Sunday, July 24, 2011
მალხაზ ხარბედია – ლამბარენელი განდეგილი
1875 წლის 14 იანვარს, ზემო ელზასის პატარა ქალაქ კაიზერსბერგში, პასტორ ლუი შვაიცერს მეექვსე შვილი შეეძინა. იმ წელს მხარე ყურძნის უხვმა მოსავალმა წალეკა, სარდაფები წყალუკრავი ელზასური ღვინით აივსო. წლების შემდეგ კი უკვე აღიარებული ფილოსოფოსი და თეოლოგი, ორღანისტი და მუსიკათმცოდნე, ჰუმანისტი ალბერტ შვაიცერი სიამაყით აღნიშნავს, რომ დაიბადა ჰაილერ ფონ კაიზერსბერგის ქალაქში ყველაზე ნაყოფიერ წელს.
* * *
ორი ენის, ორი კულტურის წიაღიდან გამოსული ალბერტ შვაიცერი XX საუკუნისთვის უჩვეულო სულიერი სიმრთელით გამოირჩეოდა. მასში ჰარმონიულად იყო შერწყმული უნივერსალური განათლება და ღრმა რელიგიურობა, პრაგმატიკოსი და პოეტი. იგი გატაცებით ასრულებდა ბახის თხზულებებს, მაგრამ არანაკლებ სიამოვნებას გვრიდა ფიზიკური სამუშაოც. წერდა წიგნებს თანამედროვე კულტურის პრობლემებზე და საავადმყოფოსა თუ სხვა საქველმოქმედო დაწესებულების "პროექტის" ავკარგიანობაზეც ფიქრობდა. მკურნალობდა დაავადებულ შავკანიანებს და კონცერტებს მართავდა ევროპის ქალაქებში. ზრუნავდა აფრიკის პატარა დასახლებაზე და უყურადღებოდ არ ტოვებდა მსოფლიოში მომხდარ არც ერთ მოვლენას, რომელიც თუნდაც ერთ სიცოცხლეს დაემუქრებოდა სიკვდილით.
ეს ადამიანი ცხოვრებისა და აზროვნების წესით ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს გვაგონებს. მის სიტყვას საქმე მოსდევდა, განსჯები კი ყოველთვის ღრმა ცოდნაზე იყო დაფუძნებული. მისი "სიცოცხლის ნება" ათასობით ადამიანს აჯილდოებდა სიცოცხლით, ნათელი გონება კი მუდამ ფიქრით იყო მოცული: სამყაროზე, ადამიანზე, მშვიდობაზე.
ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ახირებულ იდეად მონათლეს ოცდაათი წლის სახელმოხვეჭილი მეცნიერისა და მუსიკოსის გადაწყვეტილება, შეისწავლოს მედიცინა და დარჩენლი სიცოცხლე აფრიკის ჯუნგლებში გაატაროს, როგორც უბრალო ექიმმა. 1905 წელს თეოლოგიის პროფესორი თავს ანებებს ყველაფერს და კვლავ სტუდენტი ხდება, ამჯერად სამედიცინო ფაკულტეტისა. სწავლობს ქირურგიას, გინეკოლოგიას, თერაპიას, სტომატოლოგიას და 1913 წელს მეუღლესთან - ჰელენთან ერთად ლიტერატურული და საშემსრულებლო მოღვაწეობიდან მიღებული თანხებით მიემგზავრება აფრიკაში და მდინარე ოგოვეს ნაპირზე, ლამბარენეში აშენებს იმ მხარეში პირველ საავადმყოფოს. ველურ აფრიკაში გამოჩნდა ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობდა უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სიცოცხლეა; და რომელმაც კარიერისტებისა და კოლონიზატორების ქაოსში შექმნა ეთიკურ მოძღვრებაზე დაფუძნებული კულტურა.
იგი უპირისპირდება დაკარტეს თეზისს - "ვაზროვნებ, ესე იგი, ვარსებობ" და განავრცობს არსებობის, სიცოცხლის ცნებას. ამკვიდრებს ოპტიმისტურ მსოფლმხედველობას, ადამიანის შემოქმედებითი ძალების მამოძრავებელს და შემოაქვს ცნება - "სიცოცხლის პატივისცემა". მისი ფილოსოფიის მთავარი გმირი თავად შვაიცერია, "ეთიკური ადამიანი", რომლის აზრითაც მხოლოდ ეთიკური მსოფლმხედველობაა ჭეშმარიტად კულტურშემოქმედებითი ძალა, მსოფლმხედველობა, რომელსაც "სიცოცხლის ნება" წარმართავს. შოპენჰაუერის კვალად შვაიცერს ყოველგვარი ეთიკური თანალმობის გრძნობიდან გამოჰყავს, მაგრამ უარყოფს მის პასიურ, ასკეტურ განდეგილობას, ნირვანას. "სიცოცხლის ნება" მოქმედებისკენ მოუწოდებს ადამიანს, აიძულებს მას ყველაფერს თავისებურად მიუდგეს, იკისროს რაღაც პასუხისმგებლობა. "ცოდნა, რომელსაც სიცოცხლის ნების მეშვეობით მოვიპოვებ, უფრო მდიდარია, ვიდრე სამყაროზე დაკვირვებით მიღებული გამოცდილება" (ა.შვაიცერი).
ლუდვიგ ვიტგენშტაინი წერდა: "თუ წარმოვიდგენთ ყოვლისმცოდნე ადამიანს, რომელიც სრულყოფილად აღწერდა სამყაროს, ასეთ აღწერაში ადგილი აღარ დარჩებოდა ეთიკას". შვაიცერის მიერ აღწერილი სამყაროს სურათი სხვაგვარია, მისი "კოსმოგონიის" პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, იგი ასე აჟღერდება: "დასაბამიდან იყო საქმე - სიცოცხლე იწყება იქ, სადაც ძალას კარგავს სიტყვა". გარესამყაროს შესახებ მიღებული ცოდნა უიმედობამდე მიგვიყვანს, მასსა და ცხოველ აზრს შორის დიდი ზღვარია. ეთიკური არსებობა არაა რაღაც კანონების ერთიანობა, იგი უფრო მისტიკური ფაქტია, მოუხელთებელი, წამიერი მოვლენა, რომელშიც მხოლოდ ა პროპოს აღმოვჩნდებით, იგია სიცოცხლის პატივისცემა, თანაგრძნობის აქტი: "როცა ერთადერთი ბომბით კლავენ ასი ათასს - ჩემი ვალია დავუმტკიცო სამყაროს, რაოდენ ძვირფასია ერთის სიცოცხლე".
ლიტერატურულმა თუ საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ უზარმაზარი ავტორიტეტი მოუტანა ალბერტ შვაიცერს: მისი აფრიკაში ჩასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო უწინ ყველასგან მიტოვებული პატარა აფრიკული დაბა - ლამბარენე და მისი მოძღვარი. შვაიცერის აზრს ითვალისწინებენ სახელმწიფოს მეთაურები, მწერლები, მეცნიერები. პირველი მსოფლიო ომის დროს აინშტაინთან, ცვაიგთან, რასელთან, როდენთან და შოუსთან ერთად იგი მხარს უჭერს რომენ როლანის ანტიმილიტარისტულ პოზიციას. შეურიგებელი იყო ფაშიზმთან ბრძოლაშიც: ჰებელსის მოწვევაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო დიდი ჰუმანისტის ჩასვლით, შვაიცერმა კატეგორიული უარი განაცხადა და პასუხს დამცინავი მინაწერი გაუკეთა: "ცენტრალურაფრიკული სალმით - ალბერტ შვაიცერი" (საქმე ის არის, რომ ჰებელსის წერილი ასე სრულდებოდა - "გერმანული სალმით იოზეფ პაულ ჰებელსი"), ხიროსიმის შემდეგ კი შვაიცერი მშვიდობისთვის მებრძოლთა ავანგარდში დგას, მის მოხსენებებს მსოფლიოს მრავალ ენაზე თარგმნიან, ითარგმნება წიგნებიც. იგი ახალგაზრდების კერპი ხდება, მის პატივსაცემად აწყობენ მსვლელობებს, წერენ წიგნებს დიდი ჰუმანისტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
1952 წელს ალბერტ შვაიცერს მშვიდობის ნობელის პრემიას ანიჭებენ, რომელსაც მოუცლელობის გამო მხოლოდ ორი წლის შემდეგ იღებს - 1954 წლის 4 ნოემბერს. მისი მოხსენების თემა იყო "მშვიდობის პრობლემა თანამედროვე სამყაროში".
ხანდაზმული მეცნიერი სიკვდილამდე სიცოცხლეს ემსახურებოდა, აინშტაინის სიტყვით: "მისი აფრიკაში გამგზავრება ერთგვარი ამბოხი იყო თანამედროვე ცივილიზაციის უწყალო კანონების წინააღმდეგ". ეს ამბოხი იყო ყველაზე მშვიდობიანი და ნაყოფიერი ცივილიზაციის ისტორიაში.
© “არილი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment