* * *
ვარსკვლავების შეხლა
შენს ოთახში ჩქამის
სახით ნიავს შეჰყვა.
აურეკლავს ღამის
უხილავი ცეკვა
ღია ფანჯრის მინას.
უკვდავივით წევხარ.
მოკვდავივით გძინავს.
და სიბნელის ნება,
ჯერ საერთოდ რომც არ
თენდებოდეს, ტყდება,
ნადგურდება, როცა
უჩუმარი ხვნეშით
საბანს იხდი ძილში.
სილამაზეს ბნელშიც
არასოდეს იშლი.
სუნთქვა ხუთვისას
ჩაქუჩის
უწყვეტ და თავნება
ბრახუნში, ბრახუნში, ბრახუნში, ბრახუნში,
სრულიად ჭკუაზე შემშლელში, გადის და მწვავდება
სამხრული ზაფხული, მბრუნავი მრავალგვარ ცეცხლოვან ზმანებად,
ზაფხული-მარყუჟი.
აკვესებს
ის მზეს და, ლახვრებით,
შანთებით თავისით მჭრელი და მდაღველი,
ამომშრალ აუზში აცოცხლებს ბრინჯაოს ქალთევზებს.
და რომელიმედან სიგრილით დამტკბობი გორების კალთებზე
მდებარე დაღვრემილ
ტყეთაგან
ღამეში უფსკრულთან
დანახულ ქალაქში, რომელსაც უწუხან
სიცხისგან მცხოვრებთა გულნი და მოელის ბნედაღა,
მკრთომარე ქალაქში, რომელშიც ყველანი ერთმანეთს ზურგს უკან
აყრიან დღედაღამ
ქოქოლას,
რომელშიც სიძულვილს
სახლად აქვს სრა, ხოლო სიყვარულს – მიწური,
რომელშიც ოდნავი ნიავიც არსაით მოქროლავს,
ცარიელ ბინაში ბოლთას სცემს პოეტი, წრიალებს, როგორაც
სარდალი, მისული
მკითხავთან.
მან მაგრად შეტოპა.
არ იცის – ეგება ჯობს უმოქმედობა;
თუმც ბრძოლა თავისი ჯერხანად მხნედ გადაიხადა,
მოჯანყე მონების მწკრივებად, რაზმებად, ერთიან მხედრობად
ქაღალდზე სიტყვათა
მწყობელმა.
ის თავის გარდასულ
სიხარულს იხსენებს და ეუცხოება,
იმდენად შორი და მქრქალია. ის თავის დაშაშრულ,
დათენთილ ბაგეს გრძნობს, რომლითაც როგორმე აცლიან დასასრულ
შესძახოს ცხოვრებას:
"რას მერჩი?!"
ან აღარ აცლიან...
რამდენი ექნება უქმ, გინდა აზრიან
ცხოვრებას ფართობი ნეტავი, თუ ყოველ ას მეტრში
სიგრძივ და განდაგან ბანკია, მეძავი, უსახლო კაცი ან
ღრე, ბედის წამგლეჯი?
მიდენის
ცხოვრება მარსელის
მურდალი იერით არსებებს მიბნედილს
და თავის კაეშანს გარშემო ხმასავით ავრცელებს.
დღითი დღე სულ უფრო ძალუმად ღამდება. შენ, ჩემო მარცვლების
თვლაო და რითმების
ბუტბუტო,
არ შეწყდე, კარგი ხარ!
პირისგან, რომელიც ტკივილმა დაგრიხა,
შენ სახესხვაობად კოცნისა დარჩები უთუოდ.
ამგვარად რჩებიან: ცოცხალი თვალისგან – მხოლოდღა ქუთუთო,
შუბლისგან – დაღიღა.
თოვლის მატარებელი
გ. გ. შენგელიას
ჩამოვუაროთ
ჩვენი ბავშვობის ლანდშაფტებს,
სადგურებსა და მხრჩოლავსაკვამლემილებიან ქარხნებს,
ოდესღაც დანახულთ
ძველ მგზავრობათა მატარებლების ფანჯრებიდან.
ჩამოვუაროთ თოვლის მატარებლით,
რომელსაც ყინული აქვს ფანჯრის მინების მაგიერ
და ფიფქების კორიანტელი ნაცვლად ძრავასი.
კარგად ჩაფუთნულებს,
ნაქსოვი ქუდები გვეხუროს,
თათმანები გვეკეთოს
და მოგონებებით ვითბობდეთ საკუთარ გულებს,
თუკი აღარაფერი გვექნა სალაპარაკო.
ვისხდეთ თუნდაც სხვადახვა კუპეში,
ოღონდაც ერთ, დაე, თოვლის, მატარებელში ვიმყოფებოდეთ,
ვგრძნობდეთ ცივ და თეთრ კედლებს იქით ერთმანეთს,
და, გავარჩევთ თუ ვერ გავარჩევთ რაიმეს
ყინულის ფანჯრებს მიღმა,
ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება მეგობრობისთვის.
თანამედროვე ინტერმეცო
I
ირჩევს ახალი ეპოქა
თავის შესაფერ სახელს.
მყრალი ზეთებით ეპოხა
მას საკუთარი სახე.
ჯავშანი აჩენს იარებს.
ცივი სილბოა კანში.
მზის ფონზე შავად ფრიალებს
ტოტს მოდებული კაშნე.
II
კორიანტელი დამდგარა
უერთფეროვნეს დღეთა.
იცის ყოველმა მათგანმა,
როგორ დამღალოს. ვხედავ,
როგორ ვექცევი ალყაში,
როგორ იქცევა არე,
როგორც ბებერი ალქაჯი,
როცა სავსეა მთვარე.
III
სიშორე უხილავია,
თორემ ახლოა სხვა მხრივ.
დღის კოლბას, ძირზე ლამიანს,
რაც ძალა შემწევს, ვამღვრევ.
ლამი – ესაა რითმები
და სიყვარულის ხმები.
დნება წუხილის თითბერი,
როცა ოქროზე ჰყვები.
IV
უსამართლობის ეგიდით
შეფასებებში იგებს
უგემოვნობა. შეხედეთ,
როგორ თარეშობს იგი,
სისულელეთა მროშავი,
სიფაქიზეთა მჩეხი,
როგორც მუზების კოშმარი,
მათი მფატრავი ჯეკი.
V
სნეული აწმყო ტრანსშია.
ითხრება თითქოს ტანში
სევდა-კაეშნით ტრანშეა.
დგას პლასტილინის დაშნით
ხელში კულტურა. გაღმიდან
ჩანს იქაური ბზინვა.
მძიმე ხვატია. გახვრიტა
სადღაც ჰაერი ბზიკმა.
VI
და გაყრილი აქვთ მახათი
დაბლა მსხდომარე კაცებს.
უდარდელობა მაგათი
ხანძრის კვამლივით გასწევს,
მძიმედ, ნელ-ნელა აიწევს
ლაჟვარდოვანი ცისკენ.
და შეაფერხებს აისებს
შავი ბოლქვების სისქე.
VII
მიწას ცრემლები მდუღრავენ.
ჯუჯა ყელს ღადრავს ტიტანს.
ამაოების უღრანი
და გამყინავი ტყიდან
მგლების ყმუილი მოისმა.
განწყობებია ცუდი.
ო, დღეს ცრემლია დროისა
თითოეული წუთი.
* * *
წევს გული პირქვე.
ახლოცაა იგი და შორიც.
სევდამ იხარა, –
დარწმუნებით იგებს მიტელშპილს.
სიკვდილზე ფიქრი
თავს ისე გრძნობს სხვა ფიქრებს შორის,
როგორც სიგარა
ცისფერთვალა ქალის თითებში.
სხეულთა გამჭოლ,
ფიქრთა გამჭოლ, როგორც ნაკადი,
მომდინარეობს
საშინელი თეთრი სიცივე.
სიცხადის ჩარჩომ
შეიწოვა სიზმრის ნახატი...
ყოფნის მხარეო,
როგორ წირავ, როგორ იცილებ.
ქარი, ჩამოშლილს,
ხვეტს ცის ბათქაშს. მძიმე ბინდია.
ყინვას შევები.
გადამდიან ღრუბლები ზამთრის.
ტყის სქელ საფლობში
ძლივს მივტოპავ, მაგრამ მივდივარ,
რომ ბავშვებივით
მივიტანო ლექსები გზამდის.
* * *
მე ჩრდილოეთის ზამთრებიდან ჩემს ზაფხულამდე
სწრაფად გავირბენ.
კილომეტრები სიჩქარისგან ერთობ დაიბნენ
და დახურდავდნენ.
მაგრამ ვერაფერს ახერხებენ, – რამდენიც იყო,
იმდენი არის.
ბურუსებიდან ვესალმები ოქროსფერ არილს
და ვჭიმავ სტრიქონს.
მე ჩრდილოეთის სიცივიდან სამხრეთის მზემდე
გავაწვდენ ხელს და
მშობლიურ წყალთან აღმოვჩნდები, მშობლიურ ხესთან,
ძალას რომ მძენდნენ.
სამშობლოვ, გულზე დამეჩნია შენი ნაკვთები!
განმწმინდა ნატვრამ.
დაძლიე ეჭვი და დაბრუნდი საკუთარ თავთან.
მე იქ დაგხვდები.
2008, მოსკოვი
* * *
შ. ა. შავიშვილს
მე ვწერ, რომ დაბინდულ სიბრტყეზე გავლებულია წრფე
შუქისა, მარადიული შუქის, რომ ტკბილ და წრფელ
ამღელვარებას იწვევს ეს გრძნობა მკერდში.
რომ დროებითია ტკივილი, ტყუილუბრალოდ ვერჩი.
მე ვწერ, რომ ოცნება შეისისხლხორცა დრომ,
რომ ყოფნა დუღს, მიმოიფრქვევა, რომ
კარგი უფროა კარგი, ვიდრე ცუდია ცუდი,
და რომ "მიყვარდი" აწმყოა, და რომ ნამყოა "მძულდი".
მე ვწერ, რომ ჩვენ ვნახავთ მყოფადს, ბედნიერს, ლამაზს; თუმც
დღეს სხვა ამის შესახებ ყრუდ, შემაშინებლად დუმს.
და რომ სიყვარულს რად ან როგორ ვეძახით ცალმხრივს,
როცა ვუყვარვართ მას, ვინც სიბნელეს აფეთებს ციდან და ამსხვრევს.
მე ვწერ, რომ თბილა. და მივქრი ბრმად.
მივდევ წუთებს, ხმებს, მივდევ ფრთებს და ფარდებს და ვმადლობ მათ.
მშვენიერდება დღე. არასდროს დავსვამ წერტილს!
მე ვწერ, და თითქოს თავად მადლიერება წერდეს.
ჩემს ნაწერს ეცნობა საღამო, უკითხავს წყლებს და გზებს.
აცურებული ცამრგვალზე, კითხულობს სხივით მზე.
ხან მტვერი, რომელიც ადევს. ხან ბუჩქი საბანქვეშ ნამქრის.
და ქარიც ფურცლავს და ერწყმება. მაშინ, როდესაც არ ქრის.
2008
* * *
ა. რ. თათარაძეს
ყველა ნავარდობს. ბუც კი.
არეს სიყვარულს უხსნი.
ლოლუებიდან სუსხი
თბილად მოწვეთავს. დათბა.
გდია თებერვლის ჩექმა.
ცაზე ღრუბელი შეხმა.
სოფლად, ვაშაო, გლეხმა.
ტყეში, ვიშ-ვიშო, დათვმა.
ჩამოშვებულო ყველგან,
გაზაფხულისო დელგმავ,
რა სიკეთეებს გეგმავ?
რის სურნელებას აფრქვევთ
წვიმის წვეთებო თბილო?
როგორ გიბრწყინავთ კილო!
რა მონდომებით ცდილობთ,
სიკვდილს არ ვთვლიდეთ საფრთხედ!
წვიმს, და მზისაა ფურცვლა.
კენტი შეცვალა ლუწმა.
ყოფნა ძლიერი, თუმცა
ტყუილუბრალო ლტოლვით
ელტვის თავისვე ზედა
ნაწილს, რომელსაც სწევდა
დაბლა. გროვდება სევდა
და საგაისო თოვლი.
2008
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment