Thursday, April 2, 2009

ალეკო ცქიტიშვილი, ზაზა შათირიშვილი – დიალოგი მეილით - 90-იანი წლების გადალახვა


გალაკტიონი, მიჯნათაშორისი, ARTყვავილები და ა. შ.

"ცხელი შოკოლადი - ლიტერატურის" წინა ნომერში გამოქვეყნდა ლიტარატურათმცოდნისა და კრიტიკოსის, ზაზა შათირიშვილის სტატია "არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე". ეს არის რეზო გეთიაშვილის პოეტური კრებულის "ARTყვავილების" ბოლოთქმა, რომელმაც ლიტერატურული წრეების კულუარებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზაზა შათირიშვილის აზრით, გალაკტიონიდან გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ქართული პოეზია ერთგვარ "მიჯნათაშორის" პერიოდად უნდა განვიხილოთ. ამ პერიოდში იყო რამდენიმე საინტერესო პოეტი თავისი "გვერდითი ხაზით", მაგრამ არ ყოფილა სრულიად ახალი პოეტური სიტყვა. რეზო გეთიაშვილი "ARTყვავილებით" სწორედ ის ავტორია, საიდანაც ზაზა შათირიშვილმა სრულიად ახალი ეპოქის ათვლა დაიწყო.
სტატიაში "არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე" ბევრი რამ არის საკამათო. ჩემთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკოსის დამოკიდებულება გასული საუკუნის 90-იანი წლების პოეტების შემოქმედებისადმი. ჩემი მოსაზრებები მას რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ რეზო გეთიაშვილის კრებულის გამოსვლამდე მივწერე ელექტრონული ფოსტით. წინამდებარე პოლემიკა სწორედ ელექტრონულ სივრცეში წარიმართა. ვფიქრობ, ჩვენი დიალოგი "ცხელი შოკოლადის" მკითხველისათვის საინტერესო იქნება. გთავაზობთ მას უმნიშვნელო შემოკლებით.
ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი: ზაზა, წავიკითხე შენი სტატია რეზოს წიგნისათვის და სურვილი გამიჩნდა, შემოგხმიანებოდი. ამ წიგნთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შენი და რეზოს გადასაწყვეტია, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით. ვფიქრობ, თანამედროვე ქართული პოეზიის ტენდენციების მოკლე მიმოხილვა ძალიან სერიოზული თემაა და ასე მოკლედ არ ღირდა მისთვის სტატიაში ადგილის მიჩენა. მით უფრო, ჩემი აზრით, აქ ზოგი რამ საკამათოა.
ძნელია, მეილით ყველაფერი მოგწერო, მაგრამ ვფიქრობ, დათო ჩიხლაძის, დათო ბარბაქაძის, შოთა იათაშვილისა და ამ თაობის კიდევ რამდენიმე პოეტის შემოქმედება ლიტერატურული ტრადიციისაგან მოწყვეტილად მაინც არ უნდა განვიხილოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც შენ უწოდებ - "მიჯნათაშორისის" ეპოქის დასრულების შემდეგ ყოველთვის ადგილი აქვს "ფრაგმენტაციას". ასეთ დროს ავტორებს, რომლებიც რადიკალურად უპირისპირდებიან ტრადიციას, ყოველთვის ადანაშაულებენ ტრადიციას უგულვებელყოფაში. სინამდვილეში ეს მთლად ასე არ არის. ამის კარგი მაგალითია ცისფერყანწელების ჟურნალების - "ცისფერ ყანწებისა" და "მეოცნებე ნიამორების" შესახებ მაშინდელი ლიტერატორების შეფასებები. ძირითადად სწორედ იმას უკიჟინებდნენ, რომ ტრადიციას მთლიანად ხაზი გადაუსვეს. მართლაც, ერთი შეხედვით, ვალერიან გაფრინდაშვილის, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის სიმბოლისტურად კონიუნქტურულ ლექსებში (მათ შორის - საუკეთესო ლექსებში) რა არის ნასესხები ტრადიციიდან? ძალიან უმნიშვნელო რამ! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ იცნობენ ამ ტრადიციას, რომ წაკითხულიც არა აქვთ და ა. შ. ეს კარგად ჩანს ვალერიან გაფრინდაშვილისა და ტიციან ტაბიძის კრიტიკულ წერილებში, სადაც ისინი პირველ რიგში სწორედ ტრადიციასთან (რუსთაველი, ბესიკი, ბარათაშვილი, მამია გურიელი, ორბელიანი) კონტაქტზე აქცენტირებენ და ამას ყოველთვის რაღაცნაირი ხაზგასმითაც აკეთებენ. ზუსტად ასევე თუნდაც დათო ბარბაქაძის თეორიულ წერილებში კარგად ჩანს, როგორ და რატომ "უპირისპირდება" ის იმ ტრადიციას, რომელიც სწორედ რომ ძალიან კარგად იცის. ამას ადასტურებს, თუნდაც, შენს სტატიაში მოხმობილი ნაწარმოები - "ტრფობა წამებულთა"...
მე ახლა თან არა მაქვს დათოს წიგნები (ჩემს სახლში დაუსრულებელი რემონტია. ყველა ჩემი წიგნი ყუთებშია ჩაწყობილი და იქიდან მათი ამოღება შეუძლებელია). ამიტომ ვერ ვახერხებ ზუსტად შეგახსენო უამრავი მაგალითი მისი ლექსებიდან, სადაც სწორედ ტრადიციასთან კონტაქტი ჩანს. შემიძლია დაგისახელო ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში მისი პოეზიიდან, რომელსაც ფესვები პირდაპირ ქართულ სასულიერო პოეზიაში (ჰიმნოგრაფია) უდგას. ეს არის ლექსი "ქება ცაცხვისა" - ჩემი აზრით, ბოლო ოცწლეულის თუ ყველაზე საუკეთესო არა, სამეულში შესატანი ლექსი. დათოს ბოლო კრებულში ("ტბის სანაპიროს სიმღერები") ასევე ძალიან საინტერესო ლექსებია, სწორედ ტრადიციასთან და მეტადრე - ენობრივ კლიშეებთან მიმართებაში.
შენს წერილში კარგად არის წარმოდგენილი ტრადიციის ხაზი - რუსთაველი-გურამიშვილი-გალაკტიონი-სამადაშვილის სახით. მაგრამ, ვფიქრობ, კიდევ ერთი სერიოზული ნაკადი გამოგრჩა - ურბანისტული პოეზია. ურბანისტული ლირიკული გმირი ფრაგმენტულად გვხვდება ცისფერყანწელებთან და გალაკტიონთან, მაგრამ - მხოლოდ ფრაგმენტულად. მთელი სისავსით კი ქართული ურბანისტული პოეზია შოთა ჩანტლაძის პოეზიიდან ვითარდება. საერთოდაც, თანამედროვე ვერლიბრი, თავისუფალი ლექსი, ძირითადად სწორედ ურბანისტულ თემატიკას უკავშირდება. სტატიაში სწორად შენიშნავ, რომ ბესიკ ხარანაული არის "მთის ლირიკოსი", რაც გარკვეულწილად სწორედ იმასაც ნიშნავს, რომ იგი ქალაქის ლირიკოსი არ არის - მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურბანისტული თემატიკა დიდი ნაკადია ("ხეიბარი თოჯინა").
ამ მხრივ გაცილებით მკვეთრად გამოხატული "ქალაქელი პოეტია" შოთა ჩანტლაძე. ამ ყველაფერს იმიტომ გწერ, რომ დათო ჩიხლაძე, შოთა იათაშვილი და სხვები "მიჯნათაშორისის" დასრულების შემდეგ თავიანთი ვერლიბრით დიდწილად სწორედ შოთა ჩანტლაძის ხაზს აგრძელებენ. ეს მათ თეორიულ წერილებშიც ჩანს. შოთა ჩანტლაძე კი, ვფიქრობ, უკვე ტრადიციაა. ჩემთვის ძალიან ძვირფასია დათო ჩიხლაძის ურბანისტული პოეზია, განსაკუთრებით - ამერიკული ციკლი, სადაც ბევრ სიახლეს გვთავაზობს ქართული ვერლიბრის რიტმიკაში.
აქ აუცილებლად უნდა ვახსენო ქრონოფაგების - შოთა იათაშვილის, ზურაბ რთველიაშვილისა და გიორგი ბუნდოვანის კრებული - "ანომალიური პოეზია", რომელმაც 90-იან წლებში "ცისფერი ყანწებისა" და "მეოცნებე ნიამორების" როლი შეასრულა დათო ბარბაქაძის პერიოდულ გამოცემებთან ერთად (მათ შორის საუკეთესოა - "პოლილოგი"). ასე რომ, "ტრადიციის უარყოფა" ამ სახით, არ ნიშნავს, რომ მათთვის ტრადიცია უცნობია. საერთოდაც, ტრადიციის ნამდვილი უარყოფა სულაც არ ნიშნავს ტრადიციის უარყოფას J
აი, ეს მინდოდა, მომეწერა შენთვის. მე პროფესიონალი ლიტერატორი არა ვარ და ამიტომ ჩემს მსჯელობაში შეიძლება ზოგიერთი ლაფსუსი ნახო, მაგრამ, ვფიქრობ, ძირითადი აზრის გადმოცემა მაინც მოვახერხე. დანარჩენს მერეც მოგწერ.
ზაზა შათირიშვილი: ძალიან დიდი მადლობა მშვენიერი წერილისათვის! შოთა ჩანტლაძე სულ დამავიწყდა - და ახლა მიჯნათაშორისის პოეტებში ჩავრთე. გიგზავნი ჩემი სტატიის საბოლოო ვარიანტს. რაღაცეები კომპოზიციურად გადავაადგილე. საქმე ისაა, რომ პარალელურად წიგნს ვწერ, რომელსაც "ქართული პოეზიის ხუთი ეპოქა: პოეტიკა - იდეების ისტორია - კრიტიკა" ეწოდება. იქ ცალკე თავი ეძღვნება თანამედროვე სიტუაციას. შენი შენიშვნის მერე, გადავწყვიტე, გარკვეული ცვლილებები სტატიაშიც განმეხორციელებინა, თუმცა ტექსტი არსობრივად არ შემიცვლია, მაგრამ ერთი-ორი არგუმენტი მივამატე.
თუ არ დაგეზარება და ამ ბოლო ვარიანტსაც გადაათვალიერებ, დაინახავ, რომ თანამედროვეებს ტრადიციასთან დაპირისპირებაში არ ვადანაშაულებ. მე ვამბობ, რომ მათ საკმარისად არ იციან ენა და საკუთარი ლიტერატურა. მაგალითად, არც ჩიხლაძეს, არც ბარბაქაძესა და არც სხვებს არა აქვთ წაკითხული XVI-XVIII საუკუნეების პოეტები - ფეშანგი, თეიმურაზ I, სულხან და ბეგთანეგ თანიაშვილები და სხვ. ეს იგივეა, რომ ეზრა პაუნდსა და ელიოტს თავიანთი გრანდიოზული ინოვაციები ისე ეკეთებინათ, რომ ენდრიუ მარველი, ჰერბერტი, დონი თუ ჩოსერი არ ცოდნოდათ.
შენ მკითხავ, რეზო გეთიაშვილმა თუ იცის ეგენიო? - მე გიპასუხებ, რომ რეზოს ამოცანა სულაც არაა ტრადიციის დემონტაჟი, მაგრამ ვისაც ტრადიციის დემონტაჟი სურს, მას რუსულ ან ქართულ თარგმანში ალენ გინზბერგის კითხვა ვერ უშველის. ჩვენი პოეტები სწორედ იმიტომ არ ვარგიან, რომ თუნდაც ცისფერყანწელებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ბესიკი წაიკითხეს, ქართული ლიტერატურიდან არაფერი იციან სკოლაში წაკითხული ტექსტების გარდა (ამაშიც ეჭვი მეპარება).
ძალიან მომეწონა შენი მსჯელობა შოთა ჩანტლაძისა და ჩვენი "კონცეპტუალისტების" გენეალოგიურ კავშირზე. ლიტერატურულ-ისტორიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად მართალი ხარ!
მოკლედ, მე ვეთანხმები შენ ისტორიულ-თეორიულ შეხედულებებს, არ ვიზიარებ შენს სუბიექტურ-კრიტიკულ დამოკიდებულებას. ჩემი სუბიექტურ-კრიტიკული პოზიციიდან, ვერც ჩიხლაძე და ვერც ბარბაქაძე კრიტიკას ვერ უძლებენ - ესთეტიკური თვალსაზრისით, ისინი ცუდი პოეტები არიან. შეიძლება, მე ვცდები, ხოლო შენ მართალი ხარ. კრიტიკა, მოგეხსება, მეცნიერება არაა... აქ რიტორიკა მუშაობს და არა - ლოგიკა.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შესანიშნავი წერილისათვის. მე მგონი, პოლემიკა უკვე დაიწყო. კარგი იქნებოდა, თუ საჯარო სივრცეშიც გადავიდოდა ეს ყველაფერი.
ალეკო ცქიტიშვილი: ჰო, როგორც ჩანს, პოლემიკა მართლაც უკვე დაიწყო. წიგნი კი ჯერ გამოცემულიც არ არის J მე მომწონს შენი "სუბიექტურ-კრიტიკული" გადაწყვეტილება - თავისი (ალბათ, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით - შენი) სახელი დაარქვა მოვლენებს - სახელებისა და გვარების დასახელებით. ეს ქართულ კრიტიკას აქამდე არ ახასიათებდა. ყოველთვის გაურბოდნენ ერთმანეთის განაწყენებას და ა.შ.
ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, რომ კრიტიკა მეცნიერება არ არის. კრიტიკა, უფრო მეტად კი - ლიტერატურათმცოდნეობა სწორედაც რომ მეცნიერებაა, თუმცა... არაზუსტი J ხომ იცი, ჩემი აზრი - ადრეც გეუბნებოდი - ყველაზე ზუსტი მეცნიერება პოეზიაა-მეთქი! ამიტომ პოეტებს უფლება აქვთ, საკუთარ სიზუსტეს ენდონ და უპირატესობაც მას მიანიჭონ.
შენს მიერ ჩამოთვლილი პოეტები - ფეშანგი, თეიმურაზ I და მისთანანი, ჩემი აზრით, სწორედ ლიტერატურათმცოდნეებისათვის უფრო არის საინტერესო, პოეტებისთვის კი - ნაკლებად. არ ვიცი, ჩვენს 90-იანელებს წაკითხული აქვთ თუ არა ეს ავტორები. ვფიქრობ, წაკითხული რომც არ ჰქონდეთ, ბევრს არაფერს დაკარგავდნენ. შენ სტატიაში ნათლად გაქვს აღწერილი ქართული პოეზიის ტრადიციის ხაზი - რუსთაველი-გურამიშვილი-ბარათაშვილი-ილია-აკაკი-ვაჟა-გალაკტიონი. ამ ხაზის იქით და აქეთ არიან საინტერესო ავტორები, რომლებიც თანამედროვე პოეტისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესონი შეიძლება იყვნენ ("მეტ-ნაკლებად" ნიშნავს, რომ ზოგი - მეტად და ზოგიც - ნაკლებად), მაგრამ ახალი პოეზიის, ახალი პოეტური ენის შექმნის პროცესში პირველ რიგში სწორედ ეს ხაზია გასათვალისწინებელი და მერე მეტ-ნაკლებად და შეძლებისდაგვარად - ყველა დანარჩენი.
მე დარწმუნებუილი ვარ, რომ დათო ბარბაქაძე, შოთა იათაშვილი და დათო ჩიხლაძე კარგად იცნობენ ტრადიციას, ყოველ შემთხვევაში - ზუსტად იმ დოზით, რომ წმინდა ეთიკური თვალსაზრისით უფლება ჰქონდეთ, იმუშაონ ამ ტრადიციის რადიკალურ ცვლილებაზე. სამწუხაროდ, მე ახლაც ვერ ვახერხებ მოგიყვანო კონკრეტული ციტატები, განსაკუთრებით მათი პუბლიცისტური და კრიტიკული სტატიებიდან, სადაც კარგად ჩანს ეს ცოდნა (განათლება). ჩემი წიგნების ყუთებიდან ამოლაგება შეუძლებელია. თუმცა, წინა წერილში მოგწერე ერთი მაგალითი - დათო ბარბაქაძის - "ქება ცაცხვისა". მაინტერესებს ამ ნაწარმოებზე რას ფიქრობ?
რაც შეეხება რატი ამაღლობელს, რომლის პოეზიას სტატიაში დადებით შეფასებას აძლევ, მის შესახებ აზრის გამოთქმისას ყოველთვის რადიკალური ვარ. ვფიქრობ, ეს არის "რუსთავი 2"-ის მიერ შეთხზული ავტორი, რომლის სახელიც, ჩემი აზრით, თანამედროვე მედიასივრციდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ვერ გადაინაცვლებს. ამაღლობელის ლექსის ის ნიმუში, რომელსაც შენ სტატიაში ასახელებ, მართლაც საინტერესოა თეიმურაზ II-ის პოეზიასთან კავშირის თვალსაზრისით, მაგრამ მე მას მაინც ვერ აღვიქვამ როგორც განსაკუთრებულ შედევრს და ვერც მისი დაწერის მიზანი მესმის კარგად. ვერ ვიგებ - რა სათქმელი აქვს პოეტს, გარდა იმისა, რომ თეიმურაზ I წაუკითხავს და ამ კლიშეებით თამაში შეუძლია. ეს ხომ ცირკია და არა პოეზია. რეზო გეთიაშვილის შემთხვევა სწორედაც საპირისპიროა - აქ საქმე გვაქვს პოეტთან, რომელიც ახალი ფორმებით და ძველის ციტირებით კი არ მატრაკვეცობს, არამედ თავის ახალ სათქმელს ამბობს.
შოთა ჩანტლაძის გამოცდილებას რაც შეეხება, მართლაც მნიშვნელოვანი სახელია 90-იანელების შემოქმედებასთან მიმართებაში. ამ მხრივ საინტერესოა შოთა იათაშვილის ერთგვარად მანიფესტური განწყობის ლექსი - "მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი ცარიელი ბოთლებით ხელში", რომელიც მე ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ლექსების სამეულში შემყავს ("ქება ცაცხვისა"-ზე უკვე მოგწერე, მესამე - ეს არის ზვიად რატიანის "მამები" - სამოქალაქო პოეზიის შესანიშნავი ნიმუში). გეცოდინება - არსებობს შოთა ჩანტლაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო, სადაც იგი გამოსახულია ცარიელბოთლებიანი ბადურით ხელში და სწორედ ეს ხატია გადატანილი (გაცოცხლებული) იათაშვილის ლექსში.
რაკი 90-იანელების წინამორბედებზე ვსაუბრობთ, შოთა ჩანტლაძის გარდა თამაზ ბაძაღუას დასახელებაც შეიძლება - როგორც მისი საავტორო ლექსების გათვალისწინებით, ისე თარგმანებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით - რილკეს თარგმანებიდან. ჩემი აზრით, ეს 80-იანელი პოეტი ასევე არის 90-იანელების წინამორბედი თავისი ლექსწერით და ენით. შეგიძლია, ეს ენა შეადარო დათო ბარბაქაძის პირველი კრებულის ("მივუსამძიმროთ შემოდგომას") ენას, სადაც ჩემი აზრით, რილკეს ბაძაღუასეული თარგმანების სურნელი იგრძნობა. დათო ბარბაქაძე ანოტაციაში აღნიშნავს, რომ მისი ლექსები რილკეს და ჰოლდერლინის პოეზიით არის ნასაზრდოები. მიუხედავად იმისა, რომ დათომ გერმანული მშვენივრად იცის, ვფიქრობ, მისთვის იმ პერიოდში ბაძაღუასეული რილკეც ახლობელი იყო.
არანაკლებ საინტერესოა კარლო კაჭარავას პოეტური შემოქმედება, რომელიც არა მარტო დათო ჩიხლაძის მეგობარია, არამედ ერთგვარად მისი წინამორბედიც.
ასე რომ, 90-იანი წლების ქართული პოეზიის ტრადიციაში კარლო კაჭარავას წინ შოთა ჩანტლაძე და თამაზ ბაძაღუაა. ამ პოეტების წინ კი, როგორ ფიქრობ, ფეშანგი და თეიმურაზ I შეიძლება დავასახელოთ? მე ვფიქრობ, რომ - არა, რადგანაც აქ საქმე გვაქვს სრულიად ახალ პოეზიასთან - თავისი ენითა და თემატიკით. წინა წერილში უკვე გწერდი ურბანისტულ პოეზიაზე. ჩემი აზრით, შეუძლებელია, ამ პოეზიას, ამ ენას, მით უფრო – თემატიკას და სათქმელს რაიმე ბმული ჰქონდეს მე-14, მე-17 საუკუნეებთან. მიუხედავად იმისა, რომ შოთა ჩანტლაძეც კარგად ნაკითხი კაცი იყო და მჯერა, ეს პოეტები მისთვის უცხო არ იქნებოდნენ.
მოკლედ, მე ვრჩები ჩემს სუბიექტურ-კრიტიკულ პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, დათო ბარბაქაძეც და დათო ჩიხლაძეც კარგი პოეტები არიან J პოლემიკაც, ალბათ, გაგრძელდება და ვაი, რომ არა მარტო ჩვენს მეილებში J გული მიგრძნობს, შენი სტატია დიდ აურზაურს გამოიწვევს ლიტერატურულ წრეებში. მე ჩემი აზრი რეზოსაც ვუთხარი. რეზომ თქვა, რომ შენ შენი საქმის პროფესიონალი ხარ და სრულ თავისუფლებას გაძლევს. ამაში ბოლომდე ვეთანხმები. შენს სტატიას მეც ვუგულშემატკივრებ, როგორც მოვლენას ქართული კრიტიკის ისტორიაში. თუმცა, ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობაა და ამ მხრივ, წარმატებებს გისურვებ.
პოლემიკის მიღმა მეგობრები ვართ! J

ზაზა შათირიშვილი: ჩემო ალეკო, მე მგონი, უკეთესი პოლემიკა საჯარო სივრცეშიც კი ვერ გაიმართება!
ახლა - კონცეპტუალურად.
მოდი, ჯერ XVII-XVIII საუკუნეების პოეტებს შევეხოთ - საქმე ისაა, რომ მივიწყებული პოეტების "გაცოცხლება" ძალიან მნიშვნელოვანია სალიტერატურო ენისათვის. გურამიშვილი რეალურად ქართულ პოეზიაში XIX საუკუნის 60-70-იან წლებში შემოვიდა... ბესიკი ცისფერყანწელებმა და რობაქიძემ გააცოცხლეს. თეიმურაზ I, ჩემი აზრით, შესანიშნავი პოეტია, მის პოეზიაში არის ძალიან საინტერესო პოტენციალი...
ამავე დროს, ძველი პოეტების ათვისება არნახულად ამდიდრებს ენას, ლექსიკას... ბევრი ნეოლოგიზმი, როგორც ცნობილია, დავიწყებული სიტყვების გაცოცხლების შედეგია...
ხლებნიკოვის ავანგარდიზმი, ცნობილი ფაქტია, XVIII საუკუნეების პოეტური პლასტების ამოწევითაც საზრდოობს. ასე რომ, თუკი ავანგარდისტმა ინგლისელებმა და რუსებმა ასე ჩინებულად იციან თავიანთი არქაიკა, ჩვენ რა - გვაწყენს ჩვენი ძველი პლასტების გახსენება და ამოწევა? არ დაგავიწყდეს, ჯოისი როგორი რუდუნებით ახდენდა "ულისეში" მთელი ინგლისური ენის ისტორიის გახსენება-პაროდირებას ("ჰელიოსის ხარების" ეპიზოდი...).
მეორეც - ლიტერატურული პროცესი არასდროს მიდის პირდაპირი მემკვიდრეობის გზით. ამაზე სპეციალურად ვწერ ჩემს წიგნში - ვეყრდნობი ვიკტორ შკლოვსკისა და ჰარალდ ბლუმის დაკვირვებებს. როგორც წესი, ახალი თაობა "გვერდითი შტოს" კანონიზებით მოდის და ისე იმკვიდრებს ადგილს. შკლოვსკი ამას ბიძა-ძმისწულის ურთიერთობას ადარებს. ასე მაგალითად, რუსმა სიმბოლისტებმა მოახდინეს ბორატინსკი-ტიუტჩევი-ფეტის "გვერდითი მცირეს შტოს" კანონიზება. მანამდე ეს პოეტები "მეორეხარისხოვან" პოეტებად ითვლებოდნენ. ზუსტად ასევე, ცისფერყანწელებმა ვაჟას კანონიზება მოახდინეს, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებშიც კი აკაკის "ჩრდილში" იმყოფებოდა.
ჩვენს პოეზიაში არის კიდევ ერთი ასეთი "გვერდითი შტო": ტერენტი გრანელი - ნიკო სამადაშვილის ხაზი, რომელსაც დღეს ანდრო ბუაჩიძე აგრძელებს.
ასე რომ, მხოლოდ ცენტრალური ხაზი საკმარისი არ არის. ცენტრალური ხაზი სინამდვილეში რკალური და ზიგზაგობრივი მოძრაობით იქცა ცენტრალურ ხაზად.
ახლა, თანამედროვე პოეტების შესახებ. შენს საუბარშიც გამოისახა კიდევ ერთი "გვერდითი მცირე შტო": ჩანტლაძე - კაჭარავა - ჩიხლაძე, იათაშვილი... ძალიან საყურადღებო აზრია. კარგი იქნებოდა, ამაზე დაგეწერა. ამას დასაბუთება სჭირდება.
უნდა გითხრა, რომ თავად შენს წერილებში ერთი საგულისხმო მომენტი იკვეთება - როგორც წესი, შენ ამა თუ იმ პოეტის მხოლოდ ერთ-ორ ლექსს ასახელებ. ბარბაქაძე და იათაშვილი თავის დროზე ბევრი მაქვს ნაკითხი. ძალიან ბევრი წყალია, უხვსიტყვაობა, ცარიელი რიტორიკული პერიოდები... ცხადია, როცა წიგნზე მუშაობისას მათზე უფრო აქტიურად შევუდგები წერას, ყველაფერს თავიდან გადავიკითხავ - მინდა, რომ ბევრი მასალა იყოს და არგუმენტაცია... მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა შევნიშნო. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებმა მართლა ბევრი იშრომეს, მათი კონცეპტუალური რეფლექსია და პუბლიცისტიკა ძალიან ჩამოუვარდება მათი ამერიკელი, ევროპელი თუ რუსი კოლეგების რეფლექსიის დონეს, აღარაფერს ვამბობ ესთეტიკურ სხვაობაზე. ჩემი აზრით, ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: 1. ენების ცუდად (ან არ) ცოდნამ და, შესაბამისად, ევროპული და ამერიკული თეორიებისა თუ ტექსტების ზედაპირულმა ცოდნამ. 2. დაბალმა ფილოსოფიურმა მომზადებამ... 3. კრიტიკისა და ლიტერატურული თეორიის დაბალმა დონემ.
ის, რაც ბიჭებს დაემართათ, მარტო მათი ბრალი არ არის. ეს, საზოგადოდ, ჩვენი აკადემიური და ლიტერატურული ელიტების დაბალმა დონემაც განაპირობა.
რეზოს გამოჩენა ამ ფონზე ნამდვილი სასწაულია. ჩემს წიგნში სპეციალურად შევეხები რეგიონის საკითხსაც. 5-6 წლის წინ მე ვივარაუდე, რომ მაგარი პოეტი რეგიონიდან გამოჩნდებოდა, რადგანაც "თბილისელი პოეტების" ენა და სინტაქსი ძალიან მწირი და შეზღუდული მეჩვენებოდა. რეზო ფლობს ქართულ ენას მთელი სიგრძე-სიგანით - არა მარტო "პოეტურ" ენასა და სლენგს, არამედ კიდევ სხვა "სოციოლექტებს". ამით ის ძალიან ჰგავს აკა მორჩილაძეს. მაგრამ თუ მორჩილაძემ ამას გეგმაზომიერი მუშაობით მიაღწია, რეზოს შემთხვევაში უდიდეს როლს მისი საოცარი ენობრივ-რიტორიკული ალღო ასრულებს.
ასე რომ, ცალკეული მიღწევების მიუხედავად, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩიხლაძე-ბარბაქაძე-იათაშვილის წამოწყება მაინც მარცხით დასრულდა... იგივე ითქმის დანარჩენებზე (რატიანი, სამნიაშვილი და ა.შ.). თუ მათზე ახლა წერა გვიწევს, ეს მთლიანად რეზოს დამსახურებაა. რა თქმა უნდა, არც გივის "ქორონიკონი" უნდა დავივიწყოთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შესანიშნავი წერილისა და პოლემიკისათვის! აუცილებლად გავაგრძელოთ! ეს პოლემიკა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მეგობრობას!

ალეკო ცქიტიშვილი: მესმის შენი განზრახვა - სტატიის სათაურიდან გამომდინარე - "არტისტული ყვავილებიდან - ARTყვავილებამდე" მიმოიხილო გასული საუკუნის პოეზიის ძირითადი ტენდენციები, მაგრამ ეს ძალიან დიდი თემაა, განსაკუთრებით კი სწორედ 90-იანი წლები. ამ პერიოდის პოეზია ლიტერატურათმცოდნეთა მიერ სრულიად შეუსწავლელია. ამიტომ სახელებით და გვარებით ამ კონკრეტულ პოეტთა შესახებ მოკლედ საუბარი ასეთი ხასიათის წერილში არ ღირს. აჯობებს, რეზოს წიგნის ბოლოთქმაში მაინც ზოგად ტენდენციებზე გამახვილდეს ყურადღება, კონკრეტული ავტორების შემოქმედების მიმოხილვა კი შენი წიგნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა.
სხვათაშორის, "მიჯნათაშორის" პოეტებს შორის, თუ სწორად მახსოვს, ლადო ასათიანია გამორჩენილი და ასე მგონია, ლადო ასათიანის პოეზიაც სწორედ ერთ-ერთი "გვერდითი ხაზია", რასაც მერე და მერე მოჰყვა ეპიგონთა და "გამგრძელებელთა" მთელი ლაშქარი, რომლებმაც ასათიანის პატრიოტული ლირიკა მარაზმამდე მიიყვანეს (ლოგიკურიც იყო! რუსთაველის გამგრძელებლებსაც ხომ ეს დაემართათ). ლადო ასათიანის გავლენა დღეს ფოლკლორშიც კი იგრძნობა.
"გვერდითი ხაზის" შესახებ გეთანხმები. მე გწერდი კიდეც, რომ არსებობს მთავარი ხაზი, რასაც პრინციპში ტრადიცია ჰქვია და არსებობს სხვა დანარჩენი, რასაც ახალი ავტორი მეტ-ნაკლებად უნდა ითვალისწინებდეს, ზოგს - მეტად, ზოგს ნაკლებად-მეთქი. აქ სწორედ იმას ვგულისხმობდი, რომ ზოგიერთმა ავტორმა, შეხედულებისამებრ, შესაძლოა, თქვას, რომ მისთვის ილია ჭავჭავაძის პოეზია მიუღებელია და მისაღებია, ვთქვათ, გრიგოლ ორბელიანი. სხვათაშორის, ილიას პოეზიის კრიტიკა ლევან ბერძენიშვილს არ დაუწყია. "ცისფერყანწელებიც" დაახლოებით იმავეს ამბობდნენ და ბესიკს, მამია გურიელსა და ალექსანდრე ჭავჭავაძეს ანიჭებდნენ უპირატესობას J
შოთა ჩანტლაძე, თამაზ ბაძაღუა, ბესიკ ხარანაული და ლია სტურუა - ეს არის ის "ხაზი", რასაც 90-იანელები აგრძელებენ. ამას ისინი თავიანთ წერილებშიც აღნიშნავენ. თუმცა, ის, რაც ამ "ხაზზეა" დაშენებული, კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩანტლაძე-ბაძაღუა-ხარანაული-სტურუა. კარლო კაჭარავა, ალბათ, აქ ბოლო ბმული უნდა იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, კაჭარავა თავისი პოეზიით და მხატვრობით ფაქტობრივად თვითონვე არის 90-იანელი და ნაკლებად 80-იანელი.
რაც შეეხება "მხოლოდ ერთ-ორ მაგალითს", რაზეც მსაყვედურობ... მე დაგისახელე ბოლო ოცწლეულის 3 საუკეთესო ლექსი (ჩემი აზრით): 1) დათო ბარბაქაძის "ქება ცაცხვისა", 2) შოთა იათაშვილის "20 საუკუნის დასასრულის პოეტი ცარიელი ბოთლებით ხელში" 3) ზვიად რატიანის - "მამები"... ეს მაგალითები დამჭირდა კონკრეტული აზრის არგუმენტაციისათვის. ამ ავტორთა წიგნები რომ ხელთ მქონდეს, ახლაც უამრავ მაგალითს მოგწერდი. თუმცა, ზოგადად, როცა შენს წიგნში ამ პერიოდს შეეხები, ჩემი თხოვნა იქნება, აუცილებლად გააანალიზო "ქრონოფაგების" კრებული "ანომალური პოეზია", დათო ბარბაქაძის პერიოდული გამოცემები: "პოლილოგი", "+- ლიტერატურა" და თავისთავად მისი წიგნები, ზვიად რატიანის კრებული "ჯიბის ჰაერი". ეს უკანასკნელი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პოეტური კრებულია, რაც კი ბოლო წლებში ქართულად გამოცემულა.
რაც შეეხება გივი ალხაზიშვილს, აქამდე მე მიმაჩნდა, რომ ეს ავტორი კლასიკური გაგებით 80-იანელია. მისი უკანასკნელი წიგნი - "ქორონიკონი" არ წამიკითხავს. შენს სტატიაში ამ კრებულის შეფასებამ ძალიან დამაინტრიგა. ამიტომ, ვაპირებ, გულდასმით წავიკითხო. გივი, საერთოდ, ცალკე მოვლენაა ბოლო წლების ქართულ პოეზიაში. მისი შემოქმედება ძირითადად კონვენციური ლექსია. ამავე დროს ეს არის სპეციფიკური, შეიძლება ითქვას - ინტელექტუალური პოეზია. ეს მიმართულება, ჩემი აზრით, სათავეს იღებს ოთარ ჭილაძიდან (აი, კიდევ ერთი ხაზი!) და პრინციპში, თუ არ ჩავთვლით გივი ალხაზიშვილს, ამ ხაზს სხვა არც არავინ აგრძელებს (ეპიგონებს და პლაგიატებს, ცხადია, არ ვგულისხმობ). გივი ალხაზიშვილს სწორედ ამ კონტესქტში ვხედავ. "ქორონიკონიც" რომ გადავათვალიერე, იქაც უფრო მეტად ეს ნაცნობი განწყობები დამეუფლა, მაგრამ ამაზე ახლა აღარ ვილაპარაკებ, რადგან ეს წიგნი ჯერ სერიოზულად უნდა წავიკითხო.
და კიდევ: რაც წინა წერილებში არ მომიწერია და რაც ყველაზე მთავარია ამა თუ იმ პოეტის ავ-კარგიანობის შესაფასებლად. მურმან ლებანიძის ერთ ლექსს თუ დავუჯერებთ, "გალაკტიონმა ბრძანა" - ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარია სული!.. "და სული, რომელიც შიგა აქვს, სახელურო, ქალაქს"... J ვგულისხმობ როგორც უშუალოდ ლექსის სულს, ასევე ეპოქის სულს. თუკი ლექსში ეს ორი რამ არ არის (ორი სული - ორსული), იგი ადრე თუ გვიან კვდება.
რატი ამაღლობელზე უკვე გწერდი და მის პოეზიას, მის ლექსებს, ჩემი აზრით, სწორედ სული აკლია. ბევრი საინტერესო და "სახელიანი" პოეტია ასეთი - ტექნიკას კარგად ფლობენ, მათ ლექსებში თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მთავარი არ არის - ლექსები არ სუნთქავენ - მათ სული არა აქვთ. ზვიად რატიანის ლექსებში, მაგალითად, სწორედ ეს სული იგრძნობა - 90-იანი წლების დახუთული სული (იხ. კრებული "ჯიბის ჰაერი"). ასევე ეს ყველაზე მძაფრად იგრძნობა ზემოთ ნახსენებ კრებულში - "ანომალიური პოეზია". 90-იანელებს შორის არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ავტორი - ბადრი გუგუშვილი, რომელმაც სამწუხაროდ, თავი მოიკლა. ეს ავტორიც, ჩემი აზრით, აუცილებლად იმსახურებს ადგილს შენს წიგნში. ბადრი გუგუშვილის რელიგიურად დამუხტული და ემოციური პოეზია ზუსტად გადმოსცემს 90-იანი წლების მაჯისცემას: 1) ეროვნული მოძრაობის დამარცხებას 2) სამოქალაქო ომს 3) ე. წ. "მხედრიონის" პერიოდს.
აი, სწორედ ეს სულია შოთა იათაშვილის, ზვიად რატიანის, დათო ბარბაქაძის, დათო ჩიხლაძის, ზურაბ რთველიაშვილის, გიორგი ბუნდოვანის შემოქმედებაში (ლელა სამნიაშვილი უკვე 21-ე საუკუნეა J). მე დარწმუნებული ვარ, ქართული ლიტერატურის ისტორიაში გასული საუკუნის 90-იანი წლები სწორედ ამ სახელებით შეივსება.
სხვათაშორის, ახლა დავფიქრდი და მგონი, რეზო გეთიაშვილიც სულაც არ არის 90-იანელი. ხომ პარადოქსია, მაგრამ მე მაინც ასე მგონია. ისიც, ლელა სამნიაშვილის მსგავსად, ასევე 21-ე საუკუნეა - 90-იანი წლების სულის გადალახვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი "ბებერი პოეტების ორდენი" 90-იანი წლების მოვლენაა და ჩვენ - "ბებრები" სწორედ ამ ეპოქის სულის გარშემო ვმუშაობდით, პროდუქტი, რაც ამ მუშაობიდან რეზოს და სრულიად ქართულ ლიტერატურას დარჩა - ეს არის 21-ე საუკუნის ქართული პოეზია.
აი, ეს არის ჩემი დამატებითი "სუბიექტური" მოსაზრებები...
დანარჩენი - სხვა დროს!..

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: