Wednesday, September 16, 2009

ზურაბ ლეჟავა - არსება, რომელიც შენ გიყვარს

დათო პაიჭაძე
პირქუში და სევდიანი ფანტაზიები
ზურაბ ლეჟავა. არსება, რომელიც შენ გიყვარს. რედაქტორი ლია შარვაშიძე, ყდის მხატვრობა მამუკა ცეცხლაძე, მოთხრობები გაფორმებულია ავტორის მიერ. თბ. "მერანი", 2001


ციხის თემა ქართულ პროზაში არც ისე ხშირად ჩნდება: თითებზე ჩამოთვლი მწერლებს, რომელთაც იცოდნენ და აღწერეს ზონა, საკანი თუ კრიმინალური სამყაროს შიდა ურთიერთობები. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მწერლებმა თვითონ ნახეს ციხე, თანაც ზოგს ისეთ პირობებში მოუწია ყოფნა, "წესით" იქიდან ვერ უნდა დაბრუნებულიყო. ჭაბუა ამირეჯიბი, ჯაბა იოსელიანი, ნოდარ დუმბაძე, გივი მაღულარია... კოლონიაში ხდება აკა მორჩილაძის ერთი მოთხრობის მოქმედებაც, მაგრამ, ჩემი აზრით, სუსტი მოთხრობის...

ზურაბ ლეჟავა კიდევ ერთი ავტორია, თავისი წიგნით ჩამოთვლილ მწერალთა ჯგუფს რომ უერთდება. თუ შედარებით უფროსი თაობის ქართველ პროზაიკოსთა "საციხე" ტექსტებში თავისუფლების წყურვილი პერსონაჟთა დიდი ნაწილის მთავარი გრძნობა და სამოქმედო მოტივია, ხოლო იოსელიანისა და ამირეჯიბის მოქმედი პირები ზოგჯერ ციხიდან გაქცევის დიდოსტატები არიან, ზურაბ ლეჟავას საკნებიდან არავინ გარბის. ეტყობა, გაქცევა უფრო იოლია, როცა მთელ ქვეყანას ციხეში ერეკებიან. ზურაბ ლეჟავას პერსონაჟები გვიან დააპატიმრეს, იმდენად გვიან, რომ ერთი მათგანი (ნიშნეულია, რომ თვითონ პერსონაჟი, მწერალი ზურაბ ლეჟავა) "პოლიტიკურზე ჯდომას" ვერშეფარული ირონიით იხსენიებს.

"არსება, რომელიც შენ გიყვარს", ვერასოდეს იქცევა "თეთრი ბაირაღების" მსგავს ბესტსელერად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემნაირ "არიფ" (ანუ ციხეგამოუცდელ) მკითხველს ლეჟავას პატიმართა განცდები ზოგჯერ უფრო დამაჯერებლად ეჩვენება, ვიდრე გაგანია კრიმინალებთან ბატონი ისიდორეს მტკიცე სიამაყით წარმოთქმული პასუხი: "ვარ პარტიის წევრი"! ვერ იქცევა, რადგან ზურაბ ლეჟავასთვის საკანი აღსაწერი სივრცეა: თხზვის ადგილი იქ აღარ რჩება.

თავის დროზე გურამ ასათიანმა ნოდარ დუმბაძის "თეთრ ბაირაღებში" სენტიმენტალური ჰუმანიზმის ნაკადი შენიშნა. სენტიმენტალური ჰუმანიზმი ერთგვარი ევფემიზმი გახლდათ ორთაჭალის პატიმრების ურთიერთობათა ნამდვილობაში დაეჭვების გამოსახატად. ზურაბ ლეჟავასთან სენტიმენტები არ არის: საკნიდან საკანში პატიმარი ქალებისა და მამაკაცების სასიყვარულო მიმოწერაც აბსოლუტურად დაცლილია მღელვარე ემოციებისაგან. "კამერული სიყვარული" ქართულ "კამერულ პროზაში" იშვიათი ნიმუშია პატიმრების ზნეზე დაკვირვებისა მათი ეთნიკური ნიშნით გამორჩევის შემდგომ. საპატიმროთა კარგად მცოდნე ჩვენი მწერლები მაინცდამაინც არ დაგიდევენ საპყრობილეებისა თუ კოლონიების მკვიდრთა სადაურობას და სიმართლეც, ალბათ, ამაშია: დიდ ზონაში ეროვნება არ არის მარკა, რომლითაც პატიმარი უწინარესად გამოირჩევა სხვა პატიმრებისაგან. ზურაბ ლეჟავას რუსი და უკრაინელი მსჯავრდებულები საინტერესონი არიან იმით, რითაც არ გვგვანან ქართველებს: ჩვენ არ გვეჩვენება ლენასა და ჩეტვერტაკის, პაშასა და ნადიას ეპისტოლეთა ინტონაცია ყალბად.

ქართველებმა სულ ახლახანს გაბედეს სიყვარული ვენახში. სიყვარული საკანში ჯერ ჩვენთვის წარმოუდგენელია (არ ითვლება უცნობი ვნებები მამათმავლების საკანში ჭაბუა ამირეჯიბთან ან ლიმონა დევდარიანის წაკითხული "ტანო ტატანო". ზაზა ნაკაშიძის ერთჯერადი სექსი "ხოზაბსლუგის" ქალთან საკნის მიღმა ხდება). მით უმეტეს, ზურაბ ლეჟავას მოთხრობის თემა იმდენად სიყვარული კი არ არის, რამდენადაც სიყვარულის ადაპტაცია ციხის პირობებთან, სიყვარულის გათამაშება მისი მონატრების ნაცვლად. მთელი წიგნის გამჭოლი მოტივიც სწორედ ადაპტაციაა, შეგუება, გაძლება, ემოციების მაქსიმალურად დაჩლუნგება, მაგრამ არა ჩაკვლა. ესაა გზა, რომელიც უნდა გაიარო ციხიდან გამოსვლამდე. "პროფანი" ანუ ციხის არმცოდნე მკითხველის იდენტობა ლეჟავას პერსონაჟებთან შეუძლებელია, სამაგიეროდ, შესაძლებელია მათი გაგება, მათთან მიახლოება. მაგრამ, აბა სცადეთ, გაუგოთ პატიმარს, რომელიც პირველ პირში ჰყვება, რა ხერხით ურჩია თანასაკნელს მეორე პატიმრის მოკვლა, ხოლო მკვლელობის შემდეგ დასაძინებლად დაწვა: "სინდისი მქენჯნიდა. რატომ დავღუპე ეს ორი ადამიანი, შევეკითხე საკუთარ თავს. რატომ ვურჩიე ვიტალის პოლისჯოხზე შტირის მიბმა? – პასუხს არ დავლოდებივარ; გადავბრუნდი და დავიძინე. ხვალ დილით ადრე ადგომა იყო საჭირო".

საკანში სინდისის ქენჯნისათვის ცუდი პირობებია. სინდისის ხმას ჩახშობა არ სჭირდება, ის ისედაც არ ისმის. Притупление – აი პერსონაჟთა ემოციებისა და მოქმედების "მაკოორდინირებელი მოტივი". რა თქმა უნდა, ამ "მეინსტრიმს" აქვს გამონაკლისიც: სასოწარკვეთილი, სასტიკი გარღვევები პატიმართა ქცევებში: უცაბედი მკვლელობა, თვითმკვლელობა, ცემა, საზარელი ჰალუცინაციები. პატიმართა შედარებით სუსტი პროტესტი ან თვით ციხის თანამშრომელთა სადიზმი თუ ზომიერი ექსცენტრულობა ნორმის ფარგლებშია, რომელსაც მთხრობელი ისევ შეკავებული ირონიით უყურებს: "იქ იყო ერთი ამაყი ახალგაზრდა, რომელიც შეეპასუხა ექთანს, ის კი არადა, წინააღმდეგობის გაწევაც კი სცადა. ზორბა ზედამხედველებმა ამისთვის დაუნდობლად მოდრიკეს იგი, ხოლო გაგულისებულმა ექთანმა მთელი ძალით აძგერა დაძაბულ სხეულში მავთულის ჩხირი! შედეგი?! – იმ ახალგაზრდას დიდხანს სტკიოდა ტრაკი". ან: "მოუსვენარი, დებოშიორი პაშა შეცვალა უთქმელმა და აღმსრულებელმა ზედამხედველმა, რომლის ზედმეტი ლაპარაკიც არავის გაეგონა და რომელიც არც სხვებს აძლევდა ლაზღანდარობის ნებას. ის კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და არასოდეს აკუებდა პოსტზე".

სადღაა ზურაბ ლეჟავასთან თავისუფლების წყურვილი, ვითარცა აუცილებელი და მოთხოვნილი კომპონენტი სასჯელთა აღსრულების ადგილებზე შექმნილი ნაწარმოებებისა? სადაა და იმავე "ეპიკური" ინტონაციით გადმოცემულ პირქუშ თუ სევდიან ფანტაზიებში, რომლის რეალიზებას არავინ ცდილობს. მოთხრობაში "მილიონი ბედნიერება" ასეთი ფანტაზიაა მაღალი, ლამაზი, ჯანმრთელი რუსის ქალი, რომელიც თან გასიამოვნებს, თან დაგიცავს, ბლომად ფული და კოტეჯი შვეიცარიაში. ამ ქალთან ერთად სადღაც ლისის ტბის მიდამოებში ფრენა (თუმცა, ზურაბ ლეჟავასთან არ არის არც ერთი კონკრეტული ქართული ტოპოსი) ეროვნულ სიტყვიერებაში კონვერტირებული ვარიანტია იმ უზარმაზარი ძუძუსი, მთა-გორებზე რომ მიგორავს და ვუდი ალენის კინოპერსონაჟს ვითომ გასრესვით ემუქრება.

ოცნება თავისუფლებაზე გაშარჟებულია, რადგან გარემო, სადაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოხვდები, დიდი ვერაფერი ბედენაა: ამ გარემოში დღისით უწლოვანი არამზადები პარპაშებენ, ღამით კი – ქაჯები და ტურები. ამ ანტურაჟში ვარანის გამოჩენაც არ უნდა გაგიკვირდეთ. პერსონაჟები ცხოველთა სამყაროდან ზურაბ ლეჟავას პროზას ხშირად სტუმრობენ, ისევე, როგორც გაცხოველებული ადამიანები.

ციხეს ზურაბ ლეჟავა იცნობს, ხოლო რაც თავისუფლებაზე დახვდა, ის არ მოსწონს. ციხეზე წერისას ის მწერალია, სხვაგან – უფრო პუბლიცისტი. მას აქვს "ციხის ეთნოგრაფიის" - ნივთების, პატიმართა საქციელისა თუ ჩვევების სხვათათვის საინტერესო ცოდნა. გარეთ კი ჩვენი მზერები ბევრ რამეს ერთნაირად აღიქვამს. მაგრამ ეგებ მის მოთხრობებს უკეთესი მკითხველი შეხვდეს, ვიდრე ამ სტრიქონების ავტორი, რომელსაც მხოლოდ ექვსი დღე აქვს გატარებული ერევნის გარნიზონის ჰაუპტვახტში.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: