Friday, September 11, 2009

პასკალ რობერ-დიარი – უყვარდა და მოკლა

ამ ოთხმოცი წლის ბერიკაცმა შარფი
წაუჭირა კისერში თავის ცოლს,
რომელთან ერთადაც ორმოცდაათწლიანი
ცხოვრების გზა გამოიარა.
ვეღარ ვუყურებდი, როგორ მადნებოდა ხელშიო.


მარსელის ოჯახს ყველა იცნობდა. მის ცოლს - რენეს, ქუჩაში მხოლოდ ქმართან მკლავგაყრილს ხედავდნენ. მოხუცდნენ, ოთხმოცს გადააბიჯეს. აქედან ორმოცდაათი ერთად გაატარეს. კაცი სულ ცოლზე ზრუნვაში იყო: ფეხი არაფერს წამოკრას, არ გაცივდესო. ადრე ყოველ ნაშუადღევს გამოდიოდნენ სახლიდან და პლესი-ტრევიზის მოხუცთა პანსიონში მეგობრებს ხვდებოდნენ, ბანქოს თამაშით იქცევდნენ თავს. ბოლო დროს ისე ხშირად აღარ ჩანდნენ. რენეს გათიშვები დაეწყო. პანსიონში ამბობდნენ, ალცჰეიმერის დაავადება აქვსო. მარსელსაც დაეტყო დაღლილობა, ძალიან გახდა.
2003 წლის 9 იანვარს, სამზარეულოში, საუზმის შემდეგ მარსელმა რენეს ძალიან მაგრად წაუჭირა ყელზე შარფი და მაშინ მოუშვა, ქალმა თვალები რომ გადმოკარკლა. მერე პოლიციაში დარეკა, ეს-ესაა ცოლი დავახრჩეო. რძალსაც დაურეკა, თხოვა ვაჟიშვილისთვის შეეტყობინებინა ეს ამბავი და დაამატა: "აღარ შემეძლო მისი ყურება ამ მდგომარეობაში. იქნებ შვებაც კი მოვგვარე".
სამშაბათ-ოთხშაბათს, 2 და 3 ოქტომბერს მარსელი ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარსდგა განზრახ მკვლელობის ბრალდებით. სკამი მოუტანეს, რადგან ფეხები და ჯოხი ვეღარ იჭერდნენ მის სხეულს. მიკროფონიც მიუმაგრეს პიჯაკზე, რადგან ხმას ძლივსღა იღებდა. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ედიტ დიუბრეილი ნელა, დამარცვლით და ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ მის სიტყვებს მარსელის სმენადაკარგულ ყურებამდე მიეღწია.
- ჯერ თქვენი ცხოვრების შესახებ გვიამბეთ, ბატონო.
- როდიდან მოყოლებული, ქალბატონო თავმჯდომარე?
- თავიდან.
მარსელის ცხოვრება 1921 წლის 10 იანვარს დაიწყო. 14 წლის რომ შესრულდა, რენეს მამას შეგირდად დაუდგა ძეხვეულის მაღაზიაში. რენე ხუთი წლით იყო მასზე უმცროსი. მარსელს 12 წლის ასაკში უკვე წარჩინებული მოსწავლის მოწმობა ჰქონდა და მასწავლებლობაზე ოცნებობდა, მაგრამ ხელმოკლე მშობლებმა მაღაზიაში გაამწესეს.
ომის შემდეგ მარსელმა პარიზს მიაშურა. იქ ერთ გამყიდველ ქალს შეხვდა, ცოლად შეირთო და შვილიც ეყოლათ.
- ახლა უკვე საკუთარი საქმე მინდოდა მქონოდა.
მე-15 უბანში მარსელმა თავისი პირველი ძეხვეულის მაღაზია გახსნა.
ბიჭი პატარა იყო, 4 წლისა იქნებოდა, ცოლმა რომ მიატოვა; კურიერი გაიცნო ბანკში და მასთან ერთად გაუჩინარდა. მარსელს ძალიან გაუჭირდა.
- ძეხვეულის მაღაზიაში წყვილი უნდა მუშაობდეს, ქალბატონო თავმჯდომარე.
მაღაზია დაკეტა და ბაზრობებზე დაიწყო მუშაობა. სწორედ მაშინ კვლავ შეხვდა რენეს, რომელიც ასევე დედაქალაქში წამოსულიყო.
- გადავწყვიტე, პატარა საქმე წამომეწყო მასთან ერთად, ცხოვრება ხელახლა უნდა დამეწყო.
რენეს ყოველთვის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, მაგრამ თავდაუზოგავად შრომობდა.
- მას ვერასოდეს გააჩერებდი, - იგონებს მარსელი.
მერე ქალს უგუნებობა დასჩემდა, დეპრესია მოეძალა და, ერთხელაც, თავის მოკვლა სცადა. მაშინ მარსელმა გაყიდა მაღაზია, რომ ცოლისთვის დასვენების საშუალება მიეცა. ორი წლის შემდეგ ვაჟი შეეძინათ, რენე უკეთ გრძნობდა თავს და მარსელიც საქმეს მიუბრუნდა. მაგრამ ავადმყოფობამ კვლავ იჩინა თავი. მაშინ მარსელმა საბოლოოდ თქვა უარი საკუთარ საქმეზე და მას მერე, პენსიაში გასვლამდე, სუპერმარკეტში ძეხვეულის განყოფილებაში მუშაობდა. რაც შეეხება რენეს, მის მკურნალობას ერთმა საქვეყნოდ ცნობილმა პროფესორმა მოჰკიდა ხელი და ლითიუმის წყალობით ქალი გამოჯანმრთელდა.
- მან აჩუქა ჩემს ცოლს 25 ბედნიერი წელი!
ვაჟიშვილი თავისი გზით რომ წავიდა, მარსელმა და რენემ სახლი გაყიდეს და უფრო მომცროში დასახლდნენ პლესი-ტრევიზში. სულ ერთად იყვნენ. მარსელს მუდამ თვალი ეჭირა, დროულად მიეღო წამლები რენეს.
- კოლოფში ვუწყობდი, ცალკე დილით დასალევს, ცალკე - შუადღისას და ცალკე - საღამოსას, რომ არ არეოდა.
როდესაც მდგომარეობა უარესდებოდა, მახლობელ საავადმყოფოში მიჰყავდა.
- ორ დღეში სრულიად გამოკეთებული მიბრუნდებოდა.
- გამოდის, მუდმივ მოვლას საჭიროებდა? - ეკითხება თავმჯდომარე.
- ჩანს, ეს გვეწერა. იცით, ეს ორმოცდაათი წელი მაინც ბედნიერები ვიყავით. ყველაფერს აკეთებდა, ჩემთვის რომ ესიამოვნებინა. მეც... ერთხელ ბირჟაზე პატარა მოგება ვნახე, რაღაც თანხა მოვიხელთე და ქურქი ვუყიდე. მან კი ვერც გაბედა მისი ჩაცმა იმის შიშით, რას იტყვის ხალხიო, - ეღიმება მარსელს.
- ერთ დღეს, ეს იყო 2002-ში, რენემ სადილად 15 კაცისთვის გააკეთა კერძი, თუმცა მხოლოდ ორნი ვიყავით. არაფერი მითქვამს. ვეღარ პოულობდა გასაღებებს, რომლებსაც 15 წელია ერთსა და იმავე ადგილას კიდებდა დერეფანში.
გასაღებები ადგილზე იყო. მარსელი უსიტყვოდ იღებდა და აძლევდა. ერთხელაც საშინელ დღეში ვარდება; დარწმუნებულია, რომ ქურქი მოპარეს და ეს მარსელის ბრალია, კარს რომ არასოდეს კეტავს. და საერთოდ, ყველაფერში ისაა დამნაშავე და ჩხუბს უტეხავს.
- როდესაც ეს დაეწყო, არაფრად ვაგდებდი, თავს ვირწმუნებდი, რომ ვიღაც ავადმყოფი მაყენებს შეურაცხყოფას და არა ჩემი ცოლი, რადანაც ის არასოდეს მექცეოდა ასე.
საავადმყოფოში მარსელი იგებს, რომ რენეს ალცჰეიმერის დაავადება აქვს. წამლები უკვე ვეღარაფერს შველის. მდგომარეობა თანდათან მძიმდება. აღარც ალაგებს, აღარც ამზადებს. მარსელი თავის თავზე იღებს ყველაფერს. "სახლში უზადო წესრიგია", იტყვიან მეზობლები. რენეს ღამით აღარ სძინავს, შეუკავებლობა დაეწყო. მარსელი უვლის, ბანს, ურეცხავს პერანგს, ზეწარს, მაგრამ უკვე დაიღალა, ძალა გამოეცალა. მათი ახლო მეზობელი, ყოფილი ექთანი პენსიონერი ქალი შეშფოთებულია ორივეს ჯანმრთელობის გამო. ვაჟიშვილიც შეწუხებულია, ხშირად დადის მათ სანახავად.
2002-ის დეკემბერში მარსელი და რენე საავადმყოფოში მოათავსეს, ზოგადი თერაპიის განყოფილებაში, ერთმანერთის მომდევნო სართულებზე.
- ყოველ შუადღეს სინით ხელში ჩავდიოდი მასთან და ჩემი ხელით ვაჭმევდი, პატარა ბარტყივით, ნისკარტში რომ უნდა ჩაუდო საკვები.
საღამოობით მათი ვაჟი საქმიანობს სახლში. რენე მათ უკვე ვეღარ სცნობს.
- მსაყვედურობდა, რომ არ დავდივარ საავადმყოფოში მის სანახავად.
იანვრის დასაწყისში ექიმმა გამოუცხადა მარსელს, რომ ცოლთან ერთად უნდა გაწერონ საავადმყოფოდან.
- მაგრამ ჩემი ცოლის ადგილი აღარაა სახლში, ვუთხარი მას. მან კი სიტყვასიტყვით ასე მიპასუხა, ქალბატონო თავმჯდომარე: "თქვენ ძლიერი მამაკაცი ხართ. უნდა შინ დაბრუნდეთ და ეცადოთ, მოიწყოთ ცხოვრება".
ვაჟის ჩარევის შემდეგ დედამისი კიდევ ერთი კვირით დატოვეს საავადმყოფოში. ის და მარსელი მეტი ძალისხმევით ეძებდნენ ადგილს რენესათვის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში.
- თავს ჩიხში მომწყვდეულივით ვგრძნობდი. კარგად ვხედავდი, რომ მამაჩემისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო, დედაჩემს კი არც ერთი დაწესებულება არ ღებულობდა, - უხსნის ის სასამართლოს.
მეზობელი ქალიც კი ჩაერია, მთავარ ექიმს დაელაპარაკა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ზრდილობიანად მოიშორა თავიდან, შეახსენა, რომ მათი ოჯახის წევრი არ იყო, თან გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვსო.
- შესაძლოა, ხვალ ეს ინანოთ, - უთხრა მას ქალმა.
2003-ის 6 იანვარს რენე შინ დაბრუნდა, პლესი-ტრევიზში. ვაჟიშვილის დახმარებით მარსელმა მაცივარი გაავსო. სოციალური სამსახურიც დაპირდა, რომ მოინახულებდნენ, მაგრამ წლის დასაწყისის გამო შეფერხებები ჰქონდათ.
9 იანვრის დილით მარსელი და რენე სამზარეულოში ისხდნენ.
- საუზმე მოვუმზადე და მიირთვა. მერე, ჩემთვის რომ ვიმზადებდი, მისაყვედურა, არასდროს არაფერს მაჭმევო. მაშინ, კიდევ ერთი ბალახის ნაყენი გავუკეთე, რადგან ვიცოდი, წამლებთან ერთად ბევრი სითხე უნდა მიეღო. ისევ შემომწყრა. გულზე გავსკდი, ბრაზით ავივსე, განსაკუთრებით, ექიმების მიმართ, რომელთაც არაფერი იღონეს. ჰოდა, ის იყო, მივვარდი და წავუჭირე.
- რას ფიქრობდით მაშინ? - ეკითხება თავმჯდომარე.
- არაფერს. გონება დამიბნელდა. მე ბოროტმოქმედი ვარ, ქალბატონო თავმჯდომარე, ეს პროცესიც ხომ ამიტომაა. ისიც კი მიფიქრია, შესაძლოა, ამით სიყვარული კიდევ ერთხელ დავუმტკიცე. თუმცა, რა ვიცი; ყველას შეუძლია ის იფიქროს, რაც უნდა, ჩემთვის კი სასჯელი სიცოცხლეა.
ოთხშაბათს, 3 ოქტომბერს, ვალ-დე-მარნის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 86 წლის მარსელს ერთი წლით პირობითად თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დარბაზიდან ვაჟიშვილის მკლავზე დაყრდნობილი გამოვიდა და მოხუცთა პანსიონში თავის ოთახში დაბრუნდა. ერთი კი გაიფიქრა, პტიტ-ეპარნის გამზირზე ბინაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მარტო ვერ დარჩებოდა.
- იქ, თავშესაფარში, ყველა თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ კვირაში მხოლოდ ხუთჯერ გვაქვს ერთად სადილობის უფლება. საღამოობით თვითონ ვამზადებთ ვახშამს, ასევე, შაბათ-კვირას, რადგან რესტორანი არ გვაქვს.
- და მაინც იქ ბრუნდებით?
- რას იზამ, ვცდილობ იოლად გავიდე, ქალბატონო თავმჯდომარე.
2003 წლის 9 იანვრის მომდევნო დღეს მარსელისა და რენეს ვაჟი ფსიქიარტიული საავადმყოფოდან გამოიძახეს, სადაც თხოვნა ჰქონდა შეტანილი. აცნობეს, რომ ადგილი გათავისუფლდა... დედამისისთვის...

ფრანგულიდან თარგმნა ლია რუხაძემ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

No comments: