Tuesday, April 20, 2010

ახალი წიგნები – 2009 – თებერვალი


“მთელის ნაწილი”
სტივ ტოლცი
“A Fraction of the Whole”
Steve Toltz
576 გვ Spiegel & Grau


2008 წლის ბუკერის პრემიის ნომინანტთა შორის არაერთი საინტერესო ახალი სახე გამოჩნდა, მათს შორისაა სტივ ტოლციც. ახალგაზრდა ავსტრალიელი მწერლის სადებიუტო რომანი ფინალისტთა სიაში მოხვდა. “მთელის ნაწილი” მამა-შვილის ცხოვრების შესახებ გვიამბობს; იასპერ დინი ახალგაზრდა, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული, სამართლიანი და მოწესრიგებული ნატურაა, მარინი კი - იასპერის მამა, შვილისაგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის, ცხოვრების წესისა და არაორდინალური წარსულის მქონე ადამიანი. ავტორი თავისებური სტილით, ახლებური ფორმით გვიხატავს პერსონაჟებს, თხრობის ლაღი სტილი და იუმორი არ მოაწყენს მკითხველს.

“სიკვდილის დაბრკოლება”
ჟოსე სარამაგუ
“Death with Interruptions”
(Translated by Margaret Jull Costa)
José Saramago.
238გვ. Harcourt.


სიკვდილის ფენომენი მრავალმხრივ საინტერესოა - როგორი მიმართება აქვს მასთან სოციუმს, როდესაც მის არესბობას ახლოს, ხელის ერთ გაწვდენაზე გრძნობს, ან პირიქით - როგორ უყურებს თავად სიკვდილი ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ან ინდივიდებს მაშინ, როცა მათგან რომელიმეს არჩევაზე ფიქრობს. თემა, რომელიც არაერთი მწერლის შემოქმედების ფოკუსში მოხვედრილა, ამჯერად პორტუგალიელი ნობელიანტის, ჟოსე სარამაგუს ყურადღებას იპყრობს - “სიკვდილის დაბრკოლება” მისი ახალი რომანია, წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება და მთავარი მოქმედი პირიც, არც მეტი, არც ნაკლები - სიკვდილია.

“ყაყაჩოების ზღვა”
ამიტავ გოში
“Sea of Poppies”
Amitav Ghosh
515 გვ. Farrar, Straus & Giroux


ამერიკელი მონის ვაჟი, ფრანგი ბოტანიკოსის ობოლი ქალიშვილი, ოპიუმის მწარმოებელი ინდოელი ფერმერები და ცხოვრება, რომლის შეცვლასაც ამ ცხოვრების პერონაჟები ცდილობენ - ინდოელი მწერლის, ამიტავ გოშის ახალი რომანი “ყაყაჩოების ზღვა” ცხოვრების მორევში ჩათრეულ ადამიანებზე გვიამბობს, მათს ყოველდღიურობას და ამ ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის მცდელობას აღგვიწერს. წიგნი ტრილოგია “Ibis”-ის პირველი ნაწილია და 2008 წლის ბუკერის პრემიაზე ნომინირებულ ფინალისტთა შორის მოხვდა. ამიტავ გოშს კი მკითხველი უკვე იცნობს რომანებით “The Shadow Lines”, “The Calcutta Chromosome”, “The Hungry Tide”.



“ბარდი: რობერტ ბერნსი, ბიოგრაფია”
რობერტ კოროუფორდი
“The Bard: Robert Burns, a Biography “
Robert Crawford
466გვ, Cape

თუ მეტ-ნაკლებად იცნობთ რობერტ ბერნსის ბიოგრაფიას, ალბათ ხვდებით, რომ იოლი არ უნდა იყოს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წერა: ძნელია, დაიცვა ზომიერება მის ლექსებზე საუბრისას, თავი აარიდო პათეტიკას, ან ცხოვრებისეული საინტერესო დეტალების რანგში პოეტის სასიყვარულო აფიორები არ წამოწიო წინ. თუმცა, რობერტ კროუფორდმა შეძლო დისტანცირება მოეხდინა შოტლანდიელების კულტურული კერპისგან, და ამით კიდევ უფრო ნათლად დაენახა მისი ადამიანური მხარეები, სისუსტეები, უკეთ გაეცნო პოეტი და თავისი შთაბეჭდილება მკითხველისთვის მიეწოდებინა. ბერნსის ბიოგრაფია მკითხველს შოტლანდიელი პოეტის არაერთ საინტერესო და საყურადღებო დეტალზე გაამახვილებინებს ყურადღებას.

“გზად გერმანიიდან გერმანიისაკენ (დღიური, 1990)”
გიუნტერ გრასი
“Unterwegs von Deutschland nach Deutschland (Tagebuch, 1990)”
Günter Grass
258გვ, Steidl


ალბათ ბევრისთვის აქამდე უცნობი იყო ის ფაქტი, რომ 20 წელიწადზე მეტია, რაც გიუნტერ გრასი თავისი გამომცემლისგან მეტად უცნაურ საჩუქრებს იღებს - წიგნებს ცარიელი ფურცლებით, რომლებსაც მწერალი თავისი ყოველდღიური ჩანაწერებით ავსებს. გრასმა დღიურების წერა 1990 წელს დაიწყო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული მოვლენების მიმართ საკუთარ თვალთახედვასა და დამოკიდებულებას სწორედ აღნიშნული ცარიელი წიგნების ფურცლებზე აყალიბებდა, და ამჯერად საშუალება მისცა მკითხველს, თავადაც გაეცნოს ნობელიანტი მწერლის ყოველდღიურ ცხოვრებას, ფიქრებსა თუ თვალსაზრისებს.

“საგანი განსაზღვრული სისწრაფით”
მარი-დომინიკ ლელივრი
“Sagan à toute allure”
Marie-Dominique Lelièvre
343გვ, Denoël


“სალამი, სევდავ!”, “გიყვართ ბრამსი?”, და კიდევ არაერთი სახელი გაგვახსენებს ფრანგ ნონკონფორმისტ, სკანდალების მოყვარულ, არაორდინალურ მწერალს, ფრანსუაზ საგანს, ეპოქის ერთ-ერთ კოლორიტულ ფიგურას, რომელიც ყოველი ჩვენგანის წარმოსახვაში სხვადასხვანაირად იხატება. ამჯერად მარი-დომინიკ ლელივრი შეეცადა, გაეცოცხლებინა მითები საგანის შესახებ, კიდევ ერთხელ გადაეხედა მისი ბიოგრაფიისათვის და ახლებურად შემოეთავაზებინა ჩვენთვის ფრანგი მწერლის შემოქმედება, მისი ცხოვრება, ურთიერთობები, ემოციები, ესა თუ ის ფაქტები. წიგნი კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ამ უცნაური ქალის მეტად საინეტერო პორტრეტს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“


No comments: