Tuesday, July 29, 2008

ელისონ ამენდი

ჯადოქმნილი ბანჯო


ელისონ ამენდი - 1999 წელს დაამთავრა აიოვას შტატის მწერალთა დახელოვნების კურსები. ცხოვრობს ნიუ-იორკში, წერს რომანებს.



ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა


არ ვიცი, შეიძლება მოგვეჩვენა კიდეც, მაგრამ მერე ყველა ერთხმად გავიძახოდით, იმ ღამით ბენდის სიმღერაში ნამდვილად გაიჟღერა ჩვენი გოგონას სახელმაო. "ელსი, ელსი!" თითქოს გიჟური, ავბედითი მელოდიის გამოძახილი იყო ის ვაება, ასე ანაზდად რომ დაატყდა თავს ჩვენ ქალაქს, სახელდახელო, ნაჩქარევი გამოძიებაც და ელსის ეზოში საწყალობლად გარინდული საქანელაც.
დასაკეც სკამებზე და ძირს დაფენილ პლედებზე ვისხედით ტბის პირას, საზაფხულო ესტრადის წინ. ლუსკუმი, ქარიანი ღამე იყო (ესეც ნიშანი: მთელი ზაფხული ნიავი გვენატრებოდა), ესტრადის უკან ხეები ირწეოდნენ, თითქოს მუსიკის ჰანგებზე ცეკვას ეშურებოდნენ. სექტემბრის პირველ ორშაბათს, ანუ "შრომის დღეს" ეძღვნებოდა ის კონცერტი. პატარა ქალაქში ზაფხული მიწურულიყო, წლის დრო, როცა არხეინად ვისხედით ღია აივნებზე, ნება-ნება ვწრუპავდით ლუდს და უვარსკვლავო ცას ავყურებდით. ის ბენდი არ იყო ადგილობრივი: სხვა ქალაქიდან ჩამობრძანებულ კვარტეტს ვმასპინძლობდით. მანდოლინა, ბასი, გიტარა, ბანჯო! ვიღაც ხუმარამ ვიოლინო მოისაკლისა და ჩვენც მაშინვე ავუბით მხარი.
რატომ ვერ მივხვდით, რაღაც რომ უნდა მომხდარიყო? ოჰ, ის ქარიანი, უკუნი ღამე! და რაც უფრო ხშირად ვიხსენებთ ახლა, მით უფრო ბნელი და ქარიანი გვეჩვენება. მაშინ კი ვისხედით და ვცდილობდით გვემხიარულა. ხუმრობა ხომ არ იყო ის პიკნიკი: საქალაქო მასშტაბის გახლდათ. ქალაქის მერი ბენდს მიესალმა, ჩვენ მიღწევებზეც ესაუბრა და ისიც ამცნო, რომ მიხურული ქარხანა დღე-დღეზე ამუშავდებოდა. ბოლოს ჩვენებური, თბილი ზაფხულის ღამეებზეც გადაუკრა სიტყვა. ჩვენც ვისხედით და შევყურებდით მუსიკოსებს. კნაჭა გიტარისტს წითური წვერი ყურებთან შეთხელებოდა; ბანჯოს პატრონი პირწავარდნილი კოვბოი იყო, მრგვალღიპიანი; მანდოლინაზე პასუხისმგებელს ძალიან მაღალი ხმა ჰქონდა, წვრილი. ერთი სიტყვით, ფალცეტს უბერავდა (ქალი, ალბათ, სოპრანოს ამჯობინებდა მსგავს შემთხვევაში); აი, ბასზე დამკვრელს ჩვენებურიც კი ეთქმოდა, მეზობელი ქალაქიდან ჩამოსულიყო და ამიტომ ყველა მას შევციცინებდით. ცდილობდა დაბალ ხმაზე დაეკრა, მამაპაპურად, მაგრამ როცა რაღაც წამოუვლიდა, ისეთ სტაკატოს ამხეცებდა, ჰორორ-ფილმების მუსიკალური გამფორმებელი გაწითლდებოდა.
შებინდებისას მოზრდილი გოგო-ბიჭები აქეთ-იქით გაიფანტნენ სათამაშოდ, მინდორს მოედნენ (იმ მინდორშივე დაეცა კარავი ბენდს), მუსიკალურ პაუზებს ავსებდა მათი ჟივილ-ხივილი. ბანჯოს ჯეელი გულღიად იღიმებოდა, ქათქათა კბილებს აჩენდა წარამარა, გამორჩეულად საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა ციხის კედლებში გატარებული ახალგაზრდობა, სულიერი მარტოობა და დაგირავებული ქონების ვერგამოსყიდვა, შესაფერისი სევდიანი მუსიკით აფორმებდა. ჰალსტუხის წვერი ღიპზე ელამუნებოდა, მისი არჩივი ბანჯოს სიმები კი გრძელ ეშვებს გვაგონებდა.
მთელი ქალაქი ტბის პირას შეყრილიყო: მისტერ და მისის მილარდები ძლივს ეტეოდნენ დასაკეც სკამზე, თუმცა პლედში კოხტად შეფუთულიყვნენ. ჭყლოპინებდნენ და ტაშს უკრავდნენ, თან მუსიკის რიტმს აყოლებდნენ სოსისივით დაბერილ ფეხებს; ჯოჰანსონებს ჯიმი მოეყვანათ წითელი ეტლით და, შეიძლება ითქვას, აიძულებდნენ, პაწია ფეფებზე დაყრდნობილს ექანავა აქეთ-იქით, ცხადია, მასაც მუსიკის რიტმში; პეტერსონების ტყუპები კი, ერთნაირ წითელ ჯემპერებში ჩაჭედილები, ერთმანეთს თმაზე ექაჩებოდნენ. მერე ერთ-ერთი საშინლად აღრიალდა და მისის პეტერსონმა ძლივს გააშველა მოჩხუბრები.
ვულფსონები გაშლილ პლედზე ისხდნენ, ჩვენ წინ. თან თეთრი ღვინო და ყურძენი მოეტანათ. მისის ვულფსონს ვიწრო, შავი შარვალი და მოხდენილი სანდლები ეცვა, მხრებზე დაუდევრად მოეგდო მეუღლის კარდიგანი. მისტერ ვულფსონი ლამაზად გარუჯულიყო და ერთი ღერი თმაც კი არ აკლდა თავზე. მაშინ ვთქვით, მეტისმეტად ხანდაზმულები არიანო, მეტისმეტად ხანდაზმულები იმისათვის, რომ თორმეტი წლის ბიჭუნა ჰყავდეთ და იმისთვისაც, ასე საჯაროდ რომ იზასაონო. ისინი ყველასგან განსხვავდებოდნენ. ჩვენ ვერ გაგვეგო, როგორ შეეძლოთ ასე ეხალისათ, როცა "ძნელად აღსაზრდელი ბავშვი" ჰყავდათ, ნაშვილები, ალბათ ეკვადორის ჯუნგლიდან წამოყვანილი.
ჩვენს უკან მისის პორტერი ენას აწკლაპუნებდა, რითიც საკუთარ და ჩვენ გულისწყრომას გამოხატავდა. ამაში არაფერი იყო უჩვეულო: დღენიადaგ უბღვერდა ვულფსონებსა და იმათ გაბრიელს, შავტუხა მეექვსეკლასელ ბიჭს, თავის მოწაფეს, რომელიც სკოლაში სისხლს უშრობდა. ხან საცდელ თაგუნებს ვირთხის საწამლავს ახუხებდა, ხან მასწავლებლის საფულეში აფათურებდა ხელს, ხანაც რაღაც შემორჩენილ ჟურნალებს მოათრევდა კლასში და სურათისთვის თვალის ერთ შევლებაში ოცდაათ ცენტს აფცქვნიდა ბიჭებს. მეტისმეტად ავად მზირალი, მეტისმეტად ღვარძლიანი ჩვენ პატარა ქალაქს არა და არ ეკადრებოდა.
როჯანები ესტრადის მარცხნივ მოკალათებულიყვნენ. იქვე, სათამაშო მოედანთან, ბუჩქებით შემორაგული პატარა წრის შუაგულში მათი უფროსი გოგონა იჯდა და გულმოდგინედ უწნავდა თმას სხვა გოგონას. უმცროსი, ელსი, თავისი ხნის, ანუ შვიდიოდე წლის ბავშვებთან ერთად, მოფარებულში დაჭერობანას გაუმჯობესებულ ვარიანტს თამაშობდა.
რატომ, რატომ არაფერი გვითხრა გულმა? პატარა ელსი, საყვარელი, მიმნდობი, ქერათმიანი, ზურგზე გადაგდებული ორი ნაწნავით, ტოლ-მეგობრებში რომ ლაღობდა გულარხეინად! და გაბრიელი, ვითომ შემთხვევით დედას თვალში იდაყვი რომ უთავაზა, როცა იმან მოფერება დაუპირა, და მერე ტყისკენ რომ წაიზლაზნა გასაბოლებლად! მაშინ ვიფიქრეთ, ახლა ბიჭებს აიყოლიებს, იქ ბუჩქებს ცეცხლს წაუკიდებენ და მწერებს ფეხებს დააწყვეტენო.
ეს ყველაფერი ბოლო სიმღერის დროს მოხდა, რომლის სიტყვებიც გაფრთხილებად უნდა აღგვექვა ალბათ. "ელსი, ელსი!" თუმცა ვერც იმას დავიფიცებთ, რომ მაინცდამაინც ამ სახელმა გაიჟღერა. ხომ იცით, რა ძნელია კარგი ტექსტის სიტყვების დამახსოვრება. მერე რაღაც ცოცხალი მელოდია წამოვიდა, უთუოდ ჩვენს ასაცეკვებლად გამიზნული. პეტერსონების ტყუპებმაც არ დაახანეს, იქვე, ესტრადის წინ ირლანდიური ჯიგას სახესხვაობა წამოიწყეს. ამასობაში მილარდებმაც ბალახზე დაყარეს ლუდის ქილები, წამოცვივდნენ და ამოძრავდნენ. ყველა ავდექით, კალთიდან ფოთლები და ნამცეცები ჩამოვიფერთხეთ, ერთმანეთს ძმურად ჩავჭიდეთ ხელი და დავტრიალდით...
ქარმაც იმატა, სიბნელემაც და მუსიკის ტემპმაც. ის "ჩვენებური" ისე უკრავდა, თითქოს კოლეგებს მეტი სიდინჯისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მუსიკა მაინც გადაირია, ტექსტის სიტყვებიც უკვე თავში გვიგუგუნებდა. კვარტეტი უკრავდა, კვარტეტი მღეროდა და ჩვენც ვბუქნავდით, ვროკავდით, ვხტოდით. გიტარისტი მღეროდა ვიღაც გოგოზე, რომელსაც მატარებელი ეშმაკის შესახვედრად მიაქანებდა და, თუ არ ვცდებით, იმ გოგოს ელსი ერქვა. ტექსტი ისეთი, უკეთესს ვერ ინატრებდით, შესრულება კიდევ იმაზე უკეთესი... და მალე ბანჯოც გააქტიურდა, ის გრძელკისერა, ჟამთასვლისაგან საღებავდამსკდარი ბანჯო. მრგვალღიპიანი ეშხში შევიდა, ერთ ხელს კლავიშებზე აფარფატებდა, მეორეს, ხელოვნურფრჩხილებიანს (და ის ფრჩხილები ჭანგებს მიუგავდა), სიმებს ურტყამდა და ერთი მეორის მიყოლებით აყმუვლებდა. ისეთი ტანჯული იერი ჰქონდა, თითქოს ვიღაც მუსიკაში ეცილებოდა. შიგადაშიგ თვალს წყვეტდა ბანჯოს და უმწეოდ შემოგვყურებდა. მერე და მერე ძალიან გაუტია. იმ ჰანგებს უკვე აღარაფერი ეცხო "ჩვენებურის". ცეკვა შევწყვიტეთ და შეპყრობილ ხელოვანს მივაჩერდით. მაგრამ მარტო ის ხომ არ იყო შეპყრობილი! მონუსხულიყო ჩვენი ქალაქი, ჩვენი ესტრადა... იმ შეპყრობილის ფერხთით დაგვეგო ფიანდაზად ჩვენი პლედები.
ბოლოს გაჩერდა. ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი მილარდებმა დასცხეს ტაში და აღავღავდნენ. ბანი მივეცით, ვყმუოდით და ფეხებს ვაბაკუნებდით. მუსიკოსები მადლობის ნიშნად თავს გვიკრავდნენ.
კონცერტი დამთავრდა და ჩვენც დავეშურეთ აბარგებას, წამოვკრიფეთ ჩვენი ავლა-დიდება და როცა კალათებში ვაწყობდით შემწვარი წიწილის ნარჩენებს და კოკა-კოლას ნაკლულ ბოთლებს ბალახზე ვცლიდით, მისის როჯანის ხმაც შემოგვესმა - თითქოს წეღანდელი სიმღერის გამოძახილი - "ელსი, ელსი!" მისის ვოლფსონმაც იმ ბასისტივით დაიბუბუნა: "გეიბ, გაბრიელ!" ჩვენ კი, ჯერ ისევ ატაცებულებს, გიჟური რიტმით გაბრუებულებს (სულ ცოტა ხნის წინ ქარწაღებული ფოთლებივით რომ ვფარფატებდით), საკუთარი თუ სხვისი გუდა-ნაბადის აკრეფაში გართულთ, აზრადაც არ მოგვსვლია შეშფოთება. აი, სხვა ქალაქში (თუნდაც ჩვენი ქალაქივით პატარაში) ელსი სახლში დაბრუნდებოდა, გაბრიელიც თავისი მშობლების მანქანისკენ წაიზლაზნებოდა და მოსაფერებლად განწყობილ მამილოს შეუღრენდა... და ვიდრე მრგვალღიპიანი ბანჯოს ბუდეში ჩაასვენებდა და ამ ბუდის საკეტს გააჩხაკუნებდა, იმ საშინელებას არ ვიხილავდით. სხვა ქალაქში არ იპოვიდნენ ელსის ესტრადის უკან, მაღალი ხის ქვეშ, სახეზე კაბაწაფარებულს, ყელზე ნაწნავებშემოჭერილს. უნდა გვახსოვდეს... თუმცა, რა "უნდა"? ბიჭების ნათქვამის დავიწყება ისედაც არ შეიძლება! ძლივძლივობით ამოღეჭეს მერე, გაბრიელმა თვითონ გვითხრა, ტრაბახობდაო.
აი, რა მოხდა ტყეში, იმ ესტრადის უკან, მონუსხულივით რომ შევყურებდით. აი, რა მოხდა, როცა მრგვალღიპიანი თავის ჯადოქმნილ ბანჯოს აჟღერებდა და თან მღეროდა: "ელსი, ელსი!"

27.09.2000



© “წიგნები - 24 საათი”

Monday, July 28, 2008

ახალი წიგნები (2005)

ტომ ვულფი, "მე ვარ შარლოტ სიმონსი"
I Am Charlotte Simmons
By Tom Wolfe
Farrar, Straus & Giroux, 676 გვ.


ტომ ვულფი იელის უნივერსიტეტში სადოქტორო თემაზე მუშაობდა. მოულოდნელად მან თავისი გეგმები შეცვალა და ჟურნალისტიკას ჩაუღრმავდა. ე.წ. ახალმა თემებმა გაიტაცა, 60-იანი წლების ამერიკის ამბებს გამოეკიდა – ნარკომოვაჭრეების, მოტოციკლისტების, რადიკალებისა და სხვათა ისტორიებს. მერე ვულფმა რომანების წერას მიჰყო ხელი, რათა თანამედროვეთათვის ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა მოარგო დიკენსის ნაცადი რეალიზმი თანამედროვე ეპოქას. რისკზე წასვლა ვულფისთვის უცხო არ არის. ახალი რომანიც, რომლის სიუჟეტიც ერთ ცნობილ ამერიკულ უნივერსიტეტში ვითარდება, თავისთავად რისკიანი ნაბიჯია. თომას ვულფმა დაუფარავად ამხილა საზოგადოება უმეცრებაში და ნიშნიც მოუგო: აქ ყველაფერი ხდება, თქვენ კი, ბიჭებო, ან ბრმები ხართ, ამას რომ ვერ ამჩნევთ, ან კიდევ ძალიან სულელები. რა, მაინცდამაინც მე უნდა მოვსულიყავი, ეს ამბავი რომ მეამბნა თქვენთვისო?"
რომანის პროტაგონისტი მშვენიერი გოგონა შარლოტ სიმონსია. ის ჩრდილოეთ კაროლინადან ჩამოვიდა, მთიანი მხარიდან. ღარიბია. სტიპენდია 500 დოლარი მთელი სემესტრის მანძილზე უნდა იმყოფინოს. მაგრამ ჭკვიანი ახალგაზრდაა, სჯერა, რომ საუკეთესო მოწაფე იქნება და თავისას მიაღწევს, ჯერ დეპრესიაც არ დაწყებია, მაგრამ... პირველი დარტყმა ახლად შეძენილი მეგობრის რჩევაა - შარლოტის გარდერობი სტუდენტური ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის.
ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესი ხდება: სმა, დამთრგუნველი მუსიკა, ლექცების სისტემატური გაცდენა, მოკლედ, ვულგარულობა და აღვირახსნილი ცხოვრება. შარლოტი შოკშია. "მე ვარ შარლოტ სიმონსი" – ეს არის რომანი შელახულ ქალურ უმანკოებაზე.
ვულფის ახალი რომანი რეპორტაჟული ხასიათისაა: კრიმინალური სამყარო, უვარგისი სასამართლო სისტემა... კირკიტა კრიტიკოსებმა ნაწარმოებს ბევრი ხარვეზი აღმოუჩინეს: დიდი ვერაფერი რეპორტაჟი გამოვიდაო, - თქვეს და იქვე დასძინეს, - გოგონას სულიერი მდგომარეობის სურათიც დამაჯერებელი არ არისო. ეს ვულფის ყველაზე სუსტი რომანია. და თუმცა მწერალი აქაც ჩვეულებისამებრ ამახვილებს ყურადღებას იმ დეტალებზე, რომელიც შეუიარაღებელი თვალისათვის შესაძლოა შეუმჩნეველიც დარჩეს, მაინც ისმის კითხვა: რატომ ცდილობს მწერალი, წმინდა წყლის ჟურნალისტური რეპორტაჟი რომანის ჩარჩოებში მოაქციოს? თუმცა ამას მკითხველი თავად განსჯის.


ჩესლავ მილოში, "მეორე სივრცე" (ახალი ლექსები)
რობერტ ჰასის თარგმანი
Second Space (New Poems)
By Czeslaw Milosz.
Translated by the author and Robert Hass
Ecco/HarperCollins Publishers, 102 გვ.


პოლონელი პოეტი ჩესლავ მილოში იმ კალმოსანთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც პატარა სიყალბესაც კი ვერ ეგუებიან.
მილოშის ბოლო კრებულში - "მეორე სივრცე", რომელიც პოეტმა რობერტ ჰასმა თარგმნა, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ადამიანის შინაგან წინააღმდეგობებს. კრებული ხუთი ნაწილისგან შედგება, ერთი მათგანი "ორფეოსი და ევრიდიკეა" – ლექსი, რომელიც ჩესლავ მილოშმა გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა.
"მე შენ სიყვარულს გეფიცებოდი... ფიცი გავტეხე," - წერს ერთგან პოეტი და იქვე დასძენს, რომ ასაკის მატება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჭკუა გვემატება და უფრო დაბრძენებულები ვხდებით.
"მეორე სივრცე" ადამიანის სულიერ დეგრადაციაზე გვიამბობს. ის ცხოვრებისეული ბილიკი, რომლის გავლასაც აპირებს თითოეული ჩვენგანი სრულიად განსხვავდება იმ ბილიკისაგან, რომელსაც სინამდვილეში გავდივართ.
"ყველაფერი კარგად იყო, სანამ ამ ზღვარის გადალახვას გვაიძულებდნენ," –უბედურების სათავე ის არის, რომ წაიშალა ზღვარი, სიცოცხლესა და სიკვდილს, ომსა და ცივილიზაციას შორის.
ლექსი "მეორე სივრცე" სამოთხესა და ჯოჯოხეთზე დაგვაფიქრებს. "ნუთუ მართლაც დავკარგეთ რწმენა იმ სხვა სივრცეში? ნუთუ სამუდამოდ გაქრა სამოთხეც და ჯოჯოხეთიც?"
"მეორე სივრცე" მწერლის გოდებაა დაკარგული ღირებულებების გამო. კარგად შენიშნა ერთმა კრიტიკოსმა: ამბავი, რომელსაც მილოში გვიამბობს, ჩვენი ამბავია. არა აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ.


სერ ჯონ გილგუდი
"ცხოვრება წერილებში"
რედაქტორი რიჩარდ მანგანი
Sir John Gielgud
A Life in Letters
Edited by Richard Mangan
New York: Arcade Publishing, 564 გვ.


მათ, ვინც XX საუკუნის სცენის მშვენებას, ჯონ გილგუდს პირადად იცნობდა, ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი პირველ რიგში თავისი გულახდილობითა და პირდაპირობით დაამახსოვრდათ, ვის კარგად, ვის – ცუდად. როგორც ამბობენ, გილგუდი ზოგჯერ საკმაოდ მოურიდებელიც კი იყო. თანამედროვენი მისი ცხოვრების ერთ ასეთ ეპიზოდსაც იგონებენ: ნიუ იორკში "ჰამლეტის" პრემიერამ ნამდვილი ტრიუმფით ჩაიარა. პრინციპში ყველა კმაყოფილი დარჩა, გარდა გილგუდისა. ამ უკანასკნელმა სპექტაკლის შემდეგ უამრავ ხალხში ხმამაღლა განაცხადა: საშინელი ჰორაციო მყავდა, და წარბშეკრული მიუბრუნდა იქვე მდგარ ჰარი ენდრიუსს: "ეს შენ იყავი ჰარი..." საბრალო ენდრიუსი... დღესდღეობით ცოცხალი აღარ არის. შეიძლება ითქვას, რომ საბედნიეროდ, თორემ სერ ჯონ გილგუდის ჩანაწერებს რომ წაკითხავდა, გულიც გაუსკდებოდა. განა რომელ მსახიობს გაუხარდება, მასზე რომ დაწერენ: ბრუტუსის როლისათვის უჭკუო იყო, მდაბალი და უსიცოცხლოო. აი, კიდევ სხვათა დახასიათებები: "რებეკა სანიბრუკის ფერმიდან" მერი პოპინსის ელემენტებით – ეს გილგუდის ახლო მეგობარი ლილიან გიში გახლავთ ჯულიეტას ძიძას როლში; რაც შეეხება ვივიენ ლის, ის "ტიტუს ანდრონიკუსში" ქაღალდივითაა, უბრალოდ ქაღალდივით სქელი არ არის; ჯონ ბერიმორი მაქს რაინჰარდტის ფილმში - "ზაფხულის ღამის სიზმარი" "საშინელი მოხუცია, რომელიც ასახიერებს რგოლში მხტომელს"; "სასაცილო პატარა ნერვიული მამაკაცი, კბილის ექიმად ქცეული პროფესორი", არც მეტი არც ნაკლები, ტორნტონ უაილდერი გახლავთ; ედვარდ ოლბი კი "ნამდვილ მეკობრეს" ჰგავს...
გილგუდის წერილები დაუფარავად გადაგვიშლის მსახიობის განცდებსა და შთაბეჭდილებებს. მკითველი ამ წიგნში იმ სიმართლესაც აღმოაჩენს, რაც თავის დროზე საზოგადოებისთვის დამალული იყო.
წიგნის ავტორმა, ბრიტანული თეატრის ისტორიკოსმა რიჩარდ მანგანმა გილგუდის 900 წერილი შეაგროვა და ისე დაალაგა, რომ XX საუკუნის თეატრის ისტორია გაეცოცხლებინა. თეატრის ისტორიის გარდა, ეს წიგნი გილგუდის ერთგვარ პორტრეტსაც წარმოგვიდგენს: დაკვირვებულიც, ცნობისმოყვარეც, აფექტურიც, ჭორებს აყოლილიც, ფეტიშისტიც, თვითკრიტიკულიც, სნობიც...
წიგნის პირველი ნაწილი ნაკლებად დამაინტრიგებელია. ამ ნაწილში ძირითადად ის წერილებია თავმოყრილი, რომლებსაც გასტროლებზე წასული გილგუდი დედას უგზავნიდა ხოლმე. მართალია, ეს წერილები უფრო მოვალეობის მოხდას ჰგავს მშობლის წინაშე, მაგრამ საინტერესოს აქაც ამოიკითხავთ. ავიღოთ, თუნდაც, გრეტა გარბოსთან შეხვედრის ეპიზოდები ან ნიუ იორკული შთაბეჭდილებები. ნიუ იორკი, ერთის მხრივ, გიგანტური მონსტრია, რომელიც ადამიანების შთანთქმას ცდილობს, მეორეს მხრივ კი, საოცრად ლამაზი ქალაქი, ქალაქი, სადაც იციან მეგობრობაც და… შანტაჟიც.
სხვათა შორის, გილგუდის ბიოგრაფებს – შერიდან მორლისა და ჯონათან კროულს – თავიანთ თხზულებებში არც კი შეუტანიათ შანტაჟის ეპიზოდი გილგუდის ცხოვრებიდან, რომელიც თავის დროზე გახმაურდა. რიჩარდ მანგანს კი ამ უხერხული მოგონებისთვის გვერდი არ აუვლია. ეს ამბავი 1959 წელს მოხდა, როცა გილგუდი და მისი პროდუსერი ბროდვეიზე მუშაობდნენ. ვიღაცამ ტელეფონზე დარეკა მუქარით, რომ გილგუდის "ქცევებს" სააშკარაოზე გამოფენდა. "შანტაჟისტი" მსახიობის გეი-კლუბებში ვიზიტებს გულისხმობდა. ბოლოს, როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ სიტყვიერი მუქარა იყო. სამხილი არ არსებობდა. სამხილი გილგუდს მოგვიანებით აღმოუჩინეს და ლონდონში გაასამართლეს კიდეც.
ამ წიგნის გამოსვლისთანავე დაისვა კითხვა, სწორად მოიქცა თუ არა წიგნის ავტორი, ეს ფაქტები რომ გამოგვიმზეურა? ერთნი ერთს ამბობენ, მეორენი – მეორეს. რას გაიგებ. თუმცა წიგნის თვითმიზანი სიმართლის თქმაა და არა ამ ფაქტებით სპეკულირება. ავტორი ცდილობს კიდევ ერთხელ დაგვარწმუნოს გილგუდის პროფესიონალიზმში და მის ერთგულებაში თეატრის მიმართ.
სერ ჯონ გილგუდი, რომლის თამაშსაც კრიტიკოსებმა "მუსიკალური სკერცო" უწოდეს, 96 წლის ასაკში გარდაცვალა. "წარსულს ნოსტალგიით ვიხსენებ და, როგორც ყოველთვის, დიდი სიყვარულით," – წერს ერთ-ერთ ბოლო წერილში.


კეროლ დითე, "ნიცშეს და და ძალაუფლების სურვილი": ელიზაბეტ ფორსტერ-ნიცშეს ბიოგრაფია
Nietzsche's Sister and the Will to Power: A Biography of Elisabeth Forster-Nietzsche
By Carol Diethe
Illinois, 214 გვ.


ვინ იყო ელიზაბეტ ნიცშე? – გასაგებია, ფრიდრიხ ნიცშეს და, - მეტი არაფერი?
წიგნის ავტორი კეროლ დითე შეეცადა სწორედ ამ კითხვაზე გაეცა პასუხი და მკითხველს რამდენიმე ვარიანტიც მიაწოდა: თუ განვაზოგადებთ, ელიზაბეტის ცხოვრება - ეს არის ცხოვრება ბოროტებისა, რომელიც შთაგონებაზე ზეიმობს გამარჯვებას; ელიზაბეტი ძალიან ჰგავს პატარა მხეცს, თავის კვერცხებს რომ მალავს დიდი მხეცის ბუნაგში; ან კიდევ: ელიზაბეტი იმ ბოროტების განსახიერებაა, რასაც შეშლილი ფილოსოფოსი მუდამ ებრძოდა და კიცხავდა თავის ნააზრევში.
ნიცშეს შესახებ ასე თუ ისე რაღაც ვიცით, აი, ელიზაბეტის შესახებ კი ბევრი არაფერი გვსმენია. 50-იანი წლების მიწურულს მეცნიერები ცდილობდნენ ნიცშეს რეპუტაცია ფაშისტური ლაფიდან განეწმინდათ. უკვე მაშინ არაერთხელ ითქვა, რომ ფრიდრიხ ნიცშეს ფაშიზმის აპოლოგეტ ფილოსოფოსად წარმოდგენაში დიდი როლი მის ძვირფას დას მიუძღვის.
კეროლ დითე ბრიტანეთში ფრიდრიხ ნიცშეს ფონდის დამფუძნებელია. მისი აზრით, ნიცშეს სახელს ნათელის მოფენა სჭირდება. ბიოგრაფიული რომანის მიზანიც ესაა: ცხოვრება ქალისა, რომელმაც დიდი ფილოსოფოსის რეპუტაციას ჩირქი მოსცხო. მთავარი ბრალმდებელი ავტორია: "ჩემი მთავარი ბრალდება ელიზაბეტის მისამართით ის არის, რომ მან თავისი ძმის სახელს ჩრდილი მიაყენა. ფაშიზმის სათავეებთან ელიზაბეტი იდგა და არა ნიცშე. ექსპერტების გარდა, ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ფილოსოფოსი მთელი 35 წლის მანძილზე თავისი დის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა." დითემ ძალიან ბევრი იმუშავა ნიცშეს არქივზე.
ელიზაბეტის საქციელს ავტორი რამდენიმე ახსნას უძებნის, ფემინისტურ შეხედულებებს, არასაკმარის ცოდნას და კიდევ ქალის გაუცნობიერებელ ლტოლვას საკუთარი ძმისადმი. ეს ყველაფერი გახდა მიზეზი იმისა, რომ "ზარატუსტრა" ფაშისტურ იდეოლოგიად გასაღებულიყო.
ფრიდრიხსა და ელიზაბეტს შორის კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა ნიცშემ თავის ნაშრომებში ათეისტური შეხედულებები გამოამჟღავნა. სხვათა შორის, ფროიდი ნიცშეს შესახებ წერდა: არავინ იცნობდა საკუთარ თავს ისე კარგად, როგორც ნიცშე. მაგრამ მას ძალიან უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებაო.
მერე ელიზაბეტი ცოლად გაჰყვა ბერნარდ ფორსტერს, ფაშისტსა და საშინელ ანტისემიტისტს, რომლის ოცნებას მაშინ შეესხა ხორცი, როცა შეიქმნა ნუევა გერმანია, არიული კოლონია პარაგვაიში. ნიცშე სიძის იდეალებს სიხარულით ნამდვილად არ შეხვედრია...
როცა ელიზაბეტმა ძმის ჭკუიდან შეშლის ამბავი გაიგო, დედას მისწერა: "მე კარგი ცოლი ვარ, ყველა ტვირთი სიამოვნებით ვზიდე, არასოდეს ვფიქრობდი საკუთარ თავზე, მხოლოდ ბერნსა და კოლონიაზე ვზრუნავდი. მაგრამ ამ ბოლო ხანს ჩემს თავზეც დავფიქრდი. ერთხელ, როცა თვალის ინფექცია შემხვდა და მეორედ, როცა ეს დიდი უბედურება მოხდა. მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ ბერნი საშინელი ეგოისტია."
სან ბერნადინოში, სასტუმროში, ბერნარდმა თავი მოიწამლა. ელიზაბეტი გათავისუფლდა და შინ დაბრუნდა. ასე გახდა ელიზაბეტ ფორსტერ-ნიცშე ძმის არქივის მეპატრონე (თომას მანი, შპენგლერი და რომენ როლანი ამ ფაქტით აღშფოთებას ვერ მალავდნენ). შეშლილი ფილოსოფოსის მონახულება მსურველებს მხოლოდ მისი ნებართვით შეეძლოთ. რუდოლფ შტაინერმა სცადა ელიზაბეტისთვის ნიცშეს ფილოსოფია ესწავლებინა, მაგრამ უშედეგოდ. ქალმა ვერაფერი გაიგო.
ელიზაბეტი 1935 წელს გარდაიცვალა. დაკრძალვას ჰიტლერიც ესწრებოდა. ელიზაბეტი "ერთიან გერმანიის ქურუმად" შერაცხეს. იმასაც ამბობენ, მესაფლავეებს შეეშალათ და და-ძმის საფლავების წარწერები აერიათო.





© “წიგნები - 24 საათი”

ლელა სამნიაშვილი

ყინულის დედოფლის დაბრუნება

ფიფქის ღმერთებო, თეთრო მწერებო,
რომ ამოავსეთ ჩემი ჰაერი,
რომ დამასიეთ ქარის მწევრები
და ლოლუები ათასნაირი,

რომ დამიწინწკლეთ, გამომიძენძეთ
მოსასხამები ფართხუნა ჩრდილის,
ყვრიმალებზე რომ გამომიძერწეთ
სხვა ყვრიმალები – ყინულის ცვილით,

რომ მომაცილეთ ძვირფასი ბაგე -
ჩემი სახელით ჰაერს რომ ორთქლავს,
ჩამომაშორეთ გრძნობების ბარგი
და ბარათების უმიზნო მოთქმა,

რომ გამიბრწყინეთ ნახშირი – კვნიტად –
ყინულის – თვალში; გულის – ორივე –
გასაღებიც და პაწია კლიტეც –
ხელუკუღმა რომ მომასროლინეთ, -

კიდევ, რას ითხოვთ? ზამთრის სარკმლებსაც -
შევეგუები მშვიდად; გულადად -
ვიტოვებ მხოლოდ - წიგნებს და სარკეს,
მზესაც ველევი – სიყვარულამდე.


მოაზროვნე


ზართუხუცესის კუზის ქვეშ ფრთები
ალბათ თეთრი და მსუბუქი იყო.
ვოცნებობ მათზე. ჩემი ფრთები ქვისაა –
ნათელ ღამეებში უბუდო ჩიტებს
იზიდავს მხოლოდ. გიგანტური,
მძიმე ზარები დაცურავენ ჰაერში –
ჩემთან შედარებით უსხეულოებს გვანან ისინიც.
ხორცის მფეთქავი ლოყებიდან არ ვიცილებ
ქვის ხელისგულებს, და ქვის ენას ვუყოფ
თანაბრად – ტურისტებს და საუკუნეებს.
მოხიბლულები არიან ჩემი ძველი ხელობით,
და შენც – მოელი ქვის გონებაში
ფიქრის ალმასად დაკრიალებას...

უფალო, ჩემში არ შეცვლილა არაფერი
მას შემდეგ რაც აქ მომათავსე;
და ერთმანეთს კვლავ არაფერს ვეუბნებით
მე და ცხოვრება – ტაძრის მიღმა რომ მისრიალებს.


* * *

ჟალუზის ცალი ქუთუთოს მიღმა
წელსაც მიბრწყინავს გოლდენ გეითი.
მე კი - პატარა ქალაქი მიყვარს -
მღვრიე ზღვითა და ჟანგიან გემით.
როდესაც გიხსნი, რად მიყვარს იგი -
სათვალეს იხსნი და ამბობ – სორრი;
და იახტების წინწკლები - ირგვლივ -
მატულობს, ვიდრე შორს გადასროლილ -
ჩინელი ბიჭის ანკესს ამოსდევს -
ჰაერში - ღამის თეთრი ბრჭყალები.

სორრი, - გტოვებ და დიდხანს ჩავყურებ -
ვედროს ვარსკვლავებს – სველ კიბორჩხალებს.


***

მარტოობა ადგილია ორისათვის.

შენ უზიხარ მაგიდას და თეორემას;
ფურცლებით და ციფრებით და ისრებით
დრო ამოევსო პატარა საათს.

მე სავარძელზე ვზივარ, და შენი
პერანგის თეთრ საყელოზე -
რას აღარ წერენ ჩემი თვალები.

მე მსურს მომხედო
და სახეზე გიბრწყინავდეს ჩემი სტრიქონი.

შენ გსურს მომხედო
და მე აქ ვიყო – პოეზიის გარეშე, შენთვის.


***
რა მოთმინებით მიყვებიან ცხვრები – თავდახრით –
საძოვრებს ბაცი დღეების თუ მჭკნარი ბალახის;
ბილიკი წყალთან მიიყვანს თუ ხევში გადაყრის
ზანტ ფარას, - ბოლოს გაწყალებად გულის არცა ღირს
ამაზე ფიქრი. კაციც უხრის მტერს თუ საყვარელს
თავს, - გრძნობის კრუნჩხვებს სასიკვდილოდ არასდროს არ სცნობს,
ოღონდ, ვიღაცას უნაწილოს მიწის სახრავი
ძვალი და ხორცი, სიმარტოვეს რომ გამოსტაცოს
თავი. და ქვეყნებს – იარლიყის ელვა, სახელი –
თავს ახრევინებს სხვა ქვეყნებთან. ამბავი გრძელი
არის მარტივი: არის ყველა თავის დამხრელი
და ამაყია ან უგნური, ან კიდევ ბრძენი.

თუმცა, ვერც ბრძენი უერთგულებს ამაზე წუხილს
და თავს, თავმდაბლად, წიგნებსა და ყვავილებს უხრის.


* * *
პლასტმასის ღმერთები თითებს მიჭამენ –
ყოველდღე მიაქვთ თითო წერილი..
ვისაც ვუყვარდი და არ ავირჩიე –
იმისი ტუჩებით ვარ დაწყევლილი.
და უშენობაც, აი, ასეთია –
თან დაგაქვს ჩემი ხელის მტევანი;
არადა, თითქოს ხელზე მაბია -
იმის გაქრობას მამჩნევს ვერავინ,
რადგან ვიღიმი, ზაფხულის ფერებს
გავყურებ წყნარად და ვაკვირდები –
ნისკარტის ბგერით თუ სისწრაფით ფრენის –
როგორ ირჩევენ ერთმანეთს ჩიტები.


ბედნიერება

მაინც, რა არის ბედნიერება?
ოდესმე თუ დაგვემართება?

თაფლიანი ჭიქა – ლამაზად –
ამოგვყურებს მე და შენ, მაგრამ
ფუტკრის მკვდარი სხეული,
როგორც თვალის გუგა –
გულში უბრწყინავს.

ვერცხლის კოვზი მომაწოდე,
ოქროსფერ ფრთებს
ფრთხილად მოვაცლი,
რომ შენმა ბაგემ თავისუფლად
მოსვას თაფლი ჩვენი ჭიქიდან.

მაგრამ ერთხელ მაინც დახედე –
ბედნიერების ამ ღმერთს, პატარას –
ასე მკვდარი რომ მოჩანს თაფლში,

რათა თავისი არსებობა დაგვიმტკიცოს,
რათა დაგვატკბოს.


© “წიგნები - 24 საათი”

Wednesday, July 16, 2008

ახალი წიგნები (ივლისი, 2007)

დორის ლესინგი
"ბზარი"
Doris Lessing
“The Cleft”260გვ, Fourth Estate



სადღაც, ოდესღაც, ზღვის პირას სახლობდნენ ქმნილებები, რომლებიც მდედრობითი სქესის უჩვეულო, უცნაურ არსებებს ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არცერთი არ იყო მამრი, მათ ბავშვები უჩნდებოდათ - პართეროგენეზის პრინციპით მრავლდებოდნენ. აჩენდნენ ბავშვებს, აწოვებდნენ ძუძუს, ხანდახან ახალგაზრდა მდედრს მაღალი კლდიდან აგდებდნენ - მსხვერპლშეწირვის მიზნით... ერთი სიტყვით, არაფერი აღელვებდათ და მშვიდად, უზრუნველად ცხოვრობდნენ. თუმცა, მათი სიმშვიდე დაირღვა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ მდედრს მეტად უცნაური ახალშობილი გაუჩნდა - პატარას სხეულზე ის დეტალი ჰქონდა, რომელიც აქამდე მათს შორის არავის ენახა... ამბავი რომაული სამყაროს ერთ-ერთი მისტიური მანუსკრიპტიდანაა, „ბზარი“ კი ამ ამბის დორის ლესინგისეული ინტერპრეტაციაა, შიგადაშიგ ავტორის კომენტარებითა და მოკრძალებული ავტობიოგრაფიული ელემენტებით.


ჰარუკი მურაკამი
“სიბნელის შემდეგ”
Haruki Murakami
“After Dark”
191გვ, Harvill.



იმისთვის, რომ ღამე ჩვეულებრივი და მოსაწყენი არ გახდეს, მას მოჯადოება სჭირდება. ტოკიოს სადღეღამისო კაფეებისა და სიყვარულისათვის განკუთვნილი სასტუმროების ნოქტურნული ატმოსფერო - ეს უკვე ის მისტიკაა, რომლითაც ღამეული სიბნელე იქით გაჯადოებს. “შუაღამით დრო თავისი განსაზღვრული სტილით მიედინება. მას ვერ შეებრძოლები”, - ამბობს ქალაქის ერთ-ერთი პატარა და მყუდრო ჯაზ-ბარის მენეჯერი, რომლის უკანაც, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და თვით ჰარუკი მურაკამის აჩრდილი არ შენიშნო. “სიბნელის შემდეგ” - ეს ის რომანია, რომლითაც მწერალი ღამესთან შიშისმომგვრელ მეტაფიზიკურ ნაძლევს დებს, და რომელსაც ჰარუკი მურაკამის თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებოდით.


დონ დელილო
“კაცი, რომელიც ვარდება”
Don DeLillo
“Falling Man”246გვ, Picador



გავრცელებული მოსაზრებით, ხელოვანები ყველაზე უფრო ახლოს არიან ადამიანების კოლექტიურ ქვეცნობიერთან და შემოქმედებითი პროცესის დროს საკმაოდ ხშირადაც მიმართავენ მას. თუმცა, ის, რაც დონ დელილომ შეძლო, მხოლოდ ქვეცნობიერზე დაფუძნებული გათვლები არ არის - ვაშინგტონსა და ნიუ-იორკზე თავდასხმების წინასწარ აღწერას თავისუფლად შეიძლება, წინასწარმეტყველებაც ვუწოდოთ. “კაცი, რომელიც ვარდება” 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტზე გვიამბობს; მაშინ, როცა ხალხმა ამ თავდასხმების შესახებ გაიგო, პირველი სახელი, რაც გონებაში ამოტივტივდა, დელილო იყო. თავად მწერალი კი, შეკითხვაზე, თუ როგორ გაართვა ასეთი შინაარსის წიგნის დაწერას თავი, მშვიდად პასუხობს: “როგორ და, ძალიან მოკრძალებულად.”


პოლ ოსტერი
ლექსების კრებული
Paul Auster
Collected Poems
208გვ, Faber.



პოლ ოსტერმა მკითხველის ყურადღება პირველად 80-იან წლებში, თავისი მისტიური დეტექტივებით, “ნიუ იორკის ტრილოგიით”, მიიქცია. ახლა კი მისი ლექსების კრებულიც გამოვიდა, რომელშიც 1967 წლიდან დღემდე დაწერილი პოეტური ნაწარმოებებია შესული. ბუნებრივია, რომ ისინი, ვინც უკვე ოსტერის რომანებს იცნობს, მისი ლექსების წაკითხვისას მწერლის ლიტერატურული წარმოსახვის განვითარების შესახებ დასკვნების გამოტანას მოისურვებენ, და შეიძლება, უკვე ფიქრობენ კიდეც, რომ მის პოეტურ ნაწარმოებებში ოსტერის, როგორც რომანისტის, ხელწერას შენიშნავენ, მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლექსებში მინიმალური დოზითაა ნარატივი. პირიქით - ოსტერის პოეზია ევროპული რომანტიზმის მოდელის გავლენას განიცდის.


ვოლე შოიინკა
“ამოთქვი მზის ამოსვლისას. მემუარები.”
Wole Soyinka
“You Must Set Forth at Dawn: A Memoir”
626გვ, Methuen, in association with Bookcraft.



ერთ-ერთი აფრიკული სიბრძნის მიხედვით, როდესაც ადამიანი უფროსის სტატუსს უახლოვდება, ის ბრძოლაში ჩართვისაგან თავს იკავებს. ვოლე შოიინკა კი, მიუხედავად იმისა, რომ მას გაჭაღარავებული თმა და თეთრი წვერი სხვა აფრიკელი ასაკოვანი მწერლებისაგან ყველაზე მეტად გამოარჩევს, ჯერაც არ აპირებს კალმის დადებას. მის წიგნს ახლა უკვე მემუარების სახე აქვს და შიგ ნობელიანტი მწერლის შემოქმედებითი თუ პოლიტიკური მოღვაწეობის საინტერესო ფაქტებია თავმოყრილი. “იყო დრო, როცა ვერავინ იფიქრებდა, რომ ნიგერია, როგორც პოლიტიკური ერთეული, დღეს კიდევ იარსებებდა”, - აღნიშნავს შოიინკა თავისი მემუარების დასაწყისში. იგი სწორედ ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ათასებისა და ათიათასების ვარაუდი ნიგერიის არსებობა-არარსებობის შესახებ არ გამართლდა. როგორი იყო გზა სახელმწიფოებრიობამდე, როგორ ემატებოდა ნიგერიას სასიცოცხლო ძალები - ამ ყველაფერს ვოლე შოიინკა თავის ახალ წიგნში გვიყვება.


ა.დ. ნათალი
“შექსპირი - მოაზროვნე”
AD Nuttall
“Shakespeare the Thinker”
448გვ, Yale



მაშინ, როცა ახალ ლიტერატურულ კრიტიკაში შექსპირის ხელოვნების ნაკლებ სიღრმისეულად მიჩნევის ტენდენციები შიემჩნევა; როცა თანდათან მყარდება შეხედულებები, რომ შექსპირი თავისი დროის კლიშეებით წერდა და ამას თან მისი რასიზმი, სექსუალურ უმცირესობაში ყოფნისგან გაჩენილი ფსიქოლოგიური დარღვევები ემატებოდა, ნათალი სრულიად საპირისპიროს გვიჩვენებს - პროფესორის კვლევის ობიექტი გაცილებით უფრო განათლებული, სიღრმისეულად მოაზროვნე და ტოლერანტი იყო, ვიდრე მისი 21-ე საუკუნის მკითხველები არიან. ნათალის კვლევა შექსპირის შემოქმედების ინტელექტუალურობაზე მისი საკმაოდ წარმატებული კარიერის დამაგვირგვინებელია. იგი უკვე არაერთი ნაშრომის ავტორია შექსპირის შესახებ.


© “ცხელი შოკოლადი”

Tuesday, July 15, 2008

მალხაზ ხარბედია



­­­­ერნსტ იუნგერის ბილიკებ­ზე

საბ­ჭო­თა კრი­ტი­კა ყო­ველ­­ვის დი­დი მონ­დო­მე­ბით ას­რუ­ლებ­და მმარ­­ველ­თა და­ვა­ლე­ბას - შე­ექ­­ნა მტრის ხა­ტი. ამ კამ­პა­ნი­ას "შე­­წი­რა" ერნსტ იუნ­გე­რიც, მე-20 სა­­კუ­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ლო­სო­ფო­სი და მწე­რა­ლი. 1992 წლამ­დე მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა თით­­მის არ ით­არ­­­ნე­ბო­და რუ­სულ ენ­­ზე, სა­ქარ­­ვე­ლო­ში კი მას­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლიც კი არ და­ბეჭ­დი­ლა. ქარ­­ვე­ლი მკითხ­ვე­ლის­­ვის დღემ­დე უც­ნო­ბი დარ­ჩა შე­მოქ­მე­დი, რო­მელ­მაც დი­დი რო­ლი ით­­მა­შა თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფი­­რი და მხატ­­რუ­ლი აზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

"სუ­ლის ავ­ან­ტი­­რა", "უნ­­ვერ­სა­ლუ­რი სიმ­ბო­ლო" - ასე უწ­­დებ­­ნენ მის წიგ­ნებს და­სავ­ლეთ­ში, ჩვენ­ში კი იგი მი­ლი­ტა­რის­ტად, ან­ტი­ჰუ­მა­ნის­ტად, ნე­­ნა­ცის­ტად მო­ნათ­ლეს, მო­აზ­როვ­ნედ, ვინც "სი­ცოცხ­ლის ფი­ლო­სო­ფია" ფა­შიზ­მის სამ­სა­ხურ­ში ჩა­­ყე­ნა.

* * *

ერნსტ იუნ­გე­რი 1895 წლის 29 მარტს და­­ბა­და ქ. ჰა­­დელ­ბერ­­ში. მე­ოც­ნე­ბე, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ყმაწ­ვი­ლის­­ვის მი­­ღე­ბე­ლი იყო ის შეზ­ღუდ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შინ თუ გა­რეთ უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და მას, მთე­ლი თა­ვი­სი სი­სავ­სით შე­ეგ­­­ნო ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მეც­ნე­ბის თვა­ლის­მომ­­რე­ლი მომ­ხიბ­­ლე­ლო­ბა, გა­­გო ბუ­ნე­ბა­სა და ად­­მი­ან­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის არ­სი. 15 წლი­სა გა­ტა­ცე­ბით კითხუ­ლობ­და დოს­ტო­ევ­­კის რო­მა­ნებს, თხზავ­და მცი­რე ზო­მის ნა­წარ­მო­­ბებს. 18 წლის ას­აკ­ში კი მე­ამ­ბო­ხე, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ახ­ალ­გაზ­­და სახ­ლი­დან გა­იქ­ცა და ალ­ჟი­რის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში გან­ლა­გე­ბულ გერ­მა­ნი­ის არ­მი­ის ერთ-ერთ ლე­გი­ონ­ში და­იწყო სამ­სა­ხუ­რი. მაგ­რამ მის რო­მან­ტი­კულ ოც­ნე­ბას ჯერ გან­ხორ­ცი­­ლე­ბა არ ეწ­­რა (საქ­მე­ში მა­მა ჩა­­რია და იგი შინ და­აბ­რუ­ნეს), ამ­ის­­ვის სა­ჭი­რო იყო დი­დი, სე­რი­­ზუ­ლი გა­მოც­და, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომ­ის სა­ხით მო­ევ­ლი­ნა სამ­ყა­როს. ფრონ­­ზე მო­ხა­ლი­სედ წა­სუ­ლი 19 წლის იუნ­გე­რი სას­წა­­ლით გა­და­ურ­ჩა სიკ­­დილს. და­მან­­რე­ველ­მა ომ­მა, ამ ომ­ში მი­ღე­ბულ­მა 14-მა ჭრი­ლო­ბამ (რის­­ვი­საც პრუ­სი­ის უმ­აღ­ლე­სი ჯილ­დო გა­და­­ცა) მას­ში ახ­­ლი ად­­მი­­ნი შვა, სა­კუ­თარ თავ­ში ახ­­ლი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­­ჩი­ნა, ას­წავ­ლა "სტე­რე­ოს­კო­პუ­ლი ხედ­ვა", უნ­­რი, რო­მე­ლიც მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­უცხო­­ბის სა­შუ­­ლე­ბას იძ­ლე­­და. აქ­­დან იწ­ყე­ბა მი­სი ყა­რი­ბო­ბა, ამ წლებ­ში გა­იც­ნო იგი მსოფ­ლი­ომ, რო­გორც ნი­ჭი­­რი მწე­რა­ლი.

პირ­ვე­ლი წიგ­ნი "ფო­ლა­დის ქა­რიშ­­ლებ­ში" 1920 წელს გა­მო­ვი­და და ორ­­­დე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­­მის ყვე­ლა ევ­რო­პულ ენ­­ზე ით­არ­­­ნა. გან­­­ვა­ვე­ბით სხვა გერ­მა­ნელ მოღ­ვა­წე­თა­გან, პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში და­მარ­ცხე­ბა იუნ­გერს არ გა­ნუც­დია რო­გორც კა­ტას­­რო­ფა, გერ­მა­ნუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის აღ­სას­რუ­ლი. სა­ლო­ნუ­რი პე­სი­მიზ­მის სა­პი­რის­პი­როდ, მას ეს ომი მი­აჩ­­და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­­ლი პრო­ცე­სის გა­დამ­წყ­ვეტ მო­მენ­ტად, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მნიშ­­ნე­ლო­ბით საფ­რან­გე­თის რე­ვო­ლუ­ცი­­ზე მაღ­ლა იდ­გა. დღი­­რე­ბის სა­ხით და­წე­რილ წიგ­­ში იგი ომ­ის ყო­ველ­­ღი­­რო­ბის აღ­წე­რას­თან ერ­თად მის მის­ტი­კურ მხა­რე­ზე მი­­ნიშ­ნებ­და, აღ­­­რებ­და მის სტი­ქი­ურ, პირ­ველ­ყო­ფილ ბუ­ნე­ბას. ომი, ესაა "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნგრე­ვის პრო­ცე­სი", უნ­­ვერ­სა­ლუ­რი მო­დე­ლი, რო­მელ­შიც ად­­მი­­ნის­­ვის ნა­თე­ლი ხდე­ბა კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის არ­სი.

იუნ­გე­რი აზ­როვ­ნე­ბის ახ­ალ წესს ირ­ჩევს, კლა­სი­კუ­რი გერ­მა­ნუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის იდ­­­ლებს ნიც­შე­სა და შპენ­­ლე­რის სიმ­ბო­ლო­თა სამ­ყა­რო­თი ცვლის, ცნე­ბით აზ­როვ­ნე­ბას კი - მი­თო­ლო­გი­­რი ხა­ტე­ბით. მი­სი წიგ­ნი "ომი, რო­გორც ში­ნა­გა­ნი გან­­და" (1922) ომ­ის სიღ­­მი­სე­­ლი გა­აზ­რე­ბაა და არა ძა­ლა­დო­ბის აპ­­ლო­გია. კრი­ტი­კულ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ბურ­ჟუ­­ზი­­სა და 20-30-იანი წლე­ბის მმარ­­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მი­მართ, კი­დევ უფ­რო გა­აღ­­მა­ვა მას­ში "ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა გა­და­ფა­სე­ბის", "ტო­ტა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის" (ასე ერქ­ვა სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც 1930 წელს და­­ბეჭ­და) აუც­­ლებ­ლო­ბის რწმე­ნა. ძველ­თუძ­ვე­ლე­სი "პრო­ფე­სია-მჭვრე­ტე­ლი", მის­­ვის დრო­მოჭ­მუ­ლი მი­თე­ბის და­საძ­ლევ იარ­­ღად იქ­ცა, თუმ­ცა იუნ­გე­რის ზო­გი­ერ­თი თვალ­საზ­რი­სი ნა­ცის­ტებ­მა მი­­სა­კუთ­რეს და იდ­­­ლო­გი­­რი სტე­რე­­ტი­პე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­­ვის გა­მო­­ყე­ნეს. 1932 წელს იუნ­გე­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო გახ­მა­­რე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­­რი ნაშ­რო­მი გა­მო­ვი­და - "მუ­შა, ბა­ტო­ნო­ბა და ხა­ტი", წიგ­ნი, რო­მე­ლიც ის­­ვე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე ნიც­შეს თხზუ­ლე­ბე­ბი, ვერ გა­­გეს, ვერ შე­­ფა­სეს. "მუ­შა" არ გა­ნა­სა­ხი­­რებს გარ­­ვე­ულ ფე­ნას, სო­ცი­­ლურ ჯგუფს ან კლასს, მას არ­­ნა­­რი კავ­ში­რი არა აქვს არ­სე­ბულ სო­ცი­­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­თან, იგი ყოვ­ლის­მომ­­ვე­ლი სიმ­ბო­ლოა, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი ხა­ტი, რო­მელ­მაც ახ­­ლი ცნო­ბი­­რე­ბის გა­მოღ­ვი­ძე­ბას­თან ერ­თად, ახ­­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბი უნ­და აამ­ოძ­რა­ვოს. "მუ­შა" - ესაა სი­ცოცხ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­­ლო­ბის უარ­ყო­ფა, ნიც­შე­სე­­ლი Amor Fati, მსხვერ­­ლი, რო­მელ­მაც ად­­მი­ანს უნ­და სძლი­ოს. მე­­რე სა­ხე, რო­მე­ლიც "მუ­შა­ზე" გამ­­ლე აღ­მოჩ­­და, "მე­­მა­რია", "სიკ­­დი­ლის ჟონ­­ლი­­რი", რო­გორც მას თა­ვად მწე­რა­ლი უწ­­დებს. მას­ზე მსჯე­ლო­ბას იუნ­გე­რი სო­ცი­­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის ჩა­მოთ­­ლით იწ­ყებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ფე­ნა­თა შო­რის საზ­­­რის მოშ­ლით, თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა პრი­ვი­ლე­გი­­ბის შეზ­ღუდ­ვით ქრე­ბა ცნე­ბა "მე­­მარ­თა კას­ტა". ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა აღ­­რაა შე­­­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხის გარ­­ვე­­ლი ჯგუ­ფის მო­ვა­ლე­­ბა. პრი­ვი­ლე­გია, რო­მე­ლიც ად­რე პრო­ფე­სი­­ნალ მე­­მარს ეკ­უთ­­ნო­და, ახ­ლა ყვე­ლას მო­ვა­ლე­­ბად იქ­ცე­ვა, ყვე­ლა­სი, ვი­საც ხელ­ში იარ­­ღის და­ჭე­რა შე­უძ­ლია.

ეს წიგ­ნი ("მუ­შა...") იმ­თა­ვით­ვე ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი წრე­­ბის ყუ­რად­ღე­ბის ცენ­­­ში მო­ექ­ცა. მარ­ტინ ჰა­­დე­გერ­მა იგი თა­ვი­სი სე­მი­ნა­რე­ბის თე­მად აირ­ჩია 1939-40 სას­წავ­ლო წელს ფრა­­ბურ­გის უნ­­ვერ­სი­ტეტ­ში. ზოგ­მა კი იგი არ მი­­ღო, ნა­წილ­მა "ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის აპ­­ლო­გი­ის­­ვის", ნა­წილ­მა კი მი­სი­ვე აღ­სას­რუ­ლის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის­­ვის (რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ფა­შის­ტურ­მა გა­ზეთ­მა "ფოლ­კი­შერ ბე­­ბახ­ტერ­მა"). 1967 წელს მარ­ტინ ჰა­­დე­გე­რი­სად­მი მი­წე­რილ ერთ-ერთ პი­რად წე­რილ­ში იუნ­გე­რი წერ­და: "წიგ­ნი, არ­სე­ბი­თად, მხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მორ­ჩათ, ვერ შე­ამ­­ნი­ეს მას­ში გა­მოთ­­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბი და პროგ­ნო­ზე­ბი", რო­მელ­თა აღს­რუ­ლე­ბა, თურ­მე წიგ­ნის გა­მოს­­ლი­დან ერ­თი წლის შემ­დეგ, 1933 წელს უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო.

ერნსტ იუნ­გე­რი­სა და ნა­ცი­­ნალ-სო­ცი­­ლის­ტე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ბევ­რი და­წე­რი­ლა, მაგ­რამ ერ­თი კი და­ნამ­­ვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, იგი ყო­ველ­­ვის თავს არ­­დებ­და ფა­შის­ტურ წრე­ებ­თან თა­ნამ­­რომ­ლო­ბას. ორ­ჯერ, 1927 და 1933 წელს, უარ­ყო რა­იხ­­ტა­გის დე­პუ­ტა­ტო­ბა ნა­ცი­­ნალ-სო­ცი­­ლის­ტუ­რი პარ­ტი­­დან, ხო­ლო მა­თი სა­თა­ვე­ში მოს­­ლის შემ­დეგ კი უარი გა­ნაცხა­და წი­ნა­და­დე­ბა­ზე, გამ­­და­რი­ყო გერ­მა­ნი­ის აკ­­დე­მი­ის წევ­რი (რო­მელ­შიც აღ­­რა­ვინ იყო მუნ­დირ­ში გა­მოწყო­ბილ "ხე­ლო­ვან­თა" გარ­და). თუმ­ცა, 1939 წელს იგი ვერ­მახ­ტის ოფ­იც­რად გვევ­ლი­ნე­ბა და მე­გო­ბარ­თა დახ­მა­რე­ბით პა­რიზ­ში ახ­ერ­ხებს დარ­ჩე­ნას სა­­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­­ლის შტაბ­ში. აქ პა­რი­ზის შე­მოქ­მე­დე­ბით ელ­­ტას უახ­ლოვ­დე­ბა: პი­კა­სოს, ბრაკს, კოკ­ტოს, სე­ლინს, გა­ლი­მარს და უერთ­დე­ბა შეთ­­მუ­ლი ოფ­იც­რე­ბის ჯგუფს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც 1944 წლის 20 ივ­ლი­სის შეთ­­მუ­ლე­ბას შე­­წი­რა. სწო­რედ ამ შეთ­­მუ­ლე­ბის­­ვის მზა­დე­ბა გახ­და მი­ზე­ზი იუნ­გე­რის "მივ­ლი­ნე­ბი­სა" კავ­კა­სი­­ში 1942-43 წლის ზამ­თარ­ში, გე­ნე­რალ-ფელ­­მარ­შალ ერ­ვინ რო­მე­ლის ბრძა­ნე­ბით. სა­­დუმ­ლო და­ვა­ლე­ბა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც მას ევ­­ლე­ბო­და, შემ­დე­გი იყო: გა­­გო, მზად­დე­ბო­და თუ არა მსგავ­სი შეთ­­მუ­ლე­ბა სტა­ლი­ნის წი­ნა­აღ­­დეგ საბ­ჭო­თა გე­ნერ­ლე­ბის მი­ერ და მზად იყო თუ არა რუ­სუ­ლი მხა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბის­­ვის, რა­თა ორ­­ვე ქვე­ყა­ნა­ში ტი­რა­ნია ერთ­­რო­­ლად დამ­ხო­ბი­ლი­ყო. იმ­ედ­გაც­რუ­­ბუ­ლი მწე­რა­ლი უკ­ან ბრუნ­დე­ბა, მუ­შა­ობს ახ­ალ წიგ­ნებ­ზე, ზე­დი­ზედ გა­მო­დის მი­სი "კავ­კა­სი­­რი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი", "მშვი­დო­ბა" (1945), "ენა და სხე­­ლის აგ­­ბუ­ლე­ბა" (1947), 1941-48 წლე­ბის დღი­­რე­ბი ("გა­მოს­ხი­ვე­ბა"), წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მობ­რუ­ნე­ბის წერ­ტი­ლად იქ­ცა იუნ­გე­რის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

ომ­მა, ჰიტ­ლე­რის მა­გა­ლით­მა, მას და­­ნა­ხა ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის ჭეშ­მა­რი­ტი ბუ­ნე­ბა და და­არ­­მუ­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­როვ­ნე­ბის მნიშ­­ნე­ლო­ბა­ში. ამ მსოფ­­­ხედ­ვე­ლობ­რივ ევ­­ლუ­ცი­­ზე მეტყ­ვე­ლებს რო­მა­ნი "ჰე­ლი­­პო­ლი­სიც" (1949), რომ­ლის ან­ტი­­ტო­პი­­რი სამ­ყა­რო თა­ნა­მედ­რო­ვე­­ბის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცე­ვა, სამ­ყა­რო, რომ­ლის პროგ­რე­სი ეფ­ექ­ტუ­რი მომ­წამ­ლა­ვი ნივ­თი­­რე­ბის შექ­­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ რო­მან­ში ავ­ტო­რი ქუ­რუ­მია, რო­მე­ლიც წარ­სუ­ლის აჩრ­დი­ლებს მსხვერ­­ლად წი­რავს ახ­­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­­მი­­ნის და­ბა­დე­ბას: "თა­მაშ­მა უნ­და ამ­­წუ­როს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მხო­ლოდ მა­შინ შევ­­ლებთ შე­უძ­ლე­ბელს. ჩვენ ვე­ძებთ მათ, ვინც მარ­ცხი გა­ნი­ცა­და კა­ტას­­რო­ფა­ში. ვე­თან­­მე­ბით ზა­რა­ტუს­­რას მოძღ­­რე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ად­­მი­­ნი ზე­კაც­მა უნ­და ძლი­ოს. ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ მის მოძღ­­რე­ბას არა ეთ­­კუ­რი, არ­­მედ ის­ტო­რი­­ლი აუც­­ლებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი კი, ად­­მი­­ნის მი­ერ ზე­კა­ცის და­მარ­ცხე­ბაა, ბრძო­ლა, რო­მელ­შიც ად­­მი­­ნი უმ­აღ­ლეს ძა­ლა­უფ­ლე­ბას მო­­პო­ვებს".

სი­კე­თე ტკი­ვი­ლი­თა და შეც­დო­მე­ბით, და­ნა­შა­­ლი­თა და მსხვერ­­ლით მი­იღ­წე­ვა. დი­დი ად­­მი­­ნე­ბი დიდ შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ. მა­თი გა­აზ­რე­ბა კი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ სა­ვა­ლი გზის საწყი­სია, გზი­სა, რო­მე­ლიც ყო­ველ­­ვის ტყე­ზე, ჩრდილ­ში გა­დის. იუნ­გე­რის "ტყის ბი­ლი­კი" (1951), ის­­ვე რო­გორც ნი­კო­ლა კუ­ზე­ლის "ვე­ლი", ან მარ­ტინ ჰა­­დე­გე­რის "თემ­შა­რა", "ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის მო­ნიშ­­ნაა, რო­მე­ლიც მუ­დამ უნ­და გა­ნახ­­დეს", პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფალ ად­­მი­ანს შე­უძ­ლია იკ­ის­როს.

სიკ­­დი­ლამ­დე (გარ­და­იც­ვა­ლა 1998 წელს) რამ­დე­ნი­მე წლით ად­რე იუნ­გერ­თან ახ­­ლი სამ­ყა­როს დი­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მივ­ლენ, მაგ­რამ არა რო­გორც კე­ის­რე­ბი, არ­­მედ რო­გორც ხელ­გა­­ტე­ხა­ვი, ახ­ალ­ბე­და მო­წა­ფე­ნი ყა­რი­ბო­ბით დაღ­ლილ ზა­რა­ტუს­­რას­თან.

© “არილი”