Tuesday, October 6, 2009

მიშელა მარზანო - სექსუალობის ფილოსოფია



ნიშნავს თუ არა სექსუალობაზე საუბარი მხოლოდ იმის გააზრებას, თუ რა უბიძგებს ერთ ადამიანს მეორესთან შეხვედრისკენ? "აღქმის ფენომენოლოგიაში" (1945) მორის მერლო-პონტი გვიხსნის, რომ სექსუალობისა და სურვილის (desir) მეშვეობით, თითოეული ინდივიდი ერთდროულად იძენს გამოცდილებას დამოკიდებულებისა (ისურვო ვინმე ნიშნავს იყო დამოკიდებული მასზე და იმაზე, თუ როგორ გამოეპასუხება ის ჩვენს სურვილს), და გამოცდილებას ავტონომიისა: დამოკიდებული სხვაზე, ადამიანური არსება ამ "სხვა"-ს დამორჩილებას და საგნად ქცევას ესწრაფვის. ამის გათვალისწინებით, სექსუალობა გულისხმობს მეორესკენ სვლას და მისი დამორჩილების სურვილს. ამასთან ერთად, მას სცენაზე გამოჰყავს თავდავიწყება (abandon), რომელიც ახასიათებს ორი არსების შეხვედრას: სწორედ სექსუალურ აქტში სუბიექტი აღმოაჩენს ტკბობას, რომელიც ერთდროულად წარმოაჩენს მის ღრმა ინტიმურობას, ისევე როგორც საკუთარ თავთან გაუცხოებას და სწვდება საკუთარი სურვილის და საკუთარი ყოფიერების სიღრმეებს. ამიტომ, სექსუალობაზე საუბრისას სრულიად არ არის საკმარისი მორცხვად შევეხოთ მის საიდუმლოებებს. მას, ვინც სექსუალობასა და ვნებებზე ლაპარაკისას ცდილობს საკუთარი მეტყველება თემას მიუსადაგოს და დაუფარავად თქვას სათქმელი, ადვილი შესაძლებელია, უხამსობაში დასდონ ბრალი. მამაკაცს და ქალს ერთნაირად უჭირთ ისაუბრონ საკუთარ ინტიმურ გრძნობებზე, იმაზე, თუ რას ნიშნავს მათთვის სექსუალური აქტი და რა განცდებს აღძრავს ის მათში. სექსუალობაზე ლაპარაკი ნიშნავს შესძლო იმ ბნელი უფსკრულის განათება, რომელშიც სიამოვნების მოპოვების მსურველი იძირება. მაგრამ სექსუალობის არსის ფილოსოფიურ ენაზე ამეტყველებისას - სწორედ ეს არის ამ ენის დამახასიათებელი თვისება - პირველქმნილ სახეს ინარჩუნებს და ხელუყოფელი რჩება ის უცნობი, რაც იმალება ყოველ მამაკაცსა და ქალში, რადგან ენა მას არც ბანალურ ხასიათს სძენს და არც მიაჩუმებს.


სურვილის სუბიექტები და ობიექტები

როდესაც ვინმეს სურვილი ჩნდება, სურვილის აღმძვრელი, ანუ "ნასურვები" (desire) ხდება სურვილის "ობიექტი", რომელიც სექსუალური კავშირის დროს შიშველი და სრულიად დაუცველი შენს გვერდით წევს და მზად არის მიიღოს შენგან ალერსი და კოცნა, დააკმაყოფილოს შენი ნებისმიერი მოთხოვნა. ობიექტს შეგიძლია დაუყვავო, მიეფერო, შეგიძლია ტკივილი და ტანჯვა მიაყენო... ობიექტი თავისთავად... მაგრამ თქმა იმისა, რომ "ნასურვები" არის "სურვილის ობიექტი", არ ნიშნავს, რომ ეს არსება ავტომატურად უბრალო საგნის მდგომარეობამდეა დაყვანილი, რადგან სურვილის ყოველი ობიექტი, ამავდროულად, არის სურვილის სუბიექტი. არსებითად, სურვილით გამოწვეული ურთიერთობა არ არის "საგანთა ურთიერთობა", არამედ ურთიერთობა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ "ინტერსუბიექტურობა" (სუბიექტთაშორისი ურთიერთობა). ბევრი გაუგებრობა, განსაკუთრებით დღეს, განპირობებულია ობიექტივაციის მრავალნაირი ფორმის არსებობით. ობიექტივაცია მუდამ აქცევს მეორეს, სხვას, ობიექტად, თუმცა მტკიცება იმისა, რომ სხვა არის ობიექტი, არ ნიშნავს, რომ ის არის "ნივთი". ცნებები "ობიექტი" და "ნივთი" არ არიან სინონიმები. სიტყვა "ნივთი" მიანიშნებს უსულო, მოსახმარ, გამოსაყენებელ "მატერიალურ ერთეულს". "ობიექტი" აღნიშნავს, მეტწილად, ყოფიერებას, რომელსაც მიემართება გრძნობა, რომლისკენაც ისწრაფვიან სურვილი, ნებელობა, ძალისხმევა და მოქმედება. უსულო და მოხმარებისთვის განკუთვნილი ნივთისგან განსხვავებით, ობიექტი უკავშირდება სიყვარულს და ალერსს. და თუ ასეა, რა შეიძლება ითქვას სექსუალური აქტის დროს ობიექტთან ურთიერთობაზე, რა კავშირი მყარდება "თანამონაწილეებს" შორის? სხვისი სხეულის დაუფლების პროცესში, ინდივიდი უკავშირდება არა მხოლოდ "ნასურვები არსების" ხორციელ ყოფიერებას, არამედ საკუთარ ხორციელ არსებობასაც. როდესაც ჩნდება ვინმეს სურვილი, შეუძლებელია საკუთარი სურვილის "გარეთ" დარჩენა. სურვილი "ჩაგვითრევს". თითოეული ჩვენგანი საკუთარი სურვილის თანამზრახველია და ამით გაიცნობიერებს საკუთარ ყოფიერებას, როგორც "ყოფიერება-სხეულს". სხვისი ობიექტივაცია არ ნიშნავს აუცილებლად სხვის დაყვანას ინსტრუმენტის, შენთვის სასარგებლო ხელსაწყოს დონეზე: შეიძლება ფლობდე ვინმეს და ამის გამო არ უარყო თვით ფლობისა და ობიექტის, მამაკაცი იქნება თუ ქალი, სუბიექტურობის ურთიერთდამოკიდებულება. თითოეული ჩვენგანი მეორეს წინაშეა, პირისპირ უდგას და ეპასუხება მის ალერსს, მიენდობა მეორეს და მის კონტროლს, ისე, თითქოს მისი საკუთარი ნდობა აუცილებლად ითხოვს მეორესგან საპასუხო ნდობას.


შეუძლებელი "დაუფლება"

"საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ შეგვიძლია დავეუფლოთ სხეულს, - წერს ფრანსუა მორიაკი "ცეცხლის მდინარეში" (1923) - ჩვენ შევდივართ მასში, ხარბად ვეწაფებით მის სუნთქვას, მაგრამ მის დაუფლებას ვერ ვახერხებთ". სურვილს, რომელიც მეორისკენ გვიბიძგებს, გადაულახავ დაბრკოლებად ეღობება მეორეს რადიკალური განსხვავებულობა, "სხვაობა". ამრიგად, მეორე მუდამ გაგვირბის: ის არ დაიყვანება იმ აზრამდე, რომელსაც ჩვენ მის შესახებ შევიქმნით, არც იმ ჟესტებამდე, რომელსაც მასთან ურთიერთობისას ვხმარობთ. ის აშკარად წარმოაჩენს ჩვენში იმას, რაც გვაკლია, იმას, რაც არ არის და გვაიძულებს უარი ვთქვათ ტოტალურ ფლობაზე, რადგან ფლობის უკიდურეს ზღვრამდე მისვლის მცდელობა ნიშნავს მეორეს მოშთენას და ამით არა მხოლოდ სურვილის, არამედ მისი ობიექტის განადგურებას. "მეორე,-აბსოლუტურად სხვა,-სურვილის პარალიზებას ახდენს და ამით მიანიშნებს, რომ მისი დაუფლება მხოლოდ მისი საბოლოო განადგურებით შეიძლება", (ემანუელ ლევინასი, "ტოტალურობა და უსაზღვროება").
ყოველივე ზემოთქმული მარკიზ დე სადის პოზიციის ანტითეზაა. "ღვთაებრივი მარკიზის" შემოქმედების სულისჩამდგმელი პრინციპები ერთობ მარტივია. მისი აზრით, "ბუნების თვალში ყველა არსება ერთგვაროვანია". ამავე დროს, მის პერსონაჟებს დისიმეტრია ახასიათებთ: თავისუფალ მოაზროვნეთა (liberten - ამორალური პიროვნება, რომელიც უგულველყოფს რელიგიურ და საზოგადეობრივ ნორმებს) ენერგია ამ უკანასკნელთ ადამიანთა უმრავლესობაზე მაღლა აყენებს. სადი მათ სხვებზე ბატონობის, "სხვების გასრესის" უფლებას უბოძებს. ეს მას ნებას აძლევს ამტკიცოს, რომ არაფერი აიძულებს თავი გასწიროს სხვებისთვის ან მათი შენარჩუნებისათვის იზრუნოს. მას უფლება აქვს დაიმონოს სხვები, "განკარგოს" ისინი, თუ კი ეს შესაძლებელს გახდის მის პირად ბედნიერებას. სადი ცივი, თითქმის ყინულოვანი თვალებით ზომავს ადამიანებს და სექსუალობას. თუ კი მისი გმირი ვინმეს ეხება (შეხების გამომხატველი ზმნები ჭარბად მოიპოვება მის ნაწარმოებებში), ეს სხვა არაფერია, თუ არა მეორესთვის ტკივილის მიყენება. სადი სხეულს დაუფლების ობიექტად/ნივთად აქცევს. წამება, ერთდროულად უტანელი და გროტესკული პოზები, რომლის მსხვერპლად წარმოგვიდგებიან "ჟიუსტინის" ან "ას ოცი დღის" პერსონაჟები, აშკარად წარმოაჩენს სადის შეხედულებას ადამიანთა ურთიერთამოკიდებილებაზე: ყოველი კიდური იმსხვრევა ან მახინჯდება, სხეული კი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილების მექანიკურ ერთობად იქცევა. სექსუალური აქტი მუდამ კოლექტიური ქმედება, წამება ან ინცესტია. ქალები, თუ კი ისინი "ლიბერტინების" თანამზრახველები და თანამგზავრები, ან სულაც ბოროტმომქმედები არ არიან, მხოლოდ ზიზღს და სიძულვილს იმსახურებენ: "იცოდეთ, ჩვენ თქვენ ადამიანურ არსებებად არ მიგვაჩნიხართ, პირუტყვები ხართ, რომლებსაც საკვებს მხოლოდ იმიტომ აძლევენ, რომ იმსახურონ, ურჩობის შემთხვევაში კი უმოწყალოდ ხოცავენ".
თუ ასეა, რაღა რჩება სექსუალობიდან? პიროვნებათა ურთიერთობა უბრალო გაცვლა-გამოცვლასა და ერთის მიერ მეორეს აბსოლუტურ დამორჩილებამდე დაიყვანება. ეს წმინდად ეკონომიკური ურთიერთობაა. "სექსუალური შეხვედრის" სპეციფიკურობიდან აღარაფერი რჩება. როგორც ჟორჟ ბატაი გვიხსნის: "ადამიანური სექსუალობა აიძულებს ადამიანს საკუთარ ცნობიერებაშიUკითხვის ქვეშ დააყენოს საკუთარი ყოფიერება" ("ეროტიზმი). ის დაღს ასვამს ადამიანური არსებობის პირობებს და მთლიანად ჩაითრევს ადამიანს: "აღარ არის სუბიექტი=ობიექტს, არის ნაპრალი და გასვლა, მაგრამ არა ერთიდან მეორესკენ: ორთავე კარგავს საკუთარ არსებობას, სუბიექტიც და ობიექტიც სექსუალურობაში ითქვიფება".

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: