Friday, September 25, 2009

ქ.ს. ლუისი - უბრალოდ ქრისტიანობა


მიქელ ირემაძე
ჭეშმარიტი რწმენის სასწაული
ქ.ს. ლუისი, "უბრალოდ ქრისტიანობა", მთარგმნელი: ზეინაბ სარაძე, გამომცემელი: "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი", თბილისი, 2002.

ქლაივ ლუისი უაღრესად ავტორიტეტული ლიტერატურათმცოდნე (ოქსფორდისა და, შემდეგ, კემბრიჯის პროფესორი) და ერთობ უჩვეულო ფანტაზიის სახელმოხვეჭილი ბელეტრისტი იყო. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, XX საუკუნის დიდი მსოფლმხედველობრივი ომების ისტორიაში დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ქრისტიანობის დაუღალავმა აპოლოგეტმა - რწმენის ყველაზე უდრეკი და უანგარო რაინდების ღირსეულმა მემკვიდრემ. ალბათ, ნიშანდობლივია, რომ მისი თანამემამულის, თავისი დროისთვის უაღრესად "პროგრესული", ათეისტური სარკაზმის ნაპერწკლებით მოელვარე ბერტრან რასელის მქუხარე სახელი (რაც გინდა თქვი და, ეს ფილოსოფოსი 1950 წლის ლიტერატურული "ნობელის" ლაურეატი იყო) XX საუკუნის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე თითქმის გაქრა სააზროვნო სივრციდან, ხოლო ძველმოდური და "გულუბრყვილო" ქ.ს. ლუისის მნიშვნელობა კი სულ უფრო იზრდებოდა და, ყველა ნიშნით, კიდევ გაიზრდება.
ეს მნიშვნელობა კი ორმა ფაქტორმა განსაზღვრა - ქრისტიანობის მდგომარეობამ ტექნიკური ცივილიზაციის ეპოქაში და ავტორის პიროვნებამ.
XX საუკუნეში ქრისტიანობამ კონფესიებად დაქსაქსულმა შეაღწია. თავისთავად, დაყოფა და მძაფრი დაპირისპირებაც კი დიდი უბედურება არ იქნებოდა, ეს ჭეშმარიტებისკენ მსწრაფველ სულთა უკომპრომისო, მაგრამ კეთილმოსურნე კამათი რომ ყოფილიყო. სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში ყველაზე ადრე სწორედ ჭეშმარიტებას ივიწყებენ ხოლმე. დროის მოტანილ რეგიონულ ან კულტურულ თავისებურებებს ეწირება მარადიული, ჩვეულებით დეტალებს - არსი. ჭეშმარიტების სავალალოდ, სჯულისკანონის გუშაგები მზად არიან ქრისტიანობის "სიწმინდის" დასაცავად დაივიწყონ... ქრისტე (სწორედ ამ მიზეზის გამო სურდა დოსტოევსკის დიდ ინკვიზიტორს კიდევ ერთხელ მიესაჯა სიკვდილი ამქვეყნად ხელახლა მოსული იესოსათვის); მკვდარი წესების კრებულით ჩაანაცვლონ ცოცხალი რწმენა, ისე, რომ არც გაახსენდეთ, რატომ სძულდა მაცხოვარს ფარისევლები.
რიტუალების ფარისევლური გაფეტიშების დიამეტრულად საპირისპირო პოლუსზე კი მოქცეულია რელიგიის მეორე უბოროტესი მტერი - კეთილმოსურნე ურწმუნო ინტელექტუალთა გულწრფელი მცდელობა ჰუმანისტური იგავებისა და მაღალეთიკური ნორმების ერთგვარ კრებულად წარმოგვიდგინონ ქრისტიანობა. ეს ადამიანები სინანულს მხოლოდ იმ მიზეზით გრძნობენ, რომ დღევანდელობის სირთულეებთან ბრძოლაში ფსიქოთერაპიულ საშუალებად და სოციალურ მედიატორად ესოდენ გამოსადეგი ინსტრუმენტი (თუ მედიკამენტი) ერთიანად სასწაულებზე დაფუძნებული საშინლად არქაული რელიგიაა და არა რაციონალიზმის მოთხოვნებით აგებული თანამედროვე მოძღვრება. ილუზიები არ უნდა გვქონდეს: ეს "მოქნილი" და შემწყნარებელი ლიბერალური შეზღუდულობა უკვე ძნელი დასაძლევი და ქრისტიანობის არსს ისევე დაცილებულია, როგორც ფარისეველთა აგრესიული რიტუალური ფანატიზმი.
ასეთ ვითარებაში, ქრისტიანობის საერთო პრინციპების ქადაგება არა სასულიერო პირის, არამედ ინტელექტუალი ერისკაცის, სამწყსოს რიგითი წევრის მიერ იმით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, რომ ქლაივ ლუისი კარგად ხედავდა კონფესიათა შორის გაწოლილ ნაპრალებს (ხშირ შემთხვევაში, ნამდვილ უფსკრულებს!) და არასოდეს მიუფუჩეჩებია რიტუალური და, მით უფრო, დოგმატური განსხვავებების მნიშვნელობა (თვით ღვთისმშობლის თაყვანისცემაშიც კი, რაც მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის, არა უბრალოდ სამკაულს, შეიძლება ითქვას, ხელისგულს წარმოადგენს, და რაშიც პროტესტანტები პოლითეიზმის აღორძინების საფრთხეს ხედავენ). ქ.ს. ლუისი ანგლიკანური ეკლესიის წევრი იყო და ანიდან ჰოემდე იღებდა როგორც მის მრწამსს, ისე რიტუალურ თავისებურებებს. ის იყო უაღრესად მორჩილი ქრისტიანი და აზრად არ მოსდიოდა, გონების ლაბორატორიაში ემოწმებინა რწმენის მონაცემები.
და ყველაფერ ზემოთქმულის მიუხედავად (უფრო კი, სწორედ ამის წყალობით) ქლაივ ლუისმა ისიც თვალნათლივ დაგვანახა, რომ, თუკი ნამდვილი ქრისტიანი ხარ, "მშობლიური" კონფესიიდან ყველაზე დაშორებული დენომინაციაც კი, რომელიც ქრისტეს ღმერთობას აღიარებს, უკვე მხოლოდ ამ ფუძემდებელი მიზეზის გამო ათასჯერ უფრო ახლობელი ხდება შენთვის, ვიდრე ყველა სხვა ნიშნით, - ეთიკურად, მსოფლმხედველობრივად ან თუნდაც რიტუალურად (ცნობილია, მაგალითად, რაოდენ დიდი გავლენა მოახდინა მუსულმანობამ კოპტებზე, ტაძარში თავდაბურულნი და ფეხშიშველნი რომ შედიან), - შენს კონფესიასთან ყველაზე ახლოს მდგომი სხვა რელიგია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქ.ს. ლუისს შესანიშნავად ესმოდა - ქრისტიანობის ეს საერთო საფუძველი მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი, ერთგვარი მოსაცდელი ჰოლია, საიდანაც ნეოფიტებმა კონფესია უნდა აირჩიონ, თავ-თავის ოთახში (დენომინაციაში) შევიდნენ; რომ "ჰოლი მოსაცდელი ადგილია, აქედან შეიძლება ამა თუ იმ ოთახში შესვლა, მაგრამ საცხოვრებლად არ ვარგა. სწორედ ოთახებშია ბუხარიც, სკამებიც, საჭმელიც. ამ აზრით, ყველაზე ცუდი ოთახიც კი ჰოლს სჯობია"; და რომ, უმთავრესია ახალმოქცეულმა ქრისტიანმა აღმსარებლობა იმის გამო კი არ აირჩიოს, რომ ოთახის მორთულობა მოეწონა (ტაძრის მხატვრულმა გაფორმებამ ან რიტუალებმა მოხიბლა) ან წესებისკენ გაუწია გულმა ან კიდევ მღვდელმსახური ესიმპათიურება, არამედ ერთადერთი მიზეზის გამო: სწორედ აქ, - ამ ოთახში, ამ კონფესიაში, - ხედავს იგი ჭეშმარიტების სისავსეს.
ადამიანისთვის, ვინც თავისი ეკლესიის შვილად ბრმად და გაუცნობიერებლად კი არა, სწორედ ცნობიერი და მყარი პოზიციის გამო რჩება, არა უბრალოდ მისაღებია, შეიძლება ითქვას, ქცევის ერთადერთ შესაძლებელ წესს გამოხატავს ავტორის სიტყვები: "თქვენს ოთახში რომ შეხვალთ, კეთილი იყავით იმის მიმართ, ვინც სხვა კარი შეაღო (ე.ი. სხვა აღმსარებლობის მიმდევარი გახდა, - მ.ი.) და იმათ მიმართ, ვინც ჯერ კიდევ ჰოლშია. თუ ისინი ბოროტნი არიან, თქვენი ლოცვა მათ უფრო სჭირდებათ. თუ თქვენი მტრები არიან, ნაბრძანები გაქვთ მათთვის ილოცოთ. ეს ერთი იმ წესთაგანია, რომელიც მთელი სახლისთვის საერთოა".
თუ კაცს სჯერა, რომ ჭეშმარიტებაში მყოფობს, სხვაგვარად არ უნდა იქცეოდეს, რადგან შეუწყნარებლობა და სიძულვილი მხოლოდ ავი ზნის ან, კიდევ უარესი, ფუნდამენტური ურწმუნობის გამოვლენა იქნებოდა.
ქლაივ ლუისმა თვითონ იცხოვრა ნამდვილი და ურყევი ქრისტიანის ცხოვრებით. იშვიათია ადამიანი, რომელსაც ასე უდრტვინველად, მოვალეობის ასეთი შეგნებით და მზადყოფნით მიეღოს ტანჯვა. ერთადერთი მაგალითით შემოვიფარგლები: მან მხოლოდ 60 წელს მიღწეულმა იქორწინა და ცოლად მოიყვანა ძვლის კიბოთი დაავადებული ქალი, რომელიც ახლო მომავალში ტანჯვით სიკვდილისთვის იყო განწირული. და ეს ჩაიდინა არა სენტიმენტალური "კეთილშობილების", არამედ სწორედ სიყვარულის გამო. საერთოდ კი, XX საუკუნის ცნობილ სახელებში ძნელია მოიძებნოს ბიოგრაფია, რომელშიც ესოდენ მცირე დოზით იყოს სიამოვნება და ესოდენ უხვად ჭეშმარიტი სიხარული მთელ არსებობასა და სამყაროს კიდითკიდემდე რომ ავსებს. და ეს სიხარული ღმერთის არსებობის ყველაზე უტყუარ ნიშნად მიაჩნდა ქლაივ ლუისს.
კონფესიებად დანაწევრებულ ქრისტიანობაში იმდენად ცოტაა გამაერთიანებელი სახელი, რომ ამაზე სულ უმნიშვნელო მინიშნებაც კი სიხარულს იწვევს. მაგალითად, გასულ საუკუნეშივე ერთი ურყევი მართლმადიდებელი მოითხოვდა, რუსეთის ეკლესიას თავის წმინდანადაც ეღიარებინა ფრანცისკ ასიზელი.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახლო მომავალში ქლაივ სთეიფლ ლუისის სახელი გამაერთიანებელ ძალად იქცევა ქრისტიანული კონფესიებისთვის - ჯერ კიდევ გადამტერებული ძმებისთვის. ხოლო მანამდე ყველაზე ორთოდოქს მართლმადიდებლებსაც კი შეუძლიათ თამამად იკითხონ "უბრალოდ ქრისტიანობა" - ურყევი ანგლიკანის მიერ დაწერილი ეს წიგნი მხოლოდ ქრისტიანობის არსში წვდომას კი არ გაუადვილებს მათ, არამედ სწორედ მართლმადიდებლობაში განამტკიცებს... ასეთია ჭეშმარიტი რწმენის სასწაული.
ხოლო ჩვენ, ამ უაღრესად სასარგებლო წიგნის მკითხველებს ისღა დაგვრჩენია, გულითადი მადლობა ვუთხრათ ზეინაბ სირაძესა და "კავკასიურ ინსტიტუტს" მისი გადმოქართულებისა და გამოცემისთვის.

© “წიგნები – 24 საათი”

No comments: