Monday, April 13, 2009

ვწეროთ თუ ვიკითხოთ?


მაგდა კალანდაძე
ვწეროთ თუ ვიკითხოთ?


თუ წიგნების დაწვაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული მათი წაუკითხაობაა, წიგნების დაწერასა და მათს გამოცემაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ალბათ სისხლის სამართლის რომელიმე მუხლს შეუფარდებდა ცნობილი ფრთიანი ფრაზის ავტორი. თუმცა, ამ შემთხვევაში დამნაშავის აღმოჩენა და შემდეგ ბრალდების წაყენება გაცილებით უფრო ძნელი საქმეა - როგორია, ადამიანს მწერლობაში ბრალი დასდო და შემდეგ დანაშაული დაუმტკიცო. დამნაშავეების ძებნას არც ჩვენ დავიწყებთ, თუმცა კი, დიდია ცდუნება, ბოლო ერთი წლის მანძილზე გამოცემული წიგნების მწირი რაოდენობა და არასახარბიელო ხარისხი რომელიმე კონკრეტულ სოციალურ ფაქტორს, ან თუნდაც იურიდიულ პირს, ან კიდევ, ბოლოსდაბოლოს, რომელიმე მითოლოგიურ პერსონაჟს ან წყევლას მაინც გადავაბრალოთ. მაგრამ ზემოთ პასუხისმგებლობა ვახსენე, და ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, ამ პასუხისმგებლობის დოზას ქართული ლიტერატურის საკეთილდღეოდ ყველა თუ გადაინაწილებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მხილებას, პროცესებზე თვალის დევნებასა და ამა თუ იმ ფაქტორის ავკარგიანობის გარკვევას არ დაგზარდებით, დროდადრო ჩვენეულ გამოსავალს და სწორ გზებსაც მივუთითებთ.
მიუხედავად ლიტერატურის ცნების მრავალმნიშვნელიანობისა და აბსტრაქტულობისა, წიგნი საკმაოდ მატერიალისტური ცნებაა, და შესაბამისად, ისეთი სოციალური სექტორისათვის, როგორიც გამომცემლები არიან, მატერიალური დაინტერესების ობიექტს წარმოადგენს. ამ ასპექტშიც კი, თუ გადავხედავთ საზღვარგარეთული საგამომცემლო ინდუსტრიის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფორმა, რომლითაც ლიტერატურა იყიდება, რომანია. ყურადღებას არ გავამახვილებ ლიტერატურულ პრემიებსა და კონკურსებზე, რომლებიც კიდევ უფრო ხელს უწყობს ამა თუ იმ ავტორისა და წიგნის პოპულარიზაციას - ამის გარეშეც რომანი მხატვრული ნაწარმოების ის ფორმაა, რომელიც მკითხველის რეცეფციისთვის ყველაზე კარგი აღსაქმელია, ერთგვარი “საინტერესო” და “თავშესაქცევი” ჟანრიცაა, გარდა იმისა, რომ მსოფლიო ლიტერატურის ხერხემალს ქმნის. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ვერც ლიტერატურული ღირებულებებისა და ტენდენციების განვითარებისა და ვერც კომერციის მხრივ ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სრულ დისონანსშია მსოფლიო მოვლენებთან.
თუ ბოლო ათწლეულს გადავხედავთ, ქართულ ენაზე დაწერილი რომანების რიცხვი თანდათან მცირდება. ვიწროვდება იმ ავტორების სავარაუდო კონტიგენტიც, რომლებისგანაც მკითხველი შესაბამის ლიტერატურულ ტექსტს შეიძლება მოელოდეს. ამ მხრივ საინტერესო დაკვირვების ობიექტია ლიტერატურული პრემია “საბაც”, რომელიც ფაქტობრივად წლის შეჯამებას ახდენს და სხვადასხვა ჟანრში საუკეთესო ლიტერატურული პროდუქტების გამოვლენას ისახავს მიზნად. ნომინაციაში “საუკეთესო რომანი” კონკურსის ხუთწლიანი ისტორიის მანძილზე სამჯერ ერთმა და იმავე ავტორმა - აკა მორჩილაძემ აიღო პრემია. არ ვიწინასწარმეტყველებ, ვისი გახდება წლევანდელი “საბა”, მაგრამ 2007 წელს გამოცემული რომანებიდან ორი არსებითად მნიშვნელოვანი წიგნის ავტორი აკა მორჩილაძეა. აქედან ძნელი მისახვედრი არ არის ის ფაქტი, რატომ ხდება აკა მორჩილაძე იმთავითვე ეგრეთ წოდებული ლონგსელერების ავტორი (მაგ. “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” (1995) დღემდე მუდმივად ტირაჟირებადი წიგნია) - მწერალმა ყოველთვის ზუსტად იცის, განსაზღვრული თემატიკა როგორი ჟანრითა და ფორმით მიიტანოს მკითხველამდე, და ამ ცოდნას გარკვეულწილად თვითვალდებულებაც გამოიმუშავებს - აკას შემთხვევაში ამას შეიძლება დავარქვათ პროფესიული ჩვევაც.
“Made in Tiflis” და “ძველი გულებისა და ხმლისა” თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. თუ ერთ შემთხვევაში ავტორი მცირე მოცულობის რომანტიკულ-დეტექტიურ ამბავს გვთავაზობს რუსეთ-თურქეთის ომის ისტორიული ფონითა და ჩვეული სიმბოლოებით, „Maid in Tiflisi“ გაცილებით უფრო მასშტაბურ ნაწარმოებზე აცხადებს პრეტენზიას - თუმცა კი, არც ამ რომანის თემატიკა და პათოსია აკას მკითხველისთვის უცხო - თბილისის ძველი უბნებისა და გაორებული პერსონაჟების სევდა, გაქცევა და დაბრუნება, არარსებული სივრცეები და რეალური შპრიცები, იარაღები, სასმელები... ორივე შემთხვევაში ძალიან დიდია ალბათობა, ერთი და იმავეს დაუსრულებელი ტირაჟირების გამო მკითხველმა მოიბეზროს აკა მორჩილაძე, თუმცა, მე ამ შემთხვევაში მიზეზებს აკას ახალი რომანების ლიტერატურული ღირებულების მიღმა მოვძებნიდი - რეალურად აკა ერთადერთი დანამედროვე ავტორია, ვისი ნაწარმობებიც დღეს მკითხველს მიეწოდება, და ამასთანავე ძალიან ბუნებრივად ჩნდება განსხვავებული სტილისა და ესთეტიკის ტექსტების წაკითხვის მოთხოვნილება. მკითხველი უკვე აკა მორჩილაძის ახალ წიგნებში თავისდაუნებურად სხვა მწერალს ეძებს, არ აკმაყოფილებს ერთი ავტორი. აკა, რა თქმა უნდა, კარგი მწერალია - მაგრამ, სამწუხაროდ, ის ერთია, თავისი ინდივიდუალური სტილითა და ხელწერით.
მორჩილაძისგან განსხვავებით, საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ყველა დროის საუკეთესი ქართული მცირე რომანის სერიით გამოსული „სიტყვები“ (ზაზა თვარაძე). ენობრივი თამაშებითა და ნახევრად ჩვეულებრივი ამბებით ძირეულად განსხვავებული ესთეტიკისა და სიღრმის ტექსტი მივიღეთ, რომელიც ქართულ ლიტერატურაში მაგიური რეალიზმის სრულიად ახლებურად და არატრადიციულად წაკითხვის საშუალებას გვაძლევს. თავისი ჟანრობრივი მხარით ყურადღება მიიქცია კიდევ ერთმა რომანმა - ჯორჯი ვაშატელის „ამბავი ლილე იროელისა“ საყმაწვილო ფანტასტიკაა ქართული მითოლოგიური პერსონაჟებითა და ზღაპრული გმირებით. ნათელისა და ბნელის, კეთილი და ბოროტი ძალების შერკინების თემატიკამ ქართული ხალხური ზღაპრებიდან ამჯერად რომანის ფორმატში გადმოინაცვლა. ნიშანდობლივია, რომ დასახელებული წიგნები ბაკურ სულაკაურის გამომცმელობას ეკუთვნის - თუმცა, ეს ფაქტი ვერ გამოგვადგება საერთო დასკვნების გამოსატანად, იმდენად, რამდენადაც გამომცემლობისათვის აკა მორჩილაძეც და საუკეთესო ქართული მცირე რომანის სერიაც ერთგვარი საავტორო პროექტია. რა თქმა უნდა, რომანის გამოსაცემად თითქმის ყველა გამომცემლობების კარი ღიაა, მაგრამ მწერლისათვის მოტივაცია მხოლოდ ორ ყდას შუა მოქცეული საკუთარი ნაშრომის ხილვა ვერ იქნება - შესაბამისი ანაზღაურების გარეშე ძნელია, ასერიგად საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდო. ჯერ-ჯერობით ცოტა ადრეა იმის ილუზიის შექმნა, რომ საქართველოში წიგნის გაყიდვა და დიდი ტირაჟები მწერლისათვის კომერციულად მომგებიანი გახდეს. ამისათვის ლიტერატურის სათანადო პოპულარიზაციაა საჭირო, იმ სივრცის შექმნა, სადაც შემდგომ უკვე წიგნი და ავტორი თავის თავს კონკტურენტუნარიან ატმოსფეროში გაყიდიან.
შედარებით მრავალფეროვანი სურათი გვაქვს მცირე პროზის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობების კრებულებს მსოფლიო ლიტერატურულ ბაზარზე ძალიან მცირე პროცენტი უჭირავს, და შესაბამისად, მწერლებისთვისაც მხატვრული ტექსტის ეს ფორმა უფრო ლიტერატურული პერიოდიკისთვის გადაგდებული ლუკმაა ხოლმე, ქართულ სინამდვილეში ე.წ. „მოთხრობების მწერლებსაც“ შეხვდებით. მიუხედავად ამისა, გასული წლის მოთხრობების კრებულებს შორის რამდენიმემ მაინც მიიქცია ყურადღება - თუ ფიქრია ყუშიტაშვილის „ქათმის გრიპი“ („დიოგენე“) Pen-მარათონის კონკურსში გამარჯვებული ავტორის ახალი ტექსტებით იზიდავს მკითხველს, დებიუტანტი ავტორის, ირმა ტაველიძის „ავტობიოგრაფია ფრანგულად“ („სიესტა“) თვისებრივად განსხვავდება აქამდე ქართულ პროზაში მომძლავრებული ლიტერატურული ტენდენციებისგან და ორიგინალურ ფორმა-შინაარსს გვთავაზობს. ასევე საინტერესოა ბესო სოლომანაშვილის „ზამორა(სნაიპერა)“ („დიოგენე“), რომელშიც ახლებურადაა დანახული და გადმოცემული მოქმედებების განვითარების ფონი - თაობათა შორის ბრძოლა, ომის ესთეტიკა, და ეს ყველაფერი სახასიათო, ცოცხალი სახეებითა და იუმორის თანხლებით.
წლის ბოლოს შედგა ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულის „ესტაფეტას“ („სიეტა“) პრეზენტაციაც, სადაც მწერალმა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი მოთხრობებს მოუყარა თავი. მკითხველებს, რომლებიც უკვე იცნობენ ამ ავტორის ტექსტებს, ახალ კრებულშიც ჩვეული ხელწერა და ხმა ელოდებათ, თუმცა კი მოთხრობების ერთ წიგნად შეკვრა თავად ავტორისთვის შეიძლება ერთი ეტაპის დასასრულიც იყოს და მისგან უფრო საინტერესო ფორმებსა და თემატიკას ველოდეთ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წლის ბოლოს მოთხრობების რამდენიმე კრებული მზადდებოდა გამოსაცემად, თუმცა, 2007 წლისათვის მათი გამოცემა ვერ მოხერხდა. ამ მხრივ ცოტა არ იყოს, უსისტემოდაა გათვლილი გამომცემლობების მუშაობის პრინციპი - თითქმის მთელი წელი სასკოლო წიგნებისა და სხვადასხვა დაკვეთილი პროექტების განხორციელებას ეთმობა, კომერციულად არამომგებიანი მხატვრული ლიტერატურის ბედი კი თითქმის ყოველთვის მეორეხარისხოვანი საკითხის დონეზე წყდება.
უსისტემობა ეტყობა მთარგმნელობით სფეროსაც. თუ გადავხედავთ ახალ თარგმანებს, გაგვიჭირდება ლოგიკური ჯაჭვის მოძებნა, რა პრინციპის მიხედვით ითარგმნება დღეს საზღვარგარეთული ლიტერატურა. საბოლოო ჯამში კი მაინც იმ დასკვანმდე მივალთ, რომ აქაც ძირითადად ენთუზიაზმზე უწევთ მთარგმნელებს მუშაობა, და შესაბამისად, თარგმნიან თავიანთი შეხედულებისა და სურვილის მიხედვით. გამომცემლობებს არ გააჩნიათ კონკრეტული კონცეფცია, უცხოური ლიტერატურის რა სექტორი უნდა მიაწოდონ ქართველ მკითხველს და იქმნება სრულიად ჭრელი სურათი, რაც დამაბნეველია მკითხველისათვის. გარდა იმისა, რომ მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარება კონკრეტული გეგმა-პროქტების დამუშავებასა და გაანალიზებას მოითხოვს, უმთავრესია ფინანსებიც, რაც გამომცემელს საშუალებას მისცემს, დაიქირავოს მთარგმნელი. სწორედ ასეთი ორგანიზებით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ სამხედრო ლიტერატურის ბიბლიოთეკა გამოიცა. გამოცემის ფინანსური მხარე სამთავრობო სექტორმა უზრუნველყო, რაც იმის იმედს გვიტოვებს, რომ მას შემდეგ რაც ქართული საგამომცემლო ინდუსტრია საჯარისო ნაწილების სფეციფიკურ ბიბლიოთეკას ამოწურავს, სახელმწიფო ხაზინაში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებისთვისაც გამოჩნდება სახსრები.
თუმცა, ამ ფონზე რამდენიმე ახალმა თარგმანმა მაინც მიიქცია ჩვენი ყურადღება - მათ შორისაა 2004 წლის გონკურის პრემიის ლაურეატის, ლორან გოდეს რომანი ‚,სკორტების მზე“ („აგორა“, მთარგმ. ნინო ახვლედიანი) და გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო ნაწარმოები „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს“ („სიესტა“. მთარგმ. ელზა ახვლედიანი). საინტერესო პროექტი იყო „ემ-ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული წიგნი - თანამედროვე ებრაელი ავტორის, ეტგარ კერეტის მოთხრობების კრებული „ნებროთმა გარეკა“ (მთარგმნელი თამარ ბაბუაძე), რომლის პრეზენტაციაზეც თავად ავტორი მოიწვიეს საქართველოში.
ლიტერატურულ ბაზარზე ბესტსელერების ადგილი თუ რომანებს უჭირავთ, ყველაზე ნაკლებკომერციულად პოეტური კრებულებია მიჩნეული, და ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქართულ პოეტურ კრებულებში საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს იშვიათად გადავაწყდებით. უფრო მეტიც - მაგალითად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არ გამოსცემს პოეზიას, რის არგუმენტადაც ისევ და ისევ წიგნების დაბალკომერციული ღირებულება მოჰყავს. თუმცა, ქართული პოეზიის ბედი მხოლოდ ერთ გამომცემლობაზე არ არის დამოკიდებული და შესაბამისად, თუ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ამ მხრივ დეფიციტია ქართულ ლიტერატურაში, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხების ბრალი არაა. იმ პოეტური კრებულების ბაზისზეც კი, რაც ხელთ გვაქვს, თვალშისაცემია, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობს პოეზიის ერთ ციკლად ან თემატურ კრებულად გამოცემის ტრადიცია, წიგნის შედგენა ლექსების მხოლოდ ტექნიკურად შეგროვების პროცესს გულისხმობს. ამის საპირისპირო ფაქტია რეზო გეთიაშვილის ლექსების კრებული „არტ-ყვავილები“ („მერიდიანი“), რომელიც თავისთავად კიდევ საერთო თემატური ხაზით გაერთიანებული ლექსების რამდენიმე ციკლს შეიცავს. საყურადღებოა მაია სარიშვილის პოეტური კრებული „მიკროსკოპი“ („ლინკი“), თვისებრივად განსხვავებული და ინდივიდუალური ხელწერის პოეტი პოეზიის მოყვარულებისათვის კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვების ობიექტია. ზოგადად კი, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პოეტური კრებულების სიმწირის ფონზეც, ლიტერატურული პროცესი პოეზიაში გაცილებით საინტერესო და დინამიურია, ვიდრე პროზაში. უბრალოდ, პროზას ბევრად მეტი მკითხველი ჰყავს და შესაბამისად, ნაკლებ შესამჩნევი ხდება დაბალი ხარისხის ლიტერატურის ტირაჟირება.
სამწუხაროდ, დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს ლიტერატურული კრიტიკა, რაც ხშირად არა მარტო მკითხველისთვის არის ხოლმე ორიენტირი, არამედ ავტორისთვისაც, და რისი პრეროგატივაცაა ლიტერატურული ვექტორების დალაგება. რამდენიმე წლის წინ გამოიცა „თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია“ (შემდგ. მალხაზ ხარბედია), რომელმაც ფაქტობრივად შეაჯამა 1990-2004 წლების ქართული პოეზია, მაგრამ ბოლო სამი წლის მანძილზე მსგავსი პროექტი აღარ შემდგარა, თუ არ ჩავთვლით „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემულ კრებულს „ქართული პოეზია საუკუნეთა მიჯნაზე“, რომელიც არსებითად განსხვავებულ შინაარსს არ ატარებს. ამ მხირვ საინტერესო მასალა შემოგვთავაზა გია ქარჩხაძის გამომცემლობამ მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგიის სახით (შემდგ. თამაზ ვასაძე). წიგნი ბოლო ასწლეულის მანძილზე მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ერთგვარი ასახვაა, თუმცა, საინტერესო იქნებოდა ამავე ტიპის პროექტის ფარგლებში უფრო მცირე დროითი მონაკვეთიც განხილულიყო (მაგ. ბოლო ათწლეული). ცოტა არ იყოს, უცნაური კონცეფციის პროექტი განახორციელა გამომცემლობა „დიამ“ მსოფლიო ლიტერატურის რჩეული მოთხრობების სახით (შემდგ. გია მურღულია, ბეგო ბეჟუაშვილი), სადაც უსისტემოდ შერჩეული მსოფლიო ლიტერატურის მცირე პროზის ნიმუშები იყო თავმოყრილი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი ტომია გამოსული ხუთტომეულიდან, რომლის ბოლო ნაწილიც ქართულ პროზას მიეძღვნება. მნიშვნელოვანი მოვლენაა „დიოგენესა“ და „ახალი თარგმანების“ ერთობლივი პროექტი - „მხატვრული თარგმანის მასტერკლასი“ ვახუშტი კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით, სადაც სხვადასხვა ენიდან შესრულებული ქართული თარგმანების გარდა თარგმანის, როგორც საშემსრულებლო ხელოვნების, თეორიაა ახსნილი.
რა გამოვიდა? არ ვწერთ, იმიტომ რომ არავინ კითხულობს (გამომცემლები ამას ალბათ უფრო მარკეტინგთან დაახლოებული ტერმინებით ახსნიდნენ), ვერ ვკითხულობთ, იმიტომ რომ არავინ წერს, და შეკრული წრიდან გამოსავალი არც თუ ისე მარტივი საპოვნია. კვანძი უნდა გაიხსნას, და წრის რომელი ბოლოდან დაიწყება ამ საკრალური კვანძის დაშლა, არავინ იცის. თუმცა, ერთიცაა - წრეს ხომ თავი და ბოლო არ აქვს.


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: