Monday, August 30, 2010

თეონა დოლენჯაშვილი - თავით კედელზე


მოთხრობის პერსონაჟები და სიუჟეტი რეალურია

მახსოვს, ნავთის სუნით გაჟღენთილ სამზარეულოში ვისხედით. ბექა იმ ღამით მიფრინავდა და მინდოდა მისი საყვარელი ნამცხვარი გამომეცხო.Mმაგრამ არ გამომივიდა. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სინათლე მთელი დღის განმავლობაში არ მოვიდა. უსინათლობის გამო მეთექვსმეტე სართულზე არც წყალი ამოდიოდა და ასე კიდევ რა შეიძლება გააკეთო. ისიც კი არ მეგონა, ამ სიმაღლეზე ფეხით თუ ამოვიდოდა, მაგრამ მოვიდა და მითხრა, წასვლის წინ ტელესკოპში მინდოდა გამეხედაო. ტელესკოპი ფანჯარასთან მედგა. ძველი, ვერცხლისფერი ტელესკოპი იყო, ჩაბნელებულ თბილისურ ღამეებში ცას ვუყურებდი ხოლმე. განა დიდი ასტრონომიული ინტერესები გამაჩნდა, ან რომელიმე ციურ სხეულს ვაკვირდებოდი. უბრალოდ, ვიჯექი და ცას მივშტერებოდი. დიდხანს, დიდხანს ვუყურებდი და მეჩვენებოდა, რომ ასე, თანდათან, სივრცის და დროის შეგრძნება ქრებოდა, იკარგებოდა. უსხეულო, უწონო არსებად ვიქცეოდი და თუ არ დავფრინავდი, იმ ბნელ ოთახში მაინც ხომ აღარ ვიჯექი.
ბექამ კიდევ ეს ტელესკოპი რომ ახსენა, ალბათ გამგზავრების წინ ქალაქს უნდა გადახედოს თქო, ვიფიქრე. საღამოვდებოდა და თბილისი შემოდგომის ოქროსფრად ჩამავალი მზის შუქზე ბრჭყვიალებდა. ჩვეულებრივი, შეიძლება, ცოტა სენტიმენტალური სურვილი იყო, მაგრამ ბექამ ტელესკოპი მოატრიალა და მეზობელი სახლის ფანჯრებს დაუმიზნა. ერთხანს უყურა, მერე თავი ასწია და ქალაქის ხედისკენ გადააპურჭყა. ”არ ჩანსო,” - ჩაილაპარაკა. “რა- თქო, - ვკითხე. “რა კი არა, ვინ. აქ ერთი გოგო ცხოვრობს, და იმის დანახვა მინდოდაო”.
მე გადარჩენილი წყლით ორი ჭიქა ყავა მოვადუღე და განჯინიდან კონიაკი გამოვაძვრინე. თემატური საღამო გამოგვივიდა... გარეთ ავტომატის უწყვეტი კაკანი ისმოდა და ელემენტებდაჭეჭყილ მაგნიტოფონშიც “აუტსაიდერის” სოლისტიც “დღეს ჩემს ქალაქში ბნელააა. ბნელააას”- გაჰყვიროდა..
- განა მარტო დღეს, – გაიცინა ბექამ – აქ ყოველდღე, ყოველთვის ბნელა და სულ ასე იქნება, ვიცი.
არ დავეთანხმე.
- აი ნახავ, თუ არა, – მითხრა – იქამდე ვიქნებით სინათლის და სუფთა ჰაერის მოლოდინში, ვიდრე სულები არ ამოგვხდება. მე რა... მე ჩემი ხვრელი ვიპოვე, გავძვერი და მივდივარ.
- კარგად თუ გესმის სად მიდიხარ და იქ რა უნდა აკეთო? – ვკითხე.
- არა, მაგრამ, მკიდია... რაც მთავარია, აქ აღარ ვიქნები, დილიდან საღამომდე სახლის სადარბაზოსთან არ ვიბირჟავებ და მეზობელი ბიჭების დეპრესიულ და გალოთებულ სიფათებს აღარ ვუყურებ... მთავარია, მივდივარ! იქ, სადაც არც ძმათამკვლელი ომები იმართება... არც სინათლის მოლოდინი არსებობს და არც ეს ბინძური სადარბაზოები!
ბექა იმ ღამით გერმანიაში გაფრინდა. თან მეგობრების მოგროვებული ფული წაიღო. ოთხი ათასამდე მარკა ერთი გერმანელი ფილოსოფოსის სახელობის სასწავლებელში მშობლებმა გადაურიცხეს. მამამისს უნდოდა შვილიც მასსავით ფილოსოფოსი გამოსულიყო. მაგრამ ბექას მიზანი ხომ წასვლა იყო და არა განათლების მიღება, თანაც ის უკვე მუშაობდა სივრცის გარღვევის და აბსტრაგირების პრობლემებზე. მისი პირველი გასვლაც მისი პირველი ექსპერიმენტი იყო. ამიტომ სასწავლებელში მხოლოდ რამდენიმე მოსაწყენ ლექციას დაესწრო და იქაურობა მალევე მიატოვა. ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა და იმ თავისუფლებით ტკბებოდა, რომელიც ბავშვობიდან აქ ყველას გვაკლდა. თავისუფლება კი ნამდვილად უსაზღვრო იყო, თავზე საყრელი. თავისუფლება ისედაც უსაზღვროა, ის არ სრულდება. არ ილევა... უბრალოდ, ფული გამოილია, ბოლო მარკამდე ამოიწურა და მარკებთან ერთად, რა თქმა უნდა, ლეგალური ცხოვრების ვადაც.
მიუხედავად იმისა, რომ ბექა არასოდეს ეთანხმებოდა განსაზღვრებას “ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას”, კუჭმა მაინც ძალიან შეაწუხა და როგორც არალეგალები იტყვიან, ჩაბარდა. სამშობლოში დეპორტით, ცარიელი ჯიბეებით და სავსე თვალებით დაბრუნდა. ყველაფრის მიუხედავად, პირველმა ექსპერიმენტმა გაამართლა. მას უკვე ნანახი ჰქონდა დანგრეული კედელი.
ბექა რომ დაბრუნდა, იმ დროსთვის მე ტელესკოპი უკვე სხვენზე მქონდა ატანილი. ჩვენთან სინათლის შუალედები გაზრდილიყო და თან, ჩემი აზრით., სულის გადასახლების სხვა, უფრო ნამდვილი ხერხებისთვის მიმეგნო და ტელესკოპი ნაკლებად მჭირდებოდა. ბექა ამჯერად ლიფტით ამოხრიგინდა. მასპინძლობაც უფრო რიგიანი გამომივიდა. მან კედლებს თვალი მოავლო და სულ ერთი და იგივე სახლი არ გწყინდება, აქედან მაინც ვერ გადახვალო, მკითხა. მაგრამ მე ჩემი მიზეზები გამაჩნდა, რომელსაც ვერანაირ მრავალფეროვნებაზე ვერ გავცვლიდი.Aის თუ სივრცის გადალახვის პრობლემებზე მუშაობდა, მე დროის გარღვევა და მისი დავიწყება მსურდა. აქ, მეთექვსემეტე სართულზე დაკიდებულ ბინაში კი არც ქუჩის მტვერი შემოდიოდა და არც ძველითახალი და მოსალოდნელი ცვლილებების ხმა ისმოდა. ბავშვობა და სტუდენტობა უკვე გასულიყო, იდეალისტური ბურუსიც გაფანტულიყო და ჩემი თაობის ერთი ნაწილი უწარწერო საფლავებში ესვენა. აღარ მჯეროდა, რომ ამ ცვლილებებს სიკეთე მოჰქონდათ. რომ მნიშვნელოვანი ქარტეხილების მხოლოდ მოწმე კი არა, მონაწილეც ვიყავი, რომ სწორედ ჩემნაირებს შეეძლოთ მისი უკეთესობისკენ შეცვლა და სწორედ ჩვენ ვქმნიდით ისტორიას.
- უცნაურია, მაგრამ იმ ინფანტილობას, რომელიც მაშინ სკოლის მოსწავლეს მქონდა, დღემდე ჭარმაგ, ცხოვრებისგან დაღლილ ადამიანებში ვხედავ თქო - ბექას ვუთხარი.
- ისინი ისევ ბნელ ოთახში სხედან. თანაც თვალებახვეულები.…ხომ გითხარი, აქ კედლები არ ინგრევა, - მითხრა ნიშნისმოგებით.
- იქ? – ვკითხე ორაზროვნად, - თუ ეს მე ვიჯექი ლტოლვილთა ციხეში ექვსი თვე?
ბექას კითხვაზე არ უპასუხია. მოგვიანებით მივხვდი, რომ პასუხი არ ჰქონდა, რადგან მეორედ წავიდა და რადგან ერთხელ უკვე დეპორტირებულს წასვლის უფლება აღარ ჰქონდა, საზღვარზე არალეგალურად გადაიპარა.
საზღვარზე გადაპარვა მხოლოდ ფილმებში მინახავს. რეალურად ეს როგორ ხდება, არ ვიცი. უმოკლესი გზა თურმე უკრაინიდან სლოვაკეთამდე ყოფილა. ბექაც უკრაინის სასაზღვრო ქალაქ უჟგოროდში ჩავიდა და იქ მეგზურები იპოვა, რომელთაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ მისთვის და მისნაირებისთვის აღთქმული მიწისკენ გზა უნდა ეჩვენებინათ. მეგზურები უკრაინელი ბიჭები იყვნენ. ქართული “ტურისტული ჯგუფი” კი - მეტად ჭრელი. ჯგუფში შედიოდა ოთხი ახალგაზრდა გაურკვეველი მიზნებით, შუა ხნის ქალი, რომელიც, უცხოეთში, სავარაუდოდ, სამუშაოს მოსაძებნად მიდიოდა, ნარკომანი შეყვარებული წყვილი (ბანალურია, მაგრამ მათი მიზანი ამსტერდამი იყო) და ახალგაზრდა ქალი წლინახევრის ბავშვით, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ მეუღლესთან ცდილობდა გადასვლას.
ჯგუფი გზას ფეხით, ტყის გავლით დაადგა. გზა რთული და ხიფათით სავსე იყო. რამდენიმედღიანი დამქანცველი სიარულის შემდეგ სლოვაკეთის საზღვარს მიადგნენ. საზღვარზე ღამით უნდა გადაპარულიყვნენ. მაგრამ შიმშილისა და დაღლილობის გამო გადაადგილება უჭირდათ. ბავშვი შეუსვენებლად ტიროდა და ამის ატანა უკვე შეუძლებელი იყო. ბექამ ძალები მოიკრიბა, გზა მარტომ განაგრძო და სლოვაკეთის საზღვრის გადალახვა შეძლო. ტყის პირას დამალული ჯგუფი კი ბავშვის ტირილმა გასცა და სასაზღვრო პოლიციამ აიყვანა.
ბექა ბრატისლავაში ჩავიდა, საიდანაც ვენაში გადასვლას გეგმავდა. დაღლილმა სატვირთო მატარებელზე შეხტომა ვეღარ მოახერხა და ლიანდაგს ფეხით გაუყვა. მოსახლეობის გამოჩენისთანავე სიარულიდან ხოხვაზე გადადიოდა. მთავარი იყო რკინის ხაზი არ დაეკარგა. დარწმუნებული იყო, რომ ის ადრე თუ გვიან, ავსტრიის საზღვართან მიიყვანდა. ხოხვითა და მალვით 70 კილომეტრის გავლა რთული აღმოჩნდა. გამთენიისას აიყვანეს და უკან, სლოვაკეთში დააბრუნეს. ბექას გერმანიაში უკვე ჩაბარებული ჰქონდა ინტერვიუ და იცოდა, რომ მთავარი ამ დროს იმ ფსიქოლოგის დარწმუნებაა, რომელიც დაკითხვას სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გიწყობს. ბექამაც შექმნა ლეგენდა ლუკაშენკოს პოლიტიკური რეჟიმის გამო დევნილ ბელორუს ბიჭზე, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და მრწამსის გამო სამშობლოს დატოვება აიძულეს. ვერ გეტყვით, დაიჯერა თუ არა ფსიქოლოგმა ბექას ბელორუსული ლეგენდა და მისი პოლიტიკური დევნილობის ამბავი. ასე იყო, თუ ისე, ბექა ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა, საიდანაც ერთ ქართველ ბიჭთან ერთად რამდენიმე დღეში გაიპარა და ავსტრიისკენ მიმავალ გზას ახლიდან დაადგა.
დევნილებმა ამჯერად სხვა გზა აირჩიეს და ავსტიის საზღვრის გადალახვა ჭაობებისა და მდინარის გავლით სცადეს. გზა, რომელიც იქამდე ალბათ ცოტას თუ გაევლო, ურთულესი და საბოლოოდ, ტრაგიკული აღმოჩნდა. ჭაობის გადაცურვის დროს თანამგზავრი დაიღუპა. ღამე იყო და ბექამ ისიც კი ვერ გაიგო კარგად, სად და როდის ჩაყლაპა ჭაობის მწვანე სიღრმემ ბიჭი...
შემდეგ ავსტრიის საზღვარი, სამგზავრო მატარებლების ქვედა სართულებით, ეგრეთ წოდებული, ნარებით მგზავრობა, რამდენიმე მასსავით გზააბნეული თანამემამულის გაცნობა, რომლებიც მოპარულნომრიანი მანქანით საფრანგეთში მიდიოდნენ. ბექა მათ გაჰყვა. ბიჭებს სადღაც ალპებთან ფული და საწვავი გაუთავდათ და მანქანა დატოვეს. გზა მატარებლიდან მატარებელში ქურდულად გადასვლით განაგრძეს. ასე ჩააღწიეს ტულუზამდე, სადაც ვიღაც მილიონერს ერთ-ერთი დევნილისთვის თავისი საზაფხულო რეზიდენცია დაეთმო. სახლი იყო უზარმაზარი,Eრომელიც ქურდების, ნარკომანების და სხვადასხვა ჯურის კრიმინალების თავშესაფრად ქცეულიყო. ეს იყო რაღაც ბაბილონის გოდოლის მსგავსი საზარელი გეტო, სადაც ათასგვარ სახესა და ენასთან ერთად ძალიან ბევრი რამე იყო არეულ-აზელილი. გაუგებარი. აპოკალიფსური...…
იქ გაჩერება წარმოუდგენელი იყო. ბექამ სახლი სწრაფად მიატოვა და რამდენიმე დღე პარიზში იხეტიალა. მაგრამ მარტოობა პარიზში ალბათ ყველაზე რთულია. თანაც საფრანგეთი უკვე აღმოჩენილი იყო და წინ ახალი მიწები ელოდა. შემდეგი ქვეყანა შვეიცარია გახლდათ. ბექამ ციურიხი და ჟენევაMდაათვალიერა და მშიერი და დაღლილი ლოზანაში ჩაბარდა. აქ კიდევ ერთი ლეგენდა შეთხზა, ჟანრი ამჯერად დეტექტური იყო. ის თურმე სასტიკი მკვლელობის უნებლიე მოწმე გახლდათ, რომელმაც პოლიციაში მკვლელები ამოიცნო და რომელსაც ახლა როგორც ერთადერთ მოწმეს, პოლიციაც ეძებდა და დამნაშავეთა სამყაროც. ქართული კრიმინალური ისტორია შვეიცარიელი პოლიციელებისთვის უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა და დევნილიც მოსასვენებლად და გონზე მოსასვლელად ლტოლვილთა ბანაკ კიასოში წაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ კი ლოკაცია შეუცვალეს და ფრანგულ კანტონზე, ერთ კოხტა სასტუმროში მოათავსეს.
ბექა, ბუნებრივია, დიდი ხნით არც ამ სასტუმროში გაჩერებულა. გაიქცა და გერმანიისკენ აიღო გეზი. ბერლინში მამიდაშვილები მუშაობდნენ და სწავლობდნენ. ცოტა ხნით მათთან იცხოვრა, მაგრამ ვერც მათ დალაგებულ ემიგრანტულ ცხოვრებას აუწყო ფეხი. ნათესავებსაც რა გზა ჰქონდათ, რუკა გადმოუღეს და ამჯერად სად ისურვებ წასვლას თითი დაადეო, უთხრეს. მანაც თვალები დახუჭა და ისე აირჩა შემდეგი ქალაქი: კოპენჰაგენი...
ბექამ ოთხ წელიწადზე მეტი იხეტიალა. მგზავრობდა ავტოსტოპით, მატარებლით, გემით... საჭმელს ხან იპარავდა, ხანაც ლტოლვილთა ბანაკებში ითქვამდა სულს. ხუთჯერ მოახდინეს მისი კომფორტული დეპორტაცია სლოვაკეთში, ხუთჯერვე ისევ უკან დაბრუნდა და არალეგალურად გადალახა საზღვარი, თორმეტზე მეტ ქვეყანაში აუღეს თითის ანაბეჭდები,. ყოველი დაკავების, თუ ჩაბარების დროს ის იცვლიდა სახელს, სამშობლოს, წარსულს, თხზავდა ისტორიას თუ სად და რატომ მოხვდა აქ, სად მიდიოდა და რა მიზნით... ბოლოს კი ისე გაიხლართა საკუთარ ანარეკლებსა და მისტიფიკაციებში, რომ უკვე თავადაც აღარ იცოდა სად იყო, ვინ და რატომ.. ეს რაღაცით ჩემს ტელესკოპში ცქერას წააგავდა, როდესაც ცდილობ დაივიწყო ვინ ხარ და რისთვის, თანდათან კარგავ ყველაფერს, უწონო და უსხეულო, უწარსულო და უპიროვნო სუბსტანციად იქცევი და თუ ვერ დაფრინავ, ის მაინც გეჩვენება, რომ კედლებში გასვლა შეგიძლია.
ბექა როდესაც დაბრუნდა, მე ისევ იქ ვცხოვრობდი, მაგრამ რაღაცეებს უკვე მივხვედრილიყავი. ვფიქრობდი, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, მაინც ყველანი ბორბალში მორბენალი ციყვები ვართ. რადგან ვერ ვაფასებთ მარადისობის ნიჭს – დროს, რადგან არ შეგვიძლია ვიცხოვროთ დროით თანმიმდევრობაში. განვვითარდეთ თანმიმდევრულად. რომ ამ ოცი წლის მანძილზე ერთმანეთში გავაერთიანეთ და ტალახივით ავზილეთ წარსული, აწმყო და მომავალი, მისგან მყარი ქვითკირის კედლის აგება დავიწყეთ და ასე აღმოვჩნდით კიდევ უფრო ბნელ და ჩაკეტილ ოთახში. და ახლა, როდესაც ეს სიმძიმე გვსრესს, ვცდილობთ თავებით გავანგრიოთ ყოფიერების ოთხკედელში გამოკეტილი ეს არათანმიმდევრული, დაუნაწევრებელი, გაუაზრებელი დრო...
ბექა დაბრუნდა და ჩვენ ისევ შევხვდით... პრინციპში, ამჯერადაც თემატური საღამო გამოგვივიდა. გაცისკროვანებული ქუჩები ხალხით და მუსიკით იყო სავსე, მაგრამ ჩემთვის იმ ბნელი და მშიერი წლების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილიყო. 26 მაისის დღე იყო. ოპოზიციას უკვე მოეწყო გრანდიოზული შოუ სტადიონზე და ხელისუფლებაც ისევ მაღალი ტრიბუნიდან “ურბი ეტ ორბი” მიმართავდა ქვეყანას და ხალხს. მოსახლეობის მესამე - ნეიტრალური, თუ ობივატელური ნაწილიც, როგორც წესი, გულმოდგინედ შესეოდა კაფეებსა და რესტორნებს... მე ამ დამაფრთხობელ სიცარიელეში ყოფნას ისევ მეთექვსმეტე სართულზე შეკეტვა მერჩივნა, მაგრამ რატომღაც გზა განვაგრძეთ და შარდენის ქუჩაზე, ყველაზე სნობურ კაფეში დავსხედით.
ბექა საკუთარ თავგადასავალს მიყვებოდა და თან ცდილობდა იმ აბსურდული და უმიზნო ხეტიალის მიზეზები აეხსნა, მაგრამ მე უიმისოდაც ვხვდებოდი, რომ მას უბრალოდ, იმ კედლის დანგრევა სურდა, რომელიც შიგნით, სულში აუშენეს, იმ საზღვრების დავიწყება, იმ რკინის მავთულხლართების გადალახვა, რომელიც გარს შემოარტყეს. ისიც ვიცოდი, რომ ის, ადრე თუ გვიან, ისევ წასვლაზე იფიქრებდა. მეც ჩემს სხვენში გადანახულ ტელესკოპს ჩამოვიტანდი და ბავშვობის თამაშს გავიხსენებდი... ქუჩაში მუსიკა უკრავდა. სადღაც წყვილები ცეკვავდნენ. ჩვენ კი ვისხედით და ჩვენ-ჩვენს კედლებზე ვფიქრობდით. იმ კედლებზე, რომელიც ჩვენზე მაგარი აღმოჩნდა, რომელიც ვერა და ვერ დავანგრიეთ და რომელსაც 20 წლის მანძილზე ამაოდ ვურტყით ჩვენი პატარა, საცოდავი, დასისხლიანებული თავები.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: