Friday, September 11, 2009

კასარესის სიბერე და სიყვარული


ადოლფო ბიოი კასარესი 1914 წელს არგენტინაში, ბუენოს აირესში დაიბადა. მისი ოჯახი საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდა. მან პირველი რომანი 11 წლის ასაკში დაწერა და თავის ბიძაშვილს მიუძღვნა. 1932 წელს ბიოი კასარესი ხორხე ლუის ბორხესს გაიცნობს და მათი ახლო მეგობრობა ბორხესის სიკვდილამდე, 1986 წლამდე გაგრძელდება. ამავე წელს დაიწყო მისი ურთიერთობა იმ დროის ერთერთ ყველაზე გავლენიან მწერალ ქალთან, ვიქტორია ოკამპოსთან, ჟურნალ ,,Sur -ის რედაქტორთან. 1933 წელს კასარესი ბუენოს აირესის უნივერსიტეტში ირიცხება, თუმცა მალევე ანებებს თავს სწავლას, რადგან სურს სამწერლო კარიერას მოჰკიდოს ხელი. 1940 წელს ვიქტორიას დაზე, ნიჭიერ პოეტსა და მწერალ სილვინა ოკამპოზე ქორწინდება, იმავე წელს აქვეყნებს მის შემოქმედებაში უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს, კლასიკურ ლათინოამერიკულ ფანტასტიკას ,,მორელის გამოგონებას”, რომელსაც ბუენოს აირესის პირველი მუნიციპალური პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. კასარესის ამ რომანის მიხედვით ალენ რენე იღებს ფილმს სახელწოდებით ,,წარსულ ზაფხულს მარიენბადში”
ნახევარ საუკუნის მანძილზე ბიოი კასარესი აქტიურად და ნაყოფიერად იყო ჩართული არგენტინის ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისი შემოქმედება მოიცავს არაერთ რომანს, მოთხრობების კრებულს, სტატიებს, ესეებს და სსვადასხვა ჟანრის თხზულებებს. საყოველთაოდ ცნობილია მისი თანამშრომლობა ბორხესთან. მათ ერთობლივად შექმნეს პოლიციური რომანები, რომლებიც არგენტინული საზოგადოებისადმი ირონიითაა შეზავებული. ხელს სხვადასხვა ფსევდონიმებით აწერდნენ. ჰ. ბუსტოს დომეკის, ბ. სუარეს ლინჩის ფსევდონიმით გამოაქვეყნეს ,,დონ ისიდორო პაროდის ექვსი ამოცანა (1942) და ,,ბუსტოს დომეკის ქრონიკები’’ (1967). მეუღლესთან, სილვინა ოკამპოსთან ერთად ადგენს ფანტასტიკური ლიტერატურის ანთოლოგიას, რომელსაც მეუღლესთან და ბორხესთან ერთად ამუშავებს.
მოგვიანებით ბიოი კასარესის პროზა უფრო რეალისტური ხდება, თუმცა ირეალურობის ელემენტები კვლავ რჩება. ..გმირების ოცნება” (1954), ,,ჩრდილიანი მხარე” (1964) და ,,ღორებთან ომის დღიურები” (1969) ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია. წიგნებში ,,ფანტასტიკური ისტორიები” (1973) და ,,ქალების გმირი” (1978) ავტორი დრამატული ალეგორიულობისა და ფილოსოფიური მოთხრობის ერთგვარ ნაზავს ქმნის”.
ბორხესის გარდაცვალების შემდეგ მწერალმა გამოსცა თავის მოგონებების ნაწილი ბორხესის შესახებ, აგრეთვე მათი ერთობლივი ფილმების სცენარები.
ადოლფო ბიოი კასარესი გარდაიცვალა 1999 წელს, ბუენოს აირესში, 84 წლის ასაკში. მისი ნამუშევრები მრავალ ენაზეა თარგმნილი და უკანასკნელ წლებში მათ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. იგი არის არაერთი პრესტიჟული პრემიის, მათ შორის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი (1990), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯილდოა ესპანურენოვანი მწერლისთვის.

კასარესის სიბერე და სიყვარული

ინტერვიუ ჩაწერილია ლაურა პინტოსის მიერ, მწერლის გარდაცვალების წელს, მისი 84-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით.

- რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე გქონდათ...
- სამწუხაროდ. რა დრო გავიდა არა? რა საშინელი ტრადიციაა სიბერეში გარდაცვალება. თავი რომ მშვიდად ვიგრძნო, კიდევ 150 წლის პერსპექტივა მაინც მჭირდება წინ.
- კიდევ უფრო უკეთესი უკვდავება იქნებოდა, არა?
- თანაც ბევრად უკეთესი, სხვანაირად ცხოვრებას აზრი ეკარგება, გონება რას აღარ წარმოიდგენს და უცებ, ყველაფერი მთავრდება. ვეღარც აქტიური ცხოვრების გეგმას დასახავ (ბოლო სიტყვებს თითქმის ჩურჩულით წარმოთქვამს. როგორც კი ხვდება, ბოდიშს იხდის და იღიმება) ხმამაღლა ფიქრი და საუბარი არ შემიძლია, ხმას ვუწევ ხოლმე, ალბათ ამის სწავლაც მომიწევს.
- ყოველდღე წერთ?
- დიახ, ხელით ვწერ რვეულებში, ლურჯი მელნით, რაც იმის შთაბეჭდილებას მიქმნის, რომ გვერდების ამოხევა არ შემიძლია. ახლა ცოტა შევფერხდი, ერთ რომანზე ვფიქრობ, დასაწყისი კარგი გამოდის, მაგრამ აი დასასრული კი ვერაფრით მომიფიქრებია. ამ ბოლო დროს ეჭვისა და დამარცხების განცდა მეუფლება, იმედი მაქვს, ყველაფერს გადავლახავ. როგორც კი თავში რაიმე ისტორია მომდის, იმ წუთას ვხვდები, რომ ეს სწორედ ამ სიუჟეტის ნაწილია.
- როგორ იბადება თქვენი ნაწარმოები?
- თავდაპირველად ისტორია მომდის თავში, რომელსაც ჯერ საკუთარ თავს ვუყვები, შემდეგ კი სხვებს. თუ შევატყვე, რომ მათთვის საინტერესოა, წერას ვიწყებ.
-,,სხვებში” ვის გულისხმობთ?
- ბიოი ეშმაკურად იღიმება: როგორც წესი, ქალებთან ერთად ვსაუზმობ და ჩემს ისტორიასაც სიამოვნებით ვუყვები.
- როგორ ფიქრობთ, წერა სამსახურია?
- დიახ, ჩემის აზრით, ასეა.
- თუმცა აქ, არგენტინაში მწერლისთვის ძნელია თავის შენახვა.
- ჩემთვისაც ასეა, წერას სიღარიბე ენაცვლება. იმის წყალობით, რომ ჩემი წიგნები ლამის ყველა ენაზეა თარგმნილი, შემოსავლის ნაწილი საფრანგეთიდან, ინგლისიდან, იტალიიდან შემომდის.
- თანაც ის პრემიები, რომლებსაც კაპიტალი მოაქვთ, დაგვიანებით მოდიან.
- მე ვიტყოდი, ძალიან დაგვიანებითაც კი. გასაოცარია, როგორ აუმჯობესებენ ისინი ჩვენს ცხოვრებას. როცა სერვანტესის პრემია მივიღე და ბუენოს-აირესში ჩამოვედი, ხალხი რიგში აქეთ-იქით იწეოდა, რომ ჩემთვის გზა დაეთმო. პრემიები ყველაზე მეტად ამისთვისაა საჭირო. ისინი ცხოვრებას უკეთესს, უფრო კომფორტულს ხდიან. კაზანოვა ამბობდა, რომ აღიარება ათავისუფლებს გზას სიამოვნებისაკენ.
-...და აგრეთვე კვებავს პატივმოყვარეობას.
- ამას დიდი ხნის წინ მოვერიე. პატარაობაში ძალიან პატივმოყვარე ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ პატივმოყვარეობა სიხარულის პირველი მტერია და კლავს ბედნიერებას.
- ბედნიერი იყავით?
- დიახ, ბედნიერი ვიყავი, მართალია, ცხოვრებამ დიდი დარტყმები მომაყენა, მაგრამ მგონი ბედნიერი ვიყავი.
- დაუსრულებელი საქმეები თუ გაქვთ?
- დიახ, მოთხრობები, რომლებსაც ვერ ვამთავრებ და რომანი, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანო.
- თავს მარტოსულად გრძნობთ?
- არა, მე ბევრი მეგობარი მყავს, ზოგი მთელი ცხოვრებაა მომყვება, ზოგიც ლიტერატურამ გამაცნო. მყავს მეგობარი ქალებიც.
- როგორი იყო თქვენი ურთიერთობა ბორხესთან?
- ეს იყო მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, მაგრამ აგრეთვე იმ ორი მეგობრის ურთიერთობა, რომლებსაც ძალიან უყვართ და კარგად უგებენ ერთმანეთს, ბევრს ერთობიან და ბევრს საუბრობენ ლიტერატურაზე. ზუსტად ახლა ვაპირებ გამოვცე ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი-საუბრები ბორხესთან – 30-იანი წლებიდან 75 წლამდე. სულ ცოტა 500 გვერდიანი იქნება.
- საიდან ჩნდება ისტორიების წერის სურვილი? რატომ უნდება ადამიანს დატოვოს ჩანაწერები მის მიერ განცდილზე?
- რა რთული შეკითხვაა... ჩემს შემთხვევაში ასე ხდება: წარმოსახვა იდეებს მაწვდის და მე მათზე წერის ცდუნება მიყოლიებს. ამ დროს ვფიქრობ თხრობის სიამოვნებაზე, იმაზე, რომ მკითხველს ჩემს წარმოსახვაში ჩავითრევ და ეს მომხიბვლელად მეჩვენება.
- რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, სიამოვნება?
- ცხოვრება მატყუარაა. გეჩვენება რომ სულ იქნები. სიამოვნება კი იმისთვის არის კარგი, რომ ადამიანი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს იმაზე ფიქრით, რომ ყველაფერი დამთავრდება.
- რას ფიქრობთ არგენტინულ ლიტერატურაზე?
- ვფიქრობ, რომ არგენტინას აქვს თავის უარყოფითი მხარეები და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ არგენტინა ყოველთვის კარგ ლიტერატურას ქმნიდა. მაშინაც კი, როცა ქვეყანაში მხოლოდ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, არსებობდნენ მანსილია და სხვა შესანიშნავი მწერლები. არ ვიცი, რით შეიძლება ამ ყველაფრის ახსნა.
- თქვენ ამბობთ, რომ ტექსტის ჩასწორებაზე ბევრს მუშაობთ. რა ხდება გამოქვეყნების შემდეგ, კმაყოფილი ხართ შედეგით?
- არასოდეს მქონია იმის სიამოვნება, წიგნი ხელში ამეღო და კმაყოფილი სახით მშვიდად, შეხტომების გარეშე წამეკითხა, ყოველთვის რაღაც სისულელე ან შეცდომა მეჩხირება თვალში.
- მამათქვენის შემდეგ, თქვენი მეუღლის, სილვინა ოკამპოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო თქვენი კარიერისთვის?
- დიახ, რა თქმა უნდა, როცა ადვოკატობას თავი დავანებე, მშობლები ძალიან გავანაწყენე. მაგრამ მე ვთვლიდი, რომ ადვოკატობა ფუჭი ძალისხმევა იყო იმ ადამიანისთვის, ვისაც თანამდებობა არ აინტერესებს. ამის შემდეგ ფილოსოფიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარე, რამაც კიდევ უფრო დამაშორა ლიტერატურასა და ფილოსოფიისგან, ვიდრე ადვოკატურაზე სწავლამ. ამიტომ სწავლა მივატოვე და ათი წლით სოფელში გადავსახლდი. ამან ძალიან გამზარდა, ბევრს ვწერდი და ვკითხულობდი.
- ძნელი იყო მწერალ მეუღლესთან თანაცხოვრება? იყო თქვენს შორის პაექრობა?
- არავითარი. კარგი იყო, როცა ვსაუბრობდით იმაზე, რის დაწერასაც ვაპირებდით.
- ერთგულება უტოპიაა?
- ეჭვი მაქვს, რომ კი.
- არსებობდა დაუვიწყარი ქალი თქვენს ცხოვრებაში
- მგონი კი (წუთით დადუმდა, შემდეგ გამოიხედა ისე, რომ არ შემოუხედავს და სევდანარევი ხმით მიპასუხა) იყო ერთი ქალი, მე ის ძალიან მიყვარდა პარიზში ყოფნისას და საშინლად განვიცადე, როცა ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ გარდაცვლილა. ეს იყო ელენა გარრო (საუბარია ოქტავიო პასის მეუღლეზე. ამ სიტყვებზე მისი ცოცხალი თვალები იღრუბლება, თავს მხოლოდ ერთი წუთით აძლევს ნოსტალგიის უფლებას, შემდეგ კი იღიმება და უნაკლო ლურჯ კოსტიუმზე ჰალსტუხს ისწორებს).
- რა უპირატესობა აქვს სიბერეს, თუ კი მას საერთოდ აქვს რაიმე უპირატესობა?
- ამას წინათ აი აქ, ამ ლოგინზე ვიწექი და მასაჟს მიკეთებდნენ. ექიმმა მკითხა, ბიოი, არ გეჩვენება, რომ სიბერე საძაგლობაა? (ხანგრძლივად იცინის) და მე ვუპასუხე რომ კი, ეს მართლაც ასეა.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: