Wednesday, April 1, 2009

ანდრო ბარნოვი – ნუ ფიქრობ, მომენდე


ქართული პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციისა და ცნების შესახებ


i. სამფეხა ცხენი და უფსკრულის სული


ქვემოთ სერიოზულ თემაზე მინდა ლაპარაკი, მაგრამ თავიდან ცოტა გავიღიმოთ:
მათხოვარი ფულს იპოვის და გახარებული იფიქრებს, მოდი, რამე ისეთს მოვიგონებ, რომ ფული სწრაფად გავამრავლო და მთელი სიცოცხლე უზრუნველყოფილი ვიყოო. ამ ფიქრებით იპოდრომს მიადგება, იქ კი დოღისთვის ემზადებიან. უყურებს მათხოვარი და ხედავს, ცხენებს შორის ერთი სამფეხა ცხენი გამორეულა. მაგრამ ძალიან უცნაური ისაა, რომ ერთი ფეხი კი არ აკლია, უბრალოდ – სამი ფეხი აქვს: ერთი წინ, ერთი შუაში და ერთიც უკან. მათხოვარი გაშტერებული უყურებს ამ არსებას და უეცრად სამფეხა ცხენი მისკენ დაიძვრება და ადამიანის ენაზე მიმართავს: “ნუ ფიქრობ, მომენდე, დადე ჩემზე ფული და ერთბაშად გამდიდრდებიო”. მათხოვარი გაოგნებულია, თავი ზღაპარში გონია. სამფეხა ცხენი იმდენად ფანტასტიკური არსებაა, რომ ძნელია მისი არ ირწმუნო. ერთი სიტყვით, აღტკინებული გავარდება და მთელ ფულს სამფეხა ცხენზე დადებს.
დაიწყება რბოლა. პირველივე წამებზე სამფეხა ცხენი უკან ჩამორჩება, ის კი არა, ძლივს მიჩაქჩაქებს. მაგრამ მათხოვარი მშვიდადაა, დარწმუნებულია, რომ ეს უცნაური არსება რაღაც სასწაულს მოახდენს. სხვა ცხენებმა უკვე 8 წრე დაარტყეს, მაგრამ მათხოვარი მშვიდადაა, ნებაზე გადაწოლილი, სიგარეტს აბოლებს და ბედნიერების წამს ელოდება. მეცხე წრეც უკანაა – მათხოვარი მშვიდადაა. მეათეც მიილია და სამფეხა უკვე მიწაზე გდია, ისე რომ ერთი წრეც არ გაუთავებია. და ამ დროს მათხოვარი მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ოცნებები წყალში ჩაეყარა, რაც ქონდა ისიც დაკარგდა და ისევ მათხოვრად გადაიქცა. შეძრწუნებული გადაიჭრება სარბენ ბილიკზე, მივარდება სამფეხა ცხენს და უშვერად აგინებს, თან მოსთქვამს, რა გინდოდა, რას მერჩოდი, რატომ დამღუპეო. სამფეხა ცხენი ამ დროს დაბლა გდია და სულს ღაფავს. მათხოვარი აგინებს, არ ჩერდება. და უცებ სამფეხა ცხენი ოდნავ მოსულიერდება, წამოწევს თავს და საცოდავი სახით შეეხვეწება: “ვერ შევძელი, რა ვქნაო”.
ახლა მოგიყვებით იმავე ისტორიას, ოღონდ უფსკრულის სულის (სამფეხა ცხენის შინაგანი ბუნების) თვალით დანახულს:
კაცი მანქანით უფსკრულში გადავარდება, თავად როგორღაც გადმოხტება და ცალი ხელით ფესვს დაეკიდება. ქვემოთ ღრმა უფსკრულია. უფსკრულის სული მასთან მიფრინდება და ეუბნება: “ნუ ფიქრობ, მომენდე, ხელი უშვი მაგ ფესვს და აქედან ამოგიყვანო. კაცი მიენდობა, ფესვს ხელს შეუშვებს, ჩავარდება და ჩაიჩეხება უფსკრულში. უფსკრულის სული დანაღვლიანებული იქვე ქვაზე ჩამოჯდება და სასოწარკვეთილი ჩაილაპარაკებს: “რა ვქნა, არც გამომდის და ვერც ვეშვები ამ საქმესო”.


ii. ნაძვნარის დევი – ძველი ტოტემი


დაახლოებით ასეა ჩვენი საქმეც. “ნუ ფიქრობ, მომენდე” ჩვენი დროის ლოზუნგად იქცა. ეს ჩვენი დროის გმირების ლოზუნგია. და რა ქნას ხალხმა, რომელსაც სწრაფად გამდიდრება უნდა? განა არ ჯობია, არ იფიქრო და მიენდო, ვიდრე იფიქრო და იშრომო? ჯერ სამფეხა ცხენს იპოვი და აღფრთოვანებული მას მიენდობი, მერე სადმე უფსკრულის სული გადაგეყრება, თუ ბედმა გაგიღიმა, შეიძლება ნაძვნარის დევმაც შემოგთავაზოს სამსახური. ჩვენც დავდივართ ასე, ქილა ერბოს ძიებაში, რომ მერე მისი ბედიც ცაში ყურებასა და სტვენას შევწიროთ.
დღეს ყველა შეთანხმდა, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს. ქართული დიალექტიკა ამას შემდეგნაირად განმარტავს: თუ სააკაშვილი არ ვარგა, ე.ი. ვარგა ის, ვინც მას უპირისპირდება. ხომ შეიძლება, რომ მასთან დაპირისპირებულ ადამიანებში ვიღაც ასევე არ ვარგოდეს? მაგრამ ქართულ დიალექტიკას ასეთი “უმნიშვნელო დეტალები” უკვე აღარ აინტერესებს. მთავარია, რომ გაცხადდა ერთი ჭეშმარიტება – “სააკაშვილი უნდა წავიდეს”. რა მოსატანია აქ ისეთი კითხვები, როგორიცაა: “რა იქნება ხვალ?” “ვინ მოვა ხვალ?” “რისი იმედი აქვთ არარეიტინგულ პოლიტიკოსებს, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ?” “რა გზით აპირებენ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას?” “რატომ არ სვამს ამ კითხვებს დანარჩენი ოპოზიცია?” “რატომ არ სვამენ ამ კითხვებს საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები?” უკვე მერამდენედ, გაჩნდა ახალი ტაბუ. მისი სახელია 9 აპრილი. ამჯერადაც, ტაბუს ეჭქვეშ დაყენება უმოკლესი გზაა მიშას აგენტობამდე. ნაძვნარის დევი კლდეზე ზის, გასხეპილი ნაძვით ძაფს ართავს და თავისთან გვიხმობს.


iii. ქართული პოლიტ-სიუჟეტისა და ჟანრის პოეტიკა


ქართული პოლიტ-სიუჟეტის სტრუქტურა გენიალურად მარტივია: ჩიტს მოაქვს ამბავი; ამ ამბით აღძრული ქართველი პოლიტ-გმირი, სამფეხა ცხენი, იწყებს მოქმედებას; თავგადასავლების შემდეგ გმირი მარცხდება; გმირი ბოდიშს იხდის. მინდა მკითხველს გავანდო, რომ მსოფლიო მითოლოგიებში საქმე ცოტა სხვაგვარადაა. იქ თავგადასავლების შემდეგ გმირი იმარჯვებს და ზეცად მაღლდება. ამიტომ, აქაც ყველაფერში ჩვენი გამორჩეულობა ჩანს.
არ ვიცი, ღირს თუ არა დღევანდელი ხელისუფლების შესახებ ცალკე ლაპარაკი, რადგან ისინიც ისევე ზედმიწევნით ექვემდებარებიან ქართული პოლიტ-სიუჟეტის პოეტიკას, როგორც მათი ღირსეული კოლეგები ოპოზიციიდან. პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი, რომელიც სამფეხა ცხენებისა და უფსკრულის სულების მაგიერ საკუთარი რაციოს ძალას ენდობა, ალყაშია მოქცეული და მათი ხმა საერთო ჭიხვინში იკარგება. ნაძვნარის დევი კი კლდეზე ზის, გასხეპილი ნაძვით ძაფს ართავს და ქირქილით თავისკენ გვიხმობს.
ქართული პოლიტ-ჟანრი მეფისა და გამღივარის (მასხარის) სიუჟეტებითაც ხასიათდება. მეფე და მასხარა ძმები არიან. დროებით მასხარა მეფედ იქცევა, მას ყველა შეჰხარის, მის ბილწსიტყვაობას ტაშს უკრავს, იცინის მის უკბილო ოხუნჯობებზე, აღაფრთოვანებს მისი სიმახინჯე და სიამოვნებს მისი აყროლებული სუნი. მსოფლიო მითოლოგიებში მასხარა კვდება და მეფის სიცოცხლეს უდებს სათავეს. ქართულ რეალობაში კი საქმე სხვაგვარადაა – ბოდიშებისა და გაწბილებული იმედების გარეშე ფონს ვერც აქ გავდივართ.


iv. ჩიტის მოტანილი ამბები


1989 წელს ჩიტმა ხუთი ამბავი მოიტანა: პირველი, რომ საბჭოთა კავშირი ჩვენი მტერია; მეორე – რომ პატიაშვილი რქებიანი სატანაა, რომელსაც თითოეული რქა სამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებში სატანური რიცხვი ოქროს ასოებით აწერია; მესამე – რომ კომუნისტებთან ბრძოლის ბედი 9 აპრილის ლოკალური პროტესტით უნდა გადაწყვეტილიყო, მეოთხე – რომ თუ კომუნისტები წავიდოდნენ, მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა, და მეხუთე – რომ მოვლენებზე პასუხისმგებელი იყო ხალხი.
1992 წელს ჩიტმა მოიტანა ხუთი ახალი ამბავი: პირველი – რომ ამერიკა და რუსეთი ჩვენი მტრები არიან; მეორე - რომ გამსახურდია რქებიანი სატანაა, რომელსაც თითოეული რქა სამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებში სატანური რიცხვი ოქროს ასოებით აწერია; მესამე – რომ გამსახურდიასთან ბრძოლა მხოლოდ იარაღით შეიძლებოდა, მეოთხე – რომ გამსახურდია თუ წავიდოდა, მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა, და ბოლო, მეხუთე – რომ მოვლენებზე პასუხისმგებელი იყო ხალხი.
2003 წელს ჩიტმა მოიტანა კიდევ ხუთი ახალი ამბავი: პირველი – რომ რუსეთი ჩვენი მტერია, მეორე - რომ შევარდნაძე რქებიანი სატანაა, რომელსაც თითოეული რქა სამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებში სატანური რიცხვი ოქროს ასოებით აწერია; მესამე – რომ შევარდნაძესთან ბრძოლა ვარდებიანი გადატრიალებით შეიძლებოდა, მეოთხე – რომ შევარდნაძე თუ წავიდოდა, მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა; და მეხუთე – რომ მოვლენებზე პასუხისმგებელი იყო ხალხი.
დღეს ქართულ პოლიტიკაში ფრინველთა ახალი პარტიაა, ახალი ხუთი ამბით: ერთი ისაა, რომ ამერიკა ჩვენი მტერია; მეორე ისაა, რომ მიშა რქებიანი სატანაა, რომელსაც თითოეული რქა სამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებში სატანური რიცხვი ოქროს ასოებით აწერია; მესამე ისაა, რომ მიშასთან ბრძოლა მხოლოდ 9 აპრილის ლოკალური პროტესტით შეიძლება; მეოთხე ისაა, რომ მიშა თუ წავა, ყველაფერი კარგად იქნება; და მეხუთე კი ისაა, რომ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს.


v. სამფეხა ცხენის ახალი სათავგადასავლო მზადება


მათხოვარს ბოდიში რომ მოუხადა და ცოტა სული მოითქვა, სამფეხა ცხენმა საკუთარ შინაგან ბუნებასთან, უფსკრულის სულთან, დაპირისპირება გადაწყვიტა. მას ამჯერად ხუთი ახალი გმირობა აქვს ჩასადენი: უნდა თავი დაიხსნას ამერიკისგან და მერე ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს; უნდა გააგდოს მიშა, ანუ საკუთარი შინაგანი ბუნება, ანუ უფსკრულის სული; მიშა უნდა გააგდოს 9 აპრილს; ხალხი უნდა დაარწმუნოს, რომ მიშას მერე ყველაფერი “მაგრა” იქნება და, რადგან მაინც სამფეხა ცხენია და ბოლომდე არ ენდობიან, ხალხს უთხრას, რომ ამ ყველაფერს ხალხი თავად აკეთებს.
და რას იზამს ხალხი, რომელსაც სწრაფად გამდიდრება უნდა? მერამდენედ ერწმუნება უფსკრულის სულს? ან აქვს კი ხალხს სხვა არჩევანი სამფეხა ცხენების წინამძღოლობის გარდა? არის სადმე ნამდვილი დემიურგოსი თუ კარიკატურული პოლიტიკოსების ამარა ვართ დარჩენილები? დაბოლოს: როგორ ამოვიცნოთ დემიურგი?


vi. დემიურგი


დემიურგი ბერძნულად ხალხისთვის მოქმედს ნიშნავს. იგივე ფუძე უდევს საფუძვლად სიტყვას “ენერგია”, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერძნულში “ენერგია” რაიმე აბსტრაქტულ ძალას კი არ ნიშნავს, არამედ – ქმნადობისაკენ მიმართულ ძალას. მოგვიანებით, ნეოპლატონურ ტრადიციაში, დემიურგს ღმრთაებრივ გონს უწოდებდნენ. ზედმეტ წიაღსვლებს რომ თავი ავარიდოთ, მარტივად ვთქვათ, რომ დემიურგი საქმით იცნობა, გონიერი საქმით. დემიურგს ხალხისთვის სიკეთე მოაქვს, მას ცეცხლი მოაქვს ციდან, ადამიანებს ცხოვრებას უადვილებს, განვითარების პირობებს ქმნის, გზას უჩვენებს, გზაზე მიუძღვება, სათავეს უდებს კულტურას. დემიურგი საიდუმლოს გამომცნობელია, ცოდნის მატარებელია, შორსმჭვრეტელი და ხალხისათვის თავდადებული გმირია, რომელიც საკუთარი განლევის ფასად ბადებს სიცოცხლეს. დემიურგი არ არის ქარიზმატული ლიდერი, ის ხალხის გონიერი მსახურია. მას თავიდანვე ენდობიან, რადგან ის საქმით იცნობა.
თვალებდაჭყეტილი სამფეხა ცხენი დემიურგის ანტიპოდია. ის ცრუ იმედებს ბადებს, მცდარ გზებზე დაგვატარებს, მოგვიწოდებს, ბოლოს კი ბოდიშს იხდის და პატიებას ითხოვს. სამფეხა ცხენის მოწოდება ალალბედზე ნასროლი ანკესია, ის მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, თუ ანკესი რამეს გამოსდო. სხვა შემთხვევაში მას ფუნქცია არა აქვს და კვდება. მისი სიცოცხლის ნიადაგი წინ გადაგდებული სიტყვაა, დემიურგი კი ნიადაგს ნაკვალევით ქმნის. ამიტომ, დემიურგი საქმით იცნობა, სამფეხა ცხენები კი – მათი სიტყვებით.


vii. შაითან


დღეს ნახევარი საქართველო გაიძახის, რომ “მიშა სატანაა”. მოქილიკეები ამაზე იცინიან და ხალხის “მითოლოგიურ აზროვნებაზე” ლაპარაკობენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის უკან არაფერი იგულისხმება.
სატანა, ანუ შაითანი სემიტური წარმოშობის სიტყვაა. გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, რაც “ეშმაკს” ნიშნავს, “შაითანის” ეტიმოლოგიაში კიდევ ორი ცნება იკითხება: “მოხეტიალე” და “ბრალმდებელი”. ეს ორი ცნება ერთმანეთს ერწყმის “შაითანის”, როგორც “თავისუფალი ნების მატარებლის” ისლამურ გაგებაში, სადაც ეს სიტყვა ზედსართავ სახელად გამოიყენება და შეიძლება მიემართებოდეს როგორც ადამიანებს, ასევე – ჯინებს. ისლამში სწორედ ამ “თავისუფალი ნებით” იხსნება ღმერთის წინააღმდეგ შაითან-ჯინის ამხედრების მიზეზი. ერთი სიტყვით, როგორც “მოხეტიალე”, შაითანი გზასაცდენილს ნიშნავს: სულს, რომელიც ეჭვებით შეპყრობილა და გზას ვერ ხედავს, უგზო-უკვლოდ დაეხეტება და მის მიმდევრებსაც უფსკრულისაკენ მიაქანებს. საინტერესოა, რომ “შაითანი” უცხოსაც ნიშნავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უცხო გზაზე მავალიც შაითანია.
როდესაც არსებობს გზასაცდენილი, არსებობს გზაც. და როდესაც არსებობს უცხო გზა, არსებობს საკუთარიც. როდესაც ქართველი ამბობს “სატანა”, გულისხმობს, რომ ვიღაცა ჩვენს სავალს ასცდა, უცხოა. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის მოხაზვა, თუ რა არ არის უცხო ქართველებისთვის, როგორია ქართველთა გზა?
ტრადიციულად, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისტორიას მიმართავენ ხოლმე, რაც მთლად სწორი მეთოდი არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ისტორიის წაკითხვა მრავალი ინტერპრეტაციით შეიძლება. ამიტომ, სჯობს აქაც სწორი მეთოდოლოგიით ვისარგებლოთ და მსჯელობა ზოგად კატეგორიებს დავუქვემდებაროთ.


viii. იერიქონი


არც თუ დიდი ხნის, დაახლოებით 120 საუკუნის წინათ, მდინარე იორდანეს ნაპირზე აშენდა მსოფლიოში პირველი გალავნიანი ქალაქი, იერიქონი. ეს არის პირველი ადგილი, სადაც ადამიანმა მომთაბარეობა მუდმივ საცხოვრისზე გაცვალა. ამ ქალაქის პირველ ფენაში არქეოლოგები დღეს გალავნის, შიდაკიბიანი კოშკისა და სამსხვერპლო ტაძრის ნაშთებს პოულობენ. როგორც პირველი გალავნიანი სამოსახლო, იერიქონი ანთროპოლოგების ყურადღების ცენტრში მოხვდა. ამიტომ დადგენილია, რომ აქ ხალხის ერთ ადგილზე დამაგრების მიზეზი ნაყოფიერი მიწები გახდა. იერიქონის პირველი მოსახლეები იმდენ მოსავალს მოიწევდნენ, რომ მთელი წელი საკვები საზრუნავი აღარ ჰქონდათ. ეს გარემოება არ გამოპარვიათ გარშემო მოხეტიალე ტომებს, რომლებიც შიმშილობის პერიოდში თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ იერიქონის მოსახლეობას. ამის შედეგი იყო პირველი თავდაცვითი ნაგებობა, იერიქონის გალავანი, რამაც მსოფლიოში პირველ პოლისს დაუდო სათავე.
საკვები, რომლის დასაცავადაც აიგო გალავანი, უკვდავების წამლის მსგავსი იყო. გალავანი უკვდავებისათვის აიგო. მასვე აუგეს ტაძარი და სწირავდნენ მსხვერპლს. პრინციპში, იერიქონი მხოლოდ პირველი გალავნიანი სამოსახლო კი არ არის, არამედ – ასევე პირველი დამაგრებული სოციუმის, სახელმწიფოს სიმბოლოა. იერიქონის მაგალითი საუცხოო ილუსტრაციაა იმისა, რომ სახელმწიფო საზოგადოების უკვდავების უზრუნველსაყოფად იქმნება. ამიტომ, როგორიც უნდა იყოს ქართველთა გზა, მისი ბოლო ქართველთა უკვდავება იქნება, ამ გზას აცდენილი კი ყველა სატანად მოინათლება. ეს არის ის პირველი, რაც ქართველთა გზასთან დაკავშირებით უნდა გაგვერკვია.


ix. ქართველთა გზა


რაში მდგომარეობს ქართველთა უკვდავება, რას ვიცავთ და რას უნდა ვიცავდეთ? მარტივი პასუხია – “ქართველთა იდენტობას”. მაგრამ, რა არის იდენტობა? გავრცელებული წარმოდგენის საპირისპიროდ, იდენტობა არ უკავშირდება ვიწროდ გაგებულ კულტურას. უპირველეს ყოვლისა, ესაა უსაფრთხოების კოლექტიური გაგება, უსაფრთხოებაში კი იგულისხმება ფიზიკური, სოციალური და ღირებულებათა სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ, ქართველთა გზაც სწორედ ესაა – სისტემა, რომლითაც დავიცავთ ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებას, დავიცავთ ადრე მოპოვებულს, დავიცავთ სამკვიდროს, უზრუნველყოფთ სოციალურ კეთილდღეობას და დავიცავთ და განვავითარებთ კულტურას. სისტემა მნიშვნელოვანი ცნებაა. ის გულისხმობს საზოგადოების იმგვარ სტრუქტურირებას, სადაც საზოგადოების ყველა ფენას, მის თითოეულ ნაწილს თავისი ფუნქცია აქვს, ეს ფუნქციები კი მიმართულია ჩვენი ფიზიკური უსაფრთხოების, სოციალური კეთილდღეობისა და კულტურის განვითარებისათვის.
გზაზე მთავარი გზის ბოლო არაა. მნიშვნელოვანი თავად გზაა. ერთი ბერძენი პოეტი ითაკაში გამგზავრებულ მგზავრს ურჩევს, ნუ აჩქარდები, “ინატრე, იყოს უსასრულო სავალი შორიო”. ოღონდ, ითაკას ნუ დაივიწყებ და გზას ნუ გადაუხვევ, და როდესაც უკვე მოხუცებული მიადგები ითაკას, სიმდიდრე გზაში უნდა გქონდეს მოხვეჭილი, თავად თაკასაგან კი წყალობას ნუ ელიო. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ შედეგი მიუღწეველია გზის გარეშე, რადგან გზის გარეშე მიღწეული მიზანი სხვა გზით მიღებული ჯილდოა, ასეთი ჯილდო კი შაითანისაა.
ამ გზაზე დემიურგოსი უნდა წაგვიძღვეს, დემიურგოსი კი ისაა, ვინც ქაოსში გზას გამოარჩევს და მას დაადგება, ვინც შაითანის არამ ჯილდოზე უარს იტყვის და შრომას მიეძალება, და ამას ხალხისთვის გააკეთებს. დემიურგოსის გზა გონების თვალით იხილება, მას ბრმები ვერ გაყვებიან. ამიტომ, ქართველთა გზაზე დადგომისთვის გონების თვალი უნდა ავახილოთ და სპილენძი ოქროსაგან გამოვარჩიოთ, ცხელი სიტყვების ნაცვლად ცივ გონებას მივედნოთ, მოწოდებების ნაცვლად – გასაგებ არგუმენტებს. ეს არის ხალხის პასუხისმგებლობა. ხალხი კლავს დემიურგებს და ხალხი ბადებს, ხალხი კლავს თვალებდაჭყეტილ სამფეხა ცხენებს და ხალხივე ბადებს. იქნებ, ამჯერად დემიურგი დავბადოთ.

23.03.2009

1 comment:

nino said...

აღფრთოვენებული ვბარ ბატონო ანდრო საოცარი სიზუსტითაა გადმოცემული დღევანდელი ქართული პოლიტიკური რეალობა....აბსულუტურად გეთანხმებით თითოეულ დეტალში, მე თქვენი მომავალი კოლეგა გახლავართ და პირველად წავიკითხე ასე საოცრად ზუსტი ახსნა ქართული რეალობის! ვისურვებდი ვიყო თქვენი სტუდენტი