ნოდარ ლადარია
ლონდონის გერები
აკა მორჩილაძე, "ძირს სიმინდის რესპუბლიკა!", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბილისი, 2003.
ძალიან ძნელია სხვადასხვანაირად წერო ავტორზე, რომელიც ყოველთვის ერთნაირად წერს. ეს პირველი წინადადება, ერთი შეხედვით, ძალიან ცუდი გამოვიდა. მაგრამ შემდეგ კიდევ უარესი იქნება...
ბოროტი ენები ამბობენ, რომ ეს ერთნაირობა აკა მორჩილაძეს კარგა ათი წელი კიდევ აჭმევს პურს. ჰოი, ძმანო, პურის ჭამაა და პურის ჭამა! მე რაც შემეხება, არა მგონია, ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ტექსტი იყოს — ის ტექსტი და მის გარშემო მომხდარ მოვლენათა ერთობლიობაა. ეს მოვლენები ყოველთვის სხვადასხვანაირია, შემთხვევით და გამიზნულად ნაწარმოებ აზრთა და მოქმედებათა მრავალფეროვნება თითქმის ამოუწურავია, ამიტომაც, სანამ არ შეწყდა და არ დაიშრიტა ტექსტის გარშემო აგორებული რეალობის ტალღა, მანამ ვერავისზე ვიტყვით, რომ ყოველთვის ერთნაირად წერს...
ეს ჩემი ნაწერიც უკვე აკა მორჩილაძის ახალი რომანის ნაწილს თუ არა, ჩვენს მკითხველთა საზოგადოებაში მისი ცხოველქმედების პროდუქტს წარმოადგენს. "ძირს სიმინდის რესპუბლიკა!" — ასე ჰქვია წიგნს. სათაური მომწონსო, — წამოიძახა ერთ-ერთ საჯარო განხილვაზე რატი ამაღლობელმა. იქ ჩვენი ახალი თაობის ლიტერატორები იყვნენ შეკრებილნი და წიგნი არავის ჰქონდა წაკითხული, იქ ქვემორე ხელისმომწერიც სამგზის გამოვიდა სიტყვით, მაგრამ წიგნი არც მას ჰქონდა წაკითხული. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ გუშინ დავასრულე რომანის კითხვა, მაგრამ შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვსულვარ და ამიტომ რომანიდან კი არ დავიწყებ, არამედ, როგორც უკვე ვთქვი, მის გარშემო აგორებული რეალობის ტალღიდან.
როცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ რომანი გამოსცა და ავტორიც ახალდამკვიდრებული ტრადიციის შესასრულებლად "პარნასში" გაყიდულ ეგზემპლარებზე ავტოგრაფებს უტოვებდა თავის მკითხველებს, ტელევიზიით გამოგვიცხადეს, რომ წიგნი ლონდონში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილებზე იყო. წიგნი მათ გრძნობებსა და სიძნელეებით აღსავსე ცხოვრებაზეაო, — გვითხრეს, — ძნელიაო უცხო მხარეში გაძლება, აკი რომანშიც წერია, ლონდონი საშლელია და თუ თავს იზოგავ, თუ ათი წუთით მეტი გძინავს, წაგშლისო. ეჰ, ჩვენები ტელევიზიითაც იმას წუწუნებენ, რომ შრომა ეზარებათ... დიახ, წიგნი ლტოლვილებზეა, უფრო სწორად კი ლონდონის ქართველ იმიგრანტებზე. ოღონდ ნამდვილი, ესე იგი, ხორციელი სინამდვილიდან აღებული ქართველი სულ ორია — კარგად მოწყობილი დათო ოჯახითურთ და პლეხანოველი ჯამბულა. სიძნელეებიცა და გრძნობებიც ნაცნობია და მშობლიური: არც მთლად ადვილია ცუდად მოწყობილმა კარგად მოწყობილი მოძებნოს და შემოსავლის, სამომავლო გეგმების, თვით ცხოვრების წილში ჩაუჯდეს, წურბელასავით გამოსწოვოს ფული, ძალები, სიცოცხლე. გრძნობებიც ნაცნობია და მშობლიური: შავი რომ კარზე მოგადგება, ოჯახში შემოგეპარება, უბრალოდ შენს მისამართს გაიგებს და იმის ფიქრში მოკვდები, რომ საქართველოში, საკუთარ ოჯახში დატოვებული მშობლები სინამდვილეში მძევლებია, რომ გამოსავალი მხოლოდ ორია — ან მიწა უნდა გაგისკდეს, ან შენ თვითონ უნდა გასკდე, მაგრამ მოიგონო, ვინა გყავს ქურდი ნათესავი, მეგობარი ან ნათლია. ეს ნამდვილია რომანში — ჩვენი გარდაუვალი წყევლა თუ შეჩვენება, რომელსაც ასე სხარტად გამოთქვამს ჯამბულა: "სადაც მე ვარ იქ ყველგან პლეხანოვია". მორჩა და გათავდა, ვერ დაუძვრები და შენს ცხოვრებაში ერთადერთი თავგადასვლის არჩევანი გაქვს: თვისტომთა წინაშე როგორ გაამართლო უდიდესი დანაშაული — შრომით მოპოვებული სიფრიფანა კეთილდღეობა.
მაგრამ თავგადასავლები მაინც ხდება რომანში. ეს კიდევ ორი ქართველის დამსახურებაა, მაგრამ ისინი ნამდვილები არ არიან. ერთი, მალხაზ მ., რომელიღაც ზღაპრიდანაა მოსული (აბა, რამდენს გინახავთ ოციოდე წლის ოსტატი მჭედელი სოფელში, სადაც გალოთებული კაცებისა და ხალათმოსხმული უშნო ქალების გარდა არაფერი დარჩა დღეს?). მეორე, უსახელო, რომელიც თავის თავს მაკგარლიკს ეძახის (ალბათ ნიორაძე უნდა იყოს), სტივენსონის "განძის კუნძულიდან" გადმოსახლდა ახალ ქართულ რომანში. ერთ მშვენიერ დღეს მასთან ბილი ბონსისა და ჯონათან სილვერის ჰიბრიდი მოდის, რომელსაც კონან დოილის ერთი შურისმაძიებლის გენებიც გამოჰყოლია, აი, იმისი, აორტის გაგანიერებით რომ მოკვდა ციხეში. მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს თავგადასავალი და შესრულდეს ცხოვრება.
ნამდვილი და გამოგონილი ქართველების ორომტრიალს ზემოდან ორი ღმერთი აკვირდება — არცთუ მთლად წარმატებული ინგლისელი გამომცემლების წყვილი. ისინი მითიური მოირების თუ ნორნების მსგავსად თავიანთ ნებაზე ჭრიან პერსონაჟთა ცხოვრების ძაფებს და ჩვენს რომანში სიკვდილის შეგრძნება შემოდის. ყოველი ცალკეული ეპიზოდი სწორედ მაშინ წყდება, როცა უკვე შეეჩვიე მის სტილსა და ატმოსფეროს, როცა უკვე შეეთვისე მასში მოქმედ ადამიანებს. მაგრამ მაკრატლის ერთი მოსმა და განშორების წამი დაუკითხავად მოდის, მომავალი შეხვედრა კი სათუოა. ასე რომ, ცხოვრების წარმავალობაზე არაფერს გეუბნება ეს წიგნი, უბრალოდ, კითხვის პროცესში ჩნდება დაუძლეველი შეგრძნება იმისა, რომ უნდა იჩქარო, რადგან თავგადასავლისა და გამარჯვების შესაძლებლობა შენს სიცოცხლეს ასევე დაუკითხავად და მოულოდნელად დატოვებს.
No comments:
Post a Comment