ბავშვის სახელზე. ბოლოს ძიუნპეის შეთავაზებულზე შეჩერდნენ: სარა. “სარა შესანიშნავად ჟღერს”, თქვა საიოკომ. მშვიდობიანად დასრულებული მშობიარობის შემდეგ ძიუნპეი და ტაკაცუკი ღამით ერთად ისხდნენ ბინაში და სვამდნენ საიოკოს გარეშე. კარგა ხანია ასე არ მჯდარიყვნენ - მარტონი, სამზარეულოს მაგიდასთან. სულ მალე ძიუნპეის მოტანილი ვისკის ბოთლი დაცარიელდა.
- ნეტა რატომ გადის დრო ასე სწრაფად? - გრძნობააშლილი წუხდა ტაკაცუკი. ასეთი რამ იშვიათად ემართებოდა. - სულ ახლახან არ მოვეწყეთ უნივერსიტეტში? იქ გაგიცანით შენ, საიოკო... ახლა კი უკვე ბავშვები... მამიკო გავხდი. აჩქარებულ კინოსავით. რაღაც უცნაური გრძნობაა. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. შენ ისე ცხოვრობ, თითქოს ისევ სტუდენტი იყო. მშურს კიდეც.
- ნატა რა არის აქ შესაშური?
მაგრამ ძიუნპეის მშვენივრად ესმოდა, რას გულისხმობდა ტაკაცუკი. საიოკო დედა გახდა. ამან ძიუნპეიც შეაცბუნა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ცხოვრების ბორბალი შეუჩერებლად ტრიალებს და წარსული აღარ დაბრუნდება. ძიუნპეის წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დახვედროდა ამ ყველაფერს, როგორ გადაეხარშა.
- ოღონდ ჩვენს შორის დარჩეს: ვფიქრობ საიოკოს თავიდანვე შენ უფრო მოსწონდი, - თქვა ტაკაცუკიმ. ძალიან მთვრალი იყო. მაგრამ თვალებში უჩვეულო სიმკაცრე ენთო.
- შეუძლებელია, - გაიცინა პასუხად ძიუნპეიმ.
- სწორედ რომ შესაძლებელია! მე უკეთ ვიცი. მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდი. ლამაზი, გრძნობით სავსე ტექსტის წერა გეხერხება, მაგრამ ქალის განწყობაში დამხრჩვალ კაცზე უარესად ერკვევი. ასე იყო თუ ისე, საიოკო მომწონდა. მას ვერავის ვერც შევადარებდი და ვერც ვერავისში გავცვლიდი. ერთადერთი არჩევანი მქონდა - ჩემი უნდა გამხდარიყო. ეხლაც ქვეყნად საუკეთესო ქალად მიმაჩნია. ან იქნებ ფიქრობ, რომ მასზე არავითარი უფლება არ მქონდა?
- ვინ გეკამათება, - უპასუხა ძიუნპეიმ. ტაკაცუკიმ თავი დაუქნია:
- მაგრამ შენ ისევ არაფრის აზრზე არ ხარ. რატომ? იმიტომ, რომ გამოუსწორებელი იდიოტი ხარ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. სულელი ხარ თუ არა. მთავარია კარგი ადამიანი იყო. აი, სახელიც კი მოუგონე ჩემს ქალიშვილს.
- თან ყველაზე მნიშვნელოვანში მაინც ვერ გავერკვიე, არა?
- ზუსტად. თან ყველაზე მნიშვნელოვანში მაინც ვერ გაერკვიე. ვერაფერში. მწერალი კი გქვია.
- კარგად იცი, რომ მოთხრობები აქ არაფერ შუაშია.
- ახლა უკვე ოთხნი ვართ, - ოდნავ ამოიოხრა ტაკაცუკიმ. - ოთხი /იაპონურად “სი”. ეს სიტყვა სიკვდილსაც ნიშნავს. მთარგმნ./ ნორმალური რიცხვია?


2

ტაკაცუკისა და საიოკოს ურთიერთობის კრახზე ძიუნპეიმ სარას დაბადებიდან სამი დღის შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ როგორღაც დამნაშავესავით თვითონ საიოკო გამოუტყდა. ჯერ კიდევ ორსულად იყო, როცა ქმარმა საყვარელი გაიჩინა. ბოლო დროს კი სახლში თითქმისAაღარ მოდიოდა. საყვარელი მისი კოლეგა იყო. მაგრამ როგორ გულმოდგინედ და წვრილადაც არ უხსნიდა საიოკო, ძიუნპეი ვერაფრით მიმხვდარიყო რისთვის დასჭირდა ტაკაცუკის სხვა ქალი. თვითონვე არ თქვა სწორედ იმ ღამეს, სარა რომ დაიბადა, საიოკო მთელ ქვეყანაზე საუკეთესო ქალიაო? ეტყობოდა კიდეც, რომ ამას გულწრფელად ამბობდა. თანაც ტაკაცუკი ჭკუას ჰკარგავდა ქალიშვილზე. რატომ უნდა მიეტოვებინა ოჯახი?
- მე ხშირად დავდიოდი თქვენთან სავახშმოდ. ასე არ იყო? მაგრამ მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ბედნიერ, ლამის იდეალურ ოჯახად გთვლიდით.
- ჰო, ეგრე იყო, - ღიმილი გაუკრთა სახეზე საიოკოს. - მაგრამ ჩვენ არ ვიტყუებოდით, არც ფარსი გაგვითამაშებია. მაგრამ ამას ახლა რა აზრი აქვს. ახლა ის ქალი ჰყავს და წარსულში დაბრუნება შეუძლებელია. ჰოდა გადავწყვიტეთ დავშორებოდით ერთმანეთს. მაგრამ ამ ყველაფერს გულთან ნუ მიიტან. ასე აჯობებს. ყველა თვალსაზრისით.
“ყველა თვალსაზრისით”, ასე თქვა საიოკომ. მაინც რამდენი ძნელად ასახსნელი სიტყვაა ქვეყნად, გაიფიქრა ძიუნპეიმ.
რამდენიმე თვის შემდეგ ტაკაცუკი და საიოკო ოფიციალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს. არც საყვედურები, არც პრეტენზიები. ტაკაცუკი სახლიდან წავიდა და საყვარელთან დაიწყო ცხოვრება. სარა დედასთან დარჩა /იაპონიაში განქორწინებისას, როგორც წესი, დედას არა აქვს ბავშვების დატოვების უფლება. მთარგმნ./. კვირაში ერთხელ, ტაკაცუკი სარას სანახავად კოენძიში მოდიოდა. საერთო შეთანხმებით ამ დროს ძიუნპეიც იქ იყო ხოლმე. ვითომ ასე უფრო იოლი იყო? თვითონ ძიუნპეის მიაჩნდა, რომ როგორღაც უცბათ დაბერდა, თუმცა მხოლოდ ოცდაცამეტისა იყო.
სარა ტაკაცუკის “მამას” ეძახდა, ძიუნპეის - “ძიუნ-ტიანს”. ოთხივე ერთად ერთგვარ ფსევდო-ოჯახს ჰგავდა. როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ, ტაკაცუკი ერთთავად შეუსვენებლად ლაქლაქებდა, საიოკოს ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ძიუნპეის ეჩვენებოდა, რომ საიოკოს ახლა უფრო ბუნებრივად ეჭირა თავი. სარას ჯერჯერობით ვერ შეეგნო, რომ მშობლები დაშორდნენ. ძიუნპეი პატიოსნად ასრულებდა მისთვის გამოყოფილ როლს. ზუსტად ისე, როგორც ადრე, ხუმრობდნენ, იგონებდნენ წარსულს. ძიუნპეიმ მხოლოდ ერთი რამ იცოდა დანამდვილებით: ეს სჭირდებოდა თითოეულ მათგანს.
- ძიუნპეი, - დაიწყო ტაკაცუკიმ, როცა ერთ მშვენიერ დღეს უკან ბრუნდებოდნენ. იანვრის ღამე იდგა. ჰაერში ბღუჯა-ბღუჯად გამოდიოდა ამონასუნთქი თეთრი ორთქლი. - საცოლე გყავს?
- არა, - უპასუხა ძიუნპეიმ.
- ქალი მაინც თუ გყავს?
- ვფიქრობ, რომ არა.
- რა იქნებოდა საიოკოსთან რომ...
ძიუნპეიმ გაოცებულმა შეხედა:
- რა დაგემართა?
- რას ნიშნავს “რა დაგემართა?” - ძიუნპეიზე მეტად გაოცდა ტაკაცუკი. - რა არის აქ უცნაური და გაუგებარი. შენს გარდა ვინ შეძლება გახდეს სარას მამა?
- სულ ეს არის? ამისთვის შევირთო ცოლად საიოკო?
ტაკაცუკიმ ამოიოხრა და ვეებერთელა ხელი ძიუნპეის დაადო მხარზე.
- რა, არ გინდა მასზე დაქორწინება? ჩემი ადგილის დაკავება არ გინდა?
- მე ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ ვფიქრობ - ნუთუ ეს ყველაფერი გარიგებით შეიძლება მოგვარდეს? მგონი ეს სხვა კატეგორიის პრობლემაა. ვფიქრობ, წესიერების.
- არანაირი გარიგება ეს არ არის, - თქვა ტაკაცუკიმ. - წესიერებაც არაფერ შუაში არ არის. შენ ხომ მოგწონს საიოკო? სარა ხომ გიყვარს? რა, არა? თუ არც ეს არის მთავარი? მესმის, შენებურად ცოტა არ იყოს უცნაურად ფიქრობ. მაგრამ მე რომ მკითხო, შენ ტრუსის გაძრობას შარვლის გაუხდელად აპირებ.
ძიუნპეი ხმას არ იღებდა. გაჩუმდა ტაკაცუკიც. თან იმდენი ხნით, რაც მას სულ არ ახასიათებდა. აი ასე, ბღუჯა-ბღუჯა ორთქლს უშვებდნენ და ისე უახლოვდებოდნენ უახლოეს სადგურს.
- ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოყალიბებული რეგვენი ხარ, - თქვა ბოლოს ძიუნპეიმ.
- შეიძლება მართალი ხარ, - დაეთანხმა ტაკაცუკი. - ისე, გულახდილად თუ ვიტყვი, ნამდვილად მართალი ხარ. არ გეკამათები. მე თვითონ გავითახსირე ცხოვრება. მაგრამ აქ, ჩემო მეგობარო, ვერაფერს იზამ. შეჩერება შეუძლებელი იყო. თვითონაც არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. არცა მკითხო. ასე მოხდა, მორჩა და გათავდა. მარტო ეხლა არა. სადღაც ადრე უკვე მოხდა მსგავსი რამ.
ძიუნპეის მოეჩვენა თუ ნამდვილად გაახსენდა, რომ მსგავსი სიტყვები ადრეც ჰქონდა გაგონილი.
- შენ არ იყავი სარას დაბადების ღამეს რომ მეუბნებოდი - საიოკო ქვეყნად საუკეთესო ქალიაო? არ გახსოვს? ქალი, რომელსაც ვერავისზე ვერ გასცვლიო.
- ეგ ეხლაც ეგრეა. მაგ თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა. ამიტომაც არის ქვეყნად ისეთი რამეები, რომლებსაც ვერაფერს მოუხერხებ.
- არ მესმის, რას გულისხმობ.
- შენ ამას ვერასოდეს ვერ გაიგებ, - თქვა ტაკაცუკიმ და თავი გადააქნია. დიალოგს წერტილი სწორედ მან დაუსვა.

განქორწინებიდან ორი წელიწადი გავიდა. საიოკო უნივერსიტეტში აღარ დაბრუნებულა. ძიუნპეიმ ერთ ნაცნობ რედაქტორს სთხოვა და საიოკოს სამუშაო გამოუძებნა - რაღაც სათარგმნები. საქმე აეწყო. ლინგვისტიკური ტალანტის გარდა საიოკო მშვენივრად ფლობდა სტილს. სამუშაოს სწრაფად და აკურატულად ასრულებდა. შედეგმა რედაქტორზე ისეთი შთაბეჭდილკება მოახდინა, რომ სულ რაღაც თვის შემდეგ ლიტერატურული თარგმანი ანდეს. ჰონორარი დიდი არ იყო, მაგრამ ტაკაცუკის ალიმენტთან ერთად დედა-შვილს ნორმალური ცხოვრებისთვის სავსებით ჰყოფნიდათ.
ისინი ისევ იკრიბებოდნენ კვირაში ერთხელ და სარასთან ერთად სადმე სადილობდნენ. ისეც ხდებოდა, რომ ტაკაცუკის სასწრაფო საქმე გამოუჩნდებოდა და ვერ მოდიოდა. ასეთ დღეებში საიოკო, ძიუნპეი და სარა სამნი სადილობდნენ. ტაკაცუკის გარეშე ყველაფერი როგორღაც ჩუმად და საქმიანად ჩაივლიდა ხოლმე. უცხო თვალისთვის ერთი ჩვეულებრივი, ნამდვილი ოჯახივით გამოიყურებოდნენ. ძიუნპეი თავის, ერთხელ უკვე არჩეულ გზას არ ღალატობდა. ოცდათხუთმეტი წლისამ მოთხრობების მეოთხე კრებული “მდუმარე მთვარე” გამოუშვა. წიგნმა პრემია დაიმსახურა. პირველი მოთხრობის მიხედვით ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. მოთხრობებს შორის თავისუფალ დროს მუსიკალური რეცენზიების რამდენიმე პატარა ტომი და მებაღეობის თეორიაზე წიგნი დაბეჭდა. ჯონ აპდაიკის კრებული თარგმნა. ყველა ამ ნამუშევარს წარმატება ხვდა. ძიუნპეის საკუთარი სტილი ჰქონდა და უბრალო, დამაჯერებელი სიტყვებით იოლად ახერხებდა ბგერის ღრმა ექოსა და სინათლის ძლივსშესამჩნევი ელფერის გადმოცემას. მკითხველის საკუთარი წრე გაიჩინა, შემოსავალი სტაბილური გახდა. თანდათანობით ძიუნპეიმ პროფესიონალი ავტორის სახელი დაიმკვიდრა.
უკვე სერიოზულად დაიწყო ფიქრი ხელი ეთხოვა საიოკოსთვის. ხანდახან მთელი ღამე ამის ფიქრში ატარებდა. გათენდებოდა და თვალს ისევ არ ეკარებოდა ძილი. ისეც ხდებოდა, რომ არაფრის გაკეთების თავი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც ვერ გადაეწყვიტა. ისე, კაცმა რომ თქვას მისი ურთიერთობა საიოკოსთან თავიდანვე ვიღაცის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული. მისი პოზიცია, როგორიც იყო, ისეთივე დარჩა - პასიური. ერთმანეთს ხომ ისინი სწორედ ტაკაცუკიმ გააცნო. ტაკაცუკიმ გამოარჩია ისინი მთელი კურსიდან, ეს მან ჩამოაყალიბა სამეული. მერე თავისთვის დაიტოვა საიოკო, ცოლად შეირთო, ბავშვი გაუჩინა, გაეყარა. ახლა კი მას, ძიუნპეის სთავაზობს საიოკოს ცოლად შერთვას. რა თქმა უნდა, ძიუნპეის უყვარდა საიოკო. ამას კითხვაც არ უნდა. ახლა იდეალური შანსია საიოკოს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება. საეჭვოა, რომ საიოკომ უარი თქვას. ესეც ცხადია. მაგრამ ყველაფერი რაღაც ძალზე იოლად გვარდება, ეჩვენებოდა ძიუნპეის. შეუძლებელი იყო ამაზე არ დაფიქრებულიყო. რას მიჰყავს ამ საქმის მოგვარებამდე? ის ძველებურად ყოყმანობდა. ვერა და ვერ გადაეწყვიტა. და აი... დედამიწა აზვირთდა. აცახცახდა.

როცა ეს მოხდა, ძიუნპეი ესპანეთში იყო - ბარსელონაში რომელიღაც ავიაკომპანიის მასალებს აგროვებდა ერთ-ერთი ჟურნალისთვის. საღამოთი სასტუმროში რომ დაბრუნდა, ტელევიზორი ჩართო, ახალ ამბებში დანგრეული ქალაქის კადრები და ზედ დაწოლილი შავი ბოლი დაინახა. თითქოს დაებომბათ. დიქტორი ესპანურად ლაპარაკობდა და ძიუნპეი მაშინვე ვერ მიხვდა რომელი ქალაქი იყო. როგორც ჩანს - კობე. თვალში რამდენიმე ნაჩნობი პეიზაჟი მოხვდა. ქალაქ ასიას ახლოს ჩქაროსნული ავტოსტრადა ჩაწოლილიყო.
- ბატონო ძიუნპეი, თქვენ მგონი კობედან ხართ არა? - ჰკითხა მასთან მომუშავე ფოტოგრაფმა.
- ჰო.
მაგრამ შინ დარეკვა არ უცდია – მეტისმეტად ხანგრძლივი და ღრმა იყო გახეთქილება მასა და მის მშობლებს შორის, რომ ურთიერთობის აღდგენის რაღაც შანსი მაინც დარჩენილიყო. თვითმფრინავში ჩაჯდა და ტოკიოში თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. ტელევიზორს თითქმის არ რთავდა, გაზეთებს არ კითხულობდა. მიწისძვრაზე რომ ჩამოვარდებოდა საუბარი, ჩუმდებოდა. მისთვის ეს ყველაფერი სულში კარგა ხნის წინათ დამარხული წარსულის გამოძახილი იყო. მეტი არაფერი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქში ერთხელაც არ დაბრუნებულა. თუმცა ეკრანზე დანახული ნანგრევების პეიზაჟები მაინც აშიშვლებდნენ გულში შერჩენილ შეუხორცებელ ჭრილობებს. გიგანტურმა, სიკვდილისმთესველმა უბედურებამ შეუმჩნევლად, მაგრამ კარდინალურად შეცვალა მთელი მისი ცხოვრების სტილი. ძიუნპეი აქამდე ჯერ არ განცდილი გაუცხოების გრძნობამ შეიპყრო. მე არა მაქვს ფესვები, ფიქრობდა ძიუნპეი, ამიტომაც არსაით და არაფერი არ მეწევა.

იმ დილით, როცა ზოოპარკში წასვლაზე იყვნენ შეთანხმებული, დარეკა ტაკაცუკიმ. სასწრაფოდ უნდა გაფრენილიყო ოკინავაზე - ექსკლუზიური ინტერვიუსთვის ამ პრეფექტურის გუბერნატორთან. გუბერნატორი როგორც იქნა დათანხმდა დაეთმო ჟურნალისტისთვის ერთი საათი.
- მაპატიე, მაგრამ ზოოპარკში უჩემოდ წადით, - დათვს არ ეწყინება თუ მე არ ვიქნები.
ძიუნპეი ზოოპარკში საიოკოსა და სარასთან ერთად წავიდა. სარა კისერზე შეისკუპა და დათვები აჩვენა.
- ეს არის მასაკიტი? - იკითხა სარამ და თითით ვეებერთელა, კუპრივით შავ ჰიმალაიურ დათვზე უჩვენა.
- არა, ეს მასაკიტი არ არის. მასაკიტი უფრო პატარაა და გონიერი სიფათი აქვს. ეს ჩხუბისთავი ტონკიტია.
- ეი, ტონკიტი! - რამდენჯერმე შეუძახა სარამ დათვს. დათვი ყურადღებას არ აქცევდა. სარამ ძიუნპეის შეხედა და სთხოვა: - ძიუნ-ტიან, კიდევ მომიყევი რამე ტონკიტიზე.
- გულახდილად რომ გითხრა, ტონკიტის შესახებ საინტერესო ამბები ცოტაა. ჩვეულებრივი დათვია. მასაკიტისგან განსხვავებით, ფულის დათვლა და ადამიანების ენაზე ლაპარაკი არ შეუძლია.
- მაგრამ რაღაც კარგი ალბათ მაინც აქვს...
- აქვს, როგორ არა აქვს, - თქვა ძიუნპეიმ. - შენ მართალი ხარ. ნებისმიერ ჩვეულებრივ დათვს რაღაც კარგი, თუნდაც სულ ცოტა, მაინც აქვს. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა. აი ეს ტონტიკი...
- თუ ტონკიტი? - მაშინვე შეუსწორა სარამ.
- მაპატიე... აი ეს ტონკიტი ოსტატურად იჭერდა თევზებს. მდინარეში კლდეს ამოფარებული იდგა და ისე იჭერდა. ეს კი მხოლოდ მოხერხებულ დათვებს შეუძლიათ. ტონკიტი მაინცდამაინც ჭკვიანი დათვი არ არის, მაგრამ თევზს სხვებზე მეტს იჭერს. იმდენს, რომ ვერც კი გამოლევ. მაგრამ ადამიანებივით ვერ ლაპარაკობდა და ამიტომ ქალაქში წასვლა და გაყიდვაც არ შეეძლო.
- მაგრამ ეს ხომ ძალიან ადვილია, - გაუკვირდა სარას, - ხომ შეეძლო მასაკიტისთვის თაფლზე გადაეცვალა. მასაკიტისაც ხომ იმდენი თაფლი აქვს, რომ ვერ გამოლევ.
- ეგრეა. ზუსტად ეგრეა. ტონკიტიმაც ზუსტად ის გაიფიქრა, რაც სარამ. თაფლისა და თევზის გაცვლა დაიწყეს და უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი. ჰოდა, გაირკვა, რომ მასაკიტი სულაც არ ყოფილა უმეგობრო და უკარება, ტონკიტი კი - ჩხუბისთავი. აი ასე დამეგობრდნენ. შეხვდებოდნენ, დასხდებოდნენ და აქეთურ-იქეთურზე ლაპარაკობდნ. ერთმანეთს უყვებოდნენ თუ რამე საინტერესო იცოდნენ, არც ანეკდოტები ავიწყდებოდათ. ტონკიტი თევზს იჭერდა, მასაკიტი თაფლს აგროვებდა. მაგრამ ერთ დღეს - მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით - მდინარეში თევზი გაქრა.
- მოწმენდილ ცაზე?
- მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით. ესე იგი მოულოდნელად, - აუხსნა საიოკომ.
- გამოდის, თევზი საერთოდ გაქრა, - შეწუხდა სარა. - მაგრამ რატომ?
- თევზებმა ყრილობა მოიწვიეს და გადაწყვიტეს, რომ იმ მდინარეში აღარ შესულიყვნენ. არც იყო გასაკვირი - იქ ხომ სახელგანთქმული მეთევზე ტონკიტი ცხოვრობდა. ამის შემდეგ ტონკიტის არც ერთი თევზი აღარ დაუჭერია. ხანდახან თუ გაებმებოდა გამხდარი ბაყაყი. გამხდარ ბაყაყზე უარესი კი ქვეყნად არაფერია. რა უნდა ექნა?
- საწყალი ტონკიტი, - თქვა სარამ.
- მერე? - დაინტერესდა საიოკო, - ზოოპარკში გაამწესეს?
- ოო, ეგ გრძელი ამბავია, - თქვა ძიუნპეიმ და ჩაახველა.
- მაგრამ დაახლობით ეგრე იყო, არა?
- და რა, მასაკიტი არ დაეხმარა? - იკითხა სარამ.
- რა თქმა უნდა, სცადა დახმარება. ისინი ხომ განუყრელი მეგობრები იყვნენ. მეგობარი ხომ ამისთვის არის საჭირო. და აი მასაკიტიმ გადაწყვიტა თაფლი გაეყო მისთვის. ტონკიტიმ კი უთხრა: “ასე არ შეიძლება. არ ღირს ჩემი განებივრება”. მასაკიტიმ კი თქვა: “ჩვენ ხომ უცხოები არ ვართ ერთმანეთისთვის. ჩემ ადგილას შენც ასე მოიქცეოდი. რა, მართალს არ ვამბობ?”
- ეგრეა, ეგრე, - კმაყოფილმა დაუკრა კვერი სარამ.
- მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, - ჩაერია საიოკო.
- ჰო, დიდხანს არ გაგრძელებულა, - თქვა ძიუნპეიმ. - ტონკიტიმ თქვა: ჩვენ მეგობრებად უნდა დავრჩეთ. როცა ერთი იძლევა, მეორე კი მხოლოდ იღებს, ეს ნამდვილი მეგობრობა აღარ არის. მე ამ ტყეს გავეცლები მეგობარო, ახალ ადგილზე ვცდი ბედს. ოდესმე ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ დავმეგობრდებით.” აი ასე მიუტყაპუნეს ერთმანეთს თათები და დაშორდნენ. მაგრამ გასცდა თუ არა ტონკიტი ტყეს, სულელი მაშინვე მონადირის დაგებულ მახეში გაება. ასე დაკარგა თავისუფლება, ასე აღმოჩნდა ზოოპარკში.
- საწყალი ტონკიტი.
- ნეთუ სხვა გამოსავალი არ იყო, ისეთი, რომ ყველას ბედნიერად ეცხოვრა? - ცოტა ხნის მერე იკითხა საიოკომ.
- ჯერ არ მომიფიქრებია.

იმ კვირასაღამოს სამივე საიოკოისთან, ასაგაიაში ვახშმობდა. საიოკო “კალმახს” ღიღინებდა, სპაგეტის ხარშავდა და ტომატის სოუსს ალღობდა. ძიუნპეი ლობიოსა და ხახვის სალათს ამზადებდა. ღვინო გახსნეს და ჭიქები შეივსეს. სარა ფორთოხლის წვენს სვამდა. სუფრა რომ აალაგეს, ძიუნპეი ისევ სურათებიან წიგნს უკითხავდა სარას. კითხვას რომ მორჩა, სარას ძილის დროც მოვიდა. მაგრამ სარას დაძინება არ უნდოდა.
- დედა, შეიხსენი ლიფი! - უთხრა დედას. საიოკო გაწითლდა:
- არა. გესმის რას ამბობ სტუმართან?
- უცნაურია. რანაირი სტუმარია ძიუნ-ტიანი?
- რა ხდება? - იკითხა ძიუნპეიმ.
- ისეთი არაფერი. ერთი სულელური ფოკუსია.
- დედა იხსნის ლიფს პირდაპირ, ტანსაცმლის გაუხდელად. მაგიდაზე დებს და ისევ იკეთებს. ცალი ხელით, მეორე მაგიდაზე უდევს. დროზე. დედას მაგრად გამოსდის.
- აბა, რას ამბობ, სარა, - ჩაიბუზღუნა საიოკომ და თავი გადააქნია. - ესეთ თამაშებს მე და შენ მარტო ვთამაშობთ. ოჯახის საიდუმლო გინდა გასცე?
- მაცდურად ჟღერს, - თქვა ძიუნპეიმ.
- დედა, ძალიან გთხოვ, აჩვენე ძიუნ-ტიანს. ერთხელ მაინც. თუ აჩვენებ, მაშინვე წავალ დასაძინებლად.
- რა უნდა გიყოს კაცმა? - თქვა საიოკომ. მაჯიდან ელექტრონული საათი შეიხსნა და სარას მისცა.
- და მაშინვე წახვალ დასაძინებლად. როგორც კი ვიტყვი “დავიწყეთ”, იქიდან დაინიშნე. - საიოკოს შავი სქელი უსაყელი ჯემპრი ეცვა. ორივე ხელი მაგიდაზე დადო და: - ერთი... ორი... სამი... დავიწყეთ!
ჯერ ხელი ჯემპრის სახელოში შემალა - კუსავით, თითქოს ზურგის მოფხანვას აპირებსო. მარჯვენა რომ ისევ გამოჩნდა ახლა იგივე მარცხენათი გაიმეორა. ოდნავ შეაბრუნა თავი და მარცხენა სახელოდან გამოაძვრინა. მუჭში თეთრი ლიფი ეჭირა. პატარა, სამაგრების გარეშე. საიოკომ ისევ შემალა სახელოში მარცხენა, ისევ გამოჩნდა. მერე მარჯვენამ ჩაყვინთა. ზურგზე გაირბინა და ისევ გამოძვრა სახელოდან. მორჩა. ორივე ხელი მაგიდაზე იდო.
- ოცდახუთი წამი, - თქვა სარამ. - დედა, ახალი რეკორდია! აქამდე ყველაზე ჩქარა ოცდათექვსმეტი იყო.
ძიუნპეიმ ტაში დასცხო:
- მშვენიერია! ნამდვილი ჯადოქრობაა!
სარამ ხელები დაატყაპუნა მაგიდაზე. საიოკო ადგა:
- მორჩა, შოუ დამთავრებულია. აბა, ლოგინში!
სანამ დაიძინებდა, სარამ ძიუნპეის ლოყაზე აკოცა.

როგორც კი დარწმუნდა, რომ სარას ეძინა, საიოკო სასტუმრო ოთახში დაბრუნდა და დივანზე დაჯდა.
- უნდა ვაღიარო, რომ ვიეშმაკე.
- რას გულისხმობ?
- ლიფი აღარ ჩამიცვამს. მოვაჩვენე, ვითომ ჩავიცვი. სახელოდან იატაკზე დავაგდე.
- რა საშინელი დედაა, - გაიცინა ძიუნპეიმ.
- დიდი ამბავი, უბრალოდ ახალი რეკორდის დამყარება მინდოდა, - თვალები მოჭუტა საიოკომ. კარგა ხანია ასე ბუნებრივად არ გაუღიმია. თითქოს ნიავმა შეარხია ფარდები, ისე იცვალა დროის ღერძმა ადგილი. ძიუნპეიმ მხარზე შეახო ხელი საიოკოს. საიოკო მიეკრო ხელს. დივანიდან არ ამდგარან, ერთმანეთს მოეხვივნენ. ერთი კი გაუელვა ფიქრმა ძიუნპეის - ცხრამეტის რომ იყო, მას მერე სულ არაფერი არ შეცვლილიყო, საიოკოს ტუჩებს ისევ ის ნაზი სურნელი ჰქონდა.
- ჩვენ თავიდანვე ასე უნდა მოვქცეულიყავით, - ჩუმად თქვა საიოკომ, როცა ლოგინში გადაინაცვლეს. ოღონდ შენ ეს არ გესმოდა. არაფერი არ გესმოდა მაშინ. სანამ მდინარიდან სულ არ გაქრა თევზი.
ტანისამოსი გაიხადეს და ჩუმად ჩაეკვრნენ ერთმანეთს. უხერხული მოფერება - თითქოს გოგო და ბიჭი ცხოვრებაში პირველად იწვნენ ერთად. საკმაო დრო დასჭირდათ რომ დარწმუნებულიყვნენ და ძიუნპეიმ ნელა, ძალიან ნელა და ფრთხილად მოსინჯა. წინააღმდეგობა არ უგრძვნია, პირიქით, თითქოს იტყუებდნენ, მოუხმობდნენ. მაგრამ მაინც არ სჯეროდა, რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. თითქოს ხელის ცეცებით მიიკვლევდა გზას ნახევრად სიბნელეში უკაცურ და უსასრულო ხიდზე. საიოკო მის ყოველ მოძრაობას პასუხობდა. რამდენჯერმე ძიუნპეის გათავება უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ეშინოდა, გაათავებს და სიზმარიც აორთქლდება, გარშემო კი ყველაფერი გაქრება.
მაგრამ ამ დროს სადღაც ზურგს უკან რაღაცამ გაიჭრიალა. საძინებლის კარი გაიღო და დაჭმუჭნულ ლოგინს დერეფნიდან სინათლე დაეცა. ძიუნპეი წამოიწია, შებრუნდა და კარის ღიობში სარა დაინახა. საიოკომ ჩუმად შეჰკივლა, ძიუნპეი ფრთხილი ხელისკვრით მოიშორა, ზეწარი მკერდზე აიფარა და თმა გაისწორა.
მაგრამ სარა არ ტიროდა, ისტერიკისა არაფერი ეტყობოდა. იდგა, კარის სახელურზე ეკიდა ხელი მაგრად და მათ შესცქეროდა. და ვერაფერს ხედავდა. თვალები სიცარიელეს მიშტერებოდა.
- სარა, - ჩუმად დაუძახა საიოკომ.
- ძიამ მითხრა, რომ აქ მოვსულიყავი, - მონოტონურად, თითქოს ეს ეს არის ძილს გამოსტაცესო, ჩამარცვლა სარამ.
- ძიამ? - იკითხა საიოკომ.
- ძია-მიწისმნჯღრეველმა, - თქვა სარამ. - მოვიდა ძია-მიწისმნჯღრეველი, გააღვიძა სარა და დედასთან გამოგზავნა იმის სათქმელად, რომ კოლოფს სახურავი მოვხადე და გელოდებითო. ასე უთხარი, მიხვდებაო.

იმ ღამეს სარას საიოკოს ლოგინში ეძინა. ძიუნპეიმ ერთი პლედი აიღო და სასტუმრო ოთახში დივანზე მოეწყო. ვერაფრით ვერ მოახერხა დაძინება. დივანის წინ ტელევიზორი იდგა. ერთხანს ბრმად მისჩერებოდა მკვდარ ეკრანს. იქ, სიღრმეში ისინი არიან. ყუთს სახურავი ახადეს და იცდიან. ზურგზე ჟრჟოლამ ჩაურბინა. ძიუნპეი იცდიდა, მაგრამ შეგრძნებამ არ გაუარა.
მაშინ დაძინების მცდელობას თავი დაანება, სამზარეულოში გავიდა და ყავა მოიდუღა. იჯდა და ნელა წრუპავდა მწარე სითხეს. ფეხი რაღაცას წამოსდო. საიოკოს ლიფი. ისევ იატაკზე ეგდო. ძიუნპეიმ ლიფი აიღო და სკამის საზურგეზე ჩამოკიდა. ტუალეტის უბრალო, თეთრი უსიცოცხლო ნივთი. სულ პატარა ზომის. სკამზე დაკიდებული დილის ბინდ-ბუნდში შორეული წარსულიდან შემოღეტებულ ანონომურ მოწმეს ჰგავდა.
ძიუნპეიმ ის დრო გაიხსენა, როცა ის ის იყო მოეწყო უნივერსიტეტში. ტაკაცუკისთან პირველი შეხვედრა. მისი ხმაც გაიგონა: “მოდი სადმე წავიდეთ, ვისადილოთ”. საოცრად თბილი ხმა. ძველი მეგობრის სახეზე ღიმილი კიაფობს, როცა ნაცნობ სახეს ხედავს: “ეი, მოეშვი ცოტა, მსოფლიო სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება”. სად წავედით მაშინ? აი ეს კი ძიუნპეიმ ვერა და ვერ გაიხსენა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს...
- რატომ დამპატიჟე სადილად? - ჰკითხა მაშინ ძიუნპეიმ. ტაკაცუკიმ გაიღიმა, როგორღაც თავდაჯერებულმა მიიკაკუნა თითი საფეთქელზე და თქვა:
- საოცარი ტალანტი მაქვს ყველგან და ყოველთვის სწორად ვიპოვო მეგობრები.
ტაკაცუკი არ ცდებოდა, გაიფიქრა ძიუნპეიმ, თან ყავის ფინჯანს ათვალიერებდა. მართლა ჰქონდა ამის ნიჭი. თუმცა ეს საკმარისი არ არის. კარგი მეგობრების პოვნა და მთელი გრძელი ცხოვრების მანძილზე მათი სიყვარული ერთი და იგივე არ არის. ძიუნპეიმ თვალები დახუჭა და უკვე ჩავლილ წლებზე დაფიქრდა. არ უნდოდა ისე გამოსულიყო, რომ ამოდენა დრომ სრულიად უაზროდ ჩაიარა.
საიოკო გაიღვიძებს და მაშინვე ვთხოვ ცოლად გამომყვეს. გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს. ძიუნპეი აღარ ყოყმანობდა. ერთ წუთსაც აღარ დავკარგავ. ფრთხილად, უხმაუროდ შეაღო საძინებლის კარი და პლედში გახვეულ სარასა და საიოკოს შეხედა. სარა დედასთან ზურგშექცევით იწვა, საიოკოს მხარზე ჰქონდა ხელი მოხვეული. ძიუნპეი ბალიშზე გაშლილ საიოკოს თმას შეეხო, სარას ვარდისფერ ლოყაზე მოუთათუნა თითი. არც ერთი არ ინძრეოდა. ძიუნპეი საწოლის გვერდით, ხალიჩაზე დაჯდა, კედელს მიეყრდნო და საგუშაგოდ მოეწყო.
საათის ისრებს შესცქეროდა კედელზე თან სარასთვის ამბის გაგრძელებაზე ფიქრობდა. მასაკიტიზე და ტონკიტიზე. ჯერ ამ ვითარებიდან გამოსავალი უნდა იპოვოს. ტონკიტი აი ასე, ვითომც არაფერიო, არ უნდა ჩაამწყვდევინოს ზოოპარკში. ვიღაცამ უნდა უშველოს. ძიუნპეი თავიდან გამოჰყვა ფიქრით მთელ მონათხრობს და უცებ რაღაც იდეაც გაჩნდა. კვირტი ყვავილად იქცა, მერე ნაყოფად და კონკრეტული ფორმაც გამოიკვეთა.

ტონკიტიმ მოიფიქრა მასაკიტის თაფლისგან ღვეზელების გამოცხობა. ცოტა წაივარჯიშა და მიხვდა, რომ მასში მცხობელის ტალანტი თვლემდა. მასაკიტის კი თაფლის ღვეზელები ქალაქში მიჰქონდა და ჰყიდდა. ადამიანებს მოეწონათ თაფლის ღვეზელები და თვალის დახამხამებაში აცარიელებდნენ დახლს. ახლა აღარ იყო აუცილებელი ცალ-ცალკე ცხოვრება. არც არაფერი აკლდათ თავიანთ ტყეში და მეგობრებადაც დარჩნენ.

სარას აუცილებლად მოეწონება ამ ისტორიის ახალი ბოლო. საიოკოსაც.
მოდი რაღაც ისეთს დავწერ, რაც არ ემგვანება არც ერთ აქამდე დაწერილს, გაიფიქრა ძიუნპეიმ. ამბავს იმაზე, რომ ვიღაცას ღამით სძინავს და სიზმარში მოუთმენლად ელის როდის გაილევა ღამე, რათა რაც შეიძლება ჩქარა ჩაიკრას გულში საყვარელი ადამიანები ამომავალი მზის პირველივე სხივებზე. მაგრამ მანამდე აქ უნდა ვიჯდე და ამ ორი ქალის ძილს ვუდარაჯო. ვინც არ უნდა იყოს, ამ ვიღაცას უფლებას არ მივცემ რაღაც ყუთში ჩაამწყვდიოს ქალები. ზეცაც რომ ჩამოიქცეს, მიწამაც რომ დააღოს ღრიალით პირი...

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“