თქვენი ჟურნალის 2009 წლის იანვრის ნომერში, რედაქტორის სტატიაში, რომელსაც ჰქვია "შეჯამებასავით", გადმოცემულია რამდენიმე, ჩემი აზრით, საკამათო მოსაზრება.
ბუნებრივია, შემეძლო ეს ყველაფერი პირადად მეთქვა მალხაზ ხარბედიასათვის და ალბათ იგი დამეთანხმებოდა კიდეც, მაგრამ ვითვალისწინებ იმას, რომ "ლიტერატურა" ერთადერთი კარგი ლიტერატურული ჟურნალია ქვეყანაში და მის სარედაქციო სტატიაში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება შესაძლოა ზოგისათვის ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებას წარმოადგენდეს, ამიტომ შევეცდები ოფიციალური რეპლიკით შევეხმიანო ამ სტატიას, უფრო სწორად კი მის ორ ფრაგმენტს.
სტატიის მე-5 აბზაცი ასეთია: "სამწუხაროდ 2008-ში წიგნებისათვის არავის ეცალა, აგვისტოს მოვლენებმა კი საერთოდაც, მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა ნულს გაუტოლა, დააცარიელა მაღაზიები, გააძვირა ახლად გამოცემული წიგნები. მყიდველი მოაკლდა სახელმძღვანელოებსაც კი".
პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ამ აბზაცში გამოთქმული მოსაზრებები, რბილად რომ ვთქვათ, მცდარია. საერთოდ, არსებობს სუბიექტური მოსაზრებები (ვთქვათ, ასეთი: "შარშან არც ერთი კარგი პოემა არ გამოქვეყნებულა") და ბუნებრივია ამაზე კამათობენ ხოლმე. ეს კრიტიკოსების საქმეა, რადგან მოსაზრება წიგნის შინაარსს, თვისებრივ პარამეტრს ეხება. როდესაც მოსაზრება რაოდენობრივ პარამეტრებს ეხება (ვთქვათ, ასეთს: "შარშან არც ერთი წიგნი არ გამოცემულა"), ამ დროს ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ და არა - ემოციებს. ზემოთმოყვანილ აბზაცში გამოთქმულია 5 სხვადასხვა მოსაზრება. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:
1. 2008-ში წიგნებისათვის არავის ეცალასინამდვილეში, 2008-ში წიგნებისადმი ინტერესი არნახულად გაიზარდა, რაზედაც მეტყველებს: გამოცემული წიგნების რაოდენობების ზრდა, გაყიდვების ზრდა, ტირაჟების ზრდა და, რაც მთავარია, ეს არის პირველი წელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც წიგნების საცალო გაყიდვების წერტილების (იქნება ეს წიგნის მაღაზია თუ უბრალო დახლი) რაოდენობა გაორმაგდა. როდესაც ავტორიტეტული ჟურნალი განვლილ წელს აჯამებს, ასეთ ფაქტებს ყურადღება უნდა მიაქციოს. უფრო მეტიც, წიგნისათვის ხალხს ეცალა აგვისტოშიც კი. მე სპეციალურად ვაკვირდებოდი წიგნის მაღაზიებს იმ დროს და რომ მეგონა, ომის გამო იქ არავინ შევიდოდა, ძალიან შევცდი. მახსოვს, წიგნის გაყიდვები არ შეწყვეტილა მაშინაც კი, როდესაც თბილისში პანიკა ატყდა.
2. მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობა ნულს გაუტოლდათუ ეს მართალია, მაშინ რატომ გაიზარდა წიგნების გაყიდვები? თანაც ეს გაყიდვები გაიზარდა წიგნის ბაზრის ყველა სეგმენტში.
3. დაცარიელდა [წიგნის] მაღაზიებიამ მოსაზრების მცდარობა შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია. ამას დაადასტურებს ნებისმიერი, ვინც დადის წიგნის მაღაზიებში. ცნობისათვის: არც ერთ წიგნის მაღაზიაში არამც თუ არ შემცირებულა დასახელებათა რაოდენობა, არამედ არსებითად გაიზარდა. მოვიყვან ერთ მაგალითს: წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსაში" თუ შარშან თაროებზე ეწყო მაქსიმუმ 10 000 დასახელების წიგნი, 2008 წლის ბოლოს წიგნების რაოდენობამ 16 000-ს გადააჭარბა. ანალოგიური სიტუაციაა სხვა მაღაზიებშიც.
4. გაძვირდა ახლად გამოცემული წიგნებიარც ეს მოსაზრება შეესაბამება სინამდვილეს. შარშან წიგნები არ გაძვირებულა. შესაძლოა რომელიმე კონკრეტული წიგნი იგულისხმება, ასეთ შემთხვევაში, განზოგადებაა მცდარი.
5. მყიდველი მოაკლდა სახელმძღვანელოებსაც კიარც ეს მოსაზრებაა სწორი. სინამდვილეში სახელმძღვანელოების ბაზარზე ასეთი მდგომარეობა იყო: გამძაფრდა კონკურენცია გამომცემლობებს შორის და ზოგიერთ გამომცემლობას ზოგიერთი პროექტი არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა. გარდა ამისა, შარშან ეფექტურად ამუშავდა ნახმარი სახელმძრვანელოების ბაზრობა, რამაც ზოგიერთი წიგნის ტირაჟი მართლაც შეამცირა, მაგრამ სინამდვილეში, ნაყიდი წიგნების მთლიანი რაოდენობა გაიზარდა მეორადი წიგნების ხარჯზე. ამას დაემატა სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო პროგრამები, რომლებიც განკუთვნილი იყო სახელმძღვანელოების შესაძენად. ასე რომ, აშკარა ზრდა იყო სახელმძღვანელოების ბაზარზეც.ბუნებრივია, ქართული წიგნის ბაზარი ჯერ კიდევ შორსაა იდეალური მდგომარეობისაგან, მაგრამ ხასიათდება ძალიან პოზიტიური დინამიკით და ყველაზე სწრაფად განვითარებადი წიგნის ბაზარია მსოფლიოში (ამ თემაზე დაწვრილებით სხვა დროს ვისაუბროთ).რადგან "ცხელი შოკოლადი" მისი ლიტერატურული დამატებითურთ ერთადერთი ჟურნალია საქართველოში, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ, ვისურვებდი, რომ წიგნის ბაზრის შეფასებები მომავალში უფრო კვალიფიციურად გაკეთდეს.რედაქტორის გვერდი ბოლოვდება ასეთი აბზაცით: "საერთოდაც, არ გვაწყენდა მომავალი წელი წიგნის წლად გამოგვეცხადებინა საქართველოში, იქნებ ამით მაინც გაგვეწყვიტა ის უხილავი ძაფები, რომელიც ჯერ კიდევ გვექაჩება ბნელი 90-იანებისაკენ". კარგი აზრია, მით უმეტეს, რომ წელს 300 წელი უსრულდება საქართველოში დაბეჭდილ პირველ წიგნს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment