Thursday, August 26, 2010

ირაკლი სამსონაძე - ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი


ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით


მოქმედი პირნი:
1. ინდაური ინდიკო – ციდან მოვლენილი საჩუქარი, ასე ვთქვათ...
2. თოვლის პაპა;
3. ბაბალე – მისი მეუღლე;
4. კომბლე – კეთილი მწყემსი;
5. კომბლეს ცხვარი;
6. ნაცარქექია;
7. დევი;
8. მელა;
9. მგელი.

თოვლის პაპას სახლი. ტრადიციული ქართული გარემო. ბუხარი, მაგიდა, რამდენიმე ჯორკო, კედელზე წითელი წიწაკების აცმა.
სურათი პირველი: - აქა ამბავი თოვლის ბებო ბაბალეს უცნაური გამოჩენისა.
თოვლის პაპას შუბლზე ცივი საფენი დაუდევს. ოხრავს. დოქიდან წყალს ჩამოისხამს თასში. კარზე კაკუნი.
თოვლის პაპა საფენს მოიხსნის, თავს გაოიყოჩაღებს, ჩაახველებს – მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა.
ღია კარში კეთილი მწყემსი, კომბლე გამოჩნდება.
კომბლე – სტუმარი არ დალეოდეს აქაურობას, გამარჯობა, თოვლის პაპავ!
თოვლის პაპა – შენა ხარ, კომბლე?! ეჰ...
პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. მობრძანდი – კომბლე შემოდის. – რა დაგემართა, შეუძლოდ ხარ?!
თოვლის პაპა – ნუ მკითხავ – გუშინ ნაცარქექიასთან ცოტა – უჰ, თავი...
კომბლე – გასაგებია... გაკეთებულ ღვინოს რომ ასაღებდა ტყეში, ვიცოდი, მაგრამ თოვლის პაპასაც თუ შებედავდა, ვერ ვიფიქრებდი.
თოვლის პაპა – დაილოცეო და ჰა... ანდა, როგორ არ უნდა დაილოცო, როცა თოვლის პაპა ხარ... დავსჯი მე მაგას – ფალსიფიკაციისთვის... (წყალს მოისვამს, დარბაზისკენ გამოიხედავს) ფალსიფიკაცია, ბავშვებო, გაყალბებას ნიშნავს ქართულ ენაზე, მაგრამ ისე მიგვაჩვიეს ტელევიზორიდან ამ უცხო სიტყვებს, რომ მეც კი წამომცდება ხოლმე... (კომბლესკენ) შენ საით, კომბლე?
თოვლის პაპა – აბა, კაცო, ახალი წელი კარს მოგვადგა, რამდენი საჩუქარი მაქვს ბავშვებისთვის დასარიგებელი და ამ დღეში კი ჩამაგდო ნაცარქექიამ – ბაბალეც აგვიანებს, წნევის წამალს გიყიდიო... სადაა ამდენ ხანს –
(გამოჩნდება ბაბალე უცნაური პარიკით თავზე და საკმაოდ დამოკლებული კაბით).
ბაბალე – სად ვარ და აქ ვარ, ჩემო დზვირფასოო...
თოვლის პაპა – დზვირ?!. ჰა?!.
კომბლე – ვაი...
თოვლის პაპა – რაა გჭირს, ბაბალე?!
ბაბალე – რა უნდა მჭირდეს, საახალწლოდ ახლადგახსნილ სილამაზის სალონს მივაკითხე – ინდიკო დაურქმევიათ სალონისთვის, ნაცარქექიას მოპოვებული ინვესტიციააო... აბა, როგორია?! (დატრიალდება)
კომბლე – მე წავალ... ბოდიში...
ბაბალე – რატომ, კომბლეე, დარჩებოდეთ ჩვენსა, კოკტეილზეედ...
თოვლის პაპა – რომელ კოკტეილზე?..
კომბლე – არა, არა, ბბოდიში... ცხვარს თივა უნდა მივუტანო (კარის ზღურბლს გაჰკრავს თავს) უჰ... მმააპატიეთ... (ნაჩქარევად დატოვებს იქაურობას.

სურათი მეორე: აქა ამბავი ბუხარში ჩამოვარდნილი ამანათისა.
თოვლის პაპა – რა გჭირს, ქალო, ამისთანა სტუმარი დამიფრთხე.
ბაბალე – ოჰ, ამისთანა... XXI საუკუნეში კაცს თივა მიაქვს ცხვრისთვის...
თოვლის პაპა – აბა, რა უნდა წაუღო ცხვარს, ბაბალე?
ბაბალე – რა და, ბატონო, იცი შენ რომ იქ, აი იქ, იქით – ცხვრებისთვის, კაცებისთვის, გოჭებისთვის და ძაღლებისთვის პანსიონებია გახსნილი – აქ თივა უზიდე შენი ზურგით...
თოვლის პაპა – სად გაგანათლეს, ქალბატონო ბაბალე, ასე, საინტერესოა...
ბაბალე – სად და სილამაზის სალონში...
თოვლის პაპა – რა ქვიაო?
ბაბალე – ინდიკოო... ქვიაო...
თოვლის პაპა – ღმერთო, ნუ შემშლი ამ საახალწლოდ, ბავშვებს ვინ დაურიგებს საჩუქრებსა და ფოჩიან კამფეტებს... ვინ დალოცავს მადლიანი ქართულით ფუძე-ჭერს, ვინ...
ბაბალე – გაიგე, ადამიანო, ინტერნეტის დროში ვცხოვრობთ, ტექნოკრატიულ ეპოქაში, შენ კი ისევ ძველებურად აპიპინებ, შენსას...
თოვლის პაპა – მე ვაპიპინებ, მეე?! (გამოხედავს) ბავშვები, ეს ცუდი მიმართვაა და ნიშნავს...
ბაბალე – კაი, მეტისმეტი მომივიდა, მაგრამ ისევ შენთვის ვამბობ, დზვირფასო.
თოვლის პაპა – აღარ გავიგონო ეს – დზ... რას ნიშნავს დზვირფასო, როცა ქართულად ითქმება ძვირფასო, მემესიჯები?!..
ბაბალე – ჰოდა, ძალიან ცუდი, რომ არასოდეს... გვიმესიჯია?! ცუდია, ცუდი...
თოვლის – მე წერილებს გწერდი შენ, ზოგჯერ ლექსებადაც!.. ბაბალე, მომისმინე, ბაბალე, არ შეიძლება ასე ხელაღებით ყველაფრის უარყოფა... რაღაც უნდა შევინახოთ, ბაბალე, ტრადიცია უნდა შევინახოთ, გოგო, ბრმა წამხედურობით კარგი არაფერი გამოვა, ბაბალე... მე პაპას უნდა ვგავდე, შენ უნდა გავდე ბებოს, ბაბალე.
ბაბალე (წაუტირებს) – ბებოს, ჰო, ბებოს... ოჰო (გამოხედავს) და შენ რომ პაპას გავდე, ხოლო მე თანამედროვე, საქმიან, ემანსიპირებულ ქალს, არ შეიძლება? იმიჯი რომ მქონდეს ასეთი, ჰა?!
თოვლის პაპა – იმიჯი, ბავშვებო, ნიშნავს... (პაუზის შემდეგ) რა სილამაზის სალონში მოხვდი ამისთანა უნაიროში, ქალო... გული... გული... წნევა!..
ბაბალე შეფუცხუნდება, საიდანღაც წნევის აპარატს გამოაჩენს, სკამზე მისვენებულ თოვლის პაპას წნევას უსინჯავს.
ბაბალე – დამშვიდდი ახლა, ჰო... რანაირი ისა ხარ, პირდაპირ... ფიცხი... ყველაფრის გულთან მიტანა იცი – აი, 190/100-ზე არ შეიძლება ასე ნერვებზე აყოლა არაფრის გამო, სანტა კლაუსი გათანამედროვდა და შენ რა გახდი ასეთი...
თოვლის პაპა – ვინ გითხრა, რომ სანტა-კლაუსი გათანამედროვდა?
ბაბალე – სილამაზის სალონში თქვეს.
თოვლის პაპა – ტყუილია, ჭორია... სანტა-კლაუსი წესიერი კაცია..
ბაბალე – ვითომ წესიერი არ შეიძლება თანამედროვე იყოს?!
თოვლის პაპა – თოვლის პაპებში – არა. თოვლის პაპა მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციულია. მოიშალე ეგ ვარცხნილობა... და კაბული კაბაც...
ბაბალე – პარიკია, დამშვიდდი... (კაბასაც ჩამოიწევს) ჯიუტი რო გამოვა კაცი, იმას...
თოვლის პაპა – გამიზომე ახლა წნევა.
ბაბალე – დაიცა, წამალი მოგიტანე...
თოვლის პაპა – აღარ მჭირდება წამალი, შენ რომ ასეთს გხედავ, კარგად ვხდები... გამიზომე...
ბაბალე – საოცრება... 120/70-ზე... კოსმონავტის წნევაა...
თოვლის პაპა – ჰო, მოვმჯობინდი... დამეხმარე ახლა, საჩუქრები დავახარისხო, ხომ იცი, ის ოთიკოსო, ის კესოსო, ის სალომესო, გიგისო... ჰე გამოიტანე ხურჯინი და შევუდგეთ საქმეს...
ბაბალე (წამოდგება) – რას გახდება შენთან ქალი... (ხურჯინი მოაქვს, ამდროს ბუხარში ამანათი ჩამოვარდება, ბაბალე შეცბება) – ვაი...
თოვლის პაპა – ეს რაა?
ბაბალე – დედაა, ამანათი!... სანტა-კლაუსი თუ გვილოცავს ახალ წელს, იმან იცის ასე, ბუხრიდან ჩამოგდება საჩუქრის...
ბაბალე და თოვლის პაპა ამანათს უახლოვდებიან.

სურათი მესამე – აქა ამბავი ინდაური ინდიკოს გამოჩენისა, რომელიც თავის თავს ციდან მოვლენილ საჩუქარს უწოდებს.

ამანათი თავისით იხსნება და იქიდან... თქვენ წარმოიდგინეთ, ინდაური! კი, აშკარად ინდაური, თანაც გაღიმებული...
ბაბალე – ინდაური?!
თოვლის პაპა – მგონი ინდაურია, კი...
უცნაური სუბიექტი – ინდიკოო...
თოვლის პაპა – ბატონო?!
ინდიკო – შეგიძლიათ, ინდიკოო დამიძახოთ, შინაურულად...
ბაბალე – ღმერთო, ნუ შემშლი... სილამაზის სალონი როა, ინდიკო, ის რაა თქვენი... უი, მაპატიეთ, სილამაზის სალონი რა უნდა იყოს; თქვენ მეპატრონე ბრძანდებით?
ინდიკო – დიახ, ვარ! მეპატრონე... ასე ვთქვათ, საკონტროლო პაკეტის 51% ვფლობ, მართვის უფლებით...
ბაბალე – სასიამოვნოა...
ინდიკო (გარემოთ ათვალიერებს) – სასიამოვნო იქნება, გენაცვალე, აბა, რა იქნება, ჩემისთანა ციდან მოვლენილი საჩუქარი ამ ბნელ, ჩამორჩენილ, არქაულ გარემოში...
თოვლის პაპა – არქაული, ბავშვებო, ძველს ნიშნავს... ძალიან ძველს, მაგრამ... (ინდიკოს გახედავს) რა უფლებით მილანძღავს ოჯახს, ეს...
ინდიკო (გარემოს ათვალიერებს) – რომელ საუკუნეში ცხოვრობთ, თქვე გაჭირებულებო!... რა დიზაინია, რა გამჭვარტლული სინამდვილე, ასე ვთქვათ... არა, არა, აქაურობა უნდა შევცვალო...
ბაბალე (თოვლის პაპას) – აი, რას გეუბნებოდი... )ინდიკოს) თქვენ დიზაინერიც ბრძანდებით?
ინდიკო – კი... ვარ, ასე ვთქვათ! საქვეყნოდ ცნობილი დიზაინერი ვარ მე! და საერთოდ, მე ყველაფერი ვარ... ძალიან იოლად ვეუფლები ყველა პროფესიას, თქვენ წარმოიდგინეთ... აი, ასეთი ვარ მე, ინდიკოო... ციდან მოვლენილი საჩუქარი!
თოვლის პაპა – რა საინტერესო ინდაური ყოფილხარ...
ინდიკო – ირონიას ვგრძნობ, მაგრამ ჩვენ ირონიით ვერ შეგვაშინებთ! ჩვენ დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები უნდა ვაკეთოთ...
თოვლის პაპა – ვინ, - თქვენ?!
ინდიკო – ჩვენს როცა ვამბობ, ვგულისხმობ – მეს, მაგრამ ვამბობ ჩვენს, რადგან ვარ უაღრესად თავმდაბალი... (მობილურის ზარი) უკაცრავად... (მობილურზე ლაპარაკობს) ჰო! ჩამოვფრინდი!.. მაგრამ, რომ იცოდე, სად ჩამოვფრინდი... ჯორკოებია ისეთი, კურტუმო გაგიქვავდება, ასე ვთქვათ... კედელზე წითელი წიწაკების აცმა და ეს ნივრები... ნივრები... მოკლედ, ჩემი ხელი აკლია აქაურობას... ბიზნესგეგმა უკვე შევადგინე... შევცვლით, ყველაფერს შევცვლით, და ისე შევცვლით, რომ დასის ფანტასტიშ იქნება, ერთი სიტყვით... (მობილურს შეინახავს).
თოვლის პაპა – ეგ ვინ იყო, თუ უკაცრავად არ ვიყო, ჰა?!
ინდიკო – მეგობარია ჩემი, ერთობლივ პროექტში მივიღეთ გრანტი.
თოვლის პაპა – ააა?! და მეგობარიც ინდაურია?
ინდიკო – არა, ბატონო, მეგობარი ბატია, თეოფილე...
თოვლის პაპა – აჰა, ბატიღა გვაკლდა...
ბაბალე – მოუსმინე, ადამიანო, იქნებ რას გვეუბნება!...
თოვლის პაპა – ვის მოვუსმინო, ქალო ვის, ინდაურს?!
ინდიკო – ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფის გარეშე ვიკონტაქტოთ, ასე ვთქვათ.
ბაბალე (პარიკს ჩამოიცვამს) – დედა, რა მოსწრებული სიტყვა მოიხმო, - ვიკონტაქტოთო...
ინდიკო (ბაბალეს მიაცქერდება) – ახ, შარმან!
ბაბალე – დედა, დედა, განათლებულიცაა...
ინდიკო – ბონჟურ, მადამ! ვარ განათლებული! კი – გეთანხმებით – ძალიან განათლებული ვარ მე, ენები ვიცი ბევრი.
თოვლის პაპა – განათლებული კი არა, შენ ხარ ერთი უტვინო, გაფხორილი ინდაური...
ინდიკო – ბიბილო! ბიბილო! ბიბილო არ ამახიო!
თოვლის პაპა (სკამზე დასვამს ინდიკოს) – აქ დამელოდე, ვაჟბატონო, მოგივლი მე შენ! (ბაბალეს) ახლა შენი ჯერია, ქალბატონო! მოიხადე პარიკი!
ბაბალე – დედა, დედა, როგორ იქცევი უცხოსთან, რას იფიქრებს...
თოვლის პაპა – არ მაინტერესებს მე, რას იფიქრებს ინდაური... (ოთახიდან გაჰყავს).
ბაბალე – უიმე, უკაცრავად, ბატონო ინდიკო, იცის ხოლმე ასე – ფიცხია ძალიან...
თოვლის პაპა – წამობრძანდი აქეთ, ფიცხს განახებთ მე თქვენ... (გადიან)
ინდიკო (უკმაყოფილოდ იფხორება) – და თოვლის პაპა ქვია ამას?! დიქტატორი ეს... უზრდელი... არაცივილური ეს... ძირს თოვლის პაპების დიქტატურა! გაუმარჯოს რეფორმატორ ინდაურებს!!! )ხურჯინს შენიშნავს) ჰმ... ხურჯინი! რაა ამ ხურჯინში... (ჩაიხედავს) ასეც ვიცოდი, ფოჩიანი კამფეტები! (ერთს ამოიღებს, შეჭამს) საბრალო ბავშვი, ასე ხომ კბილებს გაიფუჭებს! ამას არ გვასწავლიდნენ ჩვენ იქ! ბავშვთან უნდა მიხვიდე, ფოჩიანი კამფეტი თავად მიირთვა, ბავშვი კი უნდა დაარიგო: ბავშვო, გაუფრთხილდი კარიესს, ბავშვო, დაე, მე გამიფუჭდეს კარიესი, მე დავდებ თავს შენი გულისთვის, ბავშვო, შენ კი დააფასე ჩემი თავდადება და მუდამ გახსოვდე!... არა, არა, მე უნდა გავხდე თოვლის პაპა, მე უნდა ავიღო ხელში ძალაუფლება! მე უნდა დავუმტკიცო კაცობრიობას, რას ნიშნავს ჭეშმარიტი რეფორმატორობა! წინ თოვლის პაპა ინდიკო, შენ დიდი საქმეები გელის!!! (ხურჯინს მოიკიდებს, სცენიდან გავა)
შემოვლენ თოვლის პაპა და ბაბალე
თოვლის პაპა – სადაა ეს ინდაური?! ხურჯინი... ჩემი ხურჯინი... ვინ დაურიგებს პაწიებს საჩუქრებს... მოიპარა იმ....
ბაბალე – ხურჯინი მოიპარაო... ვაი! (გული მისდის)

სურათი მეოთხე: აქა ამბავი იმისა, თუ როგორ ცდილობდნენ ნაპოლიციარი მგელი და მაცდური მელია კუდიგრძელია, კომბლეს ცხვრის შეცდენას.

ბაგაში დამწყვდეული ცხვარი ჯიბის სარკეში იპრანჭება.
ცხვარი – მეე ძალიან ჭკვიანი და ლამაზი ცხვარი ვარ; მეე კომბლეს ცხვრებს შორის გამორჩეული ცხვარი ვარ; მეე კომბლემ მითხრა, შენზე ჭკვიანი და ლამაზი ცხვარი ჯერ მეე არ მინახავსო; მეე...
შორიდან ხმა მოატანს: - მეე...
ცხვარი (გაკვირვებული) – მეე?!
გამოჩნდება მგელი.
მგელი – მეე...
ცხვარი (შეშინებული) – მეე ასეთი ბოხი მეეის მეეშინია... (შეიმალება)
მგელი (სასოწარკვეთილი ხმით) – მეე...გობაროუ! ჩეემო მეე-გობაროუ! გამობრძანებულიყავი გარეთ, ჩვენს უუმშვენიერეს, უუღრანეს, უუდაბურულეს ტყეში სასეირნოდ; იიქ, მეე-გოუბაროუ! მეე და შენ, ისე... უუ...უუ... როგორ მშიააუ! მეე მშიააუ! კომბლემ საპატრულოდან დამითხოვა და მეე კომბლეს ცხვარი მშიააუ!!!
გამოჩნდება მელია კუდი გრძელია
მელა – რა მუცლის გვრემა აგიტყდა; ბარემ ისიც უთხარი, რომ შეჭმას უპირებ!
მგელი – აახ, მაცდურო მელია კუდი გრძელია, როგორი შეურაცხყოფილი ვარ, როგორი გალახული კომბლესგან, როგორი მშიერი, როგორი დანატრებული სითბოს და ალერსს... (ხელს წაატანს)
მელა (თავს ინთავისუფლებს) – დამანებე, კაცო, თავი! უჰ... ნახა დრო – ახალი წელი კარს მოგვდგომია, შენ კი ერთი გაუბედურებული ბეღურაც ვერ მოგინადირებია...
მგელი – ეეჰ, იყო დროო, შენც გახსოვს...
მელა (ნიშნისმოგებით) – იყო, მახსოვს, მაგრამ იყო და აღარ არის!...
მგელი – აღარ გიყვარვარ, არა, მაცდურო? მაშინ ხომ კარგად მინაბავდი თვალებს...
მელა – მაშინ მაშინ იყო...
მგელი – შეგჭამ ახლა, გადაგყლაპავ, შე მოღალატე...
მელა – შეგჭამ და შეგჭამ, გადაგყლაპავ და შეგსანსლავ, სულ ეს გაკერია პირზე... ჩვენ, მტაცებლებმა რომ არ ვჭამოთ ერთმანეთი, ცხვარი დაილია ქვეყანაზე?
მგელი – არ გამოდის და...
მელა – მე გამოვიყვან... მხოლოდ წადი, აქაურობას გაეცალე, იქით იყმუვლე სადმე...
მგელი – მერე შენ თუ გამოიტყუე, შენვე მიირთმევ და მე რა?!
მელა – არ გეკადრება?! ასე მიცნობ?!
მგელი – კი, ასე გიცნობ – სწორედაც...
მელა – გრცხვენოდეს... წილში ხარ, გეფიცები!.. “პოლნი” წილში... მე თანამედროვე მეთოდებით ვმუშაობ, შენი ყმუილი ხელს მიშლის... (დასაკეც კომპიუტერს აჩვენებს) აი!
მგელი – ეს რაა?
მელა – კომპიუტერი, ინტერნეტი არ გაგიგია? ოდნოკლასნიკი რუ-ში შევალ და მერე მე ვიცი... წადი ახლა, წადი... მერე მოდი, მერე!...
მგელი – უუუ! როგორ შეიცვალა დროუ! არც ინგლისური ვიცი, არც კომპიუტერი, გამომაძევეს საპატრულოდან და ახლა მშიააუ! ძალიან მშიააუ! (თვალს ეფარება).
მელა (პაუზის შემდეგ) – მართლა იდიოტი ეს!... (კომპიუტერს ჩართავს) ესეც ესე – ოდნოკლასნიკი-რუ... შევედით – მელია კუდი გრძელია ეძებს უსაყვარლეს დაქალს, ცხვარუკას (ვიღაც შენიშნავს) ვაი... თოვლის პაპა?! კი, ხურჯინით... ნუთუ ახალი წელი დადგა?! არ დამინახოს კომბლეს ცხვართან; მოწმე არ გვჭირდება – ვითომ შემთხვევით მოვხვდი აქ, ვითომ... (კომპიუტერს აკეცავს, კუდს მკლავზე გადაიდებს, ჯერ უდარდელი ნაბიჯით გაივლის, შემდეგ მოცოცხავს).

სურათი მეხუთე: აქა ამბავი იმისა, რომ ინდიკო აქადაგდა, მაგრამ ინდაურის აქადაგება რას გასჭრიდა, ცხვარი რომ მართლა ცხვარი არ ყოფილიყო, ის სულელი, ისა...

გამოჩნდება ცხვარი.
ცხვარი (შეშინებული) – მეე ძალიან მაშინებს ტყის ხმები... მეე კომბლემ გამაფრთხილა, ბეეევრი მტეერი გყაავსო...
გამოჩნდება ინდიკო. ერთმანეთს მიაცქერდებიან.
ინდიკო – ეს რა ცხოველი შემომცქერის...
ცხვარი – მ ეეე.
ინდიკო – ვაი...
ცხვარი – მეე...
ინდიკო (ძალიან დამფრთხალი) – ვინ ხარ?!
ცხვარი – მეე – კომბლეს ცხვაარი...
ინდიკო (გამოყოჩაღდება) – აჰ, ცხვარი,! კომბლე ეს ის როა, არა?! სხვენში რო აწყობს კომბლებს... ო, მაინ გოთ!
ცხვარი – მეე არ მეესმის, თქვენ ვინ ხართ?!
ინდიკო – თოვლის პაპა ვარ მე, ინდიკო! ციდან მოვლენილი საჩუქარი თქვენისთანა ბნელებისთვის, ასე ვთქვათ...
ცხვარი – მეე ცხვარი კი ვარ, მაგრამ არც ისეთი სულელი ცხვარი, მეე მინახავს თოვლის პაპა...
ინდიკო – ჰმ... უნახავს! რა გინახავს რა?! ის ძველი თოვლის პაპა იყო და ძველ დროში დარჩა, მე ახალი თოვლის პაპა ვარ და ახალი დრო მომაქვს! მე ვარ რეფორმატორი რეფორმატორთა შორის! მე თქვენთვის ცხოვრების ახალი სტილი მომაქვს; აი, შენ, მაგალითად, ცხვარო, რას გავხარ?!
ცხვარი – მეე?! მგონი, ცხვარს...
ინდიკო – მერედა ვის აინტერესებს ჩვენს დროში, თუკი ცხვარი ცხვარს გავს? ეს ნონსენსია; ესაა რეტროგრადული მიდგომა საკითხთან! ეს სიმახინჯ;სიმახინჯეა, ბოლოს და ბოლოს!
ცხვარი – მეე ასეთი მახინჯი ვარ?!
ინდიკო – ხარ! დიახაც, ხარ! და იმიტომაც ხარ მახინჯი, რომ ცხვარი ცხვარს გავხარ!
ცხვარი – მეე... ვაი-მეე!
ინდიკო – შემომიშვი ერთი, კარგად შეგათვალიერო – (ბაგაში შევა) ჰმ... მატყლში გახვეულა... მაგრამ არაუშავს... მე საუკეთესო სტილისტიც ვარ და შენ დაგამსგავსებ... (მხატვრის თვალით უცქერს) პალმას!
ცხვარი – მეე – პალმას?!
ინდიკო – დიახ, პალმას... ხეა ასეთი, სუბტროპიკებში და ტროპიკებში ხარობს... გენიოსი ვარ, დედას გეფიცებით, რა... ჩვენ აქედან გავემგზავრებით სილამაზის სალონ ინდიკოოში... შემდეგ კი რომელიმე ფეშენ ფართზე – მიბოძეთ თქვენი პირადი კომპიუტერი...
ცხვარი – მეე – არ მაქვს...
ინდიკო – ახლა გადავირევი... აბა, ვისა აქვს, - კომბლეს?
(დარცხვენილი ცხვარი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად)
ინდიკო – ესაა ხომ?! ასეც ვიცოდი... ტელევიზორზე ძველია... ეჰ, ჩემი დამრჩა, თორემ... (კომპიუტერზე აათამაშებს თითებს) არაუშავს, ბნელო აწმყოვ, მე შენ ნათელ მომავლად გაქცევ!... კი, არის... აგე, ნაცარქექია, ჩემი ბიზნესპარტნიორი აწყობს თურმე ფეშენ ფართს... იქ ვესტუმრებით... ოჰ, შენს სახელზე წერილია... ჩემს დაქალ ცხვარუკას მელია კუდი გრძელიასგან...
ცხვარი – მეე კომბლემ მითხრა, მტაცებლებს უნდა მოერიდო...
ინდიკო – კომბლე და კომბლე, მუდამ ეს ვიღაც კომბლე მესმის შენგან, გამაგებინე, გოგო, სრულწლოვანი არ ხარ?
ცხვარი – მეე მგონი, კიი...
ინდიკო – მერე?! ეს ხომ უფლებების და თავისუფლებების ხელყოფაა! გჩაგრავენ! უმოწყალოდ მანიპულირებენ შენი პირადი ცხოვრებით და შენი პირადი ცხოვრებით უმოწყალოდ მანიპულირებენ!
ცხვარი – მეე ასეთი სიტყვა არ ვიცი!
ინდიკო – სამაგიეროდ მე ვიცი! მე და ჩემმა მეგობარმა, ბატმა თეოფილემ ვიცით, რადგან გრანტი მოვიპოვეთ და განსწავლულები ვართ ერთობ და ვიღვწით და...
ცხვარი – მეე... მოვდივარ!
ინდიკო – აი, ყოჩაღ! ახლა შენ თავისუფლებისკენ გადადგი პირველი ნაბიჯი... გთხოვთ! (კარს შეუღებს) გთხოვთ! თქვენ გელით ახალი ცხოვრება! აი, ისიც, ფეშენფართებისა და ფეშენ შოუების გაბრწყინებული სამყარო, ის თქვენ გელით, მენდეთ!
ცხვარი (გზად) – მეე ერთხელ კომბლემ მითხრა, - შეე მართლა ცხვაროო!..
ინდიკო – ეს აღმაშფოთებელია!
ცხვარი (გზად) – მეე კომბლე სასეირნოდ არ მიშვებდა.
ინდიკო (გწად) – მოვეშვათ კომბლეს... კომბლე წარსულში დავტოვოთ... წინ, მხოლოდ წინ, სილამაზის სალონისკენ...

სცენიდან გავლენ თუ არა, კომბლე გამოჩნდება.

კომბლე – აი, მეც დავბრუნდი! ჰა?! ცხვარი! ჩემი სულელი ცხვარი! ხომ გაფრთხილებდი, ახლა სად გეძებო?! ეეჰ, ისევ სხვენში, ისევ კომბალი, ისევ ტყე-ტყე ხეტიალი და ამ სულელის ძებნა... ჩემი ხვედრიც ეგ ყოფილა!.. (საიდანღაც კომბალს გამოაძრობს, მხარზე გადაიდებს, ნაჩქარევი ნაბიჯით დატოვებს სცენას).

სურათი მეექვსე: აქა ამბავი ნაცარქექიას მიერ დადგმული ფეშენფართისა, სადაც პოდიუმზე ერთობ განაზებული დევი გამოდის...

გამოჩნდება ნაცარქექია.
ნაცარქექია – ერთი-ორი, ერთი-ორი, ერთი-ორი-სამი! (მიიხედავს) სად ხარ, დევო?!
სცენის სიღრმიდან დევი გამორგავს თავს.
დევი – ნაცარქექია, იქნებ არ ღირს, ჰა?!
ნაცარქექია – აბა, კარგად დაფიქრდი, რას მეუბნები? ამხელა ბიზნესი წამომიწყია, ამხელა საქმეს შევჭიდებივარ, ინვესტიცია მოვიზიდე და ახლა მღალატობ?! ხომ უნდა ვაჩვენოთ ინვესტორს, რომ წესიერი პარტნიორები ვართ!
დევი – ჰო, მაგრამ რას იტყოდა ამაზე მამაჩემი, ნაცარქექია! რას იტყოდა პაპაჩემი, პაპაჩემის მამა, გენერალთ-გენერალი დევიკაური რაღას იტყოდა!..
ნაცარქექია – რას და, აფერუმ შენს კაცობასო, - ასე შეგაქებდნენ!
დევი – ვითომ? მაშინ, თუ ასეთი კარგია, შენ რატომ არ ჩაიცვამ იმას, რაც მე მაცვია ახლა?..
ნაცარქექია – ბუჯო, შენი კომპლექცია რომ მქონდეს, გგონია დამასწრებდი?! თანაც რას მედრები, რო მედრები, რიყის ქვიდან წვენი გამომიწურია, პარაშოკიდან ღვინო მიკეთებია...
დევი – კაი, კაი, მაგრამ... (ჭოჭმანობს).
ნაცარქექია – გამოდი ერთი, მეჩვენე!
დევი – მრცხვენია!
ნაცარქექია – ბუჯო, ჩემი გრცხვენია, ბუჯო!
დევი - კი!
ნაცარქექია – გამოდი, სანამ მოვსულვარ!
დევი – გამოვედი, ჰა!
(გამოჩნდება კიდეც, ძალიან ავარდისფერებულ-აცისფრებული სამოსით)
ნაცარქექია – უჰ, შენ რა გითხარი! ამას მიმალავდი?!
დევი – ჰა?! (სამოსზე იცქირება)
ნაცარქექია – ზღაპარი, ბუჯო! სასტაული!
დევი – ვითომ?
ნაცარქექია – იმ შენი კაი მამა-პაპის სული ნუ წამიწყდება, თვალს ვერ მოგწყვეტს ადამიანი!
დევი – ჰო, მარა, რას იტყოდა ამაზე მამაჩემი, პაპაჩემი რას იტყოდა, გენერალთ-გენერალ დევიკაურზე აღარაფერს ვამბობ... ის ხო...
ნაცარქექია – შეშურდებოდაო, ბუჯო! გაიარე ერთი, გაიარე!
დევი – ჰა, გავიარე... (გამოივლის)
ნაცარქექია – რას შობი?
დევი – დავდივარ...
ნაცარქექია – დაბაჯბაჯებ, კი არ დადიხარ... გავლა პოდიუმზე უნდა ცოტა იმნაირად – მაკვარანცხად ცოტა.
დევი – არ ვარ იმნაირი და...
ნაცარქექია – გაიარე გელაპარაკები მე შენ, თორემ გაგხდი იმნაირს... იცი შენ ჩემი ამბავი!
დევი – (შეძლებისდაგვარად გაინაზება) – ასე?!
ნაცარქექია – ო, ახლოს ხარ! ცოტა კიდე განაზდი... მეინდომე ცოტაც...
დევი – რას იტყოდა ამაზე... ვაი, ვიღაც მოდის... (გაიქცევა, დაიმალება)

გამოჩნდება ინდიკო.

სურათი მეშვიდე: აქა ამბავი იმისა, თუ რატომ და როგორ გაიღვიძა დევში დევმა.

ნაცარქექია – თვალს დავუჯერო? თვით ბატონი ინდიკოო, აქ, ჩვენთან?!
ინდიკო – გავიგე ფართს აწყობთ თურმე და აი, მეც აქ ვარ!
ნაცარქექია – უჰ, ვაწყობთ რომელია, ჩემო ბატონო, მაგრამ ძვირი კი დაგვიჯდა...
ინდიკო – ეგ არაფერი, მთავარია, განათლების სხივი შევიტანოთ ამ ბნელ, უსიერ ტყეში!
ნაცარქექია – მეც განათლებისთვის ვიღვწი, თორე პირადი ინტერესი აქ გამორიცხულია... ანგარიში წარმოგიდგინოთ?!
ინდიკო – მერე იყოს, ახლა კი ერთი სული მაქვს, სანამ ჩემს შედევრს განახებთ... ამ ვარცხნილობას მე დავარქვი ზებრა პალმასთან.
ნაცარქექია – რა საინტერესოა, რა ავანგარდული...
ინდიკო – აი, ისიც! ჩემი შედევრი! (ტაშს შემოჰკრავს)

გამოჩნდება კომბლეს ცხვარი ძალიან სასაცილო ვარცხნილობით.

ნაცარქექია (შეკრთება) – ოჰ, ბეჩა...
ინდიკო – ჰა, როგორია?
ნაცარქექია – ბრწყინვალე! შეუდარებელი! თუმცა კი, ვერ ვიცნობ, ვინაა?!
ინდიკო – ამაშია სწორედ საქმე, რომ ვერ ცნობთ... ეს მახარებს...
ცხვარი – მეე ვარ პაალმა, მეე ვარ ზეებრა... მეე ვარ...
ნაცარქექია – აჰ, ეს ცხვარია...
ცხვარი – მეე მეეგონა ვერ მიიცნობდნენ...
ინდიკო – დასახვეწია, ესე იგი, თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ.
ნაცარქექია – არა, ბატონო, მერწმუნეთ! ეს მართლაც შედევრია, ხმა რომ არ ამოეღო, ვერაფრით მივხვდებოდი – თქვენ შეუდარებელი ხართ, მაესტრო!
ინდიკო – ოჰ, კაი ერთი...
ნაცარქექია – გეფიცებით! სტილისტთა გურუ!!!
ინდიკო – უჰ, ბიბილოზე ალმურმა ამკრა...
ნაცარქექია – ეს იმდენად ახალი სიტყვაა, რომ სუნთქვა შემეკრა. აგერ ანგარიში და ხელი მომიწერეთ, თუ შეიძლება!
ინდიკო (ხელს მოაწერს) – რა სალაპარაკოა ანგარიში – ახლა კი თქვენი ნამუშევარიც ვნახოთ...
ნაცარქექია – სიქა გამაძრო ამ დევმა.. ისეთი მუუხეშავია, ისეთი ტლუ რამეა, რო...
ინდიკო – აბა, ვნახოთ დევი...
ნაცარქექია – დევი?! კი, ბატონო! აი, დევი!

გამოჩნდება ძალიან დარცხვენილი დევი.

ინდიკო – მდაა... არაუშავს... გაიაროს ერთი, აბა...
ნაცარქექია (დევს, მკაცრად) – ჰე, ახლა! მაკვარანცხად!..

დევი ცდილობს ნარნარად გაიაროს.

დევი (შეწუხებული სახით) – რას იტყოდა ამაზე მამაჩემი (ცხვარს შენიშნავს) ააა!
ცხვარი (ისიც შეშინებული) – ბეეე!... (ერთმანეთისგან პირს მიიქცევენ)
ინდიკო – ცოტა სინაზე კი აკლია, მაგრამ დავხვეწავთ... აბა, დევი თუ დევს გავს, ვის დააინტერესებს, მე თქვენ გეკითხებით?! ესთეტიურად ეს მიუღებელია...
ნაცარქექია – მეც მაგ ესთეტიურ მრწამსს ვიზიარებ... ახალ ინვესტიციაზე ხომ არ გიფიქრიათ, შემთხვევით?!
ინდიკო – კი, რა თქმა უნდა! აქაურობა უნდა გავანათოთ! გავაბრწყინოთ და გავაკაშკაშოთ უნდა აქაურობა! მოვიშოროთ მოყირჭებული ძველი და ვაშენოთ მხოლოდ ახალი, ისიც პასტელის ფერებში!
ნაცარქექია – თუ ამ დევით ვიმსჯელებთ, უკვე ვართ, მგონი, პასტელის ფერებში.
ინდიკო (დევს მიუახლოვდება) – დიახ, მაგრამ მე მაფიქრებს აი ეს კონცეპტუალური შტრიხი... თქვენ?
ნაცარქექია – კი, კი, მეც მაფიქრებს, ერთობ...
ინდიკო – ცოტა კიდე უფრო რომ გაგვენაზებინა?
ნაცარქექია – შესანიშნავი აზრია, მაგრამ როგორ?
ინდიკო (ბაფთას გაუკეთებს თავზე) – აი, ასე!
ნაცარქექია – გადასარევია! ბრწყინვალე! რას ნიშნაპვს მაინც მხატვრის თვალი...
ინდიკო (გამოხედავს ნაცარქექიას) - ... და კიდევ უფრო!
დევი – ნაცარქექია, უთხარი ამას, დამანებოს თავი!
ინდიკო (დევს) – ერთი წუთით, გეთაყვა! აი, ცხვირზეც რომ დაგვეპუდრა...
დევი – მე გამიფრთხილებიხართ...
ნაცარქექია (დევს) – არ გაბედო – (ინდიკოს) ცხვირზე? მგონი, არ ღირს.
ინდიკო – არა, აუცილებლად უნდა დავპუდროთ და რაც მთავარია, შარვალი!
ნაცარქექია – შარვალი! რა შარვალი?!
ინდიკო – მე მაწუხებს ამ დევის შარვალი – შარვალი უნდა მოვხსნათ დღის წესრიგიდან – დაე, ბიკინით გამოვიდეს პოდიუმზე! (დევს) აბა, გაიძრეთ შარვალი!
დევი – უუუ! ხომ გაგაფრთხილეთ, ამის კოხტაპრუწა დედა ვატირე, მე, ამის!!! (შეაჯანჯღარებს ინდიკოს).
ინდიკო – მიშველეთ, მკლავენ!!! გამაფრინე, გამაფრინე!!! (დევი ინდიკოს
მოისვრის სცენის ერთ კუთხეში, შემდეგ ცხვარს მისწვდება)
დევი – ეს მათხოჯი სხვა მხარეს გავაფრინოთ! აი, ასე!!!
ცხვარი – მეე კომბლეს ცხვაააა... ბეებე!... (სცენის სხვა კუთხეში აღმოჩნდება).
ნაცარქექია – ბუჯო, ინვესტორი დამიფრთხე, ბუჯო, ჩემი დედას გეფიცები
დევი (ნაცარქექიას მიაჩერდება) – ბუჯოს განახებ, ახლა მე შენ...
ნაცარქექია – ბუჯო, ახლა...
დევი – შენ მყავხარ მოსაკლავი...
ნაცარქექია – ვაიმე, დედა!!!
დევი – დაგიჭერ, აუცილებლად დაგიჭერ, შენი!!!
სცენიდან გარბიან. სცენა დაცარიელდება. ქარის ხმა მიატანს.

სურათი მერვე: აქა ამბავი, როგორ ეძებდნენ თოვლის პაპა და ბაბალე ხურჯინს, კომბლე თავის ცხვარს, ტყეში კი ისეთი ქარი ქროდაა... ქარაშოტი, პირდაპირ რომ ვხედავთ რა გაჭირვებით მოდიან თოვლის პაპა და ბაბალე ქარში.

თოვლის პაპა – ინდიკო! ინდაურო ინდიკო! დაგვიბრუნე ხურჯინი! სადაცაა ვთქვათ...
თორმეტი საათი ჩამოჰკრავს, ბავშვები საჩუქრების გარეშე დარჩებიან, ბავშვები არ გებრალება, ინდიკოო! (ერთ-ერთ ხესთან ჩაიკეცება)
ბაბალე – ჩემი ბრალია ყველაფერი! მაპატიე, შენ გენაცვალე, ამის შემდეგ მუდამ ბაბალე ვიქნები...
თოვლის პაპა – ეჰ, ჩემო ბაბალე, თუ ხურჯინი არ ვიპოვნეთ დროულად, ამის მერე აღარც შენ იქნები ბაბალე და აღარც მე – თოვლის პაპა! როგორ გავუსწორო თვალი პაწიებს... ხომ ჩემი ბრალი იქნება, რომ ახალ წელს საჩუქრების გარეშე დამირჩნენ... არა, არა, ამ შერცხვენას ვერ ავიტან...
ბაბალე – ჩემი სიკვდილი, ჩემი... ის გაოხრებული კიდე... თავი როგორ მოგვაჩვენა... ვითომ განათლებული, ვითომ ენების მცოდნე, სინამდვილეში კი ერთი უგულო, გაიძვერა ქურდი აღმოჩნდა.
თოვლის პაპა – რაცა ბრწყინავს ყველაფერი ოქრო როდიაო, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს... ახლა მიხვდი?!
ბაბალე – მივხვდი, შენი გულისამ, მივხვდი, მაგრამ საქმეს თუ ეშველება ამით!...
თოვლის პაპა – აბა, რა გითხრა... დრო ცოტა გვაქვს – ამიტომ არც ყინვას შევუშინდეთ, არც ქარაშოტს! პაწიების გულის გასახარად, აუცილებლად უნდა ვიპოვნოთ ხურჯინი, ბაბალე! (ვიღაცას შენიშნავს) კომბლეს ხედავ? კი, კომბლეა... კომბლე! კომბლე! კეთილო მწყემსო!!!

(გამოჩნდება კომბლე)

კომბლე – რა ხდება, თოვლის პაპავ, ამ ავდარში ტყეში რა გინდა?!
თოვლის პაპა – საახალწლო საჩუქრებით სავსე ხურჯინი მოგვპარა ინდაურმა ინდიკომ, იმას ლდავეძებთ...
კომბლე – ინდაურმაო?!
თოვლის პაპა – ჰო, ჩემო კომბლე, სწორედაც ინდაურმა, მაგრამ იმისთანა ინდაურმა, აქეთ რო გაგაინდაურებს... შენ რაღას დაეძებ ამ ტყე-ღრეში?
კომბლე – ცხვარი გამეპარა, ის სულელი! სანამ ნადირს გადაყრია, უნდა ვიპოვნო... თქვენ ხომ არ შეგხვედრიათ სადმე?
თოვლის პაპა – არა, იქით არც ინდაური გვინახავს, არც ცხვარი.
კომბლე – მაშ, მე აქეთ წავალ, თქვენ კი ის მხარე მოიარეთ, მერე შუაგულ ტყეში შევხვდეთ, დიდ მუხასთან...
თოვლის პაპა – ეგრე მოვიქცეთ! აბა, გული გავიმაგროთ და საქმეს მივხედოთ! აუუუ, ინდიკო! ინდაურო ინდიკოოო!
ბაბალე – დაგვიბრუნეთ ჩვენი ხურჯინი, ძალიან გთხოვთ, ბატონო ინდიკოო!
თოვლის პაპა – ნუ გადამრიე, ქალო, შენ მე! ქურდბაცაცას კიდე ბატონს ეძახი?
ბაბალე – ბოდიში, ბოდიში, წამომცდა...
კომბლე (შორიდან მოატანს მისი ხმა) – ცხვარუკაა! ცხვარო!!!
(თოვლის პაპა, ბაბალე და კომბლე სხვადასხვა მიმართულებით მიდიან, სცენას დასტოვებენ).

სურათი მეცხრე: აქა ამბავი იმისა, როგორ დააპირა მშიერმა მგელმა დევის დაჯარიმება მოძრაობის წესების დარღვევისთვის, მაგრამ ვერაფერს გახდა და ამით გაბოროტებულმა, როგორ გადაყლაპა კომბლეს ცხვარი.

ამ ხმას ახლა მშიერი მგლის ყმუილიც ქარაშოტის ხმა ჯერ არ წყდება, მეტიც, ერთვის. ჰოდა, გამოჩნდება კიდეც მგელი.

მგელი – უუუ, მშიაუუუ! ძალიან, ძალიან მშიაააუ! კომბლემ საპატრულოდან დამითხოვა და მას მერე სულ მშია და მწიააუუ! (მიმოიხედავს) უუუ! მცივააუუ! ძალიან, ძალიან მცივააუუ! ქარი ძლიერ უბერავს და მე კი მცივააუუ! (მიმოიხედავს) თითქოს ჩადგა ეს ქარი, მაგრამ რად გინდა... არც საკბილო, არც შემოსავალი, არც მელია კუდი გრძელიას ალერსი? საერთოდ, ღირს კი ასეთი სიცოცხლე ამ დაბურულ, უსიერ ტყეში, სადაც ერთ პატიოსან მგელის სარჩო ვერ უშოვნია? ეჰ, ბეჩაო ჩემო თავო, რა დრო გაქვს ნატარები და რას მოესწარ! ჰა? ეს რა ხმაა?! ვინ დაშლიგინებს, საინტერესოა – მოძრაობის წესებს არღვევენ?! მე თქვენ განახებთ.

(შემორბის ნაცარქექია)

ნაცარქექია – ვაიმე, დედიკო, მგელი!
მგელი – სდექ! (დაჭერას ლამობს) სდექ-მეთქი! (ვერ დაიჭერს) აუუ... (შემორბის დევი)
მგელი (ამას კი ჩაავლებს ხელს) – სდექ, მოძრაობის წესის დამრღვევო, სდექ!
დევი – გამიშვი, მივსდევ!
მგელი – მისდევ რა, შენი ნებაა?! მისდევს თურმე – ასე რომ ვსდიოთ ერთმანეთს, ნარგავებს არ მოვსპობთ? ეკოსისტემას არ გავაჩანაგებთ მე შენ გელაპარაკები?
დევი – და ვინ ხარ? რას მემართლები?!
მგელი – მე ვინ ვარ?! აი, ვინც ვარ? (საბუთს აჩვენებს) ვინ ვარ და პატრული! გაები მახეში შე ვაიმძღოლო, შენ!
დევი – ოოო, თუ პატრული ხარ, მაშინ...
მგელი – უუუ, ოო კი არა, ასეა შენი საქმე!.. ტყის კანონის 118 პრიმა მუხლის მეოთხე ქვეთავის შესაბამისად, ჯარიმა გაქვს გადასახდელი 220 ლარის ოდენობით... აქვე და სასწრაფოდ... ეს პირველი შემთხვევაა?
დევი – კი, გენერალთ-გენერალი დევიკაურის სულს გეფიცები...
მგელი – გენდობი მე შენ, სიტყვაზე გენდობი, აბა, აქვე... სასწრაფოდ... გავსწორდეთ აქვე...
დევი – ცოტა ისე არ გამოვა? ძმურში?! ახალი წელი მოდის, რაც არ უნდა იყოს...
მგელი – აუუ! ქრთამს მთავაზობს ეს უნამუსო... მე და ქრთამი? მეე! ტყის ბიუჯეტი მაქვს შესავსები, შე...
დევი – კაი, კაი, რაკი ბიუჯეტია შესავსები...
მგელი – კი, ძალიან შესავსებია... (ლამის ჯიბეში ჩაუძვრეს)

(გამოჩნდება ნაცარქექია)

ნაცარქექია – რას შვრები, ამას აძლევ ფულს?!
დევი – ჯარიმააო და...
ნაცარქექია – რაის ჯარიმა, ბუჯო? (მგელს) მანახე საბუთი!
მგელი – აი, საბუთი! ტყის საპატრულოს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის მთავარი მოადგილე... აი!
ნაცარქექია – ვადაგასულია, ვერ შეხედე! გატყუებდა, ბუჯო!
დევი (მგელს გამოხედავს) – ეს მატყუებდა?! აი, თუ მატყუებდა?!
მგელი (დევის მუშტი მოხვდა;) – აუუუ! (სცენაზე დაეცა).
ნაცარქექია (დევს) – აბა, მეგობარი შენ არ იცი და მოკეთე! რის გამო დამდევ, გეკითხები! კარგი რო მინდა შენთვის, იმიტომ?!
დევი – მაპატიე, თუ ძმა ხარ!
ნაცარქექია – მე კი ვარ ძმა, მაგრამ შენ თუ ხარ ძმა... ამომიჯდა გული ამდენი სირბილით...
დევი – თუ მაპატიებ, ზურგზე შეგისვამ...
ნაცარქექია – ჯანდაბას შენი თავი! მოდი! ასე! (ზურგზე შეახტება)
დევი – ოღონდ კეფაზე არაფერი დამაჭირო!
ნაცარქექია – მიდი ახლა, მიდი, აცე!
დევი – აცეს ნუ მეუბნები, ვირი არ ვარ, დევი ვარ!
ნაცარქექია – აცეთქვა!
დევი – ეჰ, რას იტყოდა ამაზე მამაჩემი, პაპაჩემი რას იტყოდა, რას იტყოდა ბოლოს და ბოლოს პაპაჩემის მამა, გენერალთ-გენერალი დევიკაური...
ნაცარქექია – ბევრს ნუ ლაპარაკობ, თუ ძმა ხარ, იმათაც ჰყავდათ თავისი ნაცარქექია...
დევი – მართლა ჰყავდათ? შენ რა იცი?
ნაცარქექია – ვიცი, ვიცი, აცე!
(სცენიდან გავლენ თუ არა, მგელი აყმუვლდება)

მგელი – აუუ! როდემდე ავიტანო ეს დამცირება, უუუ! (წამოდგება, თოკს გამონასკვავს ტოტზე) სიკვდილი არ არ სჯობს ასეთ მათხოვრულ ყოფააუუს! (ყულფში გაჰყოფს თავს) მომიგონებდეთ ტყეში უსახელოდ დაკარგულ მგელსაუუ!
(და ჰოი, განგებაო შეუცნობელო, სწორედ ახლა გამოჩნდა კომბლეს გზააბნეული ცხვარი, რომელიც მოდიოდა, მოპეტელობდა და შიშით შეპყრობილი საკუთარ მატყლს იძრობდა ღერა-ღერა... მგელი ყულფიდან თავს გამოყოფს, თვალებს დაიკვესებს
ცხვარი – მეე კომბლესთან მინდა! მეე სრულებით უცხო ვარ ამ დაბურული ტყისთვის! მეე ცხვარი ვარ და ცხვაარს უნდა ვგაავდე! მეე კომბლესთან მიინდა!
მგელი – ეს ვინ გვესტუმრაუუუ! ვინ მოპეტელობს ეგზომ საამურ ხმითა, ჰა?!
ცხვარი – მეე კომბლეს ცხვაარი ვარ, მეე არაფერი არ უნდა დამიიშაოთ, თორემ მეე მეეტკინება...
მგელი – უიმე, უიმე, შენ შემოგევლე! თავფეხიანად შენს მხარესა ვარ, კომბლესაც დიდ პატივსა ვცემ, მაგრამ ტყის კანონს როგორ გადავუხვიო? გახსოვს, წყალი რომ ამიმღვრიე?
ცხვარი - მეე წყალს როგორ აგიმღვრევდით, როცა თქვენ მააღლა იიყავით, მეე – დააბლა...
მგელი – აჰ, ნუთუ შევცდი! უკაცრავად, დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი საკითხიცაა გასარკვევი... მატყლს რატომ იპუტავ, გენაცვალე, ჰაა?!
ცხვარი – მეე როცა მეშინია, მაშინ ვიპუტავ მაატყლს...
მგელი – ამაშია საქმე! და იცი კი, რომ შენი შიშის გამო, მატყლის ჩაბარების პროგრამა ჩაგვიფლავდა ტყეში ! ამიტომაც, ტყის კანონის 125 პრიმა მუხლის პირველი ქვეთავის საფუძველზე, შენ მოგესაჯა გადაყლაპვა!
-მეე, - ერთხელაც დაიპეტელა იმ უბედურმა და მგლის მუცელში აღმოჩნდა.
მგელი (ხანმოკლე, ნებიერი პაუზის შემდეგ) – ახლა კი, ძვირფასო მეგობრებო, მელია კუდი გრძელიასთან სიამტკბილობაღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის – სიცოცხლეს გაუმარჯოს, სიცოცხლე კარგიაუუუ!!!
(კმაყოფილი მგელი სცენას დატოვებს).

სურათი მეათე: აქა ამბავი, როგორ შეიტყუა მელია კუდიგრძელიამ ინდაური თავის სოროში და საბოლოოდ როგორ აღმოჩნდა ჩვენი ინდიკო მგლის მუცელში...
გამოჩნდება ინდიკო, რომელიც მობილურზე ლაპარაკობს.

ინდიკო – ალო, თეოფილე, ალო, ალო, თეოფილე, რა ცუდად ისმის! დავიკარგე, კაცხო! აბა! რატომ დავიკარგე და, მომისროლდა შუაგულ ტყეში ამ მუტრკუმა დევმა და მიტო დავიკარგე! ალო, ხმა გამეცი! ჰო, საჭმელი მაქვს, კი, მთელი ხურჯინი ფოჩიანი კამფეტები, მაგრამ ტყიდან ვერ გამოვსულვარ! ალო, ალო, შენც დაიკარგე?! (მობილურს დახედავს, შემდეგ შეინახავს) ესე იგი, სად ვარ თუ ხვდებით?! არც მობილური იჭერს, არც ფეშენფართები და ფეშენშოუები, შენ ხარ ჩემი ბატონი, არც კომპიუტერი და ინტერნეტი, არც არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები... ტყეა რა, ნამდვილი ტყე, ცივილიზაციის არავითარი ნიშან-წყალი, ვის ავუხსნა აქ, თუ რას ნიშნავს ცხოვრების ახალი სტილი!

გამოჩნდება მელია კუდიგრძელია

მელია – მე, მე, მე უნდა ამიხსნათ თუ რას ნიშნავს ცხოვრების ახალი სტილი...
ინდიკო – ჰა, ეს ვინ სულიერია? მელას გავს?!
მელა – მე – მელას?! რას ბრძანებთ, იმიჯი შევიქმენი ასეთი, თორემ სინამდვილეში დედალი ინდაური ვარ...
ინდიკო – დედალი ინდაურიო... დახე, დახე!.. ძალიან კარგად უმუშავია თქვენს სტილისტს...
მელა – კი, მაგრამ რად გინდა, შეჭამეს, ბატონო! ტყის ამბავი არ მოგეხსენებათ?
ინდიკო – რა სიმხეცეა...
მელა – აბა, აბა! და საერთოდ, უნდა გამცნოთ, რომ მე ამ ტყის მკაცრი კანონებით სული მეხუთება, მე მინდა, სადმე იქით, თავისუფალ სივრცეში მოხვედრა, მე, პრაქტიკულად, მსხვერპლი ვარ, შეიძლება ითქვას...
ინდიკო – და სად არიან არასამთავრობოები! რას მიკეთებენ?!,
მელა – რომელი არასამთავრობოები, ტყეში ვართ-მეთქი, ტყეში, სრულიად მარტონი... (კაბას წამოიწევს).
ინდიკო – ახ, შარმან...
მელა (თვალს მოიცრემლავს) – მე თქვე ისე გელოდით, ისე ძალიან გელოდით... და აი, გამოჩნდით კიდეც, ამ საახალწლოდ...
ინდიკო – და რატომ მელოდით, საინტერესოა?
მელა – იცით, მონსენიორ... თქვენი სახელი?
ინდიკო – ინდიკოო...
მელა – მონსენიორ ინდიკოო, ამ ბნელ, უსიერ ტყაში ისეთი დაბურული აზროვნებაა, ისეთი დაბურული, ისეთი, ისეთი, რომ ენა ვერ იტყვის...
ინდიკო – მერე მე რისთვის ვარ! თუ დაბურული აზროვნებაა, ავხსნათ აზროვნების კარიბჭე!...
მელა (კაბას წამოიწევს) – ავხსნათ?!
ინდიკო (მიაცქერდება, გააჟრიალებს) – ბარლბარლ... კი, კი, ავხსნათ... აააუცილებლად ავხსნათ...
მელა (კიდე წამოიწევს კაბას) – როგორ, კიდე ავხსნათ?
ინჟიკო – თუთუთუთუ შეშეშეიძლება, კი, კი, კი, კოკოკო!
მელა – დანარჩენი ჩემთან ავხსნათ, მონსენიორ, აქვე, დიდ მუხასთან, ჩემს სოროში...
ინდიკო – სოსოსოსროროსისი....
მელა – სოროსი – არა, სოროში, სოროში...
ინდიკო – სისისი, სოსოროოსისი...
მელა – ნუ, იყოს სოროსი, როგორც გესიამოვნებათ, მონსენიორ ინდიკოო, ისე იყოს, თქვენ ხომ ჩემისთანა მსხვერპლისთვის ციდან მოვლენილი საჩუქარი ხართ...
ინდიკო – დახე, დახე, სწორედაც! მაგრამ რატომ ჩამოუშვით აზროვნების კარიბჭე... ავავხსნათ, ისევ ავხსნათ...
მელა (ჩამოშვებულ კაბას ისევ წამოიწევს) – ასე?!
ინდიკო – ჰოოოო... (მიუახლოვდება, წელზე შემოხვევს ხელს) დასდასდას ის ფანტასტიშ, ერთი სიტყვით...
მელა – დას ის ფანტასტიშ ჩემთან იქნება, გპირდები!

გამოჩნდება მგელი.

მგელი – სასიამტკბილოდ მიეშურებით, ქალბატონო მელია კუდიგრძელიათ?
ინდიკო (ძალიან შეშინებული) – აკიაკიაკი ინდაურიო, დედალიო... ქმარია? (მელა ტუჩებს იკვნეტს) ამაამაამას რა უნდა, ჰა?!
მელა – სიკვდილი და არგადარჩენა უნდა ამას... (მგელს მიუტრიალდება) რა გინდა შენ, რა! მე და ჩემი კოლეგა ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას ვაყალიბებთ, “ტყის მცველთა კავშირი” ჰქვია, საქმიანი საუბრის უფლებაც არ მაქვს?!
მგელი – აჰა?! აკი დას ის ფანტასტიშო... შემომესმა?!
მელა – და რა არის მერე ვითომ ეს დას ის ფანტასტიშ, რა. მარტო ის არი ს, მე და შენ რომ ვიცით, გარყვნილო შენ, ლუდის რეკლამა გადის აგერ ტელევიზიით, მშვენიერი, კულტურული კაცი აქებს ლუდს – დას ის ფანტასტიშო! რა, არა?!
ინდიკო (ამასობაში გონს მოვიდა) – ერთი წუთით, თუ შეიძლება!
მგელი – ვა? ხმა ამოიდგა, აი...
მელა – გაჩერდი, ბიჭო, შენ...
ინდიკო – არავითარ შემთხვევაში! უნდა გამოვტყდე, თავიდან შემეშინდა, ვინაიდან ვიფიქრე ქმარია-მეთქი, მაგრამ როგორც საქმის ვითარებიდან ირკვევა, ეს ქალბატონი თავისუფალია, ასე ვთქვათ: და მე უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ, ვაჟბატონო ინდაურო, რომელსაც ერთობ გაწაფულმა სტილისტმა მგლის იერი მოგანიჭათ, ძალიან არღვევთ პიროვნების უფლებებსა და ფუნდამენტალურ თავისუფლებებს, ასე ვთქვათ, და მე ასევე...
მელა – მართლა მგელია, შე ინდაურო, მგელი...
ინდიკო – რის მგელი, რა მგელი, ახლა მე ამას ბიბილოზე ჩამოვქაჩავ და თავად დარწმუნდები... (მიუახლოვდება).
მგელი – აუუუუ!!!
ინდიკო – დედიკო, დედა! (გარბის, იატაკზე გაფორთხდება, კ??? უთრთის).
მგელი – აუუუუ!!!
მელა – დამშვიდდი, მე აგიხსნი.
მგელი (ხელს გაკრავს მელას) – გამეცა იქით! (ინდიკოს მიუახლოვდება) ტყის კანონის პირველი პრიმა მუხლის უპირველესი ქვეთავის საფუძველზე, მგლის შეურაცხყოფისთვის ამ ინდაურს მიესაჯა საჯარო გადაყლაპვა!
მგელი პირს დააღებს და, რა თქმა უნდა, ინდაურსაც მუცელში გადაუძახებს, შემდეგ მუცელზე ხელს დაიბარტყუნებს და ინდაურივით ამოიძახებს – ბარლბრლ...

მელა – ეს რა ქენი, შე უსინდისო, მთლიანად გადაყლაპე?! შენ გაგიხმა ეგ ამოუყორავი მუცელი, რაც მე ამაზე დრო გავაცდინე, მოხვედი და პირდაპირ, ასე, დაურიდებლად, უკითხავად...
მგელი (გამოხედავს) – ბეეე!
მელა – როგორ, კომბლეს ცხვარიც?! უი, შე მოსასპობო, შე ადრე და მალე დასამიწებელო, არ გაძღა ამის მუცელი, არა და არ გაძღა, მიწა ჭამე შენ, მიწა და ქვაღორღი...
მგელი – მიწის რა მოგახსეო, მაგრამ ტყის კანონის მეორე პრიმა მუხლის მეორე ქვეთავის საფუძველზე, შენ, მელია კუდიგრძელიავ, მგლის ღალატისთვის მოგესაჯა...
მელა – არ თქვა! არ თქვა! მიშველეეთ, მყლაპავენ! მიშველეეთ! (მგელი მელია კუდიგრძელიასკენ გადადგამს ნაბიჯს.)

სურათი მეთერთმეტე: აქა ამბავი იმისა, თუ როგორ შეიყარნენ დიდ მუხასთან ზღაპრის პერსონაჟები და რა რთული ყოფილა თურმე გადაყლაპულის გადმოყლაპვა...

გამოჩნდება კომბლე.

კომბლე – რა ვაი-უშველებელი და წიოკია!!!
მგელი – “ატას”, კომბლე!!! (გაქცევას ლამობს).

სცენის მეორე კუთხიდან თოვლის პაპა და ბაბალე გამოვლენ.

მგელი (სასოწარკვეთილი) – “ობლავა, ბრატცი”!!!
თოვლის პაპა (ფეხზე ძლივს დგას) – ჩქარა მითხარით ვინმემ, არ გინახავთ ჩემი ხურჯინი?!
მგელი – რისი ხურჯინიუუ! რომელი ხურჯინიუუ!!!
თოვლის პაპა – დავიღუპეთ, ბაბალე, გვიანდება!

გამოჩნდებიან დევი და მის ზურგზე მომჯდარი ნაცარქექია.

ნაცარქექია – აცე, დევო!
დევი – რას იტყოდა ამაზე მამაჩემი (მიმოიხედავს) რა თავყრილობაა?
ნაცარქექია (ჩამოხტება) – ეუჰ, რავარი საზოგადოება შეყრილა, ბუჯო, ღვინო ჩემი, პურ-მარილი თქვენი, მოსულა?!
თოვლის პაპა – რა მეპურმარილება, ბავშვები საჩუქრების გარეშე დამირჩნენ...
ბაბალე – ჯერ კიდევ არ ჩამოუკრავს თორმეტ საათს, იქნებ...
თოვლის პაპა – ეეჰ...
კომბლე (კომბლის ტარს დაჰკრავს სცენაზე) – ახლა მე მომისმინეთ!!!
მგელი – აუუ, დაიწყოუუუ!!!
კომბლე – ხმა! კრინტი!!!
მელა – დედა, დედა, რა ვაჟკაცია, ქართველი ზორო პირდაპირ... (კომბლეს მკაცრ მზერას დაიჭერს) უკაცრავად, ჩუმად ვარ...
კომბლე – ვატარებ საგამოძიებო-სამედიცინო ექსპერტიზას! დევო, დააღე პირი!
დევი – რატომ?
კომბლე – ჩქარა, თორემ მოვიდა კომბალი ფერდებში!
დევი – აჰა! (პირს დააღებს).
კომბლე – არა, ამის კბილებში ჩიჩია არ შეინიშნება... ნაცარქექია, კაი მაგარი აფერისტი ხარ შენ, პირი დააღე!
ნაცარქექია – აა, ბუჯო, ჩემი დედას გეფიცები... (პირს დააღებს)
კომბლე – არც ამას აქვს ჩიჩია... მელია კუდიგრძელია, ახლა შენ!
მელა (მგელზე ანიშნებს თვალით) – კი, ბატონო, მაგრამ იქ არ ეძებთ, სადაც საჭიროა...
კომბლე – დროზე!
მელა – ქვედა ოცდამესამე კბილი დასაპლომბი მაქვს და ამისთვის არ შემიზიზღოთ, კომბლე, რაა?! (პირს დააღებს).
კომბლე – არც ამას აქვს ჩიჩია... – მგელო, შენი ჯერია!
მგელი (იარაღს გააძრობს) – არ მომეკაროთ არავინ, დაგხოცავთ ყველას!
კომბლე (კომბალს მოსცხებს, იარაღსაც გააგდებინებს და სცენაზეც გაშოტავს) – მგონი, მივაგენით დამნაშავეს!
მელა – ნუ, რა ვთქვა, როგორ შევაქო ეს კომბლე! სიკეთისთვის მებრძოლი შვარცნეგერია ნამდვილად! კი, კი, ამან გადაყლაპა ცხვარიც და ინდაურიც თავის ხურჯინიანად, გასკდა ამის მუცელი, სად ჩასდის ამდენი!!!
თოვლის პაპა – ხურჯინიანადო, ხომ გაიგეთ! კომბლე, მირჩიე, რა ვქნათ!
კომბლე – რა და... მუცელი უნდა გავუჭრათ, სხვა გზას ვერ ვხედავ!
მგელი – ოპერაციაღა მაკლდა ამ საახალწლოდ! მაცალეთ, როგორც გადავყლაპე, ისე გადმოვყლაპავ!
კომბლე – მიდი, გადმოყლაპე!
მგელი (წამოდგება) – ოუჰ, როგორ უმოწყალოდ ჩაგრავს საბრალო მტაცებლებს ეს კომბლეეუუ!
კომბლე – ბავშვები საჩუქრებს ელიან, დროზე, თორე მოვიდა კომბალი!!!

მგელი ამოიხვნეშებს. ყველა მის ირგვლივ მოგროვდება და იწყება გადაყლაპულის გადმოყლაპვის რთული პროცედურა...

სურათი მეთორმეტე: აქ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ყველა ნამდვილი ზღაპრის ბოლო კეთილია, ჩემო გვრიტებო...

მგელი თვალებს დაქაჩავს, პირს დააღებს, მუცელზე თათებს შემოიჭერს, ამოიზმუვლებს და კომბლეს ცხვარს გადმოყლაპავს...

ცხვარი – მეე აასეე ააღარასოდეს მოოვიქცეევი.... მეეე მუუდამ კოომბლეს დაავუჯერებ... მეე...
მელა – ოჰ, პირდაპირ... ცხვარს რა დააჭკვიანებს...
კომბლე (ცხვარს) – შენ შინ მოგელაპარაკები... (მგელს) ახლა ინდაური, ხურჯინიანად!
მგელი – მაცალე, დალოცვილო, იოლი ხომ არ გგონია, კუჭის წვენი აღარ შემრჩა...
(კომბლე კომბლის ტარს დასცხებს სცენას)
მგელი – ეს რო მგელს გადაეყრება... ოხ, ჩემი გაჩენის დღე რა ვთქვი...
მგელი ერთხელაც დაქაჩავს თვალებს, პირს დააღებს და ახლა ინდიკოს გადმოყლაპავს ხურჯინიანად...

ინდიკო – მზეო, ამოდი, ამოდი!... ოო, როგორ ბნელოდა, როგორ ძალიან ბნელოდა... პირდაპირ ფანტასტიშო დასიბ და უკუნი, უკუნი, უკუნიდან ამოვანათე, მე ამოვანათე და მზეო, მზეო, ცხრათვალაა...
თოვლის პაპა (გახარებულდი) – ხურჯინი! ჩვენი ხურჯინი!!!
ინდიკო – წაიღე, მომაშორე!!! წავედი მე მელანოსთან, წავედი! ქვრივი მელანო ისე მზრდიდა, ცივ ნიავს არ მაკამაკამაკარებდა, აქ ამ ამ ამ უკუ-უკუ უკუნში რა მინდოდა, მე, მე...
ბაბალე – გადავრჩით, გადავრჩით, ბავშვებს სიხარულს არ მოვაკლებთ, ზღაპრის ბოლო ხომ კეთილია...
თოვლის პაპა – ჰო, ბაბალე, ამ ამბით ერთხელაც დავრწმუნდით, რომ ყველა ნამდვილი ზღაპრის ბოლო კეთილია...
ინდიკო – მობილურზე ცდილობს დარეკვას, მაგრამ ხელი უკანკალებს – უნდა დავრეკო კოკო, ის როა, თეოფილე, ბატი როა, ჩემი მეგობარი ბატო თეოფილე როა, იიიი... ვკანკანკან... ვკანკალობ და ნონო ნომერი ამი ამიკრიფეთ და...
თოვლის პაპა – კომბლე, ჩამოართვი მაგას მობილური და გამიჩუმე ცოტა ხნით, ახლა მე ვილაპარაკებ!
კომბლე მობილურს ჩამოართმევს ინდიკოს.

ინდიკო – ეეეს, პიპიპრადი საკუთრების ხელყოფაა და საე საერთოდ მელანოსია და...
კომბლე მსუბუქად ჩაჰკრავს ინდიკოს თავში, ინდიკო ჩუმდება.
თოვლის პაპა – ბავშვებო, ჩემო პაწიებო, გენაცვალოთ თქვენი პაპა... არავის არ უნდა ჩამორჩეთ, კომპიუტერიც კარგად უნდა იცოდეთ, კარგ პროფესიასაც უნდა დაეუფლოთ, ენებიც უნდა შეისწავლოთ და ბევრ ქვეყანაშიც იმოგზაუროთ, მაგრამ უმთავრესი არ დაივიწყოთ! თქვენი სადაურობა, თქვენი მეობა, თქვენი წესი და ადათი, თქვენი ტრადიცია არ დაკარგოთ, თორემ ისე დაიკარგებით, როგორც ეს ყოყოჩი, გაუცხოებული და გაფხორილი ინდაური გაქრა მგლის მუცელში! ახლა კი, თასი ნამდვილი კახურით შევავსოთ და ჩვენებურად, მადლიანად დავილოცოთ ახალი წელი! (ბაბალე თასს შეუვსებს) მრავალს დაესწარით, დაგელოცოთ ფუძე-ჭერი, სიტკბო, ხვავი და ბარაქა მოგცეთ გამჩენმა ღმერთმა; იმრავლეთ, როგორც ზღვაში თევზი და ცაში ვარსკვლავი, არავინ გაგაინდაუროთ, გახსოვდეთ, ვისი გორისანი ხართ, თქვენ გენაცვალეთ, ჩემო გვრიტებო!... (მიმოიხედავს) რაღაც მაკლია – ჰო, ახალ წელს თოვლი უხდება... იყოს თოვლი!
წამოვა თოვლი. თოვლის პაპა თასს დაცლის.

თოვლის პაპა – ასე მტერი დაგეცალოთ! აბა, სიმღერა!!!

სიმღერაში საათის რეკვის ხმაც ისმის. თოვლის პაპა მუჭით იღებს ხურჯინიდან
ტკბილეულს, ბავშვებს ურიგებს. თოვს და თოვს, ბარდნის და ბარდნის, მართლაც ლამაზად ბარდნის ამ ლურჯ, ზღაპრულ ღამეში...
ფარდა



© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: