Wednesday, April 14, 2010

ჰაროლდ პინტერის გარდაცვალების გამო


დარაჯის აღსასრული

ჰაროლდ პინტერის გარდაცვალების გამო

მაგდა კალანდაძე

2005 წლის ოქტომბერში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰაროლდ პინტერი დუბლინში იყო მიწვეული, სადაც მას თეატრმა “The Gate” საკუთარი შემოქმედებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე უმასპინძლა. ოფიციალური მიღებებისა და პატივისმიგების მოსაწყენი ცერემონიების შემდეგ დრამატურგი აეროპორტში ბრუნდებოდა, როდესაც ტაქსიდან გადმოსვლისას უკვე შერყეული ჯანმრთელობის გამო მომარჯვებული ტროსტი წვიმიან ასფალტზე აუსრიალდა და მძიმე საგანზე საფეთქელი მიანარცხა. პინტერმა დაცემის ადგილი სისხლის კვალით მონიშნა და შემდეგი ოთხი დღე საავადმყოფოში გაატარა - შუბლზე ჭრილობის მოშუშებას ცხრა ნაკერი დასჭირდა. მაშინ “Sky-Tv”-ის მაუწყებლობამ გადმოსცა, რომ მწერალი დაიღუპა. თუმცა, პინტერის “დაღუპვის” ამბის გავრცელება მასმედიამ მალევე გადაიფიქრა და აუდიტორია მწერალთან დაკავშირებული ბევრად უფრო აქტუალური და საინტერესო ინფორმაციით მიიზიდა: ჰაროლდ პინტერი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ეს 2005 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. ამჯერად კი, 2008 წლის 24 დეკემბერს გავრცელებულ სამწუხარო ინფორმაციას პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის შესახებ უწყება ვეღარ შეცვლის - 78 წლის ნობელიანტი დრამატურგი ავთვისებიანი სიმსივნით ლონდონში გარდაიცვალა. მწერალს დიაგნოზი ჯერ კიდევ 2001 წელს დაუსვეს, თუმცა, ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ქიმიოთერაპია მას საბოლოოდ გამოაჯანმრთელებდა. იმედი არ გამართლდა - ნობელიანტის გარდაცვალების შესახებ პრესას მისმა მეუღლემ, ანტონია ფრეიზერმა აუწყა. 29 პიესა, 24 ფილმის სცენარი, 17 რადიოდადგმა, პროზა და პოეზია, მსახიობისა და რეჟისორის გამოცდილებები, საპატიო დოქტორის წოდება 14 ევროპული უნივერსიტეტისგან (მიუხედავად იმისა, რომ პინტერს უსახსრობის გამო უმაღლესი განათლება მიღებული არ ჰქონდა) - ეს ნობელიანტი მწერლის მიერ დატოვებული კულტურულ-ლიტერატურული მემკვიდრეობის არასრული ჩამონათვალია.
ჰაროლდ პინტერი 1930 წელს ლონდონში, ებრაელი მკერავის ოჯახში დაიბადა. დრამატურგიული აკადემიის დამთავრების შემდეგ სიღარიბეს ჭურჭლის მრეცხავის, დარაჯისა და წიგნების გამყიდვლის საქმიანობით უმკლავდებოდა, სანამ ერთ-ერთი პროვინციული თეატრის დასში მსახიობად არ აიყვანეს. სწორედ აქ დაიწყო მწერალმა პიესების შექმნა და მისი, როგორც დრამატურგის, დებიუტიც 1957 წელს ბრისტოლის უნივერსიტეტში “დაბადების დღის” დადგმით შედგა. მალევე, 1960 წელს პინტერის კიდევ ერთი პიესა, “დარაჯი” გაიტანეს სცენაზე, რამაც მწერალს, როგორც დრამატურგს, უკვე სერიოზული აღიარება მოუტანა.
ჰაროლდ პინტერის ყველაზე ცნობილი პიესების დიდი ნაწილი მისი შემოქმედების ადრეულ პერიოდს ეკუთვნის (“ოთახი” (1957), “დარაჯი” (1960), “კოლექცია” (1961), “საყვარლები” (1962), “წვეულება ჩაიზე” (1964), “დაბრუნება” (1964)). პიესებში მოქმედი პირების რაოდენობა ხშირად ორ-სამს არ სცდება. პინტერს ხანდახან ბეკეტსაც ადარებენ - განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დრამატურგის მიერ დახატული პერსონაჟები გაურკვევლობაში მყოფი, საკუთარ თავში დაკარგული ადამიანები არიან, და როდესაც მათი დიალოგი ერთმანეთში ყოველგვარი სინთეზის გარეშე გადახლართულ მონოლოგებს უფრო წააგავს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ და აზრთა არათანმიმდევრულ წყობას. თუმცა კი, ბეკეტისა და მის მიერ შექმნილი აბსურდის თეატრისაგან განსხვავებით, პინტერის პერსონაჟები კონკეტულ სივრცესა და დროში არსებობენ და არა - სიცარიელეში, ისინი ნამდვილი, ყოველდღიურობიდან გადმოსული ადამიანები არიან და არა - აბსტრაქტული მეტყველი არსებები.
პინტერის პერსონაჟებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, ერთმანეთის არასდროს ესმით, მიუხედავად იმისა, რომ მათს შორის საკმაოდ ღია და ნათელი დამაკავშირებელი ფაქტორები შეიძლება არსებობდეს - თუნდაც ოჯახური კავშირები. მაგრამ იმის საილუსტრაციოდ, რომ ეს ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი კავშირი ადამიანებს შორის სინამდვილეში არაფერს წყვეტს, პერსონაჟებც მარტო რჩებიან თავიანთ თავთან, ისინი არავის სჭირდება და მათაც არ სჭირდებათ გარშემომყოფები. პინტერი თავისი ჩანაფიქრის გასახორციელებლად და გასამძაფრებლად ხშირად შემდეგ ფანდსაც მიმართავს - სცენაზე ჩნდება ისეთი საგნები, როგორებიცაა დანა, მაკრატელი, ჩაქუჩი, და სწორედ ამ ნივთებთან მიმართებაში იკვეთება პერსონაჟების სახეები, უსულო და უსარგებლო საგნებთან დამოკიდებულება გაცილებით მკვეთრად ავლენს პიესის გმირების ხასიათებს, ვიდრე მათი ერთმანეთთან უერთიერთობა. ხანდახან სწორედ ეს ნივთები იქცევიან მთავარ მოქმედ პირებად, ადამიანების მიერ წარმოთქმული სიტყვები კი იარაღია მათს ხელში - სიტყვები სასიკვდილოდ ჭრიან, ამცირებენ, შეურაცხყოფასა და ტკივილს აყენებენ - პინტერი თავისი პერსონაჟების მიმართ შეუბრალებელია.
პინტერის პიესებში ხშირად შეიძლება არც კი იყოს მოქმედება, ან კი ეს მოქმედება იქ დამთავრდეს, საიდანაც იგი დაიწყო. ეს ფაქტორი არა მარტო ცალკეული პიესებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, პინტერის მთელი დრამატურგიული შემოქმედებისთვისაა ნიშანდობლივი. თუ გავიხსენებთ მის პირველ პიესას, “ოთახს” (1957 წ), იქ ასეთ სცენას წავაწყდებით: ქალი მეუღლეს საუზმეს მიართმევს და საუბარს იწყებს. ქმარი ჩუმად უსმენს ცოლს, თუმცა კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალის მონოლოგი ბრალდებებსა და საყვედურებს შეიცავს, კაცი კი მათზე ადეკვატურ პასუხებს იძლევა. არადა საუბარი ამინდს, სამსახურს, ყოველდღიურ წვრილმანებს ეხება... მაყურებელი კი მაინც მოუსვენრადაა, გრძნობს, რომ ამ ზოგადი ფრაზების მიღმა ქალის მხრიდან მუქარა იმალება. პინტერის ბოლო პიესის, “დღესასწაულის” (2000 წ) სცენა კი ასეთია - წყვილი რესტორანში დაბადების დღეს ზეიმობს, თუმცა კი მალე ზეიმი ერთმანეთის დადანაშაულებით, შეურაცხყოფითა და ღალატის გამოვლენით გრძელდება. პროტაგონისტები თითქმის არ იცვლებიან, სხვადასხვა სახელებით და განსხვავებულ გარემოში ისევ ის ადამიანები რჩებიან, რომლებსაც ერთი და იგივე პრობლემები, ერთი და იგივე გაურკვევლობა, სიცარიელე და თავიანთ თავში დაურწმუნებლობა აწუხებთ. ფაბულა კი, ჩვეულებრივ, საკმაოზე მეტად მარტივია: საუზმე ან სადილი, ორი-სამი ადამიანის შეხვედრა, ოჯახური წყვილები... ავტორი დიდ სივრცეს უტოვებს მკითხველს, და შემდეგ უკვე მაყურებელს, იმისათვის, რომ ქვეტექსტები ეძებოს, თვითონ გახდეს პერსონაჟი, ან სულაც რეჟისორი.
ლიტერატურული მოღვაწეობის პარალელურად ჰაროლდ პინტერი აქტიურად ჩაერთო სოციალურ-პოლიტიკურ სფეროშიც და 2001 წელს უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ამიერიდან მისი შემოქმედება მხოლოდ პოლიტიკური სარჩულის მატარებელი გახდებოდა. ამის დასტურად პინტერმა 2003 წელს ლექსების კრებული - “ომი” გამოსცა, რომლის თემატიკაც ერაყში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება იყო. ამერიკის მიერ ერაყსა და ავღანეთში გატარებული პოლიტიკა, და ბრიტანეთის მხარდაჭერა მიუღებელი იყო მწერლისათვის. 2003 წელს ბრიტანეთის თემთა პალატისადმი მიმართვაში პინტერმა საკმაოდ კატეგორიული შეფასება მისცა ამერიკა-ერაყის ომს: “დაგეგმილი ომი მხოლოდ და მხოლოდ ერაყის დარჩენილი ინფრასტრუქტურის კოლაფსს, დიდ სისხლისღვრას, სიმახინჯესა და სნეულებას თუ მოიტანს, დაგეგმილი ომი – ეს ნიშნავს მილიონ ლტოლვილს და ძალადობის აღზევებას მთელ მსოფლიოში; ამავე დროს, ეს ერთგვარ მასკარადს დაემსგავსება – "წმინდა ომის", ან "უბრალოდ ომის" ნიღბით, რომელსაც აწარმოებენ თავისუფლების მოყვარე დემოკრატები" ერაყში "დემოკრატიის" დასამკვიდრებლად. მლიქვნელობის სუნი გვახრჩობს. სინამდვილეში ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავია და უბრალო რამეს გულისხმობს - სუვერენული ტერიტორიის დაპყრობას, სამხედრო ოკუპაციასა და ნავთობის ხელში ჩაგდებას. ჩვენი მოვალეობა სრულიად ნათელია - ჩვენ ამ ომს უნდა დავუპირისპირდეთ.”
მართალია, შვედეთის აკადემიის მიერ ჰაროლდ პინტერისათვის ნობელის პრემიის მინიჭების მოტივაციად პოლიტიკური აქტივობა არ გაჟღერებულა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მას მხოლოდ და მხოლოდ ადრეული პერიოდის პიესებისა და კინოსცენარებისთვის არ ხვდა წილად. პინტერისათვის ნობელის პრემიის მინიჭება განსაკუთრებით მოულოდნელი იყო წინა წლის ლაურეატის, ელფრიდე იელინეკის ფონზე - თანამედროვეობის ერთ-ერთი სკანდალური და პოპულარული მწერლის შემდეგ, ცოტა არ იყოს, გაკვირვება გამოიწვია ჰაროლდ პინტერის ნაკლებაქტუალური შემოქმედების წინ წამოწევამ. მწერალმაც სანობელე ლექციაში უმეტესწილად ამერიკისა და ერაყის კონფლიქტზე ისაუბრა, მან დაგმო პრეზიდენტ ბუშის ქმედება და ასევე მოუწოდა ბრიტანეთს, მხარი არ აება ამერიკისათვის ამ უმსგავსობაში.
ნობელის პრემია ერთადერთი პრესტიჟული ჯილდო არ ყოფილა, რომლითაც ჰაროლდ პინტერის შემოქმედება აღინიშნა, 2008 წლის დეკემბერში იგი ლონდონის დრამისა და ორატორიის ხელოვნების ცენტრალურ სკოლაში იყო მიწვეული, სადაც მისთვის პროფესორის საპატიო წოდება უნდა მიენიჭებინათ, თუმცა მწერალმა ავადმყოფობის გამო სკოლაში გამოცხადება ვერ შეძლო. სიცოცხლის ბოლო წლები პინტერმა მეუღლესთან, ანტონიასთან ერთად გაატარა, რომელმაც მწერლის გარდაცვალების შემდეგ პრესას განუცხადა: “ჰაროლდი დიდებული ადამიანი იყო, და ჩემთვის დიდი პატივია, რომ 33 წელი სწორედ ასეთი ადამიანის გვერდით ვიცხოვრე. მის სახელს დავიწყება არ ემუქრება.”

სტატია დაიწერა 2008 წელს

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: