ანდრო ბუაჩიძე
ვიტრაჟები. XIX და XX საუკუნეების გერმანული პოეზიიდან. თარგმანი კონსტანტინე ზ. გამსახურდიასი. "საარი". თბილისი, 2002.
გერმანული ლირიკის ქართულ ენაზე თარგმნას თავის ისტორია აქვს. წარმატებულად დაძლეული სირთულე, ყოველი ახალი თარგმანი სავსებით განსხვავებულ წახნაგს სძენს ამ ისტორიას. ხშირად კამათობენ პოეზიის თარგმნის საკითხებზე და სამართლიანად დასძენენ, რომ თვითნებური განკერძოებულობა მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ამ საქმიანობას. ეს, რა თქმა უნდა, ფაქტია და ამ ფაქტთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოეზიის თარგმანი ამა თუ იმ რთული ტექსტის ინდივიდუალური წაკითხვის და კვლავ აღდგენის მეშვეობით სრულდება.
კონსტანტინე ზ. გამსახურდიას თარგმანებში გერმანული ლირიკის ვრცელი გზაა მონიშნული გოეთედან ენცესბერგერამდე. ეს გზა რთულია და მრავალფეროვანი, როგორც ზოგადად მხატვრული აზროვნების, ისე უშუალოდ ლექსწერის თვალსაზრისით. რაც მთავარია, ამ წიგნში თავმოყრილნი არიან ის პოეტები, რომლებიც ქართულად ან საერთოდ არ თარგმნილან ან ძალზე იშვიათად. აი, ისინიც: კლემენს ბრენტანო, იოზეფ ფონ აიხენდორფი, ფრიდრიხ რიუკერტი, ედუარდ მოერიკე, ფრიდრიხ ჰებელი, კონრად ფერდინანდ მაიერი, ფრიდრიხ ნიცშე, რიხარდ დამელი, ქრისტიან მორგენშტერნი, სტეფან გეორგე, ჰერმან ჰესე, მარია ლუიზე კაშნიცი და სხვები.
სიმბოლურია გოეთეს ლექსი, რომელშიც საუბარია ეკლესიის ვიტრაჟებზე. ადამიანი, რომელიც გარედან შეიხედავს ეკლესიაში, ვიტრაჟებს მიღმა შენიშნავს "მხოლოდ ბნელ-პირქუშ შიდა სივრცეს", სადაც დაკვირვებული თვალიც კი ვერაფერს ვერ გაარჩევს. ეკლესიაში შესვლისთანავე კი სულ სხვა სურათი გადაეშლება მნახველს: "ოღონდ ინებეთ და ტაძარშიც შემოდგით ფეხი! / წმინდა კაპელას მიესალმეთ, თაყვანი ეცით; / ფერადოვანი აქ იღვრება ნათელი ზეცით, / ისტორია და ორნამენტი კრთება ელვარე / და კეთილშობილ სილამაზეს მოუცავს არე. / ეს ყოველივე თქვენთვისაა, ღვთისშვილნო, კარგი, / თვალს ახარებს და გაგანათლებთ სულისთვის მარგი!
ასეა ეს წიგნიც. მისი წამკითხველი "შიგნიდან" დაინახავს სამყაროს, ათასგვარ ნიშნებს და სამშვენისებს. ამ წიგნის წამკითხველს თვალწინ გადაეშლება უფართოესი ლირიკული თვალსაწიერი, რომელიც დროში და სივრცეშია გარშემოწერილი. ეს წრე უაფრესად ფართოა, ვინაიდან გერმანულ ლირიკაში აღმართულ უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტებს მოიცავს.
"ვიტრაჟები" ერთგვარი გზამკვლევია გერმანულ პოეზიაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სამი ან ოთხი ლექსით ძნელია ისეთი რთული პოეტების გაცნობა, როგორებიც არიან გეორგ თრაკლი ან ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი. ამავე დროს მთარგმნელი უაღრესად ძნელი ამოცანის წინაშე იდგა იმ მხრივაც, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოეტების სამყაროს უნდა მორგებოდა. მას ერთგვარი სტილური გარდასახვა უნდა მოეხდინა, ვინაიდან ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ურთიერთსაპირისპირო პოეტების გადმოღება. ვთქვათ, შილერის ბრწყინვალე ლირიკიდან აქ მხოლოდ ერთი ლექსია მოხმობილი. ბუნებრივია ადგილის სიმჭიდროვის გამო მთარგმნელი ეცადა ერთი ლექსის მეშვეობით პოეტის მრავალგვარი თავისებურება გადმოეცა, რაც თითქოს შეუძლებელია. ლექსი კი, რასაკვირველია, შესანიშნავია. აქ საუბარია იმაზე, რომ სიკვდილს ყოვლისშემმუსრავი ძალა აქვს, დაუნდობლად ანადგურებს ყველას და ყველაფერს. მაგონდება ინგლისერი კლასიკოსის ჯონ კიტსის ერთი უსათაურო ლექსის სტრიქონები: "მშვენიერება ძალმოსილია, მაგრამ სიკვდილი იმასაც სძალავს". დაახლოებით იგივეს ამბობს შილერიც, ოღონდ განსხვავებულ აქცენტს აკეთებს: "თვით მშვენიერსაც უწევს სიკვდილი! / ადამიანებს და ღმერთებსაც რომ ეუფლება, / სტიგიურ ზევსის ბრინჯაოს მკერდს კი ვერ შეატოკებს. / სულ ერთადერთხელ მოალბო ტრფობამ აჩრდილთ მეუფე. / და ზღურბლიდანვე მკაცრად გაიღო თავისი ძღვენი. / მშვენიერ ჭაბუკს ვერც აფროდიტე უამებს ნაჭრევს, / ნატიფ სხეულზე მძვინვარე ტახის მიერ განახლეჩს. / უკვდავი დედაც ვეღარ დაიხსნის ღვთაებრივ ჰეროლდს, - / აღსრულდა სკეას კარიბჭესთან ძის ბედისწერა. / ამოდის ზღვიდან, თან ნერეოსის ახლავს ასულნი, / და აღმოხდება გლოვის ზარი დაღუპულ შვილზე. / შეხე! ღმერთებიც და ქალღმერთებიც გოდებენ ყველა: / მშვენიერიც უნდა გარდახდეს, მოკვდეს სრულქმნილიც. / დიდებულია, სიმღერა გლოვის – სატრფოს მიერ ამონაკვნესი, / უმსგავსს ორკუსში მიაცილებს რადგან დუმილი".
კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ენა თავისებურია, არქაული ელფერი გადაჰკრავს. ამგვარი ენობრივი სტილი და მისი შემქმნელი ლექსიკა თავისებურ ინტონაციას ბადებს. ეს ინტონაცია თითქოს გარდასული ხანის კლასიკურ პოეზიას უფრო ესადაგება, ვიდრე თანამედროვეს. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ მთარგმნელი დროის კვალდაკვალ ამარტივებს ენას. ამ გამარტივებას ერთი მხრივ სათარგმნი ტექსტის სიმარტივე განაპირობებს, მეორე მხრივ კი თვითონ ავტორი ცდილობს თანამედროვე რეალიების შემოტანასთან ერთად გარკვეული სიმსუბუქე შესძინოს ლექსს.
ჰანს მაგნუს ენცესბერგერი ის პოეტია, რომელიც თანაბრად კარგად ფლობს ტრადიციულ და არატრადიციულ ფორმებს, თუმცა ამგვარი გამიჯნვა მისი პოეტური აზროვნებისთვის მთლად შესაფერი არ არის. ენცესბერგერი სხვადასხვა ინტონაციურ წყობას, სტრუქტურას, ლექსის განსხვავებულ გრაფიკულ გამოსახულებას მიმართავს, მაგრამ მისი აზროვნება ყველგან რთულია, არაერთგვაროვანია, ლირიკულ-აზრობრივი აქცენტებითაა დამუხტული. წმინდა ენობრივი სისადავე და სიმარტივე (რაც თანამედროვე და მით უმეტეს ექსპერიმენტული პოეზისთვისაა დამახასიათებელი) კარგად ეთავსება ენცესბერგერთან აზროვნების სირთულეს და ელასტიკურობას: "ვხატავ თოვლს / ვხატავ დაჟინებით / ვხატავ პირდაპირ / დიდი ფუნჯით / თეთრ გვერდზე / თოვლს. / ვხატავ დედამიწას. / ვხატავ ჩრდილს / დედამიწას, ღამეს. / არ მძინავს / ვხატავ მთელი ღამე. / ათოვს, პირდაპირ, დაჟინებით / რასაც მე ვხატავ. / დიდი ჩრდილი / ეხება ჩრდილნახატს. / ამ ჩრდილქვეშ / ვხატავ / ღამის დიდი ფუნჯით / ჩემს პაწაწინა / ჩრდილს დაჟინებით".
გოტფრიდ ბენის და მარია ლუიზე კაშნიცის სახელები ქართველმა მკითხველმა ლიტერატურული ცნობარებიდან და მიმოხილვითი ხასიათის წერილებიდან იცის; ამჯერად კი მას მიეცა საშუალება ზიარებოდა ცნობილი პოეტების შემოქმედებას. იგივე ითქმის გიუნტერ აიხის და იოჰანეს ბობროვსკის ლექსებზეც.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ინგებორგ ბახმანის ლექსების თარგმანები. ჩემი აზრით, მთარგმნელმა შეძლო გადმოეცა მისი პოეზიის ფერადოვანი მეტაფორულობა, უცნაური სინატიფე და სიფაქიზე, შეიძლება ითქვას, მისტიკური მრავალმნიშვნელოვნება და იდუმალებაც კი. ამ პოეტთან ყოველივე ეს შესანიშნავად ერწყმის თანამედროვე რეალიებს, ცხოვრების დღევანდელ ატმოსფეროს, ადამიანის ამჟამინდელ საწუხარს და საფიქრალს: "ვინ იცის უკვე ცა მერამდენე / გამოგვივლია გაყინულ მზერით? / გამოძევებულ მიწიერ დროში / და სივრციდან გამოგდებულებს".
© “წიგნები – 24 საათი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment