მხიარული და ყურადღებიანი წიგნები ასეთივე მკითხველებისთვის
დალი კუპრავა
"მხიარული რიცხვები". ქართული გამოცემის ავტორები: თინათინ მამულაშვილი, ნიკო ნერგაძე. რედაქტორი: მარინე სოხაძე
"მხიარული სურათები". ინგლისურ-ქართული ლექსიკონით. დიზაინერი და მოდელების ავტორი ჯო ლიჩფილდი, ფოტოგრაფი ჰოვარდ ოლმანი და სხვა ავტორები. თბილისი, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2001.
ივნისში, ფილარმონიაში წიგნის ბაზრობაზე იმედისმომცემი დინამიკა შეიმჩნა – ჩვენ ჩვენს ბავშვებზე ზრუნვა დავიწყეთ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კარგ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული მხატვრული და სასწავლო-შემეცნებითი საბავშვო ლიტერატურა.
იქვე "გულდაწყვეტილი" ქართველობა აღნიშნავდა, რომ მათ დროს ასეთი წიგნები არ იყო, რომ რუსები თავის ბავშვების განათლებისთვის ოდითგან თავდაუზოგავად წერდნენ და ჩვენ ერთი საბავშვო ენციკლოპედიითა და ხალხური სიბრძნის ხუთტომეულით ამოვწურეთ ჩვენი ღვაწლიო.
თაობები გაიზარდა ცუდი პოლიგრაფიის მწირ ქართულენოვან საბავშვო ლიტერატურაზე. რეზო ინანიშვილი, მაყვალა მრევლიშვილი, გივი ჭიჭინაძე, ედიშერ ყიფიანი, არჩილ სულაკაური და თითებზე ჩამოსათვლელი მწერლები რომ არა, ჩვენს ბავშვებს უფლება ექნებოდათ, ეთქვათ, როგორც თქვენ გვაქცევდით ყურადღებას, ჩვენც ისე გადაგიხდითო. â
დიდი ხნის განმავლობაში, როგორც საერთოდ ყველაფერზე, ქართველი ყმაწვილების საგანმანათლებლო-შემეცნებით ლიტერატურაზეც, მართალია, უფრო თავისი ინტერესებისთვის, მაგრამ მაინც საბჭოთა რუსეთი ზრუნავდა. იზრდებოდნენ ქართველი
ბავშვები რუსულენოვანი "პაჩემუჩკებითა" და "ზნაი ვსიო"-ებით.
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ", სხვათა შორის, გამოსცა ორი მშვენიერი, ხალისიანი და საჭირო წიგნიც: "მხიარული რიცხვები" და "მხიარული სურათები".
ყველაფერი, რაც მხიარულია, ხალისს ბადებს და ისე არაფერი უხდება ცოდნის მიღების პროცესს, როგორც ხალისით სწავლა.
კვასკვასა ნახატებიანი წითელყდიანი წიგნები ერთი შეხედვით იზიდავს დიდ-პატარა მკითხველს და დაუყოვნებლად გადაშლის სურვილს ბადებს - ნეტა შიგ რა არისო.
ეს სურვილი, წიგნის საგანმანათლებლო აღმზრდელობითი ფუნქციისთვის შესანიშნავი პრელუდიაა.
"მხიარული რიცხვები" არითმეტიკის წიგნია. წიგნი სახელმძღვანელოდ იმ მშობლებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც უყვართ შესანიშნავი ტრიოს შექმნა – "წიგნი, შვილი და მე". თუმცა იმ მშობლებისთვისაც არა ნაკლებ უპრიანია, რომლებიც შვილებს დამოუკიდებელი გართობისკენ მოუწოდებენ, არ ეთამაშებიან, მაგრამ უნდათ, რომ თავისით გართობა ისწავლონ. თუ ბავშვმა ჯერ არ იცის სიტყვა "რამდენი", მაგრამ იცის ერთი და ორი, მიეცით ეს წიგნი და თქვენ ცოტა ხნით დაისვენეთ, დალიეთ ყავა, ისაუბრეთ მეგობართან, ან იტრიალეთ სამზარეულოში. გარწმუნებთ, მალე "თავბედს დაიწყევლით", პატარა თავს მოგაბეზრებთ შეკითხვებით და "იძულებული" გახდებით შვილთან და წიგნთან ერთად გაატაროთ თავისუფალი დრო.
უფრო მოზრდილი ბავშვები პირველივე გვერდზე, უნებურად, "იქსის" განსაზღვრას შეეცდებიან. დათვლა, რაოდენობა, რამდენი? კიდევ რამდენი? უცნობი რიცხვი, კენტი თუ ლუწი? მეტი თუ ნაკლები? ამდენით მეტი, ნაკლები, შეკრება, გამოკლება, გამრავლება-გაყოფაც კი... და ეს ყველაფერი ამ წიგნის მეშვეობით ლოგიკური თამაშით ისწავლება. უფროსი მკითხველი კი დასკვნას გამოიტანს, რომ მათემატიკის სწავლება სულ არ ყოფილა მშრალი საქმე და აღმზრდელობითი ხარისხიც მაღალი ჰქონია.
წიგნის გმირები ქართული სახელებით ეცნობიან მკითხველს, და ცოდვა გამხელილი სჯობს, არამც თუ ბავშვებს, დიდებსაც ძალიან გვიყვარს მხატვრულ პერსონაჟებთან თავის იდენტიფიცირება. ასე, რომ ამ წიგნის "გადამკიდე", ბევრი ელენე, სანდრო, ლუკა, ანა და სხვები ყოველთვის სიამოვნებით ისწავლიან არითმეტიკას.
"მხიარული რიცხვების" ტყუპისცალი "მხიარული სურათები" ინგლისური ენის სასწავლებელი წიგნია. როგორც ავტორები გვეუბნებიან, ის პატარას სწავლის სურვილს გაუღვიძებს და დახმარებას გაუწევს პირველი ნაბიჯების გადადგმაში.
"მხიარული სურათები", როგორც ინგლისური ენის სახელმძღვანელო, იმ ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც თვლა იციან. და თუ არა, მაშინ მასწავლებელ-მშობლის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ასწავლიან ამ სურათებით თვლასაც.
ყურადღების კონცენტრირებაზე, მეხსიერების გავარჯიშებაზე დაყრდნობით და ასაკობრივი შესაბამისობის გათვალიწინებით, სახელმძღვანელო კარგი შედეგის მომცემი იქნება. გასართობ და სასწავლო წიგნს თან ახლავს ინგლისურ-ქართული ლექსიკონი. სასურველია, რომ ქართულ-ინგლისური ლექსიკონიც იყოს, რადგან ქართველმა ბავშვებმა საგნების სურათებზე გამოსახული ქართული სახელწოდებაა იციან. და თუ ინგლისურ-ქართული ლექსიკონი სასურველი სიტყვის ქართული მნიშვნელობის მოსაძებნად წააქეზებს, ქართულ-ინგლისური, უკვე მნიშვნელობის მქონე ქართული სიტყვის ინგლისური შესატყვისის მოსაძებნად დამოუკიდებელ მუშაობას მიაჩვევს. კარგი იქნებოდა, რომ, როგორც სურათზე აღნიშნულ საგნებს, სათაურებსაც ქართულ-ინგლისური შესატყვისები ჰქონოდათ. მით უმეტეს, რომ სათაურებად გამოტანილი ქართული სიტყვები: სასტუმრო ოთახი, სახლი, ბაღი, წვეულება, ქუჩა, საჭმელი და ა.შ. არც ლექსიკონშია შეტანილი.
ორივე წიგნს გაცოცხლებული სურათებიც შეიძლება ვუწოდოთ, იმდენად ეფექტურია მოდელების ავტორის, ფოტოგრაფისა და დიზაინერის ნამუშევარი. გადაფურცვლისას გრჩება შეგრძნება, რომ უმოძრაო ნახატს კი არა, ანიმაციურ ფილმს უყურებ.
ბუნებრივია, ამ წიგნებით სარგებლობა მასწავლებელ-მშობელთან ერთად, ან, თუნდაც დამოუკიდებლადაც, იმ ასაკიდან არის შესაძლებელი, როცა ბავშვი წიგნს გრძნობს, ე.ი. დასახევად არ მიიწევს.
იმდენად კარგი წიგნებია, რომ აუცილებლად ვუყიდი ჩემს დისშვილს, თუმცა ის უკვე რვა წლისააო, - დათვალიერების შემდეგ შეაფასა ნაცნობმა. რა თქმა უნდა, კარგი წიგნები ასაკს არ ცნობენ და კარგი მკითხველიც კარგ ლიტერატურას საკუთარი ასაკით არ ზომავს.
ერთი სახალისო კორექტურაც, რომელიც წიგნისა და ბავშვების ურთიერთობის ხარისხზე მეტყველებს.
ბავშვმა დედას ტუჩებში კოცნა მოუნდომა. დედამ აუხსნა, რომ ეს არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ვერაფრით დაუსაბუთა. ოთხი წლის გოგონამ, რომელიც ხალისით ფურცლავდა "მხიარულ სურათებს" და სიამოვნებით სწავლობდა ინგლისურსაც, ვერ გაიგო რას ნიშნავს არაჰიგიენური, ვერც იმას მიხვდა, რატომ უნდა იყოს დედის ტუჩები ჭუჭყიანი.
სამაგიეროდ დედას "მხიარული სურათები" გამოუტანა, 41-ე გვერდზე გადაუფურცლა და აბა, ეს რა არისო, ჰკითხა. დედას რამდენჯერმე ჰქონდა ეს გვერდი გადაფურცლული, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, რომ ამ სურათზე მისი ქალიშვილის ტოლი ბავშვები მართლა ტუჩებში ჰკოცნიან ერთმანეთს.
ეს ფაქტი ჩემთვის იმის ნიშანია, რომ ბავშვებისთვის წერაც და წიგნების გამოცემაც უდაოდ მადლიანი საქმეა. ბავშვივით ყურადღებიანი, ერთგული და ამაგის დამფასებელი მკითხველი ამქვეყნად არ მოიპოვება.
© “წიგნები – 24 საათი”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment