Thursday, April 30, 2009

აკა მორჩილაძე - ჩემი მაგარი გოგოები



სულ მინდოდა ამათზე დამეწერა.
იმიტომ, რომ მგონია, ასეთი ადამიანები რატომღაც აღარ იბადებიან და ასე არც კვდებიან. საერთოდ, იშვიათი რამეა ასეთი მოდგმა.
ეს იყო საოცარი ოჯახი, რომელიც წარმოდგებოდა კაცისგან, ვისი ნამდვილი სახელიც მისავე მშობლიურ ენაზე ჟღერდა როგორც პადრაიგ მაკ აიდ ო პრონტეი.
ანუ პატრიკი, ვაჟი კაცისა, რომლის პირველი სახელიც იყო ცეცხლი, შვილიშვილი ქალებისა, რომელთა პირველი სახელია საუკეთესონი.
მგონი, რაღაც ასეთია. გელურ ენაში ძნელად გაერკვევი. მით უმეტეს, როცა ამისი არაფერი გაგეგება. ინგლისურიდან თარგმნილი კი დაახლოებით ასე ჟღერს.
ყოველ შემთხვევაში, პრონტეი თანდათან ბრუნტით გადაკეთდა, ამ კაცმა კი, პატრიკმა, ბრონტიდ გადაიკეთა, რასაც ჩვენ, ბრონტედ წარმოვთქვამთ. რატომ გადაიკეთა, დანამდვილებით არ არის ცნობილი - ეტყობა ჟღერადობის გამო. დიდად ნასწავლი კაცი იყო, მღვდელი, ირლანდიის სულ ერთიბეწო ადგილიდან დაძრული, მძიმებიჭობაგამოვლილი და კემბრიჯის სტიპენდია კი მოიპოვა.
ბრონტიო, ბერძნული მითოლოგიიდან არისო, მეორე მხრივ კიდევ, სიცილიაზეა ადგილიო. ნელსონმა რომ ფრანგები დაამარცხა წყალზე, ბრონტეს გრაფის ტიტული უბოძეს კუნძულელებმა, ხოლო პატრიკ ბრუნტი კი დიდი თაყვანისმცემელი იყო ადმირალისაო.
ათას რამეს ჰყვებიან.
მოკლედ, ძაან კაცი იყო ეს პატრიკ ბრონტე.
დაცოლშვილებული დაინიშნა ჰოვორსში და სიცოცხლის ბოლომდე იქ იყო. მთელი ოთხმოცდაოთხი წელი იცხოვრა. იმ სახლში, რომელშიც დასახლდა, ახლა მუზეუმია.
ეს ჰოვორსი, იცით როგორი ქალაქია? აბა, როგორ ვთქვა.
ახლა იქ სიჩუმეა და ეს სახლი. ამ სახლზე მძიმე ადგილი კი მე იშვიათად მინახავს. ეს იორკშირია. ინგლისის მწვანე გული. მაგრამ ეს სახლი... მით უმეტეს, როცა იქ ისე მიდიხარ, რომ წინდაწინვე იცი ბევრი რამ მის მკვიდრთა შესახებ... სულაც რომ მტერი იყო, იოლი არ არის.
ჩვენს დროში ასეთი გრძნობები და ფანტაზიები არც მოდაშია და არც ახსოვთ, მაგრამ ეს სახლი, მღვდელ პატრიკ ბრონტეს სახლი, ახლა კი არის გაპრიალებული და სამუზეუმო, მაგრამ ნებისმიერი ნივთი ან ქაღალდი წამში მიგაბრუნებს იმ დროში, როცა აქ მღვდელი და მისი ცოლი ცხოვრობდნენ და როგორღაც უვლიდნენ დიდ ოჯახს.
შემოქმედებისა და სიკვდილის შთამბეჭდავი ნაზავია.
აქ აუცილებლად იფიქრებ, რომ კუთხეებში სულები მიმალულან. რაგინდარა ექსკურსია და ამბავი იყოს, თავიდანვე ვიცი, ეს დები ბრონტეების სახლია და ასევე, მათი უბედური და უტეხი მამისა, რომელმაც თავისი უკლებლივ ყველა საყვარელი ადამიანის სიკვდილი ნახა: ცოლისა და ექვსი შვილისა.
ეს სხვანაირი დრო იყო, არ ჰგავდა ჩვენსას.
თითქმის ორასი წლის წინათ, პატრიკ ბრონტე ჰოვორსში დაინიშნა და ცოლითა და ორი ქალიშვილით გადმოვიდა ამ რუხ სახლში.
ცოლს მარია ერქვა, პირველ ქალიშვილსაც მარია, მეორეს ელიზაბეთი. ჰოვორსში დაიბადნენ შარლოტა, ემილი და ენი, ასევე ერთადერთი ვაჟი პატრიკ ბრანველ ბრონტე, სახელად მამის სახელი და დედის გვარი რომ დაანათლეს.
ეს მცირეშემოსავლიანი ოჯახი იყო, მაგრამ ძალიან ნასწავლი კაცის ოჯახი. ჰოვორსი კი იყო ქალაქი, სადაც მოსახლეობა იზრდებოდა და ლამის ყველა ადრე კვდებოდა. ძველი, პატარა ისტორიები ძალიან მგრძნობიარეა. ჰოვორსში რაღაც გამორჩეული სისწრაფით იხოცებოდნენ, ქალაქს წყალიც კი არ ჰქონდა, მაგრამ მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ინდუსტრიალიზაცია, თუ რაც ჰქვია. სხვანაირად კი ეს საუცხოო ინგლისური მწერლობის დრო იყო.
შარლოტა რომ დაიბადა, ერთ წელიწადში გარდაიცვალა ჯეინ ოსტინი, დიდი რომანისტი ქალი.
კითხულობთ ქალების დაწერილ რომანებს? იმეებზე კი არ ვამბობ, სერიულები რომაა, ყდებზე ერთნაირი ნახატებით, დიდი მწერალი ქალების დაწერილ რომანებს? ფრანსუაზა საგან და რამე. ჰარპერ ლი...
თუ კითხულობთ, ინგლისელებით დაიწყებდით. თუ წაკითხვა გინდათ, ინგლისელებით უნდა დაიწყოთ. ეგრე ჩამოყალიბდა.
შარლოტა ბრონტეს ყველაზე ცნობილი წიგნი, ჯეინ ეარი რომ წავიკითხე, კარგა დიდი ვიყავი. ეგ წიგნი ბავშვობიდან მახსოვდა, მაგრამ არ წამეკითხა და, სიმართლე ითქვას, არც მიზიდავდა, ყდაზე გამწარებული ქალის თავი ეხატა. მაშინ სულ არ ვიცოდი ეგ ამბავი, რომ შარლოტამ ფსევდონიმით გამოაქვეყნა და კაი წვალებაც გადახდა მის გამოქვეყნებაზე.
საერთოდ, არის ხოლმე წიგნები, რომლებიც სულ თვალში გხვდება და არ კითხულობ. ეს ბევრი რამის ბრალია, ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ წიგნს, მით უმეტეს იმ ყაიდისას, როგორიც ჯეინ ეარია, მისი ეკრანიზაცია უსწრებს ხოლმე.
ეხლა აღარც ვიცი, ჯეინ ეარია, ჯენ ეირია, თუ როგორ. როგორც ჩანს, იმ წიგნის ყდისთვისაც არ დამიხედავს ხეირიანად, ქართული წარწერა რომ დამხსომებოდა. ჯენ აირი, თუ როგორ ვთქვა. ეს გრამატიკა და კითხვის წესი სულ დამავიწყდა. დედაჩემი ჯენეირს ამბობს, პირდაპირ და ერთად, ძველებურად, იმ დროიდან, როცა ასეთ რომანებს ჩვენებური გოგოები კითხულობდნენ.
მოკლედ, ლაყბობას რომ მოვეშვათ, ამ წიგნს კი ვხედავდი სახლში, მაგრამ პირველად ფილმი ვნახე. ძველი, ინგლისური შავ-თეთრი ფილმი და ყველაზე მეტად ის ადგილი დამამახსოვრდა, როჩესტერს რომ ცხენი გადმოაგდებს. სკოლის ამბები ხომ საერთოდ კოშმარი.
საერთოდ, რა უბედურება იყო, ეს სკოლები. დევიდ კოპერფილდის სკოლა, ჯეინ ეარის სკოლა. რამხელა ლიტერატურა შექმნა ამ საზიზღარმა სკოლებმა.
ბრონტეების ოჯახის ორი უფროსი ქალიშვილი სწორედ ამ სკოლებს ემსხვერპლა. მამამ ისინი მღვდელთა ქალიშვილების სკოლაში გაგზავნა და გვარიანი ტანჯვის შემდეგ შინ წამოიყვანა. ეს წამოყვანა დაგვიანებული იყო. მარიაცა და ელიზაბეთიც ათ-ათი წლისანი გარდაიცვალნენ, ერთ წელიწადს. სკოლაში შერყეული ჯანმრთელობის შედეგი ასეთი უბედური იყო. საერთოდ კი ბრონტეები დიდი ჯანიანობით და ამტანობით არ გამოირჩეოდნენ: ჩანს, ამაში დედას ჰგავდნენ: მღვდელი კლდესავით იყო. ჰოდა, ეს სკოლები, თავისი იდიოტი და ბოროტი აღმზრდელებით, სულაც არ არის გასაკვირი ამ ინგლისურ რომანებში.
როცა ქალიშვილები გარდაიცვალნენ, ისინი უკვე ობლები იყვნენ, მღვდელის ცოლი კიბომ იმსხვერპლა და პატრიკს ბავშვების აღზრდაში გაუთხოვარი დეიდა ეხმარებოდა. იმ სახლში რომ დადიხარ, სულ ასეთ რამეებზე ფიქრობ.
ცოცხლად დარჩენილი შვილები მღვდელს სკოლაში აღარ გაუშვია, გადაწყვიტა შინ აღეზარდა. ყველა ასეთი სკოლის მასწავლებელზე ჭკვიანიც იყო და მაგარიც. მერედამერე ლანძღავდნენ წიგნებში, უჯიათი კაცი იყოო, მაგრამ მგონი მთლად ასე არ არის. შვილები არ დაუღუპავს. უბრალოდ, ეს ბედისწერა იყო. ასეთი ნიჭიერება და ასეთი უბედურება. მოხდება ხოლმე. გამოსავალი კი არ არის.
ფილმებს რომ მივუბრუნდე, მგონი, არცერთი სერიალისთვის არ მიცქერია ისეთი გულმოდგინებით, როგორც ჯეინ ეარისთვის. მაშინ, საბჭოთა დროში იყო ეგ სერიალი და მერე სხვა ვერსიას ინგლისშიც გადავეყარე რომელიღაც არხზე. ფილმებიც მინახავს, მგონი, ძეფირელიმაც კი გადაიღო.
ერთი კოშმარი ტიპი იყო იმ სკოლაში, ჰედმასტერი, რო დასჭექდა: ჯეინ ეირ!!!
ჰოდა, რახან კინო ასეთი ხშირი იყო, წიგნამდე ვინღა მივიდოდა, რაც იოლია, ის არ ჯობია? არც რაღაც განსაკუთრებული ინტერესი მქონდა ამ ამბისა და საერთოდ არაფერი ვიცოდი ამ ბრონტეების, არც მაინტერესებდა.
მათი ოჯახობის ისტორია კი გვიან გავიგე.
შარლოტა ბრონტესთან ემილი ბრონტეს მეშვეობით მივედი, ოღონდ სრულიად მოულოდნელად. ნამდვილად აღარ მახსოვს, სად წავიკითხე. ალბათ, ვიღაც ისეთთან, ჩემთვის რომ დიდი ავტორიტეტი იყო: ერთ-ერთი მაგარი წიგნი, რომელიც წამიკითხავს, ქუხილიანი უღელტეხილიაო. მგონი, ასე ითარგმნება ქართულად. თორემ, წიგნის ქართული თარგმანი არ არსებობს. მე არ მინახავს, და თუ არსებობს, არ ვიცი. იმ დღესაც, დიკენსზე რომ ვწერდი, ნიკოლას ნიკლბის ქართული თარგმანის მხოლოდ პირველი ტომი არსებობს-მეთქი, ასე მეგონა, მეორე ალბათ აღარ გამუშვეს-თქო. ერთი კვირის წინ კი მოვდივარ უნივერსიტეტთან და წინ რომ ძველ წიგნებს ყიდიან, იქ არ დევს სრული და უსქელესი ნიკლბი? ამიტომ, დიდად ნუ მენდობით.
როგორც მოგახსენეთ, არ მახსოვს, ვისთან ამოვიკითხე ემილის წიგნის ქება. საერთოდ, ჰემინგუეის უყვარს ჩამოთვლა, ესენი და ესენი უნდა წაიკითხოს კაცმა, მწერალი რომ გახდეს, და მიხვდეს რომანი რა არისო, მაგრამ აღარ მახსოვს, მას ჰქონდა თავის სიებში, თუ არა. ტობიას სმოლეტი რომ ჰქონდა, მახსოვს, ეს კი არა. მოკლედ, სადღაც ამოვიკითხე და დავიწყე სახლში ემილი ბრონტეს წიგნის ძებნა.
არ გვქონდა და რას ვიპოვიდი?
ეს, მგონი, იმ დროს იყო, საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა.
ზაფხულში აგარაკზე ვიყავით და თბილისში ჩამოვდიოდი ხოლმე, სამსახურში. ჰოდა, პლეხანოვზე, ბუკინისტებში ვნახე ქუხილიანი უღელტეხილი: ხრუშჩოვის დროის გამოცემა კაი მაგარი ყდით და იმწუთში ვიყიდე. ბედად, ფულიც მქონდა. მახსოვს, როგორ გამეხარდა.
მუქი ლურჯია, შავი კანტებით. კაი ნახმარი წიგნი იყო, გოგოების ნაკითხი ძველ დროში. მაგრამ იმ დროს საოჯახო წიგნების ბუკინისტებში ჩაბარება უკვე დაწყებული იყო და არ გამკვირვებია. მე თვითონაც დავარბენინებდი რაღაცეებს. ერთხელ ოქტომბრის ქუჩაზეც კი ჩავაბარე, ნახალოვკაში. არა მგონია, ახლა ის პატარა ბუკინისტური არსებობდეს. არცერთი აღარ არსებობს, ერთის გარდა, რაც მე ვიცოდი იმათგან.
სიმართლე რომ ვთქვა, ის ღამე, როცა ქუხილიანი უღელტეხილის კითხვა დავიწყე, კარგად მახსოვს და, მგონი, არასდროს დამავიწყდება. ასეთი სულისშემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასდროს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი.
სანამ ამ წიგნის წინასიტყვაობას წავიკითხავდი, ნაბოლარა დის, ენის ამბავი საერთოდ არ ვიცოდი და სრულიად მოულოდნელად რაღაც რუსულ კალენდარს გადავაწყდი, სადაც დღეების გვერდებზე სულ ნაირგვარი თემები და სურათები იყო, ჰოკეის მეკარე ტრეწიაკიც ეხატა და ალექსანდრე მაკედონელიც.
ჰოდა, იქ ერთ გვერდზე იყო ის ცნობილი ნახატი, სამივე და რომ ერთად არის. ეს მათი ძმის, ბრანველის დახატულია. მას უნდოდა, რომ მხატვარი ყოფილიყო. იყო კიდეც, პოეტი და მხატვარი. დებიც წერდნენ ლექსებს.
ეს სურათი კარგახანს მქონდა შენახული.
სამივეს რაღაცნაირი, არსად მაცქერალი თვალები ჰქონდა. ახლა ყველგან ნახავ ამ სურათს, ინტერნეტში გინდა, თუ სად გინდა. ჰოვორსში, სხვა ათას რამესთან ერთად, ოჯახურ ნახატებსაც ნახავ.
ამ სურათის მუღამი კი ისაა, რომ დებს შორის ბრანველმა ავტოპორტრეტიც დახატა, მაგრამ მერე წაშალა. დიდად სიმბოლური ამბავია, ვინაიდან, ბრანველი ამ ოთხთა შორის პირველი გარდაიცვალა. თუკი ვინმეს ეთქმის უიღბლო კაცი, სწორედ ბრანველს.
ბრონტეებს ოჯახი უნდა შეენახათ, მამა ვეღარაფერს გასწვდებოდა. ერთადერთი თანამდებობა, რაც მათ იმ დროში შეეძლოთ ეშოვნათ, გუვერნანტი ქალის ადგილი იყო და კიდევაც მისდიეს ამ საქმეს. ბრანველს კი კერძო მასწავლებლობა უნდა გაეწია. ასეც იყო, მაგრამ მას გვარიანი რამეები გადახდა ცხოვრებაში: ქმრიანი ქალი შეიყვარა, დამარცხდა და შინ დაბრუნდა. ხოლო შინ რომ დაბრუნდა, უკვე იყო ლოთი, ოპიუმის ტრიქსტურების მსმელი და ჭლექშეყრილი.
ჭლექი სიკვდილი იყო. უკვე ბეჭედდასმული იყავი. ამბობენ, რომ ემილის მისგან შეეყარა ეს ჭლექი. უვლიდა. დები უვლიდნენ. ტრაგედიას, რომელსაც შარლოტა და მამამისი უცქერდნენ, წელიწადიც არ დასჭირდა. ჯერ ბრანველი მოკვდა, სულ მალე კი ემილი, რომელიც მალევე მიხვდა, რომ ჭლექით იყო ავად და ჰოვორსიდან აღარ წავიდა.
მაშინ ჰოვორსში სიკვდილი არ უკვირდათ. ამ ქალაქში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ოცდახუთი წელიწადი იყო, ბავშვების ნახევარი კი ექვსი წლის ასაკამდე კვდებოდა. ასეთი ცხოვრება იყო, რას იზამ?
ამ დროისთვის ემილის უკვე დაუბეჭდეს ქუხილიანი უღელტეხილი, შარლოტას ჯეინ ეარი, ენს კი აგნეს გრეი, როგორც ემილის რომანის მესამე ტომი.
გოგოები წინ მიდიოდნენ, ლონდონში ლაპარაკობდნენ ამ წიგნებზე. ჯერ უცნობნი და ფსევდონიმებს უკან მიმალულნი იყვნენ, მაგრამ მათ შესახებ უკვე წერდნენ.
ემილი რომ გარდაიცვალა, შარლოტა მიხვდა, რომ ენსაც იგივე ბედი ელოდა. ის სკანტორპში გაგზავნეს, ზღვის პირას, უკეთესი ჰაერისთვის, თუ არ ვიცი, როგორც არის. მაგრამ გაზაფხულზე ისიც გარდაიცვალა და შარლოტამ გადაწყვიტა, რომ შინ არ წამოესვენებინა. იქავე დაკრძალეს ეკლესიის ეზოში.
ჯეინ ეირი სწორედ ამ ქუხილიანი უღელტეხილის შემდეგ წავიკითხე, როგორც მოგახსენეთ. ქუხილიან უღელტეხილს რუსული წესით, დიდი და საინტერესო წინასიტყვაობა ჰქონდა. თუ საბჭოთა რამეებს გამოაკლებდი, ბევრ რამეს გაიგებდი. მათი ოჯახის განადგურების ამბავიც იქიდან გავიგე, ოღონდ ინფორმაცია იქ იმდენი არ იყო.
მერე იმდენი დრო გავიდა და ცხადია, მაინცდამაინც სულ ბრონტეებზე არ ვფიქრობდი.
უკვე ლონდონში მოვხვდი, იქ ჩარითი შოფში სულ ორ ფუნტად გადავაწყდი ქუხილიანი უღელტეხილის კაი ძველ გამოცემას, რომელსაც ჰქონდა სრულიად ზღაპრული წინასიტყვაობა ბრონტეების ოჯახის შესახებ.
სწორედ იქ წავიკითხე პირველად მათი ბავშვობის ამბავი.
რახან მამამ სკოლებზე უარი თქვა, ისინი სწორედ იმ რუხ სახლში დარჩნენ და იქ გაჩნდა ბრონტეების გასაოცარი მოგონილი სამყარო, მოგონილი ქვეყნებით და ადამიანებით. ისტორიები გაყოფილი იყო: გონდალის ქვეყნის ამბავს ემილი და ენი წერდნენ. ეს გონდალი ოკეანეში დაგდებული კუნძული იყო. ბრანველი და შარლოტა კი მეორე ქვეყნისას, რომელსაც ანგრია ერქვა და აფრიკაში იყო. იქ მარტო ამბებს კი არ იგონებდნენ, არამედ მთელს მიმოწერასაც, საზოგადოებრივ აგებულებასაც. მთელი სამყარო იყო ამ ნაწერებში. უზარმაზარი სამყარო, რომლისაც დღეს თითქმის არაფერია დარჩენილი. მათი თანამემამულის, დეკან სვიფტის მაგალითი ხომ ჰქონდათ! საკვირველი ეს არის, რომ გონდალიცა და ანგრიაც არსებობენ. გონდალი, მგონი, ახლანდელ პაკისტანშია სადღაც, ანგრია კი გერმანიაში.
ერთი მწერალი ქალია პროფესორად კოლუმბიის უნივერსიტეტში, ის არის ბრონტეების დიდი მცოდნე და ანგრია გონდალის იმდენი რამე იცის, რომ გაკვირდები. იმისგან გამიგია რაღაცეები, ასეთი გამოგონებების მიზეზსა და ნამდვილ მნიშვნელობაზე. როცა გარშემო ბევრი არაფერია, სამყარო თავისთავად ჩნდება შენში. თუ, რა თქმა უნდა, ოდნავ მაინც გაქვს წარმოსახვის უნარი.
ბავშვები რომ ასე ირთობენ თავს, წერაზე და გამოგონებაზე უკეთ ცხოვრებაში არაფერი ეცოდინებათ. შეიძლება სულ სხვა საქმეს მისდიონ მერედამერე, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც წერა ეცოდინებათ.
ისინი თავიდანვე მწერლები იყვნენ. ასეთებად დაიბადნენ, ასე გაიზარდნენ იმ უცნაურ სახლში, რომელშიც კვდებოდნენ. სულაც არ მიკვირს ინგლისელების გატაცება სულებით, მთელი თავისი კოკ ლეინის აჩრდილით და ათიათასი კიდევ სხვა ამბით.
ჰოვორსში ეს ყველაფერი არის და, ალბათ, სულ იქნება. საინტერესოა, როგორია ეს სახლი შეღამებულზე. ჯერ შორიდან დანახული და მერე კი შიგნით, როცა ემილი შანდლით ხელში ადის კიბეზე, ანდა ზემოთა საწოლიდან საბრალო ძმის ხველა მოისმის. ეს საოცარი სამყარო, ბრონტეების სამყარო, რომელშიაც წვიმს, ნისლია და ადამიანები ამდენ რამეს გაიღებენ სიყვარულისთვის, სამმა გოგომ შექმნა.
ლონდონში ენის წიგნსაც გადავაწყდი, ოღონდ მეორეს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. ქართულად მგონი ასე იქნება, “მოიჯარადრე ვაილდფილ ჰოლიდან”.
ეს წიგნი დაამთავრა და მოკვდა კიდეც. მერე, როცა შარლოტა უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი შეიქნა, ისიც გამოსცა. პირველი წიგნი კი გოგოებმა საკუთარი ხარჯით დაბეჭდეს, ლექსების კრებული სულ ფსევდონიმებით. როგორც ამბობენ ორადორი ცალი გაიყიდა და შარლოტამ თქვა, რომანებს უნდა მივუბრუნდეთო. იქამდე მასაც ჰქონდა ერთი დაწუნებული ხელნაწერი, რომანი “პროფესორი”.
ეგეთი ხუმრობა არსებობს: კლასიკა ნიშნავს იმ წიგნებს, რომლებიც ყველგან დევს უკვე ორასი წელიწადია და მათ არავინ კითხულობს, უბრალოდ იციან, რომ ეს წიგნები სულ აქ უნდა იდოსო.
ცოტა დახლართულად კი მოვთარგმნე, მაგრამ ეგრე წამიკითხავს სადღაც, სახუმარო ესეიში. ჰოდა, ბრონტეების წიგნები ეგეთი არ არის.
იმ სახლში უცებ გაიფიქრებ, რომ როგორც კეტრინ ერნშოუ უხმობს ჰიტკლიფს ქარიშხლიან ღამეებში და ისიც გიჟივით გარბის გარეთ, ასე ემილი შეიძლება მოადგეს ამ სახლს და დაიძახოს საწყალობლად, მთელი ოჯახის მაგივრად.
რა უცნაურია, ორიოდ კვირის წინ ერთ ქართულ არხზე, ძველი ქუხილიანი უღელტეხილი გაუშვეს, შავ-თეთრი. ის კი არა, დენიელ დეი ლუისი რო თამაშობს. ესეც კარგია, მაგრამ იმ ძველში რაღაცა უბრალოება და პირდაპირობა იყო, არაჩვეულებრივი ამბის ჩვეულებრივად გადაღებას რომ მოჰყვება ხოლმე. ლივერპულის ქუჩებში მისტერ ერნშოუს მიერ ნაპოვნი ჰიტკლიფი, ამდენი სიყვარული და ამდენი სიძულვილი ერთად. ასეთი რამეები, ბოდიში და... ეს არც მერი შელის ფრანკენშტეინია და არც კიდევ რამე ისეთი. ქალთა რომანებიო...
ელის ბელ, რა მაგარი ფსევდონიმია. ექშენ ბელ. კარიერ ბელ...…სამი და. ძმა კი იჯდა და ხატავდა მათ.
შარლოტა შეიქნა ცნობილი მწერალი: ლონდონი, დაპატიჟებები, პატივისცემა... გათხოვდა და მოულოდნელად ბედნიერებას მიაგნო. მოხუცი მღვდელი იბოღმებოდა, ჩემი სახელოვანი შვილი ჩვეულებრივ ღვთისმსახურს რატომ უნდა გაჰყოლოდაო. შარლოტამ თავიდან უარი უთხრა ხელის მთხოვნელს, მაგრამ მამას მედიდურობა რომ შეამჩნია, გათხოვდა და გასაკვირად ბედნიერი იყო.
ის ფეხმძიმე გარდაიცვალა. გაურკვეველია რისგან. ოცდაცხრამეტი წლისა სრულდებოდა. ეს იყო უკანასკნელი სისასტიკე ამ მოდგმისთვის.
და იცით რა არის? არავინ, საერთოდ არავინ დარჩენილა ბრონტეებისგან. იმ სახლში ამას მშვენივრად ხედავ. მარტო ეს რომანები დარჩა. მოულოდნელი, ღონიერი რომანები, რომელსაც, შეიძლება ითქვას, გოგოები წერდნენ. ქალიშვილი ქალები, როგორც იმერეთში იტყვიან. ქალწულები, რომლებმაც ვინ იცის, რამდენი რამ იცოდნენ სიყვარულისა და სიძულვილისა, ბედისა და უბედობისა. საიდან? საქმეც ეს არის. საიდან.
რა სამყარო იყო ეს სამყარო, რომელმაც ამხელა გამოცდილება მისცა გოგოებს? სახლის სამყარო. იშვიათი გასვლებით. ადამიანების შეზღუდული ოდენობა, რომლებსაც ისინი ხვდებოდნენ. ალბათ, ძალიან მგრძნობიარენი იყვნენ, გულით მხედავნი. ალბათ. მე ასე მგონია. ძმა იჯდა და ხატავდა დებს, უბრალოდ. თხელებს და სიფრიფანებს, ფერმკრთალთ, მაგრამ შეფაკლული ლოყებით. ისინი ისხდნენ და ხატავდნენ ერთმანეთს.
აი, როგორი დახატა შარლოტამ ენი, ემილიმ კი შარლოტა, ხოლო ბრანველმა ემილი. რაღაცნაირი სითხელე და სიმსუბუქე და ეს ამბები. კაცის ხელი ნაწერში. განსაკუთრებით ემილის. ეს საოცარი ადგილი და საოცარი სახლი, რაღაცნაირად, მძიმედ მსუნთქავი და ალბათ სულისშემძვრელი შებნელებულზე... გოგოები და ძმა, ფანქრით და ოპიუმით სავსე ჭიქით.
ტყულიად არ იყო ნახსენები იმ გელურ გვარში მაგარი ქალები.
ჩემი მაგარი გოგოები. მსოფლიოს ყველაზე მაგარი გოგოები. იმ გრძელი გელური გვარით, რომელსაც ჩვენ ფრანგული დაბოლოებით, ბრონტედ, ვკითხულობთ, თვითონ კი ხმადაბლა წარმოთქვამდნენ, დიახ, ჩემი გვარია ბრონტი. რაღა მნიშვნელობა აქვს, ე თუ ი.
გიჟმა ქალმა გადასწვა სახლი, ჯეინი კი დაბრუნდა. არანაირი ჩატკბილულობა, რომელიც დღეს ირონიას იწვევს ხოლმე, ამაში არ არის.
ეს ნაღდია. მათ ნაწერებში ყველაფერი ქვისაა, მაგრამ ისეთი ნაზი, რომ...
ეს ის შემთხვევაა, რომ ვერ გაიგებ, სად წიგნია და სად ცხოვრება.
ეს ის ოჯახია, რომელიც განადგურდა.
და ეს ის არის, რაც ასე გასაგებია და მაგარი.
შარლოტა, ემილი და ენ: ბებერი მღვდლის, პატრიკ ბრუნტის ქალიშვილები. ირლანდიელები დასავლეთ იორკშირიდან, ინგლისის ზურმუხტისფერი და დროგარინდული გულიდან.
ჩემი უმაგრესი გოგოები ძველი თაროებიდან.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

რეცენზია ჰერმან ჰესეს რომანზე "ტრამალის მგელი"


შემზარავი ზმანებები
რეცენზია ჰერმან ჰესეს რომანზე "ტრამალის მგელი"


"ტრამალის მგლის" გმირს მოცარტის ლანდი ეუბნება: "თქვენ საკუთარი ცხოვრებიდან ავადმყოფობის ამაზრზენი ისტორია შექმენით, ნიჭიდან კი - უბედურება". შემდეგ კი ისმის "მოცარტის სარკასტული, უხმო სიცილი".
ზოგჯერ მკითხველსაც ეცინება, რადგან გერმანელმა რომანისტებმა ზომაზე მეტად გააჯერეს თავიანთი ნაწარმოებები საშინელებებით. გერმანიაში "ტრამალის მგელი" ბესტსელერად იქცა 1927 წელს, ხოლო პოლ ბიუსონის "მელქიორ დრონტის ხელახალი დაბადება" (იმავე ჟანრის რომანი) - რამდენიმე წლით ადრე წარმოადგენდა ბესტსელერს. "ტრამალის მგლის" წარმატება მოწმობს, რომ ომისშემდგომ გერმანია ავადმყოფურად გაიტაცა ინტელექტუალურმა გადახრებმა. ჰესეს აზრით, ისტორიის ამგვარი პერიოდები მაშინ დგება, როდესაც "ორი ეპოქა, ორი კულტურა ან ორი რელიგია ნაწილობრივ გადაფარავს ურთიერთს".
შესაძლოა, "ტრამალის მგლის" ბრწყინვალე თარგმანი რამდენადმე მაინც განსხვავდება ორიგინალისგან, რადგან ჰარი ჰალერის (ნაწილობრივ ადამიანის, ნაწილობრივ კი - მგლის) გზა, რომელიც ისტერიასა და სიგიჟეზე გადის, უფრო აღგზნებას იწვევს, ვიდრე - აღელვებას, უფრო გროტესკულია, ვიდრე - ავბედითი. ნაწარმოები ემყარება ოსტატურად გააზრებულ სქემას და არა უშუალო მხატვრულ იმპულსს. ეს სქემა საკმარისად თვალსაჩინოა, რათა "ტრამალის მგელი" ლაღად და ინტერესით წავიკითხოთ. ამასთან, რომანის სქემა, საბოლოო ანგარიშში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი თემა, რადგან ჭიდილი ჰალერის ორ "მე"-ს შორის თანდათან ჰკარგავს სიმძაფრეს და, შესაბამისად, თემაც უფერულდება.
არც ჰალერმა-კაცმა და არც ტრამალის მგელმა არ უნდა დაუშვან "სხვისი" ჩარევა, რათა მიღწეულ იქნას ოსტატობა და სრულყოფილება. ჰალერი, ერთდროულად, ადამიანიცაა და მგელიც, თუმცა არ ემთხვევა არც ერთ მათგანს და არც - ორივეს. ის ინტელექტუალური იდეალისტი, სკეპტიკოსი და ნიჰილისტია, რომელიც ქედმაღლურად ეკიდება ადამიანთა მოდგმას, ანუ "მასზე მაღლა დგას", როგორც თვითონვე აღიარებს - ნაწარმოებში თხრობა პირველი პირის ფორმით წარიმართება - და ირჩევს "შეშლილების გზას". აქ გმირს ელის გასაოცარი ფანტასმაგორია, რომელიც თანამედროვე ქალაქური ცხოვრების მეშვეობითაა ინტერპრეტირებული. ნაწარმოებში გამოჩნდება არა მარტო მოცარტი, არამედ - ჰალერის მეორე კერპიც, გოეთე.
ავტორი სათანადო სიმაღლეზეა, როდესაც მიმართავს გმირის იდეალიზმის გაცამტვერებას. მის გულწრფელობაში შეინიშნება "შოუიანური" ღვარძლი, ხოლო ევროპული ცივილიზაციის მკაცრი კრიტიკა წარმოგვიდგება საღი აზროვნების გამოვლინებად, რაც ესოდენ იშვიათია ამ მანიაკალურ წიგნში.

Guardian,
1929, 21 ივნისი

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

© “წიგნები – 24 საათი”

აგოტა კრისტოფი - დასტური - მესამე სიცრუე


სოსო ტაბუცაძე

სამი სიცრუე

აგოტა კრისტოფი. დასტური. ფრანგულიდან თარგმნა დავით აკრიანმა. თბ. "ნექტარი". 2002.
აგოტა კრისტოფი. მესამე სიცრუე. ფრანგულიდან თარგმნა დავით აკრიანმა. თბ. "ნექტარიტ", 2002.


აღარ მეგონა აგოტა კრისტოფთან მიბრუნება კვლავ თუ მომიწევდა ამ მოკლე ხანში, მაგრამ ლიტერატურულ ცხოვრებაში მომხდარი სასიამოვნო ფაქტი, ანუ შვეიცარიელი მწერლის ტრილოგიის მეორე და მესამე წიგნის გადმოქართულება ნამდვილად იმსახურებს ოპერატიულად გამოხმაურებას. მოკლედ, მალხაზ ხარბედიას შთაგონებითა და ხელშეწყობით კრისტოფოლოგად ვიქეცი და, როგორც ჩვენს საერთო მეგობარს უყვარს ხოლმე თქმა - ეს არის კარგი და ეს არ არის ცუდი. კეთილი და პატიოსანი!
ბოლოს გამოვიდა ისე, რომ ორმოცდაათიან წლებში უნგრეთის რეპრესიებიდან თავდაღწეულ, ფრანგულენოვან მწერალს საქართველოში ორი მთარგმნელი შემოუძღვა: "საერთო რვეული" ("La grand cahier") თარგმნა მედეა ზუბადალაშვილმა, ხოლო "დასტური" ("La preuve") და "მესამე სიცრუე" ("La troisieme mensonge") დავით აკრიანმა. ორივე რიგიანი თარგმანია და თუ მოხერხდება, რომ სამივე ნაწილი ერთად გამოიცეს, ეს მართლაც არ იქნება ცუდი.
სამივე ეს წიგნი, რომელიც შეიძლება ერთ დიდ თემას შეერთოს - ბავშვები და ომი, - 1986 წლიდან მოყოლებული ორი და სამი წლის ინტერვალებით გამოქვეყნდა და ყურადღება და პრემიებიც ბლომად დაიმსახურა. მათ შორის, ალბათ, აღსანიშნავია აგოტა კრისტოფის მიერ 2001 წლის 3 ნოემბერს ციურიხში მიღებული გოტფრიდ კელერის პრემია. 1921 წლიდან, ანუ პრემიის დაარსებიდან მოკიდებული, მისი მიღების პატივი სულ ოცდაცამეტ შემოქმედს ხვდა წილად და თუ მათ შორის ჰერმან ჰესესაც ვახსენებთ, მისი პრესტიჟულობა ნათელი გახდება.
აგოტა კრისტოფი უნგრეთში (Csikvand-ში) დაიბადა 1935 წელს. 1956 წელს წავიდა ემიგრაციაში და შვეიცარიაში, ორმოცდაცამეტი წლის ასაკში ფრანგულ ენაზე დაწერა რომანი "საერთო რვეული"... და ერთ მშვენიერ დღეს სახელგანთქმულ მწერლად გაიღვიძა. მანამდე წერდა ლექსებს, თეატრალურ და რადიოპიესებს, სადაც, ისევე როგორც ტრილოგიაში, მწერალი იდენტურობის ძიებას დასტრიალებდა.
უცხოეთში ახლად ჩასული მწერალი ფაბრიკაში მუშაობდა და ამ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ თავი იჩინა 1995 წელს გამოსულ ბოლო რომანში Hier (Gestern), რომელიც ასევე სასურველია, რომ ქართულად ითარგმნოს. მართალია ეს უკანასკნელი "საერთო რვეულს" და მის დანამატებს ვერ შეედრება, მაგრამ მწერლის შემოქმედებით პოეტიკაში ისიც ეწერება და საინტერესოდ იკითხება. "დანამატები" ვახსენე და, ჩემი ვარაუდით, ეს ეპოსი აგოტას ტრილოგიად არ უნდა ჰქონოდა ჩაფიქრებული; "საერთო რვეულის" წარმატებამ ავტორს გაგრძელებების სურვილი აღუძრა და შედეგიც უფრო მასშტაბური და შთამბეჭდავი გამოუვიდა.
ასეა თუ ისე, ჯერ პირველი წიგნით აღძრული შთაბეჭდილება არ გაგვნელებია და აგერ გამომცემლობა "ნექტარმა" ორწიგნეულიც შემოგვთავაზა. ეს არათუ კარგი - კიდევ უკეთესია.
ადრე ვთქვი და ვიმეორებ, რომ კრისტოფი შეეცადა პროეცირება მოეხდინა არა იმდენად ომსა და საბჭოთა ოკუპაციაზე, უნგრეთის ორმოცდათექვსმეტი წლის რევოლუციასა და მის შემდგომ რეაქციაზე, არამედ ადამიანის სულზე, მის ფორმირებასა თუ დესტრუციაზე ნახსენებ ვითარებებში. ისტორიული რეალიები მხოლოდღა ფონია; მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მთელს ტრილოგიაში მიმდინარეობს ჭიდილი სიმართლესა და სიცრუეს შორის, სინამდვილესა და გამონაგონს შორის და ამიტომ სრულიად შეუძლებელი ხდება რაიმეგვარი სიმართლის (ჭეშმარიტებას ვიღა ჩივის!) მოხელთება. რა მოხდა პირველ წიგნში ხომ გახსოვთ? - როდესაც ორმა ცუღლუტმა ძმამ საკუთარი მამა გაწირა და, საზღვარზე გადასვლისას, წინ მამა გაიმძღვარა და ნაღმზე რომ აფეთქდა, მის ნაფეხურებზე ერთ-ერთმა ძმამ მამის დაფლეთილ სხეულზე გადააბიჯა, სახიფათო ზონას გააღწია და "იმ ქვეყნის" ბუჩქებში მიიმალა. ასე აღმოჩნდა ერთ-ერთი ძმა - კლაუსი, სოციალისტურ ბანაკს მიღმა.
შემდეგ, უკვე გვიან, მესამე წიგნში ("მესამე სიცრუე") თავისი ყმაწვილობისდროინდელ ქალაქში დროებით ("ძმის საძებრად") ჩამოსული კლაუსი ამ ეპიზოდს სხვაგვარად იგონებს. მამა აქ არაფერ შუაშია (და, სხვათა შორის, არც ლუკასი - მისი ტყუპისცალი). უბრალოდ, ამ საზღვრისპირა ქალაქის რკინიგზის სადგურზე თხუთმეტი წლის კლაუსი უცხო ("აქაურებს ყველას ერთნაირი სახე აქვს, ნაცნობი სახე"), "სხვა მხრიდან მოსულ" კაცს გადაეყრება. კლაუსი მას შეიფარებს, არყითაც გაუმასპინძლდება და თავისი პირდაპირობითაც განაიარაღებს:
"- თქვენ საზღვარზე გადასვლა გინდათ, არა?
- როგორ მიხვდი?.. შენ გზა მიჩვენე, სხვას არაფერს გთხოვ. მთელ ჩემს ფულს შენ გიტოვებ.
ქაღალდის ფულს მაგიდაზე მიდებს.
. . . . .
ფულსაც (კაცის პირადი საბუთების კვალად. ს.ტ.) ქუჩაში ვყრი.
. . . . .
მეორე დღეს, შუადღეზე ცოტა ადრე, ჩვენ საზღვარს ვკვეთთ.
ის ჩემს წინ მიდის. არავითარი შანსი არ აქვს. მეორე ბარიერთან ნაღმი ფეთქდება და მასთან ერთად - კაციც. მე უკან მივყვები და არაფერს ვრისკავ".
მოდი ახლა და გაარკვიე, როგორ მოხდა სინამდვილეში ყველაფერი.
მეტიც: ის, რაც "საერთო რვეულში" ხდება და ამ ორი ონავრის ოინბაზობას გაფაციცებით მიგვადევნებინებს თვალს, "მესამე სიცრუეში" აღმოჩნდება, რომ მწერალს საკუთარი თამაშის წესი მოუხვევია თავს და ამავე წესის მიხედვით, პირში ჩალაგამოვლებული უნდა დაგვტოვოს. ისევ ასაკოვანი კლაუსი ყვება: "30 ოქტომბერს ვიხდი დაბადების დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბისტროში ჩემს თანამსმელებთან (ჯობდა "თანამეინახეებთან". ს.ტ.) ერთად... მე მთვრალი ვარ. ვიწყებ ლაპარაკს ჩემს ძმაზე, როგორც ყოველთვის... ქალაქში ყველამ იცის ჩემი ისტორია. მე ვეძებ ძმას, რომელთანაც ერთად თხუთმეტი წლის ასაკამდე ვიცხოვრე ამ ქალაქში". დაბოლოს: "ეს ყველაფერი სიცრუეა. მშვენივრად ვიცი, რომ ამ ქალაქში, ბებიასთან, მე უკვე მარტო ვიყავი; რომ უკვე მაშინ წარმოვიდგენდი, ვითომც ორნი ვიყავით, ჩემი ძმა და მე, რათა გაუსაძლისი სიმარტოვე გადამეტანა".
როგორც ჩანს, ლუკასის არსებობაც თვითონვე გამოუგონია, მაგრამ საქმე ის არის, რომ მკითხველი ვერც მის არარსებობაში რწმუნდება. მოკლედ აი, ასეთ ორჭოფულ ვითარებაში ჩაგაგდებთ აგოტას ნაწერები, მაგრამ ინტერესსაც იგივე ვითარება განაპირობებს. ჯერ დიდი სევდა შეგიპყრობთ, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ სევდის საფუძველი არა გქონიათ, რადგან, როგორც ავტორი გვეუბნება კლაუსის პირით, "წიგნი, რა სევდიანიც უნდა იყოს ის, მაინც ვერ იქნება ცხოვრებასავით ნაღვლიანი". რისთვის სჭირდება კრისტოფს ამის ხაზგასმა... სასტიკი ყოფის ასახვისათვის მოსალოდნელი საყვედურების გასაქარწყლებლად ხომ არა?
ვითარების ბოლომდე მიყვანის შეუძლებლობა და რაღაცნაირი ორგემაგეობა წიგნების გარე გაფორმებაზეცაა ასახული, ოღონდ ეგაა, ბოლო ორი წიგნის მხატვრის გვარ-სახელი ვერსად ამოვიკითხე; ჩანს, ეს ფუნქცია მთარგმნელმა შეითავსა. მკითხველს არ შეეშლება, მაგრამ ჩვენ მაინც ვიტყვით, რომ "საერთო რვეული" დიზაინის თვალსაზრისით აღემატება "დასტურსა" და "მესამე სიცრუეს". ამ უკანასკნელის ყდიდან სწორედ ასეთი გაორებული პორტრეტი შემოგვყურებს. ჩვენ მაინც მითიურ ქარგაზე აგებულ ცხოვრებას შეჩვეულნი, რაღაც საბოლოო დასკვნებს და სიცხადეებს ველოდით, მაგრამ ჭეშმარიტების დანახვის დრო არა და არ დგება არც ჩვენს ცხოვრებაში და არც სოციალისტური უნგრეთის მწარე გამოცდილებაგავლილი მწერლის წიგნებში. ასე რომ, შესაძლოა ჩვენ მიერ წამოწეული ორგემაგეობის საკითხი საყვედური კი არა, სულაც ცხოვრების ადექვატური ასარკებაა. უარესობის მომლოდინე პერსონაჟებს სურთ ამაღლდნენ სულიერ და ფიზიკურ ტკივილზე, ფანტაზიით მოხმობილი ყველა ხერხით ცდილობენ მის გადალახვას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება; უნდათ, რომ უყვარდეთ და თვითონაც იყვნენ შეყვარებულნი, მაგრამ არც ამის მიღწევა ხერხდება; სურთ, რომ სიკვდილის შიშსა სძლიონ, მაგრამ აქაც იმედგაცრუება ელით.
ავტორიტარული რეჟიმის ბნელი წლები ისეთ კონვულსიებს იწვევს, რომ ქვეყნიერებაზე მორალის სრული პირობითობის უმთენარო ხანა დაისადგურებს და ადამიანებს ლანდებად აქცევს. მასობრივი ჟლეტისა და რეპრესიების ფონზე პერსონაჟების დანაშაული სულაც არ გამოსჩანს საშინელებად; პირიქით - მათი საქციელი გამოწვევადაც კი აღიქმება, რადგან ყოველი ამგვარი ქმედება პირადი მოტივითა და მისწრაფებითაა ნაკარნახევი. სხვისი ცოდვების განსჯისას ადამიანებს საკუთარზე თვალი კი აეხილებათ ხოლმე, მაგრამ ეს მონანიებისა და მსგავსი რამ განცდის ნატამალსაც არ იწვევს.
"დასტურში", მაგალითად. ინცესტი სულაც არ აღიქმება ცოდვად, რადგან ჟასმინას საკუთარი მამა მართლა უყვარდა მდედრის სიყვარულით. ცოდვილნი ის ადამიანები არიან, ვინც მამამისი ჩააყუდა ციხეში. მშობელთან სარეცელის გაზიარება ცოდვა არ არის და, შესაბამისად, არც მათიასია ცოდვის შვილი; იგი მხოლოდ ბოროტი ადამიანების გამოა დაბადებით ხეიბარი, რადგან ჟასმინა იძულებული იყო დაემალა შეცოდების შედეგი და მთელი ფეხმძიმობის პერიოდში მუცელგაკრულს ევლო. ლუკასი კლავს ჟასმინას, რადგან მათიასის თავისთან სამუდამოდ დატოვება განუზრახავს. მახინჯი, ნიჭიერი და მგრძნობიარე მათიასი კი ეჭვს შეიტანს ლუკასის სიყვარულში და თავს ჩამოიხრჩობს. წიგნების მაღაზიის ყოფილი პატრონი, ვიქტორი - წიგნის დაწერის ვნებით ატანილი, ქონებას ლუკასს მიჰყიდის და თავის დასთან გადასახლდება, რომ სანუკვარი ფიქრი რეალობად აქციოს; ბოლოს მასაც თავისი მყუდროების დამრღვევი, საკუთარი და შემოაკვდება. ვიქტორს ეკუთვნის სიტყვები: "მე დარწმუნებული ვარ, ლუკას, - ადამიანის არსება იმისთვის გაჩნდა, რომ ერთი წიგნი დაწეროს, სხვა არაფერი. სულერთია, გენიალური იქნება ეს წიგნი თუ მდარე და არაფრისმთქმელი. აი, ის კი, ვინც საერთოდ არაფერს დაწერს, დაღუპული კაცია. მას უკვალოდ ჩაუვლია დედამიწაზე". შიზოფრენიის მწვავე შეტევით დაავადებული ვიქტორი ფსიქიატრიულში ხვდება და პეტერს სთხოვს, ყოველთვის უგზავნოს წერისთვის საჭირო ქაღალდი და მელანი: "აი, ყველაფერი, რაც მე მჭირდება, აქ, ბოლოს და ბოლოს, მე დავწერ ჩემს წიგნს". პეტერს ვიქტორის ხელნაწერიც ჩამოაქვს, ლუკასს აჩვენებს და ეს უკანასკნელიც გულმოდგინედ გადაიტანს თავის რვეულში.
სიკვდილმისჯილი ვიქტორი გულწრფელადაა გაკვირვებული სასამართლოს განაჩენით: "... ვიცი, რომ უნდა მოვკვდე, მაგრამ არ მესმის. ერთი გვამის ნაცვლად ახლა ორი იქნება. ვის სჭირდება ეს? ღმერთს ნამდვილად არ სჭირდება". ვიქტორი საუბრობს არა სულზე, არამედ გვამზე, რადგან რეალობა ადამიანებს ავიწყებს სულს და ისინიც, გარემოებას დაქვემდებარებულნი, მკვდარი სხეულის კატეგორიებით აზროვნებენ.
მაგრამ დგება ინტელექტუალების მიერ დაწყებული და აგორებული სახალხო ამბოხის ხანა (ანუ უნგრეთის ორმოცდაჩვიდმეტი წლის რევოლუცია), რომელიც სისხლში ჩაახშო უცხო არმიამ ("ჩვენ ძლიერი მეგობრები გვყავს" - ამბობს კლაუს-ლუკასის ჩანაწერების ერთადერთი მკითხველი, ჰომოსექსუალისტი პარტმუშაკი - პეტერი) და აი, შედეგი: "ჩვენ მოვიგეთ რევოლუცია. ხალხმა გაიმარჯვა. ჩვენმა მთავრობამ დახმარება სთხოვა ჩვენს დიდ მფარველს ხალხის მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში" - აცხადებს რადიო და მიყურადებულ მათიასს უკვირს: "- არაფერი მესმის, ვინ მოიგო რევოლუცია? რატომაა ყველაფერი აკრძალული? რატომ არიან ასე ბოროტები?"
ასე ჩამოწვება დიდი პოლიტიკური სიცრუის ხანა...
სიცრუის თემა აგოტასთან სხვაგვარადაც "მუშაობს". როგორც მრავალგზის ვახსენე, ტრილოგიის მესამე წიგნს "მესამე სიცრუე" ჰქვია; გამოდის, რომ "საერთო რვეული" და "დასტური" შესაბამისად პირველი და მეორე სიცრუეა; ანდა, როდესაც ორჭოფობაზე ვსაუბრობდით, ვერც მაშინ გავარკვიეთ და არც ახლა ვიცით, - კლაუსმა გამოიგონა საკუთარი ძმა თუ პირიქით, ლუკასი ეძებდა არარსებულ კლაუსს. მითუმეტეს, რომ მათი ეს სახელები ერთი და იგივე ასოებითაა შედგენილი და "კლაუსი" სულ ადვილად გადაკეთდება "ლუკასად" და პირიქით.
"საერთო რვეულში" ბიჭები ერთ საიდუმლოს ჩახვდნენ: "სიტყვები ხშირი გამეორებით კარგავენ თავის აზრს და ტკივილი, რომელსაც ისინი ატარებენ თავის თავში - ყუჩდება". "დასტურში" ნათელი ხდება, რომ "ტკივილი ყუჩდება, მოგონებები მკრთალდება, მაგრამ არ ქრება". "მესამე სიცრუეში" კი "მოგონებები" ძალზე აშკარად ჩაენაცვლებიან რეალობას. სინამდვილე პერიფერიაზე გადაინაცვლებს და მოგონებები იქცევა ტექსტად (როგორც ვიწრო, ისე ფართო კულტუროლოგიური გაგებით). გარდაცვლილი თუ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები განაგრძობენ ცხოვრებას ცოცხალთა შეგნებაში. მეტიც (და ეს მწარე სიმართლეა), ისინი უფრო მეტად და ძლიერად უყვართ, ვიდრე გვერდზე მდგომნი და ცოცხალნი. ადამიანთა გონებაში წარსული და ჩავლილი ისეა ამოტვიფრული, რომ რეალობა მხოლოდ მათ თვალებში აირეკლება და შეგნებამდე ვერ აღწევს. გარემოებათა კალეიდოსკოპურმა ცვალებამ ისე გაახევა ადამიანები და მათი სულიერი სამყაროს იმგვარი დეფორმაცია გამოიწვია, რომ ტყუპისცალი ძმა არ პატიობს კლაუსს მის გამო გადატანილ დარდსა და ვარამს, ხელს ჰკრავს მას, არ აღიარებს ძმად და ამით უბიძგებს თვითმკვლელობისკენ.
დაბოლოს, ლუკასის მონათხრობი: "მამაჩემის საფლავის გვერდით ახალი ორმოა ამოთხრილი. ჩემი ძმის კუბოს ნელა უშვებენ შიგ. საფლავის თავთან არჭობენ ჯვარს, რომელზეც აწერია ჩემი სახელი განსხვავებული ორთოგრაფიით. ყოველდღე მივდივარ სასაფლაოზე. ვუყურებ ჯვარს, რომელსაც აწერია "Claus T." და ვფიქრობ, რომ სხვა ჯვარი უნდა გავაკეთებინო, რომელსაც ეწერება "ლუკასი".
. . . . .
მატარებლის ბორბლები... კარგი აზრია!"
ეს არის ტრილოგიის დამაგვირგვინებელი წიგნის - "მესამე სიცრუის" ბოლო ფრაზა.
ქვეყნებს შორის აღმართული კედლები დაირღვა, მაგრამ პოლიტიკური ექსპერიმენტებისა და ათასი სოციალური უკუღმართობის გამო ადამიანებს შორის აღმართული სიცრუის კედლები ჯერ კიდევ მყარია და მას ჟამთა სვლა თუ გაანეიტრალებს...
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ვაღიაროთ მწარე გამოცდილების მქონე მწერლის მხატვრული პირობითობები და ხელმეორედ შევუდგეთ რომანის კითხვას. თუ მწერლის გამოწვევას მივიღებთ და შემოთავაზებულ თამაშის წესებსაც დასტურვყოფთ, დარწმუნებული ვარ, რომ აგოტა კრისტოფის "განსაწმენდელის" ხელახალი გავლის შემდეგ, ერთი აფრთხიალებაღა გვეკლდება და ანგელოზებად ვიქცევით.
ისე კი ცხოვრება მართლა უფრო მწარე ყოფილა... წიგნი ამას ვერ აიტანს! აკი ჩვენი დიდი პაპაც ამას გვიდასტურებს: "ფუ, შენ, ცრუო საწუთროვო, რად არ მძულდი, რად მიყვარდი?! შენ ყოფილხარ მწარე, შხნაკვი, მე მეგონე ტკბილი ყანდი".
ამიტომ, გირჩევთ, რომ წუთისოფლის პირისპირ ყოფნას კრისტოფის რომანის წაკითხვა სჯობს.

© “წიგნები – 24 საათი”

Tuesday, April 28, 2009

ვახუშტი კოტეტიშვილი – აღმოსავლურ-დასავლური დივანი


ანდრო ბუაჩიძე


"ვაგლახ, ქარი და ღრუბელია წუთისოფელი"


ვახუშტი კოტეტიშვილი. აღმოსავლურ-დასავლური დივანი. რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, დიზაინი გუგა კოტეტიშვილი, ბესიკ დანელია, თბ., "დიოგენე", 2002.

ვახუშტი კოტეტიშვილის რჩეული თარგმანების წიგნის პირველი გვერდებიდანვე ძალდაუტანებლობა და ნატიფი ფანტაზიის თავისუფალი მოძრაობა გეცემა თვალში. ყდაზე სპარსული მინიატურის ცალკეული ფრაგმენტებია აღბეჭდილი და წარწერასთან ერთად გემოვნებით შესრულებული კოლაჟის შთაბეჭდილებას ტოვებს. წარწერა კი, ანუ სათაური, მართლაც შესანიშნავია - "ვახუშტი კოტეტიშვილი, აღმოსავლურ-დასავლური დივანი". ასეთი წარწერით საბჭოთა პერიოდში შეუძლებელი იყო თარგმანების კრებულის გამოცემა. ცუდი ის არის, რომ პოსტსაბჭოთა ხანაშიც, ინერციისა თუ უგემოვნობის გამო ხშირად საბჭოთა კლიშეების ტყვეობაში ვრჩებით ხოლმე. ზოგჯერ არღვევენ ამ კლიშეებს, მაგრამ ისე არღვევენ, რომ საბჭოთა სტერეოტიპები მოგენატრება.
ეს წიგნი ბედნიერი გამონაკლისია და ხვდები, რა იშვიათია გემოვნება შერწყმული ცოდნასთან და გამოცდილებასთან. წიგნის სათაური სადაა, უბრალოც, აზრიანიც და ხატოვანიც. სწორედ მოიქცა მთარგმნელი, როცა წინასიტყვაობაში განმარტა სათაურის წარმომავლობა და თავისი არჩევანის მიზანდასახულება, ვინაიდან უბირ მკითხველს შეიძლებოდა ყოვლად უაზრო ეჭვები გასჩენოდა.
იგივე წინასიტყვაობაში ვახუშტი კოტეტიშვილი მხატვრული თარგმანის საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს არა ცალკეულ მოსაზრებებთან, არამედ მთელ კონცეფციასთან, რომელიც ძალზე მკაფიოდ და ნათლად არის გადმოცემული. ვახუშტი კოტეტიშვილის ტექსტი ლაღია და თავისუფალი, მისი "თარგმანის თეორია" პიროვნული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. აქ ვერ შეხვდებით მოდურ თეორიულ ენაბრგვილობას, რომელიც რაც უფრო პირქუში და ბურუსით მოცულია, მით უფრო მეტი პრეტენზია აქვს ხოლმე ჭეშმარიტებისა.
ვახუშტი კოტეტიშვილის ნააზრევში დედნის გაგებას, ინტერპრეტაციას, საერთოდ დედნისადმი დამოკიდებულების კულტურას უჭირავს მთავარი ადგილი.
მართლაც, გამოცდილი და ნიჭიერი მთარგმნელი მთლიანად დედანზე უნდა იყოს ორიენტირებული. წამკითხველს გაუკვირდება და იტყვის, აბა ამას რა მტკიცება სჭირდებაო. საქმე ისაა, რომ ამ თეორიულ დებულებას ყველა იზიარებს, მაგრამ მისი პრაქტიკული განხორციელება ძალიან ძნელია და ამიტომაც არსებობს საგანი, რომელიც არამარტო თარგმანის თეორიას ითვალისწინებს, არამედ მის პრაქტიკასაც. აკი წერს კიდეც ვახუშტი კოტეტიშვილი თავის წინასიტყვაობაში: "მე მგონი მეტისმეტად მენტორული წინასიტყვაობა გამომივიდა, მაგრამ ესეც ალბათ ასაკის ბრალია. "თარგმანის თეორიასა და პრაქტიკას" იმდენი წელია ვასწავლი თბილისის უნივერსიტეტში, რომ ჩემდაუნებურად ზოგჯერ ყველაფერი ერთად ამომეთქმევინება ხოლმე".
მენტორულობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ვახუშტი კოტეტიშვილმა მართლაც ყველაფერი თქვა, თვალსაჩინო მაგალითებით ჩამოაყალიბა თავის სათქმელი. მე პირადად მრავალგზის დავსწრებივარ მის ლექციებს, სადაც უმთავრესად იმ სიძნელეზე იყო საუბარი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო დედნისადმი სიახლოვე. ეს ლექციები საინტერესო გახლდათ იმ ნიშნით, რომ შესაბამისი სიტყვის, ინტონაციის, ტროპული მეტყველების ნიმუშების ძიება პრაქტიკულად, უშუალო გამოცდილების გაზიარებით ხდებოდა. არ მავიწყდება ერთი ლექცია, სადაც ბატონი ვახუშტი საუბრობდა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რისი თარგმნა სურდა და რა ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, აქაც ძალზე თვალსაჩინო მაგალითები მოჰყავდა და მსმენელთათვის აშკარა იყო, მთარგმნელობა უძნელესი საქმიანობაა და ყოველთვის სასურველი შედეგის მიღწევა არ ხერხდება. ის კი არა, ჩემი აზრით, მხატვრული ტექსტის მთარგმნელს იმისი წინასწარჭვრეტის უნარიც უნდა გამოუმუშავდეს, თუ რის თარგმნას შეძლებს და რისას ვერა.
ისევ წინასიტყვაობას მივუბრუნდეთ: "კლასიკური ლიტერატურის თარგმნისას, ვაი, რომ, მხოლოდ ენის ცოდნა არ არის საკმარისი. თარგმანი თავისთავად, უპირველეს ყოვლისა, ჰერმენევტიკული პროცესია, ანუ მხატვრული ტექსტის სწორად წაკითხვისა და ინტერპრეტაციის ხელოვნება". ჩემი აზრით, "სწორად წაკითხვა" თავისთავად გულისხმობს მხატვრული ტექსტის და კერძოდ, პოეზიის არსისეულ გაგებას, რაც თავისებური ნიჭია და პიროვნების ასევე თავისებურ, სპეციფიკურ შინაგან სტრუქტურას საჭიროებს. აქ ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება. განა ვინც ქართული ენა იცის, ყველას ესმის რუსთაველის, ბარათაშვილის, გალაკტიონის პოეზია?
ასე რომ, პოეზიის აღქმა-გაგება იშვიათთა ხვედრია. მთარგმნელისთვის ამას სწორად წაკითხვის და ინტერპრეტაციის უნარი უნდა დაემატოს, რაც ენის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. თეორიულ პოსტულატებს კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი აზრი არ ექნება, თუ კონკრეტულმა პრაქტიკულმა მეცადინეობამ სასურველი შედეგი არ გამოიღო. კიდევ ერთი ციტატი: "მთარგმნელობა ისეთივე სენია, როგორც ხელოვნების ნებისმიერი დარგი: მუსიკა თუ პოეზია, მხატვრობა თუ პლასტიკა... ქვეცნობიერების საწყისი მასშიც ისეთივე ძლიერია, როგორც ხელოვნების სხვა დარგებში, მაგრამ ცნობიერების დოზა მასში მაინც ჭარბობს, ვინაიდან ეს ერთგვარი სიტყვარი "იკებანაა", რომელშიც გონება და გემოვნება, ცოდნა და გამოცდილება თუ არ ჩაერთო, მხოლოდ შიშველი ნიჭი ვერას გახდება".
ცნობიერების დოზა მართლაც ჭარბობს მთარგმნელობაში. ზოგადად მთარგმნელობა არ არსებობს. არიან მთარგმნელები, ნამდვილი პროფესიონალები, რომელთაც ცნობიერება გააჩნიათ, ე.ი. აქვთ ანალიტიკური უნარი. და არიან ისეთებიც, რომელთაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს უნარი დაბადებითვე არ დაჰყოლიათ. ამ უკანასკნელთ, სერიოზული ნაკლოვანების გამო დამხმარე თეორია აქვთ მოგონილი. ისინი ამბობენ, რომ არავითარი ტექსტის გაგება და ინტერპრეტაცია არ არის საჭირო, მთარგმნელს უფლება აქვს, რაც უნდა და როგორც უნდა ისე თქვას და ისე გარდათქვას. ბუნებრივია, ასეთი თვალსაზრისი მთარგმნელს საშუალებას აძლევს თავისი თავი წინა პლანზე წამოსწიოს და სათარგმნი ავტორი (ვინც არ უნდა იყოს ის) მიჩქმალოს. როგორც ბატონ ვახუშტის წინასიტყვაობიდან ვიგებთ, ერთი ასეთი მსოფლმხედველობის ფილოლოგ-ფილოსოფოსი მას შემთხვევით გადაჰყრია და უთქვამს, შენს თარგმანებში რილკე დავინახე, მაგრამ შენ არ ჩანხარო. მთარგმნელს უპასუხია, ასეც უნდა იყოსო და ამით დამთავრებულა მათი დიალოგი.
აშკარად მძიმე სურათია დახატული. ვინაიდან თუ ფილოლოგ-ფილოსოფოსს არ ესმის ის ელემენტარული ამბავი, რომ თარგმანში რილკე უნდა ჩანდეს და არა მთარგმნელი, მაშინ ჩვეულებრივ მკითხველს რაღა მოეთხოვება!
ათასგვარი განსაზღვრება არსებობს პოეზიისა, ერთ-ერთი ასე ჟღერს: "პოეზია არის ის, რაც არ ითარგმნება". პოეზიის უთარგმნელობის შესახებ არაერთხელ გამოთქმულა აზრი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რაც უფრო საეჭვოა თარგმანის ხელოვნება, მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ის. საზოგადოდ კი თარგმანის საეჭვოობას აქარწყლებს რეალურად არსებული კონგენიალური პოეტური თარგმანები. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სახის პოეზიის თარგმნასთან გვაქვს საქმე. არსებობს ლირიკა, რომელიც მთლიანად ბგერწერაზეა აგებული. ბგერწასული ნიუანსების გადმოღება ერთი ენიდან მეორეზე შეუძლებელია. უნდა შეიქმნას მსგავსი ასოციაციის ან შთაბეჭდილების გამომწვევი ბგერწერული სახე-ხატები. ეს სახე-ხატები ამა თუ იმ ენის კანონზომიერებას და გამოცდილებას უნდა დაექვემდებაროს.
ასე რომ, არსებობს სხვადასხვა ხასიათის სიძნელეები, რომელთაც, ჩემი აზრით, მთარგმნელი შინაგანი ალღოთი უნდა გრძნობდეს. კარგად წერს ვახუშტი კოტეტიშვილი: "ახლა კი ორიოდ სიტყვით მინდა ამ წიგნის ახალგაზრდა მკითხველებსა თუ მომავალ მთარგმნელებს გავუზიარო ჩემი ზოგიერთი შეხედულება მხატვრული თარგმანის წყალქვეშა მეჩეჩებზე და იმ საბედისწერო მოულოდნელობებზე, რაც ამ ფათერაკიან გზაზეა მოსალოდნელი". ზუსტად არის მიგნებული გამოთქმები "მხატვრული თარგმანის წყალქვეშა მეჩეჩები" და "საბედისწერო მოულოდნელობები". ნამდვილად ასეა, გზადაგზა თარგმნისას ისეთი ხასიათის წინააღმდეგობებმა შეიძლება იჩინოს თავი, რომელთაც არავინ მოელოდა.
ჯერ კიდევ იმ ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეხვედრა მოუწყეს ერთ მთარგმნელს. იქვე იყო ვახუშტი კოტეტიშვილიც და კითხულობდა საკუთარ თარგმანებს. ამ შეხვედრიდან ასეთი ეპიზოდი დამამახსოვრდა: ბატონმა ვახუშტიმ ერთ-ერთი თარგმანის წაკითხვამდე მცირე პაუზა გააკეთა. სტუდენტებმა ამით ისარგებლეს და სეტყვასავით მიაყარეს მთარგმნელს მისივე თარგმანები, - ჰაფეზის, ხაიამის, რუდაქის, ჯამის და სხვათა და სხვათა ლექსები. "შენ სანთელი ხარ, მე მიმქრალი სანთლის მუდარა / მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა რა, / სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი, / შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა, / სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა / ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა / ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს, შემოგეხვევა ვნებისაგან ტანზე სუდარა". ერთმა რომ ეს ლექსი ჩაათავა, მეორემ სხვა დაიწყო: "რადგან რაიმე, ქარის გარდა არ არსებულა, / რადგან ყოველი დაქცეულა, არ ავსებულა, / არ არსებული არსებულად უნდა ჩათვალო, / არსებული კი მიიჩნიო არ არსებულად". ვიღაცამ ისევ ხაიამი გააგრძელა: "ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე, / დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე, / დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე, / ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ".
სტუდენტები ზეპირად წარმოთქვამდნენ ლექსებს და აშკარა იყო, ეს ლექსები უკვე მთარგმნელს აღარ ეკუთვნოდა, მათ თავიანთი კუთვნილი ადგილი მკითხველის გულსა და გონებაში ეპოვათ.
მართლაც იშვიათი შემთხვევაა - ხშირად ორიგინალური ლექსებიც კი არ ამახსოვრდება მკითხველს. თარგმანების ასე აღქმა და გათავისება კი უიშვიათესია. სხვათა შორის, ომარ ხაიამის რობაიების ცალკე წიგნად გამოსვლისთანავე (თითქმის ნახევარი საუკუნის წინ გამოვიდა) ზუსტად ასევე აღიქვა და გაითავისა ქართველმა მკითხველმა ეს სიბრძნით და მახვილგონიერებით აღსავსე პოეზია.
ვახუშტი კოტეტიშვილს, როგორც სიტყვის ოსტატს, პოეტს და მთარგმნელს აქვს უნარი, ირაციონალური ნიჭი, სიტყვიერ მასალაში მძაფრი სიცოცხლის შეტანისა. სწორედ ეს თვისება გამოვლინდა ყველაზე მეტად აღმოსავლური პოეზიის თარგმანებში. მისი თარგმანების უმრავლესობამ ისეთი მკაფიოება, ემოციური სისავსე და სინატიფე შეიძინა, რომ მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა მკითხველთა მახსოვრობაში არ აღბეჭდილიყო. აი, კიდევ ერთი ნიმუში რუდაქის პოეტური საგანძურიდან: "ილხენდე ლამაზ შავთვალასთან ხალვათად მჯდარი, / წუთისოფელი ზღაპარია და ნიავ-ქარი. / რაც უნდა მოხდეს, მას ყოველთვის შეხვდი ხალისით, / რაც უკვე მოხდა, დაივიწყე, უქციე მხარი. / მე და ის - ამბობს სურნელებით დალალაშლილი, / მე და ის - სახით მთვარისა და ფერიის დარი. / ბედნიერია ვინც ირგო და უხვადაც გასცა, / უბედურია, ვინც სიამეს მიუხშო კარი. / ვაგლახ, ქარი და ღრუბელია წუთისოფელი, / მოიტა ღვინო და დავლიოთ, რაც არი, არი!"
ირაციონალიზმზე როცა ვლაპარაკობთ, არც "რაციოს" მონაწილეობა უნდა დავივიწყოთ. ვახუშტი კოტეტიშვილის კალამს ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევა "სპარსული ლექსის პოეტიკა". ეს გამოკვლევა მთარგმნელის პროფესიული მზადყოფნის დასტურია. სპარსული ლექსის სტრუქტურა რთულია და მრავალწახნაგოვანი, ორიგინალურია და თვითმყოფადი. მხოლოდ ყოველივე ამის საფუძვლიანი ცოდნის და გათვალისწინების შემდეგ შეიძლებოდა ფიქრი ირაციონალურ მომენტებზე.
"აღმოსავლურ-დასავლური დივანი" ოთხი ნაწილისაგან შედგება: 1. შესავალი. 2. სპარსული პოეზია. 3. ავსტრო-გერმანული პოეზია (რილკე). 4. XX საუკუნის რუსული პოეზია.
მაშასადამე, XX საუკუნის ურთულესი აზროვნების მქონე ავსტრიელი გერმანულენოვანი პოეტის რაინერ მარია რილკეს თარგმნას აღმოსავლურ პოეზიაზე მუშაობა უძღ ოდა წინ. ვახუშტი კოტეტიშვილი მრავალი წლის მანძილზე თარგმნიდა რილკეს. იქმნებოდა სხვადასხვა ვარიანტი ცნობილი ციკლებისა: "ჟამნი", "სონეტები ორფევსისადმი", "დუინური ელეგიები". უკვე გამოქვეყნებული თარგმანები იცვლებოდა, მუშავდებოდა ოპტიმალური ვარიანტები დედანთან სიახლოვის თვალსაზრისით.
რილკეს თარგმნის პროცესშიც ბატონი ვახუშტი ნამდვილი ჰერმენევტიკოსი იყო. მის მიერ "პოეტურად გაწყობილი" ყოველი ფრაზა ღრმა გაგების საფუძველზეა აღმოცენებული. რილკეს უაღრესად თავისებურ ფენომენთან ზიარებამ, მისი აზროვნების სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებამ მთარგმნელი საიმისოდ განაწყო, რომ თანდათანობით შეემუშავებინა მეთოდი ამ პოეზიის თარგმნისა. ჩემი აზრით, ბატონმა ვახუშტიმ აქცენტი გააკეთა ვრცელი ფრაზების ინტონაციურ წყობაზე. ამავე დროს ის შეეცადა რილკეს გაშლილი მეტაფორები და ჩახვეული პოეტური სახეები თითქმის ზუსტად გადმოეტანა. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ბოლომდე უნდა გაეგო ესა თუ ის მეტაფორა ან სახე, ეგრძნო მისი ხიბლი, დაეჭირა პოეტური რეგისტრის მონაცვლეობა ლექსის მთელ სივრცეზე.
ვახუშტი კოტეტიშვილმა გაამარტივა სარითმო სიტყვა, მეტის თქმაც შეიძლება, რითმა რილკესთან შეუმჩნეველი გახდა, ინტონაციური წყობის ისეთ კომპონენტად იქცა, რომელსაც კი არ უნდა შეეფერხებინა ლექსის მდინარება, არამედ ტალღისებურად გადაეტანა ერთი ლირიკული აქცენტიდან მეორეზე. არაერთხელ თარგმნილა "ჟამნის" ლექსები ქართულად, მაგრამ ვახუშტი კოტეტიშვილის ობიექტივმა ისეთი ნიშნები აღბეჭდა იმ ციკლისა, რაც სხვას არ აღუბეჭდავს: "ვით ღამის დარაჯს, ვენახში რომ უდგას უბრალო / ქოხი, რომელშიც ფხიზლობს ღამით წამის-წამისად, / ასე, შენს ხელში, მეც ქოხი ვარ, ჩემო უფალო / და ღამეც მე ვარ, მეუფეო, შენი ღამისა. / ვენახი, ძველი ვაშლოვანი, ველი თუ ყანა, / ერთ გაზაფხულსაც რომ არ ცდება და მუდამ ლაღობს, / მარმარილოსებრ მკვრივ მიწაზე ჯიუტად დგანან / ლეღვის ხეები და სძალავენ ასობით ნაყოფს. / შენს მრგვალ რტოთაგან მოიფრქვევა სურნელი შენი / და არც კითხულობ, მართლა ფხიზლობ, თუ ეს ძილია. / შენი სიღრმენი ლღვებიან და ისე ვით წვენი, / მშვიდად, უშიშრად ამოდიან და გვერდს მივლიან".
"აღმოსავლურ-დასავლური დივანის" ბოლო ნაწილია "XX საუკუნის რუსული პოეზია". ინოკენტი ანენსკის, მაქსიმილიან ვოლოშინის, ნიკოლაი გუმილიოვის, ოსიპ მანდელშტამის, მარინა ცვეტაევას, იოსიფ ბროდსკის ლექსები შემთხვევით არ არის თავმოყრილი. მთარგმნელმა ის ნაწარმოებები თარგმნა და შეიტანა წიგნში, რომლებიც მის შთაგონებას შეეხო. ყოველი ლექსი შთაგონებით არის თარგმნილი. ამიტომაცაა აქ კონგენიალური თარგმანები: ვოლოშინის "ჯოჯოხეთის ფსკერზე", გუმილიოვის "მეექვსე გრძნობა", მანდელშტამის "ლენინგრადი", ბროდსკის "ორი საათი რეზერვუარში".
ჩემი ღრმა რწმენით, ვახუშტი კოტეტიშვილის რჩეული თარგმანების კრებული ჟამთასვლის და მსწრაფლწარმავლობის მიუხედავად, თავის მუდმივ ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ ლიტერატურაში, ვინაიდან ის სწორედ ქართული ლიტერატურის, მწერლობის, სიტყვიერების განუყოფელ ნაწილად იქცა უკვე. ჩვენ კი, ბატონ ვახუშტის მკითხველებს და ნაცნობ-მოსწავლეებს, ყოველი წაკითხვისას ჩაგვესმება მისი გაბზარული ხმა: "ვაგლახ, ქარი და ღრუბელია წუთისოფელი, მოიტა ღვინო და დავლიოთ, რაც არი, არი!"

© “წიგნები – 24 საათი”


ბიძინა მაყაშვილი – მარათონი


ლიტერატურული მარათონის შესახებ ერთი თვის წინ გავიგე, თუმცა დეტალების არაფერი ვიცოდი. ანდა საიდან მეცოდინებოდა, თვითონაც არ იცოდნენ წესიერად. მერე ეტყობა გადაწყვიტეს, რადგან დამირეკეს პრესკონფერენციას ვაწყობთო და ნახევარ თბილისთან გადამარეკინეს, გააგებინეო. ნაღდი ახალი ქართველები არიან: ისე გაგაკეთებინებენ საქმეს, ვერც კი გაიგებ. მაგრამ ღმერთმა დაგიფაროს და ანაზღაურებაზე წამოგცდეს რამე - ისეთი მიამიტური სახით გეტყვიან ფული არ არისო, რომ მერე ერთი კვირა აღარ გძინავს, ამ პატიოსან ხალხს რატომ ვაგდებ უხერხულ მდგომარებაშიო.
პრესკონფერენციაზე აღმოვაჩინე, რომ სპონსორებიდან ერთის გარდა, ყველას ვიცნობდი; ორგანიზატორებზე აღარაფერს ვამბობ. უბანში ვარ, რა! ხაჭაპური, ნამცხვარი, ბუტერბროდები, "ბორჯომი", "ნაბეღლავი", ორნაირი "ძველი თბილისი". იმდენი ამათ რა ვუთხარი - სულ ამ კომპოტს სვამდნენ ძველ თბილისში!
დაწყებას არ დაადგა საშველი. ერთ ჟურნალისტს ელოდებოდნენ - დარეკა, გზაში ვარ, მაგრამ ეგ ადგილი არ ვიცი სად არისო. აუხსნეს - რუსთაველი, ოპერა, იქვე ქუჩა ჩაუდის და ა.შ. 15 წუთში ისევ დარეკა, ცირკთან ვარო. ისე არც მე ვიცნობ დუბლინს ჯოისივით და არც სოსო გრიშაშვილი ვარ, მაგრამ თბილისია...
როგორც იქნა დაიწყეს. მოჰყვნენ სპონსორების და ერთანეთის ქებას, ძარღვიანი ქართული ენა, მწერლობა გადაარჩენს საქართველოსო და მსგავსი უაზრობები. სათქმელს რომ მორჩნენ, აბა შეგვეკითხეთო. მეორე კითხვის შემდეგ შევატყვე, რომ ერთ-ერთ ორგანიზატორს ძალიან უნდოდა პრესკონფერენციის დამთავრება. ვიფიქრე, ან სადმე ეჩქარება, ანდა ფაღარათი აქვს-თქო, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არაფერი შესაკითხი არ მქონდა, ჯინაზე მაინც შევეტენე ბრიყვული კითხვით. მიპასუხეს და სასწრაფოდ სუფრასთან მიგვიწვიეს - დანარჩენი კერძო საუბრებში გაარკვიეთო. ესე იგი შიოდა.
კერძო საუბრებისთვის თემას რა გამოლევდა ჟურნალისტებისათვის - ქალაქში ორი ახალი გაზეთი და ტელეარხი იხსნებოდა, თანაც ეს ლიტერატურული კონკურსი თავისი პრიზებიანად ბევრს უფორიაქებდა გონებას. უჭირს ხალხს, თანაც ამბიციები, წერა...
ამ დროს ერთი ტელეჟურნალისტი მომადგა თავისი ოპერატორით - ეტყობა იქ მწერალი ვერ ნახა, არადა სიუჟეტი აქვს გასაკეთებელი საღამოს ნიუსებისთვის და რამით ხომ უნდა გააცოცხლოს?! ხომ შემეძლო მეუარა, მაგრამ ვიფიქრე კოლეგაა-მეთქი და ისეთი რაღაც მოვუთხარე, რომ მთელი საღამო ნაცნობები მირეკავდნენ. კომპოტი უძახე შენ...
ეს ტელეფონი კიდევ ცალკე თემაა. ერთმა დამირეკა, ფული მასესხეო. გავიკვირვე. აი პირველი პრემია ხომ არის 500 დოლარი და ეგ ფულიო. ვხედავ ვერ არის თავის მოტორზე და ხუმრობას ვცდილობ - მესამე რომ ავიღო, გეგმები ხომ არ ჩაგეშლება-მეთქი?
მერე ღამე ჩემთვის ვფიქრობდი რაღაცეებს. ასეთი კონკურსია: მსურველებს თავიანთი ნაწარმოებები "დიოგენეში" მიაქვთ. მათგან 25 კაცს ირჩევენ, აძლევენ თემას; 12 საათი ჩაკეტავენ ამ ჯგროს ყუბანეიშვილის კაფეში და შედევრებს დააწერინებენ. თან ფილმს გადაიღებენ. მერე წიგნს გამოუშვებენ და სამ გამარჯვებულს "ამირანში" დააჯილდოვებენ. იქნება დიდი მარიაჟი, ჟრიამული, ქართული მწერლობის განვითარება, ახალი სახელები და ა.შ.
ჰოდა, ასეთი რამე წარმოვიდგინე: დავწერ 25 მოთხრობას სხვადასხვა ფსევდონიმით და ყველა მოთხრობა გაიმარჯვებს. კონკურსზეც მარტო მე მოვხვდები, სამივე პრიზს მე ავიღებ, ის ფილმიც მარტო ჩემზე გაკეთდება და ის წიგნიც ჩემი ერთტომეული იქნება. და მე გავხდები ყველაზე დიდი... კიდევ კარგი გათენდა.
ამ ბოლო ხანებში ადრე ვიღვიძებ ხოლმე. იმიტომ კი არა, რომ მევასება. AES-ს რომ გავარტყი, იმიტომ. დენის გრაფიკი გვაქვს. უბნელები არ იხდიან და ამიტომ შენც არ უნდა გქონდესო. ერთი სიტყვით, ადრე ვდგები, რომ სანამ დენია გავიპარსო, თორემ ამ იდიოტების ამბავი არ იცი - ხემინგუეისავით წვერის მოშვებას, წერა ისწავლოსო, იტყვიან (ისიც არ იციან, რომ მაგის გვარი ჰ-თი იწერება).
გარდა ამისა, ადრე ადგომა იმითაა კარგი, რომ ბევრ რამეს მოასწრებ: წაიკითხავ, დაწერ, კონკურსისთვის მოემზადები. მე კი არაფერს ვაკეთებ: არ ვკითხულობ, არ ვწერ; დავბოდიალობ წვერგაპარსული, ვეწევი და კონკურსზე ვფიქრობ. მთელი დღე უაზროდ გადის და მერე ღამე ვეღარ ვიძინებ ხოლმე.
ერთ ღამეს ბებიაჩემის მოყოლილი ისტორია გამახსენდა. ორმოცდაათიოდე წლის წინათ ერთ სასწავლებელში თავისუფალი თემა უნდა დაეწერათ - "რად მიყვარს ჩემი სამშობლო". გამოცხადებიდან ორი წუთის შემდეგ ერთი ბიჭი ამდგარა და კომისიისათვის ფურცედი ჩაუბარებია. ზედ სულ ოთხი ხაზი ეწერა:
ირემს რად უყვარს მთის წყარო,
ვაჟკაცს ნალესი ხმალია?
რად მიყვარს ჩემი სამშობლო?
განა ეს საკითხავია?!
კომისიის წევრები ცოტა დაბნეულან, მაგრამ მერე მიმხვდარან, რომ მაგარი იყო და ჩაუთვლიათ.
ჰოდა, მეც წარმოვიდგინე ეს ჩვენი კონკურსანტები კოტეს კაფეში. ამოიღებენ კონვერტიდან თემას. მწერლები დაიწყებენ ნერვიულობას, გაოფლიანდებიან, გაავსებენ ფურცლებს და არც ერთი არ ივარგებს. კოტე კი ამასობაში რაღაც შაირს მოთხრის, ყველა იქ მყოფს აჩვენებს და გააღიზიანებს: "ჰა, აბა როგორია?! ხო მაგარია?! ამისი ფასი რა უნდა დაწეროთ 12 საათში თქვე სირებო!" სამწუხაროდ, მართალი იქნება. იმიტომ კი არა, რომ მართლა მაგარ რამეს დაწერს, უბრალოდ სხვები ვერაფერ ღირებულს ვერ დაწერენ. მთელი ცხოვრება ვერაფერი დაუწერიათ და რაღა ამ 12 საათში დაწერენ შედევრს?!
ისე, მეც მაგარი ვარ - იმის მაგივრად, რომ თვითონ რაღაც გავაკეთო, სხვებს... უჰ, ისევ გათენებულა. უკვე 6 მარტია. კონკურსის შესარჩევ ეტაპამდე ორი დღეღა რჩება. გადავწყვიტე საკონკურსო მოთხრობა დამეწერა. არაუშავს გამოვიდა. საქართველოს ისტრიის ბოლო ათი წლის ამბები იყო დღევანდლამდე: საზოგადოება ორად რომ გაიხლიჩება და მერე დასავლეთი რომ შემოდის. "ვის უხმობს ბზარი" დავარქვი. მთავარი გმირია ბიჭი, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობოში მუშაობს. ევროებში უხდიან. თავიდან მოსწონს, ჰგონია კარგ საქმეს ემსახურება. მერე მიხვდება, რომ ეს ყველაფერი ნაგავია; საქართველო რომ ფეხებზე ჰკიდიათ ამ უცხოელებსაც და მის ქართველ კოლეგებსაც. მიხვდება, რომ ამ ქართველი ახალგაზრდებისგან რაღაც მუტანტები გააკეთეს, რომლებმაც არც კომპიუტერი იციან წესიერად და არც ინგლისური და ათი წლის განმავლობაში მხოლოდ პრეზერვატივის ხმარება და პეროვსკაიას ბარების სახელები ისწავლეს. თანაც თავისი სამშობლო ეცოდება, მაგრამ ხედავს, რომ ქართველებიც მაგრად გაჩათლახდნენ და ყველაფერზე ნერვები ეშლება. თანამშრომლებს დებილ იუ, დებილ იუ, დებილ იუებს (www) ეძახის და დოტ კომ (.com) დედებს აგინებს. მოთხრობის ბოლოს ისე გამოვა მწყობრიდან, რომ თათბირზე ამერიკელ უფროსთან მთელი ხმით დაიყვირებს: "იანკებო, წაეთრიეთ სახლში!" და უფრო დაბალ ხმაზე დაამატებს: "და მეც თქვენთან ერთად წამიყვანეთ". ასე მთავრდება.
მთელი დღე ვწერდი და ღამე ისევ რაღაცეებს ვფიქრობდი. მარათონებს ვიხსენებდი. ის ხომ გახსოვთ, ფილმი - "ქანცგაწყვეტილი ცხენები", ჯეინ ფონდა. ჰოდა, ისევ კოტეს კაფე წარმოვიდგინე: წერენ ეს გაჭირვებულები რაღაცეებს და იქვე "რუსთავი-2"-ის კამერებით და მიკროფონებით ჟურნალისტები ფილმს "აკეთებენ". ჰოდა, ნამდვილი ფილმისა არ იყოს, აქაც ხდება პატარა დრამები: ვიღაცის კალმისტარი არ წერს - ძველია და პასტა გამხმარა, ვიღაცას მისთვის განკუთვნილი ფურცელი გაუთავდა და გვერდზე მჯდომს თხოვს. ის არ აძლევს, ეს კიდევ სხვას პარავს. ვიღაცა ითხოვს, არ მოწიოთო და სხვები ჯინაზე ეწევიან. ერთი იმდენს მოწევს, რომ თვითონ გახდება ცუდად. თან კონკურსანტებს ხომ თითო ბოთლი "ძველი თბილისი" აქვთ. ეს სპონსორის - GWS-ის საჩუქარია. არა, სპონსორი "შევრონიც" არის, მაგრამ ბენზინს ხომ არ დალევენ?! ერთი სიტყვით, ერთი დათვრება. ისეა, რომ კონკურსიც ფეხებზე ჰკიდია და 500 დოლარიც - "ნედაპოი" აქვს და დასალევზე ჩალიჩობს. სხვებს ეჩალიჩება ღვინოზე. მე კი, ამ "ბარდაგში" ჩემთვის მაგარ ტიპს ვთამაშობ. გარემოსგან მინიატურული ყურსაცვამებით იზოლირებული, სალათისფერი "ერიქსონის" მობილურით მუსიკას ვუსმენ და ისეთი მიჭირავს, თითქოს არაფერს არ ვაქცევ ყურაღდებას და ვწერ. მაგრამ, თან ისეთიც ვარ, რომ მაინცდამაინც არც კონკურსი მაღელვებს, მოკლედ ვმარიაჟობ.
საბედნიეროდ მალე გათენდა. დღემ მოიმატა, ასე რომ, უფრო ადრე ვდგები და შესაბამისად უფრო მეტს ვეწევი. თანაც დათბა და გარეთ ყოფნა მსიამოვნებს, არაფრის წერა არ მინდა. "დიოგენეში" შევდივარ. უკვე 600 განცხადებაა შესული და ხალხი კიდევ რიგში დგას. აუჰ, საწყალი ჟიური - ამ სიგიჟის წაკითხვა არ გინდა?! ისე, ახია მაგათზე! ატეხეს რა ტესტები და მარათონები. ვითომ არ იციან, რა გიჟების ქვეყანაში ცხოვრობენ. მაგრამ თვითონაც გიჟები არიან და რა ქნან?! ეს თავიანთი სიგიჟე კი მგონი მეც გადმომდეს - ამ ღამეს ისევ რაღაც მესიზმრა. ვითომ კონკურსში გავიმარჯვე და "ამირანში" დაჯილდოებისას მთხოვენ სამადლობელი სიტყვა ვთქვა; და მეც ასეთ ისტორიას ვყვები:
ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა; ისეთივე, როგორც უამრავ ბავშვს ამ ქალაქში. სწავლობდა ჩვეულებრივად: არც კარგად, არც ცუდად. სხვა ბიჭებივით მასაც უყვარდა ფეხბურთი, როკ-ენ-როლი, სათავგადასავლო რომანების კითხვა და შატალოზე სიარული. მაგრამ, როცა ფეხბურთით, როკ-ენ-როლით და მასტურბაციით არ იყო დაკავებული, ტელევიზორს უყურებდა. მართალია, ტელევიზორი ყველა ზემოჩამოთვლილზე ნაკლებად უყვარდა, მაგრამ მაინც უყურებდა. ერთადერთი, რაც იქ მოსწონდა, ფილმები იყო. ფილმებს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ძალიან გვიან უჩვენებდნენ. ეს კი ცოტათი უხერხულობას უქმნიდა. არა, ადრე დაძინება არ უყვარდა. შეეძლო მთელი ღამე, დილამდე კითხვაში გაეტარებინა. საქმე ის არის, რომ ქალაქს დენს გრაფიკით აძლევდნენ, ანუ ღამე ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უთიშავდნენ (AES-ს რომ გავარტყი). ამის გამო, სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), ის ფილმებს ბოლომდე ვერ უყურებდა და ყველა ფილმის მხოლოდ ორი მესამედი ჰქონდა ნანახი.
თავისთავად ეს საშინელება იყო, მაგრამ ამას დადებითი მხარეც აღმოაჩნდა: ძილის წინ ბიჭი თვითონ უგონებდა ფილმებს დასასრულს. თავიდან უბრალოდ ცდილობდა გამოეცნო ფინალი და მეორე დღეს მათი საშუალებით, ვისაც ფილმის ნახვა მოეხერხებინა, თავის ვერსიას რეალურთან ადარებდა. მერე უფრო წინ წავიდა; ფილმს ორ დასასრულს უგონებდა: პირველი რეჟისორის ვერსია, მეორე - საკუთარი.
ასე გრძელდებოდა წლიდან წლამდე - წელიწადში 5 თვის განმავლობაში (დანარჩენი 7 თვე ქალაქს ჰქონდა ხოლმე დენი). ბიჭი საოცრად დაოსტატდა ისტორიების თხზვაში. იმდენად გაიტაცა ამ საქმიანობამ, რომ კიდევ უფრო გაართულა ის. დილას გაეცნობოდა ტელეგადაცემების პროგრამას, საღამოსთვის კი უკვე მზად ჰქონდა ფილმის შესაძლო სიუჟეტი, რომელსაც მხოლოდ სათაურის მიხედვით ქმნიდა.
ამან კი ის გამოიწვია, რომ ბიჭმა საერთოდ დაანება ფილმების ყურებას თავი. სამაგიეროდ წერა დაიწყო. ჯერ სიუჟეტს მოიფიქრებდა; მერე რამდენიმე მთავარ გმირს შექმნიდა, დიალოგებს ჩასვამდა; მერე გადაწყვეტდა, სადაური უნდა ყოფილიყო ფილმი და ყველაფერს ამის მიხედვით დაალაგებდა. სადაურობას მსოფლიოს 3 რეგიონი განსაზღვრავდა: ამერიკა, ევროპა და სამშობლო.
ყველაზე უფრო ამერიკული სიუჟეტები ეადვილებოდა. ამ შემთხვევაში სიუჟეტი დამოკიდებული იყო ეპოქაზე: გუშინ, ანუ ვესთერნი, დღეს - თრილერი და ხვალ - ფანტასტიკა. იმავე სქემის მიხედვით, ცხენს მანქანა ცვლიდა, მანქანას - რაკეტა; ანუ კოვბოი - პოლიციელი - ასტრონავტი.
ევროპული უფრო რთული დასაწერი იყო. ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური მომენტები ჭარბობდა. აქ ეპოქას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო ევროპული ინტელექტუალიზმი. აქ რამდენიმე კლასიკურ სიუჟეტს იყენებდა - მაგალითად, ინცესტს. იმის მიხედვით, თუ სადაური იქნებოდა ფილმი, ერთ-ერთი სახის სექსუალურ პერვერსიას ჰქონდა ადგილი: ერთ-ერთი მშობელი და შვილი, და-ძმა (ან პირიქით), ორივე ქალი, ან ორივე კაცი და ადამიანი და შინაური ცხოველი.
ეროვნული თემატიკა კიდევ უფრო რთული იყო. აქ ბევრი რამ უნდა გაეთვალისწინებინა. ეს იყო ფსევდო-ინტელექტუალიზმი: კეთილის და ბოროტის დაპირისპირება; თეთრი და შავი, სიძულვილი და სიყვარული, სიკვდილი და სიცოცხლე, ფსიქიური შეშლილობა და გენია. ეს ყველაფერი - ლამაზი, ხელოვნური პეიზაჟების ფონზე. მთავარი იყო მკითხველს (მაყურებელს) ისეთი შთაბეჭდილება შექმნოდა, რომ მსგავსი რამ უკვე წაეკითხა (ენახა). მალე მიხვდა, რომ თავისი ნიჭი უფრო ეფექტურად უნდა გამოეყენებინა. ჯერ ერთ ბულვარულ გაზეთში დაიწყო თავისი "ამერიკული" ფილმების გამოქვეყნება. "ეროვნულები" ლიტერატურულ ჟურნალში მიჰქონდა, "ევროპულები" - მთარგმნელობით ალმანახში. ყველა გამოცემისთვის თავისი ფსევდონიმი ჰქონდა. "უცხოური" მასალებისთვის, ავტორების გარდა, მთარგმნელთა ფსევდონიმებსაც იგონებდა.
მისმა ნაწერებმა ძალიან სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა. პირველი წარმატება კურიოზებთან იყო დაკავშირებული: ერთდროულად ორ ნაწარმოებს მიანიჭეს პრემია, ხოლო მესამის მიხედვით ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. "ევროპული" წლის საუკეთესო თარგმანად აღიარეს, "ეროვნული" - საუკეთესო ორიგინალურ ნაწარმოებად, ხოლო "ამერიკულის" ფილმად ქცევა გადაწყვიტეს.
აქ კი იძულებული გახდა თავი გაემჟღავნებინა. თავიდან არ დაუჯერეს - აფერისტი ეგონათ. საბედნიეროდ ისე მოხდა, რომ ამ ქალაქში ლიტერატურული მარათონი გამოაცხადეს. შესარჩევ ტურში გამარჯვებულ 25 კანდიდატს 12 საათის განმავლობაში მოცემულ თემაზე ნაწარმოები უნდა დაეწერა. მან 25 ნაწარმოები 25 ფსევდონიმით წარადგინა. შესარჩევ ეტაპზე 25-ვემ გაიმარჯვა. ცხადია, კონკურსზეც მარტო ის მოხვდა, ყველა პრიზი მან მოიგო და გახდა ყველაზე დიდი...
კონკურსზე მოთხრობა არ წამიღია.

© “არილი”

კახა ბარამიძე – კინო


მთელი საღამო წერილის წერას მოვანდომე. ბოლოს მაინც საზიზღარი შეგრძნება დამრჩა.
ლენას ვუცადე, ვუცადე და რომ აღარ მოვიდა, დასაძინებლად დავეგდე. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დაიგვიანა: უკვე ჩაძინებას ვიწყებდი, რომ მოვიდა, ამიტომ წერილზე აღარაფერი ვუთხარი.
დილით ვეუბნები - შენი ამერიკელისათვის წერილი დავწერე და მინდა, რომ წაუღო და უთარგმნო-მეთქი.
მირჩია, ნუ ჩავარდები ასე ღრმად მარაზმშიო.
მე თვითონაც ვიცი, რომ სისულელეა. ვეუბნები - წერილის წერა შეიძლება სისულელეა, მაგრამ ყველა შანსის გამოყენება მინდა, ეს ამერიკელიც ჩემი შანსია, რადგან ბევრ პროდიუსერს იცნობს და თუ მოინდომებს, შეუძლია ჩემით ვინმე დააინტერესოს-მეთქი.
წერილის წერას გირჩევნია ფილმები აჩვენო - თუ მოეწონება, ყველაფერს გააკეთებს შენთვის, არადა წერილით მაინც ვერაფერს დაუმტკიცებო.
შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ამ შემთხვევაში წერილის მიცემა ჯობია-მეთქი.
რატომო, მეკითხება.
იმიტომ, რომ მხოლოდ ათწუთიანი და ოცწუთიანი ორი ფილმით ბოლომდე ვერ მიხვდება, ვისთან აქვს საქმე, თანაც, რომ არ მოეწონოს? ამ წერილით კი უფრო მეტი შანსი მაქვს, რომ დახმარება მოინდომოს.
- მაშინ მიდი და შენ თვითონ ელაპარაკე.
- როგორ უნდა ველაპარაკო ჩემი ინგლისურით? უნდა დავდგე და ვიბლუკუნო რაღაც სისულელეები...
- მე მოგეხმარები.
- არა, ლენა, უმჯობესია წერილი წაიღო და სიტყვა-სიტყვით უთარგმნო. რამე დაგიშავდება? ამ წერილში ყველაფერი ნათლად ჩამოვაყალიბე - ვინა ვარ, რა მინდა...
მითხრა, რომ არ წაიღებს არავითარ წერილს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ძალიან დამამცირებელია და თუ მე თვითონ ვერ ვხვდები ამას, მით უარესი ჩემთვის.
ძალიან, ძალიან გავბრაზდი. კედლისაკენ გადავბრუნდი. ჰეი, თქვენ, არაგველებო! გაუმაძღარნო ომითა! თუ წერილს არ წაიღებ, ავდგები და თბილისში დავბრუნდები. თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. მგონი, წერილი აიღო. ალბათ კითხულობს. გაუმაძღარი არაგველების უდრეკი მუხლები. უდრეკი არაგველების გაუმაძღარი მუხლები...
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ აი რას მეუბნება: "სამგვერდიან ტექსტში მრავალწერტილი, ბრჭყალები და ფრთხილები სულ ცოტა ოთხმოცჯერ გაქვს გამოყენებული. მე მესმის, რომ ძალიან გიზიდავს ეს სიმპათიური ნიშნები, მაგრამ არ გეჩვენება, რომ მათი წამდაუწუმ ხმარება ლიტერატურული უმწეობის ნიშანია?"

* * *
ვწევარ. ფანჯრისაკენ ვიყურები. რეაქტიულმა თვითმფრინავმა მოსკოვის ცას ნაგლეჯი ჩამოაჭრა. დიდი ხანი არ გასულა, რაც ლენამ კარი გაიხურა. ჯერ არ ვიცი, წაიღო თუ არა წერილი. თუ არ წაიღო, ისღა დამრჩენია, ავდგე და თბილისში დავბრუნდე.
როგორც იქნა, ავდექი თვალცრემლიანი. ვნახე, რომ წერილი არ წაუღია. დაწვრილებით აღარ მოვყვები, კედლებს თავი როგორ ვურტყი და როგორ გავვარდი ქუჩაში.
მთელი ფული, რაც შინ ვიპოვე, პირწმინდად დავხარჯე. სიამოვნებით ჩამოვთვლი, რა ვიყიდე: შვედური კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა "სიგნალის" ინგლისური ჩამოსხმა, შავი ფეხსაცმელი, შავი საგზაო ჩანთა, შავი წინდები, სტრინდბერგის ორტომეული... მგონი, სულ ეს არის. შინ დავბრუნდი, ორი ჩანთა გავავსე ჩემი ტანსაცმლითა და ნივთებით, წარუმატებლად შევეცადე სტრინდბერგის კითხვას, ცოტა ხანს ოთახში უაზროდ ვიწრიალე და სამზარეულოში გავედი. მაცივარში ნახევარი ბოთლი არაყი ვიპოვე. ვიფიქრე, ლენას მოვუცდი-მეთქი, მაგრამ მაგიდასთან ჩამეძინა.

* * *
სიტუაცია ასეთია: მე საწოლზე გაუხდელად ვარ წამოწოლილი, ჭერს ვუყურებ. ლენა კარს აღებს, ოთახში შემოდის, თვალის ერთი შევლებით აფასებს ჩემს განწყობილებას, ამჩნევს ჩანთებს, სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება კარადას, ფეხის უხეში მოძრაობით ჩანთებს გვერდზე აჩოჩებს, კარადის კარს აღებს და ტანსაცმელში ქექვას იწყებს. ამ დროს მე დეგენერატივით ვატყობინებ, რომ მთელი ფული დავხარჯე. ვიყიდე ახალი ფეხსაცმელი, ახალი ჩანთა, წიგნები და კიდევ რაღაც წვრილმანები. მოკლედ, მთელი ფული დავხარჯე.
- რა ფულზეა ლაპარაკი?
- ლაპარაკია ფულზე, რომელიც კარადაში გქონდა შენახული.
- შენ გინდა თქვა, რომ ბინის ქირისათვის გადადებული ფული დახარჯე?
ვდგები, სამზარეულოში გავდივარ, ფანჯარასთან სიგარეტს ვეწევი, შემდეგ კვლავ ოთახში ვბრუნდები. ლენა ოთახში აღარ არის.

* * *
დილაა. საშინელი გრძნობით მეღვიძება. ლოგინში ვწევარ, ვუყურებ ჩემ გვერდით ცარიელ საწოლს და ვტირივარ. მერე ვდგები, სამზარეულოში გავდივარ. შვიდი საათი ხდება. რვის ნახევრამდე ფანჯრიდან ვიყურები. ვრეკავ ლენას მშობლებთან. დილა მშვიდობისა, ლენა თქვენთანაა? ხომ არ იცით, სად არის? არ დაურეკია? და ა.შ.
ქუჩაში ყველაფერი კაშკაშებს.

* * *
თბილისში დაბრუნებისთანავე სახლის დალაგებას ვიწყებ. სარდაფში ქექვისას თექვსმეტმილიმეტრიანი ფირის კოლოფს ვპოულობ წარწერით: "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ". არ მიკვირს - ვიცოდი, რომ მამაჩემი სადღაც ძველ ფილმებს ინახავდა. მიკვირს მხოლოდ ერთი კოლოფის აღმოჩენა. კოლოფი სახლში ამაქვს და ვხსნი. შიგნით სამას მეტრამდე ფირი მხვდება შავ ცელოფანში საგულდაგულოდ შეფუთული. ცხადია, მთელი ფილმი ვერ მოთავსდებოდა ამ ერთ კოლოფში. ძალიან მაინტერესებს, ფილმის რომელ ნაწილს ინახავდა მამაჩემი, მაგრამ მენანება ფირის გამოღება. თანაც მეშინია, გამოსახულების ძებნაში მთელი რგოლი არ დამეშალოს - მერე რაღა დაახვევს! ფირს კოლოფში ვაბრუნებ. უახლოეს დღეებში სადმე ეკრანზე ვნახავ.

* * *
მახსენდება კინომექანიკოსების სახელოსნო (თუ რაღაც ამგვარი) კინო "ოქტომბერთან". ადრე იქ თექვსმეტმილიმეტრიანი ფილმების სპროექციო აპარატი ედგათ - ბავშვობაში მამაჩემს ხშირად დავყავდი ფილმების სანახავად. საინტერესოა, კიდევ არსებობს? ვიღებ ჩემ კოლოფს და მივდივარ. ჩემდა გასაკვირად, სახელოსნო ადგილზე მხვდება. თანაც ღიაა. მილიონიან ქალაქში ორად ორი კინოთეატრია, სახელოსნო კი მუშაობს... კოჭლ კინომექანიკოსს ადვილად ვითანხმებ, რომ ფირი გაუშვას. ლუკა ჰქვია. ლუკას პატარა კინოდარბაზში შევყავარ, კარს ხურავს და თავის კაბინაში მიდის.
ვზივარ და ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდოდა ათასჯერ ნანახი ფილმის რომელიღაც ნაწილის სანახავად აქ მოთრევა, თუ გიჟი არა ვარ. ლუკას კაბინიდან აპარატის ჩართვის ხმა მესმის. დარბაზში შუქი ქრება. ამ მომენტს ვაღმერთებ. როცა დარბაზში შუქი ქრება და ეკრანზე გამოსახულების გამოჩენამდე კინოპროექტორის რახრახი ისმის - ფითრდება ამაო შიშით შეშლილი ოცნება, საგანთა უარით ნახაზი ღამე მარტოობის მტევნით დახურულ დარბაზში ეშვება, გამძაფრების წამწამების კანკალით მოეფინება ეკრანს საზღვარი, როგორც ცას ღვარი დამტვრეული სიფერადის შემოთეთრებით, მოდის, თითქოს სიცივეს ვარცხნის ღიმილით სივრცეთა უფსკრულების უგონო ორგია, სულ ადვილია რწმენა და დაჯერება იმის - არის ვარდების ფენა, ფენა მთვარეულ წვიმის, მოვა ახალი სმენა ქარიშხლების მძაფრის, სულ ადვილია რწმენა აუხდენელი ზღაპრის.(1)

* * *
ეკრანზე გამოსახულება ჩნდება: ისეთივე კინოდარბაზი, როგორშიც მე ვზივარ. ცარიელი, თეთრი ეკრანითა და ხის სკამების რამდენიმე რიგით. შემოსასვლელი იქაც მარჯვნიდანაა. "ეკრანის დარბაზში" კარი გაიღება და სათვალიანი მამაკაცი შემოდის. მსახიობს არ ვიცნობ. კარს დახურავს, მეოთხე რიგის შუაში დაჯდება. სასაცილოა, მეც მეოთხე რიგის შუაში ვზივარ. ისმის კინოპროექტორის ჩართვის ხმა, დარბაზში შუქი ჩაქრება, ეკრანზე გამოსახულება გამოჩნდება: ისევ ცარიელი კინოდარბაზი, თეთრი ეკრანი, ხის სკამების რამდენიმე რიგი, შემოსასვლელი მარჯვნიდან. ეს უკვე მომწონს. იქაც გაიღება კარი და გრძელთმიანი მამაკაცი შემოდის. არც ამ მსახიობს ვიცნობ. კარს დახურავს, მეოთხე რიგის შუაში დაჯდება. შუქი ჩაქრება, კინოპროექტორი ჩაირთვება, ეკრანზე გამოსახულება გამოჩნდება: რა თქმა უნდა, ისევ კინოდარბაზი და სხვა დანარჩენიც ზუსტად ისევე, როგორც აქამდე. მხოლოდ პერსონაჟია ახალი - ამჯერად ქალი. აღფრთოვანებული ვარ. სად იშოვა მამაჩემმა ეს ფირი? შემდეგ "ჯერზე" შავკანიანი მამაკაცი შემოდის, შემდეგ კი უკვე ყველაფერი გfÖრკვევლად ჩანს (თუმცა მაინც შეიძლება გარჩევა, რომ კვლავ იგივე მეორდება). ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება ამის შემდეგ. მთავარია არ გაფუჭდეს, რაც აქამდე იყო. აქამდე ყველაფერი კარგი იყო. ისიც, რომ პარანოიდულად მეორდება ერთი და იგივე. ისიც, რომ თითო დარბაზში თითო მაყურებელია. ისიც, რომ ყველას ერთი მსახიობი არ თამაშობს. ისიც, რომ ყველა ერთსა და იმავე ადგილზე ჯდება... მეც იმავე ადგილზე დავჯექი. რატომ დავჯექი მაინცდამაინც მეოთხე რიგის შუაში? არ მინდა ვიფიქრო, რომ ბანალური ვარ. არადა მეფიქრება. დავჯექი და დავჯექი, ვნახოთ მერე რა მოხდება. როგორც ჩანს, "სხვებიც" ამას ელოდებიან. ჩემსავით. სხედან თავ-თავიანთ დარბაზებში და ელოდებიან, ახალი რა მოხდება, მაგრამ არაფერიც არ ხდება. ათი წუთი ალბათ უკვე გავიდა. ფირი ოცდათხუთმეტმილიმეტრიანი რომ ყოფილიყო, აქამდე უკვე გათავდებოდა. თექვსმეტმილიმეტრიანს, რამდენადაც ვიცი, ნახევარი საათი უნდა. სამასი მეტრის გაშვებას კი, მე მგონი, ნახევარ საათზე ნაკლები. კიდევ თხუთმეტი წუთი. ალბათ აღარაფერი მოხდება. ვიღაცამ წაიავანგარდისტა. შესაძლოა სამოცდაათიან წლებში.
ვზივარ და ვიხსენებ ყველა ავანგარდულ ფილმს, რაც კი მინახავს. ბლომად მოგროვდა. ჯერ მარტო არნემის ფესტივალზე ნანახი ასამდე გიჟი ფილმი რად ღირს! ვერც ერთს ვერ მოჰყვები. როგორ გინდა მოჰყვე, როგორ ეცემა და იმსხვრევა იატაკზე ბერძნული ლარნაკი ორი წუთის განმავლობაში (ფილმი ორწუთიანია და ჰქვია JENNY IN GREECE (2), ან როგორ ლოკავს ხუთი წუთის განმავლობაში შიშველი მუტრუკი გაპრიალებულ მოტორს და ბოლოს ზედ სპერმას როგორ დაანთხევს. მსხვილი პლანით. მე მგონი, ის დროა, ლუკას შევეხმიანო: "ბატონო ლუკა, ფილმი რატომ არ მთავრდება?" ვდგები, კართან მივდივარ. რკინის კარი დაკეტილია. გარედან. სანამ მოვიფიქრებ, რა ჯობია - დავაკაკუნო, დავაბრახუნო, დავიყვირო თუ ისევ დავჯდე და ფილმის დამთავრებას დაველოდო, - ეკრანზე რაღაც ახალი ხდება: სათვალიანი მამაკაცი დგება, კართან მიდის და გაღებას ცდილობს, მაგრამ კარი იქაც დაკეტილია. როგორც ჩანს, მისთვისაც მოულოდნელია ამის აღმოჩენა. დგას და ფიქრობს, რა ქნას. მეცინება სიტუაციაზე. ამასობაში მეორე ეკრანზეც იგივე მოქმედება მეორდება: გრძელთმიანი მამაკაცი კართან მიდის, ვერ აღებს, დგას და ფიქრობს, რა ქნას. იგივე მეორდება დანარჩენ ეკრანებზეც.

* * *
ასე და ამრიგად, მე და ჩემი გოგო-ბიჭები კინოდარბაზებში ჩაკეტილები აღმოვჩნდით. მე ჩემ დარბაზში, ისინი თავ-თავიანთ დარბაზებში. სამყაროსაგან იზოლირებულნი. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ვაბრახუნეთ კიდეც, ვიყვირეთ კიდეც და რა ვიცი, რა აღარ გავაკეთეთ, რომ ვინმეს დარბაზებიდან გამოვეშვით (ვცადეთ ფილმის პროექციის შეჩერება, ვცადეთ ვიწრო სარკმელში გაძრომა, რომელიც დარბაზს კინომექანიკოსის კაბინასთან აკავშირებს, ვცადეთ რკინის კარისთვის ცეცხლის მოკიდება, ღრიჭოებში კვამლისა და შარდის ნაკადის გაშვება...)... ყველაფერი უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ ჩემი მანევრები თანამიმდევრობით იქნა გამეორებული დანარჩენების მიერ, მანევრირების მანერას კი არავინ იმეორებს. სიმულტანურ აბსურდთან სუქცესიური ბრძოლის სტილი ყველას თავისი აღმოაჩნდა: სათვალიანი მამაკაცი ბევრს ფიქრობს, ნელა მოძრაობს, ცოტას ყვირის; გრძელთმიანი მამაკაცი წამდაუწუმ პირჯვარს იწერს, ხშირად შარდავს; ქალი განუწყვეტლივ მოთქვამს, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა; შავკანიანი მამაკაცი ბევრს მოძრაობს, ბევრს ყვირის (მოვლენები, შეიძლება ითქვას, კონტრაპუნქტისებრ ვითარდება, თუმცა დაიწყო, როგორც ფუგა)...

* * *
კაფკასა და კობო აბეს კითხვის დროს ყოველთვის ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მაბრიყვებენ. ვიცოდი, ეს გრძნობა იმიტომ კი არ მაქვს, რომ პრიმიტიული ვარ (პრიმიტიული რომ ვარ, ვიცი), ესე იგი მჯერა, რომ "სინამდვილეში" ასეთი რამ არ ხდება. არა, ეს გრძნობა იმიტომ მაქვს, რომ მჯერა - ასეთი რამ მე არ შეიძლება დამემართოს. იოზეფ კ. და ნიკი ძიუმპეი ჩემში ზიზღს იწვევენ. უფრო სწორად, ზიზღნარევ თანაგრძნობას (ადრე მსგავს გრძნობას ალონსო კიხანო იწვევდა). ვერ ვიტყვი, რომ პასიურობით - ძალიან ბევრი გააკეთეს უბედურებისაგან თავის დასაღწევად, ან უმწეობით - ვინ არ იქნებოდა უმწეო ისეთი მეტაფიზიკური განსაცდელის წინაშე, როგორიც "პროცესშია"? არც ვიცი, რით, ალბათ მხოლოდ თავისი არსებობით...
წეღან ვთქვი - მჯერა, რომ ასეთი რამ მე არ შეიძლება დამემართოს-მეთქი. არ ვიყავი გულწრფელი. მთელი ცხოვრება იმის მეშინოდა, რომ მსგავსი რამ მეც დამემართებოდა. მეშინოდა, რომ აღმოვჩნდები ედგარ პოს ცოცხლად დამარხულთა სამარეში. ან ჩესტერტონის სარკეებიან კამერაში, ან ბორხესის ბაბილონის ბიბლიოთეკაში... აღმოვჩნდები კინოდარბაზში, საიდანაც თავს ვეღარ დავაღწევ. ვნახავ უსასრულო ფილმს, რომელშიც მხოლოდ ის იქნება ნაჩვენები, თუ როგორ უყურებს ასეთივე კინოდარბაზში მოხვედრილი ადამიანი უსასრულო ფილმს. ამ ფილმში კიდევ ერთი უსასრულო ფილმი იქნება ნაჩვენები იმავე შინაარსით, შემდეგ კიდევ ერთი და ასე უსასრულოდ (ასევე უსასრულოდ იმეორებენ სარკეები მათ შორის მოხვედრილი საგნის ანარეკლს (3).

* * *
არ ვიცი, რა დრო გავიდა "ფილმის" დაწყებიდან - ხუთი საათი? რვა საათი? თორმეტი საათი?.. მოულოდნელად ყველაზე შორეულ ეკრანზე გამოსახულება გარდაიქმნა: კინოდარბაზის ადგილი სწრაფად მონაცვლე კადრების რიგმა დაიკავა. ყოველი კადრი იმდენად მოკლეა, რომ შეუძლებელია გარჩევა - რა ხდება საერთოდ. მოკლე კადრების რიგი წაფენით გადმოინაცვლებს აქეთა ეკრანზე, წაფენით გადმოდის დანარჩენ ეკრანებზეც, - მოდის, თითქოს სიცივეს ვარცხნის ღიმილით სივრცეთა უფსკრულების უგონო ორგია, - ჩემ ეკრანამდე აღწევს და ჩერდება (ანუ უკან აღარ "ბრუნდება"). არ ჩერდება მხოლოდ ჰიპერკალეიდოსკოპური პროცესი - კადრების ცვლა ისეთი სისწრაფით, რომ თვალი ვერ ასწრებს შინაარსის აღქმას. ეს პროცესი ოცი-ოცდაათი წამის განმავლობაში უცვლელად მიმდინარეობს, შემდეგ კადრების ხანგრძლივობა თანდათან იზრდება და საშუალება მეძლევა დავინახო, რასთან მაქვს საქმე.
საქმე, ერთი შეხედვით, საყოველთაოდ ცნობილი ფილმებიდან უსისტემოდ ამოკრებილი ფრაგმენტების სტიქიურ ნაკადთან მაქვს, რომლის მეშვეობითაც ვიღაცას, შესაძლოა, სურს მაჩვენოს, თუ როგორი სცენები ახდენს ზეგავლენას კინემატოგრაფისტებზე... შესაძლოა "ნაკადი" სულაც არ არის სტიქიური და წარმოადგენს ერთგვარ "ღირსებათა შკალას", რომლის მიხედვითაც "კლასიფიცირდება" საუკეთესო ფილმები ცისქვეშეთში (ალტრუისტული სურვილი - გაუადვილოს შთამომავლობას ძველ კინოხელოვნებაში ორიენტაცია)... შესაძლოა კოლაჟი კომუნიკაციის ეზოთერული ფორმაა "მოჯადოებულ კინოდარბაზსა" და მის მსხვერპლს შორის, ან ფსიქოანალურიზური თერაპიის ნაირსახეობა, ან სიურეალისტური აქტის REDUCTIO AD ABSURDUM...
აი ისიც ("ნაკადის" რამდენიმე "ზვირთი"): მოგზაურობა წყლით დაფარული იატაკის გასწვრივ ანდრეი ტარკოვსკის "სტალკერიდან", ქათმის ცეკვა ვერნერ ჰერცოგის "სტროშეკიდან", ქუჩის მუსიკოსები რომან პოლანსკის "ზიზღიდან", ბუდისტი ბერის აუტოდაფე ინგმარ ბერგმანის "პერსონადან", დაზიანებული ავტომობილებით სავსე გზა ჟან ლიუკ გოდარის "უიკ-ენდიდან", ფანჯრის გისოსებს შორის გასვლა მიქელანჯელო ანტონიონის "პროფესია: რეპორტიორიდან", სანდროს როკვა მარკო ბელოკიოს "მუშტები ჯიბიდან", ორთქლმავალი სატიაჯიტ რეის "გზის სიმღერიდან", სოდომია პიერ პაოლო პაზოლინის "სალო, ანუ სოდომის ას ოცი დღიდან", კეინის სიკვდილი ორსონ უელსის "მოქალაქე კეინიდან". ამ რიგს ჩემთვის სრულიად უცნობი ფილმების ნაწყვეტთა მოზრდილი კრებული ახლავს.
დაძაბული ყურადღებით ვადევნებ თვალს ყოველივეს და ნელ-ნელა ვხვდები, რომ ეკრანზე არა მარტო არსებული ფილმების ნაწყვეტების დემონსტრაცია ხდება, არამედ არარასებულისაც... ვუცქერი სცენებს, რომელთა შექმნაც თავად მსურს! დიახ, ეს თვისებაც აღმოაჩნდა კინოდარბაზს - ხორცი შეასხას "მსხვერპლის" ოცნებებს! როგორც ჩანს, იარომირ ხლადიკის ეგზეკუციის შემდეგ ღვთაებრივმა სტოპ-კადრმა მეტამორფოზული ნახტომი გააკეთა და ლუკას კინოდარბაზში ამოყო თავი... (4)
ამრიგად, მეგობრებო, თქვენი მონა-მორჩილი, ნევრასთენიკი და უიღბლო კინორეჟისორი, რომელმაც ცხოვრებაში ერთი დიდი ფილმიც ვერ გადაიღო, ათი-თორმეტი საათის განმავლობაში შემსწრე გახდა, როგორ განხორციელდა ყველა (ყველა!) მისი ჩანაფიქრი მაგიურ ეკრანზე, რის შემდეგაც მას, სრულიად გამოფიტულს, მაგრამ ბედნიერს მკვდარივით დაეძინა.

* * *
ვიღვიძებ. "ფილმი" ისევ გრძელდება: ეკრანზე ცარიელი კინოდარბაზი ჩანს, მისი ეკრანიც ცარიელია, კარი ღიაა... ჩემი კარისაკენ ვიყურები. დაკეტილია. ზეზე ვიჭრები, კართან მივრბივარ. ვცდილობ, გავაღო, მაგრამ ვერ ვახერხებ. იქვე ვცუცქდები. ვფიქრობ.
ღია კარი "ფილმში" იმას ნიშნავს, რომ პროტაგონისტმა გარეთ გაღწევა მოახერხა. თუმცა დანამდვილებით თქმა, რომ ის ამ დროს (გარეთ გაღწევისას) ცოცხალი იყო, შეუძლებელია. დავუშვათ, მან, დევტერაგონისტმა, ტრიტაგონისტმა, ტეტარტაგონისტმა და დანარჩენმა აგონისტებმაც თავს უშველეს. ვრჩები მხოლოდ მე. ტრავმირებული. მაგიურ კინოდარბაზში დამკვიდრებული ტოტალური ირაციონალიზმის წყალობით. აქ კლიმატიც ანტაგონისტურია...
ალბათ საჭიროა, კინოდარბაზი ვაიძულო, რომ მან კიდევ ერთ ჩემ ჩანაფიქრს შეასხას ხორცი თავის ზემგრძნობიარე ეკრანზე - კინოლაბირინთიდან გაქცევას გამოსახულების საშუალებით. საჭიროა, უბრალოდ, წარმოვიდგინო გაქცევა. წარმოვიდგინო, რომ შემიძლია კარის გაღება, დარბაზიდან გასვლა, შინ დაბრუნება, ფილმების გადაღება, ქვეყნიერების გადაკეთება, ლენას... ყველა წვრილმანი უნდა გავიაზრო, რაც ნებისმიერი მოქმედების შესრულებას სჭირდება. ეკრანი მხოლოდ მაშინ იძლევა რეაქციას, როცა ჩანაფიქრი დეტალურად არის დამუშავებული. ეკრანი არ თანაუგრძნობს დუალიზმს - თავი უნდა დავანებო სამყაროს საფუძვლის დანაწევრებას მატერიალურ და იდეალურ საწყისებად. წავშალო ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის. ვცადო ლუკას კინოდარბაზის დავიწყება. ვიმოგზაურო ტრანსცენდენტური ნეგატივის არქილატენტურ სივრცეში. გემო გავუგო ამ მოგზაურობის იდუმალ ხიბლს. ვიპოვო აღთქმული ქვეყნის მისადგომები (არ ვიცი, რატომ გამიხდა ტონი ასეთი პათეტიკური)...


შენიშვნები:

1. მკითხველზე ეფექტის მოსახდენად გალაქტიონის პოეზიაა გამოყენებული. ეს ფაქტი თავად ავტორს არსად ტექსტში არ აღუნიშნავს. ამავე დროს, ავტორი უბრალო ალუზიის ფარგლებს გარეთ გადის და საკმაოდ შორსაც, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, ჩვენ მივუთითოთ პასაჟის კომპილაციურ ხასიათზე (რედაქტორის შენიშვნა).
2. "ჯენი საბერძნეთში", ან "სართავი დაზგა საბერძნეთში".
3. ეს შედარება უადგილოა, რადგან სარკეები საგნის ანარეკლს ერთდროულად "იმეორებენ", ეკრანები გმირების მოქმედებას კი - დაგვიანებით. სარკესთან შედარება მართებული იქნებოდა, თუკი ასეთ განმარტებას დავაყოლებდით:
ა) ანარეკლი ბუნდოვანი ხდება ანარეკლის რამდენიმე ანარეკლის "იქით", ისევე, როგორც ჩვენ შემთხვევაში ხდება გამოსახულება ბუნდოვანი მეხუთე ეკრანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა იცის, "უსასრულოდ იმეორებენ" თუ არა გამოსახულებები ერთმანეთს (ისევე, როგორც სარკეები ანარეკლს).
ბ) სარკეები საგანს იმდენად "უსასრულოდ იმეორებენ", რამდენად უსასრულოდაც თავად საგანი და სარკე შეიძლება არსებობდეს. ეს პირობითობა არსებობის უსასრულობისა, სამწუხაროდ, ვრცელდება მაყურებლის არსებობის უსასრულობაზეც ჩაკეტილ კინოდარბაზში (რედაქტორის შენიშვნა).
4. იხილე ხორხე ლუის ბორხესის "იდუმალი სასწაული".
5. გვინდა ასეთი მოსაზრება გამოვთქვათ: თუ ავტორისა და მისი გმირის იდენტიფიკაციას შესაძლებლად მივიჩნევთ, ხოლო ამ დაშვებას განვავრცობთ, მაშინ არათუ ეს მოთხრობა, არამედ მთელი ლიტერატურა, ქუჩიდან შემოსული დამწვარი რეზინის სუნი ამ სიტყვების წერისას, ჩვენი უბადრუკი ცხოვრება და ალბათ თქვენი უბადრუკიც, მეგობრებო, - ყველაფერი ეს ავტორის ცნობიერების ნაყოფია (არ გვესმის მხოლოდ, ამ ღვთისნიერმა კაცმა რელიგიურ კონფლიქტებზე, სულმდაბლობის ეპიდემიაზე საქართველოში ან ჩვენ სარედაქციო კოლეგიაზე უკეთესი რატომ ვერაფერი შვა). თვითონ ავტორი კი ალბათ ახლაც ლუკას კინოდარბაზში ზის და სოლიფსისტური ზმანებებით ტკბება (რედაქტორის შენიშვნა).


© “არილი”

დათო ალელიშვილი - საწყალი ლუარსაბი


"დარღვეულია დროთა კავშირი,
ბედმა წყეულმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა."
შექსპირი, "ჰამლეტი."

სხვანაირი ბედი დაჰყვა სკოლაში წაკითხულსა და შესწავლილს – მას სადღაც ჩვენს ბავშვობაში ვტოვებთ, კოპწიად დაბერებული "მასწების" ამარა და შემდეგ, დიდი მწერლების წამკითხველებს, აღარ გვინდება მასთან მიბრუნება. ან რა გასაკვირია – კარგი მასწავლებელი იმიტომაა კარგი, რომ კარგიც, ცუდიც და "ისე რაც", ერთნაირი მონდომებით გვასწავლოს და უფრო ნაკლებად მოეთხოვება მათი გარჩევა შეგვაძლებინოს. ილია ჭავჭავაძეც სადღაც ყმაწვილობის მოგონებებში, სასკოლო თემებში ჩარჩენილ, ლამის საბავშვო მწერლად ვაქციეთ. სხვა სასკოლო ავტორებზე სხვამ თქვას, ილია მაინც გამორჩეულია და მისი ქმნილებებისგან უპირველესი "კაცია-ადამიანი" მგონია. თავად მწერალმა დიდი ხანი უტრიალა ლუარსაბს – კახელი თავადი ჯერ დაუმთავრებელი მოთხრობა "კაკოს" პერსონაჟი იყო, შემდეგ იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა მისი ხაზი, რომ დამოუკიდებლად გამოყო "კაცია-ადამიანში". დაიწერა ამ ნაწარმოების პროლოგის რამდენიმე ვარიანტი, მისი ერთ-ერთი თემა – ლუარსაბის და დარეჯანის დაქორწინება კი დრამატულ ნაწარმოებ "მაჭანკალშიც" გადავიდა. ქართული ლიტერატურის უარყოფით გმირთა შორის არავინ ისე უდიერად არ მოიხსენიება, როგორც ლუარასაბი – ვერა, ვერ შეედრება მას ვერც კვაჭი კვაჭანტირაძე, ვერც ყვარყვარე თუთაბერი, ვერც ჯაყო. ლუარსაბი იქცა სიზარმაცის, ღორმუცელობის, უმეცრების, სიბინძურის, უნაყოფობის, ვაიპატრიოტობის და კიდევ მრავალი უარყოფითი თვისების სინონიმად. "შე კვაჭოო" – ლამის ქებაა. "შე ლუარსაბოო…" – ამაზე მეტი უკვე დედის გინებაა. "შე ლუარსაბოო" – კაცს რომ ეტყვი, არ იფიქრებს, რომ ქართლის ტრაგიკულ მეფეებს – ლუარსაბებს შეადარა ვინმემ. არა, ლუარსაბი ერთი, მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – თათქარიძე, და სახელიც იმდენად კნინობითი გახდა, რომ ლამის ამოვშალოთ ქართული სახელების სიიდან. ბავშვს თემურსაც კი დაარქმევენ – საქართველოს ცხრაგზის ამომგდების სახელს, მაგრამ ლუარსაბს – არა. "შე ლუარსაბოო", – აბა ამისთვის ხომ არ გაწირავენ?!
მართლა ასეთი ცუდია ლუარსაბი?
მასზე ჯერ სრულად ვერაფერს ვიტყვით, თუ იმ ისტორიულ გარემოს არ გავითვალისწინებთ, როცა "კაცია-ადამიანი?!" დაიწერა. ილია უბრალოდ მწერალი არ ყოფილა, მისი თითოული ნაწარმოები საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის დაწერილია. ზოგჯერ პუბლიცისტი და ისტორიული გარემო ხელსაც კი უშლის მწერალს. მაგრამ ამაზე შემდეგ...
მანამდე კი...
მანამდე ილია უკვე პეტერბურგიდან ჩამოსულა, თერგის წყალიც დაულევია, "მგზავრის წერილებიც" დაუწერია და, ალბათ, იმ იზლერის ბაღშიც ყოფილა, რუსის ოფიცერი ასე ოცნებანარევი ნეტარებით რომ აღუწერდა. ჩამოვიდა ორბელიანების და ჭავჭავაძეების საქართველოში. საქართველოში, სადაც ასე ძალუმად შემოვარდა რუსეთი, რუსეთი – არა მხოლოდ სამხედრო ძალა, რუსეთი – არა მხოლოდ იმპერია, რუსეთი – ახალი ცივილიზაცია, ახალგაზრდა და მძლავრი, დაე, თუნდაც არა ისეთი მოწინავე, როგორც ევროპა, მაგრამ ჩვენ, ვისაც იზლერის ბაღი ჯერ არ გვენახა, ზვავივით დაგვეცა და შთანთქმას გვიქადდა.
ან რა უნდა დაგვეპირისპირებინა?! მოხუცი, ღალატით, ჭრილობებით გატანჯული მეფე და მისი ავადმყოფი მემკვიდრე? დედოფლები, რომლებიც რუსის მეფის გამოგზავნილი საკაბის გამო ერთმანეთს წაეჩხუბნენ?
არა – ეკონომიკა. არა – კულტურა. არა – განათლება. Aარა – სახელმწიფო ინსტიტუტები. შემოვიდა მე-19 საუკუნე და დახვდა – რომელი? მე-18? მე-18-ში ნიუტონი უკვე მკვდარი იყო. ლეონარდო კიდევ უფრო ადრინდელია. დახვდა განადგურების პირას მისული, თუმცა ერთიანი სახელმწიფოებრივი ცნობიერების მქონე პატარა ფეოდალური სამფლობელოები. მათ პატრონებს ზოგს მეფე ერქვა, ზოგს – თავადი, ზოგს – ერისთავი. დახვდა მცირე, ფიზიკური გაქრობის პირას მდგარი ერი, რომელსაც მუდამ თავისზე ბევრად დიდებს შორის უხდებოდა მიმოქცევა და თუ არა სიმამაცე და დიპლომატიური გამჭრიახობის უკიდურესი დაძაბვა, ვერც განადგურებას გადაურჩებოდა.
რა უნდა გვექნა?
ან იარაღი უნდა აგვეღო ჩრდილოეთ კავკასიასავით, ან სხვის სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების შენება გვეცადა. კი, იყო ოცდათორმეტი წლის შეთქმულებაც, იყო კახეთის თუ მთის ამბოხებები, იყო ალექსანდრე ბატონიშვილიც, სულ გარს რომ უტრიალებდა საქართველოს, მაგრამ მაინც მეორე გზა ავირჩიეთ. აკი ტატოც სიამაყით წერდა საქართველოზე: "მოქალაქის მართავს მას ხელი."
პატარა და დიდ ერებს ევოლუციის გზების ძიებისას განსხვავებული არჩევანის გაკეთება უხდებოდათ. ეს რუსეთს შეეძლო მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში ეკამათა და ეფიქრა – განვითარების ევროპულ გზას დადგომოდა თუ საკუთარი, წმინდა რუსული ეძებნა. საქართველო? საქართველოს სად ჰქონდა ასეთი არჩევანი? ან რა გზაზეა ლაპარაკი, როცა ყოფნა-არყოფნის ლაბირინთები იყო გასავლელი და ყოველი თაობა მხოლოდ შემდგომ საფეხურს ეძებდა და პოულობდა, მომდევნო თაობას კი თავისი, განსხვავებული, ისევ საძიებელი ჰქონდა. აკი "ორბელიანების და ჭავჭავაძეების" თაობაც შეცდა შემდგომი საფეხურის ძიებისას. მათი, ამ "მე-19 საუკუნის ცეკას" წრიდან იყო გამოსული გიორგი მუხრან-ბატონი, იგივე ბაგრატიონ-მუხრანსკი – ასე მოიხსენიებდნენ და, ალბათ, ასე უფრო ეამაყებოდა. სწორედ მან და არა ვინმე ნათიევმა და კატკოვმა დაწერა სტატია დიდი ერების მიერ პატარების შთანთქმის შესახებ და საქართველოს მომავალი რუსეთთან სრული შერწყმით და ასიმილაციით განსაზღვრა. და ეს ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე ბოლშევიკების პირველი თYაობა ფიზიკურად მოევლინებოდა ქვეყანას.
ვინ იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი? იქნებ ვინმე გადაგვარებული, სხვის სამსახურში ჩამდგარი და საკუთარი ერის სიძულვილით დაბრმავებული? ასეთი ხომ ბევრი ახსოვს საქართველოს. ისტორია ბევრს არაფერს გვეუბნება – მხოლოდ ვარაუდი შეიძლება ითქვას. სხვა, ალბათ, სხვას იტყვის, მე კი მგონია მასაც უყვარდა საქართველო. უყვარდა ისევე, როგორც "მე-19 საუკუნის ცეკას" სხვა ჩინმედლიან-ეპოლეტებიან წევრებს, რომლებიც, ალბათ, თავის დინჯი კანტურით ჩაამთავრებდნენ ამ სტატიას. უბრალოდ მათ არ სჯეროდათ, არ იცოდნენ და ვერც ხედავდნენ – იყო თუ არა ქართველებში ის პოტენციალი, საკუთარი ქვეყნის პატრონად რომ ექცია იგი, ან ქართული ენა თუ დაძლევდა დე-ფაქტო პატუას მდგომარეობას და გახდებოდა მეცნიერების, კულტურის, ლიტერატურის ენად. ან კი ვის სჯეროდა? – არც არავის. ჯერ მაინც ის ერთი უნდა გამოჩენილიყო, პირველ მერცხლად რომ იტყვიან. ის ერთი, რომელსაც, მართალია, ჯერ არ მოჰყავს გაზაფხული, მაგრამ იმედია, მაცნეა, რომელსაც სხვები უნდა მოჰყოლოდნენ.
აი, ეს პირველი იყო ილია, ახალი გზის ნიშნული რომ ჩაასო და ზედ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" დააწერა. "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" ქართველების ისეთ სრულფასოვან ერად ჩამოყალიბებას ინდომებდა, რომელიც საკუთარი საზოგადოებრივი ცხოვრების წესით, კულტურით, ლიტერატურით, თეატრით, ხელოვნებით, მეცნიერებით უნდა დამდგარიყო მოწინავეთა გვერდით და სხვათა მაჩანჩალად არ ქცეულიყო. მოვიდა ილია და "ორბელიან-ჭავჭავაძეების@" საქართველო გუშინდელ დღედ იქცა. თუმცა იყო "მამების და შვილების" ბრძოლაც. ენა კი ამ ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი იყო.
აი, ესაა სულ გარემოსა და შესავლისათვის.
აკი ილიაც წერდა "კაცია-ადამიანის" დასაწყისში – "ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო".
ჩვენც ასე დავიწყეთ.
მაშ, მოდი, ჯერ გავერკვეთ – ვინ იყო ლუარსაბი?
ლუარსაბი თავადიშვილია, ორმოცი წლის. ავტორი მისი მშობლების Aშესახებ არაფერს გვეუბნება, გარდა სუტ-კნეინას სიტყვებისა, "რომ მამამისის სახელი დაღისტნამდე იყო გავარდნილი და რუსებისგანაც დიდი პატივი ჰქონდა." მართალი სუტ-კნეინა უცოდინრობით ბევრ ტყუილ-მართალს ურევს ერთმანეთში და ჭაბუკი ლუარსაბი არაერთხელ გაუსწორებს სიტყვას, მაგრამ მამამისის ხსენებისას არაფერს ამბობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც ასე იყო – სახელიც "დაღისტნამდე" ჰქონდა გავარდნილი და "რუსებისგანაც დიდი პატივი ჰქონდა". მაინც რა უნდა გაეკეთებინა ლუარსაბის მამას, რომ ასეთი პატივი დაემსახურებინა? ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით – იგი მეომარი უნდა ყოფილიყო, სახელოვანი მოლაშქრე, რომლის ვაჟკაცობასაც ერთნაირ პატივს მიაგებდა ხელისუფლებაც ("რუსები") და მოწინააღმდეგეც – ("დაღესტნელები").
ნაწარმოებიდან ჩანს, რომ ლუარსაბი ადრიანად დაობლებულა – დედა 2 წლისას დაეღუპა, მამა 6-ისას. თუ ვინმეს მის ცუდად აღზრდაში წვლილი შეუტანია, ნაკლებად მშობლებს, მეტად ბრალეული მისი უფროსი ძმა დავითი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ ისეთი ცუდია თავადი, როგორც საყოველთაო აზრი ამტკიცებს?
ლუარსაბი ხორცსავსე კაცია. სიმსუქნე რომ თავისთავადი ნაკლი არ არის, მგონი საკამათო არ უნდა იყოს. აკი გაცხარებულმა გრიგოლ ორბელიანმაც "ბურთივით მრგვალი" აკადრა ილიას. ჭამის სიყვარულიც არა მგონია ნაკლად ჩაითვალოს. პირიქით – Gგურმანი უფრო მეტ სიმპათიას ბადებს, ვიდრე ის, ვისაც განურჩეველი გულგრილობით შეუძლია ამოივსოს სტომაქი. ლუარსაბსაც უბრალოდ ჭამა კი არა, გემრიელად ჭამა-სმა უყვარს.
ეს თვისება ნაკლად მხოლოდ მაშინ შეიძლება იქცეს, თუ:
– ჭამა-სმა უკონტროლოა.
ან
– უმთავრეს საზრუნავად იქცევა კაცისთვის.
ლუარსაბის ჭამა-სმისადმი სიყვარული რომ უკონტროლო არაა, ამის დამადასტურებელია ლუარსაბის სიზმარი, სადაც ღმერთს შვილსა სთხოვს და თავს იმართლებს, რომ წირვა-ლოცვას არ აკლდება და არც მარხვა გაუტეხია, თავისი ძმისაგან განსხვავებით, რომელსაც "ივანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს ხორცი უჭამია... აღდგომა დღეს მღვდელს არ მოუცდის, რომ სუფრა უკურთხოს, ისე მივარდება ხორცეულს, როგორც დათვი."
არა მგონია ღმერთთან მოსაუბრე ადამიანი გულახდილი არ იყოს. და თუ იგი მარხვას არ ტეხს, ვერც უკონტროლო ჭამა-სმას დავაბრალებთ.
ის, რომ ჭამა-სმაზე ზრუნვა მისი უპირველესი საფიქრალია, საკამათო არ არის, მაგრამ ეს უფრო მისი ყოფის, მისი გარემოს შედეგი უნდა იყოს, ვიდრე ნაკლი.
სიზარმაცეც უფრო მისი გარემო ცხოვრებისა და ყოფის წესიდან უნდა გამომდინარეობდეს. შრომა მის წრეში სამარცხვინოა. იგი მხოლოდ გლეხკაცის, ყმის წილხვედრია. "ჩემს ლუარსაბს ჯერ ისე არ გასჭირვებია, რომ გლეხკაცობა ჩაიდინოს", – ამბობს დარეჯანი და რძალი ელისაბედიც კვერს უკრავს, – დავითიც "განა გლეხია, ან გლეხობას იდენს, რომ ყანაშია?... მუშები იქა მკიან, იმას კი, როგორც შეჰფერის თავადიშვილის პატიოსნებას, ხელზედ ლამაზი ნაგეში მიმინო უზის და ნადირობს.”
არათუ ფიზიკური შრომა, სამარცხვინოდ ითვლება ფულის შოვნის სხვაგვარი გზაც. მოვუსმინოთ ლუარსაბს: "ლევანსავით ურმებს ქირაზედ ხომ არ ვგზავნი, თავადიშვილის სისხლს ხომ არ შევირ­ცხვენ! სომეხი ხომ არ ვარ, რომ ქირაობით ვიცხოვრო, თავადიშვილი ვარ, კაი ოჯახის და გვარის შვილი...”
და კიდევ:
"სირაჯობენ კიდეცა!... გაგონილა? თავადიშვილების სირაჯობა!... სომხები გახდნენ, სწორედ სომხები: ეხლა ისღა აკლიათ, ადლი ამოიჩარონ იღლიაში, სოფელ-სოფელ იარონ და "სავაჭრო, სავაჭრო" იძახონ.”
ძველი ტრადიცია და წესი რომ მიდის, ლუარსაბი ხედავს, მაგრამ არ მოსწონს. ახალ ფასეულობებში კი ვიდრე გარკვეულა, ზნეობრივი კომპრომისიც აღარაა უცხო: დარეჯანის ცოლად შერთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კარგი მზითევია. ფულისათვის ღალატობს თავადი ძმა, მზითევში ანუ ფულში ატყუებს თავადი სიმამრი.
ლუარსაბი, ისევე როგორც მისი ძმა ან სიმამრი, მოლაშქრის, მეომრის, სამხედრო ფეოდალის ჩამომავლები არიან. მშვიდობიანი დრო უკვე სხვა მოთხოვნებს უყენებს მათ, მაგრამ ეს სხვა რაღაცა ძველზე, დრომოჭმულზე უარის თქმას, ახლის შეთვისებას მოითხოვს, ამისათვის კი შეიძლება მზად იყო, შეიძლება არა.
შრომისაგან რამდენადმე განსხვავებულია მისი დამოკიდებულება ცოდნისადმი. სწავლაზე იგი არ ამბობს, რომ სამარცხვინო და სათაკილოაო, უბრალოდ – გაუნათლებელი და უმეცარი კაცის პოზიციიდან ამტკიცებს, რომ იგი არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს და საზიანოც კია – "ეგ ეხლანდელი ჭირიაო, – იტყოდა ხოლმე გულმტკივნეულად, თითქო ქვეყანა ამ ჭირისგან ებრალებაო." უცოდინრობის, გაუნათლებლობის გამო ლუარსაბი არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში – ბუზების დათვლისას, თევზების მეფეზე დავისას, იოლად ტყუვდება მკითხავისგანაც – მაგრამ არც ერთხელ იხტიბარს არ იტეხს და საკუთარი გაბითურების მიზეზს არ აღიარებს. თუმცა ერთიცაა – ლუარსაბს რომ ქვეცნობიერი შიში და რიდი ანუ პატივისცემა აქვს "ნაკითხი" ადამიანისადმი, ერთ პატარა ეპიზოდში ჩანს – თართზე და ორაგულზე დავისას ლუარსაბს "უნდოდა ეთქვა კიდეც, რომ "კარაბადინში" სწერიაო, მაგრამ მოაგონდა, რომ დარეჯანი უფრო ნაკითხია და ვეღარ გაბედა."
რა უნდა ვთქვათ იმ სიბინძურესა და უწესრიგობაზე, რაც ლუარსაბის ეზო-კარში სუფევს? ამას სიზარმაცეს ვერ დავაბრალებთY. შეიძლება ზარმაცი იყო, მაგრამ წესრიგისა და სისუფთავისადმი მიდრეკილი – მითუმეტეს, რომ მის პატარა სახლ-კარში რამდენიმე მსახურიც ტრიალებს და შეიძლება სულაც მათ მიენდოს კაცი. აქ ერთ მცირე გადახვევას გავაკეთებ. თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ დაბადა "ვირტუალური ოფისის" იდეა – ანუ რომელიმე სამსახურის თანამშრომელი სახლში, კომპიუტერით აკეთებს საქმეს, შედეგს კი ინტერნეტის მეშვეობით უგზავნის სათაო ოფისს, ინტერნეტის საშუალებითვე ჯდება მის პირად ანგარიშზე ხელფასი. "ვირტუალური ოფისის" უპირატესობა თითქოს აშკარაა – არ ხარჯავ ფულს, დროს და ენერგიას ტრანსპორტზე, არ გჭირდება ძვირადღირებული ოფისის ქირაობა, არაფერი გიშლის ხელს მთლიანად სამუშაოზე იყო კონცენტრირებული. მაგრამ ძალზე მალე იჩინა თავი გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა – თანამშრომლებმა დაკარგეს კონტროლი გარემოზე – ნაკლებად ზრუნავდნენ საკუთარ ჰიგიენასა და გარეგნობაზე, ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას ტანსაცმელს, დაკარგეს ნაყოფიერი შრომისათვის აუცილებელი თვისება – სისტემატურობა, რადგან საკუთარ სახლში მყოფთ უკვე აღარაფერი ზღუდავDდათ. როცა სურდათ – იძინებდნენ, როცა სურდათ – იღვიძებდნენ, როცა სურდათ – ჭამდნენ, როცა სურდათ – ისვენებდნენ. შედეგად – კატასტროფულად დაეცა შრომის ხარისხი და ნაყოფიერება. რაღაც მსგავსი სჭირს ლუარსაბს. მის გარშემო ფუნქციადაკარგული გარემოა – სიყალბით, სიბინძურით, სიზარმაცით და აქ ლუარსაბი ამოვარდნილი სულაც არ არის – იგი ამ გარემოს შვილია.
ეს ის სამყაროა, გაბრაზებულ ილიას რომ ათქმევინა: "ეს საძაგელი სურათი საძაგელი მიწისა."
მიწას რაღას ერჩოდა?
სამაგიეროდ ვნახოთ, როგორ გარდაიქმნება ლუარსაბი, როცა საკუთარ სამყაროს ტოვებს და თელეთში მიემგზავრება.
"მეომრის თვალადობა ჰქონდა ამჟამად ჩვენს უამისოდ საყვარელ ლუარსაბსა... წელზედ ერტყა ქართული ხმალი და გრძელი ლეკური ხანჯალი, უკან წელში გაყრილი ჰქონდა სევადიანი დამბაჩა. შავი შალის ჩოხა ეცვა, იმისი კალთები ვაჟკაცურად ამოტარებული ჰქონდა ჩოხის ჯიბეებშია. შარვალში იჯდა, შარვლის ტოტები ჩაეკეცნა მაღალყელიან ყარაბაღულ თეთრ ჩექმებში, წვივებზე პტყელი ჩარსაკრავი, გრძელფოჩებიანი, სირაჯსავით შემოეკრა, თავზედ ეხურა ლურჯი ყალმუხის ქუდი, კახურად ჩატეხილი და შუბლთან შიგ შეკეცილი...” თუმცა ილია აქვე ირონიულადაც შენიშნავს, რომ თავადი, "როგორც ბამბის ტომარა, ისე იდო ცხენზედა" და "ხმლის პირი ზედწამოცმული ვაშლით რომ სჭეროდა, თავიდან ფეხამდინ ორშაბათის ყეინი იქნებოდა."
საერთოდ თუ პერსონაჟებს მკვეთრად გავმიჯნავთ, ისიც ვთქვათ – დადებითია თუ უარყოფითი ლუარსაბი?
უარყოფითი გმირი ბოროტებას უნდა ამრავლებდეს. ლუარსაბს კი ამას ვერავინ უსაყვედურებს. მან თავისი უმეცრების მიუხედავად, კარგად იცის, რომ ადამიანი ღვთის წინაშე მართალი უნდა იყოს – "წირვა-ლოცვას მე არ ვაკლდები, კაცი მე არ მომიკლავს და კაცისთვის არ მომიპარავს – რაზედ ვარისხებ ღმერთსა?"
პირიქით – სხვის ბოროტებას ლუარსაბი ჭეშმარიტი ქრისტიანის მიმტევებლობით პასუხობს. სიმამრმა და ძმამ მოტყუებით შერთეს ცოლი. თავად დარეჯანი ამ ბოროტების სულ მცირე, პასიური მონაწილე იყო. თუმცა მოსეს და დავითის დანაშაული ერთნაირი სიმძიმისა არაა – მოსეს უმთავრესად საკუთარი შვილის გაბედნიერება აწუხებდა – მართალია, მამობრივი ეგოიზმით, მომავალი სასიძოს მოტყუების ხარჯზე. ძმამ კი ფულზე გაცვალა. ლუარსაბმა ყველას მიუტევა – მას ერთხელაც არ დასცდენია საყვედური მომხდარის გამო. ძმას კი გაუყო მამული, მაგრამ არა გულღრძოობის გამო – "ცოლების მოწყალებით ძმებს ჩხუბი მოუვიდათ და გაიყარნენ".
გააჩნია თუ არა ლუარსაბს დადებითი გმირისათვის დამახასიათებელი თვისებები? ადამიანს ამისათვის უპირველესად სიკეთის ქმნის უნარი უნდა შესწევდეს. ალბათ, არც ისაა საკამათო, რომ სიყვარულის უნარიც სიკეთის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ტრაგიზმისა და კომიზმის შეზავებით ყვება ილია, თუ როგორ უყვარს და ელოდება ლუარსაბი თავის მომავალ მემკვიდრეს. მართალია, ამბობს, რომ "შვილი განა იმისთვის მინდა, რომ მართლა შვილი მყვანდეს! დავითის გამოჯავრებით მინდა, ის არ მინდა ჩემს მამულებზედ გავახარო... ცოტანი არიან უშვილონი განა? მეც იმათში ვიქნებოდი." მაგრამ აქ ლუარსაბი უფრო საკუთარ თავს უნდა არწმუნებდეს და არც გულახდილია. გულახდილია, როცა დარეჯანს მოეჩვენება, რომ მუცელი ეძრა და გახარებული ლუარსაბი კარგად შეთვრება. ძნელია, ემოციის გარეშე წაიკითხო, როგორ ეფერება დარეჯანსა და თავის მომავალ პირმშოს: "ვენაცვალე შენს სტომაქსა! ახლა შიგ პატარა თათქარიძე ზის და, მგონია, წითელ ღვინოში ჭყუმპალაობს: ... თოთხმეტი წლისა შესრულდება თუ არა – აბა იანგარიშე, როდის შესრულდება, მგონი ბევრი ხანი არ გასწევს, მალე შესრულდება, – შესრულდება თუ არა, ჯვარიც დავწეროთ. რაღას უნდა მოვუცადოთ? ახლა მაგის ქორწილში ლეკურს არ ჩამოუვლი? მე კი, – ღვთის წყალობა შენა გაქვს, – ასეთს ბუქნას დავუვლი, რომ იქაურობას სულ მტვერი ავადინო..." აი, ესაა ქართველი კაცის გენეტიკური სურვილი, თავის შვილში გააგრძელოს სიცოცხლე.
ცალკე საუბრის თემაა ლუარსაბისა და დარეჯანის სიყვარული. მართალია, ილია აქაც ჩვეულებისამებრ ირონიულია – "ამათ კი ასე ეგონათ, რომ უყვართ ერთმანეთი და სხვისა კი არ ვიცი", მაგრამ მე მგონი ლუარსაბის და დარეჯანის ურთიერთობა არის წრფელი, ჭეშმარიტი სიყვარულის ის მაგალითი, რომლის მსგავსი არც თუ ბევრი დაიძებნება ქართულ ლიტერატურაში. თავი დავანებოთ იმ აზრს, რომ მიჯნურები აუცილებლად ახალგაზრდები და "ერთი ტურფა რამ უნდა უნდა იყვნენ". უშნოსაც ისევე აქვს სიყვარულის უფლება, როგორც ლამაზს, ხოლო ასაკში შესული ადამიანების სიყვარული უფრო მეტი მოწიწების ღირსია, ვიდრე ვნებიანი ყმაწვილების. ილიას რამდენად უნდოდა ამის ჩვენება ჩვენი წყვილის სახით, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ნაწარმოებიდან არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება:
ლუარსაბის სიზმრის შემდეგ, როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთის სიგიჟე მოეჩვენებათ, ვნახოთ როგორ განიცდიან ერთმანეთის თავზე დატეხილ უბედურებას: "ჰწიოდა საწყალი კნეინა და იცემდა ძალზედ თავში, თითქო იმის ბრალი იყოს ლუარსაბის გაგიჟება. ლუარსაბი გაოცდა, ეს ამბავი რომ ჰნახა, სრულად გაშრა. ეხლა ამას ეგონა, რომ ცოლი გაუგიჟდა და დაიწყო საწყალმა ტირილი: გულჩვილი იყო."
ან როგორ ეფერებიან ერთმანეთს!
როგორ ეწყინება კნეინას, როცა ლუარსაბი "ტურფობას" იუკადრისებს – "სჩანს გული აუყრია ჩემზდაო". ლუარსაბიც რომ მიხვდება, რომ "გულიც ატკინა და ტყუილადაც ატკინა", სწრაფად თანხმდება გოშიობაზე. და რა მნიშვნელობა აქვს, საყვარელ ქალს თუ გულის ვარდის მაგივრად წიწმატს ან ტარხუნას დაუძახებ. განა სიტყვები გარსი არ არის იმისა, რასაც ჭეშმარიტ გრძნობას ეძახიან?
ან სხვაც – "თუმცა შვილოსნობის დრო გადასვლოდათ", მაგრამ ლუარსაბის სიყვარულით და შვილის გაჩენის სურვილით "დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რამ წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა." საწყალი კნეინა – სიცოცხლე ანაცვალა მეუღლის სიყვარულს. ალბათ, რა ტკივილსა და ტანჯვას იტანდა ამ ორი კვირის განმავლობაში. ლუარსაბი დარეჯანზე ერთი წლით უმცროსი იყო და მისი გარდაცვალებისას არაუმეტეს ორმოცდახუთისა უნდა ყოფილიყო. მას კიდევ შეეძლო სხვა ქალი შეერთო და იქნებ მასთან ჰყოლოდა "პატარა თათქარიძე", მაგრამ ვერც ლუარსაბმა შეძლო საყვარელი კნეინას დავიწყება: "წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა... ის პატიოსანი ფაშვი ჩამოებღერტა, ის ხაშხაშა ლოყები სულ ჩაუყვითლდა, ის დიდრონი ძროხისოდენა თვალები უგემურად მიელივა, ის სამკეცი ფაფუკი ღაბაბი გუდა ლეღვსავით გაუხდა, ამასთანაც ის თავისებური განსხვავებითი მუდამი ღიმილი სახიდან დაეკარგა, – ერთის სიტყვით, წახდა კაკალი კაცი. მწუხარებამ ესე იცის."
ლუარსაბიც მალე გარდაიცვალა. დარწმუნებული ვარ, დავითისა და ელისაბედის ხელში ჩაცვენილი მისი ყმები, ალბათ, არაერთხელ სინანულით მოიხსენიებდნენ თავადს: "საწყალი, ერთი უბოროტო კაცი იყოო."
გარდაიცვალა ლუარსაბი და ილიასაც, თითქოს წესით, აქვე უნდა დაემთავრებინა ეს მოთხრობა, რომელსაც მე მაინც მიკრორომანად მივიჩნევ, მაგრამ კიდევ დაიწერა რამდენიმეგვერდიანი ეპილოგი. თავიდან მეჩვენებოდა, რომ ეს ეპილოგი სრულიად ზედმეტია და აქ ილია-პუბლიცისტი ილია-მწერალს უშლის ხელს, მაგრამ მისი რამდენჯერმე გადაკითხვის შემდეგ ვეცდები მისი დაწერის მიზეზებშიც გავერკვეთ. საკამათო არაა, რომ მთელი ნაწარმოები უმკაცრესი მხატვრულ-პუბლიცისტური სატირაა იმდროინდელი საქართველოს ყოფის შესახებ. მაგრამ თითქოსდა ერთი შეხედვითი სიმარტივის მიუხედავად, მკაფიოდ შეიძლება დავინახოთ ლუარსაბის ორსახოვნება – ერთდროულად კომიკური და ტრაგიკული.
ან – შეიძლება ილიამ ჩათვალა, რომ ლუარსაბის ხასიათს ტრაგიკულობის შტრიხები დააკლდა და ამიტომ მოიყვანა ისტორია მოხუცი, გალოთებული დედაკაცისა, რომელიც განყენებულად დგას და თავისთავად სხვა, დამოუკიდებელი ნაწარმოების მასალა შეიძლებოდა ყოფილიყო.
ან – ილიას ბოლომდე არ სჯეროდა თავისი მკითხველის პროფესიონალიზმისა.
მე უფრო მეორე მიზეზი მგონია. არ ვიცი, როგორ კითხულობდნენ მე-19 საუკუნეში "კაცია-ადამიანს", მაგრამ ჩვენს უახლოეს პერიოდში თეატრსა და კინოში მისი წაკითხვა ყოველთვის უკმაყოფილების გრძნობას მიტოვებდა. ლუარსაბი ყველგან გაიგივებულია დაუნ, ბინძურ ცხოველთან, რომელსაც მუცლის ამოვსების გარდა არაფერი აწუხებს. ერთადერთი გამონაკლისი მაინც აკა მორჩილაძის პატარა მოთხრობაა "მოგზაურობა კახეთში, 1855". მწერალმა ვერ იგუა ლუარსაბის გარდაცვალების ილიასეული ვერსია და იგი "ენდრონიკაანთ თავადს" წააყოლა მოლაშქრედ ჩოლოქის ომში.
ერთგან ფოლკნერი წერს, რომ მთელი ამერიკული პროზა "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლიდან" იდებს სათავეს, მე მგონი დოსტოევსკი ამბობდა რუს მწერლებზე, რომ "ყველა გოგოლის "შინელიდან" ვართ გამოსულებიო". ასევე – "კაცია-ადამიანი" არის მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთადერთი მაღალმხატვრული პროზაული ნაწარმოები და მე-20-შიც ბევრი ქართული ნაწარმოების, ბევრი ლიტერატურული, კინო თუ თეატრალური პერსონაჟის სათავეები ლუარსაბთან შეიძლება ვეძიოთ. დავასახელებ რამდენიმე გმირს, სადაც ქართველი კაცის ყოფისათვის დამახასიათებელი, ერთმანეთზე გადაჯაჭვული ტრაგიზმი და კომიზმი, ამქვეყნიური ცხოვრების სიყვარული და მისით ტკბობის სურვილი ერთმანეთზეა გადახლართული – პლატონ სამანიშვილი – დავით კლდიაშვილთან, ლეკო თათაშელი – ოთარ ჩხეიძესთან, აგული ერისთავი ელდარ შენგელაიას "არაჩვეულებრივ გამოფენაში", გელა კანდელაკის გმირი ოთარ იოსელიანის "იყო შაშვი მგალობელში", გვადი ბიგვა – ლეო ქიაჩელთან, ზურაბ ყიფშიძის "დონ-ჟუანი" მიხეილ თუმანიშვილთან.
და ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ – როგორი დაწერილია, როგორი! ცალკეული ეპიზოდები მართლაც დიდოსტატის ხელიდანაა გამოსული: ბუზების ეპიზოდი, თელეთიდან დაბრუნების ეპიზოდი, ლუარსაბის სიზმარი, დარეჯანის ვითომდა დაორსულება. რა თქმა უნდა, მთელი ნაწარმოები ერთნაირი ოსტატობით არაა შეთხზული და ამის ერთ მიზეზზე – ილიას უნდობლობაზე მკითხველის მიმართ, უკვე ვთქვით. მეორე მიზეზი – ილია აქ არ არის ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული, როგორც ვთქვათ, "მგზავრის წერილებში". ზოგჯერ ისიც კი გეგონება, სიბრაზისაგან ობიექტური შეფასების უნარსაც კარგავს და სადაცაა ბარაქიან, კახურ სართულებიანსაც მოაყოლებს. მიუხედავად იმისა, რომ "მგზავრის წერილები" პირველი პირის მონათხრობია და ბევრად ავტობიოგრაფიულია, ილია-მწერალი უფრო შორდება საკუთარ ნაწარმოებს, "კაცია-ადამიანში" – შედარებით ნაკლებად. აქ უფრო მეტად ჩანს ილია-ადამიანის ემოციები. რატომ? არ ვიცი. ეს უფრო ილიას ბიოგრაფებმა უნდა ეძიონ. თუმცა ილია პირველ პირად რამდენჯერმე მაინც ჩნდება ნაწარმოებში. ერთხელ, როცა ლუარსაბის კარ-მიდამოს აღწერს – "ჩემს პატარაობაში ბევრი კარგი რამ ნახულა ამ ბუჩოზედა. აქ ხშირად უქეიფნიათ გრძნობის აღმტაცის ღრუტუნით ნებიერს ღორებსა." მეორე, თავისი ქალაქში პირველი სტუმრობა შენიშვნადაა ჩატანილი – "მეც ამის დამწერს, გადამაყლაპეს კენჭი ერთ დროს."
მკაცრია, ძალიან მკაცრი ილია ლუარსაბის მიმართ. სულ ერთხელ შეეცოდება – როცა დარეჯანი გარდაეცვალა – "დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი".
მართლა საწყალი.
მას დანიის უბედურ პრინცზე მეტად ეთქმოდა: "დარღვეულია დროთა კავშირი, ბედმა წყეულმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა."
ილიამ შეძლო დროთა კავშირის რღვევისას გაჩენილი ნაპრალის დაძლევა. ლუარსაბი კი სადღაც იქითა ნაპირზე დარჩა და, ალბათ, იმავე სახით გვიცქერის, დარეჯანის სიკვდილის მერე რომ ჰქონდა – ლოყებჩაყვითლებული, თვალებმიელვებული და ღიმილდაკარგული.
"საწყალი ლუარსაბი".
ცხოვრება კი თავისი გზით წავიდა და სულ ასე ივლის.
ილიამ თავის თავზე თქვა, მაგრამ მე ლუარსაბსა და დარეჯანსაც გავუნაწილებდი იმ ბოლო სიტყვებს:
"სხვაფრივ მშვიდობით ბრძანდებოდეთ და შენდობით იხსენიებდეთ მონასა თქვენსა...".

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“