Sunday, July 24, 2011

მალხაზ ხარბედია – ლამბარენელი განდეგილი



1875 წლის 14 იანვარს, ზემო ელზასის პატარა ქალაქ კაიზერსბერგში, პასტორ ლუი შვაიცერს მეექვსე შვილი შეეძინა. იმ წელს მხარე ყურძნის უხვმა მოსავალმა წალეკა, სარდაფები წყალუკრავი ელზასური ღვინით აივსო. წლების შემდეგ კი უკვე აღიარებული ფილოსოფოსი და თეოლოგი, ორღანისტი და მუსიკათმცოდნე, ჰუმანისტი ალბერტ შვაიცერი სიამაყით აღნიშნავს, რომ დაიბადა ჰაილერ ფონ კაიზერსბერგის ქალაქში ყველაზე ნაყოფიერ წელს.
* * *
ორი ენის, ორი კულტურის წიაღიდან გამოსული ალბერტ შვაიცერი XX საუკუნისთვის უჩვეულო სულიერი სიმრთელით გამოირჩეოდა. მასში ჰარმონიულად იყო შერწყმული უნივერსალური განათლება და ღრმა რელიგიურობა, პრაგმატიკოსი და პოეტი. იგი გატაცებით ასრულებდა ბახის თხზულებებს, მაგრამ არანაკლებ სიამოვნებას გვრიდა ფიზიკური სამუშაოც. წერდა წიგნებს თანამედროვე კულტურის პრობლემებზე და საავადმყოფოსა თუ სხვა საქველმოქმედო დაწესებულების "პროექტის" ავკარგიანობაზეც ფიქრობდა. მკურნალობდა დაავადებულ შავკანიანებს და კონცერტებს მართავდა ევროპის ქალაქებში. ზრუნავდა აფრიკის პატარა დასახლებაზე და უყურადღებოდ არ ტოვებდა მსოფლიოში მომხდარ არც ერთ მოვლენას, რომელიც თუნდაც ერთ სიცოცხლეს დაემუქრებოდა სიკვდილით.
ეს ადამიანი ცხოვრებისა და აზროვნების წესით ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს გვაგონებს. მის სიტყვას საქმე მოსდევდა, განსჯები კი ყოველთვის ღრმა ცოდნაზე იყო დაფუძნებული. მისი "სიცოცხლის ნება" ათასობით ადამიანს აჯილდოებდა სიცოცხლით, ნათელი გონება კი მუდამ ფიქრით იყო მოცული: სამყაროზე, ადამიანზე, მშვიდობაზე.
ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ახირებულ იდეად მონათლეს ოცდაათი წლის სახელმოხვეჭილი მეცნიერისა და მუსიკოსის გადაწყვეტილება, შეისწავლოს მედიცინა და დარჩენლი სიცოცხლე აფრიკის ჯუნგლებში გაატაროს, როგორც უბრალო ექიმმა. 1905 წელს თეოლოგიის პროფესორი თავს ანებებს ყველაფერს და კვლავ სტუდენტი ხდება, ამჯერად სამედიცინო ფაკულტეტისა. სწავლობს ქირურგიას, გინეკოლოგიას, თერაპიას, სტომატოლოგიას და 1913 წელს მეუღლესთან - ჰელენთან ერთად ლიტერატურული და საშემსრულებლო მოღვაწეობიდან მიღებული თანხებით მიემგზავრება აფრიკაში და მდინარე ოგოვეს ნაპირზე, ლამბარენეში აშენებს იმ მხარეში პირველ საავადმყოფოს. ველურ აფრიკაში გამოჩნდა ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობდა უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სიცოცხლეა; და რომელმაც კარიერისტებისა და კოლონიზატორების ქაოსში შექმნა ეთიკურ მოძღვრებაზე დაფუძნებული კულტურა.
იგი უპირისპირდება დაკარტეს თეზისს - "ვაზროვნებ, ესე იგი, ვარსებობ" და განავრცობს არსებობის, სიცოცხლის ცნებას. ამკვიდრებს ოპტიმისტურ მსოფლმხედველობას, ადამიანის შემოქმედებითი ძალების მამოძრავებელს და შემოაქვს ცნება - "სიცოცხლის პატივისცემა". მისი ფილოსოფიის მთავარი გმირი თავად შვაიცერია, "ეთიკური ადამიანი", რომლის აზრითაც მხოლოდ ეთიკური მსოფლმხედველობაა ჭეშმარიტად კულტურშემოქმედებითი ძალა, მსოფლმხედველობა, რომელსაც "სიცოცხლის ნება" წარმართავს. შოპენჰაუერის კვალად შვაიცერს ყოველგვარი ეთიკური თანალმობის გრძნობიდან გამოჰყავს, მაგრამ უარყოფს მის პასიურ, ასკეტურ განდეგილობას, ნირვანას. "სიცოცხლის ნება" მოქმედებისკენ მოუწოდებს ადამიანს, აიძულებს მას ყველაფერს თავისებურად მიუდგეს, იკისროს რაღაც პასუხისმგებლობა. "ცოდნა, რომელსაც სიცოცხლის ნების მეშვეობით მოვიპოვებ, უფრო მდიდარია, ვიდრე სამყაროზე დაკვირვებით მიღებული გამოცდილება" (ა.შვაიცერი).
ლუდვიგ ვიტგენშტაინი წერდა: "თუ წარმოვიდგენთ ყოვლისმცოდნე ადამიანს, რომელიც სრულყოფილად აღწერდა სამყაროს, ასეთ აღწერაში ადგილი აღარ დარჩებოდა ეთიკას". შვაიცერის მიერ აღწერილი სამყაროს სურათი სხვაგვარია, მისი "კოსმოგონიის" პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, იგი ასე აჟღერდება: "დასაბამიდან იყო საქმე - სიცოცხლე იწყება იქ, სადაც ძალას კარგავს სიტყვა". გარესამყაროს შესახებ მიღებული ცოდნა უიმედობამდე მიგვიყვანს, მასსა და ცხოველ აზრს შორის დიდი ზღვარია. ეთიკური არსებობა არაა რაღაც კანონების ერთიანობა, იგი უფრო მისტიკური ფაქტია, მოუხელთებელი, წამიერი მოვლენა, რომელშიც მხოლოდ ა პროპოს აღმოვჩნდებით, იგია სიცოცხლის პატივისცემა, თანაგრძნობის აქტი: "როცა ერთადერთი ბომბით კლავენ ასი ათასს - ჩემი ვალია დავუმტკიცო სამყაროს, რაოდენ ძვირფასია ერთის სიცოცხლე".
ლიტერატურულმა თუ საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ უზარმაზარი ავტორიტეტი მოუტანა ალბერტ შვაიცერს: მისი აფრიკაში ჩასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო უწინ ყველასგან მიტოვებული პატარა აფრიკული დაბა - ლამბარენე და მისი მოძღვარი. შვაიცერის აზრს ითვალისწინებენ სახელმწიფოს მეთაურები, მწერლები, მეცნიერები. პირველი მსოფლიო ომის დროს აინშტაინთან, ცვაიგთან, რასელთან, როდენთან და შოუსთან ერთად იგი მხარს უჭერს რომენ როლანის ანტიმილიტარისტულ პოზიციას. შეურიგებელი იყო ფაშიზმთან ბრძოლაშიც: ჰებელსის მოწვევაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო დიდი ჰუმანისტის ჩასვლით, შვაიცერმა კატეგორიული უარი განაცხადა და პასუხს დამცინავი მინაწერი გაუკეთა: "ცენტრალურაფრიკული სალმით - ალბერტ შვაიცერი" (საქმე ის არის, რომ ჰებელსის წერილი ასე სრულდებოდა - "გერმანული სალმით იოზეფ პაულ ჰებელსი"), ხიროსიმის შემდეგ კი შვაიცერი მშვიდობისთვის მებრძოლთა ავანგარდში დგას, მის მოხსენებებს მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნიან, ითარგმნება წიგნებიც. იგი ახალგაზრდების კერპი ხდება, მის პატივსაცემად აწყობენ მსვლელობებს, წერენ წიგნებს დიდი ჰუმანისტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
1952 წელს ალბერტ შვაიცერს მშვიდობის ნობელის პრემიას ანიჭებენ, რომელსაც მოუცლელობის გამო მხოლოდ ორი წლის შემდეგ იღებს - 1954 წლის 4 ნოემბერს. მისი მოხსენების თემა იყო "მშვიდობის პრობლემა თანამედროვე სამყაროში".
ხანდაზმული მეცნიერი სიკვდილამდე სიცოცხლეს ემსახურებოდა, აინშტაინის სიტყვით: "მისი აფრიკაში გამგზავრება ერთგვარი ამბოხი იყო თანამედროვე ცივილიზაციის უწყალო კანონების წინააღმდეგ". ეს ამბოხი იყო ყველაზე მშვიდობიანი და ნაყოფიერი ცივილიზაციის ისტორიაში.
© “არილი”

Tuesday, July 12, 2011

ჯუანშერ ტიკარაძე - ლექსები


ციფროგრამა

3 წლისამ სარკის პატარა ნატეხი იპოვა –
ალესილ დანას ჰგავდა:
რომ ჩახედავდა,
მარტო თვალები გამობრიალდებოდა ხოლმე.
მოსწონდა.

7 წლისა იყო,
როცა პირველად მიხვდა,
რომ მართლა ქალად დაიბადა:
იმ დღეს მისი ძმები ტყეში გაიპარნენ თოფის სასროლად.
როგორ არ ეხვეწა,
მაგრამ მაინც არ წაიყვანეს.

9 წლისას მკერდი დააჩნდა,
თხილისოდენა,
წვეტიანი ჭიკარტებივით.

12 წლისა ახურებულ ლოყას გრილ მინას მიადებდა
და უსხეულო ზმანებებში ვიღაც მომთენთავ მოლანდებებს გაუყუჩდებოდა,
დაბერილი ნესტოებითა
და ბორნის ბაგირივით დაჭიმული ტანით.

14 წლის რომ გახდა,
უკვე ნამდვილი ქალი იყო
და მის თითოეულ ნაბიჯს
ღამის ტყის იდუმალი შრიალი
და უფსკრულის სიახლოვის თავბრუდამხვევი სუნი დაჰყვებოდა.

16 წლის მეზობელ სოფელში გაათხოვეს
ჩაფსკვნილ,
ჯმუხ,
მუდამ ტაოტში ამოსვრილ ტრაქტორისტზე:
პირველ ღამეს ძალიან ეტკინა.
მეორე ღამესაც.
მერე და მერე შეეჩვია.

17, 19, 21, 23, 25 და 27 წლისამ შვილები დააჩინა:
4 ბიჭი და 2 გოგო.

29 წლის იყო,
როცა მისი ნაბოლარა ბიჭი,
საკალანდოდ,
ცეცხლიდან წუთის წინ გადმოდგმულ,
ადუღებული წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა:
3 დღე იწვალა და მერე მოკვდა.

30 წლისამ გაიგო,
რომ ქმარი მეზობლის ქვრივთან დაძვრებოდა.
როგორ უნდა გახარებოდა,
მაგრამ არც სწყენია:
ახლა ღამღამობით მაინც ისვენებდა.

32 წლის იყო,
სოფლის სასაფლაოზე პატარა სამლოცველო რომ გაიხსნა:
უფრო ინტერესით შევიდა,
ვიდრე რწმენით.
სანთელიც დაანთო,
ოღონდ ვერ უშველა.

35 წლისას თავისი ნაბოლარა ბიჭი დაესიზმრა:
ისევ იმხელა იყო,
მაგრამ უკვე გამართულად ლაპარაკი ესწავლა.
ვითომ ეუბნებოდა, -
აქ სულ მარტო ვარ, დედა,
მოდი და სახლში წამიყვანეო.

თავის 37-ე დაბადების დღეს
(არც კი ახსოვდა,
იმ დღეს მისი დღეობა თუ იყო),
ჩამავალი მზით გასისხლიანებულ ცაზე გაუშტერდა თვალი.
მერე უცებ მიწაზე დაემხო
და ერთად წასკდა,
რაც ცრემლი დაგროვებოდა:
პატარა ბავშვივით გულამოსკვნილი ტიროდა
და საკუთარ თავს უწყრებოდა, -
გაჩერდი, შე სულელო, გაჩერდიო.

იმავე წელს მისი ქმარი ადიდებულ მდინარეში გადავარდა.
ტრაქტორი წყალმა წაიღო.
ეს გადაარჩინეს,
მაგრამ წელს ქვემოთ მოწყდა
და ლოგინიდან აღარც წამომდგარა:
თვალის გახელიდან თვალის დახუჭვამდე ყვიროდა და ცოლს აგინებდა.

38 წლისამ უფროსი გოგო გაათხოვა მეზობელ სოფელში:
სიძეს მიკროავტობუსი ჰყავდა
და თბილისის რეისზე მუშაობდა.

40 წლისა ნათესავის ქელეხში დამანახეს ბიძაშვილებმა, -
აბა, თუ იცნობ,
ვინ არისო.
მერეც ვერ ვიცანი,
როცა მითხრეს,
ვინც იყო:

იქამდე მომკვდარიყო,
ვიდრე 45 წლისას საშვილოსნოს კიბო დაემართებოდა
და 2 ზამთრის შემდეგ მოკვდებოდა.


***

მე რომ გამმართლებოდა და მოვმკვდარიყავი,
ასე,
19-20 წლისა,
მაშინ ხომ ვეღარც მოვასწრებდი,
საკუთარი თავისთვის ამდენჯერ მეღალატა.

ყველა გზაგასაყარის ეკალ-ბარდებს ხომ ვეღარ შევატოვებდი
საკუთარ შერცხვენას,
როგორც ნამუსახდილი ქალის ლეჩაქს.

***

რაღა დარჩა ჩემი ცხოვრებისგან?
მარტო ფუტლიარი,
რომელსაც თუ გახსნი,
ცარიელი დღეები ამოფრინდებიან –
დილა,
შუადღე,
საღამო...
ძილი.


***

რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე -
სითბოც, სიცილიც, ბოღმაც, სიტყვებიც,
გაუთენებელ ღამის კარისკენ
კი არ მივდივარ, ნაკადს მივყვები.
ქარები ავდრებს კვლავ მოდენიან
ცრუ იმედების საპარაკლისოდ.
ეს ღვთისქვეშეთი იმოდენაა,
არც კი მოიცლის, მომისაკლისოს.
რაც ვიყავ, ყოველ მავთულხლართს შევრჩი,
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე.
ცანცარა მარტიც ქალაქის მტვერში
ნიღბებზე ირგებს ფერად პარიკებს.
ფერს უცვლის ღამე მოედნებს, პარკებს,
სიზმრისმიერი შიშით მოვერცხლილს.
როგორ ვიპოვი, სად დავიკარგე
ნაცნობ კორპუსთა სიუცხოვეში.
ეჭვები წყვეტენ დამჭკნარ თარიღებს,
წურბელებივით სულზე მიმსხდარნი.
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე,
არ შემარჩინეს ერთი მისხალი.
დროა!.. ზვირთცემის მუსიკად ვიჭერ
დასაბამისკენ ჟამთა მიქცევას.
რაღა მაშორებს მოზომილ მიჯნას,
როცა ცაც მიწად გადაიქცევა
და მიწისგანვე მოზილავს ხორცის
ახალ ყალიბებს არსთაგამრიგე...
ვიცდი, დავყურებ მინავლულ კოცონს.
რაც რამე მქონდა, სულ დავარიგე.


***

ჩემი წლების ქვა-ღორღიდან
სისინით გამოსრიალდა
მომავლის შხამიანი ლანდი:
ს-ს-სიმარტოვე...
ს-ს-სიბერე...
ს-ს-სიკვდილი.



მეტი არაფერი

„tomorrow and tomorrow and tomorrow”

William Shakespeare, “Macbeth”

ხვალ და
ხვალ და
ხვალ და
ხვალ...
სულ ხვალ!

ხვალვე გაქრება დღევანდელი იმედი ხვალის
და შეგუბებული მრისხანებით ფეხმძიმე სასოწარკვეთაში
ზეგინდელი ცრუ იმედებით აღსავსე ახალი ხვალ ჩაისახება.
ადამიანიც ასე ისახება დასიზმრებული უკვდავების დამღლელ მოლოდინში.
ხმელეთზე ამოყრილი თევზებივით ასხმარტალდებიან ორიოდ წუთით
ცხოველური ინსტინქტებით გაჟღენთილ საქორწინო სარეცელზე
თუ სადაც წაუსწრებენ ერთიმეორეს
და ახლა ხორცის ახალ ნაჭერში გაბნეულ თავიანთ გენებს გააყოლებენ
სიცოცხლის ამ მოარულ აჩრდილს
ჯოჯოხეთის ცეცხლისკენ გაფარფატებული ფარვანას განწირულ და ტკივილიან ორბიტაზე...
ჩაქრი, ჩაქრი,
ცივი და ცარიელი სამყაროს უკუნეთში ჩაკარგულო პატარა კანდელო!
ჩაქრი, ჩაქრი,
სულელებისთვის ანთებულო შუქურავ!
მთელი ჩვენი დრო
ერთი რამდენიმეათწლეულიანი ოცდაოთხი საათია
და თუ შემთხვევით გამოსდებ ფრჩხილს
ჟამის დაძენძილი ხალათიდან გამოჩრილი მოგონებების ძაფს,
ვაშლის ნაფცქვენივით გაიშლება გადაგორებული დღეების ფოლიანტი -
10 ათასი უმიზნო გუშინ...
არა,
აღარ ახდება აღარასდროს
ბებიების ზღაპრები ბედნიერებაზე
და ეს გაბრდღვიალებული,
თვალისმომჭრელი,
მაცდური რეკლამების ელექტრონული სისხლით ათასფრად შეღებილი ქუჩებიც
მაინც ისევ ის
დასაბამიდან გაკვალული
არსაითკენ მიმავალი მტვრიანი და უღიმღამო შარაგზაა,
სადაც სულერთია ყველაფერი:
გინდ პირდაპირ იარე,
გინდ მარცხნივ გადაუხვიე,
გინდ - მარჯვნივ,
გინდ უკან მიბრუნდი,
გინდაც ჩამოჯექი ბორდიურზე
და ხმის ჩახლეჩამდე იხმაურე
ქვემოთ მოყოლილი
ძველი ქალაქელი დარდიმანდების ეს იდიოტური სიმღერა:
„დაუკარ, ბიჭო, კლაპიტონა,
სანამდის გულიც არ გამსკდარა.
ქვეყანა დიდი შაპიტოა,
სიცოცხლე - ბებერი მასხარა:
გავიდა ჭრელი მარმაშებით,
გავიდა, გადილაზღანდარა.
ბედი კამათლის თამაშია,
იღბალი - ქალი ბოზანდარა.
არ ვიცი, დროს რას ემდურიან,
თავად შლის, რასაც კი დაჩხაპნის.
შიმშილი ქურდი ხელმრუდია,
სიმაძღრე - შარაგზის ყაჩაღი.
მშვიდობით! სასრულ-დასაბამით,
სულო, კბილებით მიგიტანე.
დღე გაქონილი ყასაბია,
ღამე - გაქნილი მიკიტანი.
ჰოდა, დაუკარ, კლაპიტონა,
სანამდის ეს გულიც გამსკდარა.
ქვეყანა დიდი შაპიტოა,
სიცოცხლე - ბებერი მასხარა.

***

მე ვიცინი
მაგრამ არ მეცინება

მე ვსვამ კითხვებს
მაგრამ მეზარება პასუხების გაცემა

მე მივდივარ წინ
მაგრამ ერთ ადგილს ვტკეპნი სივრცეში

მე მითრევს დავიწყების ლამი და ლია
მაგრამ არ ვიცი
რას მოვეჭიდო

მე ვწერ ამ ლექსს
მაგრამ მირჩევნია გაშლილ სუფრასთან ვიჯდე
ფიროსმანის რომელიმე მოქეიფესავით

მე ვამბობ
მიხარია ვწუხვარ გმადლობთ თანაგიგრძნობთ
მაგრამ ჩემი ყოველი სიტყვა
ემოციისგან დაცლილი ფუტლიარია

მე ვეფერები შენს ტანფეხს დასწავლილი თანმიმდევრობით
მაგრამ იმაზე ვფიქრობ
დაჯდება თუ არა ტოტალიზატორში გამაზული მაასტრიხის X2
და მეტი ყვითელი გლაზგოურ დერბიში

მე ვაკაკუნებ ვაკაკუნებ ვაკაკუნებ
მაგრამ ვინ გამიღებს აჭედილ კარს
სახლის პატრონი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა

მე ვეძებ გზას
მაგრამ ვპოულობ მარტო ჩიხს
უსახურ კედელს ზედ უწმაწური წარწერებით

მე მინდა დავინახო როგორი გავხდი
მაგრამ ნიღაბს სარკის წინაც ვერ ვიშორებ

მე ვარსებობ დე ფაქტო
მაგრამ დე იურე მოვკვდი დიდი ხნის წინ

მე მოვკვდი დიდი ხნის წინ
მაგრამ ეს ცოცხლები დღესაც არ მასვენებენ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მალხაზ ხარბედია - ოთარ ჭილაძის "ჩანაწერები"


DOWNLOAD

გამომცემლობა "ინტელექტმა" ოთარ ჭილაძის ჩანაწერები გამოსცა ცალკე წიგნად. "ცა მიწიდან იწყება", ასე ჰქვია მოზრდილ ტომს, რომელიც მწერლის 1955-2009 წლების დღიურებს მოიცავს. კრებული მწერლის ძმამ, თამაზ ჭილაძემ შეადგინა.

"ინტელექტის" ამ ახალ სერიას "ჩანაწერები" ჰქვია, და მის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე უკვე სამი წიგნი გამოვიდა - ოთარ ჭილაძის, ბაჩანა ბრეგვაძისა და ტარიელ ჭანტურიას უბის წიგნაკები. სერია ოთარ ჭილაძის რვეულებმა გახსნა და დღესაც სწორედ ამ წიგნზე ვისაუბრებთ, წიგნზე, რომელსაც ძალიან ელოდა ყურადღებიანი ქართველი მკითხველი.

ასეთი მოლოდინი ყოველთვის დიდ რისკთანაა ხოლმე დაკავშირებული, დიდია ინტერესიც, ინტერესი ახლის გაგების, საყვარელი მწერლის ახლიდან აღმოჩენის, სხვა მხრიდან დანახვის სურვილი. რისკიც სწორედ ამასთანაა დაკავშირებული, იმიტომ, რომ მკითხველმა შესაძლოა ნაცნობი მწერლისგან სრულიად განსხვავებული, რეალური ადამიანი დაინახოს, რომელიც ვერ მოერგება მკითხველში არსებულ, უკვე ჩამოყალიბებულ ხატებას. თუმცა უფრო ხშირად ისე ხდება, რომ ჩანაწერები მწერლის შემოქმედების გაგრძელებაა ხოლმე, ძველი კითხვების გამეორება ახალი პასუხებით, ანდა ახალი კითხვებისთვის გამოძებნილი დიდი ხნის წინანდელი პასუხები.

რეალურად ნებისმიერი ასეთი ჩანაწერები მწერლის შემოქმედებაა, მისი ნაწილია, უბრალოდ ერთია, ეს ნაწერი ხან გავს კარგად ნაცნობ მწერალს, ხანაც არა. ოთარ ჭილაძის ჩანაწერები ამ მხრივ ოთარ ჭილაძისვე ნაწერებს აგრძელებს და ყურადღებით თუკი წავიკითხავთ, მწერლის შემოქმედებით გზასაც გავადევნებთ თვალს.

მაგალითად, მისი ადრეული ჩანაწერები, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო "პოეტურია", მეტია გარემოზე დაკვირვებები, ე.წ. ყოფის პოეტიზაცია. აქ "სხივები იჩეხებიან არაგვისა და მტკვრის ხეობებში", სიღნაღიდან კი "უსასრულოდ შეგიძლია უყურო ალაზნის ველსა და გაცრეცილ ღრუბლებში ცუდად დამალულ კავკასიონს", შამილი "ამბოხებული ღრუბელია", წვიმა კი კართან ისე გეგებება, როგორც "ფინიშთან მირბენილ სპორტსმენს ტაში". გვიანდელ ჩანაწერებში მეტია წუხილი, ხმამაღალი ფიქრები და რისხვაც კი, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი წარსულის, ჯანმრთელობის, ყოფის გამო. წიგნში ძალიან ბევრი საოცარი ძალის პოეტური ფრაგმენტია გაფანტული, აქ ყველაზე მკაცრ გამონათქვამებს უფაქიზესი ისტორიები ცვლის, მწარე-მწარე სიტყვებს კი სითბო და სინანული.

ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, თავად მწერალზე გაიგებთ. ოთარ ჭილაძე, ისევე როგორც ყველა, ვინც დღიურებს მოჰკიდა ხელი, პირველ რიგში თავის თავზე გვიყვება, მაგრამ ოთარ ჭილაძის ქვეყნის გამო დარდი და წუხილი იმდენად ღრმაა, რომ დღიურების ინტიმურობა მთლიანად ეწირება ამ ნაღველნარევ ან ბრაზიან ფიქრებს. ასეთმა განცდებმა ოთარ ჭილაძეს უმნიშვნელოვანესი აზრები ჩააწერინა თავის რვეულებში. მხოლოდ ორის დამოწმება იკმარებდა:

"ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა".

ანდა:

"რასაც ამ ფაცი-ფუცში მოვიპოვებთ, მალევე დავკარგავთ. რასაც ამ ფაციფუცში დავკარგავთ, ვეღარასოდეს მოვიპოვებთ".

თანამედროვე, უფრო სწორად კი, დღევანდელ საქართველოზე ასეთი ზუსტი გამონათქვამი ბოლო წლების მანძილზე არ შემხვედრია. მწერალი ბევრს ფიქრობდა ამაზე, ქვეყანაზე, სადაც ადამიანებს უკვე თავიანთი ქვეყანა მობეზრდათ, მობეზრდათ ქართველობა, თავიანთი ქვეყნის მომავალიც კი მობეზრდათ. მთელი წიგნის მანძილზე იგი ძალიან მკაცრად აფასებს ქართულ ემიგრაციას, განსაკუთრებით პირველი თაობების ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობას.

ოთარ ჭილაძე სულ მუდამ უბრუნდება ქართულ მწერლობას, მწერლის ხელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენი და მსოფლიო ლიტერატურის წარსულსა და მომავალს. იგი წუხს, რომ რატომღაც ნებისმიერი მწერლის წარმატება საერთოა, ამ შემთხვევაში ზოგადად მწერლობა იმარჯვებს და ყველა ხდება ამ გამარჯვების თანაზიარი, მარცხი კი პირადულია და მწერლურ დამარცხებას მხოლოდ ერთი კონკრეტული მწერალი უნდა გაუმკლავდეს. რვეულებში შეხვდებით ჩანაწერებს საკუთარი რომანების შესახებ, ვრცელი და საკმაოდ კრიტიკულია მისი შენიშვნები მერაბ კოკოჩაშვილის სარეჟისორო სცენარზე ფილმისთვის, რომელიც მისი რომანის მიხედვით, "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" მომზადდა. ასევე არაერთხელ ახსენებს იგი ამათუიმ ნაწარმოებს, რომელსაც ჯერ სახელი არა აქვს, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ საუბარია ხან "აველუმზე", ხანაც "გოდორზე"...

ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო წიგნში თბილისური პასაჟების აღმოჩენა. აქ 40-იანი წლების თბილისიც ცოცხლდება და 60-იანებისაც, უფრო მძიმეა XXI საუკუნის თბილისური სურათები. მწერალი იხსენებს:

"ორმოციანი წლების თბილისში პირველად მოხვედრილი კაცისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რამ მიიქცია შენი ყურაღება ამ ქალაქშიო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ - პიანინოს ხმამო. მართლაც, თითქმის ყველა ბინაში იდგა პიანინო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავად სახლები გამოსცემდნენ ამ ხმას, თითქოს ნებისმიერი სახლი, იმავე დროს მუსიკალური ყუთიც იყო და სარკმელი რომ გამოგეღოთ უნებურად, მაშინვე სავარჯიშო გამები გამოფრინდებოდნენ იქიდან, ტყვეობიდან თავდაღწეული ჩიტებივით".

უკვე 1994 წელს კი გულდაწყვეტით წერდა ზუსტად იგივეზე, როდესაც ერთ-ერთ ბნელ თბილისურ სადარბაზოში ხელისცეცებით შესულს რომელიღაც სახლიდან პიანინოს ხმა შემოესმა: "აშკარად ბავშვი უკრავდა, ალბათ სანთლის შუქზე".

შესანიშნავია ადიდებული მტკვარის ამბავი, ახალგაზრდა მწერალი აღფრთოვანებული აღწერს მოვარდნილ მდინარეს. ბოლო წლებში კი ოთარ ჭილაძე ხშირად გაჰყურებდა ხოლმე მდინარე ვერეს ხეობას, თანამედროვე თბილისის მთავარ წყლულს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე საბოლოოდ გაიწირა, და იმის ნაცვლად, რომ მის განკურნებაზე გვეზრუნა ან ზრუნვაში ხელი შეეწყოთ, მდინარე თითქმის მთლიანად დაიმარხა. ოთარ ჭილაძე ვერ მოესწრო ამ დასაფლავებას, სამაგიეროდ 2007 წელს ასეთი რამ ჩაუწერია:

"ვერეს ჭალაში მალე, ძალიან მალე ჩაჭკნება დღეს მწვანედ მოხასხასე და მოცახცახე ფოთოლი. კვლავ გამოჩნდება შიშველ ტოტებზე მოკონწიალე ათასნაირი ძონძი და ცელოფანის პარკები... ვინ იცის, იქნებ სწორედ აქ, ამ პატარა ჭალაში, სამალავია ჩვენი, დროებით დაკარგული თვალისჩინისა და გონისა. შევინარჩუნოთ როგორმე ეს ბუნებრივი სიმწვანე, რომ განვიწმინდოთ თავადაც, თუკი ამის დროც მოვა".

რვეულებში ბევრი სიზმარია, ისევე, როგორც ჭილაძის პროზაში და ლექსებში. ხანდახან არცაა მითითებული, რომ მწერალი სიზმარს გვიყვება. ერთხელ, გერმანიაში ყოფნისას მშობლები დასიზმრებია და შემდეგ ჩაუნიშნავს: "საოცარია, გერმანიაში იხილო ისინი, ვინც დიდი ხანია მშობლიურ მიწაში განისვენებს".

ბოლო 20 წლის მაძილზე მწერალი ძალიან დამძიმებული იყო სხვადასხვა გარემოებებით. საქართველო, ჯანმრთელობის გაუარესება, სიკვდილზე გამუდმებული ფიქრი და რაც მთავარია, საკუთარ უიღბლობაზე ჩივილი. მაგალითად, მას მიაჩნია, რომ რადგან მისი "აველუმის" გერმანულ ენაზე გამოსვლა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ამბავია, შეიძლება წიგნი სწორედ ამიტომაც არ გამოვიდეს. იგი დარწმუნებულია, რომ ოთარ ჭილაძის დრო არასდროს დადგება საქართველოში, ხოლო საფრანგეთში თავისი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით წერს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ საერთოდაც უარი თქვას წიგნზეო.

ბოლოს მინდა ისევ ქვეყნის სატკივარს დავუბრუნდეთ, რადგანაც ოთარ ჭილაძის ფიქრი მუდამ ამ ქვეყანას დატრიალებდა და 1990 წელს ჩაწერილი ერთი პატარა აბზაცით დავამთავრო. ვიცი, ეს სიტყვები ცოტა ხანს მაინც დაგვაფიქრებს:

"ძეგლის დამხობა იდეას არ კლავს, პირიქით, უძეგლოდ დარჩენილი, ანუ ნიღაბჩამოხსნილი იდეა, კიდევ უფრო მიზანდასახული ხდება!"

© radiotavisupleba.ge

მალხაზ ხარბედია - აკაკი წერეთლის უცნობი პუბლიცისტიკა


DOWNLOAD

ლიტერატურის ინსტიტუტმა ფართო მკითხველისთვის აქამდე უცნობი, ბოლო ათწლეულების მანძილზე გამოვლენილი აკაკი წერეთლის პუბლიცისტური წერილების კრებული გამოსცა.

რა თქმა უნდა, აკაკი ქართველი მკითხველისთვის პირველ რიგში პოეტია და მხოლოდ შემდეგაა იგი პროზაიკოსი და მის შემოქმედებაში პუბლიცისტიკასაც მოზრდილი ადგილი უკავია, თუმცა აკაკის გახსენებაზე არავის ახსენდება მისი ბასრი სტატიები, ისე, როგორც ეს ილიას შემთხვევაში ხდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის აკაკის პუბლიცისტიკა ახლიდან აღმოსაჩენია, განსაკუთრებით კი ახლად აღმოჩენილი ტექსტები. წიგნი, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტმა აკაკის ნაშრომების პირველი ტომის პარალელურად გამოსცა, უცნობი აკაკიც შეიძლებოდა ეწოდებინათ, რომ არა 9 წლის წინ გამოცემული ამავე სახელწოდების წიგნი. მაშინ წიგნზე იუზა ევგენიძემ და ნანა ფრუიძემ იმუშავეს, 2010 წლის ბოლოს გამოცემულ კრებული კი ნანა ფრუიძის გარდა ჯულიეტა გაბოძემ და ელისაბედ ზარდიაშვილმა შეადგინეს.

ლიტერატურათმცოდნე ვანო ამირხანაშვილის აზრით ამ კრებულში ჩვენ განსხვავებული აკაკი შეგვიძლია დავინახოთ:

"აქ მართლაც განსხვავებულ აკაკის ვხედავთ და მოდით ვნახოთ რაში მდგომარეობს ეს განსხვავება: უცნაური ის არის, რომ ლირიკოსი პოეტი ამ კრებულში საქმიან რაციონალისტად წარმოგვიდგება და აკაკი თითქოს რაღაც არამოდურ მდგომარეობაშია. მას უწევს სხვადასხვა თემაზე წერა. სხვადასხვა ჰიპოსტასში ვხედავთ მას, სხვადასხვა სახესხვაობით. ჩვენს წინაშეა აკაკი პოლემისტი, აკაკი ლიტერატურის ანალიტიკოსი, აკაკი თეატრმცოდნე, აკაკი ფოლკლორისტი, აკაკი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, სოციოლოგი, აკაკი ბიზნესმენიც კი".

კრებული ოთხ ნაწილადაა გაყოფილი, სადაც გადანაწილებულია წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ისტორიის, რელიგიისა და კულტურის პრობლემებზე, წერილები საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის საკითხებზე. აკაკი ჭიათურის შავ ქვაზეც წერდა და თეატრზეც, სომხურ-ქართულ პრობლემებზეც და ჭიდაობაზეც. და რაც მთავარია, აკაკი, ილიასთან და სხვებთან ერთად, ქმნიდა იმდროინდელი პუბლიცისტიკის, კრიტიკის, ანალიტიკის ენას. ვანო ამირხანაშვილი აკაკის კრიტიკულ ტექსტებს სტრუქტურულად სამ ნაწილად ჰყოფს:

"როგორია XIX საუკუნის დასასრულისა და XX-ის დასასრულის პუბლიცისტური ნაკადი და საერთოდ, აკაკის პუბლიცისტიკა. სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკის სტილისტური სახესხვაობა. 1. ერთგვარი ზოგადი შესავალი, უვერტიურა, რომელშიც მინიშნებულია მთავარი თემა და წერილის დედააზრი. 2. შუა ნაწილია, ანუ ძირითადი თემის გაშლა, სადაც აკაკი ინდუქციის მეთოდს მიმართავს, ანუ კონკრეტული, კერძო ფაქტებიდან ზოგადი დასკვნა გამოაქვს. და 3. ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია, რადგან აკაკის ყოველთვის მოკლე ფინალი აქვს ხოლმე, ეფექტური დასასრულით, თუმცა ხშირად იგი არც ამთავრებს სტატიას, არა აქვს საკვანძო ფრაზა, და რაღაცნაირი Non finito-ს ვარიანტს გვთავაზობს. მისი ეს სტილი ამ მხრივაც საინტერესოა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც, მისი სტილის საერთო ნიშანი არის უბრალოება, უშუალობა და აზრის სიცხადე, რითაც ჩვენ აკაკი მოგვწონს ხოლმე და რითაც იგი ყოველთვის ასე ცნობილი იყო".

რა თქმა უნდა, აზრის სიცხადე ერთ-ერთი დამახასიათებელია მაშინდელი პუბლიცისტიკისა, მაგრამ აკაკისთან ხატოვან და მრავალსიტყვა აბზაცებსაც არაერთხელ შეხვდებით. ესეც XIX საუკუნის კრიტიკული აზროვნების ნიშნად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ნიშნად, რომელმაც უკვე XX საუკუნეში და ნაწილობრივ ჩვენს დროშიც, განსაკუთრებით კარიკატურული ფორმა მიიღო. აი მაგალითად, როგორ იწყებს აკაკი თავის ერთ-ერთ პოლემიკურ წერილს:

"ჯერ კიდევ ისევ აშლილი აქვს საჭორიკანაო საღერღელი "ნაცარქექიებს": ფუსფუსობენ და ბზუიან!... ხან ერთი გამოილაშქრებს ხოლმე ჩემკენ საწინააღმდეგოდ დიდგულის თოფითა და ხან მეორე. ისლისა და ჩალის მშვილდ-ისრით ცდილობენ ჩვენს დაფრთხობას... იმ ერთი გოჭისა არ იყოს, კუდი რომ გაიბზიკა და ჭყიოდა: "მეც ნახირ-ნახირაო!" - ამათაც თავი რაინდათ მოაქვსთ და ვერ მიმხვდარან, რომ "ცირკობანაობას" კი თამაშობენ. ცირკში რომ ოჩაფეხაზედ შემდგარი, ცხვირპირგამურული, კლოვნი გამოიპამპულებს, სხვა მისი ამხანაგებიც თანვე მოგანგაშედ მისდევენ ხოლმე და ტაშის კვრით ამხნევებენ, ეგებო ქანდარა როგორმე გავაცინოთო!"

გარდა ამისა, აკაკის ნაწერებში გვხვდება შემაძრწუნებელი სიძლიერისა და სიზუსტის ფრაგმენტები. მაგალითისთვის მხოლოდ ერთი მოკლე სიტყვა იკმარებდა, რომელიც მან უცნობი ქალბატონის დაკრძალვაზე წარმოთქვა:

"...დღევანდელ ობლად მიცვალებულს არ დარჩენია არც ქმარი და არც შვილები და გლოვარება ეკუთვნის პირადად მას... მის საკუთარ ღირსებას, და მეც ამ მისმა პირადმა ღირსებამ მომიყვანა ამ სიშორეს, რომ მის პირადობას თაყვანი ვსცე!"

ვანო ამირხანაშვილი აკაკის პუბლიცისტიკის თავისებურებების განზოგადებისას აღნიშნავდა:

"ამავე დროს შეიძლებოდა განზოგადებაც. ანუ აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორია XIX საუკუნის პუბლიცისტიკა. ჩვენ ვიცით, რომ XIX საუკუნეში ქართველ მწერალს უხდებოდა უამრავი შავი სამუშაოს შესრულება, იმიტომ, რომ სააზროვნო სისტემა, რაც ქვეყანას ჭირდებოდა, არ იყო ჩამოყალიბებული და 60-იანელებმა, თერგდალეულებმა დაიწყეს გადახალისება ამ სისტემის და ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის მეთაურობით ეს მოახერხეს კიდევაც".

მისი აზრით, XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ეს მრავალსახოვნება გაჭირვებით იყო გამოწვეული, არადა დღეს პირიქითაა, როდესაც მთელს მსოფლიოში მწერლები საზოგადოებრივ თუ ლიტერატურულ-კრიტიკულ საკითხებზეც ბევრს წერენ, ქართველი მწერლები ყველაზე მეტად პასიურობენ ამ თვალსაზრისით:

"მე წეღან აღვნიშნე, რომ აკაკი სხვადასხვა ჰიპოსტასში წარმოგვიდგება, სხვადასხვა მრავალსახეობით, როგორც მოაზროვნე, როგორც სოციოლოგი, როგორც ეთნოგრაფი, პოლიტიკოსიც კი... და ეს გასაჭირია და არა დალხინება ქართული მწერლობისა, სხვათა შორის... გაჭირვებისა იყო ეს, რომ ყველა თემაზე უხდებოდა მწერალს წერა. იგი ვერ იცლიდა იმისათვის, რომ ეწერა მხატვრული ნაწარმოებები და უფრო მეტი შეექმნა, ვიდრე, ვთქვათ, პუბლიცისტიკა. პუბლიცისტიკით არ იქმება მწერლის მიერ ისეთი სინამდვილე, როგორიც მხატვრული შემოქმედებით. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის 20 ტომიდან, რომელიც ახლა გამოიცემა, 18 ტომი არის პუბლიცისტიკა და მისმა მხატვრულმა ტექსტებმა მხოლოდ 2 ტომი დაიკავა".

და ბოლოს, რეალურ გაჭირვებას რაც შეეხება, არა ქვეყნის გასაჭირს, ადამიანურ რესურსებს და ა.შ. არამედ პიროვნულ გასაჭირს, მატერიალურ სახსარს. აკაკიმ ერთი ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა 1908 წელს, როცა მას სიზარმაცე უსაყვედურეს, აქაოდა ცოტას წერო. მაშინ აკაკიმ თავისი პირობებიც წამოუყენა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს:

"1. ჩემი ნაწერები საზოგადოდ ხელშეუხებელი უნდა იბეჭდებოდეს რედაქციის მხრით და რაშიც არ მეთანხმება, იმას შენიშვნა გაუკეთოს. 2. მოკლე ლექსებში სტრიქონში თითო აბაზს ვიღებ და პოემებში ორ-ოლ შაურს. 3. პროზაში საერთოდ თითო შაური, მაგრამ ეკონომიურად კი ნუ სბეჭდავენ და მაშინ მეც იძულებული აღარ ვიქნები, რომ სხვაგვარი სამუშაო ვეძიო!"

სხვათა შორის, ქართული მწერლობის მაშინდელი და დღევანდელი პრობლემების დიდი ნაწილი, სწორედ აკაკის ამ მოკლე განცხადებით შეიძლება რეზიუმირდეს.

© radiotavisupleba.ge

მალზახ ხარბედია - თამთა მელაშვილის "გათვლა"


DOWNLOAD

გამომცემლობა "დიოგენემ" თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნი, "გათვლა" გამოსცა, ვრცელი მოთხრობა, რომელიც თამამად შეიძლება წლის მოვლენადაც მივიჩნიოთ.

თამთა მელაშვილის "გათვლა" ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია და ბოლო 15-20 წლის მანძილზე მე ვერ ვიხსენებ ასეთ სერიოზულ დებიუტს. იყო ძალიან ნიჭიერი, მახვილგონივრული ან ოსტატური დებიუტები, მაგრამ ასეთ თანმიმდევრულსა და სულისშემძვრე, იშვიათად. ესაა წიგნი ომის შესახებ, სადაც არც ერთი გასროლის ხმა არ ისმის, სადაც სულ რამდენიმე ზარმაცი მეომარი ჩანს, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი მთელი თავისი სიმძაფრით გვაჩვენებს ომის საშინელებას, რადგან საქმე ბავშვებს ეხება. როგორც თავად ავტორი ამბობს, ამით, მას სურდა ომის მეორე, დაფარული მხარე ეჩვენებინა:

"ომი ზოგადად აღიქმება პოლიტიკოსების და სამხედროების საქმედ, ანუ მამაკაცების საქმედ. ამ ტექსტით კი მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ არსებობს ომის მეორე, დაფარული მხარეც, ანუ ქალებისა და ბავშვების გამოცდილება, ჩვეულებრივი ადამიანების გამოცდილება კონფლიქტის ზონაში ან ომში. და მე მინდოდა დამენახვებინა, რომ ეს მეორე მხარე, თავისი ტრაგიკულობითა და სიმძაფრით არანაკლებია, ვიდრე პირველი, უშუალოდ ფრონტის ხაზი, სადაც უშუალოდ სამხედროები და პოლიტიკოსები არიან ჩართული."

ცხადია მკითხველი პირველ რიგში სამაჩაბლოზე და 2 წლის წინანდელ ომზე გაიფიქრებს და მართალიც იქნება, რადგან თავად თამთასთვის იყო ეს ომი წიგნის მთავარი იმპულსი, თუმცა დაასრულებთ კითხვას და მიხვდებით, რომ ამბავიც და პერსონაჟებიც სცილდებიან ერთი კონკრეტული ომის ფარგლებს. ჯერ ერთი, მოქმედება ქალაქში ვითარდება, რომელიც არც ცხინვალია, არც ახალგორი და არც გორი, აქ არც ქართლური აქცენტით ლაპარაკობენ, გვარებიც სხვადასხვა კუთხისაა, სახელები კი უცნაური, მთავარი გმირებისა - ხაზგასმით თბილისური, უფრო სწორად კი, კარიკატურულად, საწყლად თბილისური. ავტორმა ერთი მცირე ჩანაფიქრიდან ვრცელი მოთხრობა გადმოადნო, სადაც გამაოგნებელი სიზუსტითაა აღწერილი გრძნობები, ფიქრები და საუბრები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი თითქმის მთლიანადაა დაცლილი სენტიმენტებისგან:

"იდეა დიდი ხანია მქონდა, ეს ტექსტი თავიდან ძალიან მცირე მოთხრობა იყო, რომელიც სასტიკად არ ვარგოდა. იდეა ძალიან მომწონდა და ვგრძნობდი, რომ უნდა განმევრცო ეს ტექსტი, რათა მართლა კარგი და ეფექტური რაღაცა გამოსულიყო. და ამ სახით ტექსტი წლევანდელ ზაფხულს დაიწერა, მქონდა თავისუფალი დრო და შესაბამისად საშუალება მომეცა, რომ დავმჯდარიყავი და მემუშავა. წინა მოთხრობებს ყოველთვის რაღაც აფექტურ მდგომარეობაში ვწერდი, დავჯდებოდი და უცებვე ვწერდი, ამჯერად კი აბსოლუტურად გააზრებული ტექსტი დავწერე, რომელზეც თვეების განმავლობაში ვიჯექი და ვშრომობდი. მანამდე არასდროს მეგონა, თუ ასე შეიძლებოდა ტექსტი დაწერილიყო, იმიტომ, რომ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მუზა უნდა მოგივიდეს, რომ დაწერო, აქ კი, უბრალოდ ვიჯექი და და ვმუშაობდი".

ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამთა მელაშვილმა პირველად ამ ზაფხულს იგრძნო რას ნიშნავს იყო მწერალი. ეს დიდი ბედნიერებაა არამხოლოდ მწერლისთვის, არამედ გამოცდილი მკითხველისთვისაც, რომელიც ხედავს, ამჩნევს თუ როგორ იბადება მწერალი და რაც მთავარია, თავად მწერალი არ მალავს ამას, არ გაჩვენებს თავს, არამედ გულახდილად გეუბნება.

თამთას წინა 2-3 მოთხრობასთან შედარებით, რომელიც აქამდე მქონდა წაკითხული, "გათვლა" სერიოზული ნახტომია. ამბის სიმწვავის გარდა აქ პირველ რიგში ოსტატობაა აღსანიშნავი. ჯერ ერთი, თხრობის ოსტატობა -დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ქართველი ნარატოლოგები არაერთხელ მიაკითხავენ ამ პატარა ტექსტს ზოგიერთი ხერხის ილუსტრირებისთვის, თუმცა ეს არაფერია თამთას დრამატურგიულ ალღოსთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ნაწარმოების ყოველ თავში ხდება რაღაც ისეთი, რაც ყველაზე არსებითი შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, ანუ ტემპერატურა თხრობისას არასდროს კლებულობს, პირიქით, მატულობს და ყოველი მომდევნო სცენა სულ უფრო ნაკლებ დროს და ადგილს გიტოვებს ამოსუნთქვისთვის - ასეთია დაუმარხავი მკვდარის ამბავი, დაღუპულების ტანსაცმლის დაწვის, ეპილეფსიის სიმულაციის და სხვ. სცენები, რომელიც ნაწარმოებს ერთ მხურვალე მთლიანობად აქცევენ.

თამთა მელაშვილმა, ჩემი აზრით, კარგ დროს დაიწყო წერა. იგი 31 წლისაა, ბევრის აზრით კი ეს ასაკი საუკეთესო პერიოდია პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი აზრების და გრძნობების გადმოსაცემად, პროზაში გადმოსაცემად. თამთა 1979 წელს დაიბადა ამბროლაურში, სკოლაც იქვე დაამთავრა, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მალე აღმოაჩინა, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა. მუშაობდა რამდენიმე ადგილას, 1 წელი გერმანიაში გაატარა, შემდეგ ისევ სამშობლოს დაუბრუნდა და სულ ახლახანს კვლავ ევროპაში ჩავიდა, ამჯერად ბუდაპეშტში, რათა მაგისტრის ხარისხი მიეღო და გენდერული კვლევების სპეციალისტი გამხდარიყო. წერდა ბავშვობიდან, თუმცა თავად მიაჩნია, რომ სერიოზულად წერა მხოლოდ გერმანიაში დაიწყო, სწორედ მაშინ, როცა literatura.ge-ზე გარეგისტრირდა:

"წერა გერმანიაში დავიწყე და არა იმიტომ, რომ ნოსტალგია შემომეძალა, არამედ მოწყენილი პერიოდი მქონდა. დამთხვევაც მოხდა, სწორედ მაშინ დავრეგისტრირდი ლიტერატურულ პორტალზე literatura.ge. ალბათ რაღაც მარცვალი ყოველთვის მქონდა, კითხვაც მიყვარდა, წერაც მაინტერესებდა და ამ პორტალმა ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ მე წერა დამეწყო და უკეთესი მკითხველი გავმხდარიყავი".

პირველი ნაწარმოების გამოქვეყნებაც ამ პერიოდს ემთხვევა:

"პირველი პუბლიკაციაც literatura.ge-ს ჩარჩოში მოხდა, მივიღე მონაწილეობა კონკურსში "წერო", ეს იყო 2006 წელს, როცა ჟიური პრიზი გადმომცეს და შესაბამისად, კრებულში შეიტანეს ჩემი მოთხრობა, ცხოვრებაში პირველად. ძალიან ცოტა მოთხრობა მაქვს დაწერილი, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მიყვარს, რომელიც შემდეგ ბაკურ სულაკაურმაც შეიტანა იმავე წლის ანთოლოგიაში "15 საუკეთესო". შემდეგ უკვე lib.ge-სა და გამომცემლობა "სიესტას" ერთობლივ კრებულში, თუ არ ვცდები, 2008 წელს, შევიდა ჩემი კიდევ ერთი მოთხრობა, რომელიც 2009-ში ისევ გაიმეორა ბაკურ სულაკაურმა ანთოლოგიაში "15 საუკეთესო", და მორჩა...".

თამთა საკმაოდ ცოტას წერს, თუმცა ასეთი, ერთი შეხედვით, უბარაქობა შესაძლოა მეტი ნაყოფიერებით შემოუბრუნდეს მწერალს. ყოველ შემთხვევაში, თამთას მაგალითი ამას მოწმობს. დაბოლოს, ერთი წინადადებით ვიტყვი იმას, რაზეც უახლოეს მომავალში შეიძლება უფრო მოზრდილი წერილიც დავწერო: ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თანამედროვე ქართულმა მწერლობამ ბევრს დაანახა, რომ ყველაზე ადეკვატურად ხედავს და კითხულობს ომს, განსხვავებით სატელევიზიო მედიის ან პოლიტიკოსების ყალბი ისტერიულობით სავსე ხედვებისგან.

© radiotavisupleba.ge

მალხაზ ხარბედია - ნიკა ჯორჯანელის "სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის"


DOWNLOAD

გამომცემლობა "საუნჯემ" ნიკა ჯორჯანელის მესამე პოეტური კრებული გამოსცა. კრებული ბოლო 3-4 წლის მანძილზე დაწერილ ლექსებს აერთიანებს.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ნიკა ჯორჯანელი ლექსების წერის მეტს არაფერს აკეთებს. ცხოვრების წესით იგი ნამდვილი კლასიკური პოეტია. სამაგიეროდ მისი ლექსი ძალზე თანამედროვეა. ნიკა თითქმის უმუშევარია. არც სადმე რედაქტორობს, არც რაიმეს ხელმძღვანელობს, არც ვინმეს ქვეშევრდომობს, არც ბლოგებს წერს, არც ფეისბუკზე აქტიურობს, არც სიტყვით გამოდის ხოლმე და არც თავის პოეზიას აპიარებს - არ ადარდებს რამდენჯერ დაალაიქებენ მის ლექსებს, არც ის ადარდებს, რამდენი წაიკითხავს მის ნაწერს... თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. არავინ იფიქროს, რომ ნიკა ჯორჯანელი ერთი დაუდევარი პოეტია, ვისაც უპატრონოდ მიუყრია თავისი ლექსები და აღმა-დაღმა დადის. არა, ნიკა ჯორჯანელისნაირი დისციპლინირებული პოეტი მეორე არ მეგულება დღევანდელ საქართველოში, იგი უკიდურესობამდე ზუსტია ხოლმე, ზედმეტად აკურატული და მეც, ამ შემთხვევაში რედაქტორს, არაერთხელ მიგრძვნია ეს. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი მძიმის ჩასწორების გამო სამჯერ დაურეკავს, კორექტურული შეცდომა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია მის თვალს გამოეპაროს... ნიკა ყოველთვის ფორმაშია, იგი არასდროს დუნდება და სწორედ ამიტომ, ყველაზე სანდოცაა. წერს საკმაოდ ცოტას, ერთი სიტყვით, თანამედროვე ქართული ლექსის საყრდენი ნახევარმცველია.

წერს 90-იანი წლების დასაწყისიდან, ოღონდ ზუსტად არ ახსოვს რა ვითარებაში მიიღო ეს გადაწყვეტილება. ახსოვს ის, რომ ხატვას მისდევდა და წერის დაწყებისთანავე თავი მიანება თავის ამ მთავარ გატაცებას. წერა არავის უშუალო გავლენით არ დაუწყია, თუმცა ძალიან მალე გამოჩნდნენ ისინი, ვინც მის ნაწერს კვალი დაამჩნიეს:

"რამდენადაც მახსოვს, პირველი ავტორი, რომელმაც ჩემზე გავლენა იქონია, ანუ უკვე მაშინ, როდესაც მე თვითონ რაღაცეებს ვჯღაბნიდი, იყო ტერენტი გრანელი. გრანელი თავიდან ბოლომდე გადავიკითხე და მახსოვს, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფებოდი საკმაო ხანი. შემდეგ ტერენტი გრანელმა ძალიან ნარნარად გადამიყვანა, ალბათ გამოიცნობ ვისზეც... გალაკტიონზე. და როდესაც გალაკტიონს ჩავუღრმავდი და შევისისხლხორცე, რაზეც ძალიან დიდი დრო წავიდა. და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, მართალია ისეთი ინტენსიურობით არა, მაგრამ მაინც. აი, რაღაცნაირად მაშინ ჩავერთე თავიდან ბოლომდე პოეზიაში"..

90-იანი წლების მეორე ნახევარში კიდევ ერთი პოეტი, ვინც ნიკა ჯორჯანელის პოეტურ ენას, აზროვნებას და გრძნობებს აყალიბებდა, ეს იყო შოთა ჩანტლაძე, ვის ლექსებსაც იგი ხშირად უბრუნდებოდა. მალე პირველი კრებულიც გამოვიდა, 2003 წელს, შემდეგ მეორე და პირველი წიგნიდან 7 წლის შემდეგ მესამე წიგნიც გამოსცა ავტორმა:

"ეს კრებული ჩემთვის იმით არის ნიშანდობლივი, რომ მესამეა, სუფთა ნუმეროლოგიის თვალსაზრისით თუ მივუდგებით და რაც განასხვავებს წინა კრებულებისგან და თვალში საცემი იქნება მკითხველისთვის, ის არის, რომ საკმაოდ დიდი დოზით არის ვერლიბრი, რომელსაც მანამდე მაინცდამაინც არ ვეტანებოდი. ვერლიბრს რა თქმა უნდა თავისი მიმართებები და აზროვნებაც კი მოაქვს, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერლიბრი კონცეპტუალურად ცვლის ავტორის აზროვნებას, თუმცა სადღაც ქვედა შრეებში რა თქმა უნდა ცვლის."

ნიკას პირველი ორი კრებულის შესახებაც ვკითხე, რადგან ვიცი, რომ ახალგაზრდა პოეტები, ხშირ შემთხვევაში მესამე კრებულიდან იწყებენ ხოლმე წარსულის შეფასებას:

"პირველი კრებული მე მეორე კრებულის მერეც სხვა ჭრილში დავინახე. იმდენად, რომ ბევრი რამ პირველ კრებულში სამომავლოდ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ორჯერ გამოიცა და მეორე გამოცემაში რაღაცეები შევცვალე კიდეც, ბევრი რამ ამ პირველ კრებულში კიდევ შეიცვლება, როცა ოდესმე დიდ კრებულში მოვუყრი ლექსებს თავს, ან ხელმეორედ გამოვცემ".

ნიკას ბოლო წიგნი რა თქმა უნდა მისი საუკეთესო კრებულია, და არამხოლოდ მისი. ჩემი აზრით "სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის" XXI საუკუნეში გამოცემული ერთ-ერთი გამორჩეული ლექსების ციკლია. კრებული თემატურადაც ძალზე ძლიერია, მკვეთრი სათქმელითა და მიზანმიმართულებით. თუკი პირველ კრებულში ბევრი ე.წ. პოეტური სავარჯიშო და ეტიუდები შეიძლება შეგხვდეთ, აქ წიგნი სრულყოფილ მთლიანობად გამოიყურება, სადაც მომწიფებულ პოეტს ვხედავთ თავისი სიმძაფრით, ტრაგიზმითა და ირონიულობით. მისი ლექსი უკვე ჩამოყალიბებულია და ფორმალური ძიებები აღარაა თვალშისაცემი, არამედ იგი უკვე ნამდვილ პოეზიად იქცევა.

ნიკა თავის თანამედროვეთა ლექსებსაც კარგად იცნობს, და მიაჩნია, რომ თუკი რამით შეუძლია იამაყოს თანამედროვე საქართველომ, ეს პირველ რიგში პოეზიაა:

"ეს ბევრჯერ ითქვა სხვადასხვანაირად, და მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ ერთ-ერთი, რითაც შეუძლია საქართველოს იამაყოს მსოფლიოს სხვა ქვეყნების წინაშე, არის ქართული პოეზია, დრევანდელი ქართული პოეზია, რომელიც, და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, არაფრით ჩამოუვარდება და ზოგჯერ შეიძლება აღემატებოდეს კიდეც ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოეზიას".

და მართლაც, როცა გახსენდება თანამედროვე ფრანგულ, გერმანულ და სხვაენოვანი პოეტები, ძნელია არ დაეთანხმო ნიკას. ერთად-ერთი შესაძლოა დისციპლინით და თვალსაწიერით გვჯობიან ევროპელი პოეტები, თორემ თემებითა და ჭრილობებით ჩვენ აშკარად ვჯაბნით. ნიკამ ჩამოთვალა კიდეც მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორები:

"ზვიად რატიანით დავიწყებდი, იმიტომ, რომ დღს რაც იწერება, ყველაზე ახლობელი ჩემთვის მისი ლექსია. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემი ლექსი მის ლექსს ხედავს. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იგივე ლელა სამნიაშვილი. არის ბევრი რაღაცა,რაც შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს, ესთეტიური თვალსაზრისით, მაგრამ მთლიანობაში აშკარად კარგი პოეტია და სახეა დღევანდელი ქართული პოეზიის. შოთა იათაშვილი - რომელიც ჩემგან რადიკალურად განსხვავდება, ხედვებით, ესთეტიკით და შესაძლოა ეთიკითაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ავტორია.".

ნიკამ აღნიშნა ასევე მაია სარიშვილი, დიანა ანფიმიადი, რატი ამაღლობელი და დასძინა, რომ განსაკუთრებით რატის ადრეული ლექსები მოსწონს.

ნიკას ეს კრებული ყველა ნიშნით საინტერესო და ახალია. აქ რიტმული თვალსაზრისით რამდენიმე ძალიან ორიგინალურ ლექსს შეხვდება მკითხველი, აქ ბევრია სუფთა ლირიკაც, თუმცა მე პირველ რიგში 5 საეტაპო მნიშვნელობის ლექსს გამოვარჩევდი, "ისინი", "კავშირებითი კილო", "ორიოდე სიტყვა აეროპორტის შესახებ", "ჰაერზე, სანამ კვამლში" და "ბირთვული იარაღის იავნანა"... ესენია უაღრესად დატვირთული, სიმძაფრით სავსე მოზრდილი ლექსები, რომელიც ნებისმიერ ანთოლოგიას დაამშვენებდა.

© radiotavisupleba.ge