Sunday, April 26, 2009

თომას სტერნზ ელიოტის ქართველი მეგზური ფლორენციაში


ელიოტი, დანტე და ევროპული ტრადიციები - ფლორენციის საერთაშორისო კონფერენცია (19-25 იანვარი).

კოკა ჯიქია


როცა თანამედროვე ქართულ კულტურაში შექმნილი ვაკუუმი გასაქანს არ გვაძლევს, ლიტერატურული შიმშილი დავიკმაყოფილოთ, მერე უკვე შეძლებისდაგვარად უცხო ქვეყნებს ვეტანებით - მკითხველებიც და მწერლებიც, აქტიური თუ პასიური ლიტერატორები თავისუფალ და გახსნილ სივრცეს ვეძებთ, იდეების, კონცეფციების, ფორმებისა თუ შინაარსების მრავალფეროვან სპექტრს. ალბათ არც ის იქნება გასაკვირი, თუ ამჯერად ჩვენი ყურადღების ცენტრში ხსენებული ვაკუუმის სწორედ ერთ-ერთი “გარღვევა” აღმოჩნდა - კერძოდ კი, იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩატარებული საერთაშორისო ლიტერატურული კონფერენცია, რომლის ხელმძღვანელიც და ორგანიზატორიც ქართველი პროფესორი, ფილოლოგი თემურ კობახიძე იყო. თუ ფლორენციის ხსენებაზე ასოციაციები დანტე ალიგიერისკენ გაგექცათ, აქვე აღვნიშნავ, რომ კონფერენციის თემა სწორედ თომას სტერნზ ელიოტისა და დანტეს შემოქმედება იყო, იტალიური რენესანსის გავლენები ანგლო-ამერიკელ პოეტზე. თემურ კობახიძეს დღემდე არაერთი ნაშრომი აქვს მიძღვნილი ელიოტის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა თუ ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო წრეებთან, და საორგანიზაციო მხარემაც სწორედ მას ანდო საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზება.
კონფერენცია რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ინიციატივით გაიმართა. ფონდი უკვე წლებია, რაც ფლორენციაში საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება, აწყობს საერთაშორისო შეხვედრებს, რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმომადგენლებს, ერთმანეთში გაცვალონ თავიანთი შეხედულებები და იდეები, ხელი შეუწყონ მსოფლიო კულტურის სინქრონიზაციას. რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის გარდა ელიოტისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა სხვა ორგანიზაციებმაც უზრუნველჰყვეს - ესენი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო ფლორენციაში, ფლორენციის უნივერსიტეტი, ქალაქის მერია, ბრიტანეთის ინსტიტუტი ფლორენციაში და ქალაქის ლიტერატურული ინსტიტუტი (Gabinetto Scientifico Letterario G.P. Vieusseux in Florence).
კონფერენციამ მართლაც რომ გაამართლა “საერთაშორისოს” წოდება - თემურ კობახიძესან ერთან პროექტის თანაორგანიზატორი კალიფორნიის შტატის, სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპარატიული ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი პოლ დუგლასი იყო. ორგანიზატორებმა უზრუნველჰყვეს, მომხსენებელთა შეძლებისდაგვარად ფართო და მრავალფეროვანი სურათი შეექმნათ. კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ესპანეთისა და იტალიის სხვადასხვა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში - 19-დან 25 იანვრამდე გაგრძელდა და მონაწილეებმაც საინტერესო დაკვირვებები, გამოცდილებები და იდეები გაცვალეს ერთმანეთში. დანტეს გავლენები ელიოტის პოეტიკასა და კრიტიკაზე, იტალიური მოტივები ანგლო-ამერიკელის შემოქმედებაში, ელიოტი და რენესანსის ეპოქის ვიზუალური ხელოვნება, დანტეს ესთეტიკის ელიოტისეული აღქმა - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც კონფრენციის მონაწილეებმა საკმაოდ საინტერესო და საყურადღებო მოხსენებებში გაშალეს. რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მიზანიც სწორედ კულტურათა და აზრთა სხვადასხვაობის, კომპენტენციათა მრავალფეროვნებისა და მრავალმხრივობის ერთმანეთთან დაახლოებაა, რაც ყოველთვის უწყობს ხელს შემდგომ ამა თუ იმ კულტურული ტრადიციის ცალკეულ, ინდივიდუალურ განვითარებას.
ახალი შთაბეჭდილებებით, იდეებითა და მიზნებით დაბრუნდა თემურ კობახიძეც საქართველოში. თუმცა, ალბათ ეს იდეები და მიზნებიც საბოლოოდ ისევ ევროპის რომელიმე ქალაქში ჩაიყვანს ქართველ ფილოლოგს და ჩვენც იქაური მოვლენებისთვის მოგვიწევს თვალის დევნება. ერთია მხოლოდ - იმედს ვიტოვებ, რომ ამ მცირე სტატიის შემდეგ ჩვენი მკითხველიც დაინტერესდება პერსონით, რომელსაც საზღვარგარეთ გაცილებით უკეთ იცნობენ და აფასებენ, ვიდრე - აქ, სამშობლოში. ანგლო-ამერიკელი მწერლისა და იტალიური რენესანსისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან კი, რომელსაც ფლორენციაში ამერიკელი და ქართველი პროფესორები უძღვებოდნენ, დასკვნაც ცალსახაა - ლიტერატურას საზღვრები არა აქვს, როცა ის მოძრაობაშია.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: